• პოეზია (თარგმანი)

    ჰაროლდ პინტერი

    ღმერთმა დალოცოს ამერიკა

    აი, იანკების მწკრივები
    აღლუმზე დაძრულან ხელდახელ.
    იარაღასხმულნი ყელამდე
    მღერიან მხიარულ ბალადებს.
    მსოფლიო შემოიჯირითეს,
    ღმერთი ამერიკის ადიდეს,
    და ვინც იანკებს არ შეეკრა,
    ვინც ბანი არ მისცა წყობილად,
    ვინც მათთან ერთად არ იმღერა,
    ვინც ხმა დაკარგა და დადუმდა,
    აღგავეს პირისგან მიწისა.
    გვამებით გაავსეს თხრილები –
    გვამებით, გვამებით, გვამებით.
    ვინც ბანი არ მისცა მეომრებს
    მოსრეს და აქციეს არარად.
    მოჰქრიან შუბებით მხედრები,
    ეს შენი თავია – მიწაზე,
    ეს შენი თავია – ქვიშაში,
    ეს შენი თავია – გუბეში,
    ეს შენი თვალები – დათხრილი…
    გვამების ოხშივარს იყნოსავ,
    ჰაერი სავსეა სიკვდილით
    და ეს ამერიკის ღმერთია
    სიმყრალეს და გვამთა ხრწნილებას
    თავის წიაღში რომ ინახავს.

    იანვარი, 2003.

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”

  • ესე

    მანანა კვაჭანტირაძე

    თანამედროვეთა გასაგონად

    ლადო ასათიანისადმი მიძღვნილ წერილს, რომელიც 1971 წლითაა დათარიღებული, გურამ ასათიანი შემდეგი სტრიქონებით ამთავრებს: “რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, / თუ მამულს თავი არ ანაცვალე? / ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, / მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს”. ამას მოსდევს მძიმედ და მოჭრილად დასმული ფრაზა – შეკითხვა, რომლითაც გურამ ასათიანი, ორმოცდასამი წლის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი, თავისი დროის ახალგაზრდებს მიმართავს: “საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ სტრიქონებზე დღევანდელი ოცდაექვსი წლის ბიჭები?”
    ჩემთვის, როგორც გურამ ასათიანის უმცროსი თანამედროვისათვის, დღევანდელი გადასახედიდან უფრო გასაგები და ახლობელია ის მუხტი, რომელიც ამ ფრაზას თუ შეკითხვას აწერინებდა: ხიდის გადება და დიალოგი თაობებს შორის; კითხვის დასმისა და პასუხის მიღების მარადიული წრებრუნვა ისტორიულ ცვალებადობათა ფონზე, ანუ, საბოლოო ჯამში – “პრომეთეს პათოსი”, რომელიც პოეზიის ცეცხლის (სიტყვის ენერგიის) გა-ნაწილებას და გა-ვრცელებას ახლავს. ალბათ, ლადო ასათიანსაც იგივე მუხტი კარნახობდა თავის უახლოეს წინაპართან შეხმიანებას (“და აწვალებდა მას სიკვდილამდე / ქართული მზე და ქართული მიწა” – ტიციან ტაბიძე), რადგან თაობათა შორის ყოველი გადაძახილი, მით უფრო ლიტერატურაში, მხოლოდ კანონია და არა გამონაკლისი. გურამ ასათიანიც ყველა დროის შემოქმედთა ხსოვნისა და ერთგულების ამ დიდ კანონს იცავდა. მასთან ერთად კი მწერლისა და კრიტიკოსის პასუხისმგებლობას იმ “ახალი ზრახვების” მიმართ, რომელსაც, მისივე ფაქიზი ინტუიციით, ყველაზე მეტად სწორედ “დროის მოთხოვნილება განსაზღვრავს” და არა სხვა რამ.
    წარსულისა და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობაზე მწერლობის კარგად ნაცნობი კატეგორიული განაცხადი ბუნებრივად აჩენს სურვილს, ეს კატეგორიულობა დროის ახალ კონტექსტში შევამოწმოთ და გავიაზროთ. აქ კი, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, გურამ ასათიანის ხელმეორედ წაკითხვისას სასიამოვნოდ გაკვირვებულები და გახარებულებიც აღმოვაჩენთ, რომ დიდად არაფერი შეცვლილა და დროისაგან დაბნეული და “ახალი ზრახვებით”გაბრუებული საზოგადოება ისევე თხოულობს მწერლობის “ფხიზელ მეურვეობას” და “თბილ ხელებს”, როგორც 70-იან წლებში. ისევე, არანაკლებ და იქნებ, მეტადაც…
    “წვალების” ცნება “წამების”, ანუ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, “მარტვილად შექმნის” სინონიმია. თუ ისტორიულ კონტექსტებს შორის განსხვავებასაც გავითვალისწინებთ, “გაწვალება” ჩვენს სინამდვილეშიც მოუსვენრობას, მუდმივი საფრთხის, ტკივილის შიშისა და პასუხისმგებლობის გრძნობას გულისხმობს, ანუ იმ ყველაფერს ერთად, რაც მარტო მარტვილს კი არა, ნებისმიერი დროის ყველა ჭეშმარიტ შემოქმედსა და პოეტს განუმზადა ბედისწერამ. ე.ი. მუდმივ თანა-ზიარობას, სხვისი ტკივილის გა-ზიარებას და გა-თავისებას. გურამ ასათიანიც ბევრს საუბრობს ადამიანურობაზე, ტკივილზე, ცეცხლზე, დაჭიმულ სიმზე, მაღალ ძაბვაზე, სიფხიზლეზე, გადარჩენასა და გაფრთხილებაზე. არც ის მეჩვენება შემთხვევითობად, რომ სწორედ მის კალამს ეკუთვნის ბრწყინვალე ესსე “ასე უყვარდათ საქართველოში”.
    გურამ ასათიანი ქართული კულტურისა და სულიერების საზღვრებს იცავდა, მისი ჰუმანისტური და ესთეტიკური იდეალების სივრცეს ედგა დარაჯად. გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ როგორც პიროვნება და შემოქმედი, თვითონვე წარმოადგენდა ხასიათის იმ თვისებათა განსახიერებას, რომლის ნიშნებსაც ეძებდა მწერლობასა და ხალხურ შემოქმედებაში და რომელთაც “ქართული სულიერების ესთეტიკურ სუბსტრაქტად” თვლიდა.
    გურამ ასათიანის მოღვაწეობის პერიოდი უკავშირდება მწერლობის მიერ საკუთარი ფუნქციის გააზრების კიდევ ერთ აღმავალ ეტაპს. მოგეხსენებათ, კომუნისტური იდეოლოგიური წნეხის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ წარმოშვა კულტურული და ზნეობრივი იდენტურობის პრობლემა, რომლის სახიფათო სამომავლო მასშტაბები უკვე მკაფიოდ იკვეთებოდა საზოგადოების სოციალური და მორალური ცხოვრების ფონზე. მის მიმართ დაპირისპირების ტენდენცია 60-70-იანი წლების ლიტერატურული პროცესის ძირითად მახასიათებლად იქცა. 50-იანი წლების ცნობილ მოვლენებს – იმპერიის იდეოლოგიური ცენტრის შესუსტებას 60-70-იანი წლების ლიტერატურამ თანდათან გააზრებულად და მიზანმიმართულად დაუპირისპირა ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, მისი დაბრუნება მარგინალურიდან ცენტრალურ პოზიციაზე. კულტურის ამ საერთო ტენდენციას, რომელიც, ფაქტობრივად, სოციუმის მორალურ-ნორმატიული სისტემის, ანუ ტრადიციული კულტურული სივრცის მსხვრევის პარალელურად და მის საპირისპიროდ მიმდინარეობდა, სწორედ მწერლობა ედგა სათავეში – ეროვნული და ზნეობრივი თემატიკის გაძლიერებით, მითოსური და არქეტიპული ფესვების ძიებით, კულტურულ ფასეულობათა იერარქიის მოწესრიგებით და ქართული ხასიათის ტრადიციულ მოდელთან დაბრუნების მცდელობით. იმ ათწლეულებში მწერლობა ბრძოლის წინა ხაზზე იდგა (სხვა საქმეა, ვინ როგორ ხედავდა საკუთარ ფუნქციას ამ ბრძოლაში) და გურამ ასათიანიც მთელი თავისი შემოქმედებით ძალიან ჰგავდა იმ დაჭიმულ სიმს თუ ნერვს, გადამწყვეტი შეჯახების წინ საკუთარ თავს მოდუნებას რომ უკრძალავს.
    მწერლობის ამ ფუნქციამ განუსაზღვრა მას საკუთარი შემოქმედების მიმართულებაც და სიღრმეც. მანვე შეაძლებინა, შეექმნა ლიტერატურაზე ცოდნის მრავალტომიანი კორპუსი, რომლის ხელმეორედ წაკითხვასა და შეფასებასაც გვავალდებულებს დრო, არა ჩვენი საშინლად აჩქარებული და დაძაბული, გამომფიტავი ყოველდღიურობა, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ფულის ექვივალენტად აღიქვამს – არამედ კულტურის, ხსოვნის, წარმოსახვის დრო, სადაც წიგნის კითხვა ან სამყაროზე ცოდნის ამო-კითხვაა, ან შე-კითხვაზე მიღებული პასუხი, ან თუნდაც მივიწყებულ ეგზოტიკურ ნაკრძალში გასეირნება (ცხადია, მხოლოდ იმათთვის, ვინაც ასეთი გასეირნების გემო იცის).
    დღეს თითქოს უფრო საგრძნობია ის დანაკლისი, რაც გურამ ასათიანის წასვლას მოჰყვა ქართულ კრიტიკაში. მისი ცხოვრება და შემოქმედება მართლაც პრომეთეს ნიშნით იყო აღბეჭდილი. გურამ ასათიანი ქართველ მკითხველს სულიერი სიმხნევის გამომუშავებაში, გაძლებაში ეხმარებოდა. პოეტური სიტყვის სითბო და სინათლე მიჰქონდა მასთან, მისი ხიბლისა და საიდუმლოს ამოცნობას ასწავლიდა.
    იგი უარყოფდა ლიტერატურის “განპირობებულობის” იდეას, ლიტერატურის არსებობის აზრს სწორედ მის თავისუფლებაში ხედავდა. კრიტიკული აზროვნება კი მტკივნეულ ძიებად, თანაშემოქმედებად, “ახალი ფასეულობის შექმნად” ესახებოდა: “კრიტიკული აზროვნება… იწყება სწორედ იქ, სადაც თავდება მიმოხილვა და შეფასება, როდესაც კრიტიკოსი თვითონ დგება შემოქმედის, მაძიებლის როლში, ნათლად გრძნობს თავისი საქმის სიმძიმეს – ჭეშმარიტებისაკენ მოძრაობის ყველა მტკივნეულ სიმპტომს და სწორედ ამ ტკივილით რწმუნდება, რომ მისი ხელობა უფასო დამატება კი არაა “მხატვრული” ლიტერატურისა, არამედ რეალური საჭიროებით გაპირობებული ახალი ფასეულობის შექმნის ცდა”. აქვეა ერთი საგულისხმო შენიშვნაც, რომელიც საქმეში ჩახედულ მკითხველს უთუოდ გაახსენებს თანამედროვე მეტაკრიტიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან მოთხოვნებს: “თუ ყველაფერი “განპირობებულია” (ანუ აღმნიშვნელი მკაცრადაა დეტერმინირებული აღსანიშნის მიერ – მ.კ.), მაშინ ლიტერატურის არსებობას საერთოდ არა აქვს აზრი! ლიტერატურის ამქვეყნად არსებობა ხომ სწორედ იმითაა გამართლებული, რომ ის არის ადამიანის სულის ლაღი მოძრაობის, აღმაფრენის თავისუფალი სარბიელი”. შემოქმედის გამახვილებული ინტუიციის წყალობით გურამ ასათიანი სიტყვიერი შემოქმედების არსებით ბუნებას ჭვრეტდა ყველა დროისა და ტიპის შემოქმედებაში. ზემოთ მოტანილ სიტყვებშიც იმ ადამიანებთან ფარული პოლემიკა იგრძნობა, ვინც კრიტიკას “მხატვრული” ლიტერატურის დამატებად თვლიდა და ამ აზრის დაკანონებას ცდილობდა. “მხატვრულის” ბრჭყალებში ჩასმაც წერილობითი სფეროების მკვეთრი გამიჯვნისა და ერთ-ერთი მათგანისათვის გარედან მინიჭებული უპირატესობის წინააღმდეგ მიმართულ ირონიულ ჟესტადაც შეიძლება აღვიქვათ. ამიტომაც წერდა იგი პოეტურ სიტყვაში სიცოცხლის მშვენიერების მჭვრეტელი კაცის დახვეწილი, მომხიბლავი ფრაზით, ანალიტიკური აზრის ცხად და ცივ კონტურებს შემოქმედის შინაგანი ცეცხლით ათბობდა და არბილებდა.
    მწერლობას იგი განიხილავდა, როგორც “ერის სულიერი რაობის უპირველეს ემანაციას”. ეროვნული თვითდამკვიდრების ისტორიულად ყველაზე მიზანშეწონილი მოდელის ძიებაში მთავარ როლს მწერლობას აკუთვნებდა. დაუღლელად ეძებდა ერის ცენტრალურ ბგერას სხვადასხვა საუკუნის პოეტთა შემოქმედებაში. ამ ბგერის ობერტონების ამოცნობას ცდილობდა ყველგან და ყოველთვის – სათავეებიდან დაწყებული თანამედროვეობით გათავებული.
    მოგეხსენებათ, პიროვნების სუბსტიტუციურ ხერხემალს ისტორიზმის განცდა ქმნის. გურამ ასათიანი ერთგან წერდა, ჩვენი ლიტერატურის ისტორია “ახლადაა დასაწერი, მისი ეროვნული და ტიპოლოგიური თავისებურებების გამოკვლევა ის ამოცანაა, რომლის ამოხსნა და ამოხსნილის გათვალისწინება გასულმა საუკუნემ გვიანდერძაო”. ამ ანდერძის შემსრულებლის პასუხისმგებლობით წერდა და იღვწოდა. პასუხს (ანუ სიტყვას) მიაგებდა თავის დიდ წინაპრებს იმ განსაკუთრებული და განუმეორებელი შეგნებით, რომ ამით პატივის მიგების მხოლოდ თავის, საკუთრივ თავის რიტუალს ასრულებდა და სხვა ვერავინ გააკეთებდა მის საქმეს. წერდა როგორც მებრძოლი და მცველი – რეაგირებდა ლიტერატურის სულისა და სხეულის ყოველ რხევაზე, თვალს ადევნებდა პროცესებს, გზას ულოცავდა სიახლეებს, ძვრებს. მასშტაბურად, ფართო სამზერიდან წვდებოდა ლიტერატურის ისტორიის ვრცელ მონაკვეთებს რუსთაველიდან თავის უშუალო თანამედროვეობამდე. იგი ხიდს დებდა კულტურულ სივრცეებს, ლიტერატურის ისტორიის ცალკეულ მონაკვეთებს შორის, რათა ქართველ მკითხველს ისტორიზმის განცდის სიმძაფრე არ შენელებოდა, რათა უკეთ გვეგრძნო, რომ მთლიანობის მო-ნაწილენი ანუ მთელის შემადგენელი ნაწილ-ები ვართ, დიდი სულიერების დროსა და სივრცეში გაბნეული, მაგრამ მაინც ერთ-იანობის მატარებელი ფრაგმენტები.
    გურამ ასათიანი ჩვენს ხსოვნას იცავდა, რადგან მტკიცედ სწამდა: იმ ერს, რომლის მომავალსაც საფრთხე ემუქრება, წარსულის ხსოვნამ უნდა შეუნარჩუნოს ღირსება და გააძლებინოს უკეთეს დრომდე. აქედან მოდიოდა მისი სიფხიზლე და მომთხოვნელობა თანამედროვე მწერლებისა და მწერლობის შეფასებაში, მოწიწება და თაყვანისცემა ძველების მიმართ.
    “სათავეებში” ის ღირსეულად ასრულებს თავის ზეამოცანას: მთლიანობად კრავს დარღვეულ ეროვნულ ცნობიერებას და მომავლისაკენ მიმართავს მას. ფაქტობრივად, ეს ქართული მწერლობის ზოგადი მისიის პირდაპირი გაცხადება იყო, იმედისა და რწმენის ჩანერგვა, სტრუქტურირება მკითხველის ცნობიერებაში. მაგრამ არა მარტო ეს. ყური მივუგდოთ სიტყვის ვაჟკაცურ ბრძოლას ეჭვთან, უიმედობასთან, რომელიც ინტონაციათა ფაქიზ რხევაში ირეკლება: “დრო მიდის და ჩვენ ვიცვლებით, თანდათან ვკარგავთ თვისებათა ნაწილს, ვსხვაფერდებით. გავა დრო და მეტს წაგვართმევს”: მას ტკივილს გვრის შეუქცევადი პროცესები, მაგრამ თავს იმხნევებს და ჩვენც გვამხნევებს, რომ “სიბერე ჯერ კიდევ შორსაა”, რომ “განახლება მუდმივი წყურვილია ქართული სულისა”, რომ “თვით ჩვენი ხასიათია განსაკუთრებით გამძლე, რაღაც ურევია შიგ, სამარადჟამო დუღაბივით” და ეს “რაღაც უსათუოდ უნდა გადარჩეს”.
    უპირატესად იგი ქართული ხასიათის სიმაღლეებზე წერდა, რადგან იცოდა, რომ სამყაროზე ქართული წარმოდგენა და იმედის ქართული განცდა მაღალზე, უკეთესზე, რომანტიკულ მწვერვალებზეა ორიენტირებული, მაღლივ კონსტრუქციებს ეფუძნება. ამ სიმაღლეების მაგალითით იმხნევებს და ილამაზებს ცხოვრებას უკიდურესი უიმედობის წუთებშიც კი (“ცაც მაღალია, მთაც მაღალია და კაციც უნდა იყოს მაღალი”). თუმცა არასოდეს უღალატია ზომიერების გრძნობას, ესოდენ აუცილებელს ჭეშმარიტად კულტურული და ესთეტური ცნობიერებისათვის; არც არასრულფასოვნების კომპლექსი გასჩენია პატარა ერის შვილობის გამო, არც “ჩაკეტილობაში” და “უნიკალურობაში” უძებნია გამართლება, რადგან იცოდა: ღვთის თვალისათვის, რომლის ანალოგსაც ამქვეყნიურ არსებობაში ესთეტისა და შემოქმედის თვალი წარმოადგენს, არ არსებობს დიდი და პატარა; რომ სამყაროს მრავალხმიანობას მცირე ტალღის ჩქაფუნიც ისევე ერწყმის, როგორც დიდის გუგუნი.
    მარტივში, სადაში ჭეშმარიტებისა და მშვენიერების აღმოჩენის უტყუარი გუმანი ჰქონდა. ირონიით წერდა იმათზე, ვისთვისაც ესთეტურის საზომი მხოლოდ მასშტაბებით განიზომება. ამიტომაც გაბედულად სთავაზობდა საზოგადოებას “ზოგისთვის მეტისმეტად მარტივ”, თავისთავად კი ძალზე მნიშვნელოვან დაკვირვებას, რომ “ქართული ხასიათის არსისმიერი თვისება ადამიანურობაა”. “ადამიანურობის” შეზღუდვას უკავშირებდა “კაცობრიობის ხანგრძლივ სულიერ დრამას”, ამავე თვისებაში ჭვრეტდა ქართული კულტურის გადარჩენის ონტოლოგიურ მიზეზს. ქართული ხასიათის ამ დომინანტურ ბგერას ეძებდა ჩვენი სულიერი ევოლუციის ათასწლოვან გზაზე და სწორედ მისი შენარჩუნება მიაჩნდა ქართული სულიერების ყველაზე გამორჩეულ ღვაწლად.
    ვინც 70-იანი წლების მწერლობას კარგად იცნობს, დამეთანხმება: ინდივიდუალური მარტოობის ეგზისტენციალური მსოფლშეგრძნებისა და ერის ისტორიული მარტოსულობის მხატვრული სინთეზი სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა. პრომეთე-ამირანის სიმბოლური სახის გააზრებისას გურამ ასათიანი წერდა: “მარტოობა მისი უმძიმესი ხვედრია და არა თვითგანაჩენი. ეს არისო ყველაზე დიდი სასჯელი, რომელიც მას უზენაესმა ძალამ გადმოუვლინა”.
    მაგრამ სასჯელთან ერთად იგი პრომეთეს “მზის წილობაზე”, “სინათლის მოციქულობაზეც” ლაპარაკობდა. ცასა და მიწას შორის გადებული ხიდის სიმბოლოდ აღიქვამდა მას. საგულისხმოა: ამირანის სახეს მთელი კავკასიური რეგიონის ხალხთა ხატად მიიჩნევდა და ქართულ კულტურაში ხედავდა “კავკასიური ჯვარცმის” ყველა ადგილობრივი მოტივის აკუმულაციას.
    ქართულ კოსმოგონიაში ბუნების კეთილზნეობის, მისი ჰუმანური საწყისის რწმენა სჭარბობსო – ბრძანებდა ბატონი გურამი. იგი უსასრულო სამყაროში ქართველი კაცის თანდაყოლილი შინაურულობის განცდაზეც საუბრობს და ჩვენი კულტურის დასაბამიერ თვისებად სიკეთისა და მშვენიერების დანახვის ნიჭს მიიჩნევს.
    ქართველი ერის ისტორიაში, მის მწერლობასა და კულტურაში, ქართულ ხასიათში ამირანის საბედისწერო განაჩენის გადალახვის განუწყვეტელ მცდელობებს ჭვრეტდა.
    “სათავეებთან” რაღაცით სამადლობელსაც ჰგავს…
    უცნაური დამთხვევაა: სიკვდილის წინა დღეებში თურმე წიგნის სასიგნალო ეგზემპლარი ედო საწოლთან. ახლა ვფიქრობ, რომ “სათავეებთან” უფრო მომავალი თაობებისთვის დაიწერა, ვიდრე თანამედროვეებისთვის. ამას მაფიქრებინებს ის დიდი გადასახედი, საიდანაც გურამ ასათიანი თავისი ხალხის წარსულსა და მომავალს გასცქეროდა, მხმობის თან დაძაბული, თანაც მოიმედე ინტონაცია. მთავარია, მისი საუბარი “დიდ, მთავარ ბრძოლაზე”, რომელიც წინ გველოდა. ბრძოლაზე, რომელშიც ქართველმა ხალხმა “შეუძლებელი უნდა შეძლოს”, “ძალთა განუზომელ უთანაბრობას” უნდა გაუძლოს.
    იქნებ, ვაჭარბებ კიდეც, მაგრამ იმ დროისათვის სავსებით მოსალოდნელ და სასურველ გაშიფვრაზე მეტად – თვითმპყრობელ იმპერიასთან დაპირისპირებას ვგულისხმობ – ვფიქრობ, გურამ ასათიანი კაცობრიობის მომავლის უფრო ვრცელ პერსპექტივას ხედავდა, მსოფლიო პოლიტიკური რუკის სამომავლო ცვლილებებს გულისხმობდა. ამ კონტექსტში მოიაზრებდა ქართველების “მთავარ ბრძოლასაც” – მოძრაობის, მოქმედების, წინააღმდეგობის უნართა მობილიზებად საკუთარი, ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად უკვე შეცვლილ მსოფლიო მთლიანობაში.
    “ერი ერად ყოფნის ძალისხმევაა” – ამბობდა მერაბ მამარდაშვილი. ძალზე მაცდუნებელია სურვილი, ეს აზრი ადამიანზე, მით უფრო კულტურაზეც გავავრცელოთ. კულტურა სახედ ყოფნაა, სწორედ სახის შენარჩუნების ძალისხმევაა და არა ნიღბების მორგებისა. გურამ ასათიანის და სხვათა მიერაც არაერთგზის შენიშნულ, ჩვენ ხასიათის არტისტიზმს ამ მხრივ სიკეთესთან ერთად არასწორი არჩევანის გაკეთების საფრთხეც ახლავს – “გამოგონილი ბედნიერებით, ბედნიერების ხელოვნური სუროგატებით ტკბობა”.
    წინამავალის უტყუარი გუმანით გრძნობდა ყოვლისშთანმთქმელი გლობალურობის საფრთხეს, მაგრამ ისევ თავისი სიბრძნის წყალობით, პოლიტიკოსთა ნებას არ ანდობდა კაცობრიობის მომავალს და დროისმიერ ნიშნად მიიჩნევდა იმ დადებითს, რაც “ახლადაღმოცენებად მთლიანობას” ახლავს: “თუ მას არსებობა უწერია (!!! – მ.კ.), იგი საფუძველშივე უნდა განერიდოს შინაგან უსახურებას, მისი მატერია არნახული მრავალსახოვანებისაგან უნდა შედგესო” – ბრძანებდა ბატონი გურამი. ამ დროისმიერ ნიშანთან იმედისმომცემ რეზონანსულ ჟღერადობას იძენს მის მიერ შენიშნული, ქართული ხასიათის კიდევ ერთი ფუძემდებლური თვისებაც: “მიმღეობის უფართოესი, შეუზღუდავი მასშტაბი, წადიერებათა სიდიადე, სამყაროს უშორესი სივრცეებისაკენ მიმართული სწრაფვა”.
    თანამედროვე მსოფლიოს ქაოსსა და ეიფორიაში, რომელსაც სწორედ განსხვავებათა წაშლა ქმნის და ყველა ტიპის იდენტურობისადმი ეჭვი ხრავს – სქესის იდენტურობიდან დაწყებული, ეროვნულით დამთავრებული – თითქოს ძნელია გაიზიარო გურამ ასათიანის რწმენა. მით უფრო, რომ ძალზე ძნელი სახილველი გახდა ქართული ხასიათის ის თვისებები, რომელზედაც იგი წერდა. მაგრამ რიგი ობიექტური ფაქტორების გამო (თვით ობიექტურობის საყოველთაო კრიზისის პირობებშიც კი!) მის სიტყვას ვენდობი, რადგან: გაქრობისა და გადარჩენის დიალექტიკა გურამ ასათიანისათვის სამყაროს ამოუცნობი საიდუმლო იყო, ბუნების ეთიკური სამართლიანობისა და წესრიგის გამოხატულება. ამ სამართლიანობისა და წესრიგის ერთგულება მიაჩნდა სწორედ ქართული სულის განუყრელ თვისებად, ხოლო მისი უსასრულო სიცოცხლის გარანტიად კი – დაუმცხრალი “ეროვნული ენერგია – სიცოცხლისუნარიანობა და შემოქმედებითი პოტენცია”.
    დამეთანხმებით, შთამბეჭდავი არგუმენტებია.
    ძალიან მინდა, თანამედროვე ახალგაზრდობამაც გაიზიაროს ეს არგუმენტები.

