სტოკლჰომიდან დღეს შესანიშნავი ამბავი მოვიდა: წლევანდელი ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ. ისე საკმაოდ დიდხანს კი მოუხდა ცდა.
მარიო ვარგას ლიოსას პირველად ლიმაში 80-იანი წლების დასაწყისში შევხვდი. ცოტა ხნით ადრე ანდებში, უჩურაკეიში, ინდიელებმა რვა ჟურნალისტი ჩაქოლეს. ეს ის დღეები იყო, როცა ქუჩაში პირველად გაისმა სახელი Sendero Luminoso, (ესპ. გაბრწყინებული გზა) და ამ მაოისტი პარტიზნების სისხლიან ტერორს პერუელების ცხოვრება მომდევნო ათი წლის განმავლობაში კალაპოტიდან უნდა ამოეგდო.
უმწიკვლო რეპუატაციის მქონე, თუმცა უკვე სიბერეშეპარულ პრეზიდენტ ფერნანდო ბელაუნდე ტერის აღელვებული საზოგადოების დაწყნარება მართებდა და მოიწვია კიდეც საგამომძიებლო კომისია, რომელსაც უნდა დაეცხრო მღელვარება საზღვარგარეთსა თუ ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებში. მერედა ვინ იქნებოდა ამ კომისიის ყველაზე სავარაუდო თავმჯდომარე? ბელაუნდეს არჩევანი შეჩერდა მწერალზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა უსაზღვრო პატივისცემითა და სიყვარულით, თანაც არა მარტო საკუთარ სამშობლოში. ასე გახდა მაშინ ორმოც წელს გადაბიჯებული მარიო ვარგას ლიოსა ამ სამკაციანი კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეს საშინელი შემთხვევა უნდა გამოეძია.
სამყაროს შექმნისას, – მიხსნიდა მოგვიანებით მარიო ვარგას ლიოსა, – ღმერთმა თავს ბოროტი ხუმრობის უფლება მისცა: მილიონ კვადრატულ კმ-ზე ნაკლებ ტერიტორიაზე სამი სრულიად განსხვავებული ნიადაგური ზონა – საჰარა, ტიბეტი და კონგო – ჩააკვეხა. ამ სამ ლანდშაფტურ ზონაში გაბნეულმა, სამ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და რასისტული თუ სოციალური კონფლიქტებით თავგზააბნეულმა 24 მლ პერუელმა დაბალგანვითარებული ქვეყნის ყველა ჭირი და სატკივარი უკლებლივ გამოსცადა.
ისე, ამ შემთხვევაში, გამართლებულია კი საერთოდ „პერუელობასა“ თუ რაიმენაირ ნაციონალურ იდენტობაზე საუბარი, როცა საქმე ეხება სრულიად განსხვავებულ ხალხთა – ინდიელებისა და ჩინელების, თეთრებისა და შავების ჭრელ ნაზავს? სინამდვილეში, პერუ ქვეყნების კონგლომერატია. საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა კულტურათა ერთობლიობა, რომელსაც სამწუხაროდ სიმტკიცე არ გააჩნია. როცა სანაპიროდან მთებში ადიხარ, იცვლება არა მარტო კლიმატური ზონა, არამედ ენაც და ზოგჯერ გეჩვენება, რომ თვით საუკუნეც. ეს მრავალფეროვნება წარმოადგენს სწორედ პერუს უდიდეს პრობლემას, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც მჯერა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეცაა. ჩვენ სხვადასხვა მდიდარი კულტურის მემკვიდრენი ვართ.
