* * *
როგორც კი ძალიან ცუდად გახდა მეგი, გასინჯა ანდრომ და თქვა, აღარ უმუშავებს არცერთი თირკმელი და სასწრაფოდ რომელიმე ჩვენთაგანისაგან ერთი უნდა გადავუნერგოთო. დიტომ მაშინათვე – მე ვარ ყველაზე ძლიერი და ჯანმრთელიო, პერანგი გაიხადა და მეგის გვერდით პირჩაღმა დაწვა. თავისი პატარა საექიმო ყუთიდან საჭირო იარაღები ამოალაგა ანდრომ, დააკვირდა და მაკრატელი მოისაკლისა. კატა ტერეზას კაბის თარგის გამოჭრით დაკავებულმა ტასომ თავი მიანება მოდელიორობას და მიაწოდა თავისი განუყრელი ნივთი ანდროს. სანამ იგი საოპერაციოდ ემზადებოდა, თავისთვის გადამალული მორფის ამპულები გამოაჩინა დაჩიმ და საკუთარი ხელით გაუკეთა წამალი ავადმყოფსა და დონორს.
“კარგად იქნება ყველაფერი” – ისედაც იმედიანები კიდევ უფრო დაგვაიმედა ანდრომ და მაგიდიდან დანა აიღო. “კარგად იქნება ყველაფერი” – გავიმეორეთ მისი ნათქვამი ყველამ ერთად და გვერდიგვერდ გაშოტილ ჩვენს მეგობრებს დავაცქერდით. ანდრომ დანის პირი მეგის კრიალა ზურგს დაუსვა. მეგი ოდნავ შეკრთა. დიტომ ხელი მოუჭირა ხელზე და გადაუჩურჩულა: “გეტკინება ცოტათი, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად იქნები მერე”. საქსოფონს ჩაჰბერა კარლომ, დუკ ელინგტონის ის მელოდია შეუშვა, უსაშველოდ რომ უყვარდა მეგის. “კარგია, კარლო, მიდი მასე, მიდი!” – ზურგსუკნიდან გასძახა ანდრომ, რომელიც ფუნქციადაკარგულ თირკმელთან მისადგომ გზას ახლა უკვე ტასოს მაკრატლით კვალავდა. ჩუმად რომ კვნესოდა, სახეზე ეტყობოდა მეგის, მაგრამ უფრო ხმამაღლაც რომ ეკვნესა, ალბათ მაინც ვერ გავიგებდით მის ხმას, უკვე ისე მგზნებარედ უკრავდა კარლო თავის ჟანგშეპარულ საქსოფონზე. მერე სისხლმა იმატა და ზაზა გამოგვეყო, მოშორდა საწოლს, ოთახის კუთხეში მივიდა, ჩაცუცქდა, თვალები დახუჭა. ხელად შეამჩნია ლიზამ ეს, უკან გაჰყვა ჩვენს ყველაზე ახალ მეგობარს, გვერდით მიუჯდა და ისეთი დამაჯერებელი სიტყვები უთხრა, როგორის თქმაც ასეთ რთულ სიტუაციებში ყოველთვის იცოდა ხოლმე. ზაზამ თვალები გაახილა ჯერ, მერე ოდნავ გაიღიმა, ბოლოს კი წამოდგა, ხელი ჩაჰკიდა ლიზას და მასთან ერთად ისევ ჩვენთან დაბრუნდა.
ამ დროს ანდრო დიტოზე იყო უკვე გადასული და შესაბამისად, კარლოს ნაცვლად ნორა უკრავდა – ვიოლინოზე. დიტო და ნორა ერთად მოვიდნენ აქ ამ რამდენიმე თვის წინ და სულ ბოლომდე ესმოდათ უკვე ერთმანეთის. ნორა საწოლთან იყო ჩამუხლული, დიტოს სახის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და მის მიხედვით ცვლიდა მუსიკალურ თემებს. კატა ტერეზა ჩემს ფეხებს შორის გაძვრა, თვალები დააკვესა და ბალანაშლილი მიაჩერდა დიტოსა და მეგის სისხლით მოთხვრილ სხეულებს. ლანამ თავისი აბსოლუტლაითსიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. უჩამ ანიშნა, მეც მომეციო და თვითონაც ააფრინა პირიდან მტრედისფერი ბოლი. ამასობაში ანდრომ ბოლომდე გამოაჩინა დიტოს თირკმელიც, რამდენიმე წამით წელში გასწორდა და – “წყალი დამალევინეთ!” – ითხოვა. ელისო გაიქცა, მილიონჯერადი ჩინური ფინჯნით მიუტანა ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთი და თვითონვე დაალევინა, რადგან ჩვენი აუცილებელი და საკმარისი ერთადერთი ექიმი-მეგობარი ხელებს იმშრალებდა ამ დროს ტასოს კაბის კალთით.
“როგორ მიდის საქმე?” – ვერ მოითმინა მაინც და იკითხა ზაზამ, როგორც კი მილიონმეერთედ შეხებული ტუჩი მოაშორა ანდრომ ფინჯნის პირს. აუჩქარებლად გახედა მან შემკითხველს და ჟესტით უპასუხა: ზემოთ ასწია მარჯვენა ხელის ცერა თითი და თან გაიღიმა.
ხოლო როცა კვლავ დაიხარა საწოლისაკენ, ნორას ვიოლინოს კარლოს საქსოფონი აჰყვა, რამდენიმე წამში კი ფორტეპიანოსთან მიმჯდარი ლიზაც შეუერთდა მათ. მზარდ ტკივილსა და სისხლდენას მზარდი მუსიკალური იმპროვიზაცია დაეფინა და როცა ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია, – ანუ როცა ანდრომ დიტოს თირკმელი ამოაჭრა, მეგის ნათირკმელარზე გადაიტანა და იქ მის მიკერებას შეუდგა, – ნორას, კარლოს და ლიზას შლეგი მუსიკით ათრთოლებულებმა წითლად შეღებილი საწოლის ირგვლივ დავიწყეთ როკვა.
კატა ტერეზა ჩხაოდა, დიტო და მეგი ღმუოდნენ, ჩვენ ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვეკიდა, ვძიგძიგებდით და ვგრძნობდით როგორც ჩვენს ერთიანობას, ისე იმის გარდაუვალობას, რაც ამ წამს ხდებოდა. სიცოცხლე უნდა გადარჩენილიყო და ის გადარჩებოდა – ჩვენი საერთო მეგობრის არაერთჯერადი და არამილიონჯერადი სიცოცხლე. თირკმელი ბევრი გვქონდა, გვყავდა ექიმი, გვყავდნენ მუსიკოსები, კატაც კი გვყავდა და ბოლო-ბოლო ხომ ყველანი ასე ძლივს ნაპოვნ სიყვარულის ტერიტორიაზე ვცხოვრობდით ერთად.
