ესე (თარგმანი)

ორჰან ფამუქი – პირადი ისტორია

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

გამუდმებით მეკითხებიან, რატომ ვწერ ისტორიულ რომანებს. გულწრფელად ვაღიარებ: მაწვალებს წარსულთან შერწყმის ჟინი, თუმცა ამის მიზეზს ლოგიკურად ვერ განვმარტავ. მსურს, აღმოვჩნდე სხვა საუკუნეში, სხვაგვარ გარემოში, ერთიანად გავიმსჭვალო გარდასულ დღეთა სურნელით, ჩავწვდე უკვე არარსებული წარმოდგენების არსს, შევიგრძნო ცხოვრების მარტივი, დუნე დინება. უმეტესად, ესაა წარმოსახული ხატები – არა ისტორია, არა დრამა და არც ის, რასაც წარსულის შესწავლას უწოდებენ, არამედ ხატები, რომლებითაც გვნუსხავს ისტორია. ასეთ წუთებში ადამიანის თვალწინ დეტალურად ცოცხლდება წარსული.
შეიძლება ითქვას, რომ ქემალ ათათურქის მიერ დასავლურ იდეალებზე ორიანტირებული სამოქალაქო რეფორმების განხორციელების შემდეგ თურქულ კულტურაში გამოიყო ორი შრე: ევროპული ცივილიზაციის ზეგავლენით აღბეჭდილი მოდერნიზებული კულტურა და, მეორე მხრივ, ოსმალეთის ისლამური ტრადიციები. თანამედროვე რესპუბლიკის ფუძემდებლები გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ ევროპეიზაცია ნიშნავდა წარსულის დავიწყებას. ისინი უხეშად თელავდნენ ოსმალურ კულტურულ ისტორიას, რაც, მათი აზრით, თავისთავად იძლეოდა ქვეყნის მოდერნიზაციის საშუალებას. ამასთან, ფროიდისა არ იყოს, დათრგუნული წარმოდგენები კვლავ ამოტივტივდებიან ხოლმე. ზოგჯერ ვოხუნჯობ, რომ მეც ამგვარად ამოვტივტივდი. ჩემი რომანები მოდერნისტული, ზოგიერთის აზრით კი – პოსტმოდერნისტული, ესე იგი, დასავლური ყაიდის ნაწარმოებებია, მაგრამ მათში თავს იჩენს ოსმალური კულტურა, ისლამური კულტურა.
მინდა, შევეხო მხატვრობის თემას, რადგან შვიდიდან ოცდაერთი წლის ასაკამდე მხატვრის პროფესიაზე ვოცნებობდი. 13-14 წლისას მიტაცებდა ჩვენი ილუსტრატორების ქმნილებათა გადახატვა. როდესაც რომანისტი გავხდი, დავაპირე, დამეწერა წიგნი თურქი მინიატურისტების შესახებ. ეს იდეა, რამდენადმე შეცვლილი სახით, წარმოადგენდა იმ საწყის იმპულსს, რომელმაც მიბიძგა, დამეწერა “მე მქვია რედი” – წიგნი სტამბოლელ მაჰმადიან მხატვარზე. ვინაიდან ისლამური მხატვრობა თითქმის არ არსებობს, ამდენად, ესაა ძალზე ვიწრო თემა.
როდესაც მივხვდი, რომ ჩემი თხზულება ვრცელ წიგნად იქცა, მასში ჩავაქსოვე ფილოსოფიური იდეები, ესთეტიკური იდეები მხატვრობის შესახებ, აღვწერე ხედვისა და ილუსტრირების თანმხლები ტკბობა, ვიმსჯელე იმის შესახებ, რა არის პირველადი – მხატვრობა თუ ლიტერატურა, განვიხილე მისტიკური და ჩვეულებრივი, ადამიანური ხედვის არსი.
ამ წიგნს მით უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ მას საფუძვლად უდევს ჩემი ოჯახის ისტორია. შექურისა და მისი ორი ვაჟის სახეები ავტობიოგრაფიულია. ორჰანის პროტოტიპი მე თვითონ გახლავართ. შევქეთი – ჩემი ძმის სახელია, შექური – დედაჩემისა. წიგნში აღწერილი ეპიზოდის მსგავსად, მამაჩემმა დროებით მიგვატოვა და დედა ცდილობდა, შეგუებოდა მის ახალ მატერიალურ მდგომარეობას, არაფერი დაეკლო ვაჟებისთვის.
ისტორიული ჟანრი ამჟამად მოდაშია. ამიტომ, უმბერტო ეკოს მსგავსად, მივმართე დეტექტიურ გამონაგონს, ზოგიერთ ხერხს კი დავესესხე კალვინოსა და ბორხესს. მაგრამ ნაწარმოების ზოგად ქარგას წარმოქმნის ჩემი პირადი ისტორია. რომანს გატაცებით ვწერდი. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ეს იყო დიალოგი არა მარტო მკითხველთან, არამედ – ჩემს წარსულთანაც, რომელსაც ბევრ შეთხზულ ამბავს ვუმატებდი. შესაძლოა, ნარაციით ტკბობის საფუძველი ისაა, რომ მწერლის პირადი ცხოვრების შენიღბულად გადმოცემის მიუხედავად, ნაწარმოებში აღწერილ ამბებს ავტორის გულწრფელ აღიარებად მივიჩნევთ ხოლმე. ვფიქრობ, ნაწარმოებთა თემების შერჩევისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ვნებები – არა სიბრალული საკუთარი თავის მიმართ, არამედ გულისწყრომა, ეჭვები, სასიყვარულო განცდები.
ყველა მეკითხება, რას ფიქრობს ამ ქმნილების შესახებ ჩემი ძმა – ის ხომ სულაც არაა გამოყვანილი დადებითი პერსონაჟის სახით. მაგრამ მას არ სურს კამათი წიგნის გამო. რომანის ბოლო პარაგრაფი იმგვარად დავწერე, რომ მისთვის პატიების საბაბი მიმეცა – ორჰანი გამუდმებით ცრუობს, ის აზვიადებს დედამისის სილამაზეს და სათანადოდ ვერ აფასებს ძმის ღირსებებს – რა თქმა უნდა, ხუმრობით. შევქეთმა ეს პარაგრაფი გადაიკითხა და მითხრა, დიახ, დიახ, ნამდვილად აზვიადებო. ამის შესახებ მეტად აღარ გვისაუბრია.
ჩემი აზრით, როდესაც მწერალს აწუხებს მტანჯველი განცდები, მან უნდა მოახერხოს მათი აღწერა ძალდაუტანებელი, ხალისიანი მანერით. თუ იუმორით მოეკიდებით საკუთარ ეჭვებს, საკუთარ მრისხანებას, შეძლებთ კარგი ავტობიოგრაფიული ნაწარმოების დაწერას. როდესაც ამ კილოს ერთხელ მიაგნებთ, შემდგომ ხალისი და ფანტაზია არ გიღალატებთ. მაგრამ ამ ტონალობის, მართებული კილოს მიგნება ძალზე ძნელი საქმეა.

© “ლიტერატურა – 24 საათი”

Facebook Comments Box