-
-
XX საუკუნის ფრანგული პოეზია
გიიომ აპოლინერი
ციკლიდან «ალკოჰოლი»
მირაბოს ხიდი
მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
და ეს სიყვარული
და მე მახსენდება განვლილი დღენი
დიდი ტკივილი და მერე სიხარული
დე დადგეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
ჩვენ ერთმანეთთან შერწყმული იქვე
მაშინ როდესაც
ჩვენი მკლავებით გადებულ ხიდქვეშ
დაღლილი ტალღა მოთქმად მოექცა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
მიდის სიყვარული როგორც ეს მდინარე
და ჰორიზონტთან გაკრთება აფრა
ცხოვრება ნელია ზანტი და მცონარე
მხოლოდ იმედია მძაფრი
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ
არ წყდება დღეთა და კვირათა დენა
და არ დაბრუნდება
არც ეს სიყვარული სიმწრით დაღდასმული
არც დრო გარდასული
მირაბოს ხიდისქვეშ მიცურავს სენა
ჩამოწვეს ღამე და დაბნელდეს ისე
დღეები ქრებიან მე ვრჩები ისევ* * *
მაშინ მოვწყვიტე ზამთარას ყლორტი
მკვდარ შემოდგომას გულზე ეწყო თეთრი ლოდები
ვიცი ამ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით
დროის სურნელი გამხმარი ტოტი
და გაიხსენე რომ გელოდები* * *
და საბოლოოდ მეგობრებმაც ამითვალწუნეს
ვიდრე პეშვებით ვსვამდი ვარსკვლავებს
ვიდრე მეძინა
ანგელოზებმა დაუნდობლად გაანადგურეს
ჩვილი ბატკნები და მწყემსები და მწუხარებით სავსე ბაკები
ცრუ ცენტურიონს ვენახიდან მიჰქონდა ვაზი
ნაცემ-ნაგვემი მათხოვრები უვლიდნენ დავლურს
მიმალულიყვნენ ცისკრის ვარსკვლავნი
და მთვარის შუქზე იფრქვეოდა აირის ცეცხლი
ენთო სანთლები და სცვიოდათ დაჭმუჭნულ კაბებს
სახელდახელოდ მიკემსილი საყელოები
ნიღაბაკრული მშობიარენი
ზეიმობდნენ მკვდრეთით აღდგომას
ქალაქი იყო
ქვეყნიერებას მოწყვეტილი არქიპელაგი
სადაც სიყვარულს თხოულობდნენ ქალები უქმად
მდინარე მახსოვს ბნელზე ბნელი და მახსოვს ისიც
რომ მოფარფატე ჩრდილებიც კი
არ იყვნენ მაშინ არც წარმტაცნი არც მიმზიდველნი* * *
გთხოვთ მომიტევოთ გულმავიწყობა
მაპატიოთ რომ აღარ ვიცი მიგნება სიტყვის
რომ არაფერი აღარ მესმის და მიყვარს მხოლოდ
ცეცხლის ენებად მოვლენილი ეს ყვავილები
ვარ ღვთაებრივი მჭვრეტელი და მივესალმები
ყველაფერს იმას რაც მე თვითონ არ შემიქმნია
მაგრამ თუ დადგა ისეთი დრო როდესაც უცებ
უცნაური სახის ჩრდილები
ჩამოწვებიან დედამიწაზე
და ჩემს სიყვარულს მრავალნაირს ახდიან ფარდას
მაშინ უეცრად დაინახავთ უცხო ქმნილებებს
მე რომ შევქმენი ჭვრეტასა და მარტოობაში* * *
აღარ ვიცოდებ საკუთარ თავსაც
ვეღარც სიჩუმის მწუხარებას გაგიზიარებთ
ყველა ის სიტყვა რაც უნდა მეთქვა
იქცა ვარსკვლავად
ჩემი თვალების უპეებიდან თვით იკარუსი ლამობს აფრენას
და ნისლთა შუა გულით მზეთა მატარებელი
თვითონვე ვიწვი
ისიც არ ვიცი როგორ დავკარგე
ღვთისმოსავ კაცთა გონიერება
ოდესღაც მკვდრები დგებოდნენ მკვდრეთით
მხოლოდ იმისთვის რომ აქ ჩემთვის თაყვანი ეცათ
ველოდებოდი ქვეყნის აღსასრულს
მაგრამ მის ნაცვლად
მოვიდა ჩემი დასასრული ქარიშხლის სტვენით* * *
ერთხელ გავბედე უკან გახედვა
და დავინახე გარდაცვლილი დღეები ჩემი
დღეთა გვამები
ჩემი ცხოვრების მოკლე გზას რომ დაღი დაასვეს
და რომელთაც დღემდე მივტირი
ზოგი იხრწნება იტალიურ ეკლესიაში
ზოგი ლიმონის ხეების ტყეში
რომელიც ყვავის მუდამ და ყველგან
მახსოვს დღეები რომლებიც ძრწოლვით
ელოდნენ სიკვდილს და ქვითინებდნენ
ღვინის სარდაფში
სად ცეცხლოვანი ყვავილები ითელებოდნენ
შავკანიანი ქალის თვალწინ