    © “ლიტერატურა – 24 საათი”

  • რეცენზია

    ქეთევან ტომარაძე

    ათი ამერიკელის გულისფეთქვა

    ათი ამერიკელი. ნოველების კრებული. შემდგენელი როსტომ ჩხეიძე, რედაქტორი თამაზ ნატროშვილი, მხატვარი კარლო ფაჩულია. თბ. “მერანი”, 2004.

    ქართველმა მკითხველმა ახლახან კვლავ იხილა მცირე ფორმის ამერიკული პროზის საუკეთესო ნიმუშები. “ათი ამერიკელი” – ასე უწოდა წიგნის შემდგენელმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ კრებულს, რომლეშიც შევიდა ცნობილ სპეციალისტთა მიერ სხვადასხვა წელს შესრულებული თარგმანები. ამერიკული მწერლობის მოყვარულები ინტერესით გაეცნობიან ედგას პოს, სკოტ ფიცჯერალდის, ერნესტ ჰემინგუეის, ტომას ვულფისა და სხვათა ნაწარმოებებს. ზოგიერთ ავტორთან, როგორიცაა მაგალითად, ედუარდ ჰეილი, მათ ქართულ ენაზე პირველად შეხვედრის სიამოვნება ელით.
    დღეს, ღია საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის დამკვიდრების ფონზე, დასავლეთისკენ სწრაფვის რთულსა და არაერთგვაროვან პროცესში, წიგნში გაერთიანებული, კარგად ნაცნობი მოთხრობები, შესაძლოა, მკითხველმა სულ სხვაგვარად აღიქვას; ამერიკულ მწერლობაში დამკვიდრებულ ლიტერატურულ მეთოდსა თუ იდეურ-ესთეტიკურ ხედვას სხვა დატვირთვა მიანიჭოს.
    თანამედროვეობის თვალსაწიერიდან დანახული, უწინ ნაკლებად ცნობილი, ანდა მხოლოდ წარმოდგენაში არსებული სამყაროს ინტერპრეტაცია ამერიკელ ავტორთა მიერ, ჩვენს დინამიურ და გახსნილ ეპოქაში, მართლაც რამდენადმე განსხვავებულ ემოციურ მუხტს ბადებს და წინა პლანზე წამოწევს ისეთ იდეურ პლასტებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში ნაკლებ აქტუალური იყო. აღნიშნული კრებული ამ თვალსაზრისითაც იმსახურებს ყურადღებას და უთუოდ მიიზიდავს ლიტერატურის მოყვარულებს…
    გასული საუკუნის სამოციანი წლების მკითხველს კარგად ემახსოვრება “ცივი ომის” ხანაში ამერიკული მწერლობის ზოგიერთი ნიმუშის რუსულ თარგმანებთან ზიარების ნეტარი წუთები. პირველი წარმატებული ცდები, თითქმის იმავდროულად, ქართულ ენაზეც გამოჩნდა. მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, უმთავრესად, ცენზურაგამოვლილ ნაწარმოებებთან რომ ჰქონდა საქმე და ვრცელი კუპიურები ეშხსა და ლაზათს უკარგავდა ავტორისეულ ნააზრევს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძალზე მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ საზოგადოება მანამდე უცნობი, სრულიად განსხვავებული მწერლური ექსპერიმენტის, სუბიექტური ხედვის, გარესამყაროსთან, საზოგადოებასთან პიროვნული იდენტიფიცირების ორიგინალური ფენომენის მომსწრე გახდა.
    სინამდვილის პროეცირების ეს უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ცდები, თავბრუდამხვევი ხასიათების მრავალფეროვნებით, ადამიანის სულში წვდომის უნარითა და მასშტაბებით, გენიალური სისადავითა და მეტაფიზიკური ფანტაზირებისაკენ სწრაფვით, ბევრს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ანდამატივით იზიდავდა.
    ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებამ და “აკრძალული ხილის სინდრომისგან” გათავისუფლებამ, შეიძლება ითქვას, სხვაგვარად წარმოაჩინა “ათი ამერიკელიც”, რომლის გამოცემაც ლიტერატურული ცხოვრების მოვლენად იქცა.
    როსტომ ჩხეიძის შესავალი წერილი, “ბილიკები ჯადოსნურ ტყეში”, ამერიკულ მწერლობაზე დამოუკიდებელ ნაშრომად რომ მოიაზრება და ნებისმიერ სამეცნიერო კრებულს დაამშვენებდა, ორგანულად ერწყმის კრებულს. ამასთან, იგი საუკეთესო გზამკვლევია გასული საუკუნის დასავლეთში მოღვაწე ავტორთა შემოქმედებით თავისებურებების, მწერლური ოსტატობის, ადამიანისა და ყოფიერების მოაზრების – ყველა იმ თვისებათა აღქმის პროცესში, რამაც თავის დროზე საბჭოთა მენტალიტეტი საფუძვლიანად შეცვალა და, ფაქტობრივად, სათავე დაუდო ღირებულებათა გადაფასებას.
    ეს არის “ტრაგიკული სულისკვეთება”, ხან უკიდურესობამდე მიღწეული, ხანაც უფრო შეფარული და ქვეტექსტებში ნაგულისხმევი”… შენიშნავს როსტომ ჩხეიძე კრებულის კომპოზიციურ სტრუქტურაზე მსჯელობისას. … “სასოწარკვეთა, მიუსაფრობა, ჩიხში მომწყვდეული ადამიანის ამაოება ფარავს ყველაფერს და მოგანატრებს სხვა ამერიკის სურათთა ხილვასაც – ლაღი იუმორის, თავბრუდამხვევი სიხალისის, მახვილგონივრული კომიზმის ემბაზში ამოვლებული ამერიკისა, ლამის გაბმულ სიხარულად რომ მოგვაჩვენებს ქვეყნიერებას. თუმცა მკაფიოდ მაშინაც ვერ შეიგრძნობ, ეს მართლა სინათლეა თუ… მისი ციაგი”.
    “გაბმულ სიხარულად რომ მოგვაჩვენებს ქვეყნიერებას” – ამერიკული მწერლობის, ზოგადად, კულტურის განაშრევებში განფენილ ამ ზედმიწევნით ადამიანურ თვისებაზე აქცენტირება ამძაფრებს მკითხველის ინტერესს კრებულის მიმართ. კარგად გვიჩვენებს, რაოდენ ტევადი, მრავალმხრივი და მრავლისმომცველია თავად ცნება “ამერიკული ლიტერატურა”, მსოფლიო ცივილიზაციის ბედნიერ პირმშოს, გიგანტური ნაბიჯებით მიმავალ გოლიათს რომ მოგვაგონებს.
    “რომაელები თავიანთ დროშებს ეთაყვანებოდნენ; დროშებზე კი არწივი ჰქონდათ გამოსახული. ჩვენს დროშას არწივის მხოლოდ ერთი მეათედი – დოლარი წარმოადგენს (ამერიკული ოქროს ათდოლარიანი მონეტა. ქ.ტ.), მაგრამ ამ ნაკლს გაათმაგებული ლოცვით ვივსებთ”, ირონიულად შენიშნავდა ედგარ პო თავის ერთ წერილში 1849 წელს.
    ევროპა მუდამ შეუნელებელი ინტერესით აკვირდებოდა და სწავლობდა იმ ადამიანთა ყოფასა და ფსიქოლოგიას, რომელთა კერპად ქცეულ სიმბოლოს – დოლარს, ედგარ პო, ამერიკის ერთი ღირსეული შვილი, ასე ზუსტად ახასიათებს და რომლის დიადი ძალმოსილებაც, გარდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა, არცთუ მცირე, ასპარეზისა, ამერიკულ კულტუროლოგიურ სივრცესაც მთელი სიგრძე-სიგანით განმსჭვალავს.
    კრებულში “ათი ამერიკელი” თავმოყრილ მოთხრობებს სწორედ ამ სამყაროში შეჰყავს მკითხველი და ერთგვარად უადვილებს ისეთ ფასეულობებში გარკვევას, რომლებიც დაეხმარება, უკეთ “ჩაწვდეს ამერიკის სულს”. შესაბამისად, საკუთარ თავში ხელოვნური, ყალბი დანაშრევები აღმოაჩინოს და ზნეობრიობის შკალაზე მათ სათანადო ადგილი მიუჩინოს.
    ადამიანის სულის ფაქიზ მიმოხრას კი სამშობლოს სიყვარულზე უფრო ნაღდი, პოზიტიური, წმინდა და ფასეული რა შეიძლება ასაზრდოებდეს…
    ჩვენთვის მანამდე უცნობი ავტორის, მე-19 საუკუნის მწერლის, ედუარდ ჰეილის (Hale) მოთხრობა “უსამშობლო კაცი”, რომელიც ჰკრავს და ამთლიანებს “ათ ამერიკელს”, მართლაც განუმეორებელია ჭეშმარიტ ღირებულებებში წვდომისა და, ამ პროცესთან უშუალოდ გადაჯაჭვული, ადამიანური დრამის მხატვრული ტრანსფორმირების თვალსაზრისით.
    ფილიპ ნოლანის, ერთი ძალზე უცნაური ბედის მქონე ამერიკელის – რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იყო “უსამშობლო კაცი” მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ქვეყანა მისივე იდეალისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და ეწადა იგი სულ სხვაგვარი ეხილა – თავს დატრიალებული უჩვეულო ამბები, ავტორის მიერ სულისშემძვრელ დრამად მოიაზრება. მკითხველის თვალწინ თანდათან მწიფდება ზედმეტი თავდაჯერებითა და ეგოცენტრიზმით შეპყრობილი ადამიანის კატასტროფული პიროვნული მარცხი…
    მოთხრობა, მრავალ მწერლურ ღირსებასთან ერთად, ფანტაზირების გასაოცარ ნიმუშსაც წარმოადგენს. ჰეილი გვთავაზობს ისეთ მხატვრულ მოდელს, რომელსაც, სიუჟეტის სიმძაფრითა და ფაბულის უჩვეულობით, ლიტერატურის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, ანალოგი ძნელად დაეძებნება.
    შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ თამაზ ნატროშვილის მიერ ქართულ ენაზე პირველად თარგმნილ და “ჩვენს მწერლობაში” დაბეჭდილ ამ ნაწარმოებს საზოგადოების შეუნელებელი ინტერესი და მრავალი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იაქტიურეს და ამავე გაზეთის ფურცლებზე გამოხატეს პირუთვნელი აზრი “უსამშობლო კაცისა” და იმ გულისფეთქვის მიმართ, რომლის ამამაღლებელ და განმწმენდ თავისებურებას ვერავითარი, თუნდაც საზოგადოების კეთილდღეობისაკენ მიმართული, გამოცდილ პოლიტიკოსთა შორს გამიზნული იდეა ვერ ჩაენაცვლება მანამ, ვიდრე ათასობით ადამიანთა სულებში ამაყად იფრიალებს არწივგამოსახული, საუკუნეებგამოვლილი დროშები…
    – “ხოლო სამშობლო… ხოლო ეს დროშა (ხელით მანიშნა გემისკენ)… არასოდეს შემოგეპაროს გულში სხვა ოცნება, გარდა იმ ოცნებისა, ემსახურო მას, როგორც გიბრძანეს, თუნდაც ამ სამსახურმა ათასი ჯოჯოხეთი გამოგატაროს. და რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გაამოს ანდა დაგამციროს, არასოდეს შეხედო სხვა დროშას”… ამ სიტყვებს სასოწარკვეთის მორიგი შეტევის ჟამს წარმოთქვამს ნოლანი – ერთ დროს სამშობლოს უარმყოფელი კაცი.
    მაგრამ, ამჯერად, ნოლანის პრობლემას მოვწყდეთ და სხვა ეპოქაში გადავინაცვლოთ. ვნახოთ, რას უმზადებს ბედისწერა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სხვა სიბრტყეზე მოხვედრილ, მეოცე საუკუნის ამერიკელ მწერალთა ძალისხმევით, ჩენთვის ასე ახლობლებად ქცეულ პერსონაჟებს.
    ტომას ვულფის მოთხრობა “დაკარგული ბიჭი”, ერთ-ერთი საუკეთესოა მწერლის შემოქმედებაში. ბუნებრივია, რომ კრებულის შემდგენელს, როსტომ ჩხეიძეს, ამ ნაწარმოების მკითხველისათვის კიდევ ერთხელ შეთავაზების სურვილმა სძლია და მას ათ ამერიკელს შორის საპატიო ადგილი მიუჩინა.
    ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინ, ამერიკული ლიტერატურის ცნობილმა მკვლევარმა, ციალა თოფურიძემ დაგვაახლოვა ტომას ვულფის უაღრესად სიმპათიურ გმირთან, გროვერთან და სამუდამოდ დაგვიტოვა ყველასაგან გამორჩეული ბიჭის სააქაოდან ნაადრევად, უაზროდ და უმოწყალოდ გაქრობის სევდა.
    მწერლის განუმეორებელ სტილსა და ღრმა ფსიქოლოგიზმს უნდა მივაწეროთ ის გარემოება, რომ შოკოლადის დანახვისას უნებლიეთ წარმოგიდგება ტკბილეულობის მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიჭყლეტილი ბიჭის, გროვერის სურვილით აღსავსე, დიდრონი თვალები და, ფიქრით იმ ადამიანებს გადაევლები, შოკოლადივით ტკბილ-მწარე ცხოვრების ფიალიდან მცირეოდენი, თანაც დამადლებული ყლუპი რომ ერგოთ; სიცოცხლის წყურვილით პირთამდე სავსენი, “დროის ხილვასა” და ბოლომდე შეცნობას ესოდენ ადრეულ ასაკში, სიყმაწვილეშივე ჯიუტად რომ ცდილობდნენ.
    გულისტკივილით კითხულობ გროვერის დედის სიტყვებს, რომელსაც თითქოს ძალზე უჭირს შვილების გარჩევა, მაგრამ მაინც, ვინ იცის, უკვე მერამდენედ შეახსენებს მათ: – ეჭვი არ მეპარება, შესაფერი ჭკუაცა გაქვთ და განსჯის უნარიც… მაგრამ გროვერი! გროვერს ყველაფერი ეგ იმთავითვე ჰქონდაო!..
    რატომ იკარგებიან უდროოდ ასეთი ბიჭები, ცხოვრების გარიჟრაჟზე რა კანონზომიერებით, ბედის რა ირონიით იწირებიან… ამგვარ თავსატეხ, მარადიულ კითხვას უტოვებს მკითხველს მწერალი ერთი, თითქოსდა ჩვეულებრივი, ამერიკელი ბიჭის თავგადასავლის მოთხრობისას…
    ამერიკელი მწერლის მიერ აქცენტირებულ დილემაში გარკვევას, თითქოს თავის თავშივე რომ შეიცავს პასუხს, დღენიადაგ ათასობით ფიქრებშემოჯარული ადამიანი ცდილობს. დრო ულმობლად მიქრის და, ისევ და ისევ, უმოწყალოდ ქრებიან გამორჩეული ბიჭები, ზოგჯერ კი მთელი თაობები. სახარებისეული ცნებაც, მოყვასის სიყვარული, უკეთილშობილეს ადამიანურ თვისებას რომ შეგვახსენებს, დროის ამ ულმობელ მდინარებაში სულ უფრო მეტი სიმძაფრით იჩენს თავს.
    გროვერის მსგავსნი იქნებ ასე უდროოდ იმიტომაც მიდიან იმქვეყნად, რომ მათი დაკარგვით გამოწვეულმა განცდამ მოყვასის სიყვარული კიდევ უფრო გააღრმავოს, ეს გრძნობა არ ჩანავლდეს და არ ჩაიფერფლოს; გოლგოთის აღმართს შემდგარ ღვთიშვილის, გროვერისა და მის სულიერ მოძმეთა ხატმა – მაცხოვრის აჩრდილებად რომ დაგვტრიალებენ თავს – მოყვასის სიყვარული გაუმძაფროს – მათმა ხსოვნამ მძიმე გზასავალი შეუმსუბუქოს…
    ამიტომაც შეახსენებს, ალბათ, ასე ხშირად დედა ცოცხლად დარჩენილ შვილებს გროვერს, თავის გამორჩეულ პირმშოს… ტომას ვულფი კი განსაკუთრებული სიყვარულითა და ექსპრესიით გვიხატავს უიღბლო ბიჭის სულისშემძვრელ ამბავს…
    “ადამიანური ცხოვრების იმგვარი ნიმუშების მნიშვნელობას რომ ჩაწვდე, რომლებიც იმედს აღგიძრავს და გიბიძგებს, რომ მათ მიბაძო, უნდა გააცნობიერო, ყოველი გენიოსი, ჩენში აღფრთოვანებას რომ იწვევს, მხოლოდ დაოსტატებული მყვინთავია, რომელიც იმ ზღვას დაუფლებია, რომლის მარგალიტებით მოფენილი ფსკერი, უცილობლად, შენც გეკუთვნის” – რალფ ემერსონის მიერ პლატონის, შექსპირისა და მილტონის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე საუბრისას წარმოთქმული ეს სიტყვები თამამად შეიძლება მივუსადაგოთ იმ ათ ამერიკელს, რომელთა მოთხრობები ახალ კრებულში გაერთიანდა. ტომას ვულფი ამ ათეულში, უდავოდ, ერთი იმ სწორუპოვართაგანია, ვინც ღრმად გვახედებს მარგალიტებით მოფენილ, ცხოვრების უკიდეგანო ზღვის ფსკერში და მთელი თაობის ვნებებს თამამად და შეულამაზებლად გამოხატავს.
    ამავე სიტყვებთი შეიძლება დავახასიათოთ “დიდი გეტსბის” ავტორიც, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მწერალი, რომელმაც ტკბილი ცხოვრების აპოლოგიას სასტიკი განაჩენი გამოუტანა.
    იმედგაცრუებისა და კრახის განცდის თემას ფიცჯერალდი წარმატებით აგრძელებს მოთხრობაში “ისევ ბაბილონი”, რომელსაც მკითხველი კარგად იცნობს ვალენტინა ტატიშვილის თარგმანით. ასე შევიდა იგი “ათ ამერიკელშიც”.
    “დაკარგული თაობის” ვრცელი გალერეის ერთ-ერთი ყველაზე იმპოზანტური გმირი, ჩარლი, რომელიც მოწიფულობის ასაკში მტკიცედ გადაწყვეტს, საკუთარ ცხოვრებას გეზი უცვალოს, კვლავ ჩადის პარიზში – ღრეობის, ფუქსავატობისა და ბოჰემის ქალაქში, რომელიც ავტორისთვის ბაბილონთან ასოცირდება.
    პარიზი, რჩეულ ქალაქთა შორის გამორჩეული, ერთ დროს ჩარლისთვის სამყაროს ცენტრს რომ წარმოადგენდა, სადაც შეეძლო უაზროდ და დაუფიქრებლად ეფლანგა ფული, მოპარული ველოსიპედით კი, შუაღამიდან გათენებამდე, “ვარსკვლავის მოედნის” გარშემო ექროლა სატრფოსთან ერთად, რათა ბოლომდე შეესვა ამქვეყნიური ცხოვრების ტკბილი ნექტარი.
    მაგრამ გავა დრო და ჩარლიც “შეძრწუნდება და დაუსტვენს მის წყლულების შემხედვარე”. პარიზში ხელახლა ჩასული კარგად ხედავს ერთ დროს მისთვის უსაყვარლესი ქალაქის ნამდვილ სახესა და ყმაწვილკაცობის შეცდომებს, რწმუნდება, რაოდენ დიდია უაზროდ გაფლანგული დროისა და დაშვებული შეცდომების საზღაური. ცხოვრების ულმობელი კანონი ფიცჯერალდის გმირს მხოლოდ მცირეოდენ შანსს უტოვებს, რათა ის იდეალი განახორციელოს, რომლისკენაც შინაგანმა ხმამ და მწარე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ უბიძგა. პატარა მშვენიერი არსების, ჰონორიას ოცნება, მამასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ იცხოვროს, ერთადერთი იმედიღაა, რომელმაც ჩარლის ძალა უნდა შემატოს და მისი პიროვნული რეაბილიტაცია მოახდინოს.
    იმედი ყველაზე ბოლოს ქრება და ჩარლიც ფიქრობს, “ერთ მშვენიერ დღეს კვლავ დაბრუნდება. მთელი სიცოცხლე ხომ ვერ აზღვევინებენ საზღაურს…”
    მოთხრობის დასასრულს სინათლის სხივი კვლავ აკიაფდება, ოპტიმისტური აკორდი გაჟღერდება და მკითხველიც იმედის თვალს გაადევნებს ჩარლისა და მთელი მისი თაობის მომავალს. აღსანიშნავია, რომ ფიცჯერალდის მიერ სიცოცხლის ბოლოს შექმნილ ნაწარმოებებში მომავალი კვლავ ეჭვის ქვეშ დგება. იმედის მცირეოდენი ნაპერწკალიც ქრება და უსასოობის განცდა ისადგურებს რომანში “ნაზია ღამე” და მოთხრობების ციკლში “აისის კაკუნი”. პიროვნული რღვევის თემას, რომელსაც ფიცჯერალდი ამ ნაწარმოებებით კვლავ უბრუნდება, კრიტიკის სამართლიანი შენიშვნით, ერთგვარ მახედ იქცევა და მწერალი, საბოლოოდ, “მის მიერ დაგებულ მახეში თავადვე ეგება”.
    მაგრამ მკითხველი ვერასოდეს დაივიწყებს დახვეწილი მანერისა და ნახევარტონების დიდებულ შემოქმედს სკოტ ფიცჯერალდს, ადამიანს, ვინც ასეთი სითბოთი და თანაგრძნობით განგვაწყო ამერიკელთა მთელი თაობისა და მის სიმბოლოდ ქცეული საოცარი პერსონაჟის, ჩარლის მიმართ.
    აი, ეს არის ცხოვრება, შეგვახსენებენ ამერიკელი მწერლები და მართლაც, ლიტერატურული შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა მკაცრი რეალობის მხატვრული პროეცირების ფართე გზებისა თუ ვიწრო ბილიკების უსასრულო ძიება, რაც ასე რელიეფურად გამოიკვეთა ედგარ ალან პოს, სტივენ კრეინის, შერვუდ ანდერსონის, უილიამ ფოლკნერის, ჯერომ სელინჯერის, ჰენრი მილერის ნაწარმოებებში, რომლებმაც “ათი ამერიკელი” დაამშვენა.
    მწერალ როსტომ ჩხეიძის პიროვნულ ღირსებასა და მაღალ კულტურაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გარდა წმინდა ლიტერატურული ფაქტისა, აღნიშნული კრებულის შედგენით, მან სხვა, არანაკლებ კეთილშობილი მიზანი დაისახა. ერთი მხრივ პატივი მიაგო ქართული მთარგმნელობითი სკოლის გამორჩეული წარმომადგენლის, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას და მკითხველს მის მიერ შესრულებული ედგარ პოს “შავი კატის” თარგმანი შესთავაზა. მეორე მხრივ კი გვიჩვენა, წინამორბედთა მოღვაწეობა რა მყარი საძირკველია იმ საშური საქმის გასაღრმავებლად, რასაც კულტურული ურთიერთობები ჰქვია.
    კრებულიდან ნათლად გამოიკვეთა ის გარემოება, თუ რაოდენ დინამიურად ვითარდება ამერიკული პროზის ქართულად თარგმნის ტრადიცია. როგორ იხვეწება დროთა ვითარებაში ქართული მთარგმნელობითი სკოლა, რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ადამიანის სულიერი გამდიდრებისა და სრულყოფისათვის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურათა ინტეგრაციის ინტენსიურმა პროცესმა.
    წლობით დაგროვილ გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ძველი და ახალი პლეადის მთარგმნელთა – ციალა თოფურიძის, ვახტანგ ჭელიძის, პაატა და როსტომ ჩხეიძებისა და სხვათა და სხვათა დამსახურებაა, რომ დღეს, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, მკითხველი ინტერესით ეცნობა ამერიკული მწერლობის ნიმუშებს და ითავისებს ათი ამერიკელის სათუთ გულისფეთქვას, რასაც საკუთარ გულისთქმას სიყვარულით მიუსადაგებს.


