ესე (თარგმანი)

ჰაროლდ ბლუმი – ტოლსტოი და გმირობა

წიგნიდან “დასავლური კანონი”

ტოლსტოი ყველაზე კარგად მაქსიმ გორკის “მოგონებებმა” გამაცნო, სადაც ავტორი სამოცდათორმეტი წლის მწერალთან სტუმრობის შესახებ გვიამბობს. 1901 წლის დასაწყისში ავადმყოფი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისაგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამდგარი ტოლსტოი ყირიმში ცხოვრობდა. გორკი პირდაპირ გადმოგვცემს ორაზროვნებას, რაც მან ტოლსტოისთან ურთიერთობაში შენიშნა და რაც ტოლსტოის იდუმალებას კიდევ უფრო აძლიერებდა:
“დღიურში, რომელიც მან წასაკითხად გადმომცა, უცნაურ აფორიზმს წავაწყდი: “ღმერთი ჩემი მისწრაფებაა”. დღეს რვეულის დაბრუნებისას ვკითხე, რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
“აზრი არაა დასრულებული…”, – თქვა მან, გვერდს გადახედა და თვალები მოჭუტა, – “შეიძლება მინდოდა მეთქვა, რომ ღმერთი თავად ღმერთის შემეცნებისკენ მისწრაფებაა, ჩემი მისწრაფება… შესაძლოა ვცდები…” მან სიცილი დაიწყო, რვეული დაახვია და პერანგის ფართო ჯიბეში ჩაიდო. მას ღმერთთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ხანდახან ისინი “ერთ ბუნაგში ორი დათვის ურთიერთობას” მაგონებდნენ”.
გორკის მიერ ანდაზების გონებამახვილური ციტირებისას ჩანს ტოლსტოის ნიჰილიზმის დაფარული სიმართლე და მისივე უუნარობა, შეეგუოს ნიჰილიზმს. წინასწარმეტყველი მწერლის ფიქრებში ღმერთი უკვდავების სურვილთანაა გაიგივებული. უსაზღვროდ გამბედავი ტოლსტოი იმდენად სიკვდილის ბანალური შიშით არ მოქმედებდა, რამდენადაც არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობით, რომელიც შეუთავსებელია არსებობის შეწყვეტასთან. გორკი ამასაც შესანიშნავად გვიამბობს:
“მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მას სძულდა სიკვდილი და ეშინოდა მისი, მისი სული “არზამასულ ძრწოლას” მოეცვა – ნუთუ იგი, ტოლსტოი, უნდა მოკვდეს? მთელი სამყარო, დედამიწის თითოეული მცხოვრები მას შეჰყურებს, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან, ყველა მხრიდან, მათ შორის მთრთოლავი ძაფებია გაბმული. მისი სული ყველასთვის და ყოველთვის არსებობს. რატომ არ უნდა დაუშვას გამონაკლისი ბუნებამ თავის კანონში, რომ ერთ კაცს სხეულებრივი უკვდავება მიანიჭოს?”
ტოლსტოის მისწრაფებას, ალბათ, აპოკალიპსურ სევდას უფრო დავარქმევთ, ვიდრე რელიგიურ სურვილს. დედამიწაზე კიდევ არსებობს რამდენიმე ტოლსტოელი, მაგრამ მათი გამორჩევა სულიერი რაციონალიზმის სხვა უამრავი სახეობიდან უკვე ძნელია. ტოლსტოის, როგორც თვითონ ამბობდა, უყვარდა ღმერთი ცივი გრძნობით, უფრო ღარიბი, ვიდრე ბრწყინვალე. მისი ქრისტე მხოლოდ მთიდან მქადაგებელია და, შესაძლოა, უფრო ნაკლებადაა ღმერთი, ვიდრე თავად ტოლსტოი. რელიგიური თვალსაზრისით ტოლსტოის კითხვისას შეხვდებით მკაცრ, ხანდახან სასტიკ მორალისტს, რომელიც არაფერს მოგცემს, თუკი განდის მსგავსად შემწყნარებლობას არ აყენებ ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა. ტოლსტოი ცამეტი შვილის მამა იყო, მაგრამ მისი შეხედულება ქორწინებასა და ოჯახზე არაჯანსაღია, ხოლო მისი დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობაზე ქალთმოძულეობას ემყარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, თუ საუბარია დისკურსიულ ტოლსტოისა და არა მწერალ ტოლსტოიზე, თუნდაც მის გვიანდელ რომან “აღდგომასა” და მოთხრობებზე – “ეშმაკსა” და გახმაურებულ “კრეიცერის სონატაზე”. ტოლსტოის თხრობის ნიჭი ძლიერი და მტკიცეა, მისი მქადაგებლური გადახვევები მის თხზულებებს არ ამახინჯებს და არც ტენდენციურს ხდის.
რუსმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი რომანები და მოთხრობები ნაცნობ თემას ისე უცნაურად გადმოსცემს, ყველაფერი ახალ აზრს იძენს. ჩვენს მიერ დანახულ კოსმოსს, რასაც ნიცშე “კაცობრიობის პირველქმნილ ლექსს” უწოდებდა, ტოლსტოი სხვაგვარად აღიქვამს. ტოლსტოის კითხვისას ყველაფერ იმას ვერ დაინახავთ, რასაც ის ხედავს, და მიხვდებით, როგორი უსაფუძვლოა თქვენი ხედვა. მისი სამყარო თქვენსაზე მდიდარია, რადგან ის როგორღაც ახერხებს, შთაგვაგონოს, რომ რასაც ხედავს, ერთდროულად ბუნებრივიცაა და უცნაურიც. დრო სჭირდება იმის გარკვევას, რამდენად მეტაფორულია ბუნების მისეული ცნება, რადგან ტოლსტოის მოჩვენებითი სიმარტივე რიტორიკული ტრიუმფია. მისი ყველაზე ცხადი ანალოგი ინგლისურენოვან ლიტერატურაში “ტინტერნის სააბატომდე” შექმნილი ვორდსვორთის ადრეული ლექსებია – “დანაშაული და მწუხარება”, “დანგრეული კოტეჯი” და “კამბერლენდელი მოხუცი მათხოვარი”. მათში ვორდსვორთი არ მიმართავს მეხსიერების მითს ან ადამიანის გონებისა და ბუნების თანაზიარობის კოლრიჯისეულ გაგებას. ნამდვილი მამაკაცისა და ქალის დარდის გათავისებით ვორდსვორთის პირველი მნიშვნელოვანი ლექსები ტოლსტოიმდე გახდა ტოლსტოური, მაგრამ იგი ისე ოსტატურად იყო გამარტივებული, რომ ეს ოსტატობა თითქმის არ შეიმჩნეოდა. ჯორჯ ელიოტი ყველაზე მეტად ვორდსვორთულ ნაწარმოებში “ადამ ბიდი” უჩვეულოდ ტოლსტოური ჩანს, რასაც ტოლსტოის ამ რომანით აღტაცებაც ამტკიცებს.
