რუსულიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა
მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარგმნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოეტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზრდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩიც მოხვდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, დავმეგობრდებოდით, ჩემთვის მისი პოეზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარგმნის სურვილიც გამიჩნდებოდა. ეს დაახლოება კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვსკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).
ძალიან ძნელია დღევანდელ უკიდეგანო რუსულენოვან პოეზიას ასე თუ ისე სრულყოფილად იცნობდე, მაგრამ რამდენადაც მე მას ვიცნობ, ახალი თაობის ავტორთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმად, ნამდვილ ფენომენად მიმაჩნია.
იგი ვორონეჟელია. 1971 წელს დაიბადა. თავს ჟურნალისტობით ირჩენს, ლექსების გარდა, პიესებსაც წერს, ოღონდ დრამატურგია რამდენად ეხმარება თავის რჩენაში, ეს უკვე აღარ ვიცი. 1999 წელს ანდრეი ბელის სახელობის პრემიის ლაურეატთა შორტ-ლისტში მოხვდა. შეიძლება ბევრმა ამ პრემიის შესახებ არაფერი იცის, არადა იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა აღიარების რუსულ კულტურაში. პრემია საბჭოურ პერიოდში, 70-იან წლებში დაწესდა ყოველგვარი ოფიციოზის გარეშე. ჟიურის წევრები მუდამ ის მწერლები იყვნენ, არანაირად რომ არ ექვემდებარებოდნენ საბჭოურ კონიუნქტურას და ამ ჯილდოთი ცდილობდნენ ის ავტორები წარმოეჩინათ, რომლებიც ახალ გზებს ეძებდნენ რუსულ მწერლობაში. ამ მარგინალური პრემიის ლაურეატებს ჯილდოდ ერთ ბოთლ არაყს, ერთ ვაშლს და მანეთიანს გადასცემდნენ ხოლმე. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ პრემიის ბევრი ლაურეატი და ლაურეატობის კანდიდატი დღეს თანამედროვე რუსული კულტურის ავანგარდშია. ამიტომაც რამდენიე წელია, რაც რუსეთში დაიწყეს სერიის – “ანდრეი ბელის პრემიის ლაურეატები” გამოცემა. სხვათა შორის, ამ სერიითაა გამოცემული ალექსანდრ ანაშევიჩის მეგობრის, ასევე ვორონეჟელის და ასევე RE:АРТГРУЗ-ის მონაწილის, ელენე ფანაილოვას კრებული.
ალბათ ალექსანდრ ანაშევიჩიც მალე მოხვდება ამ სერიაში, დღემდე კი მას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბლიკაციაში ბოლო ორი წიგნიდან ნათარგმნი ლექსებია წარმოდგენილი. ვისაც მისი შემოქმედება დააინტერესებს, შეუძლია იგი საკმაო დოზით იპოვოს ელმისამართზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.
მთარგმნელი
ავადვმყოფობდი, პოემა, პეტერბურგი
ავადვმყოფობდი, მეხვეოდა თავბრუ, ქუჩაში არ შემეძლო გასვლა, ჩიტთან მუსაიფი.
ძლივს მეყო ძალა ავმდგარიყავი, მომეძებნა აბები, შპრიცი.
რას ვიზამ ნეტა, თუკი ფეხები წამერთმევა, ყველა სიტყვა დამავიწყდება.
მოვასწრებ განა, შევძლებ განა წერილის მიწერას ყველა ჩემი მამაკაცისთვის.
გადიან ქუჩაში, ეკითხებიან გოგოს, ფოსტალიონს:
ფოშტა არაა, არაა ნუთუ ძვირფასისაგან წერილი რამე.