    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    კიმ ჰანი

    ედგარ პოს უდიდესი საიდუმლო

    ჩვეულებრივი მკითხველისთვის ეს მხოლოდ ასოების დომხალია და სხვა არაფერი – უთავბოლო მწკრივები მთავრული და ნუსხური ასოებისა, რომელთაგან ზოგი სარკისებურადაა გადმოტრიალებული, ზოგი კი სულაც თავდაყირა არის დაყენებული. მაგრამ თავსატეხთა ენთუზიასტებისთვის და იდუმალ შიფრთა ამომცნობებისთვის ნიშანთა ეს უაზრო მწკრივი სხვა არაფერია, თუ არა უდიდესი გამოცანა, რომლის პასუხი 159 წლის განმავლობაში ვერ იქნა ნაპოვნი.
    1841 წელს ედგარ ალან პომ ჟურნალ Graham’s Magazine შესთავაზა ორი კრიპტოგრამა, რომელთა გაშიფვრა კრიპტოგრაფიული ხელოვნების ფანატიკოსთათვის წმიდა გრაალის ძიებას დაემსგავსა. მეორე მხრივ, პოს ხელოვნების თაყვანისმცემლებს სულ უფრო უძლიერდებოდათ რწმენა, რომ შიფრის ცხრაკლიტულს მიღმა დაფარული იყო იდუმალებით მოცული ანდერძი, რომელსაც მათ “ყორნის” ავტორი სამარიდან უგზავნიდა.
    და აი, ერთმა ტორონტოელმა პროგრამისტმა, როგორც იქნა, გასაღები მოარგო საბედისწერო გამოცანას, რითაც, სხვათა შორის, დიდად გაუცრუა იმედი დეტექტივების მოყვარულებს, რომლებმაც უკვე მრავალი წელია თავი დაირწმუნეს – მინიშნება არარსებულ შიფრზე მხოლოდ დახვეწილი მისტიფიკაციააო.
    თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ როდესაც პომ ჟურნალის რედაქციას კრიპტოგრამები გაუგზავნა, მათი ავტორობა მიაწერა ვინმე უ.ბ. ტაილერს – “ჯენტლმენს, ვისი ტალანტები უღრმეს პატივისცემას იმსახურებს”. 1985 წელს დარტმუნტის უნივერსიტეტის ინგლისური სიტყვიერების პროფესორმა ლუის რენზამ გამოთქვა ვარაუდი: უ.ბ. ტაილერი სხვა არავინ არის, თუ არა თავად ედგარ პო და კრიპტოგრამების გაშიფვრით ჩვენ ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის ანდერძს წავიკითხავთო.
    თუმცა პროფესორის მტკიცებულებებს არაპირდაპირი ხასიათი ჰქონდა, ისინი მაინც სავსებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რამდენადაც ანაგრამებს და სხვადასხვაგვარ კოდებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოს შემოქმედებაში. მწერალმა რამდენიმე სტატია მიუძღვნა კრიპტოგრაფიას, ხოლო მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოთხრობა “ოქროს ხოჭო” თავიდან ბოლომდე შიფრის ამოცნობის სიუჟეტურ ღერძზეა აგებული. გარდა ამისა, იმ ქალაქების ძველ სარეგისტრაციო წიგნებში, სადაც სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ან იმყოფებოდა მწერალი (ბოსტონი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, რიჩმონდი, ფილადელფია და ბალტიმორი), უ.ბ. ტაილერის კვალი არ მოიძებნა.
    დაახლოებით ამავე პერიოდში დიდი მწერლის ანდერძის გაშიფვრის პატივმოყვარე ოცნებამ შეიპყრო იელის უნივერსიტეტის სტუდენტი-ლიტერატურათმცოდნე შონ როზენჰაიმი, ოღონდ პირველ პასუხს მან კი არა, სხვა ამერიკელმა ფილოლოგმა, ტერენც უოლენმა მიაგნო: ორი იდუმალებით მოცული კრიპტოგრამიდან მან ერთ-ერთი ამოიკითხა. ეს აღმოჩნდა საპუნქტუაციო ნიშნების მეშვეობით დაშიფრული ლექსური ფრაგმენტი, რომელშიც საუბარი იყო რაღაც “უკვდავ სიჭაბუკეზე, სტიქიონთა ომის, მატერიის განადგურებისა და სამყაროთა ნგრევის ჟამს რომ არ იმუსრება”. უოლენი ფიქრობდა, პო უსათუოდ საკუთარ ლექსს დაშიფრავდაო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ყოფილა ნაწყვეტი ინგლისელი დრამატურგის, ჯოზეფ ედისონის 1713 წელს დაწერილი პიესისა. ოღონდ როზენჰაიმს (შემდგომში მან დაწერა წიგნი “კრიპტოგრაფიული წარმოსახვა: საიდუმლო დამწერლობის ისტორია ედგარ პოდან ჩვენს დღეებამდე” და სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა ამ თემაზე) ვერაფერმა შეურყია ჯიუტი რწმენა, რომ შიფრის ავტორი თავად პო იყო.
    “ედგარ პო კრიპტოგრაფიისა და დაშიფრული წერილების შედგენის ჟინით იყო ატანილი, – მოგვითხრობს ამჟამად უკვე გაპროფესორებული როზენჰაიმი, – ჩემს შრომაში ასამდე გვერდი მივუძღვენი იმის მტკიცებას, რომ სწორედ ის არის შიფრის ავტორი. თავიდან ვცდილობდი, კრიპტოგრამა თვითონ გამეშიფრა, მაგრამ სულ მალე მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი – იგი ჩემთვის მეტისმეტად კერკეტი კაკალი აღმოჩნდა”. მაშინ როზენჰაიმმა დახმარება “კრიპტოგრაფიული ჟურნალის” რედაქციას და ერთ-ერთი კომპანიის პროფესიონალ კრიპტოგრაფებს სთხოვა, მაგრამ ამ თავსატეხზე ყველამ უშედეგოდ წაიმტვრია კბილი – კრიპტოგრამის ცხრაკლიტულს გასაღები ვერავინ მოარგო.
    მიუხედავად ამისა, როზენჰაიმი ფარ-ხმალს არ ყრიდა. 1998 წლის 25 თებერვალს თავისი უნივერსიტეტის მხარდაჭერით მან კონკურსი გამოაცხადა. ინტერნეტში გახსნეს სპეციალური საიტი, სადაც კონკურსის პირობები იყო მოცემული – გამშიფრავს 2500 დოლარს ჰპირდებოდნენ.
    წლევანდელ გაზაფხულზე, ე.ი. კონკურსის გამოცხადებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, საიტს წააწყდა თავსატეხების მოყვარული პროფესიონალი პროგრამისტი ჯილ ბროზა. იგი 1973 წელს დაიბადა ისრაელში. ბროზა თავისუფლად საუბრობს ხუთ ენაზე და კიდევ სამსა თუ ოთხ ენაზე შეუძლია იკითხოს. ასეთი შთამბეჭდავი ენობრივი ერუდიციის გარდა, ბროზას შესატყვისი განათლებაც აქვს: რამდენიმე წლის წინ იერუსალიმის უნივერსიტეტში მან მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით “კომპიუტერული ლინგვისტიკა”.
    პროგრამის გაშიფვრას მან დაახლოებით ორი თვე მოანდომა. ბროზა ამბობს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ სახელდობრ რა იყო დაშიფრული: “კრიპტოგრაფიის მოყვარულს ის კი არ აინტერესებს, რა შინაარსის ტექსტია დაშიფრული; მისთვის მთავარია, გაიგოს, როგორ არის შიფრი მოწყობილი”.
    შიფრისადმი მიდგომის შესამუშავებლად ბროზამ თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ამოხსნა ინგლისურ ენაზე ეძებნა – ედგარ პო ხომ ამერიკელი მწერალი იყო, თანაც პირველ კრიპტოგრამაშიც ხომ სწორედ ინგლისურენოვანი ფრაგმენტი აღმოჩნდა დაშიფრული. შემდეგი ნაბიჯი იყო ვარაუდი, რომ რაც უფრო ხშირად გვხვდება ინგლისურში ესა თუ ის სიტყვა, მით უფრო ხშირი უნდა იყოს კრიპტოგრამაში მისი შესატყვისი. ბროზამ დაიწყო ტექსტიდან შედარებით ხშირი სამნიშნიანი კომბინაციების გამოყოფა, რაც, ალბათ, ინგლისური “the”, “and” და “not” უნდა ყოფილიყო. მაგრამ, “ფონს გავედიო”, როცა იფიქრა, “ვერ მოგართვესო”, უპასუხა შიფრმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ მიზნით, რათა გამშიფრავებისთვის ნიშნების სიხშირის მიხედვით ასოების ამოცნობა გაერთულებინა, კრიპტოგრამის ავტორს (ესე იგი, ალბათ, მაინც პოს) ერთი და იმავე ბგერის აღსანიშნავად რამდენიმე სხვადასხვა ნიშანი გამოუყენებია; ამასთან, რაც უფრო ხშირად იხმარება ასო, მით მეტი ნიშნით არის გადმოცემული იგი. მაგალითად, ასო “e”-ს შიფრში 14 სხვადასხვა ნიშანი შეესატყვისება, ხოლო “z”-ს – მხოლოდ ორი.
    მაშინ ბროზამ შეადგინა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც რეალურ სიტყვებს სვამდა შიფრის “სიტყვების” ადგილას. აქედანაც არაფერი გამოვიდა. ბროზამ ინტერნეტში დაიწყო სიტყვათა ისეთი თანმიმდევრობების ძებნა, რომლებიც კრიპტოგრამაში მოცემული ასოთა რაოდენობის შესატყვისი აღმოჩნდებოდა. ძიება უშედეგოდ დამთავრდა.
    შვიდი კვირის შემდეგ ჯილ ბროზა პრაქტიკულად მზად იყო დამარცხებას შეგუებოდა, მაგრამ გადაწყვიტა ალალბედზე ბოლო შესაძლებლობაც მოესინჯა. მან შიფრის ყველა განმეორებადი სამნიშნიანი კომბინაციის ადგილას ინგლისური “the”, “and” და “not” ჩასვა და ამის შემდეგ, მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, “გასაქანი მისცა ფანტაზიას”. პარადოქსია, რომ ამოხსნის ამდენი ლოგიკაზე დამყარებული და მეცნიერული საფუძვლის მქონე მცდელობის შემდეგ, სწორედ ამ ინტუიციურმა ხერხმა დააყენა პროგრამისტი სწორ კვალზე.
    23 ივნისს ტექსტი უკვე გაშიფრული იყო. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში როზენჰაიმიც შედიოდა, რამდენიმე თვე შეალია შემოწმებას. ფაქტობრივად, ამოხსნის სისწორე მაშინ ირწმუნეს, როდესაც ბროზას წერილიდან სამი თვის შემდეგ კონკურსის ავტორებმა კიდევ ერთი ანალოგიური ამოხსნა მიიღეს.
    სამწუხაროდ, ფრაგმენტის გაშიფვრას არანაირი სულისშემძვრელი აღმოჩენა არ მოჰყოლია. ეს იყო დაუფარავად გრაფომანული პროზაული ტექსტი. როზენჰაიმს, მართალია, საშინლად გაუცრუა იმედი გაშიფვრის შედეგმა, მაგრამ იგი დღემდე დარწმუნებულია, რომ შიფრი თვით დიდი მისტიფიკატორის, ედგარ ალან პოს მიერ არის შექმნილი. “ჩემი აზრით პო რაღაც თამაშს გვეთამაშება, – ამბობს პროფესორი, – ეს არის, ვერაფრით ვერ მივხვდი, რისი თქმა სურდა, როცა ამ უაზრო აბდაუბდას გვიგზავნიდა მზეში მჯდომ ვიღაც გოგოზე”. ოღონდ, ამ ახალი საიდუმლოს ამოხსნა, როგორც ჩანს, მომავალ თაობებს მოუხდებათ.

    ამოცანის ამოხსნა

    (როზენჰაიმის მიერ შემოთავაზებული გაშიფვრით ივარაუდება, რომ ტექსტი შეიცავს დაახლოებით ორ ათეულ ავტორისეულ ან ტიპოგრაფიულ შენიშვნას, თუმცაღა იგი შეცდომების ჩასწორების შემდეგაც ერთობ ბუნდოვანია).

    “ადრე გაზაფხული იყო. შუადღის ხვატი იდგა. და თითქოს ნიავის ნელ ქროლვასაც მოჰქონდა თან ბუნების ტკბილი სატანჯველი. სიო სავსე იყო ერთმანეთში არეული ვარდის, […?] და უსურვაზის ველური ყვავილების სურნელით. ეს ნელსურნელება ღია ფანჯრიდან იჭრებოდა ოთახში, სადაც შეყვარებულები ისხდნენ. მზის მცხუნვარე სხივი ეცემოდა ქალწულის ვარდისფრად შეფაკლულ სახეს, რომელიც რომანტიკული წარმოსახვით შეთხზულს ან შთაგონებული სიზმრის ნაყოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე მიწიერ რეალობას. სატრფო სინაზით აღსავსე მზერით შეჰყურებდა ქალწულს, რომლის კულულებს მაცოცხლებელი ზეფირი ეალერსებოდა[…?] და როცა მზის შუქის უხეში შემოჭრა იგრძნო(?), კაცი ფანჯრისკენ გაემართა, რათა ფარდა გაეფარებინა. “არა, არა, ძვირფასო ჩარლზ, – რბილად შეაჩერა ქალმა, – უმჯობესია ცოტა მეტმა მზემ შეგვაწუხოს, ვიდრე სრულმა უჰაერობამ”.

    The Globe and Mail

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”

  • რეცენზია

    დავით ჯავახიშვილი

    თეთრი ბეღურის ბენეფისი

    “ხვალ იქნებ კარგი დღე იყოს” (ლიტერატურული ალმანახი). მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნო. თბ. “ახალი ხელოვნება” 2005.

    ამას წინათ საიდანღაც ხელში ჩამივარდა ლიტერატურული ალმანახი სათაურით – “ხვალ იქნებ კარგი დღე იყოს”. როგორც სადად და უპრეტენზიოდ გაფორმებული გარეკანიდან და, აგრეთვე, წინასიტყვაობიდან შევიტყე, ალმანახი შედგენილი ყოფილა ქ-ნ მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურულ-შემოქმედებითი სახელოსნოს წევრთა – შვიდიდან თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვთა ნამუშევრებით.