ვორდსვორთის მინიშნება იმაზე, რასაც იგი უკვდავებას უწოდებდა, მისი ადრეული ბავშვობის მოგონებებიდან მომდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გაფერმკრთალებულიყო, მაგრამ ბუნებრივი სიწმინდე მაინც შეინარჩუნა. ტოლსტოის მსგავსი მინიშნებები არ გააჩნდა, ის ბუნებრივი სიწმინდის ეკვივალენტს რუს გლეხში ეძებდა. რაც უნდა ეპოვა, ის მაინც არ იქნებოდა, რასაც ეძებდა. ის იმდენად მტკიცე რაციონალისტი იყო, რომ ხალხის რწმენას არ იზიარებდა, და ამის მიუხედავად, მაინც ისწრაფოდა, ხალხისთვის ღმერთის სიყვარული ჩაენერგა. უარყოფდა ყოველგვარ სასწაულს, და ამიტომ საკმაოდ ძნელია იმის განსაზღვრა, რას შეიძლება ნიშნავდეს მისთვის მოყვარული ღმერთი. გორკი წერდა: “ტოლსტოი ამბობდა ხოლმე, რომ სიმართლე ყველასთვის ერთია – ღმერთის სიყვარული. მაგრამ ამ საკითხზე ის გულგრილად და მოსაწყენად ლაპარაკობდა”. სხვა დროს ტოლსტოიმ გორკის უთხრა, რომ რწმენა და სიყვარული სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს, რაც ახლოსაა ტოლსტოურ ეთოსთან. თუ ღმერთის სიყვარული თავისთავად გამბედაობაა, ვინ უშველის მშიშარას?.. ის, რაც ტოლსტოიში დიდ აღტაცებას იწვევს, მისი ორიგინალობა და უცნაური ტემპერამენტია. მისი მოტივები იშვიათად გვიახლოვდება ჩვენ. სიმამაცე და გამბედაობა ეპიკური ღირსება და ტოლსტოის რელიგია (ასე დავარქვათ) მისვე ხელოვნების იმ თვისებას იძენს, რომელსაც ყოველმხრივ ეპიკური ტენდენცია აქვს. როცა ტოლსტოი თავის თავს ჰომეროსს ადარებს, ის ისე გვარწმუნებს, რომ ვერცერთი ჰომეროსის შემდგომი პოეტი ვერ შეძლებდა ჩვენს დარწმუნებას. როგორც წინასწარმეტყველი და მორალისტი, ტოლსტოი ეპიკური ფიგურაცაა და ეპოსის შემქმნელიც.
აქვს ტოლსტოის მრწამსს – მორალს, რელიგიას, ესთეტიკას მნიშვნელობა? თუ კითხვა რწმენას შეეხება, პასუხი დადებითი იქნებოდა წარსულში, როცა უამრავი ტოლსტოელი არსებობდა, მაგრამ არა ახლა, როცა ის ჰომეროსთან, დანტესა და შექსპირთან ერთად უნდა წავიკითხოთ, როგორც ერთადერთი მწერალი რენესანსის შემდეგ, რომელიც მათთან გაჯიბრებას შეძლებს. რამდენად უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო იგი თავისი ბედისწერით, რომ საკუთარი თავი უფრო წინასწარმეტყველად მიეჩნია, ვიდრე ამბის მთხრობელად. თუმცა მისთვის, როგორც მწერალისათვის, “ილიადა” და “დაბადება” უფრო მისაღები იქნებოდა, ხოლო დანტესა და შექსპირს კვლავ დასცინებდა. ის განსაკუთრებით ბრაზობდა “მეფე ლირზე”, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მან უნებლიედ ითამაშა ლირის როლი, როცა თავისუფლებისაკენ თავგანწირული სწრაფვის გამო სახლიდან გაიქცა. მას უსაზღვროდ სურდა მოწამეობრიობა, რასაც მეფის მთავრობა გამუდმებით ჭკვიანურად უშლიდა ხელს: მის მომხრეებს დევნიდა, მაგრამ არასდროს ეხებოდა მსოფლიოში ცნობილ ბრძენ და დიდებულ მწერალს, რომელიც თავიდანვე პუშკინის ნამდვილ მემკვიდრედ, იდეების განმახორციელებლად და რუსეთის უდიდეს მწერლად აღიარეს, და რომლის დიდებაც, როგორც ჩანს, არასოდეს გაქრებოდა. იგი მუდამ ისწრაფვოდა, გათანაბრებოდა და ეჯობნა კიდეც ჰომეროსისა და ბიბლიისათვის, თუმცა მისი ძლიერი მხარე პოლემიკაში ლიტერატურის უნდობლობასა და ფასეულობის ესთეტიკური სფეროს უარყოფით გამოიხატა.
ნაწარმოებს “რა არის ხელოვნება?” (1886), რომელიც ბერძნული ტრაგედიის, დანტეს, მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენის კრიტიკაა, გასაოცარი “ჰაჯი-მურატი” უპირისპირდება, პატარა რომანი, რომელიც ტოლსტოიმ 1896-1904 წლებში დაწერა, მაგრამ მის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. მართალია, ტოლსტოი ხანდახან აკრიტიკებდა კიდეც “ჰაჯი-მურატს”, როგორც საკუთარ კაპრიზს, მაგრამ ის მაინც წერდა მოთხრობის უამრავ ვარიანტს და ძალიან კარგად იცოდა, რომ ის ხელოვნების ნიმუში იყო, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა მისი ქრისტიანული ხელოვნების მორალურ პრინციპებს. ზოგიერთს ჰაჯი-მურატი არ მიაჩნია ყველაზე დიდ მიღწევად ტოლსტოის პატარა რომანებს – ისეთ ბრწყინვალე ნაწარმოებებს შორის, როგორებიცაა “ივან ილიჩის სიკვდილი”, “ოსტატი და კაცი”, “ეშმაკი”, “კაზაკები”, “კრეიცერის სონატა” და “მამა სერგი”. მე კი “ჰაჯი-მურატმა” პირველ ორ თხზულებაზე მეტად მომხიბლა, როცა ის ორმოცზე მეტი წლის წინ პირველად წავიკითხე. ეს თხზულება ჩემი პირადი კრიტერიუმია პროზის გრანდიოზულობის შესაფასებლად, ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო მოთხრობაა, ალბათ, ყველაზე კარგი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
მე ვამტკიცებდი, რომ ორიგინალობა და თავისებურება ყველაზე მეტად კანონიკურს ხდის ნაწარმოებს. ტოლსტოის თავისებურება თავისთავად უცნაურია, რადგან, ერთი შეხედვით, ის პარადოქსულად ჩვეულებრივი გვეჩვენება. ყოველთვის გესმის ტოლსტოის ხმა, როგორც მთხრობელისა და ეს ხმა პირდაპირი, რაციონალური, დამაჯერებელი და გულწრფელია. თანამედროვე რუსი კრიტიკოსი ვიქტორ შკლოვსკი აღნიშნავდა, რომ “ტოლსტოის ჩვეული სტრატეგია ობიექტის შეცნობის უარყოფა და ისე დახასიათებაა, თითქოს ის პირველად იხილა”. უცნაურობის ასეთი ტექნიკა, შერწყმული ტოლსტოის ტონალობასთან, მკითხველს არწმუნებს, რომ ტოლსტოი შესაძლებლობას აძლევს მას, დაინახოს ყველაფერი ისე, თითქოს პირველად ხედავდეს და ამავე დროს ჩაუნერგოს გრძნობა, რომ ყველაფერი უკვე ნანახი აქვს. თითქოს უჩვეულოა, ერთდროულად თავი იგრძნო სახლში და სახლიდან შორს, მაგრამ ესაა ტოლსტოის თითქმის უნიკალური ატმოსფერო.
