ესე

ცირა ბარბაქაძე – ქართული ენა და მისი მომავალი

 

მწერალთა სახლის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა სარეზიდენციო პროგრამა „დრო, დრო აღნიშნე!“

პროგრამის მიზანი იყო მწერლებისა და პუბლიცისტების წახალისება ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე წერისა და დაპირისპირების შესამცირებლად გზების ძიებისათვის. კონკურსში მონაწილე ოცდაათამდე კანდიდატს შორის გაიმარჯვეს: ირმა ტაველიძემ, ალექს ჩიღვინაძემ, ცირა ბარბაქაძემ, ლექსო დორეულმა და ნიკა შენგელიამ.

გამარჯვებულები 2021 წლის 1-დან 15 ნოემბრამდე ცხოვრობდნენ წერალთა სახლის რეზიდენციაში და მუშაობდნენ პუბლიცისტურ სტატიებზე, რომელთა გამოქვეყნებასაც ჟურნალი „არილი“ იწყებს თავის ვებ-გვერდზე ირმა ტაველიძის ტექსტით „აბრეშუმის საბანში. ორი რომანისა და ორი თარგმანის შესახებ“. „არილი“ მომდევნო ერთი თვის მანძილზე შემოგთავაზებთ პროექტის ფარგლებში შექმნილ ხუთივე სტატიას.

საკვანძო სიტყვები: #ენათა მომავალი #ქართული ენა #ციფრული ეპოქა #ენათა ციფრული სიკვდილი #ახალი პარადიგმა #სლოგანების ეპოქა #ჰიპერტექსტი #ბარბარიზმები #ციფრული ლექსიკა #დიგიტალიზაცია #უკან, პიქტოგრაფიისკენ

 

„ენა – ყოფიერების სახლი“

 

 “ქართული ენა ქართველი ერის ნიშანთა შორის ყველაზე ძველი ნიშანია. ის მრავალი საუკუნით ადრე არსებობდა, ვიდრე ერთიანი ტერიტორია, ეკონომიკა და ფსიქოლოგიური წყობა და  ქართველი ერის ერთიანობას განსაზღვრავდა”.

არნოლდ ჩიქობავა

მშობლიური ენა, წარმოადგენს რა ეროვნული თვითშეგნების საშუალებას . . . პრაქტიკულად უსაზღვროდ აფართოებს დროში და სივრცეში ჩემს შემოსაზღვრულ არსებობას, უსასრულობას მაზიარებს.[1]

ნიკო ჭავჭავაძე

„ენა ყოფიერების სახლია“

ჰაიდეგერი

 

როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ენის მომავალი? იმ ეპოქით, ტენდენციებით და კონტექსტით, რომელშიც ის დღეს ფუნქციონირებს; ფუნქცია – ეს არის ის, რაც სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს ენას, ერს, კულტურას, ადამიანს; შესაბამისად, ენის მრავალფუნქციურობა ავითარებს ენას და ფუნქციების დაკარგვა – აღარიბებს. თუმცა  „ენის განვითრებას“ მეცნიერები განსხვავებულად განმარტავენ. ენათმეცნიერი გუჩა კვარაცხელია წერს: „ეს ცნება ერთგვაროვნად არ არის გაგებული. ზოგიერთი მეცნიერი საერთოდ არ ცნობს ასეთ ცნებას. ისინი არ ფიქრობენ, რომ, მაგალითად, ჰომეროსის ენა ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე თანამედროვე ბერძნულია. რა უნდა მივიჩნიოთ ენის განვითარებად – მისი გრამატიკული წყობის თუ ლექსიკური ფონდის შემადგენლობის ცვლა? პირველი იმდენად ნელა იცვლება, რომ ამის შესამჩნევად საუკუნეებია საჭირო; შედარებით სწრაფად იცვლება ლექსიკური ერთეულები. თუ სიტყვათა ფონდი ივსება ახალ ცნებათა სახელებით, ახალ ცოდნათა აღმნიშვნელი სიტყვებითა და გამოთქმებით, ვამბობთ, რომ ამ ენის ლექსიკა მდიდრდება“.[2]

როდის უფრო განვითარებული იყო ენა რუსთაველის ეპოქაში თუ დღეს? იქნებ ენის ენერგია იმთავითვე მოცემულია და დამოკიდებულია ჩვენზე, რამდენად ვიყენებთ, რამდენად „ვხარჯავთ“ ამ ენერგიას, რამდენად შემოქმედებითები ვართ? ამ შემთხვევაში „ხარჯვა“ ის უნიკალური შემთხვევაა, როცა დახარჯვით უფრო მეტს იღებ, ვიდრე „შენახვით“ და „დაკონსერვებით“; ეს ნიშნავს ენის სიღრმეებში ჩასვლას და სულ უფრო მეტი ენერგიის ათვისებას ენის მეშვეობით. რუსთაველის ენა ნამდვილად არის განძთსაცავში შესვლა; სხვა შემთხვევაში, როგორი მრავალფეროვანი ლექსიკითაც არ უნდა იყოს გამოთქმული პრიმიტიული აზრები, ის ვერ შეედრება მარტივი სიტყვებით გამოხატულ ღრმა აზრებს. ასე რომ, მნიშვნელოვანია: რას, როგორ და რატომ გამოვთქვამთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართებაზეც; „ენა ცოცხალი ორგანიზმია, ის მუდმივ მოძრაობაშია, მაგრამ ენა მოძრაობაში აზროვნებას მოჰყავს. ის თავისთავად ვერ განვითარდება“ (გუჩა კვარაცხელია).

ენა ჩვენი აზრის მატერიალური ნიშანია, აღმნიშვნელია; მაგრამ აღმნიშველების აქტუალიზაცია ახალ აზრსაც ბადებს და უკვე არსებული აზრის გამოსათქმელადაც გამოიყენება. ამის შესახებ თამაზ გამყრელიძე წერს: „ენასა და აზროვნებას შორის სავარაუდო ონტოლოგიური მიმართებების კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა შემდეგი დასკვნის გამოტანა: ენა წარმოიშვა არა როგორც მზა აზრების გამოხატვის იარაღი, არამედ როგორც თვით აზროვნების საშუალება. ამდენად, ადამიანის გონება განვითარდა მეტყველების უნართან ერთად.“[3]  მაშასადამე, კომუნიკაცია ცნობიერების ევოლუციასაც განაპირობებს.

