ესე (თარგმანი)

ჰერბერტ ჯორჯ უელსი – ჯეიმს ჯოისის “ახალგაზრდა მხატვრის პორტრეტი”

joyce2345234

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

ერთმა აბეზარმა გაზეთმა საკმაოდ ცნობილ რომანისტს მიმართა შეკითხვით, თუ რა აზრისა იყო ის 1916 წლის ლიტერატურაზე. პასუხად მან საქვეყნოდ განაცხადა, რომ 1916 წელს არანაირი ლიტერატურა არ შექმნილა, მე თვითონ კი მხოლოდ “მეცნიერებას” ვეცნობოდიო. ეს არც თუ კორექტული იყო ჩვენი ლიტერატურისა და მეცნიერების მიმართ. უგნურებაა ერთმანეთს დაუპირისპირო ეს ორი სფერო. მსგავსი მიდგომა ისევე გაუმართლებელია, როგორც ლიტერატურისა და “ძველი კლასიკოსების” ან ლიტერატურისა და ისტორიის გამიჯვნა. ომის თემაზე მრავალი კარგი ნაწარმოები შექმნილა, აქ გასაკვირი არც არაფერია; სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენი მშობლიური კრიტიკა რაღაც გაუგებარი ნეტარებით დასტირის მათ სიმწირეს მაშინ, როცა ის ვალდებულია თანმიმდევრული ანალიზი შესთავაზოს მკითხველს. კრიტიკამ უნდა იკვლიოს, მან შეიძლება შეაფასოს ან განაქიქოს, მაგრამ როცა ის გადაიქცევა იმ მოხუცის ბუზღუნად, რომელსაც რომანის აღქმის უნარიც დაუკარგავს, ეშმაკსაც წაუღია ასეთი კრიტიკა! თანამედროვე მწერლობაზე ბუზღუნს მართლაც არანაირი გამართლება არა აქვს. ომზე დაწერილ წიგნებსა თუ მოთხრობებს – თავისთავად ბრწყინვალე ლიტერატურას – რომ თავი დავანებოთ, არსებობს უამრავი ახალი და საინტერესო ძიებებით გამორჩეული ნაწარმოები, დაწყებული უკვდავი ართურ გრინის უშუალო და დამაჯერებელი ქმნილებებით (“ომში დატყვევებულის ამბავი”) და ავანსცენაზე გამოსული ისტორიკოსების თხზულებებით დამთავრებული, რომელიც ვერ დატოვებს გულგრილს ვერავის, ვისაც კი ჯერაც არ დაუკარგავს ინტერესი ლიტერატურის მიმართ. გავიხსენოთ, თუნდაც, მის რიჩარდსონის სახალისო მცდელობა მწერლობაში გადმოეტანა ფუტურისტული ხატვის მანერა (“Pointed Roofs” და “Backwater”), მისტერ კარადოკ ევანსის მიერ შემოთავაზებული “მკაცრი” წერის მეთოდი, ფსევდოუელსური კილოკავი, რომელიც, ერთი მხრივ, თავისი გროტესკულობით დიდ სიამოვნებას მოჰგვრის საზრიან მკითხველს, მეორე მხრივ კი, ალბათ გააცოფებს ყველა მგრძნობიარე უელსელ პატრიოტს (“My People” და “Capel Sion”). არავის შეუფასებია ჯეროვნად მისტერ თომას ბურკის “Limehouse Nights”-ის რომანტიკული ძალა და სინატიფე. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჰენლიც ცოცხალი იყო და არც ახლის ძიება ითვლებოდა სათაკილო საქმედ, ამ წიგნს უეჭველად მიაგებდნენ საკადრის პატივს. კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ჯეიმს ჯოისის “ახალგაზრდა მხატვრის პორტრეტი”. ეს წიგნი უნდა ვიყიდოთ, წავიკითხოთ და განზე გადავდოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. ეს დიდი ლიტერატურაა, ისევე, როგორც “გულივერის მოგზაურობის” ბოლო წიგნი.

