• ესე (თარგმანი)

    ლიტერატურა როგორც წინააღმდეგობა

    ტეს ლუისი

    ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

    რომანის სიკვდილი, ასეთი რამ შესაძლებელი რომ იყოს, მხოლოდ კულტურული დანაკარგი კი არ იქნებოდა, ადამიანთა საზოგადოებას მორალური და ეთიკური თვალსაზრისითაც გააღატაკებდა. მილან კუნდერა თავის ,,ნაღალატევ აღთქმებში’’ აღნიშნავს, რომ მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ჩვენი ზნეობრივი შესაძლებლობების მთავარი მძერწველია, ადამიანის უფლებებზე წარმოდგენის შესაქნელად, მათს დასაცავად ღირსეულ როლს ასრულებს. ,,დასავლური საზოგადოება თავს ადამიანის უფლებებზე დამყარებულ საზოგადოებად წარმოგვიდგენს’’, წერს კუნდერა, ,,მაგრამ სანამ ადამიანს უფლებები გაუჩნდებოდა, საკუთარი თავის ინდივიდუუმად, პიროვნებად აღქმა უნდა ესწავლა, თავი ასეთად უნდა მიეჩნია; ევროპული ხელოვნებისა, და განსაკუთრებით კი რომანის ხელოვნების გარეშე, რომელიც ადამიანს მეორე ადამიანის მიმართ ცნობისმოყვარეობას უღვივებს და საკუთარი სიმართლისგან განსხვავებული სიმართლის გაგებას ასწავლის, ეს შეუძლებელი იქნებოდა’’. მწერლობის ევროპულმა ტრადიციამ რკინის ფარდასა თუ ჩინეთის დიდ კედელს მიღმა მცხოვრებ ბევრ მწერალს მისცა ზურგი. ორი ასეთი მწერალი, უნგრელი რომანისტი პეტერ ნადაში და ჩინელი მწერალი გაო სინცზიანი ისეთი პიროვნების ანატომირებას ეწეოდნენ, ვისაც ,,საერთო სახალხო საქმე’’, თუ ,,საყოველთაო სიკეთე’’ განადგურებით ემუქრებოდა, და რა თქმა უნდა, ამავე ,,საერთო სახალხო საქმის’’ ცენზურას ვერ აცდნენ.
    თავიანთ, ხშირად ავტობიოგრაფიულ რომანებში და მოთხრობებში ნადაში და გაო არსებობის, შეგუების, წინააღმდეგობისა და ,,გაქცევის’’ ფორმებზე წერენ, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმის წნეხის პირობებში გადასარჩენად ხდებოდა საჭირო. თუმცა, მათ მიერ არჩეული თემები პოლიტიკური რეპრესიის პარამეტრებს ცდება, და მეხსიერების არასაიმედოობას, იდენტობის უწყვეტობას, წარსულისათვის თვალის გასწორების და მისი გააზრების აუცილებლობას უტრიალებს. სულ მცირე ხნის წინ ორივე პროზაიკოსის ესეების კრებულები ინგლისურად გამოიცა. მათში მწერლები საკუთარ ნაწერებს, ლიტერატურის, როგორც მოწმის როლს აანალიზებენ და იდეოლოგიისა და ადამიანის ინდივიდუალური ხმის შეუთავსებლობაზე წერენ.
    გაო სინცზიანის თორმეტი ესე კრებულში ,,ყუთი ლიტერატურისთვის’’ დაუფარავად ჰგავს მაინფესტს, მაშინ, როცა ნადაშის კრებულში ,,ცეხცლი და ცოდნა’’ თავმოყრილი ესეები უფრო პიროვნულ ან პოლიტიკურ კონტექსტებს შეიცავს. ნადაში ევროპულ მაღალ მოდერნისტულ ტრადიციას შესანიშნავად იცნობს. იგი რაფინირებული, ელეგანტური სტილისტია, ხოლო დიდტანიანი, იშვიათი მასშტაბურობის მქონე რომანი ,,მოგონებების წიგნი’’ მუზილს, პრუსტს და თომას მანს არაერთხელ და სამართლიანად შეადარეს. ამ უკანასკნელზე ნადაში განსაკუთრებული აღფრთოვანებით და სიფაქიზით წერს. ესეებს შორის მწერალს საკუთარი მოთხრობები აქვს ჩართული, რათა ესეებში გაკეთებული აქცენტები მკითხველისთვის უფრო გასაგები გახდეს.
    ამ ესეებში გაო გამუდმებით უბრუნდება თავის ორ მთავარ შემოქმედებით კრედოს, დაუსრულებლად ხვეწს, განმარტავს, განსხვავებული კუთხეებიდან განიხილავს. პირველი ამათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ნამდვილი ხელოვანი ,,იზმებისგან’’ თავისუფალია, შეუძლია იდეოლოგიებზე მაღლა დადგეს, ზურგი აქციოს ,,ძალაუფლებას, წეს-ჩვეულებებს, ფეხმოკიდებულ დამოკიდებულებებს, რეალობას, სხვა ადამიანებს და აზროვნების მათეულ წესს’’; მეორე – გაოს ე.წ. ცივი ლიტერატურისა სწამს, ეს ისეთი ლიტერატურაა, რომელიც მწერლის შინაგანი მოთხოვნილების გარეშე იქმნება, თავისთავადია.
    ეს იდეალისტის აბსტრაქტული განცხადებები არაა, არამედ კარგად გამოწრთობილი პოზიციაა. კრებულის მთავარ ესეში, გაოს მიერ 2000 წელს ნობელის პრემიის მიღების ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვაში მწერალი წერს, რომ რევოლუციას ლიტერატურაში და რევოლუციურ ლიტერატურას თვით ლიტერატურისა და პიროვნებისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი თანაბრად შეეხოთ. რევოლუციის სახელით ჩინეთის ტრადიციულ კულტურაზე მიტანილი იერიში საჯარო გაკიცხვითა და წიგნების დაწვით სრულდებოდა. უკანასკნელი ასიოდე წლის განმავლობაში უამრავი მწერალი დახვრიტეს, ქვეყნიდან გააძევეს ან მძიმე ფიზიკური შრომა მიესაჯათ. ერთი-ორჯერ გაო ამგვარ ხვედრს ძლივს გადაურჩა შორ სოფლებში გახიზვნით, სადაც მისი კვალის პოვნა ადვილი არ იყო.
    1966 წელს, როცა კულტურული რევოლუცია დაიწყო, გაო სინცზიანი ოცდაექვსი წლის იყო და ფრანგული ლიტერატურის ახალგაზრდა მკვლევარი გახლდათ. გამომცემლობაში, რომელიც უცხოურ ლიტერატურას გამოსცემდა, რედაქტორად და მთარგმნელად მუშაობდა, საკუთარი ნაწერებით კი უკვე ჩემოდანი ჰქონდა გავსებული. რაკი ჩინეთის კომუნისტური პარტიის სოციალისტური რეალიზმის კურსს არ იზიარებდა, ამ ხელნაწერების განადგურება იქამდე მოუხდა, სანამ წითელი არმიის საგანგებო ჯგუფები მათ ჩხრეკისას უპოვნიდა და მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. გაო მისმა გონივრულმა ხრიკმა იხსნა: ჯერ ამგვარ ჯგუფს ჩაუდგა სათავეში, მერე კი სოფლად ხუთი წელი გაატარა. პეკინში და საკუთარ გამომცემლობაში დაბრუნება მხოლოდ 1975 წელს შეძლო, მაოს გარდაცვალებამდე და კულტურული რევოლუციის დასრულებამდე ერთი წლით ადრე. ამ დროის განმავლობაში, მართალია, ყველას უჩუმრად, გაოს წერა არ შეუწყვეტია.

    სანამ მისი ნაწერების რეგულარულად გამოქვეყნება დაიწყო, კიდევ ხუთი წელი გავიდა. პირველად სახელი ორი პიესითა და ლიტერატურული კრიტიკის წიგნით გაითქვა. ჩინელ მწერალთა გაერთიანების ფუნქციონერებმა 1981 წელს გაო პეკინის სახალხო თეატრის დრამატურგად დანიშნეს. მინიჭებული პრივილეგიის მიუხედავად, გაო ოპტიმისტურ-მორალისტური ლიტერატურის წერაზე კვლავ უარს აცხადებდა. მისი პიესები ექსპერიმენტური იყო, და არტოს, ბეკეტის და ბრეჰტის აშკარა გავლენა ეტყობოდა, რითაც პროპაგანდის სამინისტროს რისხვა გამოიწვია. მაგ., პიესაში ,,ავტობუსის გაჩერება’’ ადამიანები რიგში დგანან და ავტობუსს ელოდებიან. წლები ისე გადის, რომ გაჩერებასთან არცერთი ავტობუსი არ ჩერდება. ბოლოს მომლოდინეთა რიგს ახალი პერსონაჟი – ,,უხმო მამაკაცი’’ უერთდება, მაგრამ მალევე აცნობიერებს, რომ ცდას მოქმედება სჯობს და გზას ფეხით გაუდგება. ერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა პიესა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მავნე ნაწარმოებად გამოაცხადა. ათმა წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა, მერე კი სპექტაკლი აიკრძალა. მეორე პიესას ,,განგაშის სიგნალი’’ რამდენიმე წარმოდგენის შემდეგ იგივე ბედი ეწია.
    1981 წელს გამოქვეყნებული მისი კრიტიკული სტატიების წიგნი, რომელიც თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საფუძვლიან კვლევას წარმოადგენდა, რამდენიმე გაბედული ჩინელი მწერალის თანადგომის მიუხედავად, კამპანიის ,,შეეწინააღმდეგე სულიერ რყვნას’’ მსვლელობისას აიკრძალა. ამ წიგნში გაო დასავლურ ლიტერატურაში და კინემატოგრაფში გავრცელებულ ზოგიერთ მეთოდს, მაგალითად, ცნობიერების ნაკადს და უკუკადრს განიხილავდა, და აზრს გამოთქვამდა, რომ მათი გამოყენება ჩინურ რომანს მხოლოდ გაამდიდრებდა. ამის შემდეგ გაო კაპიტალისტური დასავლური კულტურისა და დეკადენტური მოდერნისტული ლიტერატურის რეაქციონერ პროპაგანდისტთა შავ სიაში მოხვდა.
    პატიმრობისა თუ უარესი ხვედრის ასაცილებლად 1983 წელს გაო კვლავ სოფლად გაიხიზნა. ხუთი თვის განმავლობაში მდინარე იანძის გასწვრივ მოგზაურობდა. ეს 15 000 კილომეტრიანი გზა მწერალს ახალი რომანის ,,სულის მთა’’ დაწერას შთააგონებს, რომელიც 1990 წელს გამოიცა. მთხრობელი უგრძეს გზას ადგას და ამასთან საკუთარი სულის ერთგვარ კვლევასაც ეწევა.

    გაო სინცზიანის ნაშრომის ,, ჩემოდანი ნაწერებისთვის’’ და ესეს ,,დამჭკნარი ქრიზანთემა’’ მთარგმნელი იმ ხრიკებით აღსავსე პოლიტიკაზე წერს, რომელთაც გაო 1987 წელს, საფრანგეთში ემიგრირებამდე, გარემოებათა გამო მიმართავდა. 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე მოწყობილ სისხლიან სასაკლაოს მიუძღვნა ,,გაქცევა’’, კიდევ ერთი პოლიტიკური პიესა, რომლის გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთში მისი ყველა წიგნი აიკრძალა. გაოს რეპუტაციას მის სამშობლოში ნობელის პრემიის მიღებამაც ვერაფერი შემატა, პირიქით, საერთაშორისო აღიარებამ ჩინეთში მის წინააღმდეგ მიმართული რისხვა გაამძაფრა.
    შვედეთის აკადემია პრემიის მინიჭებისას დიდი ხანია დისიდენტი მწერლებისკენ იხრება, განსაკუთრებით კი სატირისტ დრამატურგებს წყალობს. ამის მაგალითად დარიო ფოს, ჰაროლდ პინტერის, ელფრიდე იელინეკის და თავად გაოს ნობელით დაჯილდოება გამოდგება. მაგრამ გაოს ,,სულის მთა’’ და ,,ერთი კაცის ბიბლია’’ კომპლექსური, ექსპანსიური, სტილის თვალსაზრისით ინოვაციური ნაწარმოებებიცაა, თუმცა ,,ენის დიდოსტატობა’’, მწერლის მისამართით გამოთქმული შეფასება, რასაც შვედეთის აკადემია ნობელის პრემიის მინიჭებისას განსაკუთრებით გამოყოფდა, თარგმანში მხოლოდ დროდადრო ვლინდება.