როგორ შეიძლება მხატვრული თხზულება ერთდოულად იყოს ამოუცნობი და ბუნებრივი? ვფიქრობ, რომ ამის დასტურია უდიდესი ნაწარმოებები – “ღვთაებრივი კომედია”, “ჰამლეტი”, “მეფე ლირი”, “დონ კიხოტი”, “დაკარგული სამოთხე”, “ფაუსტი” (ნაწილი მეორე), “პერ გიუნტი”, “ომი და მშვიდობა”, “დაკარგული დროის ძიებაში” – სადაც ერთმანეთში არეულია ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშან-თვისებები. ისინი უამრავ პერსპექტივას უსახავენ საკუთარ თავს, ალბათ, ქმნიან კიდეც ამ პერსპექტივებს. მაგრამ ცოტა მოთხრობა თუ არსებობს, სადაც უცნაური პარადოქსების თანაარსებობაა შესაძლებელი. “ჰაჯი-მურატი” “ოდისევსივით” უცხოა და ჰემინგუეისავით ახლობელი. ტოლსტოის მოთხრობის დასასრულის კითხვისას, როცა ჰაჯი-მურატი და მისი ერთი მუჭა ერთგული მომხრეები უკანასკნელ გმირულ ბრძოლაში ურიცხვ მტერს უპირისპირდებიან, ჩვენ გვახსენდება, ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი რომანიდან “ვის უხმობს ზარი” – ელ სორდოსა და პარტიზანების უკანასკნელი შებრძოლება უფრო კარგად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან ფაშისტებთან. ჰემინგუეი, ტოლსტოის სწავლას მოწყურებული მოწაფე, ბრწყინვალედ ბაძავს დიდებულ ორიგინალს. ჰაჯი-მურატი ცხოვრობს და კვდება, როგორც არქაული გმირი, იგი თავის თავში აერთიანებს ოდისევსის, აქილევსისა და ენეასის ყველა ღირსებასა და ნაკლს.
ლუდვიგ ვიტგეშტაინსა და ისააკ ბაბელს, შეიძლება ითქვას, საერთო მხოლოდ ებრაული წარმოშობა აქვთ, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ ორივე პატივს სცემს “ჰაჯი-მურატს”. ვიტგეშტაინმა თხზულების ეგზემპლარი თავის მოწაფეს, ნორმან მალკოლმს მისცა სამხედრო სამსახურში წასაღებად და თან უთხრა, რომ ამ წიგნში ბევრი რამ იყო, რაც გამოადგებოდა. ბაბელმა 1937 წელს, ცხოვრების მძიმე პერიოდში ხელმეორედ გადაიკითხა წიგნი და მაღალფარდოვნად წარმოთქვა: “ელექტრული მუხტი წამოვიდა დედამიწიდან, ხელებიდან გადავიდა ფურცელზე, ყოველგვარი იზოლაციის გარეშე, და ზედაპირი დაუნდობლად გააშიშვლა სიმართლით”.
წიგნი, რომელმაც სტიმული მისცა ბაბელსა და ვიტგეშტეინს თავიანთი ვალი მოეხადათ, საყოველთაო გახდა, რისკენაც ტოლსტოი ყოველთვის ისწრაფვოდა. ჰენრი ჯეიმსი, რომელსაც ტურგენევი ტოლსტოიზე მეტად მოსწონდა, ჰაჯი-მურატს “ომი და მშვიდობის” უცნაურ მიმოხილვაში მოიხსენიებდა, როგორც “ფართხუნა სამოსიან მონსტრს”. ამ ნაწარმოების ახლოს გაცნობა ცხადყოფს, რომ ეს ისაა, რაც ტოლსტოის ყველაზე კანონიკურს ხდის მეცხრამეტე საუკუნის მწერლებში, იგი თითქმის განმარტოებული ფიგურაა დემოკრატიული ხელოვნების უმდიდრეს ეპოქაში.

* * *
“ჰაჯი-მურატი”, უპირველეს ყოვლისა, ისტორიაა, თუმცა უცნაური იქნება, თუ მას ისევე მივიჩნევთ ისტორიულ ნაწარმოებად, როგორც “ომსა და მშვიდობას”. “ჰაჯი-მურატი” არაა ისტორიის გააზრება, ის უბრალოდ ამბის თხრობაა. რაც წიგნში ხდება, ნათლად რომ ვთქვათ, ტოლსტოის არ გამოუგონია, ყოველ შემთხვევაში, მისი ძირითადი ამბავი. ჯ. ფ. ბედლის “რუსების მიერ სამხრეთ კავკასიის დაპყრობასთან” (1908) ერთად ამ მოთხრობის წაკითხვისას პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან ტოლსტოი თითქოს ერთდროულად ფაქტებსაც მიყვება და ბუნებასაც, მისი “ჰაჯი-მურატი” იდუმალებითაა მოცული, ის მითიურ ეპოსს მიეკუთვნება და არა ქრონიკას. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერია გამუდმებით იბრძოდა კავკასიის მთებისა და ტყეების ბინადარ მუსლიმანთა დასამორჩილებლად. რუსების წინააღმდეგ წმინდა ომში გაერთიანებულ კავკასიელებს ბოლოს იმამი შამილი მეთაურობდა, მისი ყველაზე აქტიური სამხედრო თანაშემწე იყო ჰაჯი-მურატი, რომელიც სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე გახდა ლეგენდარული გმირი. 1851 წლის დეკემბერში შამილთან უთანხმოების შემდეგ ჰაჯი-მურატი რუსების მხარეს გადავიდა. ოთხი თვის შემდეგ, 1852 წლის აპრილში მან გამოქცევა სცადა, რუსები დაედევნენ და მათთან უკანასკნელ თავგანწირულ შეტაკებაში დაიღუპა.
ელმერ მუდი, ტოლსტოის ბიოგრაფი და მთარგმნელი, ამ მოთხრობის დასაბამს 1851 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ წერილში პოულობს, სანამ ტოლსტოი შამილის წინააღმდეგ ომში არტილერიის ოფიცრად დაიწყებდა სამსახურს:
“თუ გსურს, კავკასიის ცოდნით თავი მოიწონო, შეგიძლია თქვა, რომ ვინმე ჰაჯი-მურატი – შამილის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი პირი, ამ დღეებში რუსეთის მთავრობას ჩაბარდა. ის იყო მთელს ჩერქეზეთში სახელგანთქმული, თავზეხელაღებული და “მამაცი” მეომარი, რომელიც იქამდე მიიყვანეს, რომ უსინდისოდ მოიქცა”.
ნახევარი საუკუნის შემდეგ ტოლსტოი არც კი ახსენებს, რომ ჰაჯი-მურატის ქმედება უსინდისოა, ან შეიძლებოდა უსინდისო ყოფილიყო. მოთხრობაში ნებისმიერ სხვა პერსონაჟთან, განსაკუთრებით, მის მეტოქე ლიდერებთან, შამილსა და მეფე ნიკოლოზ I-თან შედარებით, ჰაჯი-მურატი ნამდვილი გმირია. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ჰომეროსის მიმართ არასოდეს გამოუთქვამს უკმაყოფილება, ჰაჯი-მურატი ჰომეროსის გმირების მძლავრი კრიტიკაა. ის საუკეთესო თვისებები, რომლებსაც ჰომეროსი აქილევსსა და ჰექტორს შორის ანაწილებს, ტოლსტოის გმირში ერთიანდება, მაგრამ მას არც აქილევსის მძვინვარება და არც ჰექტორის სიკვდილისადმი პასიური მორჩილება არ ახასიათებს.
აქილევსის მსგავსად ჰაჯი-მურატი გასაოცარი, სრულყოფილი ძალის პატრონია, იგი ძლიერია, და არა სასტიკი. აქილევსზე ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე ჰაჯი-მურატი ოდისევსს მოხერხებითა და დიპლომატიით უტოლდება. ოდისევსის მსგავსად ისიც შინისაკენ, ცოლ-შვილისაკენ ისწრაფვის. ოდისევსისაგან განსხვავებით ის მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ ტოლსტოი გმირის აპოთეოზს აღწერს და არა მარცხის გამო გლოვას. ტოლსტოის არც ერთი ცენტრალური პერსონაჟი არ იმსახურებს იმდენ სიყვარულს, რამდენსაც ჰაჯი-მურატი და მჯერა, რომ დასავლეთის ლიტერატურაში მისი მსგავსი ველური ხალხის მეთაური არ არსებობს. სხვა რომელმა მწერალმა დახატა ბუნების შვილი, როგორც ძლევამოსილი პროტაგონისტი, რომელშიც შერწყმულია მსგავსი სიმამაცე და ვერაგობა? კონრადის ნოსტრომო, ხალხის შვილი, მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჰაჯი-მურატზე ნაკლებად შთამბეჭდავია. ტოლსტოის თავზეხელაღებული გმირი ისეთივე გამჭრიახია, როგორც თავად ტოლსტოი. იგი ღირსეულად კვდება და მისი სიკვდილი ისეთივე დიდებულია, როგორი ირონიულიც – ნოსტრომოსი.
