• პოეზია

    ზაზა თვარაძე – გამოუქვეყნებელი ლექსები

    ციკლიდან „აბრაკადაბრები“
    აბრაკადაბრა

    სასამართლოს ეზოში ქალები ზილარიან,
    ქალებს სურთ მოითხოვონ მართალი სამართალი!
    მათ გვერდს უმშვენებს ვიღაც ყაზილარი –
    თავპირმოქცეული და სახეუმართავი.
    ცაზე თვითმფრინავი ხაზავს კალამბურებს,
    ქარში იფანტება ცის ლურჯი ნაგლეჯები,
    ყაზილარს უჭირავს ლერწმის სალამური,
    სონატებს ასრულებს თვალებდაბნედილი.
    სასამართლოს დარბაზიდან მოისმის გალობა –
    ბრალდებულს მხნედ მიყავს მთავარი არია,
    მსაჯულთა სამეული ცრიატებს სიზმარივით:
    გულწარმტაცად გალობს, მოგეცა წყალობა!
    იქვე ციბრუტივით ტრიალებს ადვოკატი,
    მისი სიკისკასე ვერავინ შეაჩერა,
    ადვოკატს კედლიდან დასცქერის პლაკატი –
    ამ პლაკატს დასთამაშებს მისი ლაღი მზერა,
    პლაკატზე სათნოდ იღიმება პროკურორი,
    მეტყველ თვალებში ეტყობა გაოცება,
    პროკურორს თვალები შუბლზე აუცოცდა:
    ბრალდებულის გალობამ მოახდინა ფურორი!
    გალობს ბრალდებული, ქუხს მოწმეთა ქორო,
    ბრალდებულს გულს უკლავს ტყუილი ბრალდება,
    მცირე ინტერმეცოსავით გაირბენს დარბაზს ჭორი:
    ბრალდებულს თვით თემიდა უდგება თავდებად!
    ადვოკატი ცეკვავს მკლავებგადაშლილი,
    ავ თვალს არ ენახვება მისი ჩაუქი ლეკური…
    სადღაც კი მოკლული წევს, ვით კამფეტი გალოკილი
    და უფსკრულს ჩაჰხარხარებს ყორნების კრებული.
    ფოთლებში სისხლივით წითელი ვაშლი ელავს:
    ადვოკატი იწყებს ლაიტმოტივს ვაშლის,
    ხან გაშლის, ხან შეკუმშავს, ხან გველივით წელავს,
    ბოლოს სულაც აქრობს, დალოცვილი, ამ სოფლიდან წაშლის,
    ადვოკატის ილეთი დარბაზს გვრის აღტაცებას,
    ფლეიტებს ჩაბერავენ ხელმარჯვე ბაცაცები,

    ადვოკატი ვაშლის ნაშთებს კურკიანად ყლაპავს
    და მიწამდე თავს უკრავს ღირსეულ არეოპაგს.
    იქვე, გასასვლელში, ყრუ დარაჯი ხვრინავს,
    ძინავს უღვიძებლად, ბნელ სიზმარში წასულს,
    ხედავს – ქვესკნელებში მისდევს ვიღაც ავსულს
    და ერთი გასროლით ხვრიტავს ქვას და რკინას,
    პროკურორს შემოაქვს ალესილი ნაჯახები,
    მაგიდაზე დაახეთქებს კბილებმოღრაჭუნე,
    უეცრად პროთეზი ძვრება, ის დასამტვრევი…
    დარბაზი მხიარულად დაფდაფებს აგუგუნებს.
    დარბაისელ მოწმეს უპყრია ტრომბონი,
    დგას და ყრუ ხმებს წელავს, წელავს გატაცებით:
    «დაწყევლოს გამჩენმა ნაჯახის მომგონი:
    ბრალდებულს ხომ გუგული ქვია, იცნობდეთ!
    იცნობდე, პროკურორო, ჩემო პროკურორო!
    შენა ხარ ამ დარბაზში კაპიტნის თანაშემწე,
    ხომალდს ნუ უღალატებ, ჩემი ხომ გეყურება,
    თუნდ ზღვაში დაინთქას და მეხიც ზედ დაეცეს!
    თუნდ მეხიც დაეცეს, ეს ოხერი, მუდრეგი,
    შენ მაინც უდრეკად გაშალე იალქანი,
    აღმართე გროტ-ანძა, დატვირთე კუბრიგი
    და სასტიკ ურაგნებში ხომალდი გააქანე!»
    პროკურორს თვალებზე ცრემლი მოადგება,
    დარბაზში გუგუნებს ზღვის მგლების ძველი მარში,
    ბრალდების მოწმეები სმენაზე დგებიან
    და მამაც პროკურორს უდგებიან მხარში,
    ბრალდებული იწყებს მეფისტოს არიას,
    მკლავებს წინ გაიწვდის და ბოხი ხმით გალობს –
    მისმა ხმამ ლამის დარბაზი გადარია:
    «ვინ მომცა მე ფიშტო, ან ნაჯახი მე საბრალოს!»
    უეცრად გაისმის პროკურორის კრიმანჭული,
    შიგ ჩაუქსოვია მთელი სული, გული,
    რაკრაკებს მისი კრინი, ზრდილი და მეფური:
    «ვინ მიცა მკვლელს ნაჯახი, მოკლულს ჭკვა, მე – ფული!
    მკვლელის უმწიკვლობა ხომ, ცხადია, სახეზეა!
    მე მხოლოდ მოკლულისთვის მოვითხოვ პატიმრობას!
    არ ვიტყვი, სასჯელის უმაღლეს ზომას-მეთქი,
    არ მსურს იმ უბედურის ცოლ-შვილის ატირება!

    ახლა კი, ბატონებო, ის დროა, დავამთავროთ,
    ქუდი დავიხუროთ და გავიხუროთ კარი,
    კანონმა იკანონა – ესაა უმთავრესი,
    უმთავრესი, ვფიცავ ჩემს პროთეზსა და პარიკს!»
    დარბაზი ჰიმნს სჭექავს, კივიან სოპრანონი,
    პროკურორის ფა-დიეზი შეატოკებს ჭაღებს,
    საყვირთა დაყვირებით ცხადდება განაჩენი,
    მკვლელი ნაჯახებით როკვას გააჩაღებს,
    ბოლო ნოტს ბუკზე ჩაბერავს მოსამართლე,
    ბუკის ყრუ ბუბუნი მთელ დარბაზს მოედება:
    პროცესი დამთავრდა, იწყება ბანკეტი,
    მხიარულ ხმებს ერთვის დარაჯის შმაგი ბოდვა…
    ეზოში ბედნიერი ქალები ზილარიან,
    ბაყვებზე გაუშლიათ ტყემალი, ხაჭაპური –
    ქალები, ყაზილრები – ყველანი ტკბილ არიან,
    მწყაზარად დამსხდარა ერი საზეპურო,
    უბრალო ბრალდებული ეთხოვება დარბაზს,
    გრძნობამორეული წარმოთქვამს სადღეგრძელოს…
    ცაზე კი თვითმფრინავი კალამბურებს ხაზავს
    და ცის ლურჯ სიღრმეებში, ვით სირი, ყურყუმელობს।

    აბრაკადაბრა
    ანუ ხის სპირტზე დამზადებული შხამიანი არაყი
    “Yo-ho-ho and a bottle of rum!
    Death and the devil had done for the rest,
    Yo-ho-ho and a bottle of rum!
    Fifteen man on a dead-mans chest”.

    (მკვდრის სკივრს თხუთმეტნი შემოვრჩით მხოლოდ,
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    სხვებს სმამ და ეშმამ მოუღო ბოლო,
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!)
    მეკობრეების ძველი სიმღერა
    R.L.S.

    რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    მათ, ვინც მამა-პაპათა სასახელოდ
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    შვილებს უყოყმანოდ გაიმეტებს?

    რატომ არ ცხოვრობენ შვილები თავიანთი შრომით?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ამიტომ სურს ყველას ყველასთან და თითოეულს ერთმანეთთან ომი?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    თუ ვეფხვი ძუ ლომია და ლომი ხვადი ვეფხვი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    რატომ არ არსებობს ქვეყანაზე ზოლიანი ლომი?

    რატომ არის ჩვენი ქალაქები გიჟური და უდაბური?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    რატომ ენატრებათ ჩვენს შვილებს რძე და პური?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…

    რატომ არის ეს ჩვენი ბუნება ასეთი ხვადაგური?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    პირსახე გაბადრული და გონება დადაგული?

    რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ან ამ ჩვენს კოლხ დედებს ნეტა რა აყბედებს?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    იქნებ ჩვენს ვაჟებში ჭარბობს ტენდენცია ქალური?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ან იქნებ გრძნობენ, რომ დედებში მეტია რაღაც მამლური?

