ქართული მოდერნიზმის აპოლოგია:
ზურაბ ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot”
ზურაბ ქარუმიძის ახალი რომანი, ჩემი აზრით, არაა, უბრალოდ, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სალიტერატურო მოვლენა! ესაა მოვლენა, რომლის შემდეგაც თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში, პირადად ჩემთვის, რაღაც დალაგდა (გადალაგდა?). ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი ურთიერთამრეკლავი სათაური?!) – ესაა ჩვენი ქართული მოდერნიზმის ჭეშმარიტად ჩვენებურად პოსტმოდერნისტული აპოლოგია, აპოლოგია – ამ სიტყვის ძველი ანტიკური გაგებით – გამართლება: ქართულმა მოდერნიზმმა კიდევ ერთხელ გაამართლა – მან იპოვა თავისი ნამდვილი მემკვიდრე.
მართალი გითხარათ, ჩემთვის მოხდა დაუჯერებელი ფაქტი – ”ცისფერყანწელთა” ღვარჭნილი მანიფესტები, რობაქიძის გადაპრანჭული ესეები თუ არანაკლებ გადაპრანჭული რომანები, გასული საუკუნის 10-20-იანი წლების ჩიქორთული ენით ნაწერი პერიოდიკა, ტფ/თბილისური პროვინციული ჭორები, პერიფერიული კაფეების ბოჰემა, შავი მაგი გურჯიევი, ავანტიურისტი ბერია, ფანტასმაგორიული 1926 წელი – ყველაფერი ეს გაცოცხლდა და თან როგორ!! თქმა იმისა, რომ ქარუმიძის ტექსტი სულმოუთქმელად იკითხება, არაფერს ნიშნავს! – ის სულმოუთქმელადაც იკითხება და თან სპონტანურობისა და რეფლექსიურობის არაჩვეულებრივი ნაზავიცაა!
ამავე დროს, ეს 1926 წელი ძალიან ნატიფად ირეკლება ჩვენს თანემედროვე რეალობაში – ისე ნატიფად, რომ გეგონება – ავტორი საგანგებოდ არც კი ეძებდა არანაირ პარალელს – პარალელები თვითონ დალაგდა. ამიტომაც, გარკვეული აზრით, ქარუმიძის რომანი ჩვენი ამ დაუსრულებელი გარდამავალი (თუ გარდაუვალი? – გრამატიკული გაგებით) და (პოსტ?)რევოლუციური პერიოდის გააზრებაცაა.
მაგრამ დავიწყოთ თავიდან და შევუდგეთ რუტინულ საქმეს – ტექსტის სტრუქტურულ და თემატურ ანალიზს…
რომანის პირველ თავს ”შაქრო კარმელი” ჰქვია.
დიაღ, კარმელი! – კარმელი? – ეს ხომ ფსევდონიმია? – რა თქმა უნდა… – იყო ასეთი პოეტი-სიმვოლისტი – შალვა კარმელი, ”დაწყევლილი პოეტი”, რომელიც 24-25 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა და მხოლოდ ორიოდე კრებულის გამოცემა მოასწრო…
– მაგრამ რატომ – შაქრო?