არ იქნება უადგილო იმის აღნიშვნა, რომ 1902 წლის დასაწყისში ტოლსტოი სიკვდილის პირას იყო. იგი აპრილისთვის გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა “ჰაჯი-მურატის” გადასინჯვას. მისი გამოჯანმრთელება პროტაგონისტის სიკვდილში აისახა – ჰაჯი-მურატი ავტორის ნაცვლად კვდება. ალბათ, მწერალს მიაჩნდა, რომ გარკვეულწილად თვითონაც ჰაჯი-მურატი იყო, ან სულაც ეს პერსონაჟი ტოლსტოის შექსპირისეული ვარიანტია, რაც დრამატურგის ირონიული ტრიუმფია მწერალზე, რომელსაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
“ჰაჯი-მურატი” ტოლსტოის მართლაც ყველაზე შექსპირული მოთხრობაა მდიდარი ხასიათების გალერიის, დრამატული ერთგულების არაორდინალური დიაპაზონისა და ყველაზე მეტად ცენტრალური პროტაგონისტის ცვლილების მხრივ. შექსპირის მსგავსად ტოლსტოი ჰაჯი-მურატის ამბავს უყვება ერთდროულად ყველას და არავის, ვისაც აინტრესებს ან არ აინტერესებს, ემოციურად და ამავე დროს თავშეკავებულად. ტოლსტოიმ შექსპირისაგან რადიკალურად განსხვავებული სცენების შეთავსების ხელოვნება ისწავლა (თუმცა ამას ალბათ უარყოფდა), მარტივის ნაცვლად მოვლენების უფრო რთული თანამიმდევრობა რომ დაეხატა. ჰაჯი-მურატს მწერლისთვის უცნობ კონტექსტში ვხვდებით და ძალიან მოგვწონს სიტუაციებისა და პიროვნებების შექმნის ხელოვნება.
ტოლსტოი აბსურდულად აკრიტიკებდა შექსპირს, თითქოს მან ვერ შეძლო თავისი პერსონაჟები ინდივიდუალურად აემეტყველებინა, რაც იმის განცხადებას ჰგავს, თითქოს ბახმა ვერ შეძლო, შეექმნა ფუგა. ინგლისურის უკეთესად ცოდნა ამ მხრივ ტოლსტოის ბევრს ვერაფერს შემატებდა. შექსპირის მიმართ მისი რისხვა თავდაცვითი იყო, თუმცა ალბათ ამას ვერ ხვდებოდა. ტოლსტოის მხოლოდ ფალსტაფი მოსწონდა, ლირის სიძულვილს კი გაცოფებამდე მიჰყავდა. არასასიამოვნოა ტოლსტოის შეზღუდულობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მხოლოდ შექსპირთან მიმართებაში იგრძნობა. მის უძლიერეს პერსონაჟს, ანა კარენინას, მკვეთრად ამჩნევია შექსპირის გმირების ხასიათის ნიშან-თვისებები, რასაც საკუთარ გმირზე შეყვარებული ტოლსტოი შექსპირს ვერ აპატიებს. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ტოლსტოის ნამდვილად სძულდა შექსპირი, მხოლოდ ის უნდა დავამატოთ, რომ მას ეშინოდა კიდეც შექსპირის. თომას მანი ფიქრობდა, რომ ტოლსტოი შექსპირს ფარულად აიგივებდა ბუნებასთან, საკუთარ თავს კი – სულთან. მორალიზმი ჩვენს სამეცნიერო წრეებში ისევ მოდაშია და ჩვენ ისევ ვიწონებთ ტოლსტოის არჩევანს, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომ აყენებდა შექსპირზე წინ. ტოლსტოის მსგავსად ახალი ისტორიციზმის წარმომადგენლებს, ფემინისტებსა და მარქსისტებს “ბიძია თომას ქოხი” ურჩევნიათ “მეფე ლირს”.
“ჰაჯი-მურატი” ტოლსტოის გვიანდელ შემოქმედებაში უდიდესი გამონაკლისია, რადგან აქ მოხუცი შამანი შექსპირს უწევს მეტოქეობას. შექსპირის არაჩვეულებრივი უნარი, ყველაზე პატარა პერსონაჟსაც კი მიანიჭოს სისხლსავსე სიცოცხლე, შეაჯახოს ცხოვრებასთან, მოხერხებულად შეითვისა ტოლსტოიმ. “ჰაჯი-მურატში” ყველა პერსონაჟი აშკარად ინდივიდუალურია: შამილი, მეფე ნიკოლოზი, ბრძოლაში დაღუპული უიღბლო რუსი ჯარისკაცი ავდეევი, თავადი ვორონცოვი, ვისაც ჩაბარდა ჰაჯი-მურატი, ასეულის მეთაური პოლტორაცკი, ჰაჯი-მურატის მომხრეთა მცირე ჯგუფი: ელდარი, გამზალო, ხან-მაჰომა და ხანეფი. პერსონაჟთა გალერეა, ისევე როგორც შექსპირის მნიშვნელოვან პიესებში, აქაც უსასრულოდ გვეჩვენება. აქ არის რუსეთის ჯარის მეთაური მოხუცი ვორონცოვი, მისი ადიუტანტი ლორის-მელიქოვი, რომელიც ჰაჯი-მურატს მეთვალყურეობდა, ასევე ბუტლერი, გმირული სულის მქონე ოფიცერი, რომელმაც შეძლო ჰაჯი მრატში გმირის ღირსებები დაეფასებინა. ასევე დამაჯერებლად ბრწყინავს ორი ქალი, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ მოთხრობაში: ახალგაზრდა ვორონცოვის მეუღლე მარია ვასილევნა და მაიორის საყვარელი მარია დმიტრიევნა.
ეს თხუთმეტი და სხვა მრავალი უმნიშვნელო პერსონაჟი შექსპირისეული სიზუსტითა და გემოვნებითაა გამოჭრილი. ისინი ჰაჯი-მურატის ხასიათს ისე აძლიერებენ, რომ იგი ისეთივე ნაცნობი ხდება ჩვენთვის, როგორც შექსპირის დიდი მეომრები: ოტელო, ანტონიუსი, კორიოლანუსი, “მეფე ჯონის” უკანონო შვილი ფალკონბრიჯი. ჩვენ ჰაჯი-მურატს უფრო სრულყოფილად ვეცნობით, ვიდრე ანა კარენინას, რომელიც ტოლსტოის გულთან ძალიან ახლოსაა. ამჯერად, შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც არ მეტყველებს თავისი ხმით და ასრულებს ჰაჯი-მურატის, როგორც ეპიკური გმირის, უდიდეს როლს.
