-
-
თამაზ ბუაჩიძე
დიალექტიკის გენიალური ოსტატი
ჰეგელის ნააზრევის გაცნობისას ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ბრწყინვალე ოსტატის მიერ აგებულ ტაძარში ვიმყოფებით: ზღვა ფილოსოფიური მასალა აქ არაჩვეულებრივადაა მოწესრიგებული და ორგანიზებული. ყოველ დეტალს მოძებნილი აქვს მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, ელემენტების განლაგებაში იგრძნობა მკაცრი თანაზომიერება, პროპორცია, რიტმი, ჰარმონია, რომელთა წყალობითაც გრანდიოზული ფილოსოფიური სისტემა წარმოგვიდგება როგორც საოცრად მონოლითური, შეკრული და დასრულებული ნაგებობა. და კიდევ: ჰეგელის მიერ აგებული ფილოსოფიური შენობა სავსეა სინათლით – ეს არის შუქი გონისა, ყოვლისმომცველი აბსოლუტისა, იდეისა და ამ ნათელ ნაგებობაში, სადაც ყველაფერი დაფარულსა და მარადიულზე მიანიშნებს, შეუძლებელია არ დაგეუფლოს საზეიმო და ამაღლებული განწყობილება.
გონის, იდეის, აბსოლუტის ცნებები ცენტრალურია ჰეგელის ფილოსოფიაში. სწორედ ამ ცნების თავისებური გააზრება ანიჭებს ჰეგელის მთელ ნააზრევს განუმეორებელ ხასიათს.
ერთ-ერთი მთავარი თეზისი, რომლითაც ჰეგელი კანტისა და ფიხტეს ფილოსოფიურ სკოლას დაუპირისპირდა, იყო თეზისი გონის აბსოლუტური ძლევამოსილების შესახებ. ჰეგელი ფიქრობდა, რომ კანტთან და ფიხტესთან ერთმანეთისაგან გათიშულია სინამდვილე და იდეა. ის, რაც არის და ის, რაც უნდა იყოს, არსი და ჯერარსი. იდეას აქ არა აქვს სისხლსავსე სიცოცხლე, აუცილებლობის კანონით შეპირობებული განხორციელების უნარი. ჰეგელის თითქმის ყოველ თხზულებაში იპოვით ამ თვალსაზრისის მიმართ გამოთქმულ ირონიით სავსე სტრიქონებს. “ფილოსოფიურ მეცნიერებას საქმე აქვს მხოლოდ იდეასთან, რომელიც ისეთი უძლური არაა, რომ მხოლოდ ჯერარს იყოს და ნამდვილად არ იყოს”, – ვკითხულობთ “მცირე ლოგიკაში”. გონი თავის სიძლიერის წყალობით პოულობს რეალიზაციის საშუალებებს: რაც გონიერია, ნამდვილია და რაც ნამდვილია, ის გონიერია (ჰეგელის ეს ცნობილი დებულება სრულიადაც არ ნიშნავდა ყოველი არსებულის გამართლებას, როგორც ეს ზოგს მოეჩვენა: სინამდვილისა და არსებობის ცნებები ჰეგელის ფილოსოფიაში არ ემთხვევა ერთმანეთს).
როგორია ამ ყოვლად ძლევამოსილი გონის არსება?
გონი კონკრეტულია. სიტყვა კონკრეტული ჰეგელის მიერ თავისებური მნიშვნელობით არის ნახმარი: კონკრეტული ნიშნავს განსხვავებულ, საპირისპირო გარკვეულობათა მთლიანობას. ეს კი მოასწავებს იმას, რომ მოძრაობა გონის სფეროში იქნება დიალექტიკური გადასვლა ერთი გარკვეულობიდან მის საპირისპიროსკენ, თეზისიდან ანტითეზისისკენ და აქედან კი სინთეზისკენ, რომელშიც წინა ორი გარკვეულობა მოიხსნება და შეინახება დამორჩილებული მომენტების სახით. მწყობრ დიალექტიკურ ტრიადათა მონაცვლეობაში ჰეგელმა ცნებათა ურთიერთდაპირისპირების ურთიერთგაპირობებულობის, ურთიერთმოხსნა-შენახვის, კატეგორიათა დინამიკის ჭეშმარიტად გრანდიოზული სურათი მოგვცა, ხოლო ფილოსოფიურ პრობლემათა – რაოდენობისა და თვისებრიობის, უარყოფის, წინააღმდეგობის, არსებისა და მოვლენის, შინაარსისა და ფორმის და სხვათა – დიალექტიკური გააზრების საფუძველზე მათი გადაწყვეტის სრულიად ახალი, ტრადიციული ფილოსოფიის მეტაფიზიკური აზროვნების წესისათვის უცნობ და უჩვეულო გზებს მიაგნო.
ჰეგელმა გონი წარმოადგინა არა როგორც მყარი სუბსტანცია, არამედ როგორც მოუსვენრობა, აქტიურობა. გონი ჰეგელისათვის არა მარტო სუბსტანცია, არამედ სუბიექტიცაა. ის არის სუბიექტი, რომელიც თავისი თავის წვდომას ესწრაფვის, თავის თავს ეძებს, თვითშემეცნება თვითრეალიზაციას, პოტენციალურად მოცემულ შესაძლებლობათა რეალიზაციას გულისხმობს, ეს რეალიზაცია კი დიალექტიკური პროცესია. აბსოლუტი წმინდა სახით “წმინდა აზროვნების ელემენტში” წარმოდგენილია “ლოგიკის მეცნიერებაში”. ყოველი გარკვეულობა აქ გამოხატულია კატეგორიების სისტემაში. ყოველი კატეგორია აბსოლუტის პრედიკატია, იდეის ერთ მხარეს გამოხატავს. კატეგორიათა მარტივიდან რთულისკენ, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ ურთიერთგადასვლის პროცესს აგვირგვინებს აბსოლუტური იდეის ცნება. ამით გონის ზოგადი სქემა მოხაზულია. ამ სქემამ უნდა შეისხას ხორცი, უნდა ჰპოვოს თავისი სინამდვილე. გონი განასხვავებს თავის თავს ბუნებაში, მაგრამ ინერტული ბუნება ვერ არის ადეკვატური აბსოლუტის ჭეშმარიტი არსებისა. ბუნების გავლით რელიზაციის გზა ადამიანისაკენ მიდის. სწორედ ადამიანი, კაცობრიობის კულტურის პროდუქტები, ადამიანების აზროვნება და მოქმედებაა ის საბოლოო წერტილი, რომელშიც გონი თავის თავს პოულობს. ადამიანის ძირი ღვთაებრივია. ამიტომ ადამიანის არსების განხორციელება ღმერთის არსების განხორციელებაც იქნება. ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის უკანასკნელ ეტაპზე – აბსოლუტური გონის საფეხურზე – ადამიანი აღწევს უმაღლეს თავისუფლებას იმით, რომ ყოველი სპეციფიკურ-ადამიანური ითქვიფება ფილოსოფიაში, რომელშიც ღმერთი თავის თავს იაზრებს და იმეცნებს.
რელიგიურ-მისტიკური ხასიათის მიუხედავად, ჰეგელმა შეძლო სამყარო ყველა მის განზომილებაში წარმოედგინა როგორც დიალექტიკური ქმნადობა, კანონზომიერი განვითარების პროცესი. იქ, სადაც ერთი შეხედვით წმინდა შემთხვევითობა ბატონობს, ჰეგელი ეძებს და პოულობს კანონს, შინაგან ლოგიკას. განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ეს ჰეგელის მიერ ისტორიის ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის დამუშავებისას.
კაცობრიობის ისტორია ხშირად წარმოუდგენიათ როგორც ხდომილებათა უბრალო თანმიმდევრობა. ასეთ თვალსაზრისს ჰეგელი ზედაპირულად თვლის. ადამიანები პირად მიზნებს ისახავენ და კერძო ინტერესებიდან გამოსული მოქმედებენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვნებათა შეჯახებაში არ ვლინდება გონის კანონი. ისტორია, ფიქრობს ჰეგელი, გონის მიერ თავისი თავის გაცნობიერების პროცესია. და რადგან გონის არსება თავისუფლებაა, კაცობრიობის ისტორია არის ზეაღმავალი გზა, პროცესი თავისუფლების გაცნობიერებაში. აღმოსავლეთის ხალხებმა იცოდნენ, რომ თავისუფალია ერთი. ასეთი თავისუფლება თვითნებობაა. ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ, რომ თავისუფალია ზოგიერთი. მხოლოდ ქრისტიანობა მივიდა იმ ცნობიერებამდე, რომ თავისუფალია ადამიანი საერთოდ. აქ ხდება სწორედ გონის მიერ თავისი თავისუფლების გაცნობიერება.
უდიდესი როლი ითამაშა ჰეგელმა ფილოსოფიის ისტორიის არსის მეცნიერული გაგების ჩამოყალიბებაშიც. ისტორიკოსს აქაც ქაოსი ხვდება: ერთი ფილოსოფიური სისტემა ცვლის მეორეს, მეორე – მესამეს და ა.შ. ყოველი ფილოსოფიური სისტემა თავისას, სხვა სისტემისგან განსხვავებულს ამბობს, და შემთხვევითი არ იყო, რომ ფილოსოფიის ისტორია განიხილებოდა როგორც ცდომილებათა, შემთხვევით შეხედულებათა თავმოყრა. ჰეგელი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც შეეცადა მიეგნო იმ ძაფისათვის, ფილოსოფიის ისტორიის სიღრმეში რომაა დაფარული და ურთიერთგანსხვავებულ ფილოსოფიურ სისტემებს ერთიანობას აძლევს, მათი მონაცვლეობის კანონზომიერ ხასიათს ნათელყოფს.
ჰეგელმა ფილოსოფიის ისტორიაც წარმოადგინა, როგორც გონის მიერ თავისი თავის შემეცნების პროცესი, გაშლილი დროში. გონი განსხვავებულ მხარეთა ერთობლიობაა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ისტორიაში არსებული ცალკეული სისტემები, რომლებიც გონის რომელიღაც ერთ ასპექტს გამოხატავენ, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყოველი სისტემა იდეის გარკვეული მომენტის გამოხატულებაა, ამიტომ ის არც შეიძლება უარიყოს. უარიყოფა არა რომელიმე ფილოსოფიის პრინციპი, არამედ ის შეხედულება, რომ ეს პრინციპი სრულად გამოხატავს მთელ იდეას, გონს. ამრიგად, ყოველი ფილოსოფიური სისტემა აბსოლუტურიცაა და შეფარდებითიც. ყოველი შემდგომი სისტემა მოხსნის წინა სისტემის პრეტენზიას აბსოლუტურობაზე, მაგრამ ითვისებს ჭეშმარიტ პრინციპებს. აქაც, ისევე, როგორც საერთოდ ისტორიაში, განვითარება მიდის მარტივიდან რთულისკენ, აბსტრაქტულიდან – კონკრეტულისკენ. ფილოსოფია წარმოიშობა არა ფილოსოფიის ისტორიის ბოლოში, არამედ თვითონ ფილოსოფიის ისტორიაა გარკვეული აზრის ფილოსოფია: აბსოლუტური ჭეშმარიტება რეალიზდება შეფარდებით ჭეშმარიტებებში და არა მათ მიღმა. ისტორია თავის განვითარებაში გამოხატავს ლოგიკურს, ლოგოსის საფეხურთა მონაცვლეობას.
ჰეგელის ფილოსოფიას ბევრი მტერი ჰყავდა. ბევრი მოძულე ჰყავს მას დღესაც – განსაკუთრებით ნეოპოზიტივიზმის ბანაკში. მაგრამ ნიშანდობლივია: როგორც წესი, ჰეგელის მტერი საერთოდ ფილოსოფიის მტერიცაა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ჰეგელი და ჭეშმარიტი ფილოსოფიური აზროვნება მოუცილებელია ერთმანეთისაგან. ჰეგელს უყვარდა გამოთქმა: კამერდინერისათვის არ არსებობს გმირი. მაგრამ, – უმატებს ჰეგელი, – არა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი გმირი არ არის, არამედ იმიტომ, რომ პირველი კამერდინერია. ჰეგელის სიდიადე არ არსებობს მხოლოდ სულით კამერდინერებისათვის.
© ”არილი”
-
ზურაბ ლეჟავა – კარსმომდგარი არაჰიგიენური ბედნიერება
-
ლაშა ბუღაძე
ქეთათო
(სამ სურათად)
“ჩვეულებრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვები “იზრდებიან”. მაგრამ არის კი ეს ზუსტი გამოთქმა? იზრდება კი რეალურად ბავშვი?
განა არ უნდა გაიაროს ექვსმა, ცხა, თორმეტმა თვემაც კი, სანამ ბავშვი “მიწაზე ჩამოვიდოდეს”? უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა გვეთქვა, რომ ბავშვი იზრდება ქვევითკენ?”
თომას ვაისი
“ბავშვის განვითარების მიმოხილვა”
“ჭკვიანურად კი ლაპარაკობს, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, ვე!..”
გ.შარიქაძე
ტელევიზორთან გატარებული საღამოები
პირველ სურათში მონაწილე გმირები:
ქეთათო
დედა – იგივე მანანა
მამა – იგივე მერაბ დავლიანიძე
ბებია
მეორე სურათში მონაწილე გმირები:
ლია დეიდა – იგივე ლია მონიავა
დედა – იგივე მანანა
ბებია
ქეთათო
მამა – იგივე მერაბ დავლიანიძე
ბაბუა – იგივე ავთო
მსუბუქი ყოფაქცევის ქალი
მესამე (ბოლო) სურათში მონაწილე გმირები:
ლია დეიდა – იგივე ლია მონიავა
ქეთათო
ბებია
დედა – იგივე მანანა
მამა – იგივე მერაბ დავლიანიძე
ბაბუა – იგივე ავთო
სხდომის თავმჯდომარე
თანაშემწე
ბრალმდებელი
ბრალდებული – იგივე მამა, ანუ მერაბ დავლიანიძე
ბრალდებულის ადვოკატი – ენაბლუ
ერთ-ერთი დამსწრე – პიესა მთავრდება მისი სიტყვებით
სურათი პირველი
ქეთათოს საძინებელი ოთახი.