– იმიტომ, რომ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ქარუმიძის რომანის სიუჟეტური ქარგა ერთი ამერიკელი ბიზნესმენის დოკუმენტურ მემუარებს ეფუძნება. ამ ბიზნესმენს უილიამ ბებიტ უოსერსტაინი, ანუ – ბილი ერქვა (ცხადია, მემუარების ავტორის ნამდვილი სახელი და გვარი ქარუმიძის რომანში შეცვლილია, ამიტომ, მეც ამ ბიზნესმენს სწორედ რომანისეული სახელით მოვიხსენიებ) და მან თავის მეუღლე მერიონთან ერთად 1926 წელს ნამდვილად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, მათ შორის – საქართველოში და სვანეთშიც კი ავიდა – ამხანაგ შალვა ელიავას ნებართვითა და თვით გიორგი ნიკოლაძის მეგზურობით! ხოდა, სწორედ ამ მემუარების მიხედვით, ბილის მძღოლი ტიფლისში და მხლებელთაგანი სვანეთში ვინმე შაქრო შანშიევი ყოფილა – კაცი ნასწავლი და მოფრანგულე, ყოფილი არისტოკრატი და აფიცერი (პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და ნადეზერტირალიც კი), აწ კი (ანუ – 1926 წელს) ტიფლის-ქალაქის ერთადერთი ”სატაქსომოტორო გარრაჟის” მძღოლი – ფანტაზიორი და ჭკუამხიარული ”გრუზინი”…
რომანი ამგვარად იწყება: შაქრო კარმელი ხედავს სიზმარს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ძველი სვანური რიტუალი – მელია-ტულეფია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით ივანე ჯავახიშვილისეული აღწერებიდან… მე მგონი, ყველას გესმით, თუ რას ხედავს შაქრო და როგორ იღვიძებს… თუ არადა, გავიხსენოთ კიდევ ერთი დიდებული რიტუალი და სიტყვა – ”ადრეკილაა”… აი, ზუსტად ასე იღვიძებს შაქრო კარმელი, რასაც მოსდევს სიმვოლისტურ-ფუტურისტულ-კონსტრუქტივისტულ-ანთროპოსოფიულ-ნიცშნეანურ-ფრეიდისტულ-მარქსისტულ-ლენინისტურ-ორფისტულ-არფისტული პასაჟი შივას ლინგამისა და რუსის ქალის, ტატლინის კოშკისა და კარდუს მონოლიტის, კისლოვოდსკის ქრონოტოპოსისა და მზიანი ღამის, ცისფერყანწელებისა და ტიფლისის ქრონოტოპოსის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აპოლონისა და დიონისოს და ა.შ და ა.შ. … – შესახებ…
– ალუზიებისა და ციტატების ნაზავი? – კი, ბატონო!
– ერუდიციისა და ენციკლოპედიური ცოდნის დახვავება? – კი, ბატონო!
– კი, მაგრამ ეს ხომ აქამდეც გვინახავს, ეს ხომ უკვე ვიცით – ულისე, ღვინომუქი ზღვა?!…
– არა, ბატონო, აქ კი არ და ვერ დაგეთანხმებით! სწორედ აქ – ამ რომანში – ჩნდება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ტიფლისური მოდერნიზმის ხელახალი დაბადება თიბლიზურ-პოსტმოდერნისტული დაგვიანებულობისა და პერიფერიულობის, ჩარეცხილობისა და მაინც მემკვიდრეობის ჭეშმარიტად ნაგრძნობი მტანჯველი განცდიდან…
და მე ვიტყოდი – ესაა რეაქცია, ნამდვილი რეაქცია – როცა, ილარიონის უკვდავი სიტყვებით რომ ვთქვათ – ”უგრძვნია კაცს”…
