ჩვენ მეხუთე უბანზე ვცხოვრობდით, ბაბოჩემი და პაპაჩემი – მეოთხეზე. ჩვენი ბაღჩები ერთმანეთს მედიკო ძალოაანთ ბაღჩით იყო აცდენილი. როგორც დედაჩემი ამბობდა, მომიჯნეები ვიყავით ჩვენ და მედიკოაანი, ბაბოჩემისა და პაპაჩემის ბაღჩის ბოლო კი ვანია ძიაანთ ვენახს ემიჯნებოდა. ბაბოჩემთან რომ მივდიოდით, ჯერ ეზოდან ბაღჩაში უნდა გავსულიყავით ვიწრო, წოწლოპინა ფიცრის კარებით, რომელიც მამაჩემმა საფუტკრიდან მოტანილი ძველი ფიცრებისგან შეკრა. გარდა სივიწროვისა, ამ კარს კიდევ ის ნაკლი ჰქონდა, რომ ძნელად იღებოდა და იკეტებოდა. ერთ მშვენიერ დღესაც მამაჩემს ნერვებმა უმტყუნა, კარი მთლიანად გააღო და უკნიდან სახელურზე გამობმული მავთულით, ამირანივით სამუდამოდ მიაბა ქვითკირის გალავანზე. რამდენჯერ სთხოვა დედაჩემმა მისი შეცვლა ან საერთოდ ჩამოხსნა, მაგრამ სიჯიუტისა თუ მოუცლელობის გამო მამაჩემს კარი აღარ შეუცვლია.
ბაღჩაში გასული ოციოდე მეტრს რომ გაივლიდი, ოდნავ წინ გადმოხრილი, დაჯღარკული ფურცელი შეგხვდებოდა.Aამ უნაყოფო ბებერ ხეს ფესვები სანახევროდ ზემოთ ჰქონდა ამოყრილი და პაპაჩემთან წარამარა პირაშვებული ფლოსტების დასაკერებლად სირბილი მათი პირდაპირი დამსახურება იყო. ერთხელაც, უფროსების ნებართვით მე და ჩემმა და-ძმამ ამ ფესვების ამოთხარა გადავწყვიტეთ. მიწით გამოტენილი, უცნაურად დაგრეხილი ძირკვების ამოღებისას, ვნახეთ, რომ ერთ ყველაზე დიდ ფესვს ყანწის ფორმა ჰქონდა. ეს ჩვენი არქეოლოგიური მონაპოვარი სახლში წავიღეთ, გულმოდგინედ გავასუფთავეთ, შიგნიდან ცხელი სანთელი გამოვავლეთ, სატუჩე გამოვუყვანეთ და ნამდვილ ხის ყანწად ვაქციეთ. ყანწს დღემდე ვინახავთ ოჯახში და ვინც ნახავს ყველა გაოცებულია მისი სილამაზითაც და ტევადობითაც.
ფურცლიდან მიწა ოდნავ მაღლდებოდა, ასე, ნახევარი მეტრით. ბორცვზე რამდენიმე ნაბიჯს აადგამდი, მარცხნივ გაუხვევდი და იწყებოდა ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლისკენ მიმავალი ბილიკი. ამ ბილიკზე წინ და უკან სიარულსა და სირბილში გაირბინა ჩემი, ჩემი დისა და ჩემი ძმის ბავშვობამ. თუმცა, ჩემი ძმა ჩვენზე ბევრად უმცროსი იყო და, დღეს, როცა ან მესიზმრება ეს ბილიკი, ან შეგნებულად ვიხსენებ ბავშვობას, მხოლოდ ჩემს დასთან ერთად ვხედავ მასზე მიმავალ საკუთარ თავს. შვიდი-რვა წლისები ვართ და გასწრებაზე მივრბივართ ბილიკზე. ხან ერთს აგვიცდება ფეხი და ხნულში გადავვარდებით, ხან მეორეს. ტანზე დედაჩემის შეკერილი ჩითის ჭრელი კაბები გვაცვია, თმებიც ერთნაირად მოკლედ გვაქვს შეკრეჭრილი, როგორც ყველა ზაფხულს… ყურში კი მაშინდელივით ცხადად ჩამესმის ვენახში მომუშავე პაპაჩემის ხმა: “ჰაი, ინოოო, მიბრუნდი ერთი, წყაროდან ცივი წყალი მამირბენინე…”
ბაღჩაზე გადასვლას ხუთ-ექვს წუთს ვანდომებდით. იმის მიხედვით, რა საქმეზე გვაგზავნიდნენ, დრო ან მცირდებოდა, ან იზრდებოდა. ჩემი გაუთხოვარი, ცოტა ქალაბიჭა დეიდისთვის ეს დრო ფურთხის გაშრობით შემოფარგლებოდა და, იცოცხლე, ჩვენც თავს არ ვზოგავდით. ისეც ყოფილა, რომ სიბნელის გამო, რომლის შიშიც საკმაოდ მოზრდილ ასაკში დავძლიე, გულამოვარდნილი სამ წუთშიც დავბრუნებულვარ შინ და ერთი საათიც მომინდომებია სახლიდან ბაბოჩემამდე გადასვლისთვის. ასე კი ძირითადად გაზაფხულზე ხდებოდა, როცა ზემოდან იქვე, ბილიკის თავში მდგარი აყვავებული ბალტყემლისა და შავი ბლის ქვეშ მივდიოდი; სახეზე მარცხენა მხარეს ჩარიგებული ჟონჟლების თეთრი, მტევანა კუნწულები მელამუნებოდა და ფეხებს ფრთხილად ვადგამდი, რომ არაფერი მევნო ბილიკის ძირში ამოსული ქალის იებისთვის. ამას თუ დავუმატებ პაპაჩემის ნათესავის, თენგიზას თეთრი ცხენით მოხნული მიწიდან ამოყრილი ბელტების ოხშივარს, გასაკვირი აღარ უნდა იყოს ჩემი შეყოვნების მიზეზი.