ქეთათო საბანშია გახვეული. დედა თავთან უზის.
ქეთათო. დედიკო და მელე, ბუამ ალ სეწამა?
დედა. ალა დედა, ლატო უნდა სეეწამა?! ბავცები და ბუა ცელიგდნენ იმიტომ, ლომ ძადოქალმა ის კეთილ ბუათ აქცია… ქო აგალ ცეგეცინდება აწი ბუაცი?
ქეთათო. ალა.
დედა. ქოოდა მაცინ დაიძინე, კაქი?!
ქეთათო. მამა ძელ ალ მოცულა?
დედა. ძელ ალა, მაგრამ მალე მოვა, დედუ. დაიძინე.
ოთახში ბებია შემოიხედავს
ბებია. დაიძინა უკვე ცემმა ციცოქლემ?
ქეთათო. ჯელ ალა.
ბებია. ცენ ცემოგელე მე-ჰ!
დედა. ვიძინებთ ბებიკო და ძაიან გთქოვთ, ქელს ნუ გვისლით, ლა!
ბებია. ქეთუნი, ბება, ეთი წუთით დედიკო ლო წაგალთვა, ალ სეიძება? ცულ ელთი წუთით.
ქეთათო. აა-ლა!
დედა. კაი დედუკებო, ბებია ლაგაცას მეტყვის და მაცინვე ცემოვალ! ქო აგალ გეცინია უკვე ბუაცი?
ქეთათო. მეცინია.
ბებია. (აღშფოთდება) ოჰ, ბუა ალ გამაგონო, ბება!.. გაიცათ სკოლაცი მიდიქალ და დაგცინებენ ცენი თანაკლასელები – ამქელა გოგოს კიდევ ბუასი ესინიაო?! აალა, ბება, ააალა!.. ვისა აქს სუ პატალა ფექისგულები, ა?
ქეთათო. ქი-ქი-ქი… მეგუტუნება!.. ქი-ქი-ქი! (ხითხითებს)
ბებია. მოგიკდეს ცენ ცენი ბება, ცემო ციცოცქლე! (თითქოს წაიქვითინებს კიდეც) შენ მოგიკვდეს ბებო, ცეენ!..
დედა და ბებია ოთახიდან გავლენ.
ქეთათო. (ჩურჩულით) ლალი, ლალი, ცემო ლალი… ლაო ცემო მანანა? ეც თოძინა დედაცენმა ცემთან გამოგატანა?.. ალა, ალა…
მოულოდნელად ოთახში ქეთათოს მამა (იგივე, რაც მერაბი) შემოვარდება, რომელიც არყის სუნითაა გაჟღენთილი. დედა კი ცდილობს, მაგრამ მაინც ვერ აკავებს მას.
დედა. მერაბ!.. ბავშვს უკვე ძინავს, მერაბ!
მამა. (კინაღამ წაიქცევა) ადექი მამა!.. ადექი ცემო ბლილიანტო!.. ჩაიცი მამა და წამომკევი, ცემო ციცოცე!.. ხელი გამიშვი, ქალო!
ოთახში ასევე შემოვარდება ბებია – ცოცხით ხელში. ცოცხს იგი მამას უთავაზებს.
ბებია. აქ მოთრეული აღარ გნახო, მამაძაღლო შენა!..
ქეთათო. ლა ქდება, ლაა?!
მამა. შენიი…
დედა. …ვაიმე!
ბებია. ვის შეუბრუნე შენ ხელი?.. ხელი ვის შეუბრუნე, შე არაკაცო, მართლა?!
დედა. აალა, ქეთათო!.. ნუ ტილი დედა, ნუ!
მამა. მე თქვენ გეხებით, ქალბატონო? (ხელს გაჰკრავს ბებიას)
ბებია. ვაიჰ! (ძირს აღმოჩნდება) მანანა!.. ფეხი მოვიტეხე, მგონი!.. ამაყენე!
მამა. ქეთათო, მოდი მამიკო, ჩემთან!
ქეთათო. (ხტის საწოლზე) ტადი აქედან… ტადი! ცენ ცუდი ქალ!.. ცულ მთლალი მოდიქალ!.. დედიკოც ცემ… ბებიკოც ცემ.. ლია დეიდაცაც ცემ!.. ცენ ალა ქალ ცემი მამიკო!.. ცუდი ქალ! ცუდი!.. მე გმელთს ვეტკვი, ლომ მოგკლაც იმიტომ, ლომ სუ ცგუბობ!
მამა. (მთვრალი კაცის ტირილით)… ცენ მაინც ნუ მალაპალაკები აცე, მამა, გთქოვ?!
ბებია. მანანა, მომკიდე ხელი!
დედა. მერაბ, ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს! არანორმალურების შთაბეჭდილებას ვტოვებთ!.. ბავშვი მაინც არ გეცოდება?
ბებია. …მანანა!
მამა. ბავშვით ნუ მევაჭრები, ქალოო!.. ცემი გოგოცაა ეცა, ცემი სვილიცაა…
დედა. დედა წამოდექი, გეხვეწები!
ქეთათო. მამა, ტადი აქედან!.. ცენ ცუდი ქალ! ძაან ცუდი ქალ! მე ცენ აგალ მიკვალქალ!.. მე და დედიკო ექა ბუაზე ვლაპალაკობდით და მე აქლა ვქვდები… და ალბათ ადლეც ვქვდებოდი ქვეცნობიელად, ლომ ეც ბუა ცენ იკავი, მამა… და ალავინ ცქვა!
ბებია. ეგეც შენ, მერაბ დავლიანიძე!.. ხო მიიღე ბავშვისაგან?!
ქეთათო. ტადი მამა აქედან, ტადი! (ხტის საწოლზე)
ოთხივენი ტირიან
სურათი მეორე
შუადღე. სასტუმრო ოთახი. ლია დეიდა, ქეთათოს დედა და ბებია. მაგიდა, სკამები, მარჯვნივ კარი და ა.შ.
ლია დეიდა. …ვეღარ ისწავლე, მანანიკო, შენც ჭკუა! რამდენჯერ უნდა გცემოს შეენ, დეეშენი, მეე… რომ, ბოლოს და ბოლოს, თქვა: მორჩა! ამ კაცთან ერთად მე ვეღარ ვიცხოვრებ! ვშო-რდე-ბი!!!
დედა. ლია დეიდა, გაშორებული არა ვარ ისედაც?! ხანდახან დღეები ისე გადის, რომ…
ბებია. …ღამ-ღამობით ვახსენდებით ხოლმე ვაჟბატონს!
ლია დეიდა. ავთო?..
ბებია. რა ქნას ამ ავთომ? ხომ არ მოკლავს სიძეს? გუშინ, მაგალითად, სახლში არც იყო… კაზინოში წავიდა, თავის ბებრებთან ერთად.
ლია დეიდა. ბოდიში მოიხადე.. სამორინეში!
დედა. …ქეთათოს ბავშვობას – ბავშვობა ქვია?! აყალ-მაყალი, ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება…
ლია დეიდა. …თან ლოგოლი მგლძნობიალეა კათო!
ბებია.მამობის უფლება უნდა ჩამოართვა მაგ საზიზღარს, მაგას!
ლია დეიდა. მანანა, მამობის უფლება იცი, როდის უნდა ჩამოგერთმია?.. ხო იცი?! იცი.
დედა. (ამოიკვნესებს) ნუ გამახსენებთ, რა?!
ლია დეიდა. …ცოლ-შვილი გაუშვა, ყმაწვილმა, ქობულეთში; სიდედრ-სიმამრი სოლოლაკში და თვითონ მოყარა ქალები…
ბებია. ვიღაც გათახსირებული!.. დედა-დედა! რა იკადრა ეს, ა?!
ლია დეიდა. თქვენც კაი დროს ჩამოხვედით რა, მანანიკო?!
დედა. ლია დეიდა, ბავშვს მეორე დღესვე აუწია სიცხემ… ნაცნობი არავინ, ხმის გამცემი არავინ… ავდექი და წამოვედი მეც თბილისში… რა მექნა?
ბებია. …თან ბავშვი სიცხიანი! უიმე-უიმე-უიმე.
დედა. ცულელმა, თან კიბეძე ამოილბინა – მამიკოც გავაქალებო და… რა ნახა ეს, რა?!
ბებია. მოუკდა მაგაც ბებია… მოუკდა! მთელი ზაფქული ცაემწალა ვიგაც ცათლაქის გამო!..
დანარჩენი, რაც სცენაზე მოხდება, მანანას მოგონებას უნდა წარმოადგენდეს, ამიტომ დეკორაციის შეცვლა იქნება საჭირო: მაგიდა – რის გარშემოც აქამდე ლია, ბებია და დედა ისხდნენ – საწოლად უნდა გადაკეთდეს; დღის სინათლე, რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა, უნდა შეიცვალოს მთვარის შუქით, ხოლო დედა, ბებია და ლია დეიდა – ქეთათოს მამითა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალით, რომელიც საბან-მოხვეული გაწვება საწოლზე. დააცხრება, თუ არა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს მერაბი (უშარვლო!), შემოსასვლელიდან ქეთათოს ხმაც გაისმება: მამიკუნა, ცვენ ცამოვედიით! სადა ქალ?
მამა. ეს მომეჩვენა, ხო?..
ოთახში ქეთათო შემოვარდება.
პაუზა
ქეთათო. უი, მამიკო სტუმალი გვკავს?
მამა. მამი, ცაიდან გაცდი ცემი გოგო აქა?!
ქეთათო. დედიკომ ცამომიკანა… სიცქემ ამიწია…
მამა. დედიკო ცადღაა, მამი?
ქეთათო. ექა მოვა… კიბეძე ამოდიც.
მამა. (ქალს) ჩაიცვი.. ჩქარა!.. (ფაციფუცით იცმევენ) ქეთათო, მამა!.. მიდი ცენ დედიკოც დაქვდი – ეცა ცემი თანამსომელი დეიდაა და ცაქმეზე მოვიდა…
ქეთათო. (მოულოდნელად კივილს დაიწყებს) …ცენი თანამსომელი კი ალა – ბოძია ეგა!.. ბოძი დეიდაა!.. ლატომ მატკუებ? დაუსაქიცლე დედიკოც ცქოვლება!.. ფაქტიულად მოსპე, ქო?.. კიდევ ეც უნდა ალა? ეცაა სენი ელთგულება? ესაა ლო მეუბნებოდი, სენი და დედიკოც მეტი ალავინ მიკალსო?! ლა უნდა გამოვიდეს ცემგან? დანგლეული ფსიქიკიც მქონე ალსება!.. სე ცუდო! სე საძაგელო!.. ლა უთქალი მე იმ მგვდელს, ვინც სენ დედაცემზე ჯვალი დაგწელა?!
მამა. აალა, მამა!.. ნუ მიყვირი, მამა, სენ სემოგელე…
ქეთათო. …ბოძი, ლო მოგკავს ცემ საქლცი! ბალდელი, ლო გაქსენი აქ!..
მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. (მოთმინების ფიალა აევსება) არა, გოგონი, გეშლება!.. მომისმინე, ჩემო კარგო: რატომ გვაყენებ, დედი შეურაცხყოფას?! სენქელა სილისილი მკავს მე!
ქეთათო. ეგღა მაკლია ექა წკუა მალიგოც ვიგაც ბოძანდალამ! გაეთლიეთ ოლივე აქედან!.. ცუდებო თქვენ!.. ბოიოტებო თქვენ! ცაძიძგლებო!..
შემოდის ქეთათოს დედა. ჭრელი, ზღვის ჩანთა აქვს გადაკიდებული. ხელით მეორე, უფრო დიდ ჩანთას მოათრევს.
დედა. მერაბ, რა ხდება აქ?..
ქეთათო. ვიგაც ბოძი მოიკანა დედა, მელაბმა… აი ლაც ქდება!
დედა. ბოძიი?..
მამა. დაუჯერე ხო ეხლა ბავშვს?! ყველაფერს აგიხსნი…
ქეთათო. ალ მოტკუვდე, დედა! მთელი ცქოვლება ისედაც ტკუილსი ქალ!..
დედა. მერაბ, გამაგებინე, რა ხდება ჩემს სახლში და ეს ქალი ვინაა?
ქეთათო. ქალი კი ალა – ბოძია ეგა, ბოძი!!!
მამა. უუხ შ…
დედა. ბავშვს ხელი არ ახლო!.. ბავშვს ხელი არ ახლო, შე არაადამიანო!.. ნადირო შენ!..
ქეთათო. ტადი აქედან! ტლაკო სენ!.. ტლაკო!
მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ოთახიდან გარბის, მამა საწოლზე ჯდება, დედა ჩუმ ტირილს იწყებს, ქეთათო ილანძღება.
…
კვლავ ლია დეიდა, ქეთათოს დედა და ბებია.
ლია დეიდა. რა აღარ ნახა, რა აღარ განიცადა უკვე ამ ბავშვმა?! ცოდოაო?.. ცოდო კი არ – ძალიან ცოდოა.
ბებია. (ლიას მიმართავს, მანანას უყურებს) …სახლიდან, რო გაიქცა ქალბატონი თექვსმეტი წლის ასაკში, რა ეგონა, აბა?!
დედა. ოჰ, კარგი რა დედა… ეს რა შუაშია?..
ლია დეიდა. შენა და, მანანიკო, რო მიყვებოდი ცოლად, მაშინაც ასეთი იყო, თუ მერე და მერე შეიცვალა? გაიგოს მაყურებელმა.