რომელიც თხზავდა პოეზიას
და ელექტრობის თეთრი ვარდები დღესაც ყვავიან
მოგონებათა მყუდრო ბაღნარში* * *
ბოლოს და ბოლოს ეს სიცრუეც აღარ მაშინებს
ვუყურებ მთვარეს კვერცხივით რომ იწვის ტაფაზე
და წყლის წვეთების ფაქიზ საყელოს
ამ დამხრჩვალ ქალს რომ სამკაულად გამოადგება
ვნების ყვავილთა თაიგული
ჩუმად მთავაზობს ეკალთა გვირგვინს
ქუჩებს ატყვია შარშანდელი წვიმის სისველე
და მუყაითი ანგელოზები
მთელი ამ წმინდა კვირის მანძილზე
გულმოდგინედ მუშაობენ ჩემთვის ჩემ სახლში
თეთრი მთვარე და მწუხარება ქრებიან ერთად
მეც მთელი კვირა ვხეტიალობ სიმღერ სიმღერით
და ერთი ქალი
თავისი სახლის ფანჯრებიდან თვალს არ მაშორებს
მიყურებს დიდხანს
როგორ ვშორდები სიმღერ-სიმღერით* * *
გზაჯვარედინთან დავინახე როგორ ცეკვავდნენ
გულმოღეღილი მეზღვაურები
მე მზეს ვუბოძე ყველაფერი
ამ ჩრდილის გარდა
ჩემი სხეულის ჩრდილის გარდანახევრად მკვდარი ანგელოზები
თავს აფარებდნენ დანისლულ სივრცეს
ანემონებით მოკაზმულნი ჩადგნენ ქარებიც
მოვედ ქალწულო მესამე თვის წმინდა ნიშანოსნეული შემოდგომა
ო შემოდგომავ სნეულო და სათაყვანებო
შენ კვდები მაშინ
როს ქარიშხალი დაუბერავს ვარდების ბაღში
და როცა ხეხილს თოვლი დაფარავსმე მებრალები შემოდგომავ რადგანაც კვდები
გამჭვირვალე სითეთრესა და სიმდიდრეში
თოვლი ამძიმებს მწიფე ნაყოფს და ცის ლაჟვარდში
დაფრინავს ქორი და დაჰყურებს იმ ქონდრისკაცებს
ვისაც არასდროს და არავინ არ ყვარებიათიქ შორეული ტყის პირას კი ბღავის ირემი
ო შემოდგომავ როგორ მიყვარს ეს ხმაურები
ჩამოვარდნილი ნაყოფის ხმა
სამუდამოდ რომ მიწაში რჩება
მტირალი ქარი და ტყე მტირალი
და ყველა ცრემლი შემოდგომისა
ასე ფაქიზად ფოთოლ ფოთოლ შემორჩენილიფოთლები
ქარდაქარი
მატარებელი
სწრაფმავალი
ცხოვრება
წარმავალიმარი
თქვენ ცეკვავდით პატარა გოგო
და იცეკვებთ დიდი დედა
როდის დაბრუნდებით ნეტავ
ჩამოკრავს ყველა ზარი
როს დაბრუნდებით მარიირგვლივ ნიღბები მდუმარე
შორით მუსიკა მწუხარე
ის ალბათ მოდის ციდან
მე თქვენ მიყვარდეთ მინდა
ოღონდ მიყვარდეთ ცოტათი
მაბრუებს ხიბლი ცოდვათაცხვარს მირეკავენ მთის იქით
მატყლი ვერცხლისფრად ანთია
გული სულ ბორგავს ისე კი
გული ვნებათა ხლართია
და აქეთ იქით მთის იქით
ჯარისკაცები დადიანსად წავლენ შენი თმები
ზღვის ტალღასავით ხვეული
სად წავლენ შენი თმები
შენი ხელები ეული
ვით შემოდგომის ფოთლები
ჩემს აღსარებას ელიანმე მივყვებოდი სენას
შენზე ვფიქრობდი მხოლოდ
დარდის უწყვეტი დენა
და ასეთია სენაც
მიდის და არა აქვს ბოლო
კვირა გავიდეს ოღონდკლოტილდა
ბაღში ყვავიან ანემონები
სადღაც მთის იქით ისევ თოვლია
და ვგრძნობ სიყვარულს ვით ემონება
გულგრილობა და მელანქოლიამოდიან ჩვენსკენ ჩვენი ჩრდილები
პირქუში ღამე უღიმით ავად
ელის რომ მალე მზე დაიღლება
და ამ ჩრდილების თანხლებით წავადა წყლის ღმერთები კამკამა დილით
ჩამოიშლიან ოქროსფერ თმას
შენ ისე გხიბლავს ეს ნაზი ჩრდილი
წადი დაედევნე გაჰყევი მასრაინისპირი
მიჭირავს ჭიქა გავსებული მთრთოლვარე ღვინით
ვუსმენ სიმღერას რაინიდან მენავის ნათქვამს
შვიდ მწვანეთმიან ლამაზ ქალზე სიგიჟის ჟინით
როგორ იწეწდნენ ტერფებამდე ჩამოშლილ ნაწნავსიცეკვეთ თვითონ და იმღერეთ ისე ხმამაღლა
რომ აღარ მომწვდეს მდინარიდან ხმა შორეული
მე მომენატრა ამ გრძელთმიან ქალთა დანახვა
და მათი როკვა გადარეულიო ეს რაინი ეს რაინი მთვრალია ღვინით
და წყლის სარკეში იღიმება ვაზი სიამით
ისმის სიმღერა კარზე მომდგარ სიკვდილის ჟინით