* * *
იმ დღიდან დაიწყო ზაზამ მეგის განსაკუთრებით შეყვარება. როგორც კი ოპერაცია დასრულდა, მეგობრების სხეულებისა და ოთახის მოწესრიგებას შევუდექით. ლიზა და ზაზა მეგის აშორებდნენ სისხლს, ნორა და უჩა დიტოს, დანარჩენები კი საწოლს, იატაკს, სხვადასხვა დათხვრილ ნივთებს ვწმენდდით. მეგისა და დიტოს გადარჩენით გახარებულმა ტერეზამ იმდენი იხტუნა და იკოტრიალა, რომ სულმთლად გაწითლდა. მერე დაჩიმ თქვა, მოდით, ამ დღის სამახსოვროდ ტერეზა ასეთივე დავტოვოთო და მხოლოდ ტასო შეყოყმანდა, ვინაიდან მის მიერ მოფიქრებული კაბის დიზაინი წითელ სხეულს აღარ ეხამებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაგვეთანხმა და ხელად დაიწყო ფერთა ახალი ტონალობების ძიება გონებაში. აი, ამიტომაა სწორედ, რომ ასეთი უცნაური, არაკატური ფერისაა ტერეზა ახლაც და ამიტომაა სწორედ, რომ დიტოსა და მეგის მიეკედლა იმ დღის მერე იგი. მეგის კი ტერეზას გარდა ზაზაც მიეკედლა – ზაზა, რომელიც ოპერაციის დროს გამოგვეყო და კუთხეში ჩაცუცქდა, რომელმაც თვალები დახუჭა და ყველა მიახვედრა, რომ მეტისმეტად ღელავდა, მერე კი მეგის გასისხლიანებულ სხეულთან მისვლა ყველას დაასწრო… გრძელი ქერა თმა ტერეზას ბეწვივით გასწითლებოდა მეგის და ტანი როგორც კი ძველებურად ავუკრიალეთ, ზაზამ კალთაში ჩაიდო მისი თავი და ღერა-ღერა შეუდგა მისი თმის გასუფთავებას. ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა ამ პროცედურას. ერთი კვირა ესვენა მეგის მისუსტებული სხეული ზაზას დაუღლელად მომუშავე ხელებს ქვემოთ და ზაზაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ მეთოჯინეს წააგავდა, ერთადერთი ძაფით რთულ მარიონეტს დაუჯერებელი ოსტატობით რომ მართავს და თანაც ამ ერთადერთ ძაფს რატომღაც უსასრულოდ რომ ცვლის. ხანდახან რომელიმე ჩვენთაგანი მათ წინ ჩამოჯდებოდა და მეგის თმის წმენდის პროცესს, როგორც თეატრალურ წარმოდგენას, ისე უმზერდა. საღამოობით მაყურებელთა რაოდენობა იზრდებოდა და ზაზას, მეგის და თვით კატა ტერეზას ჟესტიკულაციებშიც კი უფრო მეტი არტისტულობა ჩნდებოდა. ცხადია, იყო აპლოდისმენტებიც, ხოლო მეშვიდე დღეს, “სპექტაკლის” დასასრულს, ყველამ მოვიყარეთ თავი სცენის წინ და ამ ანშლაგზე “ბრავო”-ც კი გაისმა ბევრჯერ.
ერთადერთი, ვინც მაყურებელივით არ დადიოდა მათთან, ანდრო იყო – ანდრო-ექიმი, ფრთხილად რომ უსვამდა ჭრილობას თითს, მომწვანო თვალების ბაც უპეებს რომ ჩაჰყურებდა დაჟინებით, მუხლებს რომ ურტყამდა პაწაწკინტელა ჩაქუჩს, მერე კი დგებოდა და ხმადაბლა და დამაჯერებლად ამბობდა: “მატულობს, მატულობს, მატულობს…” რა საკითხავი იყო, მაგრამ კირკიტა ელისომ მაინც ჰკითხა ერთხელ – რა მატულობსო – და მოულოდნელად, ჯანმრთელობის ნაცვლად – სინატიფეო – მიუგო ანდრომ.
მართლაც, როცა ერთი კვირის შემდეგ ზაზამ თმის ბოლო წითელ ღერს ბუნებრივი ბზინვარება დაუბრუნა და დაღლილი ხელები ჩამოუშვა, ხოლო მეგიმ თავი წამოსწია მისი კალთიდან, წაიბუტბუტა – კარგად ვარო, ცალი ხელი იატაკს დააყრდნო, ნელა წამოიმართა და ოთახში გაიარა, ყველამ დაინახა, რომ მას სინატიფე, არც მეტი, არც ნაკლები, п-ჯერ მომატებოდა. მეგი ფარფატებდა, თითოეულ ჩვენთაგანთან ჩერდებოდა, ხელზე, მხარზე ან ლოყაზე გვეხებოდა და რაღაცას ძალიან ჩუმად გვეუბნებოდა. მერე თავისი მომატებული ელეგანტურობით აგრძელებდა გზას და გვხიბლავდა, გვაჯადოებდა, კიდევ უფრო გვაყვარებდა ყველაფერს, თვით რიცხვ п-საც კი და აი, მივიდა სწორედ იმ წუთას ლოგინიდან წამომდგარ დიტოსთანაც, ჭრილობაზე შეახო ხელი, გაუღიმა, დიდხანს უყურა, ერთი ასჯერ გააღო პირი რაღაცის სათქმელად და ასიოდჯერვე უთქმელად დახურა. ბოლოს კი მაინც უსიტყვოდ (თუმცა ყველაფრისმთქმელი სინატიფით) დაშორდა, ისევ ზაზასთან დაბრუნდა, – დავიღალეო, – ამოილაპარაკა, ისევ მის კალთაში ჩადო თავი და ჩაიძინა.