ბებია. თავიდანვე იყო ტეტია – ჩემი აზრი, თუ გაინტერესებს, – სოფლელი, გაუთლელი პროვინციალი… დალილასა და მაულერის შვილი მერაბი!..
დედა. …არანაირი ტეტია და სოფლელი ეგ არ ყოფილა, დედა! მერაბი შეიცვალა თბილისის ომის დროს… ეს სროლები, კარტის თამაში, ცხენები, ნარდი… გამოშტერდა კაცი! მარტო ეგ კი არა, მთელი მისი სამეგობრო თუ, რა ვიცი, საძმო… რასაც ეძახიან, მოკლედ… ზოგი გამორფინისტდა კიდეც.
ბებია. დარწმუნებული ვარ, არც მერაბს დაუკლია ეგ სიამოვნება!
ლია დეიდა. გაშორდი, მანანა! სასაცილო ხარ უკვე!..
დედა. უიმე, გაშორებულები არა ვართ-მეთქი, ლია დეიდა, ისედაც?!
ლია დეიდა. ოფიციალურად!
დედა. გაშორება – გაშორებაა. ოფიციალური და არა-ოფიციალური გაშორება…
ლია დეიდა. …მოდი ვთქვათ – განქორწინება, კარგი?
დედა. თუ ხო… განქორწინება, არ არსებობს!
ბებია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გაგეგდო ეგ არამზადა სახლიდან – ლია, რო გაგვილახა სადარბაზოში!..
ლია დეიდა. კაი ეხა, რა დროს ეგაა? აღარც მახსოვს უკვე… აქ სხვა რამეა მთავარი!.. სხვა რამე კი არა – ბავშვი, ხალხო… მეც მაგარი ვინმე ვარ.. სხვა რამე! ქეთათო… ქეთათო და მხოლოდ ქეთათო!
დედა. ძალიან დავიბენი, ლია დეიდა. აღარ შემიძლია. რა ვქნა, არ ვიცი. მამის გარეშე ბავშვი ცოდა, მაგრამ ასეთ მამასთან ცხოვრებაც საშინელებაა!
ლია დეიდა. დაღუპეს მერაბი იმ პაპუნამ და სანეებლიძეებმა!.. დაღუპეს!.. სანამ ამ მაწანწალებთან ერთად სუფრასთან დაჯდებოდა, ჩემთვის ეკითხა, რა!
შემოსასვლელიდან ნაბიჯების ხმა გაისმება.
დედა. ვინაა?
ბებია. (წამოდგება) მოიცა, გავიხედავ.
შემოდიან ავთო (ბაბუა) და ქეთათო. ქეთათო ლია დეიდასთან მიირბენს და აკოცებს. ხელში თაიგული უჭირავს. ლია დეიდა და ბებია ალერსიანად აქვითინდებიან.
ლია დეიდა. ცემი სოცოცე, პაწაწუნა!
ბებია. ცენ მოგიკდა ბება, ცენ!
დედა. ცად იკავი დედიკუნა ამდენი ქანი, ცად?
ავთო. …მოუკევი ბაბუკა ცად ვიკავით, აცე და აცე ვქენით-თქო მე და ბაბუკამ, უთქალი… ვაკის პალკსი ვიკავით-თქო ბაბუ, ძალისკაცის საფლავი ვნაქეთ და ბევრი ვიცეილნეთ-თქო, მოუკევი… ბიძია ცოცო სეგვქვდა და ქაჭაპულზე დაგვპატიჟა-თქო ბაბუ, უთქალი…
ბებია. (ქეთათოს) ალ სეგცივდა, ბება? ან კაკულები ალ მოგინდა? ლო მიდიქალ საქლიდან და, ლო აგალ ბლუნდები, ალა გცქვენია ცენა?.. დიდი გოგო ქალ ბება უკე? უცნო სეენ! ცუდო?! აგალ გინდა ალა საქცი მოსვლა, ბება?
ქეთათო. მე და ბაბუკამ კვავილები დავკლიფეთ და ვიცეილნეთ ძაან ძაან ბევლი და… ცულ ვიალეთ აქეთ-იქით…
ლია დეიდა. ლოგოლ ტიტინებს კათო უკვე თავისუფლად, ჰა?! დიდი გოგოა, გაიძალდა უკე!
ბებია. აგალ უნდა საქლსი მოცვლა, გათქოვება უნდა… ქმალთან ელთად უნდა საწოლსი კოტლიალი!
ქეთათო. ბაბუკამ დექციც მასწავლა: ილემო მთაცა მკვილალო…
ბებია. სენ სემოგელე მე!.. სასაქელო ცემი გოგო – ლო გამოცდება ტელელოზცი და ბებოს, ლო ასაქელებს… ცუნცულიკო პატალა… ციცუნია ცემი!
ავთო. (ქეთათოს მუხლებზე დაისვამს) ლექცებიც ვთქვით, ვიცაუბლეთ კიდეც… ვიმგელეთ კიდეც!
ქეთათო. გმელთზეც ვილაპალაკეთ… კოცმოცზეც… ცაზოგადოების პლობლემებსაც სევექეთ… ბაბუკამ მითქლა – ადლე ატეიცტი და უგმელთო ვიკავი იმიტო ლო წკობა იკო აცეთიო – ცაბწოთა კავსილი იგულისქმა, ლა თქმა უნდა, – ექდა კი ეწვი აგალ მეპალება, ლომ იმ ქვეკნადაც ალსებობს ლამეო…
ლია დეიდა. ორი კვირის წინ ვნახე ბოლოს და როგორ ალაპარაკებულა ამ ხნის განმავლობაში, მანანა, გაგიჟებული ვარ… კიდე ლაო, დედუკინო, ბაბუმ, ლა?!
ქეთათო. მოთმინებითა ცენითა მოიპოვე ცაცუფეველი ცენიო – ეცეც მითქლა… ვინაც აგიგოს მაქვილი მაქვილითავე სეიმუსლოსო!
ლია დეიდა. ავთო, ბავშვისთვის ადრე არ არის?
ავთო. იცოდეს, იცოდეს… არაფერი დააკლდება.
ქეთათო. ელთ ლამესაც მივქვდი – ცოდნიც გალეცე ამ ქვეკნად ველაფელს მიაგწევ! ლისთვის მოვედი? ლა მინდა? კოფიელების ცაიდუმლოც ცეძლებისდაგვალი ამოქცნა – აი ლა უნდა იკოს თითოეული ადამიანიც, თითოეული ცვენთაგანიც ვალი… ან თუ სეიძება აცე ითქვაც – ამოცანა…
ლია დეიდა. შენ შემოგევლოს, ლია დეიდა…
ქეთათო. ჭკიანი ცქვის სეცდომებძე სწავლობს წკუას – ცულელი კი ცაკუთალძე!
ბებია. ესეც შენ უთხარი, ავთო?
ქეთათო. ჰომო ჰომინი ლუპუც ეცტ!
ბებია. ალ მოგსივდა ბებიკო, ამდენც ლო ტიტინებ?.. ან წამა ალ გინდა? ან კაკულიკები?..
ქეთათო. სეიცან თავი ცენი, ბება!
ბებია. მოგეწონა ბებიკო უცნობი ძალისკაცის საფლავი?
ქეთათო. ბაბუკამ აქლოც ალ მიმიკანა – იქო ცეცქლიაო და მეცინია, სიგ ალ ამოვიწვათ ძოძოქეთიც მასხალებივითო…
ლია დეიდა. ეს რამ გათქმევინა, ავთო?
ავთო. იგონებს, კაცო! დაუჯერე შენც.
ლია დეიდა. ცაიდან იცი გოგო ამდენი ლამე? აცეთი ჭკიანი ცაიდან ქალ?
ბებია. ბებუკა, ელთი ქაჭაპული ალ გაგაძგობდა ცენ! ან ალ გსია, ან ალ გწკულია?
ქეთათო. მე იცი ლა ვისწავლე, საბავსო ბაგცი? ტოლტი ლოგოლ უნდა გავაკეთო ცოკოლადიც… ფანტაცტიული გემო აქვცო, მითქლეც.. ეცე იგი – სამი კველცქი, ჭიქა-ნახევალი ცაქალი, ცედედებული ლძე…
ბებია. შენ გენაცვალოს ბებიაშენი…
ქეთათო. …კალაქი ოლასი გლამი, ელთი წიქა მაწონი, ნაქევალი ცაის კოვძი სოდა, ოლი სუფლის კოვძი კაკაო და კავა…
ლია დეიდა. (იცინის) შენ შემოგევლე მაგ “კავაში”! ყ-ს ვერ ამბობ, ხო?! ყ ალ სეგიძლია, ქო?!
ავთო. ვერ ამბობს და ისა კიდე… თქვი, ბაბუ – ყავა.
ქეთათო. კავა!
ავთო. (ლია დეიდას) ეგეც შენ! (ლია დეიდას გააჯავრებს) ვერ ამბობს…
ქეთათო. აცოებც ლა მნისვნელობა აქვც? მთავალია ციტკვები!.. ციტკვები, ციტკვები, ციტკვები – დიდებული ინგლიცელი პოეტიცა და დლამატულგი სექსპილის თქმის ალ იკოს!
ბებია. ლია დეიდა, სენ ქო ალ იცი, ლოგოლ ვიდალდეთ ცვენი მეძობელი, ლო გადაიცვალა წინა კვილას?! ლოგოლ ვტილოდით, ლოგოლ გვეცოდებოდა…
ქეთათო. (ხელებს ლოყებზე აიფარებს) ვაიმე-ვაიმე-ვაიმე! ალ გამაქსენოთ ეც… ალა! ლა ადამიანი დავკალგეთ, ლოგოლი პატიოცანი?! დაგვაობლა მთელი ცაძოგადოება, წესმალიტად.. მალტო დაგვტოვა… უნუგესო წილისუფლებად გვაქცია, მალადჟამ!
შემოსვლელიდან კაკუნის ხმა გაისმება – თავხედური კაკუნის, თითქმის ბრახუნის ანუ.
ლია დეიდა. რა ხდება? ვინაა?
დედა. (ხმაში ოჯახური კეკლუცობა შეეპარება) …ეხლავეე!
ბებია. გაიხედე ჯერ, ისე ნუ გააღებ.
დედა. კაი რა, დე!.. (გადის)
კაკუნი ძლიერდება – თუმცა, კაკუნი აღარც ქვია ამას.
ქეთათო. ტყეჩი გაიძალდა ეც ქალქი? ლა ალი, ნუ ლა?!
ქეთათოს დედა ოთახში შემობრუნდება.
დედა. მერაბია!.. საცაა კარს შემოამტვრევს… ისეთი მთვრალია – გონზე არ არის…
ქეთათო. ლა-ა? მთვლალია?
დედა. ქო, დედა… ქო!
ბებია. ვაიმე-ჰ!.. ლია გადამალეთ!
ლია დეიდა. შემოვიდეს ერთი!… შემოვიდეს და ვნახოთ მერე – ვინ-ვის… ვინ ვინაა დღეს საქართველოში?! მაგ უბედურს შარშანდელი ლია ხომ არ ვგონივარ?!
ქეთათო. ვიცოდი, ლო ალ ცემელგებოდა ეც ვაკის პალკი!
ავთო. დედას ვუტირებ! მანანა, გაუღე კარი!.. (გულწასული იატაკზე გაიშხლართება)
ბებია. ავთო!.. ავთო მომიკლა ამ დამპალმა!
ლია დეიდა. (ფანჯრიდან აპირებს გადახტომას) დედა, რამსიმაღლეა ეს ოხერი, ჰა?..
ბებია. ავთო!
სულ ცოტაც და მერაბი კარს შემოამტვრევს,
უკვე საკმაოდ გარკვევით ისმის მისი გინებაც.
ქეთათო. უჰ!.. ცვენზეა ლა ნათქვამი – კაცი ბწობდა და გმელთი იცინოდაო… მაინც ლამხელა სიბლძნეც იტევს თავის თავსი ცვენი ფოლკლოლი?!
შემოდის სახე-ალეწილი მერაბი, რომელსაც არყის სუნი უდის.
მამა. ალ მელოდით დედუკებო?..
ქეთათო. (შეშინებულია, მაგრამ გულადიცაა ამავ დროს) ალა!
სურათი მესამე
გავიდა ორი თვე…
სასამართლოს დარბაზი.
სხდომის თავმჯდომარე, ბრალმდებელი, ბრალდებულის ადვოკატი, დამსწრე საზოგადოება – მათ შორის: ქეთათო, რომელიც სულ ბოლო რიგში ზის ბაბუასთან ერთად; დედა, ბებია და მამა – ოღონდ გალიაში, განსასჯელთა სკამზე.
ბრალმდებელი. ვიცით! მოვისმინეთ… კიდევ ბევრჯერ მოვისმენთ, რომ მერაბ დავლიანიძემ შეამტვრია კარი, ხალხო… ცეცხლი წაუკიდა ფარდას და გააუპატიურა მოქალაქე ლია მონიავა!.. ყაჩაღობაო? ბანდიტიზმიო?.. არა! უარესი! უფრო მეტი ჰქვია ამას!.. რა, ოღონდ?.. რა?! რა ვუწოდო ასეთ საშინელ დანაშაულს? ოჯახის მეგობარს – თითქმის შუახნის ქალს, რომ შენი შვილის, ცოლის, სიდედრისა და გულწასული სიმამრის – მეორე სამამულო ომის ვეტერანის თვალწინ გააუპატიურებ – ვინა ხარ?.. მხეცი? ნადირი? უცხო ფრინველი ჩხავილით მოსული ქვეყნადა?!
მამა, მერაბი ანუ. (თავისთვის) მორჩით, რა!.. გეყოთ.
ბრალმდებელი. ოცი წელი! ვითხოვ ორ ათეულ წელიწადს, – მამობის უფლების ჩამორთმევით, საზოგადოების ზურგშექცევით, მისი ცოლის – ქალბატონი მანანას დაუყოვნებლივ გათხოვებით და მამინაცვლისა და პატარა ქეთათოს სასწრაფო დამეგობრებით!
მართალია ორმა თვემ განვლო, მაგრამ ძალადობისა და შეურაცხყოფის კვალი ჯერაც არ გამქრალა ქალბატონი ლიას სხეულიდან!
დაგვენახეთ, ქალბატონო ლია! დაგვენახეთ, შეურაცხყოფილო მდედრო!
ლია დეიდა კოჭლობითა და კვნესა-კვნესით
შემოვა დარბაზში – გაივლ-გამოივლის, თუმცა
გავლა-გამოვლა აღარც ჰქვია ამას.
ერთ-ერთი დამსწრე. (თავისთვის) აუჰ, საწყალი ქალი?! ეს რა უქნია ამ მხეცს, ა?..
ბრალმდებელი. ველური ჟინი, დაუოკებელი ვნება, ავი გონი და მავნე ჩვეულებანი – აი, შედეგი: ქალბატონი ლია მონიავა…
სადმე, თუ გინახავთ ასე თავხედურად გაუპატიურებული ქალი?
ლია დეიდა. ვაიმე!.. ვაი… (თითქოს ძვლებში ტეხავს – სახსრები ტკივა) ვაიმე-ვაიმე-ვაიმე!.. ვაიმე, დედა!.. ვაიჰ, ვა-იჰ!..
ბრალმდებელი. დაბრძანდით, ქალბატონო ლია, საკმარისია. გმადლობთ.
ქეთათოს ხმა დარბაზიდან. (თვითონ ქეთათო არ ჩანს) საძიძგალი ეგ! ლია დეიდაც კი ალა – საელთოდ, საძოგადოდ ქალებც მიაკენა სეულაწკოფა!
სხდომის თავმჯდომარე. ვინ ყვირის, კაცო?.. სიჩუმე დარბაზში!
ბრალმდებელი. ეხლა გაცინოთ! მთლად აბსურდი: მეო, ეს ჩვენი ძვირფასი ბრალდებული ამბობს… ძვირფასი, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, – იმ ავბედით საღამოს გატიალებული მთვრალი ვიყავი და ჩემი ცოლი, ქალბატონ ლიაში ამერიაო… და რაკიღა ლია მონიავა საკუთარი მეუღლე მეგონა – გაუპატიურებაზე ლაპარაკი, ჩემი აზრით, ზედმეტი უნდა იყოსო… გესმით, ხალხო?! არ ჩაბჟირდით?!
ბრალდებულის ადვოკატი. მე პრო… პრო… პროტე-ტე-ტე…
ბრალმდებელი. ნუ, შეუძლებელია ასეთ პირობებში მუშაობა!
სხდომის თავმჯდომარე. პროტესტი არ არის მიღებული.
ბრალდებულის ადვოკატი. უ-უ… ჰუ-უ… უ!
ბრალმდებელი. …ეგო, ამბობს, ჩემი ცოლი მეგონაო, ხალხო!.. არ გეცინებათ? არ არის ეს სასაცილო?.. (მიმართავს ბრალდებულს) აჰაა, ესე იგი, რაღაც ფოკუსთან გვაქვს საქმე… ფოკუს-მოკუს!.. შენი გონების რომელიღაც უცნაურ უჯრედთან, პაწაწინა კუბიკ-რუბიკთან!.. შენ ითხოვ ჩვენგან ფსიქოთერაპიას, მკურნალობას (კივილით) …იქნებ მღვდელსაც? ვერ მოესწრები! შენ ხარ რიგითი, სრულიად ჩვეულებრივი… ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ლოთი და შფოთი… და, ალბათ (კვლავ კივილით) პედერასტიც?!
ბრალდებულის ადვოკატი. პრო… პრო… ტე-ტე…
სხდომის თავმჯდომარე. პროტესტი მიღებულია.
ბრალმდებელი. (ჯდება თავის ადგილზე) ორი ათეული წელიწადი, ოცი გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა-ზამთარი გისოსებს-მიღმა, დილეგში, სატუსაღოში!!!
სხდომის თავმჯდომარე. ბრალდებულო, შეგიძლიათ თუ არა რაიმე თქვათ თავის გასამართლებლად?
მამა. (დათრგუნული, მხრებში მოხრილი და გაუპარსავია) სიმართლე?.. რაი არს, რო სიმართლე?.. თავის მართლება? ვისთან?.. საკუთარ თავთან?! საკუთარ თავთან ხომ დაბადებიდან წაგებული ვარ… წაგებული ვარ ჩემს შვილთანაც… მხევალი ღვთისაი ქეთათო დავლიანიძე… მე მრცხვენია მისი, მართლა მრცხვენია…
ქეთათოს ხმა დარბაზიდან. ექა კაი დლოსია – ქეთათო! მასინ, ლატო ალ შეგლცქვა ცემ თვალწინ ლია დეიდა, ლო იხმალე?!
სხდომის თავმჯდომარე. ბავშვს რა უნდა აქ?.. სიჩუმე!
მამა. …მაგრამ აი, სად მოტყუვდით! აი, სად შეგეშალათ! აი, ვით გადეფარა ბინდი თვალთა თქვენთა!.. გგონიათ, მარტო მე ვარ არა დამნაშავე?! დამნაშავე – ის ახალი წელია – ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი, რო მოიტანა… დამნაშავე ის ოთხმოცდაცამეტი წლის ახალი წელია მე, რო ხელში იარაღი ამაღებინა… იყო კი… წამალიც იყო, სისხლიც იყო… ქეიფიც იყო, ქალებიც… დედაც!
…დედაჩემიც იყო! დიაცი სწორი ანგელოზთა და სადარი მზისა!..
მთელი ეს წლები სამსახურს ვეძებდი…
მგონი, დღეს ვიპოვე… (დაჯდება, ხელები უკანკალებს, მკერდზე ჩამოკიდებულ ხის ჯვარს აკოცებს)
ხანგრძლივი სიჩუმეა
სხდომის თავმჯდომარე. (ბრალდებულის ადვოკატს) თქვენი აზრი? სხდომა დასასრულს უახლოვდება, თქვენ კი ჯერ ერთი სიტყვაც არ გითქვამთ?!
ბრალდებულის ადვოკატი. მე… ებ… ის, რომ… ბე-ბე… ოც… ოცი წე-წე… იმიტო, რო… ე-ეე…
ქეთათოს ხმა დარბაზიდან. სეიძლება ლაგაც ვთქვა, პატივცემულო მოცამალთლევ? (წინ გამორბის, კინაღამ დაეცემა)
ავთო. ფრთხილად, ბაბუ!..
ქეთათო. ჰა? სეიძლება?
სხდომის თავმჯდომარე. ეს ბავშვი ვინაა?
თანაშემწე. ბრალდებულის ქალიშვილია. სხვათაშორის, ძალიან ჭკვიანი და ენაკვიმატი ბავშვი.
ქეთათო. …მომეცით უფლება, ლომ ლაგაც ვთქვა! ეს ცემი ვალია! თან ცემი ქვეკნის კონცტიტუცია მაძევს ამის უფებას… იქილეთ მეოლე თავის ოცდამეოთქე მუქლის პილველი პუნქტი: კოველ ადამიანც აქვს უფება თავიცუფლად მიიგოს და გაავცელოს ინფოლმაცია, გამოთქვაც და გაავცელოს თავიცი აზლი ძეპილად, წელილობით ან სხვაგვალი სასუალებით! ცენზულა დაუშებელია!
სხდომის თავმჯდომარე. (თანაშემწეს) რა ვქნა?
თანაშემწე. მიეცით სიტყვა. თუ ვინმეს შეარცხვენს, ისევ საკუთარ თავს.
სხდომის თავმჯდომარე. ხოო?.. კეთილი. (ქეთათოს) აბა, გოგონი, მითქალი ლა გქვია?
ქეთათო. მე ამ კაცის სილი ვალ!
თანაშემწე. ალა, საქელიო… საქელი მითქალიო.
ქეთათო. ქეთათო!
ბრალმდებელი. სენ სემოგელე მე. უკულე ამას?!
ბრალდებულის ადვოკატი. (თავის ცხოვრებაში პირველად იტყვის წინადადებას ბლუკუნის გარეშე) დიდი ჩათლახი ბავშვი უნდა იყოს ესა…
სხდომის თავმჯდომარე. ლამდენი წლიცა ქალ, ქეთათო?
ქეთათო. (თითებით უჩვენებს) აი ამდენიც!
სხდომის თავმჯდომარე. ო, დიდი გოგო კოფილქალ უკვე!
ქეთათო. …სკოლაც ექსტელნათ დავამთავლებ!
ლია დეიდა. (სკამზე ძლივს ზის, კვნესა-კვნესით და მაინც სიყვარულით) ვაიჰ… შენ გენა… ცვალოს ლია დეი… და…
სხდომის თავმჯდომარე. ლის თქმას აპილებ? აცეთი ლა უნდა გვითქლა, ქეთათო?
ქეთათო. კონკლეტულად ალაფლის. ცემი მოკლე სიტკვა ძოგადი იქნება!
სხდომის თავმჯდომარე. აბა, გისმენთ.
ქეთათო. გაგიგონიათ, ალბათ ეს ლექცი: ცულო ობოლო… თითქოც ცემზე უნდა იკოს დაწელილი, იცეთი სთაბეწდილება მცება… დიაქ! მეც ობოლი ვალ… თუმცა დედაც მკავს და მამაც!
სხდომის თავმჯდომარე. ეს ლექცი ვინ გასწავლა, ქეთათო?
ქეთათო. ბებამ!
ბებია. (ზის მეოთხე რიგში, საოცრად თავმდაბალი და ამაყია ამწუთას) კი, ბება, კი… მე გასწავლე. დიდი მადლობა, ბებიკო.
სხდომის თავმჯდომარე. ძალიან კარგი. მელე?!
ქეთათო. უჰუ-უჰუ! (ჩაახველებს) მე ცგდომის გამალობასი სუ მამაცემს ვუკულებდი, ვუკულებდი და ვცდილობდი, ლომ ლაც სეიძება კაქათ დამემაქსოვლებინა მისი ნაკთები… ოცი წლის მელე, ლო გამოვა – თუკი თქვენ მას ოც წელიწადს მიუსძით მექუთე თავიც ოთხმოცდამეოლე მუქლის პილველი პუნქტიც მიქედვით – მეც შეცვლილი ვიქები და იციც!.. მალთალია, ის დამნასავეა, მაგლამ ის მაინც მამაა ცემი!.. უმამოდ გაზდილი გოგო კი, მოგექსენებათ, თუ ლა საცოდავიცაა?.. ხალხიც მტლის შილი… მაქსენდება სტალინული ლეპლესიების დლოს დახვლეტილ მამათა შილები, ლომელთაც ალც უმაგლესში ცაბალების უფლება ქონდათ და ალც ტლამვაით მგზავლობიც!.. ლა უნდა გამოვიდეს ცემგან? ამ კითხვაც ხშილად ვუმეოლებდი მამაცემსაც და აქლა თქვენც გისამთ: დანგეული ფსიქიკიცა და ნევლებიც მქონე ადამიანი… დაჭელილი მამა, მალტო დალჩენილი, გაუბედულებული დედა და მალად ხეიბლად გცეული ლია დეიდა…
თანაშემწე. (თავისთვის ჩაილაპარაკებს) ასეთი რა უქნა ამ მართლა მხეცმა ქალბატონ ლია მონიავას, რომ სამუდამო ინვალიდად აქცია იგი?!
ქეთათო. …თუკი დედა გათქოვდება – ცემთვის ცუდი იქნება თავისთავად: მამინაცალი, მასთან სეგუება, ცემი კომპლექცები… პლოტესტები, ლომლებიც გალდატექის ასაკთან ელთად მოვა… და უამლავი, უამლავი ცუდი ლამე!.. მაგლამ გაუთქოვალი დედაც – ძელ სლულიად აქალგაზდა ქალი – ლა თქმა უნდა, აცევე ცოდო იქნება: ნაადლევი კლიმაქცი, ციება, ცქელება, ჰოლმონალული ლღვევა… მოკლედ, ლოგოლც გელმანელები ამბობენ ქოლმე: ალეს ისთ ზელ, ზელ სლეხთ!..
ავთო. ცხვირიდან თითი, ბაბუ!..
ქეთათო. ამ დლოს, მომავლის ლოგოლი იმედით მოვაგწიე ამ ასაკამდე?! ლამდენი საოცლება იქსნებოდა ცემი და ცემი თაობის წინასე?.. ინტეგლაცია, ევლოკავშილი, სენგენის ვიზა… ევლოპას აღალ სჭილდება საზგვალი, ცვენ კი ცვენს ნაწუწსი ვიქუთებით… ცემი ნება, ლო იკოს სლულიად სევცლიდი ცემი ქვეკნის კონცტიტუციას… სისხლიც სამარლთიც კოდექსიც ითქოვც გალკვეულ კორექციაც… თუმცა აქ ალც ადგილია ამიც და ალც დლო გვაქ საამიცო!..
ავთო. ცხვირიდან თითი, ბაბუ…
ქეთათო. გგონიათ ტკუილი თქვა მამამ, ლოდესაც თავის თავთან ელთად დლოც დაადანასაულა?.. ამ დლომ ქალთველ მამაკაცებც სიცოცქლე წაალთვა და ალსებობაღა დაუტოვა მხოდოდ… სიცოცქლე და ალსებობა კი, მოგექსენებათ, სქვა და სქვა ცენტენციებია!.. და აი, მე გთქოვთ – მამაცემის საქით, სეძებისდაგვალად, სეღავათი გაეწიოც ალა მქოლოდ დამნასავეთ, ალამედ ცვენს დლოსაც!.. განვლილ წებსაც!… ვაპატიოთ ამ ხალქს, დავივიწოთ კველა ტივილი, მივცეთ ამ ადამიანებც – მამაცემსაც ვგულისქმობ მათსი, თუმცა კი კველაძე ბევლი ტივილი მან სწოლედ მე მომაკენა – სანსი, სუ პატალა სანსი, ლომ ნულიდან დაიწკონ კველაფელი… ავაშენოთ აქალი დემოკლატიული საქელმზიფო, ცადაც ადამიანები – მოქუცები, ქალები, გონებლივად გავითალებული ბავცები…
ბებია. (თავისთვის) შენნაირი ბავშვები, ბება, შენნაირი!..
