• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ივლისი, 2007)

    დორის ლესინგი

    “ბზარი”

    Doris Lessing

    “The Cleft”260გვ, Fourth Estate


    სადღაც, ოდესღაც, ზღვის პირას სახლობდნენ ქმნილებები, რომლებიც მდედრობითი სქესის უჩვეულო, უცნაურ არსებებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცერთი არ იყო მამრი, მათ ბავშვები უჩნდებოდათ – პართეროგენეზის პრინციპით მრავლდებოდნენ. აჩენდნენ ბავშვებს, აწოვებდნენ ძუძუს, ხანდახან ახალგაზრდა მდედრს მაღალი კლდიდან აგდებდნენ – მსხვერპლშეწირვის მიზნით… ერთი სიტყვით, არაფერი აღელვებდათ და მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. თუმცა, მათი სიმშვიდე დაირღვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ მდედრს მეტად უცნაური ახალშობილი გაუჩნდა – პატარას სხეულზე ის დეტალი ჰქონდა, რომელიც აქამდე მათს შორის არავის ენახა… ამბავი რომაული სამყაროს ერთ-ერთი მისტიური მანუსკრიპტიდანაა, „ბზარი“ კი ამ ამბის დორის ლესინგისეული ინტერპრეტაციაა, შიგადაშიგ ავტორის კომენტარებითა და მოკრძალებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით.

    ჰარუკი მურაკამი

    “სიბნელის შემდეგ”

    Haruki Murakami

    “After Dark”

    191გვ, Harvill.

    იმისთვის, რომ ღამე ჩვეულებრივი და მოსაწყენი არ გახდეს, მას მოჯადოება სჭირდება. ტოკიოს სადღეღამისო კაფეებისა და სიყვარულისათვის განკუთვნილი სასტუმროების ნოქტურნული ატმოსფერო – ეს უკვე ის მისტიკაა, რომლითაც ღამეული სიბნელე იქით გაჯადოებს. “შუაღამით დრო თავისი განსაზღვრული სტილით მიედინება. მას ვერ შეებრძოლები”, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი პატარა და მყუდრო ჯაზ-ბარის მენეჯერი, რომლის უკანაც, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და თვით ჰარუკი მურაკამის აჩრდილი არ შენიშნო. “სიბნელის შემდეგ” – ეს ის რომანია, რომლითაც მწერალი ღამესთან შიშისმომგვრელ მეტაფიზიკურ ნაძლევს დებს, და რომელსაც ჰარუკი მურაკამის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდით.

    დონ დელილო

    “კაცი, რომელიც ვარდება”

    Don DeLillo

    “Falling Man”246გვ, Picador






    გავრცელებული მოსაზრებით, ხელოვანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერთან და შემოქმედებითი პროცესის დროს საკმაოდ ხშირადაც მიმართავენ მას. თუმცა, ის, რაც დონ დელილომ შეძლო, მხოლოდ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გათვლები არ არის – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე თავდასხმების წინასწარ აღწერას თავისუფლად შეიძლება, წინასწარმეტყველებაც ვუწოდოთ. “კაცი, რომელიც ვარდება” 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე გვიამბობს; მაშინ, როცა ხალხმა ამ თავდასხმების შესახებ გაიგო, პირველი სახელი, რაც გონებაში ამოტივტივდა, დელილო იყო. თავად მწერალი კი, შეკითხვაზე, თუ როგორ გაართვა ასეთი შინაარსის წიგნის დაწერას თავი, მშვიდად პასუხობს: “როგორ და, ძალიან მოკრძალებულად.”

    პოლ ოსტერი

    ლექსების კრებული

    Paul Auster

    Collected Poems

    208გვ, Faber.


    პოლ ოსტერმა მკითხველის ყურადღება პირველად 80-იან წლებში, თავისი მისტიური დეტექტივებით, “ნიუ იორკის ტრილოგიით”, მიიქცია. ახლა კი მისი ლექსების კრებულიც გამოვიდა, რომელშიც 1967 წლიდან დღემდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც უკვე ოსტერის რომანებს იცნობს, მისი ლექსების წაკითხვისას მწერლის ლიტერატურული წარმოსახვის განვითარების შესახებ დასკვნების გამოტანას მოისურვებენ, და შეიძლება, უკვე ფიქრობენ კიდეც, რომ მის პოეტურ ნაწარმოებებში ოსტერის, როგორც რომანისტის, ხელწერას შენიშნავენ, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლექსებში მინიმალური დოზითაა ნარატივი. პირიქით – ოსტერის პოეზია ევროპული რომანტიზმის მოდელის გავლენას განიცდის.

    ვოლე შოიინკა

    “ამოთქვი მზის ამოსვლისას. მემუარები.”

    Wole Soyinka

    “You Must Set Forth at Dawn: A Memoir”

    626გვ, Methuen, in association with Bookcraft.


    ერთ-ერთი აფრიკული სიბრძნის მიხედვით, როდესაც ადამიანი უფროსის სტატუსს უახლოვდება, ის ბრძოლაში ჩართვისაგან თავს იკავებს. ვოლე შოიინკა კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაჭაღარავებული თმა და თეთრი წვერი სხვა აფრიკელი ასაკოვანი მწერლებისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ჯერაც არ აპირებს კალმის დადებას. მის წიგნს ახლა უკვე მემუარების სახე აქვს და შიგ ნობელიანტი მწერლის შემოქმედებითი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებია თავმოყრილი. “იყო დრო, როცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ნიგერია, როგორც პოლიტიკური ერთეული, დღეს კიდევ იარსებებდა”, – აღნიშნავს შოიინკა თავისი მემუარების დასაწყისში. იგი სწორედ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ათასებისა და ათიათასების ვარაუდი ნიგერიის არსებობა-არარსებობის შესახებ არ გამართლდა. როგორი იყო გზა სახელმწიფოებრიობამდე, როგორ ემატებოდა ნიგერიას სასიცოცხლო ძალები – ამ ყველაფერს ვოლე შოიინკა თავის ახალ წიგნში გვიყვება.

    ა.დ. ნათალი

    “შექსპირი – მოაზროვნე”

    AD Nuttall

    “Shakespeare the Thinker”

    448გვ, Yale






    მაშინ, როცა ახალ ლიტერატურულ კრიტიკაში შექსპირის ხელოვნების ნაკლებ სიღრმისეულად მიჩნევის ტენდენციები შიემჩნევა; როცა თანდათან მყარდება შეხედულებები, რომ შექსპირი თავისი დროის კლიშეებით წერდა და ამას თან მისი რასიზმი, სექსუალურ უმცირესობაში ყოფნისგან გაჩენილი ფსიქოლოგიური დარღვევები ემატებოდა, ნათალი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს – პროფესორის კვლევის ობიექტი გაცილებით უფრო განათლებული, სიღრმისეულად მოაზროვნე და ტოლერანტი იყო, ვიდრე მისი 21-ე საუკუნის მკითხველები არიან. ნათალის კვლევა შექსპირის შემოქმედების ინტელექტუალურობაზე მისი საკმაოდ წარმატებული კარიერის დამაგვირგვინებელია. იგი უკვე არაერთი ნაშრომის ავტორია შექსპირის შესახებ.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    მაგდა კალანდაძე

    დაგერხათ, ღორებო!

    დი ბი სი პიერი, “ვერნონ გენიოს ლითლი”, რომანი, მთარგმნელი ქეთი ქანთარია. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.


