• პოეზია

    რეზო ესაძე

    ***

    ფიქრო, ფიქრო უნაპიროვ,
    ფიქრო უსახელო.
    მე შენ როგორ დაგიტირო
    გულზე დასაყრელო.
    წავიდნენ და მიმატოვეს
    გაჰყვნენ ნისლის ფიქრებს.
    წლები უხმობს სიმარტოვეს,
    ამბობს „დროა, იქნებ?!“
    არ გინდივართ? რა ვქნა, წავალ
    უკაცური შარით.
    გაგეცლები, სადაცაა
    ფიქრის გასაყარი.
    სადაც ღრუბლებს შადრევნებად
    ცვივა ოქროს ფერი.
    სად წარსულზე ცრემლით ყვება
    სველი ლერწმის ღერი.
    აჰა, უკვე დროც მოვიდა,
    დე, აღსრულდეს ბარემ.
    მტკივა, გარჯით და ვერც ჭკუით
    ვეღარ დაგეხმარე.
    ახლა თითონ გავხდი შენი
    ტკივილი და ჯავრი,
    როს მენგრევა თავზე ჭერი
    და მწვავს ცეცხლის ალი.
    რით გიშველო, რა ვიფიქრო,
    ფიქრო, გასამხელო,..
    მე შენ როგორ დაგიტირო
    გულზე დასაყრელო.

    სანთელთან ვიყოფ შენზე საფიქრალს

    მარტო ყოფნის მარახოშით ნაყრდება სული.
    სევდა შენთან კვლავ სიახლოვის
    საიმედოდ ავსებს ტიპიკონს.
    დაცემული მუხლებზე ხატთან
    სანთელთან ვიყოფ შენზე საფიქრალს.


    ც-ს

    ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ
    სულის მოთქმავ და სიკეთევ ჩემო
    თუმც ჭარმაგი ვარ, მაგრამ მე უკვე
    ლამის სიბერე რომ დავიჩემო.
    გასაკვირველი ყოფილა ციხე
    ამა სოფლისა ბაღი და ყანა.
    როს დავფიქრდები, უკან დავიხევ
    კითხვით, როგორ და რამ მომიყვანა?
    როგორი იყო. როგორ გავიდა
    ის, ყველაფერი რაც უკან იყო
    აღტაცებებით, თუ წელკავითა
    რაც ღმერთმა მომცა და თან გამიყო
    შენთან, ძვირფასო, შენს კეთილ სულთან
    ჩემზე რომ მუდამ ასე ზრუნავდა.
    აწ რა უნდა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა
    გამკითხველს ყველა კარგთა და ავთა
    როცა მარგუნა მან მე ეს ჯილდო
    და შენი თავით დამასაჩუქრა.
    თანაც ეს მაშინ, თანაც ეს იმ დროს
    როცა სანთელი ლამის ჩამიქრა –
    შენ მეინახეს;
    ან სად მონახე –
    მე თავგასული და აკეცილი.
    მეტის ქროლვიდან შეშლილი სახე
    გადამთიელი. ღმერთის მეცილე.
    სად მიდიოდი. ეძებდი ტანჯვას?
    ბილიკის გასწვრივ ქროდნენ იები
    და მიეტანე იმ ერთადერთ ჯვარს
    დაუჩოქე და თითონ მიები
    ვით ბედისწერას, რომელსაც კარგო
    აწ რომც გაექცე, ვერსად წაუხვალ.
    ახლა რა ვუთხრა, მივუსადაგო
    შენს დაღლილ სხეულს და
    ნაღვლიან თვალს,
    რომ მზე დაადგეს სულის ალაზანს
    და სიხარულის აფეთქდეს ნაღმი
    ჩემო ცოლო და ჩემო აღაზა
    უკვე გავსულვართ უფონოდ გაღმით,..
    და მეშინია. ირგვლივ მთებია,
    მომკიდე ხელი, არ დამეკარგო
    ჩვენ გვეძახიან? ეს რა ხმებია,
    თურმე ქორწილი გვქონია კარგო
    აჰა, მოდიან, ისმის მაყრული
    და თასი ღვინით მოაქვს თამადას
    მაგრამ ვაი რომ ნაკერი გულით
    ვარ და მოდიან სანახავადა.
    კვლავ აირია ცაზე ღრუბელი,
    მოიქუფრა და წვიმას აპირებს.
    ისევ დამძიმდა ჩვენი უღელი
    და ვერ ვასრულებ მე შენაპირებს.
    ამტყდარა ჩხუბი. აშლილა კერა,
    მისძალებიან ერთურთს მუშტებით
    და როგორც ციდან მოხსნილი ძერა,
    ანაც დამსკდარი ცაში ბუშტები
    დაკოდილია ყველა ოცნება,
    ყველა იმედი და ფანტაზია.
    რადგან ვიღაცამ ასე ინება
    მოსულა, კარი ჩაურაზია –
    მომავლისათვის. ასე, ამჯერად
    მაყრები არა, თურმე ჯარია…
    და შიშით, სისხლი თუ დაიღვარა
    და ძმამ ძმის სისხლი ისევ დალია,..
    და თუ კვლავ მოსკდა ტანჯვის ლანქერი,
    „რა ვქენით?“ კითხვამ თუ გაიხარა,..
    თუ ისევ მნახავ შენს წინ დარცხვენილს
    და გადათელილს მე ჰაიჰარად –
    კარებს ვარდებით ნუღარ შემოსავ
    და სუფრას ნუღარ გაუშლი კაცებს.
    ნუ გაუღიმებ გარეშeმოსა
    მეც სითამამეს ნუღარ დამაკლებ;
    მაგრამ შემინდე გარჯა და დაღლა,
    შენი ალერსი და ცისარტყელა.
    შენი ღიმილის ყველა ნაკვესი
    და ოცნებების მთები ამხელა,..
    ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ
    ჩემო წარსულო, სიცხადევ ჩემო.
    ხანდაზმულობას ჩემსას შეუნდე
    ტახტზე ვაგდივარ ნაცემ-ნაგვემი…
    კარს ნუ დაკეტავ, რა ხმაურია, –
    ერთს გავვარდები და მხარს შევუქცევ…
    ახლა სიკვდილი საამურია
    თუნდაც ნადირის საჯიჯგნად ვიქცე.

    ოდესღაც უცნობ ქალს, რომელსაც
    ვეარშიყებოდი დიდი ხნის წინათ

    დადექით ზურგით. ნუ შემხედავთ. მე ახალგაზრდა
    ვიყავი გუშინ,..
    თქვენს უკან ახლა ბერიკაცი დგას,..
    გახსოვართ სულ სხვა?
    თვალების ელვას იმ წლებისას ძლივს გადაურჩით?
    ძვირფასო, მადლობა უთხარით უფალს
    რომ არ წამოდით თქვენ ჩემი ქუჩით…

    ფიქრის ჩაძინება

    ჩემი სხეულის ყრუ სიბნელეში ვიკარგები და იმას
    იქით ღრმა უფსკრულია. აზრი ექოთ ბრუნდება უკან.
    ხვალინდელი დღის ტკივილზე იძინებს ფიქრი.


    ***

    იცლება თასი.
    ნაღველს ჩემსას
    არა აქვს ბოლო.
    ეს სიდიადე
    წამია მხოლოდ
    მამშვიდებს
    ჭუჭყში გასვრილს.
    მიკვდება გული,
    ჩაქრა ცეცხლი.
    სადღაც, მიღმა
    შორი გზები
    სერავენ ველებს.
    როგორც ქვას ხავსი
    შეპარვია სიბერე ხელებს.
    შეფრქვევია თმას ვერცხლი და
    კვლავაც მათოვს ის.

    © “ჩვენი მწერლობა”

  • პოეზია

    რეზო ესაძე

    ***

    ფიქრო, ფიქრო უნაპიროვ,
    ფიქრო უსახელო.
    მე შენ როგორ დაგიტირო
    გულზე დასაყრელო.
    წავიდნენ და მიმატოვეს
    გაჰყვნენ ნისლის ფიქრებს.
    წლები უხმობს სიმარტოვეს,
    ამბობს „დროა, იქნებ?!“
    არ გინდივართ? რა ვქნა, წავალ
    უკაცური შარით.
    გაგეცლები, სადაცაა
    ფიქრის გასაყარი.
    სადაც ღრუბლებს შადრევნებად
    ცვივა ოქროს ფერი.
    სად წარსულზე ცრემლით ყვება
    სველი ლერწმის ღერი.
    აჰა, უკვე დროც მოვიდა,
    დე, აღსრულდეს ბარემ.
    მტკივა, გარჯით და ვერც ჭკუით
    ვეღარ დაგეხმარე.
    ახლა თითონ გავხდი შენი
    ტკივილი და ჯავრი,
    როს მენგრევა თავზე ჭერი
    და მწვავს ცეცხლის ალი.
    რით გიშველო, რა ვიფიქრო,
    ფიქრო, გასამხელო,..
    მე შენ როგორ დაგიტირო
    გულზე დასაყრელო.

    სანთელთან ვიყოფ შენზე საფიქრალს

    მარტო ყოფნის მარახოშით ნაყრდება სული.
    სევდა შენთან კვლავ სიახლოვის
    საიმედოდ ავსებს ტიპიკონს.
    დაცემული მუხლებზე ხატთან
    სანთელთან ვიყოფ შენზე საფიქრალს.

    ც-ს

    ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ
    სულის მოთქმავ და სიკეთევ ჩემო
    თუმც ჭარმაგი ვარ, მაგრამ მე უკვე
    ლამის სიბერე რომ დავიჩემო.
    გასაკვირველი ყოფილა ციხე
    ამა სოფლისა ბაღი და ყანა.
    როს დავფიქრდები, უკან დავიხევ
    კითხვით, როგორ და რამ მომიყვანა?
    როგორი იყო. როგორ გავიდა
    ის, ყველაფერი რაც უკან იყო
    აღტაცებებით, თუ წელკავითა
    რაც ღმერთმა მომცა და თან გამიყო
    შენთან, ძვირფასო, შენს კეთილ სულთან
    ჩემზე რომ მუდამ ასე ზრუნავდა.
    აწ რა უნდა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა
    გამკითხველს ყველა კარგთა და ავთა
    როცა მარგუნა მან მე ეს ჯილდო
    და შენი თავით დამასაჩუქრა.
    თანაც ეს მაშინ, თანაც ეს იმ დროს
    როცა სანთელი ლამის ჩამიქრა –
    შენ მეინახეს;
    ან სად მონახე –
    მე თავგასული და აკეცილი.
    მეტის ქროლვიდან შეშლილი სახე
    გადამთიელი. ღმერთის მეცილე.
    სად მიდიოდი. ეძებდი ტანჯვას?
    ბილიკის გასწვრივ ქროდნენ იები
    და მიეტანე იმ ერთადერთ ჯვარს
    დაუჩოქე და თითონ მიები
    ვით ბედისწერას, რომელსაც კარგო
    აწ რომც გაექცე, ვერსად წაუხვალ.
    ახლა რა ვუთხრა, მივუსადაგო
    შენს დაღლილ სხეულს და
    ნაღვლიან თვალს,
    რომ მზე დაადგეს სულის ალაზანს
    და სიხარულის აფეთქდეს ნაღმი
    ჩემო ცოლო და ჩემო აღაზა
    უკვე გავსულვართ უფონოდ გაღმით,..
    და მეშინია. ირგვლივ მთებია,
    მომკიდე ხელი, არ დამეკარგო
    ჩვენ გვეძახიან? ეს რა ხმებია,
    თურმე ქორწილი გვქონია კარგო
    აჰა, მოდიან, ისმის მაყრული
    და თასი ღვინით მოაქვს თამადას
    მაგრამ ვაი რომ ნაკერი გულით
    ვარ და მოდიან სანახავადა.
    კვლავ აირია ცაზე ღრუბელი,
    მოიქუფრა და წვიმას აპირებს.
    ისევ დამძიმდა ჩვენი უღელი
    და ვერ ვასრულებ მე შენაპირებს.
    ამტყდარა ჩხუბი. აშლილა კერა,
    მისძალებიან ერთურთს მუშტებით
    და როგორც ციდან მოხსნილი ძერა,
    ანაც დამსკდარი ცაში ბუშტები
    დაკოდილია ყველა ოცნება,
    ყველა იმედი და ფანტაზია.
    რადგან ვიღაცამ ასე ინება
    მოსულა, კარი ჩაურაზია –
    მომავლისათვის. ასე, ამჯერად
    მაყრები არა, თურმე ჯარია…
    და შიშით, სისხლი თუ დაიღვარა
    და ძმამ ძმის სისხლი ისევ დალია,..
    და თუ კვლავ მოსკდა ტანჯვის ლანქერი,
    „რა ვქენით?“ კითხვამ თუ გაიხარა,..
    თუ ისევ მნახავ შენს წინ დარცხვენილს
    და გადათელილს მე ჰაიჰარად –
    კარებს ვარდებით ნუღარ შემოსავ
    და სუფრას ნუღარ გაუშლი კაცებს.
    ნუ გაუღიმებ გარეშeმოსა
    მეც სითამამეს ნუღარ დამაკლებ;
    მაგრამ შემინდე გარჯა და დაღლა,
    შენი ალერსი და ცისარტყელა.
    შენი ღიმილის ყველა ნაკვესი
    და ოცნებების მთები ამხელა,..
    ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ
    ჩემო წარსულო, სიცხადევ ჩემო.
    ხანდაზმულობას ჩემსას შეუნდე
    ტახტზე ვაგდივარ ნაცემ-ნაგვემი…
    კარს ნუ დაკეტავ, რა ხმაურია, –
    ერთს გავვარდები და მხარს შევუქცევ…
    ახლა სიკვდილი საამურია
    თუნდაც ნადირის საჯიჯგნად ვიქცე.

    ოდესღაც უცნობ ქალს, რომელსაც
    ვეარშიყებოდი დიდი ხნის წინათ

    დადექით ზურგით. ნუ შემხედავთ. მე ახალგაზრდა
    ვიყავი გუშინ,..
    თქვენს უკან ახლა ბერიკაცი დგას,..
    გახსოვართ სულ სხვა?
    თვალების ელვას იმ წლებისას ძლივს გადაურჩით?
    ძვირფასო, მადლობა უთხარით უფალს
    რომ არ წამოდით თქვენ ჩემი ქუჩით…

    ფიქრის ჩაძინება

    ჩემი სხეულის ყრუ სიბნელეში ვიკარგები და იმას
    იქით ღრმა უფსკრულია. აზრი ექოთ ბრუნდება უკან.
    ხვალინდელი დღის ტკივილზე იძინებს ფიქრი.

    ***

    იცლება თასი.
    ნაღველს ჩემსას
    არა აქვს ბოლო.
    ეს სიდიადე
    წამია მხოლოდ
    მამშვიდებს
    ჭუჭყში გასვრილს.
    მიკვდება გული,
    ჩაქრა ცეცხლი.
    სადღაც, მიღმა
    შორი გზები
    სერავენ ველებს.
    როგორც ქვას ხავსი
    შეპარვია სიბერე ხელებს.
    შეფრქვევია თმას ვერცხლი და
    კვლავაც მათოვს ის.