მაგრამ როგორ უნდა შეძლონ ამ განსხვავებულმა კულტურებმა ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრება? ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს თუნდაც სამი განსხვავებული ენა – ორი ინდიელების ენაა: კეჩუა, აიმარა, მესამე – ესპანური – , რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ დისკრიმინაციაზე. ამ წუთში ჰარმონია ძნელად წარმომიდგენია, რადგან კულტურულ განსხვავებულობათა მიღმა ღრმა ეკონომიკური დისპროპორცია იმალება. გლეხების, კეჩუებისა და აიმარებისათვის სამყარო ესპანიზირებული პერუს სახით არსებობს. მეორე მხრივ, არიან ისეთი კულტურები, როგორიცაა ჩინური და აფროამერიკული, რომელთა ინტეგრაცია პერუს საზოგადოებაში უფრო მაღალია. მკვეთრი აფრიკული გავლენა იგრძნობა არა მარტო ჩვენი სანაპირო რეგიონების მუსიკაში, არამედ ლიტერატურაშიც.
მარიო ვარგას ლიოსასასნაირ პიროვნებას ფრანგები დაახასიათებდნენ, როგორც homme d’esprit-ს, ანუ გონიერ ადამიანს. ჰოდა, ამ გონიერმა ადამიანმა ორი თუ სამი არაჩვეულებრივი რომანი გამოაქვეყნა, ყოველკვიურად აცხობს ესეებს, უმრავლეს შემთხვევაში ზღაპრულს, ექსპრომტად წარმოთქვამს ბრწყინვალე სიტყვას. მარიო ვარგას ლიოსა ენობრივი ტექნიკის ისეთი ვირტუოზია, რომლის მსგავსიც ნაკლებად მოიძებნება თანამედროვე ლიტერატურაში, შესანიშნავი იმაჟინისტი და საერთოდ, მაგარი კაცია. იგი ითვლება თავისი სამშობლოსა თუ კონტინენტის თვალმახვილ და სიტყვაუხვ დამკვირვებლად, პიროვნებად, რომელსაც რჩევასაც ეკითხებიან და უჯერებენ კიდეც.
ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წელს არეკიპაში, პერუს სამხრეთით. არეკიპა მნახველზე ლამაზი ქალაქის შთაბეჭდილებას ახდენს. 800 000-იანი მოსახლეობა ფანტასტიკური მთიანი ლანდშაფტითაა გარშემორტყმული. არეკიპას პერუს თეთრ ქალაქსაც ეძახიან, რადგან ბევრი მისი ქუჩა თუ გზა თეთრი ვულკანური ქვითაა მოკირწყლული. ვულკან El Misti-ს დათოვლილი მწვერვალი თეთრ ბრწყინვალებას ჰფენს ქალაქს, რომელმაც ძირითადად შესძლო თავისი თვალწარმტაცი კოლონიალური არქიტექტურის შენარჩუნება. თუმცა ამ იდილიაა აქ მაინც ბუნების ძლევამოსილება, განაგებს, რომელიც არავინ იცის, როდის დაგატყდება ვერაგულად თავს მიწისძვრისა თუ ვულკანური ამოფრქვევის სახით. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ან ლავამ უნდა დაგწვას, ან მიწამ გიყოს პირი, რადგან ამ მომხიბვლელ ქალაქს და საერთოდ მთელ ამ ქვეყანას თითქოს საზღაური ეზღვება რაღაც ბნელი დანაშაულის გამო.
რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში კარგმა მწერალმა, ნეიტრალური დარჩეს თავისი ქვეყნის აუტანელი მდგომარეობის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აღწეროს, თუ პირიქით, შეაფასოს ყველა ეს წინააღმდეგობრიობა და გათიშულობა? რა თქმა უნდა, პატიოსანი და ჭეშმარიტი ( აუთენტური) ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ სინამდვილის ასახვას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი აფიქსირებს თავის პოზიციასა და თვალსაზრისს. იგი ავლენს რაიმე პერსპექტივას და ეს უკვე შეიცავს შეფასების გარკვეულ სახეობას. ყოველ ნამდვილ ლიტერატურას ხომ ბოლოს და ბოლოს კრიტიკული ფუნქცია აკისრია, მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში. იგი აყენებს პრობლემას, აღწერს უკმაყოფილებას, სიცარიელეს ან წუთისოფლის გაუტანლობას.
