ესე

მაგდა კალანდაძე – ლიტერატურული კერპთაყვანისმცემლობის კვირეული ფრანკფურტში


ოქტომბერი ლიტერატურული ნაყოფიერებით გამოირჩევა ხოლმე – პრესტიჟული ლიტერატურული პრემიებისა და წიგნის საერთაშორისო ბაზრობების ერთთვიან ორომტრიალში ფაქტების ჯერ მარტო მოლოდინი, მერე დაკვირვება და ბოლოს ანალიზი იმდენად მცირე დროში გვიწევდა, რომ ერთიმეორეს შორის ამოსუნთქვის საშუალებაც ძლივს გვქონდა. თუმცა, ვერაფერს იტყვი – სასიამოვნო პროცესია – ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი საერთაშორისო პოლიტიკა ლიტერატურული ტენდენციების გარშემო ტრიალებს და ჩვეული ინფორმაციული საგიჟეთიც მხოლოდ ლიტერატურული სიახლეებითაა გადავსებული. სრული ბედნიერებისთვის ჩვენ მსგავსი ილუზიებიც გვეყო, ევროპის შუაგულში კი ოქტომბრის კვირეული მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურულ ერთეულებს – წიგნებს დაეთმო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წელს რეკორდული მაჩვენებლებით ჩატარდა. “წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო საქმიანი, ინტელექტუალური, ცოცხალი და სახალისო”, – ამ სიტყვებით შეაფასა დირექტორმა, იურგენ ბოოსმა, ლიტერატურულ სივრცეში მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საორგანიზაციო მხარე კმაყოფილი დარჩა, რადგან მათი ჩანაფიქრი გამართლდა – ბოოსმა წინასწარ არაერთხელ განაცხადა – დროა, ბაზრობის მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ გასართობ მოვლენად არ დარჩეს და საგანმანათლებლო საქმეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოსო. ასეა თუ ისე, სანამ ფაქტების უფრო კონკრეტულ ანალიზზე გადავალთ, ფრანკფურტის წიგნის 59-ე ბაზრობის წარმატებას მარტივი რიცხობრივი მონაცემებიც ადასტურებს – წიგნის ზეიმს, რომელიც 9-დან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდა, წელს 300 ათასამდე სტუმარი ჰყავდა, მსოფლიოს 108 ქვეყნიდან 7448 გამომცემლობა იყო წარმოდგენილი და, თუ ფანტაზია გაგწვდებათ, შეგიძლიათ, ბაზრობაზე გამოტანილი წიგნების 400 ათასი დასახელებაც წარმოიდგინოთ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას და გუტენბერგიდან მოყოლებული დღემდე ლიტერატურის რაობა-ვინაობაზე საუბარს არ დავწყებ – მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ლიტერატურის განვითარებისა და მისი სამომავლო პერსპექტივებისთვის სასიკეთოდ განსაზღვრული წლის ყველაზე მასშტაბური და ამავე დროს, თავისი შინაარსით ნაკლებლიტერატურული მოვლენაა – რამდენადაც წერა-კითხვა და ტექსტებთან უშუალო კონტაქტი ინტიმური და ინდივიდუალური აღქმის პროცესია, იმდენად წიგნის ბაზრობის ფენომენი ამ პროცესის ზედაპირზე გამოტანილი ქაფია და უფრო ბიზნეს-შეხვედრას, საქმიანი გარიგებებისა და ავტორ-მკითხველებს შორის ემოციების (ძირითადად აღფრთოვანების) გაცვლის სასიამოვნო და სასარგებლო რიტუალს ჰგავს. ამიტომ, ბევრს შეიძლება ბაზრობის შედეგები უფრო ხიბლავდეს – მართლაც, ოქტომბრის კვირეულზე წარმოდგენილი ახალი ავტორების, ნაწარმოებებისა თუ თარგმანების გრძელი სია და დაგეგმილი პროექტები მკითხველს მთელი წლის მანძილზე გაჰყვება საგზლად.
