• ესე,  კრიტიკა,  რეცენზია (თარგმანი)

    სნეული პოლიტიკოსი

    პატრიცია ბლეიკი
    სნეული პოლიტიკოსი

    თუ კირკეგორის სიტყვებს ვერწმუნებით, დიდი ხელოვანისა და დიადი თემის ერთიანობა ის ღვთაებრივი ალიანსია, იღბლიანად რომ წარმართავს ისტორიულ პროცესს და აჩქარებს დროის ისედაც მძლავრ მდინარებას.
    და მართლაც, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და საკონცენტრაციო ბანაკის თემის ერთიანობამ “გამოიწვია” მეოცე საუკუნის პროზის შედევრი, “ივან დენისოვიჩის ერთი დღე”. “ერთ დღესა” და მისსავე “პირველ წრეში” მიღწეულია ის, რაც კამიუს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია: ორივე ნაწარმოები აიძულებს ჩვენი საუკუნის მკითხველს, გაითავისოს მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამება და პასუხი აგოს თითოეულ მკვლელობაზე. სტალინიზმისა და ნაციზმის ისტორიული კატაკლიზმების შემდეგ “განმწმენდელ ფუნქციას” მხოლოდ ლიტერატურა თუ შეასრულებს!
    სოლჟენიცინის ბოლო რომანი “კიბოს კორპუსი” უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე და მზად არის ამერიკაში გამოსაცემად. აქ ავტორი ტრადიციას არ ღალატობს და წერს იმაზე, რაც საკუთარი თვალით იხილა და გამოსცადა; შეუბრალებლად მოგვისვრის განწირულთა სამყაროში და არც კარის გამოჯახუნება ავიწყდება. საკონცენტრაციო ბანაკისა და ონკოლოგიური განყოფილების თემებს შორის დიდი განსხვავებაა: მწერალი ჯერაც არ არის დაზღვეული იმ წყეული ბანაკისაგან, სნეულებამ კი, საბედნიეროდ, გვერდით ჩაუარა. გარდა ამისა, საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანის ხელითა და ნებითაა შექმნილი, ჩვენი საუკუნის საზარელი პროდუქტია, სნეულება კი ღვთის ნებაა, გარდაუვალი და მარადიული. “ნეტავ ვიცოდე, როდის წავიკითხავთ რაიმეს ჩვენს შესახებ, ალბათ ასი წლის შემდეგ, არა?” კითხულობს მწერლის ერთ-ერთი პერსონაჟი – ყოფილი პატიმარი და თანამედროვე ლიტერატურის დიდი მოძულე.
    “ერთი დღით”, რომელიც რუსეთში 1962 წელს გამოიცა, სოლჟენიცინმა იმის შანსი მაინც მისცა მილიონობით თანამემამულეს, თავის შესახებ რომ წაეკითხა. ეს არის ამბავი ყოვლად უდანაშაულო დურგლისა, დაუმსახურებელი ტანჯვა-წამების მსხვერპლის! “პირველ წრეში”, რომელიც რუსეთში აკრძალული გახლავთ, მწერალმა დეტალურად შეგვასწავლა სტალინიზმის ანატომია; გვიჩვენა, როგორ ამახინჯებს ის სულსა და გონებას, რა საშინლად აცამტვერებს ადამიანურ ურთიერთობებს. გულუბრყვილოდ სჯერა სოლჟენიცინს, რომ ხელოვნებას სტალინიზმის განდევნა და აღმოფხვრაც შეუძლია. მართალია, ამაოა ეს იმედი, მაგრამ მან მოიმედე შემოქმედი საბედისწეროდ და სამუდამოდ მიაჯაჭვა ამ თემას.
    იგივე მეთოდი მიუსადაგა სოლჟენიცინმა “კიბოს კორპუსს”. აქ იგი კლინიკური სიზუსტით შეისწავლის ავადმყოფობის ყველა სიმპტომს და მიჰყვება იმ პროცესს, რომლის წყალობითაც ავადმყოფი, ისევე როგორც პატიმარი – “განძარცული და გასარანდავად განმზადებული” – საბოლოოდ შეიცნობს საკუთარ თავს და გარკვეულ ტრანსფორმაციასაც კი განიცდის სიკვდილთან დაპირისპირების მოლოდინში. უდავოდ საინტერესო თემაა, თუმც არც ისე ძნელი ჩასაწვდომი. აქ არ ვაწყდებით დაჟინებულ, გარდაუვალ მოთხოვნას “ბევრის ცოდნისა”, როგორც ამას სოლჟენიცინის ადრეული რომანები გვიბრძანებენ. ტოლსტოიმ ერთხელ უკვე გვიჩვენა – მე ვიტყოდი ერთხელ და სამუდამოდ – თუ როგორ სწვდება საკუთარ არსს ავადმყოფობით საწოლს მიჯაჭვული ადამიანი (“Смерть Ивана Ильича”). პირადად მე, ეს ნაწარმოები “კიბოს კორპუსის” მოდელად მიმაჩნია, მის მასაზრდოებელ და წარმომშობ ლიტერატურად. იმასაც ვიტყვი, რომ სნეულება, როგორც საგანი და სიმბოლო თანამედროვე ხელოვნებისა, სოლჟენიცინზე უფრო “ღრმააზროვან” მწერალს მოითხოვს.
    ავტორი სულ იმას იმეორებს, რომ ეს რომანი მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნეზე, ავადმყოფობაზეა დაწერილი და განსაკუთრებულს არაფერს ისახავს მიზნად. 1967 წლის 22 სექტემბერს, მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, ამავე კავშირის თავმჯდომარის, კონსტანტინ ფედინის მიერ ნაწარმოების აკრძალვამდე ოთხი თვით ადრე, კრიტიკოსებს, რომლებმაც სოლჟენიცინს სიმბოლური რომანის შექმნაში დასდეს ბრალი, მწერალმა გულწრფელად უპასუხა: “კი მაგრამ, აქ ხომ უამრავი სამედიცინო დეტალია… რომელ სიმბოლოებზეა ლაპარაკი!”
    რომანის შესახებ იგი ასეთ რამესაც ამბობს: “მე ის ცნობილ ონკოლოგებს წავაკითხე, ძალიან მაინტერესებდა მათი აზრი. გამოირკვა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩემი ქმნილება უტყუარია და დროის მოთხოვნასაც კარგად პასუხობს. მერწმუნეთ, იგი სიმსივნის შესახებაა დაწერილი, მხოლოდ სიმსივნის. ეს არ არის გასართობი ლიტერატურა, აქ განწირულთა განცდებია ასახული”.
    რომანში, მართლაც, საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა აღწერილი, თუ რა დღეშია მედიცინა 1955 წლის ცენტრალურ აზიაში. რვა მძიმე წელი გაატარა სოლჟენიცინმა საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში, და ბოლოს, სიმსივნით დაავადებული, ტაშკენტში “გადაასახლეს”, 1957 წლამდე არ ღირსებია რეაბილიტაცია. ტაშკენტში იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მისი სიმსივნე, რომლის ავთვისებიანობა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული… მოულოდნელად გაქრა. ვინაიდან სოლჟენიცინი მაქსიმალურად რეალისტი მწერალია, რომლის ცხოვრების ისტორიაც მისივე შემოქმედების განუყოფელ ნაწილად ქცეულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომანში აღწერილი საავადმყოფოს პალატა არ განსხვავდება სინამდვილეში არსებულისგან.
    მიუხედავად მწერლის “კლინიკური აღმაფრენისა”, მკითხველმა დიდი ჯაფა უნდა იტვირთოს, რათა ეს წიგნი სიმსივნის შესახებ დაწერილ ამბად აღიქვას. გავიხსენოთ მის მიერ დასმული კითხვა: “ადამიანი თავის სხეულში აღმოაცენებს სიმსივნეს და … კვდება. ერთი მითხარით, რა აცოცხლებს ისეთ ქვეყანას, ამდენი ბანაკი და საპყრობილე რომ აღმოაცენა?” იგი კვლავ, შეიძლება თავისდა უნებურადაც, საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას უბრუნდება. ვინ არიან ეს განწირული ავადმყოფები? ერთი ყოფილი პატიმარია, მეორე ბანაკის ზედამხედველი; აქვე არიან გადასახლებული “დამნაშავენი” და უშიშროების ურცხვი მუშაკი, რომლის სინდისზეც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა! თუკი “ერთი დღე” სტალინის დროინდელი რუსეთის აგონიას წარმოაჩენს, “კიბოს კორპუსი” პოსტ-სტალინური პერიოდის ასახვაა, იმ პერიოდის, როცა ორივე, ჯალათიცა და მისი მსხვერპლიც, ერთნაირი პატიმარია, აქ ყველა თანაბრად არის დასახიჩრებული და სასჯელს “საერო ონკოლოგიურში” იხდის.
    ყოფილი პატიმრის, კოსტოგლოტოვისა და სასიკვდილოდ გადადებული შულუბინის დიალოგი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, თუ რა საბედისწეროა ეს სულიერი ხეიბრობა. და, აი, შულუბინი წამოჭრის საკითხს, ნაწარმოების ამოსავალ წერტილად რომ გვევლინება: თითოეული რუსის პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვისათვის! გულწრფელად შურს შულუბინს კოსტოგლოტოვის, რომელმაც ბანაკის ყველა საშინელება გამოიარა: “შენ სხვებზე ნაკლებად მაინც ტყუოდი, არც ჩვენისთანა ნაძირალა ხარ… და მერე რა, რომ დაგაპატიმრეს, ჩვენ უფრო მძიმე დღეებიც გამოგვივლია, გვაიძულებდნენ ტაში დაგვეკრა მათ მიერ გამოტანილი განაჩენისთვის… ტაშს ვიღა ჩივის, ჩვენ თვითონ უნდა მოგვეთხოვა ადამიანის დასჯა და გადასახლება”.
    შულუბინს იმის გაგონებაც არ სურს, რომ ხალხს სჯეროდა სტალინიზმის: “მოულოდნელად ყველა პროფესორი და ინჟინერი მავნებლად იქცა… და მათ ეს სჯეროდათ? ლენინის ყველა ძველი თანამებრძოლი საზიზღარი რენეგატი აღმოჩნდა ბოლოს… და მათ ეს სჯეროდათ? უეცრად მათი ნაცნობ-მეგობრები ხალხის მტრებად გამოაცხადეს… და მათ ეს სჯეროდათ? დასაშვებია, რომ მთელი ერი იდიოტებისაგან შედგებოდეს? როდესაც ისტორია დაგვისვამს კითხვას: “ვინ იყო იგი?” ჩვენ, ალბათ, პუშკინის ლექსით ვუპასუხებთ:
    ჩვენს სამარცხვინო საუკუნეში
    უნდა იყო ტირანი, მოღალატე, ანდა მლიქვნელი.
    სხვა არჩევანი შენ აღარა გაქვს,
    სხვა ვერაფერი ვეღარ იქნები!”
    სტალინის სიკვდილის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკების მძლავრი სისტემის ლიკვიდაციამ და სახალხო ტერორის შენელებამ ბევრი ვერაფერი უშველა იმ შიშის გრძნობას, ყოველ საბჭოთა მოქალაქეში რომ ჩაებუდა. უშიშროების მუშაკს ზარავს იმის გაფიქრება, რომ ბანაკიდან დაბრუნებული უდანაშაულო შურს იძიებს, თავად ბანაკიდან დაბრუნებულს კი თავისუფლება ბოჭავს და თრგუნავს. შესანიშნავი პასაჟია რომანის ბოლოს: ონკოლოგიური განყოფილებიდან “გათავისუფლებული” ოლეგ კოსტოგლოტოვი, გულისფანცქალით მომლოდინე ამ “სამუდამო გადასახლების” დასასრულისა, რატომღაც ტაშკენტის ზოოპარკს მიაშურებს. “მაიმუნები თავგადახოტრილ პატიმრებს წააგავდნენ. ეს საცოდავი, თავიანთ პრიმიტიულ სიხარულსა თუ საწუხარში ჩაძირული, ფართო ნარებზე ჩამომსხდარი არსებები, ისე ძალიან აგონებდნენ ყოფილ ნაცნობებს, რომ… ზოგიერთი მათგანის ცნობაც კი არ გასჭირვებია. იმ ადამიანთა უმეტესობა ჯერ ხომ კიდევ იხდიდა სასჯელს… მთელი უბედურება კი იმაში იყო, რომ ოლეგს არ შეეძლო დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება… მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შეამტვრევდა გალიის კარებს… გინდაც შეემტვრია, მაინც ვერაფერს გახდებოდა. ამ მაიმუნებს თავიანთი სამშობლო აღარ ახსოვდათ, თავისუფლების შეგრძნებაც უცხო იყო მათთვის! მოულოდნელი თავისუფლება უფრო საზარელ შედეგს გამოიღებდა”.
    მსგავსი პასაჟებით სოლჟენიცინი სავსებით ამართლებს იმ მოლოდინს, მისი ორი ადრეული რომანი და შესანიშნავი მოთხრობა “მატრონას სახლი” რომ აღძრავს. მაგრამ ზოგიერთი ის ხარვეზი, რომელიც “პირველ წრეში” შეიმჩნევა – ზომიერების გრძნობის ღალატი, მასალაზე კონტროლის შესუსტება, მიდრეკილება არაფრისმომცემი დამოძღვრისაკენ – კვლავ იჩენს თავს “კიბოს კორპუსში”. არც ამ ნაწარმოებს და არც “პირველ წრეს” ცოტაოდენი დახვეწა არ აწყენდა. აი, “ერთი დღე” კი სულ სხვაა! იგი სამჯერ გადაწერა სოლჟენიცინმა და ბოლოს ისეთ ლაკონიურობას მიაღწია, მხოლოდ ბაბელი და კამიუ თუ გაუწევენ მეტოქეობას.
    როგორც კრიტიკოსმა, “კიბოს კორპუსი” გაორებული და მღელვარე გრძნობით ჩავიკითხე. ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, რომ გავეცანი ნაწარმოებს, რომელიც მიუხედავად ბევრი ნაკლისა, გაცილებით სჯობს იმ რომანებს, ჩვენი წიგნის ბაზარს წალეკვით რომ ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ამ წიგნს რუსეთში ვერ წაიკითხავენ და თავით ნაწარმოებთა აკრძალვაზე სოლჟენიცინის ნაადრევი პროგნოზიც მაღიზიანებს. მწერალმა რამდენჯერმე აღნიშნა “საფრთხე” თავისი აკრძალული ნაწერების უცხოეთში გამოჩენისა და მათ ფართო გავრცელებაში საბჭოთა აგენტურა დაადანაშაულა, ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისათვის კეთდებაო… გასული წლის 21 აპრილს მან განაცხადა, რომ არც ერთ უცხოელ გამომცემელს არ მიუღია მისგან “კიბოს კორპუსის” ხელნაწერი და არც ნებართვა მისი გამოქვეყნებისა. გარდა ამისა, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქიშპე გამომცემლობებს შორის ატეხილი დავა ამ წიგნის გამო და უცხო ენაზე მისი ნაჩქარევი გამოცემა თარგმანს კარგ დღეს არ დააყრიდა. “ლიტერატურა ფულზე მეტია”, შეგვახსენა სოლჟენიცინმა.
    უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ეს რომანი, ამიტომ ვეჭვობ, ამერიკაში “დაიალ პრესის” მიერ მისმა გამოცემამ რაიმე საფრთხე შეუქმნას ავტორს, მით უმეტეს, რომ თავად მას ეს არ უთხოვია. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია მწერლის წუხილი ნაწარმოების თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. რებეკა ფრანკმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ სამუშაოს, ბრწყინვალედ გადაიტანა სხვა ენაზე სოლჟენიცინის არაორდინარული სიტყვები თუ გამოთქმები, მისი ინტონაციისა და დიქციის მოულოდნელი ვარირება.

    The New York Times Book Review
    27 ოქტომბერი, 1968
    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პროზა

    აკა მორჩილაძე – მარია კუზნეცოვას რვეული (1)

    ამ წიგნაკის დასაწერად ბარე ექვსი წელიწადი დამჭირდა. მგონი იმიტომ, რომ სხვა ნაწერებს ეწირებოდა და რიგში უკანუკან გადადიოდა.
    თავიდან, ეს ამბავი მეგობრებისთვის მოვიფიქრე: ამნაირი რამეების კრებულის გამოცემას აპირებდნენ და პირველი გვერდებიც მაშინ დავწერე და მივაწოდე, ასეთი რამ თუ გამოდგებათქო.
    გამოდგებაო.
    მაგრამ მერე აღმა-დაღმა წავედი და ეს ამბავიც გულს გადამვარდა. არც მეგობრებს დავუჩქარებივარ დიდად. ცხოვრება, ხომ იცით?!
    მერე, ერთხელ ეს წიგნი რუსულადაც დავწერე, ერთი პეტერბურგელი რედაქტორის თხოვნით, რამე დაგვიწერეო. მერე, ისიც ვეღარ გავუგზავნე და ბოლოს ინგლისურადაც ვჯახირობდი რაღაც დიალოგებს.
    მოკლედ, ამ მხრივ ნაწვალები წიგნაკია. ბევრგანართობი და ასეთი, თავში რომ გაქვს ჩარჩენილი.
    ამ ზაფხულს წიგნი ჩემს გამომცემელს მოვუყევი და დაწერე, დაწერეო. ვიფიქრე, შემოდგომამდე დავწერთქო. ივლისის ბოლოს დრო გამომაჩნდა და უცებ დავწერე. რაღა დაწერა ამას უნდოდა, სულ ზეპირად ვიცოდი.
    რაც გამოვიდა, გამოვიდა. ალტერნატიული ისტორიაა, მგონი პაროდიაც და ასეთი რაღაცეები.