ადრე ბაღჩის ეს ნაწილი მთლიანად ვენახს ეკავა. მერე პაპაჩემმა ნახევარზე მეტი ვენახი გაჩეხა, ძველი ვაზია, მეჩხერადღა ისხამსო, და ვენახმაც, უფრო სწორად, დარჩენილმა რამდენიმე პლანმა, მელიტოაანთ ღობისკენ ჩაიჩოჩა. გაკაჭული ადგილი კი ბაბოჩემმა პამიდვრისა და ბადრიჯნის ჩითილებით შეავსო.
მელიტო პაპაჩემის ნახევარძმა და მარჯვენა მხრიდან მისი მომიჯნე იყო. ისინი მთელი ცხოვრება ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მგონი მიწის, თუ რაღაც მემკვიდრეობის არასწორად გაყოფის გამო, მაგრამ არ მახსოვს, პაპაჩემს ოდესმე მასზე ცუდი წამოცდენოდა. რაც შეეხება ბაბოჩემს და მელიტოს ცოლს, ჟუჟუნას, ისინი ერთმანეთთან მართლა ვერ შველდებოდნენ. ბაბოჩემი თავის ნახევარმაზლის ცოლს იმის ღირსადაც კი არ თვლიდა, სახელით მოეხსენიებინა; მაგ არსაქნელის ქათმებმა სულ გადამიქექეს ბოსტანი, ან მაგ არსახსენებლის ფეხი ჩემ სახლში არა ვნახოო, იტყოდა ხოლმე მის დანახვაზე და გემრიელადაც ჩამოწყევლიდა. არ ვიცი, ბაბოჩემის დანაბარებისა თუ რის გამო, არც ჟუჟუნა და არც მელიტო მართლა არ მოსულან მის სამძიმარზე. ის კი კარგად მახსოვს, პაპაჩემის გასვენების დღეს როგორ ბავშვივით ტიროდა თავისი ქუჩის კარებთან უხერხულად მდგარი, ჯოხზე დაბჯენილი მელიტო.
პაპაჩემს სხვა ვენახიც ჰქონდა სოფლიდან მოშორებით, შოროხევის მარჯვენა ნაპირზე, სადაც ხშირად მივყავდით ხოლმე ხან მაყვლის და ასკილის საკრეფად, ხან ჭინჭარზე, ზოგჯერ უბრალოდ გასასეირნებლად, რთველში ხომ – თავისთავად. ვენახის შესასვლელში, თაღართან, დაბალი, მრგვალად ტოტებგაშლილი შვინდი იდგა, რომლის ქვეშაც გაზაფხულობით მთვარე იები ამოდიოდა. გაფენდა ბაბოჩემი შვინდის ძირში ჭურჭლის ზოლებიან ტილოს, ვედროდან საგზალს ამოალაგებდა, რომელიც ძირითადად შოთი პურისა და ცხვრის ყველისგან შედგებოდა და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მდინარის გრილ ნიავს და ბაბოჩემის დამოძღვრას, “ყველი ბეწა-ბეწა, პური ბევრი”, გემრიელად ვყლაპავდით ლუკმებთან ერთად. მერე კი, მე და ჩემი და მთელ ვენახს გარს ვუვლიდით და ჩვენთვის საინტერესო რაღაც-რუღაცეებს ვაგროვებდით.Mმახსოვს, როგორ ვეძებდით ორღობეებში ჩემთვის დღემდე სასაცილო და ცოტა უხერხული სახელის მქონე პატარა წითელ სოკოებს, ტურუტუტუს, რომელსაც მინდვრის ყვავილებთან ერთად ვაზაში ვაწყობდით. საერთოდ კი, მგონი იმ ბავშვებს უწვავდნენ და აჭმევდნენ, რომლებსაც უნებლიე შარდვა ჰქონდათ. მართალია პაპაჩემის ვენახში ვიყავით, დღე იყო და მზეც ანათებდა, მაგრამ ცოტათი მაინც ყოველთვის გვეშინოდა და, ვცდილობდით, უფროსები თვალიდან არ დაგვეკარგა.
ჩვენი შიშის მიზეზი ლეკები იყვნენ, რომლებიც ვენახიდან ერთი ხელის გაწვდენაზე, მდინარის მეორე ნაპირზე ცხოვრობდნენ. როცა წამოვიზარდეთ და გავიგეთ, რომ თურმე ლეკებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, შიში რა თქმა უნდა გაქრა, მაგრამ მისი ჩანერგვა დიდწილად უფროსების კისერზე იყო; სწორედ მათ აძლევდათ ხელს გუდიანი ლეკებით ბავშვების დაშინების მეთოდი. თუმცა, ამასაც თავისი რეალური მიზეზი გააჩნდა, რომელიც სათავეს ლეკიანობის დროიდან იღებდა. ლეკის ქალები, ფატინები, ყოველდღე დადიოდნენ ჩვენს სოფელში; წელზე ჭრელაჭრულა შალები ჰქონდათ შემოხვეული, ფეხზე კი იშვიათი სილამაზის ასევე ფერადოვანი ლეკური წინდები, ან ჩითები ეცვათ და ათასი წვრილმანით ვაჭრობდნენ. მე დღემდე მაქვს ასეთი წინდები, რომელიც ჩემი ბავშვობის ხელშესახები სახსოვარია.