ფრანკფურტის წიგნის წლევანდელი ბაზრობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული გამოდგა – მსოფლიოს 108 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველო იყო, რომელიც წელს პირველად წარდგა 40 კვ. მეტრიანი კოლექტიური სტენდით. სტენდის ორგანიზატორად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფინანსურ მხარდამჭერად კი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოგვევლინა. დაგეგმილი იყო კულტურის მინისტრის, ბატონი გიორგი გაბაშვილის პრესკონფერენცია ფრანკფურტში, თუმცა მინისტრმა ბაზრობაზე ჩასვლა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ქართულ სტენდს მოულოდნელი და ექსცენტრიული სტუმარი ეწვია – საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე წიგნის ფესტივალზე იმყოფებოდა და გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანს დიტრიხ გენშერთან ერთად საქართველოს კოლექტიური სტენდიც მოინახულა. თუმცა, წიგნის ბაზრობაზე მის გამოჩენას მაინცდამაინც მშობლიური ლიტერატურის განსაკუთრებულ გულშემატკივრობასა და ქომაგს ვერ დავაბრალებთ – 10 ოქტომბერს მისი პოლიტიკური მემუარების გერმანული თარგმანის “Als der Eiserne Vorhang Zerris“ (“როცა რკინის ფარდა დაიმსხვრა”) პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ჰანს დიტრიხ გენშერი უძღვებოდა, თავად ბატონმა ედუარდმა კი თავის გამოსვლაში მსოფლიო გაამხნევა და ცივი ომისათვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.
ექს-პრეზიდენტი იქით იყოს და, ქართულ სტენდთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა საყურადღებო – სწორედ აქ შედგა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული მთარგმნელობითი ფონდის, “მაჩაბლის”, პრეზენტაცია. ფონდის მიზანია, დააფინანსოს თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მსგავსი ფონდები თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, რაც, რასაკვირველია, ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მეორე საკითხია, რამდენად წარმატებულად იმუშავებს საქართველოში მსგავსი ფინანსური ორგანიზაცია – დღესდღეობით ლიტერატურულ ბაზარზე ძნელია, ყურადღება მიიქციო და დააინტერესო მსოფლიოს სხვადასხვა გამომცემლები, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ ქვეყანაში ლიტერატურული პროცესები, რბილად რომ ვთქვათ, მდორედ მიმდინარეობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ წელიწადში საშუალოდ 5 რომანზე მეტი არ გამოიცემა, ლიტერატურულ ვაკუუმს ქმნის და ფაქტობრივად გამორიცხავს მსოფლიოს ლიტერატურულ ფოკუსში მოხვედრის მიკროშანსსაც კი. მსჯელობისას ნაწარმოებების ხარისხსა და მხატვრულ ღირებულებებსაც თუ გავიხსენებთ, ზემოთმოყვანილი საშუალო ციფრი ყველაზე მცირე ერთეულამდეც კი არ დავა. ზოგადად კი ქართული ლიტერატურის მრავალმხრივობასა და საინტერესოობაზე საუბარი მსოფლიო ბაზარზე გატანის კონტექსტში არასერიოზულად მეჩვენება – თანამედროვე ტემპების გათვალისწინებით, წიგნის მსოფლიო ბაზარს ვერ დააინტერესებ გასული საუკუნისა და თუნდაც, წლების წინანდელი ლიტერატურული შედევრებით. მთარგმნელობითი ფონდის შექმნა, რასაკვირველია, მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ დღესდღეობით ალბათ უფრო უპრიანი იქნება კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები შიდალიტერატურულ სივრცეს მოხმარდეს, კარგა ხნის წინ გაყინული პროცესი როგორმე ადგილიდან დაიძრას და შექმნილი სიცარიელეები ამოივსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კომიკურ სახეს მიიღებს – გვექნება ფინანსები, გვეყოლება მთარგმნელი, შეიძლება რომელიმე უცხოური გამომცემლობაც გავაბრიყვოთ, მაგრამ სანთლით საძებარი გაგვიხდება წიგნი, რომლის გატანაც მსოფლიო ბაზარზე არ შეგვრცხვება.