    ბნელში ერთმანეთს ეკვეთებიან ანიმა და ანიმუსი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    იდს უფრთხის სუპერეგო – წყნარი, სანიმუშო,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ბნელში ანიმა ბელავს კახამბალს, ბჟოლას
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    და ზეცა იწყებს მსხვილი კალიბრის ხოშკაკლის სროლას,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…

    კუნაპეტ ცაზე კიაფობს ვარსკვლავთა ასხმა,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ყოველდღე ისევ იწყება კოშმართა თავსხმა,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    წუხს სუპერეგო, რატომ არ თავდება ეს უსაშველო სასმელის დასხმა
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    და რატომ იწვის ჩვენი ცოდვით ხმელეთი და ზღვა.
    იო-ჰო-ჰო და სხვა…

    რატომ ემსგავსებიან ბავშვები იდიოტ მშობლებს?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ან მოზრდილები რატომ მღერიან მხიარულ მრჩობლედს:
    ო-ჰო-ჰო და სხვა…

    «დიდება ჩვენს ძირძველ მოდგმას, დიდება, ბარაქალა»!
    იო-ჰო-ჰო და სხვა…
    ეჰეი, ბოთლი რომი და ბოთლი კონიაკი თავზე გადასდის ამ ჩვენს დაღლილ ქალაქს
    იო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რახი!

    მამი, მომე კოვზი, დანა, ჩანგალი! დედი, მომიწიე ჯამი!
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    დაო, გამიშალე სუფრა, ძმაო, ამაცალე სკამი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    პაპი, მორჩი ეგ გიჟური ზღაპარი, ბები, შეწყვიტე საქსოვის ქსოვა,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ახადეთ თავი ძველისძველ სკივრებს, გაქექეთ წარსულის გროვა!
    ო-ჰო-ჰო და სხვა…

    ეგებ გავიგოთ, რატომ ემსგავსება ვაჟი დედას და ქალიშვილი მამას,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ბაბუ, შეეშვი ცხვირის ჩიჩქნას და უკბილო ღრძილებით ჭამას,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    დედი და ძალო, მორჩით ერთმანეთის წყევლა და ერთმანეთზე კივილი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    თორემ უმცროსი და საცაა გასხლტება კარებში ხვლიკივით
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ერთი ბოთლი ამარეტო!

    რატომ ემსგავსებიან მეთქი ვაჟები დედებს და
    რატომ ბოგინობს მათს სულებში დედის კომპლექსი?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    იქნებ სადღაც ტრანსპერსონალურ სიზმრებში იბადება
    მსგავსი ნონსენსი?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ერიხ ფრომი!
    იქნებ ეს ვარიანტი ერთადერთია ადამიანის ფსიქიკის მბრუნავ ბორბლებში?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    იქნებ ყველაფერი უკვე ცხადია, და სამკალიც აღარ დარჩა ამდენ მომკლებში?
    ო-ჰო-ჰო და სხვა…

    ეჰეი, დედი, მამი, ahoy, daddy, mummy,
    Yo-ho-ho and a bottle of rum!
    მაშინ ხომ მთელი ქვეყანა უნდა გადედდეს და მამად დაუჯდეს წინ იმამი,
    Yo-ho-ho and a bottle of rum!
    მაშინ ხომ ყველა და ყველაფერი უნდა დაიყვანებოდეს პარადიგმულ ერთზე,
    Yo-ho-ho and a bottle of rum!
    მაშინ ხომ ღმერთი უნდა გავცვალოთ ბორის მჟავაზე
    და ძია ბორისი ვალაპარაკოთ ღმერთზე…
    Yo-ho-ho and a bottle of rum!
    ეჰეი, სერ ბორის, შე ძველო, შენს პირს შაქარი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    მოდის, მოღელავს, იკბინება ჩვენი ძირძველი ლაშქარი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ბები, შეეშვი ყაისნაღით ყურების ჩიჩქნას და
    ბაბუ, შენც მორჩი ეგ გიჟური ხარხარი,
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    და დღე იყოს კრული, უბადრუკი,
    ჩვენ ყველანი – ერთად დასაღუპი
    და წამოვიდეს სეტყვა ჩქარჩქარი.
    ო-ჰო-ჰო და სხვა…
    ოღონდ ეს პატრუქი და მატრუქი
    და ეს უბადრუკი პეტრუქი
    არ იყოს ასე ამტყდარი.
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ერთი ბოთლი საასენიზაციო ხსნარი!

    და აი! თქვენ შეხედეთ: ბებიას ბიას აბია ბია!
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    ეჰეი! ბებიას ბიას აბია ბია!
    ო-ჰო-ჰო-ჰო და გობით ცომი!
    ხოლო ბაბუას ბიას აბია ბუა!
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    და ბებიას ბიას აბია ბაბუა!
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ხის სპირტზე დამზადებული შხამიანი არაყი!

    ეჰეი-მეთქი! რატომ ემსგავსებიან ვაჟები დედებს?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    ან ეს დედები რატომ ამყარებენ დაცენტრილ ვაჟებზე ამხელა იმედებს?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    ან ყველა ყველას და თითოეული ერთმანეთს დასაკლავად რატომ იმეტებს?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    და რა ეშველება ნისლით მოცული მომავლის ამდენ მოიმედეს?
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!

    და ბოთლი რომი, ბოთლი რომი,
    მოპოვებული ჩვენი შრომით!
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი!
    ო-ჰო-ჰო-ჰო და ბოთლი რომი!
    1992।