ბილიკის მარცხენა მხარეს, საიდანაც მედიკოაანთ ბაღჩა ბაბოჩემისას ემიჯნებოდა, შავი ღოღნოშო ქლიავის ძირში იდგა იმ გარემოსთვის ოდნავ შეუფერებელი ვარდისფერი რკინის სკამ-სავარძელი, რომელზეც დაღლილი ბაბოჩემი და პაპაჩემი თუ არ ციოდა, საათობით ისხდნენ ერთმანეთის გვერდით. ბაბოჩემს ფართუკის ჯიბეში სულ ჰქონდა ვაშლის ჩირი, ჩამიჩი, პიტნის კანფეტი, გალეტის ნამტვრევები ან სხვა სასუსნავი და ფიცრების საზურგეზე ოდნავ მიწოლილი, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ნება-ნება მიირთმევდა ამ ნუგბარს. სკამი ბილიკის გასწვრივ იდგა, პირით ჩრდილოეთისკენ და მასზე მჯდომი თვალს ვერ მოსწყვეტდი კავკასიონის მთების ულამაზეს ჯაჭვს. ერთ ადგილას მთები ვარცლივით იყო ჩაზნექილი, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს თეთრად მოქათქათე თოვლს მე ცომს ვეძახდი. შემოდგომობით, როცა ძველს ახალი თოვლი დაემატებოდა, ვამბობდი, ცომი ამოფუვდა, ცომი-მეთქი. მარცხნივ თუ გადმოიტანდი მზერას, დაინახავდი თითქმის სრულიად მოტიტვლებულ მინდორს – ნაკალოვარს. პაპაჩემის მონაყოლის მიხედვით, ლეკებს იქ ქართველი ტყვეები აუყვანიათ, ხელფეხშეკრულები ძირს დაუყრიათ და თავთავივით გაულეწავთ. მას შემდეგ დაურქმევიათ ამ ადგილისთვის ნაკალოვარი. ბუნებრივია, რომ ლეკების მიმართ ჩემი და ჩემი დის ზემოთ ხსენებული შიშის ერთ-ერთი მიზეზი, ეს საშინელი ამბავიც იყო.
კიდევ ოციოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ, სანამ ბილიკი მარჯვნივ გადაუხვევდა და ბაღჩის პირველ კარს მიადგებოდი, კუთხეში ზღმარტლის უშნო ხეს თითქოს სიმახინჯის დასამალადო, წინიდან ეფარებოდა ბებერი გუდა ლეღვი, რომელიც ზაფხულში უგემრიელესი ნაყოფით ერთნაირად გვიმასპინძლდებოდა ბავშვებს, დიდებს, ათასგვარი სახეობის მწერებსა და ფუტკრებს, ზამთარში კი, ჩვენი ქალების წყალობით ქარვისფერ მურაბად იქცეოდა და იმის ჭამას არაფერი სჯობდა.
მწერების ხსენებისას, ფუტკრები შემთხვევით არ გამომიყვია ცალკე. ისინი ჯერ კიდევ ჩემი შორეული წინაპრებიდან მოყოლებული, ჩვენი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფდნენ და, შესაბამისად, ყოველთვის დიდი პატივით მოიხსენიებოდნენ. როცა სახლში სუფრა იშლებოდა, რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა, მამაჩემი თითქმის ყოველთვის სვამდა ამ გონიერი, სასარგებლო და შრომისმოყვარე არსების სადღეგრძელოს. მიუხედავად იმისა, რომ საფუტკრე ყოველთვის სოფლიდან შორს, რომელიმე მთის ძირში ან მინდორში გვქონდა მოწყობილი, ჩვენს სახლში ზამთარ-ზაფხულ ირეოდა ფუტკარი. თუ ძალიან არ შეგვაწუხებდა ცხვირწინ ბზუილით, მათ ხელსაც არ ავუქნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ამით უფრო გავაღიზიანებდით. კბენით კი, იცოცხლე, იმდენჯერ უკბენიათ, რამდენჯერაც გინდათ. იმის ცოდნა, რომ კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება, ჩვენი ცრემლების გამომზეურების უფლებას არ გვაძლევდა და ნესტრის ამოღებამდე მოთმინებით ვიტანდით ტკივილს – რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა. მერე კი, ცივი ქვა და იმის ჯანი… დავიდებდით ნაკბენზე და აღარც ძალიან გვისივდებოდა და, რამდენიმე წუთში ტკივილიც უკვალოდ ქრებოდა.