სტენდის ორგანიზატორებმა კიდევ ერთი საიდუმლო გაგვიმხილეს – არ არის გამორიცხული, 2011 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის რანგში საქართველო წარდგეს. 2011 წლამდე კი თურქეთი, ჩინეთი და არგენტინა არიან პროგრამაში. წლევანდელი ბაზრობის საპატიო სტუმარი კატალონია იყო და კატალონიური კულტურის დღეები მთელი ქალაქის მასშტაბით მოეწყო. კატალონიამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 100-ზე მეტი ავტორი და ხელოვნების სფეროში მოღვაწე 600-ზე მეტი სტუმარი წარმოადგინა. ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო 4 საავტორო ფილმი, გაიმართა 30 ინტერვიუ მწერლებთან, გამოფენაზე გამოიტანეს ანტიკვარული წიგნების 150-ზე მეტი ორიგინალი, 15-მდე ხელნაწერი, 300-ზე მეტი ფოტო და აუდიო ვიზუალური დოკუმენტი.
კატალონიური გამომცემლობები ესპანური საგამომცემლო ინდუსტრიის 28 %-ს შეადგენს. მათი რიცხვი 150-მდე აღწევს და კატალონიური კულტურისა და მეცნიერების ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვთ. აქამდე კატალონიური ლიტერატურის მხოლოდ 45 ბელეტრისტული ნაწარმოები იყო გერმანულ ენაზე თარგმნილი, და როგორც იურგენ ბოოსმა განაცხადა, საპატიო სტუმრის მოწვევა ამ საკითხს როგორც გერმანიასთან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც მოაგვარებს. კატალონიური კულტურის პროგრამა სამ ძირითად ნაწილად იყო დაყოფილი – კატალონიური კულტურა დღეს, კატალონიური ენისა და ლიტერატურის 8 საუკუნოვანი წარსული და მათი საგამომცემლო ინდუსტრია. მთავარი მოვლენა კი ბაზრობის ფორუმზე გამართული პრეზენტაცია “La Cultura Catalana, Singular i Universal” იყო, სადაც ორგანიზატორებმა კატალონიური საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარების ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ზემოთმოყვანილი რიცხობრივი მაჩვენებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საეჭვოა, ქართული კულტურის დღეებმაც ასეთივე რეზონანსის მოხდენა შეძლოს მსოფლიოს ლიტერატურულ ფოკუსში, და მით უმეტეს, თუ დაახლოებით მაინც წარმოვიდგენთ, რა თანხებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მსგავსი კულტურის დღეების მოწყობა, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ისევ ღვთის ანაბრად მიტოვებული ეროვნული საგამომცემლო საქმე მახსენდება – განსაკუთრებით, მაშინ, როცა ლიტერატურის მოყვარულები მსოფლიოში უკვე ბინის ფართს ზოგავენ და თაროებზე წიგნების გროვების ნაცვლად ელექტრონულ გამოცემებს ანიჭებენ უპირატესობას, თუ ზედმეტად გადატვირთული დღის რეჟიმი აქვთ, სქელტანიანი რომანების აუდიო ვერსიებს საჭესთან ისმენენ – ეს ის სტატისტიკაა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ბაზრობის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე იურგენ ბოოსის ინიციატივით ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 86 ქვეყნიდან 1324 ექსპერტი და სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო, გაერკვია, თუ რამდენად გაიზრდება მოთხოვნილება ლიტერატურის ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე, რაც კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა თანაბრადაა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული გამოცემების ყველაზე დიდი პლაცდარმი.
შეკითხვაზე, თუ რა სახის ლიტერატურული პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტად წარმატებული და რაზე კონცენტრირდება მკითხველთა მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ელექტრონული წიგნები – 44%, აუდიოწიგნები – 40%, თარგმანები – 27%, სახელმძღვანელოები – 26%, კომიქსები – 18%, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა – 17%, გასართობი ლიტერატურა – 15%, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები – 8%, პოეზია – 3%. ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სულ რაღაც 50 წელიწადში ორ ყდას შორის მოქცეული ლიტერატურა შეიძლება ძირეულად შეცვალოს კილო- და მეგაბაიტებში გამომწყვდეულმა ტექსტებმა, თუმცა, ამას საგანგაშოდ სულაც არ მიიჩნევენ – თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა და მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიასაც წარმატებული საქმიანობისათვის გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებენ. თავად იურგენ ბოოსიც თვლის, რომ ციფრული ტექნოლოგიები ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა გლობალური საგანმანათლებლო პროცესის დაჩქარებისათვის.
სამომავლო გეგმებზე მსჯელობის, საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლისა და კულტურული რევერანსებს გარდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იმითაც მნიშვნელოვანია, რომ მის ფარგლებში ორი პრესტიჟული ლიტერატურული პრემია გაიცემა. გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის ჯილდო (Friedenspreis des Deutschen Buchhandels), რომელიც 25 ათას ევროს შეადგენს, ებრაელ ზაულ ფრიდლენდერს გადაეცა მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებაში შეტანილი ლიტერატურული და სამეცნიერო წვლილისათვის. ფრიდლენდერის შრომები ისტორიული ჟანრისაა და ძირითადად ჰოლოკოსტის შესახებ კვლევებს მოიცავს. დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად Paulkirche-ს ტაძარში გაიმართა. სხვადასხვა დროს Friedenspreis des Deutschen Buchhandels-ის ლაურეატები იყვნენ ორჰან პამუკი, სიუზან ზონტაგი, ვარგას ლოსა, ამოს ოზი, ჩინუა აჩებე და ა.შ.
საბავშვო ლიტერატურის პრემია (Der Deutsche Jugendliteraturpreis) ყოველ წელს განსაკუთრებულ ხალისსა და მხიარულებას მატებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას. ჯილდო უკვე 50 წლის ისტორიას ითვლის, იგი სხვადასხვა ნომინაციებში გაიცემა და თითოეული ნომინანტისთვის განკუთვნილი ფულადი პრემია 10 ათასი ევროა. წელს საუკეთესო საბავშვო წიგნად ნორვეგიელი ავტორის, ჯონ ფოსსეს “და” (“Schwester”) დასახელდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენი “ლურჯი სავარძელია” (Blaue Sofa), სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული გამომცემლები, ავტორები და საგამომცემლო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლები გერმანიის ცენტრალური ტელევიზიისათვის საჯაროდ ინტერვიუს იძლევიან. წელს წიგნის ბაზრობაზე მისულ სტუმრებს ლურჯ სავარძელში მოკალათებული უმბერტო ეკოს, გიუნტერ გრასის, მარტინ მოზებახის, ზედი სმიტის, კირან დესაის და სხვა ავტორების ხილვა შეეძლოთ. როცა ცოცხალი ლეგენდების პირისპირ დგახარ და მათგან სულ მცირე – ავტოგრაფს ელი, რა თქმა უნდა, არ გახსენდება, რომ ეს სწორედ ის ავტორია, ვის “კუნძულსაც” თავი და ბოლო ვერ გაუგე, რომლის “თუნუქის დოლიც” მეჩვიდმეტე თუ მეთვრამეტე გვერდს იქით გაჭირვებით წაიკითხე, და ვის პრესტიჟულ პრემიასაც დაუმსახურებლად თვლიდი. ეს ის შემთხვევაა, როცა ლიტერატურული ღირებულებები – ხშირ შემთხვევაში პრინციპები და ჭირვეულობები – მეორე პლანზე გადადის და, გინდა-არგინდა, კერპთაყვანისმცემელი ხდები. ასეა, ლიტერატურის გურმანებისათვის წიგნის ბაზრობა ერთგვარი რელიგიური რიტუალივითაა, ლიტერატურით დამუხტული არალიტერატურული კვირეული, რომელიც შინაარსიდან ფორმისკენ გიბიძგებს და ზედაპირზე გაგდებს. ალბათ ასეც უნდა იყოს – წიგნების საკითხავად და მათს ავკარგიანობაზე დასაფიქრებლად ოქტომბრიდან ოქტომბრამდე მთელი თერთმეტი თვე გვაქვს.

© ”ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box

2 Comments

  • Chaotic

    ეს შევარდნაძის ჩამოსვლის ისტორია და პრესკონფერენცია წინა წლის მესსეზე არ იყო?

    :spy: