ესაუბრა თაკო წულაია
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში ნუგეშა გაგნიძე და მისი წიგნი, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ „საბას“ პრემიით დაჯილდოვდა. ნაშრომი გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას იკვლევს და მრავალწლიანი შრომის შედეგია. ნუგეშა გაგნიძეს იმ ძირითადად თემებზე გავესაუბრეთ, რომლებზეც წიგნში ამახვილებს ყურადღებას: გრიგოლ რობაქიძე, როგორც პუბლიცისტი და დრამატურგი; მისი ლიტერატურული ზღაპარი; ბელადები რობაქიძის შემოქმედებაში; თავისუფლების ავტორისეული აღქმა და სხვ.
პრემია „საბას“ დაჯილდოებისას აღინიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძე ჩვენთვის ერთდროულად ნაცნობი და ამავე დროს ძალიან უცნობი მწერალია. თქვენი ნაშრომი მას მრავალი პერსპექტივიდან გვიჩვენებს, მისი პიროვნების სხვადასხვა ასპექტს იკვლევს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ გრიგოლ რობაქიძე ყოფილიყო თქვენი კვლევის საგანი?
გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების კვლევა დიდი ხანის წინ დავიწყე. მწერლისადმი ინტერესი ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში გამიჩნდა, როცა მეგობარმა, ალექსანდრე სანდუხაძემ, ხელით გადაწერილი „ლონდა“ და „ლამარა“ მომიტანა 80-იანი წლების დასაწყისში და ჩუმად ჩამიდო ჩანთაში გერმანულის გაკვეთილზე. ჩვენ ერთად ვემზადებოდით გერმანულ ენაში მისაღები გამოცდისთვის. იმ დროს გრიგოლ რობაქიძე ჯერ კიდევ აკრძალული მწერალი იყო.
სტუდენტობის წლებში კიდევ უფრო მეტის გაგება მოვისურვე. თანდათან გახშირდა რობაქიძის სახელის ხსენებაც. 80-იან წლების ბოლოდან მისი ნაწარმოებების დაბეჭდვაც დაიწყო.
გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების სერიოზული კვლევა დავიწყე 2004 წელს, რადგან ამ პერიოდში შესაძლებლობა მომეცა, მოხსენება წამეკითხა იტალიაში, მაჩერატას უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე „საზღვრები და სასაზღვრო სივრცეები გერმანულ ენასა და ლიტერატურაში“. კონფერენციის თემიდან გამომდინარე, საორგანიზაციო კომიტეტმა მთხოვა, დამემუშავებინა ნაშრომი ქართველ ავტორზე, რომლის ნაწარმოებებიც გერმანულ ენაზე არსებობდა. ამიტომაც შევარჩიე „მარადიული დაბრუნების იდეა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში“. იმხანად გოეთეს საზოგადოების სამთვიანი სტიპენდიით ვაიმარში ვიმყოფებოდი და ვმუშაობდი მონოგრაფიაზე „გოეთეს რეცეფციის საკითხი ნიცშეს შემოქმედებაში“. ვაიმარისა და იენის ბიბლიოთეკებსა და არქივებში იდეალური პირობები მქონდა, დამემუშავებინა საკონფერენციო მოხსენება. აღნიშნული ნაშრომი გამოქვეყნდა იტალიაში 2008 წელს.
2009 წელს მოვიპოვე გერმანიის აკადემიური სამსახურის (DAAD) სამთვიანი სამეცნიერო სტიპენდია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების კვლევისთვის. საარქივო მასალების მოძიების საქმეში ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ყოფილი აკადემიური დირექტორი დოქტორი მარგრეტ შუხარდი. უფრო მეტიც, მან სურვილი გამოთქვა, ჩემთან ერთად შეექმნა სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც საფუძვლიანად იქნებოდა გამოკვლეული ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქაში გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის ცხოვრება და შემოქმედება. 2011 წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ გერმანიაში 350 გვერდიანი ნაშრომი, რომელშიც სხვადასხვა პერსპექტივიდან გამოვიკვლიეთ მწერლის მიერ განვლილი გზა და მისი ტექსტები; შევეცადეთ მიგვეჩინა ორჯერ ემიგრირებული ავტორისთვის კუთვნილი ადგილი ლიტერატურის ისტორიაში. წიგნში 5 თავის ავტორია მარგრეტი, 5 თავი მეკუთვნის მე. ნაშრომს დანართის სახით თან ერთვის რობაქიძის უცნობი და ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები. ამის შემდეგ გადავწყვიტე ქართველი მკითხველისთვის და მეცნიერ-მკვლევართათვის ქართულ ენაზე დამეწერა მონოგრაფია. მაგრამ ის ვერ იქნებოდა გერმანული ვერსიის იდენტური, რადგან გამოსაკვლევი იყო უცნობი ნაწარმოებები, სათარგმნი ტექსტები, დასადგენი თარიღები და ფაქტები. კვლევის პროცესში ჩნდებოდა ახალი მასალებიც. საბოლოო ჯამში შევქმენი 446 გვერდიანი „ცხოვრება ორ სამყაროში ̶ გრიგოლ რობაქიძე“, რომელშიც წარმოვადგინე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების თითქმის ყველა ასპექტი. ამავდროულად, 2004 წლიდან დღემდე, გამოვაქვეყნე რობაქიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ბევრი სამეცნიერო სტატია ქართულ და გერმანულ ენებზე საქართველოში და საზღვარგარეთ.
