გერმანიის ლიტერატურულ წრეებში დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი: მარტინ ვალზერის ახალი რომანი, “კრიტიკოსის სიკვდილი”, ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე გახდა გაცხარებული დებატების საგანი.
ყველაფერი ვალზერის თითქოსდა უწყინარი წინადადებით დაიწყო: მან გაზეთს Frankfurter Allgemeine Zeitung-ს თავისი ახალი რომანის, “კრიტიკოსის სიკვდილის” წინასწარი გამოქვეყნება შესთავაზა. ამაში უჩვეულო არაფერია – გაზეთი ადრეც ბეჭდავდა ვალზერის რომანებს. არც ის გაკვირვებია ვინმეს, რომ მანამდე რომანის შინაარსი ძალიან ვიწრო წრემ იცოდა – ბოლოსდაბოლოს, ავტორის ნებაა, ვის რას უამბობს. მაგრამ ვალზერს არ გაუმართლა – მისი ახალი წიგნი გერმანელი ინტელექტუალების ნაწილისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.
Frankfurter Allgemeine Zeitung-ის სახელით დაწერილი წერილის ავტორის, ფრანკ შირმახერის თქმით, ეს რომანი არის შურისძიება, ანგარიშსწორება (დამალობანას აღარავინ თამაშობს) კრიტიკოს მარსელ რაიხ-რანიცკისთან. რომანის ფაბულა მარტივია: მთავარ პერსონაჟს, სახელმოხვეჭილ კრიტიკოსს, კლავენ, ეჭვმიტანილი — მწერალია, გამოძიებას კი მკითხველი აწარმოებს. მოგვიანებით ვიგებთ, რომ მწერალიცა და მკითხველიც ერთი და იგივე პიროვნებაა. ბოლოს ირკვევა: კრიტიკოსი არ მომკვდარა, უბრალოდ სიკვდილი გაითამაშა, რათა თავის საყვარელთან განმარტოებულიყო. გზადაგზა მწერალი არკვევს კრიტიკოსის, როგორც ასეთის, რაობას და არსს. შესანიშნავად ჟღერს: “მოკალით ძაღლი, ეგ ხომ რეცენზენტია!”
დღეს უკვე 82 წლის რაიხ-რანიცკის “მკვლელობას” გერმანელი საზოგადოება ნამდვილად არ მიიტანდა გულთან ახლოს და დიდადაც არ ჩაუღრმავდებოდა, რომ არა ერთი ნიშანდობლივი ამბავი: ის ებრაელია. თანაც თავისი ოჯახიდან ერთადერთი გადარჩენილი ებრაელი – ვარშავის გეტო, აჯანყება – ამას კომენტარები არ სჭირდება. ამიტომ ავტორის მიერ რომანში ორგან გამეორებული სიტყვები – “მას მოკვლა არ შეჰფერის” და “მაგის მოკვლა არ გამოვა” – საზოგადოებამ სრულიად შემზარავად ჩათვალა. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ნამდვილად ავადმყოფური დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ, ძნელია არ დაეთანხმო, რომ მარადი ურიას თემის ამგვარად გადამღერება, ვთქვათ ასე – ლამაზი არაა.
სკანდალი ვალზერისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. მას არც დაუფარავს, რომ მისი კრიტიკოსი სინამდვილეში რაიხ-რანიცკია, და რომ ეს სრულიად შეგნებულად გააკეთა. მაგრამ ანტისემიტიზმის ბრალდებას მწერალი უარყოფს: “ლიტერატურაში ნებისმიერი ცნობილი პიროვნების პაროდირება შეიძლება, მაშ, რატომ უნდა იყოს რაიხ-რანიცკი გამონაკლისი? ებრაელობა სულ არ მაღელვებს, მე იმასთან მაქვს საქმე, როგორ იყენებს – და ბოროტად იყენებს – რაიხ-რანიცკისნაირი ფიგურა თავის ძალაუფლებას ლიტერატურაში.”
განსაკუთრებული შემართებით “კრიტიკოსის სიკვდილის” გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მარტინ ვალზერის წინააღმდეგ ლიტერატურათმცოდნე რუთ კლიუგერმა და სოციოლოგმა იან ფილიპ რეემტსმაამ გაილაშქრეს პრესაში.