    © “ჩვენი მწერლობა”

  • ლექცია

    ჯონ სტაინბეკი


    სიტყვა, წარმოთქმული ნობელის პრემიის მიღებისას 1962 წლის 10 დეკემბერს

    ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ამაღლობელმა

    მადლობა შვედეთის აკადემიას, ჩემი შრომა ამ უმაღლესი ჯილდოს ღირსად რომ სცნო. გულის სიღრმეში ვეჭვობ, ნობელის პრემიას იმ მწერლებზე მეტად ვიმსახურებდე, რომელთა მიმართაც პატივისცემითა და მოწიწებითა ვარ განსმჭვალული – თუმც, უდავოა, მე რომ მერგო, მიხარია და მეამაყება. ამ პრემიით დაჯილდოებული ჩვეულებრივ მეცნიერულ ან საკუთარ კომენტარებს გვთავაზობს ლიტერატურის არსისა და მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, ამ განსაკუთრებულ დროში იქნებ სჯობდეს, ლიტერატურის შემქმნელთა მაღალი დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ გვესაუბრა. ნობელის პრემია და ადგილი, სადაც მე ვდგავარ, ისეთი პრესტიჟულია, მაგულიანებს მადლიერი და აპოლეგეტური თაგვივით კი არ ვიწრუწუნო, არამედ ლომივით ვიბრდღვინო იმგვარი სიამაყით, რასაც ჩემი პროფესიისა და იმ ბრწყინვალე, ნიჭიერი ადამიანების გამო განვიცდი, საუკუნეთა მანძილზე ამ ასპარეზზე რომ იღვწოდნენ. ლიტერატურა არ გაუვრცელებია ფერმკრთალ და დასაჭურისებულ, ცარიელ ეკლესიებში ლიტანიების მომღერალ შარიან სამღვდელოებას – არც მონასტერში გამომწყვდეული რჩეულების, უიმედოდ სასოწარკვეთილი, ტრაბახა მათხოვარი ბერების საქმე ყოფილა. ლიტერატურა მეტყველებასავით ძველია. ის ადამიანთა მოთხოვნილებამ აღმოაცენა, რაც დღემდე არ შეცვლილა, პირიქით, უფრო საჭირო გახდა. სკალდები, ბარდები, მწერლები არ ყოფილან განცალკევებულნი და კარჩაკეტილნი. დასაბამიდანვე მათი დანიშნულება, მოვალეობები, პასუხისმგებლობანი ადამიანთა მოდგმამ დააკანონა. კაცობრიობა თავგზააბნეულია იმ პირქუში და უკაცრიელი დროის გამო, რომელშიც გამოვლა უხდება. ჩემმა დიდმა წინამორბედმა უილიამ ფოლკნერმა აქ გამოსვლისას, ამ დროებას უწოდა ყოვლისმომცველი შიშის ტრაგედია, რომელიც იმდენხანს გაგრძელდა, რომ სულიერებაც კი დაგვავიწყა. ამიტომ ადამიანს მხოლოდ თავის გულთან ჭიდილში შეეძლო ამის შესახებ დაეწერა. ფოლკნერმა კი ყველაზე მეტად უწყოდა, როგორც ადამიანის ძლიერების, ასევე მისი სისუსტის შესახებ. მან იცოდა, რომ შიშის შეცნობა და დაძლევა მწერლის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ეს არახალია. მწერლის უძველესი რწმუნებულება არ შეცვლილა. მისი ვალია ჩვენი უამრავი მტანჯველი მარცხი და შეცდომა გამოააშკარაოს, გამოსამზეურებლად ამოზიდოს ჩვენი ბნელი სიღრმეებიდან საშიში წარმოსახვანი მათი გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, მწერალი უფლებამოსილია საჯაროდ განაცხადოს და დიდებით შეამკოს ადამიანის აღიარებული უნარი – მისი გულისა და სულის სიდიადე – მარცხის ვაჟკაცურად აღიარება, სიმამაცე, სიბრალული და სიყვარული. სისუსტისა და სასოწარკვეთის წინააღმდეგ დაუსრულებელ ბრძოლაში ესენია მოცილეობისა და იმედის კაშკაშა ალმების კრებული. მიმაჩნია, რომ მწერალს, რომელსაც მგზნებარედ არ სწამს ადამიანის სრულყოფილებისა, …არც მოწოდება აქვს და არც ადგილი ლიტერატურაში. დღევანდელი ყოვლისმომცველი შიში ჩვენს ცოდნაში ახალი მოზღვავებული ტალღისა და მატერიალურ სამყაროში ერთგვარად სახიფათო მოვლენათა ბრუნვა-ტრიალის შედეგია. მართალია, ურთიერთგაგების სხვა ფაზებმა ჯერ ფეხი ვერ აუწყეს ამ უზარმაზარ ნაბიჯს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, ისინი ვერ ან არ ივლიან გვერდიგვერდო. რა თქმა უნდა, ესეც მწერლის მოვალეობის ნაწილია, რათა უზრუნველყოს მისი აღსრულება. კაცობრიობას ხანგრძლივი, საამაყო ისტორია აქვს ბუნებრივი მტრების წინააღმდეგ მტკიცედ დგომისა, ზოგჯერ თითქმის დამარცხებისა და გაქრობის წინაშეც მდგარა. ჩვენ ვიქნებით მშიშრები და უგუნურნი ბრძოლის ველი რომ უდიდესი გამარჯვების წინადღეს მივატოვოთ. გასაგებია, ალფრედ ნობელის ცხოვრებას გავეცანი; როგორც წიგნებში ამოვიკითხე, განდეგილი და მოაზროვნე ყოფილა. მან შექმნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს შემოქმედებითი სიკეთის ან დამანგრეველი ბოროტებისა, არჩევანის უქონლობის შემთხვევაში გონება და საღი აზრი რომ ვერ წარმართავს. ნობელმა დაინახა, რომ თავის გამოგონებებს სისასტიკისა და სისხლისღვრის ჩასადენად ბოროტად გამოიყენებდნენ. ეგებ წინასწარ განჭვრეტილიც კი ჰქონდა თავის გამოკვლევათა საბოლოო შედეგი – უკიდურესი ძალმომრეობისა და საბოლოო ნგრევის მისაწვდომობა. ამბობენ, ცინიკოსიც გახდაო, მაგრამ არ მჯერა. ვფიქრობ, ის შეეცადა ზემოქმედების – უსაფრთხოების სარქველის გამოგონებას, რაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ მხოლოდ ადამიანის გონებასა და სულში ჰპოვა. მე მგონი, მისი მოსაზრება ნათლადაა გამოხატული ამ პრემიების ნომინაციაში. ისინი შემოთავაზებულია ადამიანის ცოდნისა და მისი სამყაროს მუდმივი განვითარებისათვის – ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციისათვის – რაც ლიტერატურის დანიშნულებაა და თავის მხრივ მშვიდობის შესაძლებლობის დემონსტრირებას გულისხმობს, ყველაფრის მწვერვალს რომ წარმოადგენს. ორმოცდაათ წელზე ნაკლები გავიდა მისი გარდაცვალებიდან, რაც ბუნების კარი გაიხსნა და არჩევანის საშინელი ტვირთის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ბევრი იმ ძალის უზურპირება მოვახდინეთ, რაც თავის დროზე ღმერთს მივაკუთვნეთ. შეშინებულებმა და მოუმზადებლებმა მთელი სამყაროს ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლება ვიტვირთეთ, თავზე ავიღეთ. საფრთხე, გამარჯვება და არჩევანი საბოლოოდ ადამიანზეა დამოკიდებული. მისი სრულყოფილების გამოცდა ჩვენს ხელთა. ვიტვირთეთ რა ღვთიური ძალა, ვალდებულნი ვართ საკუთარ თავში მოვიძიოთ პასუხისმგებლობა და სიბრძნე, რასაც ერთ დროს ვიღაც ღვთაებას ვევედრებოდით, გვეგონა, ის იქნებოდა მათი მფლობელი. ადამიანი გახდა ჩვენი უდიდესი საშიშროება და ერთადერთი იმედი. ასე რომ, დღეს შესაძლოა წმინდა იოანე მოციქულის პერეფრაზირება მოვახდინოთ: ბოლო არის სიტყვა და სიტყვა არის ადამიანი, და სიტყვა ადამიანთანაა.


    © “ჩვენი მწერლობა”

  • Uncategorized

    ჯონ სტაინბეკი

    ბარათი კოლაუ ნადირაძეს

    ძვირფასო მეგობარო: მე და ჩემი მეუღლე ელენი, თქვენთან სტუმრობის შემდეგ, თბილისიდან შინ რომ დავბრუნდით, იქედან მოყოლებული თქვენზე და თქვენს დიდებულ ქალაქზე ფიქრში ვატარებთ. რამდენი თბილი, სააამო და ამაღელვებელი რამ გამოგვატანეთ თან. ისინი ჩვენი მოგონებებიდან არასდროს ამოიშლება. მართალია ვიკამათეთ, განსხვავებული მოსაზრებანიც გამოვთქვით, თუმცა ყველაფერი ამით ამოიწურა და ჩვენი მეგობრობისათვის ამას ზიანი არ მიუყენებია. მჯერა, ამ აზრთასხვაობის არსმა დაგვარწმუნა, კეთილ ადამიანებს მიზნები და მისწრაფებები ყველგან ერთნაირი რომ აქვთ. ჩვენ მხოლოდ საშუალებანი წარმოგვიდგენია ოდნავ სხვაგვარად. ამიტომ, ვფიქრობ, მუდმივად უნდა ვიფხიზლოთ, რათა საშუალებებმა მიზანი არ გააბუნდოვნოს. მადლიერების ნიშნად, იმ პატივისათვის თქვენ რომ დამდეთ, გიგზავნით ერთადერთი სიტყვის ასლს, რომელიც წარმოვთქვი ან მომავალში წარმოვთქვამ. ამ თვალსაზრისით ის უნიკალურია. მე ასე მწამს. მიუხედავად ამისა, ახლა რომ მისი შესწორება შემეძლოს, ალბათ მწერლის მოვალეობებს იმას დავუმატებდი, რომ სამყაროს ოდნავ მეტი მხიარულება, ოდნავ მეტი სილაღე შესძინოს და ოდნავ მეტი სიცილით აავსოს. ამით არაფერი დაშავდებოდა. ალბათ ეს იმის დასტურიცაა, რაც ყველას გვწამს: კაცები მაშინ ხდებიან ერთმანეთის უახლოესნი, როცა ერთად იცინიან. მახსენდება თბილისში ერთად ძალიან ბევრს რომ ვიცინოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით კიდეც. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე გვესტუმრებით და გაორკეცებულ იმედს გამოვთქვამთ, დაახლოებით მაინც, ისეთივე გულუხვი სტუმარ-მასპინძლობა გაგიწიოთ, თქვენი
    ხელგაშლილობის დარი რომ იქნეს. ელენი ჩემს სურვილებს უერთდება. გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას.

    თქვენი მეგობარი,
    ჯონ სტაინბეკი
    9 მაისი, 1964წ.