დაწვრილებით მართლა არ ვიცი როგორი იყო მამის მხრიდან ჩემი წინაპარი პაპა-ბებიების დამოკიდებულება ამ მწერის მიმართ, მაგრამ მამაჩემს მეფუტკრის პროფესიასა და ფუტკრის შესახებ ცოტა უცნაური და შესაძლოა, გადაჭარბებული წარმოდგენა რომ ჰქონდა, ეს მთელმა სამეზობლომ და ყველა მისმა ახლობელმა იცოდა. ალბათ ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა თებერვლის ცრიატ დღეს, ეზოში ჩალის სკამებზე დასვენებულ მამაჩემის კუბოს, მთელი ერთი საათი დასტრიალებდა თავზე ფუტკრების გუნდი. იქნებ, მართლაც უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად, როგორც ამას მერე ხალხი ამბობდა…
ფართო, ხის ჩარჩოთი შეკრული მავთულის ბადის კარებში გახვიდოდი თუ არა, ათი-თხუთმეტი მეტრი სიგრძის სულ სხვანაირ ბილიკზე იდექი. ეს ისევ იმ ბილიკის გაგრძელება იყო, მაგრამ თან დამოუკიდებელი, უფრო კოხტად, ლარივით გაჭიმული კარიდან კარამდე. ბაღჩის ამ ნაწილში პაპაჩემს და ბაბოჩემს ძირითადად ბოსტნეული მოჰყავდათ. აქ მიწას გუთნით არასოდეს ხნავდნენ, სულ ბარით და თოხით ამუშავებდნენ. ამიტომ, ბილიკი ყოველთვის საგულდაგულოდ და ფაქიზად იყო გვერდებზე ჩამოსწორებული. მასზე მიმავალს ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს ეს-ესაა ზღვაში გრძელი ნავით შეცურე და მიწის შავი ბელტები აქეთ-იქიდან ტალღებად გეხლებაო. გვიანი გაზაფხული თუ იდგა და მთელი ბოსტანი სარზე ასული ლობიო-ბარდის იისფერნარევი თეთრი ყვავილით ერთიანად იყო გადაპენტილი, ხომ თავი შუაგულ სამოთხეში გეგონებოდა. მთელ ამ მშვენიერებას ემატებოდა წითლად მოელვარე ღაჟღაჟი, რომელსაც ბაბოჩემი ხახვთან ერთად ულამაზესი კოპწია კვლების გარშემო ჩათესავდა ხოლმე. ბაღჩის ამ ნაწილშივე იდგა ორი კეხურა ვაშლის, ერთი გულაბი მსხლისა და ერთიც ჯიშიანი კარალიოკის ხე, რომლებიც აგვირგვინებდნენ ამ იდილიას, ტანმაღლები, ზემოდან დაჰყურებდნენ ნარგავებს, ემანდ არავინ არაფერი ავნოსო.
მაგრამ ყოველთვის ასე მომხიბლავად როდი გამოიყურებოდა ეს ჩემ მიერ სამოთხედ მონათლული ადგილი. მაგალითად, ზამთრის პირზე, უმთვარო კუნაპეტ ღამეში, როცა ზევით-ქვევით მოთარეშე სუსხიანი ქარი ათასნაირ საშინელ ხმას გამოსცემდა, მე და ჩემი და კი შიშისგან ძლივს მივათრევდით სახლისკენ ფეხებს და ვფიქრობდით ხუთიოდე წუთის წინ გაგუზგუზებულ ღუმელთან პაპის მონაყოლ ლეგენდაზე დაცემული ანგელოზების შესახებ; კბილს კბილზე ვაცემინებიდით, ერთი სული გვქონდა სახლში მალე მივსულიყავით, რომ თბილ ლოგინში შემძვრალებს ვეღარ დაგვენახა თავს ზემოთ გაკაშკაშებული ცა, სადაც, ჩვენი აზრით, ანგელოზები შეკრებას მართავდნენ…
მეორე კარს გააღებდი და იწყებოდა ბაღჩის ყველაზე მოზრდილი, ძირითადად ხეხილით გაშენებული ნაწილი. ბილიკი აქ ისეთი გამოკვეთილი და სწორი აღარ იყო, მაგრამ ერთგან მაინც კარგად ემჩნეოდა წლების განმავლობაში გატკეპნილი ვიწრო ზოლი, რომელიც ხან სწორად მიდიოდა, ხანაც დიდ, გაფართხულ თხილის ძირებში უჩინარდებოდა და ისევ ჩნდებოდა. ჯერ მარჯვენა მხარეს გვერდით ჩაუვლიდი ბებერ ხეჭეჭურსა და მის ქვეშ მდგარ, უფრო სწორად, სოკოსავით ამოსულ ცემენტის რკინისფეხიან მრგვალ მაგიდას, რომელსაც ბრტყელი რკინისავე სალტე ჰქონდა შემოვლებული. Aწინ და უკან ბევრი რომ არ ევლო, ბაბოჩემი ამ მაგიდაზე აგროვებდა ძირს ნაყარ ხილს, ჭყინტ სიმინდს, სხვადასხვა ბოსტნეულს და, შებინდებისას, ბაღჩაში საქმეს რომ მოითავებდა, ყველაფერი ერთ წაღებაზე მიჰქონდა შინ. სხვათა შორის, ხეჭეჭური უფრო იმით დამამახსოვრდა, რომ ბაბოჩემი ამ მსხალს ხარშავდა და ისე ჭამდა – ალბათ, უკბილობის გამო. თუმცა, ერთი-ორჯერ მეც გავუსინჯე გემო და, ვერ ვიტყვი, რომ უგემური მეჩვენა.Aაი ჩემი და კი მსგავს რამეს არასოდეს დააკარებდა პირს. მაგალითად, ასევე მარცვალ-მარცვალ მოხარშულ სიმინდს, რომელსაც მე, ბაბო და პაპა გემრიელად შევექცეოდით ზამთარში.