    სანამ 2003 წლის “ბუკერის” ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი-სამი დღით ადრე პრესამ ერთ-ერთი ნომინანტის, დიბისი პიერის, არც თუ ისე სახარბიელო წარსული გამოააშკარავა – მექსიკაში დასახლებული ავსტრალიელის ბიოგრაფია ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა ათასი დანაშაულებრივი ფაქტით იყო დატვირთული. თუმცა, თავად ავტორს არასდროს უცდია საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვა – პირიქით, მისი ფსევდინიმი (ნამვილი სახელია პიტერ უორენ ფინლეი) სწორედ განვლილი ცხოვრების აბრევიატურაა – DBC – Dirty But Clean (“ბინძური, მაგრამ სუფთა”). ზემოთაღნიშნული ფაქტორის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ “ვერნონ გენიოს ლითლი” დიბისი პიერის სადებიუტო რომანია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება – ბუკერის პრემია – 50 ათასი ფუნტი სტერლინგი – საკმაოდ “არაელიტურ” ავტორს არგუნეს. საინტერესოა, რითი მოხიბლა დებიუტანტი მწერლის რომანმა საკმაოდ პრესტიჟული პრემიის კონსერვატიული ჟიური – ბუკერი ხომ ჰუმანიტარული დახმარება არაა, დიბისი პიერისთვის ვალების გასასტუმრებლად გადაეცათ ამხელა თანხა.
    “ვერნონ გენიოს ლითლის” მოქმედება ტეხასში ხდება – ფასტფუდებით, ბარბექიუებითა და ტომატის სოუსით გაჟღენთილ ამერიკის ერთ-ერთ შტატში. მთავარი მოქმედი პირი 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია, რომელსაც თანაკლასელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა ბრალდება. სასამართლოს ეჭვმიტანილი ჰყავს და საქმეს იძიებს, თუმცა, მართლმსაჯულება ერთადერთი არაა, ვინც ვერნონითაა დაინტერესებული – საქმეში ტელევიზია ერთვება. მასმედიის ინტერესებში მხოლოდ ერთი რამ შედის – როგორმე რეალურ შოუდ აქციოს გამოძიების პროცესი, ჟურნალისტები და შოუმენები ძალღონეს არ იშურებენ, კიდევ უფრო ჩახლართული გახადონ ვერნონის საქმე და მეტი ინტრიგა შემატონ მას. მკითხველმა რომანის დასაწყისშივე იცის, რომ ლითლი უდანაშაულოა, თუმცა, მართლმსაჯულება და სენსაციებზე მონადირე ტელევიზია ყველანაირად ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანონ ბიჭი. დიბისი პიერი ცინიზმსა და სარკაზმს არ იშურებს ამერიკელების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად – ვერნონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ, ატყუებენ, მშობელი დედიდან დაწყებული, საყვარელი გოგოთი დამთავრებული, ყველა სარგებლის ნახვას და გამორჩენას ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის სატირა ქვეყანაზე, სადაც ადამიანებისთვის მთავარია სანახაობა, დროის გაყვანა, კარგი კვება და უახლესი საოჯახო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს -კოკა-კოლას, ჰამბურგერების, სატელევიზიო შოუებისა და ახალნაყიდი ტანსაცმლის ენაზე – ადამიანებს შორის მაინც სრული დისონანსი და გაუგებრობაა. ამის ყველაზე ნათელ და სასტიკ მაგალითად მწერალს რომანის მთავარი მოვლენა გამოჰყავს: მკვლელობის მიზეზი ჰომოფობური გამოხდომაა – მოზარდის სექსუალური ორიენტაცია დაცინვის საგანი ხდება. დიბისი პიერის მიერ აღწერილ საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანს არა თუ არ იღებენ და ზურგს აქცევენ, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ, მოიშორონ, უკეთეს შემთხვევაში – რეალური შოუს გმირად აქციონ და როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს, ისე, შორიდან უყურონ.
    რამდენადაც მძიმე და დამთრგუნველია თემატიკა, იმდენად მსუბუქი და ლაღია მწერლის ენა და თხრობის სტილი. 15 წლის გაუნათლებელი ბიჭისთვის დამახასიათებელი ჟარგონული ლექსიკითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი წიგნის ყოველ გვერდზე უფრო და უფრო ითრევს მკითხველს. თავად ვერნონ ლითლი კი მთხრობელი უფროა, ვიდრე მთავარი გმირი – ერთადერთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ მსხვერპლის როლში გვევლინება. რომანის პერსონაჟები ერთ მთლიან გროტესკულ სახეს ქმნიან, სათითაოდ კი მოკლებულები არიან ყოველგვარ ინდივიდუალობას, ყველა იმ შტრიხს, რომელიც მათს ადამიანურობას აგრძნობინებს მკითხველს. ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მწერალს პერსონაჟის შექმნის უუნარობაში დავდოთ ბრალი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერნონიც და მის გარშემო მოფუსფუსე “კეთილისმსურველებიც” მხოლოდ ფონია იმისათვის, რომ მთავარი გმირები გამოიკვეთონ: პირსისხლიანი მართლმსაჯულება, ადამიანის უბედურებაზე აწყობილი ბიზნესი – რეალური ტელეშოუ და ფასტფუდების ცხიმში გახვეული, ტომატის სოუსით შეღებილი ამერიკა. ეს ის პერსონაჟებია, რომლებსაც ავტორი სარკაზმისა და ირონიის მკვეთრ ფერებში გვიხატავს და რომლებიც არა მარტო ამ რომანის, არამედ თანამედროვეობის ნამდვილი “გმირები” არიან. დიბისი პიერი კი თანამედროვეობის მწერალია – მან ზუსტად იცის, რას ამბობს, რისი თქმაა დღეს საჭირო და რას მოითხოვს მისგან მკითხველი. იცოდე, რა სურთ და რას ელოდებიან შენგან – ეს უკვე ნახევარი გამარჯვებაა. იმარჯვებს სიკვდილმისჯილი ვერნონ ლითლიც, რომელიც ერთი გამოცდილი მკვლელისა და რეციდივისტის უკანასკნელი დარიგების მიხედვით მოქმედებს: “მიეცი ხალხს ის, რაც სურს, გაიგე მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე – შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ”, – ეს გადარჩენისა და გამარჯვების რეცეპტია, რომელიც დიბისი პიერმა მკითხველს გაანდო, რომლის მიხედვითაც მისი სამწერლო დებიუტი შედგა… და რამდენიც არ უნდა უძახოს მისმა პერსონაჟმა მთელს მსოფლიოს, ღორებო, დაგერხათო, ავტორი კარგად ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან “ღორები” მოითხოვენ და რისთვისაც იგივე “ღორები” ”ბუკერის” პრესტიჟულ პრემიას არიგებენ.

    © ”ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ივლისი, 2007)



    ბესიკ ხარანაული, “100 ლექსი”, ლექსები, შემდგენელი ნინო ყულოშვილი, თბ, 2007, “ინტელექტი”.

    მარტოობის ხავსით დაფარული წმინდა გიორგი, ფშაური მზის ნაბიჯები ქართლის გზაზე, ბავშვებივით უმანკო დღეები, თიხისფერი ქალიშვილის ოცნებები და სურათები – მაწანწალა ძაღლის გზაზე, თაფლიანი ქილის, მთას მიმავალი ბერის… სურათები, რომლებსაც თვალნათლივ ხედავ ბესიკ ხარანაულის ლექსების კითხვისას – თითქოს ფერწერული ტილო გედოს წინ. ლექსების ახალი კრებული პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახარებს საყვარელი ავტორის, ქართული თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პოეტის ნაწარმოებებით. წიგნში ბესიკ ხარანაულის სხვადასხვა დროს დაწერილი 100 ლექსია თავმოყრილი.

    ვახუშტი კოტეტიშვილი, “ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი” (ბილინგვა), ლექსები, რედაქტორი ევგენია ზახაროვა, თბ, 2006.


    XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი კულტურული სიმდიდრე, რუსული ლიტერატურის ახალი აღზევების ხანა და სიმბოლისტების მიერ დაწყებული ესთეტიური გადატრიალება – ეპოქა, რომელმაც ლიტერატურის ისტორიაში “ვერცხლის საუკუნის” სახელით დაიმკვიდრა ადგილი. სწორედ ამ ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლებია თავმოყრილი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულშიც – ინოკენტი ანენსკი, მაქსიმილიან ვოლოშინი, ნიკოლაი გუმილიოვი, ოსიპ მანდელშტამი, ველიმირ ხლებნიკოვი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა – პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც თამამად შეიძლება რუსული პოეზიის რენესანსი ვუწოდოთ. “ვერცხლის საუკუნის” პოეზიის გარდა, კრებულში შესულია იოსიფ ბროდსკის რამდენიმე ლექსის თარგმანი. წიგნი ორენოვანია, რაც ლიტერატურის მოყვარულებს არა მარტო ვახუშტისეული თარგმანის, არამედ ლექსების ორიგინალში კიდევ ერთხელ წაიკითხვის საშუალებას მისცემს.

    ჰერმან ჰესე, “დამსვენებელი”, მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი, თბ, 2007, “ინტელექტი”.

    ალბათ, ხშირად გითამაშიათ მარგალიტებით, მაგიური თეატრის მაყურებელიც ყოფილხართ, ველოსიპედის ბორბლების ქვეშაც მოხვედრილხართ და იდუმალი ფრინველის – აბრაქსასის დაბადებაც არაერთხელ დაგსიზმრებიათ… ახლა კი დროა, ცოტა ხნით სახსრები აიტკიოთ და მსუბუქი იშიასის დიაგნოზით ბალნეოლოგიურ კურორტს მიაკითხოთ – “დამსვენებელი – ჩანაწერები ჩემი ბადენში მკურნალობის თაობაზე” – ჰერმან ჰესეს დაუვიწყარი მოთხრობის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ მიაბრუნებს მკითხველს იმ სამყაროში, რომელსაც “ჰესეს სამყარო” ჰქვია. წიგნში ნობელიანტი ავტორის რამდენიმე მხიარული ზღაპარიცაა შესული, ასევე გაეცნობით მის დამოკიდებულებას მუსიკისადმი და შეიტყობთ მიზეზს, თუ რატომ ვერ ესტუმრა მწერალი შვედეთის აკადემიას, როცა მას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟიული ლიტერატურული პრემია მიანიჭეს.

    ბორის ვიანი, “წითელი ბალახი”, რომანი, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, რედაქტორები ანა ჭაბაშვილი და ლალი ქადაგიძე, თბ, 2007, “დიოგენე”.

    ორივეს ქერა, გრძელი თმა აქვს, ვიწრო წელი, სრულყოფილი ფეხები და ლამაზი მხრები. მათ გვერდით საყვარელი მამაკაცები არიან, რომლებთან ერთადაც ბედნიერად გრძნობენ თავს… მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ, თურმე, აღარ უნდათ სერიოზული კაცები, მობეზრდათ უფულოები, დაიღალნენ სიყვარულით და უკვირთ, საერთოდაც, როგორ ძლებდნენ ისეთი არსებების გვერდით, როგორებიც კაცები არიან. ერთი სიტყვით, ქალები, როგორც ყოველთვის – მსხვერპლის როლში… თუმცა, ეს როლი უფერულდება და დამაჯერებლობას კარგავს, როცა ნამდვილი მსხვერპლი გვყავს სახეზე… იქნებ “წითელი ბალახის” წაკითხვის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ ქალები, რომ მამაკაცი ფულის საჭრელი მანქანისა და სექსუალური პარტნიორის გარდა, შეიძლება ადამიანიც იყოს, თავისი სისუსტეებითა და უცნაურობებით, რომელსაც ხანდახან ფულის მხარჯველისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლის გარდა, ასევე ადამიანი სჭირდება.

    ალექსანდრე დიუმა, “ჯადოსნური ზღაპრები”, მთარგმნელები: თამარ ხოსრუაშვილი, ნატა ბალავაძე, თბ, 2007, “აგორა”.

    გაფრთხილება პატარებს: თუ შემთხვევით ჯადოსნურ ჯოხს ან ნატვრისთვალს იპოვით, კარგად დაფიქრდით, სანამ სურვილის ასრულებას სთხოვთ მას… ან თუ ამპარტავნება და სუსტის დაჩაგვრის სურვილი შემოგიტევთ, გაიხსენეთ, რომ თქვენზე ძლიერებიც არსებობენ… წინააღმდეგ შემთხვევაში, უქნარა, ჯიუტი პიერისა და კეგლის მეფის, ხარატი გოტლიბის ბედი გელით. ალექსანდრე დიუმას “ჯადოსნური ზღაპრები” ბავშვებს მცონარობის, სიზარმაცისა და ამპარტავნების დამარცხებას ასწავლის; საინტერესო, მხიარული ამბები და მათი უცნაური პერსონაჟები სიკეთესა და სათნოებაზე გვიამბობენ. ზღაპრებს თან ახლავს სახალისო ილუსტრაციები, რაც წაკითხულის უკეთ აღქმაში დაეხმარებათ პატარებს.

    ფაჰრეთინ ჩილოღლუ (ფარნა ჭილაძე), “სასაზღვრო ფიქრები”, მთარგმნელები ლელა დადიანი, ნანა კაჭარავა, მირიან მახარაძე, რედაქტორი ლია ჩლაიძე, თბ, 2006, “არტანუჯი”.


    მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ქართველთა დიდი რაოდენობა გადასახლდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ქართულ სოფლებს ქმნიდნენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ეროვნულობას ინარჩუნებდნენ. სწორედ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია ფაჰრეთინ ჩილოღლუც, რომელსაც თურქეთის ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც პოეტს, პროზაიკოსს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს. იგი არაერთი წიგნის ავტორია საქართველოს ისტორიის, ქართული სოფლების, ხალხისა და ენის შესახებ. “სასაზღვრო ფიქრები” კი მოთხრობებისა და ლექსების კრებულია, რომელიც თურქულიდან ითარგმნა და ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, მშობლიურ ენაზე გაიცნოს ამ საკმაოდ საინტერესო ავტორის შემოქმედება.

    © ”ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    დავით პაიჭაძე

    მთხრობელი და ავტორი

    მიხეილ ჭაბაშვილი, მოგონებები. თბ. “დიოგენე”, 2006.

