ირლანდიელ მწერალ კოლმ ტოიბინს Rathbones Folio-ს პრემია გადაეცა ბიოგრაფიული რომანისთვის “ჯადოქარი”, რომელიც მე-20 საუკუნის პოლიტიკური არეულობის ფონზე ნობელის პრემიის გერმანელი ლაურეატის, თომას მანის ცხოვრების შესახებ გვიყვება.
2004 წელს ტოიბინმა ანალოგიური ბიოგრაფიული რომანი ჰენრი ჯეიმსის შესახებ გამოსცა, სახელად “ოსტატი”, რომელსაც Guardian-ის რეცენზიაში ლუსი ჰიუზ-ჰალეტმა “ინტიმური დეტალებით გაჯერებული უზომოდ ამბიციური წიგნი” უწოდა. მსგავსად შეაფასეს თომას მანის მხატვრული ბიოგრაფიაც დაჯილდოების წლევანდელმა ჟიურის წევრებმა, ტესა ჰედლიმ, უილიამ ატკინსმა და რეიჩელ ლონგმა: „ტევადი, დიდსულოვანი, ამბიციური რომანია, რომელიც მე-20 საუკუნის სისხლიან ისტორიას ერთი ადამიანის პირადი ცხოვრებით აღწერს”. აქვე ლონგმა დასძინა, რომ 80 საკონკურსო ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, ტოიბინის წიგნმა “კითხვა ხელახლა შეაყვარა”.
2018 წელს, “ჯადოქრის” მე-4 თავზე მუშაობის დასრულებისას, ავტორს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რასაც 6 თვიანი ქიმიოთერაპია მოჰყვა. „ვიცოდი, რეციდივის შემთხვევაში წიგნის დასრულებას ვეღარ მოვახერხებდი. ამიტომ, როგორც კი მუშაობის განახლება შევძელი, მთელი დრო და ენერგია “ჯადოქარში” ჩავდე, ვწერდი ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად”.
Rathbones Folio 2011 წელს ბუკერის პრემიის სკანდალის შემდეგ დაარსდა. იდეის ავტორ ენდრიუ კიდის განმარტებით, ახალი დაჯილდოების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. გასულ წელს პრემია კარმენ მარია მაჩადოს გადაეცა მემუარისთვის „ოცნების სახლში“.
“გახარებული და გაკვირვებული ვარ,” – განაცხადა სამადლობელ სიტყვაში ტოიბინმა. ვერ წარმოედგინა, რომ გაიმარჯვებდა, რადგან მასთან ერთად მოკლე სიაში იყო ბუკერის პრემიის ლაურეატი დეიმონ გალგუტიც. “ძალიან რთული წიგნი აღმოჩნდა დასაწერად. კვლევით სამუშაოებს 15 წელი შევალიე. მსურდა, მკითხველისთვის, ისტორიული ნარკვევის ნაცვლად, ქაოსში ჩაფლულ მსოფლიოში მცხოვრები ერთი ოჯახის ამბავი შემეთავაზებინა”.
Rathbones Folio-ს ლაურეატმა ჯერ არ იცის, საპრიზო 30 000 ფუნტ სტერლინგს როგორ დახარჯავს.
© არილი