    ინგლისური თარგმანის მკითხველს გაუჭირდება მისი წიგნების ენობრივი ინოვაციების მოხელთება, მათ შესახებ ხაზგასმით საუბარი კი უცნაურობად და გადაჭარბებად მოეჩვენება, თუმცა, მშობლიური ენის გადახალისების და ტრანსფორმირების მცდელობები ნამდვილად იკვეთება გაოს წიგნში ,,ჩემოდანი ნაწერებისთვის’’. თავის ესეში ,,თანამედროვე ჩინური ენა და ლიტერატურის ქმნადობა’’ გაო მკითხველს იმის ანალიზს სთავაზობს, თუ როგორ აზიანა ლიტერატურული ჩინური ჩინური სიმბოლოების 1950-იან წლებში დაწყებულმა გამარტივებამ და დასვლური ენებიდან შესრულებული თარგმანების სიმდარემ და უხარისხობამ. ენის სამეტყველო ფორმების ინკორპორირებითა და იმ გრამატიკულ სტრუქტურებზე უარის თქმით, რომლებიც ჩინურში უხეირო მთარგმნელების გამოისობით გაჩნდა, გაო ცდილობს თანამედროვე ჩინურ ენას სიწმინდე დაუბრუნოს და მისი მრავაფეროვნება და სისხლსავსეობა რაც შეიძლება სრულად აჩვენოს. იგი წერს: ,,ჩინურ ენაში დრო მკაფიოდ არ იკვეთება. არსებითად, ნამყო, აწმყო და მომავალი, მეხსიერება და წარმოსახვა, განსჯა და გრძნობები, რეალობა, შესაძლებლობა და ფანტაზია მორფოლოგიურ გამოხატულებას მოკლებულია’’.
    ეს განუსაზღვრელობა მწერალს ,,სულის მთის’’ პროტაგონისტის თხრობაში გადააქვს. მისი ხმა იდენტობის არამყარობასა და ცვალებადობას, ფსიქოლოგიურ პერცეფციებს ხანდახან განსხვავებული თვალსაზრისების აღრევით გადმოსცემს. და მაინც, გაო თანამედროვე ჩინურის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებს. ,,ჩემი აზრით, დღევანდელ ჩინურ ენას თანამედროვე ადამიანის ყველა გრძნობის ზუსტად გადმოცემა არ შეუძლია, თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ენის გამდიდრება შესაძლებელია.’’ გაო დროდადრო ფრანგულადაც წერს, მაგრამ თვლის, რომ მწერალი მშობლიურ, თავდაპირველ ენას უნდა ერთგულებდეს. მისთვის ასეთი ენა ჩინურია.
    ენა გაო სინცზიანისთვის ,,ადამიანის მიერ შექმნილი ცივილიზაციის საბოლოო კრისტალიზებაა’’, და როცა ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრეთა კულტურული ტრადიციებით იფერება, მას, მწერლის ოსტატობის წყალობით, ისეთი გრძნობების არტიკულირება ძალუძს, რომელთა ადექვატური გადმოცემა იქამდე შეუძლებელი იყო. ამ თავიანთი შემოქმედებითი თავისუფლების დასაცავად მწერლები ცდუნებას უნდა ერიდონ და პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ,,საქმეების’’ ,,ცხოვრებაში გატარებას’’, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველგვარ ,,იზმს’’ უნდა ერიდონ. ,,მწერალი მოწმის, თვითმხილველის როლს უნდა დასჯერდეს, და შემოქმდებითი ძალისხმევა სიმართლის თქმას უნდა მოახმაროს.’’ მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ გაო ლიტერატურაში ინდივიდუუმის, პიროვნების, პიროვნული პერცეფციის დაბრუნებას ემხრობა, ,,მე’’-ს შეუზღუდველ გაბატონებას მაინც დიდი სიფრთხილით ეკიდება. გაო მოწმეა, როგორ დაეწაფა ჩინელ ინტელექტუალთა მთელი თაობა ,,ნიცშესეული ზეკაცის გერმანულ ფილოსოფიას”, რომელიც ნამდვილი ინდივიდუალიზმის ქადაგების ნაცვლად ცალკეულ ადამიანთა ზედგომისა და უპირატესობის ტრაგიკულ რწმენას ამკვიდრებდა.
    გაოს ესეები მისი ნაწერების იმ სიღრმესა და მასშტაბურობას იტევს, რომლებიც თარგმანში იძარცვება და იკარგება, თან მისი ლიტერატურული კრედოს შესანიშნავ განმარტებებსაც იძლევა. ლიტერატურა, და კერძოდ ,,ცივი ლიტერატურა’’, რომელშიც მწერლის ხედვის მიღმა აღარაფერი რჩება, ,,გაქცევაა, რათა თავი იხსნა; ეს ის ლიტერატურაა, რომელიც უარს ამობობს სულიერი ხსნის ძიებაში მყოფი მკითხველისთვის მოსაჭიდებელი ხავსი გახდეს. მე ისიც კი მწამს, რომ საზოგადოება, რომელიც ლიტერატურის ამგვარ არაუტილიტარულ დანიშნულებას ვერ ეგეუება, მწერლისთვის დამღუპველია, მეტიც: ამგვარი დამიკდებულება სიმპტომია, რომ ეს საზოგადოება სულიერი თვალსაზრისით უკიდურესად გაღატაკებულა.’’
    ასეთია გაოს ცივი სიმართლე, უპირველეს ყოვლისა, პარტიის მოხელეებისადმი თქმული, რომლებიც ლიტერატურის როლს სახელმწიფოს მსახურებამდე ამცრობენ.

    უნგრელი პეტერ ნადაში სწორედ ამგვარ ცივ ლიტერატურას ქმნიდა. ნადაში 1942 წელს ბუდაპეშტში დაიბადა. როცა საიდუმლო პოლიციამ საკუთარ მეგობრების და კოლეგების დასმენა მოსთხოვა, და ამის სანაცვლოდ მისი ნაწერების გამოქვეყნებაზე დადებული აკრძალვის გაუქმება შესთავაზა, ნადაშმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არც კი იცოდა, რომ მისი ბეჭდვა აკრძალული იყო. ნადაშს განსაკუთრებული გმირობისადმი არც მიდრეკილება ჰქონდა, და როგორც თავად ეჭვობდა, არც საკმაო ძალა და გამძლეობა, ამიტომ ხერხად ეშმაკობა არჩია. წერას საკუთარი თავისთვის აგრძელებდა: იმედი, რომ როდესმე მისი ნაწერები წიგნებად გამოიცემოდა, უკეთეს შემთხვევაში ძალზე მცირე იყო. ამგვარად, გამოკვეთილი კომპრომისების გარეშე, ნადაში დროდადრო საზღვარგარეთ მოგზაურობასაც კი ახერხებდა.
    მართალია, ხელისუფლებას ამ მხრივ ჭკუაში აჯობა, მაგრამ სისტემის მხარდაჭერის აუცილებლობას მაინც ვერსად გაექცეოდა. ,,თავის მოსულელება შესაძლოა ძალიანაც მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ამისაგან მსგავსი ქცევა უფრო ეთიკური ვერ გახდება.’’ ამ თამაშს აყოლით, ხელისუფლებასთან ,,მშვიდობიანი თანაარსებობის გათამაშებით მოპოვებული ,,პრაქტიკული გამარჯვება მორალურ მარცხად იქცევა.’’
    თავის მოსულელება ნადაშის კრებულის ,,ცეცხლი და ცოდნა’’ ცამეტი ესესა და ათი მოთხრობის გამაერთიანებელი თემაა, მაგრამ სწორედ თემა, და არა ავტორის მოსაწონი სტრატეგია. ამ თვისებას მწერალი იმ აღმოსავლეთევროპელების გამორჩეულ ნიშან-თვისებად წარმოგვიდგენს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემსწრენი შეიქნენ. თავის მოსულელება, სხვად მოჩვენება ჯერ თავდაცვითი მექანიზმი იყო, თაობების შემდეგ კი მემკვიდრეობით რეფლექსად იქცა.

    ესე ,,ცეცხლის და ცოდნის ამბავი’’ მახვილგონივირული მსჯელობაა ენის ისეთი დეფორმაციის შესახებ, რომელიც მან შეიძლება ტოტალიტარული სისტემის პირობებში განიცადოს. უწყალო უტოპიზმის ათწლეულები ამგვარ ქვეყნებში ყოველგვარ საღ აზრს სპობს, იმდენად, რომ ენასა და საყოველთაოდ მიღებულ მნიშვნელობებს შორის კავშირი თითქმის სრულად ირღვევა. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა 1986 წელს, როცა უნგრეთის ოთხ ერთმანეთისგან დაშორებულ კუთხეში ხანძარი ერთდრულად გაჩნდა. ახალ ამბებში ამ ამბავს აჩუმათებდნენ, აცხადებდნენ, რომ ხანძრები შემთხვევით გაჩნდა, და მათ ამბავს უმნიშვნელო სიახლეთა შორის აცხადებდნენ. საზოგადოება, რომელსაც ცნობებს გამიზნულად უმალავდნენ, ხანძრების შესახებ გაცილებით მეტი იცოდა. ყველამ იცოდა: რაც ახალი ამბებში ითქმის, სწორედ ის არ უნდა იგულისხმებოდეს. იმ წლების უნგრული ენის მნიშვნელოვან პლასტში ,,უმნიშვნელო’’ ,,მნიშვნელოვანს’’ ნიშნავდა, მაგრამ რაკი სიტყვები თავდაპირველ მნიშვნელობებთან კავშირს მაინც ინარჩუნებს, კონსენსუსი ახალ მნიშვნელობებთან დაკავშირებით ვერ მოხდებოდა. ადამიანების ინდივიდუალური ცოდნის შედეგად ენის ყოველი სიტყვა ადრინდელისგან განსხვავეულ მნიშვნელობას იძენს; მსმენელი გაგონილი სიტყვის მნიშვნელობას მოსაუბრის გარშემო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ეძებს.

    უნგრელები მიხვდნენ, რომ ინდივიდუალური შეშლილობისგან თავის დასაცავად საუკეთესო ხერხი კოლექტიური არცოდნა ყოფილა. ამიტომ ყველამ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება გააგრძელა, იმაზე, რომ ხანძრები შესაძლოა ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენდა, არც უფიქრიათ.
    ადამიანებს, რომლებიც ახალი ამბების გამოცემებს ამზადებდნენ, სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა ქონდათ: მათ ზუსტად იცოდნენ რას ნიშნავდა გამოცხადებული სიახლე და რას არ ნიშნავდა. მაგრამ ერთ წამყვანს შეცდომა მოუვიდა: მისთვის ეთერში წასაკითხად მომზადებული ტექსტი ვერ გაარჩია, და კარტოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებს რომ კითხულობდა, დაფარული სიმართლე წამოსცდა. ქვეყანა მცირე ხანს შოკში იყო, მაგრამ უნგრელები კოლექტიური არცოდნის მდგომარეობას მალევე დაუბრუნდნენ.

    საერთო ენის თუ არა, საერთო მნიშვნელობების უქონლობა ნადაშს ევროპის ინტეგრაციის გზაზე ერთადერთ წინააღმდეგობად არ ეჩვენება. იგი დასავლურ და აღმოსავლურ აზროვნებას შორის ფუნდამენტურ სხვაობაზე მიუთითებს. ესეში ,,ბედი და ტექნიკა’’ ნადაში აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სატელიტი ქვეყნებიდან გამოსული ევროპელები თავს ბედის თამაშს უფრო ადვილად მიანდობენ. დასავლეთევროპელებს პირადი ძალისხმევისა უფრო სწამთ. ეს დაყოფა ჩვეულებრივ მოკითხვაზე პასუხის გაცემისასაც კი იგრძნობა. ბედს მინდობილ ადამიანს, თავს ძალიან კარგადაც რომ გრძნობდეს, ათასნაირი ჩივილი აქვს, რომელთა არტიკულირებას მათი კოლექტიური იდენტობა მოითხოვს, ხოლო ის, ვინც საკუთარ ბედს თავად ძერწავს, ყოველთვის პოზიტიურ პასუხს იძლევა, რათა არავის ეგონოს, რომ მარცხი პირადად მან განიცადა. ეს თვისება, ეთიკის თვალსაზრისით, ორივე მხარეს ძვირად უჯდება. ნადაში დასავლეთის და აღმოსავლეთის შეფასებისას ერთნაირად მკაცრია: აღმოსავლეთს კორუფციაზე და კერძო ინტერესებზე მაღლა დადგომის უუნარობაში ადანაშაულებს, დასავლეთს კი იმაში, რომ თანასწორობის, ძმობის, ადამიანთა უფლებების დაცვის უნივერსალურ იდეებს მხოლოდ საკუთარ თავზე განავრცობს. იმის მაგიერ, რომ დემოკრატიის ტრადიციების დამკვიდრებასა და გაძლიერებაში ახალ ევროპას ხელი შეუწყოს, ტრადიციული დემოკრატიისა და მყარი საარჩევნო სისტემების მქონე ქვეყნებმა დანარჩენ მსოფლიოში მხოლოდ საკუთარი ინტერსების დევნა და ,,კონტროლირებადი დაყოფის’’ პრინციპის მხარდაჭერა არჩიეს. ნადაშის შეფასება რამდენიმე წლის შემდეგ მშვენივრად დაადასტურა ჟაკ შირაკმა, როცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ,,მოკეტვა’’ ურჩია. ,,სინამდვილეში მხოლოდ ერთი ევროპა არსებობს,” აცხადებს ნადაში, ,,დაზარალებული’’, რომლის ისტორია დანაკარგების ისტორიაა, თუმცა, ამას არცერთი მხარე არ აღიარებს.