შტეფან ცვაიგის აზრით, “გველის პერანგით” ევროპელთა წინაშე პირველად წარდგა უცნობი ერი და სამარცხვინოა, რომ ქართველები ნაცნობნი არ იყვნენ ევროპელებისთვის. როგორც წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, „ევროპელებს რობაქიძემ თავიდან აღმოაჩენინა ეგზოტიკური ქვეყანა – საქართველო“. თქვენი კვლევიდან გამომდინარე, მაინც რატომ ჰქონდა ამ ტექსტს ამდენად გარდამტეხი ძალა?
გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით იენაში, ერთ-ერთ საუკეთესო გამომცემლობაში (Diederichs Verlag), 1928 წელს დაიბეჭდა. მაშინ არა თუ ქართულ ლიტერატურას, არამედ საქართველოს ნაკლებად იცნობდნენ ევროპაში. ცხადია, ამ პერიოდისთვის არსებობდა არტურ ლაიტის, ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთის, არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერის, იაკობ რაინეგსისა და სხვა გერმანულენოვან ავტორთა ნაშრომები, მაგრამ არა მკითხველთა ფართო წრეებისთვის.
„გველის პერანგი“ იყო ქართველი მწერლის პირველი გერმანულენოვანი ტექსტი გასულ საუკუნეში. ამდენად, შტეფან ცვაიგმა და გერმანელმა მკითხველმა ამ რომანის მეშვეობით ნამდვილად აღმოაჩინა თავიდან ეგზოტიკური ქვეყანა – საქართველო და მკითხველს უცხოელი ავტორის თვალით დაანახა ის.
საინტერესოა რობაქიძისეული განსაზღვრება აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. წერთ, რომ საკამათო მოსაზრებაა და საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოგყავთ. ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ – როგორ ხედავდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონტრასტს მწერალი და თავად რას იზიარებთ ან არ ეთანხმებით მის შეხედულებებში?
გრიგოლ რობაქიძე არაერთ ნაშრომში წერს აღმოსავლური და ქართული კულტურის ურთიერთმიმართების საკითხებზე და ქართული და აღმოსავლური ლიტერატურის სიახლოვეზე. აღსანიშნავია ესად ბეის „ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან“ (1931), ლიტერატურული ზღაპარი „ორი ძმა“ (1942) და წინასიტყვაობა, რომელიც მან „გველის პერანგის“ გერმანული ვერსიისათვის დაწერა. ამ უკანასკნელში ის აღნიშნავს, რომ მან სპარსეთში შეიგრძნო პირველად მთელი არსებით აღმოსავლეთი. შინ დაბრუნებულმა კი დაიწყო „განუსაზღვრელი შეგრძნებებისა“ და ხილულის სიტყვად და მხატვრულ სახეებად ქცევა. საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად მწერალი დიდი რუსი მოაზროვნის, ჩაადაევის სიტყვებს იშველიებს, რომ „აღმოსავლეთი და დასავლეთი არ ნიშნავს მხოლოდ გეოგრაფიულ დაყოფას, არამედ იგი საგანთა გარკვეული წესრიგია“. როგორც ვიცით, „გველის პერანგის“ მთავარი იდეა „მამის იდეაა“ არა ბიოლოგიური გაგებით, არამედ მითოლოგიურით. რობაქიძის აზრით, „აღმოსავლეთი „მამისაგან“ მომდინარეობს, დასავლეთი – „ძისაგან“. აღმოსავლეთი სვამს შეკითხვას: „საიდან?“, დასავლეთი კი – „საით?