* * *
დიტოსა და მეგის სისხლი მხოლოდ კატა ტერეზას ბეწვს არ შერჩენია. მან ზაზას ფრჩხილებიც გადაღება და თანაც ისე, ფრჩხილები რომ ეზრდებოდა და ტასოს მაკრატლით იქნიდა, თითების სიღრმიდან კვლავ და კვლავ ისეთივე წითელი რქოვანი წარმონაქმნები ამოსდიოდა. აბსოლუტლაითის კვამლში გახვეულმა ლანამ ამის გამო ზაზას მანიკურიანი რაინდი უწოდა და ეს მეტსახელი, ზაზას ჩათვლით, ყველას მოეწონა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მოვლენას, ანდრომ თქვა, მედიცინას გაუჭირდება მისი ახსნა, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ გაგვიჭირდესო. არ გაგვიჭირდებაო – გამოეპასუხა ხელად დაჩი და აი, ასეთი მოსაზრება განავითარა: “ეტყობა სისხლს ტრანსფორმაციის შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს. ღვინოდან დაწყებული, მანიკურით დამთავრებული, ძალუძს, ნებისმიერ ნივთიერებად იქცეს…”
ამასობაში კი მანიკურიანი რაინდის და п-ჯერ განატიფებული მეგის განსაკუთრებული სიყვარული სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და განუმეორებელ სახეს იღებდა. თუმცა, განუმეორებლობის მიღწევა რომ გარკვეული განმეორებების გარეშე შეუძლებლია, ეს კარგად ესმოდათ ახალმიჯნურებს და ამიტომ ისინი საკონსულტაციოდ ხშირად სხდებოდნენ ვერანდაზე დიტოსთან და ნორასთან ერთად და ესაუბრებოდნენ მათ ბოლომდე მიყვანილი სატრფიალო ურთიერთობის ფენომენზე. დიტო და ნორა დაწვრილებით იხსენებდნენ ერთად განვლილ გზას და ამით შეუცვლელ დახმარებას უწევდნენ მეგობრებს. დიტო და ნორა ხომ აქამდე ერთადერთი ბოლომდე შეყვარებული წყვილი იყო ჩვენს შორის და ამიტომაც იყო, რომ ყველას ასე ძალიან გვიხაროდა, როცა საკუთარი თვალით ვხედავდით, თუ როგორ ყალიბდებოდა ასეთივე ტიპის წყვილი დღითიდღე, წუთიწუთ, წამიწამ ჩვენს საერთო სახლში…
ოთხეულის საუბრები ვერანდაზე განსაკუთრებით მოსწონდა კატა ტერეზას, რომელსაც ამ დროს აღარ სჭირდებოდა დაბნეული სირბილი დიტოსა და მეგის შორის. ლურჯზოლებიან, თეთრ ახალ კაბაში გამოწყობილი, ის მათ ფეხებქვეშ მოკალათდებოდა და ყველაფერი უმშვიდდებოდა: სისხლიც, ბეწვიც, კუდიც, ულვაშებიც, კნავილიც… ხოლო ტერეზას გარდა მეორე არსება, ხშირად რომ ცდილობდა მიჯნურწყვილების დიალოგს დასწრებოდა, ბუნებრივია, კირკიტა ელისო იყო. მას ხომ ყველაფერი აინტერესებდა და როგორ შეიძლებოდა, ისეთ ურთულეს ადამიანურ გრძნობაში ჩაწვდომის სურვილი არ გასჩენოდა, რომელსაც სამყაროში სიყვარულს უწოდებენ, ჩვენ კი ამ ჩვენს სიყვარულის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ სიყვარულად მოვიხსენიებთ ხოლმე.
კირკიტა ელისო დიტო-ნორასა და მეგი-ზაზას ურთიერთობის ფორმამ იმდენად გაიტაცა, რომ სულ რაღაც ორ კვირაში მოუნდა, იგი საკუთარ თავზეც გამოეცადა. და მოუნდა თუ არა, მაშინათვე, შუაღამისას, თავზე დაადგა საქსოფონთან ერთად ჩაძინებულ კარლოს, გააღვიძა და განსაკუთრებული სიყვარული შესთავაზა. დიდხანს იფშვნიტა კარლომ თვალები, მერე ცოტა ხანი იფიქრა და ბოლოს მორიდებით უთხრა: რა თქმა უნდა, შეიძლება ვცადოთ, თუ გამოგვივა, გამოგვივა, თუ არადა, ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულისთვის მე მაინც აბსოლუტლაითში გახვეული ლანა მყავდა წარმოდგენილიო. “ეგ არაფერი, მეც შემიძლია დავიწყო მოწევა” – ხელად იპოვა ელისომ გამოსავალი, მაგრამ… მე ხომ არ ვიცი წინასწარ, აბსოლუტლაითის ბურუსში გახვეული როგორი იქნები და თანაც ვერც იმას ვხვდები, ლანასკენ გული უფრო მეტად მხოლოდ ამ რომანტიკული კვამლის გამო მიმიწევს, თუ სხვა მიზეზებიც არსებობსო – დაეჭვდა კარლო ელისოს მიერ შემოთავაზებული ხერხის ყოვლისშემძლეობაში. ამაზე ელისომ უკვე აღარაფერი უპასუხა, შებრუნდა და ლანას საწოლისაკენ გაემართა.
* * *
საწოლი იატაკსა და ჭერს შორის ირწეოდა აბსოლუტლაითის ღრუბლებზე. მის ქვეშ უჩა იჯდა და ტოპოლოგიაში თავისი დისერტაციის მორიგ თავს უკითხავდა მაღლა გაშოტილ და პირში სიგარეტგაჩრილ ლანას ლანდს. “როდის მასწავლი მათემატიკას?” – კიდევ ერთხელ ჩაეკითხა კირკიტა ელისო უჩას. “რად გინდა სწავლა – მიუგო მან – აგერ, ლანას ინჩიბინჩი არ გაეგება მათემატიკის, მაგრამ დიდი სიამოვნებით მისმენს მაინც”. “ოჰ, ეს შეუდარებელია, – გაისმა ზემოდან მიბნედილი ხმა, – არაფერი სჯობს ქვეყანაზე მათემატიკის ჟღერადობას. მოვა დრო, როდესაც მიხვდებიან, რომ მათემატიკაში მისი გამოყენებითი მნიშვნელობა კი არაა მთავარი, არამედ მელოდიურობა მისი აქსიომების, თეორემების, ფორმულების… მომავლის ადამიანები დაანებებენ პოეზიას და მუსიკას თავს და მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკის წიგნების აკუსტიკით მიაღწევენ აღმაფრენას, სრულყოფილებას, კათარზისს…”
– სისულელეა, წარმოთქმული ლამაზად, – ჩაილაპარაკა თავისთვის ელისომ, მერე კი მათმელომანს ასძახა – შენი სიგარეტი მინდა, ლან!
– კარგია, რომ გინდა… – კიდევ უფრო მიიბნიდა და დათბა ისედაც თითქოს ბოლომდე მიბნედილი და დამთბარი ხმა – კარგია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ავნებს აღმაფრენის, სრულყოფილების, კათარზისის მისაღწევ გზებს…
– სიყვარულის? განსაკუთრებული სიყვარულის? – ელისოს თავისი პრობლემა აწუხებდა კვლავაც.
– თავისთავად… მაგას ხომ არც უნდა თქმა… ამიტომაც გამოვტოვე, თორემ…
– და შენ გიყვარს ვინმე განსაკუთრებით? – არ აცალა ფრაზის დამთავრება ჰაერში გაწოლილ ლანდს მილიონოთხმოცდაცხრამეტჯერადი ჩინური ფინჯნის მფლობელმა.
– კი… უჩა… ის, ვინც მიკითხავს მათემატიკას…
– და ეს აქამდე არავინ იცოდა?! – აღმოხდა გაოცებისაგან ელისოს.
– საიდან, როცა მეც ახლა მივხვდი… რომ მკითხე, იმ წამს…
– მშვენიერია და სულელური! – თქვა კირკიტამ და თანაც ისე, რომ მეორე სიტყვაზე ხმა აღარ ჩაუწევია, თუმცა ლანა სულ აღარ უსმენდა გარე ხმებს და ამ ახალი აღმოჩენის ხიბლში ჩაძირულიყო თავის აბსოლუტლაითგარსიანად.
