მათე, 20-16
უმთავრესი შეცდომა, რომელსაც პოეზიაზე მსჯელობისას უშვებენ, გონებაჭვრეტითი დამოკიდებულებით არის გამოწვეული. კრიტიკოსი, უპირველეს ყოვლისა, კარგი მკითხველი უნდა იყოს და პოეზიის ემოციურად აღქმა შეეძლოს. ამგვარი ხასიათის კონტაქტი თავისთავად გამოდევნის გონებაჭვრეტითობას.
ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, პოეზიის შემქმნელსაც და გამგებსაც ორი რამ უნდა ჰქონდესო: ინტელექტი და გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი. ეს თითქოს ყველამ იცის, ამიტომ თეორია არაფრისმთქმელია, მთავარია პრაქტიკა. ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველი თეორია ნაცრისფერია, მხოლოდ სიცოცხლის ხეა მარადმწვანე (“ფაუსტი”).
რადგან გოეთეს აჩრდილი შევაწუხეთ, ბარემ მისი აზრიც გავითვალისწინოთ: “პოეტური ნაწარმოები მით უფრო უკეთესია, რაც უფრო გაუგებარია და მიუწვდომელი გონებისთვის” (ეკერმანი, “საუბრები გოეთესთან”). ფაქტობრივად, აქაც იგივეა ნათქვამი – მხოლოდ ცივი გონებით პოეტურ ნაწარმოებს ვერ გაიგებ, უნდა გქონდეს თავისებური ინტუიცია, “გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი”.
გონებაჭვრეტობით აღჭურვილი კრიტიკოსები ხშირად მიიჩნევენ, რომ ლექსები, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვაგვარი ანალიზისთვის იწერება. ესეც ძველი ამბავია, ამიტომ შეახსენებდა კორნეი ჩუკოვსკი მათ: “ლექსები ხომ საიმისოდ არ იწერება, რომ ამა თუ იმ ლიტერატურათმცოდნეობითი ოპუსების ან კიდევ ცრუმეცნიერული დოქტრინების მასალად გამოდგეს. ლექსებს როცა წერენ, პოეტები იმაზე ოცნებობენ, მკითხველმა ემოციურად, მთელი არსებით მიიღოს მათი ნაღვაწი და ისე განიცადოს, როგორც საკუთარი ცხოვრებისეული მოვლენა. ყოველგვარი ლირიკის ფასი ადამიანების გრძნობებზე და ფიქრებზე ზემოქმედების სიძლიერით განისაზღვრება”.
ეს ციტატა ბრწყინვალე წიგნის, “ჩემი უიტმენის” შესავალი ნაწილიდანაა მოყვანილი. ამ მინანქრული წყობის ესეისტიკას ერთი წელი ვთარგმნიდი და 1986 წელს დავამთავრე…
ახლა კი უშუალოდ პოლემიკის თაობაზე.
ჩემი “პრეამბულა” შეიძლება მთლად პირდაპირ არა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ეხება “ცხელი შოკოლადის” ლიტერატურული დამატების ფურცლებზე წამოწყებულ პოლემიკას. აქაც გამოსჭვივის გონებაჭვრეტითობის (умозрительность) კვალი.
ვფიქრობ, რომ პოლემიკის თაოსან ზაზა შათირიშვილს აქვს “გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი”. (მახსოვს მისი წიგნი გალაკტიონზე, ასევე მეტად საინტერესო საუბრები მანდელშტამზე, პასტერნაკზე, ხოდასევიჩზე). უბრალოდ, რატომღაც, ჩემი აზრით, ისე მოხდა, რომ ამ უნარს კერძო შემთხვევაში გასაქანი არ მიეცა. მის მიერ შემოთავაზებული პოეტების კლასიფიკაცია ნაკლებად მარჯვეა, რადგან ზოგადია და სწორხაზოვანი. აქ უნიფიცირებულია ის, რაც ყველაზე მთავარია – პოეტების ინდივიდუალობა, მათი გამორჩეული სახე. ქართული პოეზიის დიდი ნაწილი “მიჯნებს შორის” გაუჩინარდა. ერთ ტომარაში არიან ჩაყრილი სრულიად სხვადასხვა “კალიბრის” პოეტები, მათ სივრცეში ჩნდება “ღრიჭოები”, სიცარიელე, რაც სუბიექტური მიდგომის საფუძველს წარმოშობს. არადა, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია, ყველა ოპონენტს შეუძლია ამ ცარიელ სივრცეში თავისი “წესრიგი” შეიტანოს, რაც საბოლოოდ ქაოსს გამოიწვევს.
ეპითეტი “დიდი” ან “მაგარი” არ არის თავის თავში შემოსაზღვრული, ზუსტი დეფინიცია პირობითობის შემცველია, ამიტომ ვისაც გინდა, იმას მოარგებ, მერე კი ნებისმიერ კლასიფიკაციაში ან იერარქიაში მიუჩენ შენთვის სასურველ ადგილს…
ჩემი აზრით, საჭირო იყო უფრო მოქნილი და ვითარების ადეკვატურად ამსახველი სქემა, რომელიც უფრო ზუსტი ინტუიციის და დახვეწილი კვლევის შედეგი იქნებოდა.
