მექსიკელი მწერალი კარლოს ფუენტესი 1928 წელს დაიბადა პანამაში. მამის დიპლომატიური კარიერის გამო ბავშვობა ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა. სწავლობდა შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მექსიკაში 1944 წელს დასახლდა. დიპლომატიურ-ადმინისტრაციული სამსახური საშუალებას აძლევდა ემოგზაურა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. 1955 წელს ოქტავიო პასთან და ემანუელ კარბალიოსთან ერთად დააარსა ლიტერატურული ჟურნალი. არის არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: Biblioteca Breve (1967), Rómulo Gallegos (1977), Alfonso Reyes (1979), Nacional de Literatura (1984), Cervantes (1987,. Internacional Menéndez Pelayo (1992), Príncipe de Asturias de las Letras (1994), ბელისარიო დომინგესის ღირსების მედალი (1999) და სხვ.
ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა
ერთი ინტელექტუალი, რომელიც იმ საშინელ კატასტროფას გადაურჩა, ფიქრობდა, რომ ყველაფერში დამნაშავე ოლდოს ჰაქსლი იყო. ეს მეცნიერი, სოციოლოგიის კათედრის აკადემიური ხარისხის მფლობელი, – ვისაც იმ ავადმოსაგონარ წელს, როცა მას ყველა უნივერსტეტმა ცხვირწინ მიუხურა კარი, დანარჩენმა კაცობრიობამ Honoris Causa დოქტორის ტიტული მიანიჭა, – ერთ ესეში, სახელწოდებით ,,Music at Night”, წერდა, რომ ჩვენს დროში სნობიზმს ორი წყარო აქვს: უმეცრება და მოდის გამოდევნება. სწორედ ამ ორ მიზეზს უნდა ვუმადლოდეთ მრეწველობისა და ცივილიზაციის განვითარებას. როგორც ჩემი მეგობარი ამბობდა, ჰაქსლი იზიარებდა ამერიკელი ინჟინრის დებულებას, რომ ,,ის, ვინც აშენებს ცათამბჯენს, რომელიც 40 წელზე მეტ ხანს გასტანს, მშენებლობის ინდუსტრიის მოღალატეა”. არაერთხელ მიფიქრია ჩემი მეგობრის ამ მოსაზრების შესახებ. მახსოვს, როგორ მიხსნიდა იგი მიზეზებისა და შედეგების რთულ თეორიას, მე კი სიცილისგან ცრემლები მდიოდა, როცა ვისმენდი მის ამაო საუბარს იდეაზე, რომელიც Dშობს ქმედებას, შემდეგ კი ქმედება კვებავს იდეას და ასე დაუსრულებლად. ეს იყო დრო, როცა ყველაფერს – დროსაც, ქმედებასაც და იდეებსაც გაქრობა ემუქრებოდათ.
განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ბიძგს ჩვენ ვაძლევდით, ადამიანები. სწორედ ჩვენ ვეხმარებოდით, ვკვებავდით და სულს ვუდგამდით ამ ყველაფერს. ეს ჩვენ ვიყავით, ვინც შარშანდელ ავტომობილს წლევანდელში ცვლიდა და მობეზრებულ ნივთებს ნაგავში ისროდა. ჩვენ ვაკეთებდით არჩევანს სხვადასხვა ფირმის პროდუქციას შორის. ხანდახან ეს ყველაფერი კომიკურიც კი ხდებოდა. მახსოვს, ერთმა ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ახალი დეზოდორანტი მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ რეკლამებში ამბობდნენ, ერთი ნახვით შეყვარების ეფექტი აქვსო. ზოგს ახალი სადარდებელი გაუჩნდა: ეს-ესა ვიღაც ჩიბუხს, მოსახერხებელ ფეხსაცმელს ან რომანტიული მუსიკის დისკს შეეჩვია – ახლა კი იძულებულია გადააგდოს, მეძველმანეს ან ნაგავს გადაულოცოს. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე სამწუხარო იყო.
