ავტორი: დევიდ კიპენი
თითქოს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ ისურვეს და ორივე, შექსპირიც და მიგელ დე სერვანტესიც, 1616 წლის ერთსა და იმავე დღეს მიიცვალა.
თითქმის ერთ დღეს. რეალურად, მათ გარდაცვალებასა თუ დაკრძალვას 2 კვირა აშორებდა, ვინაიდან, კათოლიკური ესპანეთის გრიგორიანული კალენდარი პროტესტანტულ ინგლისს 11 დღით ჩამორჩებოდა.
ამის მიუხედავად, ორივე მწერლის კალენდარი ხომ 23 აპრილს აჩვენებდა. ამიტომ არაფერი დაშავდება, თუ ვენდობით ჰამლეტის დარიგებას, გონება ფიქრს რეალობად რომ აქცევს, და ასევე დონ კიხოტის რწმენას, რომ ჩვენი ქარის წისქვილები მისთვის გიგანტებია. მერე კიდევ იტყვიან, ფარდობითობა აინშტაინმა აღმოაჩინაო.
შექსპირისა და სერვანტესის დანატოვარი შთამომავალთა შემოქმედებაში არაერთხელ გადაიკვეთა, მაგრამ მაინც დასანანია, ერთმანეთს სიცოცხლეშივე რომ ვერ შეხვდნენ.
თუ შეხვდნენ?
ცელქი მწერლები არაერთი თეორიით ირწმუნებიან, რომ შექსპირისა და სერვანტესის გზები შესაძლოა კიდეც გადაიკვეთა, რისი წარმოდგენაც, იმ დროის გეოპოლიტიკის – ინგლისსა და ესპანეთს შორის არადეკლარირებული ომის გათვალისწინებით, კიდევ უფრო სახალისოა.
ყველაზე პოპულარული კონსპირაციის მიხედვით შეხვედრა შექსპირის „დაკარგულ წლებში“ (1585-1592) უნდა მომხდარიყო. განსაკუთრებით შესანიშნავი წარმოსახვის პატრონნი იმასაც სპეკულირებენ, თითქოს 1588 წელს არმადას დამარცხებამდე შექსპირი ბრიტანეთის სამეფო ტახტის დავალებით ესპანეთში სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდა. მოკლედ, ლიტერატორები ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ შვიდ წლიანი სიცარიელის შესავსებად.
მაგრამ, შექსპირსა და სერვანტეს შორის რაიმე სახის თანამშრომლობა სხვებსაც რომ დააჯერონ, ლიტერატურულ მაჭანკლებს ასე შორს გაჭრა სულ არ სჭირდებათ. მარტივად, უნდა განაგრძონ ერთ ძველი პიესის – „ორმაგი სიცრუე; ან გაჭირვებული შეყვარებულების” კვლევა.
ყველაფერი 1612 წელს დაიწყო, როცა განათლებულმა, ორენოვანმა, ამ შემთხვევაში მართლა ჯაშუშმა ირლანდიელმა, თომას შელტონმა “დონ კიხოტის“ პირველი ნაწილი თარგმნა. ინგლისურენოვანი სამყარო მახვილგონიერი რაინდის თავგადასავალს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. იმ დროის ბესტსელერიც კი გახდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, ხანდაზმულმა უილიამ შექსპირმა და მისმა პროტეჟე ჯონ ფლეტჩერმა ერთობლივად დაწერეს პიესა „კარდენიოს ისტორია“. სწორედ იმ „დაფლეთილი განდეგილი“ კარდენიოსი დონ კიხოტს 23-ე თავში რომ გადაეყრება და 100 გვერდს რომ მოანდომებენ მის სატრფოსთან ხელახლა შეყრას.
იმასაც ამბობენ, 1613 წელს, სერვანტესის პერსონაჟმა ბრიტანეთის სცენაზე ფეხი სწორედ შექსპირის დახმარებით შედგაო. მაგრამ, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ „გლობუსის“ თეატრი პირველად სწორედ ამ პერიოდში დაიწვა, ხოლო ფლეტჩერისა და შექსპირის „კარდენიო“ დოკუმენტურ წყაროებში 1727 წლამდე არც გამოჩენილა – სანამ ლუი თეობალდმა (შექსპირის მოწინავე მკვლევარმა და საშუალო დონის დრამატურგმა) პიესის ადაპტაცია „ორმაგი სიცრუე“ არ დაწერა.
თეობალდი ირწმუნება, რომ „კარდენიოს“ სამი ხელნაწერი დაამუშავა, რომლებმაც მოგვიანებით კოვენტ გარდენის თეატრის მუზეუმში დაიდეს ბინა. ვერასდროს გავიგებთ, მართალს ამბობს თუ არა, რადგან 1808 წელს მუზეუმიც ხანძარს ემსხვერპლა.
მოკლედ, ამდენ სათუო ფაქტს თუ ვირწმუნებთ, შექსპირს სერვანტესის პერსონაჟის მიხედვით პიესა დაუწერია. იმდენად ჩახლართული ისტორიაა, შეიძლება კიდეც მისი დაჯერება. მაგრამ მაინც რთულია თავი დავაღწიოთ სენტიმენტს, რომ ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ განწირულ გულშემატკივართა მცდელობაა შექსპირისა და სერვანტესის ერთ კადრში გამოსაჭერად. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორ ბუმბერაზს ლუდის დასალევად შეხვედრა რომც გადაეწყვიტათ, კალენდრის მუხანათობით ერთ-ერთს 11 დღით დააგვიანდებოდა.
მათი საერთო ფოტოსურათი მხოლოდ ჩვენს გონებაში თუ იარსებებს სრულყოფილად. გსმენიათ, ისტორია ორ ევროპელ, წვერით დამშვენებულ ყმაწვილზე, მეჩვიდმეტე საუკუნეში ერთმანეთს ბარში რომ გადაეყარნენ?
პირველმა უთხრა: „მოდი დავლიოთ და თანამედროვე ლიტერატურა გამოვიგონოთ.“
მეორემ უპასუხა: „კარგი, მაგრამ უკეთესმა მწერალმა სასმისის საფასური უნდა გადაიხადოს.“
„რომელი ვჯობნით, როგორ გავიგოთ?”
„ამბობენ, კარგები ახალგაზრდები იღუპებიანო. ვინც გაასწრებს, ის ყოფილა საუკეთესო“.
© არილი