რეცენზია

გია არგანაშვილი – “პლატერო და მე”

platero yo yo

ხუან რამონ ხიმენესი, “პლატერო და მე” ანდალუსიური ელეგია. თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა. მხატვარი ელგუჯა ბერძენიშვილი. თბ. “საარი”. 2003.

“პლატერო და მე” თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწერა. მის ავტორს ესპანელ პოეტს, ნობელის პრემიის ლაურეატს, ხუან რამონ ხიმენესს (1881-1958) თანამედროვენი “პოეზიის ქურუმთუხუცესს” და “უდიდეს ლირიკოსს” უწოდებდნენ. ეს ნაწარმოები ესპანურენოვან ქვეყნებში “დონ-კიხოტის” მერე ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ქმნილებაა. მას სკოლებში და უნივერსიტეტებში ასწავლიან. თარგმნილია თითქმის ყველა კულტურული ერის ენაზე. 1960 წელს ესპანურად პლატეროს მილიონი ეგზემპლარი გამოიცა. ქართულენოვანი მკითხველი ხუან რამონ ხიმენესის ტექსტს მანანა გიგინეიშვილის თარგმანით გაეცნობა.
“პლატერო” ლირიკული პროზაა. თუმცა ავტორმა ნაწარმოები პოეზიის ჟანრს მიაკუთვნა და ელეგია, ანდალუსიური ელეგია უწოდა. ელეგია სევდისა და ფილოსოფიური განწყობილების გამომხატველი ლექსია. ამ წიგნში სევდა და სიხარული, როგორც სამყაროს წონასწორობის აუცილებელი პირობა პლატეროს ყურებივით ტყუპად, ერთმანერთის გვერდიგვერდაა. სწორედ განცდათა თანაბარი მონაცვლეობა ჰქმნის დიად ჰარმონიას. ამ გარემოში ადამიანს მარადიული ცხოვრების რწმენა უბრუნდება და ღვთიურ საწყისთან მიახლების სურვილი უჩნდება
წიგნში დაბეჭდილ მინიატურებს, შეგვიძლია საგალობლებიც ვუწოდოთ, (ფორმით დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნებს” გვაგონებს) რადგან მასში… შემოქმედის ქებაა გადმოცემული, ტექსტში ხშირადაა ნახსენები “უკვდავი ღმერთი”, “სულის უკვდავება”, “გულის კულტურა”, “სულის საუნჯე”, “აყვავებული მაყვლოვანი”, მაგრამ აზრი მხოლოდ სიტყვებში როდი იკითხება, მთავარია, რომ აზროვნების საზღვრები უკიდეგანოა, ავტორი გრძნობს საკუთარი სულისა და სამყაროს ღვთაებრივ არსს; სჯერა, რომ სიკვდილი მარადიული არსებობის ერთი ეტაპია (“სიკვდილი ჩემი სულიდან ამოაჩქეფს წყაროს ჩემი მარადიულობისას”), ხედავს იმ არაჩვეულებრივ წესრიგს, რომელიც მის გარშემოა. ამ წესრიგის საუკეთესო გამოხატულება, კაცობრივი სრულყოფილების ერთ-ერთი ნიშანი, ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობაა.
წიგნში 138 მინიატურაა. ცალ-ცალკე თითოეული მათგანი დასრულებული სურათია, სხვადასხვა პეიზაჟი და სხვადასხვა ფერები; საერთოა კაცი და ვირი, კაცი-პოეტი, ვირი კი-პლატერო, ვერცხლისფერი ჩოჩორი, დამყოლი და ალერსიანი, გაბურძგნილი და ქუნქულა, სევდიანი თვალებით, რომელშიც სარკესავით იხატება მთელი არემარე.
ავტორი უტვინო ადამიანებს უწოდებს მათ, ვინც ვირის ღირსებას სათანადოდ ვერ აფასებს. ამიტომ ლექსიკონში, სიტყვა “ვიროგრაფიისადმი” ირონიული დამოკიდებულების მიმართ, აღშფოთებას ვერ მალავს.