ხოლო უჩამ, აქამდე გაფაციცებული რომ უგდებდა ყურს ქალების დიალოგს, თავისი დისერტაცია დახურა, სიგარეტი ჩააქრო, წამოდგა და თოლიის მსგავსი მოძრაობებით დაიწყო ლანას ირგვლივ შემოჯარული აბსოლუტლაითის გაფანტვა. რაც უფრო იფანტებოდა კვამლი, მით უფრო დაბლა ეშვებოდა საწოლი და როგორც კი მისი ფეხები პარკეტს შეეხო, უჩამ შეწყვიტა ხელების ბათქუნი, ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და გაფართოებული თვალებით დააჩერდა ლანას ნაკვთებს, სახეს, სხეულს, სამოსს, ყველაფერს…
* * *
მადლიერი ლანას მიერ აბსოლუტლაითსიგარეტით უხვად დასაჩუქრებულმა ელისომ ხელად დაიდგა თავზე მტრედისფერი დიადემა და დაუბრუნდა ძილგამფრთხალ კარლოს.
– უჩა ლანას უყვარს განსაკუთრებით, ხოლო შენ, მჯერა, მე შემიყვარებ… და საერთოდ, ვხვდები ნელ-ნელა, რომ ყველასათვის აუცილებელია ეს…
კარლომ ფრთხილად გადააწვინა თავისი საქსოფონი ლოგინიდან მაგიდაზე და ელისოს დაუთმო მოცარიელებული ადგილი. ელისომ გაიხადა, შეუწვა კარლოს და მფრთხალი შეხებების ფონზე დილამდე უყვებოდა ნორასა და დიტოს, მეგისა და ზაზას ისტორიებს…
დილით კი ვერანდიდან შემოვარდნილმა ხმაურმა წამოგვაგდო ყველანი ფეხზე. გავცვივდით გარეთ და ბეტონზე გაშხლართული მკვნესარე ტასო ვიხილეთ. ვერაფერს მივხვდით და დავიბენით. მხოლოდ ანდრო არ დაბნეულა. მაშინათვე გასინჯა ტასო და დაუდგინა მოტეხილობა მარცხენა ფეხის. დიაგნოზის გაგონებისთანავე შეწყვიტა კვნესა ტასომ და გაიღიმა.
ყველაფერი გაირკვა თანდათანობით. სახურავზე ასულიყო თერძი ტერეზასი და იქიდან გადმომხტარიყო ძირს. ანდროს გულისათვის გააკეთა მან ეს. თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ დაუჯერებლად ჯანმრთელად ვიყავით ყველანი და მოიწყინა ნელ-ნელა ჩვენმა ექიმმა. მოიწყინა ძალიან ჩუმად, ისე, რომ ვერავინ შეამჩნია ეს ტასოს გარდა. მანაც იმიტომ, რომ სულ აღარ სთხოვდა მაკრატელს ბოლო დროს ანდრო. ტასო დააკვირდა მას, მიუხვდა მოწყენილობის მიზეზს და როგორც კი მიუხვდა, გადაწყვიტა, დახმარებოდა. გადაწყვიტა, ავიდა სახურავზე და ისკუპა იქიდან. “საჭირო იყო ხანგრძლივი ავადმყოფობა – გვიყვებოდა მოგვიანებით იგი – იმ ავადმყოფობათა შორის კი, რომელთა გამოწვევაც ხელოვნურად შეიძლებოდა, ყველაზე ოპტიმალური მოტეხილობა იყო. და თანაც, როგორც კი შევხედე ჩვენი სახლის სახურავს, იმწამსვე მივხვდი, რომ იგი იდეალური სიმაღლის იყო იმ აზრით, რომ არც მოვკვდებოდი იქიდან გადმოხტომისას და უვნებელიც არ დავრჩებოდი…”
ტასოს საქციელის მიზეზი რომ გაიგო, ისე გაბრაზდა ანდრო, უარიც კი განაცხადა პაციენტის მკურნალობაზე, მაგრამ მაშინათვე ჰიპოკრატეს ფიცი და სიყვარულის ტერიტორიის კოდექსი შეახსენა ლიზამ და მანაც წაიღო უკან თავისი სიტყვები.
ფანჯარასთან იწვა ტასო და თაბაშირში ჩასმული ფეხი ტელესკოპივით ჰქონდა მიშვერილი ცისკენ. ეს მსგავსება დაჩიმ შეამჩნია, ხოლო ტასომ მისი გაგონებისთანავე ისე ინტენსიურად დაიწყო ფიქრი თავის ფეხ-ტელესკოპზე, რომ თვალდახუჭულმა ერთ ვარსკვლავიან ღამეს იგრძნო, მის შიშველ ფეხისგულზე დაცემულმა მნათობთა შუქმა როგორ გაიარა თაბაშირის მილში, როგორ გაჰყვა მის სხეულში მოძრავ სისხლს, როგორც შევიდა გულში და იქიდან გამოფრქვეული, მის გონებას როგორ დაეფინა ცის ერთი მონაკვეთის ოდნავ გადიდებულ გამოსახულებად. მომხდარმა პირწმინდად დაავიწყა ტასოს ჭრა-კერვა და თავით-ფეხებამდე ასტრონომია-ასტროლოგიაში ისროლა. მეორე დილითვე მან კატეგორიულად მოითხოვა სახელმძღვანელოები ამ დისციპლინებში გასარკვევად და აგრეთვე ლინზები ფეხისგულზე დასაყენებლად. არც ასეთი წიგნები და არც ლინზები არ აღმოჩნდა სახლში, ამიტომ გადაწყდა, მათ შესაძენად ქალაქში უჩა გაგვეგზავნა – ტექნიკური განათლება ხომ მხოლოდ მას ჰქონდა მიღებული და ამ საკითხებშიც ყველაზე უკეთ გაერკვეოდა…
აბსოლუტლაითში სულმთლად ჩაკარგულმა ლანამ სურვილი გამოთქვა გაჰყოლოდა მიჯნურს, მაგრამ ხმამ ბურუსს მიღმა ვერ გააღწია და ჩვენს შორის დარჩენამ მოუწია ამიტომ მას. უჩა კი შეაჯდა აქამდე ეზოში უსაქმოდ მობალახე კუბოკრულ ზებრა ანტონს (ჰორიზონტალური ხაზები ჩვენთან მოსვლისთანავე გაუსვა მას ტასომ) და გასწია ლინზებიანი და ასტრონომიულ-ასტროლოგიურლიტერატურიანი ტოპოსისაკენ. და რაკიღა მიდიოდა, თითო-ოროლა წვრილმანი თითოეულმა ჩვენთაგანმაც დააბარა: კარლომ ზუმფარა საქსოფონისაგან ჟანგის მოსაცილებლად, ელისომ ერიჰ ფრომის “სიყვარულის ხელოვნება”, მეგიმ წითელი მანიკური, ანდრომ საავადმყოფოების სუნი, დაჩიმ რომელიმე ახალი ქალაქური მელოდია, ლიზამ ყოფილ სახლში გადარეკვა და მშობლების, მეუღლისა და შვილების მოკითხვა, ნორამ ჯოხიანი კანფეტი ან კალეიდოსკოპი, დიტომ მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის დაზუსტება, ზაზამ რაიმე მეგისათვის, ტერეზამ ფრანგული სუნამო, მე ჩვენი ტერიტორიის პრივატიზაცია, ლანამ კი გაგება იმისა, ხომ არ გამოვიდა აბსოლუტლაითის გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ მისი ხმა ამჯერადაც ვერ გასცდა ბურუსს და სამი დღის მერე ამობრუნებულმა უჩამ მისი თხოვნის გარდა ასრულებული ამოიტანა სუყველა თხოვნა.