    ცდუნება მაქვს, მიხეილ ჭაბაშვილის “მოგონებებზე” კი არ ვილაპარაკო, არამედ მოკლე წინასწარი კომენტარი წავუმძღვარო ციტატებს წიგნიდან და მათ ამარა დაგტოვოთ: სავსებით საკმარისი იქნება ტექსტთან მისაახლოვებლად და მასზე წარმოდგენის შესაქმნელად.
    მიხეილ ჭაბაშვილის, როგორც ავტორის, სახელი დღემდე არც ერთ წიგნს არ ეწერა, თუმცა, მჯერა, ყველა წიგნიერი ქართველი იცნობს ამ სახელს: უცხო სიტყვათა ჯერჯერობით ერთადერთ ქართულ ლექსიკონს აწერია, რომ შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულს აწერია, რომ მისი რედაქტორია მიხეილ ჭაბაშვილი. იგივე აწერია საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელებისა და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონებს. მოკლედ, ჩვენ წინაშეა მეცნიერის მემუარები.
    მემუარული ჟანრის ამბავი ცნობილია: ავტორი აღწერს ფაქტებს, გადმოსცემს მოვლენებს, გასცქერის წარსულს, მსჯელობს უშუალოდ. ის აუცილებლად სუბიექტურია – როგორც ფაქტების შერჩევის, ისე მათი გაშუქება-შეფასების დროს. მემუარები შეუცვლელი წყაროა გარდასულ დროთა რეალიების შესაცნობად – რა გემოვნება, ზნე-ჩვეულებები, ღირებულებები ჰქონდათ იმ დროს, რომელსაც ავტორი იხსენებს.
    თითქოს ბევრი მოწმობა არსებობს იმ დროისა, რომელშიც მიხეილ ჭაბაშვილმა იცხოვრა, მაგრამ “მოგონებები”, გეჩვენებათ, რომ აცოცხლებს უნიკალურ ამბებს XX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან. ამ ისტორიის წყაროები დევს, მაგრამ მკვლევრები მათთან მიახლებას არ ჩქარობენ. არავინ იკვლევს, მაგალითად, ქართულ საბჭოთა პრესას, არადა, ალბათ იქიდანაც “ამოვა” ბევრი რამ, რასაც მიხეილ ჭაბაშვილთან წაიკითხავთ. არამკვლევრებს კი, ვისაც მეცნიერული ინტერესის ნაცვლად, აქვს სურვილი, შეისეირნოს 50, 60, 80 წლის წინანდელ ეპოქაში, მიხეილ ჭაბაშვილის წიგნი მშვენიერ გიდობას გაუწევს. აბა, ეს ნახეთ: “ქვეყნის მამებმა” იდეოლოგიური მოსაზრებებით 20-ან-30-ანი წლების მიჯნაზე ერთი არევ-დარევა კიდევ გამოიწვიეს მოსახლეობაში. აიღეს და გააუქმეს… შვიდდღიანი კვირა. მის ნაცვლად ჯერ შემოიღეს ხუთდღიანი, ე.წ. უწყვეტი საწარმოო კვირა (დღეებს ერქვა პირველი, მეორე და ა.შ. ყველა ისვენებდა ხუთ დღეში ერთხელ, მაგრამ არა ერთდროულად. ტაბელ-კალენდრებიც კი გამოუშვეს, რომლებზედაც კომუნისტური კვირის დღეები გაფერადებული იყო სხვადასხვანაირად. გაიგონებდით ასეთ საუბარს: “მე წითელზე ვისვენებ, ჩემი ქმარი – მწვანეზე”, “მე ყვითელზე” – შეეპასუხებოდა მეორე”.
    ადრეული კომუნიზმის სვლებს, რაც ახლა აბსურდად ან დანაშაულად მოჩანს, მილიონები ლოიალურად ხვდებოდნენ. მიხეილ ჭაბაშვილის კითხვისას გაქვთ განცდა, რომ მას ყოველთვის ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებისადმი, უფრო ზუსტად, ყოველთვის ხვდებოდა და იცოდა, ვინ იყო ეს ხალხი. მიხეილ ჭაბაშვილი არც დისიდენტია და არც შინაგანი ემიგრანტი, არც, მით უმეტეს, ტრიბუნი ან სამზარეულოში მობუზღუნე ინტელიგენტი. კლასობრივი წარმოშობის თვალსაზრისით, მუშისა და ღატაკი აზნაურიშვილის ვაჟი, იდეალური მასალა უნდა გამხდარიყო საბჭოთა მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემთვის გამოცანად დარჩა, სვანეთის უბანში, ღარიბი მუშებისა და ხელოსნების გარემოში გაზრდილმა ბიჭმა რანაირად შეაგება სინამდვილეს ის ფსიქოლოგიური არისტოკრატიზმი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა დისტანცია კომუნისტურ მეინსტრიმთან. ღირსება და ჩუმი ნაღველი დაჰყვება მიხეილ ჭაბაშვილის ნაწერს მაშინაც, როცა ყმაწვილობის სახალისო ამბებს იხსენებს. და არა იმიტომ, რომ სიჭაბუკის ნოსტალგია აქვს. ნაწერის მიხედვით, ის ასეთი – მშვიდი, ნაღვლიანი და ღირსეული – ჩანს სიჭაბუკეშიც.
    დიახ, ჩანს, რადგან საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს. მემუარული ლიტერატურა გულისხმობს ერთ ილუზიას, თუ გნებავთ სტერეოტიპს, თითქოს მისი ავტორი, როგორც ადამიანი საერთოდ, ყველაზე უკეთ იცნობს საკუთარ თავს და შესაბამისად, ყველაზე უკეთ შეიძლება ილაპარაკოს საკუთარ თავზე. და თუ მიხეილ ჭაბაშვილი ამას არ აკეთებს, არა მხოლოდ თავმდაბლობის გამო: ცოდნა საკუთარი თავის შესახებ უნიკალურია იმითაც, რომ მას ვერავის გადასცემ. ერთი ამბავია, იცოდე და სრულიად სხვაა – მოჰყვე. ორი რამ – მთხრობელის იდენტობა და წიგნის ავტორი, როგორც საზოგადოებრივი ფიგურა – ერთმანეთს ძნელად უთავსდება და მიხეილ ჭაბაშვილს, მგონი, ეს გამოსდის. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას შეუძლია, ინტერესით შეხედოს საკუთარ თავს და ჩვენც დაგვანახოს იგი – ძალდაუტანებლად, ნარცისული თვითტკბობისა თუ პირიქით, მაზოხისტური თვითდამდაბლების გარეშე. პარადოქსია, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანთ თუნდ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანის სახელს, უბრალოდ, არ გიმხელთ: “მოგონებების” ავტორი მაინც საბჭოთა ეპოქის შვილია.
    მიხეილ ჭაბაშვილმა რომ იცხოვრა, იმ დროს სკოლის მასწავლებლები მოწაფეებს თავში ცარცს ესროდნენ და იდიოტებს უძახდნენ; ბავშვები სიღატაკისგან კვდებოდნენ; ცხენოსნები სისწრაფეში კახეთის მატარებელს ეჯიბრებოდნენ; უნივერსიტეტის მედროვე სტუდენტებს რექტორი გვერდზე გაყავდათ და საქმეს ურჩევდნენ. Бей грузин! – რუსი გენერლები სტადიონზე მოუწოდებდნენ დანარჩენ რუსებს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ერთ რამედ ღირს თბილისთან დაკავშირებული მოგონებების კითხვა. ასეთი თბილისი არსად არის დაცული: არც ფოტოებზე, არც ქართულ კინოში და არც იმ დროის ქართულ ლიტერატურაში.
    მკითხველი ვერ ჩაიჭერს მომენტს, თუ როდის გაუღვივდა მიხეილ ჭაბაშვილს ფილოლოგის და ლექსიკოგრაფის ვნება: ბავშვობაში, ქართლში, სოფლად ყოფნისას, თანატოლმა ჩათლახი რომ დაუძახა და გულზე 30 წლის შემდეგ მოეშვა, როცა აღმოაჩინა – ქართლურად, თბილისურისგან განსხვავებით, ეს სიტყვა სუსტსა და უხეიროს ნიშნავს; თუ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როცა არნოლდ ჩიქობავამ (მოგონებების მთავარი პერსონაჟი, მონუმენტური და ავტორიტარული ფიგურა, ასკეტი და უმაღლესი რანგის პროფესიონალი) მიიწვია მიხეილ ჭაბაშვილი ლექსიკონზე სამუშაოდ; ან ეგებ ყმაწვილობაში, როცა გარემომცველ სიღარიბეს უწვრილეს დეტალებამდე ამჩნევდა. ვის, თუ არა სიღარიბეში ასეთი მრავალფეროვნების დამნახავ კაცს, უნდა შეეკრიბა ათასობით ქართული სიტყვა და ერედაქტორა რამდენიმე ქართული ლექსიკონისათვის?

    © “ცხელი შოკოლადი”

  • პროზა

    ზემხა (გურამ მეგრელიშვილი)

    მწერალი

    პირველი ეტაპი: როგორ დაიწყო ყოველივე

    მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: – ამ ცხოვრების დედა… რა გინდა აკეთოს კაცმა… ფუ, ეს ქვეყანა… დავიღალე… იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი… ყველაფერმა აზრი დაკარგა… აღარ მაინტერესებს… და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.
    მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: – მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტა?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.
    ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრა-ღა მქონდა – მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:

    მეორე ეტაპი: რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:

    “როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!”