“. აღმოსავლეთი „უკან“ იყურება, დასავლეთი – „წინ“. აღმოსავლეთი მთვლემარე და კონსერვატორულია, დასავლეთი – მიზანსწრაფული და ქმედითი. აღმოსავლეთი არის „ჰიბრიდი“, მისი ფესვები უსასრულობაში იკარგება. დასავლეთი „ინდივიდია“, მან ფესვები მიატოვა. აღმოსავლეთში „გილგამეშია“, დასავლეთში − „ჰამლეტი“. ფესვების მძებნელი ფაუსტი აღმოსავლეთში წარმოუდგენელია. აქვე ერთ დამახასიათებელ დეტალსაც გამოყოფს ავტორი. მისი აზრით, აღმოსავლეთის ქმნადობა არ დასრულებულა. მას შეუძლია ყველა მიმართულებით განვითარდეს, რადგან ბუნების ნაწილია. დასავლეთი კი სრულყოფილია და მას აღარ შეუძლია განვითარება, მისი სახე ინდივიდუალურია. სწორედ რობაქიძის ეს მოსაზრება მიმაჩნია წინააღმდეგობრივად და საკამათოდ. თუ რატომ, ამის შესახებაც ვწერ ჩემს წიგნში: ცხადია, აღმოსავლური პრინციპებით ცხოვრებას აქვს განვითარების საკუთარი, ორიგინალური გზა და საქართველოც, როგორც მისი ნაწილი, თუ კარგად გაიაზრებს წარსულის გამოცდილებებს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდგომი ქვეყანა, შეძლებს წინსვლასა და დასავლეთის რიტმისთვის ფეხის აწყობას. რაც შეეხება დასავლეთის განვითარების დასასრულს, წარმოუდგენელია მუდმივად „ფასეულობათა გადაფასების“ პროცესში მყოფ ბებერ ევროპას არსებობის დაისი დაუდგეს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი მიზანსწრაფული და ქმედითია და „ძისაგან მომდინარეობს“, მაშინ მომავალი ძეს ეკუთვნის. ცხადია, რობაქიძეს მხედველობაში აქვს ნიცშესა და შპენგლერის მოსაზრებები, როცა ევროპული ცივილიზაციის დასასრულზე მიუთითებს, მაგრამ საყურადღებოა, თუ რა კონტექსტში წერენ ისინი ევროპული და გერმანული ცივილიზაციისა და კულტურის პრობლემებზე. ნიცშესა და შპენგლერის შემთხვევაში, საქმე ეხება ცივილიზაციით გამოწვეულ უმთავრეს ღირებულებათა კვდომასა და დეკადანსს.
გრიგოლ რობაქიძე ესად ბეისთან ინტერვიუში საკუთარი შემოქმედების შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად მრავალფეროვანი ევროპული გავლენებისა, ის მაინც აღმოსავლეთის ერთგულია, რომ მისი ლიტერატურული იდეალი ირანულ-ბაბილონურია. მას მსოფლიო ლიტერატურაში ანალოგი არ მოეპოვება. მისი აზრით, სწორედ ეს კულტურა წარმოადგენს ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“.
წერთ, რომ გრიგოლ რობაქიძის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ნაწარმოებები არსებობდა, რომლებიც ან დაიკარგა, ან სადმე, კერძო არქივებშია შემონახული. რა გაძლევთ ასეთი ვარაუდის საფუძველს?
დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობდა გრიგოლ რობაქიძის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი რომანები. ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ რაინჰოლდ ჩაკერტის დაკითხვის ოქმები. თბილისელი გერმანელი რაინჰოლდ ჩაკერტი „მეგის“ ერთ-ერთი მთარგმნელთაგანია. მისი დაკითხვის ოქმში (17 ივნისი, 1935 წელი) ვკითხულობთ: „ჩვენი ინტიმური მეგობრობა განეკუთვნება 1929 წელს და გაგრძელდა მის გამგზავრებამდე. ერთხელ ის ჩემთან შემოვიდა, რათა ესაუბრა გერმანულ ენაზე თავისი შემდგომი მსხვილი ნაშრომების თარგმანზე (რომლებიც არც რუსულ, არც ქართულ ენაზე არ გამოჩენილა). რომანს პირველად ეწოდებოდა „მედეას ნაწნავები“, მაგრამ გერმანიაში გამომცემლობის ინტერესების გამო მას უწოდეს „მეგი ̶ ქართველი გოგონა“. ეს რომანი მას მე გადავუთარგმნე“ („რაინჰოლდ ჩაკერტის დაკითხვის ოქმიდან“. რუსულიდან თარგმნა მანანა კვატაიამ). უტყუარი წყარო, რომ არსებობდა ქართულ ენაზე „ჩაკლული სული“, გახლავთ ყოველკვირეული გაზეთი „საქართველო“ ქვესათაურებით „ქართული ლეგიონის ყოველკვირეული გაზეთი“ (1945 წლამდე) და „ქართველ მოხალისეთა ყოველკვირეული გაზეთი“ (1945). იგი 1942-45 წლებში გამოდიოდა ბერლინში და გამოხატავდა იმ ქართველ ემიგრანტთა პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიასა და მთავრობას. 