    პეტერ ნადაშის პირველი მკაფიო მოგონება ცეცხლწაკიდებული შენობა იყო, რომელიც 1945 წელს, ქალაქის დაბომბვისას მისი სახლის გადაღმა იწვოდა. მწერალი ბავშვობაში მრავალი სიკვდილის შემსწრე შეიქნა, და ამ ფაქტმა სიკვდილისა და ადამიანის სხეულის მიმართ გადამეტებული ინტერესი და ხიბლი გაუჩინა. ნადაშმა ცხოვრებაში ნგრევის დროს შეაბიჯა, ცხოვრება კი ნგრევას მერეც დიდხანს განაგრძობდა. ბურჟუაზიული წარმოშობის მიუხედავად, მამამისი კომუნისტური რეჟიმის დროს სახელმწიფო ბრალმდებლად მუშაობდა. 1956 წელს, როცა საბჭოეთმა უნგრეთის აჯანყება სისხლში ჩაახშო, მან თავი მოიკლა. დედამისი კიბოთი გარდაიცვალა, და ნადაში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, თოთხმეტი წლისა ორივე მშობლით დაობლდა. ზრდასრულობამდე ვერც წარმოედგინა, რომ სადმე სხვა, უფრო ფაქიზი, უფრო სუფთა, ნათელი სამყარო არსებობდა, რომელშიც ადამიანებს რამდენიმე ახლო ნათესავი და მეგობრები არ ეყოლებოდათ დაღუპული – გმირები, წმინდანები, სიკვდილმისჯილები, უბრალო მსხვერპლნი.
    ალბათ ცეცხლით ამ ნათლობის გამო ნადაშისათვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის. მისი წარმოახვა მუდამ ტაბუს და პირობითობას შორის დადებულ ზღვარს უტრიალებს და შემოქმედებისთვის მასალას აქ პოულობს. კრებული ნადაშის ესსეთი, ,,დიდი საშობაო მოკვდინება’’ იხსნება. ესე იმ სამოყვარულო ვიდეოჩანაწერის ანალიზს ეძღვნება, რომელზეც ჩაუშესკუების წყვილზე საშობაო ღამისმთევლების ანგარიშსწორებაა ასახული. დიქტატორის და მისი ცოლის უკანონო, სულმდაბალი მკვლელობა ტირანიის ლოგიკური შედეგია, როცა ადამიანებს არაფერს წმინდას არ უტოვებენ: აქ შეწყალება შეუძლებელია. სიბრალულს, ადამიანობას, შიშის გრძნობას შურისძიების ყოვლისმომცველი გრძნობა ფარავს. ნერვული დაბოლოებები პოლიტიკურ აღტყინებას, რელიგიურ ექსტაზს და მეამბოხურ ჟინს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. შედეგი მორალური განსჯის და შეკავების ფაქიზ მემბრანაზეა დამოკიდებული.
    თომას მანის დღიურებისადმი მიძღვნილ ესეში (რომლებიც უნგრეთში რედაქტირებული და შემოკლებული ტექსტით გამოქვეყნდა) ნადაში აღნიშნავს, რომ მანის სიდიადეზე თავისი ყველა იმპულსისათვის თვალის გასწორების უნარიც მოწმობდა. უნგრული თარგმანიდან დღიურის ის ეპიზოდები იყო ამოღებული, სადაც მწერალი თავისი თოთხმეტი წლის ვაჟის, კლაუსისადმი ფიზიკურ ლტოლვაზე წერს და მერე ,,ასეთ ნეგატიურ ფსიქიკურ მასალას პოზიტიურ, მნიშვნელოვან სათქმელად გარდაქმნის’’. ამ პასაჟების ამოღება არამარტო მანის, როგორც ლიბერალური, ბურჟუაზიული ჰუმანიზმის წარმომადგენელი მოაზროვნის პორტრეტს აღარიბებს, არამედ კულტურულ ურთიერთობათა საფარქვეშ მოძრავ დინებებსაც გვართმევს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას შეადგენენ.
    ამგვარი ,,სიმორცხვე’’ ნერვულ რეაქციაზე მეტია, ეს უკვე მორალური მარცხია. გასული საუკუნეების ლიტერატურას ნადაში მკაცრად აფასებს და მის ნაკლად თვითდაკვირვებისა და ადამიანურ გარემოებებში ჩაღრმავების არარსებობას მიიჩნევს, რაც, არსებითად, ლიტერატურის მთავარი ამოცანაა. მისი აზრით, ანგაჟირებული ლიტერატურისა თუ ცარიელი სტილისტიკის საცდურს ბევრი საუკეთესო მწერალი აყვა.

    შემოქმედებითი პასუხისმგებლობის ცნება, რომელიც ჰუმანიზმის ცნებასთან ერთად წარსულს ჩაბარდა, ომის შემდგომ პერიოდში გონივრულად იქნა ჩანაცვლებული შემოქმედის მოვალეობის პოლიტიკური ცნებით, პერსონის როლი კი პოლიტიკური და არტისტული ფორმულებით. ამ თვალსაზრისით, პიროვნება ურთიერთდაკავშირებული თვისებების კი არა, ემოციების და თვალსაზრისების ერთობლიობაა, ანუ დიდი ძვრების კონტრეფექტად ჩნდება პროვოკატიული სტილიზაცია, რომელიც პოლიტიკურისა და იდეოლოგიურის გვერდის ავლას ადამიანური კვალის ასახვით ცდილობს, შემოქმედებით ვნებას კი ასახვის ხერხად აქცევს. ამ ორი მწერლის ესეებში ყველაზე ხშირად თავს საკუთარი წარსულის მიმართ მორალურ ვალდებულება იჩენს. გაოს მეორე რომანის ,,ერთი კაცის ბიბლია’’ უსახელო მთხრობელი, რომლის ცხოვრებისეული გზა მეტისმეტად ჰგავს ავტორისას, იმ შეშლილობის აღწერას ეწევა, რომელიც პიროვნებას ტოტალიტარულ რეჟიმში ინფექციასავით ერევა. თხრობა დაუსრულებლად წარსულიდან აწმყოში, აწმყოდან კი წარსულში ინაცვლებს, წარსულში, რომელიც, როგორც მთხრობელს ჰგონია, უკან აქვს მოტოვებული. მოგონებებს ის თავისი საყვარლის, ებრაული წარმოშობის გერმანელი ქალის გამო უბრუნდება, რომელიც მოზარდობის ასაკში სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი შეიქნა. ამ ფაქტის გავლენას მის მეგობარ ქალზე მწერალი იმ ძალადობას ადარებს, რომელიც მის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით და ფსიქოლოგიური ზეწოლით საკუთარ თანამემამულეთ აქვთ მის მიმართ ჩადენილი. ესეში ,,იზმების გარეშე’’ გაო წერს: ,,ვინც წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა, ან უსუსურობით ვერ შეძლო, უსამართლოდ გაკიცხულ, დევნილ, განადგურებულ, მოკლულ, დასახიჩრებულ ადამიანს უთანაბრდება.’’ ,,ერთი კაცის ბიბლიაში’’ წინააღმდეგობის გაწევისა და თვითგადარჩენის ბევრ ხერხზეა საუბარი, შინაგანი და ფიზიკური დევნილობიდან იმ ხრიკებამდე, რომელთაც, ,,საჯარო გაკიცხვის” შიშით, მაგრად ჩარაზული კარის უკან განმარტოებული, ღამ-ღამობით მომუშავე მწერალი მიმართავდა.

    ნადაშის რომანებსა და მოთხრობებში რამდენიმე პერსონაჟი მეორდება ხოლმე: ბაბუა, რომელმაც საკუთარი ვაჟის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ შეიტყო და თავს სამუდამო დუმილი მიუსაჯა; სიტყვაძუნწი და პირქუში მამა, რომელმაც თანამშორმლობის შედეგად პარტიისგან პრივილეგიები მიიღო, მაგრამ შემდეგ გაწეული კომპრომისის გამო თავი მოიკლა; ავადმყოფი, ნაზი დედა, რომლის საყვარელი, ქმრის ყოფილი მეგობარი, შესაძლოა ოდესღაც მისმა ქმარმა გასცა; და ბოლოს მათი ვაჟი, მოხერხებულიცა და მიამიტიც ერთდრულად, რომელიც მამამისის ფიგურას და არსებულ პოლიტიკურ სისტემას მოზარდობისათვის დამახასიათებელი დაბნეულობით აღიქვამს.
    პრუსტისეული მასშტაბის, სტილურად და აზრობრივად ურთულესი აღნაგობის რომანი ,,მოგონებების წიგნი” ე.წ. საშუალო სქესის ადამიანის, მეოცე საუკუნის პროდუქტის, homo sovieticus–ის ამბავია, რომელიც ეჭვის და თვალთვალის ატმოსფეროში, რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ძრწოლვის პირობებში ცხოვრობს, ამ ატომსფეროს ერთდროულად ისრუტავს და რეაგირებს კიდეც, თუმცა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის სირთულე კერძო შემთხვევას ცდება და მისი მოგონებები ჭეშმარიტად მითურ პროპორციებს იძენს.

    რეჟიმის მიერ პიროვნების დამახინჯების თემასთან ერთად, ნადაშის ნაწერებში, კერძოდ, კრებულში ,,ცეცხლი და ცოდნა’’ გაერთიანებულ მოთხრობებში პოლიტიკური სისტემის პირობებში პიროვნების ცვლა, იმედგაცრუების გამანადგურებელი მოქმედებაცაა აღწერილი. ,,ბიბლიაში’’ სამხედრო მოხელეების ვაჟი მოსამსახურე გლეხ გოგონას ამცირებს და ავიწროვებს, მერე ცილს სწამებს და ოჯახიდან აგდებინებს. მოთხრობაში მოქმედება ოჯახის ბიბლიის გარშემო ვითარდება, რომელსაც საბოლოოდ დარცხვენილი ვაჟი გაგდებულ მოსამსახურე გოგონას წასვლის წინ ატანს. დედა მოსამსახურე გოგონას უბედურების შესახებ შეიტყობს და იმ იდეალების უბადრუკობით შეძრწუნდება, რომელთაც თითქმის ყველაფერი შესწირა. მოთხრობაში ,,კრავი’’ მთხრობელი ერთ პატარა უნგრულ სოფელში გატარებულ ბავშვობას იხსენებს, და ბავშვობასთან ერთად ანტისემიტიზმის ყოველდღიურ დოზებს, რომელთაც დილაობით კარაქიან პურთან ერთად იღებდა. სოფლის ბიჭებმა სოფლის ერთადერთი ებრაელი, ბატონი როტი მუდმივი დაცინვების სამიზნედ აქციეს და საბოლოოდ თავი მოაკვლევინეს. ამ ამბავს ნადაში ასეთ ანალიზსაც ურთავს: ,,ბატონი როტისადმი სიძულვილის დაფარული მხარე თანაგრძნობა და სულიერი შფოთვა იყო – ახლა სოფლელები საკუთარი ჩვევების ტოტზე გრძნობათა ფოთლებს ადგილს უცვლიდნენ. მე ამ ამბის განცდა ამ ადამიანებზე მეტადაც კი მერგება, რადგან მათგან არაფრით განვსხვავდები.’’
    ნადაშს სწამს, რომ ადამიანმა საკუთარ წარსულს თვალი უნდა გაუსწოროს, სხვათა განკითხვა მისი პრინციპი არაა. ,,ასე მგონია, რომ ჯერ საკუთარი კალმის სიმძიმე მაქვს შესაგრძნობი, რადგან ვერ წარმომიდგენია ჩემი თავის კვლევა სხვისი ბუნების ჩხიბვით დავიწყო.’’ ადამიანების წარსულის გასარკვევად საიდუმლო პოლიციის მასალების გამომზეურობასაც ეჭვის თვალით უყურებს. ის გარემო ისეთი ტოქსიკური იყო, რომ წაუბილწავი ბრალმდებლიან-ბრალდებულიანად ვერავინ დარჩებოდა. 1975 წლის სექტემბერში, უნგრეთის რევოლუციის სასტიკად ჩახშობის ერთი წლის თავზე, ნადაში ახლაგაზრდა კომუნისტების ლიგაში შევიდა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მისი რიგები ხმაურით დატოვა, მისი გამამართლებელი შემამსუბუქებელი გარემოებების შესახებ გაგონებაც არ სურს. ,,განა ამდენ დაპატიმრებაზე და სიკვდილით დასჯაზე არაფერი ვიცოდი? ამის გამართლება აბსურდული საქციელი იქნება, ბრალისაგან ვერც ჩემი მაშინდელი ასაკი მიხსნის.’’ პარტიას ხან უახლოვდენოდა, ხან თავს ისევ შორს იჭერდა, სანამ 1961 წელს მასთან ყველა კავშირი გაწყვიტა, თუმცა, შვიდი წლის განმავლობაში, სანამ საბჭოთა ჯარი ჩეხეთში არ შევიდა, იმედი ჰქონდა, ,,რომ სოციალიზმის რეფორმირება შესაძლებელია, და რომ დიქტატურა მისი თანამდევი ფენომენი არ არის. ო, რა დიდი იმედი მქონდა ამის’’, წერს ნადაში.

    პეტერ ნადაში და გაო სინცზიანი საინტერესო პარალელს ქმნიან გიუნტერ გრასთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის დროს ,,გასვრას’’ სხვებს უკიჟინებდა, შემდეგ კი აღიარა, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში Waffen SS –თან თანამშრომლობდა. გრასის მოგონებებში ,,ხახვის გაფცქვნა’’ სწორედ მეხსიერების ამ მიძინებისუნარიანობაზეა საუბარი, რომელიც ადამიანს ფერის შეცვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ მისი წარსულიდან ლაქებს არ შლის. ამ ზაფხულს გერმანულ პრესაში ამ ამბის გაო სინცზიანისეული შეფასებები გამოქვეყნდა. ,,ნაკლებად მაინტერესებს რას აკეთებდა მაშინ გრასი, პიროვნება. ჩემთვის იმაზე მსჯელობა უფრო ღირებულია, როგორ შეცვალა სისტემამ ის და სხვა მისნაირი ადამიანები.’’ როგორც გაო წერს, ჩინეთში ყველა გასვრილი იყო, ყველა მონაწილეობდა, ადამიანები მგლებივით იქცეოდნენ. ,,მაგრამ ჩინეთში კულტურული რევოლუციის მიზეზებსა და წანამძღვრებზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ მისი განმეორების საფრთხე მუდამ იარსებებს.’’
    ნადაშის ესეები 1986-2000 წლებს შორისაა დაწერილი, და დროის კვალი ეტყობათ. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის არსებული ზღვარი, მაშინ სავსებით რეალური, გადაულახავი, როგორც ნადაში წერდა, სულაც არ აღმოჩნდა. მისი გაფრთხილება ლუსტრაციის კანონთან და მის თანამდევ ექსცესებთან დაკავშირებით კი დღესაც საყურადღებოა, რადგან ამ პროცესებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე და რეპუტაცია შეიწირა – რაც მთავარია, არცთუ სამართლიანად, როგორც, მაგალითად, პოლონეთში. აზრი არ დაუკარგავს დასავლური და აღმოსავლური აზროვნების განსხვავებულობაზე გაკეთებულ აქცენტებსაც, ხოლო ძველ და ახალ დემოკრატიებს შორის მიმდინარე უსიამოვნო ხახუნი უკანასკნელი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში უფრო მეტადაც კი გამძაფრდა.
    გაო სინცზიანი და პეტერ ნადაში საკუთარ ნაწერებში, მათ შორის ესეებში, პირადის, ლიტერატურულის და პოლიტიკურის რთულ ურთიერთქმედებას უტრიალებენ. ეჭვგარეშეა, რომ ნადაში ამ ფაქტორების ერთმანეთზე დამოკიდებულებას კარგად აცნობიერებს. ,,ლეგიტიმაციამინიჭებული ძალაუფლება პოლიტიკური ზნეობის მხოლოდ საწინდარი შეიძლება იყოს; ერთადერთი საამისო გარანტია პირადი პასუხისმგებლობაა. მაგრამ პირადი პასუხისმგებლობა დონეებს და ხარისხებს არ შეიცავს. მე თვითონ ვარ ამ პასუხისმგებლობის მქმნელი, მარტო მე შემიძლია მისი წარმოჩენა.’’