70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ლათინოამერიკული ლიტერატურის პირველმა ბუმმა პიკს მიაღწია, ამ ლიტერატურის მოყვარულთა მიერ შედგენილ „ჰიტპარადში“ მაშინ ექვსი გვარი ლიდერობდა: კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი, მექსიკელები ხუან რულფო და კარლოს ფუენტესი, კუბელი ხოსე ლეზამა ლიმა, არგენტინელი ხულიო კორტასარი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა. დღეისათვის თუ ამ სიას თავიდან შევადგენთ, ამ დიდი ექვსეულიდან ორი გვარიღა თუ დარჩება. სამი მათგანი უკვე მშვიდად შეექცევა „დაიკირს“ ზეცაში, ავტორთა დიად სულ „მანიტუსთან“ ერთად, მეოთხე უაზროდ ხარჯავს თავის მომხიბვლელობას ფუჭ ლაყბობასა და უაზრო ფელეტონების წერაში. მხოლოდ და მხოლოდ „გაბო“, ანუ გაბრიელ გარსია მარკესი და მარიო ვარგას ლიოსაღა აგრძელებენ დრიბლინგს მსოფლიო ლიტერატურის იმ ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ადრე გუსტავ ფლობერი და ფრანც კაფკა თამაშობდნენ.
ვარგას ლიოსა ცხოვრობს პოლ ჰარისის დამბასთან Malecón Paul Harris, უზარმაზარ თეთრ ვილაში, რომლიდანაც წყნარი ოკეანე მოსჩანს. თუმცა ლიმას ამ უბანში, ბარანკო რომ ჰქვია და სადაც გამუდმებით ზღვა ხმაურობს, ძნელად თუ მოიძევ მარიოს და მის სათნო მეუღლე პატრიციას. მარიო, პერუს ეს პირუთვნელი მემატიანე დღეისათვის დაკარგულია სადღაც ლონდონსა და მადრიდს შორის, ნაცვლად იმისა, რომ მალაფროლეს კაფეში იჯდეს, ან ამაზონის ნაპირებზე ისიცხებოდეს და თავისი სამშობლოს ისტორიას იკვლევდეს. ფუხიმორის ავტოკრატულ რეჟიმთან ოპოზიციაში ყოფნამ და Sendero Luminoso-ს ტერორისტების მუქარამ იგი აიძულა ოჯახთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისისათვის ევროპაში ეძია თავშესაფარი. 1993 წელს მწერალმა დამატებით ესპანეთის მოქალაქეობაც მიიღო.
მაინტერესებს, რამდენ ავტორს შეუძლია ისეთ ქვეყანაში, როგორიც პერუა, მარტო მწერლობით გაიტანოს თავი. არცერთს, – მპასუხობს მარიო ვარგას ლიოსა. უმეტესობა სხვა პროფესიასაც ითავსებს, მაგალითად ხულიო რამონ რიბეირო, რომელიც დიპლომატიურ სამსახურშია, სხვები ჟურნალისტობენ ან მასწავლებლობენ. თუმცა მასწავლებელიც და ექიმიც საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს იმ ხელფასზე, რომელიც 200 ან 300 დოლარს არ აჭარბებს, ამ ქვეყანაში ხომ განათლებაზე თავი არასდროს არავის შეუწუხებია, პერუს სკოლებსა და უნივერსიტეტებს აღჭურვაც ცუდი აქვთ და ვერც კარგი სახელით მოიწონებენ თავს. ვისაც საშუალება აქვს, თავის შვილს კერძო სკოლებში ატარებს, მერე კი სტენდორფსა და სორბონაში აგზავნის.