    ცოტა უფრო ადრე, თბილისის ერთ ძველ უბანში, დღისით-მზისით, ბუნების პატარა საოცრებას წავაწყდი: ტროტუარზე მოფანტულ რაღაც საკენკს ბეღურები დასეოდნენ და გამაყრუებელი ჟივილ-ხივილით კენკავდნენ; ჩვეულებრივი, ქალაქელი ბეღურები იყვნენ, მაგრამ ერთი მათგანი სრულიად თეთრი, ანუ ალბინოსი გახლდათ; საოცარი კი ის იყო, რომ საკენკისათვის ერთმანეთში კაპასად მოჩხუბარი პატარა ყაჩაღები თეთრ თანამოძმეს არამცთუ არ ერჩოდნენ, პირიქით, განსაკუთრებული რიდით და მოკრძალებით ექცეოდნენ, ყველაფერს უთმობდნენ, ლამის ეფერებოდნენ და ელოლიავებოდნენ, და ისიც ამ პატივისცემას შესაშური ღირსებით იფერებდა. დიდხანს ვერ მოვწყვიტე თვალი ამ იშვიათ სცენას, რომელსაც გუნებაში “თეთრი ბეღურის ბენეფისი” დავარქვი. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ ბევრს არ უნახავს. მერეღა შევნიშნე, რომ ჩემ გარდა თეთრ ბეღურას ვერავინ ამჩნევდა, თუმცა გამვლელ-გამომვლელი ქუჩას ნამდვილად არ აკლდა. ბუნებრივია, მომინდა ჩემი “აღმოჩენა” ვინმესთვის გამეზიარებინა. ერთი კი შევყოყმანდი, იქნებ არ ღირს-მეთქი, მაგრამ როდესაც ე.წ. თინეიჯერებმა მხიარული ყაყანით ჩამიარეს გვერდით და ბეღურებისათვის მათაც არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ, ვეღარ მოვითმინე და მივაძახე: შეხედეთ, ბავშვებო, თეთრი ბეღურაა, თუ გინახავთ-მეთქი როდისმე. შეჩერდნენ. მოიხედეს; დახედეს ბეღურებს; უფრო მეტხანს მე დამაკვირდნენ; მერე ერთმანეთს გადახედეს, ხმამაღლა გაიცინეს და გზა განაგრძეს. სიბრალულნარევი მზერა გავაყოლე და ცოტა რომ დამშორდნენ, დავინახე: ერთმა თითი საფეთქელთან მიიდო და დაუსტვინა, სხვებმა კი კვლავ ერთად და ხმამაღლა გაიცინეს. გული მეტკინა, მაგრამ, ცხადია, არა იმის გამო, რომ ასეთი დიაგნოზი დამისვეს, არამედ სულ სხვა მიზეზით, რომლის მიხვედრაც მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს.
    მართლაც და, გულსატკენი არ არის განა, ახალგაზრდა ადამიანზე თეთრი ბეღურის ნახვა არავითარ შთაბეჭდილებას რომ არ მოახდენს?! ასეთს ხომ ვერც გადაჯვარედინებული ორი ცისარტყელის ნახვა გააკვირვებს და ვერც თბილისიდან დანახული მყინვარწვერი გაახარებს?! რომ აღარაფერი ვთქვა საინტერესო წიგნზე ან რაიმე გონებამახვილურ მეცნიერულ აღმოჩენაზე თუ მხატვრულ მიგნებაზე. თუკი სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ სულიერებას დღეს ჩვენში უამრავი საფრთხე ემუქრება. ამის საბუთად მხოლოდ ზოგი მათგანის ზოგადი მოხსენიებაც იკმარებს.
    უპირველეს ყოვლისა, ესაა ლამის საყოველთაოდ დამკვიდრებული უკიდურესი პრაგმატიზმი, როცა ყველაფრის საზომი მხოლოდ ფული ხდება. ამას მოსდევს ზნეობის საშინელი (თუ სრული არა) დაცემა, რასაც თავის მხრივ დაუფარავად და თითქოს მიზანდასახულად ხელს უწყობს სენსაციებს უზომოდ დახარბებული ტელევიზია თავისი კრიმინალური (ხშირად – პათოლოგიური) სიუჟეტებითა და გამომათაყვანებელი (ხშირად – სისასტიკის დამამკვიდრებელი) სერიალებით. პათოლოგიურია, აგრეთვე, თითქმის მთელი ყვითელი პრესაც თავისი გულისამრევი პროვინციული ჭორებითა და თითიდან გამოწოვილი ფსევდოსკანდალებით. შესაბამისად, დეგრადირებულია გემოვნებაც, რომელსაც ძირითადად წარმართავს ყოვლისშემძლე შოუ-ბიზნესი თავისი ხელოვნურად გაბრჭყვიალებული ვაი-ვარსკვლავებით (კიდევ კარგი, რომ მათ ქართული ასპარეზი ეპატარავებათ და თვალი დიდი რუსეთისაკენ უჭირავთ, სადაც ამ მხრივ კიდევ უარესი მდგომარეობაა და ამიტომ, თუკი შეაღწიეს, მხოლოდ პირის გაღებითაც გარანტირებული წარმატება ელით; скатертью дорога-ო, როგორც რუსები ასეთ შემთხვევებში იტყოდნენ).
    არ შემიძლია ცალკე არ შევეხო ჩვენს უბედურად დამახინჯებულ მშობლიურ ენას, რომელსაც ისევ და ისევ პრესა, ტელევიზია და ხელისუფლების ყველა დანარჩენი შტოც მეთოდურად ჯიჯგნის, “აჟღერებს” და “აფიქსირებს”; მაგალითებს რა ჩამოთვლის, მაგრამ ორიოდ, თუთიყუშურად დამკვიდრებულ სიტყვათწყობას აქ მაინც მოვიყვან და მეტით მკითხველს არ შევაწუხებ; აი, ტელეეკრანიდან “საუბრობს” ვინმე მინისტრი: “მე მინდა გითხრათ, რომ ოთხმა პიროვნებამ (ლაპარაკია ყაჩაღებზე) მოახდინა მანქანაში ჩასხდომა და მიმალვა…”. ჰა, როგორი ქართულია? და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.
    უამრავი მწარე სიმართლე შეიძლებოდა თქმულიყო ნარკომანიაზე, მაგრამ ყველაფერი უკვე ათასგზის ნათქვამია და ამ თემას აქ გვერდს ავუვლი. ამის ნაცვლად, უმჯობესია, ორიოდე სიტყვა ითქვას სულიერებისათვის კიდევ ერთი, არანაკლები საფრთხის შესახებ, რასაც კომპიუტერის “ბოროტად გამოყენებას” დავარქმევდი; კერძოდ, მხედველობაში მაქვს ე.წ. ვირტუალური თამაშები, რომლებიც მეფისტოფელივით იპყრობს და ეპატრონება ახალგაზრდების ჯერ კიდევ “ნედლ” სულებს და თითქმის მთლიანად თიშავს მათ რეალობისაგან. თუ რას წარმოადგენს ეს რეალობა რეალურად (ტავტოლოგიისთვის ბოდიშს მოვიხდი) და როგორი უნდა იყოს, რათა აღნიშნულ საფრთხეს წინ აღუდგეს და გაუმკლავდეს, ეს ცალკე საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დონეზეა შესაძლებელი. ჯერჯერობით კი ყველაფერი უკუღმა მიდის: ყოველ ნაბიჯზე სოკოებივით მომრავლებულ ინტერნეტ-კაფეებში კომპიუტერებთან მიმჯდარი “თინეიჯერების” არაამქვეყნიური (ხომ არა ვთქვა – გამოთაყვანებული) სახეების ხილვა, სხვისთვის არ ვიცი და, პირადად ჩემთვის გულისმომკვლელია და შემაშფოთებელი…
    …აი, ასეთი შავი ფიქრები ამიშალა თავში თეთრი ბეღურის, ასე ვთქვათ, ვერდანახულმა ბენეფისმა და მერე ეს მძიმე განწყობა კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორე. მაგრამ არსებობს, საბედნიეროდ, ალბათობის თეორია, რომლის თანახმად ზედიზედ ბევრი “ცუდის” მერე რაიმე “კარგსაც” უეჭველად უნდა მოელოდე. ეს თეორია პრაქტიკულად ხშირად მართლდება ხოლმე და გამართლდა ამჯერადაც: ვგულისხმობ სწორედ იმ ლიტერატურული ალმანახის ნახვას, რომელიც ამ წერილის თავშივე ვახსენე. თვალის ერთი გადავლებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, თუ რა განძთან მქონდა საქმე (ყველანაირად ვეცდები თავი შევიკავო დითირამბებისგან, მაგრამ ჩემი აღტაცება იმდენად გულწრფელია, რომ შესაძლოა მთლიანად ვერც შევასრულო ეს დანაპირები, რასაც, სულგრძელი მკითხველი, იმედია, მაპატიებს).
    ალმანახის წინასიტყვაობაში სახელოსნოს ხელმძღვანელი, ქ-ნი მანანა ბეგიაშვილი ამომწურავად გვაცნობს თავისი მოღვაწეობის (სხვა სახელი მის საქმიანობას ვერ დაერქმევა) მიზანსა და მეთოდიკას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მეცადინეობა სახელოსნოში მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმოებს, ხოლო მიზანი უაღრესად საჭირბოროტოა და თან შორეულ მომავალზეა გათვლილი. ეს გახლავთ – ბავშვის ფსიქიკაში მხატვრული აზროვნების ჩანერგვა და გაღვივება; ეს გახლავთ – მშვენიერების შეგრძნების გაღვიძება და განვითარება; ეს გახლავთ – თვითშეფასების სწავლება და სათანადო წვრთნა იუმორის გრძნობის მიმართულებით; ერთი სიტყვით, რომელი ერთი დავასახელო, და მაშ გამოდის, რომ სახელოსნოს “მიზანი” კი არა, “მიზნები” ჰქონია, ერთიმეორეზე უფრო გადაუდებელი და სადღეისო. ასეთი სახელოსნო თავისი არსით “სულის გადარჩენის ლაბორატორიაა” და ამიტომ არ საჭიროებს მყვირალა რეკლამასა და ფუსფუსს იაფფასიანი, უდღეური პოპულარობისთვის; საშვილიშვილო საქმე მუდამ უხმაუროდ და დინჯად კეთდება. სასიკეთო შედეგი ასეთი მუშაობისა უკვე “ხელთა გვაქვს”; ამაზე მეტყველებს ალმანახის ნორჩ ავტორთა მიერ ექსპრომტად შეთხზული ხატოვანი თქმები, ორიგინალური სათაურები, პატარ-პატარა სიუჟეტები, რომლებშიც მკაფიოდ ინაკვთება ხალასი ნიჭი, თანდაყოლილი უშუალობა, მომხიბლავი იუმორი, დაკვირვების საოცარი უნარი და კიდევ არაერთი სხვა სულიერი ფასეულობა. ყოველივე ამას ხომ ფაქიზად წარმართვა და ჩამოყალიბება სჭირდება, რასაც კიდევაც იუველირულად ახორციელებს ქ-ნი მანანა.
    სულ რამდენიმე ნიმუშს მოვიყვან ბავშვთა შემოქმედებიდან და ამით ალმანახის ღირსებას ნათელი თავისთავდა მოეფინება. აი, მაგალითად, სათაურები: “ცა ყველასია”, “ორი ქარი შეხვდა ერთმანეთს” (მეტეო-ცნობა არ გეგონოთ, მხატვრული სახეა); “ჩაიდანი გრიშა”; “გულჩათხრობილი ფეხსაცმელი” და ა.შ. აი, ფრაზები: “თოვლი ღამეში გაიპარა”; “გუბე წევს და ფიქრობს”; “ფიფქებს გზა აებნათ”. აი, უკვე აშკარა მხატვრული აზროვნების ნიმუშები: “ნიავმა დაუბერა და გამელოტებული ბაბუაწვერას ბოლო ბუსუსი მინდორს აჩუქა”; “პეპლების ნანადირებ ველზე ზაფხული მისვენებულიყო”… თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჩვეულებრივი ცელოფანის პარკიც კი – ეს ჩვენი უღმერთოდ დანაგვიანებული საქართველოს ლამის ეროვნულ-ეკოლოგიური უბედურება – ბავშვთა შემოქმედებაში უარყოფით პერსონაჟად ქცეულა. მშვენიერია! სხვა, აბა, რა გვეთქმის!?
    ალმანახი საშუალო ფორმატისაა და წვრილი შრიფტით ნაბეჭდ ასორმოცდაათამდე გვერდს შეიცავს, რაც თავისთავად შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემია. სახელოსნოს უკვე ოცწლიანი წარსული აქვს, მისი ხელმძღვანელის ხელში კი უკვე რამდენიმე თაობის ასობით ბავშვმა გაიარა; და მე მჯერა, რომ არც ერთი მათგანი “თეთრი ბეღურის ბენეფისს” გულგრილად არასდროს ჩაუვლის, ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან ბევრს ნიშნავს.
    ამბობენ, რომ მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო; ვინმეს შეიძლება გაეცინოს, რა ამბავია ამდენი “ჩიტებიო”, მე კი დაცინვას არც ამჯერად შევუშინდები და სიხარულით გავიხსენებ, რომ ქ-ნ მანანას მოღვაწეობა, საბედნიეროდ, უპრეცედენტო არ არის ჩვენში: მსგავსი სარგებლობა მოაქვს მწერლისა და კინოდრამატურგის ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოს, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ კინოსცენარების წერაში “იწვრთნებიან”; თითქმის იგივე მიზნებს ემსახურება ცნობილი მთამსვლელის გივი ქართველიშვილის ყოველწლიური საზაფხულო ექსპედიციები, რომლებშიც 12 წლამდე ასაკის ბავშვები არა მხოლოდ ფიზიკურად კაჟდებიან. ალბათ კიდევ არის აქა-იქ ჩემთვის უცნობი ასეთივე კუნძულები თუ ოაზისები, რაც ერთობლიობაში იძლევა უკვე სრულიად მყარ იმედს, რომ ხვალ უეჭველად “კარგი დღე იქნება”.
    სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ, აბა, როგორ არ ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც კი მხარს უჭერს ქ-ნ მანანა ბეგიაშვილისა და სხვათა საშვილიშვილო მოღვაწეობას?! ამ კერძო შემთხვევაში არ შეიძლება პერსონალურად არ აღინიშნოს ბ-ნ დათო სიხარულიძის წვლილი, რადგან, მერწმუნეთ, სიტყვიერი მხარდაჭერა ადვილია, “უსიტყვო” კი – “ცოტა” უფრო ძნელი.
    ამით დავასრულებდი, მით უფრო, რომ საქებარი სიტყვები აღარც მყოფნის, მაგრამ არა, ერთს კიდევ აუცილებლად ვიტყვი: ალმანახი “ხვალ იქნებ კარგი დღე იყოს” მე მაგონებს ზღაპრულ ზარდახშას, პირამდე სავსეს, თუმცა კი წვრილი და ჯერჯერობით უსწორმასწორო, მაგრამ სამაგიეროდ, ნამდვილი და არა ყალბი და ბრჭყვიალა თვალმარგალიტით.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (2005)

    ორჰან ფამუქი, “სტამბული”, მორინ ფრილის თარგმანი
    Istanbul By Orhan Pamuk, translated by Maureen Freely Faber, 252 გვ.

    ორჰან ფამუქის რომანები თურქეთში კარგა ხანია ბესტსელერად იქცა. ფამუქი საზღვარგარეთაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი წიგნები დღეისათვის უკვე 20 ენაზეა თარგმნილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის სამშობლოში მწერალს თაყვანისმცემელთა გარდა ოპონენტებიც საკმაოდ ჰყავს. ფამუქი ხომ იმ კალმოსანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკასა და თამამ პოლიტიკურ განცხადებებს არ ერიდებიან.
    “წლების მანძილზე ვაკრიტიკებდი თურქეთის მთავრობას ხელოვანთა დევნა-დაპატიმრებისთვის, იმისთვისაც, რომ ქურთების პრობლემის გადაჭრას ძალისმიერი მეთოდებით აპირებდა, ვამხელდი მის ვიწრო ნაციონალიზმს,” – წერდა ფამუქი 1998 წლის დეკემბერში, როცა მან უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ხელოვანის პრესტიჟულ წოდებაზე.
    ფამუქის ახალი რომანი “სტამბული” შეიძლება გარკვეულწილად მწერლის ავტობიოგრაფიულ თხზულებადაც ჩაითვალოს. რომანის შესახებ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ რეცენზიაში ვკითხულობთ: “ადამიანის ბუნება შესაძლოა იწყებოდეს მშობლიური ქალაქის ბუნებიდან და პირიქით.” მწერალი მოჯადოებულია სტამბულის დაკარგული ფერებითა და წარსული დიდებით, ოღონდ ეს ბიზანტიური კონსტანტინოპოლის გამქრალი ხიბლი არ არის, ეს ისლამური ფასულობებია, ის, რაც მის ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. სტამბულის მაგალითზე კარგად იკითხება ისტორიული ქრონოლოგია.
    ლაიტმოტივი, რომელიც არა მარტო ახალ რომანს, არამედ პრინციპში მთელ მის შემოქმედებას გასდევს, ბოსფორის სრუტეა. მრავლისმომსწრე ბოსფორი რომანის სიმბოლურ სახედ გვევლინება.
    “გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, მაგრამ პოლიტიკურად?” – რიტორიკულად იკითხა ერთხელ და თავის კაბინეტში გაკრული რუკისკენ, კონკრეტულად კი, ბოსფორის სრუტისკენ, გაიშვირა ხელი, თურქეთს ორი სული აქვს, აღმოსავლური და დასავლური, – ამბობს ფამუქი, რომელიც, მიუხედავად თურქეთში მიმდინარე რეფორმებისა, მაინც ძველი რეჟიმის პატივისმცემელია და მისი ნოვატორულ-ექსპერიმენტული რომანებიც ტრადიციული, არქაული მხატვრული ფორმების გადამუშავებას წარმოადგენს.
    რომანს ლიტერატურულმა კრიტიკამ ასეთი შეფასება მისცა: ეს არის მწერლის პოეტური იდენტიფიკაცია მის მშობლიურ ქალაქთან. ეს არის მწერლის ჭეშმარიტი ხმა. ფამუქი უკვე ცნობილი მწერალია, მაგრამ გავა დრო და ყველაზე დიდხანს ის სწორედ ამ ნაწარმოებით დაამახსოვრდებათ, რომანით, რომელიც მან თავისი გულის ქალაქს უძღვნა.

    კაზუო იშიგურო, “ნურასოდეს გამიშვებ!”
    Never Let Me Go
    By Kazuo Ishiguro
    Alfred A. Knop, 288 გვ.

    მწერალი, რომელიც ამბობს იმას, რაც უთქმელია, რაც არ ან ვერ გამოითქმის, – ასე გაიცნო მკითხველმა თავის დროზე იაპონელი მწერალი კაზუო იშიგურო. იშიგუროს ახალ რომანს “ნურასოდეს გამიშვებ!” ჰქვია. ნაწარმოები მდიდარია ე.წ. მინიშნებებით, რაც მწერლის სტილისთვის დამახასიათებელია. რომანის მთავარი გმირი კეტი ჰ. თავის ამბავს მოგვითხრობს. ეს ამბავი 90-იანი წლების ინგლისში ხდება. კეტი უკვე 11 წელია თავაუღებლად მუშაობს, რომელიღაც გამაჯანსაღებელ ცენტრში დონორებს ეხმარება, ტკივილგამაყუჩებლებით ამარაგებს; მაგრამ მკითხველი სწორედ მწერლისეული მინიშნებების წყალობითა და გუმანით ხვდება, რომ ამ ამბავს რაღაც ცუდი სუნი უდის. და მაშინვე ყველაზე საშინელი ეჭვი ჩნდება – ხომ არ ატარებენ აქ ექსპერიმენტს ადამიანებზე? თითქოს ძალიან უცნაურია და შეუთავსებელი არსებული რეალობა და ეჭვი – ერთის მხრივ, თავაზიანი და სანდომიანი ახალგაზრდა ქალი და, მეორეს მხრივ, ეს საზარელი საქმე. მაგრამ სწორედ ამ კონტრასტის მეშვეობით არის წარმოჩენილი იაპონელი მწერლის სერიოზული განაცხადი: ყველამ კარგად ვიცით, რომ არასოდეს არ ვიცით, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს გარშემო, და მთელი უბედურებაც ამაშია.
    სიუჟეტი ვითარდება და მკითხველი ხვდება, რომ საქმე ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე ეს რომანის დასაწყისში წარმოგვედგინა. მართალია, თავიდან გვიკვირს, თუ რაში დასჭირდა ჩვენს მასპინძელს თავისი წარსულის თხრობა და ძველი მეგობრების – ტომისა და რუთის გახსენება, მაშინ როცა ინტრიგა თითქოს აწმყოში იხლართება, მაგრამ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება…
    კეტი, რუთი და ტომი პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდნენ. ბავშვებს საგანგებო მზრუნველ-მეურვეები ჰყავდათ, კვირაში ერთხელ სამედიცინო შემოწმებას უტარებდნენ, მაგრამ… ეს გადამეტებული ზრუნვა მაინც ეჭვს ბადებს. ისევ იშიგუროს მინიშნებები გვეხმარება…
    “როდესაც წარსულს ვიხსენებ, – ამბობს კეტი, – რაღაცეებს ახლაღა ვაცნობიერებ. ჩვენ მაშინ იმ ასაკში ვიყავით, როცა ძალიან ცოტა რამ იცი საკუთარი თავის შესახებ. ვინ ვიყავით, რითი განვსხვავდებოდით ჩვენი მეურვეებისაგან და სხვა ბავშვებისგან?”
    კვანძი იხსნება: კეტი და მისი მეგობრები კლონები არიან. სპეციალურ სკოლაში მათი იზოლაცია აუცილებელი პირობაა ბავშვების საგანგებო მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
    ამ რომანით იშიგურო თითქოს აზარტულ თამაშში ჩაება. თუმცა საკითხავია, რაზე დადო მან ფსონი, ეს პოპ-ჟანრია, თუ ერთგვარი გაფრთხილება რეპროდუქციული მეცნიერების ეთიკის მისამართით? ერთი რამ ცხადია. მწერალს ეს ორიგინალური მხატვრული ჩანაფიქრი ადამიანური მოვალეობის გააზრებისათვის ესაჭიროება. კეტი უცოდველი და უაღრესად მგრძნობიარე ადამიანია, ის და მისი მეგობრები ცდილობენ, ამოავსონ ის სიცარიელე, რომელშიც ცხოვრობენ. რომანის გმირების ხედვა ჰაიკუს ხედვაა, ყმაწვილები ებრძვიან ყოფიერების ქაოსს საკუთარი წესების გამოგონებით.
    მწერლის მიზანი ჩვენს გაცრეცილ ყოფიერებაში იმ ჭეშმარიტად ადამიანური არსის ძიებაა, რაც, მიუხედავად ყველაფრისა, სადღაც ყოველთვის ცოცხლობს და გვაცოცხლებს. ეს ჭეშმარიტება იმალება იმ მძიმე ტვირთში, რომლის ზიდვაც ადამიანს დაეკისრა, ჩვენს შეხედულებებსა თუ თეორიებში, ჩვენს კულტურული ორიენტაციაში, წარსულსა და ჰიპოთეტურ მომავალში… და სწორედ ამ ჭეშმარიტების ძიების პროცესში ყალიბდება ადამიანი პიროვნებად.
    კეტი, რუთი და ტომი ნამდვილი პიროვნებები არიან. სრულ იზოლაციაში გამოზრდილ გმირებს არ დაუკარგავთ ადამიანური თვისებები, მათ უყვართ და ამ სიყვარულს უფრთხილდებიან.
    იშიგუროს გულწრფელ პროტაგონისტ გმირებს ის ანტაგონისტები უპირისპირდებიან, რომლებიც საზარელ საიდუმლოს ინახავენ. მოგვიანებით, როდესაც უკვე ზრდასრული კეტი და რუთი სკოლაში მიბრუნდებიან, რათა უფროსებისგან თავიანთი ნამდვილი ვინაობა შეიტყონ, მათთვის საბედისწერო და ავისმომასწავებელი სიმართლე გაცხადდება. რომანში თრილერის ელემენტები შემოდის. მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ ამ ალტერნატიული სამყაროს არსებობა ნამდვილი სიგიჟეა. “შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ უბრალოდ პაიკები ხართ თამაშში. იქნებ მართლაც ასეა,” – ერთ-ერთი მეურვის ნათქვამი ორაზროვანი და სარკასტული ჩანს. ამ ეპიზოდში იშიგურომ ერთმანეთს უკვე აშკარად დაუპირისპირა ადამიანური უმანკოება და დაუნდობელი ექსპერიმენტი და ისიც დაგვანახა, რომ ადამიანის ბუნება ორმაგია. მერე უკვე არჩევანის საკითხი დგება.

    ჯეინ ფონდა, “ჩემი განვლილი ცხოვრება”
    My Life So Far By Jane FondaRandom House, 599 გვ.

