არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მანანა ღარიბაშვილი, მთარგმნელი:
როგორ დაიწყებთ ავტობიოგრაფიას?
დავიბადე მნიშვნელოვან ადგილას − არა თბილისის რომელიმე სამშობიაროში (როგორც ივარაუდებოდა), არამედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერია, მაშინ იქ სამშობიაროც იყო. დედაჩემი, იმხანად სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, პრაქტიკებზე თავის მშობლიურ კახეთში გაუმწესებიათ; ასე მოვევლინე ამ ქვეყანას.
რა უფრო მნიშვნელოვანია − რეალობის ასახვა თუ გამონაგონი.
რა თქმა უნდა, გამონაგონი; სწორედ გამონაგონის პოეტიკაზეა დაფუძნებული დიდი მხატვრული ქმნილებები. „ზოგჯერ აღებულია რეალური ფაქტი და რომანში კი ჩანს სრულიად დაუჯერებელი და პირიქით, ახალი სამყარო შექმნა მწერალმა − სრულიად გამოგონილია და ამ დროს ნაწარმოებში ნაღდზე ნაღდ შთაბეჭდილებას ახდენს“ (დ. წერედიანი).
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.
საერთოდ მუდმივად მაინტერესებდა და მაღელვებდა, შემეცნებისთვის მიუწვდომელი, ტრანსცენდენტური სამყარო − მიღმური სამყარო; ამ წუთას კი, მართალი გითხრათ, ის პრობლემა მაღელვებს, რაც ყველა ჩვენგანს გულში აქვს და პირზე აკერია.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი.
აღაზა.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.
დოსტოევსკის „მოზარდი“.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
შადიმან ბარათაშვილი.
საყვარელი მხატვარი, რატომ?
დეგა − მისი დახვეწილობის, რაფინირებულობის, მისი ესთეტიკის გამო.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.
ვეჭვობ, რაიმე უცნაურობა მახასიათებდეს, უბრალოდ დღევანდელ დღეს, როცა ხშირად ყველა სიტყვას ზომავენ, ანგარიშობენ, ხანდახან ცხადად ვგრძნობ, რა უცნაურობად აღიქმება ჩემი უადგილო გულწრფელობა, გულღიაობა.
ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?
ამაზე მახსენდება ოსკარ უაილდის ერთი პარადოქსი: „ცრურწმენები გვიშლიან ხელს ცხოვრებაში, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება ძნელია“.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
ამ კითხვას მინდა ტერენციუსის ცნობილი გამონათქვამით ვუპასუხო: „homo sum, homini nihil a me alieno puto“ („მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“).
ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ, რატომ?
ნაკლებად მიყვარს ცნობილი და აღიარებული ჟან-პოლ სარტრი როგორც მწერალი; კერძოდ, მისი პიესები, რატომ? რადგან სქემატურია, თითიდან გამოწოვილი, ხელოვნების „ნაპერწკალი“ არ კრთის მათში „ნერვს არ ურტყამს“.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.
სიყვარული, პოეზია.
ბოლოს რა წაიკითხეთ?
ბოლოს ქართველებიდან − მალხაზ ხარბედიას „თხრობა და განკურნება“, უცხოენოვანი ავტორებიდან − ბორხესის „სხვადასხვა წლების პროზა“.
დიონისე თუ აპოლონი?
დიახ, ორივე.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.
ასეთი, რა თქმა უნდა, ბევრია; ვთქვათ, სიამოვნებით ვიქნებოდი მარსელ პრუსტის „კომბრესი“.
ადამიანი, ვისიც გშურთ.
არ მახსოვს, ოდესმე შურს შევეწუხებინე, მაგრამ ამ ბოლო დროს გამიმძაფრდა რაღაც მაგდაგვარი გრძნობა იმ ადამიანთა მიმართ… თუმცა, აჯობებს ლექსად ვთქვა, გოეთეს ლექსი უკეთ იტყვის:
„ნეტარია, ვინც განშორდა
გნიასსა და ყავყავსს,
ვისაც მხოლოდ ერთი უყვარს
და ვინც უყვარს − თან ჰყავს.
მის გვერდიგვერდ ღამით ღამე,
ეძებს, უსმენს, ეძებს,
რაც არვისგან მინაგნები
ბრუნავს გულის გზებზე
(იოჰან ვოლფგანგ გოეთე,
თარგმანი დ. წერედიანისა)
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.
რომელი ერთი? მე არ ვიცი, ყველაზე დიდი შეცდომა რომელია; ვიცი, რომ ადამიანი ძირითადად შეცდომებისგან შედგება; ამაზე რომაელები ასე ამბობდნენ: „errare humanum est“.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი დიდი პოეტი.
მე მგონი, თანამედროვე საქართველოში სამზე მეტი დიდი პოეტი გვყავს, დასახელებისგან თავს შევიკავებ გარკვეული მიზეზის გამო.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.
„კოხტა“, თუმცა, ზუსტად თუ მოუნახავ ადგილს, შეიძლება არც გაგაღიზიანოს, იმიტომ, რომ ყველა სიტყვას აქვს თავისი კონტექსტი, სადაც შედარებით ბუნებრივად „გამოიყურება“.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).
„ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე“, „სხივთალხით განათებული“, „მაცოცხლებელი დარდი“, „ვარსკვლავები და ნარი“.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი.