“საბრალო ვირო! რა კარგი, რა კეთილშობილი, რა გამჭრიახი ხარ! ირონიულიო… რატომ? რომელი აღწერილობა შეიძლება იყოს შენი შესაფერი? შენი საკადრისი აღწერილობა ხომ გაზაფხულის ერთი საოცარი ზღაპარი იქნება! ნეტა კარგ ადამიანს “ვირი” უწოდონ! ნეტა ოჩან ვირს “ადამიანი” დაუძახონ! ირონიულიო… და ეგ შენ გეხება, შენ, ასე გონიერს, მოხუცისა თუ ბავშვის მოყვარულს, ნაკადულისა თუ პეპლის მოკეთეს, მზისა თუ ძაღლის თანამზრახველს, ყვავილისა თუ მთვარის მეგობარს; შენ გეხება, ასე თვინიერსა და ჭკვიანს, დარდიანსა და გულისხმიერს, შენ-ველ-მინდორთა მარკუს ავრელიუსს…”
ავტორი კიდევ უფრო შორს მიდის. იმდენად შორს, რომ პლატეროს შესხმა (ხოტბა) ჩვენი შემოქმედებითი ფანტაზიის საზღვრებსაც კი სცილდება.
“შენი ორი თვალი, ორი მშვენიერი ვარდია”-ეს სიტყვები რომელიმე სენიორიტას კი არა, პლატეროს ეკუთვნის. ქართველ მკითხველს გაუკვირდება კიდეც, ცხოველისადმი ასეთი ქათინაური ჯერ არ სმენია, ვირის ქება ჩვენში არ თქმულა, პირიქით “ვირიდან” ნაწარმოები თითქმის ყველა სიტყვა: ვირო, ვირიშვილო, ვირისთავო, ვირეშმაკა, ვირგლა – სალანძღავად გავხადეთ (გავირებული ბავშვები “პლატეროშიც” გვხვდებიან), ამ დროს უმთავრესად ვირულ სიჯიუტეს ვგულისხმობთ და გვავიწყდება, რომ ვირს გარდა სიჯიუტისა, უამრავი მისაბაძი თვისებაც გააჩნია, გულისხმიერება, მოთმინება, ამტანობა და გამძლეობა. შეიძლებოდა სახედრისთვის ეს თვისებებიც დაგვეფასებინა და ამდენი ლომების, ვეფხვების, ცხენების და ხარების გვერდით მისი ქებაც გვეთქვა. ხალხურ მელექსეს მაინც დაცდენოდა ორიოდე სიტყვა. (ვთქვათ ასე: “ვირო, ვირი ვინ დაგარქვა, ვირო სახემშვენიერო.” ან “ვირმა თქვა სახენათელმა…”). სამაგიეროდ მხატვრული სიტყვის ოსტატებმა, ძველმა და ახალმა მწერლებმა, ვირს ნამდვილად დაუფასეს ის აუწონავი ღვაწლი, რაც ამ ცხოველმა თავისი სახედრობით ჩვენი ქვეყნის წინაშე გასწია.
ქართული ლიტერატურის ერთგული მკითხველი შემახსენებს: სულხან-საბა ორბელიანის იგავებს, ეკატერინე გაბაშვილის “მაგდანას ლურჯას”, ვაჟა-ფშაველას “უძლურ ვირს”, რაჟდენ გვეტაძის “ვირების მესიას” და სულ ახლახანს გამოქვეყნებულ ზაზა ბურჭულაძის “ვირის სახარებას”, სადაც ავტორმა და ტექსტის კომენტატორმა გაგა ლომიძემ სახლიდან გაუსვლელად (ვირზეშეუჯდომლად) ისე დაწვრილებით მოიხილეს ვიროვნული და ვირენოვანი სამყარო, რომ არავინ და არაფერი დავიწყებიათ. ბალაამის ჭკვიანი ვირიდან მოყოლებული, ღობეზე მიბმულ ჯერ გაუხედნავ მუტრუკამდე და კიდევ აქეთაც, მაგრამ ისინი მაინც ჩვეულებრივი ვირები არიან, ქანცგაწყვეტილი სახედრები, პლატეროსთან ვერ მოვლენ. ჩვენს ერთგულ მკითხველს კი ეტყობა, პლატერო ჯერ არ გაუცნია.