ენა (მეტყველება)  – ზოგისთვის თავშესაფარია და ზოგისთვის – სახლი! ჰაიდეგერი მას „ყოფიერების სახლად“ მოიხსენიებს. წესით, ჩვენს სიტყვებს და შინაგან სათქმელს შორის განსხვავება არ უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება…? თუ იმთავითვე ენა გაჩნდა, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება, დღეს ის აზრის შენიღბვის, გადამალვის და მოტყუების საშუალებაა, ის იქცა ნამდვილ სიმულაკრად. სიტყვამ დაკარგა აზრთან და არსთან კავშირი. ენობრივი ადამიანი დაშორდა შინაგან ადამიანს და ცალ-ცალკე დაეხეტებიან ყოფიერების მინდორში. ციფრულმა სამყარომ კიდევ უფრო გაამძაფრა სიმულაციები. ნიშნები ცალკე წავიდნენ და აზრი  – სხვაგან დარჩა!

როგორია ციფრულ სამყროში ენების ფუნქციონირების კონტექსტი და მომავალი?

სამყარო, რომელშიც დღეს ენები (მათ შორის, ქართული ენა) ფუნქციონირებენ, რთული და მრავალგანზომილებიანია. ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც დაემატა სამყაროს, როგორც „დამატებითი ორგანო“ (იქნებ მთავარიც), ეს არის ციფრული ეპოქა, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები; ენები და კულტურები სრულიად ახალი და რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ: ციფრულ სამყაროში შეიძლება უფრო მეტად განვითარდნენ  ან დროზე ადრე „მოკვდნენ“.

ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები იმედნად შეცვლილ კონტექსტს გვთავაზობს, რომ სამყარო ფენტეზის ჟანრში წარმოგვიდგება;

ილონ მასკმა 2020 წლის 7 მაისის ინტერვიუში თავდაჯერებით განაცხადა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, 5-10 წლის შემდეგ ადამიანებს კომუნიკაციისთვის ენა აღარ დასჭირდებათო! [4]

მისი განცხადებით, ის ტექნოლოგია, რაზეც მისი გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის, – ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. მასკის ვარაუდით, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად Neuralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს კი ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ. „მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე, მისი საშუალებით უსინათლოობის განკურნებაც კი შესაძლებელი გახდება“,- აღნიშნა მასკმა.

თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც უბრალოდ, გარკვეული პროგრამების ერთობლიობას, რომელსაც მხოლოდ ტვინი არეგულირებს, მაშინ საკითახვია, რა/ვინ ამოქმედებს ამ ყველაფერს? ვინ იღებს გადაწყევტილებებს? ვინ არის ბრძანების „გამცემი“? მაგალითად, მე ჩადგმული მაქვს ნეიროლინკი, რომლის მეშვეობით მინდა შევინარჩუნო გარკვეული განწყობა, მაგალითად, ეიფორიის? ამას „ვინ ფიქრობს“? ტვინი არის შემსრულებელი…. ის ემორჩილება ბრძანებას…  ჰო და, ვინ დგას „ფარდის უკან“?

ენას, როგორც სისტემას, 3 ძირითადი ფუნქცია აქვს: აზრის გადაცემის (საკომუნიკაციო), ექსპრესიული (გამოხატვის) და დანაწევრების; რაც შეეხება მეტყველების ფუქნქციებს, გაცილებით მეტია;

კარგი… ვთქვათ, გავყევით მასკს ამ ფენტეზში და ხელოვნურმა ინტელექტმა ენის საკომუნიკაციო ფუნქცია აღასრულა სიტყვებით გამოხატვის გარეშე! რას ვუშვრებით ენის ექსპრესიულ ფუნქციას…? ენა ხომ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არის…? ის არის განცდათა, გრძნობათა, ემოციათა გამოხატვის საშუალებაც…   იქნებ არც არის…? მასკის მიხედვით, ყველაფერი ტვინია და იქ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსები… ჩამოტვირთე პროგრამა, რომელიც კომუნიკაციის განსხვავებულ პარამეტრებს გულისხმობს და ეგ არის!

თქვენ იტყვით, რომ კომუნიკაციის შემოთავაზებული ფორმატი  ადამიანური არ არის… და ამაში ილონ მასკი არც შეგედავებათ… ეს ნამდვილად არ არის ადამიანური… ეს არის კიბორგული. შეგიძლიათ უწოდოთ ზეადამიანურიც, განუსაზღვრელი შესაძლებლობების არსება, სხვა რასა და ასე შემდეგ.

სიტყვა – ეს არის ფიზიკური ადამიანის თვისება. დიახ, მას ამოძრავებს ცნობიერება, მაგრამ თუ ამ მოძრაობას გამოვტოვებთ (ფიზიკურ სიტყვას), მაშინ მართლა ვინ დავრჩებით ან სხეული რაღაში გვჭირდება…?

 

ენის მომავლის დიაგნოსტირების ინსტრუმენტები

 

ენების ლინგვისტური (და არა მხოლოდ) ფუნქციონირების პერსპექტივა შეგვიძლია განვსაზღვროთ ამ ენის ისტორიული კონტექსტიდანაც. მაგალითად, როგორი სისტემური ცვლილებები განხორციელდა ენის სისტემაში გასული ერთი საუკუნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი იქნება ქართული ენის მომავალი; ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ის საკომუნიკაციო გარემოც, რომელიც იცვლება ეპოქების შესაბამისად;

მეცნიერებაში შემუშავებული სქემის მიხედვით, ენათა მომავალი (მათ შორის, ქართული ენის) განისაზღვრება ამ ენის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებებით და აგრეთვე მსოფლიო ენების სისტემათა ცვლილებით.

სტრუქტურის ცვლილება გულისხმობს ენის ფონეტიკური, მორფოლოგიურ-სინტაქსური, სტილისტიკური თუ სემანტიკური დონეების ცვლილებას, ხოლო ფუნქციურ ცვლილებას განაპირობებს ამ ენაზე წერისა და მეტყველების განვითარება (ლიტერატურის ენა, სამეცნიერო მეტყველება, ინდივიდუალური კომუნიკაცია, მედია, ციფრული მედია და ასე შემდეგ);

თანამედროვე ეპოქაში ენათა ლინგვისტური დიაგნოსტირების სქემა უნდა განვიხილოთ ციფრული ეპოქის კონტექსტში. ეს კი ახალი მოცემულობაა.

 

ენების ციფრული სიკვდილი და სიცოცხლე

 

„ენა ცოცხლია, სანამ ამ ენაზე თუნდაც ერთი ადამიანი მეტყველებს; მაგრამ არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ენის გარდაუვალი გაქრობის საფრთხეზე, რომელთაგან ერთ-ერთია – ფუნქციონირების დაკარგვა.“

András Kornai, Digital Language Death

 

2013 წელს ჟურნალ Plos One-ში გამოქვეყნდა ანდრას კორნაის (András Kornai), მათემატიკოსისა და ლინგვისტის,   საინტერესო სტატია „Digital Language Death“. [5]

7000 ცოცხალი ენიდან, რომელზეც თანამედროვე კაცობრიობა ლაპარაკობს, 2500 გადაშენების პირასაა სხვადასხვა მიზეზის გამო – ნათქვამია სტატიაში.