1944 წლის 12 ივლისს (N23/100) „საქართველოში“ დაიბეჭდა რობაქიძის „წყაროს თვალი“ (გვ. 2 და 6). მეხუთე გვერდზე წარმოდგენილია გაზეთის სხვადასხვა ნომერში დაბეჭდილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებისა და ნაშრომების ჩამონათვალი. მათ შორის მესამეა „გრიგოლ რობაქიძე ̶ “ცხენი გაატყავეს“ (ნაწყვეტი რომანიდან „ჩაკლული სული“). სამწუხაროდ, ჩვენმა ხანგრძლივმა ძიებამ საქართველოსა და ბერლინის ბიბლიოთეკებსა და არქივებში უშედეგოდ ჩაიარა. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ. ომის მძვინვარე წლებში გაზეთის ნომრებს უხვად ურიგებდნენ ნაცისტები ქართველ ლეგიონერებსა და მოხალისეებს. შეიძლება, არის სადმე გადარჩენილი ერთი ეგზემპლარი ფრაგმენტით „ჩაკლული სულიდან“. მისი პოვნა ნამდვილად წაადგება მწერლის შემოქმედების კვლევის საქმეს.
ისიც ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებთა უმეტესი ნაწილი გერმანულ ენაზე თარგმნილია სხვადასხვა მთარგმნელის მიერ, ხოლო მწერალი აქტიურად თანამშრომლობდა მათთან. ამ მოსაზრების დასტურია, უმეტეს შემთხვევაში, მთარგმნელთა გვარ-სახელების მითითება ტექსტებზე. საყურადღებოა, ასევე, თავად რობაქიძის წერილი ჩეხ ქართველოლოგ იარომირ იედლიჩკასადმი 1937 წლის 2 აპრილს: „მე ვწერ ჯერ ქართულად, შემდეგ ვთარგმნი, და რადგანაც თვითონ ვთარგმნი, თარგმანი მიმაჩნია დედნის ტოლფასად. ქართულად გამოვიდა მხოლოდ „გველის პერანგი“ /1926/. უშუალოდ გერმანულად დავწერე მხოლოდ წიგნი ესსე „დემონი და მითი.“ აღნიშნული წერილის შესახებ წერენ აკაკი ბაქრაძე, გიული ლეჟავა, ადოლფ ენდლერი. იგი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს: გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებები ქართულ ენაზე ნამდვილად არსებობდა. შესაძლოა, ისინი დაიკარგა მეორე მსოფლიო ომის წლებში და მის შემდგომ პერიოდში. ან, შეიძლება, კერძო არქივებში, სადმე, არსებობდეს მათი ორიგინალი.
გრიგოლ რობაქიძის პუბლიცისტიკის მნიშვნელობასაც შევეხოთ. როგორია მისი, როგორც პოლიტიკური მოაზროვნის პუბლიცისტიკა? რა განსხვავებაა რომანისტ და პუბლიცისტ გრიგოლ რობაქიძეს შორის? რა თემებით ინტერესდება, როგორია მისი მსოფლმხედველობა, სამოქალაქო პოზიცია?
განსხვავებით პროზისაგან, გრიგოლ რობაქიძის პუბლიცისტიკა (ისევე როგორც ლირიკა და დრამები) ორიგინალის ფორმით შემოგვრჩა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ამდენად, მათი მეშვეობით შესაძლებლობა გვეძლევა, კონკრეტული დასკვნები გავაკეთოთ მწერლის ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებებთან, მის მსოფლმხედველობასთან, სამწერლობო სტილსა და მანერასთან დაკავშირებით. მისი პუბლიკაციების თემატიკა მრავალფეროვანია: მოდა, ლიტერატურა, ფილოსოფია, პოლიტიკა და სხვ. ამავდროულად თვალშისაცემია ბეჭდური მედიის მრავალფეროვნება რუსეთის რევოლუციების, პირველი მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში. რობაქიძე გასაოცარ დასკვნებს აკეთებს რუსეთში მიმდინარე იმ ეპოქალურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელთაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე. მის პოლიტიკურ თემებზე დაწერილ საგაზეთო სტატიებში, განსხვავებით ეზოთერიკითა და მითოლოგიით გატაცებული პროზაიკოსი, ლირიკოსი და დრამატურგი რობაქიძისგან, საქმე გვაქვს უტყუარი ალღოს მქონე პოლიტიკურ ექსპერტთან.