საქმე ისაა, რომ დანტედან მოყოლებული მთელი ახალი ევროპული ლიტერატურა რეაქციით იწერება და იბადება. მაგრამ რას ნიშნავს რეაქცია? რის მიმართ რეაქცია? – ესაა რეაქცია საკუთარ დროზე, რომელიც აღარ გიტოვებს დროს მოცალეობისა და მჭვრეტელობისათვის, ჭეშმარიტი ფილოსფიური ცხოვრებისათვის… თვითონ დანტე – ესაა პოლიტიკური ემიგრანტის მტანჯველი რეაქცია, საიდანაც დაიბადა მისი პოლიტიკური მისტიკა; სერვანტესი – ესაა, ასევე, მტანჯველი რეაქცია (ყველამ ვიცით რაზეც! – მაშინ ”ამას” ერქვა ”სარაინდო რომანები”)… ბალზაკი რეაქციაა ძველი რეჟიმის ნგრევაზე, დოსტოევსკი – ნიჰილისტებზე – ანუ საკუთარ თავზე, პრუსტი – არისტოკრატიის დასასრულზე, მუზილი – ერთი იმპერიის გაქრობაზე…
ასევეა ჩვენს ლიტერატურაშიც – ბარათაშვილი რეაქციაა პერიფერიულობის მტანჯველ განცდაზე. იგივე ითქმის უგამონაკლისოდ მთელი დანარჩენი ქართული ლიტერატურის შესახებ – ილია, აკაკი, კლდიაშვილი, გალაკტიონი (ვაჟას გარდა – მაგრამ ამის შესახებ მერე!) და მთელი ქართული მოდერნიზმი პერიფერიულობის ამ განცდის პასუხია… უფრო აქეთ – გურამ რჩეულიშვილი, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ზაზა ბურჭულაძე და ახლა – ზურაბ ქარუმიძე თავისი ამ რომანით – ჭეშმარიტად ქართული რეაქციაა, ესაა – სევდა პერიფერიულობისა, პროვინცილიზმისა, ორნამენტულობისა, დაგვიანებულობისა… რომ ვართ ”ყურესა ამ ქვეყნისასა” – უმამოდ და უპაპოდ, უგრაალოდ, უევროპოდ, უკავშიროდ, უნატოოდ და უ(ს)ასოოდ…
ქარუმიძის რომანში ოთხი ემბლემური პერსონაჟია – ამერიკელი ბილი, ფრანგი მერიონი, რუსი ნადია და ქართველი შაქრო… და მეხუთე – ყველაზე მთავარი – ელემენტი – კვინტესენცია (როგორც იტყოდნენ სხოლასტი ფილაფოზები) – ტიფლისი და ტიფლისური მოდერნიზმი თავისი ფანტასტიკური ქრონოტოპოსებით – კაფე ”ქიმერიონითა” და ”ფანტასტიკური დუქნით”…
აქ ღირს შეჩერება! ”ფანტასტიკური დუქანი” რუსთაველის 12 ნომერში მდებარეობდა – ახლა იქ ტელეგრაფის შენობაა აღმართული. იქ, სოფია მელნიკოვას სალიტერატურო სალონში, იკრიბებოდნენ ემიგრანტი (მაგრამ მაინც ოკუპანტი) ფუტურისტები – კრუჩონიხ, ტერენტიევ, ილიაზდ (ჩვენებური კაცი, მაგრამ მაინც…), კოლაუ ჩერნიავსკი… სიმვოლისტებიდან – ტიციანი, პაოლო, გრიგოლ რობაქიძე, მხატვრებიდან – კაკაბაძე, გუდიაშვილი… და, აგრეთვე, – აშუღი-პოეტი ყარა-დავრიში (ტომით ტიფლისელი, ქალაქელი კაცი)… ეს იყო მართლაც ”ფანტასტიკური დუქანი” და ”ფანტასტიკური ქალაქი” – და ასე უწოდა კიდეც თავის სამეცნიერო წიგნს თანამედროვე ოკუპანტმა ფილოლოგმა ტატიანა ნიკოლსკაიამ ოკუპანტურსავე ენაზე – ”ფანტასტიჩესკი გოროდ”: რუსსკაია კულ’ტურნაია ჟიზნ’ ვ ტბილისი (1917 – 1921)” . 2000 წელს გამოცემული ეს წიგნი ზურაბ ქარუმიძის რომანის სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთი ინტერტექსტთაგანია (როგორც იტყოდა ჟერარ ჟენეტ – ინტერტექსტთა გამჩითავი ბრანჯი სიტყვათმიჯნური-ფილოლოგოსი)….