ის: არაა არაა ფოშტა, შეხედე: ჩანთა ცარიელი, ამით დავდივარ,
მე თვითონ ველი წერილს ქმრისგან, ქმარი ომშია, ერთი წერილი მოიწერა სამ წელიწადში,
სამი სიტყვა ეწერა იქ, და ისინიც ვერ გავარჩიე,
მეზობელთან ვიყავი, რძალთან, მთელი სოფელი მოვიარე,
დღემდე ვატარებ ჯიბეში ფურცელს, ისე, როგორც ვეფხვს გალიაში,
შეხედე – შტამპი, სამკუთხა და ჯარისკაცური,
რა ფოშტაზეა აქ ლაპარაკი, ქმრის წერილია. აბა წერილი?
დავსუსტდი, არ ვიცი, შევძლებ თუ არა სარკმელთან მისვლას, დაყვირებას, დასახმარებლად დაძახებას.
სარკმლიდან ვხედავ: დგას პეტერბურგი სველი, ვხედავ, რაა მის გულში.
ხიდები ტყდებიან, იპობიან, ვარვარებენ ნათურები.
ვხედავ ამას შუშის მიღმა, საკუთარი ბუნაგიდან.
ჩემი ბინა გაყიდეს და არ იციან, რომ დავიმალე, საბნის ქვეშ ვწევარ.
ფული წაიღეს შავი ჩემოდნით, შავ მიწაში ღრმად ჩაფლავენ.
ყველაფერს ვხედავ, განსაკუთრებით, სარკეში როცა ვიყურები.
მესმის: ჩიტმა გაიფრინა, დაიჩხავლა.
ვხედავ, მესმის, მიმოვდივარ, ერთი კია – რომ შევიშალე.
მან დაიძინა, წერილები ჩემი გახდა
Б კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ მადრიდიდან, აქ ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვა მხარეს იბრუნა პირი,
მე აქ ღია ვარ, როგორც სიმ-სიმ, მეუფლება იოლად ყველა,
მაქვს ახალი ესპანური წითელი კაბა, ასეთი თვალითაც არ გინახავს,
ფული არასდროს გეყოფოდა სამაგისოდ.
იცი, ეს რაა: ნაქარგები, სამშვენისები, აკურატული ნახელავი.
მხოლოდ და მხოლოდ ამით დავდივარ.
დანახვაც აღარ შემიძლია საძაგელი ჩემი ძონძების,
მაგრამ არ ვყრი სანაგვეზე, ღუმელისთვის გამომადგება.
მაპატიე, რომ ვუღალატე ჩვენს ლამაზ ქალაქს, ჩვენს პეტერბურგს, ჩვენს კუნძულებს, ჩვენს მეტროს, ყურეს.
უღალატებ, სუყველაფერს დაივიწყებ, როცა ყველა მხრიდან გიხმობენ,
გიმღერიან მანდარინის, ქლიავის და ზეთისხილის მწიფე ხეები…
აქ ლაღად და ბედნიერად ვარ მე, მცონარე.
დედოფლად ვგრძნობ თავს, ვეება თევზად.
სუყველაფერი მაქვს, რისი მოცემაც შეეძლო ჩრდილოეთს:
კაბალიერო ღამით, მარაო, ღრმა დეკოლტე, წვნიანი ხილი.
ამის სანაცვლოდ რწმენა დავკარგე.
ყველაფერი, რაც მიყვარდა, თაყვანს ვცემდი – დამავიწყდა, ვერ წავიღე გულის სიღრმეში.
ასე ვფიქრობ, რომ მაპატიებ, რადგან ვიცი: არასდროს არაფერს ვაკეთებდი მე სიბოროტით.
У კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ სატუსაღოდან, ბედს, როგორც ხედავ, ვერ გაექცევი.
გახსოვს მარჩიელი, მისი ცარიელი, გაჩერებული დღეები,
მისი უმიზეზობა, ჩამოშლილი, მშთანთქმელი ცეცხლის ენები.
მხოლოდ შენ გახსოვს ეს, მარტო ვიყავით ჩვენ მაშინ.
აქ ისჯება თავის მიბრუნებაც, დედოფლის მზერაც, ეროტიკული სიზმრებიც.
მე მამშვიდებენ: შესასვლელთან ქვის ლომები წვანან.