საინტერესოა მის მიერ განსაზღვრული თავისუფლება. არა როგორც მხოლოდ პოლიტიკური ცნება, არამედ როგორც “საკულტურო პრობლემა”. პოსტსაბჭოთა სივრცეში რა მნიშვნელობა აქვს ამ თემის წინ წამოწევას? პრობლემის დაძლევის გზებს თუ ხედავდა რობაქიძე, შესაძლებლად მიაჩნდა მისი მოგვარება?
თავისუფლებაზე, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკურ ცნებაზე, არამედ როგორც „საკულტურო პრობლემაზე“ გრიგოლ რობაქიძე წერს რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის მძიმე დღეებში გივი გოლლენდის ფსევდონიმით გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ირაკლი წერეთელი“. ეს კრიტიკული ნაშრომი გახლავთ შეფასება ან რეცენზია, ირაკლი წერეთლის საჯარო ლექციაზე „ომი და რევოლუცია“, რომელიც სახელმწიფო თეატრში გაიმართა. მართალია, რობაქიძე წერეთელს ეთანხმება იმაში, რომ რუსეთის ჯარის დეზორგანიზაცია და ანარქია ქვეყანაში მეფის თვითმპყრობელობის მემკვიდრეობა იყო, მაგრამ მიმდინარე პროცესებში დამნაშავედ მოქმედი პოლიტიკური ძალებიც მიაჩნია. ამავდროულად ის მიუთითებს ერთ ფრიად საყურადღებო მომენტზე: „საუბედუროდ, წერეთელს სხვებთან ერთად ავიწყდება, რომ თავისუფლება არ არის მარტო პოლიტიკური ცნება, – იგი დიდი საკულტურო პრობლემაა.“
იმის საჩვენებლად, თუ რას ნიშნავს თავისუფლება, როგორც „საკულტურო პრობლემა“, პუბლიცისტს მაგალითად მოჰყავს, როგორ მგზავრობენ მოქალაქეები გერმანიაში ტრამვაით, რომელშიც კონდუქტორი არაა, მაგრამ „ყოველი მოქალაქე საჭიროდ სთვლის უწყებული გროში ყუთში ჩააგდოს. სცადეთ ეს რუსეთში და თქვენ დაინახავთ რა მოხდება…“ 100 წელზე მეტი გავიდა ამ სტატიის შექმნიდან და თავისუფლება, როგორც პოლიტიკური ცნება და როგორც „საკულტურო პრობლემა“ კვლავ პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეში.
მისი რომელი წერილებია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა სტატიები, რომლებიც გასული საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში დაიბეჭდა. ეს ნაშრომები ცხადყოფს, თუ როგორი აქტიური ყოფილა პუბლიცისტი გრიგოლ რობაქიძე იმხანად. ჩვენთვის სასიხარულო იყო ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკაში იმ ხუთი სტატიის აღმოჩენა, რომლებიც ბრიუსელის გაზეთში დაბეჭდა რობაქიძემ 1942 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე. ამის შესახებ ის 1947 წელს წერს „გულნადებში“. სამწუხაროდ, ზუსტად არ მიუთითებს ბრიუსელის გაზეთების ნომრებს და ზოგიერთი ნაშრომის სათაურსაც მიახლოებით ამბობს. აღმოჩენილი პუბლიკაციებიდან ორი მარგრეტ შუხარდმა და მე ჩვენს ერთობლივ ნაშრომში „გრიგოლ რობაქიძე (1880-1962). ქართველი მწერალი ორ ენასა და კულტურას შორის“ (აახენი, 2011) დანართის სახით დავბეჭდეთ სხვა უცნობ ნაწარმოებებთან ერთად. ჩემ მიერ შექმნილ ქართულენოვან წიგნში ყველა ეს ნაშრომი საფუძვლიანადაა გამოკვლეული, თარგმნილია ტექსტების ის ნაწილები, რომლებიც ჩემი მონოგრაფიისთვის საჭიროდ მივიჩნიე.
გარდა პუბლიცისტისა, ნაკლებად შესწავლილია გრიგოლ რობაქიძე, როგორც დრამატურგი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში თეატრალური ექსპერიმენტების ეპოქა დაიწყო. კონკრეტულად რა იყო რობაქიძის დრამატურგიაში ნოვატორული და ექსპერიმენტული? რით იქცევს მკვლევრების ყურადღებას?