ოთხი პერესონაჟი – ვითარცა ოთხი სტოიხეიონ-ელემენტი: ფრანგი ლიბერალ-ფემინისტი მერიონი, ამერიკელი ჰურია-სოვდაგარი ბილი, რუსი ნაარისტოკრატალი ვორონცოვ-დაშკოვის (?) შთამომავალი ულამაზესი ნადია და შაქრო-ბოჰემა – მძღოლი-სიმვოლისტი, ”ჩამორჩენილი მისტიკოსი”, არამწერალი… რით არ არის ეს მოდერნიზაციის ნარატივი? ოღონდ რომანში მოდერნიზაციის ორი ვერსია ”ეჯახება” ერთმანეთს – ევროამერიკული და ბოლშევიკური. ხოლო ამათგან მეორე ასეა გააზრებულ-წარმოსახული:
”სხვათა შორის, გურჯიევმა ისიც თქვა, რომ მალე აქ დიდი სისხლი დაიღვრება, რომ მალე ჩვენს თავებს წიხლებს ჩასცემენ და თიხას მოზილავენ, რომ იმ თიხიდან ახალი ადამიანი გამოძერწონ…”
ხომ არ გეცნობა ამგვარი მოდერნიზაცია, ჩემო მკითხველო, რამეს ხომ არ გაგონებს ეს ყოველივე?
რომანის მეორე თავი საკუთრივ ბილის მოგონებებს ეძღვნება, ხოლო მესამეს – ”პარალელი 41°” ჰქვია, ისევე როგორც რუსული (უკაცრავად – ოკუპანტური!) ფუტურიზმის ყველაზე რადიკალურ განშტოებას, რომელმაც ეს სახელი თბილისის გეოგრაფიული განედის მიხედვით დაირქვა, რადგანაც სწორედ ტფილისში დაფუძნდა ეს ლიტერატურული ქვემიმდინარეობა.
მოცემული თავი 1926 წლის რეტროქრონიკაა – პერიოდიკიდან გამოხმობილი პოლიტიკური, კრიმინალური, საყოფაცხოვრებო თუ სახელოვნებო ”ნიუზებით”. მაგრამ დროდადრო ამ ნიუზებში ჩვენი პერსონაჟების ფიქციური ამბებიცაა შეზავებული, რაც ამ მონტაჟს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ჰხდის. აქვე მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ ამ სტილში – ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ”ნიუზების” (და არა მხოლოდ!) მონტაჟი – დღეს მთელი წიგნებიც კი იწერება – მაგალითისათვის დავასახელებ სტენფორდელი კომპარატივისტის ჰანს-ულრიხ გუმბრეხტის წიგნს – In 1926: Living at the Edge of Time (Harvard University Press, 1997). ეჭვი მაქვს, რომ ზურაბ ქარუმიძე ოდენ ყურმოკვრით არ იცნობს ამ ნაშრომს….
ხოლო ფინალი ამ თავისა ამგვარი ლოზუნგია: ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია, აფხანიკებო!”
რომანის მეოთხე თავი – «შალვა ელიავა, ორნი ’გრანდ-ოტელში’, ’დენიკინთან’ და ’ქიმერიონში’» – ესაა ტფილისური მოდერნიზმის კულმინაცია. ამ თავის დასკვნითი სცენა ’ქიმერიონში’ ჯოისის ულისეს ცირცეას ეპიზოდისა და მილოშ ფორმანის Hაირ-ს LშD-თი შთაგონებული ჰალუცინაციურ-ფსიქოდელიკური პასაჟის სინთეზს წარმოადგენს. დუქან ’დენიკინში’ დაწყებული ტფილისური მოლხენა (აქ რომანის პერსონაჟთა სადღეგრძელოს დუქანში შემოხეტებული იეთიმ-გურჯი ლექსად შესვამს) კაფე ’ქიმერიონში’ ჰალუცინოგენურ-ნარკოტიკული სერობით სრულდება, სადაც რეალობა და ჰალუცინაცია ერთმანეთში საბოლოოდ ირევა: ცოცხლდებიან სუდეიკინისა და კაკაბაძის ფრესკები, ხოლო ტიციანი თუ პაოლო, კრუჩონიხი თუ რობაქიძე გვევლინებიან არა მხოლოდ დისკურსებისა და ციტატების სახით, არამედ – როგორც ფიქციური ნარატივის ცოცხალი პერსონაჟები – ვიღაც (სინამდვილეში ფუტურისტი ჩაჩავა) რობაქიძეს პარიკს ჩამოგლეჯს, ხოლო გურჯიევის მაგიური ზემოქმედებით სიმვოლისტებსა და ფუტურისტებს შორის ჩხუბი ატყდება… რა თქმა უნდა, თვითონ გურჯიევიც აქაა – მერე რა, რომ 1926 წელია და ბერძენი მაგი უკვე პარიზშია: დროთა და სივრცეთა ფანტასტიკური მონტაჟის გამო შაქროს მოდერნისტული ჰალუცინაცია სავსებით დამაჯერებელია… დაბოლოს, ლავრენტი ბერია გრიგოლ რობაქიძის ”საკუთარ ტოსტსაც” წაიკითხავს არტისტული გამოთქმით…