    აკა მორჩილაძე

    მარია კუზნეცოვას რვეული

    პროლოგი

    პირველად თბილისში

    (ინგლისელი მზვერავის, სერ ნიკოლას მიდოუს ოლდინგტონ ფეარის წიგნიდან “დედამიწის სამ მეოთხედზე”, ლონდონი, 1991)

    <. .>ბევრი რამ იყო საინტერესო და მოულოდნელი თბილისში ჩვენი ჩასვლისას: ჯერ იყო და ბაქანზე ვიღაცეებში ავერიეთ და იტალიური კომედიის სამოსში გამოწყობილმა მსახიობემა ყვავილები მოგვართვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაგნო ინსპექტორმა მასხულიამ. მერე კი ზედ ბაქანზე ბომბიც აფეთქდა, რომელიც ყალბი გამოდგა და როცა მე და ჰასტინგი მიწას გავეკარით, გარშემომყოფთ სიცილი დაგვაყარეს, რადგანაც თვითონ მშვენივრად არჩევენ ყალბი და ნამდვილი ყუმბარების ხმას და ნაყინის ლოკვა არც კი შეუწყვეტიათ.
    მსახიობებისგან შემთხვევით მოძღვნილ ყავილებს ზღვის გასაოცარი სუნი ასდიოდა, რის გამოც ჰასტინგსმა თქვა, ნეტავ ჩემი ნომრის ფანჯარა ზღვის მხარეს გადიოდესო, მგონი ამ ოცნებისკენ სადგურის თეთრი ფილაქანიც უბიძგებდა, წარმოუდგენლად რბილი და თბილი. მერე გავიარეთ ოცდაოთხხმლიანი საპატიო ყარაული სადგურის მთავარ შესავლელში, რომელიც თურმე ჩვენთვის ყოფილიყო მოწყობილი ადგილობრივი კონტრდაზვერვის მიერ, თუმცა, მწკრივებს შუა თავისუფლად მიმოდიოდა ხელბარგიანი ხალხი. შემდეგ, იქედან საგანგებო მანქანით წამოყვანილნი მზით გაჩახჩახებულ მოედანზე შევესწარით კინოფილმის გადაღებას: სცენაში ასამდე რუხ კოსტუმში გამოწყობილი სტატისიტი მონაწილეობდა: როგორც აგვიხსნეს, ისინი საგანგებო სამსახურის გადაცმულ მუშაკებს განასახიერებდნენ და რუსთა ჯაშუშის დაჭერას ცდილობდნენ, რაც მგონი გამოუვიდათ კიდეც. ჩვენი მანქანა კინაღამ გადაღებაში მოჰყვა.
    თურმე, კინოსტუდია დეკორაციებს კი აშენებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კადრში ძეგლი უნდა გამოჩენილიყო და მისი ბუტაფორია ვერ გააკეთეს, რადგან მოქანდაკე გარდაცვლილიყო.
    ინსპექტორი მასხულია ისეთი მუშაკი ჩანდა, რომ მისი სმენა ძალიან სასარგებლო იყო. ინგლისური საგანგებოდ, კონტრდაზვერვაში შესვლის შემდეგ ესწავლა. როდესაც შეამჩნია, რომ ჰასტინგს მანქანის სარკმლიდან თვალი მიურბის კოხტად ჩაცმული ქალებისკენ, გვირჩია:
    – ჩვენს ქვეყანაში კაცს ყოველთვის უნდა გაუღიმოთ, ქალებს კი არასდროს, ვინაიდან მერე კაცებს ვეღარ გაუღიმებთ.
    ჩვენ უნდა გავჩერებულიყავით სასტუმრო გრანდ ლონდონში.
    მეგონა, რომ ის წყნარ ადგილას, მიმალულად მდებარეობდა, ვინაიდან, ყოველთვის ასეთ ადგილას ვჩერდებით ხოლმე. სინადვილეში, სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთ ფართო და ხალხმრავალ ავენიუზე აღმოჩნდა და კარგა დიდიც გამოდგა. ძველებური შენობა იყო და კარში მთლად იასამნისფერ, მოოქროვილ სამოსში გამოწყობილი პრიალაკოკარდიანი თეთრწვერა შვეიცარი იდგა.
    შიგ რომ შევედით, მაღალი კლასი კიდევ უფრო თვალში საცემი შეიქნა, რამაც ჰასტინგსი გაახარა, მაგრამ გაირკვა, რომ სასტუმრო ლონდონი სულაც არ არის სასტუმრო, არამედ აქაური კონტრდაზვერვის ერთ-ერთი შენობაა და სასტუმროს იერი ბუტაფორიულად აქვს. სასტუმროდ მხოლოდ ორი სართული გამოიყენება, ხოლო ზედა ოთხ სართულზე, შენიღბულად მუშაობს აქაური კონტრდაზვერვა, მაცხოვრებლები კი ძირითადად ჩვენ ვართ, ანდა სხვა ჩვენნაირი აგენტები.
    სასტუმროს რესტორანი თურმე საღამოობით ყოველთვის სავსეა, თუმცა ჩვენ იქ საღამოს შესვლა არ გვირჩიეს და მოგვცეს საერთო ნომერი, რამაც ჰასტინგსი ჩამოღრუბლა, ინსპექტორმა მასხულიამ კი აგივხსნა, რომ ეს კონსპირაციისთვის კეთდება.
    საწოლი კი განიერი და კარგი ჩანდა, მაგრამ მაინც არ მეგონა, რომ ჰასტინგსთან ერთად წოლა მომიხდებოდა. რას ვიზამდით, ინსტრუქცია ინსტრუქციაა.
    მოგვართვეს საუზმე და მასხულიამ, რომელიც იქვე, მეოთხე სართულზე მუშაობდა, დაგვიტოვა ბარათი: საღამოს ცხრა საათზე კაფე თუთებში უნდა მივსულიყავი და იქ პირველად უნდა შევხვედროდით ოფიცერს, რომელიც საქმის არსს უფრო წვრილად გაგვაცნობდა.
    საერთოდ, ამ მივლინების მოსურნე არ ვიყავი, მაგრამ ჩვენისთანა ხალხის გადაადგილების ამბავს მოგეხსენებათ, ვინცა წყვეტს. ჯგუფი თავიდანვე ორკაციანი იგულისხმებოდა: მე, როგორც წამყვანი და ჰასტინგსი, როგორც მკვლელობის ლიცენზიის მქონე მუშაკი.
    თბილისისკენ კარგახანს მოვდიოდით, ომის დროს მისი უდიდებულესობის მზვერავების გადაადგილება იოლი არ არის. მთელი ევროპის გადმოკვეთვა ოდნავ შემოვლით მოგვიხდა, მაგრამ სტამბოლში ტრანსინდურ ექსპრესს დავაჯექით, რომელმაც ჩვენი ჩამოსვლიდან ოცდახუთ წუთში გეზი ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთით აიღო.
    – შეიძლება ქალაქში გავიდეთ? – ჰკითხა ჰასტინგსმა მასხულიას.
    – რა თქმა უნდა. თქვენ რა იარაღი გაქვთ? იარაღი იქონიეთ, თორემ ეს გადაჭარბებულ ინტერესს გამოიწვევს, – თქვა ინსპეტორმა.
    – გამოსაჩენ ადგილას?
    – არა, – ფერდი გვაჩვენა მასხულიამ – აი,ასე.. სადმე რომ ჩამოსხდებით, რომ იგრძნობოდეს, რომ აქ იარაღია.
    – რატომ?
    – ტრადიცაა ასეთი. უიაღარო კაცი შეიძლება ჰომოსექსუალისტი იყოს. ანდა ხელოვანი. ხელოვანთ ეპატიებათ… სხვა შემთხვევაში, არ შემოგხედავენ კარგად. ჩვენთან იარაღის ტარების უფლება ყველას აქვს.
    – ომის დროსაც?
    – განსაკუთრებით ომის დროს. პრეზიდენტის განაკარგულებით, თხუთმეტი წლიდან ყველას შეუძლია იარაღის ტარება. როგორ აგიხსნათ… თუ კაცს სამსახური აქვს, თუ ოჯახს ინახავს, მას იარაღიც აქვს… გეცოდინებათ, აქ ყოველ საათს შეიძლება ომი დაიწყოს. ჩვენ ჰიტლერს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ სტალინი ჩვენი პირველი მტერია.
    – სიმპატიური კაცია, – თქვა ჰასტინგსმა.
    მასხულიამ კი მოგვიგო:
    – ის აქ დაიბადა და გაიზრდა.
    ეს კი მართლა მოულოდნელი იყო.
    – ჩვენ ქალები არა ვართ, რომ მის სიმპატიურობაზე ვიჩურჩულოთ, – მასხულიამ თავი დაგვიკრა და გამოგვეთხოვა.
    – სიერა მადრეს საგნაძური, – თქვა ჰასტინგსმა-ეს სად მოვხვდით?
    მოსასმენი ხელსაწყო დავანახე ლოგინის თავზე, სანათურიდან რომ გამოიცქირებოდა.
    – ხმალი ალესე, ჰასტინგს. საქმე უნდა გავაკეთოთ.
    – ვფიქრობ, ტახტი დამიფასებს, – ჩაიცინა ჰასტინგსმა და თავისი კავენდიშური თამბაქო გააბოლა.
    – აი, უკვე ნაცნობი სუნია. აი, უკვე შინ ვართ.
    მერე ქუჩებში ვსეირნობდით, დროს ვკლავდით სადილობამდე და ქალაქს ვსწავლობდით. პისტოლეტები მართლაც მორგებული გვქონდა. მართლაც, ამდენი პისტოლეტიანი კაცი არსად მენახა.
    სამხედროებს აქ ორგვარად ეცვათ:
    ან მომწვანო ფორმა, ან ეროვნული სამოსი, რომელიც ხმალ-ხანჯლის წელზე შებმასაც გულისხმობს. თუმცა, ეს სამოსი იმდენს ეცვა, რომ სამხედროს და ჩვეუელებრივი კაცის გარჩევა ძალიან ჭირდა, ვინაიდან ამ სამოსს სამხრეები არა აქვს. საერთოდ კიდევ, ძალიან ბევრი სიმღერა მოვისმინეთ. შვიდ ადგილას იდგა ნაირგვაირ ოდენობის მამაკაცთა სასიმღერო გუნდები და მღეროდნენ. ხალხი გადიგამოდიოდა და მათ ვერც ამჩნევდა. მზე იყო ძალიან თბილი და ჰასტინგსმა ისევ ზღვა მოითხოვა.
    – აქ არ არის ზღვა. ზღვა დასავლეთით დავტოვეთ.
    – სისულელეა. აქ არის ზღვა. – თქვა ჰასტინგსმა – გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა იმ ინსპექტორმა ჩვენს მძღოლს, დამელოდე, მერე ნავსადგურში უნდა წავიდეთო…
    – რა ენაზე უთხრა ეს სიტყვები? – გამეცინა მე.
    – გერმანულად უთხრა, – მომიგო ჰასტინგსმა – საერთოდ, მე ამათ არ ვენდობი. როგორ გამოდის, რომ რუსებთანაც მტრულად იყო და გერმანიასთანაც? ესენი წითლებთან არიან მტრულად…
    <. .>ამ ისტორიაში ქალი რომ უნდა გამოჩენილიყო, ადრიდანვე ვიცოდი. პირველი ადამიანი კი, რომელსაც გამოველაპარაკეთ, სწორედ ქალი გახლდათ და სრულიად საოცარიც. მინდა ვთქვა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა, თუმც კი არცთუ თვალშისაცემად ეცვა, ოღონდ სპილენძისფერი თმის ბოლოები იმგვარად ჩაეხვია და პირბადიანი ქუდიც ისე კოხტად მოერგო თავზე, რომ როგორ არ შევამჩნევდი.
    მე და ჰასტინგსი თამბაქოს მაღაზიაში შევედით.
    ჰასტინგსს ყოველთვის მარაგად ჰქონდა თამბაქო და ჩიბუხებიც მწკრივად ელაგა ყუთში, მე კი, რაც ჩიბუხი მივატოვე და სიგარეტებზე გადავედი, ეგრეც ვერ მივჩვევოდი მათ დამარაგებას.
    დახლი აჭრელებული კი იყო, მაგრამ მოდი და ამოირჩიე:
    ჩვენებური იქ არაფერი იყდებოდა. დახლიდარი შემოგვცინოდა, მაგრამ არ მგონია, რაიმე გაეგო ჩემი სიტყვებისა. აბა რა იცოდა, რომ იმხანად ოდნავ თაფლიანი სიგარეტი მიყვარდა? ისეთი, ბოლოსკენ რომ სიმაგრეს ტოვებს ყელში. მოდი და აუხსენი.
    ამიტომ ბედს უნდა მივნდობოდი და სათითაოდ ვადებდი თითს კოლოფებს, თუმცა, ის ულვაშგადაგრეხილი დროული კაცი, ყველაფერზე ცერს მიჩვენედა.
    ქალი თავიდან არც შემიმჩნევია, თუმცა ჰასტინგსმა თქვა, რომ თავიდანვე შეამჩნია, შირმის იქეთ მდგომი, თუმცა, არ შეუთვალიერებია.
    – აიღე რამე და წავიდეთ, – ჰასტინგსი უცებ იწყენდა ხოლმე.
    – ვერ აირჩიეთ,არა? – ეს ქალი სულაც არ გამოდგა აქაური. ფრანგი იყო, რაც, რა თქმა უნდა, მერე შევიტყვეთ.
    – ვერა, – ვუპასუხე ფრანგულად.
    – ინგლისელი ხართ, – ქალი მაღალი იყო, ფრჩხილებიც კი მარჯნისფრად შეეღება და თითებში გრძელი მუნდშტუკი ეჭირა, რომელსაც ტუჩებზე იზომებდა. შირმის იქეთ სარკე ყოფილიყო და იმ სარკეში იხდენდა მუნდშტუკს.
    – საღამოს მიღებაზე მივდივარ და მუნდშტუკი საჭიროა, – თქვა ისეთი ღიმილით, რომ მაღაზია დაპატარავდა. მერე ჩვენთვის აღარც შემოუხედავს – ინგლისელი, ორმოცი წლისა… ალბათ დიდხანს არც გაჩერდება ამ ქალაქში… მარტოხელა… რთული, მაგრამ ჭკვიანური სამუშაო… აი, ეს უნდა იყიდოთ… აი ეს. ამას პირველი რესპუბლიკა ჰქვია… დაიმახსოვრეთ. პირველ რესპუბლიკა…
    მისი მონოლოგი შთამბეჭდავი იყო: სხვა ხელობის კაცს ეგებ ყბაც ჩამოვარდნოდა, მაგრამ მე უკვე კარგახნის გადაჩველი ვიყავი სასიამოვნო საუბრებში იმგვარად შებიჯებას, რომ ჩემგან რაიმე განცდა საგრძნობი ყოფილიყო.
    პირველი რესპუბლიკის შავი, თეთრწარწერიანი კოლოფი კი ვიყიდე, თანაც ორი.
    – აი, ასე, ეს საქმეც მოვაგვარეთ, – თქვა ქალმა და ხელი გამომიწოდა – ბლო, ჟენვიევ ბლო…
    – ჯონი, – ვუთხარი ღიმილით.
    – ღმერთო, რა ჩვეუელებრივია ყველაფერი… ჯონი… – გაიცინა ქალმა და მუნდშტუკების ყუთი მოჩხრიკა თავისი გრძელი თითებით. დახლიდარი იღიმოდა და თავს აქნევდა.
    – გამოგეთხოვებით, თქვენის ნებართვით, – შლაპაზე ორი თითი მივიდე.
    – ინგლისელი ყველგან ჯარისკაცია. ბენგალში ხართ ნაომარი? –გაიღიმა მან.
    – ავღანისტანში მემ, ორი ტყვია აქვს მხარში, – თქვა უცებ ჰასტნგსმა და ჩვენ წამოვედით, თავის დაკვრებითა და ღიმილებით.
    – რა ჯანდაბაა? – ჰასტინგსი აშკარად აღელვებულ იყო – შლაპის მოზომება გამიგია, მაგრამ მუნდშტუკის მოზომება რაღაა?
    – ფრანგია, – ვთქვი მე.
    – ეგ ქალი ჯაშუშია, – გაიცინა ჰასტინგსმა.
    – ჰო, მუნდშტუკიანი ჯაშუში…
    – შეამჩნიე, რა ფერის თვალები ჰქონდა? ნამდვილი ეშმაკეული.
    – მთელი ცხოვრება ქალებს დასდევ და მე მეგონა, ეს ქალი აღგაფრთოვანებდა, – ვუთხარი მე და პირველი რესპუბლიკის ღერი მოვსრისე თითებში – რა გეტაკა?
    აკი მგოახსენეთ, ძნელია ლიცენზირებულ მკვლელებთან ლაპარაკი.
    – შენ არ უნდა დაგლაპარაკებოდა. მე უნდა დამლაპარაკებოდა, – თქვა მან.
    ჰასტინგსი მართალი იყო: ის, რაც ადამიანებისთვის სრულიად უფერული და ჩვეულებრივი რამაა, ჩვენთვის სულ სხვანაირად წასაკითხი საქმეა. უბრალოდ, ჩვენი ხელობის უცნაურობა ის არის, რომ ზოგჯერ ჩვეულებრივ და უბრალოდ რაღაც ვითარების მიღება არ შეგიძლია და შიგ გამუდმებით რაღაცას ეძებ. ჰასტინგსაც ეს დაემართა.
    – სიგარეტს მე ვარჩევდი და მეც ამიტომ დამელაპარაკა, – განა ვცდებოდი?
    – კი, ასეა… – თქვა ჰასტინგსმა – მაგრამ მაინც არ მომეწონა. მირჩევნია, რომ ჩვენ თვითონ დაველაპრაკოთ ვიღაცეებს. …თან ფრანგი.
    – ფრანგი იყო? – მე ეს მეეჭვებოდა, მაგრამ ამ შემთხვევით შეხვედრაზე არ გადავრეულვარ – ნეტავ რა ჰქვია ამ ქუჩას?
    რუკა ჩემოდანში მქონდა. რუკით სიარული აკრძალული იყო, ქალაქის ქუჩები უკვე ნასწავლი მქონდა, მაგრამ სახელები…
    – აი, იქეთ რომ ჩავუყვეთ მდინარის პირას ჩავალთ.
    – ჰოდა, ეგ მდინარე უერთდება ზღვას, – თქვა ჰასტინგსმა მტკიცედ. <...>

    პირველი თავი – აპოლონ ქვლივიძის გმირები

    ამბავი მოკავშირეთა პროსპექტის ერთ მკვეთ ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია კოლაელთა ქუჩა. მთვარის შუქი, რესტორნის ვიტრინიდან გამომავალი რბილი შუქი, რომელიც კოლაელთა ქუჩის ერთ ნაწილს ეცემა. მთვარის შუქი კოლაელთა ქუჩაზე. შლაპა და ქვრივი. შლაპა ძველი, მუქი ლურჯი, ხავერდის, შავი ლენტით, ყვითელი, გამოცვეთილი სარჩულით. სატინის სარჩული, ოდნავ გამორღვეული. ქვრივი, მოხდენილი, კარგად ჩასაბღუჯი. მოწადინებული შავებში. მთვარის შუქი, და ნაგანის უღალატო რევოლვერი. სუნთქვა და ქვრივი. ქვრივი და არჩევანი. ქვრივთან თუ პირდაპირ სადმე, რომ დაიმალო. იმ დილით ქურდი მურდალო ციხიდან გაიქცა, ოთხ სხვასთან ერთად. ქვრივი. როცა გაზაფხულზე წამოწვიმს ხოლმე შეღამებულზე, ალბათ მაინც ქვრივი. საიდუმლო ამბავი, საიდუმლო ნივთი. ქვის კიბეები ორ სართულზე, მერე ხის კიბე. ჩექმების ხმა. ქვრივის სახლი. საიდუმლო ამბავი, ვარცლი ცხელი წყლით, საიდუმლო ნივთი. ისინი მოვლენ, მაგრამ მაინც ქვრივი. ჩასაბღუჯი ფერდები, მორბილებული გავა და ქურდი. ძველი შლაპა. გაქცეული, ლტოლვილი. გემრიელი წვიმა მეჩნიკოვის ქუჩაზე. რესტორანი და ეს საფეხურები, ბრაგუნი. მორიგეები სახანძრო კიბესთან. შაშხანებით. სამართებელი.
    ძველ ცხვირსახოცში გამონასკვული ქვრივის ბეჭდები. საყურეები, სამაჯური და საბურნუთე. გარდაცვლილის უსარჩულო პალტო, ღამის მგზავრის საგაზაფხულო სამხილი. ზანდუკი, ფსკერი, იქ ჩაკეცილი ქვეთეთრეული. კიდეებზე ამოქარგული ნომრებით სამრეცხაოსთვის. ქვრივი. მთვარის შუქი. მორიგეები სახანძრო კიბესთან. არაფერი. საერთოდ არაფერი. მეტი არაფერი.
    თუთის ხე უკანა ფანჯარასთან. თუთის ხის შრიალი.
    მეტი არაფერი, საიდუმლო ამბავი. საიდუმლო ნივთი.
    – ჩემი სახელია ინგა ლალიაშვილი. ქვრივი.
    ცუდი დასაწყისი. ბუნდოვანი. საბურნუთე. მთვარის შუქი. მთვრალები რესტორნის კართან.
    -შენთან გამეხარდებოდა, კააარგო!… შენთააან, გამეეეე-ხარდებოდა, კარგო…
    ცუდი დასაწყისი. უვარგისი. იმიტომ რომ უკვე დასასრული. დასაწყისი დასასრული. სად არის დასაწყისი. სადაც დასასრულია. აქ მთავრდება. აქ მთავრდება. მთვრალები. სიმღერა. მეჩნიკოვის ქუჩა, ჩასახვევი პლეხანოვის პროსპექტიდან. გასროლა. გასროლა. გასროლა. ფანჯრის ხმა. გასროლა. აქ მთავრდება. მთვარის შუქი. თუთის ხე. კაცი მის ძირას. პირქვე. ზედ ონკანთან. კიბე. ბრაგუნი. ორი სართული. ფარანი. მეზობლები. ქვრივი. ასეთი გემრიელი, შავებში. სველი იატაკი.
    მოწმენდილი. ზედვე აფერფლებენ. ცხვირსახოცი. იქ გამონასკვული ნივთები. ფურგონიანი მანქანა. შავი. მთვარის შუქზე მბზინავი. საკაცე. გაჩუმებული მთვრალები. ჩურჩული ღია ფანჯრებს იქით. ფარდებს იქით.