ქეთათო. …თავიც უფებებს დაიცავენ! მოითქოვენ, იმუსავებენ, დატკბებიან ცოვლებით… უნდა დამლთავდეც კოლუმპილებულ ბულზუათა, ფეოდალთა და გაქცუებულ მექლთამეთა თალესი ცვენს მიწაძე… (ცქმუტავს) სეიძება, მე თემაც გადავუქვიე, მაგლამ ასე ალ ალის: გალიასი გამომწვდეული მამა, სწოლედ ამნაილ აზლებს უნდა აგძლავდეს სილსი!.. (ადგილზე ვერ ისვენებს) პატიებისა და სიკვალულის გალეშე ბოლოტება გაიძეძილებც… მშიელი ბავსები, მათქოვალი მოქუცები, გაუთქოვალი გოგოები…
სხდომის თავმჯდომარე. ღმერთმა ნუ გაგვითენოს, ქეთათო, ასეთი შავი ხვალინდელი დღე!.. თუმცა, მე მესმის შენი… სენი ასაკისათვიც დამაქასიათებელია აცეთი აძლოვნება… მაგრამ, დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება… ხვალ მოხუცები აღარ იმათხოვრებენ… შენ გეყოლება გადასარევი, ლამაზი… ჭკვიანი ქმარი…
ქეთათო. ფუუ! ველ ვიტან ბიწებს! კაით, ლა?! მე ვითქოვ მქოლოდ პატიებაც, დლოიც, ცაუკუნიც… ეპოქიც პატიებაც! (ცქმუტავს)
ბრალდებულის ადვოკატი. (კიდევ ერთი გამართული წინადადება, რა თქმა უნდა, თავისთვის თქმული) არ ჩაეფსას, ამ შობელძაღლს!
სხდომის თავმჯდომარე. ქეთათო, შენ უკვე დიდი გოგონა ხარ და საკმარისად ჭკვიანიცა ხარ იმისათვის, რომ გესმოდეს: მამაშენი – დამნაშავეა. რა შუაშია აქ დრო, ჩვენი ქვეყანა და ხალხი?! ჰა, მიპაცუქე, ლა ცუაცია? მან ჩაიდინა სერიოზული დანაშაული… შენ კი, როგორც შეგატყვე, კარგად იცნობ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას… ხოდა, ჩემი გოგო, დასკვნაც გამოიტანე: მამამ კანონი დაარღვია. კითხვა: რისი ღირსია? პასუხი…
ქეთათო. იცით, ლას გეტკვით?.. ჯაკოს ხიძნები ალა გაქვთ წაკითქული – იქ, ლო ჯაკო მალგოც გააუპატიულებს?! პილველად მალგოს ალ ესიამოვნება, მაგლამ მელე, იცოცქლეთ, გემოს ცაატანს… ოლგაზმი – ოლგაზმია!.. უნდა გენახათ, ლოგოლი ბედნიელი სახე ქონდა ამ ცვენ ლია დეიდაც?.. ვინ ვინ და მე კი ვიცი ძუცტად… იქვე ვიდექი…
ლია დეიდა. (კვნესა-კვნესით) ქეთათო, დედა, მარგოს ვგავარ ეხლა მეე?.. ვაიმე-ვაიმე!..
სხდომის თავმჯდომარე. პასუხი, ქეთათო: მისი საქციელის გამართლება შეუძლებელია. საჭიროა დრო, რათა მან გაიაზროს ყველაფერი, მოინანიოს, აწონ-დაწონოს…
ქეთათო. ალა!.. მე მის გამალთლებას ალც გთქოვთ!.. ნუთუ, ლაც მე ვთქვი, აცეთი გაუგებალია თქვენთვიც?.. მე აქ ალა კონკლეტული ადამიანიც, ალამედ ძოგადად – საუკუნიც პატიებაც გთქოვთ… ლელიგიული სენდობა, ოგონდ საკაცობლიო კონტექსტსი!.. (კვლავ ცქმუტავს) იმიტომ კი ალ გთქოვთ ამას, ლომ პილადი ინტელესი მამოძლავებს… (ხმა აუკანკალდება, ტირილს აპირებს)
ბებია. აალა, ბება!
ქეთათო. …საელთოთ პილველი მე ვაძევდი მამაც სენისნას! (გამყივანი ხმით აბღავლდება)
ბრალდებულის ადვოკატი. ჩა… ჩა-ჩა… ეეე…
სხდომის თავმჯდომარე. (თანაშემწეს) თქვენი ბრალია. როგორ შეიძლებოდა ბავშვისთვის სიტყვის მიცემა?!
ბებია. (ქეთათოს ხელში აიყვანს, ქოთქოთით მიდის გასასვლელისაკენ) სანამ არ ჩააფსმევინა, მანამდე არ მოეშვა, რა!.. მყავს ეგეც – მოსამართლე!… ააალა, ბება, ალა! თუდი ეგ, თუდი!..
დარბაზში აყალ-მაყალია, სხდომის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგისაკენ მოუწოდებს, ქეთათოს მამა, უკვე მერამდენედ, კოცნის თავის ხის ჯვარს. ქეთათო გამკივანი ხმით ტირის.
ერთ-ერთი დამსწრე. დაგვაჯვა რა, ამ ბავშვმა თავზე…
ფარდა
© “არილი”
-
ტომაზო ლანდოლფი
ხელები
ფედერიკო შინ ბრუნდებოდა. ეზოში შესულს მოზეიმედ შეახტა სახლის სადარაჯოდ დატოვებული ბებერი მეძებარი ძუკნა. სამი მხრიდან დახშული ეზო ბოსტანს ესაზღვრებოდა, მის მიღმა კი, დაბალი სახლების იქით ვიწრო ვაკე გადაჭიმულიყო, რომელიც დამრეცად უერთდებოდა ჰორიზონტზე აღმართულ მომრგვალებული ბორცვებისგან შემდგარ ქედს. ღრუბლებით დაფარული მთვარე მას მქრქალი და ბინდიანი შუქით ანათებდა.
ფედერიკო სრულიად მარტო ცხოვრობდა თავის დიდსა და უკაცრიელ სახლში. საქმის გასამარტივებლად იგი შინ გვერდითი კარიდან შედიოდა ხოლმე, საიდანაც ორი უბადრუკი სათავსოსა და ერთი საკუჭნაოს გავლით ბოლოსდაბოლოს აღწევდა სამზარეულომდე, რომელიც ელექტრონათურით აღჭურვილი პირველი სათავსო იყო. ფედერიკომ მძიმე კლიტე მოარგო საკეტს ოხვრითა და წუწუნით სოფლური ცხოვრების დაუძლეველი მოწყენილობის გამო, რომელიც გვიანი ვახშმის მაუწყებელი კედლის საათის გულისწამღები რეკვით ცარიელსა და მარტოობით სავსე საღამოს პირდებოდა.
ძუკნასაც უნდოდა შინ შესვლა, ამიტომაც გაღება არ აცალა, ლოდსატყორცნიდან გამოსროლილი ქვის სისწრაფით მივარდა კარს და წინა თათები დაუშინა. მაგრამ იქ ფეხებში გაებლანდა პატრონს და მისგან დატუქსულმა უეცრად გაიხსენა სადღაც გადამალული გამომშრალი და ლაპლაპა ძვალი, უკან გამოიქცა, სამალავიდან გამოჩხრიკა თავისი განძი და ხმაურიანად დაატრიალა ყბებში.
პირველი სათავსოს გავლისას ფედერიკოს ყურადღება ჩუმმა ჭრაჭუნმა მიიპყრო. თაგვიაო, გაიფიქრა, რადგან იქაურობას არ აკლდნენ. მართლაც, როცა ასანთი აანთო, ერთ მსუქან ვირთაგვას მოჰკრა თვალი, რომელიც აქეთ-იქით აწყდებოდა და კედლის გასწვრივ მიიჩქაროდა ძველსა და ხმარებიდან გამოსულ ავზში დასამალავად. ფედერიკომ გაიხსენა, როგორ სძულდა ძაღლს ვირთხები (ჯერ კიდევ ბავშვობაში ხომ თვითონ დაათრევდა მას სხვენში თაგვების გამოსადევნად და ძაღლიც, პატრონის საამებლად, ზომაზე მეტად გამოიჩენდა ხოლმე თავს) და გადაწყვიტა თავი შეექცია ამ ღამეული ნადირობით. ძაღლს მოუხმო, მაგრამ გარეთ მისი ღრღნის ხმაური კადნიერად არღვევდა ღამის დუმილს. ფედერიკომ ბოლოსდაბოლოს მოახერხა თავისი ხმა საკმარისად დაეტვირთა მომთხოვნელობით, თანაც იმდენი სასიამოვნო დაპირებაც გაურია მოწოდებაში, რომ ძუკნა იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა და ერთთავად აგზნებული გამოქცეულიყო. ფედერიკომ მიუთითა იმ ადგილისაკენ, სადაც ვირთაგვა ეგულებოდა და საქმის გასაადვილებლად რამდენჯერმე ძლიერად დაჰკრა ხელი ავზის თავსახურს. შეშინებულმა ვირთაგვამ სასწრაფოდ მიატოვა თავისი სამალავი. პატარა ბრჭყალების მღელვარე ჩქამმა მონიშნა მისი ტრაექტორია იატაკზე ძაღლის თათებს შორის, რომელმაც ვერ შეძლო მისი ჩავლება და თვალთახედვის არიდანაც დაკარგა ვირთხა. და თუმცა ადამიანის ყნოსვა ვერაფერია ძაღლის გეშთან შედარებით, კაცის თვალი ძაღლის თვალზე ბევრად მახვილია: ფედერიკოს ყველა საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ ვირთაგვა (არავინ იცის, რატომ სხვა მხარეს არ გაქცეულა) იმ რკინის სკივრს ქვეშ შეიყუჟა, რომელიც უშუალოდ იატაკზე კი არ იდგა, არამედ აბანოს ძველი კედლიდან შემორჩენილ ხის ძელებზე. ძაღლი ახლოს მიიყვანა და ბებერმა ძუკნამაც იმის მაგიერ, რომ სკივრის გარშემო ფხაკური დაეწყო, სულ მთლად დაძაბული გაირინდა სკივრიდან მოშორებით სწორედ იმ გზაზე, რომელსაც ქვეშიდან გამოქცეული ვირთაგვა უნდა დადგომოდა. ფედერიკომ წიხლები დაუშინა სკივრს და ხის ძელებიც შეარყია, მაგრამ სულიერი არ გამოჩენილა. ფედერიკომ იფიქრა, შევცდიო, და გართობით უკვე საკმაოდ გაბეზრებული სათავსოს სიღრმეში გაეშურა. იქიდან გაიგონა, როგორ ფხაკურობდა და წკმუტუნებდა ძაღლი იმის უტყუარ ნიშნად, რომ სკივრის ქვეშ მართლაც იმალებოდა ვირთაგვა. ძაღლს აქამდე პატრონისათვის მიენდო თავისი მოვალეობა, ამიტომაც დუმდა და მისგან ელოდა მოქმედებას, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ ფედერიკო უომრად სტოვებდა ბრძოლის ველს, მოუსვენრობა გამოამჟღავნა. საქმის ამგვარმა შემობრუნებამ ფედერიკოს კვლავ გაუღვიძა საბრძოლო ჟინი და უკვე ადამისდროინდელი შანდლით შეიარაღებული დააბრუნა ძველ გზაზე.
შანდალი მიწაზე დადგა და ერთი მხრიდან წამოსწია სკივრი: ეშმაკი ცხოველი მართლაც ქვეშ იყო მომწყვდეული და მის გარშემო ატეხილი ხმაურის მიუხედავად სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა. სააშკარაოზე გამოყვანილმა უცებ ვერ შეძლო მიმართულების არჩევა და გიჟურად აწყდებოდა აქეთ-იქით ხის ძელებს შორის: ასე მტრის თათებისაგან თავის დაღწევას მაინც შეძლებდა, რადგანაც ძაღლს სამოქმედო არის შეზღუდულობა ხელს უშლიდა, საბოლოოდ დაპატრონებოდა თავის მსხვერპლს.
ორ ცხოველს შორის ცხარე ბრძოლა გაიმართა, ვირთაგვას გამყივანი წრიპინის თანხლებით. ეს მის ვეებერთელა მტერზე დიდ ზეგავლენას ახდენდა, რადგანაც იგი უფრთხილდებოდა თავისი ლაშების სველ დაუცველობას და ვერ ბედავდა მსხვერპლისთვის პირის დავლებას, არამედ დროდადრო მრისხანედ დაუღრჭიალებდა კბილებს ცხვირწინ, მერე კი მსწრაფლ უკუიქცეოდა. ამრიგად, ხის ძელებს შორის მომწყვდეული და ამ ძელებით დაცული ვირთაგვა, რომლის ყველაზე მოწყვლადი ადგილები ძაღლისთვის მიუწვდომელი იყო, მხოლოდ უშველებელ დრუნჩს ებრძოდა. ბოლოსდაბოლოს, როცა მდგომარეობა სრულიად აუტანელი გახდა, ვირთაგვამ მარჯვე ილეთით მოატყუა ძუკნა და ეზოსკენ გავარდა.