იმის დრო არ გვქონია, რომ გამოგვეცნო, ჩვენს თავს დატეხილი უბედურება მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო თუ გარდაუვალი ბუნებრივი მოვლენა. არავის ახსოვს, როდის დაგვატყდა თავს ან რა სახელი ერქვა ამ წყევლას, ამ ამბოხს თუ სასჯელს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს კოვზი, რომელითაც საუზმეს შევექცეოდი, და რომელიც, სხვათაშორის, კრისტოფის ფირმის ორიგინალი გახლდათ, ხელში ჩამადნა. ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მსგავსი დიზაინის კოვზი მოვძებნე და იმით შევცვალე, რათა 12 კაციანი კომპლექტი არ დაშლილიყო და კვლავინდებურად ელეგანტურად შემძლებოდა სტუმრების გამასპინძლება. ახალმა კოვზმა ერთ კვირას გაძლო, ერთი კვირის შემდეგ კი მასთან ერთად დანაც დადნა. მომდევნო შემცვლელებმა 62 საათზე მეტ ხანს ვერ გასტანეს და ბლანტ მასად იქცნენ. თავის სანუგეშებლად სასწრაფოდ უჯრები გადმოვაბრუნეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ფსკერზე ჯერ კიდევ განისვენებდნენ საღი დანა-ჩანგლები, მაგრამ აქ მხოლოდ შესქელებული ნაცრისფერი ნივთიერება დაგვხვდა. თავიდან მეგონა, რომ ეს ერთეული შემთხვევა იყო. ძვირფასი ნივთების ბედნიერი მფლობელები კარგა ხანს მალავდნენ ამ ამბავს, მაგრამ როცა კოვზებმა, დანებმა და ჩანგლებმა უკვე სკოლებში, საავადმყოფოებში, ღარიბთა სახლებში და მაღაზიებშიც იწყეს დნობა, ამ საყოველთაო უბედურების დამალვა შეუძლებელი გახდა. ატყდა განგაში. მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თავს არ დაზოგავდნენ და ყოველ ოცდაოთხ საათში ერთხელ შეცვლიდნენ მაგიდის სერვიზს ას მილიონ ოჯახში.
გათვლა ზუსტი აღმოჩნდა: ჩემი ჩაის კოვზი, რომელსაც ყოველდღე ვცვლიდი, როგორც ყველაზე იაფ და საჭირო ნივთს სამზარეულოში, საუზმის შემდეგ, როგორც წესი, მტვრად იქცეოდა ხოლმე. სასწრაფოდ ყველა გარეთ გამოვრბოდით და რიგში ვდგებოდით ახლის შესაძენად. შევნიშნე, რომ ბითუმად არავინ ყიდულობდა. ალბათ, იმის გვეშინოდა, რომ დღეს ნაყიდი ასივე კოვზი ხვალ უკვე ბლანტ მასად გადაიქცეოდა, ანდა, ხომ შეიძლებოდა ჩვენი მონდომების მიუხედავად, ხვალინდელ დღემდე ვერც კი მიგვეღწია.
საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრებოდა. მეგობრები ერთმანეთს ვეღარ ნახულობდნენ. რომანტიულ-ნოსტალგიური მოძრაობა კი, რომელიც ვიკინგების ტრადიციების აღდგენას ცდილობდა, სიცოხლისუნარიანი არ აღმოჩნდა და მალევე დასრულდა.