    მშობლიური აბრაკადაბრა
    (პატარა ბალადა)
    საღამოა, ძვრას ვერ უზამს მიძნაძორო მერეს,
    ბულბულები დაჰკივიან ჩვენს გორებს და სერებს,
    მთვარე ჩადის, მთვარე ჩადის, როგორც ძველი სკივრი,
    როგორც ყველი, როგორც მჭადი, და ქინძით და ნივრით
    შეზავებულ შეჭამადში ყრია კაცის ძვლები,
    სუფრას მისხდომიან მგლები, მადიანად სვლეპენ,
    ხვრეპენ, ილოკავენ ტუჩებს, ქონით ნაპოხ ლაშებს,
    თევზის მუცელივით რბილი ლეში ცურავს ზღვაში.
    ცად კი აღმართულა წვიმა, როგორც კატაფალკი…
    ასე არის – როგორც წინათ, ხომ ცხოვრობდა ხალხი!
    იყვნენ, სწამდათ, სჭამდნენ, სჭამდათ, სვამდნენ ნათელ ღვინოს,
    მერე მათაც დაუღამდათ, მიწვნენ, მიიძინეს,
    მისდეს თავი ღრმა ბალიშზე, მოატყუეს თვალი,
    მოატყუეს ახლობლები: მული, ქვისლი, რძალი,
    მოატყუეს მეზობლები – ეგროს, კახოს, ჰაოს,
    მიიძინეს, შეუერთდნენ პირველყოფილ ქაოსს
    და იქ სიზმრად ნახეს მხარე ავსებული მადლით,
    სურათებით, სიხარულით და ბალღური ნაღვლით,
    – ყრმაო! – უთხრა ანგელოზმა – გაახილე თვალი,
    გაახილე, მოიხილე მხარე წარუვალი!
    და თუ თვალსაც ვეღარ ახელ, მაშინ მიგდე ყური!
    მიგდე, მოგდე, სწრაფად მითხარ: ვისი სული გსურის?
    აირჩიე შენი ხვედრი, აირჩიე, აი,
    მთლად შენია, შენ გეკუთვნის აი შავი ზღვაი!…
    მანაც მედგრად უპასუხა: – ანგელოზო, ვიცი!
    ვიცი რასაც მიწყალობებ, არ მჭირდება ფიცი!
    მაგრამ ვაგლახ! აფსუს! მახლას! როგორ ვენდო სიზმარს,
    კარგი ცხადმა რა მიყო და სიზმარი რას მიზამს?!
    არა, არა! მიჯობს ისევ ძველ გზას გავყვე ფეხით,
    კვალში ხვნეშით მომყვებოდეს მამაჩემი – გლეხი,
    რომ ჭაპანი მედგას ქედზე, თავს დამქუხდეს მეხი,
    და ჩვენებურ ტალახებში მეფლობოდეს ფეხი!
    არ მჭირდება შენი ვალი, კრედიტი და სესხი,
    მხოლოდ ერთს გთხოვ: კვლავ მამღერე ძველებური ეშხით,
    და თუ ნახავ ჩემს სამშობლოს, უდარებელ მხარეს,
    მოიხილე ჩემი სახლი, ჩემი ნაფუძარი,
    გადაეცი ჩემს ახლობლებს, ნუ მტირიან, ნურა!
    მე შავეთის გზებს მივაპობ მამაცურად, მგლურად,
    სადაც ვნახავ ეულ ბატკანს, მსურს დავტაცო ხელი..
    მომიგონონ! მე სხვას მათგან აღარაფერს ველი!
    მივალ – მოჩანს, მოვალ – მიჩანს საიდუმლო ველი,
    ქარი გორებს ეფერება, მოდის წვიმა ნელი,
    ეგზომ ჩუმი, უსუსური, ეგზომ საშინელი,
    პლანეტები – გასუსული, მთვარე – პირყვითელი,
    ცა – ვარსკვლავებით ჭედილი, ცა – კამეჩის თვალი,
    დიდგორივით ჩახერგილი, ღრმა, თვალშეუვალი,
    ცაში მოჩანს ბედი ჩემი, ეგზომ საქებური,
    მამიჩემი, დედიჩემი, და მზაკვარი მდგმური…
    მახლას! მიხლას! მუხლას! მოხლას! დამანებე თავი!
    აწ დედ-მამის ნაცვლად მახლავს შუაღამე შავი…
    – მერე და რა?! შუაღამე! რა განცდაა, იცი?!
    მოსდევს ღრუბელს უამრავი ნაბდისფერ კვიცი!
    შეხტი, შეაგელვე სერებს, როგორც არაგველი,
    აჩიგვარას, მიუსერას მიუსიე მგელი!
    გაიღვიძე.. გულზე გადევს რაც არაფერს არ გავს,
    უმადური მეზობელი გულზე გაყრის ნაგავს,
    გულზე დაგხვევია დარდი, გულზე გველი წივის,
    გულზე შავი თოვლი ბარდნის – ცივი, ცივზე ცივი,
    და ბიბინებს შენი გული, ქათქათებენ ძვლები,
    ბალახებში გაფანტული თეთრი ნატვრისთვლები,
    ჰე, მამაცო! გაიღვიძე! დაარისხე ზარი,
    დაარისხე, მიდი, მისცხე, გადალახე ზღვარი!
    კვლავ ნათელი გახდეს ზეცა, ელვარებდეს მთები,
    კვლავ ვარსკვლავებს ჰგავდეს დედის მარგალიტის თმები,
    კვლავ ზღვასა და ხმელეთს შუა იცრებოდეს ქარვა,
    ხელმანდილი გაიტაცოს მოგუგუნე ქარმა,
    კვლავ დარახტე შენი რაში, ზედ შეაგდე ქალი,
    გადიხადე სახაშეში დარჩენილი ვალი,
    თორემ ბნელა, თორემ ცივა, ღამე ახრჩობს ქალაქს,
    ზეცას ბღუჯად თმები სცვივა, უშიშვლდება ქალა,
    თორემ ზარით დაკრეჭს კბილებს ვარსკვლავების ველი,
    თორემ ქალაქს დაეხვევა სისხლიანი გველი,
    თორემ ვერა, ვერ გაუძლებს დედამიწა ტკივილს,
    აფეთქდება ყველა კვირტი ტანჯვით და კივილით,
    თორემ მინდვრებს გადაფარავს შხამიანი თოვლი,
    ხორცდალეშილ ფარეხებში გულს ამოჭამს მყოვლი,
    მიწას ჭვარტლი ამოგლისავს, ცას – სპილენძის მური,
    და სიკვდილის ანგელოზი – ჩვენი, შინაური,
    დაიწივლებს და ხარხარით დაეცემა ტყეებს,
    დედაწულნი დაიწყვეტენ ჯავრით საკინძეებს,
    გასრულდება ჩვენი მოდგმა და ძირძველი ჯიში,
    საფლავს ფითრი მოედება, სუროს შეჭამს შიში,
    ჩაიწვება ჩირაღდანი, დაყრუვდება ნიში,
    ჩაიდანი, ჩიბურდანი, ქიში! ქიში! ქიში!…
    მაშ გამხნევდი, წამოდექი, დაუბრუნდი ქალაქს:
    შენ სამშობლო არ მოგაკლებს თავის მადლს და ძალას,
    დაერიე ხარაჩოებს, კვლავ აღმართე თაღი,
    კვლავ სიამით აამღერე ჩვენი ტურფა ბაღი,
    და თუ ღვინო მოგერია, ნუ ინაღვლებ მასზე –
    მთავარია, ადრე დილას გაეშურო ხაშზე!
    ხაში, მწნილი, ჩალაღაჯი, არყით სავსე სირჩა,
    დილის მზე, აღჯანაბადი, გარეგინა, ხირჩლა…
    გულის ძილით სძინავს ქალაქს, მზე დაჰნათის თავზე,
    დინჯი მტკვარი ნელად ღელავს, კუდს გაიქნევს თევზი…
    …და იღვიძებს ჯარისკაცი – ლირიკული გმირი,
    იგი დგება, სუნთქავს, დადის, ნათელი აქვს პირი,
    წარსულს წაყვა, სიზმრად დარჩა წყევლა საშინელი,
    სადღაც შუა ხიდზე გარჩა კაცი ბლისკინელი,
    ისლის სახლი და ჟალტამი გადაბუგა მზემა,
    შეწყდა სისხლი, შეწყდა ომი, ერთმანეთის სვრემა,
    ისევ წყნარი ამინდია, მოსჩქეფს წმინდა წყარო,
    სდევს ხარირემს კვლავ მინდია, შუბლზე მზით და მთვარით,
    ამირანსაც შეუხსნია ის წყეული ჯაჭვი,
    ახლა აგერ, ბაგა-ბაღში დასტრიალებს ბავშვებს,
    თავს ევლება ბადრის, უსუპს, ეთერს, აბესალომს,
    არ სწუნობენ ნორჩები სუპს, არ ზარობენ სალამს,
    არამზადა შვარცენეგერს დაანებეს თავი,
    არ უცქერენ ტელევიზორს, დუმს რადიო ავი,
    თამაშობენ რიკ-ტაფელას, მღერენ ხართა ლალას,
    დაემსგავსა კვლავ ტფილისი მზის და ვარდის ქალაქს,
    გაქრა შავი ბედისწერა, ჭირი, დარდუბალა!..
    აი ასე დაიწერა ეს პატარა ბალა…
    © kalmasoba.com
  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2011 – იანვარი