ციფრულ სივრცეში ენის სიცოცხლისუნარიანობას  კორნაი აფასებს  ინტერნეტში ენის გამოყენებას ინტერნეტ-მომხმარებლების მიერ; მეცნიერი ინტერნეტ რესურსებს იკვლევს შემდეგი კლასიფიკაციის  სისტემის მიხედვით: განვითარებული, ცოცხალი, მემკვიდრეობის მატარებელი და მკვდარი ენები;

კორნაის მიხედვით, ზოგი ენა მოიცავს უფრო და უფრო მეტ ფუნქციურ სფეროებს: ყოველდღიური მეტყველებიდან კომერციამდე და ბიზნესამდე; ზოგი კი მხოლოდ ნაწილობრივ; ბევრ ქვეყანაში მაღაზიებზე და სავაჭრო ობიექტებზე ყველა ენას ნახავთ, მშობლიური ენის გარდა, ამას კორნაი უწოდებს ენის პრესტიჟის დაკარგვას;

ეს პროცესი განსაკუთრებით ნათლად ჩანს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში. და ბოლოს, კორნაის აზრით, ენობრივი კომპეტენციის დაკარგვა უკავშირდება აგრეთვე ენის „ნახევრად მატარებლების“  გაჩენას. – მათ, ვისაც ესმის უფროსი თაობის ლიტერატურული კლასიკური ენა, მაგრამ თავად არ იყენებს მას და მიმართავს ენის მარტივ ფორმებს.

კვლევის დროს ანდრას კორნაი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: რომ ისეთი ენები, როგორებიცაა –  ინგლისური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, ჰოლანდიური, შვედური, ნორვეგიული, დანიური, ფინური, რუსული, პოლონური ენები  – ერთ-ერთი წარმატებულია ციფრულ სფეროში.

ციფრულმა სამყარომ ენების ფუნქციონირების სრულიად განსხვავებული ფორმატი შემოგვთავაზა; ენის სიკვდილამდე არის ენის ციფრული სიკვდილი. დიგიტალიზაციის გარეშე ენა ქრება მსოფლიოს ციფრული ენების რუკიდან. ეს პროცესი ძალიან ჰგავს ქსელიდან გათიშვას. თანამედროვე სამყარო გვეუბნება, რომ ენას, ადამიანს, კულტურას თუ არა აქვს თავისი ციფრული ვერსია, ის არც არსებობს; რენე დეკარტის “Cogito, ergo Sum – ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ – საკმარისი აღარ არის, აუცილებელია, შენი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ციფრულობა.

ენების დიგიტალიზაცია – ეს არის ენების/კულტურების გადარჩენის გზა ციფრულ ეპოქაში.

„დიგიტალური ქართველოლოგია, როგორც ლინგვისტური დისციპლინა,  21-ე საუკუნის პირმშოა და იგი ჩვენს თვალწინ იბადება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველურ ენებთან მიმართებაში უკვე რამდენიმე ათწლეულია იქმნება ელექტრონული რესურსები, პრინციპულად უნდა ითქვას, რომ დიგიტალური ქართველოლოგია ჯერ მხოლოდ კონცეპტუალიზაციის პროცესში იმყოფება. დიგიტალური ქართველოლოგიის, როგორც დიგიტალური ჰუმანიტარიის ფარგლებში აღმოცენებული ერთ-ერთი მიმართულების შესაქმნელად სამი აუცილებელი კომპონენტია საჭირო: ტექნოლოგიური საფუძველი, ინტელექტუალური რესურსები და სახელმწიფო მხარდაჭერა.“ (მანანა თანდაშვილი)[6]

ამ მიზნით იუნესკომ შეიმუშავა ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის პროექტები. მათ შორის UNESCO Atlas of the World’s Languages in Danger.[7]

დღეისათვის დადგენილია, რომ 7 000-მდე არსებული ენიდან 2150 წლისათვის თითქმის ნახევარს გაქრობა უწერია – საფრთხეში მყოფი ენების საკვლევი ინსტიტუტის Living Tongues Institute for Endangered Languages მონაცემების მიხედვით ენათა გაქრობის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ინდიგენური ცხოველების ან მცენარეების: ორ კვირაში ერთხელ ქრება ერთი ენა.  საგულისხმოა, რომ გაქრობის საშიშროება უმეტესად ინდიგენური ხალხების ენებს ემუქრება, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენებთან ერთად გაქრება არა მარტო ენა, როგორც სისტემა, არამედ ინდიგენური მოსახლეობის სულიერი კულტურაც.[8]

საქართველოში,  ქართული ენისა გარდა, ფუნქციონირებს სამი  ქართველური ენა (რომლებიც კვებავენ და ასაზრდოებენ სალიტერატურო ქართულს): მეგრული, ლაზური და სვანური და რომელთაც, ქართველ მეცნიერთა ნაწილის აზრით, გაქრობის საფრთხე უდგას. ამ ენების გაქრობის საფრთხეზე მიუთითებს იუნესკოს საფრთხეში მყოფი ენების ატლასიც, სადაც სამივე ენას მინიჭებული აქვს გაქრობის “ცხადი საფრთხის” კლასიფიკაცია (ამ აზრს არ ეთანხმება ქართველ მეცნიერთა ნაწილი).

არსებობს ხუთი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი, რომელსაც იყენებენ ენის გადაშენების საფრთხის შესაფასებლად:

1) ენობრივი საზოგადოების ზომა და დემოგრაფიული შემადგენლობა;

2) ენის პრესტიჟი/ავტორიტრტი;

3) ენობრივი იდენტობის ფუნქცია;

4) პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის დონე;

5) ვიკიპედია.

სამყაროს ახალმა ციფრულმა პლატთფორმამ გააორმაგა ენაზე/ენებზე ზრუნვა; ჯერ ენის რეალური განვითარება და შემდეგ მისი დოკუმენტირება/გაციფრულება;  ქართული ენის სიძლიერეს, მომავალშიც და ყოველთვის, განაპირობებდა და განაპირობებს სხვა ქართველურ ენათა და დიალექტთა შენარჩუნება-განვითარება.

