“… ღმერთო, ასეთი ხალხიცაა ქვეყნად, ისინიც ჩვენსავით ადამიანები არიან, არადა შვიდ საათამდე ლოგინში წვანან; მერე სად? თავის სახლში, ბინაში. სამსახურშიც დადიან რვა საათისთვის, იქაც სხედან, ანდა ოთახებსა და დარბაზებს ჰგვიან, საღამოთი შინ ბრუნდებიან, სამუშაოსთან საქმე აღარა აქვთ. მეორე დღესაც, კარგა გათენებამდე, საწოლში კოტრიალობენ. ადგებიან, ჩაის მიირთმევენ, უბატონოდ ხმას არავინ გასცემს, ჩაიცვამენ და გასწევენ სამუშაოზე… მე და ჩემისთანებმა რაღა დავაშავეთ? ღმერთო, მთელი ღამე ამ ალქაჯებს უნდა ვაყურადოთ, რამე არ მოიწიონ. ოთხი საათისთვის უკვე ზეზე უნდა ვიყო. დავარწყულო, ბაგაში შვრია ჩავუყარო, გავწმინდო, დავვარცხნო, შესაბმელად გავამზადო. მერე ბაშტეებს მივდგე დასასუფთავებლად. იპოდრომიდან მობრუნებული გამოვხსნა და, სანამ არ დაუწყნარდება გულ-მუცელი, ვატარო, გამოვანაბიჯო; ოფლის შეშრობას ვინ დაეძებს, ფერდი არ უნდა უფეთქავდეს, თითქოს ახლა გამოვიყვანე თავლიდანო. თუ შეჯიბრის დღეა, კიდევ უარესი, თითო საათი უნდა ამათ ჩაწყნარებას…”
თედომ გაკვირვებით აიხედა. ეგონა, სხვას ელაპარაკებოდა ეს მეჯინიბე დედაკაცი, შეუხედავი, კისერჩავარდნილი, სარბოლო თავლის ახალგაზრდა, ტანად, ღონიერ ქალებს – მეჯინიბეებსაც, მით უმეტეს, ენიოტების – მარბოლარი ცხენების, ჩორთმავლების, მხედნელების დამხმარეებსაც არაფრით ჰგავდა. არც ჩაცმულობით – ჩვეულებრივი მუშა, გლეხი ქალის სანიადაგო კაბა ეცვა. ფეხზე – სოფლური ჩუსტები, თავზეც გლეხური მანდილი ჰქონდა წაკრული.
კვირა დღე იყო. სადოღე და ჩორთმავალი ცხენების რიგითი ასპარეზობა მიმდინარეობდა. თედო არც ტრიბუნაზე გასულა და არც მინდვრისკენ მიახლოებია დოღებსა და რბოლებს. თავლების ბოლოში პატარა მდელოზე თავისი თეთრი იაბო ჰყავდა საბალახოდ გამოყვანილი (მაისი იწურებოდა), აქვე უამებდნენ ონკანებზე წამოცმული რეზინის მილებით ფეხებს ნაჭენებ ცხენებს. სადოღე ბედაურები თავლის ბიჭებს ქვემოთ, ფიჭვის კორომის სიგრილეში ჩაჰყავდათ; მარბოლარებს თავლების წინ ატარებდნენ მეჯინიბე ქალები. სარბოლო წრიდან ამოსულ ენიოტს და მის ნარბენ ბედაურს თავლის წინკარში, მანეჟში, მიეგებებოდნენ, გამოხსნიდნენ ორთვალა სარბოლო საკორწიანოდან, თანაშემწე აღკაზმულ ახალ ცხენს გამოუყვანდა შესაბმელად. მეჯინიბე კი ჯილაგში ჩაავლებდა ხელს გაქაფულ და მფრთხვინავ ნაბრძოლ პირუტყვს და მყუდრო ადგილს შეურჩევდა გასატარებლად.