    საიდუმლო. საშინელი საიდუმლო. წვიმა. დასასრული. ქაღალდები. სამელნე, კალამი. წვეთი მაგიდაზე. საშრობი. ქვრივი. პოლიციელები. მანქანის ბღუილი. რესტორნის კარი. აკაციასთან მდგომი მთვრალები. თითქოს ფხიზლები. წვიმა. სიჩუმე მეჩნიკოვის ქუჩაზე, რომელსაც კარგახანია აღარ ჰქვია მეჩნიკოვის ქუჩა. დასასრული.
    ასე ინთება სინათლე. არც წვიმა. არც არაფერი. კვამლი. მხოლოდ თამბაქოს კვამლი. კინოდარბაზი. სულ სავსე. სხვა ქვეყანა. საქართველო. ჰმ… საქართველო. 40-იანი წლები. მსოფლიო ომი. საქართველო არ მონაწილეობს ამ ომში. ინგლისის ჯარი. კინოფაბრიკა. იაფი ქართული ფილმები. კრიმინალური დრამები. შავ-თეთრი ფილმები. შლაპები. ცისფერი შლაპა რუხი შლაპაა. საქართველო ცალკე ქვეყანა. ცალკე ამბავი. არ მინაწილეობს მსოფლიო ომში. ქუჩაში ხვრეტენ კომუნისტების აგენტებს. იატაკქვეშა მებრძოლებს. საბჭოთა აგრესიას დაუხვდნენ. 1942 წელი. საქართველო. ტფილისი. კოლაელთა ქუჩა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. არ მინაწილეობს. გენერლის დიქტატურა. ორმხრივი თამაში თურქეთთან და სტალინთან. დიქტატურა. კინოდარბაზი “აპოლო”. იქედან ახლო, სადაც ჩაწოლილა კოლაელთა ქუჩა. სწორედ იქ გადაიღეს ფილმი “ქურდის სიყვარული”. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. სცენარის ავტორი აპოლონ ქვლივიძე. ახალგაზრდა. მწარე რეცენზია გაზეთში. ფილმი მოპარულია! ფილმი მოპარულია! შინააარსი მოპარულია! ესპანურიდან გადმოღებული. თამბაქოს კვამლი. ბოლო რიგიდან დაგორებული ბოთლები. ღვინის ბოთლები, ჭიქები ჯიბეებში.
    სისულელე, რა გადმოღებული! სისულელე! რობერტო არლტის ხსენება რეცენზიაში. გაზეთის მესამე გვერდზე. ვინ იცის რობერტო არლტი! ვინ არის რობერტო არლტი. იმისგან გადმოუღიაო. ესპანეთი მაინც იყოს. არგენტინა. ვინ იცის არგენტინა. კავკასია. საქართველო. ტფილისი. თავისუფალი საქართველოს ოცწლიანი ისტორია. რუსებს გავსთხარეთ თავიანთი ხიშტები უკან ნაწილში. ოცდაერთი წლის წინათ. თან გვიხარია, რუსეთის ხელმწიფე ქართველია. თვალები ჩაუსისხლიანდება, როცა ესმის სიტყვები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
    აპოლონ ქვლივიძე, ახალგაზრდა სცენარისტი. სამ ქალში გარეული. ვინ იცის რობერტო არლტი? საიდან მოიპარავდა?
    – მე არ ვიცი ესპანური. სრულიად.
    ჭიაურელი ხითხითებს.
    – აქ ყველა ქურდი ჰგონიათ.
    გაჭედილი თორმეტი კინოდარბაზი. სამი კვირის მანძილზე. აპოლონ ქვლივიძე და სამი ქალი. დიქტატორს შინ წაუღეს ფილმი. ჭიუარელი მიიწვიეს. შესთავაზა ანტიკომუნისტური ფილმის გადაღება, რომელსაც ყველგან ნახავენ. არ ესმის. ომია. ინგლისი და ამერიკა არ მოიწონებს ანტიკომუნისტურ ფილმს. არა, უბრალოდ ადამიანებზე. ოღონდ ანტიკომუნისტური. დიქტატორი. თხელი ულვაში.
    – მას ჩემი მოკვლა უნდა.
    – ვის? – ჩურჩულებს ჭიაურელი. ხელში ჭიქა, ქინძმარაული. ფრანგული ბოკალი. ძველი ბანტი. უპრეტენზიო სმოკინგი. მხნე კაცი, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.
    – იმას. იმ გორელ ნაბიჭვარს… ვერ მივართვი. საქართველოა. იმ ნაბიჭვარს… დიქტატორს მეძახიან. საქართველოს ვმართავ. რას იტყვით?
    – კომუნისტები უნდა…
    გაჭედილი დარბაზები.
    სულისშემძვრელი ისტორია. საიდუმლო ამბავი. საიდუმლო ნივთი. ნივთი სახელად საბურნუთე. ბურნუთი. ცხვირის ცემინება. გარეუბნების კინოდარბაზები. ჩვენ მუშები ვართ. კონტრაბანდისტები ვართ. გარეუბნის დარბაზები, ღვინის ბოთლები ბოლო რიგებში. ჩუმად შეტანილი.
    – გაგვიმარჯოს…
    – ეს თევზი გამისინჯე…
    კინოდარბაზში. სვამენ და უყურებენ. ბოლო რიგში, მარცხნივ. ალერსს დათანხმებული გოგო. კინოფილმი “ქურდის სიყვარული.” მტკიცედ დაბღუჯული ცხელი ბარძაყი სულ ახლოს. უცხო ბარძაყი. ეკრანზე გრძნობები. შავთეთრად, მიმზიდველად. ვნებები ბნელში, ეკრანის ციმციმგადავლილ დარბაზში. ციმციმში ავარდნილი კვამლის რიგები. საპაპიროსე კინო. პაპიროსები. სინათლე ინთება. ცხელი ხელები. გაგრძელება. ალბათ სადმე, პარკში. გარეუბნის პარკი. გაბედვა. ქალი მზად. კინო. ქვრივი. მონტეკარლოს ვარცხნილობით. კინოდან. ეს ვარცხნა ხვალიდან სალონებში იქნება. სამოცი ათასი მაინც დაჯდება. თავიდან. მერე გაეჩვევიან.
    რობერტო არლტი. ვინ იცის აქ რობერტო არლტი?
    დუქანი “ბუენოს აირესი”, პლაცს დაღმა. რაჭველი. გიორგაძე რაჟდენ. მედუქნე, მოხუცი. რუსების მმართველობა ახსოვს.
    – მე აპოლონ ქვლივიძე ვარ.
    – კი, ჩემო ბატონო… კი შენი ჭირიმე…
    – თქვენზე გამიგია, რომ ყოფილა ბუენოს აირესში.
    – მიცხოვრია, შვილო, კი, ბატონო. ოცდაათი წლის უკან. ჩამოვედი და მიტომ გავხსენი ბუენოს აირეს.
    -რობერტო არლტი გაგიონიათ?
    – არა, ბატონო. რობერტო… რა ხელობის კაცი ყოფილა?
    – მწერალი.
    – არა, ბატონო, ჩვენ პატარა ხალხი ვართ… მწერალი სად გვინახია.
    – მადლობა.
    – ეს კაცი გაზეთში იყო.
    – ალბათ. მწერალი უნდოდა.
    აფიშა: “ქურდის სიყვარული” – სულისშემძვრელობა და სიყვარული, ახალგადაღებულ კინოფაბრიკის ნაწარმში. საქართველო კინოებით ამარაგებს ოსმალეთს, ინდოეთს, სპარსეთს. თამარა მელაძის ფოტოები ქვრივის როლში, მონტეკარლოს თმით. პირველ დღეს, 7654 ცალი გაიყიდა. ბეჭდავენ. ტრამვაის ვაგონი. დიქტატორის სურათი. ხმლით. თამარა მელაძე. ვინც დაწერა, იმის ცოლია. ტყუილია.
    აპოლონ ქვლივიძე და სამი ქალი. სამი თავგადასავალი. ერთი: რესტორან “სიმპატიას” უკანა კაბინეტი. სხვა გემო. შავი ღვინის გემო ტუჩებზე. სამხედროების ბანკეტი გარეთ. გადაკეტილი ურდული. დივანი ორკაციან მაგიდის გვერდით. ამ კაბინეტს ჰქვია რომეო და ჯულიეტა. საბურნუთე, მე მინახავს ასეთი საბურნუთე.
    – მე მეჩვენება, რომ თქვენ ყველაფერს აიოლებთ.
    – პარიზში არ ვყოფილვარ.
    – რატომ აიოლებთ?
    – მე სულ ქვემოდან დავიწყე. მამაჩემი მუშათა სკოლების უფასო მასწავლებელი იყო. მე იქედან დავიწყე. მაღალი საზოგადოება უცხოა ჩემთვის.
    – ჰო, მაგრამ ნუ აიოლებთ.
    – ეს ამბავი ასე იყო.
    ქალი დივანზე. თითქოს მაინც შებოჭილად.
    როდესაც ქურდი და ქვრივი ერთმანეთს კოცნიან, დაცვის რაზმელთა მოსვლის წინ ასე ჩანს: იმათი ფეხები კიბეზე. იმათი ჩექმები და ესენი ოთახში, ფანჯრის ახლოს. ერთმანეთს კოცნიან. ამ დროს დარბაზებში ათასები კოცნიან ერთმანეთს. თვით უცხოეთშიც. მთვარე. შუქი რესტორნის კარიდან გამომავალი. “სიმპატიის” წინ ტაქსები. “ფორდები”.
    – ავეჯიანი ოთახები მიჭირავს.
    – მე ჩემით წავალ… თქვენ შეცდით. რესტორანში, სადაც ოფიცრები ქეიფობენ. კაბინეტში… არ უნდა მიგეწვიეთ.
    – ეს კარგი რესტორანია.
    ოფიცრები.
    ვინ იცის რობერტო არლტი. ვინ იყო არგენტინაში. ვინ იცის ესპანური. სამი ქალი. ერთმანეთში გადაბურდული. მთვარე. მთაწმინდა. ეკლესიის კიდეზე. შავი თმა, საგაზაფხულო მოსასხამი. კვლავ მუხლისთავი.
    – მე არა ვარ ქალების მდევარი. მე…
    სამი არეული თავგადასავალი.
    ბორდელების ქუჩა. უიღბლო რომანები. პოლონელი ქალი ოცდაცამეტ ათასად. აპოლონ ქვლივიძე, დამარცხებული. აპოლონ ქვლივიძე. თიატრი. არა. მთვარის შუქი. არა. ქალები არა. მხოლოდ ფული. დიდი ცხვირი, დაბალი ტანი, მოკლე ხელები. თმა. თმა ყორნისფერი. წარბები და უიმედო გამოხედვა. მსახიობს ყველა ცნობს. დამწერს ვერავინ. მათთვის შეუხედავი. ვიღაც დამწერი. კინოფაბრიკის დამწერი. სიტყვებს მთელი ქვეყანა იმეორებს. ხმიანი კინოს გენიოსი. უბრალო კოსტუმი. საბეჭდი მანქანა. პოლონელი ქალი. ბიდე. ბორდელი. მთვარე. ეს მთვარე მე მივიტანე კინოში. აპოლონ ქვლივიძე. აპოლონ. აპოლონ. რატომ არა??? მე ვინ ვარ? ერთი ოთახი. აპოლონ ქვლივიძე. ქალები. სამი თავგადასავალი. სამი ჭრილობა. სამი ერთდროული თავგადასავალი. მხოლოდ ფულათ. ბორდელში. საათის წიკწიკი. უარი რომანებზე. მხოლოდ ფულათ. მთვარე. დასასრული. მიზეზი თვითმკვლელობისა? ქურდი მურდალო. მურდალო იყო ერთი კაცი ჩვენს ძველ უბანში. რა შუაშია რობერტო… არლტი? ძირის გამოთხრა. პოლონელი ქალის კვნესა და საათის წიკწიკი. ზუსტად საათზე მონიშნული კვნესა. საათი ბორდელში, დაცინვა. დაცინვა! აპოლონ ქვლივიძე. ყველაფერი დავწერე. სკოლის მოწაფეც იმეორებს ჩემს სიტყვებს. აპოლონ ქვლივიძე. დასასრული. აი, ამ ხიდიდან. აი, ამ გადასასვლელიდან. საათი. ქვეყნიერების კიდე. სულ უკანა ჯიბე. ტფილისის. მეტეხი. ეს წყეული ციხე. დიქტატურა. ძირს დიქტატურა. მე ვწერ. ჩემს სიტყვებს ყველა იმეორებს. მათი სურათები იყიდება. მე სიყვარულს მყიდიან. არავინ მჩუქნის. საბურნუთე. ის საბურნუთე. საიდუმლო ამბავი. საიდუმლო ნივთი. საიდუმლო თხრობა. ჩაკეტილი ოთახი. ტელეფონი 19-21. კინოფაბრიკა. ყველას ვჯობივარ.
    ყველას, ყველას, ყველას. ქალები ფრანებს სდევენ, ჰაერის გველებს. არა რომანებს ჩემთან. ყველას, ყველას. მოვძებნი, მოვიპოვებ, დავამარცხებ. მთვარის შუქი. ამ ბორცვს გადაღმა ნამდვილი ტფილისი: კინო შავ-თეთრი, გერმანული, ამერიკული. არა, ტფილისის. საუცხოო ამერიკული. მგზნებარე გერმანული. რა რობერტო არლტი?
    ამოისუნთქე. ამოისუნთქე აპოლონ ქვლივიძე. ამოისუნთქე.
    პაპიროსი ხიდიდან მდინარეში. ანთებული პაპიროსი მდინარეში.
    – 19-21-ია? კინოფაბრიკიდან გაწუხებთ. შეგაწუხებთ, თუ შეიძლება…
    – შეიძლება. მე აპოლონ ქვლივიძე ვარ.
    – დიახ, ბატონო აპოლონ… არის ინტერესი თქვენს სცენარზე, “პირველი სიყვარულის ნაბიჯი”… უნდა შეხვდეთ აგენტს, მერე კიდევ რეჟისორს… მე ვერ მიცანი? გენძეხაძე ვარ. გახსოვს ის დღეები. სარფი იქნება… “ვარსკვლავის” სტუდიის ხალხია. აგენტს შეხვდი… სარფია. კარგი ამბავი გითხარი, როდის დადგამ ბოთლს?
    – არ მინდა…
    – ჰა?
    – არ შევხვდები… აღარ მინდა.
    – რა აღარ?
    – ეგ ამბავი. კინოფაბრიკა. სხვამ დაუწეროს. პრინც ვინმე მაჩაბელმა დაუწეროს…
    – პრინცი მხოლოდ ჯუნგლებზე სწერს.
    – იმაზეც დაუწეროს. . .
    – ალო, ალო… 19-21! შემაერთე ცხრამეტ ოცდაერთთან. დიახაც ოთახი… დიახ… არ გვპასუხობს… დიახაც… დიახ… ქვლივიძე. დიახ… სწორედ ის ქვლივიძე.