 

 

ქართული ენა ციფრულ კომუნიკაციაში – ახალი ციფრული ლექსიკა

 

„ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ საგანთა ობიექტურ და საზოგადოებრივი შემოქმედების სამყაროში, ისინი მნიშვნელოვანწილად იმყოფებიან კონკრეტული ენის გავლენაში; იმ ენისა, რომელიც მოცემული საზოგადოების ურთიერთობის საშუალებაა. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ენის გარეშე სრულად გავაცნობიეროთ რეალობა; ენა არის დამხმარე საშუალება აზროვნებისა და ურთიერთობის ზოგიერთი პრობლემის გადასაწყვეტად. „რეალური სამყარო“ მნიშვნელოვანწილად იგება მოცემული ჯგუფის ენობრივი ნორმების საფუძველზე. ჩვენ ვხედავთ, გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ფაქტსა და მოვლენას ასე თუ ისე იმის შემწეობით, რომ ჩვენი საზოგადოების ენობრივი ნორმები გვთავაზობს მოცემულ ფორმებს.“

სეპირი [9]

თანამედროვე საზოგადოება სრულიად განსხვავებულად ფორმირდება ყოველდღიურობაში შემოჭრილი ვირტუალური რეალობით; სამყაროს ვირტუალიზაცია –  ეს არის სამყაროს ახალი მდგომარეობა, როდესაც ხდება ძველი სამყაროს გარდაქმნა და ახლის ფორმირება. ვირტუალურ/ციფრულ სამყაროში რეალობის მდგომარეობის  ჩანაცვლება ხდება სახეებით, ნიშნებით. იქმნება სრულიად  ახალი სემიოტიკური მოდელი  ჩვენი თანამონაწილეობით; ენა/მეტყველება, როგორც ურთიერთობის საშუალება, იცვლება სიმულაციური ციფრული პარადიგმის გავლენით;

არის თუ არა ციფრული არსებობა სიმულაცია? ჟან ბოდრიარი  წიგნში – „სიმულაკრები და სიმულაციები“ აყალიბებს იმიჯის განვითარების ოთხ ფაზას:[10]

  1. ის არის საფუძველ-რეალობის რეფლექსია 2. ის ნიღბავს და აფუჭებს საფუძველ-რეალობას 3. ის ნიღბავს საფუძველ-რეალობის არ ყოფნას 4.  ის არ შეიცავს მიმართებას რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ ის არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, „ბოდრიარის გაგრძელება“, ანუ ფსევდო-ბოდრიარის (იგივე გიგი თევზაძე) მეხუთე რიგის სიმულაკრის თეორია. მეხუთე რიგის სიმულაკრი მთლიანად იქვემდებარებს საფუძველ-რეალობას და ფიზიკურის მიზეზად ელექტრონულს აქცევს. თუკი მეოთხე რიგის სიმულაკრი, უბრალოდ, იჭრებოდა რეალობაში და საკუთარი თავით ანაცვლებდა რეალურს და რეალურის მნიშვნელობას, მეხუთე რიგის სიმულაკრი აღადგენს სტატუს-კვოს, ოღონდ – შეტრიალებულად: თვთონ ხდება აღდგენილი და დადეგნლი რეალობის სტატუს-კვოს საფუძველი“ (ფსევდო-ბოდრიარი, გიგი თევზაძე)[11]

მარტივად რომ გადმოვცეთ ეს აზრი, ასე იქნება: ყველაფერი პირიქით, ასინეთა!

ჰო და, ამ ამობრუნებულ სიმულაციურ რეალობაში რა ემართება ენას?

ციფრულმა ეპოქამ კომუნიკაციის სისტემებიც შეცვალა;  გამოხატვის ფორმების შეცვლამ სააზროვნო სისტემებზეც იმოქმედა; ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოციალურ ქსელებში. როგორ კონტექსტში ფუნქციონირებს ენა და როგორ იცვლება ჩვენ თვალწინ?

მოზღვავებული ინფორმაციის და აჩქარებული დროის პირობებში მინიმალისტური გამოხატვა უკვე დროის და კონტექსტის მოთხოვნა გახდა! მინიმალიზმი კი ადამიანის ცნობიერების ახალი ევოლუციური მდგომარეობაა, რომელიც აქ და ახლა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ყველას არ შეხებია. უმრავლესობის ნარატივი სოციალურ ქსელებში ისეთივეა, როგორც მანამდე იყო ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი აცნობიერებს, რომ თუ ეკონომიურად, კრეატიულად და შემოქმედებითად არ გამოიყენებს ენას, შესაძლოა, მისი აზრები უკვალოდ შეერთოს ყოველღიური ინფორმაციის ოკეანეს. ენის მინიმალისტური ფუნქციონირება ავითარებს ენას, რადგან მომხმარებელი ბევრს ფიქრობს, არჩევს და ცოტას წერს; ვრცელ პოსტებს, როგორ სიბრძნესაც არ უნდა ქადაგებდეთ, ძალიან ცოტა კითხულობს.

ჩვენ კი გვინდა, რომ გამორჩეულები ვიყოთ. ამ გამორჩეულობას დღეს ციფრულ სამყაროში ცალსახად ჩვენი კონტენტი ქმნის და ამ კონტენტის შემადგენელი – სიტყვები, რომლებიც სულ უფრო მეტად „იკუმშებიან“, რათა ადაპტირდნენ ციფრულ გარემოში.

აი, რას წერს ნორბერტ ბოლცი: „რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო მწირია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციები ინფორმაციების შესახებ. ამას გვთავაზობენ საძიებო სისტემები. ანგლო-საქსონურად ერთი მშვენიერი ტერმინი არსებობს სადაზვერვოების სამუშაოსთვის: Intelligence Service. დღესდღეობით გუგლი, როგორც ყოველდღიურობის ერთგვარი საიდუმლო სამსახური, სწორედ ინტელექტის ამ მომსახურებას გვთავაზობს. ეს მაშინვე გასაგები გახდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ინტელექტი საძიებო სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა. და როცა საძიებო სივრცე საკმაოდ დიდია, ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“[12]

წარმოიდგინეთ „საფოსტო მტრედების“ და ფოსტალიონების ეპოქა. რამდენი დრო სჭირდებოდა წერილს, რომ ადრესატამდე მიეღწია და შემდეგ პასუხი დაბრუნებულიყო…  და ამ დროში (მოლოდინის რეჟიმში) ადამიანი ნელა და დიდხანს ფიქრობდა…. ახლა ჩვენი ყოველდღიურობა გავაანალიზოთ, როგორ ხდება ეს დღეს?  კომუნიკაციის საშუალებები ჩვენზეც მოქმედებს და გვაიძულებს, სწრაფად ვიმოქმედოთ. ციფრულობამ შეკუმშა სივრცე და „გლობალურ სოფლად“ (მაკლუენის ტერმინი) აქცია მთელი სამყარო. ისე შეიძლება მონაწილეობდე სხვის საქმეებში, როგორც საკუთარში; მაკლუენის აზრით, კომუნიკაციის ეს ფორმა აყალიბებს ახალ სოციოლოგიურ სტრუქტურას მოცემულ კულტურაში. [13]