ყველა პრემიისა და ჯილდოს მიუხედავად ამ მაგისტრის (MVLL-როგორც შემოკლებით პერუში ეძახიან) მწერლურ სიკაშკაშეს მცირე ჩრდილი მაინც ადგას. სულ ოცდაათი გაზაფხული ჰქონდა მოყრილი, – კალენდარზე 1966 წელი ეწერა – თავისი Opus magnum (უმთავრესი ნაწარმოები) რომ გამოაქვეყნა. მწვანე სახლი – დროსა და სივრცეში ვირტუოზულად ჩახლართული რომანია და უპირობოდ მიეკუთვნება მე-20 საუკუნის ენობრივად უძლიერეს 20 ნაწარმოებს. მწვანე სახლი – ესაა ისტორიები პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ პიურაში მდებარე საროსკიპოზე და მთელი ქვეყნის მეტაფორული სახე. იგი აღწერს ამ ქალაქის მცხოვრებთა ავხორცულ ვნებებს, ყოველდღიურობაში გამეფებულ პირველყოფილ ძალადობას, მიკროკოსმოსის სახით წარმოგვიდგენს პერუელ ხალხთა ფეთქებადი ერთადყოფნის პერიპეტიებს.
ყველაფერი, რაც კი მწვანე სახლს მოჰყვა უეჭველად კარგი, ან ძალიან კარგია. თუმცა არც დეიდა ხულია და არც დედინაცვლის ქებათქება, ან თუნდაც მისი ბოლო, 2006 წელს გამოსული რომანი საძაგელი გოგონა ახლოსაც ვერ მივა მწვანე სახლის ენობრივ გენიალურობასთან. ერთადერთი თუ დავასახელებთ ორ ნაწარმოებს: საუბარი ტაძარში და უფრო გვიანდელს ვაცის დღესასწაული, თუმცა მწვანე სახლისნაირი მაინც არც ერთი არაა. ალბათ მარიო ვარგას ლიოსა თავს იმ 100 მ დისტანციაზე მორბენალივით გრძნობს, რომელმაც მჩქეფარე კარიერის დასაწყისში ეს დისტანცია 9,7 წამში დაფარა, მერე კი 10,4-სა და 10,6-ს ვერ ჩამოსცდა. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდულ ასაკში მიღწეული ასეთი შემოქმედებითი პიკი მარტო დონ მარიოს ხვედრი არ არის და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც შეიმჩნევა. განა „ბიტლზების“ წევრმა, პოლ მაკარტნიმ, 21 წლის ასაკში არ შექმნა თავისი საუკუნო სიმღერა Yesterday? 30 წლის არც კი იყო, უკანასკნელი შედევრი Let it be რომ გამოუშვა.
1990 წელს მარიო ვარგას ლიოსა მამაცურად გადაეშვა ისეთივე მრავალწახნაგოვან და ველურ ავანტიურაში, მის რომანებში რომაა აღწერილი – გადაწყვიტა, ქვეყნის პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, რომელიც სრულიად განადგურებული იყო სოციალისტ-პოპულისტ ალან გარსიას მმართველობის შედეგად. გამარჯვების იმედს ის უზარმაზარი ავტორიტეტი უნერგავდა, რაც მას თავის სამშობლოში ჰქონდა და რითაც მთელი თავით უსწრებდა მეტოქეებს. ვარგას ლიოსამ წააგო არჩევნები, თანაც სენსაციურად, დიდი ანგარიშით დამარცხდა ვიღაც არარაობასთან, იმ დროისათვის სრულიად უცნობ, იაპონური წარმოშობის „სენიორ-სანთან“, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკოსთან.
ალბერტო ფუხიმორიმ, რომელსაც ხალხი უფრო სიყვარულით, ვიდრე დაცინვით „ჩინელს“ ეძახდა, თავისი თერთმეტწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე მიაღწია ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, დააპატიმრა Sendero Luminoso-ს შეშლილი მეთაური, ფილოსოფოსი, პროფესორი აბიმაელ გუზმანი. თუმცა ამავდროულად უშიშროების ფაქტობრივი მმართველის, ვლადიმირო მონტესინოს ხელით მთელი ანდების რესპუბლიკა მოაქცია კორუფციისა და თვითნებობის ქსელში. როცა 2000 წელს ეს ქსელი ერთბაშად ჩაწყდა, აზიაში საქმიანი ვიზიტად მყოფმა „ჩინელმა“ თავის ქვეყანას ორსიტყვიანი ფაქსით აცნობა, პრეზიდენტობაზე უარს ვამბობო.