    მეორე თავი – პრეზიდენტი

    მთვარის შუქი. ისევ მთვარე მახათას მთის თავზე. მთაწმინდის თავზე. პოეტები. დაცვეთილი მთვარეები. მწერლები. დასუქებული სიამის კატები. მთვარე ამ დილით. მორჩა. გათავდა. ის დღე. კინო? ჰმ… ჰმ… კინოს კრეტინიც გადაიღებს. კინო კრეტინების ხელოვნებაა. კინოში ეს არ გამოვა. მსახიობი მონა უნდა იყოს შენი. ვინ არის მსახიობი. იდიოტი, რომელმაც თავის როლიც კი არ იცის და მექანიკის წყალობით ამოძრავებს ხელებს და ფეხებს. არ გამიგია. ქართული ლიტერეტურა ღატაკია. ცივი ტრაკების შესაფარი ღატაკი გონების. ტრაკი ცხელი მაინც უნდა იყოს. და ამის სიღატაკის გამოხატულება შენა ბრძანდები. ნუ იწყენ. თუ გინდა იწყინე. მე ასე ვლაპარაკობ. შენ ნაწერს მე სცენაზე არასდროს შეუშვებ. თუ მე არ გიკარნახე. ისაც, თუ შეძელი. კარგი ბიჭი ხარ. პატიოსანი. ოღონდაც თაღლითის ხელობაში ხარ. მთავარი თეატრია. თეატრში მთავარი მე ვარ. – ეს შარშანწინდელი ლაპარაკი სანდრო ახმეტელთან. სანდრო ახმეტელი. თიატრის რეჟისორი. საოცრება. გიჟი. ნადირსავით მეფე. ნადირის მეფე. ახლა სად არის? პარიზი გერმანიას უჭერია. ამერიკაში. სწორედ ამერიკაშია. იქ დგამს. მაინც მობრუნდება ევროპაში. როგორ დასცინოდა ქართულ ნაწერს.
    “გონებით ღატაკები. არავითარი სინტეზი. ერთს დაისწავლიან და მისდევენ,” -გიყურებს და დაგცინის. ამერიკაში გაბედავს? ალბათ. დასცინოდა ო’ნილის პიესებს. ო’ნილი არავის გაეგონა იმ საღამოზე. მისამართი. ახმეტელს მივწეროთ. მისამართი. მივწეროთ, რა მოვიპარეთ რობერტო არლტისგან? ვინ არის რობერტო არლტი? მორჩა და გათავდა. ასე შეიძლება გაგიჟდე.
    კვლავაც წვრილი აღწერა გონებაში სამი თავგადასავლისა. სამი ჩაშლილი რომანისა. ერთმანეთზე მიყოლებით. ერთდროულად სამი ქალი. სამი საღამო. ხაზგადასმული. მომავალ შეხვედრისას სამი შემოხედვა: გულცივი ერთისგან, დამცინავი მეორესგან, ბრაზიანი მესამესგან. აპოლონ ქვლივიძე სცენარების მწერალი. “ქურდი და ქვრივი.” ანთებული შუქები კინოდარბაზში. და არავინ. უარი. ყველაფერზე უარი გარდა იმ სიტყვების წერისა, რასაც იმეორებენ გოგონები სკოლაში, ოჯახის ქალები სამზარეულოში, კაცები ლაზღანდარობაში და ბიჭები ძიძგილაობაში.
    დასასრული. წინ არაფერი. საღამო ჟამი. უკანა ეზო. შვიდი ბიჭი აქეთ ამერიკულ კოკარდიან ქუდებით, შვიდი ბიჭი იქით. ორივე გუნდს გამოეყოფა თითო ყოჩი. ერთმანეთს უახლოვდებიან გამოზომილი ნაბიჯით. მათს შუაში ჩნდება ერთი ფეხის დადგმა. ჯერ ერთის სახე ჩანს, მერე მეორის. ჯერ ერთის, მერე მეორის. თბილისის ქუჩა. გარეუბანი. დანა მუჭში. სიტყვები. ამბობს ერთი: დღეს გამოირკვეს.
    მეორე ამბობს: გამოირკვევა.
    და იმეორებენ. თავადაც უნახავს. იმეორებენ. ბიჭები ჩხუბის წინ. დღეს გამოირკვეს. 1938 წლის ფილმი “გაფრინდი შავო მერცხალო.” იმეორებენ.
    და რა?
    კონვერტი. ოქროსფერი ბაფთა კონვერტზე. ხელით ნაწერი, ძველებურად: აპოლონ ქვლივიძეს. არავითარი მოდერნი, ძველებურად. ოცდაჩვიდმეტი წლისა ვარ. არავითარი მოდერნი. ყველაფერი მიდის როგორც ქვეყნიერების პროვინციაში. თავისუფალი საქართველო. აი, დიდი წარწერა რუსთაველის პროსპექტზე. ოცდაერთი წლის თავისუფალი საქართველო. ხმა რადიოში. მარად თავისუფალი საქართველო. მოდერნი. მოდერნი დარჩა მხოლოდ დიქტატორის ლამპასებში. მის საპარადო ფოჩებში. ჭიაურელის ნათქვამი: უშენოდ ვერ გავაკეთებ. შენ საუკეთესო ხარ. ჭიაურელი თავად არის საუკეთესო. მაგრამ რა გვიქნეს? ორასოცდაერთი წლის საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკა. მე მკვდარი. სასაფლაო. დავიწყებული. არავითარი მოდერნი. გვამი სიყვარულების გარეშე. ამაზე ვფიქრობდი. არც ქერა, არც ყორანა, არც ჟღალთმიანი. რატომ? დაბალი და სიმსუქნისკენ მიდრეკილი. თუ რომანები, მხოლოდ მპყრობელ სახეებს. თავგადასავლები მხოლოდ სახალხო სახეებს? ჩვენ: პოლონელი ქალი, საათს დაზომილი კვნესით. ის ვერ მცნობს. ის ქალი ვერ მცნობს. უკვე მეშვიდედ მივედი მასთან. მეექვსედ დავუმატე ორიათასი. ვიტომ კარგი სამსახურისთვის. სულერთია. ნუ დაუმატებ. მოგონილი, რომ პატივი იმაზე მეტად მცა. იმაზე მეტად იკვნესა, ვიდრე სხვასთან.
    – დიდი ბოდიში, ეს არის “ცნობის ფურცელის” რედაქცია? მე ვარ აპოლონ ქვლივიძე. კინოფაბრიკიდან, დიახ. მე მინდა თქვენი კინოს რეცენზენტი. დიახ. ვიცი დიახ, მისი ნამდვილი გვარი. ვიცი. მე მინდა ვკითხო. ვინ ჯანდაბაა რობერტო არლტი? ვინ არის რობერტო არლტი, არგენტინელი? 19-21 დამირეკოს და მითხრას ვინ არის რობერტო არლტი. მეტი არაფერი მინდა. ჭიაურელი საერთოდ არ მაინტერესებს და არც ქება, თუ მეტყვით ვინ ეშმაკია რობერტო არლტი. ყოველგვარი უბედურობის გარეშე. ადამიანურად მინდა ვიცოდე, ვინ არის რობერტო არლტი, რომ ამიერიდან აღარ გადავიწერო მისგან სცენარები.
    ბაფთა კონვერტზე.
    ქურდი სახელად მურდალო. ძველი ნაგანი, ქვრივთან შენახული. დასასრული. მდარე. კონვერტი. ფოსტალიონი. რუხი უნიფორმა. საქართველო დიქტატურაა. სულ უნიფორმა. სამხედრო დიდება. ყვირილის შემტევი ბატალიონი. გაზეთის პირველ გვერდზე ყოველთვის სამხედრო ბატალიონი. ომი შორს, ძალიან შორს. არავითარი მოდერნი. ქართველი კაცის საბრძოლო დიდება. მეტი არაფერი? ახმეტელი ამერიკაში და ოფიცრები. დიდი ქართველი ოფიცრები. ოცდაერთი წლის წინათ. ეს დროშა. შეინარჩუნე საქართველო თავისუფალი. ძირს ბოლშევიკების აგრესია. ფილმი. ფილმები. ეს უნდათ. “უკანასკნელი მეციხოვნე”. რუსი ჯარისკაცები ყველაფერს ააცილებენ, ის კი ყველაფერს მოარტყამს. ბარათი კონვერტში.
    “ძვირფასო ბატონო აპოლონ,
    დაგვდეთ პატივი და გვეწვიეთ დღეს სამშობლოს დიდი გამარჯვების ოცდაერთი წლისთავისადმი მიძღვნილ მეჯლისზე, რომელიც გაიმართება ქალაქის თავის სადარბაზოში, საღამოს მეშვიდე საათიდან.
    ჩაცმულობა სავალდებულოდ სამიღებო. სმოკინგი, ან ფრაკი.
    წინასწარი მადლიერებით, ქალაქის თავი.”
    წადი შენი…
    – აუცილებლად უნდა მოხვიდე… რატომ და იმიტომ… თავად ის იქნება. თავად მეთაური. ამას უყურე… შესაძლებელია მოითხოვოს ჩვენთან გაბაასება. მე უშენოდ არ მინდა. თუ ეს იქნა სახელმწიფო დაკვეთა, მოგეხსენება, პროდიუსერი არაფერში დაგვჭირდება… დღეს კიდევ რეები დაგიტრიალებია ფაბრიკასთან ლაპარაკში. აღარ მათქმევინო…
    ჭიაურელი. ბობოქარი და მოუსვენარი. დიქტატორი. ალბათ კეთილი კაცია. როგორც ყველა დიქტატორი. ეჰ… თბილისის ხალხო!… მაშინ ასე ამბობდა აივნიდან. თფილისის ხალხო!… მე თქვენთვის მინდა ყველაფერი.
    ასეც გამოდის. ორი მხარე. სიბრიყვე. სიკეთე. არავითარი მოდერნი.
    ამოისუნთქე, ამოისუნთქე აპოლონ ქვლივიძე. ასეთი სახელით ჰოლივუდში. აპოლონ ქვლივიძე. რუდოლფო ვალენტინო. სელზნიკი. კლარკ გებლი. დინა დურბინი. აპოლონ ქვლივიძე. ჯონ ფორდი. აპოლონ ქვლივიძე. გრიფიტი. ერის ჩამოყალიბება.
    ამოისუნთქე, დასასრული. ტჰე ენდ. ქართველთა ლაშქარი. ტჰე ენდ. საუცხოო სიტყვა. კლავს კინოს მაყურებელს. ფიქრს უკლავს. უცებ აბრუნებს სინამდვილეში. ის ფიქრობს: რა მოხდა შემდეგ? და ტჰე ენდ. და აინთო შუქი. უცებ გამოგიყვანა კინოს სამყაროდან. თაროდან გამოვარდნილი წიგნები. ერნესტ ჰემინგვეი. “კაცები უქალებოდ.” რობერტ ვინ? ეს მაინც ეთქვა. არცერთ ნოველას ბოლოს არ აწერია ტჰე ენდ. იფიქრე, რამდენიც გენებოს. ტაქსი. მოტორი. ქვაფენილი. თბილისის მთვარე. საიდუმლო ნივთი. საიდუმლო ამბავი.
    შავი ჩოხები. ჩოხები. ხანჯლები. ვერცხლი. ეპოლეტი ვერცხლი. მთვარის მხედრობა. ვერცხლის მხედრობა. თქვენი ულვაშები. გვარდია. პირადი გვარდია. თიატრის გმირი. თიატრი საგუშაგოზე, ჩოხა და ვერცხლი. შავი ახალოხი. ჩოხები ახმეტელის. ძველი ჩოხა. ფართხუნა. ახმეტელი. დადგმა “შენაბრძოლი.” ჩოხები, თითქოს ბალეტის სამოსი. სკანდალი. შეგინებული ჩოხა. კაცის ბარძაყსაც აღარ ფარავს. მოტმასნილია. ტრაკს აჩვენებს. სკანდალი. ახმეტელი მეტეხში. ერთი ღამით. ნაშუაღამევს დიქტატორის ბრძანება. ყველა გადაყენებულია: პროკურორი, მოსამართლე, თბილისის რაზმის უფროსი. სისხამზე, ახმეტელი გამოდის. პიჯაკმოხურული. პერანგის ღილები ჩახსნილი. აჩეჩილი. მეტეხის ალაყაფთან შავი მანქანა. იღება კარი, თვითონ გადმოდის. ახმეტელი ხარხარებს. ისიც. აყვება ხარხარში. პირადი გვარდია ვიწრო ჩოხებში. ჩვენ ერთნი ვართ. მე მომეწონა. შენ? ბიჭი ხარ, დაწერე. მეტეხი დაგავიწყდება. ოკრიბის ციხეებში.
    – რას გავხარ? არ გიძინია? წვერი ვერ გაიპარსე?
    – სმოკინგი ვიქირავე. სუდის ქუჩაზე.
    – ნუ ეძახი სუდის ქუჩას.
    – არც ეს ყოფილა მაღალი.
    – რა გჭირს?
    ადიუტანტი. გაჩახჩახებული დარბაზი. ზრიალი. წკრიალი. მკერდები, ლამის ძუძუები. ადიუტანტი.
    – ჰო, დიახ… ახლავე.
    განზე იწევიან. ატაშეები, სიგარები. თხელი ულვაში. ადრე აპრეხილი იყო. დრომ დაათხელა. მოდამ.
    – აჰ, მიხა, მიხა. რატომ მემალები?
    – აი, თქვენო… აქ ვართ.
    – ეს არის?
    – ეს არის.
    – აპოლონი? კაი ბიჭი ჩანს. კაი ბიჭია. ხო კაი ბიჭია…
    ხელი მხარზე. ხელი მძიმე. უბრალო კაცია. არც ცუდი. შავი ჩოხა. შავი ახალოხი. ზუსტად ისე, როგორც გვარდიას. ოღონდ ეპოლეტი ოქროსი. მზის მხედარი. მთვარის მხედართა მეთაური.
    – შავი ქართველისთვის გლოვის ფერია. დღეს უამრავი ხალხი იხოცება მსოფლიოში. თეთრი როგორ ჩავიცვა? აგრე უთარგმნე… ხო, აპოლონ… მიხა… მიხა ამბობს აპოლონის გარეშე არ ვიზამო. აპოლონ. რას იტყვი? მე გთხოვთ. ძალიან მინდა. ქვეყანას ჭირდება. საქართველოს უნდა. გმირი მინდა. რამე მოიფიქრეთ? შეხედე როგორ სვამენ მუქთა ღვინოს. მე მოვიფიქრე. ასეთ ხმაურს, ღრიალი ჯობია. შრიალს და წკრიალს. გონებას მიშლის. აპოლონ, მიხა… აპოლონ. მე მოვიფიქრე. მოიგონეთ ისტორია, რუსებს რო ვეომეთ, მაგარი ისტორია. ხალხმა თვალი ვერ მოწყვიტოს. ფულს მე ვიშოვი. სინემა მინდა, გმირზე. ოღონდ არ დამიმარცხოთ ბოლოს. სამშობლო. აი, რა მინდა. ხო გესმის, მიხა? კინოფაბრიკა საქართველოს სიამაყეა. ამ ომში გვინდა ომზე. ნამდვილი ისტორია არ მინდა. გმირი მინდა. ვაი, ჩვენი საქართველო, მიხა. სულ ომში. ომის მეტი არაფერი. აპოლონ! რას იტყვი?
    – ჩვენ…
    – კაი ბიჭია. სროლა იცი? ახლა დათვრებიან და ვუცეკვებ რევოლვერებით. ვინ სად გარბოდეს. ქართველი იარაღია. ეს ვაჩვენოთ. ორ კვირაში მომიყევით. მიხა. ხო ხარ პირველი? აპოლონ! მოდი. ფოტოგრაფ! მოდი აქ… გადამიღე კინოფაბრიკასთან. უკეთესი ვინ არი აქა?
    ნათება. ფოტო. სამი კაცი: ერთი სიმაღლის. მარცხნივ – მიხეილ ჭიაურელი. იცინის. მარჯვნივ – აპოლონ ქვლივიძე. ჭიქით. დაბნეული. ოდნავ ელამი. შუაში- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური. გენერალი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. ხალხისთვის ქაქუცა. მეჯლისი ქალაქის თავის სასახლეში. გასროლები გარეთ. პროვოკაცია. კომუნისტებმა პროკლამაციები გადმოყარეს. მშრომელი ხალხის სახელით! მშრომელი ხალხი! ერთი დაჭრილი. ერთი დაჭერილი, ერთი მოკლული. სიმღერის ცდა ფურგონში შეტენვის წინ: ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა გაიშალა! ღამე. მუხრუჭი. რესტორანი. მიხა, ოთხი ქალი. დიპლომატთა წრეებიდან. მაღალი საზოგადოების ბოზები. სანთლები. გულისრევა. ვინ? საბეჭდი მანქანა? ვინ? რობერტო არლტი? ჰმ… ქართველი არ არის. ეს ქალიც არ არის ქართველი. ძნელი არ არის. კარგად გამოგივიდათ “ქვრივი და ქურდი”. არა, არა, არა.
    სახელი? ფსევდონიმი? ფსევდონიმი. ჰმ… მაღალი საზოგადოების მელოგინეს. კურტუაზ. კურტიზან. ფსევდონიმი. ალბათ სწორია. ფსევდონიმი. ხითხითი. დაძაბულობა. ბოკალი გადმოიქცა. “ოტელ ორიანტში” – მხოლოდ აქ არის დარჩენილი მოდერნის ბოკალები.
    კარგით, ფსევდონიმი.
    ჟენვიევ ბლო.
    თუ სახელი?
    ჟენვიევ ბლო.

    მესამე თავი – ის, სწორედ ისა…

    აი, რაც ჩანს სანთლის შუქზე.
    მოციმციმე მხრები. თვალები – მარჯნისფერი. სანთელმა იცის. იტყუება.
    კვლავ ტაქსი. ყვითელი კვადრატების მწკრივი შავ ფერდზე. საიდუმლო. იდუმალება. საიდუმლო ნივთი. ძველი საბურნუთე.
    – მოგწონთ თბილისი?
    – ადრე მომწონდა.
    – ახლა აღარ?
    – ადრე. ძველ დროს.
    ჰმ… ადრე. როდის?
    გაქრება. წავა. ასე ყოფილა. სამი ნაბიჯი. სამი ნაბიჯი და სუნთქვის გემო. დღეს არ იწვიმა. რატომ? დღესასწაულის გამო? თუთა ფანჯარასთან. სწორედ ის თუთა. რტოები.
    – რაც მიყვარს, იმას ვწერ. მთვარე, მაგალითად…
    მთვარე. თუთის ხე. ქვრივი. გაიქცა ქურდი, სახელად მურდალო.
    – როგორ იგონებთ ასეთ რამეებს?
    – ვიპარავ. რობერტო არლტისგან მოვიპარე.
    – თუთაც?
    – თუთა… აი, ამ ფანჯრიდან.
    – მთვარეც?
    – მთვარეც.
    და უცნაურობა. წეღან დამავიწყდა მეთქვა. რობერტო არლტი ორი კვირის წინათ გარდაიცვალა ბუენოს აირესში. ორმოცდაორი წლისა. საუცხოო მწერალი.
    – თქვენ… რა იცით?
    – გაზეთში ეწერა. მატარებელში წავიკითხე. აღმოსავლეთის ექსპრესს კარგი პრესა აქვს.
    – ჰმ… გაზეთში. და რაებს წერს?
    – წიგნებს.
    – და…
    სისულელე. თემები. რობერტო არლტი. მისი ოთახი. შუშაბანდი. თუთა ღია ფანჯარაში. თბილისის მთავარი გემო, ღია ფანჯრები და რტოები, ტოტები, ფოთლები გაზაფხულის ღამეს. ღამის წვიმა. გაჩერებული საათი. წიგნები. კი, ექსპრესიონისტები. განჯინა. ღვინო. ლიკიორი მუცლიან ბოთლში. ჭიაურელის მოტანილი შოკოლადი. ერთი თვის წინათ. ჭიაურელი და პაოლო იაშვილი, პოეტი. იაშვილი მთვრალი, მაგრამ უთრობი. ალალად ეფერებოდა, ბრგე კაცების ფერებით. “ვერლენი” ამბობდა, “ვერლენი”. ჯო ლუისი. ჯო ლუისი? დიახ? ბოქსი. ზანგი. მეზობლის კატა, სახელად წრუწუნა. ყავით მოთხვრილი ბალიშის ყური. ლაქა თითქოს საავადმყოფოდან. ქალი. სისულელე. სულელური თემები. მთავარი იყო ტაქსის შეთავაზება. ის ჩაჯდა.. აქ არის, ამ ქუჩაზე. “ქვრივი და ქურდი”. ყოველი კურტიზანი იტყვის რომ ის ქვრივია. აპოლონ ქვლივიძე კი ქურდია. გაზეთში წერია. რობერტო არლტი. სალუტის დრო. სალუტებს აფეთქებენ მთიდან. ოცდაერთი წლისთავი. ცაზე ოცდაერთი დაიწერება ფეთქებით. რუსთა ძლევის ოცდაერთი წლისთავი. “ქვრივი და ქურდი” . სულელური თემები. ნაბიჯი. შუქი. ღამის ლამპა. დაბალი, სასაცილო. წარბები. ქალი. რამე. თბილისი. გაზაფხული. 21-ე წლისთავი. თავისუფლება. გამარჯვება. სამი თავგადასავალი. სამი დამწუნებელი. ოფლი. ალბათ ოფლი. კბილის ჯაგრისი. ქალი. ეს ქალი.
    – ამ მანქანაზე ბეჭდავთ სცენარებს? ჩქარა გამოგდით? მე ვერ ვპოულობ ასოებს.
    სულელური ხმა. სულელური ხმა დედამიწის ზურგზე. ასე იბადება სიტყვები. უსიტყვოდ. ჩხაკ. ჩხაკ. ჩხაკ. ფხრრრრწ… გაიხა. ცუდად იდო. მას არაფერი გაეგებოდა საბეჭდი მანქანის.
    – აი, გამოვიდა.
    “ჟენვიევ ბლო”.
    – პირველი ჯერისთვის არაუშავს. ჰო.
    ფითრი. ფოლადისფერი სახე. მწვანე, ლურჯი ანარეკლი. ასეც იქნება.
    – რა გჭირთ? ალბათ დაიღალეთ.
    წავა. ყველა მიდის. ტელეფონი. ტაქსის გამოძახება. სასაცილო შარვალი. ღვინო. ლიკიორი. ღვინო.
    – გეყოფათ.
    “ქვრივი და ქურდი.”
    დასასრული.
    და ფიქრი საჭირო არ არის. უცბათ მთავრდება. კარის ხმა. იმპოტენცია. ვითარების მიხედვით.
    სამთა ფოტო. ზეგ. ჩარჩოში. კედელზე. აი, აქ.
    – კარგი კაცია… რა ვიცი. დღეს პირველად ვნახე.
    ჟენვიევ ბლო. არ მიდის. გავლით თბილისში. ისპაჰანისკენ. იქედან, ინდოეთში.
    არ მიდის. ჰო, თუ არა? ნაბიჯი. ხელი. ეს ხელი, ამ ხელზე. თვალები. ხმა კიბეზე. ხმა კიბეზე? ის არ მიდის. ის არ მიდის?
    ჟენვიევ ბლო?
    – ესიგი, კარგი კაცია? მეც დღეს ვნახე პირველად. მოსაწვევი საკონსულოში ვიშოვე. შემთხვევით. ატაშეს ცოლი შეუძლოდ გახდა. ეს ვინ დახატა?
    – ქიქოძემ. ჩემი ამხანაგი იყო. პარიზში მოკვდა.
    მეტეხის ციხე. მთვრალები რესტორნის კართან. ის არ მიდის. არ წავა.
    ალბათ.
    “ქვრივი და ქურდი.”
    ვინ იყო რობერტო არლტი?
    …. . .

