-
-
ნიკა ჯორჯანელი – ლექსები
-
დავით ქართველიშვილი – სიყვარული და მსხალი
ფრაგმენტი რომანიდან
ზამთარი
ზამთარში ერთი თვით ყოველთვის გუდაურში ამოვდივარ, ვცხოვრობ მამაჩემის აშენებულ სახლში, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ოდნავ გავაფართოვე და ვუსაქმურობ, ტელესკოპით ვუყურებ ცას და ბავშვობაში ვბრუნდები. ვარსკვლავებზე დღეს გაცილებით ცოტა რამ ვიცი, ვიდრე ბავშობაში, ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ყველაზე გონივრული იქნება მივყიდო დარჩენილი აქციები სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილ პირს ან პირებს, ან უცხოელებს (თუმცა არა მგონია სახელმწიფომ ამის საშუალება მომცეს) და დარჩენილი ცხოვრება უსაქმურობაში გავატარო, ვუყურო ცას, ვიკითხო წიგნები ვარსკვლავებზე, ბოლოს მივხვდე, რომ მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი; ვარსკვლავების, ცის და რაც მთავარია საკუთარი თავის შესახებ და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდე. მინდა, რომ მშვიდად მოვკვდე, ყოველგვარი ლოგინში ჩავარდნის და ტკივილის გარეშე, ფიზიკური ტკივილის მეშინია. მამაჩემი მოკვდა ასე; ჩავარდნილი, ტკივილით, მორფზე შემჯდარი, კიბოთი, ამბობენ, რომ კიბო გენეტიკური დაავადებაა, დიდია იმის ალბათობა, რომ მეც კიბო დამემართოს. როდესაც ჩემს ლოგინად ჩავარდნაზე, ტკივილებზე, მორფზე შეჯდომაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ თვითმკვლელობაა გამოსავალია. რაც შეეხება ჯოჯოხეთში მოხვედრას, ჯოჯოხეთის შესახებ არაფერი არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, სამოთხის შესახებაც ასე ვარ; არაფერი არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, მაგრამ შიში ბუნებრივია ჯოჯოხეთის უფრო მაქვს.
ერთადერთი, ვისთანაც სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ მაქვს ნალაპარაკები, ჩემი ყოფილი ცოლია, რა თქმა უნდა მანამადე, სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, ახლა ამ საუბრებს დეტალურად ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ძირითადად იმაზე ვლაპარაკობდით, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ადამიანშია, ეს აზრი ალბათ სადღაც ვიღაცისგან გვქონდა გაგებული, თუმცა ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ ჩვენი მიგნება იყო, ასაკიდან გამომდინარე გვჯეროდა, რომ აზრი, მიგნება ჯოჯოხეთის ან სამოთხის შესახებ, შეიძლება ყოფილიყო ჭეშმარიტი და ამ ჭეშმარიტებას შეიძლებოდა ყოლოდა მესაკუთრე ადამიანის სახით. ამის შემდეგ ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ არავისთან აღარ მილაპარაკია, ვლაპარაკობდი ერთი შეხედვით გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე: ფულზე, სექსზე, საქართველოზე, გლობალიზაციის პლუსებზე და მინუსებზე, ლოკალურ ამბებზე, ვინ ვისთან წევს და ვინ ვისთან აღარ წევს, მაგრამ აქ ამოსვლისას (აქ სულ მარტო ვარ, საკუთარ თავთან) ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე (ერთ-ერთი მაინც) გარდაუვალი იყო, ჯოჯოხეთის და სამოთხის მიღმა ადამიანი მხოლოდ მიწაზე არსებობს, მაგრამ მიწიერი ცხოვრება არ არის უსასრულო, აქედან გამომდინარე, ფული, სექსი, საქართველო, გლობალიზაციის პლუსები და მინუსები, ლოკალური ამბები, ვინ ვისთან წევს და ვინ ვისთან აღარ წევს, საერთოდ არააქტუალურია და მთავარია სად მოხვდები, შეიძლება სიყვარული ესეცაა, სამოთხში მოხვედრის იმედი, ან სამოთხის არსებობის ზუსტი ცოდნა.
ორ კვირაში ახალი წელია, თანდათან აქურობა გადაიჭედება და ახმაურდება, განსაკუთრებით თინეიჯერები იაქტიურებენ, მეც განსაკუთრებით თინეჯერების ვერ ვიტან, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვარწმუნო ჩემი თავი, რომ ეგეთი აუტანელი დებილი არ ვიყავი მათ ასაკში, ვერ ვარწმუნებ, ერთდროულად უცნაური და საშინელი ასაკია, არცერთი ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი არ გაქვს, მაგრამ თავხედი ხარ და ყველა თემაზე ლაპარაკობ, სამყაროს ატრიალებ, უფრო სწორად, გგონია, რომ ატრიალებ, რეალურად უტვინო ბავშვი ხარ, გჯერა ერთმანეთზე დიდი სისულელის და აქტიურად ცდილობ შენს მიერ დაჯერებული ერთმანეთზე დიდი სისულელების ცხოვრებაში გატარებას და რადგან ცხოვრებას ძალიან ჩამოყალიბებული წესები აქვს, უნებურად სისტემას ებრძვი და ერთმანეთზე სულელურ მდგომარეობებში ვარდები და დღითიდღე უფრო საცოდავდები, სანამ არ მიხვდები, რომ გაიზარდე და სხვანაირი ცხოვრება უნდა დაიწყო. გარეგნულად მშვიდი და ზომიერი, შინაგანად ეჭვიანი და სხვების დამორჩილებაზე აგებული, მხოლოდ ხანდახან ძალიან მარტო დარჩენისას თუ კითხავ საკუთარ თავს, გიღირს ეს ყველაფერი? მაგრამ უკვე სხვანაირი ცხოვრება აღარ შეგიძლია, გულწრფელად ვეღარ წარმოგიდგენია, რომ სხვანაირი ცხოვრება არსებობს. და ძველებურ, ერთადერთ შესაძლებელ ცხოვრებას აგრძელებ. ორ კვირაში ახალი წელია და ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ არავის თოვლის ბაბუა არ ვარ, გულით არავის არაფერს არ ვჩუქნი, მხოლოდ საქმიანად ვქველმოქმედებ, უფრო სწორად, ჩემი სახელით ქველმოქმედებენ.
ბუხარში შეშის ნაფოტი შევაგდე და ცეცხლს ხელები მივუშვირე, თორნიკე გამახსენდა, გადავწყვიტე, რომ ერთხელ ზაფხულის მაგივრად ზამთარში ჩამოვიყვან თუ სკოლის გრაფიკმა მოგვცა საშუალება და აქ დავასვენებ. დავსხდებით ბუხართან, რიგრიგობით შევყრით შეშის ნაფოტებს, მივუშვერთ ცეცხლს ხელებს და ვილაპარაკებთ თორნიკეს მომავალზე, სად ისწავლის, ვინ გამოვა, როგორ წარმოუდგენია თავის ცხოვრება, მე როგორ წარმომიდგენია მისი ცხოვრება, ვილაპარაკებ მონდომებით და იმედიანად, თუმცა ყველანაირად ვეცდები საუბარი ჩემ ცხოვრებას არ შეეხოს, რადგან ჩემი მომავალი ცოტა არ იყოს ბუნდოვანი და გაურკვეველია, უფრო სწორად, აწყმოა იმდენად გარკვეული, რომ შედეგების მომავალში დანახვას აზრი არ აქვს, ჩემგან არც გეითსი და არც ბაფეტი აღარ გამოვა, ყველაფერში დამნაშავე რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბებია და კიდევ მდიდარი ადამიანისთვის ძალიან არადამახასიეთებელი რამ მჭირს; სიყვარულს ვეძებ, უსიყვარულოდ მართლა ცუდად ვარ., მაგრამ სიყვარული არ მოდის, ჯერჯერობით ასეა, წამოვდექი, ცეცხლს ზურგი მივუშვირე.
* * *
დღეს მამა დავითმა ჩამომაკითხა მონასტრიდან.
მამა დავითი ერთადერთი სასულიერო პირია ჩემ ნაცნობ სასულიერო პირებს შორის რომელიც ჩემთან სარგებლის გამო არ ურთიერთობს, თუ სარგებელში მხოლოდ ფულს ვიგულისმებთ.
ვატყობ, რომ როგორც პიროვნება ვაინტერესებ, ანუ მის თვალში ერთ-ერთი რიგითი მდიდარი ადამიანი არ ვარ და ჩემში რაღაც განსაკუთრებულს ხედავს, მისი ასეთი დამოკიდებულება ერთდროულად მსიამოვნებს და მაშინებს.
მამა დავითმა მხრებიდან თოვლი ჩამოიბერტყა და სახლში შემოვიდა, ერთმანეთი მოვიკითხეთ.
მამა დავითი ჩემს ყოველ ჩამოსვლაზე მოდის ჩემთან სტუმრად, ვსხდებით, ვსვამთ ჩაის ალუბლის მურაბით და ვსაუბრობთ.
ჩვენი საუბრები ძირითადად ზოგად, მაგრამ აქტუალურ საკითხებს ეხება; ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მსოფლიო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, ამ ზოგად საკითხებზე საუბარს ძალიან კონკრეტულ მოვლენასთან, ”მეორედ მოსვლასთან” მივყავართ.
მამა დავითი ამბობს, რომ ყველაფერი დიდი ომისკენ მიდის, ყველა ცივილიზაცია დიდი ომით დასრულდა, მაგრამ ცივილიზაციის დასასრული ხშირად არასწორად ერევათ სამყაროს აღსასრულში და მეორედ მოსვლაში, აქამდე ცივილიზაციები ხსოვნაში იდეებით და ნანგრევებით რჩებოდნენ, ეს ცივილიზაციაც ალბათ ასევე დარჩება, ვირტუალური სივრცე ნანგრევის ნაირსახეობაა, ვერცერთი ცივილიზაცია ვერ იარსებებს სხვა ცივილიზაციაში, როგორც აწყმო, მხოლოდ როგორც იდეა და ნანგრევი, უკვე ვირტუალური ნანგრევი, რაც შეეხება მეორედ მოსვლას, მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის მეორე დღიდან მოყოლებული ლაპარაკობენ ადამიანები, ასე იმიტომაა, რომ მეტნაკლებად ყველა ვგრძნობთ და ძველად არანაკლებად გრძნობდნენ მატერიალური პროგრესის უაზრობას, რეალურად ყველაფერი უკან მიდის, იტყვი ასეთ რამეს და თანამედროვე ლიბერალები მოგესევიან, გეტყვიან, რომ სიბნელეს იცავ და ბნელეთის მოციქული ხარ, შეგახსენებენ, რომ სეკულარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და შუასაუკუნეების მეტაფიზიკით წამლავ თანამედროებას..