მსხლიდან ოდნავ მოშორებით, სადაც ზაფხულობით მზე ნაკლებად უდგებოდა, ისეთივე რკინის გრძელი, ოღონდ უზურგო სკამი იდგა, როგორიც ვენახში. იქვე, სკამის უკან კი სარწყავი რუ გადიოდა და, თაკარა სიცხეში აქ ჯდომას და დასვენებას არაფერი სჯობდა. რაც შეეხება ტკბილ ბროწეულს, რომელსაც ტოტები სანახევროდ მედიკოაანთ ბაღჩაში ჰქონდა გადაშვერილი, ჩემი და ჩემი დის უსაყვარლესი ხილი იყო. სამწუხაროდ, მეწლეურობისა და იმის გამო, რომ საერთოდაც ცოტას ისხამდა, მისი ჭამით გული არასოდეს გვიჯერებია. სამაგიეროდ, ძღომაზე და თავზე საყრელად გვქონდა შავი ცერისსიმსხო თუთა, რომელიც, ჩემი აზრით, ცოტა უადგილო ადგილას, შუაგულ ეზოში იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მის კენწეროზე შემომჯდარს ფეხებში შიშის ქარი მივლიდა, მაინც ერთ რამედ ღირდა სამყაროსთვის ზემოდან ცქერა და უგემრიელესი თუთით პირის ჩატკბარუნება. ზოგჯერ, როცა ბევრი ერთად დამწიფდებოდა, თუთის ქვეშ დავდგებოდით, მაგიდის მუშამბას კუთხეებით გავჭიმავდით და პაპაჩემი ან ჩემი გაუთხოვარი დეიდა, რომელსაც მამაჩემი ცოლისძმას ეძახდა, თუთას რამდენჯერმე ძლიერად შეაქანებდნენ ხოლმე. მოდიოდა და მოდიოდა ტყაპატყუპით თუთის წვიმა და მუშამბის შუა ნაწილში შავი, სურნელოვანი გორა დგებოდა. მაშინდელი თუთის გემოს და სუნს დღემდე უცნაური, თავბრუდამხვევი ნეტარებით ვიხსენებ. ბავშვობის შემდეგ სულ რამდენჯერმე ვჭამე თუთა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას ის გემო და სურნელი აღარ ჰქონდა…
ბროწეულის ხესთან ახლოს, მსხვილ პალოებზე ძველი რკინის საწოლის ჩაჭყლეტილი ბადე იდო, რომელზეც პაპაჩემი თივის უზარმაზარ ზვინს დგამდა ხოლმე. მის ქვეშ ზამთარ-ზაფხულ ქათმები იქექებოდნენ და კრიახობდნენ. ზვინის შემდეგ იდგა გვერდმობრეცილი ფეხსადგილი და საღორე, რომელთა გვერდით გავლაც ვერ გეტყვით რომ დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა. ამიტომაც, ბილიკი ზვინიდან მკვეთრად უხვევდა მარჯვნივ და უგემრიელეს, ლოყაწითელა და წვნიან მსხლის ხესთან გადიოდა. ხეს უკან მოექცეოდი თუ არა, თან ცალი ხელით ბაღჩის მესამე, პატარა და ვიწრო ეზოში შესასვლელი მაღალი კარი უნდა შეგეღო.
ეზოში, სათონესთან, კიდევ ერთი მძიმე, მრგვალი რკინა ეგდო, რომელსაც სკამი არ ეთქმოდა, მაგრამ მის მოვალეობას მშვენივრად ასრულებდა. აცივდებოდა თუ არა, რკინაზე საზაფხულოდ დაფენილ თხელ ტილოს ბაბოჩემი ზემოდან ოთხად დაკეცილ კუბოკრულ შალს გადააფარებდა, ზედ თბილად დაჯდებოდა და ხან კალთაში ჩაყრილ ხახვს არჩევდა, ხანაც კარტოფილს ფცქვნიდა ან ვაშლს ჩირავდა. მარჯვენა მხარეს, მთელი ღობის გაყოლებაზე, სანამ ქვიტკირის გალავანი დაიწყებოდა, თითა ყურძნის პატარა ხეივანი იყო გაშენებული, რომლის ქვეშაც სხვადასხვა ფერის სურნელოვანი ვარდები გვიან შემოდგომამდე ყვაოდა. ეზოს სიგანეზე ჩამოუდიოდა საკმაოდ განიერ, ცემენტის კალაპოტში მოქცეული რუ. გადაივლიდი მის ერთ ნაწილზე ხიდად გადებულ ხმაურიან თუნუქს და ქვიტკირისავე ძველი, ორსართულიანი შენობის წინ იდექი. ეს იყო ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლი.
თეთრად შეღებილი ხის კარებით დაბალჭერიან, ყვითელფარდებიან ოთახში შედიოდი. მარცხნივ, მარანში შესასვლელი კარები იყო, მარჯვნივ ღუმელი, კუშეტკა და დიდი, გასაშლელი მაგიდა იდგა. მეორე, შედარებით პატარა ოთახში ბაბოჩემს და პაპაჩემს ეძინათ ფანჯრებთან მიდგმულ რკინის საწოლებში; ერთ ფანჯარაზე ყოველთვის იდგა ყავისფერმუცლიანი ძველებური ნავთის ლამფა, დანარჩენ ორზე კი, ძველ ჩაიდნებსა და ქვაბებში ჩარგული ბაბოჩემის ოთახის ყვავილები ეწყო.Aამ ოთახიდან ფარდაჩამოფარებულ კარს შიგნითა ოთახში გაჰყავდი, სადაც ხან ჩვენ, ხანაც სტუმრად მოსული ჩემი დეიდები, ბიძები და დეიდაშვილები იძინებდნენ.