    იმ ღამის ეროტიკული ცხრილი აპოლონის მხრიდან, გემოსა და სურნელზე დაფუძნებული:
    კოცნა ყელზე. (თითები გახლართული მარჯნის მძივებში. მძივები სპარსული იყო, მეიდანში ნაყიდი): გემო ოდნავ მწარე. აპოლონს ეგონა, რომ ეს იყო სუნამო პარიზიდან. ეს არ იყო სუნამო. ეს იყო სხეულის ზეთი. პარიზიდან. huile parfumee. კოკო მანჟი. e.coudray. 1822 წლიდან. მთელი 120 წელი.
    კოცნა ტუჩებში. (ფერუმარილი. ალბათ, ისიც პარიზული) გემო უგემური, თუმცა სასურველი. უფრო კი იმ თეთრი ღვინის, განჯინაში ნაპოვნის. ტუჩის კიდეებზე დარჩენილი ალუბლის ლიკიორი. ცარიელი შაქარი. შაქრის გემო. ალუბალი სადღაც შორს.
    კოცნა მკლავისა და მკერდის გასაყარზე. ისევ ის ფრანგული ზეთი. ალბათ. ოღონდაც, სხეულს მაინც რაღაც გემო ჰქინდა. სხვანაირი. რატომ ჩრდილოური? ჩრდილოური იყო.
    კოცნა თმებში. იყო რაღაც დამწვრის სურნელის. გემოთი უგემო. დამწვრის სურნელი ვერ გაიგო აპოლონ ქვლივიძემ. აპოლონ ქვლივიძემ არ იცოდა, რომ თმებს ახვევენ გაცხელებული რკინებით. აქამდე არც უგრძვნია, რომ დამწვარი თმის სუნი ქალს ჰქონდეს თმაზე. პოლონელ ქალს ბორდელში არ ჰქონდა.
    უამრავი საინტერესო. უამრავი რამ ამ გრძელ სიაში, სრულიად მოულოდნელი. სიგიჟე. ოჰ. დიდოსტატობა. ბლობლბობლობობლობოლობოლობლობოლოსდაბოლოსბოლოოოოოოსსავსებითი აღვირთა დაკარგულობა. ოღონდაც სია შეწყვეტილია. ყველაზე დასაწყებ ადგილას. ცენზურა. ზნეობის კომიტეტი. კომიტეტი ქართველობის. გუშაგი ქალ-კაცის ღამეობის გადმოცემის სურვილთან. დამწვარი ვარდის სურნელი. ლექსიკონი ქართული. კომიტეტი მის ფურცლებთან. უხილავი კომიტეტი. ქუქუნი. ქუქუნის აკრძალვები, თავისუფლად გამოსახატად. სია, საუცხოო, იმედი ხვალის. დაცლილობა მსუბუქობის. ოდნავი ცახცახი მხრების, ხელები. სასახსრეებიდან ამოხტომის მსურველი სახსრები მთრთოლავი. სია იწყება ზემოდან და მიდის ქვემოთ. ლიკიორი. ნატრუსი თმა.
    ჟენვიევ ბლო.
    “ქვრივი და ქურდი”.
    გურჯიევი. კვლავ თბილისშია ამდენი წლის შემდეგ. ომში. ყავისფერ პალტოთი. ბეწვის ქუდი. თავი, კვერცხი. საიდუმლო ჩამოსვლაა. ულვაში მთლად თეთრი. უკვე აპრეხილი. მადლიან ადლიანი. გურჯიევი. თვალებით მგმირავი. თვალები ქორებულნი. სიღრმიანი. ერთ ფოტოზე ნახული. გურჯიევი თბილისშია. საიდუმლოდ იღებს მსურველთ. დახურულ კარში. ჩამოფარებულ ფარდაში. ლამპის შუქი ეცემა ატვლეპილ კვერცხზე. თავზე. სიყვითლეს აძლევს. იდუმალებას. საიდუმლოდ. გასაუბრება – ორასიათასი ნახევარ საათს. ჰმ… რა დროს გურჯიევია? ჟენვიევ ბლო. ჟენვიევ ბლო არ არის მიმდევარი გურჯიევის. უბრალოდ იცის. დიპლომატიის წრეებში ნაჭორავები. გურჯიევი თბილისშია. ინკოგნიტოთ. დიდი ყავისფერი პალტოთი. ტიბეტური ქუდებით. ნახაზები მწვანე წითელი, მონიშნული. მთლად საიდუმლო: გურჯიევი დიქტატორს უნდა დაეხმაროს. საიდუმლოდ დგას ავლაბარში. ღამით გამოდის და მიდის სოლოლაკებში. ეს კიდევ კულული. კულული ჟენვიევ ბლოს თმისა.
    აპოლონ ქვლივიძე: ეს მირჩევნია ყოველგვარ გურჯიევს. აი, ეს.
    ჟენვიევ ბლო: საინტერესოა. გურჯიევი ხომ… მე მოგიხერხებ მიღებას. ძვირი კია.
    აპოლონ ქვლივიძე: აქეთ მივიღებ ნახევარ ფასად.
    წვიმის შხაპუნი. სველი ტოტები თუთის შემოჭრილი შუშაბანდში. ზედ თავის საოცარ ზურგით ეკვრის ჟენვიევ ბლო. წვეთები ზურგზე. წითელ ღვინის სურნელება.
    აპოლონ ქვლივიძე: კაცი, ამიერიდან აეროპლანი. ზუსტად ორი ნაბიჯით მაღლა სიარული მიწაზე. ფარფატი და მოქნილი მოხვევა აეროპლანისა. რობერტო არლტ? ვინ? რომელი გაზეთი? სად არის გაზეთი? ჟენვიევ ბლო. აი, ყველაზე უფრო გაზეთი. სამი უარი. ერთი თანხმობა. თანხმობა? არსთშეთანხმება. თანხვედრილობა, თითქოს თბილისში არა ხდებოდეს. აეროპლანი თეთრი. ზედ ორი ზოლით, წითელი და ლურჯი. საფრანგეთი. პარიზი. ბულვრები: რომელიც გნებავთ. ქალები. მოპპასანი. გიუი დე მოპასსან. გამოუვალობა და გამოსავალობა. ეროტიკო. მეტრ დ’ ეღოტიკ. მაჟი დ’ეღოტიკ. მან გამოაღვიძა და გააახლა აპოლონ ქვლივიძე. შეჰღება მთვარის ანარეკლებით და მზის ათინათებით. ჟენვიევ ბლო.
    დიდი საიდუმლო. საიდუმლო ნივთი. საიდუმლო თავგადასავალი. ეს მიანიშნა ქალმა გამთენიას. როცა ოთახი და შუშაბანდი გაჰყო ფარდამ, სქელმა და მძიმემ. მათ არ იისურვეს ნამდვილ სინათლის შემოსვლა.
    ჟენვიევ ბლო უფრო ლამაზი იყო დღის სინათლეზე, ვიდრე ლამპების დამჯდარ შუქზე. ეს მერე შეიტყო. ეს არ იცოდა. დაკვირვება იყო ნაკუწები, გემონი, შეგრძნებანი, ყნოსვა. მარჯანი. ქერცლი. ტელეფონი. 19-21? “ჰემონდის” აპარატი, ჩასუქებული. შავად მოლაპლაპე. ყოველი ნივთი პატრონს ჰგავს: ჟენვიევ ბლო. დიპლომატიას მოდევნებული კურტიზანის ქალი.
    – მართლა არ ვიცი, როდის, – სთქვა ჟენვიევ ბლომ რედიკულში ქექვისას. იქ იდო სავარცხელი, საჩეჩელი, მოწყობილობანი კიდევ უფრო ქალად ქცევისა. – მართლა არ ვიცი. – როდის დამინიშნავენ წასვლას. ეგებ ზეგაც. ტელეფონი? ოტელ “ნოტრ დამი.”
    ვორონცოვის ადგილზეა. დიახ.
    – ოტელ “ნოტრ დამი”. სხვათა შორის ,კარგი სამსახურია. ცხელი წყალი ოთახებში მოაქვთ. ტელეფონი არ მახსოვს. წიგნში იქნება. ოღონდაც ეს პატარა საიდუმლო. დარეკვისას ეტყვი: არც მადამ, არც მადმუაზელ, არც მსიე, არცა სხვა. პირდაპირ პიუტუა მინდა.
    – პიტუა?
    – პიუტუა. კავკიასიელი ძნელად წარმოსტქვამს. პიუტუა. შემოგაერთებენ ჩემთან. ანუ, არ ეტყვი, მეშვიდე ოთახი, მეცხრე ოთახი. პიუტუა. ეს პატარა საიდუმლო შესანახია. მოგეხსენება.
    – ათიათას ამის მეტ საიდუმლოსაც… ყოველ საიდუმლოს.
    ღიმილი, ჩანთა, შლაპა ხელოვნურ ყვავილებით, კენკროვან მტევნით, ჩალის ღეროებით და ჩაღიმება:
    – რაც შენ ნახე, ის საიდუმლო სულაც არ არის… ალბათ, მიხვდი…
    ყოველი მიხვდება.
    აპოლონ ქვლივიძე: საიდუმლო… ამ მხრით. ეს არის სიერა მადრეს საგანძურის აღმოჩენა. რომელიც, გინდა ითქვას, მანამდე სხვასაც აღმოუჩენია? ეს არ არის საფიქრალი. ყოველი კაცი საგანძურს გრძნობს. და…
    კარის ხმა.
    დასასრული ამ ამბისა.

    მეოთხე თავი – პატარა, განცდით

    თფილისის ქუჩა. პაპიროსები. “ძველი სამეფო” – ოქროსზოლდაყოლებული პაპიროსები, ოქროსკანტიან კოლოფში. გვირგვინი. ბიზანტიური. გემო, სრულიად მოულოდნელი, უზმოზე. ჩანს, სხვა გემოთა შემდეგ. კაფე “25 მაისი”, რუსთველის გამზირი. ზოგ მაგიდაზე წინაღამის ნაშთები. ალბად. დაღლილი კაცი. ყავა ვარშავულათ. გაზეთი. ჰე, გაზეთი. გაზეთი. ფოტო. ჰეე. ფოტო. გაზეთი “საქართველო.” მეთაური, თვითონ და მიხა. მეთაურის ადრესი მეჯლისზე. პოლიტიკური სიფრთხილეები. პირველი გვერდი, დაუნანებელი ასოები. შავად გადასრიალებული, ვითომ რკინიგზის ლიანდაგი. გულის აჩქარება. არა გაზეთის, წუხელის. წუხილის. დამარცხების. წუხელის. ჟენვიევ ბლო. ნაპოვნი. ნაპოვნი. მარჯანი. მარჯნის… ეს მერე იყო. მანამდე მარჯანი არ ჩანდა. მარჯანი გურჯიევისა. ნათქვამნი გურჯიევის. გურჯიევი. ქართველიშვილი. კაფეს საათი. აი, მოდერნი. ოცი წუთით უკან. მას, რამდენით? საათი მოდერნის, თუნუქის თეფშზე. თუნუქის თეფში, ლათინური ციფრები. ისრები. კეთილი ცისრები. არა ბასრი. ოცი წუთით უკან?
    – დაღლილი ჩანხარ, – ამბობს ჭიაურელი – პერანგი ახალი. ბანტი ახალი. კოსტუმი მუქი ლურჯი, რუხზოლებდაყოლებული. თვალები ცოცხალი, თითქოს არასდროს სძინავს. სულ ცინცხლად მაცქერალი – დაღლილი ჩანხარ.
    კაფეს რადიო.
    “გერმანიის ჯარების კიევის მიმართულების სარდლობამ…”
    “ბრიტანეთის პრემიერი ლორდი ჩერჩილი აცხადებს”.
    “მოსალოდნელია გართულებანი ეგვიპტეში.”
    “ოსმალეთის მეთაურმა…”
    მუსიკა. მარშები.
    – მართლა აპირებ რადიოსთვის დაწერას?
    – საიდან მოიტანე.
    – რადიოში მითხრეს… აბა, როგორ გათავდა თავგადასავალი?
    პაპიროსები.
    ამერიკული პაპიროსი.
    – გუშინ მისაგზლეს, – ამბობს ჭიაურელი. დამრჩა – რას ფიქრობ იმაზე? თეიმურაზზე. წაიმუშავე. რაღაცა ვუთხრათ, იქ გამოჩნდება.
    ჭიაურელის პორდფელი. პორდფელში წიგნები.
    – ეს თბილისი რა ქალაქია ასეთი? რა უნდათ აქ ფრანგის ჯადოქალებს?
    ხითხითი.
    – ჰა, ჰკარი ნიშანში? გასტეხე ცხრაკლიტული?
    – უმალ ჩემი ცხრაკლიტული გატყდა.
    – ისევ ყავა. ერთი ყავა. რა იყო ასეთი?
    – მაჟინოს ხაზის შემოვლა. გერმანია პარიზშია.
    ტრაბახი.
    ბროწეულის წვენი დიდი ჭიქით.
    – გურჯიევი თბილისში ყოფილა.
    – სულელობა.
    – ყოფილა. საიდუმლოდ. იმას მოუწვევია. ეკითხება.
    – სულელობა. როგორ სწერ ასეთ ადამიანურ ამბებს, როცა ადამიანების არაფერი იცი? რა უნდა ჰკიტხოს ქაქუცამ გურჯიევს?
    – რა ვიცი?
    – ზღაპარია. ეს ქალი ვინ იყო?
    – მადმაზელ ბლო.
    – ბლო, ბლო, ბლო. ბლო… ბლო? დიპლომატიის ძუ ვეფხი? ადე წავიდეთ.
    – რატომ?
    – ადე, ადე… წავიდეთ… გახედე ვიტრინას იქეთ. რობაქიძე მოდის.
    – ვინ?
    – ადე. ვითომ მივდიოდით…
    თეატრის კაფე.
    – ახმეტელი როცა იყო, ჯობდა.
    – ფრთხილათ იყავი. ქალმა არ წაგიტანოს.
    – პიტუა ვინ არის?
    – ვინ?
    – პიუტუა? ოტელ “ნოტრ დამში.”
    – მე რა ვიცი. საგანგებო რაზმი ვარ?
    – პიუტუა. ასე იკითხეო. ბლომ.
    – ბლო. ფრთხილათ იყავი. საქმეში ვართ. ფრთხილათ.
    – რა… ძლივს.
    – არა. სიხარულით. პირი არ მოაღო.
    – ამ გაზეთს რაღა ვუყო?
    – ამოჭერი და გამოაკარი. ისედაც გამოგვიგზავნიან. წაიღე ეს წიგნები.
    – პიუტუა. ავლაბარში. ჰმ…
    კინოფაბრიკა. დერეფანი რეზინის სუნით. კედლის ტელეფონი. მერი პიკფორდის სურათით. არაფერი. იქეთ “ქვრივი და ქურდი.” აფიშები.
    – სთხოვეთ თუ შეიძლება პიუტუას. თქვენი მცხოვრებია.
    – პუტუა?… პუტუა, პუტუა, პუტუა… არა გვყავს ასეთი მცხოვრები.

    მეხუთე თავი – გურჯიევი და ღმერთი

    მაგიდის ლამპიდან გადმოღვრილი ყვითელი სინათლე მართლაც ეცემოდა კვერცხივით თავს გიორგი გურჯიევის და ამ თავს შუქის მეშვეობით ეფინებოდა იდუმალება მხოლოდ ლამპის შუქით განათებულ ოთახში.
    გურჯიევს ეცვა შავი ჩინური პერანგი, გარდიგარდმო გადაბნეული და ჰქონდა ძალიან მოვლილი, აფუებული ულვაშები. ეს ულვაშები იყო ისეთი, როგორიც გენერლებს ჰქონდათ. 40-იან წლებში მათი მოდა აღარ იყო. ალბათ გურჯიევი შავგვრემანი იყო, შუქქვეშ კი ყვითელი. მაგიდაზე, ლამპის გვერდით იდო ქოთანი, რომელშიც ფული ჩადო აპოლონ ქვლივიძემ. გურჯიევმა არ შეხედა ქოთანს და ფულის ჩადებას.
    გურჯიევი თუ უკან გადაიხრებოდა, მისი კვერცხივით თავი აერიდებოდა შუქს და ბნელში გავიდოდა, თუ წინ გადმოიხრებოდა, კარგად აირეკლავდა შუქს და დიდ მოაზროვნის ღონიერ ძალას აჩვენებდა.
    -რა გაინტერესებს? – ჰკითხა გურჯიევმა აპოლონს.
    – ჟენვიევ ბლო. ასეთი ქალი. შვიდი დღის წინათ ვნახე. მერე დავინახე და ვერსად ვიპოვე.
    – ამისთვის პოლიცია არსებობს, – თქვა გურჯიევმა – საიდან გაიგე რომ თბილისში ვარ?
    – მან მითხრა, იმ ქალმა. და მომცა მისამართი. მითხრა, რომ ჩემ მაგივრათ დანიშნა შეხვედრა…
    გურჯიევი დადუმდა. თვალებით აპირებდა გაენადგურებინა აპოლონ ქვლივიძე. ჩააჯინდა და გამომცდელად უყურებდა. რას უპირებდა, აპოლონ ქვლივიძე ვერ მიხვდა.
    გურჯიევის ჩაჯინებით შემოხედვა თითქოსდა ნიშნავდა მისი იდუმალი და ბრძნული ძალის ჩვენებას და შემდეგი ლაპარაკის ამ ძალის ფონზე წარმართვას. ოღონდ, აპოლონ ქვლივიძე არ ფიქრობდა, რომ გურჯიევისგან უნდა რაიმე სულიერება. მას აინტერესებდა, იცოდა თუ არა, გურჯიევმა, თუ ვინ არის ჟენვიევ ბლო და ამისთვის იხდიდა ორასიათასს და არა იმიტომ, რომ გურჯიევის მეცნიერებათა ზემოქმედება მიეღო და ეფიქრა აღმოსავლეთის დამალულ მოძღვრებებზე. ეტყობა, ეს არ იცოდა გურჯიევმა და აპოლონ ქვლივიძე თავისი სეანსის კლიენტი ეგონა.
    აპოლონ ქვლივიძემ არ იცოდა, თუკი რაიმე იცოდა გურჯიევმა მის შესახებ. და ვერც იმას მიხვდა, მიხვდა თუ არა გურჯიევი, რომ მისმა დაჟინებითმა შეხედვამ იმოქმედა, თუ არა აპოლონ ქვლივიძეზე.
    – ჯენვიავ… ბლო, – თქვა გურჯიევმა.
    – დიახ… ჟენვიევ ბლო. ვფიქრობ, საფრანგეთის საელჩოსთან უნდა იყოს დაკავშირებული. ვიშის წარმომადგენლობასთან.
    გურჯიევმა გაიღიმა. მთლად გადაუყვითლდა კვერცხივით თავი, გლუვი, როგორც ნათალი ქვა ორნამენტების გარეშე.
    – ჟენვიევ ბლო, – თქვა ჩაფიქრებით – რაში დაგჭირდა?
    – მე ის ვნახე და…
    გურჯიევმა წარბები აზიდა, თუმცა, არ ეტყობოდა წარბების აზიდვა, იმიტომ რომ უწარბო იყო.
    – ესეიგი, შენ ნახე ჟენვიევ ბლო, – სთქვა რბილად – ჟენვიევ ბლო… უცნაურია. მე ის ბოლოს ვნახე ოცდახუთი წლის წინათ. მე თბილისში ვცხოვრობდი ორმოცდაათი წლის წინათ და მერე ოცდახუთი წლის წინათ. მე ორივეჯერ ვნახე ჯენვიევ ბლო, მაგრამ ახლა არ მინახია.