ასეთი მდგომარეობა, რომელიც რაღაცით სასიამოვნოც კი იყო, დაახლოებით ექვსი თვე გრძელდებოდა. ერთ დღეს, როცა კბილის ხეხვა დავასრულე, ვიგრძენი, რომ კბილის ჯაგრისი, რომელიც ჯერ კიდევ პირში მედო, პლასტმასის მორევად გადაიქცა. პატარა ნაწილები პირიდან სასწრაფოდ გადმოვაფურთხე. ასეთი უბედურებები ყოველ წამს მეორდებოდა. მახსოვს, იმავე დღეს, როცა ჩემი უფროსის კაბინეტის კარი შევაღე, მისი მაგიდა ფოლადის ნაწილებად დაშლილი დამხვდა, იქვე ფინანსისტის სიგარები ახველებდნენ და ხრჩოლავდნენ და ქაღალდის ქვითრებსაც მღელვარება ეტყობოდათ. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი ფეხსაცმელები ტყავის ყვავილებივით გაიფურჩქნენენ და ფეხშიშველს მომიხდა გზის გაგრძელება. სახლში ლამის შიშველი მივედი, ტანსაცმელი ნაკერებზე გაირღვა და შემომეცალა, ფერებად დაშლილი ჰალსტუხი კი პეპლებივით მიმოიფანტა ჩემს ირგვლივ. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ მანქანები მკვეთრად ამუხრუჭებდნენ და სანამ მძღოლები მანქანიდან გადმოდიოდნენ, პალტოები მათ ზურგზე ჩემს თვალწინ ნაცრად იქცეოდნენ და თან ქიმწმენდისა და ოფლის სუნს უშვებდნენ. თვალებს არ ვუჯერებდი. წითელ გაზში გახვეული მანქანები ცახცახებდენ, ირგვლივ ყველაფერი დუღდა. როცა შთაბეჭდილებებისაგან გამოვფხიზლდი და მიმოვიხედე, ქუჩა სავსე იყო მახინჯი T მოდელის ფორდებით, 1909 გამოშვებული ჯაბახანებით, ოთხკუთხა მუხლუხოს ფორმის ტინ ლიზებით – მოდიდან გადასული ავტომობილებით.
იმ დღეს ტანსაცმლის, ავეჯის და ავტომობილების მაღაზიებს ათასობით ადამიანი დაესხა თავს. მანქანებით მოვაჭრეებს უკვე მზად ჰქონდათ ახალი მოდელები – რაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენა – და სულ რამოდენიმე საათში თითქმის ყველაფერი გაიყიდა. მეორე დღეს ყველა კომპანიამ უახლესი მოდელის გამოსვლის შესახებ გვამცნო. ქალაქი გაივსო რეკლამებით, სადაც წინა მოდელები მოძველებულად ცხადდებოდა, და სანამ ისინი ჯერ ისევ საშინელი კვამლით ხრჩოლავდნენ ქუჩებში, ხალხი ძლიერ ნაკადად აწყდებოდა მაღაზიებს ახლის შესაძენად.
აქ მინდა ერთი რამ დავამატო. მოსახლეობას არ აღელვებდა ის დაბინძურება, რომელზეც მე ვსაუბრობდი და რომლის საბოლოო შედეგიც დღემდე არავის გაუაზრებია სათანადოდ. პირიქით, ყველა ამ მოვლენას აღტკინება და მხიარული ციებ-ცხელება ახლდა თან. ქარხნები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ და დასაქმების პრობლემაც თითქოს საბოლოოდ გადაწყდა. ყველა კუთხეში დამაგრებული ხმის გამაძლიერებლები ახალი ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელობას გვიხსნიდნენ: თავისუფალი მრეწველობა სულ უფრო და უფრო ფართო ბაზარს იპყრობს. პროგრესის ამ გამოწვევას არც კერძო სექტორი ჩამორჩა და პარალელურ რეჟიმში პასუხობდა ინდივიდის ყოველდღიურ საჭიროებებს. მრავალფეროვანი ბაზარი, რომელიც მოხმარების საგნების გამუდმებულ განახლებაზე იყო ორიენტირებული, მდიდრული, ჰიგიენური და Gთავისუფალი ცხოვრების გარანტიას იძლეოდა. ,,კარლოს დიდი თავის ძველ წინდებში გარდაიცვალა, თქვენ კი ახალი ელასტო პლასტექსის წინდებში მოკვდებით, რომელიც უკანასნელი ინოვაციაა ბაზარზე”–გვამცნობდა სარეკლამო აბრა. ასეთი კეთილდღეობა დაუჯერებელი იყო. მთელი მოსახლეობა წარმოებაში მუშაობდა, კარგ ხელფასს იღებდნენ და ხარჯავდნენ იმაში, რომ უსარგებლო ძველი პროდუქციის სანაცვლოდ ყოველდღიურად ახალი ნივთები შეეძინათ. ყოველ ოცდაოთხ საათში ორასი ათას მილიონ დოლარზე მეტი ბრუნავდა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეწყდა და მას მოძრავი ქონების წარმოება, ქიმიური და ელექტრო მრეწველობა ჩაენაცვლა. ახლა ვიტამინის აბებს შევექცევით, კაფსულებსა და გრანულებში. ექიმების მკაცრი გაფრთხილებით, ისინი უნდა მოვამზადოთ ღუმელში და მივირთვათ დანა-ჩანგლით, რადგან ელექტრობით დაფარული აბი ჭამის დროს ხელიდან სხლტება.