    ჯონ სტაინბეკის მიერ კოლაუ ნადირაძისადმი მიწერილი წერილის დედნის ასლის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ რუსული თარგმანი შემოკლებული ვარიანტია, რაც თავისთავად დანაშაული არ გახლავთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დედნის შინაარსი დამახინჯებულია, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ თარგმანი განგებაა ფალსიფიცირებული. თავისთავად ჩნდება პირველი კითხვა: რატომ შესრულდა თარგმანი რუსულად და არა ქართულად? სამადლობელი წერილის თავი და ბოლო დედნის შესატყვისია. რაც შეეხება მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც ეს წერილი შეიცავს და რითაც ჩვენთვის წარმოადგენს ფასდაუდებელ დოკუმენტს, სწორედ ის ნაწილია დამახინჯებული. სახელდობრ: ორიგინალიდან ირკვევა, რომ სტაინბეკმა კოლაუ ნადირაძეს გამოუგზავნა სტოკჰოლმში ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვის ასლი. რუსულ თარგმანში კი ჩანს, რომ რაღაც გამოუგზავნა, მაგრამ რა – არ წერია. მის მაგივრად მრავალი წერტილია
    დასმული. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის ერთი სიტყვა ვერ ამოიკითხა და გამოტოვა, მაგრამ შემდეგ მთარგმნელი ისეთ რამეს წერს, რაც დედნის ტექსტს სრულებით არ შეესაბამება. მიჭირს ვივარაუდო, რომ ასეთი სერიოზული წერილის თარგმნა არაკომპენტენტურ სპეციალისტს მიანდეს. მაშინ საფიქრებელია, რომ სტაინბეკის სიტყვა ალბათ თავიდანვე კგბ-ს მიერ იქნა ამოღებული, რადგან ის კოლაუ ნადირაძის პირად არქივში არ ინახება. მაგრამ ბუნებრივად ჩნდება კითხვები: საერთოდ რატომ დატოვეს თარგმანში, რომ სტაინბეკმა კოლაუ ნადირაძეს რაღაც გამოუგზავნა, მაგრამ რა – მიჩქმალეს? ანდა რა სჭირდა მისაჩქმალი ათეისტური სულისკვეთებით განსმჭვალულ სიტყვას, რომელიც საბჭოური იდეოლოგიისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა? თუ ეს კგბ-ს დავალებით შესრულებული თარგმანია, როგორ მოხვდა ის პოეტის პირად არქივში და თან იქვე არსებობდა წერილის დედანი? კითხვები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხების ძიება იმდენად მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია, მთავარია, რომ განგების ძალით ეს დედანი გადარჩენილია. ამ ფაქტს იმიტომ ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას, რომ ეს წერილი არ არის შეტანილი წიგნში: “სტაინბეკი: ცხოვრება წერილებში”, რომლის ერთერთი შემდგენელი და რედაქტორი სტაინბეკის მეუღლე, ელენ სტაინბეკია. მან ამ წიგნში მხოლოდ ერთი – საქართველოს მწერალთა კავშირისადმი გამოგზავნილი წერილი დაბეჭდა. საგანგებოდ დავუკავშირდი კალიფორნიის სან ხოზეს სახელმწიფო უნივერსიტეტის, მარტა ჰისლი კოქსის სახელობის სტაინბეკის შესწავლის ცენტრს, რომელსაც მწერლის ქვრივმა, ელენ სტაინბეკმა საჩუქრად გადასცა მეუღლის მთელი არქივი, და აღმოჩნდა, რომ წერილი რომელიც ახლა ქვეყნდება, არც მათ არქივებში ინახება. დღეს კი ჩვენ შეგვიძლია სრულად გავეცნოთ სტაინბეკის მიერ ნადირაძისადმი მოწერილ წერილს, რომელიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ მადლიერი სტუმრის მიერ სტუმართმოყვარე მასპინძლისადმი გამოგზავნილ სამადლობელ ღია ბარათს. აღნიშნული წერილი აშკარა დასტურია იმისა, რომ საქართველოში მეორედ მოგზაურობამ სტაინბეკს კიდევ უფრო გაუღრმავა ამ ქვეყნისადმი ინტერესი. განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ქართველ მწერლებთან ურთიერთობით. მიუხედავად აზრთა სხვაობისა, უდავოდ კმაყოფილია, რომ მათი სახით თანამოაზრეები შეიძინა: ”მართალია ვიკამათეთ, განსხვავებული მოსაზრებანიც გამოვთქვით, თუმცა ყველაფერი ამით ამოიწურა და ჩვენი მეგობრობისათვის ამას ზიანი არ მიუყენებია. მჯერა, ამ აზრთასხვაობის არსმა დაგვარწმუნა, კეთილ ადამიანებს მიზნები და მისწრაფებები ყველგან ერთნაირი რომ აქვთ. ჩვენ მხოლოდ საშუალებანი წარმოგვიდგენია ოდნავ სხვაგვარად. ამიტომ, ვფიქრობ, მუდმივად
    უნდა ვიფხიზლოთ, რათა საშუალებებმა მიზანი არ გააბუნდოვნოს”, – წერს კოლაუ ნადირაძეს. მაგრამ ამ წერილს, ჩემი აზრით, ფასდაუდებელ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ მაშინ უკვე საყოველთაოდ აღიარებული მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ჯონ სტაინბეკი გულწრფელად აღიარებს, ქართველ მწერლებთან ურთიერთობამ მასზე ძლიერი ზეგავლენა რომ მოახდინა. ამას კი აშკარად ადასტურებს თავისი სტუმართმოყვარე თბილისელი მასპინძლისადმი მიწერილი შემდეგი სიტყვები: “მადლიერების ნიშნად, იმ პატივისათვის თქვენ რომ დამდეთ, გიგზავნით ერთადერთი სიტყვის ასლს, რომელიც წარმოვთქვი ან მომავალში წარმოვთქვამ. ამ თვალსაზრისით ის უნიკალურია. მე ასე მწამს. მიუხედავად ამისა, ახლა რომ მისი შესწორება შემეძლოს, ალბათ მწერლის მოვალეობებს იმას დავუმატებდი, სამყაროს ოდნავ მეტი მხიარულება, ოდნავ მეტი სილაღე შესძინოს და ოდნავ მეტი სიცილით აავსოს. ამით არაფერი დაშავდებოდა. ალბათ ეს იმის დასტურიცაა, რაც ყველას გვწამს: კაცები მაშინ ხდებიან ერთმანეთის უახლოესნი, როცა ერთად იცინიან. მახსენდება თბილისში ერთად ძალიან ბევრს რომ ვიცინოდით, ვცეკვავდით და ვმღეროდით კიდეც.” მართალია ირაკლი აბაშიძე თავის მოგონებაში ვერ იხსენებს გაცინებულ სტაინბეკს: “საერთოდ ეს კაცი გაცინებული არ მინახავს. არ ვიცი, თავის ქვეყანაში გაუცინია თუ არა ოდესმეო.” მაგრამ, სამაგიეროდ, მოცეკვავე სტაინბეკის შთამბეჭდავ სცენას დიდებულად აღწერს: “სტაინბეკი გოლიათივით წამოდგა. ცოლს ხელზე ემთხვია და დაიწყო ცეკვა. ცეკვავდა მთელის მონდომებით და სერიოზულობით, ნამდვილი გატაცებით, როგორც შეუძლია უცხო, არაკავკასიელმა კაცმა იცეკვოს ეს ურთულესი ცეკვა. ცეკვავდა თავისთვის და არა ჩვენთვის, მაყურებლისთვის, არც თავისი მეუღლისათვის; ცეკვავდა გამართული, ხაზგასმულად თავაწეული, ამაყად, თავისუფლად. მხოლოდ მემუსიკეებს თუ ჩაჰხედავდა ხანდახან თვალებში – ხომ არაფერი მეშლებაო. მემუსიკეები კი მას შესციცინებდნენ და დიდი სიამოვნებისაგან ლოყები უსკდებოდათ. ცეკვავდა თავისთვის და ვიღაცასთვის, ვინც აქ არ იჯდა და მგონი საერთოდ ამ დედამიწაზეც არ დადიოდა. მერე დაიქანცა და დაჯდა.” ვახტანგ ჭელიძე კი იგონებს, ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა როგორ მოიყვანეს სტაინბეკი სიმღერის ეშხზე: “თვითონაც მოვიდა ეშხზე და როცა ქეიფი გახურდა, ითხოვა, მეც ვიმღერებო. ვერ ვიტყვი, კარგი სასიმღერო ხმა ჰქონოდეს, ჰანგიც მონოტონური იყო და იმ დიდებული სიმღერების შემდეგ არ შეიძლებოდა კაცს მოსწონებოდა. მაგრამ ეს ხომ სტაინბეკი იყო, სტაინბეკი მღეროდა!” აშკარაა რომ ქართულმა სუფრამ, ხალხურმა ცეკვამ და სიმღერამ და, რაც მთავარია, გულღია და მხიარულმა თანამოაზრე მწერლებმა განუმეორებელი ზემოქმედება მოახდინეს ამერიკელ შემოქმედზე. ეს ზემოქმედება იმდენად დიდი იყო, რომ ქართველ მწერლებთან შეხვედრამდე, დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ, ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმული სიტყვის გადაკეთების სურვილიც კი გაუჩნდა, სიტყვისა, რომელშიც მან თავისი მრწამსი ჩამოაყალიბა მწერლობისა და მწერლის დანიშნულების შესახებ.



    ვახტანგ ამაღლობელი


    © “ჩვენი მწერლობა”

  • პოლემიკა

    სიმონ ჯანაშია

    კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე – იდიოტიზმის ანატომია

    ზოგადი განათლების სისტემის ექს-‘რეფორმატორებს’

    მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსისა და პათოსის წერილების საპასუხო წერილების წერისთვის იშვიათად ვიცლი ხოლმე, მნიშვნელოვნად ჩავთვალე მეპასუხა, რათა მკითხველს ჰქონდეს საშუალება, კრიტიკულად შეხედოს საქმის ვითარებას და ავტორთა ამბიციას, განათლებისა და კულტურის ფლაგმანებად წარმოგვიდგინონ თავი. მადლობას ვუხდი გაზეთ “24 საათის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ გაზეთ “რეზონანსში” ერთხელ უკვე დაბეჭდილ პასუხის წაკითხვის შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას თავისი გაზეთის საშუალებით აძლევს.

    22 ივლისი, 2008

    სიმონ ჯანაშია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი



    ეპიზოდი

    სანამ აქ მუშაობას დავიწყებდი, განათლების სამინისტროში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პირველად ეს 1989 წელს იყო, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ხოლო ბოლოს სტუმრის სტატუსით 2003-ში. ყველა ჩემი ვიზიტი წარუშლელი შთაბეჭდილებით მთავრდებოდა და ამიტომ ზედმიწევნით მახსოვს მრავალი დეტალი, მაგრამ ამ სტატიის მიზნებისთვის მხოლოდ ორი შემთხვევაა საინტერესო. პროფესიული თვალსაზრისით, განათლების სამინისტროსთან შეხება პირველად 2000 წელს მომიწია. ბატონი გივი ზალდასტანის თაოსნობით, ახალი სკოლის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობდა. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა საქართველოში – ამერიკული აკადემია თბილისში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვემზადებოდი იმისთვის, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში განათლების სპეციალობით მაგისტრატურის კურსი დამემთავრებინა. სწავლის პერიოდში საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და დასავლეთში მიღებული სწავლების მეთოდების სინთეზის საფუძველზე ახალი სკოლისთვის სასწავლო გეგმა უნდა შემემუშავებინა. დაგეგმილი მქონდა, რომ საქართველოდან წამეღო სასწავლო გეგმა, რომელსაც ჩვენს სკოლებში იყენებდნენ და ამ მოთხოვნაზე დაყრდნობით შემემუშავებინა საგაკვეთილო გეგმები, მომეგროვებინა თვალსაჩინოებები, დამეწერა ტესტები, მომეფიქრებინა საექსკურსიო თემები და სხვ.
    სასწავლო გეგმის საშოვნელად მივედი განათლების სამინისტროში. მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ერთ დიდ, ბნელ და გაურემონტებელ ოთახში წრეზე განლაგებულ მაგიდებთან მსხდომი ათამდე ქურთუკმოსხმული ადამიანის რეაქციამ ჩემს მორიდებულ კითხვაზე – “ხომ არ გაქვთ სასწავლო გეგმა, რომლითაც სკოლებში ისწავლება?”. ათივე ძალიან დაიბნა, ერთმანეთს გადახედა და შეეცადა იგნორირება გაეკეთებინა ჩემი კითხვისთვის. ზოგიერთმა უცებ ძველი ჟურნალი გადაშალა, ზოგი ფანჯარასთან მივიდა. ერთერთმა, რომელსაც თავისი უხერხულობა თანამდებობამ დააძლევინა მოკლედ, მაგრამ მეგობრულად მომიჭრა: “იცით ჩვენ ერთი ეგზემპლარი გვქონდა, სკოლებში გავაგზავნეთ და რომ დაგვიბრუნდება აუცილებლად მოგცემთ. გამოგვიარეთ მოგვიანებით”. სხვებმაც მეგობრულად თავი დამიქნიეს. თანამდებობა რომ ჰქონდა, მას მხოლოდ მდიდრულ ტყავის ქურთუკზე ეტყობოდა, თორემ ოთახში იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხელმძღვანელის სტატუსის სიმბოლოები: გამორთული კომპიუტერი და ტყავის სკამიც კი არ იდგა. იმ წუთას ვერ გავაცნობიერე, მაგრამ მოგვიანებით, უკვე პედაგოგიკის ინსტიტუტში შევიტყვე, რომ დამტკიცებული სასწავლო გეგმა, რომლითაც იქნებოდა განსაზღვრული საქართველოში რა, როდის, როგორ და რატომ ისწავლება, უბრალოდ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ საგნების ჩამონათვალი, საათების მითითებით.
    ნახევარი წლის შემდეგ, უკვე სწავლისას, გავიგე, რომ საქართველოში განათლების რეფორმა იწყებოდა. საუბარი იყო, როგორც სისტემის მართვის ძირეულ გაჯანსაღებაზე, ისე განათლების შინაარსისა და სწავლების მეთოდების გათანამედროვეობაზე. მესმოდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მსოფლიო ბანკისგან სამოც მილიონიან კრედიტს იღებდა, ახალი სწავლების პრინციპების დასანერგად მოწვეული ჰყავდა საქართველოში არსებული ინტელექტუალური ელიტა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსულტანტები ეხმარებოდნენ ქართველებს მართვის ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და სხვა. მიხაროდა და იმედი მქონდა, რომ მსგავს პასუხს, რაც მანამდე მივიღე არავინ აღარასოდეს მიიღებდა. გამიხარდა ისიც, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ (2002-2003 წ.), მიმიწვიეს ექსპერტად მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოების შესაფასებლად. პროფესიონალურად იყო შედგენილი კითხვარები, რომლითაც ხდებოდა შეფასება. ჩაგვიტარეს სემინარი სახელმძღვანელოების დიზაინისა და შინაარსის ორგანიზების შესახებ. ექსპერტების ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად ვაფასებდით სახელმძღვანელოებს. შემდეგ ქულები შეიკრიბა და აღმოჩნდა, რომ ცხრა წიგნიდან რვამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო. ამ პროცესისას ისევ მომიწია განათლების სამინისტროში მისვლა. აქ უკვე არსებობდა რეფორმის ჯგუფი, რომელიც დამხვდა გარემონტებული, დასავლური ტიპის “ოფისში”. თანამედროვე მეტყველებისა და გამომეტყველების ადამიანები, კომპიუტერები, ახალი ავეჯი – ყველაფერი იმედის მომცემად გამოიყურებოდა. ერთ ოთახში თითქოს უკვე აღარ იჯდა ათი ადამიანი.
    2004 წელს, უკვე მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოში ხელისუფლებაც და ქვეყნის განვითარების კურსი შეიცვალა, განათლების რეფორმის პროექტის სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების ჯგუფში დავიწყე მუშაობა. მუშაობის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები იმის შესახებ, რომ საქართველოში 2000-2004 წლებში განათლების რეფორმა მიმდინარეობდა, მხოლოდ ილუზია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთ ოთახში ათი ადამიანი კი არა, უკვე 40 მუშაობდა. უბრალოდ, მათ არ მოეთხოვებოდათ სამსახურში სიარული. ასევე აღმოჩნდა, რომ რეფორმის ჯგუფს კი ჰქონდა რამდენიმე კომპიუტერი, მაგრამ, მაგალითად, განათლების სამინისტროს 400 თანამშრომელს მხოლოდ 20 თანამედროვე კომპიუტერი ჰქონდა. სამინისტროს ახლადგარემონტებულ ოთახებში, ელექტროღუმელებზე 50-ლარიანი ხელფასის მქონე სპეციალისტები ლობიოს ხარშავდნენ (ეს არ არის ხუმრობა – ჩემი თვალით ნანახი რეალობაა). აღმოჩნდა ისიც, რომ 2000 წელს დაწყებული რეფორმის ოთხი წლის თავზე ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოში სასწავლო გეგმა (აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანონპროექტებზე, რომლებსაც უნდა შეექმნა საფუძველი ახალი სისტემისთვის). არ არსებობდა არცერთი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ იქნებოდა განხილული, რომლის შექმნის მონაწილეები მასწავლებლები იყვნენ და სხვა. ასევე გამაოგნებელი იყო ის, რომ სახელმძღვანელოების შემმუშავებელი ჯგუფის წინა ხელმძღვანელის კაბინეტში (სადაც ახლა მე ვმუშაობ) არ იყო არცერთი წიგნი, რომელიც განათლების პრინციპებს ეხებოდა. სამაგიეროდ, იყო უამრავი კინოს სცენარი და სახელმძღვანელოების ნიმუშების მცირე ნაწილი. რთული იყო იმის დაჯერება, რომ ამ სახელმძღვანელოებს შორის იყო ის სახელმძღვანელოებიც, რომლებიც ჩემი და სხვა ექსპერტების შეფასების საფუძველზე თითქოს დაწუნებული იყო. დაუჯერებელი იყო, როდესაც ამ სახელმძღვანელოებში ამოვიკითხე “დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ”. შემდგომში სხვა მრავალი დაუჯერებელი ამბავი გავიგე – მაგრამ ამას ქვემოთ მოგითხრობთ.
    სწორედ ამ სასწავლო გეგმების ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტატიის ავტორი ქალბატონი ნინო გოგუაძე, ხოლო მისი თანაავტორი ბატონი კოტე ჯანდიერი სახელმძღვანელოების ჯგუფს კურირებდა. ეს ადამიანები საკუთარი მოღვაწეობისას მეტნაკლები წარმატებით ქმნიდნენ ილუზიას, რომ საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს, ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევდნენ სამინისტროს კორუფციული სქმების შექმნასა და განხორციელებაში. ცოტასთვის იქნება უცნაური იმის აღმოჩენა, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რაც დღეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს.
    გადავხედოთ მათ სტატიას “იდიოტიზმის ანატომია” (ნ. გოგუაძე, კ. ჯანდიერი, გაზეთი “რეზონანსი”, 12.07.08, გვ. 10-11). თუ ამ სტატიას გამოვაკლებთ ლანძღვის ნაწილს, დავაკვირდებით არგუმენტებს და განვიხილავთ კონტექსტს, ნათელი გახდება, რომ ავტორების მთავარი მიზანია, დაარწმუნონ მკითხველი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრები დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება, გამოცდილება, რომლებმაც არ იციან თავიანთი საქმე და, რაც მთავარია, რომლებსაც არ შეუძლიათ აზროვნება. მიზნის კეთილშობილება ალბათ ცალკე განსჯის საგანი უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მეთოდების მთელი არსენალია გამოყენებული. გარდა სიმართლის თქმისა, შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი პრინციპები, როგორიცაა შეგნებული დამახინჯება, ჰიპერბოლიზაცია, არარსებული წყაროების განხილვა, წყაროებში იმის განხილვა, რაც იქ არ გვხვდება, ტყუილი ან მარტივი ლოგიკური კონსტრუქციების ვერდაძლევა და სხვა. სტატიის ავტორები ცდილობენ, რომ შემოფარგლონ საკუთარი მსჯელობის არეალი რეფორმატორთა აზროვნების სიმდაბლით, რომელიც ენების მათი ახალი კლასიფიკაცით ე.წ. “პროექტების ენაშია” გამოხატული, მაგრამ უჭირთ. ზედმეტი სიბრაზისა თუ არგუმენტების ნაკლებობისგან ისინი ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადადიან ხან დაფინანსების სისტემის განხილვაზე, ხან გამოცდების სისტემის, ხან საუნივერსიტეტო რეფორმაზე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების რეფორმის შეფასებაზე და ა.შ. სტატიის შეფასება, მისი სტრუქტურის თვალსაზრისით, ქართული ენისა და ლიტერატურის მოსწავლეებისთვის მიგვინდია, რომლებიც უკვე დაწყებითი სკოლიდან სწავლობენ, თუ როგორ ჩამოაყალიბონ აზრი თანმიმდევრულად. განვიხილავ მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კრიტიკის გამალებული მცდელობაა.