სამომავლოდ, ალბათ, ზაზა ამას გაითვალისწინებს. არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს პოეტურ ინდივიდუალობათაგან შედგენილ მრავალფეროვან პანორამას.
რაც შეეხება ახალი მიჯნის აღმართვას ან, საერთოდ, ე.წ. მიჯნების ძიებას, დაბრკოლებებს წავაწყდებით მანამ, ვიდრე არ შევურიგდებით ერთ აზრს: “ვერსიფიკატორი” და “პოეტი” ანტინომიური შინაარსის ცნებებია. ამის გამო სამართლიანად მიმართა ზაზას შოთა იათაშვილმა: “მისთვის ძირითადი ვერსიფიკაციული წესების კარგი დამცველი ყველა საშუალოც შესაძლოა “დიდი” იყოს”…
ახლა სხვა საკითხს შევეხები – ე.წ. დამოძღვრას.
ზაზა შათირიშვილი დასძენს: თუ არ დაგეზარება და ამ ბოლო ვარიანტსაც გადაათვალიერებ, დაინახავ, რომ თანამედროვეებს ტრადიციასთან დაპირისპირებაში კი არ ვადანაშაულებ, მე ვამბობ, რომ მათ საკმარისად არ იციან ენა და საკუთარი ლიტერატურაო.
ამის შემდეგ დასახელებულია XVI-XVIII საუკუნეების რამდენიმე პოეტი, რომელთა არცოდნასაც კრიტიკოსი საძრახისად უთვლის თანამედროვე პოეტებს. აი, ეს რამდენიმე პოეტი: “ფეშანგი, თეიმურაზ I, სულხან და ბეგთაბეგ თანიაშვილები და სხვ.”
უშუალოდ ამ ფრაგმენტს მოსდევს ასეთი თვალსაზრისი: “ეს იგივეა, რომ ეზრა პაუნდს და ელიოტს თავიანთი გრანდიოზული ინოვაციები ისე ეკეთებინათ, რომ ენდრიუ მარველი, ჰერბერტი, დონი და ჩოსერი არ სცოდნოდათ”.
ამ სტრიქონებმა გულწრფელად გამაოცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვისთვისაც და სადაც არ უნდა ყოფილიყო, ფეშანგის (ფაშვიბერტყაძის) და ბეგთაბეგ თანიაშვილის არცოდნა ჯეფრი ჩოსერის და ჯონ დონის არცოდნას გაუტოლდებოდა. საქმე ისაა, რომ ფეშანგი, ისევე, როგორც სულხან და ბეგთაბეგ თანიაშვილები, საკმაოდ უღიმღამო ვერსიფიკატორები არიან, ჩოსერი და დონი კი უდიდესი პოეტები. მათი ღვაწლი ლიტერატურის წინაშე ის კი არ არის, რომ პაუნდს და ელიოტს ინოვაციებისკენ გაუკაფეს გზა, არამედ თავისთავად არიან განსაცვიფრებელი პოეტური ფენომენები. ჩოსერი “ინგლისური პოეზიის მამად” არის აღიარებული, დონი კი პოეტი-მეტაფიზიკოსის სიმბოლოდ.
ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ფეშანგი და თანიაშვილები ენის დაუფლების მიზნით იქნენ მითითებულნი (თეიმურაზ I – მართლაც ნიჭიერი პოეტი – ამათ გვერდით არც უნდა იხსენიებოდეს). მაგრამ არც აქ ეწყობა მაინცდამაინც კარგად საქმე. სამწუხაროდ, ფეშანგი ვერაფერი მოქართულე იყო იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ ეროვნებით ქართველი არ გახლდათ. მის შესახებ კორნელი კეკელიძე “ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის” II ტომში წერს: “ფეშანგი ამირას ძე ხითარაშვილი ან ნართაულად ფაშვიბერტყაძე იყო გორელი სომეხი”. ცოტა ქვემოთ კი განაგრძობს: “ავტორის სტილი სიწმინდის მხრივ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, ავტორი ზომიერებას ვერ იცავს უცხო სიტყვათა ხმარებაში, განსაკუთრებით აჭრელებულია მისი ნაწარმოები სპარსულ-თურქული სიტყვებით და არმენიზმებით” (გვ. 510-512).
ფეშანგი რუსთაველის ეპიგონი იყო და იმეორებდა მის ცალკეულ ფრაზებს და მეტაფორებს. იგივე ითქმის სულხან და ბეგთაბეგ თანიაშვილებზეც, ოღონდ, მათი საერთო დონე შედარებით უფრო მაღალია.
ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა აქცენტი გაგვეკეთებინა არა რუსთაველის ეპიგონებზე, არამედ თვითონ რუსთაველზე.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე პოეტებმა უბრალოდ ლექსიკური მარაგი კი არ უნდა შეიძინონ, ქართული ენის ბუნებას და სიტყვის იდუმალი ზემოქმედების ძალას უნდა ეზიარონ. ყოველივე ამას კი ყველაზე უკეთ რუსთაველი თუ აზიარებს. ვერცერთი “გვერდითი შტოს” პოეტი ვერ შეძლებდა იმას, რაც რუსთაველმა ქართულ ენაში განახორციელა. და თუ ასე გვინდა “გვერდითი შტოს” არსებობა, მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ რუსთაველი თავის თავში მოიცავს მომდევნო პერიოდის ყოველგვარ “გვერდით შტოებს”. ეს ხომ ასეც არის…
რუსთაველის მომდევნო ხანის პოეტები მუდამ მას ადრიდნენ თავს, მის გარშემო ბრუნავდნენ, თითქოს ციური სხეულები ბრუნავენო მზის ირგვლივ. გურამიშვილი ახალი უზარმაზარი ინდივიდუალობაა, რომელიც “გვერდითა შტოდ” ნამდვილად ვერ მიიჩნევა.
და კიდევ ერთი რამ: რადგან ზაზა შათირიშვილმა პოეტების წინაშე ქართულ ლიტერატურასთან ერთად ქართული ენის შესწავლა-დაუფლების საკითხიც წამოჭრა, ჩემი აზრით, ფეშანგის მითითებას, შეიძლებოდა, იმთავითვე სულხან-საბა (შეუდარებელი ლექსიკონის შემქმნელი მეიგავე, განმანათლებელი) და სანიმუშოდ თანამედროვენი – გიორგი ლეონიძე ან კიდევ ანა კალანდაძე მიეთითებინა. თითოეული მათგანი (მიჯნათშორისი) განსაცვიფრებლად ფლობს ქართულ ენას. მათ ენის ცოცხალი შეგრძნება აქვთ, რითაც ძველი ტექსტებიდან შეთვისებულ სიტყვებსაც შთაბერავენ სულს. ანა კალანდაძე არა მარტო ბრწყინვალე პოეტია, არამედ პროფესიონალი ენათმეცნიერიც. ანას ლექსებში ენა სიძველის საკვირველ ელფერს ასხივებს.
აღარაფერს ვამბობ გალაკტიონზე…
მგონი, სიტყვა გამიგრძელდა, ამიტომ შევეცდები მოკლედ მოვჭრა.
ყველაზე მეტად ზაზა შათირიშვილის თაოსნობაში მაძიებელი კაცის გაბედულება მომეწონა. ის ოქროსმაძიებელს ჰგავს. ცნობილა, რომ ჯეკ ლონდონი ალიასკაზე ოქროს საძებნელად წავიდა, მაგრამ იქიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ამ ხელმოცარვამ და შეძენილმა გამოცდილებამ მას შესანიშნავი მოთხრობების წიგნი დააწერინა, რომელიც, რა თქმა უნდა, ოქროზე მეტად ფასობს.
ვფიქრობ, არამცთუ დიდი პოეტების, არამედ უბრალოდ პოეტების აღმოჩენაც კი ძნელია.
თუ, ვთქვათ და, ისე მოხდა, რომ ზაზამ ვერ აღმოაჩინა დიდი პოეტები (ანუ “ლიტერატურულმა ელიტამ” არ გაიზიარა მისი ბოლო აღმოჩენა), შეძენილი გამოცდილების ხარჯზე ის აუცილებლად დაწერს ახალ გამოკვლევებს. ესე იგი, მაძიებლის სულისკვეთება ცუდად ნამდვილად არ ჩაივლის.
P.S. მე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ზაზამ გრანელი-სამადაშვილის ხაზს მიმაკუთვნა. მაგრამ აქაც, ასეთ “ხაზებზე” საუბრისას, მეტი სიფრთხილე და დაფარული ნიუანსების შემჩნევის უნარი გვმართებს, ინტუიციამ არ უნდა გვიღალატოს და გონებაჭვრეტითობის მსხვერპლი არ უნდა შევიქნეთ. მე პირადად, გრანელსა და ნიკო სამადაშვილს შორის თუნდაც პირობით, არსებით, სიღრმისეულ სიახლოვეს ვერ ვხედავ. ტერენტი გრანელი სადღაც “ქართველი სიმბოლისტების”, “ცისაფერყანწელების” და გალაკტიონის პოეტიკის რკალში ტრიალებს, რასაც ნიკო სამადაშვილზე ვერაფრისდიდებით ვერ ვიტყვით, ის უფრო თავისთავადია.
კარგად წერდა გურამ ასათიანი: “ყოველი ჭეშმარიტი პოეტი თვითონ არის მიმდინარეობა, მიმართულება – ერთ-ერთი სუვერენული გზა პოეზიის განვითარებაში. ამის გამო ყოველგვარ მსჯელობას “მიმართულებებზე”, “ხაზებზე”, “ნაკადებზე” მხოლოდ პირობითი, მიახლოებითი მნიშვნელობა აქვს” (ტ. .3, “ლექსის მადანი”, გვ. 492).
უკეთეს შემთხვევაში, როცა “ხაზებზე” ვსაუბრობთ, ეს მიახლოებითი მნიშვნელობა მაინც უნდა იქნეს შენარჩუნებული.