ცოტა ხნის წინ ორი წლის ორლოვური ჩორთმავლების ერთ-ერთი რბოლა დამთავრდა და ამ ლურჯა კვიცს ტუსტუსით მიჰყვებოდა აი ის შუა ხნის ქალი, ფეხს უწყობდა, ოხშივარავარდნილ მკერდს უსწორდებოდა. ულაყს ვერაფერი მოეგო, მაგრამ კარგი კი იყო: ხასხასა ფორაჯები ასხდა ბარკლებზე, ბეჭებზე, ძუა-ფაფარი მუქი ჰქონდა, წვივები, საოლავები, ფლოქვებიც – შავი; ლამის თედომდე აწვდენდა ნესტოებიდან მობერილ მხურვალე ნასუნთქს; კვიცობა მარტო თავ-ყბის ჯერ გაუმკაცრებელ კონტურებსა და ცეტ თვალებზე ეჩნეოდა. ეტყობოდა, რომ ახლახან გადატანილი რბოლა აბოდებდა, გასხლტომას და კამარის შეკვრას ლამობდა. “მოკლავს ამ ბეჩავ დედაკაცს”, – გაიფიქრებდა თედო, მაგრამ ამ გალეულ ქალს მტკიცე ხელი ჰქონდა, დროზე შეხმაურებაც და გაწყრომაც იცოდა და ცხენიც უმალ შოშმინდებოდა; დაბარებულივით, ჩქარი ნაბიჯით გაჰყვებოდა ერთხელ უკვე შემოვლილ წრეს. მეჯინიბე თუმც დანდობილად იკავებდა, მიყოლა ნამდვილად უჭირდა, ქოშინსაც ურევდა თედოსთვის ასე მოულოდნელად წამოწყებულ აღსარებაში.
“…მერე განა ცოტა ხანია? რა რო ომი დამთავრდა. გერმანელები რო შემოვიდნენ სოფელში, არ გამართლდა ძველი ოჯახიშვილების ნატვრა – კოლმეურნეობებს მიუხურავენო პარტიელებს. პირიქით… კლიტეები და ლუქები დაადეს საწყობებს და ბეღლებს. ბრიგადებიც დატოვეს. ეგ იყო, რო ბრიგადელები აღარ ჩანდნენ, ფრონტზე იყვნენ გარეკილები, სულ ახალუხალი გოგო-ბიჭები დანიშნეს, ბევრიც, ვინც ჩემსავით ავთვალი არ იყო, გერმანიაში წაასხეს, თვითონ დაიყენეს მოჯამაგირეებად, ჩვენზე მაძღრისად იყვნენ ისინი. მერე მობრუნდნენ ჩვენები, წითლები ესე იგი. ფრონტიდანაც იწყეს ჩამოსვლა ხეიბრებმა. მამაჩემის დაღუპვის ამბავი ადრევე მოგვივიდა. მალე უფროსი ძმაც გამოჩნდა – ხელი მოეგლიჯა ნაღმს. სად არ ეთრია ომს, ნაწილში ერთი-ორი კაცი გადარჩენილიყო. ხელს ვინ დაეძებს, ძლივს დაღოღავდა. ფილტვები ჰქონდა შეჭმული. ტყვედაც ჰყოლოდათ, პარტიზანებშიც ევლო, არაფერი საბუთი არ მოჰყოლია; ერთი-ორჯერ სამხედრო კომისარიატამდე მიიყვანა კეთილმა ხალხმა – ეგებ, როგორც ომის ინვალიდს, პენსია მოგცენო. ვერაფერი გააწყო. აკი ვთქვი, ფარატინა ქაღალდიც არ მოჰყვა-მეთქი. ისიც კი ურჩიეს, აქეთ აღარ გამოჩნდე, ნატყვევარი კაცი, პენსია კი არა, ციმბირის გზას არ გაგიყენონო. ისიც დედაჩემს დააწვა კისერზე. შიმშილი ჩამოვარდა. მინდვრად სამუშაოდ გასულებს თუ ურიგებდნენ რაღაც ულუფას. ჩემს ძმასა და მე ვინ რას მოგვცემდა. მეზობლის ყოჩაღი გოგო გვყავდა. ქვეყნის ამბებს ადრე შეიტყობდა ხოლმე. ერთ დღესაც მეუბნება, აქ რას უნდა ველოდოთო? თურმე ხარკოვში ბრიგადები დგება. შუა აზიაში მიუდით ხალხი. ჩვენც ვცადოთო ბედი. ვუთხარი დედაჩემს. ულუფიდან რაღაც ფქვილი მორჩენოდა, ექვსი ხმიადი გამომიცხო, გზაში იმყოფინეო, მერე, რახან ბრიგადა ჰქვია, იქაც მოგცემენო. გავუდექით მე და მეზობლის გოგო. სამ დღეს მოვუნდით ხარკოვამდე ფეხით ჩასვლას. თითო ხმიადს ვჭამდით გზაში. ბაღებში დაყრილ ხალხს ჩვენც მივემატეთ. გავიდა სადგურზე – არაო, ტყუილი გამოდგა ის ხმა, არც არაფერი ისმისო. იმ ღამეს იქ ვეყარენით, ნაშუაღამევს პარკის მერხებზე წამოწოლაც აღარ დაუშლიათ. დილით ვეუბნები: აბა, ორ-ორი ხმიადიღა დაგვრჩა, სანამ დროა, უკან ვიაროთ სოფლისკენ, ეგებ ცოცხლებმა მაინც მივაღწიოთ-მეთქი. არაო, – ასე მიპასუხა, – მე იქ მიმბრუნებელი აღარა ვარო. ისევ გავიდა სადგურზე. შენ როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი. ვაგონების სახურავებზე ადის ხალხი და კავკასიისკენ, საქართველოსკენაც მიჰყვებიანო. მეც ასე გადავწყვიტე, შენ რაღას იზამო? არ გავყევი, შინ დაბრუნება ვარჩიე.