* * *
ლინზები რომ მივამაგრეთ, ფეხ-ტელესკოპმა 70-ჯერ გაზარდა გამოსახულება. მთვარის კრატერების, მზის ლაქების, სატურნის რგოლის, იუპიტერის თანამგზავრების ასე ახლო ხილვით ექსტაზში ჩავარდნილი ტასო მთელი პირველი ღამის განმავლობაში არამიწიერ ფრაზებს გაჰყვიროდა და ყველას ძილი დაგვიფრთხო. ხოლო როცა დილის რიჟრაჟმა საბოლოოდ გააქრო ცის პეიზაჟი, თვალები გაახილა და წაიბუტბუტა: “რა ცუდია, რომ თქვენ ვერ ჩაიხედავთ ჩემს ტელესკოპში…”
რადგან გვარიანად მოიკოჭლებდა ფიზიკა-მათემატიკაში, მან ასტრონომია-ასტროლოგიის სახელმძღვანელოებს ბევრი ვერაფერი გაუგო და კვლავაც უჩას მოუწია დახმარების გაწევა. გათენებიდან დაღამებამდე სასთუმალთან უჯდა იგი ტრავმირებულს და უჩიჩინებდა აზიმუტებსა და ნადირებს. ძალიან არ მოეწონა ლანას ეს და უკმაყოფილებების გამოთქმაც დაიწყო, ხოლო რათა საჭირო ყურებამდე მიეღწია მის პროტესტს, ამ ბოლო დროს რატომღაც ასეთ გაუმტარბოლიან აბსოლუტლაითსიგარეტს თავი დაანება. არავის ეგონა, თუ შეძლებდა ამას იგი, მაგრამ, როგორც ელისომ აღნიშნა, განსაკუთრებული სიყვარული ეტყობა მართლაც ყველაფრის შემძლე იყო.
– განსაკუთრებულო, ლან, რა მესმის, ეჭვიანობ ნუთუ? – განცვიფრდა უჩა, როგორც კი მისი საყვედური გაიგონა.
– არ ვიცი, არა, მაგრამ მე მინდა ვიყო შენს გვერდით და ვისმენდე შენს მიერ წაკითხულ მათემატიკას! – ათრთოლებული ხმით აღმოხდა ლანას.
– კი მაგრამ, რად არ უფიქრდები, ჩემს მეტი ვერავინ რომ დაეხმარება ჩვენს მეგობარს? მოდი, ჩამოჯექი აქვე შენც და გვისმინე. ასტრონომია და ასტროლოგია ხომ არანაკლებ ჟღერადია, ვიდრე მათემატიკა…
შეცბა ლანა. მიხვდა, არ იყო სწორი და თავჩაღუნული მიუჯდა მეორე მხრიდან ტასოს. ჩვენ პირველად ვუყურებდით ლანას მკაფიო, ზუსტ გამოსახულებას და ვფიქრობდით, რომ ის п-ჯერ განატიფებულ მეგიზე არანაკლებ ნატიფი იყო.
უჩას შემწეობით და ლანას მხარდაჭერით ტასო თანდათანობით გაერკვა ასტრონომია-ასტროლოგიის ანა-ბანაში და ფანჯარაში გაყოფილ თავის ფეხ-ტელესკოპს უკვე გააზრებულად უმიზნებდა ცის სხვადასხვა მონაკვეთებს. მაგრამ სწორედ ამ დროს ანდრომ განაცხადა, მოტეხილი ძვლები შეხორცდა და თაბაშირი უნდა მოვხსნაო. კატეგორიული უარი სტკიცა ამაზე ტასომ. ჯიუტობდა ანდროც და ჯანსაღ ფეხზე თაბაშირის დატოვებას სამედიცინო თვალსაზრისით ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევდა. საბოლოოდ ეს კამათი იქამდე მივიდა, რომ ტასომ წივილ-კივილი ატეხა და თავის მკურნალს “ბოროტი ადამიანი” უწოდა. “მე შენს გამო სახურავიდან გადმოვხტი, შენ კი ახლა ყველაზე მგრძნობიარე ორგანო გინდა მომაშორო!” – გაცოფებული უყვიროდა ის შემცბარ ანდროს.
– გეყოფა! – დაუტია ლიზამ საზღვრებსგადასულ მეგობარს და ჩააჩუმა, მერე კი მის მოდავეს მიუბრუნდა და მშვიდად და მტკიცედ უთხრა: “სანამ უნდა, თაბაშირში დაიტოვებს ფეხს ტასო”.
ანდრო გაშეშებული იდგა ერთხანს, მერე კი თქვა: “კარგით, იყოს ისე, როგორც გსურთ, მაგრამ დღეის შემდეგ აღარ წამოსცდეს მაგ გოგოს, რომ სახურავიდან ჩემს გამო ისკუპა. საკუთარი თავის გამო გადმოხტა ის. გადმოხტა, რათა ფეხი ტელესკოპად ექცია…”
– რა ვიცოდი მე წინასწარ… – აღშფოთდა ტასო.
– იცოდი… ალბათ იცოდი… არადა, მე, ეჰ, მეგონა, გიყვარდი განსაკუთრებით… – წარმოთქვა უცებ რაღაც უსაშველოზე უსაშველო სევდით ანდრომ და ტასოსმაკრატელიანი ხელი ჩაიქნია.
– აი, რაში ყოფილა თურმე საქმე! – შესძახა ლიზამ, მერე ტასოს მიუბრუნდა და მიახალა – სულელო, განსაკუთრებით ყვარებიხარ, შენ კი ვერ ხვდებოდი!
– მე კი არა, ის ვერ ხვდებოდა… – ასლუკუნდა ტასო – რაკი ცით დავინტერესდი, ჩათვალა, რომ გულგრილი გავხდი მის მიმართ და ამიტომაც შეეცადა ცას ჩამოვეშორებინე, უტელესკოპოდ დავეტოვებინე…
ახსნა-განმარტებები, მღელვარე საუბარი, ცრემლების ღვრა – ანუ პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩვენს ტერიტორიაზე კვლავაც დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ტასომ უჩას და ლანას სთხოვა, რამდენიმე დღით დაეტოვებინათ მისი საწოლი და მათ ნაცვლად სასთუმალთან დარცხვენილი და ბედნიერებისაგან სახეგაბრწყინებული ანდრო ჩამოისვა.
