რეცენზია

დალი კუპრავა

სატკბილეთის ქვეყანა

ირმა მალაციძე, სატკბილეთის ქვეყანა. რედაქტორი მარინე ბედოშვილი, ილუსტრაციები ია გიგოლაშვილისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.

წიგნს დიდ-პატარისათვის თვალში მოსახვედრი ლამაზი ყდა აქვს, ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა მაღაზიაში, თაროსთან მდგარს მომესმა “ეს წიგნი მინდა” და ხელმა “სატკბილეთის ქვეყანა” თაროდან აიღო. დამაინტერესა, მოვბრუნდი და ვკითხე, როგორ შეარჩია მეთქი და ყდითო, მიპასუხა მშობელმა, კითხვა ჯერ არ იცისო.
სილამაზეა ის, რასაც ადამიანი, ყველა ასაკში, გვერდს ვერ აუქცევს.
“სატკბილეთის ქვეყანას” სათაურიც მიმზიდველი აქვს. ისიც კი, ვისაც ტკბილ გემოს მწარე, ან ცხარე ურჩევნია, არ უარყოფს, რომ სიტყვა “ტკბილს” მხოლოდ დადებითი ემოცია აქვს. განსაკუთრებით კი ბავშვისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი ფსიქოლოგიური ტესტია, სადაც ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ბავშვი შეკითხვას ერთნაირად პასუხობს – “ტკბილი” შეიძლება მხოლოდ კარგი იყოს.
მწერლის მიერ დარქმეული ზღაპრის სათაური მკითხველისთვის ყოველთვის განწყობის შემქმნელია და ამ მხრივაც ავტორის “განზრახვაზე” ლაპარაკობს – ეს ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპარია. ხშირად გვითქვამს კარგი საბავშვო წიგნი უფროსებისთვისაც კარგი საკითხავიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში წიგნი საბავშვოა. ბავშვებს კი ყველაფერი თავისი უფრო უყვართ, ვიდრე უფროსებთან გაზიარებული – სხვადასხვა ზომის ხუთი ერთნაირი ნივთიდან ისინი იმას ირჩევენ, რაც მათი ზომისთვის უფრო შესაფერისია. შინაარსითაც ის ამბავი უყვართ, რაც კარგად მთავრდება, მაგრამ მსვლელობა აუცილებლად დაძაბული უნდა იყოს, გაზადაგზა წინააღმდეგობები, საშიშროებები უნდა ჩნდებოდეს, რაც, უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვს კიდევ უფრო უმტკიცებს კეთილი დასასრულის რწმენას და ამბის ბოლოს სურვილი უჩნდება, ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყოო. “სატკბილეთის ქვეყნის” წაკითხვა შვილებისთვის მშობლებს არაერთხელ მოუწევთ, ისევე, როგორც ერთი და იგივე ზღაპრის მრავალჯერ მოყოლა უწევთ.
სატკბილეთის ქვეყნის ამბავი კი მოგვითხრობს ერთი ქვეყნის, სატკბილეთის ცხოვრებაზე, სადაც ობოლი ბიჭები და გოგონები ქუჩის ამარა არ რჩებიან, სადაც მეფე-დედოფალი ისეთი კეთილები და სამართლიანები არიან, რომ ერთადერთი ქალიშვილის არჩევანსაც, ცოლად გაჰყვეს ღარიბ მოხეტიალე მუსიკოსს, სიხარულით იღებენ.
ამ ზღაპარში კეთილი და ბოროტი გამუდმებით უპირისპირდება ერთმანეთს – სამწერეთის მეფე სატკბილეთს ესხმის თავს, ვეზირი არვინგაგვიგოსი მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, აფთიაქარ ალთეუსის ჯადოსნური წამალი მეფე ნესტარ მეორეს და დედოფალ ზაზუს რამდენიმე საათით კეთილ ადამიანებად აქცევს… მუსიკოს ლინოვიოს მეგობრობა და ხელოვნება ეხმარება, რომ ნაღვლიანი მეფის ასულის გული და ხელი მოიპოვოს. ამ ზღაპარში არის ბევრი შიში, ბევრი განსაცდელი, რომელსაც გმირები მკითხველთან ერთად ძლევენ. ზღაპარში სამართლიანობის და უსამართლობის გამუდმებული ჭიდილი სამართლიანობის გამარჯვებით მთავრდება.
ბავშვისთვის იოლად აღსაქმელია ავტორის მიერ სახელების დარქმევის პრინციპი: ვერაგი ვეზირი არვინგაგვიგოსი, ასეთივე ვერაგი დონ კაკტუსო და მისი შვილები სუსხია და ეკლინა, კეთილი დედოფალი მარმელადინა და მეფე კარამელიუსი, კეთილი გოგონა ვარდია, პრინცესა რაფაელა, გადია ფუნთუშინა, რომელიც მსუქანი უკეთილესი გადიაა, ხარაზი ლანჩა, ბიჭუნა ნიგო, რომელიც ნიგვზის, როგორც ტკბილეულის მეტად გაგემრიელების უტყუარი საშუალებაა, ბოროტი მეფე ნესტარ მეორე.
თუმცა მცირე უყურადღებობები ავტორს მაინც გაპარვია, მაგალითად – ამურთუხუცესი ახ-ოხი ბავშვისთვის გაუგებარი, აუხსნელი სახელი იქნება.
ზღაპარი პირველი პირისგან არის მოთხრობილი, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ – იმათაც ვისაც სხვა უკითხავს და იმათაც, ვინც თავად კითხულობს – ჩნდება შეგრძნება, რომ ამბავს თვითმხილველი უამბობს და ამით ამბავი კიდევ უფრო ნამდვილდება. ბავშვებს არ უყვართ, როცა უფროსები ეუბნებიან ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ამბობენ”, “ნათქვამია”, “თურმე” ან “როგორც გვიამბობენ”. ისინი ისეთი რეალისტები არიან, რომ უმალ დაიჯერებენ, დონ კაკტუსო ბოროტი კაცია იმიტომ, რომ ეკლიანი სახელი ჰქვია, აბა ხელი მოჰკიდე კაკტუსს, ნახავ რამდენი ხლაფორთი გექნება. ისიც სჯერათ, რომ გოგონა ვარდიას კარგის მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ვერც ჭიამაია შეძლებს ვინმეს გულის ტკენას, მაგრამ მეფე ნესტარ მეორე კეთილი ძალა რომ არ იქნება, ამის მისახვედრად მისთვის ზღაპრის წაკითხვაც არ ღირს. ამ ზღაპარს ბავშვი იმისთვისაც წაიკითხავს, რომ კიდევ ერთხელ იზეიმოს კეთილისგან ბოროტის ძლევა, სიყვარულის და მეგობრობის გამარჯვება და ახალი სასიცოცხლო ძალით აივსოს.
“სატკბილეთის ქვეყანა” კარგი ზღაპარია, უბრალოდ, ის არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინათ…” და არ მთავრდება “ჭირი იქა ლხინი აქათი” მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საავტორო ზღაპარია.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box