ძაღლმა წამში დასძლია მარცხით გამოწვეული გაოგნება, ელვის უსწრაფესად გამოუდგა უკან და მისმა ნახტომმა სანთლის ალი ჩააქრო. ძაღლის თათების ორი დარტყმა ვირთაგვას მრავალი ნაბიჯის ტოლი იყო, ამიტომაც ეზოში დევნა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ფედერიკო, მომხდარის უბრალო მოწმე, გარეთ გამოვიდა. ძუკნას სხეულის შუა ნაწილში დაევლო პირი ვირთაგვისათვის და ძლიერად აქნევდა მას ჰაერში, ერთი მხრივ, მოსახრჩობად, მეორე მხრივ კი, რათა თვით მოძრაობის ძალით შეეშალა ვირთაგვისთვის დრუნჩის ნაზ კანზე კბენა. ცოტა ხნის შემდეგ მიწაზე აგდებდა ვირთაგვას, თავისი მოქმედების შედეგზე დასაკვირვებლად. სულ მთლად დამტვრეული და დაჟეჟილი ვირთაგვა წამიერი უძრაობის შემდეგ ცდილობდა გვერდზე გახოხებას და ძაღლიც კვლავ კბილებში იმწყვდევდა. მაგრამ ეს ძუკნას ცინცხალი მგრძნობელობისთვის ყველაზე მძიმე მომენტები იყო, რადგან ვირთაგვა თავის სიცოცხლეს ძვირად უფასებდა და პირაღმა დაგდებული — რაც მისი საბრძოლო პოზიციაა — შეძლებისდაგვარად იცავდა თავს ხელებით (ვირთაგვას თათები ხომ მართლაც მომჩვარულ ხელებს ჰგავს) და კბილებით. გამორიცხული არც ის არის, რომ რაღაც ზიზღის მაგვარი აბრკოლებდა ძაღლის გადამწყვეტ მოქმედებას, ან სულაც ნერვებს უშლიდა ვირთაგვას პატარა, ხეშეში ბეწვებით შეიარაღებული დინგი.
აქ ფედერიკომ შენიშნა, რომ ვირთაგვა გაქცევისა და ბრძოლის მცდელობისას უკან რაღაც გრძელი და მქრქალად მოლაპლაპე ჭიპლარის მაგვარს მიათრევდა, რომელიც ხან სხეულის გარშემო ეხვეოდა, ქვევით, ხანაც ეზოს მტვერში იგანგლებოდა, ასე რომ ცოტა ხანში სრულიად დაკარგა თავისი მწირი ელვარება. ფედერიკო დაიხარა და მთვარის სუსტ ნათელში დააკვირდა საგანს. აღმოაჩინა, რომ ეს ნაწლავი იყო და გაიოცა მისი სიგრძე და სიწვრილე. შიშით მოცული გაიქცა უკან, რათა ეზოში შუქი აენთო: ნამდვილად ნაწლავი იყო, თუმცა უკვე ძნელად საცნობი და მტვრიანი. ცხოველის სხეულს არ სწყდებოდა და სწორედ რომ ჭიპლარის მსგავსად გამოდიოდა მისი მუცლიდან. ახლა, გაქცევის ერთ-ერთი მცდელობისას გამოშვერილ ქვას მოედო და ორად გაწყდა, თუმცაღა უგრძესი ნაწილი კვლავაც დასთრევდა სხეულს და იმეორებდა ყოველ მის კრუნჩხვას.
ვირთაგვა უკვე სრულიად დამარცხებული იყო და უცნაურ პოზაში იწვა, უკანა მხარეს მუცელს იყო დაყრდნობილი, წინა მხრით კი გვერდზე გაწოლილიყო, ისე რომ წინა ხელები მიწის ზედაპირის პარალელურად გაეშვირა, უკანები კი სასოწარკვეთით გაეფარჩხა. მთელი სხეული აგონიის კრუნჩხვებს მოეცვა, პირი კი გამწარებით ყლაპავდა ჰაერს. ფედერიკომ ვერ გაუძლო ამგვარ სანახაობას და ძაღლი შეაგულიანა ვირთაგვას მოსაკლავად. ოღონდაც უკვე დაკმაყოფილებულმა ძუკნამ ვერაფერი გაიგო: მას შემდეგ რაც მტერი დამარცხებულია რა აზრი აქვს, კიდევ ერთხელ ჩააგდო საფრთხეში საკუთარი ყელის სირბილე? ფედერიკო ასტამის მოსაძებნად გაეშურა, რომ ასე მოეკლა თაგვი. თავის გაჩეჩქვა არ ისურვა, რადგან სისხლის შხეფების შეეშინდა, სხვაგან კი გრძნობდა, რომ ვირთაგვას მსუქანი და რბილი ხორცი ადვილად იჩუტებოდა დარტყმის ქვეშ: ვირთაგვას თითქოსდა სულ არ ჰქონდა ძვლები. იგი განაგრძობდა კრუნჩხვას, რომელიც თითქოსდა უკვე ცნობიერი იყო, და დროდადრო ხელით მიწას ფხაჭნიდა. მისი ოდნავ გადმოკარკლული, შავი და პირქუში თვალები ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე იყურებოდნენ. გვერდზე გაწოლილი ისე ჩანდა, თითქოსდა რაღაც უგრძნობელსა და სისხლიან უძლურებაში იყო ჩავარდნილი. და მაინც, მისი სხეულის უკანა ნაწილი გასაქცევად მზადყოფნას განასახიერებდა. ფედერიკო ამ სხეული სრულმა უმანკოებამ განაცვიფრა. მასთან ბრძოლას განაგრძობდა და დახრჩობა მოუნდომა. ამიტომაც შემოატრიალა ასტამი და ყელზე დააჭირა. უშედეგოდ: ყელი ისევე ნებდებოდა ძალას და ისევე იჩუტებოდა, როგორც დანარჩენი სხეული. რბილი ხორცის სქელი ფენის ქვეშ არც ხერხემლის სიმაგრე იგრძნობოდა. მხოლოდ კანი იჭიმებოდა და აშიშვლებდა უკვე ჩამოკიდებულ ულვაშებს შორის პაწაწინა კბილებს, რადგანაც დაჭერისას თავი უკან იწევდა და პატარა პირი სამკუთხად იღებოდა რაღაცნაირი გამოუთქმელი მხიარულების ნიშნად. ვირთაგვა ახლა ჩვილ ბავშვს ჰგავდა, სატირლად რომ ემზადება, ოღონდაც მწუხარების გარეშე. ფედერიკოს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ვირთაგვა ნებივრობდა. იმედდაკარგულმა კვლავ ძაღლს მოუხმო, რომელიც ბოლოსდაბოლოს მიუხვდა სურვილს: ამაზრზენმა ტკაცუნმა დედამიწაზე ჩვენი ვირთაგვის სტუმრობას ბოლო მოუღო, ძაღლმა მას თავის ქალა ჩაუმტვრია.
ბრძოლა სრულიად უსისხლო იყო. მართლაც, სისხლის არც ერთი წვეთი არ ჩანდა არც მიწაზე, არც ვირთაგვას ბეწვზე, არც მისი პირიდან მოედინებოდა. ფედერიკომ კუდით ასწია იგი. კუდის წვერი ბრძოლისას გაიცრიცა და ბალნიანი რგოლების მიღმა ხერხემალი გაშიშვლებოდა. ფედერიკო შუქზე დააკვირდა ვირთაგვას: მუცელზე ძაღლის ეშვით დატოვებული ჩანახევიდან რაღაც ხმელი, დანაოჭებული სოკოს მსგავსი იყო გამოშვერილი და ნაწლავის ნარჩენი. სისხლის კვალი არც აქ ჩანდა.
ფედერიკომ ცხოველი ეზოს შუაგულში დაასვენა, ისე რომ დილას მოსულ მოახლეს დაენახა და, იქნებ, შეშინებოდა. მერე ძაღლს დაუძახა სტვენით და შინ შევიდა.
მას შემდეგ რაც სალათი შეკმაზა, წყალი მოიტანა, ყველა ზედმეტი შუქი ჩააქრო და კიდევ ათასნაირად შეიწუხა თავი, ბოლოსდაბოლოს სავახშმოდ მიუჯდა სუფრას. ერთი რამ დაგვავიწყდა — წიგნი. ამ მარტოსული ვახშმის თავაპირველი პირობა იყო ფრანგული მასლაათი წარმოდგენილ თანამოსაუბრესთან. ახლაც, როგორც კი კარტოფილის პირვე ნაჭერს დასწვდა ჩანგლით, ფედერიკომ წამოიწყო: ah, oui, Monsieur, je vous l’assure, c’est un spectacle dont vous devriez vous régaler… ასევე განაგრძობდა გამოტენილი პირით, თან მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ისროდა მზერას. ოღონდაც ვირთაგვაზე მოულოდნელმა აზრმა გამსჭვალა მისი გონება, აზრმა კი არა, შინაგანმა მიწისქვეშა გრძნობამ, რაღაცამ, რაც უეცრად და უცნაურად დაუკაკუნა შიგნიდან, მიანიშნა, რომ ჩასძიებოდა, და ასევე სწრაფად განქარვდა. ფედერიკომ განაგრძო ლაპარაკი, შინაგანი ხილვა რამდენჯერმე განმეორდა, თანაც სულ უფრო ძლიერდებოდა: შესაძლოა დიდ დროს გაევლო, სინამდვილეში კი სულ რაღაც რამდენიმე წამში ფედერიკო უკვე მის კარის სიახლოვეს დასვენებული ვირთაგვას თითქმის ფიზიკურმა აღქმამ მოიცვა. და თუმცა მადიანად ჭამა არ შეუწყვეტია, მაინც მოეძალა სევდა, სიბრალული და განსაკუთრებით კი — ყოველგვარ ხილულ მიზეზს მოკლებული წუხილი. მაგიდის ძირს ძაღლი მოადგა და საჭმელი სთხოვა. ამჯერად განსაკუთრებული მოპყრობის იმედი ჰქონდა თავისი წეღანდელი სიყოჩაღის წყალობით, და მართლაც, სხვა გზა არ იყო ფედერიკოს აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინა იგი. პატრონმა რამდენიმე ნუგბარი ლუკმა დაუდო და თანაც ალერსიც არ დაიშურა, რათა პირუტყვის სამსახური დაეფასებინა.
ვახშმის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, კითხვას შეუდგა. იმხანად ერთი თავისი სეხნიის თავგადასავალს კითხულობდა, სათაურად “სანტიმენტალური აღზრდა”, რომელიც ძალიან აინტერესებდა წინაღამემდე. ახლა კი ერთობ მტკნარი ეჩვენა ყველაფერი, თანაც კითხვისგან მხოლოდ გულისრევის გრძნობა გამოჰქონდა და მოუსვენრობაც უზომოდ იზრდებოდა. წიგნში ეძებდა თავისი წინანდელი მწველი შეგრძნების შესაბამისობას და, როგორც ეჩვენებოდა, მხოლოდ რაღაც უსასრულოდ მსუბუქსა და სუსტს პოულობდა. მოითხოვდა, რომ მწერალს გამოეყვანა იგი უფსკრულიდან, მაგრამ მწერალს საკუთარი თავის ამოსაყვანად ძლივს ყოფნიდა და სადღაც თავისთვის ფხაკურობდა.
არაფერი იძლევა სისხლისა და ხორცის უფრო ძლიერ შეგრძნებას, ვიდრე შიგნეულობა და მისი თბილი სიმყრალე. ფედერიკო გრძნობდა, როგორ ახრჩობდა ვირთაგვას ნაწლავი, როგორ ყელში ამოსდიოდა მისი ხორცი. ამ ქონიანი ხორცის გემო და სუნი მისი არსების პირობად ქცეულიყო და ფედერიკოც მას პირდაპირ და უშუალოდ სისხლით იგემოვნებდა. დასაძინებლად წასვლა იფიქრა, მაგრამ როგორ დაიძინებდა, როცა კარებთან მოკლულის გვამი იდო? ის კი არა, მოეჩვენა, თითქოს ვირთაგვას სული მის გარშემო დაფარფატებდა, თითქმის ხილული და ხელშესახები, ოდნავ საშიშარი და ოდნავაც მოწყალე, თანაც მის საკუთარ სულს ებმოდა ღრმა და დაურღვეველი კავშირით.
ამ მკვლელობის გამოსყიდვა შეუძლებელი იყო, ასე უპატიებელი და უზღავი უნდა დარჩენილიყო სამარადისოდ.
ცუდად ეძინა. სიზმრადაც ზუჩ-მუზარადიანი ვირთაგვების ერთი გრძელი მწყობრი იხილა, ხელით რომ შავ თოკს ეჭიდებოდნენ, წინ უვლიდნენ და მოხდენილად თავს უკრავდნენ. ერთმა საშუალო ზომის ვირთაგვამ წინ გადადგა ნაბიწი და მთელი მწყობრი გააჩერა, ნაღვლიანად შეხედა ფედერიკოს და მძიმე ადამიანური ხმით უთხრა: კეთილი, შეგინდობ. ამის შემდეგ ყოველივე დასრულდა ყურისწამღები წრიპინითა და რაღაცნაირი ფერხულით, რომელიც ღამეულ სივრცეში იკარგებოდა. “ვიპოვნი! აუცილებლად ვიპოვნი მას!” — თავის თავს ეუბნებოდა ფედერიკო და გახარებულმა იმით, რომ ხელთ გზამკვლევი ეჭირა, შორს ჰაერში გადატყორცნა წვრილი ნაწლავი (სწორედ ეს იყო შავი თოკი, რომელსაც ეჭიდებოდნენ ვირთაგვები), პირქუში ჰორიზონტისკენ. მაგრამ ნაწლავს ბოლო არ უჩანდა და ფედერიკოსაც, რომელიც მრავალი საათის განმავლობაში ბნელი ხეობების თავზე დაფრინავდა, ბოლოსდაბოლოს სუნთქვა შეეკრა და გამოეღვიძა.