21-ე საუკუნის დასაწყისისთვის გვაქვს ალბათ სამზე მეტი საუკეთესო რომანი, მაგრამ რადგან სამს ითხოვთ, თაობების მიხედვით დავასახელებ: ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო….“, ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“ და ზვიად კვარაცხელიას „ფორმა N100“.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
„შეიცან თავი შენი!“
საყვარელი სტრიქონები „ვეფხისტყაოსნიდან“.
„დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებისა“; ბევრი რამის დამტევია ეს სტრიქონი: თანალმობა, თანაგანცდა − ადამიანური ბუნების ყველაზე მაღალი გამოვლინებაა, ჩემი აზრით.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
გამოთხოვება
„რას ხედავ, თვალო უშტარო?
ბინდი კრთება და იძვრის,
სულთა პეპელა დაფრინდა,
ფრთა დამეფარა სიზმრის.
რას ხედავ, ობლის სიზმარო?
წყალი დიდდება შავი,
ვხედავ კამეჩის ნუჟრიან,
უჟამ-უთენარ ბღავილს…
წამიღე, რაც-რა მემართა,
ერთი სიკვდილით გიბრი,
ეს იალმწვანე წაიღე,
თვალთა ჟინი და ლიბრი,
ჩემი მდინარე წაიღე,
ქვის და გორმახის ყანა,
წაიღე, უშბის ჩარდახზე
თეთრი ღრუბლები წვანან,
წაიღე, ბავშვის ღიმილმა
მთვარე წასტაცა უნასს,
კალოზე კევრის გარშემო
მზე და ცარგვალი ბრუნავს,
წაიღე ხარებს ახორში
ალოკვინებენ მარილს,
ჩემი წყვდიადი წაიღე,
ჩემზე სათქმელი ზარი…
ჩრდილებდასხმული პირმზითი
ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება
მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი,
ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე
გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო,
თალხო,
ნათელო,
ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი,
უკანასკნელად გხედავ…
დ. წერედიანი
რამდენ ენაზე კითხულობთ?
ორ ენაზე სავსებით სრულყოფილად, ლათინურზე ნაწილობრივ (ლექსიკონის დახმარებით).
ქალი, ან კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.
მარსელ პრუსტის „კომბრედან“ პაპიდა − ძალზე საინტერესო პერსონაჟია.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით − რატომ და რის შესახებ.
ალბათ, რომელიმე ფრანგ სიმბოლისტთან − ბოდლერთან ან ვერლენთან და, რა თქმა უნდა, პოეზიაზე.
წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.
მარსელ პრუსტის ზოგიერთი ტომი: „კომბრე“, „გერმანტებთან“, „სოდომი და გომორა“.
რომელ დროში ისურვებდით ცხოვრებას?
ყოველ შემთხვევაში, ამ დროში − არა!
რომელი წიგნის დასაწყისია საინტერესო?
ძალიან საინტერესოდ იწყება მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“.
რომელია საინტერესო დასასრული?
საინტერესო და მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, თომას მანის „ბუდენბროკების“ დასასრული.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ენა. რატომ? ენით შეიძლება ყველაზე ფანტასტიკური ამბავი უაზრო და მდარე ამბად აქციო, ან პირიქით.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი: ბავშვობიდან ყოველთვის უფრო მართობდა და სიხარულით მავსებდა, ვთქვათ, ცირკში ან სტუმრად წასვლისთვის მზადება, სადმე წასვლის პროცესი, რაიმეს შექმნის, გაკეთების, თუნდაც, ნაძვის ხის მორთვის პროცესი და ა.შ. მზადება, ფუსფუსი – განსაკუთრებით მხიბლავდა.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
„რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ, წადილთა ნებასა“.
ჟურნალისტი რომ იყოთ, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?
ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერგილიუსი ჩემი უსაყვარლესი ავტორია (მისი ბუკოლიკური პოეზია მაქვს თარგმნილი) და მის ირგვლივ ყველაფერი მაინტერესებს და, გარდა ამისა, ქართული თარგმანიც შესანიშნავია − რუსუდან ღვინეფაძის მიერ საგანგებოდ ნაღვაწი; ასე რომ, თითქოს ყველაფერი ხელს მიწყობდა, მაგრამ წიგნი მაინც ვერ დავასრულე.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?
მაღალი აზრის. დღევანდელ დღეს ჩვენში ნამდვილად არსებობს ლიტერატურის კრიტიკა და ძალზე საინტერესო წერილებიც იწერება; ჩვენ გვყავს მაღალინიტელექტუალური ლიტერატურის კრიტიკოსები; ამის დასტურია თუნდაც ლიტერატურული გაზეთები, ჟურნალები, და, რა თქმა უნდა, „არილი“.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც აბსოლუტურად არ გახსოვთ.
ასეთი წიგნი ცოტა არ არის; შედარებით ბოლო დროს წაკითხულიდან, მაგალითად, აბსოლუტურად არ მახსოვს პოლონელი პოეტების − ლეოპოლდ სტაფის, კაზიმირ ილაკოვიჩისა და იულიან პაშიბოს პოეტური ქმნილებები.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
უსიყვარულოდ, უახლობლოდ, უსაქმოდ გაწერილი ცხოვრება.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდი?
სახარებას.
კითხვა, რომელზეც პასუხი გინდათ, რომ იცოდეთ?
როდის დამთავრდება ეს კოშმარი, რაც დღეს უკრაინაში ხდება?!
© არილი