    მთავარი დებულებები
    ავტორები გვამცნობენ, რომ ენა აზროვნების საფუძველია. აზროვნება დედაენის სრულყოფილ ცოდნაზეა დამოკიდებული. ბუნდოვნად გამოთქმული აზრი აზრი არ არის. რეფორმატორებმა არ იციან ქართული. რეფორმატორები ებრძვიან ქართულს. რეფორმატორებს არ შეუძლიათ აზრის სწორად გადმოცემა და იგონებენ ახალ ენას – “პროექტების ენას”, რომლითაც მალავენ საკუთარ გაუნათლებლობას. ეს, ავტორების მტკიცებით, ბანალურ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული დასკვნებია.
    სტატიიდან ჩანს, რომ ავტორებს არა მხოლოდ ენის, არამედ ენის საშუალებით შემეცნების ფილოსოფიურ თუ პრაქტიკულ საკითხებში გარკვევა უჭირთ. ეს თვალსაჩინოა, როდესაც ავტორები მსჯელობენ, რომ მთავარია აზრი ენობრივად და ლოგიკურად გამართულად და სალიტერატურო ქართულით იყოს გადმოცემული და ის უკვე ჭეშმარიტია. ავტორები საჭიროდ არ მიიჩნევენ იფიქრონ იმისთვის, რომ აზრი გადმოსცენ. ფიქრისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენისა და ლოგიკური კონსტრუქციების ცოდნა, არამედ საკითხისაც, რაც, რა თქმა უნდა, ენის ცოდნაზე უფრო რთულია. სოფიზმის ასეთი მარტივი გაგება კარგად ჩანს ავტორების მიერ მოყვანილი არგუმენტების გადამოწმებისას. მაგალითად, ავტორებმა არ იციან, ან ვერ იყენებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ, როდესაც რომელიმე ნაშრომის ციტირებას ახდენ, აუცილებელია მისი ატრიბუტები დაასახელო (ავტორი, გამოცემის წელი და ა.შ.). ეს პროცედურული ცოდნაა, რაც მათ, ეტყობა, მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ და ამის გამო სტატიაში ვკითხულობთ ციტირების ახალ ფორმებს, როგორებიცაა “ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასწავლო გეგმა”, “მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო” და ა.შ. ციტირების ასეთი ფორმა, გარდა იმისა, რომ მსჯელობისას აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს, გვაჩვენებს, რომ ავტორებისთვის უცნობია ის სფერო, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. როდესაც ციტირებისას ამბობ, რომ მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს ასმეერთე გვერდზე, ან ბიოლოგიის მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს მეათე გვერზე რაღაც წერია, ის მაინც ხომ უნდა იცოდე, რომ მეათე კლასში ორი ქიმიის, ხოლო მეშვიდე კლასში ბიოლოგიის ექვსი სხვადასხვა სახელმძღვანელო გამოიყენება.
    თუმცა ზერელე ციტირება “სასარგებლოა” არაკეთილსინდისიერი ავტორისთვის, რადგან ასე შესაძლებელია ტყუილიც შეაპარო მკითხველს. მაგალითად, ჩვენი ავტორები ცრუობენ მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ ბუნებისმეტყველების ტრიმესტრულ სწავლებას სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული ეწოდება. აი, რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2007 წელი. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. გვ. 23):
    “საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის) სწავლა სავალდებულოა VII-X კლასებში. VII-X კლასებში სკოლა ირჩევს ორი შესაძლებლობიდან ერთს:
    ა) თითოეული საბუნებისმეტყველო საგანი თითო ტრიმესტრის განმავლობაში ისწავლება (მაგრამ არა ერთდროულად. მაგ. მეშვიდე კლასში შეიძლება ისწავლებოდეს: I მესამედი ქიმია, II მესამედი ფიზიკა, III მესამედი ბიოლოგია).
    ბ) საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება ინტეგრირებული კურსით სამივე ერთად – ერთ საგნად.”
    აი, როგორ აწოდებენ ავტორები თავის სტატიის მკითხველს ამ დებულებებს: “სასწავლო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ისწავლება მხოლოდ ერთი საბუნებისმეტყველო საგანი, ვთქვათ, ბიოლოგია; მეორე სამი თვის განმავლობაში – მხოლოდ ფიზიკა, ხოლო მესამე ტრიმესტრში კი – მხოლოდ ქიმია. ყოველივე ამას, რატომღაც, საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებად ასაღებენ.” იბადება კითხვა, ავტორები მარტივ ლოგიკურ კონსტრუქციას ვერ ართმევენ თავს, სადაც წერია ორი შესაძლო ვარიანტი ტრიმესტრული ან ინტეგრირებული სწავლების შესახებ, თუ გამიზნულად ამახინჯებენ წყაროს? იქნებ მათი პრობლემა ეთიკის სფეროს სცილდება და საქმე უფრო მარტივადაა. იქნებ პრობლემა ისაა, რომ ავტორებს დაკვირვებით კითხვა უჭირთ?
    სტატიაში ხშირად საქმე რეალობის დამახინჯებასთან გვაქვს. მაგალითად, ის სისტემა, რომელიც ამ ადამიანების სამინისტროში მოღვაწეობის დროს არსებობდა, გულისხმობდა მეათე კლასში 18 სხვადასხვა საგნის სწავლებას. წარმოიდგინეთ, რომ ამის გათვალისწინებით, ავტორები ბრალს გვდებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ, თურმე, საგანთაშორისი კავშირების დარღვევა ხდება. არაფერი რომ არ ვთქვა იმის შესახებ, რომ ინტეგრირება მოხდა ისეთი საგნების, როგორიც იყო ალგებრა და გეომეტრია, ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერებების გარკვეულ კლასებში და სხვა, მარტო ის, რომ სასწავლო გეგმა საერთოდ არ არსებობდა, იყო მთავარი გარანტია იმის, რომ არც არანაირი საგნობრივი კავშირები არსებობდა. საბუნებისმეტყველო საგნებში ხშირად მოეთხოვებოდათ მათემატიკური აპარატის ცოდნა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ ნასწავლი. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის გარდა, არსად არ ასწავლიდნენ ფორმალური ხასიათისა და შინაარსის ტექსტების წერას (მაგ. კვლევის ანგარიში, მოხსენება და ა.შ.). ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო გეგმა ზოგადად, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნების ფარგლებში ყველაზე მეტად, გულისხმობს მჭიდრო საგნობრივ კავშირს, როგორც თემატურ, ისე უნარების სიბრტყეში. საუკეთესოა მაგალითია ის, რომ სამივე საბუნებისმეტყველო საგანში ისწავლება კვლევის მეცნიერული მეთოდი, რაც არ იყო მოთხოვნილი არც ჩვენი ავტორების მოღვაწეობისას და არც მანამდე.
    აზრის ბუნდოვანებაზე მსჯელობისას ავტორებს ვეთანხმები, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის შეცდომები, რაც ზოგჯერ ძნელად გასაგებს ხდის მის შინაარსს. ასევე ვეთანხმები ავტორებს იმაში, რომ შეცდომები გვხვდება სახელმძღვანელოებშიც. მთავარი ეს არ არის, რადგან, თუ არსებობს კეთილგანწყობილი კრიტიკა, ამ შეცდომების მითითების შემთხვევაში, ისინი სწორდება. მას შემდეგ, რაც 2004 წლის დეკემბერში ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი გამოქვეყნდა, ასობით ასეთი რეკომენდაცია მივიღეთ და გავითვალისწინეთ. სტატიის ავტორებისგან კი არ მახსოვს არცერთი წერილი. ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც კითხულობენ ზედმიწევნით იმ დოკუმენტებს, რომელზეც მსჯელობენ, რადგან შეამჩნევდნენ ერთ უხერხულობას, რომ, მაგალითად, სტატიის ავტორი ქ-ნი ნინო გოგუაძე ამ სასწავლო გეგმის ავტორების ჩამონათვალში წერია. იმის გამო, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე (ანუ, როგორც მაშინ უწოდებნენ – კურიკულუმზე) სწორედ მის დროს დაიწყო მუშაობა და მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ მისი მონაწილეობა აღნიშნული ყოფილიყო, მიუხედავად მისი წარუმატებლობისა. გაუგებარია, სასწავლო გეგმა მას თუ წაკითხული აქვს, როგორ შეიძლება საკუთარ თავი იმ ეპითეტებით შეემკო, რაც სტატიაში გვხვდება?! ან თუ თანაავტორობა არ სურს, რა უშლიდა ხელს ეს ჩვენთვის შეეტყობინებინა? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – რომ პრობლემა გვაქვს დაკვირვებით კითხვასთან და ზოგადად დაკვირვებასთან.
    ის, რომ ავტორებს პრობლემა აქვთ დაკვირვების სურვილსა და უნართან, კარგად ჩანს იმაში, რომ ამჩნევენ დეტალებს, მაგრამ ვერ ამჩნევენ მთავარს. მაგალითად, ამჩნევენ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მეთექვსმეტე გვერდზე მათთვის გაუგებარი ფრაზა წერია (სხვათა შორის საინტერესო ისაა, რომ მათთვის გაუგებარია მრავალი ისეთი რამ, რაც საქართველოს მასწავლებლების უმრავლესობისთვის ცხადზე-ცხადია), მაგრამ ვერ ამჩნევენ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არსებობს. ვერ ამჩნევენ იმას, რომ, რაც თვითონ ვერ შეძლეს ოთხი წლის განმავლობაში, ის ერთი წლის მანძილზე – 2004 წელს გაკეთდა. მათ მიერ შექმნილ სასწავლო გეგმაში შეცდომებს ვერავინ ვერ იპოვიდა მარტივი მიზეზის გამო – ის უბრალოდ არ არსებობდა. ვერც მათ კანონპროექტებში მოძებნის ადამიანი შეცდომას. რეფორმის პროცესში მრავალწლიანი მოღვაწეობისას საკანონმდებლო ცვლილებებზე სერიოზულად მუშაობას ისინი საჭიროდ არ მიიჩნევდნენ. ასევე არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, მასწავლებლები ჩაერთოთ დოკუმენტების შემუშავებაში. ანდა როგორ უნდა ჩაერთოთ, როდესაც მასწავლებლებს მაშინ ცამეტი თვის ხელფასი არ ჰქონდათ მიღებული? ასევე ვერ ამჩნევენ იმას, რომ ბოლო სამ წელიწადში 200-ზე მეტი ახალი სახელმძღვანელო დაიწერა, მაგრამ ამჩნევენ ამ სახელმძღვანელოებში არსებულ უმნიშვნელო შეცდომებს. ვერც იმ უხერხულობას ამჩნევენ, რომ მათ დროს დამტკიცებული სახელმძღვანელოები, არათუ უზადო, ხშირად აბსოლუტურად უვარგისი იყო. მაგრამ თურმე დღევანდელ სახელმძღვანელოში არსებული შეცდომა რეფორმატორების აზროვნების დონეზე მეტყველებს, მაგრამ მათ დროს დამტკიცებულების შეცდომები იმავე საზომით მათზე არ ვრცელდებოდა. ვერც იმას ამჩნევენ, რომ გამომცემლობებს სამინისტროში ფული, ისე როგორც მათ დროს იყო, აღარ მიაქვთ, და არც ის, რომ სამინისტროს თანამშრომლების ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოები აღარ მტკიცდება. ვერც იმას ამჩნევენ, რომ გამომცემლობები რეალურ ინვესტიციებს დებენ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაში იმიტომ, რომ მათი წიგნების გაყიდვის გარანტია აღარ არის ზარი სამინისტროდან, რომელიც სკოლებს “ურჩევდა” ხოლმე, რომელი წიგნი “აერჩიათ”. აღარც უნივერსიტეტების რექტორების მიერ დაწერილი წიგნები ხდება უალტერნატივოდ დამტკიცებული სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოების დამტკიცების კრიტერიუმი აღარ არის ნათესაობა, ახლობლობა და გავლენა სახელმწიფო ეშელონებში. ვერც იმას ამჩნევენ ჩვენი სტატიის ავტორები, რომ, მათი და მათი მეგობრების მუშაობის პერიოდისგან განსხვავებით, ახლობლების შვილები დაუმსახურებლად აღარ აყავთ სამსახურში. აღარ არის უფასო ექსკურსიები ჩილეში და საკუთარი შვილების ავიაბილეთებსაც აღარ აფინანსებს სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტი. ავტორებს ყოფნით სითამამე და თანაც ფიქრობენ, რომ, რადგან მათი მოღვაწეობა არ ყოფილა შეფასებული, უფლება აქვთ, ბრალი დაგვდონ კორუფციული სქემების შექმნაში.
    დეტალებზე მსჯელობა და მთავარის მიჩქმალვა საუკეთესო ხერხია საკუთარი დილეტანტიზმის დასაფარად. ამ ხერხის დემონსტრირება არაერთხელ მინახავს ამ სამსახურში მუშაობისას. მაგალითად, ჯგუფს სთავაზობ, რომ განიხილონ კანონპროექტი ან კონცეფცია. ამ დროს ხშირია, რომ მათი ყველაზე ამბიციური და აქტიური წევრები ცდილობენ, რომ განხილვის მთელი პროცესისას პუნქტუაციის ნორმებზე იმსჯელონ და არა დოკუმენტის არსზე. ჩვენი ავტორებისგან განსხვავებით, ეს არ დამართნიათ ზოგადი განათლების რეფორმის დასავლელ შემფასებლებს. ადამიანები, რომლებიც განათლების სფეროში მსოფლიოში უცილობელ ავტორიტეტებად არიან მიჩნეულები, რომელთა წიგნები განათლების შესახებ ასიათასობით ტირაჟით გამოდის სხვადასხვა ენაზე, რომელთა რჩევებს ითვალისწინებენ მრავალი ქვეყნის მთავრობები, განათლების რეფორმას საქართველოში უპრეცედენტოდ წარმატებულად მიიჩნევენ – იმიტომ, რომ ისინი ეცნობიან სისტემას, უყურებენ ცვლილებებს ერთიან და თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპების კონტექსტში და არა ისე, როგორც ამას ჩვენს მიერ განხილული სტატიის ავტორები გვთავაზობენ – რომ რეფორმის არსი შეფასდეს ისეთი დეტალით, რომლის მიხედვითაც ერთერთ დოკუმენტში უნდა ეწეროს “საგნის ერთი მასწავლებელი”, “ერთი საგნის მასწავლებელის” ნაცვლად. საქართველოში მოქმედი მასწავლებლებიც ასევე მთლიანობაში უყურებენ ამ რეფორმას და არა ერთი აბზაცის პრიზმიდან და სწორედ ამიტომ უჭერენ ისინი მხარს ძირითად კურსსა და ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ კრიტიკულად არიან ისინი განწყობილი რომელიმე ცალკე აღებული პრინციპისადმი.

    დეტალები
    იმისთვის, რომ მკითხველს შეუქმნან წინასწარი განწყობა, თითქოს, სტატია ამხელს უვიც და უგუნურ ადამიანებს, ავტორები არა მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზებით ცდილობენ ფონს გასვლას. წინასწარვე, სტატიის შესავალში ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მკითხველი, რომ მათ მიერ სერიოზულად განიხილება დოკუმენტები, რომლებიც შექმნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება იმისთვის, რომ ასეთი დოკუმენტები შექმნან. ავტორები ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ადამიანები, როგორც უმაღლესი განათლების არმქონენი, რომლებსაც მოკლევადიანი “თრენინგების” გავლის შემდეგ სერტიფიკატები აქვთ დაგროვილი და, რომლებსაც დასავლეთში სპეციალისტებადაც კი არ თვლიან. ავტორებს აინტერესებთ, საერთოდ თუ აქვს რომელიმეს “თუნდაც მაგისტრის ხარისხიც” კი. ცნობისთვის, მინდა სიამაყით ვთქვა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავის დაქვემდებარებული სტრუქტურებით, მისი ძირითადი ბირთვის ძალიან მაღალი კვალიფიკაციით მეტოქეობას გაუწევს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ნებისმიერ შესაბამის სამინისტროებს. გარდა საქართველოში მიღებული განათლების მქონე, მაღალკვალიფიცირებული ადამიანებისა, აქ სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობს რვა ჰარვარდის განათლების სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სამი კოლუმბიის უნივერსიტეტის ხარისხის მფლობელი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის არაერთი მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ომაჰას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ვანდერბილდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სიმონსის კოლეჯის მაგისტრის ხარისხის მფლობელი და სხვა. ჩამოთვლილთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას მაგისტრატურის კურსი სწორედ განათლების, განათლების მართვის, პოლიტიკის და ადმინისტრირების კუთხით აქვს გავლილი. ასევე მრავალი მათგანი ფლობს მაგისტრის ხარისხს განათლებაში სწავლისა და სწავლების კუთხით, ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის მიმართულებით. დღევანდელი სამინისტრო ძალიან განსხვავდება იმ სამინისტროსგან, რომელსაც სტატიის ავტორები “შიგნიდან” იცნობდნენ, სადაც მართლაც ჰარვარდში ერთთვიანი კურსგავლილი ადამიანები ჰარვარდის კლუბებს აარსებდნენ და კედლები აჭრელებული ჰქონდათ ტრენინგების სერტიფიკატებით. თავისთავად ამ სერტიფიკატებში ცუდი არაფერია და იმას აჩვენებს, რომ ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლება სურს, მაგრამ დავეთანხმები ავტორებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს განათლება ჰქონდეთ იმ სფეროში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. ჩვენს მიერ განხილულ სტატიის ავტორებს ავიწყდებათ იმის ხსენება, რომ იმ სამინისტროში და იმ რეფორმის ჯგუფში, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, წამყვან თანამდებობაზე არცერთი ისეთი ადამიანი არ მუშობდა, რომელსაც განათლების სფეროში ხარისხი ჰქონდა, არაფერი რომ ვთქვა იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტები იყო ამ ხარისხის გამცემი. ამის გარდა, სასწავლო გეგმების შემქმნელების უვიცებად მოხსენიებისას, ავტორებს ავიწყდებათ ისიც, რომ სასწავლო გეგმების შემქმნელების ნახევარი მაინც სწორედ მათ დროს იქნა მიღებული სამსახურში. საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ მთავრობების შეცვლისას პროფესიონალების ავტომატურად დათხოვნა ხდება, მათ არათუ შეინარჩუნეს თავიანთი თანამდებობები, არამედ კარიერულ წინსვლასაც მიაღწიეს და იმის მიუხედავად, რომ მათ მაინცდამაინც დასავლეთში მიღებული ხარისხი ყველა შემთხვევაში არ აქვთ, საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.

    შემოთავაზება
    როდესაც ცდილობ რაღაც გააკრიტიკო, სულ ცოტა, ის მაინც უნდა ჩანდეს, თუ რას სთავაზობ ოპონენტს ან შენს აუდიტორიას, როგორ წარმოგიდგენია შენ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრა. სამწუხაროდ, სტატიის ავტორები არათუ პირდაპირ არაფერს გვთავაზობენ, არამედ საკმაოდ თამამად გვაჩვენებენ იმას, რომ არ ესმით უმარტივესი პედაგოგიური ხერხები: ისტორიის სავარჯიშოების, ან საბუნებისმეტყველო საგნების ინტერაქტიული მეთოდიკის ძალიან თვალსაჩინო მაგალითებზე მსჯელობისას, საკუთარ უვიცობას არ მალავენ. მაგალითად, ცდილობენ, რომ სარკასტული გამონათქვამებით ილუზია შექმნან, რომ სკოლაში არ შეიძლება მოსწავლეებმა იმსჯელონ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, როდესაც რადიოაქტიულ ნივთიერებებთან აქვთ შეხება ან მოსწავლეები ვერ შეძლებენ ძირითადი ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობის დამახსოვრებას და ა.შ. რაც შეეხება მათ ძირითად მოტივს, რომ თურმე ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტების ენა იმდენად მდარეა, რომ ასახავს ჩვენს მდარე აზროვნებას – ამ საკითხთან მიმართებაში ავტორები სამწუხარო ალტერნატივას გვთავაზობენ. მათ სტატიაში, სათაურის ჩათვლით, ხშირად გვხვდება ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა: “იდიოტიზმი”, “ნაბოდვარი”, “უწიგნური, მაგრამ … ლაღად მოტლიკინე რეფორმატორები”. ან რად ღირს ეს აბზაცი: “მთელს ამ ბნელმეტყველებას, ენობრივ და აზრობრივ კოშმარს ზოგნი სოროსის ფარულ ზრახვებს უკავშირებდნენ, ზოგნი – მასონების შეთქმულებას მიაწერდნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი გაუნათლებლობის, დეფექტური აზროვნებისა და, უბრალოდ იდიოტიზმის ნაყოფია”. სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავს ინტელექტუალებად თვლიან, ასეთ სიმდაბლემდე დაეცემიან საკუთარი არაკომპეტენტურობისა და სიბრაზის გამო. ასევე სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ბეჭდური მედია ამგვარ შეურაცხმყოფელ ტექსტს საკუთარი გაზეთში “მოსაზრების” რუბრიკის ფარგლებში დასაშვებად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლის ახალდამთავრებული მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ ენასა და საკუთარ რეპუტაციას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სტატუსის დაკარგვის შემდეგ კარგავენ უნარს, რაიმე სასარგებლო შესთავაზონ საზოგადოებას. სკოლებში უკვე უკეთ ასწავლიან გააზრებულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ, რაც იმის წინაპირობაა, რომ ქ-ნ. ნ. გოგუაძისა და ბ-ნ. კ. ჯანდიერის შექმნილი სტატიების მსგავსის დაწერის სითამამეს ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მისცემს მათ, ვისაც ინტელექტუალობის პრეტენზია აქვთ.

    © “24 საათი”

  • პოლემიკა

    კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე

    იდიოტიზმის ანატომია

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენა აზროვნების საფუძველია, აზროვნება კი მხოლოდ ენის საშუალებით ხორციელდება. ბავშვის აზროვნება დედაენის დაუფლების კვალდაკვალ ყალიბდება, ვითარდება და ფართოვდება. შეიძლება ითქვას, რომ გამართული აზროვნება, პირველ რიგში, დედაენის სრულყოფილ ფლობაზეა დამოკიდებული. აზრის სიზუსტე, სიცხადე პირდაპირ უკავშირდება მისი მკაფიოდ გამოთქმის აუცილებლობას. იმას, რაც ცუდად, ბუნდოვნად და გაუგებრად არის გამოთქმული, მხოლოდ პირობითად შეიძლება აზრი ეწოდოს. ეს ბანალური ჭეშმარიტებებია.
    მაგრამ საოცარი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის გასაგები ქართული სალიტერატურო ენის პარალელურად, ჩვენში გაჩნდა ერთგვარი ენობრივი სუროგატი, რომელიც თანდათან მკვიდრდება სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ არასამთავრობო სექტორში, მედიასა თუ სამართალწარმოებაში და ა. შ. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღში დაბადებული ეს ენობრივი სუროგატი, რომელსაც პირობითად “პროექტების ენა” შეიძლება დავარქვათ, თანდათანობით იქცა “სიახლისა და თანამედროვეობის”, ანუ ე. წ. “ახალი მენტალობის”, განუყოფელ ატრიბუტად და “საფირმო ნიშნად”. ამ “ენაზე” მეტყველება და წერა დღეს “ელიტურობის” გამოხატულებად ითვლება – ეს საქმიანობის, რეფორმების ახალი ენაა, რომლის ათვისებაც ძალიან იოლია, რადგან მისი დაუფლების აუცილებელ წინაპირობას მხოლოდ და მხოლოდ ქართული სალიტერატურო ენის არცოდნა წამოადგენს. “პროექტების ენაზე” მეტყველებენ და “აზროვნებენ” ჩვენი “რეფორმატორი” სახელმწიფო მოხელეები. მათთვის ეს პრაქტიკული აუცილებლობითაცაა ნაკარნახევი, რადგან სინამდვილეში ისინი მხოლოდ ამგვარ “ქართულს” ფლობენ.
    “პროექტების ენა” პრეტენზიას აცხადებს რაციონალურობასა და ინტელექტუალობაზე, სინამდვილეში კი კლიშეების გროვასა და საოფისე ჟარგონის ნაზავს წარმოადგენს, რაც ამ ენაზე მოსაუბრეებს საკუთარი სიცარიელისა და უაზრობის შესანიღბავად სჭირდებათ. ამ ენის ძირითადი მახასიათებელი აზრიან წერასა და მეტყველებაზე ტოტალური უარის თქმაა. ამ ენის მიზანი და დანიშნულება სწორედაც რომ ზუსტი აზროვნების, გამართულად მეტყველებისა და წერის განდევნაა.
    “პროექტების ენას” ჰყავს თავისი ცოცხალი “კლასიკოსები”, რომლებმაც, როგორც წესი, რამდენიმე თვიანი კურსების (ე. წ. “თრეინინგების”) გავლის შემდეგ სერტიფიკატების მოპოვება მოახერხეს. ამგვარად “განათლებული” ადამიანი დასავლეთში არც სპეციალისტად და არც რაიმეს საფუძვლიანად მცოდნე პირად არ ითვლება. ჩვენი “ახალი ელიტა” კი სწორედ ასეთი არასრული განათლების მქონე ხალხისაგან შედგება. საინტერესოა, მათგან რამდენს აქვს დაცული თუნდაც მაგისტრის ხარისხი? ალბათ, ძალიან ცოტას… შესაძლოა – არც არავის.
    “პროექტების ენა” ასეთი ტიპის “მოღვაწეთათვის” იდეალური საშუალება გამოდგა საკუთარ განათლებაში არსებული ლაკუნებისა და ხარვეზების დასაფარად. რევოლუციის შემდეგ მათი დიდი ნაწილი განათლების სამინისტროში, განათლების რეფორმის მართვის ჯგუფში წამყვან თანამდებობებზე აღმოჩნდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ მიერ ამ ენაზე იქმნებოდა კანონები, პროექტები, ბროშურები, კონცეფციები, მეთოდური მითითებები და სხვ. და სხვ. ეს ოპუსები, როგორც ჩინური “ი ძინი”, ალალბედზე შეგიძლიათ გადაშალოთ და თვალწინ ნათლად წარმოგიდგებათ ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების, მთლიანად განათლების სისტემის, დღევანდელი სავალალო მდგომარეობა და კიდევ უფრო შემზარავი მომავალი.
    “პროექტების ენა” გაბატონებულია განათლების რეფორმის უკლებლივ ყველა დონეზე – კანონმდებლობიდან დაწყებული, მასწავლებელთათვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოებით დამთავრებული. დავიმოწმებთ მაგალითს ამ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტიდან:
    “ზოგადი განათლების მიღება ნიშნავს გარკვეული საგანმანათლებლო საფეხურის ეროვნულ საგანმანათლებლო გეგმაში დადგენილი მიღწევის დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას” (ზოგადი განათლების კანონი. პროექტი. მუხლი 6).
    სტილს რომ თავი დავანებოთ, ამ მუხლის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია ზოგადი განათლების მიღება თავისი სურვილის მიხედვით დაასრულოს სკოლის გარკვეულ საფეხურზე. “გარკვეული” საფეხური კი სკოლაში სამია: პირველი საფეხური – I-VI კლასები, მეორე საფეხური – VII-IX კლასები და მესამე საფეხური – X-XII კლასები. ამრიგად, პირველი საფეხურის, ანუ VI კლასის, დამთავრების შემდეგ, კანონპროექტის თანახმად, 12 წლის მოსწავლე უფლებამოსილია ზოგადი განათლების მიღება დასრულებულად ჩათვალოს და აღიჭურვოს სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. რა არის ეს, ენის უცოდინარობა, თუ აზრის სიჩლუნგე?
    იმავე კანონპროექტში ვკითხულობთ:
    “მოსწავლის განათლების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად სახელწიფოს მიერ ერთ მოსწავლეზე გათვალისწინებული ფინანსური ნორმატივით” (ზოგადი განათლების კანონი. პროექტი. მუხლი 10.3).
    აქ დახვავებული სიტყვების რახარუხით, ცხადია, ვერც ვერაფერი გამოითქმის და ვერც ვერაფერი შეინიღბება, თუმცა ერთი რამით კი უდავოდ სასარგებლოა. იგი მშვენიერი ინდიკატორია – ვინც იტყვის, რომ აქ აზრი ამოიკითხა, მით უმეტეს, ვინც ამ “აზრის” პროგრესულობისა და რეფორმატორულობის მტკიცებას დაიწყებს, ის, უბრალოდ, ტყუის ან მლიქვნელობს. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ციტირებული კანონპროექტი საფუძვლიანად გადამუშავდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, ვინაიდან მაშინ იქ ჯერ კიდევ მუშაობდა ქართული ენის რამდენიმე მცოდნე, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი და მხოლოდ მათი უკიდურესი ძალისხმევითღა მოხერხდა ტექსტის ბოლო რედაქციის “გაკეთილშობილება”.
    განსხვავებული ბედი ეწია განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სხვა ფუძემდებლურ დოკუმენტებს, რომლებსაც საპარლამენტო კომიტეტის ფილტრი არ გაუვლია, ანდა გაიარეს წიგნიერი ადამიანების თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ. ამისი ნათელი მაგალითია ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც “ეროვნული სასწავლი გეგმები (კონცეფცია)” ეწოდება. მისი ერთ-ერთი კონცეპტუალური პოსტულატი ასეთია: “რაიმეს გააზრება ფიქრის პროდუქტია და არამარტო დამახსოვრების” (გვ. 22). ვის შეიძლებოდა თავში მოსვლოდა, რომ გააზრება, გარდა აზროვნებისა, რაიმე სხვა აქტის პროდუქტიც შეიძლება იყოს?! რეფორმატორთა “ფიქრის პროდუქტი” კი შემდეგი მტკიცება უნდა იყოს:
    “სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზა, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება” (იქვე, გვ. 11).
    ბუნებრივია, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება კითხვა: თუკი გზა უკვე ერთობლივადაა შერჩეული მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ, მაშინ რომელი “ოპტიმალური ვარიანტის” ძიებას სთხოვენ მათ დოკუმენტის ავტორები?
    გამოდის, რომ სწავლა თურმე მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ უკვე შერჩეული გზის შემდგომი ერთობლივი ძებნა, ანუ ადგილზე ტკეპნა, ყოფილა და სხვა არაფერი.
    “ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავლებელია) უნდა არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები” (იქვე, გვ. 16).
    როგორც ვხედავთ, საქართველოში ისეთი სკოლებიც ყოფილა, რომლებშიც ერთზე მეტი საგანი ისწავლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი სკოლებიც, რომლებშიც მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიან. ამ სკოლებს შორის განსხვავება კი ამიერიდან ის იქნება, რომ “არაერთსაგნიან” სასწავლებლებში კათედრები შეიქმნება, “ერთსაგნიანებში” კი – ვერა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ისმის კითხვა: რით იყო განპირობებული უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კათედრების გაუქმება რეფორმატორთა იმავე ჯგუფის მითითებით? ნუთუ იქ მხოლოდ ერთი საგანი ისწავლებოდა?
    “დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას სკოლაში უკეთ მოღვაწეობაში…” (იქვე, გვ. 16).
    გამოდის, რომ საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც ადამიანები ბავშვობიდანვე, პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე იწყებენ მოღვაწეობას და ამისათვის სრულიად საკმარისია კლასის დამრიგებელმა მათ ასისტენტობა გაუწიოს.
    “სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ფიქრის კულტურა და ფიქრის გარემო. მასწავლებელი ამას დავალებებში და გაკვეთილზე გამოყენებული ლექსიკით უნდა უწყობდეს ხელს. მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოთქმის, რაც უნდა სულელურად ეჩვენებოდეს მას, ან მის გარშემო მყოფებს” (იქვე, გვ. 22).
    “ფიქრის კულტურა”, ალბათ, აზროვნების კულტურას გულისხმობს, რაც გამართული ენით ზუსტ და ლოგიკურ მსჯელობას ნიშნავს. მაგრამ გამართული მეტყველება როგორ უნდა მოსთხოვოს მოსწავლეებს იმან, ვინც სკოლაში ბავშვის სწავლას და შესვენების დროს ცელქობას “მოღვაწეობას” უწოდებს?! ან რა ლოგიკას მოითხოვს სხვებისაგან ის, ვინც ქვეყანაში ისეთი სკოლების შემოღებას გეგმავს, რომლებშიც ერთზე მეტი, მხოლოდ ერთი ან, ვინ იცის, ერთზე ნაკლები საგანი შეიძლება ისწავლებოდეს? რაც შეეხება “ფიქრის ხელშეწყობას შესაბამისი ლექსიკით”, ამ წინადადებიდან მკაფიო აზრის გამოტანა ჩვენს ძალებს აღემატება. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ციტატის ბოლო, დამაგვირგვინებელი წინადადებაა, სადაც კონცეფციის ავტორები ღიად აცხადებენ თავიანთ კრედოს, თამამად გამოთქვამენ ყოვლად სულელურ აზრს და საქართველოს თითოეულ მოსწავლეს მოუწოდებენ – თვითონაც იგივე გააკეთონ.
    “პროექტების ენაზე” მეტყველ და შესაბამისად მოაზროვნე რეფორმატორებს თავში მოუვიდათ და შემოიღეს ეროვნული სასწავლო გეგმები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში სასწავლო პროგრამები ერქვა, ხოლო დასავლეთში კურიკულუმი ეწოდება. თვალის ერთი გადავლებითაც კი ნათელია, რომ ჩვენი რეფორმატორ-ინტელექტუალების მიერ შემუშავებული ეს გეგმები ყველა საგანში უაღრესად დაბალი ცოდნის სტანდარტს ამკვიდრებს. ცალკეული საგნების სწავლება, იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ურთიერთშეთანხმებული და კოორდინირებული გამხდარიყო, კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. ამის თვალსაჩინო მაგალითია საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლება, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სასწავლო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ისწავლება მხოლოდ ერთი საბუნებისმეტყველო საგანი, ვთქვათ, ბიოლოგია; მეორე სამი თვის განმავლობაში – მხოლოდ ფიზიკა, ხოლო მესამე ტრიმესტრში კი – მხოლოდ ქიმია. ყოველივე ამას, რატომღაც, საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებად ასაღებენ.
    ვითომცდა უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, საგანთა უმრავლესობის შინაარსი სრულიად გაუმართლებლად და უაზროდაა შემცირებული. უკუგდებულია ან თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი ამა თუ იმ საგნის ძირითადი ცნებების, კანონებისა და შესასწავლი ობიექტების ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნები. სამაგიეროდ, არაპროპორციულად გაიზარდა მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების დონე და სირთულე. მაგალითად, ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, V-VI კლასების მოსწავლეს მოეთხოვება შემდეგი:
    “კლასში ჯგუფური მუშაობისას მოსწავლე ადგენს სხვადასხვა ტიპის დამწერლობის სიას, საუბრობს მათ წარმოშობასა და წერის მეთოდში მომხდარ ცვლილებებზე” (გვ. 16); ანდა: “ძირითადი სამიწათმოქმედო დარგები და სამუშაო იარაღები საქართველოში და მსოფლიოში უძველესი დროიდან დღემდე” (გვ. 21).
    ეს უსისტემოდ, ეკლექტურად და ზერელედ შედგენილი დოკუმენტები შეიცავს მრავალ კურიოზულ, მოსწავლისა და მასწავლებლისათვის დამაბნეველ და დამრთგუნველ მოთხოვნას, რომლებიც აშკარად სცდება არათუ პედაგოგიური, არამედ საერთოდ საღი აზრის ფარგლებს. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგანთა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:
    “ჯგუფური მუშაობის პრინციპით შეიმუშავებს რადიაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხო ქცევის წესებს და აკეთებს პრეზენტაციას” (გვ. 355; ფიზ. XI. 12).
    “მუშაობის უსაფრთხო ქცევას” თავი რომ დავანებოთ, გაუგებარია, როგორ უნდა შეიმუშავოს მოსწავლეთა ჯგუფმა უსაფრთხოების წესები? ცდისა და შეცდომის მეთოდით? ანდა რომელი რადიაქტიური პრეპარატების შეტანას აპირებენ სკოლებში განათლების რეფორმის მესვეურები?
    ზემოთ უკვე ციტირებულ ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მე-17 გვერდზე ასეთ ჩანაწერსაც ვხვდებით: “კლასში ჯგუფური მუშაობისას ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით აღწერს თვითმფრინავისა და კოსმოსური ხომალდის დიზაინსა და განვითარებას”. ანდა, იქვე, ერთ-ერთ ქვეთავში, რომელიც ასეა დასათაურებული – “მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან” – სიტყვასიტყვით წერია შემდეგი:
    “ეს შედეგი მიღწეულია მაშინ, როდესაც მოსწავლე… ადგენს ცხრილს, რომელსაც კონკრეტულ მოვლენას უკავშირებს მსგავსი ტიპის მოვლენებს პრინციპით: “ადრე” და “გვიან”. მაგალითად,

    ადრე ისტორიული მოვლენა გვიან
    ქვის იარაღი ბრინჯაოს იარაღი რკინის იარაღი
    რომის იმპერია საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

    ეს ცხრილი “პროექტების ენაზე” მეტყველთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. რაც შეეხება მოსწავლეებს, ამ ნაბოდვარიდან ისინი გაიგებენ, რომ თურმე ბრინჯაოს იარაღი და საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ისტორიული მოვლენები ყოფილა, ხოლო ქვის იარაღი და რომის იმპერია კი – არა. არც რკინის იარაღი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ მოვლენებად. ეს უცნაური წყვილები განეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს: “ადრე” და “გვიან”.
    “პროექტების ენის” შედევრებს უნდა მივაკუთვნოთ ციტირებული სასწავლო გეგმის IV თავის სახელწოდებაც: “მოსწავლე ახასიათებს მოსახლეობის გეოგრაფიულ თავისებურებებს” (გვ. 15).
    იქვე, მე-20 გვერდზე, მითოსს, ანტიკურ ტრაგედიასა და ისტორიულ რეალობას შორის არსებული განსხვავების არმცოდნე “ინტელექტუალები” ამგვარ რეკომენდაციას იძლევიან:
    “[მოსწავლე] მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად დგამს ისტორიული ხასიათის სპექტაკლს და მსჯელობს მასში გადმოცემული ფაქტების შესახებ (მაგ. ევრიპიდეს “მედეა”)”.
    უწიგნური, სამაგიეროდ, “პროექტების ენაზე” ლაღად მოტლიკინე “რეფორმატორების” ასეთ რეკომენდაციებსა და დირექტივებს ვიღაც, შესაძლოა, კომედიად განიხილავდეს, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს მომავალი თაობების, მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. ტრაგედიაა იმდენად, რამდენადაც ეროვნული სასწავლო გეგმა სასწავლო პროცესის შინაარსის განმსაზღვრელი დოკუმენტია. მათზე დაყრდნობით იქმნება მოსწავლეთა სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები და ა. შ. შედეგების პროგნოზირება მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს.
    “პროექტების ენაზე” მეტყველმა და შესაბამისად მოაზროვნე “რეფორმატორებმა” მათ მიერვე შეთხზულ ეროვნულ სასწავლო გეგმებზე დაყრდნობით შეიმუშავეს სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის წესები, შეფასების კრიტერიუმები და გრიფის მინიჭების პროცედურები. გრიფის მინიჭების ახალი წესი ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციასა და სახელმძღვანელოების ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან ახალი დებულების თანახმად, სახელმძღვანელოებს აფასებენ არა დამოუკიდებელი, კომპეტენტური ექსპერტები, არამედ თვითონ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლები, რომელთა კომპეტენციაშიც (როგორც ზემოთ უკვე დავრწმუნდით), რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის შეტანის სრული საფუძველი არსებობს. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სისტემა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული გარიგებებისათვის გამომცემლებსა და შემფასებლებს შორის.
    ჩვენ აქ შეგნებულად არ ვაღრმავებთ ამ თემას, ვინაიდან განათლების რეფორმის კრიმინალური ასპექტები ამ წერილის ავტორთა ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება. მაგრამ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ, მიმართოს თავად განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სადაც ინტერესთა კონფლიქტთან და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებული გარკვეული მასალები ინახება, თუმცა არ ხმაურდება.
    ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოთა უმრავლესობა, როგორც წესი, შეიცავს უამრავ ფაქტობრივ შეცდომას, უმეტესად მდარე ქართულითაა დაწერილი და სავსეა სხვადასხვა ტიპის ენობრივი თუ აზრობრივი კურიოზებით. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ:
    “უჯრედი შეგვიძლია შევადაროთ თქვენთვის კარგად ნაცნობ აგურს. როგორც შენობა აგებულია აგურებისაგან, ისე ორგანიზმი შედგება უჯრედებისაგან” (ბიოლოგია, VII კლასი, გვ. 10).
    საეჭვო ხარისხის ტროპულ მეტყველებას თავი რომც დავანებოთ, ისმის კითხვა: უჯრედი, რომელიც შედგება მემბრანის, ბირთვის, ციტოპლაზმის, ენდოპლაზმური ბადის, გოლჯის კომპლექსისა და ა. შ., რატომ უნდა შევადაროთ აგურს, თუ ბავშვის წარმოსახვაში განზრახ არასწორი წარმოდგენის შექმნა არა გვაქვს მიზნად დასახული?
    გაოცებას იწვევს მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო. ამ წიგნის ერთ-ერთი მთვარი თავი – “ქიმიური რეაქციები”, არ შეიცავს არც ერთი ქიმიური რეაქციის ფორმულას (სხვათა შორის, ისევე, როგორც საერთოდ მთელი სახელმძღვანელო). სამაგიეროდ, ტექსტის ნახევარზე მეტი ეთმობა ქიმიურ მრეწველობას (“დაუმუშავებელი მასალიდან მზა პროდუქციამდე”), ქაღალდის წარმოებას, ტოქსიკურ ნივთიერებათა მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და სხვ. წიგნის ერთ-ერთი ქვეთავი – “დუღილის რეაქციები ქიმიურ მრეწველობაში” – ასეთი საშინაო დავალებით სრულდება:
    “ვაზის გამოსახულება ამშვენებს სვეტიცხოვლის ტაძარს. გაიხსენეთ კინოფილმ “ჯარისკაცის მამაში” როგორ ზრუნავს ქართველი გლეხი ომით განადგურებულ უცხო მიწაზე გაზრდილი ვაზის გადასარჩენად. რაზე მიგანიშნებთ მოყვანილი ფაქტები?” (ქიმია 10. გვ. 101).
    შეგახსენებთ – საუბარია მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელოზე, თავზე, რომელიც ქიმიურ რეაქციებს ეხება! პირდაპირ უნდა ვთქვათ: დამოწმებული ფაქტები, ჩვენი აზრით, მიგვანიშნებს ავტორთა მიერ უკუღმართად გაგებულ ინტერდისციპლინარული სწავლების პრინციპებზე, ხოლო ციტირებული ტექსტი ინტეგრირებულია ხელოვნებათმცოდნეობასთან, კინოს ისტორიასთან, დემეტრე I-ის ცნობილ საგალობელთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, ქიმიის გარდა. რაკი მეათე კლასის სახელმძღვანელოს პარაგრაფებს გავეცანით, ჩვენი ბუნებრივი ინტერესი გამოიწვია იმან, თუ რა საკითხები განიხილება უფრო დაბალი კლასების ქიმიის სახელმძღვანელოებში. მეშვიდე კლასის ქიმიის წიგნში ვალენტობის შესწავლის უნიკალურ მეთოდს წავაწყდით:
    “გსურთ ადვილად დაიმახსოვროთ ელემენტთა ვალენტობები? ითამაშეთ “გზაზე მიდის ელემენტი”: გზაზე მიდის ნატრიუმი? რათა ერთი? მაშ რამდენი? ალუმინი! გააგრძელეთ თამაში”(ქიმია, VII, გვ. ??).
    ხომ კარგად დაიმახსოვრეთ? მოდი, ახლა მერვე კლასში გადავინაცვლოთ. ამ კლასის სახელმძღვანელოში ასეთი რამ წერია:

    “ჩემი თავგადასავალი”. I ნაწილი

    “სამყაროს გაჩენისთანავე მზეზე დავბადებულვარ (საუბარია წყალბადზე – ნ. გ., კ. ჯ.) ჩემი მშობლები ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული პროტონი და ელექტრონია. ყველა სხვა ელემენტს ჩემს შვილად მივიჩნევ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ მე დავუდე საფუძველი ელემენტთა დიდ ოჯახს. ვისაც ჩემი აღნაგობა აინტერესებს, მზად ვარ, გული გადავუშალო. ჩემს გულში საპატიმროს მსგავსი ბირთვია…” და ა.შ.
    წესით, მოზარდებს ამ ასაკში მაინ რიდი, ჯეკ ლონდონი, შარლოტა ბრონტე, ალექსანდრე დიუმა და არტურ კონან დოილი უკვე წაკითხული უნდა ჰქონდეთ და ლევ ტოლსტოის კითხვას უნდა იწყებდნენ. მერვეკლასელის ენობრივი კომპეტენციისათვის სრულიად შეუფერებელი, ყოვლად სამარცხვინო ენის მოჩლექით საუბარი მეცნიერების ფუნდამენტურ საკითხებზე ისეთივე კურიოზია, როგორც წყალბადის სამშობლოდ მზის გამოცხადება. ამა თუ იმ მეცნიერების საფუძვლების შესწავლა, პირველ რიგში, ამ მეცნიერების სპეციფიკური ტერმინოლოგიის, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ენის ათვისებას და ამ ენაზე აზროვნების, წერის, მეტყველებისა და ა. შ. განვითარებას გულისხმობს.
    ეს პროექტები, დოკუმენტები და წიგნები სავსებით ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის. ისინი განიხილებოდა საპარლამენტო კომიტეტებში, მთავრობის სხდომებზე, განათლების სამინისტროში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში. იმართებოდა სხვადასხვა სახის დისკუსიები, თითქოს გამოითქმებოდა კრიტიკული აზრიც. მთელ ამ ბნელმეტყველებას, ენობრივ და აზრობრივ კოშმარს ზოგნი სოროსის ფარულ ზრახვებს უკავშირებდნენ, ზოგნი – მასონების შეთქმულებას მიაწერდნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი გაუნათლებლობის, დეფექტური აზროვნებისა და, უბრალოდ, იდიოტიზმის ნაყოფია.
    ის, რაც ზევით მოგახსენეთ, ეხებოდა ზოგადი განათლების რეფორმის შინაარსობრივ მხარეს. რეფორმატორთა ოთხწლიანი მოღვაწეობის შედეგად არანაკლებ სავალალო სურათია შექმნილი განათლების სისტემის ინსტიტუციური მოწყობის, მართვისა და დაფინანსების სფეროში.
    “რეფორმატორებს” თავში მოუვიდათ და შემოიღეს სკოლების დაფინანსების ახალი, უვარგისი წესი. ამ წესის მიხედვით, სკოლის ბიუჯეტი ვაუჩერული დაფინანსებით ივსება. ვაუჩერი გულისხმობს ერთ მოსწავლეზე გათვლილ თანხას. ამიტომაც სკოლის ბიუჯეტი მთლიანად დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. ამას კი კატასტროფული შედეგები მოაქვს – მცირეკონტიგენტიანი სკოლები კოტრდება და იხურება. ასეთი სკოლების უმრავლესობა კი სოფლებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან და სასაზღვრო რეგიონებშია. ამ რეგიონებში მოსახლეობის დამაგრება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ სკოლის არსებობაზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ განათლების სამინისტროში სკოლების დაფინანსების უფრო ადეკვატური და არა ასეთი მომაკვდინებელი წესი მოეფიქრებინათ, განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალ. ლომაიამ გამოაცხადა: “მაღალმთიანი აჭარა ეკოლოგიურად საშიში ზონაა და სულ არ არის საჭირო იქ მოსახლეობის ცხოვრება”. როგორც ჩანს, სწორედ ამ გზით აპირებს განათლების სამინისტრო ჯავახეთის, სვანეთის, ხევსურეთის, თუშეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის გადარჩენას. საქართველოში უკვე დაიხურა დაახლოებით 1200 სკოლა. ცოტა ხანში საჯარო სკოლები მხოლოდ მსხვილ რაიონულ ცენტრებში დარჩება, სოფლებიდან კი მოსწავლეები ყვითელი ავტობუსებით ივლიან. თუმცა მალე, ალბათ, ეს სოფლებიც დაიცლება და ყვითელი ავტობუსების ხანა ისტორიას ჩაბარდება. “პროექტების ენაზე” ამ ეროვნულ უბედურებას “ოპტიმიზაცია” ეწოდება.
    “რეფორმატორებს” თავში მოუვიდათ და შემოიღეს საჯარო სკოლების დირექტორთა ლოტოტრონის მეშვეობით დანიშვნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან 30, 50 და ზოგჯერ 100 კილომეტრით დაშორებული სკოლების დირექტორებად დაინიშნენ, აზერბაიჯანელი პედაგოგი კინაღამ სომხური სკოლის დირექტორად განაწესეს. ამ სუპერ-ობიექტური წესით გადირექტორებული პიროვნებების დიდ ნაწილს მისვლისთანავე პედკოლექტივთან და მშობლებთან კონფლიქტი მოუვიდა. რა გასაკვირია, რომ ლოტოტრონით დანიშნული ერთ-ერთი სკოლის ახალი დირექტორი საკუთარი კაბინეტის ფანჯრიდან დღისით, მზისით, ტელეკამერების თანდასწრებით უშვერი სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა ეზოში მყოფ მოსწავლეებს, მათს მშობლებს, პედკოლექტივს და, მგონი, სკოლის დარაჯსაც კი. მთელი ეს ქაოსი და გაურკვევლობა დღემდე გრძელდება.
    მელოტოტრონე “რეფორმატორებმა” საქართველოში გააუქმეს ბევრი საავტორო და სპეციალიზებული სასწავლებელი, რითაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ათასობით ახალგაზრდას მოუსპეს საკუთარ სამშობლოში პროფესიული ზრდისა და განვითარების საშუალება.
    ცალკე განსჯის საგანია რეფორმატორების მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული “სპეცოპერაცია”. ბოლონიის პროცესთან დაახლოების მოტივით და მომიზეზებით პირველი რაც გაკეთდა – საბაზო დაფინანსების გაუქმება და მის ნაცვლად ერთობ მწირი პროგრამული (ანუ საგრანტო) დაფინანსების შემოღება იყო. ამით მოისპო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის არათუ განახლების, არამედ ელემენტარულ დონეზე შენარჩუნების საშუალება. საგრანტო დაფინანსება ამ ფუნქციას, ცხადია, ვერ შეასრულებს, ვინაიდან კონკრეტული პროგრამების განხორციელებისთვისაა გამიზნული და არა კვლევითი ლაბორატორიების შენახვისა და თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით აღჭურვისათვის. საუნივერსიტეტო მეცნიერებას მოესპო განვითარების საშუალება. არა და, ბოლონიის პროცესის ფუძემდებლური დოკუმენტების მიხედვით უნივერსიტეტად მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლებელი შეიძლება ითვლებოდეს, სადაც სამეცნიერო კვლევა და სტუდენთთა საწავლება ერთდროულ და ურთიერთგადამკვეთ პროცესებს წარმოადგენს.
    რეფორმატორთა შემდეგი, არანაკლებ მომაკვდინებელი ნაბიჯი იყო ფაკულტეტების მექანიკური, სრულიად გაუაზრებელი გაერთიანება. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს, მაგალითად ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გაერთიანებულია კლასიკური ფილოლოგია და კინო-ტელე რეჟისურა, აღმოსავლეთმცოდნეობა და ტამსაცმლის დიზაინი, ისტორია და ოპერატორის ხელოვნება, დასავლეთ ევროპის ენები და ლიტერატურა და დეკორატიული ქსოვილები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კათედრები გაუქმებულია, ხოლო სტუდენტს თავისი ნება-სურვილით შეუძლია გადაწყვიტოს რომელ ლექციას დაესწროს და რომელს არა, მთავარია ჯამში კრედიტ-საათების განსაზღვრული რაოდენობა დააგროვოს. ჩვენს კითხვაზე, თუ რისი სპეციალისტი იქნება ასეთი ფაკულტიტის კურსდამთავრებული, რეფორმის მესვეურთაგან მივიღეთ პასუხი: “ის ჰუმანიტარიის ბაკალავრი იქნება”. ანალოგიური ვითარებაა სხვა ფაკულტეტებზეც, რომელთა რიცხვიც დღეს მხოლოდ ექვსია. ცნობისათვის, თავად ბოლონიის უნივერსიტეტში 22 ფაკულტეტია და იქ თავში არავის მოსვლია არც მათი გაერთიანება და არც კათედრების გაუქმება. რა ქვია ამას, წინასწარგანზრახული ბოროტმოქმედება, თუ სიბრიყვე?
    ასევე, ცალკე ანალიზისა და განსჯის საგანი უნდა გახდეს “რეფორმატორთა” მიერ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფაქტობრივი მოშლა. არავინ დავობს, რომ აკადემიის სისტემა (ისევე, როგორც განათლების სისტემა) საჭიროებდა ღრმად გააზრებულ, მეცნიერებისა და განათლებისათვის სასარგებლო რეფორმას. მაგრამ ის, რაც რეფორმის სახელით განხორციელდა საქართველოში, სხვა არაფერია, თუ არა სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერების მოსპობა და მიწასთან გასწორება. დღეს ისიც კი საკითხავია, ამ “რეფორმის” შედეგად დარჩა თუ არა საქართველოში მეცნიერების განვითარების ელემენტარული პირობები და პერსპექტივა?
    რეფორმატორებს თავში მოუვიდათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შექმნეს ალტერნატიული სკოლების ქსელი. მთელს ცივილიზებულ სამყაროში არსებული თანამედროვე განათლების სისტემები დაფუძნებულია ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებზე. ჩვენი რეფორმატორების მიერ შემუშავებულ “მოსწავლის ქცევის კოდექსში” გაცხადებული “ნულოვანი ტოლერანტობა” (სწორედ ასე წერია) ე. წ. ძნელად აღსაზრდელი ბავშვების მიმართ გულისხმობს მათ გადაყვანას ალტერნატიულ სკოლებში. ნათელია, რომ ეს პათოლოგიური წამოწყება ეწინააღმდეგება ჰუმანურ, სამართლებრივ და, უბრალოდ, ადამიანურ პრინციპებს. ალტერნატიულ სკოლაში ბავშვის გადაყვანა უეჭველად გამოიწვევს მის სოციალურ სტიგმატიზაციას, გაბოროტებას. ამასთანავე, განათლების რეფორმატორთა მიერ ასეთი მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი უკიდეგანო და თანაც უაზრო სისასტიკე ძალიან ძვირად დაუჯდება სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოებას.
    რეფორმატორებს თავში მოუვიდათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო ეროვნული გამოცდის გაუქმება. ამგვარი მიზანი რომ განეხორციელებინათ, ეს იქნებოდა მათი ოთხწლიანი “მოღვაწეობის” კულმინაცია და “პროექტების ენის” საბოლოო გამარჯვება ქართულ სალიტერატურო ენაზე. განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი ს. ჯანაშია გვამცნობს:
    “განათლების სამინისტროში არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ენის გამოცდისას ერთი აბიტურიენტი კი არ უნდა ეჯიბრებოდეს მეორეს, არამედ იყოს ჩათვლა… ეს იქნება ამერიკული სერტიფიკატის, ტოეფელის მსგავსი გამოცდა. არსებობს მოსაზრება, რომ სერტიფიცირების ტიპის გამოცდა ჩვენთანაც უკეთესი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს არაქართველთა ადაპტაციას და, მეორეს მხრივ, რეპეტიტორთა რიცხვის შემცირებას. დღეს, სამწუხაროდ, ქართულს კარგად აბარებს ის, ვისაც ფული აქვს. ამ სისტემით მოსწავლემ შეიძლება გამოცდა მეათე კლასში წინასწარ ჩააბაროს და უკვე იცოდეს, აქვს თუ არა ენის სერტიფიკატის შესაბამისი დონე.”
    ანალოგიური განცხადება “რუსთავი 2”-ის ეთერში პროფ. გიგი თევზაძემაც გააკეთა. “რეფორმის მამათა” მსჯელობიდან გამოდის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
    ა) ის იწვევს რეპეტიტორთა რიცხვის ზრდას;
    ბ) მისი ჩაბარება მხოლოდ მდიდარი ოჯახების შვილებს შეუძლიათ და
    გ) ხელს უშლის არაქართველთა ადაპტაციას საზოგადოებაში.
    ლოგიკა ნათელია: არ არის გამოცდა, არ არის პრობლემა! საკითხავია, ზოგადი უნარების გამოცდამ რეპეტიტორთა რიცხვის შემცირებას შეუწყო ხელი, თუ პირიქით? ან რეპეტიტორთა წინააღმდეგ ბრძოლა სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებით უფრო სწორი და ეფექტური იქნება, თუ გამოცდების გაუქმებით? რა შეღავათი იქნება არაქართული მოსახლეობისათვის, თუკი ქართულ მოსახლეობასაც აღარ ეცოდინება ქართული? ამ შემთხვევაში, რა ენაზე უნდა იმეტყველონ საქართველოს მოქალაქეებმა? რუსულად, ინგლისურად, თუ არაბულად? ცხადია, რომ გამოცდის გაუქმება, ან “ტოეფელის” მაგვარი ტესტით ჩანაცვლება მისი შესწავლის მოტივაციას ნულამდე დაიყვანს. ერთხელ და საბოლოოდ უნდა გავიგოთ – ტოეფელი, ეს არის არა მშობლიური, არამედ მეორე (ანუ უცხო) ენის ტესტი. ამგვარი ტესტით მოწმდება, ფლობს თუ არა ადამიანი ამა თუ იმ უცხო ენას საკომუნიკაციო დონაზე და სხვა არაფერი.
    როგორც ვხედავთ, “პროექტების ენაზე” მეტყველნი არა მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, უცხო ენებისა და, მით უმეტეს, ზოგადი უნარების, არამედ სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას უპირებენ გაუქმებას. ამით ისინი უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ ბრძოლას ქართული ენის წინააღმდეგ. ქართული ენა საქართველოში ჯერჯერობით სახელმწიფო ენაა და თითოეული მოქალაქისათვის აუცილებელია მისი კარგად ცოდნა, რათა სრულფასოვნად შეძლონ საკუთარი მიზნებისა და შესაძლებლობების რეალიზაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ხოლო ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, მათთვის ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა სამყაროს შემეცნების, აზროვნებისა და თვითგამოხატვის უმთავრესი იარაღია. აქედან გამომდინარე, რეფორმატორთა ლაშქრობა არა უბრალოდ ქართული ენის, არამედ ზოგადად აზროვნებისა და შემეცნების წინააღმდეგაა მიმართული.
    სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, საქართველოში ჩამოყალიბდა მანკიერი, მაგრამ კარგად განვითარებული, მონოლითური სისტემა, რომელიც აღჭურვილია სათანადო მექანიზმებით საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ამ სისტემის ყოველ იერარქიულ საფეხურზე, როგორც წესი ინიშნებიან “პროექტების ენაზე” მეტყველი და შესაბამისად “მოაზროვნე” ადამიანები. სისტემის გამართული მუშაობისათვის კი აუცილებელია განიდევნოს ზუსტი აზროვნება, გამართული წერა და მეტყველება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გაუქმებაც სწორედ ამ “დიად” მიზანს ემსახურება.
    დამოუკიდებლად და ნათლად მოაზროვნე თავისუფალ ადამიანთა არსებობა სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. როდესაც, ამის საპირისპიროდ, განათლების სისტემა აზროვნების უნარს მოკლებული, უცოდინარი და ბნელმეტყველი ადამიანების აღზრდას ისახავს მიზნად, მაშინ ისმის კითხვა: რა სახელმწიფოს ვაშენებთ? ან საერთოდ, აქვს კი ჩვენს ქვეყანას მომავალი?