ისტორიული ჰაჯი-მურატი არის და არც არის ტოლსტოის პერსონაჟი. ჯ.ფ. ბედლის აზრით, ადგილობრივი გმირი გაბედული და მამაცია, მაგრამ საშინლად ულმობელი. მთიელი ხალხის, დაღესტნის ავარიის შვილი ჰაჯი-მურატი თავდაპირველად მურიდების – მუსლიმანური მისტიკური აღორძინების მასობრივი მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა, იმ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც რუსებსა და ავარიელებს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა. ბედლის მიერ აღწერილი ჰაჯი-მურატის ცხოვრების ქრონიკა, მართალია, ფაქტებზეა დაფუძნებული, მაგრამ ფანტასტიკური ნაწარმოებივით იკითხება. მურიდების ლიდერის, იმამ გამზათის, მოკვლის მერე გმირი რუსების მხარეზე გადავიდა. შემდეგ ჰაჯი-მურატს ავარიელების ზედამხედველმა უღალატა და ცილი დასწამა, თითქოს ის ახალი იმამის, შამილის, მომხრე იყო. ჰაჯი-მურატი ღრმა ხრამში გადახტომით რუსებს გამოექცა, მურიდებს მიემხრო და თავისი სიმარჯვის წყალობით მალე შამილის მთავარი თანაშემწე გახდა. შამილს დროთა განმავლობაში შური აღუძრა ჰაჯი-მურატის მიერ სასტიკ ბრძოლებში მოხვეჭილმა დიდებამ და მემკვიდრეობითი უფლებების დასაცავად მან თავისი საუკეთესო ჯარისკაცის მოკვლა განიზრახა. სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ჰაჯი-მურატი ისევ რუსებისაკენ გადავიდა – სწორედ ასე იწყება ტოლსტოის რომანი. ტოლსტოი ცდილობდა, ფაქტობრივი სიზუსტე დაეცვა, ჰაჯი-მურატის ამბიცია და სისასტიკე არ დაუფარავს და ეს თვისებები მის ბრწყინვალებასთან შეათავსა.
ტოლსტოის რომანი მოკლე პრელუდიით იწყება, სეირნობიდან დაბრუნებული მწერალი დიდი გაჭირვებით წყვეტს “მშვენიერ ჟოლოსფერ ბირკავას, რომელსაც ჩვენში “შავნარას” ეძახიან”. ბირკავა ჰაჯი-მურატის შეფარული სიმბოლოა: “მაინც რა ენერგია და შეუპოვრობაა, რა თავგანწირვით იბრძოდა და რა ძვირად დათმო სიცოცხლე”. რამდენჯერაც ვკითხულობ ამ პრელუდიას, მიკვირს, რომ ბირკავას უცხადესი სიმბოლო ესთეტიკურ ნაკლად არ მეჩვენება. მაგრამ ვფიქრობ, რომ “ჰაჯი-მურატში” ყველაფერი ძალიან ცხადია. მოთხრობაში არსად არ არის სიურპრიზი და მოულოდნელი ცვლილება. მართლაც, ტოლსტოი ხშირად გვაძლევს საშუალებას, წინასწარ ვიცოდეთ, რა უნდა მოხდეს. ეს ტექნიკა ნარატიული სუბვერსიის მწვერვალს აღწევს, როცა მწერალი ჯერ ჰაჯი-მურატის მოჭრილ თავს გვიჩვენებს და შემდეგ მოთხრობას გმირის უკანასკნელი ბრძოლის დეტალური აღწერით ამთავრებს. ტოლსტოი თითქოს ვარაუდობს, რომ ჩვენ უკვე ვიცით ისტორია, რომანი ამბის მნიშვნელობაზე არ გვაფიქრებს, არ არის მოყვანილი არც მორალი და არც პოლემიკაა გამართული. მნიშვნელობა არა აქვს არც მოქმედებას და არც პათოსს, მნიშვნელოვანია მხოლოდ გმირის ეთოსი, ჰაჯი-მურატის ხასიათის გახსნა.
სიმამაცისა და ჭკუის მიუხედავად ორ ბოროტ დესპოტს – შამილსა და მეფე ნიკოლოზს შორის მოქცეული გმირი დასაწყისიდანვე განწირულია. მისი საბოლოო ბედისწერა წინასწარ განსაზღვრულია, რუსები მას საკმარისად არ ენდობიან, შამილის წინააღმდეგ ამბოხების ხელმძღვანელობის უფლება რომ მისცენ. მან იმამის ტყვეობაში მყოფი ოჯახის გამოხსნა უნდა სცადოს. ასე რომ, ჰაჯი-მურატმა ტოლსტოისა და მკითხველის მსგავსად იცის, როგორ უნდა დასრულდეს მისი ამბავი, როგორ უნდა დასრულდეს ყველა ამბავი, თუ ის გმირის საბოლოო ბედისწერას ეხება. მაგრამ ჰაჯი-მურატი არ არის დანტეს ულისე “ღვთაებრივი კომედიიდან” და არც მოძველებულ მორალურ სამყაროში ჩაკეტილი რომელიმე ეპიკური გმირი. ის შექსპირისეული პროტაგონისტია, რომლის ღრმა ეთოსი შინაგანი ცვლილებების უნარია, გაძლიერებული იმის წინააღმდეგ ბრძოლით, რამაც უნდა გაანადგუროს, ისევე როგორც ანტონიუსი გაადამიანურდა ღმერთი ჰერკულესის მიტოვების შემდეგ. ჰაჯი-მურატის ამბის თხრობისას ტოლსტოის ისე იტაცებს მთხრობელის ხელოვნება, რომ თავს ითავისუფლებს ტოლსტოული დოქტრინისაგან და მის ნაცვლად ხელოვნების სიწმინდესა და დადგენილ წესებს მიჰყვება.
ნოემბრის ცივ საღამოს ყაბალახსა და ნაბადში გახვეული ჰაჯი-მურატი თავისი მურიდის, ელდარის თანხლებით რუსების ბრძოლის ხაზიდან თხუთმეტიოდე მილით დაშორებულ თათრულ სოფელში შევიდა. რუსებისაგან ცნობას ელოდებოდა, მიიღებდნენ თუ არა მას თავიანთ მხარეზე. ჰაჯი-მურატს უთანხმოება ჰქონდა შამილთან, იმამთან, რომელიც, ბედლის მიხედვით, ყველგან ნაჯახმომარჯვებული ჯალათის თანხლებით დადიოდა. ტოლსტოის მოთხრობის პირველივე პარაგრაფში შექმნილი ატმოსფერო გვარწმუნებს, რომ ვიტგენშტაინს “ჰაჯი-მურატში” ყველაზე მეტად ტრაგიკული გმირი აღაფრთოვანებს, რომელიც ერთდროულად კიდეც აღძრავს და კიდეც ანელებს ჩვენს სკეპტიციზმს ტრაგედიის ჭეშმარიტების მიმართ.