    ჟენვიევ ბლო ისე უხდებოდა ტიფლისს, რომ ოთახიდან არც გამოდიოდა. მას რომ ქუჩაში იმდენი ევლო, რამდენსაც უბრალონი დადიან, ტიფლისი დაინგრეოდა.
    მგონია, რომ ჟენვიევ ბლო ოკეანის ქარბორბალამ აიტაცა შორეული მარჯნის რიფიდან და თან ააყოლა კორალის ქერცლი, მისი ტანის ხენდროსფერი ციმციმი. რატომ ჩამოვარდა ის ტიფლისში, ტიფლისმა იფიქროს. ეს საიდუმლოა, რომლის პასუხიც მე მაქვს, მაგრამ საიდუმლოს თქვენ გიტოვებთ. ეს საიდუმლო ისეთივეა, როგორც მისი გაუხდელი კორსეტის საიდუმლოება. თუმცა, ის რაც ამოსკდებოდა ამ გაუხდელი კორსეტიდან, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ფეხშიშველ კაცს მთელ ღამეს ევლო თოვლზე და მიეღწია ორი ლამპით განათებულ ოთახამდე, სადაც წვრილკანჭებიან სავარძელში იჯდა ჟენვიევ ბლო.
    ჟენვიევ ბლო დღის სინათლეზე უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ნაშუაღამევს. ეს კი შეუძლებელია. მე არ მჭირდება შენი დათანხმება. ეს ასე იყო. ჟენვიევ ბლო. კარგად ვიცნობდი ამ სახელსა და გვარს. სახელი და გვარი. განა ეს ნიშნავს რაიმეს? ჩინეთში ასი მილიონი ჩანია. შვეციაში უამრავი სვენ ანდერსონი. ერთხელ ამერიკაში მიმიწვიეს ჯონ სმიტთა საზოგადოების სხდომაზე, საპატიო წევრად. იქ იყვნენ მთელი ამერიკის ჯონ სმიტთა საზოგადოების დელეგატები. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. ისინი არავინ არიან, იმიტომ რომ ვერ განიცდიან თავიანთ სახელსა და გვარს. ამიტომ ისინი არ არსებობენ როგორც სახელები და გვარები. ისინი არსებობენ როგორც ჭიანჭველები. სხვას არავის რქმევია ჟენვიევ ბლო.
    თფილისი არის ნავთსადგური შავი წვიმების. აქ არ არის ზღვა, და არის პორტი. ყველა ვერ შეამჩნევს. თუ იგი გაქრა აქედან, მაშინ გასცურა გემით, რომელსაც ჰქვია, ფერენ ჟოზეფ მირილა.
    ჟენვიევ ბლო და ორი ათასი ულვაშიანი კაცი. და ყოველ შემდეგ ჯერზე ის უფრო ლამაზი იყო და უფრო ცინცხალი. ლამპის ყვითელი შუქი მხოლოდ მალავდა მას. ეს შუქი იყო მისი ჩადრი.
    აპოლონ ქვლივიძე უსმენდა.
    – მომისმინე…თ… და ის ვინ არის, მერე რომ ვნახე?
    – შენ არ გინახავს. შენ შეიცანი – თქვა გურჯიევმა მოჭრილად – ეს იყო ჟენვიევ ბლო და მან შენ ამოგარჩია. ის ყოველთვის თვითონ ირჩევდა. ოთახიდან გამოუსვლელი, საკერავ მანქანასთან მჯდომარე. რატომ ამოგირჩია მან შენ მისთვის ნაცნობ ქალაქ თფილისში? აი კითხვა. რატომ მობრუნდა ის კვლავ ტფილისში? ეგება არც წასულა სადმე და სულ აქ იყო? აი, კითხვა და ისინი კი არა, შენ რომ ჩამოამწკრივე. სად არის?… ის ყოველთვის ტიფლისშია, თუნდაც აქედან გასცუროს.
    ეს უპირვლესი თაღლითია დედამიწის ზურგზე. ორასი ათასი ლამაზ ზღაპრისთვის. და არაფერი. ზღაპარი გასულ საუკუნის მეძავ ქალზე. აღმიწერს ტულუზ-ლოტრეკის ნახატებს. შტერი.
    – როგორ მოაწყო მან ჩემი შეხვედრა თქვენთან?
    გურჯიევი უკვე აღარ უცქერდა მას. თითქოს კითხულობდა უხილავ გაზეთს.
    სასაცილო კითხვა. შეკითხვა.
    შენ ვინა ხარ, საგანგებო რაზმის უმცროსი ოფიცერი?
    მეოთხე გზის კაცი არ გასცემს პასუხს ასეთ კითხვას.
    – გმადლობ…თ…
    მან საფულე ამოიღო. ძველი, შავი საფულე.
    – ამ სეანსისა გადახდილია, – სთქვა უცებ გურჯიევმა.
    – ვის მიერ?
    დაბნეულობა. ოღონდ, ყველაფერი მისახვედრია.
    ჰო, მაგრამ მე უკვე გადავიხადე. ორმაგი აიღო.
    – მან შენ ამოგირჩია – გურჯიევის თავი ისევ შეიმალა სინათლის საზღვარს იქეთ. ულვაში. მხოლოდ თეთრთოვლა ულვაში.
    – ეს, რას ნიშნავს? – აპოლონ ქვლივიძე შლაპას ჭმუჭნიდა.
    – არ ვიცი… – სთქვა გურჯიევმა – ყველანი მოკვდნენ. ის კი ცოცხალია. რატომ დაბრუნდა თფილისში? თუ, არც წასულა…
    შლაპა. ფიქრნი მის ქვეშე. რამდენი ჩაეტევა შლაპის ქვეშ? მთელი მსოფლიო.
    საღამო. და უფრო, ღამე.
    ათასობით ადამიანი ოცნებობს გურჯიევთან ლაპარაკს. მე კიდევ… ასე უბრალოთ. გურჯიევი. ერთგვარი ხელოვნურობა. ნაყინი კრემით, ოღონდ პლასტმასის კოვზი. გინახავს პლასტმასის კოვზები? ამერიკულები. რაღაც ამგვარი. ზღაპარი, თქმულება, იგავარაკი, მითი, ლეგენდა… ანეკდოტი. მოვძებნოთ საბურნუთე. ნავთსადგური თფილისში. თაღლითი. ან ეგებ მხოლოდ თავის ფულებს გამოიმუშავებს? პრეზიდენტი. გურჯიევი.
    შეუძლებელია. და ვინ იცის? გიჟები არიან. ეს მეთაურნი. წინამძღოლნი და წინამბრძოლნი. საჭიროა სიმტკიცე. და ეძებენ. გაზაფხული. დიაღ, გაზაფხული. ნამდვილი. თფილისმა იცის გაზაფხულის მოტანა როგორც ლანგარზე, შემოწოდება ლამაზი კერძივით. ორიოდ კვირით. მეტი, არაფრით. როგორც ხენდროს სეზონი.
    – თქვენ ხართ აპოლონ ქვლივიძე?
    ჰმ, სადარბაზოსთან მელოდა.
    კაცი შავ სამღვდელოში ლანდოდან გადმოხტა.
    – მე ვარ მდივანი მისი უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსის ელიასი. მეუფეს სურდა თქვენთან ლაპარაკი…
    – ჩემთან?
    რა საღამოა. რა ხუმრობაა. უფრო კი, ღამე. სად წავიღე პაპიროსები? ძველი სამეფო.
    – დიაღ, თქვენთან.
    – დაუყოვნებლივ?
    – რასა ბრძანებთ. ხვალე. დილიდან. მეათე საათიდან… ჩვენ ავტოს გამოგიგზავნით.
    – და რა…
    ბორბლების მსუბუქი ჩახრიგინება. სადარბაზო. უკაცო ქუჩა. გაზაფხულის ღამე. მეუფე ელია. ფოტოზე მინახავს. წვერი. არა ბიბლიური. უფრო, ძველ ფოტოების.
    – ჩემთან? აპოლონ ქვლივიძესთან?
    – დიაღ, თქვენთან.
    ჰმ.
    – 11 13. შემაერთეთ მეშვიდე ბინას… ე, მიხა… მე ვარ. მომაკითხეს… მეუფე ელიას კაცმა… რას დამცინი?
    სად არის? სად? რამე უფრო მაგარი.
    არა, არა.
    სულ სიცრუეა. დიდი სიცრუე. გადავკრათ. ილლიუზია. ილლუჟენ. იქნებ პირქუში, იქნებ ნათელი. ილლუზიონ. ბლო. მოვძებნოთ. გურჯიევი. ცრუობს. შავი წვიმები. უხილავი. უჩინარი. ნავთსადგური? რას ამბობს ეს მეტაფორა? აღმოსავლური დაგრეხილობა. იმიტაცია. სად არის ახმეტელი? აი, ხელოვნება. გურჯიევი უნიჭო. დამბნევი, კაცის წამშლელი, რომ მოიჯეჯილოს თვითონ. მე ვარ ევროპა, მე ანგარიში ვარ. მე ვარ სუფთა გონება. ორი ხელი. ორი ფეხი. ტვინი. მე მისტიკა არ ვარ. მე ვარ პარიზი და ლონდონი. მე ვარ ანტვერპენი თავის გემებით. ენერგია და მოძრაობა… მე ვარ ნიუ იორკ. მე ვარ დარვინი და ბოკლი… მე ვარ ედისონი. არა ბრაჰმანი და დერვიში.
    – უნდა შევხვდეთ… ასეთ რამეზე ტელფონში… აჰ, ვიწექი უკვე. ვკითხულობდი ნოველებს. აპოლინერის. წაგიკითხავს? ნამდვილი უმაღლესი ნაწერი. ოქროზე ვითომ… მოდი ქიმერაში ნახევარ საათში. იქ ღია იქნება. არ კეტავენ… რა? გეზარება? მაშ ნუღარ რეკავ შენი ეფისკოპოზებით შუაღამის კიდეზე. ეს უბრალო საქმე არ არის. ცოტა გესმის…
    ჭიაურელმა ყოველთვის ყველაფერი იცის. მან იცის პოლიტიკა.
    ბლო.
    – შენ მაგაზე ფიქრობ? წვერცანცარებზე ლაპარაკობ და მაგაზე ფიქრობ…
    კარგი რამეა. სავსეა ტერასა ქიმერას კაფეში. ინგლისელი ოფიცრები. ჩვენები.
    – აგე ის ქალი ჰგავს იმ ბლოს? არც მახსოვს, როგორია. ერთხელ მინახავს, -ხითხითებს ჭაიურელი – ვერ გაძეხი. ერთი ჯერი არ გეყო. გულუბრყვილო ხარ. ასეთები ერთი ჯერის გამოვა. მეტი არა… შეგიყვარდა? ტი ამო? ჩვენ ხო არ გვიყვარდება. ჩვენ რაღაცაზე მივდივართ. ღმერთო ჩემო, აპოლონ ქვლივიძე შეყვარებული. ერთი თვით, თუ მეტ ხანს? ერთი თვე დიდი დროა. არ არის აქ არანაირი გურჯიევი. მივიკთხ-მოვიკითხე… არ ვიცი, არა. დაგსიზმრებია, მაშ რა. საით იყურები?
    თითო ჭიქა თეთრი ღვინისა. პაპიროსები. გაღიმება კვამლის იქედან.
    – შენ არ გესმის ასეთები. არც იცი. მე ადრეც ვაპირებდი. ეხლა უკვე მეგობარი ხარ იმისი. ხალხი ასე ხედავს. სურათი ნახეს… მეგობარი ხარ შენა… ეგ იოლი ვერ არის. მეც მეგობარი ვარ. ჩვენი ფოტო. პირველი გვერდი. ეხლა მისმინე, ჭკვიანო… სანამ. სანამ მიხვალ იმ წვერბიანთან, უნდა შეატყობინო საგანგებო რაზმს… როგორ, როდის? დღე ღამის ნებისმიერ წამს. ეგ მეუფე შინიდან ვერ გამოდის. აკრძალული აქვს. თითქმის ტუსაღია. მეხუთე წელიწადია. აკრძალული აქვს ქადაგება. იცი, სად არის პატრიარქი? აააა… გამარჯობა. წმინდა გიორგის მონასტერში. მთებში. ცხოვრობს, როგორც ბერი. უკვე მეშვიდე წელიწადია. მართლა არ იცი? კინაღამ ტუსაღია ისიც… მართლა არ იცოდი? მთავრობა მარტო ელაპარაკება ნიჩბელ ეპისკოფოზს. და კიდევ ვიღაცას. დამავიწყდა ეგეც… შენა. შენ სად ცხოვრობ? რას ნიშნავს, არ ვიცი?… ან უნდა დარეკო, ან არ მიხვიდე. ან მიხვიდე და მერე დარეკო…
    – ვის, როგორ?
    ჭიაურელი ჩაფირებულია.
    – გაეხვიე, რაღა… რა ჯანდაბათ დასჭირდი? იმასთან არავინ დადის.
    – ეკლესიებში ხალხი სავსეა.
    – ეგ სხვა არი… აქ კიდევ პოლიტიკა…
    – პოლიტიკა ხარ თუ, კინო?
    ლამაზად ეწეოდნენ. ორი ვარსკვლავი კინოფაბრიკის. ომი. ინგლისური ნაწილები. აგე, სქოთლანდელები.
    – ცხვირსახოცები მიყვარს, რომლებიც ჰგავს სქოთის მსრორელთა კაბებს… –აქვს კონტრაბანდისტებს…
    – დასარეკია…
    – შიგნით არის ტელფონი. სად რეკავ?
    – საგანგებო რაზმში.
    – არასდროს ცხოვრებაში…
    – როგორც იტყვი… ოღონდ არ ჩააგდო ჩვენი შეკვეთა… ძალიან მიყვარხარ ქვლივიძე. ძალიან. ვხედავ, რომ ყველას ჯობიხარ. მაგრამ არ მინდა რომელიმე ქვედურეთში წავიდე კინოდარბაზის დირექტორად. მე ჭიაურელი ვარ. დიდ კინოს გადავიღებ, ერთი დღე მოვა. მსოფლიო კინოს. და ერთათ ვიქნებით… ნუ იცინი ასე დაჯღანული სიმწარით… ფრთხილათ იყავი, გეხვეწები. იტალიაში გადავიღებთ. აგერ ნახავ. ამერიკაში გადავიღებთ… ოღონდ ფრთხილათ იყავი… მაცადე, გავაღწიოთ აქედან.

    ოხუნჯები უფსკრულის პირზე

    ინგლისელი მზვერავის, სერ ნიკოლას მიდოუს ოლდინგტონ ფეარის წიგნიდან “დედამიწის სამ მეოთხედზე”, ლონდონი, 1991

    ეგებ ვინმეს უცნაურადაც კი მოეჩვენოს, რომ კაცი, რომელმაც ცხოვრების ორმოცდახუთი წელიწადი მიუძღვნა საგარეო დაზვერვასა და საიდუმლო ოპერაციებს, თავისი წიგნის მთელს თავს უძღვნის ამბებს, რომლებიც მოხდა თბილისში: მეორე მსოფლიო პოლიტიკისთვის არცთუ დიდმნიშვნელოვან ქალაქში.
    ნიკოლას, განა უკეთესი არ იქნებოდა, ეს გვერდები პოლიტიკის შესახებ უფრო ღრმა ფიქრებისა და ამა ქვეყნის ძლიერთა რაობის შესახებ საუბრისათვის დაგეთმო? ნებისმიერ თქვენგანს შეეძლო ეთქვა ეს სიტყვები, რომლებიც პირველმა ჩემმა ცოლმა თქვა.
    მე კი ვფიქრობ, რომ მემუარები ავტობიოგრაფია არ არის და არც გაწეული სამსახურის ანგარიში, რაც ასე აინტერესებს ხოლმე ჩვენი დროის მკითხველს. არამედ, უფრო ისაა, რაც გულში დარჩება ხოლმე და ათწლეულებს გადასწვდება და ამიტომ, თბილისი და მისი მოუხელთებელი მელანქოლია, შეზავებული ალალი ღიმილითა და ერთგვარი მარად ცოცხალი სიმძიმით წარსულისა, ჩემში იმგვარად დარჩა, რომ იქაურობას ტურისტადაც რამდენჯერმე ვწვევივარ, ბოლოს კი გასულ გაზაფხულზე ვიმოგზაურე.
    დიახ, მოხუცებს უყვართ მზე და მელანქოლია. მაშინაც კი, როცა მთელი მათი ცხოვრება მათივე გულიდან სინაზის გამოჭყლეტას ცდილობდა.
    შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა არც თბილისი და არც ეს პატარა ქვეყანა, რომელიც საკმაოდ უცნაურ გეოპოლიტიკურ გზებზე ძევს.
    ეს ადგილები ვერ შეცვალა, ვერც ნახევარმა დუჟინმა პრიმიტიულმა დიქტატორმა, რომლებიც აქ ხელმწიფობდნენ, ვერც ნაირგვარი იერის ოკუპაციებმა, ვერც თანამედროვე დემოკრატიულმა მმართველობამ.
    ამ ადგილების უცნაურობა ჩემთვის იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ ექვემდებარება პოლიტიკას. ეგებ ამიტომაც მიუწევთ გული იქეთ ჩემი ყაიდის ადამიანებს, იმათ, ვინც შიგნიდან იციან უხილავ საქმეთა მთელი სიბინძურე და ასე ენატრებათ ურთიერთობათა სისადავე.
    ჩემი პირველი მივლინება თბილისში 1943 წლის გაზაფხულზე იყო და სირთულის მიხედვით ყველაზე დასამახსოვრებელიც გამოვიდა.
    იქ კარგ ამხანაგთან ერთად ჩავედი. მას ჩემს წიგნში ჰასტინგსს ვუწოდებ, რადგან იმათგანი არ იყო, ვინც მემუარებს წერს და რაიმეს მოყოლა უყვარს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ის… განყოფილებაში მუშაობდა და ჩვენს წრეებში აღიარებული იყო განსაკუთრებულ ხასიათად.
    მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ტერიტორიაზე ჩვენი ჯარი იდგა, თუმცა ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა, რომ იქ გერმანული დივიზია მდგარიყო.