მე მესმის, რომ ნებისმიერ ადამიანს მისთვის საცხოვრებლად კომფორტული საზოგადოება მიაჩნია პროგრესულად და ყოველგვარი დისკომფორტი ყოველთვის სიბნელესთან და ეშმაკთან გარიგებასთან ასოცირდება. ამ ძიძგილაობაში საკუთარი თავი გვეკარგება, საკუთარი ცხოვრება.
მამა დავითმა იცის, რომ ცოლთან გაცილებული ვარ და შვილი ბარსელონაში მყავს, ყოველი სტუმრობისას აუცილებლად მეკითხება როგორ არის თორნიკე, ოღონდ არა ზრდილობის გამო, გულით, და მეც ვუყვები გრძლად და დაუზარელად, ხანდახან მგონია, რომ ვაჭარბებ და რეალურ თორნიკეს ვცილდები და იდეალურ თორნიკეს ვქმნი, რამდენიმეჯერ მამა დავითმა მკითხა, შერიგებას ხომ არ ვაპირებ თორნიკეს დედასთან. მე ყოველი ჯერის შემდეგ უხერხულად გავიღიმე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მამა დავითს არცერთხელ არ უკითხავს, რატომ გავშორდი ცოლს, არც მე მომიყოლია გაცილების მიზეზი. ვინ იცის რას ფიქრობს მამა დავითი? რა უაზრო გამოთქმაა, ვინ? ვინ და თავად მამა დავითმა.
ჩაი დავასხი და დავსხედით.
მამა დავითი ალუბლის მურაბას ჩაიში ურევს, მე ჯერ მურაბას ვჭამ და შემდეგ ჩაის ვაყოლებ, მამა დავიმა გაიღიმა და მითხრა:
– შენ მურაბასაც პატივს ცემ და ჩაისაც, მე – არცერთს, ბავშვობაში მივეჩვიე ასე, ხოლო ჩვევა… – მამა დავითმა გაიღიმა…
მეც გავიღიმე.
“რჯულზე უმტკიცესია”, თავში დავასრულე ანდაზა და კოვზი მურაბისკენ წავიღე.
ჩაის შემდეგ ბუხართან გადავინაცვლეთ, მამა დავითმა თბილისის ამბები გამომკითხა, თბილისის ამბებში იგულისხმებოდა მიტინგები, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა და მსგავსი მოსაწყენი ისტორიები, მე ზირითადად ტელევიზორში და გაზეთებში ამოკითხული ინფორმაცია მივაწოდე, მამა დავითმა გაიღიმა და მითხრა, რომ ნამდვილი ამბები აინტერესებს და არა ის, რასაც ტელევიზორში ამბობენ, ან რაზეც გაზეთებში წერენ.
– ნამდვილ ამბებზე ლაპარაკი ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის სახიფათოა, ეკლესიაც ხომ ვერ ლაპარაკობს პირდაპირ.
– დავიწყეთ ერთმანეთისკენ ხელების გაშვერა.
– არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გენდობით, უბრალოდ არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი..
– ამ წუთას ერთი აზრი მომივიდა თავში, ეხლა აქ რომ მთავრობის წამომადგენელი, ვინმე მინისტრი ან პარლამენტარი იჯდეს, ოღონდ ისეთი, რაღაცაზე რომ უფიქრია ცხოვრებაში, იცი რას იტყვის? ვერც ხელისუფლება ამბობს სიმართლესო და მართალი იქნება, ჩვენ ყველა შეზღუდულები ვართ, რადგან ეგეთი ერი ვართ, ძალიან არალოგიკური რაღაცეების გვჯერა, მაგალითად, რომ 5 წელიწადში საქართველოს აყვავება შესაძლებელია და რაც ყველაზე მთავარია, გვჯერა, რომ ერთი ადამიანი შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი დახმარების გარეშე და ფულს მხოლოდ იმიტომ მოგვცემს, რომ აქ დავიბადეთ და აქურები ვართ. ესეთ ადამიანებთან ყველა იტყუება, მთავრობა, ეკლესია, საქმიანი ადამიანები და ეს საჭირო ტყუილია, სხვა შემთხვევაში ომი მოხდება, დღეს სიმართლის თქმა, ომს ნიშნავს.
– სიმართლის თქმა მგონი ყოველთვის ომს ნიშნავს – ვთქვი და შეშის ნაფოტი შევაგდე ბუხარში.
– დღეს განსაკუთრებით, ყველამ ვიცით, მთავრობამ, ეკლესიამ, საქმიანმა ადამიანებმა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ყრუ პროვინციაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენი არსებობა მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ არანაირი ეროვნული გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით.
– სასულიერო პირები განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხართ, თქვენი მიზანი შინაგანია; ადამიანები ღმერთისა და სამოთხის არსებობაში უნდა დაარწმუნოთ, ხოლო ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების მოწყობას გვთხოვენ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებს თხოვენ, მაგრამ პოლიტიკოსები ჩვენთან მოდიან და გვაიძულებენ, ვაკეთოთ ის, რაც ეკონომიკურად ძალიან არასწორია
– მესმის, რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ჩვენს შეფასებაში ნამდვილად ცდები, ჭეშმარიტი სამოთხე და ჯოჯოხეთი ადამიანების უმრავლესობისათვის აბსტრაქციაა, ცხოვრებაში ყველაფერი დამიწებულია, ადამიანებისთვის ყველაფერი მიწაა და თუ ის მიწაზე წარმატებულია, მაშინ სამოთხეშია, თუ წარუმატებელია, მაშინ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, როგორც ყველაფერი მიწიერი, მიწიერ ჯოჯოხეთში და სამოთხეში ყოფნაც არამდგრადია, არამუდმივი და მოსაბეზრებელი, სამოთხეში მცხოვრებლები ვერ იტანენ ჯოჯოხეთში მყოფებს, რადგან ისინი მათ გამუდმებით ახსენებენ, რომ ნამდვილ სამოთხეში კი არა, მოგონილ სამოთხეში ცხოვრობენ, ჯოჯოხეთთან შედარებით სამოთხეში, ამის შეგრძნება ძალიან არასასიამოვნოა, გამოდის, რომ მთელ ცხოვრებას უძღვნი რაღაც ძალიან ყალბს, არ არსებულს, რაც შეეხებათ ჯოჯოხეთში მყოფებს, ისინი ცდილობენ ჩაიცვან, იცხოვრონ, გაერთონ, ილაპარაკონ ისე, როგორც ამას სამოთხის ბინადრები აკეთებენ და ასე დააჯერონ ერთმანეთი, რომ ისინიც სამოთხეში ცხოვრობენ, მიწიერი ცხოვრება მოგონილ, ყალბ ჯოჯოხეთსა და ყალბ სამოთხეში მრავალწლიანი მოსაწყენი მოგზაურობა და ოცნებების არასრულებაა და აქედან გამომდინარე, არსებობს სევდა სამოთხეში და შეჩვევა ჯოჯოხეთში, რეალურად ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს თავებში ხდება, ჩვენს ირგვლივ კი მხოლოდ მიწაა ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე.
“და სიყვარული?” მინდოდა მეკითხა მამა დავითისთვის, მაგრამ არ ვკითხე, შემრცხვა, თუ ამ საკითხზე სერიოზული საუბრის წამოწყება შემეშინდა?
* * *
ახალ წლამდე ოთხი დღე დარჩა, აქედან გამომდინარე გუდაურში საგრძნობლად მოიმატა მანქანებმა და ნაფეხურებმა თოვლზე, ასევე ხმაურმა, ეს უკანასკნელი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე.
სასტუმროში საერთაშორისო სამდღიანი ბიზნეს-კონფერენცია იმართება, რომელსაც იძულებით ვესწრები, ვზივარ ძალიან ოფიციალური სახით, ძალიან ოფიციალურად ჩაცმული და მაქსიმალურად ვცდილობ არ შევიმჩნიო როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირ ეთერშიც ჩავერთე, მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი, ვილაპარაკე, როგორც წესია, ოპტიმისტური პათოსით (თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ 7 ნოემბერს მიტინგის დაშლას და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ასევე 5 იანვარს დანიშნულ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს) არა მგონია ვინმეს ჩემი ოპტიმისტური პათოსი მოწონებოდა. ზედმეტად გააქტიურებული ადამიანები ალბათ მწარედ მაგინებენ და კანცელარიის ჯიბის ბიზნესმენს მეძახიან, ჩემთვის სულერთი არ არის რას ამბობენ ჩემზე, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ აზრის შესაცვლელად ფული გადავიხადო, ისედაც საკმაოდ ბევრ ფულს ვუხდი სახელმწიფოს.
საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი გუდაურში იყო ჩამოსული და ჩემ სახლში სურდა ღამის გათენება. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მითხრეს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე საათის შემდეგ მესტუმრებოდა.
პრეზიდენტთან რამდენიმეჯერ ვარ შეხვედრილი. მე არ ვარ მასთან ძალიან დაახლოებული ბიზნესმენების რიცხვში, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არც არასოდეს მიძებნია პრეზიდენთთან დაახლოების გზები, ხშირი თვალში მოხვედრა, ტელევიზიით მისი ქება–დიდება, მისი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის თავგამოდებით დაცვა.