ლორა ქუინი თავის შესანიშნავ გამოკვლევაში “ჭეშმარიტების სისასტიკე” ჯონსონისა და შელის მიმართ სიცოცხლის ტრაგიკულ აღქმაზე ვიტგენშტაინის დიალექტიკურ დამოკიდებულებას იყენებს. ვიტგენშტაინი აღფრთოვანებული იყო ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ტოლსტოითა და დოსტოევსკით, იგი, როგორც ჩანს, ორივე მათგანში ტრაგედიის მიმართ ორაზროვან დამოკიდებულებას ხედავდა. ვიტგენშტეინს არ მოსწონდა შექსპირი, მას ისევე ეშინოდა “მეფე ლირისა” და “ჰამლეტის” შემქმნელი დრამატურგის, როგორც ტოლსტოის. თუ სკეპტიკურად ხარ განწყობილი ტრაგედიის მიმართ, თუმცა კი მისკენ ისწრაფვი, როგორც ტოლსტოი და ვიტგენშტაინი, შექსპირი შენი უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან შეგაშფოთებს ის ფაქტი, რომ ტრაგედიაც ისე აქვს გათავისებული მას, როგორც კომედია და რომანტიკული ამბავი. ტოლსტოიმ განსაკუთრებით ვერ დაივიწყა, რა მოხდა “მეფე ლირში” და ალბათ “ჰაჯი-მურატი” თავისი გაუცნობიერებელი შექსპირიანიზმით შექსპირის იმ მხატვრული ხერხის კრიტიკაა, როცა ტრაგიკული გმირი ადამიანისთვის შეუცნობელ ძალას ფლობს. ჰაჯი-მურატს, უმამაცეს გმირს, არ შეუძლია საკუთარი თავის შველა, მაგრამ იგი არ ებრძვის და არც იხმობს დემონურ ძალებს. იგი ტრაგიკულია მხოლოდ იმიტომ, რომ გმირული სულის მატარებელია და უდიდეს სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს. აქ გორკი მაგონდება, რადგან მისი და ტოლსტოის საუბრის მერე გაოცებული ვარ, როგორ შეეძლო ტოლსტოის სწორედ იმ დროს ემუშავა “ჰაჯი-მურატის” დასრულებაზე:
“მე ვუთხარი, რომ ყველა მწერალი რამდენადმე გამომგონებელია, ისინი ისეთ ადამიანებს ქმნიან, როგორებიც უნდათ იხილონ ცხოვრებაში. ასევე ვუთხარი, რომ მომწონდა აქტიური ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოროტებას ყველანაირი ხერხით უპირისპირდებიან, ძალადობითაც კი.
“ძალადობა მთავარი ბოროტებაა”, – წამოიძახა მან და მკლავში ხელი ჩამავლო, – “როგორ უნდა დააღწიო თავი ამ წინააღმდეგობას, გამომგონებელო? შენი “ბატონი თანამგზავრი” არ არის გამოგონილი – არ ვარგა, რადგან გამოგონილი არ არის. თქვენ ფიქრობთ, რაინდებს ქმნით და ისინი ყველა ამადისები არიან”.
ტოლსტოის მოხეტიალე რაინდი, მისი ამადის გალელი, რა თქმა უნდა, საუცხოო და უსასტიკესი (როდესაც საჭიროა) ჰაჯი-მურატია, გმირი, რომელიც გამოგონილიც არის და არც არის. თათართა ლიდერზე თხრობისას ძალადობის წინააღმდეგ მქადაგებელ ტოლსტოის სიმკაცრე აკლია. სად უფრო მართალია ტოლსტოი, როგორც “ჰაჯი-მურატის” მთხრობელი, თუ როგორც “აღსარებისა” და “რა არის ხელოვნების” მორალზე მეოცნებე? შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ არსებობს ორი ტოლსტოი, და რომ ერთი მეორის ანტითეზაა. როგორ შეიძლება შემდეგი ნაწყვეტის შემქმნელი ტოლსტოი არ იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონიკური ტოლსტოი?
“ამ ორი ადამიანის თვალები პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთს ბევრს ეუბნებოდნენ, რაც სიტყვებით არ გამოითქმებდა და სრულებით არ შეესაბამებოდა თარჯიმნის ნათქვამს. ისინი პირდაპირ უსიტყვოდ ეუბნებოდნენ ერთმანეთს მთელ სიმართლეს: ვორონცოვის თვალები ამბობდნენ, რომ მას ჰაჯი-მურატის ერთი სიტყვისაც არ სჯერა, რომ ის ყოველგვარი რუსულის მტერია, ყოველთვის ასეთად დარჩება, ახლა მხოლოდ იმიტომ დამორჩილდა, რომ ასე სჭირდება. ჰაჯი-მურატსაც სჯეროდა ეს, მაგრამ მაინც არწმუნებდა მას თავის ერთგულებაში. ჰაჯი-მურატის თვალები კი ამბობდნენ, რომ ამ მოხუცს ომზე კი არა, სიკვდილზე უნდა ეფიქრა, რომ ის, მართალია, მოხუცია, მაგრამ ძალიან ეშმაკია და მასთან ფრთხილად უნდა იყოს. ვორონცოვს ესმოდა ეს და მაინც ეუბნებოდა ჰაჯი-მურატს იმას, რასაც ომის წარმატებისათვის აუცილებლად თვლიდა”.
ტოლსტოი მოხუცი კაცია, რომელიც საკუთარ სიკვდილზე ფიქრს გაურბის და სანაცვლოდ ომზე ფიქრობს. ჰომეროსის მსგავსად ომს არც ადიდებს და არც გმობს. ორივე მათგანისათვის ომი ცხოვრების ძირითადი კანონია. ზოგიერთი ინტერესდება საკითხით – ტოლსტოი და შემწყნარებლობა, მაგრამ რა ესაქმება შემწყნარებლობას ვორონცოვის კავკასიასა და ჰაჯი-მურატთან? ომი შვებაა “ჰაჯი-მურატში”, ერთადერთი გზა იმ სამყაროდან თავის დასაღწევად, რომელიც შამილისა და რუსეთის მეფის ღალატს შორის მერყეობს. აშკარაა, “ჰაჯი-მურატის” დაწერა შვება და მოხუცი ტოლსტოის კაპრიზების საუკეთესო ასრულება იყო. ამის მიუხედავად იგი გორკის ეუბნება: “გმირები – ეს ტყუილი და გამონაგონია; აქ უბრალოდ ხალხია, ხალხი და სხვა არაფერი”.
მაშ ვინ არის ჰაჯი-მურატი, თუ არა გმირი? ნაწილობრივ, ალბათ, ტოლსტოის დიდი ხნის წინ დაკარგული ახალგაზრდობის სუროგატია, მაგრამ მარტო ამით არ აიხსნება თათარი მეომრის გამორჩეულობა. მასთან შედარებით ტოლსტოის ძირითადი რომანების პროტაგონისტები ნაკლებად სიცოცხლით სავსენი და სასიამოვნონი არიან. თითოეული მკითხველი ეძებს მხატვრულ ხასიათს, რომელიც ისეა შეთავსებული თავის სამყაროსთან, როგორც ჰაჯი-მურატი. შექსპირის შემდეგ არც ერთ მწერალს არ ჰქონია ისეთი ნიჭი, დაეხატა შეურიგებელ სამყაროში ძალაუფლებისათვის ბრძოლა, როგორც ტოლსტოის, ჰაჯი-მურატი ნამდვილად იმსახურებს კონრადის ნოსტრომოსთან ან ანტონიუსთან შედარებას “ანტონიუსსა და კლეოპატრაში”. შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც ერთსა და იმავე დროს გულგრილიცაა თავის გმირის მიმართ და ძლიერ თანაგრძნობასაც გამოხატავს მისი მოსალოდნელი ბედისწერის გამო.
ტოლსტოის ჰაჯი-მურატთან ურთიერთობას კიდევ ერთი ნიშანი ემატება, რაღაც საოცრად პიროვნული, მიმართული ნამდვილი იდენტიფიკაციისაკენ. გარემოებებმა ჰაჯი-მურატი დევნილი, მაგრამ ღირსეული და პატივცემული დევნილი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გმირი ბრწყინვალედაა მორგებული კონტექსტს, მან იცის, რომ ეს კონტექსტი იშლება და ერთი მუჭა ერთგული ადამიანების ამარა რჩება. დასასრულის შეგრძნება მთელ მოთხრობას ისევე გასდევს, როგორც “ანტონიუსსა და კლეოპატრაში” გმირის ყოველ გამოჩენას. მეფესა და შამილს შორის მოქცეულ ჰაჯი-მურატისათვის საბოლოო თავისუფლება მხოლოდ ვაჟკაცურ სიკვდილშია, რაც მის პიროვნებას ზიანს კი არ აყენებს, პირიქით, ავსებს.