    სიმართლე გითხრათ, იმდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.

    მესამე ეტაპი: ყველაზე სოციალური ამბავი

    მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ – საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.
    – ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!
    – შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.
    – ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.
    – ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!
    – ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!
    – ხუთი წუთიც, რა!
    – ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.
    თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და:
    – მოდი, ჩემო კნუტო!
    – წადი რა, ამაგდე და ახლა?
    – მოდი, რა!
    – არა!
    – მოდი, თორემ თუ ავდექი, უარესია!
    – კარგი ერთი!
    მე წამოვხტი და ხელები შემოვხვიე. ის დამისხლტა და საწოლზე შეხტა. გამოვეკიდე და ოთახში სირბილი დავიწყეთ. თიკო წიოდა და გამირბოდა. ხან ბალიშებს ვესროდი, ხან ტანსაცმელს და ამაზე უფრო ხალისობდა. ხმაურზე დედაჩემმა შემოაღო კარი და როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, უკან გავიდა სიცილით, თქვე გიჟებოო.
    თიკოს შერცხვა და კარგი, გავჩერდეთ, სირცხვილიაო. დრო ვიხელთე და მაგრად მოვეხვიე. ის მომყვა და კისერზე ჩამომეკიდა, მერე კი უცბად გაიცინა და გამისხლტა, თუმცა ხელის გაწვდენა მაინც მოვასწარი და ბიუსჰალტერი შემრჩა ხელთ.
    – ვაი!
    – ე, რა მოუვიდა, ტო?
    – რა მხეცი ხარ, რა!
    – ძალით ხო არ მინდოდა შე ჩემა?
    – მანახე, ძაან გაფუჭდა? აუფ, ეს აღარც გაკეთდება.
    – არ გაკეთდება და ნუ გაკეთდება, მაგის დედაც, გადავაგდოთ!
    – კი, მაგრამ ლიასთან რა ჩავიცვა დღეს?
    – სხვა არა გაქვს?
    – არ იცი, რომ არა მაქვს?
    – ისე წამოდი.
    – როგორ ისე, ულიფოდ?
    – მერე რა?
    – ვერა ხარ, რა!
    – მაშინ უთხარი დედაჩემს და ახლის ფულს მოგცემს.
    – ოო, მე ვერ ვეტყვი, თან როდის-ღა მოვასწრო ყიდვა?
    – რა უნდა, გოგო, ჩაირბენ და იყიდი.
    – მე ფულს ვერ ვთხოვ დედაშენს!
    – …
    – შენ უთხარი!
    – მე რა უნდა ვუთხრა?
    – უთხარი, რა!
    – რა ვუთხრა, თიკოს ლიფისთვის ფული მომეცი-მეთქი?
    – მაშინ მამაშენს გამოართვი.
    – როდის ის მოვა!
    – მაშინ ვინმესგან ისესხე; აბა, რა ვქნა, დათო, არ წამოვიდე?
    – ვინ ვინმესგან ვისესხო?
    – სეგოს გამოართვი.
    – ოცდაათი ლარი ისედაც ვალი მაქვს, მეტს ვეღარ ვთხოვ.
    – რაღას მეჭიდავებოდი?!
    – …
    (პაუზა)
    – დედაშენს რომ დაურეკო?
    – ოო, მე ვერ დავურეკავ დედას ფული მინდა-მეთქი.
    – აბა, რა გიყო?
    თიკომ ხმა აღარ გამცა, ოთახიდან გავიდა და სარეცხის რეცხვა დაიწყო, მე კი მივხვდი, რომ სამუშაოს შოვნის დრო იყო და:

    მეოთხე ეტაპი: ყველაზე უფრო სოციალური ამბის გაგრძელება

    უფასო განცხადებების გაზეთში გამოვაქვეყნე შემდეგი ტექსტი:
    “ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერალი ეძებს სამუშაოს, შესაბამისი ანაზღაურებით. ტ: 722514”
    დაახლოებით მესამე დღეს დამირეკა ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა და შემომთავაზა სამუშაო საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. შეხვედრა დავთქვით და წავედი.
    ისეთი თბილი ქალი იყო… დიდებისა და ფულის მთები აღმითქვა, ფული მასესხებინა, ორმოცდაათი ლარის საქონელი შემაძენინა, მათი გასაღება დამავალა და თუკი შენნაირ მსურველებს კიდევ მომიყვან, პროცენტებს გადაგიხდიო, მითხრა.
    ის საქონელი ნათესავებზე ძლივს გავასაღე და განცხადების ტექსტიც შევცვალე:
    “ახალგაზრდა, ნიჭიერი და სიმპათიური მწერალი ეძებს სამუშაოს, ქსელური მარკეტინგი ნუ გამომეხმაურება. ტ: 722514 დათო”
    დამირეკა ქალბატონმა, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის საბუთების და პირადი ჩანაწერების მოწესრიგება სურდა.
    და რაღაც შვიდ საათში ოცდაათი ლარი ვიშოვე და ის დაწყევლილი ლიფიც შეიძინა თიკომ, მაგრამ მერე ერთი კვირა არავის დაურეკავს და მეც ახლა უკვე მორბენალ სტრიქონში გავუშვი შემდეგი განცხადება (აქ სიტყვა ლარი ღირს):
    “მწერალი ეძებს სამუშაოს! ტ: 722514 დათო”
    ჯერ ვიღაც გოგოებმა დარეკეს, ავოიეე, მწერალოო, დამიყვირეს და გამითიშეს, მერე ვიღაც (თურმე ცნობილმა) ასაკოვანმა მწერალმა დამირეკა და რატომ არცხვენ ჩვენს პროფესიას და მოწოდებასო, გამლანძღა და როცა ვიღაც ბიზნესმენმა მისი ბიოგრაფიის დაწერა მთხოვა ფასდაკლებით და ისიც ნისიაზე, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ აქ გამოჩნდა ისიც, მეოთხე.