ჰიპერტექსტი.[14] სამყაროს გლობალური აღრევა ლექსიკაზეც მოქმედებს.  ქართული ენის ტრანსფორმაციას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს; იცვლება არა მხოლოდ ლექსიკა, არამედ სინტაქსიც; თითქოს (რაღა თითქოს…) სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი ერთ „კვების ბლოკზეა“ დაერთებული; კომუნიკაციაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰიპერტექსტუალური მოცემულობა. მომხმარებელთა პოსტები ხშირად დამოუკიდებელი ტექსტები კი არ არის, არამედ საინფორმაციო გამოშვების ან დღის მთავარი თემის კომენტარებია. რომელიმე აქტუალური თემის შესახებ მიდის უწყვეტი გამოხმაურებები – ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. თუ ჩამორჩი სოცქსელების რეალობას, უკვე იბნევი და აღარ იცი, რაზე წერენ ადამიანები, მერე გაოცებული კითხულობ: რა გამოვტოვე? რადგან რომელიმე პოსტი მოვლენას კი არ აღწერს, არამედ აგრძელებს და გამისამართებს მთავარ ამბავზე; და ასე მოგზაურობ ბმულიდან – ბმულზე.

სოციალური ქსელების საკომუნიკაციო სისტემამ ბარბარიზმებიც მოამრავლა ენაში; იმის მიუხედავად, რომ ქართული ინტერფეისიც გვაქვს და ფეისბუქსაც მოვარგეთ ქართული სახელი „პირწიგნაკი“, ჩვენ მაინც დომინანტი ენის ლექსიკას ვირჩევთ და ამით თითქოს უფრო ვიმარტივებთ გამოხატვას.

როგორც განიცდიდა დამპყრობლის ენის გავლენას ქართული ენა, ახლაც ისე ხდება, გლობალური „დამპყრობელი“ თავის ენას ასე შეუმჩნევლად და ჩვენივე ნებით თავს გვახვევს; ახალი თაობა უკვე მათი მშობლებისთვისაც კი გაუგებარ ქართულ ენაზე მეტყველებს; ახალგაზრდები განსაკუთრებული სისწრაფით იღებენ და ავრცელებენ ბარბარიზმებს, რომლებიც ხვალ შეიძლება ენის სრულუფლებიან ლექსიკურ ერთეულებად იქცნენ. თუ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენ რომ ძირძველი ქართული ლექსიკა გვგონია, ოდესღაც ისინიც სხვა ენებიდან შემოვიდა.

„ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის განმავლობაში. ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება. ქართული ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ნასესხებია სპარსულიდან, თურქულიდან, არაბულიდან, რუსულიდან, თუ ნებისმიერი სხვა ენიდან ქართული ლექსიკისა და ქართული ენის განუყოფელი ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში“.[15]

ახალი და ძველი ბარბარიზმები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბარბარიზმების ონლაინ ლექსიკონში.[16]

 დაბუსტვა – რეკლამის გაკეთება ფეისბუკზე, დაკლიკვა –  დაწკაპუნება ინტერნეტ-ბმულზე, დალინკვა – ინტერნეტ-ბმულის შექმნა, გაზიარება; ლინკი – ბმული; სპამი – არასაჭირო ინფორმაცია; დაფორვარდება – შეტყობინების (ძირითადად იმეილის) გადაგზავნა; დალაიქება – მოწონება; დათაგვა – ადამიანის ან ადგილის მონიშვნა; დაჰაიდება – არასასურველი ადამიანის/რეკლამის დამალვა; ფოლოვერი – გამომწერი; დაფოლოუება – გამოწერა; დაპოსტვა – სტატუსის გამოქვეყნება; ემოჯი – ემოციებისა ამსახველი გამოსახულება; სმაილი – ღიმილაკი; დატროლვა – მოტყუება,  გასულელება დასპოილერება –  შინაარსის წინასწარ თქმა; დაჰაჰავება – დაცინვა ფეისბუკის ემოჯით;  დასინვა – შეტყობინების ნახვა პასუხის გარეშე;

„რებელა ქრაშები“, „თამბლერა შეყვარებულები“, „ლუზერები“ და „სტალკერები“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტერმინების, რომლებსაც თინეიჯერები უკვე მშობლიურივით იყენებენ და თანამედროვე მშობლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობენ მათი შვილები. საბჭოთა საქართველოში დაბადებულ მშობლებს კარგად ესმით, რა დგას რუსული ენიდან შემოტანილი ჟარგონების უკან, თუმცა ინგლისური ენიდან ასეთივე წარმატებით შემოსული არანორმატიული ლექსიკის გაგება უჭირთ.“[17]

„ეტალონი“ ცდილობს განმარტოს ახალი სიტყვები, აი, ზოგიერთი მათგანი:

„ქრაში“ – შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდებში გავრცელებული ყველაზე პოპულარული ტერმინია. ინგლისურად „crush“ შეჯახებას ნიშნავს და „ქრაშიც“ სწორედ ის ადამიანია, ვისაც საბედისწეროდ შევეჯახეთ, შორიდან მოგვწონს და ვუმიჯნურდებით, თუმცა მან, როგორც წესი, ამის შესახებ არაფერი იცის. მარტივად რომ გითხრათ, ეს ისაა, ვისზეც დაქალი გვეუბნება ხოლმე: „გიყურებს, არ გახედო“ ან „წამო, ჩავუაროთ“.

 „სტალკვა“ – ეს სიტყვა, რაც ინგლისურად თვალთვალს ნიშნავს, გულისხმობს ჩვენთვის საინტერესო ობიექტის სოციალური ქსელების შესწავლას და მოითხოვს უფრო კარგ საგამომძიებლო უნარებს, ვიდრე FBI-სა და პენტაგონის რომელიმე თანამშრომელს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტს აქვს. როგორც წესი, ვსტალკავთ ჩვენს ქრაშებს, ვიწყებთ მისი მეგობრებისა და ნათესავების იდენტიფიცირებას, ვიცით, სად დადის, რას აკეთებს, რომელ საათზე გადის სოციალური ქსელიდან დასაძინებლად და ა.შ. თუ არცისე იღბლიანი ხართ, შეიძლება თქვენი ქრაშის შეყვარებულის სტალკვაც მოგიწიოთ, რაც თქვენი და იმ ავადსახსენებელი ადამიანის შედარებითი ანალიზისთვისაა საჭირო. მთავარი სტალკვისას ისაა, რომ ობიექტის ხუთი წლის წინანდელი პოსტი შემთხვევით არ მოვიწონოთ და მან ჩვენი ფარული გამოძიების შესახებ არ გაიგოს.