ო ფერიები ჯადოქარნი მწვანეთმიანნიდა ჩემი ჭიქა ტყდება უცებ როგორც სიცილი
ციკლიდან «მელანქოლიური მეთვალყურე»
და რატომ ფეთქავ შენ გულო ჩემო
ვით ნაღვლიანი მეთვალყურე
მე თვალს ვადევნებ ღამეს და სიკვდილს* * *
ოOგულო ჩემო მწუხარება სიამით სავსე
ვიგრძენი მაშინ როცა დამტოვა
მან ვინც მიყვარდა ტრფიალისგან დაცლილი თასი
შემომრჩა ხელში და ტკივილმა დამიმარტოვაარვინ გაუწყა ჩემი დარდი ქალო ეულო
მე კი ვარ მაგრად მაგრამ გულო შენ მეცოდები
შენ სიკვდილამდე სევდიანო გაოცებულო
მე რომ აგკიდე უდრტვინველად ჩემი ცოდვებიმეფე ვარ მაგრამ დავალ ქვეყნად მშიერმწყურვალი
ჩემი სიზმრები მიმალულან თუ ისვენებენ
ანდა ელიან ამ ხეტიალს როდის მოვრჩებიდა თრთოლვით ვუსმენ ვით ჩამძახის ქარი მწუხარედ
ამაღლდი თავად იარე და გზას გიჩვენებენ
ნაძვის ტოტებზე გამობმული თითთა ჩონჩხები* * *
და ახლაც მესმის უცნაური ის მინამღერი
რომელშიც სევდა ირონია და ნუგეშია
თუ სხვა გულს ეძებს შენი გული ნაიარევი
ის სხვისი გული იცოდე რომ უკვე შენშია
მაგრამ მე მაინც მუდმივად ვდარდობ
რომ ვარ სტუმარი ამ ქვეყნისა და დავალ მარტო
და ამიტომაც მინდა მოვხვდე უცხო ქალაქში
რომელშიც თურმე მუდამ ღამეა
მე ეს ამბავი წავიკითხე ძველ ფოლიანტში
და თუ სიცოცხლე მხოლოდ წამია
მინდა გავცილდე აქაურობას
და გადავსახლდე იმ მუდმივი ღამის ქალაქში
ვიქცე არწივად და ვიფრინო უმზეო ცაში
და ჩემს გარშემო იყოს მხოლოდ როგორც საფარი
ღამის წყვდიადი და შავბნელ ცაზე
სნეული მთვარე მიუსაფარი
იქნებ ეს არის ჩემი მიგნება
ანდა სიზმარი
ამიტომ ვწვალობ და არ ვიცი ხვალ რა იქნება
ის კი ვიცი რომ
ქვეყნად დიადიც და უღირსიც იქნება მუდამ
და თვით სიკვდილიც მოკვდება მუდამ
ამიტომ არ ღირს იმაზე ფიქრი
ხვალ რა მოხდება
ჯობს გავიხაროთ ამ საღამოს სიგრილით ვიდრე
დიდი ოცნება წინ გველოდება
მე მქონდა ერთი ცოცხალი გული
და ის მინდოდა თქვენთვის მომეძღვნა
მაგრამ ღვთისმშობლის ტაძრებმა და კათედრალებმა
წინ დამახვედრეს ვერცხლისა და ოქროს გულები
შიშით ვუმზერდი მათ უცხო იერს
ვუმზერდი ერთხანს
და თან რატომღაც ძალიან შემრცხვა
და გადავმალე ჩემი გული
გული რომელიც მტანჯავდა ძლიერ
ჩემი მფეთქავი
სისხლიანი
ცოდვილი გული
მოვძებნე მხარე გადაკარგული
იქ ღრმად მიწაში ჩავამასამარე
და მივატოვე ღამის ამარა
თან ჩავაყოლე ჩემი დარდები
და თქვენ კი გელით
რომ მოხვიდეთ და დააყაროთ ორივე ხელით
ზამბახები და ოლეანდრები* * *
და ვერასოდეს დაამარცხებს გარიჟრაჟხ ბინდი
მოდით გავოცდეთ საღამოებით მაგრამ ვიცოცხლოთ სისხამი დილით მოდით დავცინოთ მარადისობას ვით ქვას ან ოქროს
და დავიბანოთ ეს ხელები გიჟმაჟი ტალღით
ვიდრე დაშრება ქვეყანაზე სულ ბოლო წყაროელეგია
ცა და ჩიტები ჩამომსხდარან ორ კვიპაროსზე
რომელთაც ქარი შლეგიანი ვით საყვარელი
იხუტებს გულში რომ გააძროს მწვანე სამოსი
რაინისპირა სახლი იყო დიდი ნათელიფართო ფანჯრებით და სახურავით
სადაც დროდადრო ფლიუგერი ქარს უყვიროდა
ქარი კი წყნარად პასუხობდა რა გჭირს მითხარი
და მიკიოტი ავად კიოდადა ჩვენ ორნი კი ბედისაგან დაუცველები
ჩავჩერებოდით წარწერას ქვაზე
რომ აქ ოდესღაც და რატომღაც მოხდა მკვლელობა
შენ ირხეოდი ნებივრად ასე– აი აქ წელსა ექვსას ოცდაათს
მოკლეს გოთფრიდი
ბრულის შეგირდი
საცოლე ყავდა ჩუმი მომთმენი
რეკვიემ დონა ეი დომინე –და ჩავიდოდა მზე წუხილით და დანანებით
და სიყვარული სისხლისაგან დაიცლებოდა
ღამე ამკობდა შემოდგომის ცას ვარსკვლავებით