    მეხუთე ეტაპი: როგორ გამოჩნდა ისიც, მეოთხე

    – ალო, გისმენთ!
    – ბ-ნ დავითს სთხოვეთ!
    – გისმენთ.
    – გამარჯობათ, მე თქვენი განცხადების თაობაზე გირეკავთ.
    – დიახ, დიახ.
    – მაინტერესებს, რა სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ.
    – იცით რა, საერთოდ მწერალი ვარ, მაგრამ ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამუშაოსაც ავუდივარ.
    – მარტო ქაღალდებთან?
    – იცით, გააჩნია კონკრეტულად რა გნებავთ, თორემ… სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ, მაგალითად…
    – მაშინ, იცით რა, იქნებ ხვალ, დღის თორმეტ საათზე შევხვდეთ მეტრო გოცირიძესთან და იქ მოვითათბიროთ, თუ თქვენ გიხერხდებათ, რა თქმა უნდა.
    – დიახ, დიახ, პრობლემა არაა, მოვალ.
    – კარგით.
    – და როგორ გიცნოთ?
    – ჰე, მე თვითონ გიცნობთ, მწერლებს ხომ განსხვავებული შესახედაობა გაქვთ?!
    გამეცინა (სიამაყით) – მართლა, და მაინც, როგორ გიცნოთ?
    – ყველაზე მძიმეწონოსანი ვინც დაინახო, მე ვარ.
    მეორე დღეს, თორმეტის ნახევრიდან მეტროს ამოსასვლელთან ვიდექი. “მძიმეწონოსანმა” რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მე თვითონ მივედი:
    – უკაცრავად, თქვენ ის ბრძანდებით, აი, გუშინ საღამოს ტელეფონზე რომ ვილაპარაკეთ, აი… განცხადების თაობაზე.
    – აა, დათო ხარ?
    – დიახ, უკაცრავად, თქვენი სახელი?
    – ვახტანგი, ვახო.
    მანქანაში ჩავსხედით და ნუცუბიძის მეორე პლატოზე ავედით.
    ვახტანგის ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი, ეტყობოდა, ფული არ უჭირდა.
    – დათო, სიმართლე გითხრა, ჯერ მინდა დაგაკვირდე, გამომადგები თუ არა, ამიტომ ასეთ რაღაცას გთავაზობ: – ორი-სამი დღე იარე აქ, დაგაკვირდები, ელემენტარულ დავალებებს მოგცემ და თუ მომეწონე, აგიყვან.
    – და მაინც, რა მევალება?
    – ჯერ-ჯერობით არაფერი. რაც შეეხება ამ ორ დღეს, გამომართვი ეს ასი ლარი, ეს ავანსია, უფრო სწორად, ამ ორი დღის გასამრჯელო.
    – და თუ არ მოგეწონეთ?
    – თუ არ მომეწონე… ჰე, სხვა მწერალს ვიშოვნი, მაგათი მეტი რაა! ისა, მართლა, ერთი შენი რაღაცეები წამომიღე, ვნახო რას წერ, აბა!
    მე ჩემი რაღაცეები წავუღე; წაიკითხა და შემაქო:
    – ყოჩაღ, გამოდგები!
    ის ასი ლარი, რომელიც სახლში მივიტანე, ზეიმის დასაწყისად იქცა. ჩვენ გამოვთქვით ათასი მოსაზრება, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა.
    – შეიძლება რაღაც იდეები მოგაწოდოს და შენ დაგაწერინოს თავისი სახელით! – მითხრა მამაჩემმა.
    – მე ვფიქრობ, მეცენატია და პირდაპირ ვერ გიბედავს დამარებას და ასე… – თქვა დედამ.
    – ვინც გინდა ის იყოს, ორ დღეში ასი ლარი!.. რას ამბობ, დათო, ჩათვალე, რომ აგვეწყო ცხოვრება! – მომეხვია თიკო.
    – აბა რა! სუ რო აგურის ცეხში მამუშაოს… მაგდენი ფული მომცეს და გინდა მათრახი მირტყას! – დავეთანხმე ცოლს და ოცნება დავიწყე:

    პირველი ოცნება:
    თუ ასე გაგრძელდა, ყველა ვალს გავისტუმრებ.
    მეორე ოცნება:
    თიკოს ყველაზე კარგ სამშობიაროში დავაწვენ და ბავშვის ოთახს მაგრად მოვაწყობ!
    მესამე ოცნება:
    ამ ზაფხულს ზღვაზე წავალთ, მერე იქიდან მთაში, მერე კიდევ სადმე!
    მეოთხე ოცნება:
    თანდათან რამეს მოვიფიქრებ!

    ამ ორ დღეში ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ტელეფონს ვპასუხობდი და ჩემივე სურვილით გავეგზავნე ვახტანგს ბაზარში. მესამე დღეს კი, კარგი ღვინო დამალევინა და ჩემი სამუშაოს რაობაში გამარკვია. მე მევალებოდა:
    ა. ყოველ დღე, საღამოს ხუთ საათზე მივსულიყავი ვახტანგთან.
    ბ. გამეხადა წელს ზევით.
    გ. წამოვწოლილიყავი ტახტზე.
    და ვახტანგი დამარტყამდა სპეციალურად დათვის ტყავისაგან დამზადებულ მათრახს.
    თითო დარტმაში გადამიხდიდა ათ ლარს.
    – ისეთი იუმორი გაქვთ, კაცი იფიქრებს, მართალს ამბობსო! – გავუღიმე, თვალს რომ ჩაუკრავენ, ისე.
    – და ვინა თქვა რომ ვხუმრობ? – გამიღიმა მანაც.
    (აქ რა თქმა უნდა პაუზაა, რადგან კულმინაციური წუთია!)
    ავხარხარდი; ისიც ამყვა.
    – რა ხუმარა ყოფილხართ. არა, მაინც საიდან მოიფიქრეთ, ჰა, ჰა!
    – ხო, რა ვიცი, იფიქრე, დათო, ჩემი აზრით, ჰი, ჰი, ცუდი სიტყვა არაა. საშუალოდ ათ დარტყმას აიტან დღეში! – იცინოდა და თვალს არ მაშორებდა.
    უცბად შევწყვიტე სიცილი.
    – თქვენ რა, სერიოზულად მეუბნებით?
    – რა შემატყვე ამხელა კაცს არასერიოზულობის?
    მე უხმოდ ავდექი და კარისკენ გავემართე. მერე უცბად მივუბრუნდი და ყვირილი დავუწყე. ის ჩუმად მისმენდა, ხმას არ იღებდა, ამან უფრო დამაბნია და გავჩერდი. შევტრიალდი და წავედი.
    სახლში უხმოდ მომისმინეს. მერე კი ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვა:
    დედაჩემი:
    – ჰო, რა ვიცი, აბა, ვიღაც ავადმყოფი ყოფილა ეგ… რა ხალხს აქვს ფული, ჰა?! ერთი დარტყმა ათი ლარიო? ისე კარგი ფული კია, მარა ცოდო ხარ, სულ გადაგეყვლიფებოდა ეგ ზურგი, ჯობია ისევ სხვა რამე მოძებნო, თან ის ასი ლარი ხო შეგრჩა?!
    თიკო:
    – რა ყველა უნამუსო შენ უნდა შეგეყაროს, რა! ერთი კარგად უნდა მიგებეგვა და ნახავდა. რად გვინდა ეგეთი ფული, შენ თუ დამიავადმყოფდი, ჩემო… მერე რა, არც კაი სამშობიარო მინდა, არც ზღვა, არც არაფერი, ჩვენ ვიყოთ კარგად!..
    მამა:
    – ამ ცხოვრების დედაც, რა! კომუნისტების დრო იყოს, ეგეთ ახვარს კი ჩააყუდებდნენ, სადაც საჭიროა, მარა… საქმე რაშია, იცით? სხვა გამოსავალს არც გვიტოვებს ეგ ჩათლახი; იძულებულებს გვხდის… თან აზრზე ხარ. ის ასი ლარი თავიდან როგორ მოგვცა, რომ… ავადმყოფია ვიღაცაა… არადა, ბაზრობაზე ნერვების შლას, მივალ მაგ დამპალთან და რამდენსაც ავიტან, დავარტყმევინებ. ბოლო-ბოლო, ვითომ ძველი დროა, რა! მაგით მე კი არა, თვითონ ის უფრო დამცირდება, თუ მკითხავ!
    მე:
    – შენ რატომ უნდა წახვიდე, ვერ გავიგე? თუ ვინმე წავა, ისევ მე წავალ, მე კიდევ არ წავალ, ეგ-ღა მაკლია, ვიღაც თავგასიებულს ვარტყმევინო მათრახი, პაშოლ ონ!
    ინტიმურ წუთებში კი ცოლმა დაიწუწუნა: – ისე, რა კარგი იქნებოდა სხვა რამე შემოეთავაზებინა და ზღვაზე წავსულიყავით, არა?!
    და მეც გადავწყვიტე: – ჯანდაბას მაგისი თავიც, წავალ და მირტყას ის მათრახი, მაგრამ მერე რომ?!. პრინციპში, ჩემი გვარი არ იცის და რას გაიგებს, რამდენი მწერალი დათოა?! ცოტა ფულს რომ დავაგროვებ, ერთი მაგრად ვაგინებ, იმ თავის მათრახსაც გადავაწნავ და წამოვალ!

    (აქ შეიძლებოდა ეს ამბავი დასრულებულიყო, მაგრამ აქ არ სრულდება!)

