ესე (თარგმანი),  ლიტერატურათმცოდნეობა

სალმან რუშდი – ლურჯი აღმოსავლეთი

 

 

ინგლისურიდან თარგმნა ბექა მარგველაშვილმა

 

დღესდღეობით, პაკისტანში, ინტერნეტმომხმარებელთა 60%-ზე მეტი სტუმრობს სხვადასხვა პორნოსაიტს. ინტერნეტთან წვდომა თავისუფლადაა შესაძლებელი ათასობით ინტერნეტკაფეში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი საათით მოხმარების ღირებულება კი, საშუალოდ, სულ რაღაც 10 ცენტს შეადგენს. 2003 წელს, პაკისტანის ხელისუფლებამ 1,800-ზე მეტი პორნოგრაფიული ხასიათის ვებგვერდი დაბლოკა, ზემოხსენებულის მიზეზად კი „გარყვნილება და ბოროტი ზეგავლენა“ დასახელდა. გასაკვირი არაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ახალგაზრდა ბიჭები წარმოადგენდნენ. მსგავსი ღონისძიებების ჩატარების სირთულე, უნებლიედ გამოააშკარავა პაკისტანური ტელეკომუნიკაციების ხელმძღვანელმა – ზაჰირ მოჰამად ხანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ვებსაიტები მუდმივად ბლოკირების ობიექტი იქნებოდა, რაც იმის ცალსახა და უტყუარი დასტურია, რომ ახალი პორნოსაიტები ზუსტად იმ სიხშირით იქმნება, რა სიხშირითაც იბლოკება ძველი. შიმშილი შიმშილია, მშიერი კი აუცილებლად დაპურდება. სულ ახლახან, ფეშავარში (რომელიც ყველაზე კონსერვატორული და თალიბანური ქალაქია პაკისტანში) ამერიკული 70-იანების ჰარდქორ პორნოს ჩვენება გაიმართა, სახელწოდებით – „ინგლისური კინოსაღამო“. კინოთეატრის მფლობელი ამტკიცებდა, რომ მისი ჩვენებები პაკისტანელ ახალგაზრდობას „ალ-ქაიდას“ მსგავს ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს უქრობდა. „თუკი ეს კინოთეატრი დაიხურება, მათ გონებაში კვლავაც გაღვივდება ტერორიზმის დაუძლეველი ჟინი“ – აცხადებდა იგი. „როდესაც მსგავსი ტიპის ფილმებს უყურებენ, მათში კმაყოფილების შეგრძნება ჩნდება“. პორნო მშვიდობისთვის! საინტერესო სლოგანია… თვით ჟურნალ „ჰასლერის“ დამფუძნებელ ლარი ფლინტსაც კი მოეწონებოდა.

კონსერვატიულ ისლამურ ქვეყნებში პორნოგრაფიასთან ბრძოლის მექანიზმები სულ უფრო და უფრო ძლიერდება და ინტენსიურ ხასიათს იღებს, თუმცა სრულიად უშედეგოდ. ირანში პორნოგრაფია მოლათა წინააღმდეგ წამოწყებულ რევოლუციასთან ასოცირდება (პორნო თავისუფლებისთვის! ლარი ფლინტს ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მეტად მოეწონებოდა). ირანის ხელისუფლება რეგულარულად ზღუდავს წვდომას ისეთ ვებგვერდებთან, რომლებიც შეიცავს „პორნოგრაფიას და ანტი-სახელისუფლებო რიტორიკას“. 1979 წელს ხომეინიმ ირანის მმართველობა გადაიბარა, ხოლო მისმა სახალხო მსაჯულებმა, მათ შორის, 2003 წელს გარდაცვლილმა ხალხალიმ, სხეულით მოვაჭრე უამრავი ქალი გაასამართლა და შემდგომ ჩამოახრჩო. დღეს კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პორნოს დედოფლები“ ყველაზე ცნობილ დისიდენტებს წარმოადგენენ და ოპოზიციის უმთავრეს იდეოლოგიურ ფლაგმანად გვევლინებიან. 2002 წელს, ირანულ პროვინცია ჰამედანში, რომელიც ულტრამემარჯვენე აქტივიზმის აკვნად მიიჩნევა, მავანმა მოახერხა ისლამური ნიუსების ქსელში შეეღწია და მთელი მოსახლეობისთვის ეჩვენებინა სამი წუთის ხანგრძლივობის პორნოვიდეო, რომლის მნახველებიც შემდგომში ზემოთ ხსენებულს აღწერდნენ, როგორც: „ყველაზე უხამს და შოკისმომგვრელ კადრებს, რაც ოდესმე უნახავთ“. წარმოიდგინეთ, რა კალიბრის სიმამაცეს საჭიროებდა მსგავსი სატელევიზიო მარყუჟი, რომელიც ირანში სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთ პირველ გაელვებას წარმოადგენდა. დღესდღეობით, ირანში პორნოგრაფიის გავრცელება არის დანაშაული, რომელიც სიკვდილით ისჯება. მიუხედავად ამისა, არალეგალური პორნოგრაფიის ნიაღვარი არ ჩერდება. ნიუ იორკ თაიმსმა მარტივად აღწერა ისლამისტების წარუმატებლობით გამოწვეული სასოწარკვეთა, რაც კარგად გამოიხატა აიათოლა ხამენეის თანამოაზრის, ერთ-ერთი გაზეთის გამომცემლის, სიტყვებში: „ეს კედლიდან კიბის მოშორებას ჰგავს, იმისთვის, რომ ჩიტი სახურავზე ვერ აფრინდეს“.

ბუნებრივია, ინდოეთი ბევრად უფრო ღია საზოგადოებით გამოირჩევა, ვიდრე ირანი და პაკისტანი, თუმცა სექსუალობა აქაც ტაბუირებულია. პორნოგრაფია ინდური კინოინდუსტრიის მზარდ სექტორს წარმოადგენს. ინდოეთის უამრავ ქალაქში არსებობს კინოთეატრი, სადაც „ზრდასრულებისთვის“ განკუთვნილ ფილმებს საიდუმლოდ და, ძირითადად, დილაობით, აჩვენებენ. ახლახან, კულტურულად კონსერვატორების გასაოცრად, ინდური ცენზურის მეთაურმა წამოაყენა წინადადება ინდური პორნო ფილმების სრულ ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, კინოთეატრებში ღია ჩვენებების ჩათვლით. ამ რადიკალი ჯენტლმენის სახელი ვიჯაი ანანდია, რომელიც ფილმების სერთიფიკაციის ბორდის თავმჯდომარე გახლავთ. BBC-ის ერთ-ერთ სტატია მას აღწერდა, როგორც „საზოგადოებრივი მორალის დაუღალავ მცველს, რომელიც ყველა რეჟისორს სთხოვდა, თავიანთი ფილმებიდან ამოეჭრათ ძალადობისა და სიშიშვლის შემცველი თითოეული კადრი“. მისტერ ანანდმა განაცხადა: „პორნოგრაფიის ჩვენება დაფარულად მიმდინარეობს მთელი ინდოეთის მასშტაბით, ხოლო საუკეთესო ხერხი მსგავსი ხარისხის ფილმების პოპულარობის შესამცირებლად, მათი ლეგალიზებაა. ფაქტია, რომ ინდოეთში არსებობს მოთხოვნა პორნოგრაფიაზე და ჩვენ ვირუსული ვიდეოების დაუსრულებელ ნიაღვარს ვერ ვაკონტროლებთ. მსგავსი კინოთეატრების მოწყობა გააჩენს მიწოდებას მოთხოვნით სავსე ბაზარზე. ამასთან ერთად, ეს მისცემს კინოთეატრებს შესაძლებლობას, კონკურენციაში ჩაებან სატელიტური და საკაბელო ტელევიზიების პროვაიდერებთან“.

ვაიჯანტიმალა ბალის, ძველი ინდური კინოს დედოფალს, რომელიც ახლა ინდოეთის პარლამენტის წევრია, სჯერა, რომ ინდოეთს აღარ სჭირდება უფრო მეტი „ღიაობა“ სექსუალობის თემატიკასთან დაკავშირებით. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ლეგენდარული ქალბატონი ცდებოდეს, რამდენადაც ღია საზოგადოებებში პორნოგრაფია ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტია და იაფფასიანი ფილმების წინააღმდეგობის, რევოლუციისა და მშვიდობის სიმბოლოდ ქცევის საჭიროებაც აღარ დგება. თუკი რამე ჰქონდათ ზემოთქმულ ისტორიებს საერთო, პირველ რიგში, თითოეული ქვეყნის ანტი-ლიბერალური დღის წესრიგი. ბუნებრივია, პორნოგრაფია ყველგან არსებობს, თუმცა ისეთ საზოგადოებებში, სადაც რთულია, გოგომ და ბიჭმა გააკეთონ ის, რისი კეთებაც, როგორც წესი, ბიჭს და გოგოს მოსწონთ, ჩნდება დეფიციტი, რომლის დაკმაყოფილების ალტერნატიული გზაც პორნოგრაფიაზე გადის. საკმარისია, სექსუალობაზე დაწესებული სოციალური ტაბუს გაქრობა და მასთან ერთად შემცირდება მოთხოვნა პორნოზე.

პორნოგრაფიის მახინჯი ბიძაშვილი – პროსტიტუცია, ნაკლებად განხილვადი, თუმცა არანაკლებ რელევანტური თემაა ჩაკეტილ საზოგადოებებში. ბომბეიში მცხოვრები ქალების 10%-ზე მეტი ჩართულია სხეულით ვაჭრობაში. კამათიპურას წითელი შუქების უბანი კი, ინდოეთის პროსტიტუციის მექას წარმოადგენს. ნახეთ მარი ელენ მარკის ფოტოები, რომლებზეც ინდოელი მეძავები არიან აღბეჭდილნი, შეგიძლიათ უყუროთ მირა ნაირის ფილმს „სალამი, ბომბეი!“. თუმცა საუკეთესო გზა ზემოთ მოყვანილი სტატისტიკის მიზეზებსა და სიზუსტეში დასარწმუნებლად, ინდოეთის ამ უბანში უშუალო სტუმრობაა. გაიხედეთ ნეონით მოკაშკაშე სახლების მიღმა და დაინახავთ ნარჩენების და ბინძური კარვების ოკეანეს. მაშინვე მიხვდებით, რომ მათგან დასხივებული უკუნეთი არანაკლებ კაშკაშებს, ვიდრე ბორდელებზე განთავსებული ნეონის მანათობლები. ამ კარვებში, ძირითადად, ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავის მოვლა არ შეუძლიათ: ძალიან მოხუცები ან ძალიან ახალგაზრდები, ხეიბრები, სნეულები და უმუშევრები – ქმრები, ქალიშვილები, ბიძაშვილები, ბებიები და ჩვილი ბავშვები, რომლებიც ქალის წიაღით ნაშოვნი ფულით გამოკვებას ელიან. „პორნო კეთილდღეობისთვის!“ – კიდევ ერთი აბერაცია დაიბადა ისეთი საზოგადოების ფუნდამენტზე, სადაც ყველა სუსტისა და გაჭირვებულის არსებობაზე საზოგადოება თვალს ხუჭავს და სექსუალობის შემზღუდველი დამბების მშენებლობით არის დაკავებული.

ირანში მოლები იძულებულნი გახდნენ, დაეშვათ „დროებითი ქორწინება“ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, რომელსაც გარყვნილ დასავლეთში უბრალოდ ბორდელს ვუწოდებთ. წარმოდგენაც კი შემზარავია, ამ ქალების რა ნაწილი ავადდება სხვადასხვა ვენერიული თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით, რომ არაფერი ვთქვათ, მათ „დროებით ქმრებზე“. როცა ადამიანი თავს არწმუნებს, რომ პრობლემა არ არსებობს, ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ უფრო რთული ხდება.

თუკი დასავლური პორნოგრაფია სიმპტომია დასავლური დეკადანსის, მაშინ აღმოსავლური პორნოგრაფია აღმოსავლური რეპრესიონიზმის გვერდითი ეფექტია. პორნოგრაფია თითქმის ყოველთვის ეფექტია ან დრამატული სიმპტომი – არასოდეს მიზეზი.

© არილი

Facebook Comments Box