იმათ კი ჩააღწიეს. ვინ სად მიეკედლა. ჩემი დობილი საქართველომდე ჩასულიყო. წერილიც კი მოიწერა. არა გვიშავსო, სამუშაოც ვიშოვეთ, ქართველები ლუკმას არ გვამადლიანო. მერე აღარაფერი ვიცი. ისე, ზოგი ბედსაც ეწია იმ უცხო მხარეში, კუთხე-კუნჭული იშოვეს. ზოგი ოჯახსაც მოეკიდა. აბა, ცოლადაც კი წაიყვანეს იქაურმა გლეხკაცებმა, ბერბიჭებმა და ქალაქის ავარებმა”..
კვიცს ოფლი შეშრობოდა. ბალღის ნაქაშურებივით ზოლებადღა აჩნდა შემხმარი ქაფი ფერდებსა და იღლიებში. ხშირ-ხშირად ჩელასაც გამოხედავდა (ასე შეცვალეს ცხენსაშენიდან მოყოლილი უკრაინული სახელი შინაურობაში თედომ და მისმა მწვრთნელმა, ბრწყინვალე თავადების შთამომავალმა, ძველმა ცხენენჯმა(1). ბებერი ჩელა კვიცისკენ არც იყურებოდა, ხანდახან ახედავდა ხოლმე თედოს, რომელსაც რატომღაც საკუთარი ცხენისთვის ვეღარ მოეცალა და ყური იმ ცეტი ლურჯას მეჯინიბისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
თედომ იცოდა ამ ლურჯა კვიცის თავლა. ჩუმი, გამრჯე, ამ საქმეს გადამკვდარი ხალხი იყო; თავხედები კი არა, უფრო მორიდებულები ეთქმოდათ. ერთხელ სთხოვეს კიდეც თედოს, ეს ჩვენი ახალგაზრდა ცხენები რომ გამოგვყავს საბანაოდ, მაშინ ნუ ჩაგვივლით თქვენი თეთრი ჩორთმავლითო. ხამ ცხენებს ყოველთვის აფეთებს თეთრი თანამოძმეო, უკვირთ უჩვეულო ფერი, რა იციან ამ ლურჯა კვიცებმა, თვითონაც რომ ასე შეეცვლებათ ბალანი და მაგათი ჩავაშლებული ფორაჯებისგან არაფერი შერჩებათო. ჩელას საგვარტომოც დაუდასტურეს. ჰო, ჩვენი ცხენსაშენის ყოფილა, მაგრამ აშკარად ეტყობა, სტრელცოვკური ჯილაგის სისხლი რომ გამოჰყოლია. საგანგებო წაფვით შეძენილი გეგონება მაგისი ფეხის ამართვა, საზეიმო ჩორთით გავლაო…
ლურჯა კვიცს უკვე ბაშტეში შეყვანა ეკუთვნოდა. ახლა იქ უფრო დამშვიდდებოდა, ყლუპ წყალსაც დაალევინებდნენ, თივასაც გაღეჭავდა. მაგრამ ქალს, ეტყობოდა, კიდევ დარჩენოდა სათქმელი, სულ სხაპასხუპით განაგრძო მოყოლა. ახლა კი ნამდვილად მიხვდა თედო, თავისთავს კი არა, მე მელაპარაკებაო. ისე დადგა, რომ თანაგრძნობა და ყურადღება მაინც გამოეხატა.