ჯერ არ წაუკითხავს ეს წიგნი და ამიტომ არ იცის, რომ პლატერო ჩვეულებრივი ვირი არ არის, პლატერო ღვთაებრივია, პლატერო პოეტივით მეოცნებეა, პლატერო ნანინაზე ბავშვივით იძინებს, პატრონი პლატეროს ვირად არც აღიქვამს: “შენ შენი ენა გაქვს და არა-ჩემი, ისევე როგორც მე არა მაქვს, ვთქვათ, ვარდის ან ბულბულის ენა.” ჩვეულებისამებრ, მას ხშირად ავიწყდება პლატეროს ცხოველური გარეგნობა და როდესაც დარაჯი აფრთხილებს, რომ ბაღში ვირით შესვლა აკრძალულია, ის აქეთ-იქით იყურება და გაოცებული კითხულობს: -“ვირისთვის? რომელი ვირისთვის?”
სწორედ ეს გაერთებული ფიგურა (უხერხული გამოთქმაა ვირკაცი) ამთლიანებს ნაწარმოებს (თითქოს მინიატურების რიგითობაც მკაცრად განსაზღვრულია), როგორც შინაგანი კავშირი, როგორც ხასიათი, როგორც სიუჟეტური ქარგა რომანისა, სადაც გადაბმის ადგილებზე, ძაფებიც კი დაკარგულია.
ნაწარმოებში ვირის სახე თითქოს ალეგორიაა, თუმცა ავტორი უარყოფს ამას და პლატეროს აიმედებს, “ნუ გაშინებს ჩემი წიგნები, ნუ იფიქრებ, რომ იგავის ენაჭარტალა გმირად გაქცევ, რომ შენს ომახიან ხმას შევუზავებ მელიის წრიპინს ან ჩიტბატონას ჟღრუტულს, რათა ბოლოს მსხვილი ასოებით მივაყოლო ყოვლად უაზრო და უმაქნისი შეგონება, არა, პლატერო, არა, გენაცვალე.”
გამოდის, რომ ეს ნაწარმოები იგავი არ არის, მითუმეტეს არც ალეგორია, თუმცა ავტორი მაინც ჭკუას ასწავლის მკითხველს, მაგრამ ამას, ისეთი ვირული გულისხმიერებით ახერხებს, რომ ვერც კი ბრაზდები.
მხატვრული ტექსტი ავტორის მონოლოგია, ეს იგივეა, რაც დიალოგი საკუთარ თავთან, საკუთარი სხეულის იმ ნაწილთან, პლატერო რომ ჰქვია; რომელზეც თვითონ ზის, მაგრამ ხანდახან ვეღარც კი გრძნობს, როგორც საკუთარ სხეულს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვერ ვგრძნობთ იმ უამრავ სულიერ არსებებს, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ და მხოლოდ მაშინ გვახსენდება მათი არსებობა, როცა ისინი იღვიძებენ. ასეთ დროს სიამაყით ვამბობთ, ჩემში ლომმა გაიღვიძაო, მაგრამ კურდღლის, მელიის, ტურის; თუნდაც შინაური ცხოველების, ძროხის, ცხვრის, მითუმეტეს ვირის არსებობა და გაღვიძება არავის ეხალისება.
გარეგნულად კი, პლატერო ნამდვილი ჩვეულებრივი ვირია, კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ქვეგვარი, ცხენისნაირთა რიგისა, გრძელი ყურებით და დიდი თავით, ვიწრო ჩლიქებით და წვრილი კუდით, ნამდვილი ვირია და სწორედ ამიტომ, ის ხან გახარებულია და ხანაც მოწყენილი.