უნდა ვაღიარო, პირადად მე სიტუაციას უმტკივნეულოდ შევეგუე. პირველი შემზარავი შიში იმ ღამეს დამეუფლა, როცა ჩემს ბიბლიოთეკაში შევედი და არც ერთ წიგნში ასოები აღარ დამხვდა. მელნის ლაქები მოჩვენებებივით მიმოფანტულიყვნენ მთელ სახლში. აღელვებულმა გადავფურცლე რამდენიმე ტომი – ფურცლები მთლიანად თეთრი იყო… და უცებ მომეჩვენა, რომ განშორების ნაღვლიანი მელოდია გაისმა. ყური მივუგდე, შევეცადე ასოების ამოძახილი გამერჩია. მაგრამ ყვლაფერი ჩამკვდარიყო… ფერფლად ქცეულიყო.. ქუჩაში გამოვედი, რომ გამეგო, რას მოასწავებდა ეს ყველაფერი. ცაზე ასოების მოქუფრული ღრუბელები დაცურავდნენ. ზოგან ასოები ერთიანდებოდნენ და ელვასავით ნათდებოდნენ სიტყვები – სიყვარული, ვარდი, სიტყვა. წამიერად გაიბრწყინებდნენ წვიმაში და მერე ქრებოდნენ. ერთერთი ასეთი გაელვებისას დავინახე, როგორ დაიწყეს რყევა დიდმა ნაგებობებმა. დავინახე, შენობის გაშიშვლებული ძარღვი როგორ იხსნებოდა ცემენტის სხეულში. იგივე ემართებოდათ ტროტუარებს, ხეებს, ჰაერსაც კი. დილის შუქზე ჭრილობების მბრწყინავი კანი გამოჩნდა. მუშები იძულებული გახდნენ ფაბრიკები დაეტოვებინათ და ქალაქის შეკეთებაში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ საშველი მაინც არ ჩანდა… ყოველი ახალი შეკეთების შემდეგ ყველაფერი ისევ ნაწილებად იშლებოდა.
აქ დასრულდა დროის 24 საათიანი ციკლი. ამ წუთის შემდეგ საგნებმა ჩვენს ირგვლივ უფრო სწრაფად დაიწყეს დაშლა. ეს ხან ათ, ხან სამ საათში ერთხელ ხდებოდა. ქუჩები სავსე იყო ფეხსაცმლისა და ქაღალდის გროვებით, დამსხვრეული თეფშების ტყეებით, კბილის პროტეზებით, დაძონძილი პალტოებით, დაფლეთილი წიგნებით, შენობების ნანგრევებით თუ ტყავეულით, ავეჯითა და ხელოვნური ყვავილებით, საღეჭი რეზინებით, ტელევიზორებითა და დამტენებით.
ზოგიერთებმა ნივთების დამორჩილება სცადეს: უხეშად ექცეოდნენ და აიძულებდნენ, ბოლომდე შეესრულებინათ თავიანთი დანიშნულება. ცოტა ხანში გავრცელდა ხმა ქალებისა და კაცების უცნაური სიკვდილის შესახებ. ისინი მოკლულნი იყვნენ საკუთარი კოვზისა ან ცოცხის მიერ, ბალიშით მოგუდულნი ან ჰალსტუხით ჩამომხრჩვალნი. ნივთი, რომელიც დადგენილ ვადაში ნაგავში არ აღმოჩნდებოდა, ამ გზით იძიებდა შურს მომხმარებელზე.