რუთ კლიუგერი ამჟამად კანადაში ცხოვრობს. ამ ებრაელ ქალბატონს ვალზერთან დიდი ხნის პირადი მეგობრობა აკავშირებს. მისი ღია წერილიც, რომელიც Frankfurter Rundschau-ში გამოქვეყნდა, მეგობრული ტონითაა დაწერილი. ქ-ნმა კლიუგერმა ვალზერს “სინამდვილის ცრუ ასახვა” დასდო ბრალად: “გერმანია, რომელშიც ბოროტი ებრაელები არიან – თუნდაც ერთი ბოროტი ებრაელი – მაგრამ ანტისემიტიზმი არ არსებობს, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია”. მისი თქმით, ვალზერს ცხადად რომ ეჩვენებინა გერმანული ანტისემიტიზმი, თავად მას ამ ბრალდებას ვერ წაუყენებდნენ.
ქ-ნი კლიუგერი იმასაც აღნიშნავს, რომ წიგნი პირადად მას ძალიან მოხვდა გულზე. “როგორც ებრაელს, რომლის პროფესია გერმანული ლიტერატურაა და თავი შენი და შენი ოჯახის მეგობრად მიაჩნია, შენს მიერ დახატული ებრაელი ურჩხულის სახე პირადად შემეხო, გული მატკინა და მაწყენინა.”
სოციოლოგმა რეემტსმაამ რომანს სულაც “ლიტერატურული ბარბაროსობა” უწოდა. Frankfurter Allgemeine Zeitung–ში გამოქვეყნებულ წერილში მან განაცხადა, რომ ვალზერმა ანტისემიტური წიგნი დაწერა და რომანს “სიძულვილის მოწმობას” უწოდებს. რეემტსმაა უფრო შორსაც წავიდა: “ავტორი აშკარად ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. ამის შედეგად წიგნი საშინლად ძნელი წასაკითხია და შემზარავად მოსაწყენი.” ასეთი რამ ვალზერისთვის ჯერ არ უკადრებიათ, მწერალს ალბათ ისევ იდეოლოგიური ბრალდებები ერჩივნა.
ყველა სიკეთესთან ერთად ვალზერს ლოთობაც დააბრალეს, რაც მან ერთ-ერთ ინტერვიუში მშვიდად უარყო: “მხოლოდ ლოთი ბრაზდება, როცა ლოთს უწოდებენ”. მისი თქმით, საჯარო კითხვის წინ ცოტა წითელი ღვინო ლოთობას ნამდვილად არ ნიშნავს, ეს ამ შემთხვევაში მხოლოდ დოპინგია: “ვადღეგრძელებ დამსწრე საზოგადოებას და ერთ ჭიქას ვსვამ. ეს შოუს ნაწილია, თუნდაც დილის 11 საათზე. ამის მერე უკეთ ვკითხულობ.”
აი, ასეთი ამბავი დატრიალდა. რომანის ავტორისთვის საკმაოდ დამთრგუნველი აყალ-მაყალი გარკვეულწილად საუკეთესო რეკლამა გამოდგა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვალზერის რომანი მაინც გამოქვეყნდა. 2002 წლის 5 ივნისს პრესაში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მარტინ ვალზერის საკამათო რომანს “კრიტიკოსის სიკვდილი” გამოსცემს ავტორიტეტული გამომცემლობა Surkamp, რომელიც გაცხარებულ დისკუსიებსა და ეჭვებს არ დაგიდევთ. წიგნი მაღაზიებში 26 ივნისს გამოჩნდა. Suhrkamp-მა თავიდანვე 50.000 ეგზემპლარი გამოუშვა – არცთუ ურიგო დასაწყისია. მას შემდეგ, რაც გამომცემლობის მესვეურებმა დიდი ჩხუბით იჩხუბეს რომანის ინტერნეტში უკანონო გამოქვეყნების გამო, მის ტექსტს ქსელში ვეღარ იპოვნით, და გამომცემლობაც დამშვიდდა: “ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, აღარც ბრძოლა გვინდა და არც ზარალის ანაზღაურება.”
თუმცა ანტისემიტიზმში მასაც ადანაშაულებენ, გამომცემლობას უკან არ დაუხევია: “ამ პირობებში გამომცემლობა აკეთებს იმას, რაც მისი ვალია, აქვეყნებს რომანის ტექსტს, რომელზეც მარტინ ვალზერი აგებს პასუხს.”
