ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ რუსუდან კაიშაურთან – „პოეზია ჩემი სისხლის დაავადებაა და გარეგნულად დამემჩნა“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია პოეტი რუსუდან კაიშაური

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

„არ მაქვს ბიოგრაფია, რადგან ასეთი ვიყავი მუდამ – ჩუმი. თუ ცხოვრება იყო დაყრუებული? ჩემი მოძრაობები ჰგავდა ევას საქციელს, აბელის წესიერებას, ძე შეცთომილის სინანულს, იობის ტანჯვას, მოგვის თაყვანისცემას, მაგდალინელის მოქცევას, ეკლესიასტეს ოპტიმიზმს, აღდგომის აღტაცებას; კიდევ – ფიროსმანის მრავალშვილიანი დედის მზერას. ახლა ის სისხლი, რომელიც სხეულში მაქვს, მელანია.

პოეზია – ჩემი სისხლის დაავადებაა და გარეგნულად დამემჩნა“.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობა ისედაც ასახულია ჩემში, გამონაგონია მნიშვნელოვანი და საინტერესო.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

სამოქალაქო თემები და საკითხები ძალიან, ძალიან მაღელვებს.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ფატმანი და ავთანდილი „ვეფხისტყაოსნიდან“ არიან ჩემი საყვარელი გმირები და პერსონაჟები.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

თითქმის ყველა კლასიკა წამიკითხავს. მევალებოდა. ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ყველა ის ისტორიული პირი იწვევს ჩემში ზიზღს, ვინც იყო და არის რეგვენი, მოღალატე ყველა მიმართულებით.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“. იმიტომ, რომ მძიმე თემებს მსუბუქად ასახავს.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ვან გოგი და ყველა, ვის სულშიც ქარიშხალი ბობოქრობს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ცოცხვის და დაგვის ვნება. „და ცოცხზე მდგარი, ვპოეტობ ქალი“ – ჩემი ლექსიდანაა.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენები არ მაქვს. აკვიატებები – დიახ, ოღონდ ვებრძვი, რადგან ჯერჯერობით ვამჩნევ.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

სიკვდილზე ვფიქრობ. „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

შემოქმედებაა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

იცხოვრებდი იმ ეპოქებში, სადაც ქართველებს მოგებული ომები, მოღალატეების წყალობით, წაუგიათ. ამ მოცემულობას შევცვლიდი.

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე მირჩევნია. ის ადამიანურია და ღვთიურიც. აპოლონი ძალიან სრულყოფილია.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალის“.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ადამიანი, ვისიც მშურს, არის გულწრფელი, განათლებული, ყველასი და ყველაფრის ერთგული, პროგრესული, ლოგიკურად მოაზროვნე, სამოქალაქო ღირებულებების მქონე.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

როცა ვინმე გამიმწარებია, ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია. გენდერისთვის – ლია სტურუა.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

არცერთი უცენზურო სიტყვა არ მიყვარს.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

„მადლობა“, „ბოდიში“, „შემოგევლე“.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

აკა მორჩილაძის “ობოლე”, დავით გაბუნიას “დაშლა”, ალეკო შუღლაძის “გადამალვა“.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ილიას სიტყვები: „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე – ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“; „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“; „ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა“.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

აკაკის „განთიადი“. პატრიოტულ თემაზე ასეთი სიმაღლისთვის არავის მიუწევია.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

მშობლიურსა და რუსულზე ვკითხულობ. გერმანულადაც.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ფატმან-ხათუნი და ავთანდილი „ვეფხისტყაოსნიდან“.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ალეკო შუღლაძესთან ვისაუბრებდი ადამიანის საზრისზე. მაინტერესებს მისი აზრები.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ალცჰაიმერი არ დამემართოს, რომ სამყაროდან და რეალობიდან არ გავირიყო.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მხოლოდ თანამედროვეობაში ცხოვრებას ვისურვებდი, მაგრამ მოვსინჯავდი პირველყოფილ ქვის ხანასაც.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ერთ-ერთი სახარების წიგნიდან – თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი.

რომელია საუკეთესო დასასრული?

„გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა მირჩევნია ამბავს, რადგან ენით შეგიძლია ყველაზე უბრალო და ბანალური ისტორია შთამბეჭდავად გადმოსცე.

პროცესი თუ შედეგი?

შედეგი სჯობს პროცესს, შენს ყველა მცდელობასა და წვალებას ამართლებს და აჯამებს. არ მინდა სიზიფე ვიყო, შესაქმე უკეთესია.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

შეგეძლოს შენგან განსხვავებულის დიდსულოვნად და გულწრფელად მიღება.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

„ვინა ვარ, სიდან მოვდივარ, სადა ვარ, წავალ სადაო“ – პერიფრაზი ცნობილი სტროფისა.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავია, როცა ერთი ადამიანი მეორეს უანგაროდ ეხმარება.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ძალიან კარგი აზრის ვარ. ისინი თავიანთი შეფასებით გამჩნევენ და სარკეში გახედებენ.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ბრეჟნევის მიერ ვითომ დაწერილი წიგნის, „მცირე მიწის“ შინაარსი არ მახსოვს.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

როცა რეალობის შეცვლა მინდა და უძლური ვარ.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

ჩემი პერსონალური სამოთხეა, სადაც ერთმანეთს თანაუგრძნობენ და ეხმარებიან.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

რაბინდრანათ თაგორის ლექსების წიგნს.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

„ამ მშვენიერსა დილასა,

კაც რად ჰსურს სისხლი კაცისა?!“

© არილი

Facebook Comments Box