ზარმა ამაღელვა. დავიწყე მომზადება, ვიბანავე, თუმცა უკვე დაბანილი ვიყავი, მაგრამ მაინც, ოფიციალურად ჩავიცვი, თუმცა ჰალსტუხი არ გამიკეთებია, ჩავთვალე, რომ ზედმეტი იყო, გადავრეკე სასტუმროში და საუკეთესო ვახშამი დავუკვეთე, შემდეგ დავჯექი ბუხართან და დავიწყე ლოდინი. დროდადრო ვდგებოდი, მივდიოდი ფანჯარასთან, ფარდას ვწევდი და გარეთ ვიხედებოდი, განათებულ გზაზე ხან წყვილებს, ხან მოგუნდავე მთვრალებს, ხან აღფრთოვანებულ, თოვლში მოკოტრიალეYთინეიჯერებს ვხედავდი. პრეზიდენტი არ ჩანდა, ვიჯექი და ველოდებოდი, ერთი საათის შემდეგ ვახშამი მოიტანეს, სასტუმრო ოთახში გავაშლევინე სუფრა, ამ პროცესმა მოლოდინის ერთფეროვნება დაარღვია.Eმაგრამ დაახლობით ნახევარ საათში კვლავ მოლოდინის ერთფეროვნებაში დავბრუნდი, გამახსენა, ჩემს მოსაცდელში მდგომი მომლოდინეები, რომლებსაც თითქმის არასოდეს ვხვდები და შემეცოდნენ.
შუღამეს ბუხართან მდგომო პრეზიდენტი დავინახე, ოდნავ უკან მისი ორი მცველი იდგა
– გამარჯობა – წამოვდექი, ამათ ყველა სახლის გასაღები აქვთ, ასე რომ არ უნდა გამიკვირდეს აქ როგორ მოხვდნენ – ჩამეძინა, მაპატიეთ.
– ჩემ დანახვაზე ყველა იბნევა და ქვეშ იფსამს, მერე იგივე ადამიანები ზურგსუკან დიქტატორს მეძახიან, მიდი ცადე თავისუფლად იგრძენი თავი, არ შეგიძლია, ვერ გამოგდის, ყველა ასეა, მე კი არ ვარ დიქტატორი, თქვენ ხართ მონები, რა გაშინებს ჩემში? – პრეზიდენტი დამაკვირდა.
– არ მეშინია – ვთქვი და გამახსენდა, რომ უნებურად ოპოზიციის სლოგანი გავიმეორე.
– გეშინია შენც და მთელ საქართველოსაც, მაგრამ ჩემი კი არა, ვიღაც აბსტრაქტული, ყოვლისშემძლე პრეზიდენტის, რომელიც რატომღაც ძალიან ბოროტია, იმიტომ, რომ შენნაირებს კიდევ ახალი მუქთა მილიონების შოვნის საშუალებას არ აძლევს, ღარიბებს კიდევ სახლში არ ურიგებს მუქთა ფულს… რატომ არ მეუბნები, რომ მე ვშოულობ მუქთა მილიონებს და მე ვართმევ უკანსკნელ ლუკმას ღარიბებს, იმიტიმ, რომ გეშინიათ, იცით, გულის სიღრმეში მშვენივრად იცით, რომ არცერთი ჩემზე უკეთესი არ ხართ და არცერთს ჩემზე კარგი ზრახვები არ გაქვთ, ზურგსუკან ლაპარაკში მაგრები ხართ და კიდევ ბღავილში. შეიკრიბებით ასიათასი კაცი და ბღავიხართ, წადი, წადი.
– მე იქ არ ვყოფილვარ ბატონო პრეზიდენტო..
– აი, შიში, მე არ მიკითხავს შენთვის იყავი თუ არ იყავი იქ. იმის მაგივრად, რომ მითხრა, რომ მეც მაგ ბღავილით ვარ მოსული, თავს იცავ, მაშინ, როდესაც არავი არ გთხოვს ამის გაკეთებას, იმიტომ რომ გეშინია..
– არ მეშინია, უბრალოდ არ მაინტერესრებს ეს საკითხები, თავი გამანებეთ – ავყვირდი, თვალები მაგრად დავხუჭე, შემდეგ გავახილე და მივხვდი, რომ გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე, ერთი წაუკითხავი მესიჯი მქონდა: prezidenti gaemgzavra tbilisshi, ase rom Segizliat daizinot,. didi madloba da ukacravad shewuxebistvis, game mshvidobisa.
მესიჯი სამჯერ წავიკითხე, ამასობაში დავწყნარდი.
* * *
თბილისში დაბრუნებას არ ვჩქარობ, არჩევნებში კვლავ პრეზიდენტმა გაიმარჯვა, არჩევნების შედეგით უკმაყოფილო (საინფორმაციო გამოშვებებში ამბობენ ასე) ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს აწყობს, რამდენიმე ცნობილი ოპოზიციონერი დამიკავშირდა და მათი გამარჯვების შემთხვევაში განსაკუთრებულ მდგომარეობას დამპირდა, სანაცვლოდ მათთვის დღეს უნდა გამეწია ფინანსური დახმარება, ძალიან ზრდილობიანად ვუთხარი უარი, ისინიც ძალიან ზრდილობიანად დამემშვიდობნენ და დაიბოღმნენ.
უკანასკნელ დღეებში ძირითადად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვფიქრობ, ჩემს პოზიციას განსაზღვრავს ჩემი საზოგადოებრივი მდგომარეობა, მე ბიზნესმენი ვარ და ყოველთვის ვთანამშრომლობ მოქმედ ხელისუფლებასთან, ბიზნესმენი არ არის ინდივიდი, ბიზნესმენი მანქანაა, საწარმოა, მისი ინდივიდუალური არჩევანი ძალიან შეზღუდულია, მითუმეტეს ქართველი ბიზნესმენის არჩევანი, რომელსაც ძირითადი ბიზნესი საქართველოშივე აქვს და ნახევრად სახელმწიფო მოხელეა; საქართველო გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანაა, არაფერია უფრო დიდი საშინელება ვიდრე გარდამავალი ეტაპი, საბჭოთა კავშირში დაბადებული და გაზრდილი მონების უკანასკნელი თაობა ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, ეს თავისთავად საშინელებაა და რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში აქედან არაფერი არ გამოვა.
ძირითადად ვწევარ და ასეთ რაღაცეებზე ვფიქრობ, ძალიან მარტო ვარ, სასტუმროში დავრეკე და გასტროლიორი ქალებიდან ყველაზე ძვირი მოვითხოვე, დახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემთან 22-23 წლის გოგონა მოვიდა, რომელიც ყოველგვარი შესავლის გარეშე მაგიდაზე გადავაწვინე, გოგონა ყველანაირად ეცადა, მაგრამ ვერ გავათავე, გულისრევის შეგრძნება მქონდა, ფული მაგიდაზე დავდე, გოგონამ ფული აიღო, დამემშვიდობა და წავიდა, პანელის ქალებისადმი არასდროს მქონია სენტიმენტალური განწყობა, არასდროს მიფიქრია, რომ რაღაც ისეთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ან განცდებში არიან. შეიძლება მხოლოდ პატარა ბიჭობაში, როდესაც თავად სექსი მეგონა რაღაც განსაკუთრებული, პატარა გოგოა, მაგრამ პროფესიონალი, არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არცერთი ზედმეტი ემოცია, ყველაფერი შეთანხმებული თანხის შესაბამისად, რანდენიმე წუთის წინ წასული გოგონას ცივი, არაფრისმთქმელი სახე დამიდგა თვალწინ, შემდეგ ჩემი მოძრაობები გამახსენდა და გამაჟრიალა, ყოველთვის ასე მემართება, როდესაც სისულელეს ვაკეთებ, თან ეს სისულელე დასასრულამდე ვერ მიმყავს.
წყალი გადავივლე, ჩავიცვი, გარაჟში ჩავედი და მანქანა გამოვიყვანე. საჭესთან ჯდომა და უმიზნო, ნელი სეირნობა კარგად მამშვიდებს, შემეძლო სასტუმროში ჩასვლა და სასტუმროს დირექტორთან ბილიარდის გაგორება, მაგრამ ჩვენი საუბარი აუცილებლად პოლიტიკური გახდებოდა, ხოლო პოლიტიკაზე ლაპარაკი ძალიან არ მინდოდა, სულ სხვაა პოლიტიკაზე ფიქრი, სულ სხვაა ამ საკითხზე სხვასთან ლაპარაკი, თავში, ყველაფერი ძალიან კარგად ლაგდება, მაგრამ სხვასთან საუბარი მარტივი არ არის. მაგალითად, სასტუმროს დირექტორს ჯერა, რომ ქართველები ღვთის რჩეული ერი ვართ და ღმერთი სასწაულს მოახდენს, ისე, რომ ჩვენ ხელის განძრევა არ დაგვჭირდება. სასტუმროს დირექტორი რეალურად მშრომელი ადამიანია და წესით და რიგით ამ უსაქმურების ფილოსოფიას არ უნდა იზიარებდეს, მაგრამ ეტყობა იმდენად გამოთიშული აქვს ტვინი ამ მიმართულებით, რომ ავტომატურად იმეორებს ყველაზე მოდურ შეხედულებას, ან ეს ღვთის რჩეული ერობა მოწონს, იდეა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ერთი, ამ საქმეში საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს, ალბათ ევროპელების გარდა ყველას ასე გონია, ევროპელებში, ძველ ევროპას ვგულისხმობ… და არა პოლონელებს, სერბებს და ალბანელებს, რუმინელებს და ბულგარელებს… თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპაში უამრავი ბიზნეს-ვიზიტით ვარ ნამყოფი და ამ ქვეყნებმა ოდნავ განვითარებული საქართველოს შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე, იყო ასეთი დრო ქართულ ბიზნესში, როდესაც გვეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპას ნახევარ საათში დავიპყრობდით და ტრიუმფით შევიდოდით ძველ ევროპაში. დღეს ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, რა გვაძლევდა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, ალბათ ჩვენი უცოდინრობა, ფანტაზიებში უკვე ლონდონში და მიუნხენში მქონდა ოფისები და წამყვანი ეკონომიკური ჟურნალების ყდებზე ვიბეჭდებოდი, სულ არაა ასეთ ფანტაზიებში ცხოვრება ცუდი, ეს ფანტაზიები ენერგიას მმატებდა და ჩემ ჩალიჩს აზრს აძლევდა. რეალურად, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ბიზნესი რეგრესშია, ეს ერთი მხრივ სახელმწიფო ჩარევების ბრალია, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც: ქართველი ბიზნესმენი ქართველი მსახიობის, მწერლის, სპორტსმენის მსგავსად (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ვერ ვითარდება, ხოლო განუვითარებლობა რეგრესია და ამ დროს მახსენდება რა მცირეა საქართველო, რომ არავითარი სხვა სამშობლო სამწუხაროდ ამაზე მეტი არ გამაჩნია, მახსენდება ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ისე გაუჭირდა, რომ თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ამერიკელების ნაცვლად აფხაზებთან დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა, “ნიუ იორკერის” ნაცვლად ადგილობრივი ჟურნალებისთვის ინტერვიუების მიცემა, ალბათ მისი დიდი მეგობრები ბეიკერი და გენშერი გაოცდნენ, როდესაც შევარდნაძე დიდი და საშინელი რუსეთის შვილი კი არა, პატარა პროვინციის პატარა კაცუნა პრეზიდენტი აღმოჩნდა. წარომიდგენია, როგორ რცხვენოდა ბნელი, ცივი საქართველოსი, როდესაც მის პრეზენტაციას ახდენდა თავისი დიდი მეგობრების წინაშე, როდესაც უკვე პროვინციის ხელგაშვერილი პრეზიდენტი იყო და არა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანქანა მოვატრიალე და სასტუმროსკენ წავედი, სასტუმროს დირექტორთან ერთ ხელ ბილიარდს ვითამაშებ, როგორც კი პოლიტიკაზე ჩამოაგდებს სიტყვას, მაშინვე შევარდნაძეზე დავიწყებ ლაპარაკს, ვაგინებთ ძველ პრეზიდენტს, ვიგულისხმებთ ახალს და თან გავერთობით…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
კახა თოლორდავა – აუჩქარებლობა
არის ერთი რამ, რაც ამ ბოლო დროს ძალიან მაბრაზებს ხოლმე – როდესაც მესმის, რომ თბილისში რაღაც მხოლოდ იმიტომ უნდა გაჩნდეს, რომ ის უკვე არის ნიუ-იორკში, ლონდონში, ამსტერდამსა თუ ბეიჯინგში. რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა, საერთოდ უარი გვეთქვა სხვების გამოცდილებაზე; ბოლოს და ბოლოს, განვითარებადი ქვეყანა ვართ და ხშირად, ალბათ, საჭიროც არაა ველოსიპედის გამომგონებლის მისია ვიტვირთოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არის ისეთი საკითხები თუ პრობლემები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისის შემთხვევაშია.