მარანში შესვლამდე, რომელიც ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენდა, ჯერ მძიმე ურდული უნდა აგეხსნა ერთმანეთზე ცერად დაკრული ფიცრებისგან შეკრული განიერი კარებისთვის, მერე ცემენტის ერთი საფეხურით ქვემოთ ჩასულს უნდა გადაგეტრიალებინა მარცხენა კედელზე შნურებზე დამაგრებული ძველებური დენის ჩამრთველი და, პირველი, რასაც შუქის ანთებისთანავე დაინახავდი, იყო ჭერამდე ასული უბრალო გაურანდავი ფიცრის განიერი თაროები, რომლებზეც ათასნაირი ხილის კომპოტების, მურაბების, პავიდლოების, კონსერვებისა და მწნილის ქილები ეწყო. იქვე, დაბალ მაგიდაზე იდო შავი ემალის დიდი ქვაბი, რომელშიც ბაბოჩემი ორად გადატეხილ შოთ პურებს აწყობდა. ჭერში კი შიშველ კოჭებზე ჩამოკიდული, კონებად შეკრული გამხმარი მწვანილეული, პიტნის ნაწნავები, ხახვისა და ნივრის გალები და გრძელ ძაფებზე აკინძული ყურძნის მტევნები კონწიალობდა. ცოტა მოშორებით, ხის კავებით ეკიდა თონეში შებოლილი ღორის დიდრონი ბარკლები და ნეკნები, რომელსაც ზამთარში წვრილად ჩაკუწულს ხარშავდა ბაბოჩემი. Aამის მერე, დატკეპნილ მიწაზეც თუ მოატარებდი თვალს, დაინახავდი სამ უზარმაზარ სიპ ქვას, რომელთა ქვეშაც მუცელგაბერილ ოცჩაფიანებში, პაპაჩემი თავის დაწურულ ღვინოს ინახავდა.
რაც შეეხება ორთვალა სახლის მეორე სართულს, ის რიყის ქვით ნაშენი რამდენიმე ფარღალალა ოთახისგან შედგებოდა. ერთი მათგანი მამაჩემს წლების წინ, ახალი სიძე რომ ყოფილა, თავისი ხელით გაუბათქაშებია, მაგრამ მას მერე ამ ოთახებს ბევრი აღარაფერი შემატებია და, ასაკში შესულ პაპაჩემსაც საბოლოოდ აუღია ხელი მათ გამართვაზე.
ბაბოჩემი და პაპაჩემი ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობას მაინცდამაინც არ უჩიოდნენ. ერთი ეგ იყო, ბაბოჩემს ახალგაზრდობიდანვე დიაბეტი ჰქონდა და მსუყე საკვებს არასდროს მიირთმევდა; ჭამდა რუხი ფქვილით გამომცხვარ პურს და შაქარს და მარილს ახლოს არ ეკარებოდა. კულაკის ნებიერა ქალიშვილი, ბაბოჩემი, ჟამუტაანთ ბაბულია, ცოტა ცივი და ქედმაღალი ქალი იყო. სხვა სოფლელი ქალებივით მეზობლებში არასოდეს ითქვიფებოდა და საშინლად სძულდა ჭორაობა; თავსაც შეძლებისდაგვარად უვლიდა და საქმესაც ზომიერად აკეთებდა – დღეებზე ანაწილებდა, რომ ერთბაშად არ გადაღლილიყო. ზაფხულში სიგრილით წავიდოდა დაბლა ვენახში და იქიდანაც მზის ჩასვლამდე არ ამოვიდოდა; შვინდით ან ლეღვით სავსე მძიმე ვედროს არასოდეს ასწევდა, -Dკრეფდა იმდენს, რამდენის ტარებასაც შეძლებდა. თავზე მუდამ ლამაზი ბამბის მოსახვევი ეფარა და ჩითის კაბა და ჩუსტიც ყოველთვის შესაფერისი ეცვა. ჰყავდა საკუთარი მკერავი, გაუთხოვარი კოჭლი მარუსა. გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონს ისე არ ჩააგდებდა, ერთი ახალი საგარეო კაბა და თითოც ბამბაზიისა და ჩითის ხალათი რომ არ შეეკერა. ყმაწვილქალობაში ბაბოჩემი თურმე ბაფთიან გიტარაზეც უკრავდა და კარგი მოლხენაც ჰყვარებია.Uმერე და მერე, ასაკში რომ შევიდა, უფრო გაზეთი და ახალი ინფორმაციები აინტერესებდა. დიდ მაგიდაზე ყოველთვის ეწყო მშობლიური რაიონის გაზეთი და “სოფლის ცხოვრების” ახალი ნომრები. ამ ყველაფერთან ერთად, გიორგევნა, როგორც სიძეები ეძახდნენ ბაბოჩემს, დომინოს თამაშის უბადლო ოსტატი იყო და თავის ძირითად პარტნიორთან, პაპაჩემთან ერთად, საანგარიშოს ჩხაკუნსა და დომინოს კოჭების კაკუნში გაჰყავდა ზამთრის მოსაწყენი საღამოები.
მისი მართლაც ერთგული თანამეცხედრე, პაპაჩემი გოგია კი უფრო ნაკლებად პრეტენზიული, უბრალო მშრომელი გლეხი იყო. ტრაქტორისტების ბრიგადირი დღესა და ღამეს მინდორში ატარებდა და სახლში ზოგჯერ დასაძინებლადაც ვერ მიდიოდა. პაპაჩემი ომის დროს ზურგში დაუტოვებიათ და უთქვამთ, იცოდე, ნახევარი საბჭოთა კავშირი შენი ტრაქტორებით მოხნულმა მიწამ და კომბაინით აღებულმა ხორბალმა უნდა გამოკვებოსო. ამასაც დაუკაპიწებია მკლავები და ზედმეტსახელი “მინდორაც” იმდროიდან შერქმევია. მაგრამ მხოლოდ ეს ჯილდო არ უკმარებიათ: მოსკოვში რომელიღაც ყრილობაზეც მიუწვევიათ და სტალინის ხელმოწერით საპატიო სიგელი გადაუცათ.Eიქიდან ჩამოტანილი ეს სქელი მუყაოს ფურცელი და კიდევ ორი სუვენირი – უზარმაზარი ჭრელი ფანქარი და შავ-თეთრი კალამი კრემლის გამოსახულებით, რომელთა ხელში დაჭერა ბავშვობაში ჩვენი ოცნების საგანს წარმოადგენდა, უკანასკნელად პაპაჩემის გასვენების დღეს ვნახე მის სხვა ნივთებთან ერთად. მე მას სიცოცხლეშივე დავპირდი, რომ დავიტირებდი და სიტყვა შევუსრულე:
– პაპი, არც ერთი ყვავილი ისე ლამაზი აღარ იქნება, როგორც მინდვრიდან შენი მოტანილი ყაყაჩოები… როგორ მომენატრები ჩემო კარგო პაპი… მოვთქვამდი შაოსან ნათესავ ქალებში მორცხვად ჩამჯდარი და, კარგად მახსოვს, როგორ უერთდებოდა ჩემს ნატირალს ჩემი დეიდაშვილი გოგოების ხმამაღალი ქვითქვითი. აი, ასე გამოვემშვიდობე პაპაჩემს ჩემი პირველი და, ვინ იცის, უკანასკნელი ხმით ნატირალით, რადგან მერე, ვერც მამაჩემისა და ვერც ბაბოჩემის დატირება ვეღარ შევძელი.