    მეექვსე ეტაპი: უბრალოდ ეტაპი

    მეორე დღეს მივაკითხე ვახტანგს; რომ დამინახა ირონიულად ჩაიღიმა და ლამის უკან გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც შევედი.
    სანამ მე წელს ზევით ვიხდიდი, კარგად ჭამა და ბოყინით დამადგა თავს.
    – რამდენს გაუძლებ?
    – რა ვიცი, აბა? გეტყვით რა, როცა ვეღარ ავიტან.
    მეათემდე მწარედ მირტყამდა, მერე დაიღალა თუ რა იყო, ისე აღარ მტკენია. ორმოცდამეხუთეზე კიდევ მკითხა: – არ გეყო?
    – არა!
    ხუთიც დამარტყა და გაჩერდა, მეტი აღარ შემიძლიაო. მერე საფულე ამოიღო და ფული გადმომითვალა. ნახევარ საათში მთელი ხუთასი ლარი ვიშოვე, – ეს წარმოუდგენელი იყო!
    – ისე, რაც მეტს დაგარტყამ, ფასდაკლება მეკუთვნის! – ხარხარებდა ვახო, მე კი ვუბღვერდი და ხმა არ გამიცია.
    – ჰა, ბიჭო, ეგეთები არ იყოს; რას იბღვირები, რო იბღვირები? თუ არ გინდა, იხვეწებიან მწერლები, მითხარი და სხვას ავიყვან.
    – როდის ვიბღვირები, უბრალოდ მტკივა ზურგი, რკინა ხომ არა ვარ?!
    – მერე შენც ნაკლები დაგერტყმევინებინა და ეგ იქნებოდა; ჰო, მართლა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: თუ შენ ერთ დღეს მაინც გამიცდენ, მერე მთელი თვე უფასოდ უნდა იმუშაო, ან სხვას მოვძებნი.
    – იქნებ რა ხდება?
    – მე არ ვიცი რა ხდება და რა – არა! არ უნდა გამიცდინო. გაწყობს – გაწყობს, არა-და, კარგად იყავი!
    – ჰო, კარგი!
    სახლში ისე შემხვდნენ, თითქოს ომიდან დავბრუნებულიყავი. ამდენი ფულის დანახვამ ხომ ლამის ყველა გადარია.
    – მოიტა, შვილო, მეც წამოვალ, გვირტყას, ვახოაა ვიღაცაა! – თქვა მამაჩემმა.
    დედამ წუწუნი დაიწყო და ცრემლები ჩამოყარა.
    თიკო ჩუმად იყო.
    – თუ ასე გავაგრძელე, მანქანასაც ვიყიდი და ბინასაც! – გავიფიქრე და ოცნების ოხვრით ამოვიოხრე.
    მერე, დღეში, საშუალოდ, ოცი-ოცდახუთი დარტყმა გამომდიოდა. ვახო კმაყოფილი იყო, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც. ერთ დღეს კი, ნათესავი მოვიდა და მიკიბულ-მოკიბულად მთხოვა, აი რა:
    – შვილო, იქნებ ჩემს თამაზისაც გაუხერხო ეგეთი სამსახური; საცოდავი ბიჭი დარდისაგან აღარ არის. უთხარი იმ შენს ხაზეინს, იქნებ ესეც აიყვანოს, სუსტი კი არის, მაგრამ ავიტან დარტყმებსო, ამბობს და რა ვიცი! შენ შემოგევლე, იქნებ დაგვაყენო ფეხზე, შენ დაილოცები! შენი იმედი გვაქვს, ხო იცი, ვალში დარჩენა არ ვიცით ჩვენა!
    მე, რა თქმა უნდა, სასტიკად გავაფრთხილე ჩემიანები, აღარავისთვის ეთქვათ, თუ რითი ვშოულობდი ფულს, თამაზი კი მოვიმდურე.
    ამასობაში, თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა. თიკო მეშვიდე თვეში იყო და ისე ველოდი ჩემს სისხლისა და ხორცის გაჩენას, აღარც მადარდებდა ზურგზე რომ ვეღარ ვწვებოდი. მანქანის ფული მოგროვილი მქონდა, უკვე სადაცაა, ვიყიდდი, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა, მანქანა შემეძინა თუ დამემატებინა და ჩემი, საკუთარი ბინა მეყიდა, მაგრამ მოულოდნელად, ნაიარევი დამისივდა, დამიჩირქდა და აუტანელი ტკივილები დამეწყო. უკვე ხუთ დარტყმაზე მეტს ვეღარ ვიტანდი და ვახომ პრეტენზიები გამოთქვა და გაგდებით დამემუქრა.
    – ჩემს მაგივრად სხვა რომ მოვიყვანო დროებით?
    – არა, ან შენ, ან სხვას თვითონ მოვძებნი.
    – ბ-ნო ვახტანგ, უკვე აღარ შემიძლია, თუ არ ვიმკურნალე, შეიძლება ისე გამიმიზეზდეს, სისხლის გათეთრებაც კი დამემართოს.
    – მე რაში მაინტერესებს, რა დაგემართება? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არც ერთ დღეს არ გამიცდენდი?! მე ეს დარტყმები კომპლექსურად მჭირდება, თორემ სადისტი კი არა ვარ, ვერ გამიგე?!

    სახლში:
    – მოვკლავ, მაგ ნაბოზარს, რა! აზრზე ხარ, როგორ მაჭერს წიხლს?! იცის, რომ ვეღარ ავიტან მეტს და წიხლს მაჭერს. უნამუსოა რა, ეგ ხო კაცი არ არის!
    – მისმინე, რომ უთხრა შვებულება მომეციო?
    – არა, გოგო, რა შვებულება, ერთ დღესაც კი არ გამიშვებს.
    – ჩემი საბრალო!
    – უნდა შევეშვა, რა, აღარ შემიძლია მეტის ატანა, მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი?
    – იქნებ ცოტაც მოგეთმინა, ბინის ფული მოგვეგროვებინა და…
    – არ გესმის, არ შემიძლია, აღარ!..

    ვახტანგთან:
    – ბ-ნო, ვახო, ვეღარ ვივლი თქვენთან, უკვე აშკარად აღარ შემიძლია ატანა, განა არ მინდა აქ მოსვლა, მაგრამ… აი, აი, ნახეთ რა დრეში მაქვს ზურგი, აი, აქეთ, მარჯვნივ… ააა, ფრთხილად, ჰო, მანდ!
    – მართლა მაგრად დაგჩირქებია; ნუ რას ვიზამთ, მოგვიწევს სხვა კაცის ნახვა, მაგრამ არა უშავს, შენთან მუშაობა სასიამოვნო იყო!
    – გმადლობთ – ჩემთვისაც! და მერე, თავიდან მიღების შანსი აღარ არის, არა?
    – არა, ჩემი პრინციპი არაა ეგ! თუმცა ერთი ვარიანტია, თუ გინდა სხვა ვაკანსია გამოთავისუფლდა და იქ გადაგიყვან, ოღონდ მთელი დღე ჩემს გვერდით უნდა იყო და დღეში ორასი ლარი გექნება.
    – თანახმა ვარ და რა სამუშაოა?
    – არაა, შენ არა მგონია დათანხმდე, ალბათ იქაც სხვისი პოვნა მომიწევს.
    – კაცო, თქვენ მითხარით და იქნება ვთანხმდები?!
    – არა მგონია, არა.
    – ვაა, თქვენ თქვით და!..
    – მოშარდვისას უნდა დამიჭირო ხოლმე.
    მე სიცილი ამივარდა, გრძელი და ცვალებადსიხშირიანი სიცილი, მაგრამ ამჯერად ყვირილი აღარ დამიწყია; რატომღაც ჩემი მომავალი შვილი, საყიდელი ბინა და მანქანა, დასასვენებლად წასასვლელი ზღვა და მთა გამახსენდა და ტუჩები მაღლა ავწიე!..