აზრი არ ექნებოდა შეგვერბილებინა ამ ნაწარმოების ის “ნიშანი”, რომელიც მისი ავტორისგან შეგნებულადაა წინ წამოწეული. მისტერ ჯოისისთვის, ისევე, როგორც სვიფტისა და კიდევ ერთი თანამედროვე ირლანდიელი მწერლისთვის, უხამსობა სუსტი წერტილია. ცხოვრების საერთო სურათს ის თითქოს უბრუნებს იმ დეტალებს, რომელიც თანამედროვე სადრენაჟო სისტემამ თუ ეტიკეტმა განდევნა საზოგადოებაში მიღებული საუბრებიდან და ურთიერთობებიდან. უწმაწური, უჩვეულო სიტყვები უსიამოდაა მიმოფანტული მთელ წიგნში და, შეიძლება ითქვას, გაუმართლებლადაც. თუ მკითხველი მეტისმეტად მგძნობიარეა ასეთი გამოვლინებების მიმართ, მაშინ მას ისღა დარჩენია, თავი შეიკავოს მისი წაკითხვისგან; მაგრამ თუ ის, ლამაზი ხედებით, ეკლესიით და სხვა ამგვარი მომაჯადოებელი გარემოთი განთქმულ იტალიის რომელიმე თვალწარმტაც მხარეში მოგზაურივით, შეძლებს ფრთხილად იკვლიოს გზა და გვერდი აუაროს მისთვის უსიამოვნო ადგილებს, ჩათვალეთ, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავს. სვიფტისა თუ თავად მისი შემოქმედების ამ საზიზღარ მომენტსაც კი ვუპოვით მოულოდნელ ახსნას მისტერ ჯოისთან. თავის რომანში ის რამდენიმე ადგილას აღნიშნავს, თუ როგორ ძაგძაგებს და ღიზიანდება მისი პერსონაჟი სტივენი გამკივანი, უხეში ხმის გაგონებაზე და რა აღტაცებაში მოჰყავს ის მუსიკას და კეთილხმოვანი სიტყვების რიტმს. მაგრამ არანაირი სუნი ასე ძლიერ არ მოქმედებს მასზე. ყნოსვითი შეგრძნებები მისთვის შეიძლება იყოს ან სასიამოვნო, ან არაესთეტური, მაგრამ არა ისეთი გულისამრევი ან აღმაფრთოვანებელი, როგორც – ბგერები. მსგავსი ანომალია ჩვენთვის სავსებით გასაგებია. მახსოვს, დიდი ხნის წინ, ჩემს მიმოხილვაში ყურადღებას ვამახვილებდი რობერტ ლუის სტივენსონისა და სერ ჯ. მ. ბარის მოთხრობების აღქმითი ბაზისის განსხვავებულობაზე; ამათგან პირველი ვიზუალურად წარმოიდგენდა და სურათივით ხედავდა თავის მოთხრობას, მეორეს კი ის მხოლოდ ესმოდა. ჩვენ უსამართლონი ვიქნებოდით მისტერ ჯოისის მიმართ, თუკი მას მივუსადაგებდით ჩვეულ აღქმით საფუძველს და შემდეგ კი ჩვენს გამიზნულ შეურაცხყოფაში დავადანაშაულებდით.

მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის. მისტერ ჯოისის წიგნის ღირსებას არაფერი აქვს საერთო მის სპორადულ არაესთეტურობასთან. მსოფლიო ლიტერატურის ზოგიერთი შედევრის მსგავსად, ცენტრალური ადგილი ამ რომანშიც ბავშვის განათლების თემას უჭირავს; აქ უდაოდ ყველაზე ცოცხლად და დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ირლანდიურ-კათოლიკური აღზრდის პროცესი. ეს მოზაიკაა, რომლის ცალკეული ფრაგმენტების ერთობლიობა აბსოლუტური სრულყოფილებით გადმოგვცემს საკმაოდ გულჩათხრობილი და მდიდარი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული დუბლინელი ბიჭუნას ცხოვრებას. ავტორის ტექნიკა გამაოგნებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში – საკმაოდ ეფექტიანი. არაერთი ირლანდიელი მწერლის მსგავსად – სტერნიდან შოუმდე – მისტერ ჯოისი აბზაცებისა და პუნქტუაციის სფეროში თამამ ექსპერიმენტატორად გვევლინება. ისე ხდება ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა, რომ მინიშნებაც არ კეთდება დროისა და ადგილის შეცვლაზე; საბოლოოდ კი მოულოდნელად მესამე პირის ადგილს პირველი იკავებს; დიალოგების გამოსაყოფად ავტორი საერთოდ არ იყენებს ბრჭყალებს. მისი წერის ამ თავისებურებათაგან პირველი ჩემთვის დროდადრო დამღლელიც იყო, მეორე მხრივ, ალბათ საკლასო დაფასთან შეძენილი ჩვევა მაიძულებდა ერთგვარი პედანტურობით გამომეყო და გამეხაზა ყველა საეჭვო ადგილი, მაგრამ ძნელი სათქმელია, თავად მასალამ უფრო ამაღებინა ამაზე ხელი, თუ იმ სავარაუდო ეფექტმა, რასაც იქონიებდა ეს ყველაფერი სხვებზე, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ამას არც უნდა ავეღელვებინე; მისი სტილის ზემოხსენებული მეორე თავისებურება, უნდა ვაღიარო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავსებით გამართლებულია სწორედ მისი ეფექტიანობის გამო; მესამე კი აიძულებს მისტერ ჯოისს უხვად გამოიყენოს ტირეები. ამ წიგნის ერთ-ერთი დიალოგი მართლაც ბრწყინვალეა, კერძოდ ის, რომელიც უკავშირდება ეპიზოდს, როცა მისტერ დედალოსი ჭრის ინდაურს; სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ ამაზე უკეთ თვით სტერნიც კი ვერ დაწერდა; მაგრამ დიალოგთა უმეტესობა შემაწუხებლად აჭრელებულია ამ ტირეებით, კაცს ისე ასტკივდება თვალები, როგორც ძველი კინემატოგრაფის მოელვარე პროჟექტორის შუქისგან. ვფიქრობ, მისტერ ჯოისმა ვერ შეძლო ჩვენი დარწმუნება ბრჭყალების უსარგებლობაში.