ვარგას ლიოსამ არჩევნებში დამარცხება მაშინ ძალიან რთულად გადაიტანა. ეს როგორ დაემართა, თანაც ვის, ერის უბრწყინვალეს შვილს. თუმცა ინდიელებმა და უპოვრებმა, ანუ ამომრჩეველთა უმეტესობამ მას ორი სიტყვით გამოუტანა განაჩენი: მეტისმეტად თეთრია, მეტისმეტად მდიდარი, მეტისმეტად ევროპელი. მათ უფრო თავისიანად მიიჩნიეს იაპონელი ფუხიმორი, თავისი უცნაური გამოსვლებითა და ცუდი ესპანურით. ინტელექტულურმა სამყარომ კი ნამდვილ ღვთის წყალობად უნდა ჩათვალოს, რომ ვარგას ლიოსამ 1990 წლის არჩევნები პირწმინდად წააგო. პერუელები დაკარგავდნენ შესანიშნავ მწერალს და მიიღებდნენ საცოდავ პრეზიდენტს.
ვარგას ლიოსა ნამდვილი ლიტერატურული ჯადოქარია, ყველაფერი ეხერხება: წერს ყოველკვირეულ სვეტებს ესპანური გაზეთისათვის El País, ქმნის რომანებს, ისეთ ეროტიკას აცხობს, რომ პლეიბოის მკითხველებსაც კი აწითლებს, წერს პიესებს, გამოდის სატელევიზიო შოუებში და სხვა გზა თუ აღარ აქვს, კინოფილმებსაც კი იღებს.
როცა 1967 წელს მარიო ვარგას ლიოსას რომულო გალეგოს სახელობის უაღრესად საპატიო პრემია გადასცეს, ბევრმა მისი სამადლობელი სიტყვა ფიდელ კასტროსა და საერთოდ ამ ნახევარსფეროზე ატეხილი რევოლუციების მგზნებარე ქებად აღიქვა. საინტერესოა, რამდენად შეიცვალა მისი შეხედულებები დროთა განმავლობაში? ახლა როგორ აღიქვამს სამყაროს? რა თქმა უნდა, რაღაც მოსაზრებები შემეცვალა. თუმცა უფრო პოლიტიკურ ნიადაგზე. რაც შეეხება ლიტერატურასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. იყო დრო, როცა პოლიტიკურად მარქსისტულ ანალიზს ვემხრობოდი. მაშინ მჯეროდა რევოლუციისაც, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში სტრუქტურათა ძალადობრივი შეცვლის აუცილებლობისაც და ამით ვფიქრობდი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას. თანდათანობით ჩემში მომწიფდა აზრი მარქსიზმის უსამართლობის შესახებ.
რაში მდგომარეობს მარქსიზმის უსამართლობა, – ვეკითხები მწერალს. რადგან სწორედ უსამართლობის აღმოფხვრა იყო ის დევიზი, რომელიც მის დროშაზე ეწერა. პოლიტიკური, პიროვნული და ასევე შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვით ჰქმნიან ისეთ საზოგადოებებს, სადაც ინდივიდს სუნთქვის საშუალება ესპობა. მე რეფორმატორი ვარ და დიქტატურის ნებისმიერ ფორმას ვეწინააღმდეგები. ჩვენი მიზანი უნდა იყოს იმგვარი მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელიც იფუნქციონირებს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ხალხს რამე მატერიალურსაც შესთავაზებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნები იტანჯებოდნენ დიქტატორი მმართველების, კორუმპირებული მთავრობებისა და არაეფექტური ადმინისტრაციების გამო. მე ყველანაირი «ხსნის» თეორიების წინააღმდეგი ვარ, მარჯვნიდან იქნება წამოსული თუ მარცხნიდან. არ მჯერა, რომ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას აბსოლუტურად, მხოლოდ შედარებით მოწესრიგებას ვაღიარებ.