„დაქრინჯვა“ – ეს სირცხვილისა და დისკომფორტის განცდაა, რომელსაც ჩვენში სხვა ადამიანების ქმედებები იწვევენ. მაგალითად, შეიძლება დაიქრინჯოთ, როცა ვიღაც ცდილობს გაგაცინოთ, მაგრამ თქვენ არ მოგწონთ მისი იუმორი ან სხვა ადამიანების ისეთ საუბარს ისმენთ, რაც თქვენში უხერხულობას იწვევს.

ინგლისურად cringe – ნიშნავს უხერხულობას: „ to suddenly move away from someone or something because you are frightened Irma Irma Tavelidze informal to feel very embarrassed: I cringed at the sight of my dad dancing.“

ქართულად დაქრინჯვა სირცხვილის განცდას უკავშირდება სხვისი საქციელის გამო, მაგრამ, ვფიქრობ, კონტექსების მიხედვით უფრო შესატყვისია სლენგი: გამიტყდა[18] ინგლისურიდან ახლად შემოსულ სიტყვებს ჯერ ზუსტი უზუსური (სალექსიკონო) მნიშვნელობები არ აქვთ ჩამოყალიბებული.

იმ დღეს სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა მწერალი წერდა: ხალხო, მიშველეთ, ეს „ჯაჯვა“ რაღას ნიშნავს? ქუჩაში მოვისმინე, ერთი ეუბნებოდა მეორეს: – სულ ნუ მჯაჯავო და იმან: – შენთვის რომ კარგი მინდა, იმიტომ გჯაჯავო.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა judge – “a public official appointed to decide cases in a court of law.”

როგორც ხედავთ, ქართული ციფრული პლატთფორმის ლექსიკა ყოველდღე „მდიდრდება“.

ახალი ლექსიკის მნიშვნელობათა დაზუსტებისთვის სოციალურ ქსელში ჩავატარე გამოკითხვა „ქრაშის მსტალკავებისთვის“ და  მრავალგვარი განმარტება მოვისმინე; უფროსმა თაობამ ვერც გაიგო, რას ვკითხულობდი, ვინც გაიგო, ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე (კითხვა ასეთი იუმორისტული იყო: ვისაც ქრაშავთ, სტალკავთ კიდეც?)

იყო ასეთი გამოხმაურებაც:

ნონა ხიხაძე განმანათლებთ თუ ,,თავსა დამართ უნდა ვსცემდე და ცრემლითა მწარითა ვიტყოდე, საწყალობელ იქმნა უბადრუკი მხევალი ესე ღვთისა , რამეთუ უვარჰყო შეჭმარიტი იგი სიბრძნე და შეერთო გოიმთა?” ბოლო სიტყვის დაძველების ეფექტი მომაშველეთ.

Nina Chaganava  სხვათაშორის, დავაკვრიდი და сrush და stalking საქართველოში ცოტა სახეშეცვლილი შინაარსით იყენებენ. შიდა კულტურული გავლენა უნდა იყოს ალბათ, თუმცა ზუსტად ვერ დავამტკიცებ.  სტალკვა -ზე საერთოდ შეიძლება გიჩივლონ კიდეც. ნუ…  ევროპა – ამერიკაში.

Davit Kobiashvili ანდაზა – „ქრაშმა ქრაშს რითი აჯობა და სტალკვითაო“.

ეს კომენტარები იმისთვის მოვიტანე, რომ დავაკვირდეთ, ჩვენ თვალწინ როგორ იძენს ახალი სიტყვა მნიშვნელობას, რამდენგვარი ინტერპრეტაცია შესაძლებელი და როგორ მკვიდრდება ლექსიკა ჯერ სოციალურ ქსელებში და მერე – ყველგან.

თინეიჯერებმა ცალსახად ყველამ იცის ამ ტერმინების მნიშვნელობა, თუმცა შეიძლება განმარტება ვერ გითხრან. ძალიან საინტრესო სქემა მომაწოდა მასწავლებელმა ირინე კვანჭიანმა. რამდენიმე მოსწავლის მიერ გაკეთებული სქემა:

 

ქრაში – მქრაშავი – მექრაშება

 

შესწავლილი მასალებიდან ამ ტიპის ლექსიკას ნამდვილად გასდევს ციფრული კონტექსტი. შეიძლება მომავალში მას ეწოდოს – ციფრული ლექსიკა, რადგან ქრაშვაც და სტალკვაც უშუალოდ ამ პლათფორმაზე გაჩენილი სიტყვებია და ჯერ კიდევ უზუსური მნიშვენლობის გამომუშავების პროცესშია, ამიტომ ყველა განმარტება ძირითადად ინტეპრეტაციაა, თუმცა ძირითადი მნიშვნელობაც  უკვე იკვეთება.

მიჯნურობის ამ ტიპს ზოგი მომხმარებელი ადარებს არაციფრულ რეალურ დროში – მსახიობებზე, სპოტრსმენებზე და ასე შემდეგ –  გამიჯნურებას, რომელიც იყო „შორით ბნედა, შორით კვდომა“ და ფოტოების აკვრა კედლებზე.

როგორც ჩანს, ეს „პლატონურობა“ ჩვენი ცნობიერების შემადგენელია, რომელსაც ციფრულ ეპოქაში ასე ვავლენთ.

 

ენების ციფრული მომავალი –

უკან პიქტოგრაფიისკენ და ვიზუალური მეტყველება

 

ჟან-ფრანსუა ლიოტარი პოსტმოდერნზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად იმყოფება ინფორმაციულ წნეხში. ასეთ ვითარებაში, ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც „სლოგანების ეპოქა“.

როგორც მკვლევრები ამბობენ, თანამედროვე სამყარო უფრო მეტად გახდა ვიზუალური აღქმის, რადგან დრო აჩქარდა, ახალი ტექნოლოგიები შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და ადამიანი კი გამუდმებით „გადარბენაზეა“; ამიტომ თანამედროვე ადამიანს „დანახვა“ ურჩევნია ლინგვისტურ წაკითხვას. ვიზუალური ნიშნები სწრაფად აღქმასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია ერთი „შეხედვით“, მაგალითად, სიცილაკის ან ფოტოს მეშვეობით, გავიგოთ მთელი ამბავი და დრო არ დავკარგოთ კითხვაში. [19]

ინფორმაციის სწრაფად აღქმის ამ ტენდენციამ ჩვენი კომუნიკაცია აავსო ე.წ. ღიმილაკებით; არსებობს „ემოჯების“ ლექსიკონები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხვეწება და მდიდრდება. [20]

