1989-91 წლებში მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში გამოსაცემად მომზადდა ლიტვური ხალხური პოეზიის (დაინები) ანთოლოგია. სამწუხაროდ, მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს ამ ანთოლოგიიდან.
ბნელი ჩამოდგა მამულში
ბნელი ჩამოდგა მამულში –
შემოგვესია თათარი.
შემოგვესია თათარი –
ჭრელი მწევრები აუშვეს…
ჭრელი მწევრები აუშვეს
უცხო ფრიალებს დროშა….
მამავ, გამოდი მამულში
მაშვრალს მიხედე ოჯახს.
მაშვრალს მიხედე ჯალაბს,
მკლავში აღარ აქვთ ძალა.
აღარვისა აქვს თავი,
მინდვრად რომ მომკან ჭვავი…
მამავ, მიხედე ჯალაბს!
სად ხარ, საყვარელო?
გოგონები ფოცხით
შესევიან მდელოს.
აგერაა ყველა –
სად ხარ, საყვარელო?
ნუთუ აღარ გინდა,
გული გამიხარო,
რომ ჩემს შავრას ისევ
შვრია დაუყარო?
ანდა ძველებურად
ასვა ცივი წყარო?
საით დამეკარგე
ჩემო სანუკვარო?
თარგმნა თედო ბექიშვილმა
დაიძინე, ჩემო შვილო
დაიძინე, ჩემო შვილო,
კუდიანი დადის შინა,
ჩექმებით და ტყავის ბოღჩით –
კუდიანი დადის შინა.
მას არ ერჩის, ვისაც ძინავს,
ძილის ჯადო დაგიფარავს.
დაძინებულს ვერ გიპოვნის,
გაღვიძებულს მოგიპარავს.
თარგმნა ზაურ მოლაშხიამ
© “არილი”
“პოეზიიდან პროზაზე გადავხტი, როგორც კალია…”
პიტერ აკროიდი – სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი, ავტორი წიგნებისა, “გოლემი ლაიმჰაუსიდან” (“ელიზაბეტ კრის პროცესი”), “ოსკარ უაილდის დღიურები”, “დოქტორ დის სახლი”; გამოცემული აქვს დიკენსის, ტომას სტერნზ ელიოტის, ეზრა პაუნდის და სხვათა ბიოგრაფიები. ცხოვრობს ლონდონში.
თარგმნა ნიკა ჯანიკაშვილმა
– თქვენი წიგნების ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ლონდონია. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?
– მე აქ დავიბადე და ჩემი პირველი წიგნებიც ლონდონში გამოვიდა. შეიძლება ითქვას, ლონდონი ჩემი წარმოსახვის აკვიატებული პეიზაჟია. როცა მის ისტორიაში ვერკვევი, საკუთარ თავსაც უკეთ ამოვიცნობ ხოლმე.
– თქვენი აზრი ისეთ ცნებაზე, როგორიც “ისტორიაა”?
– ისტორია ესაა მოთხრობა, რომლის დახმარებითაც აწმყოს აღვწერ. ვცდილობ გავიგო და ავხსნა აწმყო. ჩემს ბევრ წიგნში მოქმედება ერთდროულად ორ დროით პლასტში ვითარდება. ისტორიული კონტექსტი უბრალოდ გვეხმარება გავიგოთ ის, რაც ახლა ხდება. საერთოდ, ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სხვაობას წარსულსა და აწმყოს შორისაც.
– როგორია თქვენი პერსონალური “განცდა” წარსულისა აწმყოში?
– ეს, შეიძლება ითქვას, ჩემი წიგნებია. როცა ისტორიაში ვიქექები, მის გათამაშებას ვახდენ ხოლმე. მის ენაზე ვიწყებ ლაპარაკს. ვცდილობ შევიგრძნო ის, რასაც იმ ეპოქის ადამიანები გრძნობდნენ და ა.შ. რას განიცდიდა ოსკარ უაილდი, როცა პარიზში ცხოვრობდა, ან დოქტორი დი. უცხო ტყავში მოქცევით, წარსულს უკეთ აღიქვამ, ვიდრე უბრალოდ მისი აღწერისას.
– თქვენი პრიორიტეტები წარსულში? გიყვართ თუ არა განსაკუთრებულად რომელიმე ეპოქა?
– არა. საყვარელი ეპოქები ჩემთვის არ არსებობს. მე ვწერდი ბლეიკზე, მილტონზე, დიკენსზე, უაილდზე და ტ.ს.ელიოტზე. ასე რომ, თავადაც ხედავთ, რამდენ ეპოქასა ვარ მოდებული. არც ერთს არ ვანიჭებ უპირატესობას – მე პროცესი მაინტერესებს, დროთა კავშირი და არა მისი ცალკეული ფრაგმენტები.
– როგორია თქვენი ისტორია?
– დავიბადე ლონდონის დასავლეთში კათოლიკურ ოჯახში, დავდიოდი კათოლიკურ სკოლაში, დავასრულე კემბრიჯი, შემდეგ იელი. რის შემდეგაც ვმუშაობდი რედაქტორად ჟურნალ “The Book Spectator“-ში, შვიდი წელი. მერე რომანების წერა დავიწყე და დღემდე რომანებით ვცხოვრობ.
– არ გსურთ ლიტერატურულ კრიტიკაში დაბრუნება?
– არც არასდროს მიმიტოვებია ეს სამუშაო – ხშირად ვწერ ხოლმე ლონდონის ლიტერატურული გამოცემებისათვის, ასე რომ, თქვენს წინაშე, ჯერ კიდევ ლიტერატურული ჟურნალისტია.
– თქვენი საყვარელი წიგნები?
– არც ერთი. დაწერის შემდეგ, უბრალოდ, ვივიწყებ წიგნებს და მორჩა. თუკი წარმატებაზე ვისაუბრებთ – დიდება “ოსკარ უაილდის დღიურმა” და ელიოტის ბიოგრაფიამ მომიტანა.
– როგორ მოახერხეთ დაგეწერათ ელიოტის ბიოგრაფია ისე, რომ პოეტის არც ერთი ციტატა არ გამოგიყენებიათ? მემკვიდრეებმა, როგორც ვიცი, აგიკრძალეს ციტაცია?
– ამაში არაფერია განსაკუთრებული. გარწმუნებთ. ცუდია, რომ წერილების ციტირება არ შემეძლო, მაგრამ… ბიოგრაფია მე შემიკვეთეს და სამუშაოს დაწყებამდე არც ვიცოდი, რა სირთულეებს შევეჯახებოდი. როცა აკრძალვის შესახებ გავიგე, ვიფიქრე უარს ვიტყვი-მეთქი შეკვეთაზე. შემდეგ კი პირიქით, ამ აკრძალვამ ჩემს სასიკეთოდ იმოქმედა. რადგან ციტირება შეუძლებელი იყო, ელიოტის იმიტირება დავიწყე – ალბათ, ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც მის სტილში ვწერდი (მის პროზასა და წერილებს ვგულისხმობ). სწორედ ეს ხერხი იქცა ჩემს მეთოდად, როცა სხვა თემებზე მუშაობას შევუდექი.
– არის თუ არა ბიოგრაფიაში ელიოტის შემოქმედების ლიტერატურული კრიტიკა?
– ინგლისურ ლიტერატურას კემბრიჯში ვსწავლობდი. ამიტომაც კლასიკოსების შესახებ ჩემი აზრი გამაჩნდა, მაგრამ საქმე ამაში არ გახლავთ, არამედ იმაში, რომ ეს არც მთლად კრიტიკა გახლდათ; უბრალოდ ვცდილობდი, პროპორციულად მომერგო ერთმანეთისთვის ცხოვრება და ლიტერატურა ისე, რომ მათ ერთმანეთი განემარტათ.
– როგორ უყურებთ ელიოტისა და ოდენის შემოქმედებას?
– ელიოტი პოპულარული ფიგურაა ინგლისურ კრიტიკაში, მასზე დღემდე წერენ წიგნებს. ოდენს, ალბათ, ყველაზე მეტს კითხულობენ სხვა პოეტებთან შედარებით, მისი ხმა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, დღემდე “ჟღერს”. მაგრამ არანაირ, განსაკუთრებულ, გრძნობებით ამ ავტორების მიმართ არა ვარ გამსჭვალული.
– ვისი ბიოგრაფიის დაწერას აპირებთ ამჯერად?
– არა, მე მგონი არავისი… თუმცა მოიცათ… ჰო, მართლა, შექსპირის ბიოგრაფია შემიკვეთეს! ასე რომ, ხუთი წლის შემდეგ… თუმცა, მე მგონი, ეს ჩემი უკანასკნელი ბიოგრაფია იქნება.
– გვითხარით რამდენიმე სიტყვა “ლონდონის ბიოგრაფიის” შესახებ.
– ეს ქალაქის ისტორიაა. მაგრამ არატრადიციული ფორმითაა დაწერილი – იგი არაა სწორხაზოვანი თხრობა მოვლენების შესახებ. გადავწყვიტე ლონდონის ისტორია თემატურად დამეწერა – სურნელის, ბგერების, სუქსუალობის, არქიტექტურის, ქალებისა და ბავშვების ისტორია.
– როგორ აფასებთ თქვენი თაობის ინგლისურენოვანი მწერლების შემოქმედებას: ბარნსი, კოეძი, მაკიუენი? არის თუ არა თქვენს შორის რაიმე საერთო, როგორ ფიქრობთ?
– არა, ჩვენს შორის არაფერია საერთო, თანაც მათზე ცოტათი უფროსიც კი ვარ. ერთადერთი კავშირი ისაა, რომ ჩემი რომანების შემდეგ ბევრმა გადაიღო ისტორიული თხრობის ჩემეული მანერა. ანუ მხატვრული პროზის ელემენტები შეჰქონდათ ისტორიულ კონტექსტში. ასე ვთქვათ, ფიქშნს დოკუმენტებზე გადააწერდნენ ხოლმე. ასე რომ, კავშირი მათ უფრო აქვთ ჩემთან, ვიდრე მე.
– თქვენ დიდ დროს ატარებდით ბიბლიოთეკებში მასალების შეგროვებისას?
– ადრე ძალიან ბევრ დროს ვხარჯავდი, ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ჩემს თემას შეეხებოდა – ასეულობით წიგნს. ყველაფერს, რასაც ვნახავდი. ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი ეს მასალა თავში გადამეხარშა და მისგან ჩემი მეორე ნატურა შემექმნა, რათა ინსტინქტურად მეწერა. ახლა მასალებს ჩემთვის ასისტენტები აგროვებენ.
– სარგებლობთ თუ არა ინტერნეტით? ხელით წერთ თუ კომპიუტერზე ბეჭდავთ?
– ინტერნეტით არ ვსარგებლობ და ხელით ვწერ: ეს ჩემს ნაწერს სუნთქვას ანიჭებს, რაღაც ელექტროობით მუხტავს.
– წერდით თუ არა ოდესმე ლექსებს?
– ახალგაზრდობაში გამოვეცი რამდენიმე პოეტური კრებული. მაშინ ძალიან მინდოდა პოეტი ვყოფილიყავი. აღფრთოვანებით ვკითხულობდი ჯონ ეშბერის და ვბაძავდი კიდეც მას. კიდევ ო’ჰარა მომწონდა. შემდეგ კი როცა პოეზია მომბეზრდა, პროზაზე გადავხტი, როგორც კალია. ახლაც იქა ვარ.
© ”არილი”
ვსაუბრობთ მხოლოდ ლიტერატურაზე
”ესაუბრა” ნუგზარ შატაიძე
რევაზ ინანიშვილი წამდაუწუმ მამუნათებდა “ბატონ რეზოს” ნუ მეძახიო. აბა, რა დაგიძახო-მეთქი?! უბრალოდ – რეზოო. რამდენჯერმე ვცადე, მართლაც ასე მიმემართა, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს იმანაც ჩაიქნია ხელი.
კინოსტუდიაში ერთად ვმსახურობდით. ხელფასის დღეს წამოვიდოდით დიდუბეში – გამოფენის გადმოსწვრივ ერთი უხეირო სასაუზმე იყო, იმ სასაუზმეში შევაწვევინებდით ორ მწვადს, ავიღებდით ცოტა ყველს, მწვანილს, ორ ბოთლ “კახეთს”, დავდგებოდით მარმარილოსქუდიან მაღალ მაგიდასთან და თან ვსვამდით, თან ვსაუბრობდით. სწორედ იქ მოგვივიდა აზრად, წავსულიყავით ვაშლოვანის ნაკრძალში, მაგრამ ოცნება აუხდენელი დაგვირჩა.
გული მწყდება, რომ მაშინდელ ჩვენს საუბრებს არ ვიწერდი.
მახსოვს, ვლაპარაკობდით სოფელზე – ვენახზე, წისქვილზე, საქონელზე… ძალიან ხშირად ვიგონებდით გაზაფხულის თვალუწვდენელ, გაშლილ მინდვრებს. შორიდან ვინმეს ყური რომ ეგდო, თოხს გამოქცეული გაქალაქელებული სოფლელები ვეგონებოდით.
ლიტერატურაზე საუბარს გავურბოდით, არც გამოგვდიოდა.
ახლა, როცა რევაზ ინანიშვილი აღარ არის და მე მის “სამაგიდო რვეულებს” ვკითხულობ, სურვილი მიჩნდება ეს დანაკლისი რამენაირად ავინაზღაურო. ამ, ცოტა არ იყოს, ხელოვნურ “ინტერვიუსაც” ამიტომ გთავაზობთ.
– ბატონო რეზო, რას იტყვით, მაინც რატომ უჩნდება ადამიანს წერის სურვილი?
– ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ხელოვნებაში მოდის ჟანრთა ფორმებში გათვითცნობიერებული და ამ ფორმებით ნაბიძგები, რომ ისინიც შესძლებენ ამგვარ რამეების კეთებას. მათ ჯერ სათქმელი კი არ აწუხებთ, ყოფიდან ამომავალი რაიმე მოძღვრება კი არ აწუხებთ, აწუხებთ მხოლოდ სხვათა მიერ უკვე შექმნილი ფორმა და ეს წუხილი აძებნინებს სათქმელს. ამიტომაცაა ფორმათა ესოდენი მოზღვავებულობა და სათქმელის სიმწირე…
ვიღაც კაცი ეუბნებოდა ვიღაც კაცს: – გასაოცარ მოთხრობებს წერს ჩემი გოგონა. ჯერ თორმეტი წლისაა და, თუ არ სჯობს მისი ნაწერები “ცისკარში” რომ იბეჭდება, იმ მოთხრობებს, არაფრით ჩამორჩება, ძმაო.
ცივმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში, – თვალწინ დამიდგა, როგორ დგას გაუთხოვრად დარჩენილი, ყბებაბუსუსებული ქალი თვალებგადაწყალებულ რედაქტორთან და როგორ დაეძებს ის რედაქტორი სიტყვებს მაგიდაზე…
მე გეტყვით, რატომ ვწუხვარ, ბავშვებს ხელოვნებისაკენ რომ უბიძგებენ მშობლები ე.ი. უნდათ გაზარდონ მხატვრებად, მუსიკოსებად, მწერლებად. თუ ისინი კარგი ხელოვანნი არ გამოვლენ, საცოდავები იქნებიან სხვების თვალში, თუ კარგები – მაშინ ტანჯულნი ცხოვრებაში.
აი, ბეთჰოვენი: “ჩემი ტანჯვისაგან ვქმნი სხვათა სიხარულს”.
ადრე, ახალგაზრდობაში ძალიან მშველოდნენ წიგნები. წავიკითხავდი კარგ რამეს და მეც გამიჩნდებოდა იმგვარი წერის სურვილი. ახლა, სიბერის კარიბჭესთან, თითქოსდა მრავალჯერ მსმენია ყოველ მათგანში ნაუბარი და მოწყენა მიპყრობს. მირჩევნია, ქუჩაში გავიდე და, უბრალოდ, ფოთლების ციმციმს ვუყურო. ისინი უფრო მეტს მეუბნებიან, ვიდრე წიგნები.
– “სამყაროს პოეტური აღქმა” – რა არის ეს, ადამიანის თვისება თუ გამორჩეულთა ხვედრი? ამგვარი აღქმა ხელს ხომ არ გვიშლის ცხოვრებისეული წარმატების მიღწევაში?
– “სამყაროს პოეტური აღქმა” წყაროა ტკივილებისა. სხვაზე რომ არაფერი ითქვას, მშვენიერება ხომ თვითონ შეიცავს ტკივილს. მაგრამ იგივე აღქმა წყაროა სიმტკიცისაც. ესაა სწორედ ის, რაიც მშველის, რომ არ გავბოროტდე. მამადავითის თავზე ხეების კენწეროზე წამოდებულ ნისლს შეუძლია ბევრი რამ მაპატიებინოს ბევრისთვის.
ლირიკის, ლირიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, გალაშქრებაა პიროვნების, პიროვნულის წინააღმდეგ. ამ სახის ბრძოლა ხელს აძლევს ადამიანთა თავიანთ ნებაზე მართვის მსურველთ, ამ მართვის სადავეთა მპყრობელებს. რაც უფრო მოსწყდები, დაშორდები შენს თავს და ორივე ხელით ჩაებმები მპყრობელთა მიერ გაჩაღებულ ფერხულში, მით უკეთესია მპყრობელობისათვის.
ჩვენ უკვე ნაკლებად გვჯერა სილამაზის ძალისა. ეს იმიტომ, რომ ვერ ვასწრებთ, ჩავწვდეთ ნამდვილ სილამაზეს, ძალიან “დაკავებულები ვართ” რაღაც უფრო მნიშვნელოვანებით.
– წეღან ბრძანეთ, კარგი მწერალი ცხოვრებაში ტანჯულიაო. თქვენ ხომ არაერთი შედევრის ავტორი ბრძანდებით, ნუთუ ეს არ არის ბედნიერება?!
– ბედნიერი მწერალი… ცოცხალი ბედნიერი მწერალი უკვე საცოდაობაა. იგი უკვე მოწყვეტილია მთავარს – ჭეშმარიტების ტანჯვით მაძიებელ სულს, იგი უკვე აღარ განიცდის სხვათა მოთქმა-გოდებას, აღარ განიცდის მათ მარტოობას.
* * *
ზოგჯერ ისე გამკვრივდება წუხილის ბურუსი, სტრიქონებს ვეღარ ვხედავ…
ხომ ადვილია, – გადმოიღე რვეული და ჩაწერე, რასაც ფიქრად გაივლებ? ადვილია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგჯერ დადგება ხოლმე დღეები, თვეებიც კი, სტრიქონი რა არის, სტრიქონსაც კი ვეღარ ვიწერ. ამაოდ ვჯდები მაგიდასთან ქედდახრილი, ამაოდ ვაწვალებ კალამს… მაშინ ქვეყანა თითქოს განათებულია ყოველის მხრივ, თითქოს დაკარგული აქვთ ჩრდილები საგნებს, არის სიმშრალე, სიმშრალე და არავინ მოითხოვს არაფერს…
მერე, როდის-როდის, პატარა საავდრო ღრუბელივით გაიკვანძება ჩრდილი, ჩაფიქრდება ქვეყანა, ჩაფიქრდებიან საგნები, თითოეული ფოთოლი რაღაც კონკრეტული სურვილით დაიწყებს თრთოლვას, ერთი ამოიღებს ხმას და აყიჟინდებიან უამრავნი. მაშინ უკვე – მოასწარი და ჩაიწერე. სწრაფად, სწრაფად, რადგან უკვე იცი, რომ ამ დღეებს, ადრე თუ გვიან, ისევ მოჰყვება მშრალი ნათელის, მაგრამ მუნჯი დღეების წყება.
– ბატონო რეზო, ხშირად გსაყვედურობდნენ, რომანებს არ წერსო. ერთი კრიტიკოსის ნააზრევს შეგახსენებთ: “გვხიბლავს ის დიდი სითბო, ადამიანური სიკეთე, რაც მწერალმა სტრიქონებს გააყოლა, მაგრამ ზოგჯერ ჩნდება ფიქრი, რომ მან თავის დიდ შესაძლებლობას თითქოს განგებ შეაკვეცა ფრთები – უარყო, როგორც წმინდა ეპიკური, ისე კონცეფციური პროზა – უარყო გმირი – დიდი ვნებების, წუხილის, ოცნების ხატი”…
– ამის დაწერისას კრიტიკოსს წინ ედო “უფსკრული ქალაქში”. ეს პატარა მოთხრობაც კი უკონცეფციო ყოფილა მისთვის. უთუოდ უკონცეფციოა ტაკუბოკუს ლექსიც: “На песчанном белом берегу островка в Восточном океане я, не стирая влажных глаз, с маленьким играю крабом”.
პოეტები, მათ შორის ჩემნაირი პროზაიკოსი პოეტებიც, ყოველდღიურად იტანჯებიან ერთი რამის შეგრძნებით: წუთებად და წამებად ათვლილ ჩვენს საუკუნეში ისინი ვერ მუშაობენ სტაბილურად, გეგმიანად. დადიან, დაყიალობენ და მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან სამუშაო მაგიდას, როცა მზა ლექსი, ანდა ნოველა ჩაწერასღა მოითხოვს.
სულ სხვაა რომანისტი. რომანისტი დილით დანიშნულ დროზე დგება, მიუჯდება მაგიდას და შეუდგება თანაზომიერ მუშაობას. ყოველდღიური ნორმის შესრულება მას კარგ ხასიათზე ამყოფებს, ეპოქის რიტმში ზის.
სრულიად გამორჩეული სახეებიც აქვთ ქუჩაში რომანისტებს.
თავგზას მიბნევს დიდი მასშტაბის ნგრევები, რომელთა საფუძველზე შემდეგში უნდა აღმოცენდეს ახალი დიდი ნაგებობანი. აქედან მომდინარეობს, ეტყობა, ის მორიდებულობაც, რომანს რომ არ ვეჭიდები არასოდეს.
მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, თავისი სიმშვიდით ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულაკტკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ, აწყნარებდეს, მიწისკენ ეწეოდეს აღზევებულთ, აპარპაშებულთ.
მე მაინც დავწერ. არ ვიცი, ვისთვის, დიდებისა თუ პატარებისთვის, მაგრამ მაინც დავწერ ქალაქის განაპირა ხრიოკებში ტანჯვით მცხოვრებ ხეებზე, ადამიანთა მიერ ჩარგულ და მუდმივი ტანჯვისთვის განწირულ ხეებზე, ზედ შემომსხდარ ჩიტებზე, ნაადრევად დაცვენილ მათ დახრუკულ ფოთლებზე, წყრომით დამავალ დიდ ჭიანჭველებზე.
© “არილი”
მონატრებული უბრალოება
თარგმნა თამარ აბრამიშვილმა
პროზაული ნაწარმოებები, რომლებიც 96-98 წ.წ.-შია შექმნილი და რომელზედაც აქ ვილაპარაკებთ, ყველაზე უკეთ ასახავს ტენდენციას ლექსიკის შერჩევის სტრატეგიის შეცვლისკენ, ჟანრთა გადაჯგუფებისა და სხვადასხვა სტილის ნოვატორული სიმბიოზისკენ. სერიოზული და ჩაფიქრებული ლიტვური პროზა გამოცოცხლდა, გახდა უფრო მხიარული, გათავისუფლდა და შეფერადდა წარმოსახვა, თავი იჩინა იუმორმა და იდუმალებამ.
სწორედ ასეთ ფონზე გამოჩნდა სხვაგვარი შემოქმედება. პირველ ყოვლისა, ისევ ძველებურად მიმზიდველია დღიურის ჟანრი; კვლავინდებურად ლაკონური და აფორისტულია ბიტე ვილიმაიტეს ნოველისტიკა (“გზას აცდენილი მატარებელი”). მის ორ-სამგვერდიან ნოველებში, სადაც ერთმანეთს ერთვის დეტექტივი და ოჯახური დრამა, სენტიმენტები და სარკაზმი, დასმულია საზოგადოების მდგომარეობის დიაგნოზი. წიგნი ნაძალადევ სიკვდილზეა, რომელმაც პოსტსაბჭოთა არეულ-დარეულობისა და ორომტრიალის დროს ბავშვები და მოხუცები იმსხვერპლა. უსახლკარო, გაყინული ბიჭის კუჭში გაკვეთის დროს მხოლოდ მაჟალოს პოულობენ. გათავისუფლებული პატიმარი მონაზონ ქალს იმიტომ კლავს, რომ მას ხელთ არა აქვს საწყობის გასაღები, სადაც ქველმოქმედთა მიერ შეგროვილი ნივთებია შენახული. ვილიმაიტეს მიერ შექმნილი ყველა მხატვრული დეტალი არის აშკარა, დაუნდობელი და ამ კრებულში – სურეალისტურიც. აფეთქებული გოგონას თვალები პრეზიდენტს უმზერს: ერთი ბალახიდან, მეორე – ხის კენწეროდან. რადიაქტიულ ზონაში უსაშველოდ გაზრდილი კოღო გოგონას მშობლებს ნთქავს. მოქმედების ადგილს მნიშვნელობა არა აქვს. მწერალი მიგვანიშნებს, რომ განადგურების შლეგური სურვილი ყველაფერს ემუქრება და მთელი გარემო საფრთხეშია. ვილიმაიტემ ლაკონური, შინაგანად ზუსტად გაწონასწორებული ნოველის მოდელი შექმნა და მისმა ორიგინალურმა სტილმა (განსაკუთრებით შედარებებმა) უდაოდ არა ერთსა და ორ პროზაიკოსზე იქონია გავლენა.
იურგა ივანაუსკაიტემ დროულად იგრძნო, რომ პოსტმოდერნიზმის კანონებს ყავლი გასდიოდა და წერის მანერა კარდინალურად შეიცვალა. იგი ერთხანს ინდოეთსა და ტიბეტში ცხოვრობდა და იქიდან დაბრუნებულმა, გამოსცა წიგნი, სადაც მიმოიხილავდა აღმოსავლეთის კულტურას, მოაწყო თავისი ხელით ჩახატული მანდალების გამოფენა. ეს იყო გარემოს გამანადგურებელი გავლენის თავიდან არიდებისა და პიროვნების ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის თვალსაჩინო მაგალითი.
კარლ გუსტავ იუნგი თავის ბიოგრაფიაში წერდა, რომ ყრმობის ასაკში, როდესაც მანდალებს ხატავდა (უნებლიედ), ამით ყველა ღონეს ხმარობდა, შეეღწია ცენტრში – თავის ბუნებაში. და ამას წინათ ივანაუსკაიტემაც საჯაროდ განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს არც ბელეტრისტიკა, არც ბოჰემა და მხოლოდ ერთი სურს: იცხოვროს სადმე ბურიატიაში და არატრადიციული მეთოდით განკურნოს ხალხი. საკუთარი შამბალას ამგვარი ძიება ნიშანია პიროვნების სიმწიფისა, – მისი მზაობისა, უარყოს ეგზისტენციალური ამაოება; ეს არის ლტოლვა ჰარმონიისკენ, სიბრძნისკენ, კოსმოგონიური საზრისისკენ, ანუ ყვველაფერ იმისკენ, რისი ბატონ-პატრონიც იყვნენ ჩვენი წინაპრები, რომლებიც თავიანთ სოფელს არ გასცდენოდნენ. “სოფელში ერთ დღესაც ვერ გავძლებ”, – ამბობდა ერთხანს ივანაუსკაიტე, – ძირძველი ქალაქელი, ინტელიგენტური ოჯახისა და წინაპრების შვილი. სიმშვიდის ოაზისად მისთვის შამბალა იქცა, რომელიც თავდაუზოგავი ძიებით მოიპოვა.
ჰაერში უბრალოების მონატრების სუნი ტრიალებს, ამიტომაც მოსწონს მკითხველს მარტივი, აღმოსავლური პოეზიის დარი, მინიმალისტური ესთეტიკა, – წიგნები, რომელიც გულისხმიერად ეკიდება ყველა არსს, გულისყურით აკვირდება ცხოვრების ნიშნებს და კრძალვითა და მედიტაციით არის სავსე (ნიიოლე მილიაუსკაიტეს პოეზია, ჰენრიკას ჩიგრეუსის ნოველისტიკა, ბირუტე იონუშკაიტეს პროზა). სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილ რეჟისორ ეიმუნტას ნეკროპოსს, “ჰამლეტის” დამდგმელს, რომელიც მკაცრი პოეტიკის მიმდევარია, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უნებლიედ წამოსცდა, რომ თავი მოაბეზრა ირონიამ და უბრალოება მოენატრა. საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ანასტას რამონასის წიგნმა – “სიმშვიდის ბორცვმა”, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა და რომლის სათაურიდანვე – ცალკეული ფრაზებიდან, ესეში ჩადებული სიბრძნიდან – სიმშვიდის მკურნავი სიო უბერავს. ანასტას რამონასი შეიძლება მივაკუთვნოთ ტრადიციულ ავტორებს, რომლებიც ყოველდღიურ ჭირსა თუ ლხინზე წერდნენ, მაგრამ ამასთან ერთად, იგი უაღრესად ეკონომიურად იყენებს სიტყვებს; მისი ნოვატორობის საიდუმლო ლექსიკური სტრუქტურის სიღრმეში დევს და ამიტომაც უცბად არ გხვდებათ თვალში. რამონასის მოთხრობა “წარსული ზაფხულის თეთრი ღრუბლები” – წიგნი, რომელიც ერთი შეხედვით, ცოტა ბანალურიც კია (ჭვრეტაში ჩაძირული გმირი ძველ ვილნიუსში დაიარება, შედის პატარ-პატარა კაფეებში, ქალაქის შემოგარენში, ბორცვებზე დაეხეტება), ჯერ კიდევ 1992 წელს აღიარეს საუკეთესო ნაწარმოებად. მოთხრობის აზრია თავისუფალი სულის ემანაცია, – კაცის ყოფა, რომელიც დამოკიდებული არ არის არც იდეოლოგიის ორპირ ქარზე, არც სიმდიდრესა თუ სიღარიბეზე, არც პოლიტიკურ თუ ადამიანურ ვნებათაღელვაზე და არც კარიერაზე. იგი “ფიქრობს და იქცევა ისე, როგორც უნდა”. ანასტას რამონასის პროზას “შინაგანი ემიგრაციის” პროზას უწოდებდნენ; მის პროზაში მეტონიმია მეტაფორას ჯაბნის, ხოლო თხრობა არ არის სიტყვაკაზმული, არამედ შესაბამისი და ზუსტია. სულ სხვანაირი, ფსიქიკური რღვევის ზღვარზე მდგარი, გონებააფორიაქებული გმირი გამოჰყავს მას “მიკელეში” – თავის მეორე მოთხრობაში, რომლის სინტაქსსა და თვით თხრობის კილოს აშკარად ეტყობა ბრონიუს რაძივიუჩუსის (მან 90-იან წლებში გაითქვა სახელი და სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც, ლიტველების კერპი იყო) სტილისა და თავად მისი პიროვნების გავლენა. მიკელესი, პოსტსაბჭოთა ცვლილებების შემდეგ, ცხოვრებას ვერ ერგება: მისი აზროვნებისთვის დამახასიათებელია “არქაული” მსოფლმხედველობა; იგი სხვა განზომილებაშია, ენატრება ისტორიული ავთენტიკა – ყველგან და ყველაფერში. ანასტას რამონასი საინტერესო ისტორიულ ნოველებს წერდა, გულმოდგინედ აღადგენდა წარსულის ყველა წვრილმანს (მისი მრწამსი იყო: “ერთი ისტორიული ნოველის დასაწერად არქივებში მთელი წელი უნდა იმუშაო”) და აღშფოთებული იყო ხოლმე თავისი კოლეგების ისტორიული დილეტანტიზმით. მწერლის ამგვარი ლტოლვა აღდგენისადმი – ტოტალური დესტრუქციის პირობები, ჩვენ დროში, ფრიად იშვიათია.
რომულდას გრანაუსკასის ესე, “სიტყვის აგონია” – დღევანდელ გაშმაგებულ სწრფვაში ხელაღებით განადგურდეს ყველაფერი – ყველაზე საშიშ მოვლენად სიტყვის დევალვაციას ასახელებს. ბიბლიაზე, ფოლკლორსა და კლასიკურ ლიტერატურაზე აღზრდილ გრანაუსკასს ენატრება ესთეტიკური შეხმატკბილება – ჰარმონია, რომელსაც სიტყვა აღარ ემსახურება. მისი მოთხრობების პირველი კრებული “წითელი ტყეები” ადასტურებს, რომ სემანტიკურად დაყურსული, ნოყიერი ტექსტი არ ძველდება. მეტსაც ვიტყვი, ეს ტექსტი ერთგვარი საბუთია ათწლეულების მანძილზე ლიტვური პროზის განვითარებისა და წარმატებისა. გრანაუსკასი პროზაში არტერიული ჭაბურღილების გათხრის დიდოსტატია: იგი ცოტას წერს, მაგრამ მისი ყველა მოთხრობა, ამბავი თუ ესე უეჭველად მკვიდრდება დიდების კვარცხლბეკზე. ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი ახალი წიგნი “ცხოველთა საგალობელი”. გრანაუსკასის პროზამ მწვერვალს მიაღწია და ცხადია, თავისი ანტიპოდი შვა. ლიტვურ პროზაში ურბანისტული მიმართულება ჩამოყალიბდა.
ახალგაზრდა ავტორები თავგამოდებით ედავებიან ტრადიციებსაც და მამებსაც. ნიჭიერმა ნოველისტმა და კრიტიკოსმა რენატა შერელიტემ გამოსცა მეორე წიგნი “მარის წრე” (პირველი წიგნი “თევზის განაწილება” 1995 წელს გამოიცა). უღიმღამო პროვინციული ცხოვრების სიმძიმილი (“არაფერი ხდება”), მუდამდღე შეზარხოშებული ქალიშვილები, წრეზე სიარულივით მომაბეზრებელი ყოფა, ასეთია ამ ნოველების გმირთა სამყარო, რომელიც ბასრი სტილითა და ბრწყინვალე შედარებებით არის გადმოცემული. ამ ნოველების ყველაზე ტიპიური სათაურია: “ანგელოზი კარტოფილით სავსე ვედროსთან” (ლიტვური პროზის საფუძველთ-საფუძველს – აგროკულტურის მიკერძოებულ ყოფას – მისი მოახლეღა შემორჩა: ალკოჰოლი და ანგელოზის გამოცხადება); მეორე ახალბედა მწერალმა – მარიუს ივაშკიავიჩუსმა, რომლის იმედიც ლიტვაში ბევრს ჰქონდა, პირველი ნოველების კრებულის (“რის მაქნისია შვილი”, 1996) გამოსვლის შემდეგ, ხელი მიჰყო რომანის წერას, რომლის ფრაგმენტებიც პერიოდულ ჟურნალში ქვეყნდებოდა (“ნაწყვეტები მთელიდან”). უნდა ითქვას, ამ ნაწყვეტებში, თხრობა გაცილებით მიმზიდველი ჩანდა, ხოლო როდესაც “მთელი” რომანი გამოიცა (“ამბავი ღრუბლებიდან”) აღმოჩნდა, რომ სიტყვამრავალი ტექსტის წაკითხვა სტატიკური თხრობის, ჭარბი დაშიფრული სიმბოლების, უსაშველოდ მონოტონური, თანაც რიტმული და რაღაცნაირი ნაფლეთი სტილის – ვითომდა “პოეტური პროზის” – გამო, შეუძლებელი იყო. მის რომანში პროზაული ტექსტი ლირიკის მთავარ პრინციპებს იყენებს და აშკარად მის ხარჯზე მუქთახორობს. მ.ივაშკიავიჩუსი არად აგდებს მკითხველს, ამძიმებს ნაწარმოებს მრავალმნიშვნელოვანი გამოთქმებით, რომელიც მხოლოდ ავტორისთვის არის გასაგები და ამგვარად, ლიტერატურული სასწაული, სამწუხაროდ, არ მოხდა.
გამომსახველობითი ხელოვნების დარად, რომელიც ხელოვნების ალტერნატიული სივრცის მოსაძიებლად დიდიხანია ქუჩაში გავიდა, პროზაულმა სიტყვამაც გადალახა თავისი საზღვარი და შუკებისკენ გაიწია. სლენგმა (ბოჰემურმა, მოზარდულმა), ჟარგონმა, ლიტვურ-სლავური ენების კონგლომერატმა, ბილწსიტყვაობამ, უხეშმა სიტყვებმა, სალაპარაკო ენამ თავისი სინტაქსით ლიტერატურული ენის დაბანილ-დავარცხნილი ნორმატიული ლექსიკა აწეწა.
ყველანაირი სტილით მანიპულირება და სიტყვიერი მოდელების გამოყენების უნარი დღესდღეობით მწერლის “ხარისხის ნიშანია” (გავიხსენოთ კუნჩინასი, ერლიცკასი, კასპარავიჩუსი, რომლის ორიგინალური მოთხრობა – “ოთხი დაიკოს ბაღი”, – სწორედ დამდაბლებური ფაქტურითა და უხეში ლექსიკით გამოირჩევა, რაც “ხალხთა აღრევის” ენობრივი სიტუაციის გამოხატულებაა).
დაბოლოს, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ლიტვურ პროზაში ფეხს იკიდებს უფრო რთული მსოფლმხედველობაც, რომლის გამოსახატავადაც მწერლები თხრობის არაკანონიკურ ფორმებსა და უფრო დაუნდობელ, “დაუბანელ” ლექსიკას ეძიებენ. ამიერიდან თხზვა ნაკლებად არის შემოსაზღვრული, უარყოფილია ტაბუ. მეორე მხრივ, ჟანრთა დიფუზია “დღემოკლე” მწერლებს უფრო შეშვენით, რომლებიც სრულყოფას არ მიელტვიან. ვირუსივით გავრცელდა ესეისტიკა. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ლიტვურ პროზას, რომელსაც ლირიკული სიტყვაკაზმულობის დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ არა აქვს ინტელექტუალური დისციპლინა. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა წავახალისოთ ნაირნაირი ავანგარდი, რათა ლიტერატურის ძარღვი არ გაწყდეს. ახლაც, როგორც მუდამ, შედეგი პირველ ყოვლისა, მწერლის პიროვნების მასშტაბზეა დამოკიდებული.
“ყველანაირი ხელოვნება თამაშს ჰგავს, მაგრამ პროზა ყველაზე მეტად ერთობა ასეთი თამაშებით”, ამბობს ლუდას გუტაუსკასი.
© “არილი”
“ამარკორდი”, გუერასა და ფელინის მოთხრობა
თარგმნა მეგი ლორიამ
ტონინო გუერამ მისი და ფელინის ბავშვობისა და ყმაწვილობისდროინდელ საერთო მოგონებებზე დაფუძნებული გამოგონილი ისტორია გადმოიტანა ფურცელზე. გუერამ თავის თავზე რედაქტორის მოვალეობა იკისრა და გადაწყვიტა, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუკი არ გადაუხვევდა მატიანეს ტრადიციას და არ მიიჩნევდა, რომ მემუარის წამკითხველი აუცილებლად ლიტერატურული ნაწარმოებით ტკბობას მოისურვებდა; პირიქით, მან მკითხველი უბრალო და ლამის გაუნათლებელ ადამიანად ჩათვალა, ჩვეულებრივ კინომაყურებლად. სწორედ აქედან გაჩნდა ეს სახალისო მოთხრობა, მემუარებისთვის ტიპიური ნაწარმოები, რომელიც არც “მე”-ა და არც “იგი”, არამედ უფრო “ჩვენ”; ეს სრულიად უცხო რამაა ლიტერატურული ტრადიციისთვის. საუბარია – თუკი საერთოდ შეიძლება ამ საკითხის დაყენება – მრავლობით რიცხვზე, ერთგვარ “ჩვენ”-ზე, რისი მეშვეობითაც ავტორები (ტონინო გუერა და ფედერიკო ფელინი) თავიანთი ჯადოქრობის დემონსტრირებას ახდენენ და ხიბლავენ მკითხველს; და აი, ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, თუ როგორ იბადება და ვითარდება ჩვენს თვალწინ ისტორია; როგორც ჩანს, იგი ჩვენი ყურადღებიდან და ჩვენი ინტერესიდან იბადება, შესაძლოა ჩვენი მეხსიერებიდანაც. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვობა და სიყმაწვილე ყველამ გუერასა და ფელინის “ქალაქში” გავატარეთ.
გუერა და ფელინი განაიარაღებენ მკითხველს და აიძულებენ, პირიქით, აუცილებელი, ბუნებრივი და საყოველთაო-უნივერსალური ხედვით აღიჭურვოს და ერთადერთი შესაძლებელი ვერსია გაითვალისწინოს. გაოგნებული მკითხველი (ყველა მკითხველი ხომ უბიწოა და გამოუცდელი) მყისვე ყლაპავს სატყუარას და თავი ისე მოაქვს, თითქოს იცნობს ამ შესანიშნავ ადამიანებს და მათზე იმავე აზრისაა, რასაც თავად ეს გმირები ფიქრობენ თავის შესახებ.
რა იმალება “ამარკორდის” ანეკდოტებსა თუ სოფლურ-პროვინციულ კარიკატურებში? აქ არაა ისტორიები, აქ სიცარიელეა. გამოცანა – რომლის წინაშეც უკან იხევენ ისტორიული, მორალური და სოციალური განსჯები – რელიგიურობის უხეში, წარმართული ჰიპოსტასია. ტრაგიკულში, რომელიც თითქმის ყოველთვის რელიგიურ ფენომენს წარმოადგენს, ძალზე ბევრია “სოფლური” და “გაუთლელი” სუბსტანცია. მისი “გრძნობათა აღზრდა” ამ მკითხველში გრძნობებისვე შიშს აღძრავს, შიშს მათი გამოვლინებების წინაშე. მაშ ასე, თუკი ამ ადამიანის მსოფლმხედველობა არაა დამყარებული მოჩვენებითი მოვლენებით აღსავსე ყოფიერების საიდუმლოზე, მაშინ ფელინიმ, სოციალური მოსაზრებების გამო, უნდა დამალოს თავისი გრძნობები, ანუ მისტიფიკაციებს უნდა მიჰყოს ხელი. ამგვარად, ამ გრძნობას გამომჟღავნებისთანავე ლაგმავენ. მაინც რითი? სიცილით. სწორედ რომ სიცილით და არა იუმორით. ფელინი კომიკურისკენ ილტვის (და გუერა იძულებულია დაეხმაროს მას), მაგრამ აქ კონვულსიური ხარხარი უნდა ვიგულისხმოთ. ესაა ნერვული, მეძავი ქალებისა და მაზოხისტების სიცილი; ყოვლის განმძარცველი, დამანგრეველი ხარხარი, რომელიც თავიდან შლის განსხვავებულობას, მაგრამ შემდეგ კი ისევ აღადგენს მას. ესაა პათეტიკური თავდაცვის, ყინულოვანი სიცილი.
ამგვარად, სიცილის არანორმალური შეტევებით შეზავებული ტრაგიკული გრძნობა, რომელიც სიცარიელის მიღმა იმალება, მეტ-ნაკლებად კორექტულად გამოიყურება და თავის მხრივ, თავად ამ სიცილის ფსიქოლოგიურ ნაძალადევობას აქარწყლებს; ეს მეორე კორექცია იუმორის ჩარევით მიიღწევა. ბალთა შეკრულია: ანეკდოტსა და კარიკატურას (სხვათა შორის, ყალბს) სიხარულით შევცქერით (ასევე ყალბი სიხარულით), ისევე, როგორც ეს ტრადიციასა და კეთილგონიერებას შეეფერება: სწორედ ეს გრძნობა უნდოდათ გამოეწვიათ ავტორებს.
საბოლოოდ ფელინი პირში ჩალაგამოვლებული რჩება: თავისი ქალაქის ცხოვრებით (გაზაფხულიდან გაზაფხულამდე), წვრილი ბურჟუაზიიდან გამოსული წვრილ-წვრილი პერსონაჟებით, თავისი ცეროდენა ადამიანებით. პირადად მე (პროდიუსერი რომ ვყოფილიყავი) ამ მოთხრობის მიხედვით საერთოდ არ გადავაღებინებდი ფილმს. მე შემეშინდებოდა გამეცოცხლებინა, აჩრდილთა სამყაროდან გამომეხმო ნეორეალისტური ანაქრონიზმი, რომელშიც მუდამ ძავატინის დევიზის მიხედვით უნდა გვეცხოვრა: ეს იქნებოდა “ღატაკი შერეკილები” თანამედროვე იპოსტასში, სახელად “შეშლილი წვრილი ბურჟუაზია”.
მაგრამ, როცა იცი, რომ ფილმის რეჟისორი ფელინი იქნება, აუცილებლად წარმოიდგენ ნაწარმოებს, რომელიც ამ მოთხრობიდან თუ რომანიდან გამოვა. ფელინი უკიდურეს ექსტრემიზმსაც კი არ მოერიდება, თავის პატარა ადამიანებს ვულგარულ მხეცებად გადააქცევს, სასტიკ და გულისამრევ, ინტელექტისგან დაცლილ, დაუნდობელ არსებებად.
ადამიანობის – რომელიც სრულად ატროფირებულია – ტოტალურ დეფიციტს უხეშად შეთითხნილი მოთხრობა ტრაგიკული საწყისებისკენ მიჰყავს. ტრაგიკულისკენ მიბრუნება კი მართალია ირიბად, მაგრამ მაინც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ჩახშობილი გრძნობები ყოფიერების კონკრეტიკას მივაპყროთ.
ისღა გვრჩება ვიკითხოთ: როგორ განხორციელდება ეს ეკრანიზაცია, რომელსაც ძალუძს პატარა პასტორალური სამყარო ფაშისტურ ყოფიერებად გადააქციოს? ამაზე პასუხის გაცემა არაა ძნელი: ფელინიმ იცის ფორმულა: რეალობა უნდა განვიხილოთ როგორც წარმოუდგენელი და აღუწერელი; ვიპოვოთ მასში ნაწილი, ელემენტი, ფორმა, ასპექტი; ისე ვქნათ, რომ რეალობის ეს “წარმომადგენელი” მაქსიმალურად დაუახლოვდეს ზოგად კონცეფციას – საზოგადოებრივ, და შესაბამისად, პირობით კონცეფციას; ყოფიერების ამ მონაკვეთზე, რომელიც შეზღუდული და ასევე პირობითია, სემანტიკური გაფართოება უნდა მოვახდინოთ და ეს ყველაფერი გადამეტების, ზღვარგადასულობისა და უსაზღვრობის ხერხებით უნდა გაფორმდეს, წარმოუდგეს მაყურებელს, რომელიც:
ა) აღელვებულია, გამომხატველობითი ხერხების ასეთი უსაზღვროების შემყურე და ბ) აღიარებს მათ საყოველდღეო ღირებულებას.
© “არილი”