სულით, გულით და გამომეტყველებით მარიო ვარგას ლიოსა განეკუთვნება სამხრეთ ამერიკის განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალურ მოქალაქეთა ნაწილს. მას მერე, რაც 1977-80 წწ. ავტორთა საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტობაც გამოსცადა, ღრმა და გულწრფელი ანტიპათიით განეწყო გერმანელ გიუნტერ გრასისა და კოლუმბიელ გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ. გრასი ორმაგი სტანდარტით ზომავსო, ჩივის ვარგას ლიოსა. ლათინურ ამერიკაში სულ რაღაცეებს იცავს, მაგალითად, კუბაში პრესისა და სამოქალაქო უფლებათა იმგვარ თავისუფლებას მოითხოვს, რასაც თავის მშობლიურ გერმანიაში არასდროს მოიწონებდა. სწორედ გერმანელებს მართებთ გაფრთხილება ყალბი რომანტიზმის მიმართ. ფიდელ კასტრო ნამდვილად არ არის რობინ ჰუდი.
იგი გაბრიელ გარსია მარკესს გულწრფელად სცემს პატივს და მას ნობელის პრემიის ღირსეულ ლაურეტად თვლის. თუმცა სხვა სამხრეთ ამერიკელს, არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესს უფრო კარგ მწერლად მიიჩნევს. როცა მარიო ვარგას ლიოსა ამ სიტყვებს ნობელის ლიტერატურული პრემია წარმოთქვამს და იმ მწერლებზე მსჯელობს, რომლებმაც ეს პრემია მიიღეს და იმათზეც, ვისაც მისი აზრით უფრო ეკუთვნოდა, ხმას მაღლა უწევს და მოუთმენლობა ემჩნევა. თვითონ სიამოვნებით მიიღებდა, ეს მისი უდიდესი სურვილია, აშკარად ემჩნევა. თუმცა შვედეთის ხელოვნების აკადემია აწვალებს, ალოდინებს, ასე გრძელდება 2010 წლამდე.
და აი, დადგა ეს ნანატრი დღე, მიიღო პრემია. დაგვიანებულია, სამწუხაროდ მეტისმეტადაც კი. ამასობაში ბრწინვალება მოაკლდა ლათინოამერიკული რომანის მაგიური რეალიზმის სიკაშკაშეს. მის ბოლო მოთხრობებში მარიო ვარგას ლიოსას ცნობილი სტილი კი იცნობა, თუმცა რაღაც მოძველებული თუ პატრიარქარული იერიც დაკრავს უკვე. თხრობის დონეების მონაცვლეობა, შინაგანი მონოლოგის ტექნიკა, სიუჟეტური ძაფების ჩახლართულობა – ეს თხრობის ის ტექნიკური მრავალფეროვნება იყო, რაც 1977 წლისათვის ყველას ნუსხავდა. მას შემდეგ ნახევარი მარადისობა გავიდა და დღეს ეს ყველაფერი ნოვატორულად და გზის გამკვალავად აღარ ითვლება. ამასობაში სხვა გიჟები გამოჩნდნენ. ამიტომაც გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ეს პრემია დაგვიანებული და მართლაც დასანანად გაჯანჯლებულია. თუმცა აქვე სასწრაფოდ ვამატებ: ნამდვილად დამსახურებულია.
გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ
ვოლფგანგ შტოკი – მედიამეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ავტორი., გამომცემელი. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მედიასახლს „სპორტლაით ფერლაგი Spotlight Verlag“ მიუნხენში, გამოსცემს ექვს სხვადასხვაენოვან ჟურნალს, ამას გარდა აქვს ორი ინტერნეტბლოგი: www.stockpress.de , რომელშიც ლიტერატურულ წერილებს, ინტერვიუებსა და რეპორტაჟებს ბეჭდავს და www.stocpunkt.com, სადაც მედიებსა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს აქვეყნებს.
© kalmasoba.com