… “მერე მოკვდა ჩემი ძმა. აბა რაღა დარჩენოდა. აღარც კოლწევრი იყო, აღარც მუშა, არც ომის ინვალიდად ეწერა, არც პენსიონერად; სააქაო ადგილი აღარ დარჩენოდა.
ხარკოვში ცხენსაშენის აღდგენა დაიწყეს. ჩემი სოფლიდან ორი გოგო გაიპარა კოლმეურნეობიდან. იქაც ძაან სჭირდებოდათ მუშა ხალხი. აბა, ქალაქელებმა ცხენის ხელი რა იცოდნენ. მეც შემაგულიანეს; იქაურ ბრიგადელს უთხრეს, დაგვალული კია, მაგრამ პირუტყვი ეცოდება და მუშაობა არ ეზარებაო. შემიფარეს კიდეც. ხანდახან სოფლიდან, კოლექტივის გამგეობიდან დაგვეცემოდა ვინმე. სათივეზე გვმალავდნენ. “ასე გამოვიდა ხმა, ჩვენი გომბიოები ყოფილანო თქვენთან!” ჩვენი ბრიგადელი მაგრა უხვდებოდა: “ეგ თქვენი კახპები სადგურზე და სალუდეებში მოიკითხეთ. ჩვენ ასეთ დეზერტირებს არ ვაჭაჭანებთ. აქ რუსული საჩორთმავლო მეცხენეობის დიდება უნდა აღვადგინოთ!” – აბა, სიტყვაც ძაან უჭრიდა. ნასწავლი კაცი იყო: ზოოვეტერინარული ტექნიკუმი თუ მუშფაკი ჰქონდა დამთავრებული.
სოფელიც მოღონივრდა ამასობაში. დედაჩემმაც ჩამომაკითხა. შინისკენ მეწეოდა. აღარ ვშიმშილობთო. ეგებ გაგათხოვო კიდეცო. ოჯახს ეკიდება ნაწანწალები ხალხიო. აღარ ვიკადრე გაქალაქებულმა გოგომ სოფლის ტალახი…”
თედომ ჩელას გახედა. იცოდა, გარეთ არ უყვარდა მარტოობა. როცა ვინმეს ესაუბრებოდა, ჩელა კისერს გაწვართავდა, თავს მათ შორის ჩარგავდა; შემსიტყვებლად თუ არა, მსმენელად მაინც ჩადგებოდა ორთა შუა. ახლა კი მშვიდად ბალახობდა. შუა დღის ხვატში ტანი მოშვებოდა; ფორნიდან გამოშვებული უბირი სოფლის ცხენივით ძოვდა მაისის წვიმითა და მზით აყვირებულ ბალახს. უცხო კაცი ვერც იფიქრებდა, რომ იპოდრომის გამორჩეულ სააღლუმო ბედაურს უცქერდა.
შარშან, შემოდგომაზე იყო, კრიალა დილით ჩვეულად ადრე რომ მივიდა საჯინიბოში, მაშინვე შეუძახა მანეჟის უფროსმა (ის მეჯინიბეებსაც ასწრებდა მისვლას): “სადა ხარ, თედო, სწორედ შენ გახსენებდი. ახლავე შეკაზმე ჩელა და ქვემოთ, მოედანზე ჩადი!” “მერე რა უნდა გავაკეთო იქ?” – გაუკვირდა თედოს. იცოდა, რომ არ უყვარდა ძველ მხედარს უდროო დროს თავლიდან ცხენის გაყვანა. “არაფერი, შენთვის აიარ-ჩაიარე, თავისი ჩორთით გაატარე, სარდალია მოსული, ყველა ზედ ახვევია, ნახოს ჩვენი ცხენიც!”