    აღმოსავლეთის ფრონტის მთელი მრავალმხრივობა და უკიდეგანობა, ისევე როგორც სიხლისღვრა, საკმაოდ შორს იყო ამ ადგილებიდან, მაგრამ სტალინის მძლავრი და საშინელი ფიგურა მარადიული ჩრდილივით წამოსდგომოდა თავს ამ ქვეყანას, რაც საკვირველი სულაც არ არის. ერთიც, რომ სტალინი აქაური იყო და მეორეც, ეს იყო ყოფილი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი იშვიათი ტერიტორია, რომელიც ვეღარ შეიერთა წითელმა რუსეთმა.
    როგორ მოხერხდა ეს, მაშინ არ ვიცოდი. ომის პირველივე დღეებიდან, პოლონეთის ვერაგული განაწილების, ბალტიის და დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდგომ, სტალინისა და ჰიტლერის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ტრანსთბილისის რკინიგზის თაობაზე ჩიხში შევიდა. ქვეყნის გაყოფა ძნელი იყო. ჰიტლერს მთელი რკინგიზა უნდოდა. ასევე სტალინსაც.Aაღმოსავლური ნავთობის ახალი საბადოებისკენ სავალ გზაზე იყო ლაპარაკი.
    არ ვიცი როგორ გაიღვიძეს იმ დილით ჰიტლერმა და სტალინმა, მაგრამ ალბათ ორივეს მსწრაფლ შეტყობინეს, რომ მთელი ტრანსთბილისური რკინიგზის გასწვრივ ინგლისელი ჯარისკაცები იდგნენ.
    მე თუ მკითხავთ, ეს ოპერაცია დღემდე რჩება ჩვენი სამხედრო უწყების ყველაზე დახვეწილ ნამოქმედარად. ერთ ღამეში მთლიანდ დავიკავეთ და უსაფრთხოება ვაჩუქეთ პატარა ქვეყანას, რომელიც უკვე გრძნობდა ორი მხეცის სისხლიან სუნთქვას.
    ახლა ასეთი ოპერაციები ლამის ჩვეულებრივ საქმედ ითველება და ამას ტექნიკურ საკითხს უწოდებენ ხოლმე. მაშინ კი, ეს პირველად მოხდა.
    თანდათანობით თბილისი საერთაშორისო შპიონაჟის ერთ-ერთ გადასასვლელ პუნქტად იქცა. ამაში რაღაცით სტამბოლს დამსგავსებული, ის უფრო წყნარი და თვალში ნაკლებსაცემი იყო. ჩვენი რეზიდენტურა იქ საუცხოოდ მუშაობდა, თუმცა, ჩვენი პირველი ჩასვლისას, მეც და ჰასტინგსსაც მიგვითითეს, რომ რეზიდენტურისთვის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მიგვემართა. ანუ ჩვენ კონტაქტი რეზიდენტთან არავის უნდა შეემჩნია და მისი ანალიზი არ უნდა მოეხდინა.
    ჩვენ ინგლსელების იერი უნდა გვქონოდა, ოღონდ ისეთი ინგლისელებისა, რომლებიც ეგებ სულაც არ მუშაობენ ტახტისთვის, არამედ, რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. სასურველია, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის.
    ამ ქვეყანას მაშინ მართავდა გენერალი ჩოლოყაშვილი. პრეზიდენტი, რომელსაც შვიდ წელიწადში ერთხელ ირჩევდნენ და გამუდმებით ირჩევდნენ, სრულიად განსაკუთრებული პიროვნება იყო იმ დროისთვის. სრულიად ერგებოდა ეპოქის დიქტატორულ მოდელს.
    ახალგაზრდობაში რუსეთის სამეფო არმიის ოფიცერი იყო და პირველ მსოფლიო ომში თურქეთის ფრონტზე იბრძოდა. დაიჭრა, დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და ორდენებით.
    რუსეთის რევოლუციის შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად დაშალა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი და ქვეყანას აურჩეველი დიქტატორივით მართავდა. 1922 წელს, წითელმა რუსეთმა, რომელიც ჩოლოყაშვილის ქვეყანას რუსეთის განუყოფელ ნაწილად თვლიდა და თან მისი რეჟიმი სძულდა, როგორც მკვეთრად ანტიკომუნსიტური, ინტერვენცია წამოიწყო.
    მრავალმხრივ, ეს ინტერვენცია წითლებისთვის წარმატებით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მომენტის თავისებურება ის გახლდათ, რომ ჩოლოყაშვილს და მის ერს ცხრა დღეს უნდა გაეძლოთ, მანამდე, სანამ ერთა ლიგის ის კრება არ გაიმართებოდა, სადაც საქართველოს ამ თანამეგობრობაში მიღების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.
    გენერალი მზად იყო: მთელი ქვეყანა უზარმაზარ პარტიზანულ ბანაკად გადაექცია. როგორც თავად ამბობდა, მისი ერის წარსულის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით. თავის მხრივ ლენინი, ტროცკი და სტალინი, რომლებსაც დამარცხების მწარე გაკვეთილი მიეღოთ პოლონეთში, ფიქრობდნენ, რომ კვირა ეყოფოდათ.
    ერთა ლიგამ ქვეყანა თავის რიგებში მიიღო, წითელი ინტერვენცია დაეხმარა კიდეც გენერალს. ტროცკის ჯარებმა დატოვეს ქვეყანა, პროპაგანდამ კი ეს ამბავი უზარმაზარი წითელი კაციჭამიას პატარა ერთან დამარცხებად დასახა.
    1924 წელს იყო კომუნისტური გადატრიალების მცდელობა, მაგრამ გენერალი მოერია მას. ის ქვეყანაში სამხედროთა კულტს ამკვიდრებდა: ეყრდნობოდა თავისი ქვეყნის ლეგენდარულ ისტორიას და ტრადიციონალიზმს, რაც თავისი ქვეყნის მისეული აღქმა უფრო იყო, ვიდრე სინამდვილე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ცოტა არ იყოს სხვაგვარი ტრადიციები მიგრძვნია, ვიდრე მას წარმოესახა.
    თუმცაღა, მე ამ ქვეყნის მმართველი არ ვიყავი და არც კაბინეტი მქონდა თბილისის სასახლეში. მე უბრალოდ, ბრიტანელი მზვერავი გახლდით, რომლის დახმარებაც გენერლის სამსახურს დასჭირდა. ოცდაათი წლის განმავლობაში, გენერალი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი მსოფლიოში, რომელიც ღიად გამოხატავდა უპატივცემულობას სტალინის მიმართ და ევროპელი პოლიტიკოსების ვერანაირი თხოვნა, ოდნავ შეერბილებინა ტონი დიადი ძია ჯოს მიმართ, უშედეგო იყო.
    ხელისუფლების დერეფნებში გაიგონებდით, რომ ამ ორს შორის, სუფთა ემოციური პრობლემა არსებობს და სტალინი, რომელიც ასე მოხერხებულად მართავდა ნახევარ მსოფლიოს, რამდენჯერმე, სრულიად შეშლილი და გონებაარეული ითხოვდა ექვსასი ბომბდამშენის ცაში აშვებას და ამ ქვეყნის რუკიდან გაქრობას. მხოლოდ მისიანების ცივი გონება და საბოლოო ჯამში, მისივე პრაქტიკული ტვინი გადაარჩენდა ხოლმე ქვეყანას, რომელსაც სულ რვა ჰარიკენის თვითმფრინავი ჰყავდა. ქვეყანა, რომელსაც გენერალი მართავდა, სტალინის სამშობლო იყო. ეს ყველამ იცოდა.
    ჩემი მივლინების დროისთვის, გენერალი კარგად ერკვეოდა და მოქმედებდა რთულ პოლიტიკურ ვითარებაში და თავიც ყოჩაღად ეჭირა. ისე, რომ ჩვენი ჯარისკაცების ზურგსუკან მდგომს, სისულელე ნამდვილად არ ჩაუდენია. ჩვენი მივლინების მიზანი კი მისი საგნაგებო სამსახურების დახმარება იყო. მათ ბოლომდე უნდა მიეყვანათ მრავლასაფეხურიანი ოპერაცია, რომელიც წითელი დაზვერვის წინააღმდეგ წამოეწყოთ.
    წითლების საბოლოო მიზანი გენერლის ლიკვიდაცია იყო.
    როგორც ლონდონში ამიხსნეს, ჩვენ მეორე პლანის მსახიობებად ვჭირდებოდით. სცენის ერთგვარი, ახალი გმირები უნდა შევქნილიყავით, რომლებიც ახალ ხაზს შეიტანენ ხოლმე წარმოდგენაში.
    დეტალებზე არაფერი უთქვამთ, რაც მიღებული ამბავი იყო ასეთ შემთხვევაში, მაგრაამ რახან ჩემი მეწყვილე მერვე განყოფილებიდან იყო, ცხადი შეიქნა, რომ საქმე სუფთა ვერ იქნებოდა. მაშინდელი მერვე განყოფილების ბიჭებს სროლის უფლება ჰქონდათ. უფრო ზუსტად, ისინი იქ მიდიოდნენ, სადაც სროლა მოუწევდათ.
    ჯაშუშური რომანების მკითხველებს ჰგონიათ ხოლმე, რომ მზვერავებს ხშირად უწევთ სროლა. მინდა ვამცნო მათ, რომ მზვერავებს თითქმის არასდროს უწევთ სროლა: იმ შემთხვევების გარდა, როცა რაღაც დიდი აურზაური ხდება. მერვე განყოფილების ბიჭები კი ჩემს დროს სწორედ იმ ოპერაციებზე იგზავნებოდნენ, რომელთა შედეგებიც თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც სასიკვდილო. ან, თუ განსაზღვრული არ იყო, იგულისხმებოდა, რომ შედეგი, შესაძლოა ასეთი იყოს. ისინი არ ისროდნენ ავტომატებიდან. ჰასტინგსს საერთოდ არ უყვარდა იარაღი. დანა, ან ზონარი. ფხვნილი ან ლურსმანი… ჩამონათვალს ბოლო არ ექნება.
    ბევრი რამ იყო საინტერსო თბილისში ჩვენი ჩამოსვლის დღეს <...>
    <...> იმ ძალიან მყუდრო კაფესი ჩვენ შევხვდით პოლკოვნიკ ლავრენტ ბერიას.
    – ბერი? – ჩაეკითხა ჰასტინგსი.
    – ბერია, – უპასუხა მან, ეშმაკური ჩაცინებით და თან მელოტ თავზე გადაისვა ხელი.
    – ეს გვარია, თუ სახელი? – ჰასტინგსს უყვარდა სერიოზული ლაპარაკისას სახელოდან ერთგვარი ქედმაღლობის და ირონიის გამოცურება.
    – წოდებაა. სამხედრო წოდება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, – ახლაც მახსოვს სიავის ის ძლივს შესამჩნევი ნაპერწკალი, რომელმაც ამ კაცის სათვალის შუშებზე გაირბინა, თუმცაღა პასუხს ერთი შეხედვით ალალი სიცილი ახლდა.
    პოლკოვნიკი ბერია ხისტი და არანაკლებ დამცინავი კაცი გამოდგა, ვიდრე ჩვენი ჰასტინგსი. თუმცაღა, ძალიან სწრაფად და გასაგებად შეგვიყვანა საქმეში. ინგლისურად თითქმის გამართულად ლაპარაკობდა, მაგრამ მე იმ დროს ჯერ მიჩვეული არ ვიყავი ადგილობრივთა აქცენტს. თუმცა, პოლკოვნიკის სიტყვების მარაგი საკმარისი იყო.
    ჩვენ ცოტა არ იყოს უკამყოფილონი დავჩით იმით, რომ აქეთ ჩრდილოეთ აფრიკის და სტამბოლის გავლით წამოვჩანჩალდით, ამხელა გზა გამოვიარეთ და ის, რასაც პოლკოვნიკი გვთხოვდა, იმდენად უბრალო რამ იყო, რომ ამხელა გზის გამოვლა არც კი ღირდა. ამას ყოველი უცნობი გარეგნობის ადამიანი შეასრულებდა, თუკი რამდენიმე საგნაგებო ქცევას და მოქმედების წესს შეასწავლიდნენ. მოკლედ, გზის აბნევის ოპერაციაში ვმონაწილეობდით.
    გვევალებოდა რუსული ქსელის ყურადღება მიგვექცია ჩვენი მოქმედებებით, რომელთაც არანირი რეალური მიზანი არ ექნებოდა, მაგრამ რაღაც სერიოზულის იერი კი ედებოდა. ამით სივრცეს გამოვუთავისუფლებდით ადგილობრივებს, რომლებიც თავიანთი ოპერაციის გადამწყვეტ ფაზას ამზადებდნენ და მიზნად რუსული დივერსიული ქსელის განადგურებას ისახავდნენ. ამ ქსელის მიზანი კი, როგორც აღვნიშნე, გენერლის ლიკვიდაცია იყო.
    ჩვენ გაგვიკვირდა, რომ პოლკოვნიკმა ბერიამ შეხვედრა სახალხო ადგილას დაგვინიშნა და ჩვენთან საიდუმლო საქმეზე ლაპარაკისას ყოველწუთს სალამს ისროდა მარცხნივ და მარჯვნივ. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს სრულიად გასაიდუმლოებული ფიგურა იყო და მთელს ამ უზარმაზარ ომს რუსულ ქსელთან, სწრედ ის ხელმძღვანელობდა.
    მითუმეტეს საკვირველი იყო, რომ ასეთი კაცი, ყოველგვარი დაცვის გარეშე კაფეში ზის და ესაუბრება იმ ქვეყნის უხილავი სამყაროსთვის სრულიად უცნობ ადამიანებს თავისი ქვეყნის უმთავრესი ხიფათის, პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ. მაგრამ სწორედ ეს გახლავთ ამ ქვეყნის ერთ-ერთი თავისებურება. შემდგომში, როცა ჩვენ კარგი ნაცნობები შევიქენით, მე ვკითხე კიდეც პოლკოვნიკ ბერიას, რატომ შეგვხდა კაფეში და არა თავის დაცულ კაბინეტში.
    პასუხი სრულიად მოულოდენლი იყო:
    – ერთი, რომ დრო არ მქონდა, და თქვენსა და ვახშამზე ცალ-ცაკე ვერაფრით გავანაწილებდი. ამიტომ, გავაერთიანე ეს ორი საქმე. თანაც, ჩემი კაბინეტი სრულიად გამოუსადეგარი იყო ისეთ დიდოსტატებთან შეხვედრისთვის, როგორებიც თქვენ იყავით. მაშინდელი ჩემი ოფიციალური თანამდებობა იყო, თბილისის პარკების მთავარი მებაღე და კაბინეტიც შესაბამისი მქონდა… ბუჩქები, ბოლქვები, ნახაზები…
    მაშინ არ ვიცოდი, რომ იქაური კონტრდაზვერვის სამსახურის სრული უმრავლესობა შენიღბულად მუშაობდა საკუთარ ქვეყანაშიც კი. მკითხველი იოლად წარმოიდგენს, რარიგ რთული იყო უხილავი ომი წითლებთან.
    რაც შეეხებოდა რუსულ ქსელს, პოლკოვნიკმა იქვე წარმოგვიდგინა მისი სქემა. ის ორსართულიანი იყო. ზედა სართულზე რეზიდენტურა მუშაობდა. სწორედ მისი თვალთახედვის არეში უნდა მოვქცეულიყავით ჰასტინგისი და მე. რეზიდენტურა შეგვისწავლიდა, რამდენადაც კი შეეძლო და ყოველივეს, რასაც ღირებულად ჩათვლიდა, სარდაფში ჩააწოდებდა, იმ განყოფილებას, რომელიც გენერლის ლიკვიდაციის ოპერაციას ახორციელებდა. რახან საბჭოებს საელჩო კი არა, წარმომადგენლობაც არ ჰქონდათ თბილისში, ყველაფერი იტკაქვეშეთში მიმდინარეობდა. უფრო სოწრად, კი ჩრდილოეთ-სამხრეთის ორმხრივი კრედიტის საზოგადოების ნიღაბქვეშ. ეს დაწესებულება ოფიციალურად წარმოადგენდა თბილისში რამდენიმე კონცესიას, რომლებშიც ჩაბმულიყვნენ ვითომდა საბჭოთა რუსეთიდან გაქცეული ემიგრანტები, ანდა მათი შთამომავლები. ჯგუფების შემადგენლობა საინტერესო იყო. თუმცა, პოლკოვნიკმა ბერიამ გაგვაფრთხილა, რომ მათ არა აქვთ სრული ინფორმაცია სარდაფის მკვიდრთა შესახებ. ანუ, დივერსიული ჯგუფისა თითქმის არაფერი იციან. თუმცა, ჰყავთ ცნობილი პერსონაჟებიც <. .>.