და აქ ჩვენს ფერხთით ჩუმად კვდებოდათვალგახელილი წინ მიქროდა მატარებელი
და ქარის ქროლვას ქროლვით ებრძოდა
კვდებოდა ღამე უბით ცოდვის მატარებელი
და ასე ჩვენი სიყვარული სიკვდილს ერწყმოდალექსები ივონასადმი
ლექსი-წერილი
ჩემი თვალები საბრალონი აღვსილან თქვენით
როგორც ეს ტბორი მთვარის ნათელით
გავედრებთ ჩემს თავს სიყვარულის უსიტყვო ენით
და თქვენს სახელზე ღია ცის ქვეშ იწვის სანთელილექსი – წერილი
ეს აკრძალული ხილი
სამოთხე დაკარგული
ლარნაკი სადაც დილით
კვდებოდა ვარდის გული
კვდებოდა სიხარულით
ზამთრის ქათქათა ვარდი
ფურცლებს მიწაზე ყრიდა
ვიღაცას კლავდა დარდი
რაღაც ცვიოდა ციდან
რაღაცა თოვლის მსგავსი
მარადი სევდით სავსე
მე თქვენ გაღმერთებთ იცით
ქალწულო ზოდიაქოსი
მიიღეთ ჩემი ფიცი
და განწირულის პათოსი
ჩემი გრძნობები მიმქრალი
ჩაყუჩდნენ როგორც ზღვა
რადგან ვგიჟდები იმ ქალზე
რომელსაც უყვარს სხვა
და…
თავზე დაგადგეთ ნათელი
ქარში მიჭირავს სანთელიზამთრის ლექსები
ზამთრის რიჟრაჟი
ეს თვალციმციმა ნორჩი რიჟრაჟი
ჩუმად ოცნებობს ოქროსფერ მზეზე
შორით რომ ჩნდება გაცრეცილი როგორც მირაჟი
და მკვდარ ზეცაზე სამკვიდროს ეძებს
მწუხრის სიცივით გათანგული ეს განთიადი
თრთის და კანკალებს და ვერ ჩერდება
იცის რომ დგება გათენების წუთი დიადი
და ამიტომაც შეუმჩნევლად ვარდისფერდება
მზე კი ო მზე კი ცივი მიმქრალი
რადგან სხივები და სიმხურვალე
მოსტაცეს ზამთრის ფერიებმა დაუფიქრებლად
მზე ძალას იკრებს და თანდათან ამოდის ფრთხილად
და მხიარული გარიჟრაჟი
ლაღი გიჟმაჟი
კვდება ქვითინით და დგება დილა
და დგება დილა გაოცებულ ზეცის წიაღში
ცისა რომელიც სირცხვილით იწვის
რომ არის დედა მზის მკვდრადშობილის* * *
თვალწინ დამიდგა ბავშვობა
წყალი ჭიქაში მძინარე
ცრემლის კამკამა მდინარე
თვალწინ დამიდგა ბავშვობავიგონებ ფერისცვალებას
და ამ ფიქრამდე მივედი
ტანჯვას წინ უსწრებს იმედი
ვიგონებ ფერისცვალებასჩამოკრა ზარი განგებამ
ქარი ჩასახლდა ყანაში
უიმედობის თარეშში დასრულდა ყველა თამაში
ზარი ჩამოკრა განგებამ* * *
საღამოს ტბიდან მიყურებენ გედის თვალები
ტირის ტირიფი და ნება ნება
აქანებს ტოტებს და აღვსილი იდუმალებით
ეს დღე თანდათან ტკივილით ხვდება
რომ უკვე დადგა ჟამი მისი გარდაცვალებისპოლ ვალერი
ნაბიჯები
შენს უტყვ ნაბიჯებს, ჩემი დიდი სიჩუმის ბავშვო,
შენს ყრუ ნაბიჯებს, ფრთხილს და ვნებიანს,
ვუსმენ შეფარვით და გული მამცნობს
აქ ჩემს საწოლთან როგორ წყდებიან.ღვთიურო ჩრდილო, შეფერილო წმინდა ფერებით,
რა სათუთია ეს ნაბიჯები,
შენი შიშველი ფეხის ტერფები
ჩემს გულის ფსკერზე დააბიჯებენ.დაველოდები ეგ ტუჩები დაბინდებისას
როგორი გზნებით შეკმაზავენ ალერსის საკვებს,
რომ ბინადარმა ამ ფიქრებისა
ჰპოვოს სიმშვიდე სამუდამო უცებ და აქვე.არ დააჩქარო ეს აქტი და არ გადალახო
ყოფნა-არყოფნის ვნებათა თხემი,
რადგან ქვეყანას მოვევლინე რომ შენ მენახე
და რადგან შენი ნაბიჯები გულია ჩემი.ჟაკ პრევერი
მოძრავი ქვიშანი
სასწაულები მოქრიან ჩვენსკენ
და ზღვა მარადი ჩვენი სტუმარი
წევს ქვიშაზე და გვიმზერს მდუმარედ
და შენ კი შენ კი
ირხევი წყნარად ვით წყალმცენარე
და შენთვის ჩუმად ფიქრობ მწუხარედ
სასწაულებზე და დემონებზე
ზღვაზე რომელიც მიიქცა და დაგვშორდა ახლა
მაგრამ დატოვა შენს თვალებში ეს ორი ტალღა
სასწაულები და დემონები
ეს ორი ტალღა რომლებშიაც ჩავიძირები
და მერე ალბათ
მერე ალბათ
დაგემონებისასოწარკვეთამ სკვერში სკამზე მოიკალათა
სკვერში ხის სკამზე ზის ერთი კაცი
ზის მარტო და ჩუმად გეძახით
როცა შემთხვევით გვერდით ჩაუვლით
იმ კაცს აცვია ნაცრისფერი ძველი კოსტიუმი
და აბოლებს მოკლე სიგარას
ზის სკამზე მარტო და გეძახით როცა ჩაუვლით
ანდა უბრალოდ ნიშანს გაძლევთ
თქვენ არ შეხედოთ
არც დაუგდოთ შემთხვევით ყური
და გაიარეთ
ისე თითქოს არც დაგინახავთ
და არც მისი ხმა გაგიგონიათ
ჩაუარეთ და აუჩქარეთ თანდათან ნაბიჯს
რადგან იცოდეთ
თუ კი შეხედავთ
თუ ყურს მიუგდებთ
როცა ის კაცი ნიშანს მოგცემთ მაშინ ვერავინ
ვეღარ დაგიშლით რომ მიხვიდეთ და გვერდით დაჯდეთ
ის კი გიყურებთ და იღიმება
და თქვენ საშინლად გტკივათ გული
და კაცი ისევ იღიმება
თქვენც იღიმებით იმავ ღიმილით
ზუსტად ისევე
და რაც მეტად იღიმებით გული გტკივდებათ უფრო მეტად
უფრო საშინლად
და რაც მეტად გტკივდებათ გული მეტად იღიმით
დაუსრულებლად და უსაშველოდ
და რჩებით ასე
სკამს მიჯაჭვული
გაღიმებული
და თამაშობენ ბავშვები იქვე
გამვლელები მიდი მოდიან
მშვიდი ნაბიჯით
ჩიტები ლაღად გადაიფრენენ
ერთი ხიდან მეორე ხეზე
თქვენ ისევ იქ ხართ იმავ სკამზე
და იცით იცით
რომ ვეღარასდროს ითამაშებთ როგორც ბავშვები
ვეღარასოდეს ვერ ჩაივლით მშვიდი ნაბიჯით
ვით ეს გამვლელნი
და ვეღარასდროს გადაიფრენთ
ერთი ხიდან მეორე ხეზე
როგორც ჩიტები© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ახალი წიგნები – 2009 – ივლისი
კოტე ჯანდიერი, კონკიას ღამე, თბილისი. დიოგენე, 2009
ამ კრებულს ბევრი ელოდა. კარგა ხანია კოტე ჯანდიერს წიგნი
აღარ გამოუცია. მიუხედავად იმისა, რომ “კონკიას ღამე” ძირითადად
მკითხველისთვის ნაცნობ მოთხრობებს აერთიანებს, ერთად თავმოყრილი
კიდევ ერთხელ გადაკითხვის სიამოვნებას ჰპირდება ლიტერატურის
მოყვარულთ.
კოტე ჯანდიერი იმ მწერლებს შორისაა, რომლებიც ერთი მოთხრობით გამახსოვრებენ თავს. “საოჯახო ქრონიკა” დღემდე რჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცმელთა ყველაზე საყვარელ ტექსტად. დღესაც მახსოვს მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება. მერე იყო “დაპატიჟება კინოში,” “კონკიას ღამე,” “განსხვავებული კალიბრის ვაზნა…”
კოტე ჯანდიერი არ მიეკუთვნება უხვკალმიან შემოქმედთა რიცხვს, თვეში თითო რომანს და ათ მოთხრობას რომ წერენ. მისი ტიპის მწერლები კალამს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდებათ. სწორედ ასეთი სათქმელი აღმოჩნდა “გლობალიზაცია.” მოთხრობა, რომელიც ავტორმა რადენიმე წლის წინ პირველად ჟურნალ “არილში” დაბეჭდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მწერალია.
“სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი” – წერდა სტეფან მალარმე. კოტე ჯანდიერმა ამ წიგნში მისეული ხედვით შექმნილი სამყარო შემოგვთავაზა. სამყარო, რომლის ღერძიც ადამიანზე გადის. სამყარო, რომელიც ელოდება მკითხველს.15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, თბილისი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009
ექვსი წელია “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ქართველ მკითხველს ერთ კრებულად აკინძულ წლის 15 საუკეთესო მოთხრობას სთავაზობს. ამჯერად 2008 წლის პერიოდულ პრესასა და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობები შეიკრიბა. ავტორებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია კარგი ნაწარმოების შესაქმნელად, გამომცემლობისა და მკითხველისთვის – ლიტერატურული პროცესის თვალის სადევნებლად.
კრებულის შემდგენელი ლელა ცისკარიშვილია, რომელიც წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა სიახლეს და არსებული “სოუსიდან” არჩევს 15 ყველაზე კარგ ნამუშევარს. შერჩევის პრინციპი ახალი ავტორების აღმოჩენას და სახასიათო ნაწარმოებების მოძიებასაც ითვალისწინებს. ამ მხრივ შარშანდელი წელი საინტერესო აღმოჩნდა. უკვე ცნობილი და “საფირმო” ავტორების გარდა, როგორებიც არიან ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე და ბესო ხვედელიძე, წიგნში ბევრი ახალი სახელიც მოხვდა. ნინო თარხნიშვილს, მიშა ბახსოლიანს, დათო ქარდავას, ვასილ სახვაძეს, ხათუნა თავდგირიძეს, გურამ ნავროზაშვილსა და გურამ მეგრელიშვილს ლიტერატურის მოყვარულნი ლიტსაიტებიდან იცნობენ, ეს კრებული კი მშვენიერი საშუალებაა, ფართო აუდიტორიის წინაშეც წარდგნენ. რაც შეეხება დანარჩენ ავტორებს, მათ ქართველი მკითხველი შედარებით უკეთ იცნობს: ზურაბ ლეჟავას, თეა თოფურიას, არჩილ ქიქოძის, ნიკუშა ანთაძის პროზაული ქმნილებები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში და წიგნებადაც გამოდიოდა. 2008 წლის კრებულში ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი ბოლო მოთხრობაც შევიდა.თიკა ჭიჭინაძე, ეიფორია, თბილისი. არეტე, 2009
ასეთებს დღეს თბილისში ბლომად შეხვდებით: ძირითადად, ინგლისური და კომპიუტერი იციან, სხედან გაწკრიალებულ ოფისებში, სვამენ ცხელ ყავას და მიბნედილი თვალებით შეჰყურებენ მონიტორს.
ლენა ერთ-ერთი მათგანია. 27 წლის სიმპათიური თბილისელი გოგონა, რომელსაც აქვს კარგი სამსახური, ჰყავს მშვენიერი მეგობრები, თაყვანისმცემლებიც, თუმცა, მის ცხოვრებაში არ არის სიყვარული. ყველაფერი მოულოდნელად იწყება ერთ ბანკომატთან, სადაც ლენა ოცნების მამაკაცს შეხვდება. პარალელურად ვითარდება რომანი ინტერნეტით გაცნობილ ახალგაზრდა ბიზნესმენთანაც.
ეს წიგნი მისწრებაა მათთვის, ვისაც ფსევდოინტელექტუალურმა ლიტერატურამ თავი მოაბეზრა და განტვირთვა მოენატრა. არ ვიცი, რამდენად მართებულია, თუ რომანს ქალურ საკითხავს ვუწოდებ, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ “ეიფორია” მამაკაცებისთვის უინტერესო იქნება. თიკა ჭიჭინაძის პირველმა ნამუშევარმა მკითხველის ყურადღება უკვე მიიქცია და ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოცემიდან ძალიან მალე იგი ბესტსელერთა სიაში აღმოჩნდა.მაკა ლდოკონენი, ქიშმიშიანი ამბები, თბილისი, დიოგენე, 2009
იცით ვინ არის კინკაჟუ? ანდა, რას ნიშნავს უცნაური სიტყვები – მოისკილიკიმაჟურა და ჩაისკილიკიმაჟურა? გსმენიათ რამე ზღაპართასხმულაზე? მაშინ მაკა ლდოკონენის მოთხრობების კრებული უნდა წაიკითხოთ, რომელიც სავსეა ქიშმიშიანი ამბებით და მერე როგორი ქიშმიშიანით! ყელს რომ ჩაგიკოკლოზინებთ და ბავშვობის სურნელით აგავსებთ, თოვლის პაპას არსებობაში დაგარწმუნებთ და ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს მოგაძებნინებთ.
მე არ ვიცი, როგორია მაკა ლდოკონენი, თუმცა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ლემურის თვალებიან გოგონად წარმომიდგენია, ცალ ფეხსაცმელზე ქუსლმოტეხილს და იმავ ცალი ფეხით აგურის კედელზე მიყრდნობილს, თავზე თეშდიდები და სუქუნები რომ აწვიმს. კიდევ, მგონია, რომ მაკა კი არა, თავისი მოთხრობის გმირის მსგავსად, მომგონია ჰქვია და ხან ჭროღა ქალქვებს იგონებს, ხან ოცნებების ზანდუკს და ხანაც ნატვრის სუფრას. ქიშმიშიან ამბებსაც იმიტომ თხზავს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და არასოდეს მიატოვონ ქალაქი გრძნობებმა, წელიწადის დროებმა თუ თბილ ქვეყანაში გაფრენილმა ჩიტებმა.გიორგი ლორთქიფანიძე, იდეაfix, თბილისი, საუნჯე, 2009
“გიორგი ლორთქიფანიძეს ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რაც ჩვენს ლიტერატურაში იშვიათი ხილია – მას საინტერესო ამბის მოფიქრება შეუძლია. ამ ნიჭს ის, რა თქმა უნდა, ჟანრულ ლიტერატურამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მან ამ იოლ გზაზე უარი თქვა, რაც უკვე ეთიკური არჩევანია. ამიტომაც ეს წიგნი ჟანრებს შორისაა “გამოკიდებული”, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ნამდვილად თანამედროვე მწერალია”, – წერს ავტორის შესახებ ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი. თანამედროვე მწერალი თანამედროვე თემებს ეხება – პოლიტიკურ თამაშებს, ზნეობრივ არჩევანსა და პიროვნების როლს ამ ყველაფერში. ყველაზე საინტერესო მაინც “გოჭი სილოვანი შავი ხვრელის წინააღმდეგ”-აა, მოთხრობა-ზღაპარი, სადაც მკითხველი სტილიზებულ სინამდვილეს ამოიცნობს, სხვა პლანეტაზე გადატანილ ჩვენს რეალობას.