    ერთ მშვენიერ დღეს, როცა ნიუ-მექსიკოში, თავის რანჩოში, ფიქრებში გართული სეირნობდა, ასეთი იდეა დაებადა – განვლილი ცხოვრების შესახებ ფილმი გადაეღო. 60 წლის ჯეინ ფონდას მართლაც რომ ბევრი რამ ჰქონდა მოსაგონარ-გასახსენებელი. რჩევა თავის ქალიშვილს, რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ვანესა ვადიმს ჰკითხა. შვილმა კი მოულოდნელად სრულიად უცერემონიოდ უპასუხა: ჯობია ეკრანზე ქამელეონი გამოიყვანოო.
    ვანესას პასუხი დედისთვის მძიმე დარტყმა იყო. შვილის შეფასებამ ჯეინ ფონდა ძალიან შეაცბუნა, მაგრამ მაინც მოახერხა, პატივმოყვარეობა დაძლია და სიმართლეს გაუსწორა თვალი: “იქნებ მართლაც ვიცვლიდი ფერს ქამელეონივით? ალბათ ასე იყო. არადა, რა უცნაურია, ერთი შეხედვით ძლიერი ქალი ძალიან ადვილად ექცევა მამაკაცის გავლენის ქვეშ და საკუთარ თავს კარგავს.”
    ფონდას ავტობიოგრაფიული რომანი ქალის ბევრჯერ დაკარგული და ბოლოს ნაპოვნი “მეს” ისტორიაა. ბავშვობიდანვე პოპულარობის მოტრფიალე ჰოლივუდის ვარსკვლავის ნაამბობი ძალიან დააინტერესებს ცხოვრებისეული ორომტრიალისა და რომანტიკული ინტრიგების ტრფიალთ.
    თუმცა რომანში არანაკლებ საინტერესოა მსახიობი ქალის ბავშვობისდროინდელი მოგონებები, განსაკუთრებით, მამასთან – ჰენრი ფონდასთან ურთიერთობის ეპიზოდები. “მამაჩემისთვის თითქოს არც ვარსებობდი… სხვებისთვის შესაძლოა კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ჩემთვის – ნურას უკაცრავად.”
    რომანში ყურადღებას იქცევს ფონდას ქმრების შთამბეჭდავი პორტრეტები. ფრანგი რეჟისორი როჟე ვადიმი – მომხიბლავი არამზადა, ტომ ჰეიდენი, რომელმაც 51 წლის ჯეინს გამოუცხადა, რომ სხვა ქალი უყვარდა და მიატოვა. ამას მოჰყვა ტედ ტერნერთან შეხვედრა. ტერნერმა პირველსავე პაემანზე გამოუცხადა: “მე მყავს მეგობრები, რომლებიც კომუნისტები არიან. გორბაჩოვი ჩემი ძმაკაცია და კასტროც.” ტედიც სხვა მამაკაცებივით ეგოისტი გამოდგა… ჰოდა, როგორც იქნა, ჯეინ ფონდამ თავისუფლება მოიპოვა. ქალიშვილთან გადასახლდა, ატლანტაში. განვლილ ცხოვრებას და საკუთარ თავს გარეშე თვალით შეხედა და თავისი წარსული გამოამზეურა.


    დევიდ ბლოკი, “სანამ ბეისბოლს გავიცნობდით”
    თამაშის ფესვების ძიება
    Baseball Before We Knew It A Search for the Roots of the GameBy David BlockUniversity of Nebraska Press, 340 გვ.

    1791 წელს მასაჩუსეტსის შტატში, პიტსფილდის არტილერიაში, ბრძანებულება გამოვიდა. ამ ბრძანებულების თანახმად, ქალაქის ახალი საკრებულოს სიახლოვეს ბეისბოლის თამაში იკრძალებოდა. ასე გაიჟღერა ბეისბოლის სახელმა ამერიკულ სინამდვილეში. თუმცა, ცოტა უფრო ადრე, 1744 წელს, ერთ ინგლისურ საბავშვო წიგნში “შესანიშნავი პატარა ჯიბის წიგნაკი” გამოჩნდა ილუსტრაცია, სადაც მოედანზე სამი მოთამაშე თამაშობდა თამაშს, რომელიც ძალიან ჰგავდა ბეისბოლს.
    1796 წელს გერმანელმა მეცნიერმა იოჰან გუტსმუტმა პოპულარულ სპორტულ თამაშობათა წიგნში ბეისბოლის თამაშის წესებიც აღწერა. მეცნიერი ბეისბოლს ინგლისურ თამაშად მოიხსენიებს.
    ახალი წიგნის ავტორი დევიდ ბლოკიც ამერიკული თამაშის ინგლისური წარმომავლობის ვერსიას ავითარებს. მისი აზრით, ბეისბოლი ამერიკული კოლონიალისტური პერიოდის “კულტურული მიგრაციის” ნაწილია. თუმცა თვით ინგლისური ბეისბოლიც ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტია. მისი წინამორბედი ტატბოლი უნდა ყოფილიყო. თამაშის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სტულბოლს, რომელიც თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო და რომელიც, სავარაუდოდ, კრიკეტის წინამორბედად გვევლინება.
    ინგლისის მოსახლეობა ყოველთვის განებივრებული იყო სპორტული თამაშობებით. ყურადღებას იქცევს 1474 წლის ედუარდ IV-ის ბრძანება, რომელიც ილაშქრებდა ამგვარი გართობის დამკვიდრების წინააღმდეგ და ამბობდა, რომ სპორტული თამაშები ხელს უშლიდა სამხედრო საქმის განვითარებას.
    შუა საუკუნეების ტექსტების მიხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბეისბოლის ინგლისური წინამორბედნი კონტინენტური თამაშობებიდან იღებენ სათავეს, კერძოდ, ბეტ-ენდ-ბოლიდან. 1344 წლის ფრანგული ხელნაწერს – “ალექსანდრეს რომანი” ახლავს მინიატურა, სადაც გამოხატულია ბერ-მონაზონთა ჯგუფი, რომლებიც რაღაც ამდაგვარ თამაშში არიან ჩაბმულნი.
    თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ საავტორო უფლებებზე, ფრანგების გარდა, სხვებმაც განაცხადო პრეტენზია. 1937 წელს იტალიელმა დემოგრაფმა კორადო ჯინიმ ლიბიის უდაბნოში ბერბერების ტომს მიაკვლია, ისინი მთელი გატაცებით თამაშობდნენ თამაშს – “პილიგრიმის დედის ბურთი”. თამაშის ბეისბოლთან მსგავსება ერთი შეხედვისთანავე საცნაური იყო. ჯინიმ ასეთი დასკვნა გამოიტანა: თამაში ქვის ხანიდან მოდის და ჩრდილოეთ ევროპიდან გავრცელდაო. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ბეისბოლს ევროპული წინაპარი ჰყავს.
    ბლოკი იმასაც განმარტავს, რომ ამერიკელი მკვლევარები ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არცკი დაინტერესებულან ბეისბოლის ისტორიით და, მით უმეტეს, ნაციონალური თამაშის უცხო ძირების ძიებით.
    1889 წელს ერთი ჟურნალისტი ბეისბოლის ისტორიის შესახებ წერდა: “ამერიკაში თამაშის თაყვანისმცემელთა უმრავლესობას სრულებითაც არ აღელვებს ბეისბოლის წარმოშობის საკითხი. ამერიკელები დარწმუნებულნი არიან, რომ ბეისბოლი ნამდვილად ამერიკულია.” როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როცა რწმენა ისეა გამჯდარი, რომ ფაქტები ძალას კარგავს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    მარიო ვარგას ლიოსა


    იმედის უფლება

    გრემ გრინის “ძალა და დიდება”

    თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

    გრემ გრინმა 1938 წელს რამდენიმე თვე დაჰყო მექსიკაში, ტაბასკოს და ჩიაპასის შტატებში ცხოვრობდა. მწერალი აგროვებდა მასალებს რელიგიურ დევნათა შესახებ. ეს დევნა პრეზიდენტ კალიესის დროს დაიწყო და გაგრძელდა ლასარო კარდენასის მმართველობის პერიოდში. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ჩანაწერების წიგნი: “იქ, სადაც კანონი არ კანონობს” და რომანი “ძალა და დიდება”. ეს რომანი “საქმის არსთან” ერთად გრინის საუკეთესო ნაწარმოებად იქცა.
    დღესაც კი (ნახევარი საუკუნის შემდეგ მას აქეთ, რაც ეს რომანი გამოქვეყნდა და ისტორიული ვითარება შეიცვალა) ნაწარმოები წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს.
    შესანიშნავად მოთხრობილი უბრალო ამბის დრამატულ საყრდენად გრინმა გონებისა და რწმენის უძველესი კონფლიქტი აქცია. უფრო ფართო აზრით, ეს იყო კონფლიქტი ორი შეურიგებელი უტოპიისა – სპირიტუალიზმისა და მატერიალიზმისა. დევნილი, უსახელო მღვდელი და ასევე უსახელო კაცი, მისი მადევარი პოლიციის ლეიტენანტი, – ეს ორი პერსონაჟი შემთხვევით როდი დატოვა ავტორმა სახელის გარეშე, ისინი კონკრეტულ ადამიანებზე მეტად ზოგადი იდეები არიან, აბსტრაქციები, ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისებს განასახიერებენ, როგორც დღე და ღამე, მანკიერება და სათნოება. ამ პერსონაჟებში გამომჟღავნდა დაპირისპირება, რომელიც სხვადასხვა დოქტრინის და იდეოლოგიის ფორმით თავისებურ ლაბირინთს ქმნის. ეს ლაბირინთი ადამიანთა მთელ მოდგმას მოიცავს. ამასთანავე, მთხრობელის პოზიცია მეტად რთულია: ის თითქოსდა ცდილობს გაამართლოს ბოროტი ლეიტენანტი და გახელებული ესხმის თავს პატარა, კეთილი საწყისის განმასახიერებელ მღვდელს, მის სისუსტეებს წარმოაჩენს. გრემ გრინამდე ეს ხერხი ზოგიერთმა კათოლიკე მწერალმა გამოიყენა: ფრანსუა მორიაკთან და ბერნანოსთან მკითხველები შეეჩვივნენ ადამიანური სიბინძურიდან და სიბილწიდან გამონათებული სიკეთის ნაპერწკლების ხილვას. ისეთ ავტორთან, ვთქვათ, როგორიცაა კლოდელი, უკვე ნახსენები ხერხი ძალზე თვალსაჩინო გახლდათ, ზნეთადამრიგებლური ფინალი კი ნებისმიერ თხრობას ცვლიდა, ნებისმიერ პიესას იგავად აქცევდა. ისინი კარგი მწერლები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ მორწმუნეთათვის წერდნენ, იმათთვის, ვინც ეჭვების ტყვეობაში არ არიან. “ძალა და დიდება” კი პირიქით, სწორედ დაეჭვებულთათვის არის დაწერილი. და თუმცა გრინის სტილური შესაძლებლობები არცთუ ისე დიდია, – როგორც, ვთქვათ, კლოდელისა, და ინტელექტუალური დახვეწილობითაც ის ბევრად ჩამოუვარდება მორიაკის ტიპის მწერლებს, – მისი წიგნი უაღრესად თანამედროვეა და დღევანდელი მკითხველისთვის არის განკუთვნილი, მაშინ, როცა კლოდელის და მორიაკის წიგნები დღითი დღე ძველდება.
    ლეიტენანტი – მკაცრი და სწორხაზოვანი ადამიანია, მისი იდეები აბსოლუტურ თანხმობაშია მისსავე ქმედებებთან. მოვალეობის გრძნობა მისი ცხოვრების საზრისს წარმოადგენს. ის არ სვამს და, ახალგაზრდობის მიუხედავად, არ არის გატაცებული ქალებით. მისთვის აშკარაა სოციალური უსამართლობის ფესვები და იგი ვერ იტანს ეკლესიას და მღვდლებს, რადგან მათ უბრალო ადამიანების მჩაგვრელებად მიიჩნევს. ამასვე ეუბნება მღვდელს მისი დაპატიმრების დღეს: როგორ შეიძლება შეურიგდე იმ რელიგიას, რომელიც თავის მსახურებს აძლევს იმის უფლებას, სააღმსარებლოში მოისმინონ აღიარებანი მონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, მიუტევონ აღმსარებლებს და შემდეგ მშვიდად მიუსხდნენ სადილის სუფრას. ლეიტენანტის ღარიბებისადმი გამოცხადებული სოლიდარობა აბსტრაქტულია, თუმცა ზოგჯერ კონკრეტულ კეთილქმედებაშიც ვლინდება: მაგალითად, იგი ჩუქნის მცირე ფულს იმ საწყალ ადამიანებს, რომელთაც მერე თვითონვე აგზავნის ციხეში აკრძალული სასმელის მიღების გამო. ლეიტენანტს სწამს კანონისა და სიცოცხლისა დედამიწაზე, სწამს, რომ შეიძლება კანონის მეშვეობით ცხოვრების შეცვლა. მაგრამ სააქაოდან სამუდამოდ რომ გაქრეს უსამართლობა და სიღატაკე, საჭიროა ჯერ ის სამყარო გაქრეს, რომლის წარმოგზავნილადაც პატარა მღვდელი ითვლება. სხვა სამყაროს არსებობა, ამ სამყაროზე ოცნება წარმოადგენს გადაულახავ წინააღმდეგობას დედამიწაზე სამოთხის გაშენებაში. ვიდრე ცრუმორწმუნე ღატაკნი იმის იმედად იქნებიან, რომ ამქვეყნიურ ტანჯვათა გამო იმქვეყნად მიეზღვებათ, არაფერს არ ეშველება. უნდა ყველაფერი შეიცვალოს და სააქაო ქვეყნიერება იქცეს სამართლიანობის სამეფოდ, სადაც გონების კანონები მოქმედებს და არა შიში ან ილუზიები. ამას ფიქრობს ლეიტენანტი და შესაბამისად მოქმედებს კიდეც: დაეხეტება თავის შტატში და ეძებს მღვდლებს, მუსრს ავლებს მძევლებს, ხოლო სოფლებს კი ატერორებს. მისი პრინციპი ასეთია: მიზანი ამართლებს საშუალებას. იმისათვის, რომ დედამიწაზე ზეციური კანონები დამყარდეს, უნდა მოისპოს ზეციური მტაცებელი არსებანი.
    ლეიტენანტის მოწინააღმდეგე მოკლებულია ყოველგვარ მიზანსწრაფულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას. მღვდელს უყვარს დალევა, მან უმანკოების აღთქმაც დაარღვია – ჰყავს გოგონა გლეხის ქალისაგან, რომელთანაც შესცოდა სიმთვრალეში. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მღვდელი მშიშარა და დაბნეული ადამიანია. მან თვითონვე შესანიშნავად იცის ყოველივე ეს (მთხრობელიც არ ცდილობს ჩვენს მოტყუებას და არ უძებნის მორალურ და ფსიქოლოგიურ გამართლებას თავის გმირს). როდესაც შტატში ეკლესიის დევნა დაიწყო, მღვდელი არ გაქცეულა სხვა სასულიერო მსახურთა მსგავსად. რამ ითამაშა აქ გადამწყვეტი როლი – პრინციპების ერთგულებამ, მაღალმა ზნეობრივმა თვითშეგნებამ? როდესაც იგი დახვრეტის მოლოდინში განვლილ ცხოვრებას აჯამებდა, აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული გმირობა სახიფათო ადგილზე დარჩენისას მას არ გამოუჩენია. აქ თავისი სიტყვა პატივმოყვარეობამ და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, არასწორმა გათვლამ თქვა. ის კიდევ იმიტომ არ გაიქცა, რომ ფიქრობდა, მარტოდ დარჩენილი თავის ნებაზე მოიქცეოდა, ვერავინ შეუქმნიდა დაბრკოლებებს. და კიდევ: ამ საქციელით ის სამაგიეროს უხდიდა გაქცეულ მღვდლებს, რომლებიც მუდამ ექიშპებოდნენ მას. მოგვიანებით, როცა გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ყველა სასულიერო პირს ქორწინების უფლება ეძლეოდა, ყველაფერი ისე აეწყო, რომ აქაც ხელი მოეცარა თითქოს სხვა მღვდლების გამო, რომლებმაც ამ მღვდელს წამებულის როლი დააკისრეს. თუმცა სხვაც უნდა ითქვას: ეს კაცი მღვდლადაც არ ვარგოდა, ხელისცეცებით იკვლევდა გზას ცხოვრებაში, არ შეეძლო საკუთარ ბედზე ღმერთისმიერი ანაბეჭდების ამოცნობა და მისი ყოველი საქციელი ავადმყოფი სინდისის ნიშნით იყო აღბეჭდილი. მორწმუნეთათვის ამგვარი მღვდლისგან შეწევნა ნაკლები გახლდათ. მას არ ჰყოფნიდა მოთმინება, მძიმე ხასიათს ავლენდა მათდამი დამოკიდებულებაში, ვინც ნუგეშის სიტყვისთვის მიდიოდა მასთან. ამიტომ ერთხანს ამპარტავანი კაცის სახელიც გაუვარდა, ის რვა წელი ემალებოდა ხელისუფლებას და არაერთხელ დააპირა შტატებიდან გაქცევა. შიში მოსვენებას უკარგავდა.
    არ არის ძნელი იმის განჭვრეტა, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნება მკითხველს უკანასკნელი ფურცლის წაკითხვისას. გონების და კანონის უანგარო დაცვისაგან საკმაოდ შორს მდგომი კაცი რომანში ნამდვილ ადამიანურობას განასახიერებს. ის არ იწვევს აღფრთოვანებას და თანაგრძნობას, ყოველივე ამას მისი მსხვერპლი იწვევს – ადამიანი, რომელიც თავის თავში უამრავ წინააღმდეგობას და ნაკლოვანებას ატარებს და რომლის სხეულიც, დაცხრილული ტყვიებით ქალაქის პატარა მოედანზე აგდია. იმ ორ უტოპიათაგან, რომანში რომ ერთმანეთს უპირისპირდება, უფრო საშიშია და ვერაგი სახრჩობელების და დამწვარი ეკლესიების ფასად დედამიწაზე სამოთხის დამამკვიდრებელი უტოპია. კიდევ რამდენი ადამიანის დახვრეტა მოუწევს ლეიტენანტს, რათა თავისი ნაოცნებარი ახალი საზოგადოება რეალობად აქციოს? მღვდლების განადგურების შემდეგ თანამებრძოლთა კედელთან მიყენების ჯერი დადგება. ამ თანამებრძოლთა შორის ლეიტენანტის უფროსიც იქნება, რომლისთვისაც რევოლუცია როგორც ლეიტენანტისათვის იდეალი კი არ არის, არამედ ძალაუფლების მიღწევის და იატაკქვეშა კომერციის მეშვეობით გამდიდრების საშუალება.
    სოციალური თვალსაზრისით ლეიტენანტი ნებისმიერ ფანატიკოსზე სახიფათოა: ის პოლიტიკოსი-მეოცნებეა. ის დაჰიპნოზებულია რაღაც გამჭვირვალე ხილვებით და რეალობას ვერ ხედავს. მას ვითომდა სიკეთე სურს, სინამდვილეში კი უკეთურებას სჩადის. შესაძლებელია თავისი ქადაგებებით საიქიო ცხოვრებაზე მღვდლები მართლაც უჩლუნგებდნენ პროტესტის გრძნობას გაჭირვებულებს, მაგრამ ლეიტენანტს არ ესმის სხვა რამ: განმათავისუფლებელი (მისი რწმენით) რევოლუცია უსამართლობის ერთ ფორმას ცვლის მეორეთი და აღაზევებს ჩაგვრის ახალ ფორმებს, ახლებურ ობსკურანტიზმს და კორუფციას.
    შეიძლება ვინმემ საკამათო გახადოს ის დასკვნები, რომელსაც პატარა მღვდელი რწმენის დასაცავად მოიხმობს. ამ დასკვნების გაგონებისას ნებისმიერ თანამედროვე თეოლოგს, თავისუფლების მქადაგებელს თმა ყალყზე დაუდგებოდა. სიტყვა ეხება შემრიგებლურად განწყობილ მღვდელს: დაპატიმრების დღეს ლეიტენანტთან საუბრისას ის ამტკიცებს, რომ რადგან “ყველანი სამყაროში უბედურები არიან, განურჩევლად ღარიბებისა და მდიდრებისა, ღირს კი ეშინოდეს ადამიანს ტკივილის?” რა შეიძლება იყოს სულის ხსნაზე მნიშვნელოვანი? მღვდლის არგუმენტების მოსმენის შემდეგ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ სოციალური უსამართლობა არის გარკვეულწილად ასატანი ბოროტება. ამ ბოროტებაში ხომ სამომავლოდ მარადიული ხსნის გარანტია იმალება.
    პატარა მღვდელი რომანიდან “ძალა და დიდება” სიმპათიას იმსახურებს არა თავისი განსჯებით, არამედ თავისი ბედით. ეს ადამიანი მარტოსულია და დაუცველი. სწორედ ამ ნიშნებით ჰგავს იგი საზოგადოების მსხვერპლთ – გლეხებს და ინდიელებს, რევოლუციის ქარიშხალში მძევლებად ქცეულებს… ჩვენს დროში, როცა ალერგიაც კი არის გაჩენილი ჭკუისდამრიგებლური თხრობის მიმართ, რომანი “ძალა და დიდება” კვლავაც ინარჩუნებს სიცოცხლეს, რადგან მორწმუნეთ და არამორწმუნეთ ერთ რამეს სთავაზობს: იმედის შენარჩუნების უფლებას. და განა იმედი წარმოსახვის და სულიერების ნაწილი არ არის?
    და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ რომანმა დროს გაუძლო: აქ წამოჭრილი პოლიტიკური და ზნეობრივი პრობლემები ძალიან ოსტატურად არის ჩაწნული მიმზიდველ სიუჟეტში და ამ სიუჟეტის მიღმა ილანდება. სულ სხვაგვარადაა საქმე უამრავ იდეურ რომანებში, სადაც სიუჟეტი მხოლოდ საშუალებაა გარკვეულ შეხედულებათა სისტემისა. მსგავს შემთხვევებში მკითხველი ხედავს, რომ რომანის გმირებს აკლიათ თავისუფლება, მაშასადამე, დამაჯერებლობაც, ისინი უფრო მარიონეტებს ჰგვანან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. ასეთ დროს რა მნიშვნელოვან თემაზეც არ უნდა საუბრობდეს ავტორი და რა იდეებსაც არ უნდა სთავაზობდეს მკითხველს, დამარცხება გარდუვალია. რომანის უპირველესი დანიშნულებაა არა მკითხველის დამოძღვრა, არამედ მისი მოჯადოება. მწერალმა უნდა დაამარცხოს მკითხველის სკეპტიციზმი, დაიპყროს მისი ყურადღება, განაგოს მისი გრძნობები, რეალურ სამყაროს მოაშოროს და აიძულოს ილუზიის სამყაროში გადასახლდეს. ავტორს არ ძალუძს პირდაპირი გზით მიაწვდინოს მკითხველს თავისი სათქმელი, თავდაპირველად მან უნდა დაასნეულოს მკითხველი გამოგონილი სამყაროს სიცოცხლისუნარიანობით და აიძულოს იგი (კითხვის მაგიურ სივრცეში) განიცადოს ტყუილი, როგორც მართალი და მართალი, როგორც ტყუილი.
    გრემ გრინი ოსტატურად მოგვითხრობს ისტორიას. ის ქმნის ეფექტებს და აღვივებს ცნობისმოყვარეობას მოულოდნელი აღიარებებით, აგრეთვე დრამატულ სცენებში აქსოვს იუმორს, შეუძლია რამდენიმე შტრიხით დახატოს გმირის ხასიათი ან პეიზაჟი. რომანში “ძალა და სახელი” განსაკუთრებით თვალშისაცემია გრინის სახეების ვიზუალური, კინემატოგრაფიული ბუნება…
    გრემ გრინის შემოქმედება კრავს გარკვეულ ციკლს. ის აღწერს დასავლური სამყაროს გარეუბნებს, სადაც ჯერ კიდევ მეფობს პრიმიტიულობა და ველურობა.

