სამხრეთ კალიფორნიის ვიტერბის საინჟინრო სკოლის მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაადგინეს, რომ ლიტერატურაში მამრობითი პერსონაჟების რაოდენობა ქალებისას ოთხჯერ აღემატება. კვლევის ხელმძღვანელი, მაიანკი კეჯრივალი, გენდერული მიკერძოების შრომებმა შთააგონა. ექსპერიმენტის განსახორციელებლად ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მეთოდები გამოიყენა და თანაშემწე აკარშ ნაგარაჯანთან ერთად, გუტენბერგის პროექტის 3000 სხვადასხვა ჟანრის წიგნის მონაცემი დაამუშავა.
სახელდებითი ამოცნობის მეთოდით (NER) შეისწავლეს ნაცვალსახელები. აგრეთვე დააკვირდნენ პერსონაჟთა სტატუსსაც – რამდენად მთავარ ან მეორე ხარისხოვან როლს თამაშობენ სიუჟეტში.
“გენდერული მიკერძოება სახეზეა. ლიტერატურაში ოთხჯერ ნაკლები ქალია, რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს სოციუმსა და ინდივიდებზე, რომლებიც მოიხმარენ ამ კულტურას,” – ამბობს კეჯრივალი.
კვლევა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ისეთ პერსონაჟთა აღსარიცხად, რომლებიც გენდერის ბინარულ სისტემაში არ ჯდებოდნენ. ხელოვნურმა ინტელექტმა ვერ დაადგინა ნაცვალსახელი “ისინი” ადამიანთა ჯგუფს მიემართებოდა თუ „არადიქოტომიურ ინდივიდს“.
„ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გააკრიტიკეს, არაბინარული სქესის უგულებელყოფისთვის. რაღაც მხრივ, ვეთანხმებით. ჩვენი კვლევის მეთოდოლოგიით თითქმის შეუძლებელია აღმოაჩინო [ტრანსგენდერი ან არაბინარული ინდივიდები],“ – ამბობს კეჯრივალი.
„მამაკაცი და ქალი პერსონაჟების სტატისტიკური აღრიცხვის მიღმა, კვლევამ ასევე შეისწავლა მათ მიმართ გამოყენებული ლექსიკა. „ქალებთან მიმართებით ძირითადად ვხვდებით ზედსართავებს: „სუსტი“, „მეგობრული“, „ლამაზი“ და ზოგჯერ „სულელი“. კაცებს აღწერაში ჭარბობს ძალაუფლებასთან, პოლიტიკასთან და ლიდერობასთან დაკავშირებული სიტყვები,“ – აკარშ ნაგარჯანი.
კეჯრივალმა დაამატა: „მთავარი რაც ჩვენმა კვლევამ გამოავლინა [ან დააზუსტა] რეალური სამყაროს კომპლექსურობა და კულტურულ დისკურსში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი განსხვავებული ტიპის სარგებლის არსებობაა“.
კვლევით ჯგუფს სურს, ინტერდისციპლინარული კვლევების მნიშვნელობას გაუსვას ხაზი. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები აქტუალური სოციალური საკითხებისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლისას ჯერ კიდევ დიდწილად აუთვისებელია. დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება, შეუძლიათ ლიტერატურათმცოდნეებს ეფექტური ინსტრუმენტები შესთავაზონ. შედეგად, პასუხი გაეცემა ისეთ კითხვებს, რომლებიც მხოლოდ ადამიანური ძალისხმევითა თუ რესურსებით ვერასდროს გაიშიფრებოდა.
© არილი