    ადამიანის შინაგან პროცესებზე კიდევ უფრო მეტად დაკვირვებული გაო ამ რთულ სამკუთხედს ოდნავ განსხვავებულად ხედავს. ,,ჩემთვის ლიტერატურული ქმნილება თვითგადარჩენის საშუალება, შეიძლება ითქვას, ცხოვრების ხერხია. რასაც ვწერ, ჩემთვის იწერება, არა სხვათა შესაქცევად. იმისთვის არ ვწერ, რომ სამყარო და ადამიანები შევცვალო, მე ხომ საკუთარი თავის შეცვლაც კი ვერ მომიხერხებია.’’ მაგრამ ლიტერატურა ინდივიდუალური ცნობიერების კარგი თავშესაფარია, და როცა საზოგადოებას მომაკვდინებელი ძალები ერევა, პოლიტიკური იდეოლოგია იქნება, სოციალური შეზღუდვები თუ გაუმაძღარი მომხმარებლობის სულისკვეთება, ლიტერატურას წინააღმდეგობის გაღვივება შეუძლია. “ჩემთვის ლიტერატურული ქმნილება პიროვნების მიერ საზოგადოების გამოწვევაა, არსებობის უფლების დამამკვიდრებელი ჟესტი”, რომელიც თავისთავად შეიძლება უმნიშვნელოც იყოს, მაგრამ – ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს, ორივე მწერალი იზიარებს – ზემოქმედების ძალას მას სწორედ ეს უმნიშვნელობა ანიჭებს.

    © The Hudson Review, 2008.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – გიორგი ლობჟანიძე


    თეონა დოლენჯაშვილი

    გიორგი ლობჟანიძე – პოეზიის თავშესაფარი პიროვნებად შემდგარი ადამიანების გულებშია.

    – გიორგი, ის ადამიანი ხარ, რომელიც ადრეულ ასაკში გაიცნო მკითხველმა თავისი ძალიან საინტერესო ლექსებით. ვუნდერკინდი ბავშვების ბედი, საერთოდ რთულია. შენ თავად როგორ შეაფასებდი იმ პერიოდს და შემდგომ შემოქმედებით ეტაპებს?
    – მართალი ხარ, ნაადრევად მოსული წარმატება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ბავშვისათვის, რომელიც რაღაც ნიჭით, ვთქვათ, ლიტერატურული უნარითაა დაჯილდოებული. მით უფრო, იმხანად, როცა ჩემი ლექსები დაიბეჭდა, ამ ყველაფერს ისეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა, იმდენი წერილი მივიღე საქათველოს სხვადასხვა კუთხიდან და დღევანდელ ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე “მაფანატებდა” უამრავი ჩემი თანატოლი, რომ კიდევ კარგი, ვითარებას სერიოზულად არ აღვიქვამდი, თორემ უსათუოდ ფიზიკურად დავიღუპებოდი. დღემდე ძალიან მადლობელი ვარ პაატა ნაცვლიშვილისა, ვინც დამინახა, გამომარჩია და მაშინდელ “ახალგაზრდა კომუნისტში” მთელი გვერდი ლექსებიც დამიბეჭდა. პაატა მაშინ მე თვითონ მოვძებნე, ჩემი თავიცა და ლექსებიც თავს თვითონ მოვახვიე და რაღაც ეტაპზე იმ პუბლიკაციების გამო ძალიანაც ბედნიერი ვიყავი. თუმცა, დღეს რომ ახლიდან ვიწყებდე ცხოვებას, იმავეს არავითარ შემთხვევაში აღარ ჩავიდენდი. 13 წლისა ლექსებს აღარაფრით აღარ დავბეჭდავდი, რადგან ამ პუბლიკაციის მერე რაც დაიწყო, იმის გაძლება დღესაც ძალიან გამიჭირდებოდა და მაშინ ხომ თითქმის მთელი ჩემი სულიერი ძალები ამ უაზრო ვითარებასთან გამკლავებას შეეწირა. ერთი მხრივ, როგორც გითხარით, მომდიოდა უამრავი წერილი. ამ წერილების უკან რეალური ადამიანები იდგნენ, თავიანთი გასაჭირითა და პრობლემებით: მწერდნენ ციხიდან, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, საბავშვო სახლებიდან, მთხოვდნენ რჩევას, ფიზიკურ თუ მორალურ თანადგომას. რახან ჩემი ასაკისათვის შეუფერებლად ჭკვიანურ ლექსებს ვწერდი, ყველამ რატომღაც ყოვლისშემძლედ წარმომიდგინა. მე კი ჩემი გამჭირვებოდა. შინაგანად ისედაც ძალიან დაუცველი ვიყავი და ამას ცოტა ხანში თან უდიდესი ტრაგედიაც დაერთო, რაც კი შეიძლება ცამეტი წლის ბიჭს დაემართოს: ერთი წლის განმავლობაში ჯერ მამა გარდამეცვალა და მერე დედა. დავრჩი მარტო და უცებ მივხვდი, რომ ამ სიმარტოვეში მხოლოდ პოეზია თუ გადამარჩენდა. ახლა ეგებ პათეტიკურად გეჩვენებათ, რასაც ვამბობ, მაგრამ მაშინ პათეტიკისთვის ნამდვილად არ მცხელოდა. თანაც პოეზიაში, მაშინ ყველაფერს ვგულისხმობდი, რაც კი სიფაქიზეს, შინაგან სინამდვილეს უკავშირდებოდა. იმხანად ჩემი ლიტერატურისადმი დამოკიდებულება ლამის სარწმუნოებრივ ფანატიზმს გაუტოლდა. ეს – ჩემში რაც ხდებოდა. გარედან კი უამრავი რამ მეჭრებოდა: სასკოლო და სარაიონო ღონისძიებები, რომლებზე ლექსით გამოსვლაც ხშირად მიხდებოდა. იმდენად მორიდებული ვიყავი, რომ უარს ვერავის ვეუბნებოდი და ამიტომ ძალიან ბევრ ასეთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. თუმცა, ალბათ, ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს ეტაპი ბავშვობაშივე გავიარე. იმიტომ, რომ დღეს უკვე საკუთარი თავისა და შემოქმედების ასეთი იაფფასიანი პრეზენტირების სურვილი ვეღარაფრით ამიყოლიებს. მე ვიცი, რა ფუყეა ხმამაღლა წაკითხული ლექსისათვის დაკრული ტაში, რა უცებ მოდის ასეთი წარმატება და სამაგიეროდ, რამდენი უნდა იშრომო ნამდვილად ფასეული წარმატებისათვის. ღმერთმა დამიფარა, რომ ბავშვობაში მოსულმა პოპულარობამ ხანძარივით არ გადამიარა და ჩემს ადგილას შავად გადღაბნილი ლაქა არ დატოვა.

    – მართლაც ასეთია ქართველი მკითხველი? თუ ეს მხოლოდ იმ წლებში იყო ასეთი აქტიური?. საერთოდ როგორია ის? უფრო კომპეტენტური… თუ ფეხის ხმას აყოლილი?
    – ძალიან გამიჭირდება ქართველ მკითხველზე ასე ზოგადად ლაპარაკი. ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. იმ წლებში ვფიქრობ, ხალხი უფრო სერიოზულად კითხულობდა და სააზროვნო სივრცეც უფრო არსებობდა. საერთოდ, ტოტალიტარული სისტემების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, როგორც ჩანს, წიგნის კითხვის მოთხოვნილება და სიყვარულია. მაშინ ლამის ერთადერთი სარკმელი, სულიერი ცხოვრებისაკენ გამოღებული, წიგნი და ლიტერატურა იყო. მეორე საკითხია: მაშინაც ბევრს შეეძლო თუ არა, დამოუკიდებლად გაეკეთებია დასკვნა წაკითხულის შესახებ. ამ გადასახედიდან რომ ვაფასებ, საქართველოში მუდმივად ასე ხდებოდა: ვიღაცას ამოიჩემებდნენ და ყველას ის ამოჩემებული პოეტი თუ მწერალი უყვარდა. მის გვერდით კი ძალზე ნიჭიერი და შეიძლება ასგზის უკეთესი მწერლები შეუმჩნევლები და დაუფასებელნი რჩებოდნენ. არსებითად, კაცმა არ იცის, იმ “შემჩნეულსაც” რაში სჭირდებოდა ასეთი დაფასება: საყოველთაო სიყვარული, რომელსაც ფესვი არცოდნაში, წამხედურობასა და სნობიზმში გაედგა. უბრალოდ, მაშინ საქმეს ის შველოდა, რომ შემფასებლები, ვის სიტყვასაც ხალხი ენდობოდა და ანგარიშს უწევდა, მართლაც გემოვნებიანნი და თავისი საქმის მცოდნე ლიტერატორები იყვნენ, რომელთაც მთელი მსოფლიოს სამწერლობო პროცესები ხელისგულზე ედოთ და, შესაბამისად, არც სიახლის შემჩნევა, გაანალიზება და სხვებისათვის ჩვენება უჭირდათ. მაგალითად, მაშინ ასეთი გზამკვლევები, მაღალი ლიტერატურული მოდის კანონმდებლები, ვთქვათ, აკაკი ბაქრაძე ანდა გურამ ასათიანი ბრძანდებოდნენ. შედარებით უმცროსი თაობიდანაც თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე. ეს ისე, მაგალითისათვის, უცებ ვინც გამახსენდა. ახლა კი მონასტერი აირია. ლიტერატრულ ანალიზს, ნაწარმოების ავ-კარგზე მსჯელობას, რაც ისედაც იშვიათად შეგხვდებოდათ, ბოლო ხანს თითქმის მთლიანად ჩაენაცვლა პიარი. და მკითხველიც, თვალსა და ხელს შუა მაყურებლად რომ გარდაიქმნა, იმ მწერალს იწონებს, ვისაც ტელევზორში უფრო ხშირად ხედავს და წიგნის წაკითხვა სულაც აღარ არის საჭირო, რაკიღა ტელევზორში ხედავს, ესე იგი, კარგი მწერალია…

    – პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე. როგორ ცხოვრობს ეს ორი ადამიანი ერთად და როგორ ახერხებ ამ ორი რთული საქმის შეთავსებას..
    – ძალიან ძნელია ამ ორი ადამიანის თანარსებობა და მათ შორის ისეთი სიღრმისეული კონფლიქტია, როგორიც შეიძლება მხოლოდ სიამის ტყუპებს შორის ჩამოვარდეს. თარგმნა თავიდან შემოქმედებითი კრიზისის პერიოდში დავიწყე, როცა საკუთარს ვეღარაფერს ვწერდი და ვიფიქრე, თარგმანი დამეხმარება, “ფორმიდან სულ რომ არ ამოვვარდე-მეთქი.” მერე ამ საქმემ ისე გამიტაცა, რომ რაღაც მომენტში სულერთი გახდა, ჩემს სათქმელს რა ფორმით ვიტყოდი: თარგმანის თუ ორიგინალური შემოქმედების მეშვეობით. ხშირად სათარგმნი მასალა და ავტორი, რომელსაც სამუშაოდ ვირჩევ, მხოლოდ საბაბია საკუთარი დამოკიდებულებებისა და ნააზრევის გადმოსაცემად. თუმცა არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს: ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩემეულს ვწერ და თარგმანად ვასაღებ. პირიქით, რასაც დღემდე სხვებთანაც ვერ ვეგუები, დედანთან არაპატიოსანი დამოკიდებულებაა. აქ ტრივიალურ შეცდომებს არ ვგულისხმობ, რაც ყველას ემართება. მე მძაგს ვითარება, როცა მთარგმნელი გატყუებს, რომ რასაც წერს, დედანში სიტყვა სიტყვით ამოიკითხა. და რაც მთავარია, ამ ტყუილს კანით ვგრძნობ. იმ ენებიდან, ვთქვათ, ჩინურიდან თარგმნილი ნაწერების შემთხვევაშიც კი, ორი ღერი სიტყვაც რომ არ მესმის. თარგმანი საერთოდ ადამიანის პატიოსნების ხარისხს საუკეთესოდ ააშკარავებს. მოგეხსენებათ, ისეთი ენებიდან ვთარგმნი, საქართველში კი არა, მსოფლიოშიც რომ ბევრმა არ იცის. შესაბამისად, შემეძლო ამ მართლაც დიდებული პოეტების განწყობილებები ხელაღებით გადმომეტანა და საკუთარ შემოქმედებით ძიებებად გამესაღებინა, მაგრამ ასეთი რამ ფიქრადაც კი არასდროს გამივლია. ეს ხომ იმაზე საშინელი ქურდობაა, ვიდრე რაღაც ნივთების მოპარვა. არადა, ჩემ ირგვლივ იმდენი მოკალმე დაემსგავსა საეჭვოდ უცხოელ პოეტებს, რომ ბევრი მათგანი თავისივე თარგმანის ნაბიჭვარი გეგონება.
    წინასწარ ვიცი, ბოლო წინადადება რა აურზაურსაც გამოიწვევს, ამიტომ შემეძლო დამეკონკრეტებია, ამ სიტყვებში რომელი პოეტი არ იგულისხმება, თუმცა არ ღირს. აქ არაიმდენად რომელიმე კონკრეტული ადრესატი, არამედ ზოგადი ტენდენციაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც ჩემი ძვირფსი კოლეგები მაინცდამაინც ნათქვამში საკუთარი თავის აღმოჩენას ნუ დაიწყებენ.
    ჩემთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე პირიქით მიმივიდა: ყველაფერი, რაც შემეძლო თვითონ დამეწერა, ქართლური ახირებით, ნებითა თუ შემოქმედებითი ბედისწერის ძალით, თარგმანებს მივეცი. ვერ აგიხსნით, რა გრძნობაა, როცა, ვთქვათ, რომელიმე იუზერი ზოგჯერ შენ მიერ თარგმნილ მასალას დაიმოწმებს და იქვე კეკლუცად დასძენს: “როგორც ფორუყი ამბობს”, ან: “რა კარგად თქვა ესა და ეს ხალილ ჯიბრანმაო”. ხოლო მთარგმნელის მითითება ავიწყდება კი არა და, უბრალოდ, აუცილებლადაც არ თვლის.
    ერთი სიტყვით, მგონი, ჩემი პასუხიდან ის მაინც არის ცხადი, რომ მთარგმნელსა და პოეტ გიორგი ლობჟანიძეებს თუ ლობჟანიძე გიორგიებს ერთმანეთთან ძალიან რთული, წინააღმდეგობრივი, ვნებიანი შეყვარებულებივით ეჭვიანი ურთიერთობები აკავშირებთ.

    – აღმოსავლეთი – პოეტისთვის მას ალბათ განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მახსოვს, ერთგან წერდი, რომ იქ საუბრის დროსაც საოცრად პოეტურები არიანო. ჩვენს საუკუნეში რამდენად ბუნებრივია ეს და კიდევ დიდხანს შეეძლება აღმოსავლეთს ამ ერთგვარი რომანტიზმის შენარჩუნება?..
    – აღმოსავლეთი ჩემთვის, სამწუხაროდ, დიდი ხანია გაძარცვულია იმ რომანტიზმისაგან, რაც შორიდან მაცქერალ ადამიანს იქ ეჩვენება და თავისკენ იზიდავს. თავის დროზე ამ პოეტურობამ, ყოფითმა მისტიციზმმა თუ ყოფის მისტიკურობამ თავის შიგნით ისე ჩამიკირა, როგორც მწერი ქარვის თვალმა.
    ირანში რომ ჩავედი, ჩემი ერთ-ერთი პირველი გაოცება ცის სიახლოვემ გამოიწვია. იქაურ უდაბნოში ცა საოცარი ფერისაა და საოცრად დაბლაა. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ მოინდომო, ხელითაც შესწვდები. ან კიდევ ერთი ნაბიჯი და მიწიერ ზღურბლს თავისუფლად გადააბიჯებ. აღმოსავლეთი სწორედ ამ ერთი ნაბიჯის კიდეზე ცახცახებს: ცახცახის აქეთ რეალურია, იქით – ირეალური. ეგვიპტეში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს კაიროდან შარმ ელ-შეიხში, გზად უდაბნოზე უნდა გაგვევლო. ავტობუსიდან უცებ შუაგულ უდაბნოში გამწვანებულ ბაღს ვკიდეთ თვალი. გაოცებისაგან ყველანი ფანჯრის მინებს ავეკარით, არაბი გამყოლი კი შორიდან გვაკვირდებოდა და იღიმოდა. ცოტა ხანში კი აგვიხსნა, რომ თურმე იქ არავითარი ბაღი არ ყოფილა და მირაჟი დაგვინახავს. მეცნიერულად როგორც არ უნდა აიხსნას ეს მოვლენა, ამის შემდეგ ვეღარავინ დამაჯერებს, რომ ის ქვეყანა არ არსებობს და სადღაც, ხელის გაწვდენაზე არ არის. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მხედველობა რამდენიმე განზომილების პროეცირებაზე გვაქვს მომართული.
    ეს რელიგიური ადამიანის განცდები იყო. მალე კი თანამედროვე კაცის ჩვეული სკეფსისი მომეძალა და გავიფიქრე: ვინ იცის, ეგებ ეს ქვეყანაც ისევე არ არსებობს, როგორც ის მირაჟი, ავტობუსიდან რომ დავინახეთ. არსებითად ხომ ამ ქვეყანასაც ზუსტად ასე ვხედავთ: წამიერად, თითქოს გაქანებული ავტობუსის ფანჯრიდან მოვკარით თვალი.

    – ვიმ ვენდერსმა თქვა კინო ევროპაში დაიბადა და ირანში განაგრძობს სიცოცხლესო (ამ შემთხვევაში ირანელ რეჟისორს და პოეტს აბას ქიაროსთამს გულისხმობდა) პოეზიის თავშესაფარიც უფრო იქით ხომ არ გეგულება?
    – ამ შეკითხვის პასუხიც ვგონებ, ზემოთქმულს ბუნებრივად გააგრძელებს. აღმოსავლური კინემატოგრაფის არნახული წარმატება სწორედ ხედვის, როგორც სამყაროს ფილოსოფიურ-პოეტური აღქმის თავისებურებებს უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც აღმოსავლეთმა დასავლური ტექნოკრატიული ცივილიზაციის პროდუქტი – კინოკამერა მარჯვედ გამოიყენა თავისი ბუნებრივი, ღვთით ბოძებული ნიჭის – ხედვის დასაფიქსირებლად. აღმოსავლურმა აზროვნებამ კინოკამერას იმედნად მინიმალური ფუნქცია მიანიჭა, რომ მისი არსებობა ზედმეტი და ზოგჯერ აუტანელიც კი გახადა. ამდენად, ჩემთვის იგივე აბას ქიაროსთამი უპირველსად პოეტია და მერე რეჟისორი. რაც შეეხება “პოეზიის თავშესაფარს”, მე ის კარგა ხანია მიწიერ განზომილებებში აღარ მეგულება, რადგან ერთი დიდი მოაზროვნის სიტყვებით რომ ვთქვათ, “დღეს აღარც დასავლეთია დასავლეთი და არც აღმოსავლეთი აღმოსავლეთი.” პოეზიის თავშესაფარი პიროვნებად შემდგარი ადამიანების გულებშია. ასეთები კი, სამწუხაროდ, უკვე მაშრიყშიც და მაღრიბშიც ძალიან ცოტანი არიან.

    – ყურანი – მისი თარგმნის გადაწყვეტილება უკვე გმირობა იყო. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რამდენად რთული იყო მუშაობის პროცესი და რა მოგიტანა ამ წიგნმა წარმატებასთან ერთად.
    – თარგმნის გადაწყვეტილება არ ვიცი, რამდენად გმირული იყო, რადგან პრაქტიკულად, ეს ყველაფერი თავიდან ჩემთვის, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წამოვიწყე. აი, გამოქვეყნებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში კი მართლაც შემიძლია მივიღო თქვენი კომპლიმენტი.
    თარგმანის გადაწყვეტილება, სპონტანურად, შეიძლება ითქვას, გაუცნობიერებლადაც კი მივიღე. მესამე კურსზე ქალბატონი თინა მარგველაშვილი გვიკითხვდა სპეცკურსს “ყურანის არაბული” და იმედნად მივიხიბლე მუსლიმთა საღვთო წიგნის სტილური და მხატვრული თავისებურებებით, რომ თამაშ-თამაშით მისი ქართულად თარგმნა წამოვიწყე. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ბავშვური გატაცება ჩემი ცხოვრების უმთავრესი საქმე გახდებოდა და ამდენ წელიწადს მიმიჯაჭვავდა.
    მუშაობის პროცესი ურთულესიც იყო და ძალიან დაძაბულიც. სირთულეს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ განაპირობებდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე რთული მაინც სტილური ადეკვატის მოძებნა გახლდათ, იმ მხატვრული საშუალებების მოძიება, რამაც ქართული თარგმანის სტილისტიკა განსაზღვრა.
    სულიერ პლანში ყურანის თარგმანის დასრულება მართლაც იყო ძალიან დიდი წარმატება, რომელმაც უდიდესი სიხარული და შვება მომიტანა, მაგრამ თავს იმდენად დიდი შური, ბოღმა და ისეთი აგრესიული ფორმით გამჟღავნებული ბოროტებაც დამატეხა, რომ თვით უახლოესი ადამიანებიც კი სულ სხვანაირად წარმომიჩინა და დამანახვა. დაიწყეს ათასგვარი მითქმა-მოთქმა, თარგმანის მერკანტილური და იდეოლოგიური მოტივების ძიება, ტექსტში კირკიტი და იქ შეცდომების, ანდა უნებლიე გადაცდენების აღმოჩენა. მადლობა ღმერთს, იმის ძალა რომ მომცა, ამ ყველაფრისთვის მშვიდად და აუმღვრევლად შემეხედა.
    მეშურნეთათვის ერთი პასუხი მაქვს: ჰა, ბურთი და ჰა მოედანი, მიბრძანდნენ და თუ ჩემი თარგმანი არ მოსწონთ, უკეთესი თვითონ გააკეთონ! ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ არც თარგმნისას და არც ურთიერთობისას არაფერი შეეშლება, წიწილები მოგვიანებით, “შემოდგომაზე” დაითვალოს.
    ყოველ შემთხვევაში ერთი რამით მაინც მინდა დავამშვიდო ჩემი გაავებული მოშურნენი: მერწმუნეთ, ყურანის თარგმნას მატერიალური თვალსაზრისით არაფერი მოაქვს. ისევ საცოდავ ქოხში ვცხოვრობ, ჭერიდან წვიმა ჩამოგვდის და შინ სამუშაო კუთხეც არ გამაჩნია.

    – შენი აზრით, როგორია თანამედროვე ლიტერატურული პროცესები? რა ხდება? ან ხდება კი რამე საერთოდ?
    – ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროცესები მიდის ჩვენში და მათი შედეგები ხვალ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. საერთოდ, მეჩვენება, რომ ქართული ლიტერატურა განახლების თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. გამოჩნდა ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მწერალი, გამოიკვეთა უამრავი ღირებული პოზიცია. ხვალ კიდევ უფრო საინტერესო ვითარება გველის, რადგან უცხო ენებთან და კულტურებთან სიღრმისეულმა ზიარებამ ჩვენს თანამედროვე მწერლებს საკუთარი შემოქმედებისა და მსოფლიო ლიტერატურული პროდუქციის შედარების საშუალება უნდა მისცეს და ეს უეჭველად საბოლოო შედეგზეც დადებითად აისახება. ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ და პერსპექტივასაც შეიძლება ასე ამიტომაც ვხედავ. არსებობს სხვა აზრიც. ზოგს რომ ჰკითხო, თანამედროვე ქართული ლიტერატურა დეგრადაციისაკენ წავიდა. ახალი არაფერია და რაც იწერება, იმას ძველი ანუ წინა საუკუნის 70-იანი წლებში დაწერლი გაცილებით სჯობია. მაშინ უამრავი კარგი მწერალი ქმნიდა მაღალ ფასეულობას. ყველა მათგანს თავისი განუმეორებელი სტილი და თხრობის ორიგინალური მანერა ჰქონდა, დღეს კი ჰა და ჰა, ერთი აკა მორჩილაძეა და ისიც წინა თაობის კოლეგების წარმატებებს დიდად ჩამორჩება.
    ასეთ აზრზე მდგარმა ადამიანმა, თავს დავდებ, არათუ ღრმად არ იცის დღევანდელი მწერლობა, არამედ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში საერთოდ ვერ ერკვევა. ჯერ ერთი, ის წინა თაობის მწერლები, ვიზეც ასე ხელაღებით ოპერირებენ, უმრავლეს შემთხვევაში დღესაც აქტიურად შრომობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა მწერლებშიც შემიძლია რამდენიმე ისეთის უცებ დასახელება, რომელთა ასაკშიც წინა თაობის მწერლების ნამუშევარი მათ მოთხრობებთან შედარებით ძალზე უფერულად გამოჩნდება. სწორად გამიგეთ, ამით თაობებს კი არ ვაპირისპირებ; უბრალოდ, შეუძლებელია,Lღვინოზე და მაჭარზე ერთნაირად იმსჯელო. გარდა ამისა, რაც სამსჯელოა, იმაზე ხმას არავინ ამოიღებს. მაგალითად, შარშან ნაირა გელაშვილის ორი ერთმანეთზე უკეთესი რომანი გამოვიდა. მათ შორის ერთ-ერთი წიგნი – “პირველი ორი წრე და ყველა სხვა” – საქართველოს უკანასკნელი პერიოდის ისტორიას თავისებურად აჯამებს. სხვა ქვეყნებში ეს მკითხველისა და სალიტერატურო კრიტიკის ცხოველ ინტერესს გამოიწვევდა. აქ კი, ერთი-ორი ადამიანის გარდა, ხმაც არავის ამოუღია.