    ბაჩანა ბრეგვაძე, ბოლო წლების ჩანაწერები, რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, თბ. “ინტელექტი”, 2010.
    ბაჩანა ბრეგვაძის სახელი წიგნიერი მკითხველისთვის ქართულ ენაზე ამეტყველებულ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს უკავშირდება. პლატონი, ევრიპიდე, მარკუს ავრელიუსი, დანტე, ნეტარი ავგუსტინე, იბსენი, სერვანტესი, პოლ ვალერი, ლაროშფუკო, ლა ბრიუერი, ანრი ბერგსონი, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი… ეს იმ ავტორთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებაც მთარგმნელმა გადმოაქართულა. ფაქტობრივად, მსოფლიო ლიტერატურის შედევრები. ერთი კაცისთვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს.
    ამ გენიოსთა შემოქმედებასთან ურთიერთობისას არაერთი საინტერესო მოსაზრება ჩნდებოდა, დაკვირვება, ესსე და ჩანახატი, რომელთაც ბაჩანა ბრეგვაძე თავის უბის წიგნაკში ინიშნავდა. ის, რაც მის მიერ თარგმნილი წიგნების შესავლის, განმარტებისა თუ ბოლოთქმის მიღმა დარჩა, ამ გამოცემაშია თავმოყრილი. ხშირად მსგავსი ჩანაწერები ბევრად მეტს გვეუბნება მათ ავტორზე, ვიდრე თუნდაც საუკეთესოდ შესრულებული თარგმანი. ვფიქრობთ, მკითხველს წინ დიდი სიამოვნება ელის, შემოქმედებითი სიამოვნება, რომელიც საინტერესო ადამიანის გონივრული ნააზრევითაა გამოწვეული.
    “ბედნიერებაა, როდესაც წიგნის ფურცლებზე ისე ისვენებს დაღლილი სული, როგორც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ გაშლილ ზღვაში გემის ანძაზე” – წერს ავტორი ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც “კარგი წიგნი” ჰქვია. ბაჩანა ბრეგვაძის “ჩანაწერები” სწორედ ასეთი წიგნია.
    ტარიელ ჭანტურია, დინოზავრიდან დიზაინამდე, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, თბ. “ინტელექტი”, 2010.
    გამომცემლობა “ინტელექტის” ახალი სერია მკითხველს ცნობილი მწერლებისა და პოეტების ჩანაწერებს სთავაზობს. პირველი წიგნი ოთარ ჭილაძეს დაეთმო, მეორე – ბაჩანა ბრეგვაძეს, ტარიელ ჭანტურია რიგით მესამეა – პოეტი, რომელიც დინოზავრის ნაკვალევზე მიმავალ გზას უკაფავს მკითხველს. დინოზავრი რა შუაშია? “პოეტები ხომ დინოზავრებივით არიან – “უკანასკნელ ნაბიჯებს დგამენ დედამიწის ოღროჩოღრო ზედაპირზე. მალე სწორედ მათი ნაფეხურების მიხედვით მოუხდებათ მსჯელობა უმაღლეს ჰარმონიაზე, რომლის ჭეშმარიტი ფასი და დანიშნულება ცოდვილმა ადამიანებმა ბოლომდე ვერა და ვერ გაიგეს” – წერს ავტორი ერთ-ერთ ჩანაწერში.
    უმაღლესი ჰარმონიისკენ მიმავალი გზა რთულია და ნარ-ეკლით სავსე. მასზე სვლა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ტარიელ ჭანტურია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც თავისი ორიგინალური შემოქმედებით კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი მკითხველის გულში. მისი ლექსების მსგავად, არც ეს ჩანაწერებია “ტკბილი”. სხვადასხვა პერიოდში ჩანიშნული დაკვირვება- შთაბეჭდილებები ამათუიმ აქტუალურ თემაზე ხშირად მკაცრია, მტკივნეული, თუმცა ყოველთვის კარგად ნაფიქრ-გააზრებული, ისე, რომ გაიძულებს ჩაუკვირდე და გააანალიზო, რა აწუხებს მათ ავტორს, რატომ ფიქრობს ასე, სად არის პრობლემის სათავე.
    Eეს წიგნი მკითხველის წიგნია, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს ტარიელ ჭანტურია წინამდებარე გამოცემას. აქ მას მხოლოდ მკითხველის ამბიცია აქვს – მეტი არა! “კარგი მკითხველის, მუსიკის ერთგული მსმენელის, თეატრისა და კინო ერთგული მაყურებლის, გამოფენების მოუღლელი მადევრის” ჩანაწერები მკითხველს ელის. იმედია, მკითხველს მკითხველის ნაწერი უყურადღებოდ არ დარჩება.
    ოთარ ჩხეიძე, მიწა და სხვა ნოველები, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, თბ. “ინტელექტი”, 2010.
    “სხვა რაღა უნდა იყო კაცის ცხოვრებაი თუ არა ეტიუდი კაცობრიობის ისტორიაში. ბოლოსდაბოლოსა. ერის ცხოვრებაც მეტი რა უნდა იყოს. დედამიწის არსებობაცა. თვით სიცოცხლეცა დედამიწაზე თუ არა ეტიუდი ამ უკიდეგანო, უდასაბამო და უსასრულო სამყაროში?!” – ამ სიტყვების ავტორი ოთარ ჩხეიძეა, რომლის შემოქმედებაც გასული საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
    ოთარ ჩხეიძე არ მიეკუთვნება “მარტივად” საკითხავ მწერალთა რიცხვს. მისი ტექსტები – იქნება ეს ნოველა, ესსე თუ რომანი მკითხველისგან გონების დაძაბვას, აზრის მოკრებასა და გულისყურის მიდევნებას მოითხოვს. ოთარ ჩხეიძის ნაწერები XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს რეალობას ასახავს. ამ პერიოდიდან მოყოლებული არ დარჩენილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პროცესი და მოვლენა, რომელიც მწერალს უყურადღებოდ დაეტოვებინოს. და იქმნებოდა “ბურუსი,” “ჯებირი,” “მეჩეჩი”, “ბორიაყი”… რომანები, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდა კომუნისტურ წყობას. ამის გამო ავტორი ლიტერატურული ცხოვრების “პერიფერიაში” რჩებოდა, თუმცა მისი ნაწერები თავის საქმეს აკეთებდა – ზუსტად ურტყამდა მტკივნეულ ადგილს.
    ოთარ ჩხეიძე გასული საუკუნის ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისის პროცესებსაც გამოეხმაურა. ეს ყველაფერი აისახა რომანებში – “არტისტული გადატრიალება,” “2001 წელი,” “ლაზერშოუ” და სხვა.
    ოთარ ჩხეიძე 22 რომანის ავტორია, 22 მსხვილმასშტაბიანი ტილოსი, თუმცა მისი შემოქმედებითი პოტენციალი არანაკლებად ჩანს მცირე ზომის პროზაში. სწორედ ეს ჟანრი შეარჩია გამომცემლობა “ინტელექტმა” მწერლის მინიატურული გამოცემისთვის. მასში შევიდა ნოველები სერიიდან “ჩემი სოფლის ეტიუდები,” რომელიც სამ წიგნს აერთიანებს. “მავთულხლართებში გამოჭედილი ქართული სოფელი – როგორც თავისებური სიმბოლო ქვეყნის დრამატული ყოფისა” – სწორედ ეს არის ამ პატარა კრებულის მთავარი არსი.
    ირმა არჩუაშვილი, ინო, მოთხრობები, რედაქტორი მარინე ხუციშვილი, თბ. “საარი”, 2010.
    ირმა არჩუაშვილის მოთხრობებს მკითხველი აქამდე მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებითა და ინტერნეტით იცნობდა, დღეიდან კი გამომცემლობა “საარი” წიგნად შეკრულ მის ნაწერებს გვთავაზობს. რვა მოთხრობა, რვა განსხვავებული ამბავი, რვა სევდანარევი მოგონება ბავშვობის წლებსა და მის თანამდევ რეალობაზე – ასე წარსდგება ავტორი ჩვენს წინაშე.
    ეს წიგნი მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც ციფრული ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ჯერ კიდევ სჭირდება ნაღდი ლიტერატურა, მწერლის მიერ ოსტატურად მოთხრობილი ამბები, გულს რომ შეგიძრავს, შიგნეულს აგიდუღებს და თანაგრძნობით განგმსჭვალავს, თანაგრძნობით – სრულიად უცნობი პერსონაჟების მიმართ; კუზიანი ჩინოს უბედობაზე აგატირებს, წითელი ბოტების პატარა პატრონის ტრაგედიით შეგძრავს, მეგობრის გაკეთებულ მწვანე ლობიოს გემოს გაგახსენებს და წლების წინ ნავალ ბავშვობის ბილიკებზე გაგატარებს.
    ნინო დარბაისელი, ვიტა ბრევის, ლექსები, რედაქტორი ეკა ჭკადუა, თბ. “სიტყვა”, 2010.
    Aოთხი წელია ნინო დარბაისელს პოეტური კრებული არ გამოუცია. “ვიტა ბრევის” მისი რიგით მეხუთე წიგნია. პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო პოეზიის მოყვარულთა ყურადღება. უფროსი კოლეგები თანატოლებისგან გამოარჩევდნენ და მასზე იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ღირებულებათა გადაფასების ეტაპი დაუდგა. ბევრს არც მანამდე წერდა, თუმცა მაშინ იგრძნო, რომ მისი და მისი “კოლეგა” პოეტების ცხოვრება, ლექსიკა, მიზნები და ოცნებები იმდენად უნიფიცირებული ხდებოდა, ზოგჯერ იდეების ჩანიშვნაც ეზარებოდა – ფიქრობდა, რომ სხვა აქცევდა ლექსად. მერე გაჩერდა. ხუთი წლის წინ კი ლექსით “მაისფეისი” საერთოდაც დაემშვიდობა პოეზიას და მკითხველს, თუმცა პოეზიის გარეშე ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგან ჰიპოკრატეს ცნობილი გამოთქმის არ იყოს, Ars longa, vita brevis est (ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება – მარადიული).
    კრებულში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები შევიდა, დაღმავალი ქრონოლოგიით დალაგებული, რათა მკითხველს განსხვავების დანახვა გაუიოლდეს. მკითხველი კი პოეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც კრებულის შესავალში წერს, “მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, რომ ესმოდეს პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი. ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს”.Nნინო დარბაისელის “ვიტა ბრევის” სწორედ მათ ეძღვნება.
    ზაზა დათიშვილი, შემთხვევითი შეხვედრები, რომანი, თბ. “სიესტა”, 2009.
    ზაზა დათიშვილი ქართველი მკითხველისთვის მაინცდამაინც ცნობილ ავტორთა რიცხვს არ მიეკუთვნება. პროფესიით ექიმია, თუმცა ბოლო წლებია წერს. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მოთხრობა, არის Pen-მარათონი 2007-ის ფინალისტი, საქართველოს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის პრემიის ლაურეატი. 2008 წელს გამომცემლობა “დიოგენემ” მისი მოთხრობების კრებული “Cheese party” გამოსცა.
    “შემთხვევითი შეხვედრები” ავტორის პირველი რომანია, რომელშიც ომის თემატიკაა წამოწეული. ომი ომია – ხუთდღიანი აგვისტოსიც და ხუთწლიანი დიდი სამამულოც. ადამიანები ორივეგან ერთნაირად იღუპებიან, სტკივათ, იბრძვიან და მშვიდობაზე ოცნებობენ.
    “რომანი წარმოდგენს მცდელობას რამდენიმე სიუჟეტურ პლასტში ასახოს სხვადასხვა თაობის ადამიანთა ურთიერთობები – როგორც აგვისტოს, ასევე მეორე მსოფლიო ომების ფონზე და მათი თვალთახედვიდან ფილოსოფიურად მიმოიხილოს ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანისტური პრობლემები” – ვკითხულობთ შესავალში.
    გრიგოლ რობაქიძე, მუსოლინი, თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, თბ. არტანუჯი, 2010.
    ამ წიგნის გამოცემას თავის დროზე დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ევროპაში გადახვეწილი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის მიერ დაწერილი ესეები “მუსოლინისა” და “ჰიტლერის” შესახებ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი ავტორი ფაშიზმისა და ნაციზმის მიმდევრად გამოეცხადებინათ. საბჭოთა კავშირში მწერალი დაგმეს, მისი შემოქმედება კი აკრძალეს. ასეთივე დამოკიდებულება გაჩნდა ევროპაშიც, არადა, როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი მხოლოდ მავანთა ინტერპრეტაციაა. აი, რას სწერს გრიგოლ რობაქიძე თავის მეგობარს, ნიკოს კაზანძაკისს: “ომის პირველ წლებში ორი პატარა წიგნი გამოვეცი: “ჰიტლერი” და “მუსოლინი”. აქვე დავძენ: არც პირველია ნაცისტური და არც მეორეა ფაშისტური. ამ თემებს მე განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვით ვუყურებდი.”
    მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური იდეოლოგიის აპოლოგეტზე წერს, ავტორისთვის მთავარი არ არის მუსოლინის პოლიტიკური შეხედულებები. მწერლისთვის მნიშვნელოვანია დუჩეს პიროვნული თვისებები, მისი სულიერი სამყარო, მის “არსში წვდომა.” განსაკუთრებით საინტერესოა ეს წიგნი გრიგოლ რობაქიძის სამწერლო ენის შესწავლისა და კვლევის თვალსაზრისით.
    “მუსოლინი” გერმანულადაა დაწერილი. დედანი წლების განმავლობაში საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახებოდა, საიდანაც ნანა გოგოლაშვილმა გადმოაქართულა. თარგმანში კარგად არის შენარჩუნებული მწერლის მანერული, არქაულობით დაღდასმული სტილი, რომლითაც გრიგოლ რობაქიძე იტალიელი დიქტატორის პერსონის მისეულ გააზრებას გვთავაზობს.
    კლოდ ლევი-სტროსი, “ტოტემიზმი დღეს”, თარგმნა მერაბ მიქელაძემ, რედაქტორი ნინო აბაკელია, თბ. აგორა, 2010.
    ცნობილმა ფრანგმა ეთნოლოგმა და ანთროპოლოგმა, კლოდ ლევი-სტროსმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში დიდი როლი ითამაშა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განვითარებაში. ეთნოგრაფია, მითოლოგია, ნათესაობის პრობლემატიკა, ტოტემიზმი – ეს ის სფეროებია, რომელთაც ფრანგი მეცნიერი იკვლევდა. კლოდ ლევი-სტროსს სტრუქტურული თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ.
    პირველი სამეცნიერო შრომები ბრაზილიის ინდიელებს ეხებოდა, რომელთა ცხოვრებაც 1935-1939 წლებში შეისწავლა. კვლევების საფუძველზე დაწერა “ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები,” რომელიც 1949 წელს გამოქვეყნდა. “ტოტემიზმი დღეს” 1962 წელს გამოიცა და მასში ამ თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო საკითხია მიმოხილული.
    კლოდ ლევი-სტროსი კიდევ რამდენიმე საინტერესო კვლევის ავტორია, რომლებიც კლასიკური სამეცნიერო ნაშრომებს სცილდება და საკითხავ ლიტერატურას უახლოვდება. მათ შორისაა, “სევდიანი ტროპიკები,” რომელმაც ავტორს ფართო აღიარება მოუტანა; ფუნდამენტურ კვლევათაგან აღსანიშნავია “ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები,” “მოდგმა და ისტორია” და სხვა.
    თანამედროვე ანთროპოლოგიის “მამად” წოდებული ლევი-სტოსი 2009 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა.
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – ზურაბ ლეჟავა