ერთი დეტალიც (რადგან, აბი ვარბურგის თქმით, ღმერთი დეტალებშია!) – ამ 1926 წლის მოდერნისტულ ფანტასმაგორიაში თანამედროვე თიბლიზური ქრონოტოპოსის შეზავებაც ხდება: კაფე ’ქიმერიონში’ ნარკოტიკულ კოკტეილებს ოფიციანტი ხარბედია აზავებს, რაც ფილოლოგისა და ლიტერატორის მალხაზ ხარბედიას მეორე ჰიპოსტატის – ღვინის რეცეპტთა დამფასებლისა და უებარი ღვინო-ბლოგერის – ”გადათამაშებაა”:
”- აბსენტს ხომ არ ინებებდით, მესიე? მადამ? – ტანმორჩილი, ჟღალთმიანი, კოლხურად მკვირცხლი თვალებით, ოფიციანტი ხარბედია განსაკუთრებული ტაქტით მიმართავდა ამერიკელ სტუმრებს: როგორც ლირიკული აფთიაქარი, გამოკვეთილი გარეგნობით, თითქოს თუჯიდან. – შემიძლია შემოგთავაზოთ: აბსენტი ანისულის ლიქიორით, გუმფისის სიროპის დამატებით, ან ორშადით, ნუშის რძით დამტკბარი; ასევე – აბსენტი რამდენიმე წვეთი გრენადინით და წყლით, აბსენტჰე მინუიტ – “შუაღამის აბსენტი” – თეთრ ღვინოსთან შეზავებული: გვაქვს ასევე თრემბლემენტ დე ტერრე – “მიწისძვრა” – აბსენტის და ბრენდის ნაზავი, ტულუზ-ლოტრეკის საყვარელი სახეობა; ასევე, თუ გაბედავთ, შემოგთავაზებდით “ნიანგს” – მესამედი რომი, მესამედი აბსენტი და მესამედიც გაუფილტრავი ღვინის სპირტი – ანარქისტების სასმელი…”
რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოდერნისტული რომანი, ყველაფერთან ერთად, ყავა-ხანების, კაფეებისა და რესტორნების რომანია. მოცალეობის ეს ბოჰემური ქრონოტოპოსები სრულიად აუცილებელი ხდება მოდერნისტული ნარატივისათვის, რადგანაც არისტოკრატიული სალონი – არისტოკრატიული მოცალეობის განუყრელი ქრონოტოპოსი – ფაქტობრივად, პრუსტის რომანთან ერთად დასრულდა (პრუსტის ”დაკარგული დრო” დაკარგული არისტოკრატიული მოცალეობაცაა!); ამიტომაც, ჯოისის, თომას ელიოტის, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდის, ნაბოკოვის, რობაქიძისა თუ უილიამ ბეროუზის (ქარუმიძის რომანი სავსეა თითქმის ყველა ამ ავტორთა სახელებით, ციტატებითა თუ ალუზიებით!) ”უგვარტომო” პერსონაჟები უკვე კაფეებსა და რესტორნებში იკვეთებიან, სვამენ, ”იჩხირავენ”, ჩხუბობენ, უყვარდებათ, დრო გაჰყავთ, დროს კლავენ, კლავენ, ალკოჰოლურ თუ ნარკოტიკულ ჰალუცინაციებს ეძლევიან… ამ კაფეებსა და რესტორნებში აკოჰოლი და ნარკოტიკები – ეს ფსიქოდელიკური ტექნიკები – ჰომოლოგიურად თითქმის ”იმგვარსავე” როლს ასრულებს, რასაც მოცალეობისა მჭვრეტელობის ტრადიციულ ქრონოტოპოსებში (მონასტრებსა და სამლოცველოებში) – სულიერი ვარჯიშები: მედიტაციური ლოცვები, ასკეტიკური პრაქტიკები, მჭვრეტელობით-ვიზიონერული მედიტაციები….
რობაქიძის ფალესტრა კაფეებისა და რესტორნების ტიპური რომანია. ის ქარუმიძის ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერტექსტია. ფალესტრასთან ”თამაშს” ქარუმიძე თავისი ნაწარმოების პირველსავე თავში იწყებს. ახლად გაღვიძებული შაქროს შინაგან მონოლოგსა თუ ცნობიერების ნაკადში ამგვარ ფრაზა გვხვდება:
” …”ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა – სიტიტვლეში,” დასძინა შაქრომ, თითქო ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე “ესტეტს” მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ…”
ეს ”მოლაყბე ესტეტი” და ”ყავახანის ინტელექტუალი” გრიგოლ რობაქიძე, უფრო ზუსტად, ფალესტრას ერთ-ერთი პერსონაჟი პეტერეცი გახლავთ.
ფალესტრასთან თამაშის კიდევ ერთი მაგალითი ვინმე ავალონ უნგარის რამდენიმეგზის ხსენება თუ ციტირებაა. ავალონ უნგარი ესაა – ”ადოლფ უნგარ” – ფალესტრას პროტაგონისტი ”რეჟისსორი”, რომელიც ფილმს იღებს ამორძალთა დედოფალ ფალესტრაზე.
და კიდევ – ფალესტრას მეოთხე თავში (”კამარაში”) რობაქიძე თავად გვიყვება ტფილისური მოდერნიზმის მოკლე ისტორიას (რობაქიძისეულ ვერსიას) – მისთვის უჩვეულოდ მშრალი და დოკუმენტური თხრობით, სადაც საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს ხოლმე.
რადგანაც ინტერტექსტებს შევეხეთ, ძალიან მოკლედ უნდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურულ ინტერტექსტთა გარდა ქარუმიძის რომანი სავსეა ფილოლოგიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ტექსტებზე ალუზიებითაც – დავასახელებ, მაგალითისათვის, ჩემი კოლეგის – ამერიკელი კომპარატივისტის ჰარშა რამის სტატიებს ქართულ ან/და პერიფერიულ მოდერნიზმზე, იჰაბ ჰასანისა თუ ბრაიენ მაკჰეილის გამოკვლევებსა და საკუთარ მოკრძალებულ პერსონასაც. კერძოდ, შემდეგი ციტატა –
და მე, ხეზე ამძვრალი პოეტი, მოგმართავთ თქვენ და ვუმღერ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ხასიათში [ჩემთან – ქრონოტოპოსში – ზ.შ.] – მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული!
– უფრო ზუსტად, ამ ციტატის ხაზგასმული მონაკვეთი ჩემი ტექსტიდანაა ტიციან ტაბიძისა და პასტერნაკის შესახებ (თავად საკუთარ ტექსტში მე ამ ფრაზას ჩემს აწ გარდაცვლილ უფროს მეგობარს ლონდონელ ფილოსოფოს ალეკსანდრ პიატიგორსკის მივაწერ). ქარუმიძის რომანში კი ამ ფრაზას ხეზე ამძვრალი ნიკოლოზ შენგელაია წარმოთქვამს. როგორც ცნობილია, თავისი შექმედების ფუტურისტულ პერიოდში ნიკოლოზ შენგელაია მართლაც მიმართავდა ხოლმე ამ ეპატაჟურ ჟესტს და რუსთაველის პროსპექტზე, ხეზე ამძვრალი მოქალაქეებს საკუთარ ავნგარდისტულ ლექსებს უკითხავდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ქარუმიძის რომანის სიუჟეტურ ქარგას. ნაწარმოების მეხუთე და ჯერ-ჯერობით ბოლო თავი ”ვარდები მერიონისათვის…”, გარკვეული აზრით, ასრულებს ტფილისურ მოდერნიზმს, როგორც ქრონოტოპოსს და ამის შემდეგ თხრობა სვანეთისაკენ – ოღონდ ქუთაისის გავლით – გადაჰყავს. ტფილისური ”მოდერნი” ტფილისური ჟესტით სრულდება – შაქრო მერიონს დაბადების დღეზე ”ერთ მაღაზია” ვარდებს უყიდის – ოღონდ ბილის ფულით. ეს ”თავადური ჟესტი” ფიროსმანის ცნობილი პოტლაჩის პაროდიაა. საგულისხმო ისაა, რომ მოცემული ჟესტი სრულიად დოკუმენტურია – უილიამ უოსერსტაინის მემუარებში ეს ფაქტი თითქმის იგივენაირადაა მოთხრობილი – ოღონდ ფიროსმანზე ალუზიის გარეშე, რაც ამ ეპიზოდს კიდევ უფრო ”ფიროსმანულსა” და ”ბორხესულს” ხდის – ეს მართლაც ის შემთხვევაა, როცა ლეგენდასა და რეალობას შორის ზღვარის გავლება შეუძლებელი ხდება…
რა ხდება ამის მერე ქუთაისში? – კარნავალი და დიონისიები, ავანგარდისტი მღვდლის ტიციან ტაბიძისეული ლოცვა-მადრიგალი ბაგრატის ტაძართან (ბილი ამ სცენას კამერით იღებს) და ოფიციანტი თხების დათრობა რესტორანში – სახელად ”დამაფრინდი”, რომლის გადათარგმნასაც ამაოდ ცდილობს შაქრო ფრანგულად მერიონისათვის… ასე რომ, (პოსტ)მოდერნისტული ნარატივი სავსებით ”ბუნებრივად” გადადის ტფილისიდან ქუთაისში, რადგანაც ქართული მოდერნიზმის სათავეებიც ხომ იქ იწყება…
… და აქ, ძვირფასო მკითხველო, წყდება ჩემს ხელთ არსებული ხელნაწერი… სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი (უფრო ზუსტად – დაახლოებით წარმომიდგენია სწორედაც ამბავი როგორ გარძელდება, მაგრამ არა – ნარატიული დისკურსი – ამბის მოყოლა!), მაგრამ ამას, ნუ მიწყენთ და, უკვე აღარა აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რადგანაც ზურაბ ქარუმიძე შედგა – შედგა, როგორც ნამდვილი მწერალი. ეს უკვე აღარაა ნიჭიერი ინტელექტუალის საინტერესო ექსპერიმენტი, ესაა – ნამდვილი პროზა – პროზა, რომელიც ბრწყინვალედ აცოცხლებს ქართული მოდერნიზმის ”მაღალ ბოჰემას”, რადგანაც ”დაბალი ბოჰემა” აკა მორჩილაძემ უკვე უბადლოდ გაგვიცოცხლა…
ასე რომ, დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება საუბარი ახალ ქართულ პროზაზე, სადაც განუმეორებელი ”სერიული” მთხრობელის ნიშა აკა მორჩილაძეს საიმედოდ აქვს დაკავებული; სადაც ზაზა ბურჭულაძე თავისი შესანიშნავი ენით, სამწუხაროდ (თუ – საბედნიეროდ?), ”გლამურში წავიდა” და სადაც ზურაბ ქარუმიძის მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი სათაური!) ნატიფი რეფლექსიური თხრობის ჩინებულ ნიმუშად მოგვევლინა…
Bravo, ზურა! და აუცილებლად – Bis!
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“