ესაუბრა გუგა მგელაძე
თორნიკე სიბაშვილი ,,საბას” წლევანდელი მოკლე სიის ფინალისტია. მისი პოეტური კრებული ,,დეტექტივი” გამომცემლობა ,,კალმოსანმა” დაბეჭდა. დებიუტის ნომინაციის ფინალისტს რამდენიმე შეკითხვით მივმართე:
რას ნიშნავს თქვენთვის ,,საბას’’ ფინალისტობა და როგორი მოლოდინები გაქვთ?
„საბას“ მეოცე საიუბილეო კონკურსის ფინალში „დეტექტივის“ ნახვა სასიამოვნო იყო. წიგნისთვის „საბას“ ნომინანტობა ერთმნიშვნელოვნად კარგია. ჩემთვის ჟიურის წევრების გადაწყვეტილება სტიმულია, მსუბუქი ბიძგი საწერი მაგიდის მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტულს ველი, ყველაფერს „საბას“ ფინალის მიმდინარეობისას გავიგებთ.
როგორ აფასებთ წლევანდელ მოკლე სიას? არიან მწერლები, რომლებიც იმსახურებდნენ სიაში მოხვედრას?
წლევანდელი „საბას“ ნომინანტი ტექსტების უმრავლესობა ჯერ არ წამიკითხავს. ბევრი წიგნია, შესაბამისად, ბევრი ავტორი, ამიტომ დუმილის უფლებას გამოვიყენებ. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ნომინანტს ვუსურვებ წარმატებას!
© არილი