თედოს გაეღიმა. გაეგონა, სამხედრო ოლქის სარდალი ჯდებოდა დილდილაობით ცხენზე. ახოვანი, უფრო კავალერგარდის აღნაგობის კაცი იყო, ხალისიანი, შუბლგახსნილი. თავისი მცირე ამალა დაჰყვებოდა; ზოგი ცხენებთან ხამად არც იყო, ზოგსაც, ეტყობოდა, სარდლის გამო გადაედო თავი. ადგილზეც ხვდებოდნენ გამორჩეული მწვრთნელები. სარდალთან თუ ვერა, შავულვაშა, “პოლიტიკურად დაჭედილ”, ცქაფ ოფიცერთან იყვნენ გაშინაურებულნი; ის შუამავლად დასდგომოდა სტუმარ-დამხვდურებს. თედომ დაახლოებული ახალგაზრდა მწვრთნელიც შენიშნა. ის კი ნამდვილად მეუზანგე-ჯილავდრად ეყოლებოდათ. გულიანი, ნაკითხი, გონიერი ბიჭი იყო. სარდალი და მისი ოფიცრობა სჭირდებოდათ: ხან სპორტსმენს ჰქონდა ჯარში გაწვევის ვადა გადასადები, ხან შეკრებიდან იქნებოდა ვინმე გასათავისუფლებელი(2). ამიტომაც თავს ეხვეოდნენ. ზოგი პოლიტიკოს-ოფიცერს მანეჟის მწვრთნელზეც ჩააწვეთებდა ხოლმე სიტყვას: “ძველი დროის კაცია – ნათავადარ-ნაკადეტარ-ნაოფიცრალი, მანეჟს არ გვითმობს სავარჯიშოდ. პატარა შეხურება მოუხდება”. იმას ვეღარ გრძნობდნენ, რომ ეს სიტყვები არცთუ უსიამოდ ჩაესმებოდა აქსელბანტ-პაგონებს უკვე კარგად შეთვისებულ, ძველი სამხედრო დიდებით ყურგახედნილ იარანალს. არც პოლიტიკოსი იმეტებდა. “ამიტომაც ჩამომგზავნა ამ კავალერისტულ პლაცზე”, – ფიქრობდა თედო. ერთი-ორჯერ დეზიც გაუცაცუნა ჩელას. მეტი არც უნდოდა 18 წლის ბერკვიცს – ახელფეხდა, უმალ პასაჟით გაიარა, სადავე რომ მოეზიდა, პიაფესაც დააბაკუნებდა(3), ყალყზე შედგომას და კამარის შეკვრას ხომ ძლივს გადააჩვია სათუთი ხელით. ცალი თვალით დაინახა, რომ მოედნიდან უკვე გამოდიოდნენ და მათკენ იყურებოდნენ. “აჰა, ეს უნდა იყოს, ალბათ, ის ჩორთმავალი, თქვენი ბებერი თავადი რომ მიქებდა. მართლა შიხიანი რამე ყოფილა. მაგაზე შეჯდომაც კი ღირს”. ცქვიტად ჩამოხდა თავისი ზორბა, ქურანი თრაკენული ულაყიდან. თედოც უკვე უზანგებს უგრძელებდა ჩელას. ეჯავრებოდა ცხენ-კაცზე მორგებული უნაგირის ხელის ხლება და მოსართავ-უზანგ-აღვირის თასმა-აბზინდების გადაადგილება. “დალოცვილს თვითონვე მაინც არ ჰქონდეს კანონად დადებული”; უყვარდა მოხუცს თავისი დროის ნორმების ახლებური შეგონებების კილოზე მიწოდება. “ხუთი რამის თხოვება არ შეიძლება: ცოლის, ცხენის, უნაგირის, რევოლვერის და კბილის ჯაგრისის”. “ერთიც დავუმატოთ, რა”, – შეეხვეწა თედო და საგონებელში ჩავარდნილ ჭაბუკებს და გოგოებს თვალი აარიდა. “მაინც რა გინდა? “ტენისის ჩოგანი!” მწვრთნელი ჩაფიქრდა, “კი, ბატონო, დაუმატე”, – და მანაც შეიკავა ღიმილი. მიჰგვარა. სარდალმა სადავეები წამოჰკრიფა. იაბომ კისერი მოიშვილდა, მაგრამ ტანი გვერდზე წაიღო. “არ მიქაროს რამე; ნახეს, რა ამათაც დრო!” – იჭვით და ბღვერით გამოსცრა შავულვაშამ. ახალგაზრდა მეჯილავე მეორე მხრიდან მიუდგა, გავაზე ხელი წაუთათუნა. შეთქმულივით გახედა თედოს და სარდალიც უნაგირს მოევლო. ღონიერი ქუსლი ამოჰკრა. ჩელა კვლავ ახელფეხდა, ასფალტს ნაპერწკლები გააყრევინა. ერთი-ორი კამარა კი არა, დაოთხებაც მოასწრო. უმალ იგრძნო თავმოყვარე და გამოცდილი მხედარი.