    თეონა დოლენჯაშვილი
    საქართველოში მწერლებს რაღაც სხვა საშუალებებით იცნობენ და არა თავიანთი მწერლობით

    – ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ. პატიმრობა. საბჭოთა ციხე, რაც ბევრი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიად ქცეულა. წერაც ციხეში დაიწყეთ?
    – წერა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავიწყე. ციხეში შეიძლება ეს სურვილი გამძაფრდა და განვითარდა. ვწერდი და რასაც ვწერდი, საქართველოში რის ვაი ვაგლახით ვაგზავნიდი, ჩვენ გვეკრძალებოდა ქართული ტექსტების გამოგზავნა და არალეგალურად მიხდებოდა გამოპარება. ერთი-ორი ცალი გამოქვეყნდა და დაიბეჭდა “ლიტერატურულ საქართველოში.” ერქვა “ვანია კნუროვი.” მერე ამ მოთხრობის დაბეჭდვას მოყვა გამოხმაურებები, სტატიები.. დაიბეჭდა თამაზ წივწივაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ჯიბსონ ხუნდაძის წერილები. მაშინ თამაზ წივწივაძე მოდური კრიტიკოსი იყო, მის სიტყვას ფასი ჰქონდა. წივწივაძე წერდა რომ ამ კაცს არ ვიცნობ და მისი აქამდე არც არაფერი წამიკითხავს, მაგრამ თუ რამ მესმის და გამიგება, ამ ერთი მოთხრობითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ძალიან სერიოზული მწერალიაო. მანვე დაუწერა “ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს” და თხოვა, გამოვუშვათ და ჩამოვიყვანოთ საქართველოშიო. ჩამომიყვანეს საქართველოში. მაშინ შეწყალების კომიტეტის თავმჯდომარე იყო რისმაგ გორდეზიანი და სწორედ რისმაგ გორდეზიანის და მწერლების ძალისხმევით მოხდა ჩემი შეწყალება კანონის გვერდის ავლით.
    – ძალიან მომწონს თქვენი ხის პატარა ქანდაკებები. პატიმრობაში ყოფნისას რამდენიმე რამდენიმე ხელოვნებათმცოდნემ “რაფაელ ზა რეშოტკოი” გიწოდათ.
    – პატიმრობის პერიოდში თვითნაკეთი ნამუშევრების რამდენიმე გამოფენა მოეწყო კიევში, მე მქონდა ქანდაკებები და გობელენები ვინიცაში. ასევე უკრაინელი პატიმრების ექსპოზიცია წაიღეს სლავიანსკი ბაზარზე. ამ ექსპოზიციას მოყვა გამოხმაურებები და რეცენზიები. რაღაც სტატია დაიბეჭდა “კამსამოლსკაია პრავდაში”, სადაც წერდნენ, რომ რაც კი რამ ვნახეთ, სლავიანსკი ბაზარზე ყველაზე მაგარი უკრაინის პატიმრების ექსპოზიცია იყო და ვიღაც ლეჟავა ჰყოლიათ იქ და ის იყო ყველაზე საოცარიო. თბილისშიც მქონდა გამოფენა “ცისფერ გალერეასა” და “ვერნისაჟში”.
    – თქვენი მოთხრობა “მილიონი ბედნიერება” გამახსენდა, სადაც ქანდაკებები ცოცხლდებიან, თავს ესხმიან ადამიანებს, მაგრამ ვერ ერევიან. რადგან ადამიანები იოლად იცვლიან სამოსს, ტყავს, ხორცს, ან მათ გარეშეც მშვენივრად არსებობენ. ზოგიერთი ადამიანი ქანდაკებაზე უსულოა? საერთოდ, როგორ იღებს მკითხველი ამ თქვენს მწარე ლიტერატურულ სიმართლეს?
    – შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი პროზა. სხვადასხვა მიზეზთა გამო. პირველი, ის რომ ვერ გაიგონ რაშია საქმე. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა დაინახონ საკუთარი თავი, ამოიცნობენ იქ რაღაც საკუთარი, მშობლიური და ამან გააღიზიანოთ. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ მყოლია თურმე ფანები. რაღაც ჯგუფიც კი ყოფილა ამ ფანების. გავიცანი რამდენიმე. საინტერესო ახალგაზრდები არიან.
    – როგორია თქვენი მკითხველი?
    – არ მინდა შეურაცხყოფა ვინმეს, მაგრამ მე მახსენდებიან ქალბატონები, რომლებიც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიზე ისხდნენ და ყიდდნენ ქაფშიას. ხელზე ჩამოცმული ჰქონდათ ცელოფნის პარკები და როდესაც მყიდველი მოდიოდა ამ პარკებით მეორე პარკში ყრიდნენ თევზს. აკეთებდნენ ამას ძალიან სწრაფად და ოსტატურად, რადგან მყიდველი თითქოს ჩანდა. ხოლო თავისუფალ დროს კითხულობდნენ გაზეთში დაბეჭდილ რაღაც დიალოგს დიეგოსა და მარიას შორის. თურმე არსებობს ასეთი გაზეთები, სადაც წინა დღით ნაჩვენები ლათინურ ამერიკული სერიალები იბეჭდება. მოკლედ, ამ ქალებს კასრზე ედოთ გაზეთი და ქაფშიას გაყიდვისგან თავისუფალ დროს, ხან ერთი კითხულობდა მას, ხან მეორე. რა თქმა უნდა, ასეთი მკითხველისთვის ჩემი ნაწარმოებები არ არის. ასეთი ადამიანები არიან საქართველოშიც და არიან, დავუშვათ, ბრაზილიაშიც, მაგრამ იგივე საქართველოშიც და ბრაზილიაშიც არიან სერიოზული მკითხველები და ვფიქრობ რომ ჩემი ნაწარმოებები სწორედ სერიოზული მკითხველისთვისაა განკუთვნილი და არა ქაფშიას გამყიდველი ქალებისთვის.
    – ყველაფრის მიუხედავად, თქვენ დღეს დაუფასებელი მწერალი ხართ. ქართული პროზის მეინსტრიმში, ეგრეთ წოდებულ ელიტაში ვერ მოხვდით. რატომ მოხდა ასე?
    – იმიტომ მოხდა, რომ საქართველოში მწერლებს მაინც უფრო მეტად სხვა საშუალებებით იცნობენ და არა თავიანთი მწერლობით. არა წიგნებით, არამედ სხვა რაღაცეებით. რა შეიძლება იგულესხმებოდეს ამ სხვა რაღაცაში. მაგალითად, იცნობენ თუნდაც იმით, რომ ვიღაცის შვილები არიან, რაღაც კასტურია მწერლობა ჩვენთან. მხატვრობაც, სხვათა შორის. იცნობენ თავიანთი ხშირი გამოსვლებით ტელეშოუებში, რომელსაც საერთოდ არ აქვთ კავშირი ლიტერატურასთან. ეს ტელეშოუები არის ან პოლიტიკური ან საერთოდ რაღაც განყენებულ თემებზე, ვთქვათ იმაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა რაღაც საგანი სკოლაში. ამ გამოკითხვებშიც ტრიალებს ერთი და იგივე ხალხი. იგივე ხალხი ამზადებენ კერძებს დილის გადაცემებში. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ცუდია მაგრამ, აქამდე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ მკითხველმა მწერალი, პირველ რიგში, მისი წიგნით უნდა გაიცნოს და არა, ვთქვათ, ტელეეკრანიდან, მზარეულის ქუდში გამოწყობილი როდესაც რაღაც კერძს ამზადებს მანუელთან.
    – თქვენს ტექსტებში ძალიან უცნაური ფანტასტმაგორიული სახეები გვხვდება. თუნდაც, “იყიდეთ თქვენი სულებიდან” ბანჯგვლაეთერო, ზარზღა… თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ რეალური ცხოვრებიდან გყავთ ბევრი მათგანი გადმოყვანილი.
    – რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ბევრი რეალურია. მაგალითად, მანდ არის ერთი პერსონაჟი როტვეილერ სიფათა პაშა, ეს არის ციხის ზედამხედველი, რომელიც დერეფანში დადის, რომელიც ნაგვის პლასტმასის ურნით თამაშობს ფეხბურთს, იგინება და ასე შემდეგ. ასეთი იყო პიროვნება რეალურად არსებობდა. ზოგიერთი პერსონაჟის სახეში რამდენიმე ადამიანის ცალკეული თვისებებია მოქცეული. ნაწილობრივ ცხოვრებიდან აღებული და ნაწილობრივ ფანტაზიის ნაყოფი.
    – ბოლო პერიოდში თქვენთან საინტერესო მოვლენები მოხდა. აიღეთ ლიტერატურული პრემია “გალა”. ახლახანს კი თქვენი მოთხრობა ევროპის საუკეთესო მოთხრობათა კრებულში შევიდა.
