პოეზია

დავით წერედიანი – ლეშგვანი

 

 

სოფელში ვზივარ განდეგილად, თვე თვეზე მიდის.

ის, რასაც ოქროდ ვაგროვებდი, ირგვლივ ბზედ არი.

მზეს ვეფიცხები აივანზე ფოლხვი და ჭვრიტი,

უქმი, უსტუმრო, უთარიღო, თითქმის ნეტარი.

გზა გამიტყუებს ღელვით ღელედ ამოძახული,

მივიწყებული სილამაზე ბგერს ყოველ წუთას,

ღობესთან ყოვლად მშვენიერი მწიფს კოწახური,

კოლბოხზე ყოვლად მშვენიერი კრუალა კუთავს.

ჟღალით და ზილით, მოცინარი ხმით ნამღერალი,

გზა გარდიგარდმო ფეხად ნავსი მიხტის ნაცარა.

ანდუყაფარმა – როგორ იყო? – შველიც, ჯერანიც,

ორივ დათოფა, და ყურცქვიტას სკუპმა დაცარა!

ხევში ჩარბის და იკარგება თრითინას კვალი,

ასკილი ღუის, ცა წითლდება, მესკია გალობს,

და სოფლის ავად მოჭუტული, მჩხრეკელი თვალი

ეჭვის ღიმილით დამაცილებს განდგომილ სალოსს.

ღამით კი, როცა ჩათავდება ხმა ნასხვისარი,

როცა სულ ბოლო ჭრიჭინობლის ჩერდება ხემიც,

ეგებ შემთხვევით მოვიხელთო, ვუსმენ მღვიძარი,

ეს მოჟრიალე ძელგი მიწა რას ამბობს ჩემით.

იხსნება სივრცე ბაკმეული – ნათლის თუ მრუმის? –

ცისფერო მწერო სარკმლის ყდაზე – ჩემად თუ შენად? –

და განწირული ფრთათაცემით მიაპობს დუმილს

ათასწლოვანი, ბნელხმოვანი, ელვარე ფრენა.

© არილი

Facebook Comments Box