2020 წელს პანდემიის პირობებში ლექსიკონს Unicode Consortium-ის მიერ დამტკიცებული ახალი ღიმილაკების მთელი სერია  დაემატა[21], რომლებიც ასახავს ადამიანის ემოციებს კორონავირუსის დროს. ერთ-ერთია: „სახე სპირალის თვალებით”, ანუ “თავბრუსხვევა”. დეზორიენტაციის გამომხატველი ეს ემოჯი ჯენიფერ დენიელმა წარადგინა. მან ემოჯის მნიშვნელობები გამოხატა შემდეგნაირად: “ო, არა”, “გასაჭირი”, “ვაჰ”, “უფ”.  ახალი ემოჯი  დაბნეული, თავბრუდახვეული ადმაიანის აღმნიშველია  ან ზოგადად გადატვირთვის ისეთი მდგომარეობის, როცა საკუთარ მოქმედებებს ვეღარ აკონტროლებ და ვერც სამყაროს აღიქვამ ადექვატურად. როგორც The Verge-ის ჟურნალისტი, რასელ ბრენდონი აღნიშნავს, 2020-ში ჩვენ ყველას თვალების ნაცვლად სპირალები გვაქვს. [22]

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ღიმილაკების ენა უნივერსალურია და ნებისმიერი კულტურის ადამიანი იყენებს  მას;  უნივერსალურობა ნიშნავს, რომ ემოციების ენა სტანდარტიზებულია და განსაზღვრული.

პრობლემა:

  • ვერბალური/ლინგვისტური ტექსტების ჩანაცვლება სტანდარტიზებული ღიმილაკებით რას უქადის ენას?
  • ასუსტებს თუ არა ეს ადამიანის ინდივიდუალურ ემოციურ თვითგამოხატვას?

უფრო შორსაც წავედით და დავიწყეთ ერთგვარი თამაში: ტექსტების ჩაწერა ღიმილაკებით.

„ვეფხისტყაოსნის“ ტვიტერატურული კონკურსის ერთმა მონაწილე მოსწავლემ, ნიკა ფარტენაძემ, ერთი სტროფი:

იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი“.

– ასე ჩაწერა:

იყო ,

( ),

და ,

თვით .

 

ხშირად ბავშვებისთვის კრეატიულობის სავარჯიშოებად სწორედ „ემოჯების“ ენას მიმართავენ, რათა ბავშვებს განუვითარონ ვიზუალური აზროვნება. აი, მაგალითად:

განმარტება ასეთია:

1) ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო;

2) გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი;

3) ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი.

მსგავსი აქტივობები (ბავშვების მიერ შედგენილი) შეგიძლიათ ნახოთ ლალი ანთიძის საკვირაო სკოლის გვერდზე.[23]

ეს პროცესები (ვერბალურის ვიზუალურში გადატანა) სულ უფრო მეტად დამახასიათებელი ხდება ვირტუალური კომუნიკაციისათვის. ისეთი სურათია, თითქოს მომავალი – ეს არის უკან, პიქტოგრაფიისკენ.

დამწერლობა ხომ პიქტოგრაფიით დაიწყო. რა არის პიქტოგრაფია:

 პიქტოგრაფია [ლათ. pictus დახატული და ბერძ. graphō ვწერ] – დამწერლობის უძველესი სახეობა – საგნების, მოვლენების, მოქმედების გადმოცემა ნახატების საშუალებით; ხატოვანი დამწერლობა.[24]

რამდენი დრო გავიდა, ვიდრე პიქტოგრაფიული დამწერლობიდან ანბანურ დამწერლობამდე მოვიდოდით. ახლა კი – პირიქით…

2020 წელს ალდაგმა 30 წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო კონკურსი წამოიწყო. ნებისმიერ მონაწილეს შეეძლო ემოჯების გამოყენებით მოეთხრო სახალისო საგზაო თავგადასავალი.

ერთი სახალისო ისტორია ასეთია:

„17 ივლისი იყო, თბილი და მზიანი დღე — ჩვენი ქორწილის დღე. ვისხედით ნეფე-პატარძალი საქორწილო ესკორტში და მივდიოდით. უეცრად, შუქნიშანზე ფეხმძიმე შევნიშნეთ, რომელიც ტიროდა და დახმარებას ითხოვდა. აშკრად მშობიარობა ეწყებოდა. ჩვენ ჩავისვით ჩვენსავე მანქანაში და წავედით სამშობიაროში. პატარა ძალიან მალე დაიბადა და ჩვენც დავბრუნდით ჩვენს გზაზე – ჯვრის დასაწერად ტაძარში“.

[25]

 

შეადარეთ პიქტოგრაფიულ დამწერლობას.

მუქოში (დუშეთის რაიონში) აღმოჩენილი უძველესი დამწერლობის ნიმუში ასეთია:

როგორც ხედავთ, უძველესი პიქტოგრაფიული დამწერლობის ნიმუშებსა და თანამედროვე ვირტუალური კომუნიკაციის ღიმილაკებით შექმნილ ტექსტებს შორის არავითარი სხვაობა არ არის. ორივე  ნახატებით წერაა.

როგორც ჩანს, ინფორმაციით გადატვირთულმა ვირტუალურმა სივრცემ კომუნიკაცია დააბრუნა იქ, საიდანაც დაიწყო – ნახატებით წერასთან. თუმცა ციფრულ სამყაროში პიქტოგრაფიას კრეატიულობის კონტექსში მიმართავენ, გამორჩეულობის მიზნით.

 

დასკვნისთვის და სადისკუსიოდ

  • ქართული ენა მსოფლიო ლინგვისტური ლანდშაფტის ნაწილია და მისი მომავალი განისაზღვრება იმ გლობალური პროცესებითაც, რომლებიც ყველა ენას ეხება, ეს არის – ციფრული ეპოქა და ხელოვნური ინტელექტი;
  • ენათა ციფრული პარამეტრები – განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს ქართულ ენას; მან უნდა შეძლოს სრული დიგიტალიზაცია და ადაპტირდეს ახალ გარემოსთან. არ დაკარგოს განსაკუთრებულობა, მოიგერიოს გადამეტებული ბარბარიზმები და გაიფართოოს ფუნქციები;
  • ე.წ. ციფრული ლექსიკა/ბარბარიზმები იმდენად არის მოძალებული ახალ თაობაში, რომ მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, იკარგება თაობათა შორის კომუნიკაცია, რაც აღარიბებს ენას; თუ თაობები დაშორდებიან ერთმანეთს და მათ შორის არ იქნება „თანა-ზიარობა“, ვერც ენა განვითარდება და ვერც ერი… მხოლოდ სინერგიას მოაქვს ევოლუცია, რაც ასე სჭირდება დღეს ადამიანს და ენასაც!
  • ციფრულ პლატფორმაზე ენა „იზღუდება“, რადგან ვრცელ ტექსტებს არავინ კითხულობს; ციფრულ ეპოქას – „სლოგანების ეპოქასაც“ უწოდებენ; ვერბალურ გამოხატვას დიდი დოზით ანაცვლებს ვიზუალური გამოხატვა; გასაანალიზებელია, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი?
  • ენა ყოფს და ენა აერთიანებს… სიძულვილის ენა აფერხებს ენის განვითარებას, რადგან ის არ გულისხმობს დიალოგს და ურთიერთგაგებას; ენას კი კომუნიკაცია ავითარებს; სიძულვილის ენა – ცალმხრივი კომუნიკაციაა!
  • ორი ძირითადი ამოცანა აქვს ქართულ ენას: განვითარდეს – გაიფართოოს ფუნქციები, საკომუნიკაციო ველი, გააქტიურდეს მხატვრული და სამეცნიერო აზროვნება და მოხდეს ყველაფრის დოკუმენტირება, გაციფრულება; დღეს თუ ციფრულად არ არსებობ, საერთოდ არ არსებობ!