    – საგამომცემლო პრობლემებზე რას იტყვი? რატომ არის ასე რთული პოეზიის გამოცემა? თუკი ეს საქმე ასეთი კომერციულად წამგებიანია, გამოდის რომ პოეზიის მკითხველი დღეს საერთოდ აღარ გვყავს?
    – დავიწყოთ იქიდან, რომ ნამდვილი პოეზიის მკითხველი ყოველთვის და ყველგან, მათ შორის საქართველოშც, ძალიან ცოტა იყო. გარითმული სადღეგრძელოები, რაც ჩვენს ქვეყანაში იწერებოდა და ფასდებოდა, ძირითადად, უბნის, ქალაქისა და სოფლის კოლორიტებს ქეიფისა და სუფრისათვის ლაზათის მისაცემად სჭირდებოდათ, რომ დედმამიშვილების, მშობლების, ნაცნობ-მეგობრებისა და განსაკუთრებით, სამშობლოს სადღეგრძელოები ლექსად დაელიათ. ამიტომ, პოეზიის მკითხველი პრაქტიკულად, დიდი ანგარიშით ჩვენს ქვეყანაში არც არასდროს ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ალბათ ახლაც სამასი კაცი თუ მოიძებნება, ვისაც ლექსის მიმართ პროფესიული თუ ადამიანური ცნობისწადილი ამოძრავებს. ამიტომ, ცხადია, რომ პოეზიის გამოცემა წამგებიანი იქნება. სამას კაცზე ბიზნესს ვერ გაითვლი და ააწყობ. დღევანდელი გამომცემლები კი საქმესა და მოვლენებს სირაჯხანის დახლში მდგარი მიკიტნებივით აფასებენ. მაგალითად, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში ელა გოჩაიშვილის მსგავსი პოეტი, საერთოდ თუა, ძალიან ცოტაა. ორი წელია, ლექსების ერთი მომცრო კრებულის გამოცემა უნდა, რომელსაც მე პირადად დავატარებ გამომცემლობიდან გამომცემლობაში და ყველა, მათ შორის “მეგობარი გამომცემლებიც” თავაზიან უარს მეუბნებიან.. თავაზიანსაც იმიტომ, რომ მეგობრები არიან, თორემ სხვა შემთხვევაში ჭიტლაყითაც გამომისტუმრებდნენ.
    ამ ცოტა ხნის წინათ ჩემი ლექსების გამოცემა მოვინდომე და ერთ-ერთ მოდურ გამომცემლობას მივაკითხე. გამომცემლობის ხელმძღვანელ ქალბატონს ტუჩის აბზუებაზე ეტყობოდა, რომ ჩემი სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნებოდა და ერთი სული ჰქონდა, თავიდან მოვეშორებინე. მითხრა: ჩვენთან პოეზიის ავკარგს კომისია აფასებს და მხოლოდ ამ კომისიის ვიზირების შემდეგ ვიღებთ ლექსების დაბეჭდვის გადაწყვეტილებას, მაგრამ თუნდაც თქვენი ლექსების საკითხი დადებითად გადაწყდეს, ორი წლის საგამომცემლო ლიმიტი წინასწარა გვაქვს შევსებული და კაი დიდი ხნით დაცდა მოგვიწევსო. ხომ იყო ღირსი, მეთქვა, გავკარი შენს კომისიას-მეთქი, მაგრამ იქვე უბრალოდ საკონტროლო კითხვა შევაგებე, თარგმანებს თუ ბეჭდავთ-მეთქი. თვალები წარმტაცად ამიფახურა და შეკითხვაზე შეკითხვით მომიგო: და რა ენიდან თარგმნით? ასეთ შემთხვევებში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება მშველის ხოლმე და გამომცემელს ზრდილობიანად დავემშვიდობე.

    – წინა შეკითხვით ნაწილობრივ ამ შეკითხვასაც გაეცი პასუხი. მაგრამ მინდა ერთი სატელევიზიო გადაცემა გავიხსენო, სადაც დაისვა ასეთი კითხვა, თუ რატომ არსებობს სოციალური სტატუსი გამომცემელი და არ არსებობს სოციალური სტატუსი მწერალი? საერთოდ როგორ შეაფასებ არსებულ ვითარებას, და ჩვენს, ანუ შენი და შენი კოლეგების საზოგადოებრივ და შემოქმედებით გარემოს.
    – იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში არც გამომცემლისა და მითუმეტეს, არც მწერლის შრომას არავინ აფასებს, არც სტატუსი გამომცემელი არსებობს და მითუმეტეს, არც სტატუსი მწერალი. თუ მაინცდამაინც, შეიძლება არსებობდეს სტატუსი ბაკურ სულაკაური და სტატუსი ქეთევან კიღურაძე, მაგრამ მათი მაგალითით ზოგადად გამომცემლის მდგომარეობაზე ვერ ვილაპარაკებთ.
    მწერლებს ხომ საერთოდ სათვალავშიც არავინ აგდებს და კაცმა რომ თქვას, ღირსებიც არიან…

    – ვიცი, რომ აბას ქიაროსთამის პოეტური კრებულის “ქარის მხარდამხარ”
    თარგმანზე მუშაობდი? როდის გამოვა ეს წიგნი? კიდევ რას უნდა ველოდოთ გიორგი ლობჟანიძისგან.

    – ქიაროსთამის წიგნი გამოვიდა, მაგრამ ისეთი ტრავმირებული ვარ ამ გამოცემის გამო, რომ წიგნისაკენ გახედვაც არ მინდა და ვაპირებ ვუჩივლო გამომცემელს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენა. ჯერ დეტალებზე არ ვილაპარაკებ. უბრალოდ მინდა: ყველა გამომცემლისათვის მაგალითი იყოს ის, რასაც ქიაროსთამის წიგნის გამო დავატრიალებ. რათა მომავალში ვეღარავინ ვეღარ გაბედოს ასე უდიერად მოეპყრას მწერლისა და მთარგმნელის შრომას იმიტომ, რომ არსებობს საავტორო უფლებები და ყველა ვალდებულია, დაიცვას და პატივი სცეს ამ უფლებებს.
    რაც შეეხება შემოქმედებით სიახლეეებს. ცოტა ხნის წინათ დავამთავრე XIII საუკუნის დიდი სპარსელი პეოტის საადი შირაზელის გენიალური “გოლესტანის” პირველი სრული ქართული ტარგმანი, რომლის გამოცემაც, ჩემი სხვა მნიშვნელოვანი წიგნების მსგავსად ისევ ევროპულმა ფონდმა “ჰორიზონტმა” დააფინანსა და წლის ბოლომდე დასტამბავს “კავკასიური სახლი”.

    © “Weekend”

  • პროზა

    მამუკა ლეკიაშვილი – თეთრი პერანგი

    ნუგზარ შატაიძის ხსოვნას

    თეთრი პერანგი მოვიცვი რამდენიმე დღის წინ, როცა მივდიოდი მეგობართან ერთად მის მეგობართან. პერანგს ერთი ღილი აქვს ჯიბეზე აწყვეტილი. იქ რაც ხდებოდა, იმას ფართის ეძახის მასპინძელი. დაგვხვდა მისულების ლორწოვანი გროვა, უკვე მთვრალი. თითქოს ცოტა გააჩმახეს ჩემს დანახვაზე. ერთმა მათგანმა, ქალმა, მოგვიანებით გადაწყვიტა შური ეძია ჩემზე იმ დასასრულისთვის, რომელიც მოვარგე ჩვენს საერთო ნაცოდვილარს წლების წინ. მომიჯდა ახლოს იატაკზე და საუბარში ასე მითხრა: შენ ბებერი ხარ და ავადმყოფი.
    თეთრი პერანგი ეცვა ერთხელ, ან ერთადერთხელ რიჟიკას. ვეძახდით რიჟიკას ყველანი, რადგან ქერა იყო, ან წითური, აღარ მახსოვს; ვეძახდით ორმოცზე მეტი წლის წინ ჩვენს ეზოში. ასე ეძახდა ყველა, თორემ თემურა ერქვა, ანუ თითქმის თემური, ან თემო. ყველაზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა, ყველაზე ღარიბულ სახლში, ერთ იმათგანში, რომლებსაც ბარაკებს ვეძახდით. მამამისი, მგონი, ლოთი იყო და ნამდვილად სცემდა ხოლმე. რიჟიკას ეშინოდა მისი. მამამ ერთხელ ჩაქუჩით სცემა. სახლიდან აღარ გამოდიოდა, რცხვენოდა. მართლა მახსოვს, თუ მეჩვენება, რომ მახსოვს ჩაქუჩით ნაცემი ჩაშავებული სახე, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, ვიღაცის ნათქვამი მითხრეს.
    შვიდი, რვა, ან ცხრა წლის ვიქნებოდით, ხუთი, ექვსი ბიჭი ვიყავით იმ ეზოში, ვინც ვმეგობრობდით. ერთხელ რიჟიკამ შემოგვთავაზა – წამოდით, მუშტაედში, ქალების უბორნიაში, ქვემოდან ვიცი, როგორ შევძვრეთ და ქალები ვნახოთ ქვემოდანო. არ გავყევით.
    ერთხელ რიჟიკამ მთელი კოლოფი პურგენი დალია, მაგრამ არაფერი მოუვიდა. მაშინაც ჩემი სადარბაზოს კიბეებზე ვისხედით.
    ერთხელ რიჟიკამ ეზოში ახალშობილი კნუტები იპოვა თუ მოიყვანა საიდანღაც. იქ ვიღაც უფროსები იყვნენ და რიჟიკას აქეზებდნენ. რიჟიკას გრძელი მავთული ჰქონდა და იმ მავთულზე ააცვა კნუტები. უკნიდან უყრიდა, ვიდრე პირიდან არ გამოუვიდოდა მავთული კნუტს და შემდეგ მეორეს უყრიდა ასევე. კნუტებს თვალები არ ჰქონდათ ახელილი. სამი თუ ოთხი კნუტი იყო, არ მახსოვს ზუსტად. ყველა ააცვა და გაუშვა. გაუშვა ნიშნავს, რომ კნუტები ცოცხლები იყვნენ, რაღაც ხმებსაც გამოსცემდნენ და თათებით ცდილობდნენ გაქცევას, მავთულზე მიცოცავდნენ. ვიღაც უფროსები იცინოდნენ. მე გაქვავებული ვიხედებოდი ამაში, რაც ხდებოდა. გაქვავება, ალბათ, მაშინ დამჩემდა.
    ერთხელ, ერთ-ერთი ეზოელის დაბადების დღე იყო. მისმა მშობლებმა ყველანი დაგვპატიჟეს. სხვებთან ერთად რიჟიკაც. მაგიდის გარშემო ვისხედით და ვსადილობდით. რიჟიკა ჩემ გვერდით იჯდა. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ძალიან მორცხვობდა, ალბათ, პირველად იყო სტუმრად, ასეთ კარგ სახლში მაინც. დანა-ჩანგლის ხმარება, მგონი, ძალიან უჭირდა. ვეხმარებოდი. ხანდახან ახლაც, როცა სტუმრად ვარ, ვითომ არ მეხერხება დანა-ჩანგლის ხმარება, ვითომ ამით რიჟიკას ვამხნევებ.
    რიჟიკას თეთრი პერანგი ეცვა, შეიძლება პირველად და უკანასკნელად თავის ცხოვრებაში, სკოლის გარეთ მაინც. იმ დროს სკოლაში ყველას თეთრი პერანგი უნდა სცმოდა. დედამისს ძალიან უნდოდა, მისი შვილი სხვებზე ნაკლები არ ყოფილიყო, ამიტომ ჩააცვა თეთრი პერანგი, ისიც, შეიძლება, ნათხოვარი. ჩვენ შორის მაგიდასთან მარტო რიჟიკას ეცვა სკოლის თეთრი პერანგი. რიჟიკას ეშინოდა, თეთრი პერანგი არ დაესვარა. ამისთვის, ალბათ, ცემით მოკლავდნენ.
    რიჟიკა ახალგაზრდა მოკვდა, ციხეში. სკოლა მგონი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა ქუჩაში უყურადღებოდ დატოვებული წყლის ცისტერნა-მანქანა გაიტაცა და სადღაც იქვე, დიდუბის ქუჩაზე, ქალი გაიტანა, ორი შვილის დედა. რიჟიკა ციხეში მოკვდაო, მითხრეს.
    ერთხელ მე, რიჟიკა და მისი უმცროსი ძმა ეზოდან ქუჩაში ვიყავით გასული. იქ, ტროტუარზე, დიდი ლოდი იდო მგონი. მე და რიჟიკა ვჭიდაობდით. მე მოვერიე. დაბალი იყო და სუსტი. მისი თავი იღლიაში ამოვიდე და მთელი ძალით მოვუჭირე კისერზე მკლავი. მალე მან მოძრაობა შეწყვიტა და ხმასაც აღარ იღებდა. ხელი გავუშვი და ის ძირს დაეცა. არ ინძრეოდა და ხმას არ იღებდა. მისი ძმა ატირდა. მე ვიფიქრე, რომ რიჟიკა მოვკალი და, ალბათ, შემეშინდა, რადგან სახლში ავირბინე. ისინი იქ დავტოვე, ლოდთან.
    რიჟიკას იმ დაბადების დღეზე თეთრი პერანგი ეცვა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში პერანგს მაშინაც პერანგს ეძახდნენ, თორემ საერთოდ, ხალხში, საროჩკა ერქვა.
    სადილის შემდეგ მარწყვი მოგვიტანეს. ისიც, ვისი დაბადების დღეც იყო მაშინ, ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ღარიბები არ იყვნენ, კარგი ეზო ჰქონდათ და მათ სახლს ბარაკს არავინ ეძახდა. რიჟიკას მარწყი პირდაპირ თეთრ პერანგზე ჩამოუვარდა კოვზიდან და წითლად დაუსვარა მარცხნივ საყელოსთან, წვენი პერანგზე ჩამოეწუწა. რიჟიკა გაშრა და გაწითლდა, უხმოდ ატირდა, ალბათ, სირცხვილისგან და შიშისგან.
    კარგა ხანს ვეყარეთ იატაკზე, მაგრამ არ დაგვილევია, თუმცა არც ფხიზლებს ვგავდით. ბოლოს, სხვებზე ადრე, სამნი წამოვედით იქიდან – მე, ჩემი მეგობარი და მასპინძლის ძმა, რომელსაც უცნაურად ვარდისფერი შარვალი ეცვა, ალბათ, ერთადერთს მთელ ქალაქში. მე ისე წამოვედი, როგორც წამოხვალ საპარიკმახეროდან, სადაც პარიკმახერებმა დაგცინეს ზურგსუკან.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – კარლსონის მამალივით

    რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს ჟურნალში მხატვრული ტექსტების ბეჭდვის პოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი. უკვე ერთი წელია ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ამ ფორმამ, ანუ ახალი მოთხრობებისა და ახალი ლექსების ბეჭდვამ, გარკვეულწილად თავისი თავი ამოწურა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჟურნალმა უარი უნდა თქვას ახალი მხატვრული ტექსტების ბეჭდვაზე, უბრალოდ მგონია, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა ამ გაგანია კრიზისში?
    2008 წლის ბოლოს, როცა აქ, ამ ადგილას, გასულ ლიტერატურულ წელს ვაჯამებდი, ვთქვი: “2008 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამოცემისთვისაც, შეიძლება ითქვას, “ლიტერატურა – ცხელმა შოკოლადმა” ამ წელს აიდგა ფეხი და იმედია მომავალ 2009 წელს უკვე ხარის ძალებს მოიკრებს.” სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, დაახლოებით 1 თვეში ჩვენ იძულებულნი გავხდით ჟურნალი 48-დან (“ლიტერატურის” მოცულობა ხანდახან 64-საც კი აღწევდა) 32-მდე შეგვემცირებინა, იკლო ჰონორარებმა, ენთუზიაზმმაც. იმავე შემაჯამებელ წერილში ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებოდი მკითხველს, რომ 2009-ში ჩვენი ჟურნალი მეტ თემატურ ნომერს მოამზადებდა, მეტი იქნებოდა უახლესი ლიტერატურის თარგმანები, შევეცდებოდით დაგვემკვიდრებინა ხარისხიანი ლიტერატურული ჟურნალისტიკა და შეგვექმნა ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკისთვის. იმაზეც კი ვოცნებობდი, რომ სწორედ ლიტერატურული კრიტიკა მისცემდა მაგალითს ყველა დანარჩენ კრიტიკას, ვაპირებდით მრგვალი მაგიდების მოწვევას, სპეციალური კითხვარების შედგენას.
    ვაპირებდით… რადგან ყველა ეს იდეა მსოფლიო კრიზისის ქართულმა განშტოებამ შეიწირა. ჩვენს ჟურნალს კომპანია “ჯიპისის” სახით ძალიან ერთგული სპონსორი ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მათი მხარში დგომა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ, 2009 წელი კი “ცხელი შოკოლადი – ლიტერატურის” ფერისცვალების წლად ქცეულიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, მცირე შანსი ნამდვილად არსებობს და ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ავტორების იმედიცა გვაქვს, ვინც შედარებით მცირე ჰონორარის საფასურად მოამზადებს მწერლებთან ინტერვიუს, მიმოხილვებს, დაწერს კრიტიკულ სტატიებს, რეცენზიებს, უპასუხებს კითხვარებს.
    თანამედროვე ტიპის ლიტერატურული პერიოდიკა სწორედ ამას გულისხმობს, მეტ ანალიზს, ინტრიგას, პირად გამოცდილებას, ინფორმაციას. დღეს უკვე ძალიან მომრავლდა ლიტერატურული პორტალები თუ ბლოგები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ ყურადღებასა და დახმარებას, მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თითოეული რჩევა თუ კრიტიკული შენიშვნა, ზოგი რამ კი მათგანაც შეიძლება ვისწავლოთ. გარდა ამისა, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ თარგმნის ხარისხს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში, თანაც გაითვალისწინეთ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტი თარგმნილი წიგნი გამოდის, ვიდრე ორიგინალური ლიტერატურა, რაც გვავალებს კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიყოთ ამ გამოცემების მიმართ.
    არ ვიცი, როგორ გამოვა ეს ამბავი, რა განახორციელებს ამ ჩანაფიქრებს… თუმცა ვიმეორებ, ჩვენი ერთგული და მომავალი ავტორების იმედს მაინც დავიტოვებ და სულ ბოლოს ჩემს იმეილსაც დავაგდებ, კარლსონის მამალივით.

    kharbedia@yahoo.com

    სტატია დაწერილია 2009 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    პროვინციალიზმი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში

    წაკითხვამდე ნახეთ ეს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=3YVvqtj3saA

    პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სტატია არც რეცენზიაა გარკვეული ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ, რადგან მე არ ვთვლი, რომ ნაწარმოები რომლსაც ქვემოთ ვახსენებ რამენაირად შეიძლება ლიტერატურად მოინათლოს. მეორე რასაც მინდა მკაცრად გავემიჯნო – მორალისტური შეხედულებებია ლიტერატურის შესახებ და არც ამ მხრივ მსურს ქვემოთ ნახსენებ პატივცემულ გვამებს შევუტიო. მესამეც, არც ის მინდა, რომ წიგნის ავტორმა და მისმა გუშემატკივრებმა ისე იფიქრონ, რომ მე “ამორალურ” ავტორს ვუპირისპირდები და მსურს, რომ ქართული პოსტმოდერნი თავისი ჯერ არც ძალუმი ფესვებიანით ამოვგლიჯო და კუდიგორის გზას გავუყენო (სად შემიძლია?). არამც და არამც ჩემო ჩემო მეგობრებო, როგორ ამოვგლიჯო ის რაც ჯერ არც გახარებულა? ან როგორ მივიჩნიო ვირი არაბულ ტაიჭად?
    ამ სტატიაში ერთ მშვენიერ ფენომენს მინდა შევეხო , რომელსაც ზოგნი გოიმობას უწოდებენ, ჩემთვის კი ეს პროვინციალიზმი უფროა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ გეტყვით ჩემი გულის ნადებს:
    ცოტა ხნის წინ, ჟურნალ “ტაბულაში” საინტერესო რეცენზია შემხვდა ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულზე “საიდუმლო სირობა”. სტატიის ავტორი ამბობდა, რომ ეს თამამი ახალგაზრდა ახალი ქართული ლიტერატურის ამომავალი ვარსკვლავია და რომ მისი ეპატაჟური სტილი შოკს გვრის ქართულ საზოგადოებას. მოკლედ რომ ვთქვათ ერელკე დეისაძე ქართველ მიშელ უელბეკად შერაცხეს და ისიც დაგვიდასტურეს რომ, მის სკანდალურ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. არაფერსაც არ დავწერდი, რომ არა ერთი გარემოება – მე ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი (ბროშურა რომელიც ალბათ დაახლოებით ოც ნაბეჭდ კომპიუტერულ გვერდს არ აღემატება) წაკითხული მაქვს და მეტსაც გეტყვით მქონდა პატივი პირადადაც კი შევხვედროდი ამამომავალ ვარსკვლავს.
    პრეზენტაცია წიგნის მაღაზია-კაფე “ლიგამუსში” გაიმართა, ერეკლე ეპატაჟური სიმშვიდით ელოდა საღამოს დაწყებას, ამომავალი ვარსკვლავის ამფსონებს კი ასევე ეპატაჟური, მაგრამ არა სიმშვიდე, არამედ ეიფორია განფენოდათ სახეეებზე. რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყო ხალხი, ვიფიქრე ერეკლე დეისაძეს ისეთ ბომბი აქვს ჩვენთვის მომზადებული, რომ პრეზენტაციის შემდეგ განრისხებული ზეცა დაგვეცემა თავზე და აგვღგავს პირისაგან მიწისა მეთქი.
    ერთი რამ მენიშნა, ერთი ანერვიულებული გოგო ხალხში ტრიალება და დრამატული ხმით ამბობდა, რომ ის რედაქტორი იყო და რომ მას სკამიც კი არ ჰქონდა ( ამაში იყო რაღაც სიმბოლისტური – ფრანგულ-პოეტური. როცა მალარმე გენიოსი იყო და პურის ფული არ ჰქონდა… რედაქტორს ბედის ირონიით სკამი არ ჰქონდა… ხანდახან როგორ მწარედ რბის დღეთა კამათელი……..) ბოლოს და ბოლოს გვეღირსა და დაიწყო ის ნანინანატრი წუთები, ოდეს ჩვენ უნდა ვზიარებოდით ერელკეს პროზას. მაგრამ სანამ ერეკლე პროზავდა (პროზვა- პროზაული ნაწარმოების საჯაროდ კითხვა იხ. სულხან-საბა ორბელიანი “სიტყვის კონა”), შესავალი სიტყვა პოეტმა პაატა შამუგიამ წაიკითხა, მან გვითხრა, რომ იგი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ მაინც მოვიდა, რომ ის ძალიან ცუდად იყო და რომ მას შაკიკი სტანჯავდა და ა.შ. და ა.შ. მოკლედ პაატა შამუგიამ ბოლო ბოლო გაათავა თავის სევდა- ჯანმრთელობანარევი მონოლოგი და ერეკლემაც პროზა. და რაჟამს ერელკემ განახვნა ბაგენი თვისნი, დარბაზი სმენად იქცა. ეკომ (როგორც მას მეგობრები და ჟურნალისტები იხსენიებენ და არამც და არამც უმბერტომ) დინჯად დაიწყო თავისი მოთხრობების კითხვა. თემატიკა მრავალფეროვანი იყო: გენიტალიები, ინცესტი, ონანისტური ეპიზოდები ოჯახური ცხოვრებიდან, სექსუალური ფანტაზიები ოჯახის წევრების შესახებ, პატრიოტთა ბანაკები, ჰომოსექსუალური კავშირები რეზერვისტებს შორის საქართველოს ჰიმნის ფონზე, ავტობუსში ჭყლეტვისგან გამოწვეული უნებლიე ერექციები, აფხაზეთი, მასობრივი მკვლელობები, მოკლედ რა გინდა სულო და გულო. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც მისტიური ტრიალებდა ჩემს თავს. სულგანაბული დარბაზი კი გენიტალიების ყოველ ხსენებაზე დიონისურ სიცილში იძირებოდა. საკმარისი იყო ამომავალ ვარსკვლავს წარმოეთქვა სიტყვა “პენისი” და დამსწრე საზოგადოება მთვრალი ბახუსივით მორთავდა ხარხარს. და რადგან ასეთი სიტყვები ბევრი იყო, მსმენელი მთელი საღამოს განმავლობაში იუმორის თბილ ტალღებში ჭყუმპალაობდა. ავტორი სტოიკური მოთმინებით იტანდა სიცილს და სანუკვარი სიჩუმის ჩამოვარდნისთანავე გვაბრუნებდა მარადიული ლიტერატურის ოკეანეში. შიგადაშიგ გამომცემელი ბაკურ სულაკაური დარბაზს თხოვნით მომართავდა, რომ არავინ არ შემდრკალიყო “ამომავალის” გენიის წინაშე და თამამად დაესვათ კითხვები. კითხვები უმეტესად კომიკური ხასიათისა იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მცდელობა მაინც გამოიძებნა საიმისოდ, რომ უკეთ ჩავწდომოდით ეკოს ტალანტს. მაგალითად იყო შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის ლიტერატურა, რაზეც გვიპასუხა, რომ ლიტერატურა და საერთოდ წერა ონანიზმი ყოფილა (ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გითხრათ, რომ ამ ფრაზის შემდეგ ცოტა შემეშინდა და მეყსეულად გადავიფიქრე ავტორისთვის ავტოგრაფის გამორთმევა).
    ბოლოს და ბოლოს დრომ თავისი გაიტანა და წიგნის პეზენტაციაც დამთვრდა. უცაბედად ვიფიქრე, რომ დამთავრება და რაღაც საშინელების დასაწყისი ერთი იქნებოდა, ვიფიქრე, რომ თუ ზეცა არ დაგვეცემოდა თავზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მაინც დაგვარბევდა, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. ასეთი წვრილმანების გამო ზეცა ხომ არავის ეცემა თავზე. (ნურვინ დამძრახავთ, თუკი მიხვდებით, რომ ეს პასაჟი ზეცისა და წვრილმანების შესახებ ჯოზეფ კონრადის რომან “წყვდიადის გულიდან” მაქვს მოპარული). რადგან საღამოს ჩემეულ, უკიდურესად სუბიექტურ აღწერას მოვრჩი, მინდა რამდენიმე სიტყვით “ამომავალის” მწერლურ ტალანტსაც შევასხა ხოტბა. უნდა აღინიშნოს, რომ დეისაძის მოთხრობები ცოტა არ იყოს გაუგებარი რამაა ჩემი მოკლე ჭკუისთვის. სტილის თვალსაზრისით ისინი უფრო ლექსებისა და ოთხმოცდაათიანი წლების ქართული პორნოლიტერატურის ნაზავს უფრო გავს ვიდრე მოთხრობებს. გარდა ამისა სიუჟეტური თვალსაზრისით ისინი ძალიან ბანალურია და დაახლოებით მსგავსი ფრაზებით მთვარდება: “ჩვენ ერთად გავათავეთ” ან “მერე ერთმანეთს მოვუწუწნეთ”. ენობრივი თვალსაზრისითაც დიდი ვერაფერი ხვითოა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორი გვარწმუნებს, რომ ბიჭობაში ქურდობაზე აცხადებდა პრეტენზიას, აშკარაა რომ ის და ქართული ჟარგონი ისე არიან ერთმანეთთან როგორც ვირი და თევზი. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე ქართველი კაი ბიჭი თავის “სიამაყეს” პენისად მოიხსენიებდეს, მომავალზე ხომ არაფერს ვამბობ. რა არამად ჩაუვლია ეკოს თავზე ქუჩის აკადემიას….
    “ამომავალს” სხვათაშორის ტროპმეტყველებას უქებენ და ამაშიც დიდად ვერაფრით დაიკვეხნის, თავად წიგნის სათაურიც ხომ ტროპია, მაგრამ რათ გინდა? სახარებისეულ სიუჟეტთან საერთო არაფერი აქვს და არც მოთხრობების კრებულის შინაარსობრივ მხარეს აღწერს. რა საჭიროა შიშველი ტროპი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს? მითუმეტეს ისეთ კრებულში რომელსაც რელიგიურ-სოციალურ-პოლიტიკური კრიტიკის პრეტენზია აქვს და სურს, რომ საზოგადოების გამოსაფხიზლებლად მის წყლულებს დააყაროს მარილი.
    “ამომავალს” და მის გუშემატკივრებს პრეზენტაციაზე აშკარად ეტყობოდათ, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქმე ბოლო წლების ქართული ლიტერატურის უდიდეს ნოვაციასთან ჰქონდათ, მაგრამ აქაც მსურს იმედი გაგიცრუოთ. პორნოგრაფია თუ გსურთ იხილოთ გადახედეთ ქართულ პორნოგრაფიულ პრესას გაზეთები “ძინ-ძინის” და მისთანანის თამადობით. თუ ეპატაჟი გაინტერესებთ, თანაც ოჯახის წევრების თემაზე, ზაზა ბურჭულაძეს მიმართეთ. თუ მასობრივი მკვლეოლობები გხიბლავთ ნიკუშა ანთაძის “ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები” გადაიკითხეთ. სრულებითაც არ არის საჭირო შრომატევადი კვლევა იმის მისახვედრად, რომ “საიდუმლო სირობა” ნოვაციაა არაა, ამისთვის უბრალოდ მეხსიერების ოდნავი დაძაბვაც კი კმარა.
    სტატიის ბოლოს, სტატიის დასაწყისს მინდა დავუბრუნდე, სადაც პროვინციალიზმზმე ვსაუბრობდი. აკი ვთქვი ჩემი მიზანი რეცენზიის დაწერა არ არის მეთქი. ჩემთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ ერეკლე დეისაძემ “საიდუმლო სირობა” დაწერა, არამედ ის, რომ ქართულ “მოწინავე” საზოგადოებას იმის შნოც კი არ აქვს, რომ მწერალი და „ლუზერი” ერთმანეთისგან განასხვავოს. ამის დასტურად კი კაფე “ლიგამუსში” პენისის ხსენებაზე ამტყდარი ხორხოცი კმარა. მხოლოდ იმიტომ, რომ უცენზურო სიტყვებს ხმარობ მწერალი ვერ გახდები, ვერც საზოგადოებისთვის მტკივნეული თემების უნიჭო გაბაიბურებით გახდები მწერალი. მწერლობა პირველ რიგში ენის ფლობას მოითხოვს. კარგად მესმის რომ აწმყო ისეთ პირობებს სთავაზობს გამომცემლებს, რომ ისინი იძულებულნი არიან “საიდუმლო სირობის” მსგავს წიგნებზე დადონ ფსონი და არა კლასიკაზე. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თუ გამომცემელს სურს მომავალში საქართველოში ლიტერატურული პროცესი განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა ისეთი წიგნების გადმოქართულება უნდა დააფინანსონ, რომლებიც მსოფლიო კლასიკაა (ბოლო წლებში კი სამწუხაროდ ამის მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს თუ გავიხსენებ). ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება მართლაც თავისუფალი და კარგი მწერლობის გაჩენა საქართველოში. თუნდაც იმ დონეზე მაინც მივალთ, რომ პენისის ხსენება და იუმორი ერთმანეთის სინონიმები არ იქნება. ძალიან მწყდება გული, რომ ქართველი გამომცემლების უმეტესობა სრულებითაც არ ზრუნავს იმაზე, რომ გემოვნებიანი მკითხველი ჰყავდეს.
    ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, რომელიც ალბათ ერთერთი ყველაზე მსხვილია საქართველოში, როგორც ჩანს მხოლოდ კომერციული პრინციპებით ხელმძღვანელობს, კომერცია კი აბა რა მწერლების საქმეა?