ამ წიგნის მნიშვნელობა მთლიანადაა განპირობებული მისთვის ესოდენ დამახასიათებელი და განუხრელი რეალიზმით. სტივენ დედალოსის დამაჯერებლობით ძნელად თუ დაიკვეხნის რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟი. ინტელიგენტი მკითხველისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო იმის აღმოჩენა უნდა იყოს, თუ რაოდენ არათავისუფალია ირლანდიელთა უდიდესი მასა. მისტერ ჯოისი შეულამაზებლად აღწერს ამ ყმაწვილის ცხოვრებას გარემოში, რომელიც თითქმის სრულიად უცხოა ინგლისური სამყაროსთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ რაოდენ მორცხვი და გულჩათხრობილია იგი, როცა საკითხი სექსს ეხება, მოწმენი ვხდებით მისი ღამის კოშმარებისა და უადგილო ადგილას მალულად მიჯღაბნილი წარწერების, ვხედავთ, თუ როგორი გულწრფელობით სწამს მას ჯოჯოხეთის რეალურობა. თანამედროვე პირობებში აღზრდილ ყმაწვილს ძალზე უცნაურად მოეჩვენებოდა სცენა, როცა სტივენი ეჭვის ნასახის გარეშე ისმენს ორ მგზნებარე ქადაგებას ამ საშინელ თემაზე, გაუგებარი იქნებოდა ძრწოლით გამოწვეული მისი სულიერი ტანჯვა, არა ჩვეულებრივი პროტესტი, რასაც ყოველივე უწმინდური იწვევს არაღვთისმოშიშ ბავშვებშიც კი, არამედ სწორედაც – შიში, ან როცა ის, ქალაქის გარეუბანში უცნობ მღვდელთან მისული, თრთოლაატანილი ინანიებს მანკიერ ცოდვებს. შეადარეთ ეს დამრთგუნველი ძრწოლა კონრადის მონაყოლს, თუ როგორ ქვითინებდა იმავე დღეში ჩავარდნილი ლორდი ჯიმი. ამ დუბლინური ისტორიის მეორე უაღრესად ნიშანდობლივი გარემოება კი ისაა, რომ აქ ყოველი ადამიანისთვის სიძულვილი ინგლისელთა მიმართ ისეთივე გარდაუვალი და ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი ფენომენი, მაგალითად, ცა ან ზღვა. ეს სიძულვილი ბრმაა, ამ გრძნობით შეპყრობილ ხალხს აზრადაც კი არ მოსდის იმის აღიარება, რომ ინგლისელთა საკმაო ნაწილს გულწრფელად სურს ირლანდიის მიმართ არსებობდეს სამართლიანი დამოკიდებულება. ამ განწყობაში პრობლემის რაციონალური გადაწყვეტის ნიშან-კვალსაც ვერ აღმოაჩენთ; ან თუნდაც იმის სურვილს, რომ როგორმე დაეხმარონ გონებაჩლუნგ ინგლისელებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გამოჩრილი ამ სამმხრივი თავსატეხის ამოხსნაში. ეს სწორედაც რომ სიძულვილია, მანიად ქცეული განწყობა, გონების მდაბალი, მძვინვარე აკვიატება. ასეთ პოლიტიკურ გარემოში იზრდებოდა სტივენ დედალოსი, ასეთ გარემოში ყალიბდებოდა მისი მეტისმეტად მგძნობიარე სული. ვშიშობ, რომ ზუსტად ასეთ ატმოსფეროში აღიზარდა შესანიშნავი ირლანდიელი ახალგაზრდობის უმეტესობა. რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს უკიდურესი ირლანდიელი “პატრიოტის” გათანაბრებამ ინგლისელ ან ამერიკელ ლიბერალთან? ის ნებისმიერ ინგლისელ ტორიზე უფრო გონებაშეზღუდული და რადიკალურია და მის ბუნებრივ მოკავშირედაც კი იქცევა ეკონომიკის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის შეფერხებაში. საფრთხე, რომელსაც ის ქმნის, ტორისთვის პირდაპირ მისწრებაა ინგლისში სამხედრო რეაქციის გასამართლებლად. დროა ამერიკელმა დამკვირვებელმა თვალი გაუსწოროს ამ სიმართლეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ინგლისი სამართლიანად არ უნდა მოექცეს ირლანდიას, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ახლადშეღერებული ყმაწვილები, სრუტის გადაღმა რომ ცხოვრობენ, თავისი აღზრდითა და ტრადიციებით საკმაოდ განსხვავდებიან ინგლისელთაგან და აქედან გაწვდილ დახმარების ხელსაც მტრულად შეხვდებიან. არსად ისე ნათლად არაა ნაჩვენები, თუ რამდენად უცხონი არიან ისინი ჩვენთვის, როგორც ამ ღირსშესანიშნავ რომანში.

© “ლიტერატურა _ 24 საათი”

Facebook Comments Box