ვირთაგვას პატარა გვამს რიჟრაჟი დაჰნათოდა. ამ ნათებას მქრქალად ირეკლავდა მისი პატარა, გადმოკარკლული და უკვე ჩამქრალი თვალები. კეთილსინდისიერი მოხელეების იერითა და იმგვარი დასიებული თვალებით, ქალაქის ქუჩებში რომ შეგხვდება ზამთრის დილას, მის გარშემო მრავალი საქმიანი ჭიანჭველა ირეოდა. ეზოში მდგარი აკაციები მათი დღის დასაწყისში თითქოსდა ყელის ჩაწმენდას ცდილობდნენ. ოდნავ მოშორებით თითქმის გამომშრალი ეგდო ნაწლავის ნაგლეჯი. თხრილში ჩაწოლილი ძაღლი დილის ნიავზე თრთოდა.
ფედერიკო ღამის პერანგში გამოვიდა ეზოში, მიწიდან აიღო ვირთაგვა, ჩამოაფერთხა ჭიანჭველები და ხელახლა შეათვალიერა: ამოგლეჯილი შიგანი სულ დამტვერილი იყო, საბრალო ცოცხალი ხორცი. ფედერიკომ ულვაშები გაუსწორა, ზურგით მკერდზე მიიხუტა და ბავშვივით დაუწყო რწევა. თან ლოყა მიადო და ბეწვზე ეფერებოდა. ძაღლის ნაკბილარი შენიშნა, უბეწვო ადგილი პაწაწინა მხარზე. ზედ სალოკი თითი გადაუსვა, თითქოსდა ტკივილის დასაამებლად. “ჩემო თაგუნავ! ჩემო პატარა საბრალო თაგუნავ!” — კვნესოდა და კვნესით ჩადიოდა ბოსტნისკენ მიმავალ კიბეებზე ჩადიოდა ვირთაგვას გვამს ჩახუტებული. ბოსტანში უცნაური საგალობელი აღავლინა და საქმეს შეუდგა, როგორც პატარა გოგონა, რომელიც თავის თოჯინას ასაფლავებს. დაიჩოქა, პატარა ორმო ამოთხარა, იქ სათუთად ჩაასვენა ვირთაგვა და მიწა მიაყარა. “მშვიდად განისვენე, ჩემო საბრალო თაგუნავ!” — გაიმეორა და დიდხანს დარჩა დაჩოქილი და მიწის პატარა გორაკს დაშტერებული. მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან მას ვიღაც გლეხის ქალი უყურებდა საოცარი ცნობისმოყვარეობით. წამოდგა და თავის გრძელ ღამის პერანგში ღირსეული ნაბიჯით გაემართა შინისაკენ, თან მაღალი ხმით გალობდა საეკლესიო ხმაზე, როგორც სტიქაროსნობის დროიდან იყო მიჩვეული.
ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ფედერიკო გაგიჟდა. ვგონებ, მისგან პროვინციის საუკეთესო ადვოკატთაგანი დადგა და თავის ძაღლთანაც ბოლომდე შეინარჩუნა მეგობრობა. მაგრამ ერთი სისუსტე კი დაემართა: ხანდახან, მაშინაც, როცა თმები უკვე შეევერცხლა, დახეტიალობდა თავისი სახლის უკაცრიელ ოთახებში, საკუჭნაოებში, სათავსოებში და იძახდა: მოდით, პატარა თაგუნებო, მოდით, გულში ჩაგიხუტოთ!.. პატარა თაგუნებიც, როცა მათთან შეხვედრის ბედი გაუღიმებდა, ინტერესითა და ოდნავი შიშით უყურებდნენ მას თავიანთი მრგვალი მოლაპლაპე თვალებით და მის წინ იწყებდნენ შლიგინს შორეული მეხის მაგვარი მსუბუქი გუგუნით.
© “არილი”
-
დათო ქარდავა – წითელი წიგნები
-
თამრი ფხაკაძე
ვენერა და ბოტიჩელი
საღამოხანს ქარი ამოიჭრა, მოყარა ღრუბელი და მალე კოკისპირულმა წვიმამაც დაუშვა. ვერ იტყვის კაცი, პრესტიჟულ უბანში პრესტიჟულად წვიმდა და არაპრესტიჟულში – არაპრესტიჟულადო.
ორივეგან ერთნაირად უთქაფუნებდა. ერთნაირად რეცხავდა თქეში აქეთ ელიტარული რესტორნის, იქით კი მამა-პაპური სახინკლის მინებს. ერთნაირად უშხაპუნებდა სახურავებს, რაფებს, კიბეებს, ასფალტს… ერთნაირად ლუმპავდა ჭადრებსა და ბზის ბუჩქებს.
პრესტიჟულ უბანში სოლიდური მამაკაცი სოლიდურ სავარძელში ჩაფლულიყო და ამ უეცარ, ნაჩქარევ თქეშზე ფიქრობდა. ფიქრობდა და საგანგებო სესიას ამსგავსებდა. ქარის დაბერვა… ღრუბლების უცებ შეყრა… თქეში… კენჭისყრა… კონსტიტუცია… მუხლები…
ახლა სხვა მუხლებზე წამოეფიქრა. წაცურდა ოცნებებში ბრასით… ბატერფლაით… ბაყაყურით. მერე სულაც, ძალიან ღრმად ჩაყვინთა… ჩაიძირა…
ტელეფონს სატრფოს ხელივით ნაზად დასწვდა და პრესტიჟული უბნიდან არაპრესტიჟულში ზარმა გაიწკრიალა.
– ალო!
– ირმა… მე ვარ, სიცოცხლე…
– დიახ. კი.
– წვიმს მანდაც?
– კი… დიახ.
– არ მოგენატრე? არ შევხვდეთ?
– რატო ჩურჩულებთ?
– კარგი, კარგი პაატა. შეგეხმიანები ცოტა ხანში. სპასიბა, ძმაო.
წვიმდა კოკისპირულად. პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
ცოტა ხანში:
– ალო. ირმა, მე ვარ ისევ…
– რას ამბობდით, რა პაატაო?..
– რა ბავშვი ხარ, ვგიჟდები! ჩემი ცოლი შემოვიდა.
– აა. მერე რა?
– ჰმ. მერე რაო… შენი ნახვა მინდა, ირმუშკი. გინდა რესტორანში დაგპატიჟო?
– რესტორანში?
– ჰო. იცი, ამ წვიმაში რა კარგი იქნება?
– რა ვიცი.
– წავიდეთ?
– რა ვიცი. ნამცხვარს ვაცხობ ეხლა და…
– მაგ ნამცხვრების ცხობა-გაყიდვა შენი საქმე არაა, ჩემო სიცოცხლე..
– აბა?
– აბა და კარგ რესტორანში უნდა იჯდე და იქით უნდა უკვეთავდე ნაირ-ნაირ ნამცხვარს. გამოპრანჭული. ფეხი-ფეხზე შემოდებული. ფეხი გაკლია, თუ…
– ხელი!! გაგლახავ იცოდე!
– რაო?
– ჩემ ძმას ვეუბნები… თქვენ არა. კრემს ჭამდა და…
– თქვენობით რატომ მელაპარაკები, ირმა, გულს მტკენ… დაიკოც გყავს, პატარა, ხო?
– კი, ეთუნა.
– მოკლედ, ჩაიცვი ახლა და ნახევარ საათში მანდ ვარ.
– ვერ დავტოვებ…
– ნამცხვარს?
– ბავშვებს. ნამცხვარს კი მოვრჩები უკვე…
– მმმ… დაუტოვე ვინმეს… მეზობელს…
– არ დარჩებიან ესენი სხვასთან. ჩემზე არიან მოწეპებული.
– მაგას არც მე დავიწუნებდი…
– გცემ, იცოდე, შაკო! მაცადე ლაპარაკი! მოშორდი მაგას!
– ალო!
– ალო. დიახ.
– მოკლედ, უთხარი შაკოს, წავალ ახლა და მაგარ კომპიუტერს მოგიტან-თქო…
– არ უყვარს ამას მაგი…
– არა? შენც, რაც უყვარს, იმას დაპირდი. ორივეს. ბიჭსაც და გოგოსაც.
– მართლა?
– აბა?! რა უყვართ, მითხარი…
– ეთუნას უყვარს…
– ჰო. თქვი, ნუ გერიდება.
– თბილი პალტო…
– ჰოდა, შევიაროთ და… შაკოს რა უყვარს?
– შაკოს… თბილი ბათინკი…
– თქვი, მერე ჩემო სიცოცხლე! შენ თქვი და! ჩემი ტყუილი კაცს არ უნახავს ჯერ! მე რომ კაცს დავპირდები… მით უფრო, – ქალს…
წვიმდა. უტყუარად, ალალმართლად უშხაპუნებდა…
სწორედ ამ დროს არაპრესტიჟულივე უბნის ერთი სახინკლიდან ახალგაზრდა გამოვიდა. პილპილმოყრილი ხინკლით რისკიანად დანაყრებული, შეხურებული და ჯიბედაცარიელებული. მერე რა! აგერ, მისი შინდისფერი, 80-იანი წლების “ჟიგული”, ზედ ტაქსის ნიშნით. წავა. გაუყვება ნელ-ნელა გალუმპულ ქუჩებს. ტაქსია რა! ჩაჯდება ვინმე. ძმაო, ერთი იქით წამიყვანე… და გაჩნდება ორი კაპიკი! იქნება რა, რამე იქნება!
წამოიწია ქურთუკის საყელო, მიირბინა მანქანასთან, ჩაჯდა და გაუყვა დანიაღვრებულ ასფალტს.
ო, რას წვიმდა!
პრესტიჟულ უბანში სოლიდური მამაკაცი ცოლს სოლიდურად დაეთხოვა, პაატას ვითომგამოისობით და არაპრესტიჟულისკენ გაასრიალა ვერცხლისფერი “მერსედესი”. იქით, სადაც გოგომ წინსაფარი ლურსმანს მიაკიდა, გადაიცვა რაც უკეთესი ებადა, აიკრა თმა და ფანჯარასთან დადგა.
– მართლა მომიტან თბილ პალტოს?
– მართლა, ჰო.
– მეც? მართლა მომიტან ბატინკებს?
– ჰო. ჰო. ესე თქვა და…
– ვინ?
– ვინც. არაა შენი საქმე.
– კამფეტიც უთხარი.
– და ბარბი!
– ცოლად მოგიყვანს? – ეკითხება შაკო.
– ხო, აბა?! კარი არავის გაუღოთ.
– აუ, რა ბედნიერი ხაარ!.. – ლოყას ხელისგულზე ჩამოდებს ბიჭი.
– რატო, ვითომ?
– მანქანით რო იკატავებ…
წვიმდა…
წვიმდა…
სიგნალის შემპარავი ხმა გაისმა.
გოგო კიბეზე ჩარბოდა. თან რაღაც არ სიამოვნებდა. ეუცხოვებოდა რაღაც.
– კამფეტები უთხარი!
– ხო, კარგი, კარგი. ჩაკეტეთ კარი.
– და ბარბი!!
– ნამცხვარი არ შეჭამოთ! ჩასაბარებელია დილით…
– არ შევჭამთ…
წვიმს.
წვიმს.
შინდისფერი ტაქსი ელიტარულ რესტორანთან შეჩერდა. რა იცი, რა ხდება ასეთ თქეშში… ვინ სად მიდის… ვის რა უნდა. მდიდარი ხალხია. ფული არ ენანება.
ცხელი სახინკლის სიამეს ჯერ არ გაევლო. აღარ ციოდა. ახლა რამე ლამაზ თავგადასავალზე ოცნებაც შეიძლებოდა…
გვერდით ვერცხლისფერი მერსედესი შემოუსრიალდა. წვიმით ჩამონარეცხ მინებს იქით გოგო დაინახა. იქით – ფრიად სოლიდური მამაკაცი. საუბრობენ. “ნეტა რაზე?.. პრინციპში, რა ჩემი საქმეა…”
წვიმდა.
წვიმდა.
ვერცხლისფერ მერსედესში:
– ამ რესტორანში მივდივართ? – გოგო ოდნავ აბუზული, ოდნავ შეშინებული გასცქერის აბრჭყვიალებულ მინებს.
– არა. აქ არა. აქ ეხლა, მე უნდა ავიდე ცოტა ხნით. ალიბისათვის.
– რისთვის?
– ა-ლი-ბი-სთვის. აქ ეხლა პაატა ქეიფობს. ჩემი ძმაკაცი. ავალ ცოტა ხნით. გამიგე? გამიგე სიცოცხლე? ალიბი იცი რა არის? არ იცი. შენ იცი ის… ნაპალეონი… ჩიტის რძე…
– მალე მოხვალთ?.. მოხვალ?
– სულ მალე. რამე რო იყოს, პაატა იტყვის, ჩემთან იყოო, რა!
– მერე რა?
– მოკლედ, აი შენ, მაგნიტოფონს ჩაგირთავ. აჰა, შენ ჟურნალები… გამოვალ და წავალთ. ამაზე უკეთეს რესტორანში.
– პალტო და ბათ… – წამოცდა გოგოს. გაწითლდა.
– რაზეა ლაპარაკი! ყველაფერი იქნება…
წვიმდა…
წვიმდა…
რეცხავდა ტყუილს და მართალს…
ხინკლის სიამე ნელ-ნელა ქრებოდა. არც ლამაზი თავგადასავალი ჩანდა.
ტაქსისტი, – იგივე სანდრო, – იგივე ერთ დროს მხატვარი, – საზურგეს გადააწვა და სიგარეტი გააბოლა.
წინ რესტორანი ბრჭყვიალებდა, როგორც ხომალდი ღამეულ ზღვაში.
– “თითქოს მიცურავს” – გაიფიქრა…
ამ დროს მანქანის კარის რბილი ჯახუნი მოესმა. მოიხედა. ვერცხლისფერ “მერსედესში” გოგო მარტო დარჩა. კაცი რესტორანში შევიდა. სოლიდურად.
გოგოს ლამაზი პროფილი და აკეცილი ბულულა თმა აკვარელის გადარეცხილი ნახატივით მოჩანდა წვიმიან მინებს იქით.
წვიმდა.
იქ, გაჩახჩახებულ რესტორანში კი:
– ვააა, ვინც მოსულა, გაუმარჯოს! ვერ მოვალო, და…
– მე და, ჩემს პაატასთან ვერ მივიდე?!
– აგაშენა ღმერთმა! ბატონებო, ბატონი მალხაზი შემოგვიერთდა და…
– ცოტა ხნით, პაატას ვენაცვალე… ცოტა ხნით, სამწუხაროდ გადაუდებელი საქმე მაქვს. მელოდებიან.
ეგეთებში გამოცდილი პაატა დაბალ ხმაზე ეუბნება:
– ვინ გელოდება, შე გოთვერანო…
– ერთია…
– რატო მერე? ორი ყოფილიყო შე კაცო. გეფიქრა, ძმაო ძმაკაცზე. გაგეკეთებინა პრეზენტი! კარგი, დაჯე, დაჯე, მოიცდის ვიღაცა. აბა, ბატონებო… და ა.შ.
წვიმდა…
“ერთი საათი მაინც იქნება, რაც მარტო ზის ეს ჭუკი…” – ფიქრობდა მხატვარყოფილი ტაქსისტი 80-იანი წლების “ჟიგულში”.
“ცოდოა ეს კაი გოგო. ძაანაც აზრზე ვარ ეხლა, მანდ რა პონტიცაა…”
“პრინციპში, რა ჩემი საქმეა, ტო…”
“ჰმ! როგორ ზის?.. გამომწყვდეული ჩიტივით”.
“ეეე. გაფრინდი, ჩიტო, სანამ ლამაზი ხარ. შენ ამათი გალიის არა ხარ”.
“რას ვახურებ, ეხლა. პრინციპში, მე რა! იცის რაა ბიძამ, რა და როგორ…”
“აუ, რას წვიმს?”
“ისე, ბიძამ კი იცის თავისი საქმე, მაგრამ ამან?! ნახე, ნახე, როგორ ზის… ნეტა რა ფიქრები მოუდის ეხლა იმ ჩურჩუტა თავში?..”
“ჯერ, ეტყობა, არაფერია… არაფერი არა აქვთ ჯერ. რამე რო იყოს, გამოზმანავდა უკვე. ჯერ ვერ უყიდია ბიძას…”
“აუ, დაიხუთა, რაღაც…”
მინა ჩამოსწია. ერთმაგ მინაში უკეთ დაინახა გოგო. მერსედესში მორჩილად, უთავმოყვარეოდ მომლოდინე.
“შაჭყალი!.. ეხლა ავდგები და… გავუღიმებ, როცა მოიხედავს”…
და გაუღიმა. გოგო დაიბნა და იქით მიიხედა.
“ჰმ! შერჩხვა!.. ისე, გემოვნება კარგი გქონია, ბიძაჩემო. ბოტიჩელის ვენერა გინდა დაითრიო? ბოტიჩელის ვენერა გინდა იყიდო, ჯიგარო? მაგრამ, ეგ რო შეუფასებელია, ჩემი ძმა? რო არ იყიდება?..
საიდანღაც, ცელოფანწაფარებული დედაკაცი გაჩნდა.
– დამეხმარე, შვილო…
რას დაეხმარებოდა. სახინკლეში ამოიტრიალა ჯიბე.
დედაკაცი ახლა მერსედესს მიადგა. მიუკაკუნა.
– დამეხმარე, გენაცვალე…
გოგომ რის ვაივაგლახით მიაგნო და მინა ჩამოსწია. დედაკაცს ხელისგულზე ხურდა დაუდო. ისიც ბურტყუნ-ბურტყუნით წაფრატუნდა.
ახლა მხოლოდ წვიმაღა ედგათ შუაში. ორივე მინა ჩამოწეული იყო.
ადგა და, ისევ გაუღიმა გოგოს.
– მე თქვენ არ გიცნობთ… – მოესმა წვიმის იქიდან.
– იმას ხო იცნობ, იმას… – თავი რესტორნისკენ აუქნია ვაჟმა.
“უნდა მოვტეხო აქედან. უნდა მოვტეხო… ვენერა – ბოტიჩელის. მერსედესი – ბიძას. მაგის…”
გოგო ამდენი ლოდინისგან საკმაოდ დაღლილი ჩანდა.
– ტაქსი ხომ არ გჭირდება? – გასძახა ვაჟმა შინდისფერი “ჟიგულიდან”.
– მე?! – გაუკვირდა გოგოს.
– შენ, შენ! შენ გჭირდება, თუ გჭირდება! სახლში წასვლა არ გინდა?
– სახლში?! – გოგოს სახე გამოუცოცხლდა. ამ თამაშის ენა თითქოს, უცებ გაიგო.
– მინდა! მინდა სახლში!
– მერე? აგერ, ბატონო, ტაქსი!
“უნდა მოვტეხო აქედან. უნდა მოვტეხო… ეგრე არაა, ბიძაჩემო, ვენერები ეგრე დააიაფოთ… სიყვარულის ქალღმერთია ეგ… ბოზობის და ახვრობის კი არა…”
გოგო აწრიალდა. აფორიაქდა. გასაფრენად მზად იყო.
შინ! თავის სუფთა, მყუდრო ბუდისკენ… მაგრამ ოდნავ ფეხს ითრევდა.
“მანქანის ფიქრი აქვს” – მიხვდა ვაჟი.
– გადმოდი და ეგრე დატოვე! მიხედავენ, შენ ნუ გეშინია.
– მართლა?
– მართლა, მართლა! ჰა, დროზე ეხლა! მოხიე მანდედან!
და გოგომაც “მოხია”. გადმოფრთხიალდა ვერცხლისფრად მოელვარე გალიიდან და…
რამდენიმე წამში მდინარედ ქცეულ ქუჩაზე მიშხრიალებდნენ…
– შენ… თქვენ…
– მე ვარ სანდრო ბოტიჩელი.
– ბოტი… ვინ?
– ვაჟს გაეცინა.
– არა, სანდრო კი ვარ, მაგრამ ბოტიჩელი არა, რათქმაუნდა, შენ რა ყველაფერი გჯერა, ტო…
– რატო…
– შენი სახელი შეგიძლია არ მითხრა. ისედაც ვიცი. ვენერა გქვია.
– ვენერა?.. არა. ვენერა დედაჩემს ერქვა… მე ირმა მქვია…
– ირმა არა, ის… ვენერა ხარ შენ, გაიგე? ვე-ნე-რა…
წვიმდა…
წვიმდა…
– აქ გააჩერე, – თქვა გოგომ.
მანქანის გაჩერების ხმაზე ფანჯარას ბავშვები მოაწყდნენ.
– ეგე, ჩემი და და ძმა!.. მე მელოდებიან.
– გინდა, მანქანით ვაგრიალოთ?
– მართ… მართლა?!!
– მართლა, ჰო… ადი, ჩამოიყვანე. ბენზინი ბლომად მისხია…
გოგო კიბეზე არბოდა. ფრთაშესხმული.
“არ მინდა იმისი არაფერი…
არც პალტო… არც ბათინკი…”
წვიმდა და არცერთი წვეთი არ ერია ტყუილი.
ნაღდად წვიმდა… ძალიან ნამდვილად…
© ”არილი”
-
ლელა სამნიაშვილი
კაბა
თითოეული სირმით, ნაქარგით,
მძივით ვცდილობ წარმოვიდგინო
თუ როგორი ლამაზი იყო
ქალი, რომელსაც ტანზე ემოსა
ეს თეთრი კაბა – მუზეუმში,
ნახევრად სარდაფში თუ მარადიულ
ბინდში – ნაზად გამოფენილი.
ნაწნავების და თვალების და
ბაგის გარეშე – თაროებს შორის
ბჟუტავს იგი. ბჟუტავენ ლალის
თვლები ხავერდის ჩიხტიკოპებში,
ბეჭდები და ხანჯლები და
ნამტვრევები – ფიალებად შეწებებული.
და ისევ კაბა – სამუდამოდ უარყოფილი,
როგორც ზედმეტად მძიმე თუ გრძელი
თუ – ზედმეტად მშვენიერი, თვალისმომჭრელი.
ვდგავარ – მისგან თავისუფალი.
სიმსუბუქისთვის – სამოსელიც,
სხეულიც დადნეს! მაგრამ ეს კაბა –
შორიდან ისე მსუბუქია, ერთი წამით
შეიძლება ვისურვო და ლექსად დამაჩნდეს:
ჩავიცვა, კალთა ჩამოვბერტყო,
ჩამოსცვივდეს ჩრჩილის პეპლები.
* * *
ფრჩხილებს – ლაქი და
პერანგს – კრახმალი;
და თქვენთვის –
ეს დღეც არის ახალი;
მართლა ახალიც –
სადღაც აქ არის:
ხორკლიანი და გაულაქავი.
* * *
ზღვამ გაიტაცა მზის ქუდი –
შხეფებით, ტალღის მორკალვით;
ვიღაცას – თევზის კუდიანს –
ტალღაში თვალი მოვკარი;
და ჩემს გარშემო გაშლილი –
ზღვამ თან წაიღო ნადავლი:
ცა – გამჭვირვალე თავშალი,
ნაპირი – ჭრელი სანდალი;
ანაა, თუ – მარიანა,
თუ კიდევ ვინმე – დობილი?! –
სიტყვების ელვით, მარილით –
ტალღაში გადადნობილი;
ვისაც ზღვის ლექსი აქეზებს –
ვარდისფრად შეღამებული:
ქალთევზად იქცეს, ნაპირზე
დატოვოს – შეყვარებული.
დამსვენებლები
ამ ზაფხულს – წყალი ვერ იქნება
მიწის ვეება კოცონზე თუ ფერფლზე ძლიერი;
ვიცი და მაინც, მატარებლის სარკმელად იქცა
წუხანდელი ეკრანის შავი ჩარჩო; ნაცრისფრად
ამოიბურცა ზღვის ტილო, მე ის
დამალბობს და დამაბრუნებს ისევ სიცხიანს.
ესენიც – ჩემი დობილები – წელს კიდევ უფრო
მეტად გვანან საკუთარ თავებს თუ –
ოფისის გოგოებს თუ მზეთუნახავებს;
წვანან ნაპირზე და ითვლიან: ეს ცა არის
პირველი; სადღაც მესამეზე ბრწყინავენ
ჩვენი საქმროები; და მეცხრეზე – კადილაკები;
და მერე მაინც ერთად ვაბრუნებთ
ქვებზე ამოყრილ მედუზებს ზღვაში.
ღამის ტილო კიდევ უფრო მეტად სველდება:
სველი ხმები, სველი ფერები; აქედან –
ღამის ბულვარიდან – ვეყუჟებით თითების თეატრს;
მსახიობები უცხო ღმერთებს გვანან –
სიცოცხლეს გრძნობენ, ატევენ – ხელის მტევნებში.
სუნთქვაშეკრული ვზივარ და ვცდილობ
არ გავინძრე. თითქოს ჰაერში, ჩვენს თავსზემოთ
ვიღაც ტივტივებს და იმისი თითებია – ჩემი ხელები,
ჩემი ფეხები, რომლებიც მთელი ღამე
სველი მაქვს, გაოფლილი; კოღოების ნაკბენებს
ვითვლი. მეჩვენება, რომ ამ ზღვასთანაც
და ხმელეთის შუაგულშიც – მთელი ქვეყანა
დასიცხულია, დაკბენილია და გაუნძრევლად,
საზიზღარი ნეტარებით ყველაფერს ითმენს.
* * *
გარშემო
ფრენენ ხარაბუზებად –
აქლემები თუ მხოლოდ კუზები;
და არ ამცდება თითის დაქნევა,
მათგან ერთიც რომ იქცეს აქლემად.
ტყვეების გაცვლა
ჭიანჭველების დედოფლის შავი საშოდან
ნელა მოიწევენ ჯარისკაცები; იყოფიან:
ერთი – მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ;
სათვალავი მერევა; საით უნდა წავიდე?!
კოლონია სადღაც ზურგსუკან გუგუნებს და
თვალებისკენაც – ზუსტად იმავე სხეულებით
და ხმაურით ამოვსებული შავი ორმო –
მობჯენილია. ომის ღმერთებო, უნდა მანიშნოთ
საით არის ჩემი ქვეყანა ან სიყვარული?!
სახეები დაუბრუნეთ თქვენს ჯარისკაცებს,
რომ შემეძლოს მტრისგან მოკეთე გამოვარჩიო;
თორემ ეს მიწა – მდინარის, ზღვის, ოკეანის
ორივე მხარეს – სასწორის ორი შავი თეფშია –
სიყვარულის გამომხმარი ფესვებით სავსე
და კარგავს, კარგავს წონასწორობას… ვიდრე
სიძულვილს ამატებთ მათში; ძვლებსა და კოცონს
და აი, უკვე – ჯოჯოხეთურ სიმსუბუქესაც.
და დამწვარი, სისხლებშემხმარი ჯარისკაცები,
თუ კვამლიდან გამოაღწიეს, მოათრევენ
ხორბლის მარცვლებს; არც დაჭრილებს,
არც სამშობლოს, არც ერთგულებას…
და ღმერთებო, თუ კვამლიდან გამოვაღწიე… –
ზურგით მოვათრევ, ხელუხლებლად გიბრუნებთ
მთელს თქვენს ძლიერებას, მრისხანებას,
თავდავიწყებას… და დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ
ჩემი სისუსტე: ხსოვნის ძალა, სიყვარულისთვის
სიცოცხლის და სიკვდილის ძალა.
© ”არილი”
-
რობერტო არლტი – კუზიანი
-
პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლენი