გამომცემლობა ,,პალიტრა L’’- მა რისმაგ გორდეზიანისა და ეკატერინე კობახიძის წიგნი: ,,ეტრუსკები – ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები’’ დაბეჭდა.
ვინ იყვნენ ეტრუსკები, რა კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში, როგორი იყო მათი ენა, დამწერლობა, ტრადიციები, კულტურა, საზოგადოებრივი ცხოვრება? ამ უძველესი ცივილიზაციის გაცნობაში სწორედ ეს ნაშრომი დაგეხმარებათ.
ანტიკურმა ლიტერატურამ შემოგვინახა გარკვეული ცნობები, რომელთა გათვალისწინებითაც არქეოლოგიურ და ეტრუსკულ წერილობით დოკუმენტებში დადასტურებულ მონაცემებთან ერთად შეგვიძლია აღვადგინოთ ეტრუსკთა ისტორიის უაღრესად სქემატური სურათი. ამ სურათს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი რისმაგ როდეზიანი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეკატერინე კობახიძე წარმოგვიდგენენ.
პრეზენტაციისას რისმაგ გორდეზიანმა ნაშრომის წერის პროცესზეც ისაუბრა: ,,ჩვენ გვქონდა სერიოზული მსჯელობა თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო წიგნის სტრუქტურა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ წიგნი უნდა იყოს ისეთი, რომ ვინმეს რომ მოუნდეს საქართველოში ეტრუსკოლოგიის შესწავლა, მონოგრაფია სრულ წარმოდგენას შეუქმნის ეტრუსკების შესახებ. მთავარი ინტრიგა კი მდგომარეობს შემდეგში: რა ენაზე საუბრობდნენ ეტრუსკები? (…) მე როდესაც დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა მივხვდი, რომ ეტრუსკულ ენაში არის ელემენტები, რომლებიც გვიჩვენებს მიმართებას ჩრდილო -კავკასიურ ენებთანაც და ქართველურთანაც. ეს ყოველივე რამდენიმე ძირეულმა ფაქტორმა განაპირობა.’’
ეკატერინე კობახიძემ აღნიშნა: ,,ვისაც სურს ანტიკურობის შესწავლა, შეუძლებელია არ მიაქციოს ყურადღება ეტრუსკებს, რადგან ისინიც ჩართულნი იყვნენ ამ განუმეორებელი ცივილიზაციის შექმნაში.”
© არილი