15-15, თბილისი, სიესტა, 2009
მკითხველის წინაშეა კიდევ ერთი კრებული, რომლის არსებობას ლიტერატურულ კონკურს ლიბ.გე-ს უნდა ვუმადლოდეთ. წიგნში თავმოყრილია პირველ ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული პროზისა და პოეზიის 15-15 საუკეთესო ნიმუში, რომელთაგან სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზები შემდეგნაირად განაწილდა: პოეზიაში პირველი სამეული შალვა ბაკურაძემ, ეკა ქევანიშვილმა და ალექსა ჩიღვინაძემ დაიმსახურეს, პროზაში – ნინო თარხნიშვილმა, გურამ ნავროზაშვილმა და ალეკო ცქიტიშვილმა. მონაწილეები ძირითადად ინტერნეტსივრცეში “მოღვაწე” ახალგაზრდა ავტორები არიან.
ბოლო დროს ვირტუალური სამყარო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ბეჭდურ ლიტერატურულ მედიას. ვირტუალურ ლიტკონკურსთა რიცხვმაც იმატა. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მათი ხარისხი აშკარად ითხოვს გაუმჯობესებას. მეორეს მხრივ, მსგავსი წამოწყება აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას, იმდენად, რამდენადაც საუკეთესო საშუალებაა ახალი ავტორების ასპარეზზე გამოსასვლელად. ეს კრებული მშვენიერი საშუალებაა გაიცნო და შეაფასო ამ სფეროში არსებული ვითარება.გიორგი მირზაშვილი, წარმტაცი ქალაქი, თბილისი, სიესტა, 2009
გიორგი მირზაშვილი მხატვარია და ეს მის ლექსებშიც იგრძნობა. ვერ იტყვით, სად გადის ზღვარი მის ლექსწერასა და ფერწერას შორის, ან გადის კი საერთოდ? მხატვარი ხომ იგივე პოეტია, რომელიც ფერებით ამბობს სათქმელს, ფერი რომ შემოაკლდება – ბგერებით. ამ შემთხვევაში, გიორგი მირზაშვილის ბგერწერა “წარმტაც” ქალაქს გვიხატავს, ქალაქს, რომელიც ისეთივე უსახურია, როგორც ზამთრის სიცივე, ისეთივე სევდიანი, როგორც მიტოვებული სახლის თუნუქის სახურავი და ისეთივე უხალისო, როგორც უჩუბჩიკო ჩიჩილაკი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეს მისი ქალაქია. ქალაქი, რომელიც “უნდა იცოდე, უნდა იცნობდე, უნდა გიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს, უნდა ცხოვრობდე ამ ქალაქში.”
იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, თარგმნა ციალა კალმახელიძემ. თბილისი. ინტელექტი, 2009
უნგრელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იმრე კერტესის ნაწარმოებები პირველად გამოდის ქართულ ენაზე. წიგნში შესულია ავტორის ორი საკმაოდ ცნობილი თხზულება: “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” და “თვითმკვლელობა”. ასევე ლექცია, რომელიც 2002 წელს ავტორმა ნობელის პრემიის მიღებისას სტოკჰოლმში წაიკითხა.
ჰოლოკოსტი მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა და არცთუ უსაფუძვლოდ. ეს ტკივილი მძიმე პიროვნული გამოცდილებიდან მიიღო, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი, საკონცენტრაციო ბანაკის ენითაღუწერელ კოშმარში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანი არ ყოფილა ეჩვენებინა პიროვნული ტრაგედია. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზების ძიება, რამაც ცივილიზებული ევროპა სიკვდილის ბანაკებამდე მიიყვანა. პირველი მოთხრობა ამ თემაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწერა, თუმცა, 1975 წლამდე ვერ გამოაქვეყნა, რადგან ჰოლოკოსტის თემა იმდროინდელ უნგრეთში ტაბუდადებული იყო. მოთხრობას – “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის მოთხრობა-ტკივილი არდაბადებულ ბავშვზე, რომელსაც არსებობის უფლებას ანტისემიტიზმის უსამართლობით გაწამებული მომავალი მამა ართმევს. “არა!” – ასეთია მთავარი გმირის მოკლე განაჩენი, რომელიც შემაძრწუნებელია თავისი სისასტიკით.
“კადიშის” ერთგვარი გაგრძელებაა რომანი “თვითმკვლელობა.” მთავარი გმირისა და მისი მეგობრების, ისევე, როგორც მთელი საზოგადოების ბედი, წინასწარაა განსაზღვრული იმ არაადამიანური დიქტატურით, რომელში ცხოვრებაც კერტესის ნაწარმოებთა გმირებს უხდებათ.გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია. გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა. თბილისი. სიესტა, 2008
გერმანული პოეზია მსოფლიო პოეტური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წინამდებარე კრებული მოკრძალებული მცდელობაა, ქართველ მკითხველს შეძლებისდაგვარად გააცნოს გერმანული კაზმული სიტყვიერება, მისი განვითარების ეტაპების შესაბამისად. მართალია, ეს ყველაფერი არ არის ამომწურავი და სისტემური, თუმცა, დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის.
“გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია” სხვადასხვა ეპოქის პოეზიას აერთიანებს. მკითხველი იხილავს როგორც მისთვის კარგად ნაცნობ ავტორებს, – იოჰან ვოლფგანგ გოეთე, რაინერ მარია რილკე, ჰერმან ჰესე, გეორგ თრაქლი, ნოვალისი, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ედუარდ მორიკე, ნიკოლაუს ლენაუ, გეორგ ჰაიმი და ევა შტრიტმატერი. ასევე გაეცნობით ადრეული და შუასაუკუნეების გერმანული ხალხური პოეზიის ნიმუშებსაც.იუსტაინ გორდერი, ფორთოხლის გოგონა, ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა, თბილისი, სიესტა, 2006
ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის ეს მშვენიერი რომანი 2004 წელს დაიწერა. გახმაურებული “სოფიას სამყაროს” ავტორმა დაწერა წიგნი სიკვდილსა და სიცოცხლეზე, არჩევანის თავისუფლებაზე, ცხოვრების დიდ ლატარიაზე, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს.
15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში – ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა. სიკვდილის წინ მამამ შვილს იდუმალებით მოცული ფორთოხლის გოგონას რომანტიკული ისტორია უამბო, რომელმაც პატარა გეორგი ბევრ რამეზე დააფიქრა.
რომანის ბოლოში გეორგმა უნდა უპასუხოს მამის მიერ დასმულ უკანასკნელ შეკითხვას, რომელიც მისთვის გარდაცვალების შემდეგაც ძალზე მნიშნელოვანია: რას აირჩევდა, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ ჰქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც დაბადებას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს? როგორია 15 წლის ბიჭის არჩევანი, წიგნიდან შეიტყობთ.სოსო ტაბუცაძე, უბრალო დამატება, რედაქტორი მალხაზ ხარბედია, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009
“თუ მაინც თავი მოვუყარე ამ ტექსტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ყდას შუა მოქცეული, წყობისად განლაგებულნი უფრო მეტს იტყვიან რამდენიმე წლის წინანდელ ლიტერატურულ ცხოვრებაზე და კონტექსტის ძალმოსილების წყალობით, ავტორსა და თავიანთ თავზეც,” – წერს წიგნის შესავალში ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო ტაბუცაძე, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში (ძირითადად 2000 წლის შემდეგ) დაწერილ და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ წერილებს მოუყარა თავი.
ავტორი ამ წერილებს ჩვენი კულტურული ცხოვრების უბრალო
დამატებად განიხილავს. რატომ უბრალო და არა პირდაპირი ან ირიბი?: გრამატიკულად “უბრალო დამატება” წინადადების არამთავარი წევრი კია, მაგრამ აბა უმისოდ დაასკვენით რამეო, – განმარტავს ბატონი სოსო.
ლიტერატურული კრიტიკა, პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუ, ფილოსოფიური რემინისცენციები, ესეები ქართველი და მსოფლიო მწერლობის თანამედროვე და კლასიკოსი ავტორების შესახებ – ასეთია სოსო ტაბუცაძის ლიტერატურული ნააზრევის არეალი, რომელიც ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს.ივ ტისიე, ევროპის ლექსიკონი თბილისი, სამეცნიერო რედაქტორი: ოთარ ჯანელიძე, რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი, ჯისიაი, 2008.
პოლიტოლოგების, დიპლომატებისა და პოლიტიკური მეცნიერებებით
დაინტერესებული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია. მასში მოთხრობილია ევროპის ისტორია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თანამედროვეობის ჩათვლით. გამქრალი და თანამედროვე სახელმწიფოები 1789 წლიდან დღემდე – ასეთია ამ მასშტაბური გამოცემის გეოპოლიტიკური არეალი.
ცნობილი ფრანგი ლექსიკოგრაფის, ისტორიკოსისა და ტერიტორიული საკითხების სპეციალისტის, ივ ტისიეს ფუნდამენტური ნაშრომი, რომელსაც 2003 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით Verdaguer-ის პრემია მიენიჭა, 2008 წელს უკვე მესამედ გამოიცა განახლებული სახით. სწორედ ეს უკანასკნელი დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს.
ლექსიკონი ხუთი ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ევროპის ტერიტორიული დანაწილების ისტორიულ ქრონოლოგიას, 46 სუვერენული სახელმწიფოს ანბანურ ლექსიკონს; დღეისათვის სამასამდე გამქრალი სახელმწიფოს ანბანური ლექსიკონს; დანართს (სხვადასხვა სახის უცნაურობები, ადგილობრივი თავისებურებანი, ძირითადი დიპლომატიური აქტების ქრონოლოგია და ა.შ.) და 50 ფერად რუკას.ნანა კობაიძე
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
გაბრიელ გარსია მარკესი – ჩვენი ცხოვრების მდინარე
-
გია მირზაშვილი – ლექსები
-
თემურ კობახიძე – მოგვთა მოგზაურობა საკრალურ დროში
-
ერეკლე დეისაძე – 99
-
ინა არჩუაშვილი – ორი ბაიყუში
-
თამარ კოტრიკაძე – სოფლელი პოეტი ქრისტინე ლავანტი
-
ერეკლე შველიძე – ლექსები