* * *
ლიზამ, რომელმაც ასეთი დიდი როლი შეასრულა ანდროსა და ტასოს ურთიერთობის მოგვარებაში, უცებ გააცნობიერა, რომ ჩვენს სახლში თითქმის ყველა განსაკუთრებით შეყვარებული იყო. მართლაც: ნორა და დიტო, მეგი და ზაზა, ლანა და უჩა, ელისო და კარლო, ტასო და ანდრო… და თუ თავადაც ვინმეს განსაკუთრებით შეყვარებას დააპირებდა, ან მე უნდა შევეყვარებინე, ან დაჩი. ისე, რომ მაინცდამაინც ბევრი არ უფიქრია, მან დაჩი აირჩია. ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ყველაზე სუსტი ნებისყოფის იყო ჩვენს შორის და ლიზამ, როგორც შინაგანად უსაშველოდ მტკიცე პიროვნებამ, ჩათვალა, რომ მისი განსაკუთრებული სიყვარული დაჩის გაცილებით უფრო დასჭირდებოდა, ვიდრე მე, მითუმეტეს, რომ საწინააღმდეგო არჩევანის შემთხვევაში დაჩი საერთოდ რჩებოდა განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე, რაც მის ისედაც არამდგრად ფსიქიკაზე აშკარად უარყოფითად იმოქმედებდა. რაც შემეხება მე, ალბათ კანონზომიერიც იყო, რომ მხოლოდ მე დავრჩი განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე, ვინაიდან მე ვიყავი ამ ტერიტორიის ყველაზე მკვიდრი მოსახლე და იმაზე, რაც აქ ხდებოდა, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მაწვა. შესაძლოა, სწორედ ეს არ მაძლევდა უფლებას, ამ ტერიტორიის რომელიმე ბინადარი განსაკუთრებით შემეყვარებინა. ჩვენს შორის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე თანაბარი დამოკიდებულება ექნებოდა ყველასადმი. მე მივხვდი ამას, როგორც კი ლიზა და დაჩი ბოლო სატრფიალო წყვილად ჩამოყალიბდნენ და საოცრად ამიჩქროლდა ის სისხლი, რომელთან ერთადაც ჩემმა წინაპრებმა სიყვარულის ტერიტორიის იდეა, მისი ძიების მეთოდები და მოწყობის კონცეფცია გადმომცეს…
ვერანდაზე ვიჯექი ამ სისხლისაჩქროლების დროს, ვუყურებდი, როგორ ფხანდნენ მეგი და დიტო ნეტარებისაგან მოკრუტუნე ტერეზას მუცელს და გონებაში წამოშლილი სურათებით აფორიაქებულს იმ ოთახში შესვლა მომინდა, სადაც სიყვარულის ტერიტორიის მუზეუმი და არქივი იყო განთავსებული. მომინდა და მაშინათვე გამახსენდა, რომ ლამის ერთი კვირა იყო, რაც ცხვირიც კი არ შემეყო იქ. სისხლი – წინაპრების… წინაპრების!.. – მომაწვა სახეზე და სირცხვილისა და დანაშაულის ნარევი გრძნობა დამეუფლა. “რაშია საქმე? – შეშფოთებული ჩავეკითხე საკუთარ თავს – ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ სადღაც (რა სადღაც! ჩემში, თვით ჩემშიც კი!) ბზარი გაჩნდა? რომ ასე ლოლიავით მოპოვებული და შექმნილი სამყარო რღვევას იწყებს?..”
წამოვდექი, ღრმად ჩავისუნთქე გაზაფხულის აპოლონური ჰაერი და არაგაზაფხულური მძიმე ნაბიჯებით გავემართე ზღურბლისაკენ. ცივი გონებით ვცდილობდი, მომხდარი იმ შემთხვევითობისათვის მიმეწერა, კანონზომიერების ფარგლებს რომ არ სცილდებოდა, მაგრამ მორახუნე გული და ნაწყენი სისხლი სულ სხვა სიგნალებს გამოსცემდნენ ჯიუტად. კარი შევაღე და პირდაპირ ზაზას შევეფეთე, რომელიც გარეთ აპირებდა გამოსვლას. გავიფიქრე, რომ მეგისთან მიდიოდა და გვერდი ავუქციე, მაგრამ შემაჩერა მან და მითხრა: “შენი ნახვა მინდოდა სწორედ. სალაპარაკო მაქვს…”
– ჰო… – გავჩერდი და შევხედე. ზაზა თავის წითელ ფრჩხილებს იკვნეტდა და დაძაბული ჩანდა. დავუცადე, მაგრამ უშედეგოდ. იგი ფრჩხილების კვნეტას აგრძელებდა და საუბრის დაწყება აშკარად უჭირდა.
– მუზეუმ-არქივში მივდიოდი. გინდა, გამომყევი, დავსხდეთ იქ და ვილაპარაკოთ წყნარად – შევთავაზე მე მაშინ.
– კარგი… – დამეთანხმა სასწრაფოდ იგი.
* * *
ექსპონატების, ძველი ხელნაწერების, წინაპრების ფოტოების გარემოცვაში როგორც კი აღმოვჩნდი, ხელად სიმშვიდე დამეუფლა. ვიგრძენი, რომ მანიკურიან რაინდსაც გადაედო ეს განწყობა. ჩემი დიდი ბაბუის ტახტზე ჩამოვსხედით და ერთმანეთს თვალებში ჩავუძვერით.
– მე და მეგიმ გადავწყვიტეთ, შევერთდეთ – დაიწყო რაინდმა – შევერთდეთ ბოლომდე, ფიზიკურადაც…
– ძალიან კარგი… – მივუგე მე – თუკი ეს მართლა განსაკუთრებული სიყვარულია, სიყვარულის ტერიტორიის კოდექსი არ არის ამის წინააღმდეგი. პირიქით, იწონებს, მხარს უჭერს…
– ვიცი, ეს ვიცი… – შემაწყვეტინა მან – ამ მხრივ ეჭვი არც შემპარვია…
– აბა თქვენი სიყვარულის განსაკუთრებულობაში არა ხარ დარწმუნებული?
– არა… არც ეგაა…
– მაშინ არ მესმის…
პაუზა და ისევ თავის წითელ ფრჩხილებს მისდგა ზაზა.
– მითხარი… არ შეიძლება, ჩვენს შორის მოსარიდებელი იყოს რაიმე… – შევაგულიანე.