დაგროვილმა ნაგავმა ქუჩები გაუვალი გახადა. ასოების გაქცევის შემდეგ განკარგულებების დაწერა ვეღარ ხერხდებოდა. ხმის გამაძლიერებლები ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ფუჭდებოდნენ და მთელი დღე მათ გამოცვლაში გადიოდა. გასაკვირი არ არის, რომ მენაგვეები სოციალურად ყველაზე დაწინაურებულ ფენად იქცნენ – ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების უკან მათი დე ფაქტო ძალაუფლება იდგა. მთელ ხმაზე ვრცელდებოდა ლოზუნგი, რომ სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სისწრაფით მოვიხმაროთ ნივთები. მუშები უკვე აღარ გამოდიოდნენ ფაბრიკებიდან. ქალაქის ცხოვრება სწორედ იქ იყო თავმოყრილი. ხალხი ტოვებდა შენობებს, საკუთარ ოთახებს, მოედნებს. როგორც კი მუშა ფაბრიკაში ველოსიპედს გააკეთებდა, მაშინვე ზედ ჯდებოდა და ეზოში გადიოდა. ამასობაში ველოსიპედი რბილდებოდა და იქვე გადაისვრიდნენ ნაგვის გროვაში, რომელიც ყოველდღე უფრო მაღლდებოდა და დამანგრეველ ტალღად მოედინებოდა ქუჩებში. იგივე მუშა მყისვე ფაბრიკაში ბრუნდებოდა და ახალი ველოსიპედის აწყობას იწყებდა. ეს პროცესი დაუსრულებლად მეორდებოდა. ასე მუშაობდა ნებისმიერი ფაბრიკა. პერანგი, რომელსაც მუშა აწარმოებდა, ჯერ მის ტანზე აღმოჩნდებოდა, რამდენიმე წუთში კი უკვე ნაგავში ეგდო. ალკოჰოლურ სასმელებს მხოლოდ ისინი მოიხმარდნენ, ვინც მათ ბოთლებში ასხამდა. წამლებიც კი მხოლოდ მათი მწარმოებლისთვის იყო განკუთვნილი. ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ყველა წარმოება.
ბანკში ჩემს მუშაობას უკვე აზრი არ ჰქონდა. ფული აღარ ბრუნავდა, რადგან მომხმარებელიც და მწარმოებელიც თავ-თავიანთ კანტორებში ისხდნენ და ორად-ორ მოქმედებას ასრულებდნენ. იარაღის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ვიცოდი, რომ იარაღი უდაბურ ადგილებში მიჰქონდათ და იქ იყენებდნენ. საჰაერო გადაზიდვა თავის თავზე იღებდა მის სწრაფ ტრანსპორტირებას. შავ კვერცხებს სასწრაფოდ ფლავდნენ ქვიშაში, სანამ მათი აფეთქების ხმა შეძრავდა ამ უკაცრიელ მისტიურ ადგილებს.
ახლა, როცა ერთი წელი გავიდა ჩემი პირველი კოვზის დადნობიდან, ავდივარ ხის ტოტზე და ვცდილობ კვამლსა და სიგნალებს შორის დავინახო ის, რაც დედამიწის ქერქისგან გადარჩა. საშინელი ხმაური, რომელიც უკვე ცალკე ნივთიერებად იქცა, გამაყრუებლად ღმუის ნაგვის მინდვრების თავზე. ჩემს ბოლო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, რაც სულ რამდენიმე საგნის გამოყენებით შემოიფარგლება – მოხმარების სფერო ორჯერ შემცირდა. ბომბებით დატვირთული თვითმფრინავები ჰაერში ფეთქდებიან, ვერტმფრენი ციდან კი ისევ დაჟინებით გვიმეორებს ძველ მოწოდებას: ,,გამოიყენეთ, გამოიყენეთ, მოიხმარეთ, მოიხმარეთ, ყველაფერი, ყველაფერი”. კი მაგრამ, რაღა დარჩა მოსახმარი? აღარაფერი…
უკვე ერთი თვეა რაც აქ ვცხოვრობ, ვიმალები ჩემი ძველი სახლის ნანგრევებში. როცა დავინახე, რომ ყველამ, მუშებმაც და მეწარმეებმაც მეხსიერება დაკარგეს და აღარც მომავლის განჭვრეტის უნარი შერჩათ, როცა მივხვდი, რომ მათი დღე წუთების ტყვეობაში გადის, უცებ ვიგრძენი, რომ აქ უნდა დავბრუნებულიყავი, ამ სახლში. ვცდილობ მეხსიერება არ დავკარგო, ეს ნაჩქარევი ჩანაწერები მაინც შევინარჩუნო, ვცდილობ დავსახო რაიმე გეგმა.
ღმერთო, რა ბედნიერებაა! სარდაფში წიგნი ვიპოვე დაბეჭდილი ასოებით – ,,განძის კუნძული”! რამდენი რამ გამახსენდა საკუთარ თავზე, რამდენი რამის ფეთქვა გააცოცხლა ჩემში… ვასრულებ წიგნის კითხვას, აქეთ-იქით ვიხედები და ნივთების მიღმა დაფარულ ბოროტებას ვხედავ… სად არიან შეყვარებულები, სად არიან ბავშვები, სიმღერებს რომ მღეროდნენ. რატომ დამავიწყდა, რატომ დაგვავიწყდა, რატომ არავის გაგვხსენებია მათ შესახებ ამ ხნის განმავლობაში? სად იყვნენ ისინი, სანამ ჩვენ ვფიქრობდით (მე კი ვწერდი) მოთხოვნილების შექმნასა და მათ დაკმაყოფილებაზე? და იმ წუთას თვალწინ დამიდგა მთელი ის მანკიერება, ის წებოვანი სიბინძურე, რომელიც სხვადასხვა სახით გვევლინებოდა: ბორბლები და ჩვრები, აყროლებული ცხიმები, ნანგრევების აალებული ხორცი, დაფლული ასფალტის თხრილებში, დავინახე ჭრილობები, ჩახუტებული სხეულები, თოკის ხელები და შევიცანი მათი არსი.
შეუძლებელია სახელი შეურჩიო ამ ალეგორიულ მონუმენტებს, რომლებიც ნაგვის გროვაზე წამომართულან წარსულის ეკონომისტთა საპატივცემულოდ. განსაკუთრებული გროტესკულობით ბასტიატის* ჰარმონიისადმი მიძღვნილი მონუმენტი გამოირჩევა.
სტივენსონის წიგნის ფურცლებს შორის მწვანილის თესლი ვიპოვე. როგორი რუდუნებით ჩავრგე მიწაში… აი, ისევ გაისმის მოწოდება: ,,მოიხმარეთ ყველაფერი, ყველაფერი.”
ახლა კი……ახლა ლურჯი ქუდის ჩრდილქვეშ ნელ-ნელა ვიძირები დამსხვრეული შუშების ხმაურში.
ვზივარ სანაპიროზე, რომელიც, თუ კიდევ რაიმე მახსოვს გეოგრაფიიდან – არ ესაზღვრებოდა არც ერთ ზღვას. იმ სამყაროში, სადაც ახლა მე ვარ, არცერთი ნივთი არ არსებობს, მხოლოდ ორი ვარსკვლავი, ტალღები და ქვიშა… ხელში გამომშრალი ტოტები მიჭირავს, უკვე კარგა ხანია, მათ ერთმანეთზე ვახახუნებ… და აი ისიც! პირველი ნაპერწკალი!…
*კლოდ ბასტიატი (1801-1850) – ფრანგი ეკონომისტი და მწერალი, რომელმაც საფუძველი დაუდო კერძო საკუთრების, თავისუფალი ბაზრისა და შეზღუდული ხელისუფლების იდეებს. მას მიაჩნდა, რომ თავისუფალი ბაზარი აუცილებლად შექმნიდა ,,ეკონომიკურ ჰარმონიას.” სწორედ ასე ეწოდება მის ნაშრომს (Armonías Económicas), რომელშიც ავტორი საკუთარ თეორიებსა და შეხედულებებს ავითარებს.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“