ჩვენს დედაქალაქში აქეთ-იქით ყოველდღიურმა ხეტიალმა ერთ რამეში დამარწმუნა – თბილისი პარიზი არაა (ის არც ოსლოა, არც ბარსელონა და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ქალაქი), შესაბამისად, და აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ მტკვრის სანაპირო არაა სენის სანაპირო და ის, რაც სენის სანაპიროს შეიძლება მოუხდეს, სულაც არაა აუცილებელი, მტკვრის სანაპირომაც მოიხდინოს. მაშასადამე, თბილისს და მოცემულ შემთხვევაში – მტკვრის სანაპიროს, ‘თბილისური” და არა ‘პარიზული” მიდგომა ესაჭიროება.
ერთადერთი, რაც თბილისს ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებთან აკავშირებს, ისაა, რომ მის ქუჩებსაც ძალიან, ძალიან უხდება წიგნები და წიგნებში ცხვირჩარგული ადამიანები… და კიდევ უფრო მოიხდენდა, ჩვენ რომ არ ავჩქარებულიყავით და ‘პარიზულად” არ გადაგვეწყვიტა ‘თბილისური” საკითხი. ასეთი, უტვინო აჩქარებულობის გამო, ისედაც ჩქარი ტემპებით განვითარებადმა თბილისმა, რომელიც უკვე საკმაოდ აჩქარებულად ცხოვრობს და მომავალში ალბათ, კიდევ უფრო ააჩქარებს ცხოვრების ტემპს, დაკარგა ბალანსისათვის აუცილებელი ა უ ჩ ქ ა რ ე ბ ლ ო ბ ი ს კიდევ ერთი ელემენტი. ნებისმიერი, ვინც ქალაქებზე წერს და ცოტათი მაინც ერკვევა ფსიქოგეოგრაფიაში, დამეთანხმება ამაში. წიგნით მოვაჭრეთა თბილისის ქუჩებიდან ‘მოკვეთამ” და მტკვრის სანაპიროზე ‘გადასროლამ” აუჩქარებლობის სრულიად არაეფექტური კერა გააჩინა ქალაქში. ასე დაკარგა დედაქალაქის ქუჩებში წიგნების ფურცვლა-გადახედვა-ყიდვა-არყიდვამ თავისი თითქოს შეუმჩნეველი ჯადოსნური ძალა. დღეიდან თბილისში წიგნების ყიდვა-გაყიდვა სუფთა წყლის ბიზნესია და მეტი ა რ ა ფ ე რ ი.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ხეტიალმა ერთ რამეში დამარწმუნა (და ამის გაცნობიერებისათვის საკმაო ხანი დამჭირდა), – ესა თუ ის ქალაქი მომწონს არა მარტო მისი ღირსშესანიშნაობების (თუ სხვა რამეების) გამო, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, თუ რამდენად სწორადაა ის დაბალანსებული აჩქარებულობა-აუჩქარებლობის თვალსაზრისით. ყველაზე კარგ შემთხვევებში, ეს ელემენტები ითვალისწინებს არა მარტო ქალაქის სივრცეს, არამედ პირველ რიგში, იქაური მაცხოვრებლების (და არა ტურისტების) ტემპერამენტს და მათ მიმართებას ზოგადად ცხოვრების რიტმთან. ქართველებს, ქაოსში მაცხოვრებელ კოსმოსის მეხოტბეებს, ძალიან გვჭირდება ისეთი საცხოვრებელი სივრცე, სადაც ყველა ეს ელემენტი მეტ-ნაკლებად ეფექტურად იქნება მორგებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. თბილისისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოაცოცხლებს ქალაქის ბევრ ლამაზ, მაგრამ მოსაწყენ ქუჩას და შინაარსით დატვირთავს ქალაქში ხეტიალს.
ბოლო დღეებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რა კარგი საჩუქარი გაუკეთეს ქალაქის მესვეურებმა წიგნით მოვაჭრეებს ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობით. საჩუქარი ნამდვილად კარგია, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს, – ის
ა რ ა ს წ ო რ ი ა. რატომ? იმიტომ, რომ ის თბილისის ქუჩებიდან წიგნით მოვაჭრეთა რაც შეიძლება სწრაფად მოცილებას გულისხმობს, მხოლოდ ამას და სხვას არაფერს, მაშინ, როდესაც თბილისი სულ ს ხ ვ ა რამეს მოითხოვს ჩვენგან, დაფიქრებულ, მომავლისკენ მიმართულ, კ რ ე ა ტ ი უ ლ ძალისხმევას.© “ლიბერალი”
-
გაგა ლომიძე – ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი
“ისტორიის მიღმა მეხსიერება და დავიწყება იმალება. მეხსიერების და დავიწყების მიღმა კი – ცხოვრება”.
პოლ რიკიორი
პლატონის “ფილებოსში” ვკითხულობთ: “მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ადამიანს საკუთარი სიამოვნებანიც კი აღარ ემახსოვრებოდა”. პოეზია რომ უდავოდ უკავშირდება მეხსიერების გაგებას, ამაზე ჰესიოდეც მიუთითებს თავის “თეოგონიაში”, როდესაც მეხსიერების ქალღმერთ მნემოსინეს მუზების დედას უწოდებს.თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, პოეზიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი სახის მეხსიერება: ეპიკური და ლირიკული.
ეპიკური კოლექტიური მეხსიერებაა, როდესაც რაფსოდი ხოტბას ასხამს თავისი ტომის საგმირო საქმეებს და ცდილობს წარსულის კოლექტიური მეხსიერების სკივრიდან ამოქექოს გმირების სამაგალითო თვისებები, რომ თავისი ტომის წარმომადგენლებში სიამაყის გრძნობა აღძრას.
ლირიკული მეხსიერება ინდივიდის მეხსიერებაა. ლირიკოსი პოეტი განამტკიცებს ინდივიდუალობის და სუბიექტურობის კონცეპტს. ის საკუთარი მეხსიერების სკივრში იქექება, რომ შექმნას საკუთარი “მე”-ს, როგორც ინდივიდის ისტორია.
ამგვარ ინდივიდუალურ ისტორიებს ქმნის გივი ალხაზიშვილი თავის პოეზიაში, რომელიც პოლიმეტრულობით ხშირად ჯაზურ კომპოზიციას მოგვაგონებს. ლექსებში ცხადად ვხედავთ, თუ როგორ მარცვალ-მარცვალ იგება სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს მთლიანი სურათი მხატვრული სახეების ფრაგმენტების გაერთიანებით, იმდენად, რომ მათ შეიძლება პირობითად პიქტორიალური პოეზიაც კი ვუწოდოთ. პოეტური მეხსიერება გივი ალხაზიშვილის პოეზიის კარდინალურ მოტივად შეიძლება ჩავთვალოთ: “ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ,/ დრომ დაგვივიწყა/ და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად/ აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა,/ თითქმის არა გვაქვს/ და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება,/ როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს/ და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები,/ და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს” (“ზღვართან”); ან “ვინ იფიქრებდა, რომ ოთახებს ვინმე ახსოვდა?!” (“მარტის ქუჩა №13”); ან თუნდაც ის, რაც ყველაზე თვალსაჩინო ხდება პოეტის, როგორც ლირიკული “მე”-ს მეტაფორაში – “დიახ, ეს მე ვარ,/ იმ დღეების ჰერბარიუმი” (“…გახსოვს, მინდორში ვიპარებოდით”).