მანიკურიანი რაინდი ფეხზე წამოდგა, ექსპონატებს შორის გაიარ-გამოიარა, ბაბუაჩემის გლობუსთან გაჩერდა, წითლად აღნიშნული წერტილებიდან ერთ-ერთს დააკვირდა და ასე თვალჩაშტერებულმა თქვა:
– მეგის სურს, ეს საბოლოო შეერთება ყველას თვალწინ მოხდეს. ფიქრობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აქტი მეგობრებისაგან მალულად არ უნდა ჩატარდეს… ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, თითქოს მართალია ყველაფერში და მეც ბოლომდე ვეთანხმები თითქოს, მაგრამ გულის სიღრმეში რატომღაც არ მინდა მაინც ამის ასე გაკეთება… ვერც იმას ვხვდები თანაც, ჩემი ნაკლია ეს თუ ინტუიცია მკარნახობს, რომ სიყვარულის ტერიტორიის რომელიღაც დაუწერელ კანონს ვარღვევ ამით… ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ რამდენიმე დღეა საკმაოდ დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა. უკვე სხვა რაღაცეებშიც აღარ გვესმის ერთმანეთის… ასე თუ გაგრძელდა, დაგვენგრევა განსაკუთრებული სიყვარული და… – ზაზა შეყოვნდა, წითელ წერტილს თვალი მოაშორა, მე მომაპყრო მზერა და მერე ტანჯვით ამოთქვა – ბოლო-ბოლო აქ ცხოვრების მორალურ უფლებასაც დავკარგავთ…
გამშრალი ვუსმენდი. რამდენიმეწუთისწინანდელი საკუთარი სულიერი შფოთის შემდეგ ზაზას აღსარების მოსმენა განამტკიცებდა იმ აზრს, რომ სახლში, ტერიტორიაზე ყველაფერი წესრიგში არ იყო. რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს? იქნებ იმას, რომ ყველაფერი დასრულებულად ჩავთვალეთ და ინერციით დავიწყეთ ცხოვრება? ან იქნებ პირიქით, სწორედ იმას, რომ ამ ბოლო დროს ძირფესვიანად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და აქცენტი განსაკუთრებულ სიყვარულზე გადავიდა? მართალია, ერთი საუკუნის განმავლობაში დამუშავებულ ტერიტორიის კონცეფციაში განსაკუთრებული სიყვარული ერთ-ერთ ბუნებრივ გამოვლინებად და მოსახლეთა კიდევ უფრო შემაკავშირებელ გრძნობად ითვლებოდა, მაგრამ შესაძლოა, აქამდე მაინც ვერ იყო ბოლომდე გააზრებული ის სიტუაცია, როდესაც ნამეტანი სიჭარბე უკვე უკუქმედებას იწყებს, ორკაციან მინიჯგუფებად ყოფს თემს და უმთავრესს – საერთო, ყოვლისმომცველ, გამჭოლ სიყვარულს ასუსტებს. ასე იყო თუ ისე, უცებ ცხადი გახდა, რომ მე, როგორც ამ ტერიტორიის იდეოლოგების, მძებნელებისა და მშენებლების მემკვიდრეს, დამიდგა ის წამი, როცა ჩემი სიტყვა უნდა მეთქვა ტერიტორიის ისტორიაში, ახლებურად და არსებული პირობების შესაფერისად გამეაზრებინა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აქამდე იყო დაგროვილი და ჩვენი საერთო ოაზისი დაღუპვისაგან გადამერჩინა. და თან საფიქრელად და ყველაფრის გასაანალიზებლად ბევრი დროც არ იყო. ზაზა იდგა, მიყურებდა და პასუხს ელოდა ჩემგან. ვერანდაზე მეგი ტერეზას ეალერსებოდა და ზაზას გადაწყვეტილებას უცდიდა. მათი საერთო გადაწყვეტილების სისწორეს თუ სიმცდარეს კი შეიძლებოდა ჩვენი თემის ბედზე გადამწყვეტი გავლენა ექონია. და ისედაც, ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა კი იყო, მაგრამ ეჭვი აღარ რჩებოდა, რომ ასეთი კონკრეტული შემთხვევების რაოდენობა უფრო და უფრო მოიმატებდა. ამ ბოლო დღეებში ტასოს, ანდროს, ლანასა და უჩას შორის მომხდარი საქმის გარჩევებიც, აქამდე ასე უწყინრად და თითქმის სახალისოდაც კი რომ ჩანდა, უცებ სულ სხვანაირად აღვიქვი და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი დაწყებული ცუდი პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. და უკვე მხოლოდ ზაზასა და მეგის პრობლემის მოგვარება ვერაფერს მოაგვარებდა. რაღაც პრინციპულად უნდა შეცვლილიყო. თუმცა ეს მაინც ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი სასწრაფოდ მანიკურიანი რაინდისა და п-ჯერ განატიფებულის განსაკუთრებული სიყვარულის გადარჩენაზე უნდა მეფიქრა. და მე წამოვდექი დიდი ბაბუის ტახტიდან, მივედი რაინდთან და ხელი დავადე მხარზე.
– საღამომდე მაცალე… არქივში უნდა ჩავიხედო, დავფიქრდე, ყოველმხრივ ავწონ-დავწონო სიტუაცია… სიჩქარე არ გვარგებს ახლა… მოკლედ, საღამოთი, ვახშმის შემდეგ აქ შევხვდეთ ისევ ერთმანეთს… და გეტყვი ჩემს აზრს…
– კარგი… – დამიქნია თავი ზაზამ, გამიღიმა და წავიდა გასასვლელისკენ. როგორც კი გაქრა მისი ზურგი და კარი მოიხურა, შევცვალე მზერის მიმართულება და იმავე წითელ წერტილს დავაცქერდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ რაინდი დასჩერებოდა.
* * *
წერტილი შუა ციმბირში აღმოჩნდა დასმული. მდინარე კოჩეჩუმაზე, ქალაქ ტურასთან ახლოს. ასე იყო. ჩემი წინაპრები მთელ მსოფლიოში ეძებდნენ სიყვარულის ტერიტორიებს. გლობუსი კარგად რომ დაგეთვალიერებინათ, წითელ წერტილებს იპოვიდით ფილიპინებზე, მადაგასკარზე, ფიჯის კუნძულებზე, ეკვადორში, ტანზანიაში და თვით გრენლანდიაზეც კი. ძებნის მეთოდი თეორიული იყო და ბაბუაჩემის – ფიზიკის პროფესორის, ბიოლოგიასა და გეოლოგიაში გამოკვლევების ავტორის, რელიგიათმცოდნისა და ლინგვისტის მიერ გამოყვანილი ფორმულებით ხორციელდებოდა. აი, პრაქტიკულად კი სიყვარულის ტერიტორია ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში იყო მოძიებული, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მსოფლიოში დღემდე ერთადერთი ასეთი ტერიტორია ფუნქციონირებდა. ამის გამო მეთოდის აბსოლუტურ სისწორეზე თავის დადება ძნელი იყო, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ თეორიულად გამოანგარიშებულ ფართობზე საქართველოს შემთხვევაში პრაქტიკულად მართლაც აღმოჩნდა საძებნი ალაგი, უზომოდ ზრდიდა რწმენას ბაბუაჩემის იმ მატრიცებისადმი, რომელთა შესადგენად და ამოსახსნელად მათემატიკის გარდა საჭირო იყო ლინგვისტური გეოგრაფიის, თეოდიცეის, ფიზიოლოგიის, ალქიმიის და სხვა დისციპლინების ცოდნაც. ბაბუაჩემის კომპლექსური მეთოდით დგინდებოდა ორიდან ცხრამეტ კილომეტრამდე რადიუსის (სიზუსტე მერყეობდა მონაცემების სიზუსტის შესაბამისად) წრიული ფართობი, სადაც შემდგომში სხვა სახის პრაქტიკული ხერხებით უნდა მომხდარიყო სიყვარულის ტერიტორიის აღმოჩენა. თავად სიყვარულის ტერიტორია მამაჩემის გამოთვლებით არ შეიძლებოდა ყოფილიყო 1/l ჰექტარზე ნაკლები და ln10 ჰექტარზე მეტი. იმ წერტილს, რომელსაც ახლა დავყურებდი, მაქსიმალური რიცხვი – 19 ესვა და ეს გასაგებიც იყო, რადგან საქართველოში ციმბირის შესახებ დაწვრილებითი მონაცემების მოპოვება ადრეც საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა და არც ახლა იყო იოლი. სამაგიეროდ, ის პუნქტი, სადაც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებოდით, გლობუსზე მინიმალური რიცხვით – 2-ით იყო აღნიშნული. ბაბუაჩემის მატრიცები სწორედ მის სამშობლოში ამოიხსნა ყველაზე დიდი სიზუსტით და ეს მამაჩემმა მოახერხა ამ ოციოდე წლის წინ. შემდგომი ოცი წელი ამ ორკილომეტრრადიუსიანი წრის შიგნით სიყვარულის ტერიტორიის საზღვრების დადგენას, სიყვარულის ლაკმუსზე მიწის ყოველი გოჯის შემოწმებას, შესაფერისი პიროვნებების მოძიებას და მათ დასახლებას დასჭირდა. და აი, ამოდენა სამუშაოს შესრულებისა და მიზნის (საქართველოში) თითქოსდა საბოლოოდ აღსრულების შემდეგ ჩემს წინაშე ამ ყველაფრის გადარჩენა-არგადარჩენის დილემა დგებოდა.