    – ასეთი რაღაცეები ნამდვილად იქცევა ხოლმე ახალი ენერგიის წყაროდ. მაგრამ მე არ ვემსგავსები ოქროსმაძიებელს, რომელიც ოქროს აღმოაჩენს, გახარებული ყვირის და თავზე იყრის ზოდებს. აღატაცების ყიჟინა არ აღმომხდება, როდესაც რაღაც წარმატებას მივაღწევ. უბრალოდ, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კარგი და სასიამოვნოა.
    – თქვენს ქანდაკებებთან ერთად მშრალ ხიდზე დგახართ. რატომ არ უნდა შეეძლოს კარგ მწერალს ლიტერატურით თავის რჩენა?
    – ეს ალბათ უფრო ისეთ მწერლებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას ბიზნესად აქცევენ. და ამით დიდძალ ფულს აკეთებენ. ეგრეთ წოდებული ლიტერატურული ბიზნესმენები, ასეთები ბევრნი არიან საზღვარგარეთ, მაგრამ ალბათ არც ისე ბევრნი, რომ მათ რიცხვში ადვილი იყოს მოხვედრა. ჩვენ გვყავს ისეთი მწერლები, რომლებიც ტოლს არ დაუდებენ უცხოელებს. მთავარია მოხდეს გარღვევა და გავიტანოთ ჩვენი ლიტერატურა.
    – ერთ ერთ რეცენზიაში “ლიტერატურის ფიროსმანი” გიწოდეს. როგორ იღებთ ასეთ შეფასებებს?
    – ცოტა ხნის წინ დამისვეს ეს კითხვა ფიროსმანთან დაკავშირებით და მე მასზე ღიმილით ვუპასუხე, რომ მე პირადად ასეთი შეფასებების წინააღმდეგი არ ვარ.
    კმაყოფილი ხართ იმით, რაც აქამდე დააგროვეთ?
    – ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. იმაზე მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, რაც უკვე გაკეთებულია. ვერავინ იტყვის, რომ მეტი არ შეუძლია. თუმცა მთავარი ის შედეგია, რომელიც სახეზეა და თუ ვიმსჯელებთ ამ შედეგების მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ ის დამაკმაყოფილებელია და ცოტა მეტიც.
    – ახლახანს საგურამოში ლიტერატურული კონკურსი “პენ მარათონი” ჩატარდა, სადაც ერთად მივიღეთ მონაწილეობა. ბევრი ჩვენი კოლეგა მიიჩნევს, რომ ეს მაინც თამაშია და მსგავსი ტიპის კონკურსებს სერიოზულად არ ეკიდება.
    – მე პირდაპირ ვიტყვი რომ ასეთი დამოკიდებულება პენ მარათონის დარი ღონისძიებების მიმართ მცდარია, თუ ვინმე თვლის, რომ ეს არის არასერიოზული, რაღაც გოგო-ბიჭური, რომელიც არ ეკადრება მათ ვთქვათ, მათ ლიტერატურულ სიდიადეს, არ არის სწორი. ასეთი ღონისძიებები ძალიან კარგია. პირველ რიგში, ერთმანეთის გასაცნობად. პენ მარათონის ორგანიზატორები მწერლებს უწყობენ პატარა გასეირნებებს სხვადასხვა ფერწერულ და ისტორიულ ადგილებში, მწერლებს ეძლევათ საშუალება წავიდნენ, დაწერონ თუ ეწერებათ, დაისვენონ, გაიცნონ ერთმანეთი, დაილაპარაკონ. ხშირად სუფრასთანაც. გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი გონებრივი სისხარტის გამომუშავების მშვენიერი საშუალება. სამჯერ მივიღე მონაწილეობდა და სამჯერვე კარგი მოთხრობები დავწერე. პირველი ორი მოხვდა პენ მარათონის კრებულებში, მესამე კი რაც ახლა დავწერე სრულიად განსხვავებულია იმათგან, რაც აქამდე ოდესმე დამიწერია და მე მგონი ბევრს გააკვირვებს.
    – წერით როგორ წერთ? ჯერ არსებობს რაღაც იდეა, ჩონჩხი და მერე ასხამთ ხორცს?
    – სხვადასხვააირად ხდება. ზოგჯერ არსებობს ჩონჩხი. მაგრამ როდესაც გგონია რომ ეს არის ჩონჩხი და იწყებ ხორცშესხმას ამ ჩონჩხისა, მოულოდნელად აღმოჩნდება რომ პირიქით ხდება, ანუ ხორცს კი არ ასხამ ამ ჩონჩხზე, არამეს ჩონჩხს ასხამ ხორცზე. ეს შამფურზე მწვადის აგებას ჰგავს,. შამფურს უყრი მწვადში, თუ ხორცს ასხამ ამ შამფურზე, ცოტა ძნელი დასადგენია. მთავარია შედეგი და ის თუ როგორი გემრიელი გამოვა მწვადი.
    – რა ხდება როდესაც წერთ. მწერლობისთვის ყველას თავის მიზეზები აქვს. თქვენ რატომ წერთ?
    – შეიძლება ითქვას, რომ წერის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. ზოგჯერ ეს პროცესი ტკივილსაც მაყენებს, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით ეს ტკივილიც ერთგავარი სიამოვნებაა. მინახავს ადამიანი, რომელსაც მთელი სხეული ნაიარევებით ჰქონდა სავსე, სხეულზე ჰქონდა უამრავი ჭრილობა. ეს კაცი ხშირად ვარდებოდა ისტერიკაში და უსაფრთხო სამართებლის პირით ისერავდა სხეულს, ხელებს, ფეხებს, მუცელს, სხეულს. მიკვირდა, რატომ აკეთებდა ეს კაცი ამას, რატომ აყენებდა საკუთარ თავს ტკივილს, როდესაც არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. რა ხდებოდა ამ დროს. მერე სადღაც ამოვიკითხე, რომ თურმე აადამიანი ტკივილისას გამოყოფს ერთგვარ რთულ ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკივით ესალბუნება მას. როგორც შიშის დროს ადრენალიანი, ტკივილისას რაღაც სხვა. ეს კაცის იყო ერთგვარი ნარკომანი და საკუთარი მტკივნეული გრძნობების მონა. რომელიც ჯერ ტკივილს აყენებდა საკუთარ თავს და მერე უკვე თვითონაც არ ესმოდა როგორ აღმოჩნდებოდა ერთგვარი ნარკოტიკური თრობის ქვეშ, იმ ნარკოტიკისა რომელიც მისი გაუბედურებული და დასისხლიანებული სხეული გამოყოფდა. წერის პროცესშიც რაღაც მსგავსს აქვს ადგილი. არის როდესაც წერ არის როცა გსიამოვნებს და არის ის რაღაც არასასიამოვნოც. მაგრამ ის ამავე დროს, ავტომატურად ხდება სასიამოვნო.
    – ბოლო და, როგორც იტყვიან, ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ – რაზე მუშაობთ ახლა? შეიძლება შეიცვალოს თქვენი ნაწარმოებების სტილი, მოცულობა, თემატიკა? რას უნდა ველოდოთ ახალს ზურაბ ლეჟავასგან?
    – ყველაფერი რაც იქმნება, აღებულია ცხოვრებიდან, და აღარაფერი არ არის ახალი. თუკი ვიღაცას ჰგონია, რომ რაღაც ახლა სწორედ მას მოუვიდა თავში, ცდება. ყველაფერი ეს დიდი ხნის წინ უკვე იყო და დაიწერა. როგორც დისკი, რომელიც ტრიალებს და უბრუნდება საწყის თემას, ასევეა შემოქმედებაც. ყველაფერი ახალი არის ძველი და არაფერი არ არის ახალი. მხოლოდ მივიწყებულია და მას განახლება სჭირდება. თუკი ადამიანი მაინც იფიქრებს, რომ დამოუკიდებლად რაღაცას ქმნის, ის წყაროები რომ გამოაცალო, რომელზეც მიერთებულია, ის არხები, საიდანაც ეს შემოქმედება გამოდის, დაემსგავსება აი ამ დიქტაფონს, რომელსაც გამოვაცლით ელემენტებს. რაც შეეხება მოცულობას, არ მინდა რაღაც ზომებში მოვაქციო ჩემი ტექსტები. ან დავისახო ასეთი მიზანი, რომ უნდა დავწერო რომანი. მე ვწერ ტექსტებს და თუ საჭიროებას ითხოვს არის შედარებით დიდი ტექსტები. რომანის მოცულობის არცეღთი არა რის გარდა აერთისა “იყიდეთ ჩვენი სულები” რომელსაც დავარქვი რომანი-ბალადა, რომელიც თავისი მოცულობით დ ფორმით მაინც არ არის და არც არის საჭირო იყოს რომანი, მთავარია იყო კარგი და საინტერესო. ძნელი საწინასწარმეტყველებელია. რა მოხდება მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთ მიმართულებას და ერთ კონცეფციას დაემორჩილება ჩემი ნაწარმოებები და ჯერჯერობით გეზის შეცვლას არ ვგეგმავ.
    © Weekend
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდი”

    გამოვიდა ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდის” მეორე გამოცემა। მარიამ ქსოვრელის
    მიერ თარგმნილი XX საუკუნის ეს კლასიკური ნაწარმოები გამომცემლობა “სიესტამ” დაბეჭდა.
    ჰესეს პროზას პირველად სკოლის წლებში გავეცანი. პირველი წიგნებიც მახსოვს – სოლომონ აპტის მიერ რუსულად თარგმნილი “ტრამალის მგელი”, ლურჯი, უხეში გარეკანით, თეთრი, თხელყდიანი “მოხილვა დილის ქვეყნისა”, ქართულ ენაზე და ასევე ქართულად – “დამსვენებელი”, სადაც “ტრამალის მგელიც” იყო შესული.
    ჰესეს მთავარი რომანის, “თამაში რიოში მარგალითებით” და კიდევ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სხვადასხვა დროს თითქმის მთელი ჰესე ოთარგმნა ქართულად: ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა “დამსვენებელი” და “ტრამალის მგელი”, რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ “მოხილვა დილის ქვეყნისა”, დალი ფანჯიკიძემ ჰესეს ესეები, მაია მირიანაშვილმა “დემიანი” და “ავგუსტუსი” (“ავგუსტუსი” ქ-ნმა ნანა გოგოლაშვილმაც თარგმნა). სხვადასხვა დროს ჰესე გადმოაქართულეს ასევე გიორგი მაჭუტაძემ, ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა, სოსო პაიჭაძემ, რუსუდან ბეჟაშვილმა, კოკო გამსახურდიამ და სხვებმა. ეგ კიარა, მეც კი მაქვს ჰესეს ერთიორი ესე თარგმნილი, ოღონდ, სამწუხაროდ დედნის ენიდან არა.
    ჰერმან ჰესეს შემოქმედებაში ჩვენი, ქართველი მკითხველის მეგზური რა თქმა უნდა რეზო ყარალაშვილი იყო, მისი თანაავტორობით თარგმნილი წიგნების გარდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კომენტარები, რომლებსაც არამხოლოდ ქართულ, არამედ რუსული გამოცემებისთვისაც ამზადებდა ხოლმე ბატონი ბუბა, წინასიტყვაობები, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ჰესეს შესახებ და რაც მთავარია, მისი ორი უმთავრესი წიგნი – 1980 წელს თბილისში გამოცემული “ჰერმან ჰესეს შემოქმედების პრობლემები” და მონოგრაფია “ჰერმან ჰესეს რომანის სამყარო”, რუსულ ენაზე (1984).
    დღევანდელი ჩვენი წიგნის, ანუ “ნარცისი და გოლდმუნდის” მთარგმნელიც, მარიამ ქსოვრელი, რა თქმა უნდა, ბუბა ყარალაშვილის მოსწავლე იყო:
    “ასეთი თემა მომცა ბატონმა ბუბამ დასაწერად – “სონატის ფორმა ნარცისსა და გოლდმუნდში” (მაშინ ხელოვნებათმცოდნეობაზეც ვსწავლობდი, სადაც მუსიკის თეორიაც ისწავლებოდა…) და წიგნები მომცა დასამუშავებლად… “ნარცისი და გოლდმუნდი” ეს არის რომანი, რომელსაც გარკვეული აგებულება აქვს, არქიტექტონიკა, ანუ გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული…”.
    ეს წიგნი მეორედ გამოვიდა ქართულ ენაზე, პირველად იგი ბუბა ყარალაშვილის ვაჟმა, ოთარ ყარალაშვილმა გამოსცა 2001 წელს, 8 წლის შემდეგ კი ისევ გაჩნდა აუცილებლობა წიგნი ხელმეორედ დასტამბულიყო, შედარებით დიდი ტირაჟით (სხვათა შორის, არ იქნება ურიგო, თუკი რომელიმე გამომცემლობა “ტრამალის მგელის” ხელახალ გამოცემასაც მოაბამს თავს).
    ჰერმან ჰესეს სახელი, როგორც აღვნიშნე, კარგადაა ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული ნობელის გარდა თავის დროზე მას გოეთესა და გოტფრიდ კელერის პრემიები აქვს მიღებული, 1955 წელს კი 78 წლის მწერალს გერმანელ წიგნით მოვაჭრეთა პრესტიჟული, მშვიდობის პრემია მიენიჭა, რომლითაც სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ: ალბერტ შვაიცერი, მარტინ ბუბერი, კარლ იასპერსი, ასტრიდ ლინდგრენი, იეჰუდი მენუხინი, სიუზენ სონტაგი, ორჰან ფამუქი და მრავალი სხვ.
    “ნარცისი და გოლდმუნდი” ჰესემ 1930 წელს დაიწერა და იგი მწერლის შედარებით გვიანი პერიოდის რომანად ითვლება. ამ ნაწარმოების შემდეგ ჰესემ მხოლოდ ორი მოზრდილი წიგნი შექმნა, “მოხილვა დილის ქვეყნისა” (1932) და “თამაში რიოში მარგალიტებით” (1943). რომანი გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, იგი მაშინვე ითარგმნა ნიდერლანდურად, პოლონურად, იტალიურად. ინგლისური თარგმანის ერთ-ერთი ინიციატორი კი, როგორც ბუბა ყარალაშვილი აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში, თომას მანი ყოფილა. თომას მანსვე ეკუთვნის რომანის ძალზე ზუსტი დახასიათება. იგი ჰერმან ჰესეს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნავდა:
    “შვაბი ლირიკოსისა და იდილიკოსის დამოკიდებულება ვენის ეროტოლოგიური სიღრმის ფსიქოლოგიის სფეროსადმი, იმ სახით, როგორც იგი გამოიკვეთა “ნარცისსა და გოლდმუნდში” – ამ, სიწმინდისა და ორიგინალობის თვალსაზრისით მართლაცდა განუმეორებელ რომანში, – წარმოადგენს სულიერ პარადოქსს, რომელსაც არაჩვეულებრივი მიმზიდველობა გააჩნია”.
    რომანი ნამდვილად მიმზიდველია, იგი განსაკუთრებული რიტმით გამოირჩევა და თუკი ალღო არ მღალატობს, ეს რიტმი ქართულ თარგმანშიც კარგად იკითხება, აქაც მოჩანს დროისა და თხრობის ის მდინარება, რომელიც “ნარცისსა და გოლდმუნდს” ჰესეს სხვა წიგნებისგანაც გამოარჩევს და ზოგადად ლიტერატურის ისტორიაშიც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მას.
    წიგნს მთარგმნელმა მარიამ ქსოვრელმა “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში” მუშაობისას მიაკვლია:
    “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში ველოდებოდი წიგნს, რომელსაც სათარგმნად გადმომცემდნენ. მახსოვს ერთ ოთახში ვიყავით ზურაბ ჭავჭავაძე, ბატონი ლევან ბრეგაძე და მე. და ლევან ბრეგაძემ მითხრა მაშინ, მე უკვე დავიწყე “ნარცისისა და გოლდმუნდის: თარგმნა, რამდენიმე თავი უკვე გაკეთებული მაქვს და მოდი ერთად ვიმუშავოთ ამ ნაწარმოებზეო. მე გაგატან ამ თავებს, შენ იმუშავე, განაგრძე შემდეგი თავების თარგმნა და ასე, ერთობლივად შევასრულოთ ეს სამუშაოო. მაგრამ სამწუხაროდ მერე ისე მოხდა, რომ ბატონ ლევანს ოჯახური მდგომარეობა შეეცვალა, მეუღლე გარდაეცვალა, მთელი მისი ყურადღება ბავშვების აღზრდაზე იყო გადასული. ამიტომ მე მარტო მომიხდა ამ წიგნზე მუშაობა”.
    ეს რომანი, XX საუკუნის კლასიკური ე.წ. აღზრდის რომანია, აქ მთავარმა გმირმა, გოლდმუნდმა, თავისი ცხოვრების გზა უნდა გაიაროს, გზა, რომელიც სავსეა ცოდვებით. ამ გზის დასაწყისთან ნარცისი დგას, ახალგაზრდა ბერი, გოლდმუნდის თვალისამხელი, და ასევე ნარცისია ის ადამიანი, ვისთანაც დაბრუნდება გოლდმუნდი განვლილი ცხოვრების შემდეგ, სწორედ “ნარცისის “თერაპიული” ჩარევის შედეგია ის, რომ რაც სხვა შემთხვევაში განუკურნებელი სენის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, იქცევა უშრეტ შემოქმედებით ძალად, რომელიც გოლდმუნდის მთელ ხელოვნებას ასაზრდოებს და სამყაროს იდუმალებასთან აკავშირებს მას” (რეზო ყარალაშვილი).
    გარდა გოლდმუნდისა, წიგნში, უფრო სწორად კი ამ წიგნით, სხვებიც იზრდებიან, ისინი ვინც ყურადღებით კითხულობენ წიგნს. იზრდებიან მთარგმნელებიც. მაგალითად, ზოგი ციხეში იზრდება, ზოგი გაჭირვებაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარგმნისას იზრდებიან:
    “თხუთმეტი წლის წინ ჩემში ჯერ ის გამოცდილებები არ იყო, რაც აქ არის თავმოყრილი. თარგმნისას თან ვსწავლობდი, ვსწავლობდი ცნებებს, იმ სამყაროს, ძალზე საინტერესო სამყაროს, რაც წიგნში იყო”.
    ამჯერად მარიამ ქსოვრელი ჰესეს უმთავრეს წიგნზე მუშაობს, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – გივი ალხაზიშვილის “ჩაბრუნებული მზერა”

    გამომცემლობა “საუნჯემ” გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებული, “ჩაბრუნებული მზერა” გამოსცა, რომელშიც ძირითადად პოეტის 2010 და 2009 წლებში შექმნილი ლექსები შევიდა।ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გივი ალხაზიშვილის 3 წიგნი გამოვიდა. გამომცემლობა “ინტელექტმა” უკვე ტრადიციად ქცეულ სერიაში, “პოეტის 100 ლექსი” გამოსცა მისი რჩეული, გამოვიდა პოეტის ავტობიოგრაფიული რომანი “მომავალი წარსული” და კრებული, რომელიც ძირითადად ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს.
    კრებულს “ჩაბრუნებული მზერა” ჰქვია და იგი პოეტის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი და ტკივილიანი პერიოდის ანარეკლია. ერთ-ერთი ლექსის ეს სათაური, “ჩაბრუნებული მზერა” ძალზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც წიგნს თითქმის მთლიანად გამსჭვალავს და სადაც ავტორი წარსულს უბრუნდება, სადაც თვალი “…ჩაბრუნდება თავის სიღრმეში, რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდეს”.
    ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გივი ალხაზიშვილის ბოლო წიგნზე საუბრისას:
    “ეს უკუსვლა თითქოს მეხსიერებაში, პოეტის წარსულში დაბრუნებას გულისხმობს, ანუ იგი არის საკუთარ წარსულ ისტორიებში ჩაღრმავება, კონკრეტული ისტორიის, საკუთარი მეს შეცნობის მცდელობა”.
    წიგნი გაგა ლომიძისვე წინასიტყვაობით იხსნება, ესსეთი, სახელწოდებით “ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი”, ბოლოში კი წიგნს კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ერთვის, ნანა ტრაპაიძის “ზღვართან ყოფნის პოეტიკა”.
    გივი ალხაზიშვილი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ცდილობს ყოველთვის სიახლეები წარუდგინოს მკითხველს, მას არ უყვარს კრებულიდან კრებულში ლექსების გადატანა და ყოველი მომდევნო წიგნის “რჩეულად” გადაქცევა. იგი ძირითადად ახალ რკალებსა და დაუბეჭდავ ლექსებს გვთავაზობს ხოლმე:
    “გივი ალხაზიშვილის ახალი, ბოლო კრებული, ჩაბრუნებული მზერა აერთიანებს მის სხვადასხვა პერიოდის ლექსებს, იწყება 2010-2009 წლის ლექსებით, თითქოსდა საგანგებოდ არის ეს უკუსვლა დროში, შემდეგ მოდის 2008-2007 წლის ლექსები და ბოლოს უკვე სხვადასხვა, 90-იან და 2000-იან წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც ავტორმა დღესაც აქტუალურად მიიჩნია.”
    ამ კრებულში, შეიძლება ითქვას პოეტის სულის ბიოგრაფიაა მონიშნული, ბიოგრაფია თავისი განცდებითა და ყოველდღიური შთაბეჭდილებებით, ტკივილებითა და გამონათებებით, დაკვირვებებითა და მიგნებებით.
    აქ ნახავთ, აგრეთვე ე.წ. სამოქალაქო ლირიკასაც და დიპტიქს “თუშური პასტორალი”, სადაც ორი სტილისტიკა ენაცვლება ერთმანეთს და კონვენციური ლექსისა და ვერლიბრის ბუნებრივი შერწყმის ადგილას ახალი სტილისტიკა იშვება:
    “ამ კრებულში შესული ლექსები გამოირჩევა მრავალფეროვანი რიტმით, ამით იგი ჯაზურ კომპოზიციასაც წააგავს, ყოველ შემთხვევაში მისი ლექსების უმრავლესობა ასეა. ამავდროულად გივი ალხაზიშვილი ექსპერიმენტებსაც მიმართავს, მაგრამ პარალელურად იგი მუშაობს კონვენციურ, ტრადიციულ სალექსო ფორმებში, რომლებიც გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება უფრო ლირიული შეგრძნებების გასაძლიერებლად, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ირონიულ-პაროდიული კონოტაციებისთვის გამიზნული.”
    პოეტის ლირიული შეგრძნებებისა და მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია ექვსი ეპისტოლე, პირველ რკალში გაფანტული ლექსები, “ქარის ხსოვნა – იანვრის ეპისტოლე”, “ჩაბრუნებული მზერა – თებერვლის ეპისტოლე” და ა.შ. ეს ლექსები წელს დაიწერა, თუმცა მათ გარდა მე განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლექსებს: “გახედვა საღამოსკენ”, “სიჩუმე, შენი სუფლიორი…”, “ეს დღე სად გაქრა?!”, “თუშური პასტორალი”, “ზღვართან”.
    სრულიად განსხვავებული, ახალი რიტმული და თემატური მუხტის მატარებელია გივი ალხაზიშვილის ორი ლექსი – “დავიწყებულთა რეკვიემი” და “სასულე ორკესტრის თანხლებით”, ხოლო მისი “უხმო ნატირალი” ჩვენი ბოლო ომის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ღრმა გააზრებაა:

    მე არ ვარ მიწა
    და მიწადაც ვეღარ ვიქცევი,
    ვარ ფეხადგმული ტერიტორია,
    იძულებით ადგილნაცვალი –
    ჩემი სხეულით, ჩემი გულით, ჩემი ფიქრებით
    თანდათანობით გარდავისახე იმ მინდვრებად,
    რომ გადაბუგეს
    და საფლავებად
    ბნელ სარდაფებში და ძველ ბაღებში რომ გადამალეს, –
    ბორცვებად ქცევას რომ ვერ ბედავენ
    საგულდაგულოდ დატკეპნილები.

    ვიქეც უძრავ ტერიტორიად,
    მხოლოდ ბუფერად –
    ისევ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის,
    რომელსაც უკვე მოძალადე ვეღარ დაიპყრობს,
    როცა მკვდრები თავის მიწას დაიბრუნებენ.

    “ჩაბრუნებულ მზერაში” შესულ ძალიან ბევრ ლექსში თამამად მოჩანს ყოფითი დეტალები და ამის გამო ლირიკა, აღსარებითობა და თვითშემეცნება სრულიად სხვა ტონალობაში გადადის:
    “გივი ალხაზიშვილის ბოლო პერიოდის, ანუ ბოლო რამდენიმე წლის ლექსები ვფიქრობ მისი 70-იანი წლების ლექსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ამ ლექსებში შედარებით ნაკლებადაა ირონიულ-პაროდიული ნაკადი, თუმცა ალაგ-ალაგ იგრძნობა. აქ ავტორს ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული თავისი ამოცანა, იგი თავის წარსულს იაზრებს და უფრო მეტად, გავიმეორებ, მიმართულია საკუთარი თავის შემეცნებისკენ და უფრო კარგად ჩანს, მისი ლექსის ექსპერიმენტული ბუნება, ანუ პოეტური ძიებები”.
    ეს ძიებები, წიგნის ბოლოსიტყვაობის ავტორის, ნანა ტრაპაიძის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ერთსა და იმავე დროს გამოხატავს ბმასა და წყვეტას ტრადიციასთან, რელიგიასთან, ექსისტენციასთან, ყველაფერთან, რაც სულ ცოტა ხნის წინათ გენეალოგიურ მოცემულობად წარმოგვიდგებოდა”. სწორედ ამის, და ბევრი სხვა მიზეზის გამოც, გივი ალხაზიშივილის პოეზია თანამედროვე ქართული პოეტური კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
    © radiotavisupleba.ge