“ეს რა მაღალი ჩორთი და ნავარდი სცოდნია! – გაიოცა უნაგირზე შებურთავებულმა მხედარმა. – მართლა მაგარი ყოფილა. ყოჩაღ, ბებერო!” ეს, ალბათ, ორივეს ეხებოდა – ჩელასაც და მწვრთნელსაც.
“ეს ცხენი სტრელცოვკური ჯიშის სისხლს უნდა ატარებდეს, – ახლა თედომ იხელთა დრო. XIX საუკუნის რუსეთში, მალოროსიაში, სტრელცოვკის ცხენსაშენში გამოიყვანეს ასეთი ცხენი – ორლოვის ჩორთმავლისა და არაბულების, აგრეთვე როსტოპჩინის ჯიშის შეჯვარებით, სამეფო კარისა და გენერალიტეტის საჯდომად. მოგეხსენებათ, მაღალი, ზორბა ხალხი იყო”. სარდალმა ჩაიცინა. შავულვაშა მოიჭმუხნა. მისი იპოლოგიური ცოდნა “წმინდასისხლას” იქით აღარ მიდიოდა. მის მაბრძანებელსაც(4) აკმაყოფილებდა ეს. საათზე დაიხედა, – ულვაშამ, გველიანო, – რიდით მოახსენა მხედრული იერის ჭაღარა ოფიცერს. “მადლობა გადაეცით თქვენს მოხუცს, ამაზე შეჯდომა ნამდვილად ღირს, ყველა ვერც შერჩება უნაგირს”, – თედოს მიუბრუნდა სარდალი, როცა კვლავ მარდად ჩამოხდა. კისერზე ხელიც დაუტყაპუნა. “ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ფაშისტური ჯვარი საიდანღა გაჩნდა?!” – უცებ გაუმკაცრდა ხმა. თედო სპორტულ უნაგირზე სამკერდეს უკეთებდა ჩელას. თვითონ შეკერა ძველი პალდუმის თასმებით. ბოლნური ჯვარი კი თავის უბანში ძველ დამრტყმელსა და ფეხბურთელს, უმცროს ძმაკაცს სთხოვა და იმან ამოუტვიფრა სპილენძის მრგვალ ფირფიტაზე. თუმც გალოთებული იყო, ასეთი რამ ემარჯვებოდა. თედომ ქაღალდზე გამოუხატა წრეში ჩასმული ჯვარი და იმანაც მშვენივრად ამოუჭედურა. უხდებოდა ჩელას ქათქათა მკერდს ჩაჟანგებული სპილენძის ბოლნური ჯვარი.
“ეგ ფაშისტების არაა! ძველი ქართული ჯვარია! ხმელთაშუაზღვეთის სხვა ქვეყნებშიც იყო გავრცელებული. ამიტომ მალტური ჯვრის სახელითაა ცნობილი. გერმანელებმაც იქედან გადმოიღეს”, – გული ამოუჯდა თედოს.
“ვიცი, ვიცი!” – შეაწყვეტინა სარდალმა. უკვე მანქანებს ამუშავებდნენ. ოფიცრები წყნარად ელოდნენ. ცქაფი, დაჭედილი პოლიტიკოსი იღიმებოდა. ზოგიერთებს გამორჩევით ეპატიჟებოდა ჩასასხდომად. თედოს ასე მოეჩვენა, რომ ჰაერში ხინკლის, ქაბაბის, ბასტურმის, ჭაჭა-კონიაკის სუნი დატრიალდა. ჩელას და მას იქ აღარაფერი ესაქმებოდათ. ნელა დაუყვნენ თავლისკენ.