შემთხვევითი არ არის, რომ ორი ლიტერატურული პერსონაჟი, რომლებთანაც ტოლსტოი ყველაზე მეტ მსგავსებას პოულობდა, იეჰოვა და შექსპირის ლირი იყო, მაგრამ მას ერჩია, დამსგავსებოდა ჰაჯი-მურატს, მოხერხებულ და მამაც მეომარს და არა ფიცხ მეფე-ღმერთს. თომას მანი უცნაურ ესსეში “გოეთე და ტოლსტოი” თავისდა უნებურად ადასტურებს ამ აზრს:
“ჩვენ ტოლსტოიში ცხოველური სულის სიჭარბე შევნიშნეთ, მართლაც მიიჩნევდნენ, რომ სიბერემდე მას აკლდა ღირსება, დიდებულება, გოეთეს გვიანდელი პერიოდის ფორმალური დარბაისლობა, რაც არავისთვის ახალი არ არის. ჩვენში ეჭვს არ იწვევს, რომ გოეთე უფრო პატიოსნად, მუყაითად, სანიმუშოდ ცხოვრობდა, ვიდრე სლავი ბებერი. გოეთეს კულტურული საქმიანობა უფრო გულწრფელ თვითაუარყოფას, თავდაჭერილობას და დისციპლინას გულისხმობს, ვიდრე ტოლსტოის სრულიად არაეფექტური სპირიტუალიზაციის მცდელობა, რომელიც ფანტასტიკურ აბსურდს განეკუთვნება. ტოლსტოის არისტოკრატიული შარმი, გორკის მიხედვით, ისეთივეა, როგორც კეთილშობილი ცხოველისა. მან ვერასდროს მოახერხა, ამაღლებულიყო ცივილიზებული ადამიანის ღირსებამდე, რომელმაც ახირებულობაზე გაიმარჯვა”.
ამაზე სარწმუნო პასუხი ჯონ ბეილიმ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ გოეთე და ტოლსტოი უდიდესი ეგოისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულები: “თუკი გოეთე საკუთარი თავის გარდა არაფერზე ზრუნავდა, ტოლსტოი არაფერი იყო საკუთარი თავის გარდა. ტოლსტოის მოსაზრება, თუ რა ელოდებოდა ცხოვრებაში და რას ნიშნავდა მისთვის ცხოვრება, შესაბამისად უფრო პირადული და ამაღელვებელია”.
ტოლსტოი თავისი ჰაჯი-მურატის მსგავსად სხვა არაფერი იყო, თუ არა თვითონ. მანს, ალბათ, ჰაჯი-მურატი კიდევ ერთ კეთილშობილ ცხოველად მიაჩნდა, რომელიც ცივილიზებულ ღირსებას უარყოფდა, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს ეს. როგორც უდიდესი ირონიული მწერალი, მანი ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც მის მხატვრულ ძალას არ შეესაბამება. ჰაჯი-მურატში ყველაზე მნიშვნელოვანი ესთეტიკური ღირსებაა, რომელიც ყველა თვისებას აღემატება, რასაც მანის პერსონაჟებში ვხედავთ. ესთეტიკური ღირსების პრობლემას ჰაჯი-მურატის უკანასკნელ ბრძოლამდე და სიკვდილამდე მივყავართ, რომელიც, შესაძლოა, ტოლსტოის მხატვრული ქმნილებებში ყველაზე დახვეწილი ეპიზოდია.
ერთი განსხვავება, რაც ტოლსტოისა და ჰაჯი-მურატს შორის არსებობს, ისაა, რომ ჩეჩენ გმირს უყვარდა თავისი ცოლი და ვაჟი და შამილის შურისძიებისაგან მათი დახსნის თავგანწირულ მცდელობას შეეწირა. საკითხავია, უყვარდა თუ არა ტოლსტოის ვინმე, თუნდაც საკუთარი შვილები. არც ვორდსვორთი ან მილტონი, დანტეც კი ვერ შეედრება ტოლსტოის, როგორც დიდ სოლიფსისტს. ტოლსტოის რელიგიური და მორალური ნაწარმოებები სხვა არაფერია, თუ არა მისი სოლიფსიზმის აღიარება, თუმცა რას ისურვებდა “ომი და მშვიდობისა” და “ჰაჯი-მურატის” მკითხველი, თუ არა იმას, რომ ტოლსტოი ნაკლებად ყოფილიყო ამ იდეებით შეპყრობილი? არაფერი ხდება უმიზეზოდ და ვერც ერთი კარგი მწერალი (როგორც ქალი, ისე კაცი) სოლიფსიზმის გარეშე ესთეტიკური ბრწყინვალებას ვერ მიაღწევს. შექსპირი, რამდენადაც შეიძლება ითქვას, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სოლიფსისტი მწერალია. ამ თვალსაზრისით ჩოსერი შექსპირის მეტოქეა. ზოგჯერ სალონური თამაშის ცდუნებას ავყვები, რომლის დროსაც მნიშვნელოვან მწერლებს სოლიფსიზმის ხარისხის საფუძველზე ჰყოფენ. სინამდვილეში აქვს ამას მნიშვნელობა? სრულიად არა, თუ საქმე მათ მიერ დაპყრობილ სიმაღლეებს ეხება. ჯოისი უდიდესი სოლიფსისტია, მაშინ როცა ბეკეტი ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეგოისტია. კონტრასტი “ფინეგანის ქელეხსა” და ბეკეტის ტრილოგიას “მოლოის”, “მელოუნი კვდებას”, “უსახელოს” შორის ერთის მხრივ ბეკეტის მიერ თავისი წინამორბედების გავლენისაგან თავის დაღწევასთანაა დაკავშირებული, უფრო მეტად კი – მათ მიერ “სხვა მეს” საოცრად განსხვავებულ შეგრძნებასთან.
ტოლსტოის სხვა მამრი პროტაგონისტებისაგან განსხვავებით, ჰაჯი-მურატი არაბუნებრივად შეიგრძნობდა “სხვა მეს” რეალობას. ამის გარეშე უფრო ადრე დაიღუპებოდა. ბატლერისადმი მწერლის გულთბილი დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ მისი ცოდნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიფრთხილე. ამ ოფიცრის რომანტიკული შეხედულებანი და აზარტული თამაშისადმი სწრაფვა კავკასიაში ახალგაზრდა ტოლსტოის სამხედრო სამსახურის გამოძახილია. თუ რაღაც თვალსაზრისით ჰაჯი-მურატის ტრაგიკული იზოლაცია ტოლსტოის დილემას ავლენს, ჩეჩენი მეომრის სულგრძელობა იმ თვისებას წარმოაჩენს, რომელიც, მწერლის აზრით, თვითონ აკლია. უეჭველია, გმირის სამხედრო ვაჟკაცობა იყო ის, რასაც ტოლსტოი საკუთარ თავში ეძიებდა. ჯონ ბეილი ტოლსტოის ჯარში სამსახურს ხატავს, როგორც “ამბების თხრობისა და შეთხზვის მცდელობას, კურდღლებსა და ხოხბებზე ნადირობას, კაზაკ ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობებსა და ადგილობრივი წყაროებით გონორეის მკურნალობას”. ბეილი განაგრძობს, რომ ეს გამოცდილება ჰემინგუეის სამხედრო გმირობის მსგავსია, რომლის მთლიანი შემოქმედება ტოლსტოისთან გააზრებული კონფლიქტია. ორივე მწერლის მიერ საკუთარი თავის კერპად ქცევა მათი ხელოვნების სიღრმეებშიც იგრძნობა – საგნების ბუნებაში საკუთარი მეს ჩანერგვის საშუალებით. ასე შევიდნენ ისინი სამყაროში, რომელსაც ფროიდმა “რეალობის გამოცდა” უწოდა, თუმცა სიკვდილის აუცილებლობასთან დამეგობრების ფროიდული სიბრძნის გარეშე.