რომანის გმირის პროტოტიპი ლიტერატურის კრიტიკოსი მარსელ რაიხ-რანიცკი გულმოდგინედ ცდილობდა გამომცემელთა გადაბირებას. Suhrkamp–ის საბოლოო გადაწყვეტილებას მან “ძალიან სამწუხარო” უწოდა. “შესანიშნავი ტრადიციების მქონე გამომცემლობას, ერნსტ ბლოხის, ვალტერ ბენიამინის, თეოდორ ადორნოს, პაულ ცელანის და სხვათა გამომცემელს, ასეთი აღმაშფოთებელი და სამარცხვინო ნაშრომი არ ეკადრება.” კრიტიკოსი თავად რომანისთვისაც არ იშურებს ტკბილ სიტყვას: “ასეთი საცოდაობა ვალზერს ჯერ არ დაუწერია” – კრიტიკოსი მაინც კრიტიკოსად რჩება! რაიხ-რანიცკიმ გერმანიის პრესაში დაიჩივლა, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო. “მისი პერსონაჟების ცნობა სულ იოლად შეიძლება, მათი ასე დაცინვა უმსგავსობაა,” და სხვა და სხვა.
“მე მისი მრავალი წიგნი მიდიდებია და ათწლეულების განმავლობაში მწამდა მისი ნიჭის,” ჩიოდა რაიხ-რანიცკი, რომელიც აქამდე ვალზერის მთავარ კრიტიკოსად ითვლებოდა, “რომანმა, რომელსაც “კრიტიკოსის სიკვდილი” ჰქვია, ჩემში რისხვა კი არა, თანაგრძნობა გააღვიძა.” იმავე პრესის სააგენტომ აღნიშნა, “მოხუცი კაცების ომი დაიწყოო,” მაგრამ თავად ვალზერთან საუბარი რაიხ-რანიცკიმ საჭიროდ არ ჩათვალა: “სულ არ მაინტერესებს, როგორ ხსნის ავტორი თავის ნაწარმოებს. ტექსტმა თავად უნდა თქვას სათქმელი.”
წიგნის გამოცემის შემდეგ ავტორმა გამომცემლობის გადაწყვეტილებას სასიხარულო უწოდა – ცხადია! და ბრძანა, რომ ამ წიგნის შესახებ დებატებში მონაწილეობა არ სურს. ეგ იყო და ეგ. წიგნი გამოქვეყნდა, მშვენივრად იყიდება. იქნებ ოდესმე ჩვენც წავიკითხოთ, რათა საკუთარი დასკვნები გამოვიტანოთ: კარგი კაცია მარტინ ვალზერი თუ ცუდი.
“ყველამ იცის, როგორი ისტორიული ტვირთი გვაწევს, უსასრულო სირცხვილი, დღე არაა, რომ არავინ შეგვახსენოს…”
მარტინ ვალზერი, 1998 წელი
მარტინ ვალზერი 1927 წლის 24 მარტს დაიბადა. სამხედრო სამსახურის შემდეგ (1943 წ. ნუ შეშინდები, მკითხველო, ესესელი არ ყოფილა) სწავლობდა თეოლოგიას, ფილოსოფიას, ლიტერატურას, იკვლევდა ფრანც კაფკას შემოქმედებას. რადიოსა და ტელევიზიისათვის პოლიტიკური და ყოველდღიური ინფორმაციის მოძიებისას იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ჩეხეთსა და პოლონეთში. მოთხრობისათვის Templones Ende 1955 წელს პირველი ლიტურატურული ჯილდო – Preis der Gruppe 47 მიიღო. ამ დღიდან დაიწყო მისი აღიარება: 1957 – ჰერმან ჰესეს პრემია, 1962 – გერჰარდ ჰაუპტმანის პრემია, 1965 – ბადენ-ვიურტემბერგის შილერის პრემია და მრავალი, მრავალი სხვა. დაგვირგვინება იყო 1998 წელს, როდესაც ფრანკფურტში მარტინ ვალზერს გერმანიის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო – Friedenspreis des Deutschen Buchhandels გადასცეს რომანისთვის Ein springender Brunnen.
დაჯილდოება ხდებოდა ფრანკფურტის წმ. პავლეს ტაძარში. ძალიან გამიმართლა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე შესანიშნავი საჩუქარი მივიღე: მოწვევა გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანების მშვიდობის ჯილდოს გადაცემაზე. ვინც კი ოდესმე გერმანიის ისტორიით დაინტერესებულა, კარგად მიხვდება, რას ვგრძნობდი დარბაზში მჯდომი.
ფრანკფურტის წმინდა პავლეს ტაძარი ყოველი გერმანელისთვის ერის დიდების და მშვიდობის სიმბოლოა. 1848 წელს აქ პირველი გერმანული პარლამენტი შეიკრიბა, და მოგონება სავალალოდ დამთავრებული დემოკრატიის პირველი ნაბიჯების შესახებ დღევანდელი გერმანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამ ისტორიულ შენობაში, ღირსშესანიშნავი მოვლენიდან 150 წლის შემდეგ გადაეცა მშვიდობის ჯილდო მარტინ ვალზერს.