საწყალი ბაბოჩემი ამ დროს წნევადარტყმული და ფეხმოტეხილი, თუმცა გრძნობაზე მყოფი, მეორე ოთახში გაუნძრევლად იწვა. დროდადრო კედელზე ხელის რტყმითა და ხმამაღალი ამოკვნესით პაპაჩემს აქედან გაეხმიანებოდა ხოლმე, უმეტესად კი თავისთვის იყო გატრუნული ლოგინში და ჭერში უაზროდ აცეცებდა ცრემლდამშრალ თვალებს.
პაპაჩემის შემდეგ, წესით მისი რიგი უნდა დამდგარიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, თურმე ეშმაკს არ ეძინა: სრულიად საღსალამათი მამაჩემი ავარიით გარდაიცვალა და უბედურ ბაბოჩემს კიდევ უფრო გაუმწარა დარჩენილი სიცოცხლე, სიკვდილი სანატრელად ექცა და მამაჩემის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე დაისვენა კიდეც საწყალმა… წესიერად ვერც დავიტირეთ, ვიღას ჰქონდა მისი თავი, მამაჩემის შემდეგ დახოცილები ვიყავით.
თითქმის ორი კვირა იყო ღია ბაბოჩემისა და პაპაჩემის უკანა ეზოს დიდი, ცისფრადშეღებილი ქუჩის კარები. Qქელეხისთვის ნაქირავები გასაშლელი მაგიდები და სკამები დასაფლავების დღესვე წაიღეს სატვირთო მანქანით, ცხიმიან ხელსახოცებს და სუფრად გამოყენებული ქაღალდის დიდრონ ნაგლეჯებს კი კიდევ დიდხანს დააფრიალებდა აქეთ-იქით ქარი. მიუხედავად იმისა, რომ ბაბოჩემსა და პაპაჩემს სწორედ უკანა ეზო აკავშირებდა გარე სამყაროსთან – სოფლის მთავარ ქუჩასთან, ისინი ამ ეზოს ერთიანი კარმიდამოს ნაწილად მაინც ვერ აღიქვამდნენ.Dრამდენიმე დღე ისე გავიდოდა, რომ ბაბოჩემი აქეთ არცკი გამოხედავდა;Aან რა საქმე ჰქონდა ამ ცარიელ ეზოში, სადაც ერთი ჯუჯა, უხვნაყოფიანი ბალტყემლისა და კედლის ძირებზე ჩარიგებული ვარდების მეტი არაფერი იდგა. მარტო ზამთარში უხდებოდათ მოხუცებს აქეთ ხშირი სიარული, როცა პაპაჩემი ტყიდან მოტანილ ორ-სამ ლაფეტ პატარა მორებად დახერხილ წიფლისა და რცხილის შეშას დაახვავებდა ხოლმე.
ბაბოჩემის ორმოცამდე დეიდაჩემი მესამე უბნიდან აქეთ გადმოსახლდა. ათასი საქმე იყო – სახლი არეული, ჭურჭელი დასაბინავებელი, არც მიმსვლელ-მომსვლელი წყდებოდა. გარდა ამისა, სანთელი ხომ უნდა აენთო ვინმეს ყოველ დღე? თანაც, ეს დეიდა, ყველაზე პატარა იყო დებს შორის და, ბაბოჩემმა და პაპაჩემმა სწორედ მას დაუმტკიცეს მთელი თავიანთი მონაგარი სახლ-კარიანად; ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი ქონება იყო, მაგრამ რაც შეძლეს საწყლებმა ის მოიქონიეს თავიანთი ალალი შრომით და პატიოსანი ცხოვრებით, სიბერეში კი პენსიისა და ოთხი გათხოვილი ქალიშვილის ანაბარა დარჩნენ. ეჰ, ბიჭის ფასი არაფერი არ არის, წამოსცდებოდა ხოლმე ზოგჯერ შვილებზე ნაწყენ ბაბოჩემს და დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ერთადერთ ბიჭსაც, რომლის შესახებაც არასოდეს არაფერს ამბობდა, მაშინ გაიხსენებდა ხოლმე სინანულით.
