ესაუბრა თაკო წულაია
მწერალი და ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე წელს “საბას” ჟიურის წევრი იყო. წინამდებარე ინტერვიუში იგი დებიუტის ნომინაციის და ამ ნომინაციაში გამარჯვებული ავტორის, თემო რეხვიაშვილის შესახებ საუბრობს: რატომ შეირჩა “კურიერის ამბები”, რამდენად მნიშვნელოვანია იდეოლოგიური ფაქტორი ტექსტების შეფასებისას და რისი დანაკლისია, ზოგადად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ასევე, მიმოიხილავს წლის საუკეთესო რომანის ნომინაციას და განმარტავს, რატომ დაიმსახურა ჟიურის მოწონება ირმა ტაველიძისა და არჩილ ქიქოძის რომანებმა. პასუხობს შეკითხვებს, რატომ დარჩნენ მოკლე სიის მიღმა გასული წლების ლაურეატები და რა დამატებითი ფაქტორები იჩენს თავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინტერვიუდან შეიტყობთ იმასაც, თუ რომელ ნომინაციაში იყო ყველაზე ძნელი გამარჯვებულის გამოვლენა.
წელს პირველად გაიყო პრემია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. „საბას“ ოცწლიანი არსებობის მანძილზე, არაერთი მნიშვნელოვანი რომანი ყოფილა ნომინირებული და მაინც, არც ერთხელ მიუღიათ ასეთი გადაწყვეტილება (მაგალითად, „საბას“შორეული წარსულიდან ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ შეგვიძლია გავიხსენოთ). თქვენ როგორ ახსნით, რომ მხოლოდ წელს, ირმა ტაველიძისა და არჩილ ქიქოძის რომანების შემთხვევაში მოხდა ასე?
ეს ყოველთვის ჟიურის კოლექტიური გადაწყვეტილებაა და ისე მოხდა, რომ დაგვენანა მარტო ერთის არჩევა. გაჩნდა სურვილი, რომ პრემია ირმა ტაველიძესაც აეღო და არჩილ ქიქოძესაც. გვინდოდა,დამატებულიყო თანხა, ორივეს სრულყოფილი პრემია რგებოდა და არ გაგვეყო, მაგრამ არ მოხერხდა.
ორივე რომანი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ერთი მხრივ, სტილისტური და ენობრივი თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, თემატიკით.
ჩემთვის, პირადად, განსაკუთრებით საინტერესო იყო არჩილ ქიქოძესთანაც და ირმა ტაველიძესთანაც მეხსიერების თემა. ორივე ამას ეხება, უფრო მეტად არჩილ ქიქოძე. ერთი და იმავე ამბავს იხსენებენ, მართლა მოხდა თუ მეხსიერების ფუნქციაა, რომ გარკვეულ მოვლენებს ფანტაზიებს ამატებს. ასევე, ახლო წარსულზე ორიენტაცია იყო მნიშვნელოვანი ირმა ტაველიძის შემთხვევაში.მის რომანში საბჭოთა კავშირის ნგრევისა და დამოუკიდებლობის დასაწყისის პერიოდია.
რადგან წლის საუკეთესო რომანის მოკლე სია მართლაც ძალიან მოკლე იყო, შეგვიძლია, დანარჩენ ნომინანტებზეც ვისაუბროთ. რას ფიქრობთ გიორგი ხარაიშვილისა და ილია ჭანტურიას ტექსტებზე?
დადებითი აზრის ვარ. თავისთავად ის, რომ მოკლე სიაში მოხვდნენ, საკმაოდ დიდი წარმატება და აღიარებაა. ბევრ ავტორს შორის გამორჩეულებად ჩავთვალეთ, მაგრამ რჩეულთა შორის რჩეულებს ვარჩევთ საბოლოოდ და აი, აქ მოხდა სწორედ ის, რომ ორმა გაიმარჯვა.
როცა მოკლე სია გამოცხადდა, მაია ალუდაურმა აღნიშნა, რომ წიგნის „ბნელია გზა – პირველყოფილი წყვდიადი“ ფინალისტობა პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევანი იყო. მართლაც, ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა არც ისე პოპულარულია ქართველ ავტორთა შორის, ჟანრული ლიტერატურის რომელიმე პრემიის ფინალისტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თქვენი დაკვირვებით, რატომ „იჩაგრება“ ფენტეზის ჟანრი? ავტორები ვერ ახერხებენ ხარისხიანი ლიტერატურის შექმნას თუ ჟიურის გემოვნებაა განსხვავებული?
ამ შემთხვევაში, შეიძლება, ორივე ფაქტორი იყოს. რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები არსებობს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ისევე როგორც მთლიანად თანამედროვე კულტურაში და ამაზე თვალების დახუჭვა და ქება-დიდების ტონით ლაპარაკი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სერიოზული პრობლემებია, ცალკეული ჟანრის განვითარებასთან თუ მათი შეფასების გარკვეული კრიტერიუმების გამომუშავებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, არსებობს, რა თქმა უნდა, ჟიურის კონკრეტული შემადგენლობა, რომელიც ყოველწლიურად იცვლება. ყველა შემადგენლობას განსხვავებული შეხედულებები და გემოვნება (მაგალითად, მე საერთოდ არ ვარ ფენტეზის მოყვარული და იშვიათი გამონაკლისების გარდა, საერთოდ არ აღვიქვამ ლიტერატურული ღირებულებების მატარებლად). ჟიურიში გადაწყვეტილებები დემოკრატიულად და დისკუსიებით ხდება. მე რაც ვნახე (პირველად ვიყავი „საბას“ ჟიურიში, მანამდე „ლიტერას“ჟიურის წევრი ვიყავი), ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, მძაფრი ბრძოლებიც კი და წელს, შეიძლება ითქვას, გამოირჩეოდა კიდეც ბევრი კამათით.
წლის საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტზე უნდა გკითხოთ. როგორც ახსენეთ დაჯილდოებისას, თემო რეხვიაშვილის ტექსტში თაობის ხმა ისმის. როგორია ეს ხმა? დებიუტანტთა შორის იმავე თაობის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ. მაგალითად, მინდია არაბული, მარიამ გურგენიშვილი, ლელა კურტანიძე… რა სათქმელი აქვს ამ თაობას, თქვენი დაკვირვებით, გარდა იმისა, რაც გამარჯვებულმა ავტორმა წიგნის ფურცლებზე ან დაჯილდოებისას გააჟღერა?რით განსხვავდება მათი სათქმელი და რატომ მიანიჭეთ უპირატესობა „კურიერის ამბებს“?
თითქმის ყველა ერთი თაობის წარმომადგენელი იყო. ჩემი აზრით, „კურიერის ამბები“ გამორჩეულად კარგი ნაწარმოებია, გამორჩეულად აქტუალური და მწვავე. თემო რეხვიაშვილი თითქოს მხოლოდ საკუთარ ამბებს გვიყვება, თვითირონიითა და მწარე იუმორით, მაგრამ სინამდვილეში აღწერს იმ სოციალურ რეალობას, რომელიც დღესაა საქართველოში და ეს რეალობა არა რომელიმე პატარა სოციალური ჯგუფის სინამდვილეა, არამედ დიდი უმრავლესობის, პირველ რიგში, იმ თაობის, რომელიც ახლა იმყოფება ცხოვრების საწყის ეტაპზე და ქვეყნიდან გაქცევის გარდა სხვა გამოსავალი ვერ უპოვია. ასეთი თვალი ძალიან აკლია თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, რომელიც უმეტესწილად სხვა თემებზეა კონცენტრირებული, ძირითადად საშუალო ფენის ადამიანების ინდივიდუალურ ნევროზებზე, რომელიც საინტერესო შეიძლება მხოლოდ ამავე ფენისთვის იყოს. ჩემთვის „კურიერის ამბები“ იშვიათი გამონაკლისია მთელ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, იშვიათი თავისი გულწრფელობითა და სისადავით, რომელსაც ფოკუსი მიმართული აქვს სწორედ სინამდვილეზე, მასში რეალური სამყაროს ხმა ისმის. ჩემი აზრით, ამითაა რეხვიაშვილი ყველასგან განსხვავებული – არა „მე ჩემი პრობლემები მაქვს“, ჩემი ემოციები, განცდები, დეპრესიები და ა.შ., არამედ ბევრი ადამიანის სატკივარი. ამ ყველაფერს ძალიან დახვეწილი ლიტერატურული ენითა და გემოვნებით ამბობს. ამიტომაც ეს წიგნი მთელმა თაობამ აიტაცა, მის მიხედვით ფილმსაც იღებენ, სპექტაკლის დადგმაც იგეგმებოდა, როგორც მახსოვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ „კურიერის ამბებმა“ კულტურული ძვრები გამოიწვია, ახალგაზრდებში, ვისაც წვდომა აქვთ წიგნებზე, ახალი გამოთქმებიც კი გააჩინა, მაგალითად, „ბაზარმა დამარეგულირა“.
თქვენს შეფასებაში აშკარად შეიმჩნეოდა მემარცხენე ლიტერატურისადმი ქომაგობის, მხარდაჭერის ემოცია. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ლიტერატურის შეფასებისას იდეოლოგიური ფაქტორი?
იდეოლოგიური ფაქტორი ყველგან არსებობს და ნურავინ იტყვის, რომ იდეოლოგიისგან თავისუფალია. თუ აზრს გამოთქვამ, მაგრამ იდეოლოგია არ გაქვს, მაშინ არაფერზე დგახარ და ფუყე სადღეგრძელოებს ამბობს. ცოტა დისკრედიტირებული სიტყვაა იდეოლოგია და გვგონია, რომ აუცილებლად პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებს უნდა უკავშირდებოდეს. არაფერი მსგავსი. იმისთვის, რომ ორიენტირდეს სამყაროში, ზოგი რელიგიაში მიდის და რელიგიაც იდეოლოგიის ფორმაა. ზოგი ნაციონალისტური იდეოლოგიიდან უყურებს ლიტერატურას და მოითხოვს, რომ პატრიოტულ თემებზე, გმირობაზე იწერებოდეს ლიტერატურა. სახელმწიფო მაგას გვიკეთებს, კონკურსებს აცხადებს სამშობლოს სიყვარულის თუ წარსულის განდიდების თემატიკაზე. კულტურის სამინისტრო, ძირითადად, ამითაა დაკავებული, პროპაგანდით, თან სრულიად ყადაღაგასული და უადგილო. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ კარიკატურებად იქცნენ, თანაც იმდენად უსახოდ, რომ მათზე აღარც გეცინება.
არ უარვყოფ იმას, რომ მაქვს ჩემი იდეოლოგიური ხედვაც და პოზიციაც. ამ შემთხვევაში, იდეოლოგია შეგვიძლია მსოფლმხედველობის სინონიმად გამოვიყენოთ. „იდეოლოგია“ ჩემთვის რეალობის ადეკვატური აღქმაა და არა წინასწარგანსაზღვრული დოგმები. როდესაც ქვეყანაში უკიდურესად კატასტროფული სოციალური მდგომარეობაა და ამ რეალობას თანამედროვე ქართული მწერლობა ფაქტობრივად ვერ აფიქსირებს, უკვე თავად მას აუცხოებს რეალობისგან. ზოგი მწერალი ძალიან ვიწრო, თავის პრივილეგირებულ სოციალურ ფენაშია ჩაკეტილი და იმის იქით გახედვა არ შეუძლია, არ იცნობს რეალურ სამყაროს და თავის პირად განცდებზე გვიყვება. ეს გავრცელებული ტენდენცია ჩემთვის ძალიან არასაინტერესოა და ცოტა კურიოზულიც კი. მე ვიტყოდი, რომ რეხვიაშვილის შემთხვევაში, ეს რეალობასთან ადეკვატური დამოკიდებულებაა. არაა საჭირო აქ მარქსიზმი ან რომელიმე კონკრეტული მემარცხენე იდეოლოგია ვეძებოთ. ჩვენთან თავად რეალობაა ისეთი, რომლის დანახვა და გადმოცემა მარცხნივ გაყენებს. ქართული ლიტერატურის დიდი ნაწილი ასევე იდეოლოგიზებულია. გენდერი, ქვიარი, ადამიანის უფლებები, უმცირესობები – ესეც ყველაფერი იდეოლოგიაა, პოლიტიკური კონიუნქტურა, ლიბერალური ღირებულები – ამ ყველაფრის გალიტერატურულება ლიტერატურას ამსგავსებს არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მწერალთა ნაწილი საკუთარი სოციალური ფენის სიმაღლეებიდან იყურება და ქვემოთ ჩამოხედვა არ ძალუძს, ან უბრალოდ საკუთარ პროექციებს გადმოსცემს მისთვის უცხო სოციალურ გარემოზე. გარდა ამისა,არიან ადამიანები, ვინც სინამდვილესაც უსწორებენ თვალს და თემო რეხვიაშვილთან ეს განსაკუთრებით მძაფრად დავინახე. მე რეცენზიაც მაქვს მასზე დაწერილი და აქტიურად ვუჭერდი მხარს მის კანდიდატურას.
მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მას მხოლოდ იდეოლოგიური პოზიციიდან მხარი დავუჭირე. არაფერი მსგავსი. ლიტერატურულადაც გამორჩეული მგონია. ვფიქრობ, რომ თემო რეხვიაშვილის წიგნიც და მისი სიტყვაც წლევანდელი„საბას“ მთავარი მოვლენა იყო, თავისი საკმაოდ დიდი რეზონანსითაც. ბოდიში ყველა დანარჩენთან, დიდ პატივს ვცემ და მხარი დავუჭირე უმეტესობას, ვინც აიღო (არც მახსენდება ვინმე გამარჯვებულთა შორის, მხარი რომ არ დამეჭიროს), მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის წლის წიგნი. ასეთი დამოკიდებულება იმის სურვილს და მოთხოვნასაც კი მიჩენს, რომ მისი შემდეგი ნაწარმოებები კიდევ უკეთესი იყოს და უფრო მკაცრადაც შეფასდეს.
მე ვხედავ ქართულ ლიტერატურაში რეალობასთან ურთიერთობის ძალიან სერიოზულ დეფიციტს. მათ შორის მრავალჯერ ნომინირებულ ავტორებთან. ისინი თითქოს რაღაც სხვა სამყაროს, საკუთარი სახლის, სამეგობროსა და სოციალური კლასის ღირებულებებს ასახავენ და აქ მთავრდება მათი ინტერესები. ეს არ არის რეალობა. საშუალო კლასს, ბიურგერულ საზოგადოებას არ გააჩნია საკუთარი რეალობა. ბიურგერი ერთნაირია საქართველოშიც, ევროპაშიც, ინდოეთშიც და ავსტრალიაშიც. ამ ფენის კულტურა თუ ფასეულობები, მისი დამოკიდებულება კულტურასთან, შეფასების კრიტერიუმებიც – წმინდად სამომხმარებლოა.
კვლავ დებიუტზე განვაგრძოთ საუბარი. გასულ წელს დებიუტის ნომინაციაში პრემია პროზაულ და პოეტურ ტექსტებს გადაეცათ. წელს, როცა ამდენად დიდი კონკურენცია იყო და წიგნებიც ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რატომ არ მიიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება?
გაყოფა გამართლებული მგონია, როცა მრავალი კუთხით თანაბარი ტექსტები გვაქვს. ჟიური სრულიად დემოკრატიულად იღებს გადაწყვეტილებას, ხუთი წევრიდან სამმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი.შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ საკმაოდ დაძაბული და დრამატული ფორმით მიმდინარეობდა დებიუტის ნომინაციის განხილვა. არის რაღაცები, რისი გარეთ გამოტანაც არაეთიკურია. ვერ მოგიყვებით დეტალებს, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ, ჟიურის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ პროზამ ერთმნიშვნელოვნად წინა პოზიციები დაიკავა პოეზიასთან ან თარგმანთან მიმართებით. უკეთესი იყო პროზაული ტექსტები, რომლებიც სავარაუდო ალტერნატივად და კონკურენტუნარიანად განიხილებოდა. პოეტური კრებულები, დოკუმენტური პროზა და თარგმანი გავიდნენ ფინალში, მაგრამ ფინალში გამარჯვებულზე მსჯელობა მხოლოდ პროზაულ ტექსტებს შეეხებოდა.
გარდა გამარჯვებული პროზაული ტექსტისა, კიდევ ვის გამოყოფდით დებიუტის ნომინაციიდან?
საინტერესო იყო მარიამ გურგენიშვილის ტექსტი. მაგდა კალანდაძეს დიდი ხანია ვიცნობთ ცალკეული პუბლიკაციებით. დავით ჯიშკარიანმა მართლა მშვენიერი წიგნი დაწერა და, საბედნიეროდ, სხვა ნომინაციაში დავაჯილდოვეთ საბჭოთა თემატიკის გადააზრებისთვის. აი, ამათ გამოვყოფდი ჩემი პერსპექტივიდან.
ოთარ ჯირკვალიშვილმა 2016 წელს „საბა“ მიიღო, თუმცა წელს, როცა ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი მისი წიგნები (წლის საუკეთესო პროზაული კრებული და წლის საუკეთესო პიესა), მოკლე სიაშიც კი ვერ მოხვდა. რატომ ვერ დაიმსახურა მისმა „გალაკტიონმა“ თქვენი მოწონება?
ხდება ეგრეც. მე ორჯერ მაქვს „საბა“ აღებული და ზოგიერთი ჩემი წიგნი არც მოხვედრილა მოკლე სიაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ისინი, რომლებიც არ მოხვედრილა მოკლე სიაშიც კი, მე უკეთესად მიმაჩნდეს, ვიდრე ისინი, რომლებსაც „საბა“ აქვს აღებული. ყველაფერი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, კონკურენტებზე, ჟიურის შემადგენლობაზე და ა.შ. მე არ მესმის, რატომ გამოყოფთ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ ავტორს. ლაურეატობა არაა იმისი გარანტია, რომ მომავალშიც პრემია უნდა მოგანიჭონ, ან თუნდაც ფინალისტობა გეკუთვნოდეს. რადგან ასე გადაწყდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჟიურიმ სხვებს მიანიჭა უპირატესობა და საამისო არგუმენტებიც ჰქონდა.
მოკლე სიის მიღმა დარჩა აბო იაშაღაშვილიც,„საბას“ 2015 წლის ლაურეატი წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. რატომ ვერ მოხვდა ფინალისტთა შორის „პაულ შტერნის წითელი კოჭი“?
აქ საკითხავია, რამდენად არის საერთოდ რომანი. წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ზურაბ ქარუმიძეც იყო წარდგენილი. მარტო ჩემს თავზე შემიძლია ლაპარაკი, დანარჩენ ოთხ წევრზე ვერ ვისაუბრებ. მე ქარუმიძის ეს წიგნი მის საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია, არაჩვეულებრივ მოთხრობად, მაგრამ ეს არის მოთხრობა და არა რომანის ფორმატის ნაწარმოები. იგივე შთაბეჭდილება მქონდა აბო იაშაღაშვილზეც.
ისევ და ისევ გამოდის, რომ უკეთესად მივიჩნიეთ სხვა ავტორები. ამიტომ ცოტა მიკვირს ავტორების გამოყოფა. ნობელის პრემია აქვთ მიღებული ავტორებს და დღეს მათი ნობელიანტობა გაუგებრობის შედეგად მიიჩნევა. პაულ ჰაიზე, მაგალითად, არავის არ ახსოვს დღეს, ძალიან ბევრმა გერმანული ლიტერატურის სპეციალისტმაც კი არ იცის მისი არსებობის შესახებ, არადა ნობელის პრემიის ლაურეატია.
ასე რომ, ერთხელ თუ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შემდეგ წლებშიც უნდა მიიღოს ან ფინალში მოხვდეს. ერთხელ აღებული პრემია შემდგომში ფინალისტობის გარანტია არაა. თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, შეუძლია არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს და კრიტიკული სტატიაც დაწეროს, მაგრამ ერთხელ ლაურეატობა არგუმენტი არაა და ამაზე სერიოზულად მსჯელობაც კი არასწორი მგონია.
რამდენიმე ნომინაციის შესახებ საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება გაძნელდა. შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე საკამათო გადაწყვეტილებები?ჟიურისა და თქვენს პირად, პერსონალურ არჩევანს შორის რამე აცდენა თუ მივიღეთ საბოლოოდ?
დაჯილდოებაზეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ყველაზე დიდი დავა დებიუტმა გამოიწვია. აზრთა სხვადასხვაობა იყო და დიდი დრო დასჭირდა შეთანხმებას. სხვა ნომინაციებს რაც შეეხება, ძალიან გამიხარდა ლელა სამნიაშვილმა რომ აიღო „საბა“, საინტერესო პოეტია, მაგრამ, არ ეწყინოს ლელას, მე პაატა შამუგიას კრებული,„არგადარჩენა“ მიმაჩნია საუკეთესოდ, რაც მას დაუწერია და, ვიტყოდი, რომ ბოლო 20 წლის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური კრებულია. ჩემი გული პაატას კრებულს მიჰყვა.
პრემიის მინიჭებისას ყოველთვის ჩნდება დამატებითი ფაქტორებიც, ნებისმიერი პრემიის შემთხვევაში, თუნდაც ნობელის პრემია რომ ავიღოთ. ამას ვერასოდეს ვერ გავექცევით.
კონკრეტულად რა ფაქტორებს გულისხმობთ?
პრემია არა მარტო დამსახურების შეფასებაა, არამედ სტიმულატორის ფუნქციაც აქვს. როცა ერთი ავტორი უკვე მრავალგზის ლაურეატია, ხოლო მეორე ღირსეულს ეს პრემია ჯერ არ მიუღია, ხშირად უპირატესობა არალაურეატს ენიჭება. ამასთანავე, პრემია ყოველთვის გზავნილია, მისი მინიჭებით ჟიური ერთგვარ პოლიტიკურ, ეთიკურ თუ ესთეტიკურ გზავნილს აწვდის საზოგადოებას.
სუბიექტურად თუ მკითხავთ, არ მგონია, რომ ერთსა და იმავეს არ უნდა მივცეთ ბევრჯერ პრემია. ყველაზე მეტი საბა აქვს აკა მორჩილაძეს. მე ვიტყოდი, რომ მეტსაც მივცემდი. ერთ-ერთ წელს მისმა „ქართულის რვეულებმა“ არ მიიღო „საბა“.მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია ჟანრობრივადაც და მგონია, იმ წელს ერთ-ერთი ფაქტორი იყო ისიც, რომ აკა მორჩილაძეს ბევრჯერ აქვს „საბა“ აღებული. რატომაც არა?
მეორე მომენტიცაა, რომ სხვასაც უნდა მივცეთ სტიმული. სხვისი დამსახურებაც აღვნიშნოთ. თუნდაც სხვა რაღაცით უფრო მეტად მოგვწონდეს. იმდენად მიყვარს „ქართულის რვეულები“ და იმდენად ფასეულად მიმაჩნია თემატიკიდან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, გული დამწყდა, როცა პრემია არ მიიღო. მაგრამ პრემიით აღიარებასაც ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენთან ცოტა ფეტიშისტური დამოკიდებულებაა და, საბოლოოდ,ხშირად ყველაფერი ითარგმნება სტატუსის სიმბოლოდ. მე ეგეთი სიმბოლოები არ მიყვარს და მათი გაფეტიშება კომიკური მგონია.
ვფიქრობ, ნაწარმოების კრიტიკა თუ შეფასებები ქართულ ლიტერატურაში მაინც, უმეტესწილად, კონსერვატორული პოზიციებიდან ხდება. ქართული ლიტერატურული საზოგადოების გემოვნება კონსერვატორულია და არა ნოვატორული (წელს კი დებიუტში ნოვატორმა გაიმარჯვა). ჩემთვის ძალიან მოსაწყენია ეს გაუთავებელი წარსული, დიდება, ჩვენი დიდი ბუმბერაზები და ა.შ. ესაა მკვდარი ლიტერატურა. არ შეიძლება ლიტერატურა მხოლოდ კონსერვაციასა და მუმიფიცირებაზე იდგეს.
© არილი