მისასალმებელ სიტყვაში – “მშვიდობის უფლება” – ითქვა: “ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესია, ადგილი, სადაც გერმანიის მეცნიერები და ლიტერატორები, დემოკრატები და პატრიოტები 150 წლის წინათ შეიკრიბნენ, ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩვენი, გერმანული დემოკრატიის იმედის სიმბოლოა. ყველა წინააღმდეგობისა და ყველა გაუგებრობის მიუხედავად ეს რესპუბლიკა ჩვენი მომავალია; ის, რომ ჩვენ ეს მომავალი შვერინელებთან და ლაიფციგელებთან, დრეზდენელებთან და ერფურტელებთან ერთად შეიძლება ვაშენოთ, ბედნიერებაა, რომელიც მარტინ ვალზერმა სხვებზე ბევრად ადრე წარმოიდგინა, დაწერა და ამგვარად შესაძლებელი გახადა.” რა ჰქვია ასეთ კაცს, თუ არა ეროვნული გმირი?!
მშვიდობის ჯილდო ეროვნების, რასობრივი მიკუთვნილებისა და აღმსარებლობის მიუხედავად გაიცემა. მისი მასშტაბების უკეთ წარმოსაჩენად მოგახსენებთ, რომ 1950 წლიდან ეს ჯილდო გადაცათ ალბერტ შვაიცერს, ჰერმან ჰესეს, თორნტონ უაიდლერს, იანუშ კორჩაკს, მაქს ფრიშს, ასტრიდ ლინდგრენს, იაშარ ქემალს და მრავალ სხვას – 38 ავტორის ჩამოთვლა ალბათ არ ღირს, ისედაც ნათელია, რა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ამ ფონზე ფრანკ შირმახერი ვალზერის სადიდებლად წარმოთქმულ სიტყვაში განსაკუთრებულს და ორიგინალურს ვერაფერს იტყოდა. ეს სიტყვა ამჟამად მხოლოდ იმითაა აღსანიშნავი, რომ ის სწორედ ფრანკ შირმახერმა წარმოთქვა, იმ შირმახერმა, ახლა რომ გააფთრებით დაესხა თავს მარტინ ვალზერს: “…ვალზერი კითხვის ვნებითაა შეპყრობილი. მკითხველები… სანამ კითხულობენ, ცუდს ვერაფერს იზამენ. ვალზერისთანა მკითხველი კი სხვა არ მეგულება.”
ეს იყო 1998 წელს. ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შირმახერი გამხეცდებოდა, თან ისე, რომ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში ასეთი სათაურით გამოაქვეყნებდა წერილს: “ძვირფასო მარტინ ვალზერ, ჩვენ თქვენს წიგნს არ დავბეჭდავთ”. კარგია. დასასრული – კიდევ უკეთესი: “ძვირფასო ბატონო ვალზერ, თქვენ საკმაოდ ბევრჯერ გითქვამთ, რომ გინდათ გათავისუფლება იგრძნოთ. დღეს ვიცი: თქვენი თავისუფლება ჩვენი დამარცხებაა.” რა ოსტატურად მალავდა მარტინ ვალზერი თავის ჭეშმარიტ სახეს 75 წლის განმავლობაში!
P.S. 2002 წლის 28 აგვისტოს “ყველაზე მნიშვნელოვანმა გერმანელმა კრიტიკოსმა”, მარსელ რაიხ-რანიცკიმ ქალაქ ფრანკფურტის გოეთეს პრემია მიიღო. უკვე 75 წელია, რაც ეს ჯილდო კლასიკოსის დაბადების დღეს გაიცემა. რაიხ-რანიცკიმდე ეს ჯილდო მიენიჭა თომას მანს, ჰერმან ჰესეს, ზიგმუნდ ფროიდს, ალბერტ შვაიცერს. 82 წლის რაიხ-რანიცკის სადიდებელი სიტყვა ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში შვეიცარელმა ლიტერატურათმცოდნემ, პეტერ ფონ მატმა წარმოთქვა.
ანა კორძაია-სამადაშვილი – მარტინ ვალზერის უკანასკნელი რომანის გამო
ბრალდება – ანტისემიტიზმი
მარტინ ვალზერის უკანასკნელი რომანის გამო
ანა კორძაია-სამადაშვილი
© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box