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”

  • რეცენზია

    ლელა კალაძე

    “საუბრები” ნოსტალგიური შეფერილობით

    ჯუმბერ თითმერია, საუბრები. თბ. “საარი”, 2004.

    ჯუმბერ თითმერიას “საუბრები” ავტორის გემოვნების უტყუარ საბუთად გამოდგება. ეს არის ნოსტალგიური წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ეტაპებს, მოგვაგონებს იმ პრობლემებს, რომლებიც სერიოზულად გვაწუხებდა და შესაძლოა დღესაც აქტუალურნი არიან.
    “საუბრები” ავტორის რჩეულ ადამიანებთან პროფესიონალის მიერ არის წარმართული და გეზმიცემული, ამიტომ დღესაც საინტერესოდ გვეჩვენება, თუ რა გვაღელვებდა და არ მოგვწონდა, ანდა რამოგვწონდა და ახლაც გვენატრება.
    ჯუმბერ თითმერია მრავალმხრივი ლიტერატორია. იგი ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, მთარგმნელი და კრიტიკოსია. ბევრისთვის ძვირფასი და ახლობელია მისგან გადმოქართულებული შუკშინი, რომელიც დედნისეული სილაღით და იშვიათი დახვეწილობის იუმორით მოგვეწოდა და “ჩვენი” გახდა. სადღეისოდ ჯუმბერ თითმერია საგანგებოდ გვირჩევს თავისი ახალი წიგნის პერსონაჟებს, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მათზე და ისევ და ისევ დღევანდელ მკითხველთა გახარებაზე ფიქრობს. “საუბრების” მიზანი მკაფიოდ არის გამოკვეთილი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე რჩეულების გუშინდელი ნააზრევი დღევანდელს შევადაროთ, მათი პოზიცია სამომავლო ორიენტირების თვალსაზრისით შევაფასოთ და ასე მოვახდინოთ ერთგვარი “სელექცია”.
    მკითხველის წინაშე ერთადერთი ამოცანა დგას, მას ეძლევა დარწმუნების კარგი საშუალება, კიდევ სჯერა თუ არა გუშინდელი რჩეულების, არიან თუ არა ისინი ადეკვატურნი დღევანდელობის თვალსაზრისით, ანდა როგორია ის შემოქმედებითი მუხტი, რომელიც ასე კაშკაშა ჩანდა XX საუკუნეში და რაც ასე ძალიან სჭირდება დღევანდელობას.
    “საუბრების” მონაწილენი არიან ანა კალანდაძე, რევაზ ინანიშვილი, თამაზ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, მიხეილ ქვლივიძე, ნოდარ გურაბანიძე, ვახტანგ დავითაია, სერგო კლდიაშვილი, ირაკლი აბაშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე… საგანგებო საუბარი გამართულია ვაჟა-ფშაველასთან.
    თითოეულ მათგანზე ღირს შეჩერება, მაგრამ სპეციფიკური გარემოებისდა გამო ერთ მათგანს გამოვარჩევთ და მიზეზსაც ნათელვყოფთ. ჩვენი აზრით, განსაკუთრებით ფასეულია ჯუმბერ თითმერიას დიალოგი სერგო კლდიაშვილთან. ამ საუბრისას ბატონი ჯუმბერი შესანიშნავად ახერხებს აალაპარაკოს დიდი დავით კლდიაშვილის მემკვიდრე, გვიჩვენოს მისეული თვალთახედვა, თვალწინ გადაგვიშალოს მამათა და შვილთა მარადიული ჭიდილი, მამათა და შვილთა მარადიული ზავი, ტრადიციების უკვდავი მუხტი და შემოქმედის მრავალმხრივი მიმართება ცხოვრებასთან.
    სერგო კლდიაშვილი მოგვითხრობს თავის ახალგაზრდულ “ცდომილებებზე”, გვიყვება სიმბოლიზმით გატაცებასა და მამასთან შემოქმედებით უთანხმოებაზე; სრულიად გასაგებია, რომ ახალგაზრდა კლდიაშვილს სრულიად სხვა შემოქმედებითი კრედო გააჩნდა, მამისგან განსხვავებული. ეს ჯდება ეპოქის განვითარების კანონზომიერებაში, მამის “წინააღმდეგ” წასვლა ახალგაზრდობის ასაკისთვის აუცილებელია; ეს ნიშნავს, რომ შვილი აზროვნებს, ძლიერდება და იზრდება. სწორედ ეს ფაქტი გვიდასტურებს, რომ სერგო კლდიაშვილი ნამდვილად შემოქმედებითი პოტენციის ნატურა იყო, გააჩნდა “საკუთარი” მოსაზრებები და თავისი თაობის იდეებით სულდგმულობდა. ანუ ჯერ როგორც პიროვნება ჩამოყალიბდა, რაც შემოქმედებითი სრულყოფის უდავო ფაქტია.
    მართალია, იგი არ გამხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ლიტერატურისათვის, ვერ გადააჭარბა თავის დიდ მამას, მაგრამ ანგარიშგასაწევ ძალად ნამდვილად იქცა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ძნელი იქნებოდა ეს პროცესი, როგორი რთული სწორედ დავით კლდიაშვილის მემკვიდრისათვის, სწორედ დიდი მამის ფაქტორიდან გამომდინარე.
    სერგო კლდიაშვილი ჯუმბერ თითმერიასთან დიალოგში შესანიშნავად გვიჩვენებს “შერიგების” თუ “მორიგების” მომენტსაც. ეს მოგვიანებით მომხდარა, ყველა “ცდომილებათა” შემდგომ და სწორედ ეს მისეული პიროვნული “ცდომანი” არის სასურველი ხელოვანისთვის. ჯერ ასე იყო: “…ჩამორჩენილობად და მეორეხარისხოვნად მეჩვენებოდა რეალისტური მიმდინარეობა”… ამბობს სერგო კლდიაშვილი და ამას მოსდევს ბრძნული დამოკიდებულება მამის მხრიდან – “…ვაცალოთ, დამაჭრდეს. მერე კი გაერკვევა და თვითონვე გაიკვლევს გზას”… ბოლოს ვიგებთ, რომ სერგო კლდიაშვილმა კვლავ მიაშურა რეალიზმის, ტრადიციულის წიაღს, მაგრამ არა მექანიკურად. თავად ასე ამბობს: “…წლები დასჭირდა იმას, რომ გაფანტულიყო ეს ბურუსი. დავით კლდიაშვილი მთელი თავისი ბრწყინვალე ტალანტით მხოლოდ მაშინ ვიგრძენი და გავიგე, როცა 21-22 წლის გავხდი. ეს მართლაც ისე მოხდა, თითქოს ვიღეაცამ გადასწია ფარდა და ფერიული სანახაობა გადამეშალა თვალწინ. მას შემდეგ დავით კლდიაშვილის შემოქმედება ყველაფერში სანიმუშოა ჩემთვის”.
    შესაძლოა მამის “სანიმუშოდ” მიჩნევა ორიგინალური სრულიადაც არ იყოს და ქართულ კანონზომიერებად მივიჩნიოთ, მაგრამ ამას წინ უსწრებდა ჯანყის, ამბოხის, წინააღმდეგობის წლები. “მამის წიაღში” დაბრუნება სრულიად მართებულია ამ შემთხვევაში, სწორედ ის წინარე პერიოდი არის ფასეული, რადგან უკრიტიკოდ მიღება და გაზიარება მხოლოდ უფერულ ჩრდილებს და უღიმღამო ეპიგონებს თუ გაგვიმრავლებს.
    საინტერესოა, რომ სერგო კლდიაშვილი კატეგორიულად უარყოფს მემუარების დაწერას, ეს კიდევ უფრო ზრდის ჯუმბერ თითმერიას ამ საუბრის აზრსა და მნიშვნელობას. თუკი სერგო კლდიაშვილი დაწერდა მემუარებს, იგი არ იქნებოდა ბოლომდე “მართალი”, ხოლო “ყალბი” მოგონებების დაწერის უფლებას თავის თავს ვერ მისცემდა, დრო სხვა არჩევანს არ იძლეოდა. სამაგიეროდ დიალოგში ნათლად შემპოგვრჩა კლდიაშვილთა უძლიერესი მწერლური ოჯახის სულიერი ევოლუციის მნიშვნელოვანი პასაჟები, რაც ძალიან ღირებულია ჩვენი ლიტერატურის ისტორიისათვის.
    ჯუმბერ თითმერიასთვის დამახასიათებელია იშვიათი თავმდაბლობა მთელი “საუბრების” მანძილზე, როცა იგი ცდილობს ჩრდილში მოექცეს და მეტი გასაქანი მასთან მოსაუბრეს მისცეს, იგი ახერხებს მაქსიმალურად “დატვირთოს” თავისი საუბრები და ამით საზოგადოებას თანდათანობით გადაუშალოს ფაქტის მნიშვნელობა.
    მართლაც ტევადი და მნიშვნელოვანია მოცულობით ყველაზე მოკლე დიალოგებიც კი, თუნდაც რევაზ ინანიშვილთან გამართული. ნიშანდობლივია მწერლის განცხადება: “ვრცელ მოთხრობაში თავს არეული ნაბიჯებით მოარულად ვგრძნობ”-ო.
    ჯუმბერ თითმერიას კრიტიკული დაკვირვებები კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დიალოგს ამა თუ იმ შემოქმედთან. თანაც მას საგულდაგულოდ ჰყავს შერჩეული ის ხალხი, რომელთა მოღვაწეობასაც კარგად იცნობს, რომლებიც მის სულიერ სამყაროსთან უფრო ახლოს არიან.
    სრულიად უპრეცედენტოა ვაჟა-ფშაველასთან დიალოგი, რითაც იშლება დროთა შორის მიჯნა და ძველი და უახლესი უკავშირდება ერთმანეთს. დასმულია დღევანდელი ქართველისათვის საინტერესო კითხვები, გაცემულია “პასუხები”, რომლებიც არა მარტო სადღეისო, არამედ სახვალიო ტენდენციებსაც შეიცავენ.
    ჯუმბერ თითმერიამ საგანგებოდ “მოიხმო” ვაჟა-ფშაველა სასაუბროდ, იგი შეეცადა განსხვავებულად წარმოეჩინა თანამედროვეობა, დაენახვებინა იგი სულ სხვა კუთხით და გამოეწვია ის “ნოსტალგია”, რომელიც ოდესღაც არსებულისა და აწგარდავლილის შარავანდედით შემოსილა.
    ჯუმბერ თითმერიას “საუბრები” თავს ნამდვილად წაგაკითხებთ. ჩავუსხდეთ!

    © “წიგნები _ 24 საათი”

  • პოეზია (თარგმანი)

    იოჰან ვოლფგანგ გოეთე


    სცენა “ფაუსტიდან”

    გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა

    აუერბახის სარდაფი ლაიპციგში

    მხიარულ მოქეიფეთა სერობა.

    ფროში

    არ სვამთ, არ მღერით, ვის ებღვირებით!
    ჩამოგიშვიათ უბრად ცხვირები.
    სულ არაფერზე კბილები გიჩანთ,
    დღეს რა ეშმაკმა შეგიკრათ კრიჭა!

    ბრანდერი

    შენი ბრალია, თავს რაზე მალავ,
    გამოაბრწყინე სიბრიყვის ძალა!

    ფროში

    გნებავს? ინებე!
    თავზე ღვინოს ასხამს.

    ბრანდერი

    შე მართლა ბრიყვო!

    ფროში

    რას მეშარები, თხოვნისა იყო!

    ზიბელი

    მოჩხუბრებს – ქიშტი! მიბრძანდეთ უნდა!
    მთელი ფილტვებით, ბიჭებო, რუნდა!
    აბა, ჰოლა ჰო!

    ალტმაიერი

    ავაიმე, გამისკდა თავი!
    მიშველეთ, ბამბა, ყურში ბამბა! რამხელას ბღავის!

    ზიბელი

    ბასი ვარ, ბასი! ისეთი ვჭექო,
    გრგვინვა გაჰქონდეს თაღებქვეშ ექოს!

    ფროში

    ვისაც ეწყინა – ცივი წყალი! ნებავს და – ცხელი!
    ახ, ტარა ლარა!

    ალტმაიერი

    ტარა ლარა!

    ფროში

    მოვმართოთ ყელი!
    (მღერის)
    წმინდა რომის რაიხო,
    დროა, ჭირი წაიღო…

    ბრანდერი

    ფუ, პოლიტიკურ სიმღერებზე გული მერევა!
    ილოცეთ, ხალხო, წილად გვერგო ბედნიერება,
    რომ წმინდა რომის ეგ რაიხი არ გვაბარია!
    ან კანცლერისა რა მცოდნია, ან კაიზერის!
    ლხინის პაპია ერთადერთი, ვინც მაგარია,
    ავირჩიოთ და მისი ხმალი, ჩემი კისერი.
    ვისაც ვმორჩილებ, ერთადერთი ლხინის პაპია,
    მისი კურთხევით შეგვრგებია, რაც გვიყლაპია!

    ფროში
    ( მღერის)

    გაფრინდებოდე, ბულბულო,
    საყვარელს მომიკითხავდე…

    ზიბელი

    შორს ჩვენგან სატრფოს მოკითხვები, ფუჭი ცრემლები!