ეს ვერცხლისფერი ვირუკა და მასზე შემოსკუპული უცნაური შესახედავი, თალხით მოსილი, შავი სომბრეროთი და ნაზარეველის წვერით შემკული მხედარი მოგერის სანახებში დაეხეტებიან. შორიდან, შეიძლება უცხოს მიამსგავსოთ, ახლოდან კი იცნობთ, ნამდვილად სახელოვანი ლამანჩელი აზნაური და მისი საჭურვლისმტვირთველია, თითქოს დონ-კიხოტი ამხედრებულა როსინანტზე… არა, როსინანტზე კი არა, თვით სანჩოზე და ასეთ მდგომარეობაში პლატერო-სანჩოს დუმილი ნამდვილად ოქროდ ღირს.
თუმცა მგზავრები არც ბოროტებასთან საბრძოლველად მიდიან და არც ბედისწერის საზღვრის გადალახვას ცდილობენ. ამის გამო, ქართველ მკითხველს შესაძლოა ეს წიგნი მოსაწყენიც ეჩვენოს წასაკითხად, რადგან ტრადიციულად, ის თაგანწირულ ძიებას და უგზო-უკვლოდ ჭენებასაა შეჩვეული. აქ კი მსგავსიც არაფერი ხდება. მგზავრების მოძრაობა უფრო რონინს ჰგავს, თუმცა აქაც ძიებაა, იმ სამყაროს ძიება, რომელიც ჩვენს გარშემოა, რომელიც ჩვენშია; რომელსაც ვპოულობთ და ხელახლა ვკარგავთ, ვკარგავთ და ისევ დავეძებთ, რადგან ერთხელ შეცნობილი სამყარო, როგორც ზღვიდან ამოღებული კენჭი, მალე ფერმკრთალდება, პირვანდელ ბრწყინვალებას კარგავს, რადგან სამყაროს არსი მის მუდმივ აღმოჩენაშია.
“პლატეროს” შინა არსი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი კაცის (ავტორის) მოგზაურობის დროს განცდილი შთაბეჭდილებები, რომელსაც იგი თავის ვირს უზიარებს. წარმოიდგინეთ, თითოეული სიტყვა, აზრი თუ იდეა, როგორ გაიტოტებოდა ხესავით, “ბოროტი მებაღე” რომ ამის საშუალებას აძლევდეს. სამაგიეროდ, ავტორი მკითხველს უტოვებს საფიქრალს. ამიტომ უამრავი სახე ითხოვს განმარტებას, კომენეტარს: საიდან მოდის ესა თუ ის აზრი? რას გულისხმობს კონკრეტული სიმბოლო, ქვეტექსტი, შეიძლება თუ არა ნაწარმოების გაგება იმ შემეცნებითი ინფორმაციის გარეშე, რომელსაც ავტორი დაეყრდნო? ან საერთოდ, რა დონის მკითხველისთვისაა ეს წიგნი გამიზნული?
მთარგმნელი გვარწმუნებს, რომ ამ წიგნში, ყველა ადამიანი თავისას ამოიკითხავს, მიუხედავად თავისი მისწრაფებებისა, სულიერი წყურვილისა და პიროვნული სიღრმისა. ეს რა თქმა უნდა ასეა, რადგან ბუნებაშიც ყოველთვის ასე ხდება. ოღონდ ყოველთვის, ყველა სულიერი ნაყოფს როდი ეტანება, ზოგი ფესვებს ღრღნის, ზოგი ფოთლებს უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევს. ყველა თავის საკვებს დაეძებს. ხე კი მხოლოდ ნაყოფით ფასდება, ხოლო ხის ნაყოფის შესაცნობად სულაც არ არის აუცილებელი, მის ფესვთა სისტემაშიც ერკვეოდე, იცოდე როგორ ინასკვება ნაყოფი და როგორ ისრუტავს საკვებს მიწიდან, რადგან სრულად ამ ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ ნაყოფი ატარებს.
ავტორს შეუძლია საკუთარი თავისგან ზურგშექცევით დაწვეს და ისე უმზიროს სამყაროს, საკუთარ განცდაში აღადგინოს ჯაჭვის ჩაშლილი რგოლი, ურომლისოდაც ღვთაებრივი ჰარმონია დარღვეულია. ესაა სამყაროში საკუთარი თავის, ხოლო საკუთარ თავში სამყაროს აღმოჩენის განცდა, ხელახალი აღმოჩენის სიხარული, გადმოცემული შესაშური უბრალოებით, ისეთი უბრალოებით, როგორიც თვით ბუნებაა. აქ არც აღტაცების შეძახილი ისმის და არც ზედმეტი გაკვირვება იგრძნობა, მგზავრები თითქოს გულს აჯერებენ, რომ სამყარო ახლაც ისეთივეა, როგორც მაშინ, როცა შემოქმედმა ნათელი ბნელს გაჰყარა და ისეთივე იქნება იქამდე და იმის შემდეგაც, ვიდრე მიწადქცეული პლატეროს გულიდან ყვითელი ზამბახები (“პლატეროში” ყვავილი სულის სიმბოლოა) ამოყვავილდებიან, ამოღაღანდებიან.
დადის ორი მგზავრი. მათი გზა პიროვნული შემეცნების გზაა, ყვავილებს ეცნობიან, ვარსკვლავებს ათვალიერებენ და გოდრით პეპლებს დაატარებენ (რომელსაც მებაჟე ვერ ამჩნევს). სხვას არაფერს აკეთებენ, არც ხნავენ, არც თესავენ, არც მოსავალს აბინავებენ. ალბათ ამიტომაც მოსდევენ ჩამოკონკილი ბოშა ბიჭუნების გუნდი და მოსძახიან:-გი-ჟი! გი-ჟი! გი-ჟი!
გიჟებით კი ვერ გააკვირვებს ხიმენესი ჩვენს მკითხველს, ასეთი უცნაური ადამიანები ჩვენთვისაც კარგადაა ცნობილი, ქართულ ლიტერატურაში ისინი მრავლად არიან და სხვადასხვა სახელით იხსენიებიან. მათ უცნაურობას საზოგადოებისგან განსხვავებული ინტერესები იწვევს, სიგიჟეს კი ბევრისთვის დაფარული საიდულოების წვდომა. ტაბუდადებული ცოდნის დაუფლება მათ სულიერად აფორიაქებს. დაუკმაყოფილებლობა არსებულით, საბედისწერო მოქმედებისკენ უბიძგებთ. ამიტომ მათი ცხოვრებაც ტრაგიკულობის ნიშანს ატარებს.
მათგან განსხვავებით, ხუან რამონ ხიმენესის გმირი მშვიდობიანი მგზავრია, აქ პლატეროს სიკვდილიც კი არ აღიქმება ტრაგედიად, რადგან ავტორი დარწმუნებულია, რომ პლატერო ახლა ნამდვილად ზეციურ ველებშია და თავისი გაბურძგნილი ზურგით ყრმა ანგელოზებს დაატარებს. ნაწარმოები კი სწორედ თავის სიმშვიდით იქცევს ყურადღებას. ოღონდ ეს არაა პასიური სიმშვიდე, რომელსაც უზრუნველობა და მცონარობა იწვევს, რასაც სიმშვიდეს ვერც ვუწოდებთ. ნამდვილი სიმშვიდე, განცდათა შორის ყველაზე სიღრმისეულია და სასოწარკვეთილების ზღვარზე მჟღავნდება. სიმშვიდე სიკვდილის დამთრგუნველია. მისი მიღწევა ადამიანური შესაძლებლობის მაქსიმუმს მოითხოვს. თუ ნაწარმოების პერსონაჟი ამ მდგომარეობას აღწევს, ამას უმალ გრძნობს მკითხველი, რადგან მას თვითონ ეუფლება სიმშვიდე. სიმშვიდე და არა აღტაცება, რომელიც, თავისი არაპროგნოზირებადი შედეგის გამო, გამოუცდელი მკითხველისათვის საკმაოდ სახიფათოა. სიმშვიდე-სულიერი წონასწორობაა, მისი მიღწევა ძნელია, მაგრამ თუ მიიღწევა, ეს ყველაზე უკეთ ახასიათებს მხატვრულ ტექსტს და მის ავტორს.
“პლატერო” პირველი მსოფლიო ომის წლებში იწერებოდა. საკვირველია, რომ იმ საყოველთაო ნგრევის ჟამს, სადმე, რომელიმე ქვეყანაში, მითუმეტეს კი ევროპაში (ესპანეთში) ასეთი უბრალო ხმებისთვის (“…მე მესმის, ზვრებსა და ველ-მინდვრებს როგორ სათუთად უალერსებს შენი განაზებული და სევდანარევი ყროყინი”) ვიღაცამ მოიცალა. თუმცა ასეთი უბრალო და ნაცნობი ხმები, ყველა ქვეყანაში, ყოველთვის ისმის. ზოგან უსმენენ, ზოგან კი-არა. (“ო, უბრალო ხმებისთვის, არასდროს არ მეცალა…” გ. ტაბიძე). როცა სხვადასხვა ადგილას (მათ შორის შენს ქვეყანაშიც), ერთდროულად ისმის და ისმინება ერთი და იგივე ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც იმ სამყაროს ნაწილი ხარ, იმ საერთო კულტურის შემქმნელი, რისკენაც ისწრაფვი. ისიც შენად შეგიძლია ჩათვალო, რაც სხვას შეუქმნია. საბედნიეროდ, სწორედ იმ დროს, ჩვენშიც გაისმა ხიდან ხეზე გადაფრენილი ჩიტის ჭიკჭიკი. ამიტომაც ასე თამამად შემობაკუნდა ჩვენში პლატერო, თითქოს მოგერის ოღროჩოღრო გზებზე შემოჩინდრიკდა და თავისი სევდანარევი ყროყინი ჩიტის ჭიკჭიკს შეუერთა.
დღემდე, პოეტ ხუან რამონ ხიმენესს ჩვენში თითქმის არ იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, მჯერა ამ წიგნს ქართველი მკითხველი მაინც შინაურივით მიიღებს. ვიმედოვნებ, “პლატეროს” კარგი დახლი დაუდგება. რადგან ჩვენში ესპანურენოვანი ლიტერატურა განსაკუთრებით უყვართ. “პლატეროს” მომავალ მკითხველს კი მხოლოდ წავაქეზებ, თუ ვეტყვი, რომ ტექსტში ბევრი ნაცნობი განცდა და მხატვრული მეტაფორა შეხვდება. ეს ბუნებრივიცაა, “პლატერო” ხომ დაახლოებით ასი წლის წინ დაიწერა (ის ასი წელი ჩვენთვისაც ხომ ასი წელია?). თუმცა ბევრიც სიახლეა, ანდა სიახლედ მოგვეჩვენება, რადგან ჩვენ ჯერ საკუთარ კლასიკურ მემკვიდრეობაშიც ვერ გავრკვეულვართ, სამაგალითოდ ერთი ნაწყვეტი შეგვიძლია მოვიყვანოთ “პლატეროდან”, სადაც ავტორი, ნიჭიერი შემოქმედისათვის დამახასიათებელ აღმოჩენას სთავაზობს მკითხველს. “იუდებში” ვკითხულობთ: “- რამ შეგაშინა, შე კაცო! რა მოგივიდა? მშვიდად ვიაროთ… იუდებს ხოცავენ, შე ჩერჩეტო! ჰო იუდებს ხოცავენ… ოღონდ იუდა დღეს არის დეპუტატი, მასწავლებელი, მოსამართლე, მეზვერე, ქალაქისთავი ან სულაც ბებიაქალი.”
მხატვრული ლიტერატურის უმთავრესი მიზანი ბიბლიური თუ მითოლოგიური (მარადიული) პერსონაჟების ხელახალი აღმოჩენაა. კონკრეტულ დროში, მათი დანახვა ყოველდღიურობაში მარადიულობის ელემენტის შეცნობასაც გულისხმობს. მკითხველს, თუნდაც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, ყოველთვის აინტერესებდა და ალბათ ახლაც აინტერესებს, თუ სად არიან ამჟამად აბელი, კაენი, ოდისევსი, პენელოპე. ხომ გავიგეთ, იუდა სად ყოფილა. ქართველი მკითხველის ცნობისმოყვარეობა კი უთუოდ დაკმაყოფილდება, როდესაც შეიტყობს, რომ კაენის ადგილსამყოფელიც ვიცით, მეცხრამეტე საუკუნეში იმერეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა და სახელად პლატონი (დავით კლდიაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი”) ერქვა.
როდესაც თარგმნილ მხატვრულ ტექსტს ვკითხულობთ, ავტორთან ერთად, მთარგმნელის შემოქმედებით შესაძლებლობასაც ვაფასებთ. წიგნის თარგმანი ამქვეყნად დაშორებული დედა-შვილის სულიერ ერთობას ეძღვნება. ქართულ “პლატეროში” ვანო რამიშვილის სულიც ფეთქავს – ეს სიტყვები მთარგმნელს ეკუთვნის, და არა მხოლოდ მთარგმნელს, რადგან ქართული “პლატერო” (ასე გამოთქმა უკვე არსებობს), ესაა დედის საჩუქარი შვილისადმი. თვით სათარგმნელი ტექსტი დიდი ფიქრის შემდეგაა შერჩეული, თარგმანი კი დიდი კრძალვითა და სიფაქიზითაა შესრულებული. თხრობა იმდენად ბუნებრივია, გავიწყდება ნათარგმნ ტექსტს რომ კითხულობ.
წიგნის შესავალი ცალკე თემაა, აქ მთარგმნელი ანალიზის შესაშურ უნარს ავლენს. თითქმის არაფერი რჩება შეუნიშნავი და რაც მთავარია, აუხსნელი. მთელი ნაწარმოები დეტალურადაა გარჩეული. ეს ინფორმაცია მკითხველს ნაწარმოების აღქმაში ეხმარება და კითხვას უადვილებს.
დასასრულს, მორიდებით უნდა შევნიშნო, რომ თარგმანში თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე სიტყვათქმნადობის პროცესისადმი ერთგვარად ხარკია გადახდილი. საერთოდ, ეს მოვლენა, ძალზე ბუნებრივი და აუცილებელია ლიტერატურული შემოქმედებისთვის, ისიც მართალია, რომ სიტყვათქმნადობით გატაცება ყველაზე მეტად რუსთაველის პოემაში შეინიშნება, თუმცა სწორედ ეს მაგალითი ეწინააღმდეგება ერთგვარ მოდადქცეულ, სიტყვებისადმი ძალდატანების ტენდენციას (სხვას ვერაფერს დავარქმევთ), რომელმაც მასობრივი ხასიათი მიიღო და საერთო ფონზე საკმაოდ წარუმატებლადაც მიმდინარეობს (თუმცა დღეს, როდესაც სიტყვებმა დაკარგეს თავიანთი პირველადი მნიშვნელობა და მხოლოდ ფონეტიკური ჟღერადობა შერჩათ, შესაძლოა სიტყვების დეკონსტრუქცია უფრო საშური საქმე იყოს). თუმცა “პლატეროს” ასეთ წიგნებთან საერთო არაფერი აქვს, მაინც მგონია, რომ სიტყვები: “სიგრილთბილე,” “შემოსინათლებული,” “შემოცისარტყელებული”, “ბერიქალი”, ოდნავ არაბუნებრივად ჟღერს.
სხვა მხრივ, მთარგმნელს მადლობა უნდა გადავუხადოთ ასეთი შესანიშნავი საჩუქრისათვის, რადგან “პლატერო და მე” ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა გვეთარგმნა. თუ არ ვთარგმნიდით, მაშინ ჩვენ უნდა დაგვეწერა, დაგვეწერა ახალი ქართული ორიგინალური ნაწარმოები, ახალი “პლატერო და მე” , ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ითარგმნა. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ქართველ მკითხველს ჯერჯერობით საშუალება არ მისცემია, ხუან რამონ ხიმენესის სხვა ნაწარმოებებსაც გაეცნოს.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box