მალე ორმოციც გავიდა და დეიდაჩემიც ისევ გადაბარგდა ქმრის სახლში. თავიდან თითქმის ყოველდღიურად გადმოდიოდა, სახლს გაანიავებდა, ლოგინებს გამოამზეურებდა და საღამოს ისევ უკან დაბრუნდებოდა. მერე ნელ-ნელა უკლო სიარულს, ხან რამდენიმე კვირა და თვეც ისე გავიდოდა, რომ აქეთ არც კი გადმოიხედავდა. ასე თანდათანობით, ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლი საბოლოოდ გამოყრუვდა და გაცივდა… იდგა გარინდებული, ოდესღაც სიცოცხლით სავსე და აღარავის ხიბლავდა შიგნით შესვლა. იქ მარტო ყოფნა არც მე მსიამოვნებდა, მაგრამ ზოგჯერ, დღისით, სახლის კარებიდან მაინც ჩამოვხსნიდი უცხო თვალის მოსაჩვენებლად ტყუილად ჩამოკიდულ ბოქლომს, ჩამოვჯდებოდი მაღალ კუშეტკაზე, რომელზეც ბაბოჩემის საყვარელი, უკვე ალაგ-ალაგ ჩრჩილისგან შეჭმული ჭრელი ფარდაგი იყო გადაფარებული და ვიხსენებდი ჩემი ბავშვობისა და ყრმობის საუკეთესო წლებს.
ზუსტად მართლა არ მახსოვს ბაბოჩემის სიკვდილის შემდეგ რამდენ ხანში დაიწყო სახლის გაყიდვაზე ლაპარაკი. დაიწყო და აღარც დამთავრებულა, სანამ ბოლომდე არ მივიდა საქმე. ერთადერთი და რეალური მყიდველი, ისევ ჩვენი და ბაბოჩემის მომიჯნე, ნემსაძეაანთ მედიკო იყო, რომელსაც გროშებად უნდოდა სახლის ხელში ჩაგდება: “ვის დაუთმობ, გო, ორი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ ფასზე უნდა მოვილაპარაკოთ, უნდა მაცადო, ნაწილს ეხლა მოგცემ, დანარჩენს მერე, გამქცევი ხო არა ვარ”… ასე იწყებოდა თითქმის ყოველ დილა ღობეზე გადმომდგარი მედიკოსა და დეიდაჩემის ლაპარაკი. ამასობაში კი, ჩემი მეორე, მეზობელ რაიონში გათხოვილი დეიდა ხან ვისი პირით შემოუთვლიდა კვირაში რამდენჯერმე უმცროს დას და ხან ვისი პირით, რა ქენი, ხო იცი, შენს იმედზე ვარ, არ დამღუპოო; თურმე მულები პირში აგონებდნენ, იმ თქვენებიაანთ სახლში ხო აღარავინ ცხოვრობს და, მადლი იქნება ჩვენი ძმის შვილისთვის, ეგებ რამე ეშველოსო. “რა ვქნა, გო, ცალკე იმ ბალღის ცოდვით აღარა ვარ, ცალკე კიდე აქ აღარ ვიცი რა ვქნა, ჩალის ფასად ხო არ გადავაგდებ მართლა და მართლა ამხელა სახლს”, – დაიჩივლებდა ხოლმე დედაჩემთან ნათელა, ჩვენი უმცროსი დეიდა. მისთვის დეიდა არასოდეს დაგვიძახია არც მე და არც ჩემ და-ძმას, განა იმიტომ, რომ არაფრად ვაგდებდით, პირიქით, ძალიან ჩვენიანად რომ მიგვაჩნდა, იმის გამო. ის ჩვენთვის ნათო-ნათელა იყო ყოველთვის და ასეა დღესაც.
ბოლოს მაინც ისე მოხდა, როგორც ნათელამ იწინასწარმეტყველა, მაგრამ ყველაზე დასანანი ის არის, რომ თურმე ბოლოს მედიკოც უკმაყოფილო დარჩენილა, დამპალი სახლი შემომატყუესო. დღემდე მიკვირს, ბაბოჩემისა და პაპაჩემის სახლის ფულს, რომელსაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჩემი დეიდაშვილი ფეხზე უნდა დაეყენებინა, რატომ არ დაემატა მათი ასევე მიტოვებული, თანაც სახლის კი არა, ცარიელი ადგილის ფული… თუმცა, ამაზე პასუხი ყველაზე კარგად თავად დეიდაჩემის, მარინეს სიზმარმა გამცა: სახლის გაყიდვიდან რამდენიმე თვეში, პაპაჩემი და ბაბოჩემი შებინდებისას ვენახში შვინდის ქვეშ ერთმანეთის გვერდით მსხდარნი დასიზმრებია. უკითხავს, ღამდება, სახლში რატომ არ მიდიხართო, იმათ კიდევ უთქვამთ, აბა სად წავიდეთ, სახლი აღარა გვაქვს, შვილებმა გაგვიყიდესო… ამოქანდა დილაუთენია დეიდაჩემი ტირილით საფლავზე სანთლების დასანთებად და ბოდიშის მოსახდელად. ან მეტი რა უნდა ექნა?!
გაყიდული სახლიდან სიმბოლური თანხა დედაჩემსა და უფროს დეიდასაც შეხვდათ. ნათელამ თავისი წილი ფულიდან ერთი მეწველი ძროხა და, შვილებისთვის, როგორც თვითონ ამბობდა, ფანცი-ფუნცები იყიდა, დარჩენილი ორი კაპიკით კი ვალები გადაიხადა.
გაზაფხულობით, როცა ქალის იები აყვავდება, მავთულის ღობესთან მდგარი დიდხანს გავყურებ ბაბოჩემისა და პაპაჩემის ერთიანად გადახნულ ბაღჩას და ვცდილობ, წარმოდგენაში ისევ გავირბინო ბილიკზე, ისევ გავიგონოAვენახიდან ექოდ გამოსული პაპაჩემის ძახილის ხმა: ინოოოოოო, ოო, ჰაი ინოოოოოოოოოოოოოოო… და სამუდამოდ ჩემთვის შევინახო ეს მოგონება ან, თუ ძალიან მომინდება ვინმესთვის გულის გადაშლა, მარტო ჩემს დას ვუამბო ამის შესახებ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“