როცა გრიგოლ რობაქიძის თვითმყოფად დრამატურგიაზე ვლაპარაკობთ, უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ მისი ესთეტიკური პრინციპები, პიესების შექმნის ისტორია და მათი სცენოგრაფია. ბერტოლტ ბრეხტის მსგავსად მას არ შეუქმნია თანმიმდევრული ნაშრომი დრამის თეორიაში, მაგრამ ის ესეები, წერილები თეატრალური რეცენზიები, რომლებიც მან შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე დაწერა, გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ ავტორის დრამატურგიულ პრინციპებზე, რომლებიც არსებითად განსხვავდება მისი წინამორბედი ქართველი დრამატურგების შეხედულებებისაგან და შემოაქვთ ახალი ტენდენციები ქართულ ლიტერატურაში. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, იგი გერმანელი ავტორების მიმდევარი უფროა, რომლებიც ჯერ თეორიულად გაიაზრებდნენ კონკრეტულ ლიტერატურულ საკითხებს და შემდეგ განასხეულებდნენ მათ მხატვრულად. ეს, ცხადია, არაა შემთხვევითი მოვლენა. რობაქიძე ხომ შესანიშნავად იცნობდა გერმანულ განმანათლებლობასა და რომანტიზმს, ნიცშეს დრამის თეორიასა და მის თანამედროვე გერმანელ ავტორებს; ექსპრესიონისტებს: გეორგ კაიზერს, ფრიც ფონ უნრუსა და ფრანც ვერფელს; 1919 წელს თარგმნა ოსკარ უაილდის „სალომე“. გამომდინარე იქიდან, რომ რობაქიძე ფლობდა დიდ ცოდნას დრამის თეორიაში, არ ეშინოდა თეატრალური ექსპერიმენტების, თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან და მხატვრებთან, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, ირაკლი გამრეკელი, კირილ ზდანევიჩი, ლადო გუდიაშვილი. ამიტომაც არაა გასაკვირი „ლონდასა“ და „ლამარას“ უდიდესი წარმატება ქართული თეატრის ისტორიაში.
გრიგოლ რობაქიძის პიესები თავიანთი სტილური თავისებურებებით, არქიტექტონიკით, რიტმით, მუსიკალობით განასხეულებდნენ სიმბოლისტური და ექსპრესიონისტული დრამატურგიის ესთეტიკას და ამკვიდრებდნენ მოდერნიზმის ისეთ ფორმას, რომელშიც ქართულ ფენომენს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მათში იგრძნობა ტექნიკური ცივილიზაციის აჩქარებული ტემპი, ევროპული ცხოვრების არსი, გარეგნული ეფექტი, პირად-ინტიმური და საზოგადოებრივი პრობლემები.
ბელადები გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში – როგორია მის მიერ შექმნილი პორტრეტები? წიგნში ვკითხულობთ, რომ, მაგალითად, ლენინის შემთხვევაში, იგი მოხიბლული იყო და მის ნებისყოფას, ინტელექტსა და ქარიზმას უსვამდა ხაზს. მას აინტერესებდა სტალინის, როგორც “ლეგენდარული ქართველის” ფენომენიც. როგორ ირეკლებიან ისტორიული პირები რობაქიძის ტექსტებში? რით იყო საინტერესო მისთვის პოლიტიკური ფიგურების პორტრეტების შექმნა? აღნიშნავთ, რომ აუცილებლად მიგაჩნიათ ბელადებისადმი მიძღვნილი ესეების კვლევა. არა ლიტერატურის კრიტიკოსთა, არამედ მკითხველების შემთხვევაში, რა ღირებულება აქვს ამ ტექსტებს? რისი ამოკითხვა შეგვიძლია ამ სურათებიდან?
მე ვეთანხმები რაინჰოლდ ჩაკერტს, რომლის აზრითაც, „რობაქიძე ქედს იხრიდა ძლიერი და თვითკმარი პიროვნებების მიმართ“. ამდენად, არაა გასაკვირი, თუ რატომ გადაწყვიტა მან ლენინის, სტალინის, ჰიტლერისა და მუსოლინის პორტრეტების შექმნა. მათგან მხოლოდ სტალინის მხატვრული სახეა აბსოლუტურად ნეგატიური.
როგორც მწერალი არაერთხელ აღნიშნავს, მის უმთავრეს მიზანს პორტრეტების შექმნისას წარმოადგენდა პიროვნების სულიერი სამყაროსა და ხასიათს წვდომა, რაც მჟღავნდებოდა ხმაში, ჟესტებსა და მიმიკაში. გარდა იმისა, რომ პროლეტარიატისა და ნაციონალ-სოციალიზმის ბელადებს რობაქიძემ ესეები მიუძღვნა, ლენინი და სტალინი მის რომანებშიც გვხვდება.