    P.S.
    იმისთვის რომ ძალიან არაობიექტური არ მოგეჩვენოთ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში აწ უკვე დაბეჭდილი “საიდუმლო სირობის” წიგნის ყდის უკანა მხარეს მიწერილ ანოტაციას გთავაზობთ, თუ დაგაინტერესებთ გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები:
    “ერეკლე დეისაძის სადებიუტო კრებული, “საიდუმლო სირობა”, ახალგაზრდული პროტესტის კლასიკური მაგალითია. ახალგაზრდა ავტორი დაუფარავად აშიშვლებს ჩვენი საზოგადოების ტაბუდადებულ თემებს და საკუთარი პოზიციის ხაზგასასმელად სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ სატირას მიმართავს. ამ სამმაგი სატირის, დაუფარავი ამბოხისა და არაპოლიტკორექტულობის მიზანია, მკითხველს კრიტიკული თვალით დაანახოს არსებული ესთეტიკური და მორალური შეხედულებები. ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება – თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტროპებით, ეპატაჟით გაჯერებული “საიდუმლო სირობა” ნამდვილ პოსტმოდერნისტულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს.”

  • ახალი წიგნები,  რეცენზია

    გიგი თევზაძე – უცნობი წიგნები

    ლევან ღამბაშიძე

    როგორც წესი, რეცენზიის მიხედვით უნდა მიხვდეთ რა წერია წიგნში. მან უნდა მოგანდომოს წიგნის წაკითხვა, მოგცეს მიმართულება. რა თქმა უნდა რეცენზიის ავტორი ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც აღიარებულია საზოგადოების მიერ, რომლის აზრსაც ხალხი, და შენც, როგორც ერთ ერთი ხალხთაგანი, პატივს სცემს.
    29 ივნისს გამართულ გიგი თევზაძის ახალი წიგნის (წიგნების) – „უცნობი წიგნები“-ს პრეზენტაციაზე, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში გაიმართა, სიტყვით სამი რეცენზეტი გამოვიდა: გიგა ზედანია,ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე.

    გიგა ზედანია: მისი გამოსვლაამ სიტყვებით დაიწყო: „მე ყველა წიგნი წაკითხული მაქვს . . . . გიგის ყველა წიგნი“. საინტერესო ამ პაუზაში დამსწრე საზოგადოების რეაქცია იყო: აბსოლუტურად არავითარი რეაქცია. არავის გაღიმებია ან გაკვირვებია. გიგას მეორე ნაწილი რომ არ დაეყოლებინა წინადადებას ჭეშმარიტების კოეფიციენტი იგივე ექნებოდა. შემდეგ იყო პარალელები ბორხესთან, შმორხესთან, დბორხესთან და ყველა იმ წიგნის ავტორთან, რომელიც მას წაკითხული ჰქონდა, ვინაიდან გიგის წიგნში აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ოცამდე რომანია შესული და შესაბამისად ძალიან ბევრ პარალელსაც იტანს. მაგრამ თუ წიგნი ამას იტანს ადამიანზე ეს ცუდად მოქმედებს: ცოტა ხანში გიგა უკვე სადღაც სივრცეში იმზირებოდა. მის თვალებში კი მხოლოდ ერთი უცხოური სიტყვა იკითხებოდა: ERROR!

    ლაშა ბუღაძე: ლაშას გამოსვლა უფრო მოკლედ შეიძლება ავღწეროთ. მან პირდაპირ გვითხრა, რომ „ეს წიგნი არის მხოლოდ მწერლებისთვის“. პრეზენტაცია უმალ დატოვა ორმა პოეტმა. გამწარებული ბრბო კი, რომელსაც წიგნი უკვე შეძენილი ჰქონდა, სკანდირებდა: დაგვიბრუნეთ ფული! ბაკურ სულაკაურს მხოლოდ ისღა დარჩენოდა გამოეტანა აბრა, რომელიც ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციისთვის ჰქონდა დამზადებული: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება.

    ზაზა ბურჭულაძე: ძალიან საინტერესო ამბავი მოგვითხრო მან: ერთხელ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მივედიო. ხოდა, რედაქტორი ოთხიდან საქმეზე რომ გავიდა არ ვიცოდიო რა გამეკეთებინაო. ამ დროს მაგიდაზე რაღაც ნაშრომი შევნიშნეო. საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს, რასაც ვკითხულობ ყველაფერს ვუკეთებ რედაქტირებასო. ხოდა რო დავიწყე ამ ტექსტის რედაქტირება პასტას ვერ მგლიჯავდნენ ხელიდანო. ჩემი თუ არ გჯერათ აგერ არის რედაქტორი და მაგას ჰკითხეთო. ძალიან მეამაყება,რომ ასეთი წიგნის გამოშვებაში მეც მაქვს წვლილი შეტანილიო. მერე შეჩერდა, იფიქრა ზედმეტი ხომ არ მომივიდაო, და დააყოლა, პრინციპში ბევრი არც იყო სარედაქტირო, უფრო კორექტურა გავუკეთეო.

    ამ პრეზენტაციის რეცენზიის შემდეგ, გიგი თევზაძის წიგნის შეძენა თუ არ მოგინდათ, პრეზენტაციებზე სიარულის სურვილი მაინც უნდა გაგიჩნდეთ. სახალისო მონოლოგების და დიალოგების გარდა არ დაგავიწყდეთ, რომ იქ ხშირად საჭმელიც მოიპოვება და შეიძლება ავტორის და წიგნის ორეულებსაც გადაეყაროთ, როგორც ეს 29 ივლისის “უცნობი წიგნების” პრეზენტაციაზე მოხდა.

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – ჩვენი დროის მდინარე

    დღევანდელ ნომერში ორი ტექსტია ისეთი, რომელიც მდინარეს ეხება: ერთი უშუალოდ მდინარეზე მოგვითხრობს, მეორე წერილის მთავარმა გმირმა კი მდინარის სახელი აიღო ფსევდონიმად. პირველი ტექსტი გაბრიელ გარსია მარკესისაა: “ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს…”, მეორეში თამარ კოტრიკაძე გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოეტ ქალზე, ქრისტინე ლავანტზე წერს. დღეს მეც გადავწყვიტე მდინარეზე დამეწერა, იმ მდინარეზე, რომლის ნაპირასაც მთელი განვლილი ცხოვრება, ანუ 34 წელი გავატარე და რომლის მომავალიც ძალიან მაღელვებს.
    მდინარე ვერეს ვგულისხმობ, იგი ათწლეულების მანძილზე ნაგვის ალყაში იყო მოქცეული. დღესაც ასეა. ბოლო 30-35 წელი ვერე ჩემს თვალწინ მიედინება, მიედინება და მიაქვს ამ უიმედო ხეობის ნაგავი და მასთან ერთად, დარდებიც.
    XX საუკუნის მეორე ნახევარში ხეობა ძალიან დამახინჯდა, თუმცა ბოლო წლებმა ყველაზე მძიმე კვალი დატოვა ხეობაზე. ზოგან სახლის ასაშენებლად მოასწორეს მდინარის სანაპირო გავაკებები, ზოგან ახლომახლო აშენებული კორპუსებიდან მორჩენილი ნაგავი მიმოაბნიეს, ზოგმა ესტაკადას გავიყვანთო ვერეს ხეობაშიო… მოკლედ, ხან რითი ემუქრებიან ჩვენს მდინარეს, ხან რითი.
    დღეს ვერეს ბედით აღარავინაა დაინტერესებული, აღარავის ახსოვს იგი. მას არც ტელეარხებზე ახსენებენ და ვერც გაზეთებში ამოიკითხავთ რამე ჭკვიანურს ვერეს გადარჩენის შესახებ. არადა მდინარეს მართლა ესაჭიროება შველა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაცოცხლებისთვის ბრძოლას, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკის პირობებში, წარმოუდგენელი ენერგია დასჭირდება.
    მარკესი თავისი ცხოვრების მდინარეს უწოდებს მაგდალენას. მაგდალენა დიდი მდინარეა, მარკესიც დიდი მწერალია. მართალია ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ ზოგიერთებისთვის ისიც “ცხოვრების მდინარეა”. მაგალითად ჩემთვის, ან ჩემი რამდენიმე უბნელისთვის, რომლებსაც ხრამულიც დაგვიჭერია ვერეში, ალუჩა და გარგარიც მოგვიპარავს მის ხეობაში გაშენებულ ბაღებში და კურდღლებსა და ტყის ქათმებსაც გადავწყდომივართ (კუები და ზღარბები ვაკე-საბურთალოს გზაზეც ბლომად დასეირნობენ). ღამის სიჩუმეში, ნაწვიმარზე, მისი გუგუნისთვისაც გვისმენია და სიცხით დამშრალი მდინარის პირზეც გაგვივლია.
    მე ვაკის პარკთან ვცხოვრობ, არადა ჩვენამდე მდინარე ბევრ სხვა ადგილსაც გამოივლის, პირველ რიგში სოფლებს: შამთას, დრეს, ღვევს, ჩაუვლის ბეთანიის მონასტერს, ჩამოიტოვებს ახალდაბასა და წყნეთს და თბილისში შემოდის, ბაგების კანიონებში გამოიკლაკნება და უკვე კარგა გვარიანად დაბინძურებული ჩვენს კორპუსსაც ჩაუვლის. სადღაც ატენის ქუჩასთან, დოლიძის მხრიდან, ლამის თავად მდინარისხელა კანალიზაციის ნაკადი შეერთვის და მერე ერთი სული აქვს როდის ჩაცლის მთელს ამ სიბინძურეს მტკვარში.
    საიდან უნდა დავიწყოთ? ამ ეტაპზე ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მდინარე ვერეს ისტორია დავწეროთ, მოვაგროვოთ საარქივო ფოტო და ტექსტური მასალა, მოვაწყოთ ექსპედიციები, რომელიც დეტალურად შეისწავლის მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სხვათა შორის, ამ თემაზე კარგა ხანია უკვე მიდის საუბარი გლობალურ ქსელში. თუ არ დაიზარებთ და Google-ში “მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბს” აკრიფავთ, ადვილად გვიპოვით. მანამდე კი ნუ დაგვავიწყდება, რომ მდინარე მხოლოდ ცუდი ფიქრებისა და სიზმრების გასატანებლად არ მოედინება, არამედ იმისთვის, რომ შეგვახსენოს დროის არსებობა და ადამიანთა პასუხისმგებლობა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ამასწინათ მტკვარზე: “ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს ისტორიულ დროში, ურბანულ გარემოში, სოციუმში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ჯერ მტკვრის დასუფთავებას მიაღწიო, მერე თუნდაც იგივე ხელოვნური პლიაჟი მოაწყო და შეზლონგზე წამოწვე”-ო. ვერაფერს იტყვი, მართალია ეს კაცი, მაგრამ მდინარე ვერეს გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დისკომფორტის პირობებშიც შეიძლება. მაგდალენასავით არც ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხის დარგვა სჭირდება ჩემს მშობლიურ ხეობას და არც რამე უზარმაზარი თანხები, სჭირდება მხოლოდ ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ქომაგი.
    მარკესს უწერია დღევანდელ წერილში: “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, იგი რეალურია”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“