    დასასრული იქნება

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პროზა (თარგმანი)

    მარგერიტ იურსენარი – "ცეცხლი"

    მარგერიტ იურსენარი
    “ცეცხლი”
    წინასიტყვაობა
    ფრანგულიდან თარგმნა ილია გასვიანმა
    წინასიტყვაობა

    ვერ ვიტყვი, რომ ცეცხლი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი წიგნია: ის 1935 წელს დაიწერა; მე მაშინ ოცდათორმეტი წლის ვიყავი. ნაწარმოები 1936 წელს გამოქვეყნდა, შემდეგ კი, 1957 წელს, თითქმის შეუცვლელად, მეორედ გამოიცა. ასევე არაფერი შემიცვლია ამ გამოცემის ტექსტშიც.
    ცეცხლი, რომელიც სასიყვარულო კრიზისის ნაყოფია, წარმოადგენს სასიყვარულო ლექსების კრებულს, ან, თუ გნებავთ, იმ ლირიკულ პროზაულ ნაწარმოებთა სერიას, რომლებიც ერთმანეთთან სიყვარულის გარკვეული ცნებით არიან დაკავშირებული. როგორც ასეთი, ნაწარმოები არ საჭიროებს არანაირ განმარტებას, რადგან ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელიც მსხვერპლს თავს ატყდება, როგორც სენი და, იმავდროს, როგორც მოწოდება, მუდამ გახლდათ ადამიანთა პირადი გამოცდილება და, ამასთან ერთად, ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გაცვეთილ თემათაგანი. დიდი-დიდი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ, ისაა, რომ ყოველი განცდილი სიყვარული, მსგავსად იმ სიყვარულისა, საიდანაც ეს წიგნი იშვა, ერთ კვანძად იკვრება, შემდეგ კი იშლება მოცემულ სიტუაციაში, იმ გრძნობათა და გარემოებათა რთული ნაზავის დახმარებით, რომელნიც რომანში, როგორც წესი, თავად თხრობის ქარგას ქმნიან, ხოლო ლექსში – ხოტბის ათვლის წერტილს. ჩემს წიგნში ეს გრძნობები და გარემოებები გადმოცემულია ხან პირდაპირ, – თუმცა კი საკმაოდ დაშიფრულად, და ეს ხდება ცალკეული “ფიქრებით”, რომელნიც თავიდან, მეტწილად, პირადი დღიურის ჩანაწერებს წარმოადგენდნენ, – ხანაც, პირიქით, არაპირდაპირ – იმ მოთხრობებით, რომელთაც ლეგენდებსა თუ ისტორიას დავესესხე და რომელნიც პოეტისათვის ერთგვარ საყრდენებს წარმოადგენენ დროში სამოგზაუროდ.
    ყველა ის მითიური თუ რეალური პერსონაჟი, რომლებიც ამ მოთხრობებში არიან გამოყვანილნი, ანტიკური საბერძნეთის შვილები არიან, გარდა მარიამ მაგდალელისა, რომელიც იუდეურ-სირიულ სამყაროს წარმოადგენს – სამყაროს, სადაც ქრისტიანობა ჩამოყალიბდა და რომელიც აღორძინებისა და ბაროკოს ხანის მხატვრებს მშვენიერი კლასიკური არქიტექტურის, თვალწარმტაცი ფარდაგებისა და ლამაზი შიშველი სხეულების ქვეყანად წარმოედგინათ, რის გამოც ეს უკანასკნელნი შესაძლოა იმაზე მეტად იყვნენ რეალისტები, ვიდრე ჰგონიათ. სხვადასხვა ხარისხით, ყველა ეს მოთხრობა ათანამედროვებს წარსულს; უფრო მეტიც, ზოგიერთი ამ მოთხრობათაგანი იმ შუალედური ეტაპებითაა შთაგონებული, რომელიც ამ მითებმა და ლეგენდებმა გამოიარეს მანამ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდნენ, ასე რომ, საკუთრივ “ანტიკური” “ცეცხლში” ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ნაკლებად შესამჩნევი პირველი ფენა. ფედრა არამც და არამც არ გახლავთ ათენელი ქალბატონი; ეს ის მგზნებარებით აღსავსე დამნაშავე ქალია, რომელსაც რასინის ტრაგედიიდან ვიცნობთ. აქილევსი და პატროკლე დანახულნი არიან არა იმდენად ჰომეროსის პოემის ჭრილში, რამდენადაც იმ პოეტების, მხატვრებისა და მოქანდაკეების თვალით, რომლებიც განფენილნი არიან ჰომეროსულ ანტიკურობასა და ჩვენს ეპოქას შორის; ეს ორი მოთხრობა, რომელიც აქა-იქ XX საუკუნის ფერებითაა შეფერადებული, უეპოქო ონირულ სამყაროში გადადის. ანტიგონე აღებულია ისეთად, როგორიც ბერძნულ დრამაშია, მაგრამ ყველა იმ მოთხრობიდან, რომელიც ცეცხლში ერთმანეთს მოსდევს, უკანონო ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული ამბოხისა და სამოქალაქო ომის ეს კოშმარული ხილვა შეიძლება ყველაზე მეტადაც კი იყოს დატვირთული თანამედროვე თუ ლამის წინმსწრები ელემენტებით. ლენას ისტორია შთაგონებულია იმ მცირედით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი ამავე სახელის მატარებელ კურტიზან ქალზე, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 525 წელს მონაწილეობა მიიღო ჰარმოდიუსისა და არისტოგიტონის მიერ მოწყობილ შეთქმულებაში, მაგრამ თანამედროვე საბერძნეთის ლოკალური ფერი და ჩვენი დროის სამოქალაქო ომების გამოძახილი ამ მოთხრობაში თითქმის მთლიანად ფარავს VI საუკუნის სარჩულს. კლიტემნესტრას მონოლოგს ჰომეროსულ მიკენში შეაქვს 1924 წლის ბერძნულ-თურქული კონფლიქტისა თუ დარდანელის სრუტის უგუნური ოპერაციის დროინდელი სოფლური საბერძნეთი. ფედონის მონოლოგი აგებულია იმ ცნობაზე, რომელსაც დიოგენე ლაერტელი გვაწვდის სოკრატეს ამ მოწაფის სიყმაწვილეზე; ამ მოთხრობაში, 1935 წლის ღამის ათენი ალკიბიადეს დროინდელი წარჩინებული ახალგაზრდებისათვის ასერიგ საყვარელ ათენს ერწყმის. მარიამ მაგდალელის ისტორია ეყრდნობა ოქროს ლეგენდაში მოხსენიებულ გადმოცემას (რომელსაც ღვთისმოშიშებით გამსჭვალული ამ კრებულის ავტორი უარყოფს, როგორც არასარწმუნოს), რომლის თანახმადაც ეს წმინდანი ქალი წმინდა იოანეს საცოლე უნდა ყოფილიყო, რომელიც იოანემ მიატოვა და იესოს გაჰყვა; ამ მოთხრობაში წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთი – მოთხრობაში, რომელიც აპოკრიფულ სახარებათაგან განზე დგას – არის გუშინდელი დღისა და, საერთოდ, ოდინდელი ახლო აღმოსავლეთი, თუმცა მეტაფორებსა და სემანტიკურ ორაზროვნებას, აქა-იქ, ანაქრონული მოდერნიზმი შემოაქვს. საფოს თავგადასავალი საბერძნეთს უკავშირდება იმ მეტად საკამათო ლეგენდით, რომლის თანახმადაც საფოს თითქოს თავი უნდა მოეკლა ერთი მშვენიერი, მაგრამ უგრძნობი ყმაწვილი კაცისადმი სიყვარულის გამო, მაგრამ ჩემი საფო, ეს აკრობატი ქალი, ორ მსოფლიო ომსშუა პერიოდის ინტერნაციონალური გართობა-სიამოვნების სამყაროს ეკუთვნის და გადაცმის ეპიზოდი უფრო შექსპირის კომედიებს უკავშირდება, ვიდრე ბერძნულ თემებს. მრავალჯერადი ექსპონირების მეტად მკაფიო, წინასწარგამიზნული გამოყენება ცეცხლში, ყველგან ერთმანეთში ურევს წარსულსა და აწმყოს, რომელიც თავის მხრივ წარსულად იქცა.
    ყოველ წიგნს ატყვია თავისი დროის ანაბეჭდი და კარგია, როცა ეს ასეა. ნაწარმოების განპირობება მისი დროით ორგვარად ხდება: ერთის მხრივ, თავად ეპოქის ელფერითა და სურნელით, რომლითაც ავტორის ცხოვრება მეტ-ნაკლებადაა გაჟღენთილი; მეორეს მხრივ, – განსაკუთრებით, როცა საქმე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერალს ეხება, – ლიტერატურული გავლენებისა და თავად ამ გავლენების წინააღმდეგ რეაქციათა რთული თამაშით; აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მუდამ ადვილი როდია ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ურთიერთშეღწევის ეს სხვადასხვა ფორმები. მოთხრობაში ფედონი, ანუ თავბრუსხვევა, მე ადვილად აღმოვაჩენ პოლ ვალერის ნეტარებით აღსავსე ჰუმანიზმის გავლენას; ეს ჰუმანიზმი თავისი ლამაზი იერით აქ იმ მგზნებარებას ფარავს, რომელიც არანაირად არაა ვალერისეული1. ცეცხლის ტექსტისთვის დამახასიათებელი მოუთოკავი სიშმაგე გახლავთ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი რეაქცია ჟიროდუს წინააღმდეგ, რომლის დახვეწილი, პარიზული საბერძნეთი ისევე მაღიზიანებდა, როგორც ყველაფერი ის, რაც სავსებით შორს დგას ჩვენგან და, იმავდროს, ძალიან ახლოსაა. დღეს მე ვხვდები, რომ თანამედროვე გემოვნებასთან შეხამებული ანტიკურობის საერთო ფონი ყველასათვის მისაღებს ხდიდა, ყურადღებიან მკითხველს თუ არ ჩავთვლით, ძალზე დიდ განსხვავებას ფრანგულ ტრადიციასთან მშვენივრად მორგებულ ჟიროდუსეულ სამყაროსა და იმ უფრო ბოდვით სამყაროს შორის, რომლის დახატვასაც ვესწრაფვოდი. მე კოკტო მომწონდა; ამ მისტიფიკატორისა და ჯადოქრის გენიის მიმართ უფრო მგრძნობიარე ვიყავი, თუმცა გული მომდიოდა იმაზე, რომ იგი ასე ხშირად იმცირებდა თავს და უბრალო ილუზიონისტის ფოკუსებამდე დადიოდა. გამომწვევი გულახდილობა იმ ადამიანისა, რომელიც ცეცხლში გველაპარაკება, ნიღბით იქნება ეს თუ უნიღბოდ, მისი კადნიერი სურვილი მიმართოს მხოლოდ უკვე შეძენილ თუ დაპყრობილ მკითხველს, წარმოადგენს ზოგიერთ რთულ და ძალდაუტანებელ კომპრომისთა წინააღმდეგ ამხედრებას. კოკტოს პრეცედენტმა უდავოდ გამბედაობა შემძინა საიმისოდ, რათა ლირიკული კალამბურის ძალზე ძველი ხერხი გამომეყენებინა, რომელსაც დაახლოებით იმავე ხანებში, ოღონდ მცირე განსხვავებებით, სიურრეალისტებმა მიმართეს. არა მგონია, ამგვარი ვერბალური გადატვირთვანი გამებედა, – ეს გადატვირთვანი ცეცხლში იმ მრავალჯერად თემატურ ექსპონირებას პასუხობენ, რაზეც ზევით ვილაპარაკე, – ჩემთვის ამის მაგალითი არა მარტო წარსული ხანების, არამედ ჩვენი დროის პოეტებსაც რომ არ მოეცათ. სხვა მსგავსებანი, რომელნიც გარეგნულად თანამედროვე ლიტერატურულ შეხებათა ნაყოფი ჩანს, გამომდინარეობენ თავად ცხოვრებიდან, როგორც ეს ახლახან მივუთითე.
    ამგვარად, სანახაობის სამი სახეობის – ბალეტის, ესტრადისა და კინოს – სიყვარული, რომელი სიყვარულიც საერთო იყო იმ თაობის ახალგაზრდებისათვის, ვინც 1935 წელს დაახლოებით ოცდაათი წლისანი იყვნენ, მიგვანიშნებს, რომ მოთხრობაში აქილევსი, ანუ სიცრუე, კოშკის კიბეზე აქილევსისა და მიზანდრას თავბრუდამხვევი დაშვების ტიპიურად ონირული თხრობა ერთგვარად ერწყმის ლამის ფრთებგამობმული ბარბეტის მიერ ჰაერში შესრულებული ეკვილიბრისტული ნომრის დესკრიფციას – ბარბეტისა, რომელსაც უკან ფრიალით მოსდევდა ხოლმე გამარჯვებათა კლასიკური საბურველი და რომელიც მე წლების მერე კვლავ ვნახე ფლორიდაში, სადაც იგი, თავისი საზარელი დაცემის შემდეგ დასახიჩრებული, ეკვილიბრისტიკის ხელოვნებას ასწავლიდა ბარნუმის ცირკში; ან კიდევ, მოთხრობაში ფედონი, ანუ თავბრუსხვევა, კაბარეში შესრულებული ცეკვა ემსგავსება მნათობთა ცეკვას. მოთხრობაში პატროკლე, ანუ ბედისწერა, აქილევსისა და ამორძალის ორთაბრძოლა არის დიაგილევისა თუ მასინის დადგმებით შთაგონებული და, როგორც ეს კინემატოგრაფშია, ცალკეულ კადრებად “დაჩეხილი” ბალეტი ბაროკოს სტილში, რაც ასევე დამახასიათებელია შიშნარევ თამაშთა ამ ატმოსფეროსთვის. მოთხრობაში ანტიგონე, ანუ არჩევანი, მე მივმართავ ერთგვარ წინსწრებას, რომელიც, მართლაც რომ, ეპოქას ეხმაურება, ხოლო სინათლის კონები, რომლებიც წიგნის სცენაზე კვალდაკვალ მიჰყვებიან მთავარი სიუჟეტის განვითარებას, ცოტაც და, საკონცენტრაციო ბანაკთა ავბედით პროჟექტორებად იქცევიან. ამგვარმა მგრძნობიარობამ პოლიტიკური საფრთხისადმი, რომელიც მთელ სამყაროს ემუქრებოდა, მეორე მსოფლიო ომისწინა პერიოდის ზოგიერთ პოეტთან და რომანისტთან უდავო კვალი დატოვა; ბუნებრივია, რომ ცეცხლში, როგორც იმავე ეპოქის ამა თუ იმ სხვა, მსგავსი განწყობის წიგნში, აშკარად დავინახავთ მომავალ საშინელებათა აჩრდილს.
    ქვემოთ მოცემული ანალიზი უდავოდ არაფერს მოგვცემს, გარდა წმინდად ბიოგრაფიული ნაშთისა: ალბათ მხოლოდ ჩემთვის თუა მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ მოთხრობის – საფო, ანუ თვითმკვლელობის დაწერა აზრად მომივიდა პერაში, ვარიეტეში ნანახი ერთი წარმოდგენის შემდეგ, დაწერით კი დავწერე ბოსფორთან მდგარი სატვირთო გემის გემბანზე, სადაც ჩემს სმენას ერთი პოპულარული ამერიკული მისამღერი სწვდებოდა, რომელსაც ჩემი ბერძენი მეგობრის გრამოფონი დაუსრულებლად იმეორებდა: “He goes through the air with the greatest of ease, the daring young man on the flying trapeze”.2 ასევე ძალზე ნაკლებადმნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს კომპონენტები შეერია ლეგენდას ანტიკური ხანის პოეტ ქალზე; მოგონებას აღორძინების ხანის სამასკარადო კოსტუმებზე; იმ ყველაზე მშვენიერი სტრიქონების გამოძახილს, რაც, მე მგონი, საერთოდ დაუწერია ბანვილს, ვირტუოზ-ფანტაზისტ ავტორს იმ ლექსისას, რომელშიც იგი ჰაერში მოსიარულე კლოუნს გვიხატავს; დეგას საუცხოო ნახატს და, ბოლოს, იმ კოსმოპოლიტურ სილუეტთა გარკვეულ რიცხვს, რომელნიც იმ დროს ირეოდნენ კონსტანტინოპოლის ბარებში. მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული, და არა სხვა სახის, განმარტების ამ ჭრილში ღირს ალბათ იმის შენიშვნა, რომ ცეცხლის ათენი გახლავთ ის ათენი, სადაც დილაობით ჩვევად მქონდა ძველთაძველი სასაფლაოსკენ გასეირნება – ამ სასაფლაოს “კერამიკის” სასაფლაოს ეძახდნენ, რომელსაც სარეველა ბალახი მოსდებოდა, საფლავები კი მიეტოვებინათ – და ყოველ ჩემს დილის გასეირნებას ფონად გასდევდა მახლობლად მდებარე ტრამვაების დეპოდან მომავალი ჭრიალი; ათენი, სადაც ფანერისაგან შეკოწიწებულ ქოხმახებში, მკითხავები სიამოვნებით გიმარჩიელებდნენ თურქული ყავის ნალექზე; ათენი, სადაც ახალგაზრდა კაცებისა და ქალებისაგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელთაგანაც ზოგიერთს, სულ მალე, უცაბედი ან ნელი სიკვდილი ეწერა, გრძელ, უსაქმოდ ხეტიალში გასულ ღამეს ემშვიდობებოდა, – ღამეს, რომელსაც ერთგვარ ტონუსს ჰმატებდა, შიგადაშიგ, ესპანეთის სამოქალაქო ომზე ანდა გერმანული კინოს ვარსკვლავისა და მისი შვედი მეტოქის შესაბამის ღირსებებზე კამათი, – ხოლო ღამის გასრულების შემდეგ ახალგაზრდების ეს ჯგუფი, რომელიც ცოტათი შეეთრო ღვინოსა და ტავერნებში აჟღერებულ აღმოსავლურ მუსიკას, იმის საყურებლად მიდიოდა, თუ როგორ ეფინებოდა პართენონს თავზე გარიჟრაჟი. ოპტიკური ეფექტით, რომელიც თავისთავად მართლაც რომ ბანალურია, ეს საგნები და ადამიანები, რომელნიც მაშინ ჩემს იმდროინდელ რეალობას წარმოადგენდნენ, დღეს იმაზე შორეულნი და დროის დინებით წარხოცილნი მეჩვენებიან, ვიდრე ის მითები თუ ბუნდოვანი ლეგენდები, რომელთაც, ერთი წამით, ის ახალგაზრდები მივაკუთვნე.
    სტილისტური თვალსაზრისით, ცეცხლი დაწერილია იმ დაძაბული და კაზმული მანერით, რომელიც იმ პერიოდში მახასიათებდა კლასიკური თხრობის ლამის უკიდურესობამდე მოკრძალებულ სტილთან ერთად. დღეს მე შორსა ვარ როგორც ერთისგან, ისე მეორისგანაც, და ერთგან დაწვრილებით ვლაპარაკობ იმაზე, თუ რა მიმაჩნია კვლავაც საუკეთესო თვისებებად ფრანგული კლასიკური თხრობისა, ვნებათა მისეული აბსტრაქტული გამოხატვისა, იმ მოჩვენებითი თუ რელური კონტროლისა, რომელსაც ამგვარი თხრობა მოითხოვს ავტორისაგან. ცეცხლის ღირსებათა ან შეცდომათა წინასწარგანჭვრეტის გარეშე, ასევე მინდა იმის აღნიშვნაც, რომ ამ ლექსების ლამის გადატვირთული ექსპრესიონიზმი, უწინდებურად, მიმაჩნია აღსარების ბუნებრივ და აუცილებელ ფორმად, კანონიერ მცდელობად იმისა, რომ ემოციის სირთულიდან ან, თუ გნებავთ, ამავე ემოციის მგზნებარებიდან არაფერი დაიკარგოს. ეს ტენდენცია, რომელიც, ყოველ ეპოქაში, ჯიუტად ინარჩუნებს თავის ადგილს, ან კვლავ იბადება ყველა ერის ლიტერატურაში, მიუხედავად პურისტული ან კლასიკური გონივრული შეზღუდვებისა, დაჟინებით ცდილობს – თუმცა, ეს მცდელობა შეიძლება ქიმერულიც კი იყოს – ტოტალურად პოეტური ენის შექმნას, ენისა, რომელშიაც მაქსიმალური მნიშვნელობით დატვირთული ყოველი სიტყვა თავის მნიშვნელობებს გამოაჩენს, ისევე როგორც გარკვეული განათების ქვეშ ვხედავთ ხოლმე ქვების ფოსფორესცენციებს. აქ კვლავ საქმე ეხება გრძნობის ან იდეის დაკონკრეტებას იმ ფორმებით, რომელნიც თავად იქცნენ პრეციოზულ ფორმებად (თვითონ ეს სიტყვაა მრავლისმთქმელი), იმ ძვირფასი ქვებივით, რომლებიც თავიანთ სიმკვრივესა და სიკაშკაშეს იმ ლამის აუტანელ წნევასა და ტემპერატურას უნდა უმადლოდნენ, რომელიც გამოიარეს; ან კიდევ, საქმე ეხება ენისაგან აღორძინების ხანის რკინის ნაკეთობათათვის ჩვეული მოქნილი გრეხილების მიღებას – იმ ნაკეთობებისა, რომელთა რთული წნულები თავიდან მხოლოდ გავარვარებული რკინა იყო და მეტი არაფერი. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ამგვარ ვერბალურ გამბედაობაზე მიდის, მუდმივად ცდომილებისა და უკიდურესობამდე მისვლის რისკის ქვეშ დგას, მსგავსად კლასიკურ ლიტოტებზე გადადებული მწერლისა, რომელიც გამუდმებით ეხება მშრალი ელეგანტურობისა და სიყალბის საფრთხეს.
    თუკი მკითხველი ხშირად მხოლოდ პრეციოზულობას ხედავს, ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით, იმაში, რასაც მე სიამოვნებით ვუწოდებდი ბაროკოს სტილის ექსპრესიონიზმს, ათიდან ცხრა შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ პოეტმა მართლაც გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად განცვიფრების, მოწონების ან არმოწონების სურვილისთვის დაეთმო; ზოგჯერ ამის გამოა, რომ იმავე მკითხველს არ შეუძლია ბოლომდე მიჰყვეს იმ იდეასა თუ ემოციას, რომელსაც პოეტი სთავაზობს და რომელშიც იგი, სრულიად უსამართლოდ, მხოლოდ ნაძალადევ, ყალბ მეტაფორებს ან გულცივ სიტყვათა თამაშს ხედავს. არა შექსპირის, არამედ ჩვენივე ბრალია, თუკი მაშინ, როცა პოეტი თავის სიყვარულს სონეტების ადრესატისადმი ადარებს მისი ძველი სასიყვარულო გამარჯვებების ალმებით მორთულ საფლავს, ჩვენს თავსზემოთ ელისაბედ I-ის ეპოქის ყველა დროშის ფრიალი არ ვიგრძენით. არა რასინის, არამედ ჩვენი ბრალია, თუკი ანდრომაქეში შეყვარებული პირუსის მიერ წარმოთქმულ ამ ცნობილ სტრიქონში, “უფრო მრავალი ცეცხლით ვიწვი, ვიდრე თავად მე არ დამიგზნია”, ამ სასოწარკვეთილი მიჯნურის ზურგსუკან უზარმაზარ ხანძარში ჩაფლული ტროა ვერ დავინახეთ, ხოლო იმაში, რაც გემოვნებიან ადამიანთა თვალში მხოლოდ უგვანო, დიდი რასინისათვის შეუფერებელი მიკიბულ-მოკიბულობაა, ვერ ვიგრძენით იმ ადამიანის საკუთარ თავში ბუნდოვანი ჩაძირვა-ჩაღრმავება, რომელიც მუდამ შეუბრალებლობით გამოირჩეოდა და ახლაღა ხვდება იმას, თუ რას ნიშნავს ტანჯვა. ამ სტრიქონს, სადაც რასინი მაშინ უკვე გაცვეთილ სიყვარულის ცეცხლთა მეტაფორას ახალი სუნთქვით ავსებს, უბრუნებს რა მას ნამდვილი ცეცხლის ელვარებას, – ეს ხერხი რასინთან ხშირად გვხვდება, – მივყავართ ლირიკული კალამბურის ტექნიკასთან, რომელიც ერთ სიტყვას, ასე ვთქვათ, პარაბოლის ორ შტოს ავლებინებს. მაგრამ დავუბრუნდეთ ცეცხლს. თუკი ფედრა ჯოჯოხეთში ჩასასვლელად იყენებს არა მარტო ქარონის ნავს, არამედ მეტროს გვირაბში მოსიარულე მატარებელსაც,3 ეს იმიტომაა, რომ ადამიანთა ტალღა, რომელიც პიკის საათებში ჩვენი ქალაქების მიწისქვეშა დერეფნებში ტრიალებს, ჩვენთვის, შესაძლოა, აჩრდილთა მდინარის ყველაზე შემაძრწუნებელი ხატი იყოს. თუკი თეტისი ერთდროულად არის დედაც და ზღვაც,4 ეს იმიტომ, რომ მოცემული ორაზროვნება, რომელსაც, სხვათა შორის, მხოლოდ ფრანგულ ენაში აქვს აზრი, ერთ მთლიანობაში აქცევს თეტისის, როგორც აქილევსის დედის, და თეტისის, როგორც ზღვის ღვთაების ორმაგ სახეს. შემიძლია კიდევ მრავალი სხვა მაგალითიც მოვიყვანო, რომელთაც ცეცხლში თავიანთი გარკვეული მნიშვნელობა აქვთ. მთავარია ვეცადოთ, ამ თამაშებში (სადაც სიტყვის მნიშვნელობა, მართლაც, თავის სინტაქსურ ჩარჩოში თამაშობს) ვაჩვენოთ არა მანჭვა-გრეხის ან ხუმრობის თავისუფალი ფორმის შესაძლებლობანი, არამედ, როგორც ეს ფროიდისეული ლაფსუსისა და ბოდვის და სიზმრის ორმაგ და სამმაგ იდეათა ასოციაციების შემთხვევაშია, პოეტის რეფლექსი – პოეტისა, რომელიც ემოციებითა თუ ხიფათებით მისთვის განსაკუთრებულად მდიდარ თემას შეეჭიდა. ჩემს შედარებით ახლახან გამოსულ ნაწარმოებში, რომელიც რაც შეიძლება შორსა დგას ყოველგვარი სტილისტური ძიებისაგან და, მით უმეტეს, ყოველნაირი სტილისტური ანცობისაგან, სავსებით სპონტანურად, – ისე, რომ არც ვიცოდი, კალამბური თუ გამომივიდოდა, – იმ საპყრობილის მედილეგეს, რომელშიც ჩემი მომაკვდავი გმირი იმყოფება, სახელად ჰერმან მორი5 ვუწოდე.
    ამაო იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა (რაც, პრინციპში, მართალი გახლავთ), რომ სასიყვარულო ლექსების კრებული კომენტირებას არ საჭიროებს, რადგან მაინც ისე ჩანს, თითქოს დაბრკოლებისთვის თავის არიდება მინდოდეს: მე ხომ ამდენხანს ვმსჯელობ სტილისტურსა თუ თემატურ თავისებურებებზე, რაც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ მეორეხარისხოვანი საკითხია, და ჩუმად ვუვლი გვერდს იმ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც ამ წიგნის შთაგონების წყაროდ იქცა. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ვგრძნობ, თუ რა სასაცილოა ძალზე ვრცელი განმარტება იმ ნაწარმოებისა, რომელიც მინდოდა არასოდეს წაეკითხათ, აქ უადგილო იქნებოდა იმის განხილვა-გაშუქება, ტოტალური, ყოვლისმომცველი სიყვარული ერთი კონკრეტული ადამიანისადმი – სიყვარული, რომელიც შენთვისაც და მეორე ადამიანისთვისაც რისკს, გარდაუვალ იმედგაცრუებას, ნამდვილ თავგანწირვასა და მორჩილებას ნიშნავს, მაგრამ ასევე ფარული ძალადობისა და ეგოისტური მომთხოვნელობის ნაზავსაც წარმოადგენს – იმსახურებს თუ არა იმ ამაღლებულ ადგილს, რომელიც მას პოეტებმა მიაკუთვნეს. ცხადია, რომ უგონო, ზოგჯერ სამარცხვინო, მაგრამ ერთგვარი მისტიკური სათნოებით გაჟღენთილი სიყვარულის ამ ცნებამ თითქმის არ შეიძლება იარსებოს, თუკი არ დავუკავშირეთ ტრანსცენდენტულობაში რწმენის რაიმე ფორმას, თუნდაც ადამიანის ტრანსცენდენტულობაში რწმენისა, ხოლო თუ საყრდენი – დღესდღეობით არად ჩაგდებული მეტაფიზიკური და მორალური ღირებულებები – გამოეცალა, რისი მიზეზიც შესაძლოა ჩვენი წინამორბედების მიერ ამ ღირებულებათა ბოროტი გამოყენება იყოს, მაშინ უგონო სიყვარული მეყსეულად სახეს იცვლის: ის უკვე სხვა არაფერია, თუ არა სარკეთა უნაყოფო თამაში ან კიდევ სევდისმომგვრელი მანია. ცეცხლში, სადაც, ვგონებ, მხოლოდ ძალზე კონკრეტულ სიყვარულს ვასხამდი ხოტბას, ან, შეიძლება, მისი ჯადოთი შეკვრა მსურდა, საყვარელი არსების გაღმერთება ძალზე თვალსაჩინოდ ასოცირდება შედარებით აბსტრაქტულ, თუმცა არანაკლებ ძლიერ ვნებასთან, რომელიც ზოგჯერ ჯაბნის კიდეც გრძნობიერ და ხორციელ შეპყრობილობას: მოთხრობაში ანტიგონე, ანუ არჩევანი, ანტიგონე ირჩევს სამართალს; მოთხრობაში ფედონი, ანუ თავბრუსხვევა, ფედონის თავბრუსხვევა შეცნობით გამოწვეული თავბრუსხვევაა; მოთხრობაში მარიამ მაგდალელი, ანუ ხსნა, ხსნა არის ღმერთი. ეს არ გახლავთ სუბლიმაცია, როგორც ამას ერთი ნამდვილად შეუსაბამო და თავად ადამიანის ხორცისთვის შეურაცხმყოფელი ფორმულა ამტკიცებს; ეს იმის ბუნდოვანი შეგრძნებაა, რომ ასერიგ მწველი და მტანჯველი სიყვარული ერთი მოცემული ადამიანისადმი ხშირად მხოლოდ ლამაზი წარმავალი შემთხვევითობაა – გარკვეული აზრით იმაზე ნაკლებად რეალური შემთხვევითობა, ვიდრე ის მიდრეკილებანი და არჩევანის შესაძლებლობანი, რომელნიც ამ სიყვარულს წინ უსწრებენ და მასზე დიდხანს იარსებებენ. ამგვარ, ლამის საჯარო აღსარებათა ჟანრისგან განუყოფელი აღმაფრენისა თუ სითამამის წყალობით, დღეს მეჩვენება, რომ ცეცხლის ზოგიერთი ნაწყვეტი შეიცავს ადრევე თვალმოკრულ ჭეშმარიტებებს, რომელთა კვლავ მოსაპოვებლად და მათ უტყუარობაში დასარწმუნებლად შეიძლება მთელი ცხოვრებაც არ გეყოს. ეს ბალ-მასკარადი გაცნობიერების ერთ-ერთი ეტაპი გახლდათ.

    1967 წლის 2 ნოემბერი

    შენიშვნები

    1 ვალერის შემოქმედებისადმი ჩემს ინტერესს ადასტურებს ალუზია “მშვენიერ პოლზე” ფიქრთა პირველ ჯგუფში. ვალერის ფორმულა, რომელსაც ეს ფიქრი უპირისპირდება, შეგიძლიათ ნახოთ მის ნაწარმოებში დაფარული საგნები, 1932 წ. (ავტორის შენიშვნა).
    2 (ინგლ.) “როგორ ნარნარად დაფრინავს მაღლა / ეს ახალგაზრდა თამამი კაცი / და არ ეტყობა მას სულაც დაღლა / ჰაერში მქროლავ ტრაპეციაზე”.
    3 ფრანგულში სიტყვა “rame” ნიჩაბსაც ნიშნავს და მეტროს მატარებელსაც (მთარგმნელის შენიშვნა).
    4 ფრანგულში სიტყვები “დედა” (mère) და “ზღვა” (mer) ომოფონური სიტყვებია (მთარგმნელის შენიშვნა).
    5 ამ მედილეგის გვარი (Mohr) და ფრანგული სიტყვა “mort” (სიკვდილი) ერთნაირად წარმოითქმება (მთარგმნელის შენიშვნა).