ბელადებისა და ფიურერებთან ერთად ისტორიული პიროვნებანი არაერთგან ირეკლებიან რობაქიძის ნაწარმოებებში. ჩემი აზრით, იმდენად ძლიერია სუბიექტივიზმის ხარისხი ბევრ შემთხვევაში, რომ რობაქიძის მიერ შექმნილი პორტრეტი ძალზე შორდება ისტორიული პიროვნების თუ ბელადის რეალურ სახეს.
სანიმუშოდ საკმარისია გავიხსენოთ „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“, ასევე, ბრიუსელის გაზეთში დაბეჭდილი პუბლიკაციები.
წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე „ლეგენდარული ქართველის“ ̶ სტალინის სახე, რომელიც ლენინთან ერთად ჩნდება „ჩაკლულ სულში“. ამ რომანში სტალინს ეძღვნება ორი თავი: „აკაშას ქრონიკა“ და „სტალინის ჰოროსკოპი“. ეს უკანასკნელი სახელწოდებით „სტალინი, ვითარცა არიმანიული ძალმოსილება“ მან მოგვიანებით მცირეოდენი ცვლილებებით გაიმეორა წიგნში “დემონი და მითოსი”.
სტალინი და სტალინიზმი ერთ-ერთი ცენტრალური თემაა რობაქიძის შემოქმედებაში, რადგან სოციალისტური დიქტატურა აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისთვის.
მკითხველისთვის, ცხადია, საინტერესოა რობაქიძისეული ბელადების პორტრეტები. განსაკუთრებით ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობდა და არსებობს ჰიტლერისა და მუსოლინის პორტრეტებთან დაკავშირებით. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ როგორც იდეური თვალსაზრისით, ასევე მხატვრული ღირებულებითაც, ჰიტლერის სადიდებელი ჰიმნი რობაქიძის ყველაზე წარუმატებელი მცდელობაა. ესეში „მუსოლინი მზიურნიშნული“ არის ფრაგმენტები, რომლებშიც იგრძნობა მწერალი რობაქიძე თავისი ღრმა პოეტური სამყაროთი და არა უმძიმეს პოლიტიკურ სიტუაციებში საკუთარი ნებით თუ უნებლიეთ გახლართული ემიგრანტი საქართველოდან.
გრიგოლ რობაქიძე ავტორია ლიტერატურული ზღაპრისა „ორი ძმა“. გავიმეორებ ტექსტში თქვენ მიერვე დასმულ შეკითხვას – რატომ დაწერა და გამოაქვეყნა მწერალმა მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლიან დღეებში ეს ლიტერატურული ზღაპარი? მკითხველები გრიგოლ რობაქიძეს სხვა კუთხით იცნობენ და ამის გათვალისწინებით, გვეუბნება ეს ტექსტი რამე ახალსა და განსხვავებულს მასზე?
გრიგოლ რობაქიძის ლიტერატურული ზღაპარი „ორი ძმა“ 1942 წელს დაიბეჭდა გერმანიაში, ძალზე პოპულარულ ვესტერმანის ყოველთვიურ ჟურნალში Westermanns Monatshefte. ეს ის დროა, როცა გარდატეხის პერიოდი იწყება მეორე მსოფლიო ომში: საბჭოთა არმია ფართომასშტაბიან შეტევებს იწყებს, მოკავშირეთა ჯარები ზედიზედ იმარჯვებენ სხვადასხვა ფრონტზე, იზრდება ანტიფაშისტური მოძრაობა ევროპის ქვეყნებში. გერმანია იძულებულია, გადავიდეს სტრატეგიულ თავდაცვაზე. რობაქიძე შეგნებულად დუმს. თავი შორს უჭირავს როგორც ნაციონალ-სოციალისტური, ასევე სოციალისტური იდეოლოგიისგან. ის მხოლოდ მის საყვარელ თემებს უტრიალებს: საქართველოს გმირული წარსული, მითოსი, ფოლკლორი. ვფიქრობ, ზღაპრით ორი ძმის შესახებ იგი კვლავ ცდილობს, განერიდოს დიქტატურას, თავი შეიკავოს სიტუაციებისა და მსოფლიო-ისტორიული მოვლენების შეფასებისაგან და მონატრებული სამშობლო გააცნოს გერმანულენოვან მკითხველს, უჩვენოს მას ქართული ლიტერატურისა და კულტურის თვითმყოფადი სახე, რაც იმ მინაწერშიც კარგად ჩანს, რომელიც ავტორმა ზღაპარს დაურთო. მწერალი კვლავ მიანიშნებს მკითხველს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის მძიმე სულიერ და კულტურულ მდგომარეობაზე, რაც დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა თან და რაც დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება ქართველი ხალხისათვის. ზღაპრისთვის მწერალს სპარსული მინიატურები შეურჩევია, რასაც, ესთეტიკურის გარდა, პოლიტიკური, ინტერკულტურული და ლიტერატურული ღირებულებებიც გააჩნია.