 

კითხვები მკითხველისთვის

 

ენას ინდივიდუალური წერა/მეტყველებაც ავითარებს, ამიტომ გადაამოწმეთ თქვენი და ენის ურთიერთობა ამ კითხვებით:

  • რამდენად არის დაკავშირებული თქვენი შინაგანი ადამიანი გარეგან ადამიანთან (ანუ ხშირად გამოთქვამთ, რასაც მართლა ფიქრობთ)?
  • შეაფასეთ თქვენი ერთი დღის კომუნიკაცია – რას და როგორ გამოთქვამთ? და თქვენს ვერბალურ თვითგამოხატვაში რომელი ლექსიკა/ენერგია ჭარბობს: სიძულვილის, ზიზღის, შიშის თუ სიყვარულის?
  • გაქვთ თუ არა ცოცხალი კომუნიკაცია სოციალური ქსელების მიღმა? გაწუხებთ გამოუთქმელი აზრები, გრძნობები, განცდები?
  • გესმით სხვა ადამიანების? თუ ვერ უგებთ, რა არის ამის მიზეზი?
  • რამდენად ხშირად კითხულობთ მხატვრულ ან სამეცნიერო ლიტერატურას თუ მხოლოდ თამაშებით ხართ დაკავებული?
  • გაქვთ დისკუსიის, თვითრეფლექსიის მოთხოვნა?
  • პრესტიჟულია მშობლიური ენა თქვენთვის თუ ხშირად გამოხატვისთვის (როცა აუცილებებელი არ არის) უცხო ენას ირჩევთ?
  • როგორია თქვენი ალტერ-ეგო – „ენობრივი ადამიანი“ და როგორია თქვენი „ციფრული ალტერ-ეგო“? როგორ მიემართებიან ისინი ერთმანეთს?

P.S. ენების მომავლის წინასწარმეტყველების მაგიერ:

ბიბლიის მიხედვით ნოეს შვილები ისე გამრავლდნენ, რომ „მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული…. ერთპირი იყო მთელი დედამიწა და ერთ ენაზე მეტყველი.“ მერე გადაწყვიტეს, რომ აეშენებინათ ქალაქი-გოდოლი, ცას რომ შესწვდენოდა მისი თხემი, ერთად რომ ყოფილიყვნენ… შემდეგ იცით, რაც მოხდა. ჩამოვიდა უფალი და თქვა: „აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება“.[26]

P.S.S. იქნებ ციფრული სამყარო ახალ ბაბილონის გოდოლს აშენებს…? ოღონდ ამჯერად პირიქით. ბიბლიური მითი რომ გავაგრძელოთ: დედამიწაზე გაფანტულ ადამიანებს მოსწყინდათ აღრეული ენები და გაუგებრობა და გადაწყვიტეს ახალი ციფრული გოდოლის აგება, რათა დაებრუნებინათ დავიწყებული ერთიანი ენა…?

ვინ იცის…

 

მწერალთა სახლი, 04-18 ნოემბერი, 2021 წელი

 

[1] Чавчавадзе Н. З. Культура и ценности. Тб., 1984.

[2] გუჩა კვარაცხელია, დიალოგი – https://bit.ly/3qdzDdP

[3] თამაზ გამყრელიძე, „თეორიული ენათმეცნიერების კურსი“, 2008 წ.; გვ.482

[4] https://www.youtube.com/watch?v=RcYjXbSJBN8

[5] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3805564/

[6] http://tandaschwili.com/thema

[7] http://www.unesco.org/languages-atlas/en/atlasmap.htm

[8] მანანა თანდაშვილი, საფრთხეში მყოფი ენები, http://tandaschwili.com

[9] Сепир Э. Избранные труды по языкознанию и культурологии. М.1993:181

[10] Jean Baudrillard Simulacra and Simulations – https://web.stanford.edu/class/history34q/readings/Baudrillard/Baudrillard_Simulacra.html

[11] ფსევდო ბოდრიარი (გიგი თევზაძე), მეხუთე რიგის სიმულაკრი – http://eprints.iliauni.edu.ge/1385/

[12] ნორბერტ ბოლცი, „წკაპუნით მომუშავეთა სამყარო“ – https://demo.ge/index.php?do=full&id=1836

[13] Marshall McLuhan – The Gutenberg Galaxy, https://bit.ly/3DdrpFW

[14] ჰიპერტექსტი (ინგლ. hypertext) ანუ ჰიპერტექსტური სისტემა — სხვადახსვა ტიპის დოკუმენტების სისტემა, რომელშიც ყოველი დოკუმენტი დაკავშირებულია რომელიმე სხვა დოკუმენტთან ამავე სისტემიდან. კავშირი (link) ჰიპერტექსტურ სისტემაში არის ერთი დოკუმენტის მეორე დოკუმენტზე გადასვლის საშუალება. კავშირს ჰიპერტექსტურ დოკუმენტში ზოგჯერ ჰიპერკავშირს (hyperlink) უწოდებენ.

[15] თინათინ მარგალიტაძე – https://barbarisms.ge/article1/

[16] https://barbarisms.ge/

[17] ეტალონი – https://bit.ly/3BWFbeZ

[18] ეს შესატყვისი მომაწოდა მწერალმა ირმა ტაველიძემ.

[19] ცირა ბარბაქაძე, ენა – უნივერსალური მულტისემიოტიკური სისტემა – http://mastsavlebeli.ge/?p=4203

[20] https://www.emojiall.com/

[21] https://unicode-org.github.io/emoji/emoji/charts-13.1/emoji-released.html#1f9d4

[22] https://bit.ly/3kFxofv

[23] ლალი ანთიძის საკვირაო სკოლა – https://www.facebook.com/media/set/?set=a.330712841660843&type=3

[24] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=31308

[25] https://bit.ly/3wPnjBx

[26] (დაბ. 11. 1-9).

Facebook Comments Box