შენ ამბობდი – ეს სიყვარულის მაგნიტებია,
შენ ამბობდი – ის ქვის ჯავშნის ქვეშ იმალება, სიღრმეში.
М კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ მონასტრის გალავნით გარშემორტყმული, შევიცვალე, შემოსილი სხვანაირად ვარ.
ამ წერილის გამოგზავნას, ალბათ ვერც კი შევძლებ, კარიბჭე ხომ დაკეტილია.
მაღალ კედლებს ვერ გადაუფრენ: დავდივარ მიწაზე, ფრთები არა მაქვს და ისე.
გუშინ აქ ჯარისკაცები ცდილობდნენ შემოჭრას.
მინდოდა ბარათი ჩიტების ფოსტით გამომეგზავნა.
მაგრამ მხოლოდ ყვავი იყურება ფანჯარაში, არ ელოდო მისგან არც დახმარებას, არც გათვალვას.
მთელი დღე ზის ტოტებზე, ცერად მიყურებს, კვირტებს კორტნის.
შევინახავ წერილებს, შეხვედრისას მთელ დასტას გადმოგცემ.
აქ ბევრი რამ ვისწავლე, ყველა ლოცვა წავიკითხე.
რწმენამ გაიღვიძა ჩემში, თუმცა, ჯერჯერობით ციდამ, კოლიბრივით.
მარხვას ისე ვიცავ, თევზსაც კი არ ვჭამ.
მთელი დღე ოთახში დავდივარ, წრეზე.
ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდე, ახლა ხომ შენზე უფრო ახლოსა ვარ ღმერთთან.
С კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ ლაზარეთიდან, შპრიცებია გვერდით,
ფლოსტები, ქალწულები, მანდარინი – საინზე, და
არავინ არ მეკარება, ეშინიათ.
აქ ახალ სიტყვებს ვლაპარაკობ, სხვა სამოსი მაცვია ტანზე.
სამჯერ ვცადე გაქცევა, მაგრამ
გამაჩერეს, არ გამიშვეს, მითხრეს: ყველა შენამდელი, – ზღვის ფსკერზეა,
მათ იმედიც აღარ დარჩათ, და ნეტარნი არიან უკვე.
გუშინ ქალები მომიყვანეს.
ერთს ეკავა ხელში ჟენშენი, მეორეს ბაზი პირის ღრუში უგუგუნებდა,
მესამეს შინელი წამოსხმული ჰქონდა მხარზე,
მე არ გავედი მათთან, განძრევა მეზარებოდა.
ნემსი ამიტრიპტილინის გამიკეთეს საღამოთი,
საპროცედუროში ვიდექი, როგორც განდევნილი მანდელშტამი,
სისხლი სდიოდა მედდას ხელებზე.
შევფიცე ექიმს, რომ ჩემს ცხოვრებას აღარ აღვწერ,
ყვავილების ქონი, ვთხოვდი, გამოეწერა, ჩემს ძარღვებს მხოლოდ ის მოაძლიერებს.
ვამშვიდებდი, პირობას ვდებდი, მაგრამ სიტყვა მაინც გავტეხე.
ძვირფასო, ირგვლივ სიცარიელე რომ არის, აქ არავინ იცის.
ძილის წინ გარეთ გავდივარ, ვყვირი:
“ხალხნო, მისმინეთ: ანგელოზები აკაკუნებენ, უსტვენენ და გვაფრთხილებენ!”
ამ წინასწარმეტყველებათა გამო მომკლავენ, მომწამლავენ – მე მეშინია.
Ю კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ ღამის სათევიდან, უზარმაზარი გალიიდან,
აქ ნახევარი სამყაროა: მორდოველები, იაკუტები, მკვდრები, ევენკელები.
თავზე მადგას გვირგვინი, ჯიბეში მიყრია ხურდა.
ღამ-ღამობით აქ იკრიბებიან ქალაქელი უსაქმურები და ხეიბრები.
არ იფიქრო, რომ ეს კლოაკაა, აქ თავს იყრის ღვთის მთელი ხროვა.