ნებისმიერი სუბიექტური ისტორია, გახსენება – ინტროვერსიას უკავშირდება, რომელიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის და საგნების შემეცნების წინაპირობად, ხოლო მეორე მხრივ, თავდავიწყების საშუალებად იქცევა. ასეა ლექსში “დილით, ყავის სმის დროს”, რომელმაც, კონცეპტუალური თვალსაზრისით, შეიძლება ჯიმ ჯარმუშის ფილმი “ყავა და სიგარეტი” გაგვახსენოს, სადაც ეს ორი კომპონენტი – ყავა და სიგარეტი სინამდვილისგან ადამიანების დროებითი გარიდების საშუალებად იქცევა: “და ფიქრში წასვლა, ერთადერთი არის ალიბი,/ რომ აქ არ ცხოვრობ და ხანდახან ტოვებ საკუთარ/ თავსაც და ფურცელს მიუყვები მელნის სიტყვებით,/ წარსულ დროში რომ გამოჰყავდა კალამს სამკუთხას”. პოეტისთვის წარსული იმაგინატიური ტოპოსია, სადაც განხორციელებული თუ განუხორციელებელი სურვილები თუ ოცნებები პოეტური შთაგონების წყაროდ გარდაიქმნება. თვით ენა კი ასეთ დროს სამყაროს შესახებ ცოდნის საუნჯეა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი: “…რადგან სიტყვები/ გექცა იმ ქვებად, შენს გარშემო რომ ააყორე” (“დილით, ყავის სმის დროს”), სადაც ქვები სიტყვების, მყარი მნიშვნელობების მეტაფორად იქცევა. “ჩაბრუნებული მზერა” კი იგივე მედიტაცია, ინტროვერსიაა: “და მზერა ისევ ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,/ რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე”. მზერის ჩაბრუნება მეხსიერების წიაღში მოგზაურობას გულისხმობს, სადაც დაუნჯებულია შეგრძნებები და ეს, იმავდროულად, პირველყოფილ წიაღთან დაბრუნება, ანუ ხელახალი დაბადებაა.
თუკი ვთანხმდებით, რომ პოეზია მეხსიერებაა, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ პოეზიაში მეხსიერებამ ლირიკული “მე”-ს გარდა, შეიძლება საგნების ონტოლოგიური ასპექტიც განსაზღვროს. მაგალითად, სუბიექტ-ობიექტის ტრანსპოზიციის მომსწრე ვხდებით გივი ალხაზიშვილის ერთგვარ პიქტორიალური პოეზიის ნიმუშში “შინ”, სადაც მთლიანი სურათი საგნების გამოცდილების ფრაგმენტებით იხატება და სადაც სუბიექტსა და ობიექტს შორის ზღვარი გაუქმებულია. “მტვრიან ლარნაკებს ყელმოღერილებს ხომ ახსოვთ/ მთვარე რომ ჩაჰყურებდა წყლიან თვალებში” – ვკითხულობთ ლექსში, სადაც თავდაპირველად სუბიექტი თითქოს ლარნაკებია, რომლებსაც ახსოვთ მთვარის შუქი. მერე კი აღმოჩნდება, რომ სუბიექტი, ცენტრი, განმსაზღვრელი არის მეხსიერება, რომელთან შედარებითაც ლირიკული “მე”-ს, მთხრობელის, ავტორის პოზიციაც კი მეორეულია: “და მეც იმ ხსოვნას მივმატებოდი/ შეუმჩნევლად და ფეხაკრეფით, ისე თანდათან,/ რომ მე ვერასგზით შემემჩნია/ ხსოვნა როგორ მისრუტავდა, ყოველივე როგორ მიჰქონდა”. ქმნის, ლექსის წერის პროცესზე მინიშნება და მისთვის დამახასიათებელი ქაოსი წესრიგდება ლექსის ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, საგნები თავის ბუნებრივ არსს უბრუნდებიან და ავტორიც, ინტროვერსიის შედეგად, თითქოს დაკარგულ “მე”-ს იბრუნებს, როცა წარმოთქვამს სიტყვას – “შინ”.
ამგვარი მიმართება სუბიექტ-ობიექტს შორის, ერთი მხრივ, მოგვაგონებს იმ ტენდენციას, რომელიც მოდერნიზმიდან იწყება და მის ონტოლოგიურ ესთეტიკას უკავშირდება; მეორე მხრივ კი, ეხმაურება მომხმარებლობის თეორიას, სადაც საგნებსა და ადამიანებს შორის ზღვარი წაშლილია და სამომხმარებლო საზოგადოებაში საგნები მყიფე და წარმავალი ადამიანების ადგილს იკავებენ.
ერთგვარ ეკო-პოეზიის ნიმუშში “დეპეშა”, უიტმანისეული “ბალახის ფოთლების” ამ ერთგვარ გადაძახილში, ხე ადამიანის მეტაფორად გვევლინება და კონკრეტული ტრაგედია ზოგადადამიანურ ყოფიერების ტრაგედიად გარდაიქმნება: “ცვივა ნაფოტები,/ ჩვენი ნაფოტები…/ თუმცა აღარ ვართ,/ თითქმის აღარ ვართ,/ აღარ დავრჩით./ მხოლოდ სიკვდილი თუ მოგვძებნის…”. აქ, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ადამიანი და გარემო, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან განუყოფელ მთლიანობაშია წარმოდგენილი, როგორც ერთიანი, კომპლექსური სისტემა.
საგულისხმოა, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში გახსენება გრძნობის ხუთი ორგანოდან ერთ-ერთის საშუალებით შემოდის. საკმარისია დავასახელოთ, ერთსა და იმავე დროს, ქრისტიანული და წარმართული კონოტაციებით გაჯერებული ლექსი “პურის სუნი”: “დილას აღვიძებს პურის სუნი,/ სიცოცხლის სუნი/ და ხსოვნა წვდება ყველა მომკელს/ და კალოობა ბრუნავს სისხლში”, სადაც გახსენება ყნოსვის ორგანოს უკავშირდება, ხოლო კალოს ლეწვის სეზონური მეტაფორა მარადიულ კვდომა-აღდგომაზე მიგვანიშნებს. სხვაგან კი მოგონება სმენის საშუალებით ცოცხლდება: “ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები” (“მოხუცებულთა თავშესაფარი”).
ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია პიქტორიალური პოეზია. გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის. ასე იკვეთება ერთიანი სურათი, ვთქვათ, ეროტიკული იმიჯებით გაჯერებულ “თუშურ პასტორალში”, სადაც თანდათანობით იშლება მკითხველის თვალწინ მონტაჟის გზით აგებული თიბვის ეპიზოდი: “ჰყვაოდა მდელო და გწვდებოდა წელამდი…/ შენ დროს იზოგავდი, თითქოსდა წელავდი…/ ერთმანეთს ვეძებდით, ვავსებდით, ვთიბავდით,/ ვაწვენდით, ვკონავდით, ვკოცნიდით, ვცელავდით”, სადაც კონტექსტი ზმნებს პოლისემიურობას ანიჭებს, ხოლო პარალელიზმების ინტენსიურობის წყალობით, მკითხველი მთხრობელის ისტორიის – მეხსიერების ნაწილი ხდება.
შეიძლება ითქვას, გივი ალხაზიშვილის სეზონური მეტაფორები, თავისი რელიგიური ექსტატიურობით თუ ამაღლებულობით, გარკვეულწილად, პოლ კლოდელისეულ თუ ჯერარდ მენლი ჰოპკინსისეულ რელიგიურ აღმაფრენას მოგვაგონებს, სადაც სამყარო და ღმერთი იგივეობრივია. მსგავსი მაგალითი გვხვდება სხვაგანაც: “ცის ყველა წვეთი/ მხოლოდ მისი თვალებით გიმზერს,/ ვინც გულში გიზის/ და გარე-გარე ვის დაეძებ?!/ შენ კი არა, ის ცოცხლობს შენში.” (“გასეირნება მარტის ჭალაში”), სადაც იმავდროულად პანთეისტური კონტექსტიც იკვეთება, როგორც მსოფლხედვა, ან, გნებავთ, ზნეობრივი პოზიცია. სხვაგან ავტორი იმავეს მიგვანიშნებს: “რა მშვენიერია ველის ყვავილებით/ ზოგჯერ მიწა რომ ამოგხედავს” (“ფსალმუნის მოტივი”).
თუკი ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ მოგვეჩვენება უჩვეულოდ, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში სამყარო/ღმერთი ამბივალენტურ ცნებებს საკუთარ თავში მოიცავს – გააჩნია როგორი რაკურსით შევხედავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში სიტყვები – ხელი და აყალო ასოციაციურად ერთმანეთს უკავშირდება: “და ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისგან/ ხელს და აყალოს” (“ეს დღე სად გაქრა?”), სადაც ეს პარალელი ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ძველ ლეგენდებთან გვაგზავნის. იქნებ ამიტომაც სრულდება ლექსი “მოხუცებულთა თავშესაფარი” თითქოსდა ორაზროვანი სტრიქონებით: “მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,/ როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი/ და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს”. აქ “უძველესი ზმნა” შეიძლება წავიკითხოთ, როგორც კვდომა/ აღდგომა და, ასევე, როგორც ხსოვნა/ დავიწყება; უოლტ უიტმენის ელეგიის “აკვანი რომელიც მარად ირწევა” მსგავსად, სადაც სიკვდილი და დაბადება ტოლფასი ცნებებია. თუკი სხვაგვარად ვიტყვით და ფრაზას – “უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს” – პოეზიას დავუკავშირებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლექსის ქმნა იმთავითვე გულისხმობს პროცესს, როდესაც საგნები დაეძებენ თავიანთ მნიშვნელობას – ზოგჯერ პირვანდელს, ზოგჯერ კი იმას, რაც მათ გაქვავებულ მნიშვნელობებად ქცევისგან დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, პოეზიის არსიც ხომ ეს არის.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ნატო ინგოროყვა – ხმელი ლექსებიდან
ცდაჩაინიშნე.
მალე გაღვიძების დღე დადგება
-ორშაბათი.ვცადოთ ამოვხსნათ,
რა გვინდოდა სინამდვილეში.რისკი აღარაა საზიარო.
აღარც ერთად ყოფნა – აუცილებელი.სამყაროში ყველაფერი უჩვენოდ ხდება.
ჩავხუროთ ყუთი, მივაბაროთ მეხსიერება.
ნელა სუნთქავენ ქვები და
ღამეც უფრო საიმედოა გამჟღავნებისთვის.გადაზომე მტკაველებით,
ტკივილები იზრდებიან.თავისუფლებები გადავცვალოთ,
დავტოვოთ სინდისი ქუჩაში ძაღლივითის ერთხელ მაინც აყმუვლდება ჩვენს კართან.
ანგარიში
მოვიდნენ ანგელოზები ღმერთო,
ჩხრეკა – ჩაატარონ,
ნება – დართულია.გადახდილი მაქვს:
გარდაცვალებისთვის – სიკვდილით.
სხეულისთვის – სხეულით.
იმედგარცრუებისთვის – იმედით.
ძილისთვის – გაღვიძებით.
მომავლისთვის – წარსულით.
მადლისთვის – ცოდვით.
სიჩუმისთვის – ხმაურით.ვიხდი ხარკს:
ენისთვის, რომელზეც ვწერ.
სიტყვებზე მეტი – ამბებისთვის.რასაც ვწერ – იმას ვცხოვრობ.
ვალში ვარ შენთან:
სიზმრებისთვის,
-სადაც ფრენა შევძელი.
-სადაც შვილებს ვაჩენ.
-რომლებიც გამიცხადნენ.ვალში ხარ ჩემთან:
რომ ყვავილობამდე ვიყავი ნაყოფი.
დამრგე ლეღვის ხედ,
და მის ტოტებში არბენინე
რძე, რომელიც დააშრე ჩემში.სიკვდილის რეპეტიცია
ერთხელაც –
ყველა მკვდარი გადაგიბრუნდება საფლავში –
მიწა დაიძვრება.ერთხელაც –
ყველა ცოცხალი ზურგს გაქცევს –
გაკოტრდება სიტყვა – სამშობლო.ერთხელაც –
ვეღარ შეავსებ სისხლის ბანკით,
რადგანაც გახსოვს:
გადაიტანე სიტყვა – სიყვითლე.ერთხელაც –
სარკმელს ორპირი ქარი
ერთჯერადი გასროლის ხმით შემოგიხურავს.ერთხელაც –
მოგიკვდებოდი, მაგრამ
ვიცი – ამით ვერ დაგსჯი.ერთხელაც –
ვეღარ იქცევი აჩრდილად,
ეკრანზე გადატანილი შიშებით რომ შემაშინო.ერთხელაც –
ვეღარ ჩამკეტავ ელექტრონულ ციხე-სიმაგრეში,
შემოგყვები ცოდვის სიღმეში,
ჩაგიხურავ ყველა ფანჯარას.ერთხელაც –
გეტყვი:
ეშმაკსაც წაუღიხარ!!!
ჩემი გაზაფხული
ჩემი სოციალური ქსელის მეგობრები
ერთიანდებინ ჯგუფში –”არა ცელოფნის პარკებს!”
არადა,
ეს ჩემი და ჩემი ქალაქის გაზაფხულია.
ფერად ყვავილებად რომ გამოისხა ხეებმა.ეზიდებოდნენ ისინი
ჩვენით და ჩვენამდე უამრავ წვრილმანს.ვაცხოვრებდით ჩვენთან ერთად,
სანამ საფუარმიცემული ცომივით
არ ამოვიდოდნენ მათგან ნარჩენები.ის ვარდისფერი პარკის ნაგლეჯი,
ჩემი კაბის ნაწილია.
ბავშვობაში ეკალს შევატოვე და
სურვილის ჩაფიქრება ვერ მოვასწარი.იყავი ჩემი ნატვრის ხე.
წონასწორობა
გამოეზარდა ჩემი სახლი კედლებად მიწას.
ვწერ ნებადართულ მარტოობაზე.დამშრალი სისხლის უდაბნოში მზე ჩადის,
ფრთხილად, კარები იკეტება!
ნუ მოაყოლებ კარში იმედს,
წინაპრის მიერ დატოვებულ მარშრუტზე – ნიშანს.შემოაბრუნე მზერა შიგნით,
რიტმი შეუწყვე ქვების ნელ და ნესტიან სუნთქვას.ექსკალატორს ჩაატანე,
ჩაკეცე ყველა მეორეხარისხოვანი ცოდვა.
იფიქრე ზემოთდარჩენილთა ამინდებზე,
მათ ქარი შუბლს უნაოჭებს.დათვალე ლამპიონები,
ჩამქრალებიც მიათვალე,
ისინი ოდესმე ანათებდენენ.ეს გზა,
სიხარულის გამხელასვით უხერხულია და
გ ა ი წ ე ლ ა.9.09.2009
გარისკე,კიდევ ერთხელ გაუსინჯე გემო.დაარქვი თუნდაც – სინანული.შედიან ერთ მდინარეში ორჯერ,მერა რა თუ მდინარე – გამდინარეა.ღმერთებიც ისვენებენიმედგაცრუებიდან – იმედგაჩენამდე.გააჩუქე შენი სიტყვების მარაგიდანყველაზე არაზუსტი – ”მონატრება”ან – ”სიყვარული.”გამოუტყდი, რომ სხვებზე კარგი კი არა,უბრალოდ – სხვაა.რადგან:ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ჰკითხო ის, რაც უნდა ჰკითხო.ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ის გიპასუხოს,რაც უნდა გითხრას.არ დააყენოთ დამნაშავედ კუთხეში სიტყვა:რაც ვერ უთხარი.და რაც ვერ გითხრა.ვიდრე
ჩერდება ლექსი. დრო აქვს სიჩუმის. გათენებემდე კიდევ დარჩა საათი – ორი. იქნებ მათხოვო შენი სიტყვა დილის შვიდამდე. ვიდრე – სიტყვაზე ვენდობი სიტყვას. ვიდრე – ხსოვნა, სიკვდილივით სკამზე არ ჩამომიჯდება და სხვათა სიტყვით – მესამე პირში დამიწყებს საუბარს. ვიდრე – სიკვდილისგან გამოთავისუფლებული დრო – სიცოცხლე, საკიდარს მიღმა დარჩენილი საწვიმარვით არ დამრჩება. ვიდრე – ჩემი ბავშვობის თოჯინების სიჩუმეს ვთარგმნი და საგულდაგულოდ არ ვიმალები, რომ დამავიწყდეს სად ვარ. ვიდრე – აღარ დამაქვს ძველი კაბები ნაცნობ მკერავთან. ვიკერავ ახლებს, ოღონდ არა გულამოღებულებს. ზურგი მოვხადე, რადგან მივდივარ და ვიცი: შენ თვალს გამომაყოლებ.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ნინო ტეფნაძე – მჭადიანი ბიჭის ამბავი
რა ვქნა, აკაკიზე რამეს რომ ამბობენ, მე არც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მახსენდება და არც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პირველ რიგში ,,ცხელმჭადიანი ბიჭი” ტივტივდება გონებაში ,,ჩემი თავგადასავალიდან”, მერე _ შეძახილი: ბაში-აჩუკი! და ბოლოს _ ძეგლი პირველი გიმნაზიის წინ (თუ გახსოვთ, ხელჯოხი რომელს უჭირავს, ილიას თუ აკაკის?). თუმცა, საქმე არც ეგრეა მთლად. მამაჩემისთვის აკაკი სულ სხვა ადამიანია: კაცური კაცი, მექალთანე, ხანდახან უხამსადაც რომ ხუმრობს და ბანქოს თამაშიც რომ უყვარს.. ვიღაცებისთვის _ იგი ,,სულიკოს” ავტორია, ვიღაცებისთვის _ ილიას დამატება..
ამას წინათ აკაკის მიერ დაწერილ ,,ინტერნაციონალს” გადავაწყდი ინტერნეტში და გამეღიმა, რა კარგად ახერხებენ ხოლმე ქართულის მასწავლებლები ყველაზე არსებითის დამალვას. ყველა, ვის ლექსებსა და მოთხრობებსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, იმდენად სპეტაკი, ურყევი პრინციპების მქონე და კეთილშობილი მეგონა, რომ უნებურად ვკომპლექსდებოდი ხოლმე. ვფიქრობდი, რომ ვინც შეცდომებს უშვებს, ვერასდროს გახდება ხალხისათვის მისაბაძი. მაგრამ ეგრეც არ ყოფილა. ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ აკაკის დაწერილი აქვს ლექსი, რომელიც იწყება ასე;
,,აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!”
და შეიცავს სიტყვებს:
,,სხვა სუყველა ტყუილია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება –
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..”
როცა ადამიანს წმინდანად რაცხავენ, მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება. რატომღაც ეს ფაქტი (წმინდანობისა) იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მასთან შედარებით ყველაზე დიდი გმირობაც კი აზრს კარგავს. კარგად მახსოვს, როცა მეექვსე-მეშვიდე კლასში ილიას შესახებ რაღაც ჯგუფურ სამუშაოს ვაკეთებდით, განზრახ ვთქვი უარი, პროექტისათვის ,,ილია მართალი” დამერქმია. მინდოდა, პროექტი მის სასულიერო ცხოვრებაზე კი არა, საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე ყოფილიყო. ხოდა, ძალიანაც მივქარე. მაინც იმ ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელსაც ,,ილია მართალი” ერქვა და რატომღაც მის პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეხებოდა. აკაკის შემთხვევაშიც ეგრე მოხდება, თუ წმინდანად შერაცხავენ, უმნიშვნელო გახდება მისი ხუმრობებიცა და საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. აკაკის ლექსების შესწავლისას ყველგან რელიგიურ სიმბოლიკას დაუწყებენ ძებნას. ჩვენ კი მასზე ცოტაოდენი კრძალვით მოგვიწევს საუბარი, გადაკრული სიტყვების გარეშე. რიდითა და მოწიწებით უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მასა და უბრალო ხალხს შორის ზღვარი წაშლილიყო. და რა თქმა უნდა, აღარავითარი ,,დერვიშები” და ,,სულიკოს” რემიქსები. ასეთ გამოხტომებს აუცილებლად უპასუხებენ მავანნი სიტყვებით: ეს ხომ წმიდა (!) აკაკია!
ნუთუ ქართველობა და მართლმადიდებლობა, ეროვნულობა და რელიგიურობა იმდენად გვერევა ერთმანეთში, რომ შეგვიძლია ყველა შევრაცხოთ წმინდანად, ვისაც კი ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში მცირე წვლილი მაინც შეუტანია? ხომ არ შეგვერაცხა წმინდანად ფიროსმანი (ხო, რაღა მაინცდამაინც მწერლები) ან კიდევ ფარნავაზი, მერე რა, რომ წარმართი იყო.. საკითხავი ისაა, ვის რაში სჭირდება ასეთი წამოწყებები? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:
1. ეკლესიას ძალიან სურს ,,არამართლმადიდებელი” მსოფლიოსათვის იმის ჩვენება, რომ ჩვენს წმინდანთა დასს კვლავ ემატებიან წმინდანები.
2. იმავე ეკლესიას ძალიან უნდა რამის ,,მოხდენა”, რათა მუდმივად აქტუალური იყოს _ ზუსტად ისევე, როგორც პოლიტიკოსები აწყობენ ხოლმე მიტინგებს ხალხისთვის თავის შესახსენებლად.
ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივება სახიფათოა _ანუ სახიფათო ტენდენციას უყრის საფუძველს. გამოდის, საჭიროებამ რომ მოითხოვოს, ქართველები არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ არამართლმადიდებელს სახალხო გმირად, თუნდაც იგი ჩვენი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო და რელიგიური ინტერესები იდენტური ცნებები გახდება, ქართველი და მართლმადიდებელი კი _ სინონიმები. შედეგად კი მივიღებთ ირანის ტიპის სახელმწიფოს, სადაც ყველა ეროვნული მოღვაწე ავტომატურად რელიგიურ მოღვაწედაც ჩაითვლება.
მოკლედ, აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვაზე საუბრის დაწყება ჩემთვის უსიამოვნო პრეცენდენტია.. თუმცა, ჯერ კიდევ დროა გადაწყვეტილების მიღებამდე. კანონიზაციის პრაქტიკა ასეთია: ადამიანის კანონიზაციამდე მისი საფლავი უნდა გაითხაროს და შემოწმდეს სხეულის გაუხრწნელობისა თუ მისი კეთილსურნელების დადგენის მიზნით. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა დაადგინოს გვამის კეთილსურნელება, იქნებ ამისთვის ცალკე შტატი არსებობს ჩვენს სამღვდელოებაში? კარგი იქნებოდა, თუ უბრალოდ ადამიანები (ე.წ.მრევლი) შეთანხმდებოდნენ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც წარიმართებოდა კანონიზაცია, თორემ ისე გამოდის, რომ ოდესმე ყველა ცოცხალი მწერალი მიიღებს ,,საბას”, გარდაცვლილები კი _ შარავანდედს. იქნებ სჯობდეს, ჩვენი საზოგადო მოღვაწეებისათვის პატივის მიგების სხვა ფორმა მოგვეძებნა. დასაწყისისთვის კი, მათ შესახებ სიმართლე გვეღიარებინა და გაიდეალების ნაცვლად, მიგვეღო ისინი ისეთები, როგორებიც იყვნენ: ადამიანურები, მექალთანეები, ,,კარტოჟნიკები”…
პ.ს. ხელჯოხი კი, პირველი გიმნაზიის წინ ნამდვილად აკაკის უჭირავს.© azrebi.ge
-
გურამ მეგრელიშვილი – სოვდაგრების ლიტერატურა
მწერლებს და განსაკუთრებით ქართველ მწერლებს პატრონი რომ არასოდეს ჰყოლია, ახალი ამბავი არ არის. თავის დროზე ამ თემაზე კონსტანტინე გამსახურდიაც წერდა. 1917 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მწერალი თანამოკალმეების დაქსაქსულობაზე სწუხს და ყველას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.
„არა მარტო ევროპაში, ჩვენს სამშობლოშიც, საზოგადოების ყოველ ნაწილს, ხელოსნებსაც კი რაღაც ორგანიზაცია აერთიანებთ, რომელნიც ზრუნავენ იურიდიულად დაიცვან საკუთარი წევრების უფლებები და მხოლოდ ქართველი მწერალი და მისი უფლებებია ღვთის ანაბარად მიტოვებული, მისი ნაწარმოებები ხშირად ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება… არავინ იცავს მწერალს უზურპაციისაგან და სახელმწიფო არ ზრუნავს ორიგინალური ნაწარმოების დაუკითხავად გადათარგმნა-გადაბეჭდვისაგან…“
„ავტორის უფლება ყველგან ხელშეუხებელია, ამ უფლების დარღვევისათვის ბრალდებული ისევე ისჯება, როგორც ყველა სხვა ქონების მიმტაცებელი, ჩვენში კი მწერლობა და მწერლის თავმოყვარეობა აბუჩადაა აგდებული…“
„ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი ჟურნალების, ალმანახების, მწერალთა ანთოლოგიის გამოცემის სათავეში თვით მწერალნი დგანან და არა თანამგრძნობნი, ან ლიტერატურული სპეკულანტები…“
როცა ამ სიტყვებს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ საუკუნის შემდეგ, ქვეყანაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლებოდა და მწერლისა თუ უზურპატორის ურთიერთობა ისეთივე მწვავე დარჩებოდა, როგორიც მის დროს იყო.
თუმცა საბჭოთა პერიოდში ქართველი მწერლის უფლებების დამცველ ორგანიზაციად „მწერალთა კავშირი“ ითვლებოდა, რომლის წევრობაც ისეთივე ნუმენკლატურული იყო, როგორც იმ ეპოქის სხვა დანარჩენი კავშირები თუ გაერთიანებები. დღედღეობით ყოველი ლიტერატორი საკუთარი შნოსა და გამტანიანობის იმედადაა დარჩენილი და „უზურპატორთან“ საბრძოლველად ბატონი კიხანესავით მარტოსული და უიმედოა. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში ვინმემ სარჩელი შეიტანოს მისი ნაწარმოების უკანონოდ (კონტრაქტის, ან სიტყვიერი შეთანხმების გარეშე) გავრცელებასთან დაკავშირებით და პროცესი მოიგოს. მაგრამ სასამართლო პროცესს განა იმიტომ ვერ მოიგებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც კოწია იტყოდა, „მწერალი ვერა დგას სათანადო სიმაღლეზე“.
იმის შიშით, სხვამ არ დაგვასწროს და რომელიმე სოვდაგარ გამომცემელ-რედაქტორთან „დამეგობრებაში“ არ გადაგვეღობოსო, მწერლები ერთმანეთის ლანძღვა-გინებსასაც არ თაკილობენ და უკეთეს შემთხვევაში, ერთმანეთის ნაშრომს თვალს ისე მოურიდებლად არიდებენ, თითქოს ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.
როგორც წესი, ასეთი სოვდაგრები დროებით დაძმობილებულ მწერლებს ერთჯერადი ცხვირსახოცებივით მოიხმარენ ხოლმე და მერე სანაგვეზე მოისვრიან, რადგან მათთვის ლიტერატურა მხოლოდ შემოსავლის წყარო და დაუკმაყოფილებელი, ვერშემდგარი მწერლობის სხვა პიროვნებაში რეალიზების ამბიციაა. ლიტერატურა კი თავად მწერლის ამბიციას ვერ უძლებს, არამც თუ ვინმე კალკულატორს მიმჯდარი მწერლად არშემდგარი ბუღალტრისა.
ასეთი სოვდაგარი გამომცემელ-რედაქტორები კი იმდენად ახერხებენ ლიტერატურულ წრეზე გაბატონებას, რამდენადაც ამის საშუალებას თავად მწერლები აძლევენ. აბა წარმოიდგინეთ, რომელი მწერალი გაუბედავს გამომცემელს ჰონორარზე დალაპარაკებას ან წიგნის ხარისხის დაწუნებას. ისინი ხომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნენი არიან, ვისაც უნდა ემადლიერებოდეს ყოველი ლიტერატურული „ონანისტი“, თავის მოწყალე თვალს სწორედ მას, ათასებიდან იმ ერთს რომ მიაპყრობს და თუკი საჭიროდ ჩათვლის, დაბეჭდავს კიდეც.
თუ გაგიმართლა და რომელიმე ყოვლისშემძლემ შენი წიგნი გამოსცა, პრეზენტაციაზე თავად უნდა იზრუნო, საავტორო ეგზემპლარები დაივიწყო, საკუთარი წიგნების გარკვეული ნაწილი იყიდო და მთელი ტირაჟიც რომ შეიძინო, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ „ოცდაათ წიგნზე მეტი არ იყიდება.“
ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზემოთ ხსენებულ სოვდაგრებს წიგნის გაყიდვიდან მოგება საერთოდ არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი საკუთარი არაცნობიერი კომპლექსების დაპურებაა და სწორედ ამიტომ, ისეთ ნაწარმოებებს უნთებენ ხოლმე მწვანე შუქს, რომლის ფონზეც თვითონ, ან მათი რჩეული ავტორები მსოფლიო ნოვატორები ჩანან. ჩავატაროთ გამოკითხვა ათ ყველაზე ცნობილ გამომცემელობაში, რამდენს აქვს წაკითხული ის, რასაც გამოსცემს. სამზე მეტი თქვენი მოგება იყოს! ამ ყველაფერზე მე პირადად МАССОЛИТ-ი, იქაური მწერლები და თავმჯდომარე ლატუნსკი მახსენდება მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან.
საქართველოში გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი რომ უპასუხისმგებლოდაა შედგენილი, ახალი ამბავი არც ეს არის. უგემოვნო და უხარისხო დიზაინის ყდებზე აღარაფერს ვამბობ. რედაქტირებულ წიგნებს მგონი მხოლოდ ორი-სამი რედაქტორ-გამომცემელი უშვებს, ანუ მწერალი-მონის ფუნქცია დარედაქტირებასთან ერთად წიგნის დიზაინის შერჩევაცაა.
მწერალთა უმოქმედობა იქაც კარგად ჩანს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ შეუწევიათ ჯეროვნად. ერთმანეთის გვერდით ვერ დამდგარან, როცა ამას საჭიროება მოითხოვს და ამის გამო, მწერლის, ამ სოციალურად მნიშვნელოვანი ფიგურის დანიშნულება დღითი-დღე უფასურდება.
ქვეყანაში ძლიერი ლიტერატურული გაერთიანება რომ არსებობდეს, რომელიც თითოეული მწერლის, თითოეული ლიტერატორის უფლებებს იურიდიულად დაიცავს, ასე ადვილად „ხელწამოსაკრავი“ აღარ იქნებოდა ცალკეული მწერალი, სალონი თუ ლიტერატურული წრე. ის, რაც კავკასიურ სახლთან დაკავშირებით მოხდა, თითოეული ჩვენგანის სირცხვილია და „ამაღლებული ხმა“, რომელიც ოთხ კედელს ძლივს გასცდა, სხვა არაფერი იყო თუ არა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
ლიტერატურული სივრცე რომ არასოდეს ყოფილა თავისუფალი, ყველამ იცის, მაგრამ რაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხდება, სრული მარაზმია. გარკვეული ჯგუფები იკავებენ ნიშებს, სადაც შესვლა „უცხო ელემენტებს“ არ შეუძლიათ, ხოლო თუკი ასეთი მაინც გამოჩნდა, უმალ მათ დასვრას, ლანძღვას და განქიქებას იწყებენ. გათავისუფლდა ახალი სივრცე – „ქართული პენ კლუბი“, რომელსაც რეალური შანსი აქვს გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელოვნურად შექმნილ ლიტერატურულ კლიმატზე და ისევ იგივე „დაჯგუფებები“, პირები და „სოვდაგრები“ ცდილობენ ეს სივრცეც შეავსონ და დაიკავონ. მწერლები კი კვლავაც სდუმან. პილატესავით ხელებს იბანენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „გასაკეთებელი ისეც გაკეთდება“, „მოსახდენი ისეც მოხდება“, „სივრცე ისეც შეივსება“.
ჩემი აზრით, მიუხედავად იდეური თუ იდეოლოგიური სხვაობებისა, ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის მწერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის მძლავრი იარაღი, რაც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მისცა – სიტყვა, მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ და სადაც საჭიროა, იქ უნდა დადგნენ. ფსევდოპათეთიკური მოწოდებები, თუ როგორი უნდა იყოს პროზაიკოსი და პოეტი, ათი, თხუთმეტი და ოცდაშვიდი მცნებები მათთვის და ა.შ. მხოლოდ არაფრისმთქმელი, ლირიული გადახვევაა და სხვა არაფერი. თითოეულმა მწერალმა მხოლოდ ერთი მწვავე და სიმართლისმთქმელი წერილი მაინც რომ დაწეროს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ კონკურსების დაბალ დონესა და ცალკეული გამომცემლობების ჰეგემონიაზე, შეცვლით თუ არაფერი შეიცვლება, მკითხველისა და საკუთარ თავის წინაშე მაინც იქნება მართალი.© azrebi.ge
© netgazeti.ge -
ბუკერის პრემია ”ფინკლერის კითხვას” ერგო
თამარ ჩხეიძე
2010 წლის ლიტერატურული პრემია ბუკერი, 68 წლის ბრინატელ მწერალს და ჟურნალისტს, ჰოვარდ ჯეიკობსონს გადაეცა. ნოველისთვის ფინკლერის კითხვა, რომელიც მწერალმა 2010 წელს გამოსცა. ფინკლერის კითხვა ძველი მეგობრების ისტორიაა, რომელთა შორის ერთ-ერთი ცოტა ხნის წინათ დაქვრივდა.
ჯეიკობსონი, რომელსაც 11 წიგნი აქვს გამოცემული, პირველად მოხვდა ლიტერატურული პრემია ბუკერის ე.წ. მოკლე სიაში. მისი ნოველა საუკეთესოდ მიიჩნიეს და წლის მთავარი პრიზითაც დააჯილდოვეს.
ფინკლერის კითხვა იუმორისტული ნოველაა. საინტერესოა, რომ ბუკერის პრემიის 42– წლიან ისტორიაში, რთულია მოიძებნოს ისეთი შემთხვევა, როდესაც პრემიას იუმორისტული ნოველის ავტორებს გადასცემენ.
ფინკლერის კითხვა კი სწორედ ის გამონაკლისია, როდესაც იუმორისტული ნოველა წლის მთავარ ლიტერატურულ პრემიას იღებს.
ბუკერის პრემიის წარმომადგენელმა, ენდრიუ მოუშენმა ფინკლერის კითხვას საუკეთესო მოთხრობა უწოდა.
”საოცარია, რომ ჯეიკობსონი არასდროს მოხვედრილა ბუკერის პრემიის “შორთ ლისტში”. ფინკლერის კითხვამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ საუკეთესო ნოველა იყო”,-თქვა ენდრიუ მოუშენმა.
ლონდონელი მწერალი, რომელიც თავისი ჟურნალისტური სვეტებითაც არის სახელგანთქმული, დღეიდან კიდევ უფრო პოპულარული გახდება. თუ გავითვალიწინებთ, რომ შარშანდელი ბუკერის პრემიის გამარჯვებულს პრემიამ 6 მილიონზე მეტი წიგნის გაყიდვა მოუტანა.
ბუკერის პრემიის ფულადი ჯილდო 50 ათასი ევროა, რომლის ჩეკიც დაჯილდოვების ცერემონიალზე მოუშენმა ბუკერის ახალ, 2010 წლის ლაურეატს ჰოვარდ ჯეიკობსონს გადასცა.© netgazeti.ge
-
გიო ახვლედიანი – წერეთ წიგნები!
წინა კვირას რომ აზერბაიჯანელი ყმაწვილის არაზ აბდულაევის ევერტონში გადასვლის ამბავს მოგახსენებდით და პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველებიც გავიხსენე, ზურაბ ხიზანიშვილი, ჩვენებურად კი – ხიზანა, არ მიხსენებია.
უფრო კი იმიტომ, რომ ვიცოდი, უქმეებზე გადავეყრებოდი და ვიფიქრე, ერთი ტკბილი საუბრის შემდეგ მისი ამბავი უკეთ მეცოდინება-მეთქი.
ეგრეც მოხდა.
ამ სექტემბერში, როგორც იქნა, მოგვარდა მისი საქმე და სეზონის ბოლომდე ლონდონის ახლო, რედინგში ითამაშებს, ბლექბერნმა ის სიხარულით გაანათხოვრა, რახანღა მენეჯერ სემ ალარდაისს საერთოდ გადაფიქრებული ჰქონდა ხიზანას ძირითადში გამოყვანა. ეგრეც უთქვამს – ბოლოს და ბოლოს, მე სხვანაირი ფეხბურთელები მჭირდებაო. ჰოდა, გაზაფხულზე ნიუკასლში სამთვიანი ყოფნის შემდეგ, ხიზანა უკვე კარგად მოეწყო რედინგში, ოჯახობითაც იქ გადავიდა და ფანობამ ავანსად სიმღერაც კი გამოუთქვა, თუმცა კი ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ითამაშა და იქაც, ბედს რას უზამ, მეორე ყვითლით გააძევეს, მაგრამ გაძევება უსამართლო იყო. ეს ყველა ტელეარხმა დაადასტურა, თუმცა კი, რაღა ეშველებოდა.
საერთოდ, ფეხბურთელებთან ლაპარაკი, ერთი დიდად საინტერესო რამ არის. განსაკუთრებით ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებსაც ფიქრს, ნიჭს და ზრდილობას დაატყობ და იმასაც მიუხვდები, რომ უფეხბურთოდაც გაიტანდნენ ცხოვრებას. ხიზანაც ასეთია და ამაში მისი უცხოური გამოცდილებაც გვარიანად გამოსადეგია.
ჩვენი ფეხბურთელებისა ყოველთვის ის მენანება, რომ წიგნებს არ წერენ. ეს განსაკუთრებით ინგლისში დაგენანება ხოლმე კაცს, სადაც ფეხბურთელთა წიგნები მთელი ცალკე ჟანრია და თუკი მოთამაშე გემოს გაუგებს ამ საქმეს, მერე იმის გაჩერება ძნელია. ცხადია, ფეხბურთელები თავად არ წერენ თავიანთ წიგნებს, არამედ ცნობილი ჟურნალისტების დახმარებით, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმისთვის ასეთი წიგნები დიდი საჩუქარია.
ძველად ჩვენთანაც იწერებოდა ასეთი წიგნები, ოღონდ, პატარ-პატარა და იშვიათად, დინამოს უცხოური ტურნეების შესახებ, ანდა სხვა ამბებზე და საინტერესო საკითხავიც იყო, ახალ დროში კი მხოლოდ შოთამ დაწერა. შოთას მეტი ვინ მოაბამდა თავს.
ჰოდა, ხიზანას რომ ვუსმენდი, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს ამბავი.
ფეხბურთელების ცხოვრება დიდი თავგადასავალია და ეს თავგადასავალი სრულიად შეუმჩნეველი რჩება მაყურებლისთვის. თუ საგაზეთო ამბებს არ ჩავთვლით, აბა, რა ვიცით ფეხბურთელებისა? ჰოდა, ყოველთვის მაგარია, როცა ისინი მინდორსგარეთა საფეხბურთო ისტორიებს ყვებიან.
აბა ნახეთ, როგორია, როცა თვრამეტი წლისას არსენალში ისინჯები და გაზეთები წერენ, არსენ ვენგერმა ტონი ადამსის მრავალწლიანი შემცვლელი იპოვნაო, თვით ვენგერი კი უკვე ნომრიან მაისურს გაძლევს, ყველაფერი გადაწყვეტილია, თითქოს მოგვარებული, საკლუბო სასადილოში დენის ბერკამპი გეუბნება, გვერდით მომიჯექი, დიდხანს მოგვიწევს ერთად თამაშიო და უცებ, შენი ქართული კლუბი ისეთ თანხას ითხოვს ამ ზღაპრული ისტორიის სანაცვლოდ, როგორიც არსენალს არასდროს გადაუხდია შენი ასაკის ბიჭში. ჰოდა, საქმეც ჩაიშლება და მერე იფიქრებ, რომ აღარასდროს ითამაშებ, იმიტომ, რომ ასე ახლოს იყავი რაღაც დიდებულთან და მხოლოდ მამაშენის, ძველი დინამოელი ვარსკვლავის რჩევა დაგაბრუნებს მინდორზე ცხრა თვის შემდეგ – ფეხბურთში უარესებიც ხდებაო.
სად არსენ ვენგერის ხელში რომ მოხვდები და სად პატარა კლუბ დანდიდან რომ დაიწყებ, ნელ-ნელა და ხელახლა.
ეს ათი წლის წინანდელი ისტორია ნამდვილად ღირს იმად, რომ წიგნში მოხვდეს. და ასეთი კიდევ რამდენია და რა სასარგებლოა, მათი შეტყობა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, გულშემატკივრის ხარბ თვალს რომ თავი დავანებოთ.
ხიზანა კი აგრძელებს, ეგრეც უნდა, მგონი სკამზე ჯდომის წლები საბოლოოდ მოიტოვა უკან. ჰოდა, კარგია.
მე კი შევძახებდი: ფეხბურთელებო, წერეთ წიგნები!© “ლიბერალი”