შეჯამება, რომელიც 2002 წლის ბოლოს უნდა დაწერილიყო, მაგრამ მიზეზთა გამო მხოლოდ 2003-ში დავჯე მის საწერად
გასული წლის ნავაჭრი და წლევანდელი შავი ბაზარი
ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს, რომ ჩვენი დანართის პირველი ნომერი თბილისის წიგნის ფესტივალს დავამთხვიეთ, თუმცა მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, ასეთი მნიშვნელოვანი თუ აღმოჩნდებოდა წიგნის ეს, რიგით მეოთხე დღესასწაული. მისი მნიშვნელობა პირველ რიგში ფესტივალის მასშტაბებში, სტუმრების სიმრავლესა და გაყიდული წიგნების რაოდენობაში გამოიხატა (მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის პირველი დღე კინაღამ ჩააგდო პრეზიდენტის ვიზიტმა), მეორე მხრივ კი, როგორც ჩანს, სწორედ ფესტივალი გახდა საწინდარი თუ მეკვლე იმ სიახლეებისა, რამაც წლის ბოლოს საფუძველი მომცა ჩემს თავთან მეღიარებინა (თანაც სიამოვნებით), რომ ქართული საგამომცემლო საქმე უკვე აღარაა მითი ან თითო-ოროლა “ახირებული” კაცის სევდიანი გასართობი, არამედ რეალობა, თანაც სისხლსავსე რეალობა.
ეს სიახლეები კი შემდეგში მდგომარეობს: 1. ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა რამდენიმე ბესთსელერი. 2. გაიხსნა ახალი წიგნის მაღაზია “პარნასი” (მემგონი უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ასეთი ფაქტი ქართველებს არც გვახსოვს – თუ არ ჩავთვლით უცხოური წიგნის რამდენიმე მაღაზიას. ამ დროის მანძილზე ხომ პირიქით იყო, წიგნის მაღაზიებს რესტორნებად და სხვა არაწიგნიერ დაწესებულებად აქცევდა ხოლმე უხილავი “ჯადოქარი”, თანაც ერთი ხელის დაკვრით). 3. მწერალთა გარკვეული ჯგუფი უკვე გამომცემელთა დაკვეთებით მუშაობს და რაც მთავარია, 4. საქართველოში პირველად, ამდენი ხნის განმავლობაში, გაჩნდა წიგნის შავი ბაზრის “საშიშროება” (ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, ისე კი ფაქტია, რომ ზოგიერთ წიგნსა თუ პერიოდულ გამოცემას უკვე სანთლით ეძებს მკითხველი).
დღეს, 2003 წლის პირველ კვირებში უკვე თამამად შეიძლება ითქვას, გასული წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა წიგნის მოყვარულთათვის და გამომცემლებისთვის – უპირველეს ყოვლისა კი იმ ზემოხსენებული რამდენიმე ბესთსელერის წყალობით. ასეთი წიგნები წინა წლებშიც იყო, მაგალითისთვის ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული აკა მორჩილაძის “რომნებიც” იკმარებდა, მაგრამ 2002-ში პირველად დაიხატა რეალური სურათი იმისა, რომ ხალხი ნამდვილად ყიდულობს წიგნს. მობეზრებული საუბრები იმის შესახებ, რომ – “ძმაო, საქართველოში წიგნი 300-ზე მეტი ტირაჟით არ უნდა გამოსცე” – წარსულს ჩაბარდა, ასევე გადავეჩვიეთ უფერულ, მრავალკორექტურიან და ურედაქტორო-უპატრონო გამოცემებსაც. ეგ კი არადა, კარგად კომენტირებულ და სახელ-საგან-საძიებლებში “ჩაძირულ” წიგნებსაც ვეღირსეთ. თუმცა ერთიც არის, ის წიგნები, რომლებიც ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვერაფრით გააოცებს კარგი ლიტერატურის მოყვარულთ, იმ ადამიანს, ვინც რა თქმა უნდა ხარობს ასეთი ბუმის შემხედვარე, მაგრამ ვისაც გულის სიღრმეში მაინც ეღიმება უკეთესი დროების მოლოდინში. არა უშავს, მალე იმედია მათთვისაც გადმოაქართულებენ პრუსტებსა და მეთიურინებს, სელინებსა და ბროხებს, დიობლინებსა და პაპინებს.
ზემოთ ვთქვი, გადმოაქართულებენ მეთქი და თქვენც იკითხავთ, ქართულმა წიგნმა რაღა დააშავაო, მაგრამ რა ვუყოთ, რომ გასულ წელს სწორედ გადმოქართულებულმა, ნათარგმნმა წიგნებმა გააცოცხლა ქართული წიგნის ბაზარი. აი ისინიც: “დიოგენეს” მიერ გამოცემული “ალი და ნინო”, და ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული “ჰარი პოტერი”, წიგნები, რომელთაც ზოგი ერთგვარი ირონიით აფასებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ წიგნებმა ქართული საგამომცემლო საქმე იხსნა და საკითხავად ჩაახრევინა თავი ათასობით უქმად მორბენალ ახალგაზრდასა თუ გაკაპასებულ ასაკოვანს.
ამ წიგნების სისუსტეებზე, ღირსებებსა თუ პოპულარობის მიზეზებზე როგორმე სხვა დროს მოგითხრობთ, ახლა კი სჯობს წიგნის მაღაზია “პარნასშიც” შევიაროთ (ჭავჭავაძის 22-ში), კარგად დავაკვირდეთ მყიდველებს და ერთი პატარა “ქარაქტეროლოგიური ესეც” გამოვაცხოთ.
ინტერმეცო: მიველ ვნახე
მყიდველებს შორის ორი ძირითადი კატეგორია შეიძლება გამოვყოთ: გაბადრულები და მოღუშულები და თითოეულს ცალკე ქვეკატეგორიები შეგვიძლია მივაბათ. გაბადრულების პირველ ქვეკატეგორიაში შევიყვანდი ერთი, წინასწარგანსაზღვრული წიგნის საყიდლად შესულ გოგონებსა თუ ქალბატონებს და ეს ერთი წიგნი შეიძლება სულაც ზემოხსენებული ორი წიგნიდან რომელიმე აღმოჩნდეს. მეორე ქვეკატეგორიაში შევიყვანდი იმ ხალხს, ვინც შესვლისთანავე პარკს მოითხოვს, დაივლის და განურჩევლად ჩაალაგებს ყველა წიგნს, რომელზეც თვალს დაასობს, გული აუჩქროლდება და ხელი წაუცდება. მესამე ქვეკატეგორია იმათია, ვინც მხოლოდ ხანგრძლივი ფურცვლისა და ტექსტის გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ შეიძენს ერთ ან ორ წიგნს. მეოთხენი თითქმის მთელ დღეს მაღაზიაში ატარებენ, ყურადღებით არჩევენ წიგნებს, საუბარსაც ასწრებენ, ბოლოს კი, როცა სალაროსთან მივლენ, აღმოჩნდება, რომ ნაყიდი ათზე მეტი წიგნისთვის ფული არ ჰყოფნით. აძრობენ მობილურებს, რეკავენ მეგობრებთან, ანდა სულაც შინ და მაღაზიაში იბარებენ ამ ღვთისნიერ ხალხს. და ბოლოს, გაბადრულების კატეგორიას აგვირგვინებს მეხუთე ქვეკატეგორია. ესაა გაბადრული ქურდი, ის ვინც გაბრწყინებული თვალებითა და სანახევროდ გახსნილი ქურთუკით დააბიჯებს თაროებს შორის, შემდეგ კი ხელცარიელი და უბეგამოვსებული, კომპლიმენტებით ენადამტკბარი ემშვიდობება გამყიდვლებს.
ახლა მოღუშულებსაც მივხედოთ და აღვნიშნოთ, რომ მათი უმთავრესი და უპირველესი ქვეკატეგორია, რა თქმა უნდა უფულო და ერთი წიგნის შესათვალიერებლად შესულ მყიდველებს მოიცავს, თუმცა ის ერთი წიგნი ალბათ ნამდვილად არ დაემთხვევა იმ ზემოხსენებულ ორ წიგნს, რადგანაც ყველაზე ხშირ შემთხვევაში ესეთი უფულოები სწორედ იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნებიან, ვინც ირონიით უყურებს ამგვარ წიგნებს (ისე, გულის სიღრმეში ეს მოღუშულიც იბადრება, იმიტომ რომ წიგნის მაღაზიაშია). მეორე ქვეკატეგორიაში ის ადამიანები მოხვდებიან, ვინც პირველებს შემოყვნენ, საერთოდ არ აინტერესებთ წიგნი და ერთი სული აქვთ როდის დაასრულებს ფურცვლას მისი მეგობარი, რათა ერთადერთი ორლარიანით (2 ლარით ხომ წიგნს ვერ იყიდი) ლუდი დალიონ. მესამეებს ფულიც აქვთ და იმის საშუალებაც, რომ წიგნები amazon.com-ით გამოიწერონ, მაგრამ უბრალოდ იღუშებიან, ეგეთი ტიპები არიან და იმიტომ. მეოთხე ქვეკატეგორიაში ძირითადად მშობლები თავსდებიან, ისინი, ვინც იძულებულები არიან თავიანთი შვილებისთვის წიგნები იყიდონ და ბოლოს, ისევ ქურდები, ამჯერად მოღუშული ქურდები, გინებით, აყალმაყალით და გამოვსებული ან დაცლილი უბეებით რომ ტოვებენ მაღაზიას.
სულ ესაა, თუმცა არა, კიდევ ერთი, ყველაზე საშინელი კატეგორია დამავიწყდა, რომლის წევრებიც (და მათი სახელი ლეგიონია), ვაჟას თქმისა არ იყოს, “წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს, მეარღნეს აძლევს მანეთსა”. ეგეთებს წიგნის მაღაზიაში რა უნდაო, მკითხავთ თქვენ და გიპასუხებთ: ეგენი შემთხვევითი ხალხია, ზოგი გაბადრული და ზოგიც მოღუშული, წიგნის მაღაზიაში უაზროდ შემოხეტებული (ან ყავის სახლიდან, ან მეზობელი ბუტიკიდან, ანდა სულაც “ლევონ თრეველიდან”).
მაგრამ მოდით, დიდხანს ნუ შევჩერდებით მათზე და იმ წიგნების შესახებაც ვთქვათ ორი სიტყვა, შარშან რომ გამოიცა და გაგვახარა.
“დილიხორით” ნათარგმანები
გაგვახარა მეთქი, ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, დარჩა რამდენიმე შესანიშნავი წიგნი, რომელმაც ან მცირე ტირაჟის, ანდა გამომცემელთა უყურადღებობის გამო კარგად ვერ მიაღწია მკითხველამდე. მაგალითად, დავით წერედიანის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებული პასკალ კინიარის “ყოველი დილა ქვეყანაზე”, ცუდი მიწოდების გამო თითქმის ვერ შეამჩნია საზოგადოებამ. 2001 წელს გამოსული ვახუშტი კოტეტიშვილის “ჩემი წუთისოფლის” (ალბათ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემის) ეკზემპლარები კი, მემგონი არც ერთი ცალი არ გადმოჰყოლია 2002 წელს.
ასეთი მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება, მაგრამ ისევ ბატონი ვახუშტის სახელი მკარნახობს და მეც მისივე “აღმოსავლურ-დასავლური დივანით” დავიწყებ ბლიც მიმოხილვას (რეცენზია ამ წიგნის შესახებ იხ. ჩვენი დანართის დღევანდელ ნომერში).
შარშანდელი ლიტერატურული წელი ამ წიგნის პრეზენტაციამ დააგვირგვინა, ანუ წლის ბოლო, ეფექტური აკორდი ისევ მთარგმნელისა აღმოჩნდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ საღამოზე დედანს თარგმანი ენაცვლებოდა, მასწავლებლის წაკითხულს – მოსწავლეების ხმა, კლასიკოსებს – თანამედროვეები. პოეზიის მოყვარულები დიდხანს ელოდნენ ამ წიგნს და იგი, ავტორის ე.წ. საპროგრამო წინასიტყვაობით აღჭურვილი, უკვე ჩვენს ხელთაა. ჩვენ უკვე ვკითხულობთ “დიოგენეს” მიერ გამოცემულ ამ წიგნს, ვკითხულობთ ხმამაღლა, ერთმანეთს ვუკითხავთ შესანიშნავ ლექსებს, რომელიც თავის დროზე მხოლოდ “დილიხორით” (როგორც ავტორი ბრძანებს) ითარგმნებოდა. ეს წიგნი ვახუშტი კოტეტიშვილის პოეტურ გატაცებათა ნაყოფია.
ასეთივე გატაცებაა ლევან ბერძენიშვილისთვის არისტოფანეც, ოღონდ ეს გატაცება წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო ფართო მკითხველისთვის. ამ თარგმანების შესახებ ბევრს უბრალოდ სმენოდა, ბევრს წაკითხული ჰქონდა ისინი და ზოგი მათგანი მადლიანი ძველბერძნული უხამსობების ბერძენიშვილისეული, მოქნილი შესატყვისობებითაც იწონებდა ხოლმე თავს. “ლოგოს პრესის” მიერ გამოცემული ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია კლასიკური ლიტერატურის მოყვარულთათვის და იგი მხოლოდ ნაწილია იმ ხუთტომეულისა, რომელმაც არისტოფანეს ყველა კომედია უნდა მოიცვას.
კლასიკური ლიტერატურა ვახსენე და უნდა გითხრათ, რომ გასული წელი საკმაოდ უხვმოსავლიანი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. მაშინ, როცა ქართული კლასიკური ლიტერატურის აკადემიური გამოცემები თითზე ჩამოსათვლელადა გვაქვს, ჩვენ ისევ თარგმანებით შეგვიძლია თავი მოვიწონოთ და პირველ რიგში ეს ერაზმუს როტერდამელის “სისულელის ქებას” ეხება (“ლოგოს პრესი”). ეს შესანიშნავი წიგნი ქალბატონ ლალი კოჭლამაზიშვილის მრავალწლიანი შრომის შედეგია. პირადად მე, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ასეთი გამოცემა არ მახსოვს. ბრწყინვალე თარგმანი, მოზრდილი წინასიტყვაობა და ვრცელი, ამომწურავი კომენტარები ის ღირსებებია, რომლებიც ამ წიგნს წლის მოვლენად აქცევს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე გვაქვს სათარგმნად ურთულეს, წასაკითხად კი საგანცხრომო ტექსტთან.
საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ გამომცემლობები “ლოგოსი” და “ლოგოს პრესი” გამონაკლისს წარმოადგენენ თანამედროვე საგამომცემლო სივრცეში, იმ თვალსაზრისით, რომ მათ კარგ სამეცნიერო ლიტერატურაზე და აკადემიურ გამოცემებზე აქვთ ძირითადი აქცენტი. გასულ წელს გამოცემულ წიგნებს შორის უსათუოდ აღნიშვნის ღირსია ზურაბ კიკნაძის “ქართული ხალხური ეპოსი”, რისმაგ გორდეზიანის “ბერძნული ლიტერატურა” ტ. 1, დამანა მელიქიშვილის “ქართული ზმნის უღლების სისტება”, მარიკა ერქომაიშვილის “კირკეს მითი და მისი ინტერპრეტაცია ანტიკურ ლიტერატურაში”, პიტერ ბერკის “ისტორია და სოციალური თეორია”, თუმცა წლის ყველაზე საინტერესო და გაბედულ სამეცნიერო პროექტად მაინც კრებული “გალაკტიონოლოგია” მოჩანს, დიდი პოეტის ახდენილი ოცნება, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად გამოვა (დღევანდელ ნომერში მის შესახებაც ნახავთ რეცენზიას).
თარგმნილი კლასიკით თავის მოწონებაზე მოგახსენებდით, ამის საფუძველს კი “ლოლიტას” თამარ ლომიძისეული თარგმანი (“ლოგოს პრესი”), “დიოგენეს” მიერ გამოცემული ასტრიდ ლინდგრენის “ყაჩაღის ასული რონია” და ბორის ვიანის “დღეთა ქაფიც” გვაძლევს. ამავე გამომცემლობამ დაბეჭდა დიდი ხნის წინ, ქალბატონ ცისანა ბიბილეიშვილის მიერ ნათარგმნი და წლების განმავლობაში ქსეროკოპირებისთვის განწირული ფერდინანდ დე სოსიურის კლასიკური ნაშრომი “ზოგადი ენათმეცნიერების კურსი”.
კიდევ ერთ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს “მერანის” გამოცემული თომას მანის “დოქტორი ფაუსტუსი”, წიგნი, რომელიც, მთარგმნელისა და გერმანისტის, კარლო ჯორჯანელის დიდი ხნის შრომის ნაყოფია და თუკი მას დალი ფანჯიკიძის თარგმანებსა და ალმანახ “საგურამოს” ნომრებში დაბეჭდილ “იოსებსაც” მივუმატებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე წელიწადში თომას მანის თხზულებათა ტომეულებსაც მოვესწრებით.
მთლიანად თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას მიეძღვნა ორი სქელტანიანი ალმანახი: “ქართულად ნათარგმანები” (“არილი”) და “ახალი დროების” მეორე ნომერი (“აზრი”). ამ ორი გამოცემის შესახებ ჩვენს გაზეთში ვრცელი რეცენზიები დაიბეჭდა, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ მათზე საუბრით და უბრალოდ დავსძენ, რომ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში თარგმნილი თუ სათარგმნი ტექსტები გარკვეულ სადნობ ქვაბს, ტიგელს ქმნიან, საიდანაც ხშირად ჩვენებური “ფერადი ლითონი”, ანუ ქართული პროზისა და პოეზიის უახლესი შენადნობი გადმოდინდება ხოლმე.
მიჯრით მიწყობილი
სწორედ ასეთი შენადნობია აკა მორჩილაძის ბოლო რომანი “სხვა” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”). ავტორმა ბევრი რამ გადაადნო და გადახარშა, კლასიკური დეტექტივი, ძველი ამერიკული კინო მთელი თავისი ატრიბუტიკით და ყველაფერი ეს ისევ წერასა და მის ალქიმიურ ბუნებასთან მოაბრუნა, თანაც თავად ტექსტიც ხომ სწორედ ასეთი ალქიმიის ნაყოფია, სადაც აკამ გაცვეთილი დასავლური მეტალებისგან ოქრო, ანუ პირველი ქართული დეტექტივი მიიღო.
გასულ წელს, თითქმის სრულად, ახლიდან გამოიცა კიდევ ერთი ასეთი დეტექტივის (ოღონდ, ალაგ დეტექტივის), “დაეძებდას” ავტორის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებები. ორმა გამომცემლობამ, “მარსმა” და “სანიმ” ერთდროულად დაბეჭდეს კლასიკოსის მოთხრობების კრებული, “ვატერპოლოო”, “ძნელი”, “ძმისავ” და “სამოსელი პირველი”. “სანისვე” გრიფით გამოვიდა კიდევ ერთი კლასიკოსის, რეზო გაბრიაძის “ქუთაისი ქალაქია”, წიგნი, რომელსაც – თუკი გამომცემელი (იქნებ რეჟისორიც) მოინდომებს – ისეთივე მომავალი ექნება, როგორიც ამავე ავტორის “უცხო ჩიტს”.
წლის ბოლოს გამოვიდა გივი მარგველაშვილის პიესების კრებული და საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ დეკემბერში ახალი სუნთქვა გაეხსნა “კავკასიური სახლის გამომცემლობას”. მათ ლამის ერთდროულად გამოსცეს რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი: ნანული აზიკურის მიერ შედგენილი “ხმით ნატირლები”, რაინერ მარია რილკეს “წერილები ახალგაზრდა პოეტს”, მარსიანის “კრიტიკა”. გამოიცა ახალი სერიის, “ახალი ქართული პოეზია”, პირველი წიგნიც, ზურა რთველიაშვილის ლექსები.
პოეზიას რაც შეეხება, ამ მხრივ გასული წელი ბევრით ვერაფრით დაიკვეხნის (რაოდენობას ვგულისხმობ), თუმცა იმ თითო-ოროლა კრებულის ავტორებიდან ყველა აღნიშვნის ღირსია: ბესიკ ხარანაული, ტარიელ ჭანტურია, ჯუანშერ ტიკარაძე, დათო მაღრაძე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბესიკ ხარანაულმა 2002 წელს სულ სხვა, ახალი წიგნით დაგვამახსოვრა თავი. “ამბა ბესარიონის ამბავი” სამი ნომრის განმავლობაში იბეჭდებოდა ჟურნალ “არილში” და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ წლევანდელი საგამომცემლო წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად სწორედ ამ ნაწარმოების ცალკე წიგნად დაბეჭდვა იქცევა.
წელს ალბათ ოთარ ჭილაძისა და ოთარ ჩხეიძის ახალი რომანებიც წიგნად აიკინძება. 2002-ში “გოდორი” და “2001” “მნათობსა” და “ჩვენ მწერლობაში” იბეჭდებოდა გაგრძელებით.
გურამ რჩეულიშვილის პირველ ორ ტომზე (“საარი”), გურამ გეგეშიძის, ზაირა არსენიშვილის (“მერანი”), ზაზა ბურჭულაძისა და დათო ტურაშვილის (“აზრი”) რომანების შესახებ ჩვენი გაზეთი უკვე მოგითხრობდათ, დღევანდელ ნომერში კი გასული წლის კიდევ ერთ სიახლეზე, ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულზე, “ჯადოზე” იხილავთ რეცენზიას.
ეპილოგი ნაბახუსევით
მაშ ასე, დაიწყო ახალი ლიტერატურულ-საგამომცემლო წელი და ამ ორი ტყუპის ქართველ მსახურთა უმრავლესობაც ტრადიციული მძიმე “პახმელიით” შეეგება მას. სუფრების გადამკიდე, ბევრი მხოლოდ საშობაოდ შეუდგა საქმიანობას. ნაახალწლევს, პირველი აღწერის შემდეგ გაიხსნა ახალი წიგნის მაღაზიაც და აი, კიდევ ერთი სიახლე, ოღონდ უკვე ამ ახალი წლისა. დღევანდელ ნომერში ჩვენს გაზეთს პირველად მიეცა შესაძლებლობა ყოველთვიურად ბესთსელერების სიებიც გამოექვეყნებინა. აქამდე ბევრს ვეცადეთ, ვთხოვეთ რამდენიმე მაღაზიას, მაგრამ ზოგი უარზე დადგა, ზოგმაც თავი ვერ მოაბა ამ რთულ საქმეს, თუმცა არა უშავს, დღეს ერთი მაღაზიით დავიწყოთ და ხვალ იქნებ სხვებიც გამოჩნდნენ.
ისე, ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, წელს უფრო საინტერესო რამეებს უნდა ველოდოთ ყველასგან, მწერლებისგანაც, მთარგნელებისგანაც და გამომცემლებისგანაც. დანარჩენი კი მკითხველთა გემოვნების საქმეა.
© “წიგნები – 24 საათი”