ჰაჯი-მურატი, რომელიც უკანასკნელ ბრძოლაში ისეთივე ბრწყინვალეა, როგორიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ისეთ სიბრძნეს ავლენს, მხოლოდ შექსპირის ტრაგიკულ გმირებს რომ ახასიათებთ – იბრძოლონ ბოლომდე და მოკვდნენ დემონსტრაციულად, მაგრამ დიდებულად. უკანასკნელ დილას, როცა ინათა, მაგრამ მზე ჯერ არ ამოსულიყო, მან მოუხმო თავის ცხენს და ერთგული მეგობრებისა და ხუთი კაზაკი მცველის თანხლებით სოფლიდან გავიდა. კაზაკებზე თავდასხმისა და დახოცვის შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ვერ შეძლეს, გამკლავებოდნენ სხვა კაზაკების გარშემორტყმულ ჯგუფსა და რუსებთან მომსახურე თათართა მილიციას. სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჰაჯი-მურატის დასასრულიც დგება:
“ჰაჯი-მურატს კიდევ მოხვდა ტყვია მარცხენა მხარზე. იგი თხრილში ჩაწვა, ჩოხიდან ბამბა ამოაძრო და ჭრილობაში ჩაიტენა. ჭრილობა გვერდში სასიკვდილო იყო და გრძნობდა, რომ კვდებოდა. მოგონებები და სახეები გასაოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მის წარმოდგენაში. ხან ღონიერი აბუნუნცალ-ხანი დაუდგებოდა წინ, ცალი ხელით ჩამოთლილი ლოყა რომ ეჭირა და მეორით მტერს ხანჯლით ებრძოდა. ხან უძლურ, სისხლნაკლულ მოხუც ვორონცოვს ხედავდა ეშმაკური თეთრი სახით და ესმოდა მისი რბილი ხმა, ხან თავისი ვაჟი იუსუფი წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, ხან ცოლი სოფიათი, ხანაც ფერმკრთალი, წითურწვერიანი, თვალებმოჭუტული მტერი შამილი.
ყველა ამ მოგონებამ ისე გაირბინა მის გონებაში, რომ არავითარი გრძნობა არ გამოუწვევია – არც სიბრალული, არც სიბრაზე და არც რაიმე სურვილი. ყველაფერი ეს არარაობად ჩანდა იმასთან შედარებით, რაც იწყებოდა და რაც უკვე დაიწყო მისთვის. ამასთანავე მისი ძლიერი სხეული დაწყებულ საქმეს განაგრძობდა. მან მოიკრიბა უკანასკნელი ძალა, წამოდგა საფარიდან, მისკენ წამოსულ კაცს დამბაჩა ესროლა, მოარტყა და კაცი დაეცა, შემდეგ მთლიანად ამოძვრა ორმოდან და ხანჯალამოწვდილი კოჭლობით პირდაპირ მტრისკენ წავიდა. გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა, იგი შეტორტმანდა და დაეცა. რამდენიმე მილიციელი გამარჯვების ყიჟინით მივარდა დაცემულ სხეულს. მაგრამ უცებ სხეული, მკვდარი რომ ეგონათ, შეინძრა. ჯერ სისხლიანი, უფაფახო, გაპარსული თავი წამოიწია, შემდეგ ტანიც წამოიმართა, ხეს ჩაეჭიდა და მთლიანად წამოდგა. ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ თავდამსხმელები შეჩერდნენ. მაგრამ უეცრად ის შებარბაცდა, ხეს მოშორდა და მთელი ტანით პირქვე დაეცა მოთიბულ ბირკასავით და აღარ განძრეულა.
ის აღარ ინძრეოდა, მაგრამ გრძნობა ისევ ჰქონდა.
როცა მასთან პირველად ჰაჯი-აღამ მიირბინა და ხანჯალი დაჰკრა, ჰაჯი-მურატს მოეჩვენა, რომ მას თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ, მაგრამ ვინ და რატომ, ვერ ხვდებოდა. ეს იყო მისი ცნობიერების უკანასკნელი კავშირი სხეულთან. შემდეგ ვერაფერს ვეღარ გრძნობდა, მტრები თელავდნენ და ჭრიდნენ იმას, რასაც მასთან საერთო უკვე აღარაფერი ჰქონდა”.
ამ ნაწყვეტის ობიექტური, გრძნობისაგან დაცლილი ძალის გარდა ჩვენ იმითაც ვართ გაოცებულები, რომ ტოლსტოი თავის გმირთან იდენტიფიკაციის მიუხედევად, თავს იკავებს შოკისგან, სევდიანი სინანულისა და მეტაფიზიკური შიშის გამოხატვისაგან, როცა ჰაჯი-მურატი ცნობიერებას კარგავს. სხეულს “არავითარი საერთო აღარ ჰქონდა მასთან” და ჩვენ გვახსენდება ნატაშას წამოძახილი “ომსა და მშვიდობაში“, როცა იგი თავადი ანდრეის სიკვდილის ამბავს გაიგებს: “სად არის და ვინ არის ის ახლა?” მე სიტყვასიტყვით მომყავს ჯონ ბეილის ვერსია, როცა იგი ტოლსტოის პიროვნული ძალის გათვალისწინებით შესანიშნავ კომენტარს აკეთებს: “სოლიფსიზმი უკვდავების მაჩვენებელია”.
ჰაჯი-მურატის სიკვდილი, რაც სოლიფსიზმისაგან მოხუცი ტოლსტოის თავის დაღწევის მცდელობა იყო, არ წარმოშობს ნატაშას ტკივილით სავსე, ორმაგი კითხვის მსგავს შეკითხვას. ამის ნაცვლად ტოლსტოი წერს: “ბრძოლის დროს ხმაგაკნედილმა ბულბულებმა კვლავ დაიწყეს სტვენა, ჯერ ერთმა – საკმაოდ ახლოს, შემდეგ სხვებმა – მოშორებით”.
ჩვენ ვრჩებით გადახნულ მინდორზე გათელილ ბირკავასთან ბულბულების სამგლოვიარო გალობის თანხლებით. ტოლსტოის თხრობის შეფარული ძალა, ჰომერული ატმოსფეროთი, შექსპირული პერსონაჟებით, უპირველეს ყოვლისა, გმირობითაა კომპენსირებული. ჰაჯი-მურატი საუკეთესოა მის სამყაროში – არა აქვს მნიშვნელობა, კავკასიელი იქნება თუ რუსი – ყველა თვისებით – გამბედაობით, მხედრული ნიჭით, გამჭრიახობით, ლიდერობით, რეალობის ხედვით. ეპოსის ან საგის სხვა გმირი, ძველი იქნება თუ თანამედროვე, მას ვერ უტოლდება, მისი მსგავსიც კი არ არის. როცა ჰაჯი-მურატი კვდება, ის დაცლილია სიბრალულის, ბრაზისა და სურვილისაგან. ასეა ტოლსტოი და ასე ვართ ჩვენც. ტოლსტოიმ ყველა სხვა მწერალზე უკეთესად შეძლო, საკუთარი გარდაცვალების შიშის მსგავსად და ამავე დროს მისგანვე განსხვავებულად წარმოედგინა სიკვდილი, რაც ესთეტიკური ღირსების მოულოდნელი და დამაიმედებელი ტრიუმფის გამოვლინებაა. ის, რაც ჩვენ კანონიკურად მიგვაჩნია, ჰაჯი-მურატს დემოკრატიული ეპოქის ცენტრში აქცევს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box

2 Comments

  • ზინა

    ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი,დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ ხოლმე,დიდი მადლობა! 🙂