    ფროში

    მოკითხვას ვუთვლი! კოცნას ვუთვლი! შემოვევლები!
    (მღერის.)
    აწეულა რაზა – ბინდი ჩამომდგარია!
    აწეული რაზა სატრფოს ღია კარია!
    დაწეული რაზა დილის სისხამ-ცვარია…

    ზიბელი

    ჰო, ჰო, უმღერეთ, ბულბულები უგზავნეთ ხშირ-ხშირ!
    ჩემი სიცილის დროც დადგება, შემოგჩრით ცხვირში!
    ჩემს დღეში გნახავთ, საქალეთის ერთია ნირი,
    თქვენც აყვირდებით, საყვარლებო, მე როგორც ვყვირი.
    კაცი მაგათთვის არამია! რად უნდათ კაცი!
    კობოლდი მაგათ! ბლოკსბერგიდან მომსრბოლი ვაცი!
    ისეთ მოკითხვას გავუგზავნი შეფოფინებით,
    სულ ქვაფენილზე წკრიალებდეს ფანჯრის მინები!
    ბრანდერი, მაგიდაზე ხელს აბრახუნებს
    გთხოვთ, სმენა იყოს! დაითმინონ, ვინ რასაც შფოთავს!
    უცადი არ ვარ, ცხოვრებისა მეც მესმის ცოტა,
    და მათ, ვინც ახლა სიყვარულის იწვის სახმილით,
    სიმღერას ვეტყვი ახალთახალს, სწორედ იმდაგვარს,
    მავანთ რომ გულზე მოეთბობათ. ვუმღერ ვირთაგვას!
    ხმა მომაშველეთ, ბატონებო, თქვით მოძახილი!
    (მღერის)
    სარდაფს იყო ვირთაგუნა,
    მაძღარი და უმტერული,
    ღიპი ედო ბებერ მსუნაგს
    დია დოქტორლუთერული.
    შეაპარეს დარიშხანი,
    აუხურდა საწყალს ტანი,
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
    გუნდი, ზარ-ზეიმით
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    ბრანდერი

    რბოდა შმაგი, ხლტოდა ხელი,
    შემოერღვა კაბა-ჯუბა,
    სათავსონი დაღრღნა მთელი,
    სავსე ტბორიც ამოხრუპა.
    უცებ თვალი დაეშრიტა,
    მიებნიდა კაეშნითა,
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    გუნდი

    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    ბრანდერი

    ბოლოს შიშით არეულმა,
    თავი სამზადს შეაფარა.
    ქალმა ნახა მზარეულმა,
    ვინც ის შხამი შეაპარა.
    თქვა: რა მწარედ დაგესლულა,
    წრიპინ-წრიპინ აღესრულა,
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    გუნდი

    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    ზიბელი

    რა უხარიათ მაგ სულელებს, ჩაბჟირდნენ ლამის!
    ვიშ-ვიშ, მაღალი ხელოვნება გამოგვითარგეს,
    წამალი როგორ შევაპაროთ საწყალ ვირთაგვებს.

    ბრანდერი

    შენ რა, ვირთაგვის მხარესა ხარ? შენც შეგხვდა შხამი?

    ალტმაიერი

    გაგვიგულჩვილდა ჩვენი ბღენძი, გმინვა-დაგვა სჭირს!
    უბალნო თავი ამოიცნო მკვდარ ვირთაგვაში!
    შემოდიან ფაუსტი და მეფისტოფელი.

    მეფისტოფელი

    ჯერ ლხინის ხალხი, სუფრის ხალხი ვნახოთ ახლოდან,
    აქ ყოველი დღე სურთ იქციონ დღესასწაულად.
    შევსვათ, ყვირიან რა წაიღო, ვინც ინაღვლოდა,
    შევსვათ, მღერიან, მაინც სიკვდილს ვერსად წავუვალთ!
    მათი ყოფა და ცეკვა-როკვა ზუსტად ეგ არი,
    კნუტი რომ დახტის კუდის ირგვლივ, დაუდეგარი.
    ჭკუის პატარა სიტალკვესე საკმარისია
    მომლხენი გერქვას, მხოლოდ იშტა გჭირდება დიდი.
    თუ თავიც არ გვტეხს და პურ-ღვინოც არის ნისიად,
    ჭირს იქით ყველა საზრუნავი! ცხოვრება მიდის!

    ბრანდერი

    უცხო სულები! მგზავრები შორი!
    გზიდან მოსულნი წუთისა ორის!
    კითხვაც არ უნდა! ცხადზე ცხადია!
    უკვირთ, სად ვართო! ზედ ახატიათ!

    ფროში

    ეს გაუმარჯოს ჩვენს ლაიპციგს, პატარა პარიზს!
    სხვა პეწის არის ჩვენი კაცი, სხვა მოდგმის არის!

    ზიბელი

    ვინ უნდა იყვნენ?

    ფროში

    რას დაითვლი მომსვლელს და წამსვლელს!
    ჭიქა მომეცი, მივაწოდებ, გამოვჩხრეკ წამსვე.
    აზნაურები იქნებიან, თუ ჩემი გჯერა:
    ამპარტავნული მიხრა-მოხრა, ამრეზით მზერა.

    ბრანდერი

    ბაზრის ხალხია, ნაძლევს დავდებ.

    ალტმაიერი

    ვერ გეტყვი ვერას.

    ფროში

    ნახეთ, რა ვუყო! მიყვარს კეხზე ბილანთა შესმა.

    მეფისტოფელი

    (ფაუსტს)

    აბა, თუ ვინმემ სუნი იკრას, ვერ გრძნობენ ეშმას!
    ერთი სული აქვთ, მიეტანონ გამოსახრავად.

    ფაუსტი

    ჩვენი სალამი, ბატონებო!

    ზიბელი

    სტუმრებს ვახლავართ!
    (თვალს ცერად გაადევნებს მეფისტოფელს.)
    ჰგავს, მიუფეხვავთ, ცალი ფეხით კოჭლობს ყმაწვილი!

    მეფისტოფელი

    ნება გვიბოძეთ, დავიკავოთ სუფრის ნაწილი.
    ცოტა რომ ღვინოც გივარგოდეთ, მდარე ღვინო გაქვთ,
    რა აჯობებდა თქვენთან ერთად სმას და ლხინობას!

    ალტმაიერი

    გეტყობათ, ბედი განებივრებთ, მოგყვებათ თანხა.

    ფროში

    რიპახის მხრიდან გადმოხვედით? ნამგზავრნი ჩანხართ.
    ის კაი კაციც შეგხვდებოდათ, ჰანს რიპახელი.

    მეფისტოფელი

    ჩვენით მოვძებნეთ, ყურში გვედგა მისი სახელი.
    სწორი ბრძანდებით, რეგვენია ყოვლად ალალი.
    ძმებად გახსენათ, პირზე კოცნით გიძღვნათ სალამი.
    (თავს მდაბლად ხრის ფროშის წინაშე.)

    ალტმაიერი
    ( ხმადაბლა)

    მოგსხიპა? სეირს განახებთო, აქ ვიღაც ხურდა!

    ზიბელი

    შენ რომ გეგონა, სულ სხვა ჩიტია,
    გაჭრა და აქეთ შემოგვიტია.

    ფროში

    ჯერ ცოტა ხანი დამაცადეთ, ვაახლებ ხურდას!

    მეფისტოფელი

    ეს თქვენ მღეროდით? რა ხმა იყო, რა ჰარმონია!
    თან ამ თაღებქვეშ აკუსტიკაც რიგზე გქონიათ.

    ფროში

    მუსიკოსი ხართ? ვირტუოზი ხომ არ ბრძანდებით?

    მეფისტოფელი

    ჩემთვის ვცოდვილობ, არ მომეცა ნიჭი ამდენი.

    ალტმაიერი

    იქნებ გვიმღეროთ!

    მეფისტოფელი

    როგორც მეტყვით.

    ზიბელი

    ხელდახელ ბარემ!
    ოღონდ ცინცხალი! არაფერი ძველი და მდორე!

    მეფისტოფელი

    კი, სულ ახლახან ესპანეთი დავლაშქრეთ სწორედ,
    ნაკურთხი მიწა, ღვინისა და სიმღერის მხარე.
    (მღერის)
    მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
    გამოზრდილი სათუთად…

    ფროში

    ჩახვდით, რა რწყილიც? მაღალზე გადის!
    ზუსტად ერგება სამეფო ქათიბს!

    მეფისტოფელი

    მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
    გამოზრდილი სათუთად,
    სულის ბერვით ინახავდა,
    შვილს ერჩია საკუთარს.
    მკერავს უხმო: აბა, ჩქარა,
    ჭრა და კერვა მალ-მალი,
    აბრეშუმი შური-შარა,
    მძიმე დიბის შარვალი!

    ბრანდერი

    გაფრთხილდი, თერძო, ემაგ შარვალს თან გადაჰყვები,
    არ შენაოჭდეს რწყილის წელზე ერთი ნახვევიც!

    მეფისტოფელი

    გადიდკაცდა ჩვენი რწყილი,
    დიდი პოსტი რგებია,
    სტავრით არის შემოსილი,
    ბაფთები და ჯვრები აქვს.
    თავს ამაყად აზეზავებს,
    მკერდზე ვარსკვლავს ატარებს,
    შორით იკრებს ნათესავებს,
    რწყილებს პატარ-პატარებს.
    დადის ხალხი ტანის ფხანით,
    წითელ-წითელ ხალებით,
    ფხანად იქცა დედოფალი
    თავის სეფექალებით.
    შიშით საცვალს ვერვინ ხილავს
    წახდენიათ გუნება.
    ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
    ერთი გატკაცუნება!

    (გუნდი, აღტაცებით)

    ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
    ერთი გატკაცუნება!

    ფროში

    ბრავო! კარგია! არ უნდოდეს, შუბლს გახსნის კაცი!

    ზიბელი

    ჩვენს ტილ-რწყილებსაც არ აწყენდათ ეგეთი ტკაცი!

    ბრანდერი

    ფრჩხილქვეშ და მუსრი! მთელი მათი მოდგმით და
    ფესვით!

    ალტმაიერი

    თავისუფლებას გაუმარჯოს! გთხოვთ, ყველამ შესვით!

    მეფისტოფელი

    მაგ სადღეგრძელოს სავსე გულით ავუწევ ჭიქას,
    მაგრამ შიგ ღვინო ისეთი გვქვს, არაფერს გვიგავს.

    ზიბელი

    მოვრჩეთ! მაგაზე აღარ გვინდა! ვინც ლხინობს, ლხინობს!

    მეფისტოფელი

    ვშიშობ, მანდ პატრონს ეწყინება, თორემ ახლავე
    გაგასინჯებდით ჩემს მარნებში დაწურულ ღვინოს.

    ზიბელი

    თუ გაქვთ, ჩამოდგით! აქ ამაზე არ დაგვძრახავენ.

    ფროში

    უნდა გამოვტყდე, მე, ბატონო, ზნე მაქვს ამგვარი:
    ვერ ვაჭაშნიკებ, სულ ბოლომდე თუ არ დავკარი.

    ალტმაიერი
    ( ხმადაბლა)

    მივხვდი, ვინც არის! მეღვინეა რაინის მხრიდან.

    მეფისტოფელი

    იქნებ აქ სადმე ბურღი იყოს.

    ბრანდერი

    ვიშ, ბურღიც გვინდა?
    ღვინის კასრები აქავე გაქვთ, კართ გიყუდიათ?

    ალტმაიერი

    ბურღს მანდ ვიპოვი, ხელსაწყოთა რაღაც ყუთია.

    მეფისტოფელი
    ( ართმევს ბურღს)

    ვის რა ღვინო გსურთ? მნებავს, იყოთ ჩემი სტუმრები.

    ფროში

    არჩევანიც გვაქვს? მართლა ამბობთ? არ გვეხუმრებით?

    მეფისტოფელი

    არჩევანიც და არადანიც! ნება ჩვენია!

    ალტმაიერი
    ( ფროშზე ათითებს)

    რას აჟუჟუნდა! ნახეთ, უკვე ტუჩებს ილოკავს!

    ფროში

    მე – რაინული! სხვა ყველაფერს ეგ მირჩევნია.
    სამშობლო მიყვარს, ვერ ვეწყობი უცხო კილოკავს.
    (მეფისტოფელი, იქ, სადაც ფროში ზის, მაგიდის კიდეს
    ბურღავს)
    საცობებისთვის ცვილიც გვინდა, ცოტა სანთელი.

    ალტმაიერი

    ფოკუსებია! ოინბაზთა ძველი ფანდები!
    მეფისტოფელი, ახლა სხვა ადგილს ბურღავს და
    სანთლის საცობს არგებს
    თქვენ რა მოგართვათ?

    ბრანდერი

    ქაფიანი! შუშხუნა შხეფით!
    შამპანს ვეწვევი, უცხო ქვეყნის მომნატრდა გზები!
    როგორც ნამდვილი გერმანელი, ვერ ვიტან ფრანგებს,
    ვერც რამე ფრანგულს, მაგრამ ღვინო სხვა საკითხია!

    ზიბელი

    მომკლა ამ მჟავემ! მხოლოდ ტკბილი! ეგ უკეთ მარგებს.
    შევყვები ჩემთვის, აი დარდი, რასაც იტყვიან!

    მეფისტოფელი

    თუ ნებას მომცემთ, შეგირჩევთ თავად.
    ტოკაიური, მე მგონი, წავა.

    ალტმაიერი

    მომხედე, ვინც ხარ! აქ ეგენი არ გასაღდება!
    რაღაცას ხლართავ! გნებავს ჩვენი მასხრად აგდება?

    მეფისტოფელი

    რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! მაგის კაცი ვარ?
    თან საღ-სალამათს ვის შერჩება თქვენი დაცინვა!
    ჯობს, ეგ მიბრძანოთ, რას მიირთმევდით?
    რომელი გნებავთ? თეთრი? წითელი?

    ალტმაიერი

    ახლა მაგაზე მალაპარაკე!
    იყოს რაც გინდა, ოღონდ ჩქარა ქენ!
    მეფისტოფელი, უცნაური მოძრაობით
    ვაზის რქა და რქანი თხისა,
    ვაზი ხეზე, ტაბლა ხისა.
    თვალის ჩინო, არა ჩინდე,
    ხმელი ხიდან, ღვინოვ, დინდე!
    სასწაულო, უცხო რამ ხარ,
    ის გიხილავს, ვისაც სწამხარ.
    ახლა კი გახსენით!
    შეუდგით თასები!

    (ყველანი, მას შემდეგ, რაც საცობები ამოიღეს და ჭიქები
    აივსეს)

    იფ, მირონია! მკვდარიც იყო, აღდგები მკვდრეთით!

    მეფისტოფელი

    ოღონდ გაფრთხილდით, არ დაგექცეთ არც ერთი წვეთი!

    (ყველანი, მღერიან)

    ვნეტარებთ მთელი ზედახორით,
    როგორც ხუთასი დედაღორი!

    მეფისტოფელი

    რას ხალისობენ!

    ფაუსტი

    გავეცალოთ!

    მეფისტოფელი

    ნუ ჩქარობ, დაცხრი!
    თვალი ადევნე გაშიშვლებულ ცხოველურ საწყისს.

    ზიბელი
    ( ერთი წვეთი ძირს ჩამოექცევა და აალდება)

    მიშველეთ, ცეცხლი! ჯოჯოხეთის ამოსკდა ალი!

    მეფისტოფელი

    დექ, მშობლიურო სტიქიონო, შეწყვიტე დრტვინვა!
    ჯერ გარესკნელის შხეფებია, მსგავსება მკრთალი.

    ზიბელი

    ძვირად დაგისვამთ! შენ, ეტყობა, არ იცი, ვინ ვართ!

    ფროში

    ახია ჩვენზე! არა, ნახე, რა გააკეთა?

    ალტმაიერი

    სანამ მრთელი ხარ, აიხვეტე! მოსხლტი აქედან!

    ზიბელი

    წესიერ სიტყვას გეუბნება, გზა ნახე, გვეხსენ!
    ეგ შენი ჰოკუს-ფოკუსები მოსინჯე სხვებზე.

    მეფისტოფელი

    ჩუმად, ბებერო ღვინის რუმბო!

    ზიბელი

    შე ცოცხის ტარო!

    არა, ამ თავხედს დამიხედე, თვითონვე ცხარობს!

    ფროში

    გონზე მოგიყვანთ! მოგითვლით მაგრებს!
    ისე მოგაქცევთ, ვეღარვინ აგკრეფს!

    ბრანდერი

    ( საცობს აძრობს და უეცრად ცეცხლი შიგ
    სახეში შეეფრქვევა)

    ვიწვი!

    ზიბელი

    გრძნება და ჯადო-მადო! გვეთამაშება!
    ფუშეთ, ბიჭებო, არ იქნება მაგის გაშვება!

    (დანებს დააძრობენ და მეფისტოფელზე მიიწევენ.)

    მეფისტოფელი

    უმზო-მზერით, უსმო-სმენით,
    უსვლელითა სვლითა თქვენით
    სად არა ხართ, იქ იყვენით!

    (ყველანი გაოცებული დგანან და ერთმანეთს შესცქერიან.)

    ალტმაიერი

    რა ადგილია, სად მოვსულვართ?

    ფროში

    დიდი ზვრებია!

    ზიბელი

    სავსე მტევნები მზით გავსილან, ხელთ გვეწვდებიან!

    ბრანდერი

    ფანჩატურებად გაფოთლილა ვაზთა გრეხილი!
    ვკრიფოთ მტევნები, მძიმე-მძიმედ ჩამოზნექილი!

    (ზიბელის ცხვირს წასწვდება. ყველანი ერთმანეთის
    ცხვირებს წაეტანებიან და დანებს შემართავენ.)

    მეფისტოფელი

    განიხიბლენით! თვალთა ცთომავ, განვედ თვალთაგან!
    ეშმაკი მხოლოდ გაგეხუმრათ, ხილვა დამთავრდა!

    (გადის ფაუსტთან ერთად.)

    ზიბელი

    რა იყო? არა, ეს რა იყო?

    ალტმაიერი

    ვერც მითქვამს ენით!

    ფროში

    ხელთ შენი ცხვირი მიბღუჯია?

    ბრანდერი

    მე კიდევ – შენი?

    ალტმაიერი

    კეფაში დამკრა! დავბანცალებ ხელის ცეცებით…
    ვიღაცამ სკამი მომაშველეთ, ჩავიკეცები!

    ფროში

    რა მოხდა? არა, ამიხსენით, ხალხი არა ხართ?

    ზიბელი

    მიწაში ჩავდებ! სად წავიდა? ცოცხლად დავმარხავ!

    ალტმაიერი

    თორემ ერთბაშად არ იპოვო! გაქრა ჩვენება!
    კასრზე ამხედრდა, დაოთხებულს მიაჭენებდა.
    ფეხს ვეღარ ვადგამ, გეგონება, ლოდები მბმოდეს!

    (თვალი მაგიდისკენ გაექცევა.)

    გემუდარებით, იქ ის ღვინო ჯერ ისევ მოდენს?

    ზიბელი

    ხიბლი იყო და თვალს ნაცარი! მოდენს კი არა…

    ფროში

    მაშ, რას ვყლურწავდი, რაზე გემომ არ გამიარა?

    ბრანდერი

    მშვიდობით, ზვრებო! ზმანებანო ფერად-ფერადო!

    ალტმაიერი

    კიდევ იტყვიან, სასწაულის ნუღარ გჯერათო!

    © ”ჩვენი მწერლობა”