    მეშვიდე ეტაპი:

    – ბატონმა ვახტანგმა, ხანდახან ისეთი უცნაური წინადადებების შემოთავაზება იცის, გაგიკვირდება ადამიანს, ღმერთმანი…

    © ”ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    გიორგი კაკაბაძე

    სხვა არჩევანი

    15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.

    ლიტერატურის მოყვარულებს უყურადღებოდ არ დარჩებოდათ ეს კრებული, რომელშიც 2005 წლის ლიტერატურული გამოცემებიდან: “არილი”, “წიგნები”, “ალტერნატივა”, “ახალი საუკუნე”, “პარნასი” და “ლიტერატურული პალიტრა” თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობაა შერჩეული.
    თანამედროვე პროზა თანამედროვეობაზე წერას სულაც არ ნიშნავს. იგი უფრო თანამეროვეებთან გაბმული საუბარი და ძველი საკითხების ახლებურად შეფასებაა. კრებულში წარმოდგენილი ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებითი დრო საკმაოდ მოკლე გახლდათ, რადგან მათ მიერ განცდილი და გააზრებული ცხოვრება ძალიან მალე გადაიქცა ქვეყნის ისტორიად. ამიტომაც ისტორიისადმი მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვნად და საინტერესოდ აისახა კრებულში.
    აღსანიშნავია ერთი ტენდენცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ითქვას: ისტორიულ სიუჟეტზე შექმნილი თანამედროვე ნაწარმოები, მოთხრობა, რომანი, პიესა თუ სხვა, უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც გვახსოვს ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლევან გოთუას და სხვათა შემოქმედებიდან. რადგან ისინი უკვე აღარ აღიქმება როგორც ერის საკრალური ჭეშმარიტებების გამომხატველი და ეროვნული იდეოლოგიის პროგრამა. ამ თვალსაზრისით ისტორიული შინაარსის ტექსტებმა თავიანთი ფუნქცია უკვე შეასრულეს და შესაძლებლობები ამოწურეს. ამიტომ ტრადიციული ისტორიული მონათხრობის რეანიმაცია წარუმატებლობისთვისაა განწირული. ამის დასტურად შესანიშნავი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის რომანი “გიორგი ბრწყინვალე” გამოდგება, რომელიც ტრადიციული ქართული ისტორიული რომანის დასასრულად და მის საფლავის ქვად მიმაჩნია.
    კოტე ჯანდიერის “გლობალიზაციაში” ისტორია გააზრებულია როგორც ტრაგიკომიკური შემთხვევების მონაცვლეობა, ავტორს წარსული აინტერესებს იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ისტორიული ვითარება ხშირ შემთხვევაში პიროვნებისა და საზოგადოების საქციელსა და მდგომარეობას განაპირობებს.
    აკა მორჩილაძის ბიოგრაფიულ მოთხრობაში “სიკვდილი, ქალაქი” დოკუმენტური ფაქტების, ისტორიული მოვლენებისა და ფიქტიური ეპიზოდების შერწყმით მოხუცებული და უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი აკაკი წერეთლის უკანასკნელი დღეებია აღწერილი. მსუბუქი ირონიის საშუალებით მოთხრობა მთლიანად მოკლებულია იმ დიდაქტიკასა და პათეტიკურობას, რომელსაც ძველი თაობის მწერლები ასეთი ეპიზოდების აღწერისას ხშირად იყენებდნენ.
    ნუგზარ შატაიძე “ტრეფიკინგში” საკუთარი შვილის გაყიდვით “დასაქმებული” მშობლის ერთ “სარფიან” ეპიზოდს გვთავაზობს. ესაა სამყარო, სადაც გამქრალია ძირითადი ფასეულობები: რწმენა, სიყვარული, ერთგულება და სხვა. ეს ცნებები არსებულ ვითარებაში შეფარდებითი და კონკრეტული ისტორიული მოვლენებისადმი მისადაგებული გამხდარა. ამ მოთხრობებისათვის დამახასიათებელია ერთგვარი ანტიტრადიციონალიზმი და ისტორიის კრიტიკული გადაფასება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ნაწარმოებები უკვე ფილოსოფიური იგავის ხასიათს იძენენ, რომელშიც ისტორია მხოლოდ დაუნდობელი და ტრაგიკული სამყაროს იდეების გამომხატველი ხდება. ეს კი სწორედ ის გახლავთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კრიზისში შესულ ისტორიულ ჟანრს.
    ნიკუშა ანთაძის, თეონა დოლენჯაშვილის და ბესო ხვედელიძის მოთხრობებში გამოყენებული ფანტასმაგორიული თუ აბსურდული ხერხები შესანიშნავად უსვამენ ხაზს ჩვენი დროის ტრაგიკულობას, რადგან ავტორები თითქოს მიჯნავენ თავიანთი ნაწარმოებების მოქმედებას რეალური დროისაგან, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება კი ისტორიის გააზრებასა და მის მეტაფიზიკურ კვლევაში გადაჰყავთ.
    რეალობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ახალი შეკითხვების დასმა და ახალი იდეების ძიება თანამედროვე პროზის ძირითადი თვისება გამხდარა. მადლობა ღმერთს, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პროზაიკოსი ქალები მხოლოდ იმას იკვლევდნენ, თუ “რა არის ცრემლი და რა არის ყვავილი?”, რის გამოც ქალური პროზა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საკუთარ პანაშვიდზე მისულ ჭირისუფალს უფრო ჰგავდა. კრებულში შესული პროზაიკოსი ქალების მოთხრობები განსხვავებული ენერგიითა და სულიერი გამოცდილებით ხასიათდება. მათ შემოქმედებაში ცხოვრება არ წარმოგვიდგება ისეთად, როგორიც არის. ის, რაც ადრე ჭეშმარიტებად ითვლებოდა, ახლა ეჭვის ქვეშაა დაყენებული. ამ უარყოფის მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტების ფილოსოფიური მოთხოვნილებაა. რეალობისადმი უნდობლობა ზოგჯერ იმდენად მაღალია, რომ თანამედროვე პროზა ხანდახან სიუჟეტზე და ტიპაჟებზეც ამბობს უარს. მაგალითად, ირმა ტაველიძის მოთხრობის – “კონფლიქტის ზონა” (რომელიც ჩემი აზრით წარმატებული ლიტერატურული ექსპერიმენტია) – სიუჟეტი ფაბულასა და სტილს შორის იბადება, რითაც ავტორი მკითხველს ინტელექტუალურ თამაშს სთავაზობს.
    სტატიის ჩარჩოები საშუალებას არ იძლევა დაწვრილებით განვიხილოთ კრებულში წარმოდგენილი ყველა ავტორი. დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ვადასტურებთ არა მხოლოდ ჩვენი სამყაროს შეცვლის, არამედ ხელოვნებაში წარსულის ტენდენციებისაგან ჩამოშორების სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ძიებები ჯერ-ჯერობით არ თავსდება ერთ რომელიმე აღიარებულ ფორმულაში ან სტილში, იგი ახალი თაობის დამოკიდებულებაა ძველ და აღიარებულ ჭეშმარიტებებზე.
    P.S. სამწუხაროდ, 2006 წელს “15 საუკეთესო მოთხრობის” ახალი, მომდევნო კრებული აღარ გამოსულა, რადგან აღარ არსებობდა ის ლიტერატურული გამოცემები, სადაც მათი შემჩნევა და შეგროვება შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროში თვლიან, რომ ქვეყანას უკვე აქვს ერთი – ოფიციალურად აღიარებული ლიტერატურა და სხვა საჭირო აღარ არის და რომ ქართველი მკითხველი XIX საუკუნის იდეებით XXI საუკუნეშიც თავს იოლად გაიტანს.

    © “ცხელი შოკოლადი”