“აჰა, ჩემო ჩელა, ნამდვილი ორლოვის ტანის გენერალიც ხომ შეგაჯდა. მართლა სამეფო ცხენი ყოფილხარ”… მაგრამ, თუმც კაცის ლაპარაკი უყვარდა, ჩელა დანაწევრებულ ცნებებს ვერ აღიქვამდა. მისთვის ადამიანების ენა, ისევე როგორც ხელის შეხება, მთლიანი გუნება-განწყობილების წარმმართველი ძალა იყო, თავისი არსების ყოველი ნაკვთისთვის ხალისის, პატრონის სამსახურის სურვილის მომნიჭებელი. ხშირად კი იგივე ხმიანობა გულს უმღვრევდა, ერთბაშად იგრძნობდა უჟმურის ჩაბუდებას, მაშინ კი თუ თედო ან მოხუცი მწვრთნელი გვერდით არ ეგულებოდა, ბეწვი ავად ეშლებოდა, ყურები ელურსებოდა; თუმცა კეთილშობილი სისხლი წიხლის კვრასა და ებილების გადმოყრას არ ანებებდა. ახლა კი, კისერმოღერებული, ნალების წკარუნით მიჰყვებოდა თავლისკენ თედოს, გრძნობდა, რომ ის რიოში ხმები, უცხო მძიმე ტანი და ქუსლის უდიერი ამოკვრა ჩავლილი იყო, როგორც ბევრჯერ გადახდენოდა თავს, და კვლავ თავის ჩვეულ გარემოს უბრუნდებოდა.
კარებში მწვრთნელი შემოხვდათ. ორივეს გაუღიმა. ჩელას ყურებშუა კოწოლი ჩამოჰქაჩა და შუბლზე ჩამოუფოცხა ნატიფი თითებით. “ხომ ნახა იმ ატამანმა, რა ბიჭებიც ვყოფილვართ მანეჟში!” – და მეჯინიბე ყმაწვილს შეუწყრა, ბარემ ბაშტეც გამოგეხვეტაო.
…ქალი ისე მარდად ვეღარ მიჰყვებოდა ქარამოღებულ ცხენს. ყურსაც უკვე იპოდრომის სარბოლ წრეს აპყრობდა. გუმანით სცნობდა სტარტის აღებას, რბოლის სიმუხთლეს. ფეხის შეშლას, ფინიშის ჟივილ-ხივილს. “ახლა გეყოფა შენ. სხვებიც არიან. დაისვენა, თამაში მოუნდა. ერთი მეც მკითხოს. შენს თეთრ ცხენსაც უბღვერს. კიდე კარგი, ვერ აიყოლია. ბებერია, ჭკუა უჭრის… არა, რო დავფიქრდები ხოლმე და წარმოვიდგენ, რომ ისეთი ცხოვრებაც არის, საცა ხალხი ექვს-შვიდ საათამდე ლოგინში წევს, სძინავს, გაიღვიძებს და კიდევ შეუძლია, ერთი პირიც წაიძინოს. დიდება შენდა, ღმერთო, ყველას თავისი გზა ჰქონია”…
(1) თედო ჯერ “თეთრონს” ეძახდა. არაო, – ურჩია მწვრთნელმა, ხედნაში “ჩელა” აჯობებსო. ბარიერის წინ რომელი უფრო ადვილი შესაძახებელიაო?!
(2) გულიანები უფრო შორსაც იყურებოდნენ: “რა იცი, თედო ბატონო, რა მოხდება; ეგებ რაღაც სიკეთე დაამახსოვრდეს და ტანკებით მაინც არ გადაგვიაროს!”
(3) ეს ფრანგული წარმომავლობის ტერმინები ცხენის უმაღლესი გაწვრთნილობის მოძრაობებს გამოხატავენ. “პასაჟი” მაღლა აკრეფილი მუხლებით ჩორთის გავლაა; “პიაფე” ასეთი სვლის ადგილზე შესრულებაა. “ახელფეხება” ქართულ ლიტერატურაში (თანაც სწორედ თამაშ-თამაშით სიარულის, ყალყზე შედგომის აღსანიშნავად) უკეთილშობილესმა მწერალმა ნიკო ლორთქიფანიძემ შემოიტანა.
(4) ეს სიტყვა ამ ფორმით თედოს მხოლოდ თავისი მოხუცი მასწავლებლისა და მეგობრის პირიდან ჰქონდა გაგონილი.
(c) „არილი”