ღვთისკენაა მიმართული ყველა ფიქრი, შეძახილი, წამოყვირება.
მე პირის ღრუში მაქვს დამალული ბრილიანტები,
მაქვს პირადი ცხოვრება და სამიჯნურო ვარიანტები,
ამის გამო არ დახიო ეს წერილი ოღონდაც, მე აქ, მეეჭვება, შევძლო ღალატი.
ღამით ვწევარ ფიცრებზე, ვგრძნობ: ნეტარება გვერდითაა:
მხოლოდ უნდა გავიარო ყრუ დერეფანი, ჯოჯოხეთივით რომ სრულდება.
მორიგ წერილს იქიდან მოგწერ, თუ ამაზე არ მიპასუხებ.
თურქეთი: საათის ყიდვა
საათი ვიყიდე ნაწილ-ნაწილ სტამბულის ბაზარში.
მფლეთდა ძაღლი უზარმაზარი, მონადირე, მწევარი იმისათვის,
რომ ვიყიდე ერთი კილო ციფერბლატი, კბილანები, ისრები.
აჯობებდა პატარა კაბა მეყიდა, ბარბარა სტრეიზანდს რომ აქვს, ისეთი.
თვით ტკბილ თურქეთშიც ხომ ბაგეზე ვატარებდი მის სიმღერებს, ვერ მოუღო მათ სიცხემ ბოლო, არ მოეკიდა ობი.
რა დრო გაზომა ჩემმა სათმა, სანამ მიმქონდა უზარმაზარი ჩანთით.
ყველა წუთი რომ შეაერთო, სანამ ასი მეტრი გავიარე ვაგზლამდე, დღე-ღამემ გაიფრინა.
ვთრთი აღგზნებისგან, თითქოს საათი კი არ მიმაქვს, ოქროს ზოდები.
მებარგულები გვერდით მომყვებიან, ჩურჩულებენ, თვალს უკრავენ ერთიმეორეს, მომსახურებას მთავაზობენ
პირველად მივდიოდი ასეთ ამალასთან ერთად.
არავის ვანდობ ჩემს ბარგს, ხელებს დავიწყვეტ და არავის ვანდობ.
უკმაყოფილო უხეში თურქული გინების ქვეშ
არავის ვანდობ, ჩემს საუკეთესო დაქალსაც კი არა.
ის მელოდება მე პეტერბურგში, ნერვიულობს, ტაბლეტებს სვამს, ფანჯარას არ სცილდება, ტაბურეტიდან არ დგება.
* * *
ლილიპუტები ჩამოვიდნენ კრაკოვში
წვიმაში დგანან
წარმოდგენა დაიწყება ზუსტად შუაღამისას
ხიდიდან გადავარდა ვაგონი პატარა ცხენებით სავსე
საჰაერო ბურთები კოსმოსში გაფრინდნენ
მათ თან სდევს ისეთი პატარა სიკვდილი
რომ არც კი ჩანს
მხოლოდ ისინი ხედავენ
თავიანთი ლილიპუტური თვალებით მას
ჟულიენს მაჯაზე უზარმაზარი ბაფთა აქვს
კუკუს ბრმა თვალები
გოლიათ ჟანს კი საყურეები ძუძუსთავებზე და
სტკივა თავი
პანი ანს და პან ბანს მკვდარი ბავშვი გაუჩნდებათ
მათ წარმოდგენაზე ანშლაგი იქნება
მაყურებელი გაიგებს, რომ ეს მათი ბოლო შოუ იყო
ჭრელი კარავი შაპიტო უფსკრულში ჩაინთქმება
თითოეული თავის მკვდარ პატარა კვიცს მიიღებს და
უფსკრულს მიღმა კიდევ ერთი უფსკრული და
ასე უსასრულობამდე
ბრმა კუკუ დგას წვიმაში, მღერის:
იყიდეთ იყიდეთ ბილეთები
წარმოდგენა დაიწყება ზუსტად შუაღამისას.
© “არილი”