ცხადია, „ორი ძმა“ საყურადღებო ტექსტია იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ლიტერატურა არაა მდიდარი ლიტერატურული ზღაპრებით. ჩემი და მარგრეტ შუხარდის ერთობლივი ნაშრომის გამოქვეყნებამდე ჩვენში არავინ იცოდა ამ ზღაპრის არსებობა. მე ის ვთარგმნე ქართულად და 2016 წელს გამოვაქვეყნე ჟურნალში „არავი“.
როგორც აღნიშნავთ, გერმანულენოვან მკითხველს გარკვეული ეჭვები ჰქონდა ჰიტლერისა და მუსოლინისადმი მიძღვნილი ესეების გამო და სცადეთ, ამ ეჭვებისგან გაგეთავისუფლებინათ გრიგოლ რობაქიძე. ქართველ მკითხველს რამდენად სწორი წარმოდგენა აქვს მასზე? როგორია მისი ადგილი ქართულ ლიტერატურაში? გერმანელი და ქართველი მკითხველების დამოკიდებულებას შორის რა ძირითადი განსხვავებები იკვეთება?
ქართველ მკითხველთა ერთ ნაწილს დღემდე აქვს ეჭვი, რომ გრიგოლ რობაქიძე ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი იყო, ზოგს ის ფაშისტი ჰქონია. ისიც კი მსმენია, რომ ემიგრანტ მწერალ ჰიტლერთან ჰქონდა ურთიერთობა. დადასტურებული ფაქტია, რომ რობაქიძეს არასოდეს უნახავს არც ჰიტლერი და არც მუსოლინი და არც ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი ყოფილა. მოწიფულ ასაკში მწერალმა დაუშვა საბედისწერო შეცდომები. ჰიტლერისა და მუსოლინისადმი მიძღვნილი ესეები, ისევე როგორც გერმანელი მწერლებისა და გამომცემლებისათვის დაწერილი „ჩემი განმარტება“ (პირველად დაიბეჭდა წიგნში „გრიგოლ რობაქიძე (1880- 1962). ქართველი მწერალი ორ ენასა და კულტურას შორის“, აახენი 2011) გახდა წინაპირობა იმისა, რომ რობაქიძის ტექსტებს აღარ ბეჭდავდნენ გერმანულენოვან ქვეყნებში. საბჭოთა კავშირში აკრძალული ავტორი გერმანიასა და შვეიცარიაშიც აღარ იყო პატივსაცემი მწერალი.
ცხადია, რობაქიძე, მართალია, როგორც „გულნადებში“ აღნიშნავს, არ ყოფილა „უბრალო გამვლელი“ გერმანიაში. ის ნამდვილად იყო და არის ანგარიშგასაწევი მოაზროვნე ორ ენასა და კულტურას შორის. მისი შეცდომები, ალბათ, განპირობებულია საკუთარი ბედისწერით, რომელსაც, ნებით თუ უნებლიეთ, დაემორჩილა. სამშობლოში უარყოფილი მწერალი გერმანიაში ურთულესი პოლიტიკური მდგომარეობის პერიოდში ეძებდა გზას გადარჩენის, არსებობისა და თვითდამკვიდრებისათვის; ეძებდა ადგილს, რომელიც მისთვის აღარ არსებობდა. ძიებათა გზამ კი უტოპიამდე მიიყვანა. ოკულტიზმით გატაცებული შემოქმედისათვის მითოსი და მითოლოგიური სამყარო საუკეთესო თავშესაფარი აღმოჩნდა.
დღეს ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქაში გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ევროპელ მკვლევართა ვიწრო წრისთვის არის მეტნაკლებად საყურადღებო. გერმანელ მკითხველს კი ნამდვილად არ ხიბლავს არც მისი ტექსტების თემატიკა და ის ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიისათვის დამახასიათებელი ლექსიკა, რომელსაც რობაქიძის ნაწარმოებებში დომინირებს. მაგრამ ქართული ლიტერატურის ისტორიაში გრიგოლ რობაქიძე ნამდვილად არის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავტორი – მოდერნიზმის შემომტანი საქართველოში. მისი ლიტერატურულ-ესთეტიკური პრინციპები არსებითი იმპულსების მიმცემია მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურისთვის. ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ორიგინალური მხატვრული სახეებითა და შთამბეჭდავი ლირიკით გამორჩეული მისი შემოქმედება ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნაწილია.
© არილი