ღრმად ამოვისუნთქე, გლობუსს ხელი გავკარი და დავაბზრიალე. უცებ ბავშვობისდროინდელი ერთ-ერთი საყვარელი თამაში გამახსენდა, თვალები დავხუჭე და საჩვენებელი თითი მინიდედამიწის რომელიღაც წერტილს ვატაკე. თვალები რომ გავახილე და შევხედე, აღმოჩნდა, რომ ჩადში, 3415 მეტრი სიმაღლის მთა ემი-კურის სიახლოვეს ვიმყოფებოდი, ყველაზე ახლო წითელი წერტილი კი მის სამხრეთით, მდინარე შარიზე მდებარეობდა, ჩადის ტბისა და დედაქალაქ ნჯამენას ცოტათი ქვემოთ. მაგიდიდან სანტიმეტრი ავიღე, ჩემი პუნქტიდან წითელ წერტილამდე მანძილი გავზომე, გლობუსის მასშტაბზე გადავიყვანე და 1200 კილომეტრი მივიღე. ეს საკმაოზე დიდი ცდომილება იყო. საერთოდ, კარგ შედეგად მიმაჩნდა, თუ თითს რომელიმე წერტილიდან 500 კილომეტრამდე რადიუსში გავარტყამდი, 1000 კილომეტრამდე რადიუსს დამაკმაყოფილებელ შედეგად ვთვლიდი, ხოლო უფრო მეტს უკვე არადამაკმაყოფილებლად. რაც შეეხება ზუსტად რომელიმე წერტილში მოხვედრას, მახსოვს, თერთმეტი წლის ასაკში ერთი პერიოდი იმით ვიყავი დაკავებული, დამედგინა, თუ ასე ბრმად რამდენი მცდელობის შემდეგ აღწევს ადამიანი დასახულ მიზანს. უამრავი ცდის ჩატარების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი წვრილი თითი საშუალოდ 50 შემთხვევიდან ერთხელ ხვდებოდა სიყვარულის ტერიტორიის შემცველ წერტილში. ეს იყო ჩემი პირველი გამოკვლევა ალბათობის თეორიაში, თუმცა მაშინ მაინცდამაინც არ დავკვირვებივარ იმ დეტალს, რომ მოხვედრის ალბათობა შესამჩნევად გაიზრდებოდა, თუ ამ თამაშს ჩემს ნაცვლად კოტიტათითება მამაჩემი ითამაშებდა და შესამჩნევად შემცირდებოდა, თუ თითის ნაცვლად გლობუსს კალმისტრის წვერს ან კიდევ უარესი, ქინძისთავს ატაკებდა ნებისმიერი ჩვენთაგანი – მე, მამაჩემი, დედაჩემი თუ შემთხვევით შემოსწრებული რომელიმე სტუმარი. ასე იყო თუ ისე, ჩემს ბავშვურ ცნობიერებაზე საკმაოდ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ასე ალალბედზე თუნდაც ორმოცდაათი შემთხვევიდან ერთხელ მაინც ვხვდებოდი იმ ადგილას, რომელსაც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ასე დაუცხრომლად ეძებდნენ ჩემი წინაპრები. მახსოვს, ეს აზრი მამაჩემსაც კი გავუზიარე, ხოლო მან თბილად გამიღიმა და მითხრა, გლობუსზე თითის ტაკებით ასე ხშირად სიყვარულის ტერიტორიებზე (წესით, მამაჩემს უნდა ეთქვა “სიყვარულის ტერიტორიის შემცველ წრიულ ფართობებზე”, მაგრამ ამდენი აღარ დაუკონკრეტებია, რადგან ასაკის გამო ასეთ ნიუანსებში მაშინ ვერ ვერკვეოდი და გლობუსის წითელი ადგილები ჩემთვის მთლიანად სიყვარულის ტერიტორიებს წარმოადგენდა) მოხვედრა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ეს ტერიტორიები აღმოჩენილი და მონიშნულიაო. მე ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და ვკითხე, ეს ადგილები წითლად რომც არ იყოს გაფერადებული, იქ ხომ მაინც ორმოცდაათში ერთხელ მოვხვდები-მეთქი. კი, მაგრამ არ გეცოდინება, იქ რომ მოხვდი და ამიტომ ამას არც არავითარი აზრი არ ექნებაო – მიპასუხა მან. უფრო კარგად რომ გამეგო, რასაც გულისხმობდა, ასეთი მაგალითიც მოაყოლა ნათქვამს: ეს იმას გავს, იცოდე, რომ ყოველი ორმოცდაათი ლატარიიდან ერთი იგებს, მაგრამ თუ არ იცი, რომელი იგებს, განა რა აზრი აქვს ასეთ ცოდნასო… მოკლედ, გლობუსის ამ დაბზრიალებამ ბავშვობის მოგონებები ამიშალა, მაგრამ დროზე გამახსენდა, რომ ცაიტნოტში ვიმყოფებოდი, სასწრაფოდ შევეშვი წარსულს, აწმყოში დავბრუნდი და უნებურად ჩატარებული ტესტის არადამაკმაყოფილებელი პასუხი – 1200 კილომეტრი – კვლავ რომ ამომიტივტივდა გონებაში, ცუდად მენიშნა და გულმა რეჩხი მიყო.