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ინტერვიუ

    თამაზ ვასაძე

    ლიტერატურა, რომელიც ცხოვრებასავით რთულია

    (ინტერვიუ თამაზ ვასაძესთან)


    ესაუბრა ნინო დეკანოიძე

    – ახალი წიგნი, თანაც ჩინებულად გამოცემული თანამედროვე კულტურული ცხოვრების მოვლენად უნდა იქცეს. „ქართული მოთხრობის ანთოლოგია“ XX საუკუნის აღიარებულ პროზაიკოსებს იკრებს. როგორც შემდგენელი და პასუხისმგებელიც ამ საუნჯის ერთად თავმოყრისა, რას ეტყვი „ჩვენი მწერლობის“ მკითხველს. როგორ გაჩნდა იდეა ამ წიგნის არსებობისა?
    – რამდენიმე წლის წინათ შევადგინე პროზის ანთოლოგია, რომელიც „დიოგენემ“ გამოსცა. ამ ანთოლოგიის შექმნის იდეა თავის დროზე გია ქარჩხაძეს გავუზიარე და „დიოგენესთან“ მან დამაკავშირა. შემდეგ მე და გიამ ჩავთვალეთ, რომ შეიძლება უფრო ფუნდამენტური, უფრო სრული ანთოლოგიის შედგენა და გამოცემა. გია ქარჩხაძემ კარგად იცის ლიტერატურის ფასი, ამიტომ მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საერთოდ, საგამომცემლო საქმეს სწორედ ასეთი კულტურული ადამიანები უნდა ჰკიდებდნენ ხელს.
    – როგორ შედგა არჩევანი? ხანგრძლივი ფიქრის შედეგად თუ ერთბაშად გადაწყდა ნაწარმოებთა თავმოყრა. ალბათ, ვერ უგულებელყოფ, რომ მკითხველმა ამ წიგნში მოისაკლისოს თავისი მწერალი, გულს დააკლდეს თავისი მოთხრობა.
    – ამ ტიპის წიგნზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და შედგენის პროცესი ხანგრძლივი არ ყოფილა, მხოლოდ ზოგიერთი მომენტის დაზუსტება იყო საჭირო. აქ მინდა ვთქვა, რას ნიშნავს ჩემთვის ანთოლოგია და რატომ მიზიდავს ამგვარი გამოცემები. მიმაჩნია, რომ ანთოლოგიური პრინციპი შეესატყვისება თვით მწერლის ღრმა მოთხოვნილებას,
    შექმნას სრულყოფილებას მიახლოებული ნაწარმოები. ჩვენთვისაც ხომ ყველაზე საინტერესო ასეთი ნაწარმოებებია, საბოლოო ანგარიშით, ისინი ამართლებენ ლიტერატურის არსებობას. რომელიმე პერიოდში, ეპოქაში შექმნილი გამძლე ფასეულობების ერთად თავმოყრა ამ დროის ლიტერატურის ბუნებაში ჩაწვდომის, მისი არსის გააზრების
    თავისებური საშუალებაა. რაც შეეხება იმას, რომ მკითხველი ვერ იპოვის ანთოლოგიაში ყველაფერს, რასაც მოელის, ეს, მე მგონია, ბუნებრივია და საგანგაშო არ არის.
    – ლიტერატურის ისტორიაში არცთუ ცოტა შემთხვევაა, ავტორს თავის რჩეულ ნაწარმოებად ერთი მიუჩნევია, მაგრამ ამ ეპითეტით შემორჩენილა სულ სხვა მისი ქმნილება.
    – რასაც ამბობ, მართალია, თუმცა ჩვენ ხშირად არ ვიცით, თავის რომელ ნაწარმოებს მიიჩნევს მწერალი საუკეთესოდ და კიდეც რომ ვიცოდეთ, ეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი კრიტერიუმი ვერ იქნება. ანთოლოგიის შედგენისას ვითვალისწინებდი კრიტიკაში გამოკვეთილ აზრს მწერლის და მისი შემოქმედების შესახებ, თუმცა მას, რა თქმა უნდა, მექანიკურად არ ვეთანხმებოდი. ამავე დროს ჩემი მიზანი არ ყოფილა მკითხველის გაოგნება რაღაც არგაგონილით და არნახულით. მაგრამ სიახლეები წიგნში, ალბათ, არის, განსაკუთრებით დღევანდელი ახალგაზრდა მკითხველისთვის. მაგალითად, თავის დროზე გახმაურებული, აჟიოტაჟის გამომწვევი იყო მერაბ აბაშიძის, გიორგი ბაქანიძის, ჯემალ თოფურიძის მოთხრობები – ადრე საზოგადოებას ლიტერატურის მიმართ უფრო ძლიერი ინტერესი ჰქონდა. ახლა რომ გადავიკითხე ეს მოთხრობები, აღმოჩნდა, რომ მათ ღირებულება არ მოკლებიათ, შეიძლება აქტუალობა შეემატათ კიდეც.
    – ცოტა არ იყოს რისკის გაწევაა შემდგენელის მხრიდან, როცა აღიარებული მწერლის აღიარებული ნაწარმოების მაგივრად მკითხველს ნაკლებად ცნობილს შესთავაზებ.
    – კლასიკოსად აღიარებული მწერალი ზარალდება, როცა მის შემოქმედებაზე სტერეოტიპული წარმოდგენა მკვიდრდება. შეიძლება ამგვარი სტერეოტიპის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები დარჩეს. ამიტომ ვამჯობინე ზოგიერთი ცნობილი მწერლის ჩრდილში აღმოჩენილი ნაწარმოები შემეთავაზებინა მკითხველისთვის. ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ცნობილ, ქრესტომათიულ ნაწარმოებს ვარჩიე „საბა“, ნაკლებად დაფასებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ბრწყინვალე მოთხრობა. ასევე ნაკლებად პოპულარულია დავით კლდიაშვილის გამორჩეულად ღრმა მოთხრობა „მიქელა“, რომელიც ანთოლოგიაშია წარმოდგენილი. ზოგჯერ ესა თუ ის ნაწარმოები, კლასიკურად მიჩნეული, „ცვდება“. ასე მოუვიდა, მაგალითად, „სოლომან მორბელაძეს“…
    – გაცვდაო… რას გულისხმობ, უფრო ზუსტად განმარტე.
    – ამ მოთხრობის ღირებულებას კი არ უარვყოფ, უბრალოდ, ზედმეტად შევეჩვიეთ, ავტომატიზებულად აღვიქვამთ. ამიტომ ხდება საჭირო სხვა ნაწარმოების წინ წამოწევა, რომელიც შეუჩვეველი რაკურსით ავლენს მწერლის შესაძლებლობებს.
    – უნდა ვიფიქროთ, რომ ანთოლოგია მაინც სუბიექტურია.
    – დიახ, თუმცა ვცდილობდი მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი, ჩემი სუბიექტურობა ობიექტურობის „გამტარად“ მექცია. ლიტერატურის შეფასების ობიექტურობა სუბიექტური საწყისის ჩახშობით ვერ მიიღწევა, ის მხოლოდ სუბიექტის მედიუმობით შეიძლება იყოს მიღწეული. არსებობს შეფასების საკმაოდ მყარი და სანდო კრიტერიუმები, მაგრამ ეს კრიტერიუმები მხოლოდ შემფასებლის სუბიექტურ ცნობიერებაში ცოცხლდებიან, აქ იძენენ ქმედითობას.
    – ანთოლოგიებს, როგორც წესი, წინათ ავტორთა ჯგუფი ადგენდა ხოლმე. როგორ ფიქრობ, პასუხისმგებლობის განაწილება აზარალებდა საქმეს თუ პირიქით, სძენდა ავტორიტეტს.
    – ადრე, საბჭოთა დროს, ანთოლოგიები სახელმწიფოს მიერ იყო ნაკურთხი, სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავდა. ამიტომ ანთოლოგიის შედგენას ერთ ადამიანს არ ანდობდნენ. ახლა სხვა დროა, არც ერთი ანთოლოგია „კანონიკური“ არ შეიძლება იყოს. სხვა სხვანაირ ანთოლოგიას შეადგენს. საზოგადოებას არჩევანი მუდამ ექნება. ესეც არის იმის ერთ-ერთი გამოხატულება, რომ ნელ-ნელა დემოკრატიული ცხოვრების წესს ვეჩვევით.
    – ანთოლოგიის შედგენისას რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდი? გვერდიგვერდ დაბეჭდილ მწერლებს იდეური და სულიერი ნათესაობა უნდა აკავშირებდეთ.
    – ვცდილობდი მოთხრობების თანმიმდევრობა, განლაგება, ქრონოლოგიური რიგის გათვალისწინებით, გარკვეული აზრის შემცველი ყოფილიყო, წიგნს ჰქონოდა ეპოქის ერთგვარი მხატვრული მატიანის თვისება, მასში წარმოჩენილიყო ქართული ცნობიერების, საზოგადოების, მორალის ხედი, მისი დროში ერთმანეთის მონაცვლე შრეებით. წიგნში მწერლები და მათი ნაწარმოებები ერთმანეთს „ემეზობლებიან“ თემატური, კონცეპტუალური ან ესთეტიკური ნიშნით. ვთქვათ, გვერდიგვერდაა დაბეჭდილი ლეო ქიაჩელის და გრიგოლ რობაქიძის მოთხრობები, რომლებსაც აახლოებს ინტერესი არქაული კულტურის მიმართ, ნეორომანტიკული პათოსი. კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, ბასილ მელიქიშვილის მოთხრობებში, რომლებიც ასევე გვერდიგვერდაა წარმოდგენილი, ჩანს ბოლშევიკური რეჟიმის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანის ბედი… მოგვიანებით ლიტერატურაში ძლიერდება სწრაფვა პიროვნების ინტიმური, სოციალური სფეროს მიღმა განფენილი სამყაროს წვდომისკენ და ამის მანიშნებელია ოთარ ჩხეიძის, არჩილ სულაკაურის, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები. გურამ გეგეშიძე ისტორიულ მოთხრობაში „ჟამი“ ეძებს იმის ფესვებს, რაც მეოცე საუკუნეში დაგვემართა და ამიტომ მოთხრობა წინ უსწრებს ნაწარმოებებს, რომლებშიც გახსნილია „ჰომო სოვეტიკუსის“ ბუნება და ასე შემდეგ.
    – ანთოლოგიაში ძირითადად ქართული თემატიკაა, თუ არ გამოვყოფთ „პროხორისა“ და „მტარვალს“, სადაც იხატება საბჭოთა რუსი, ძალიან უბედური, პირქუში ყოფის ბინადარი.
    – ამ მოთხრობებში უფრო მეტად აქცენტირებულია არა იმდენად პერსონაჟთა ეროვნული კუთვნილება, არამედ პიროვნების საბჭოური არსი და ეს ავტორების აზროვნების სიფაქიზეზე მეტყველებს. „პროხორის“ და „მტარვალის“ პერსონაჟები ტიპიური საბჭოელის ზუსტად გააზრებული და შთამბეჭდავი სახეებია. გასაგებია, რომ ეს ნაწარმოებები მხოლოდ საბჭოთა პერიოდის მიწურულში გამოქვეყნდა. ჩვენი ლიტერატურის მაღალი დონის მოწმობაა ის, რომ ქართველი მწერლები ახერხებენ ღრმად ჩაწვდნენ ჩვენგან ბევრი რამით ძალიან განსხვავებულს, „სხვას“, „უცხოს“.
    – რა დასანანი და ტრაგიკულია, ბედისწერაცაა ალბათ, თითო-ოროლა მოთხრობით ან ლექსით ლიტერატურის ისტორიაში შემორჩენა. რა არის ხოლმე ამის მიზეზი (აქ არ ვგულისხმობ ძველ ტექსტებს), რას დაარქმევდი ამას, ნიჭის გამოლევას?
    – ეს მართლაც ძალიან დასანანია, ბოლომდე გამოუმჟღავნებელ, დაუხარჯავ ნიჭზე უფრო დასანანი შეიძლება არაფერი არ იყოს ამქვეყნად. იმის მიზეზი, რომ მწერალი სრულად ვერ ახდენს თავის შესაძლებლობათა რეალიზებას, ზოგჯერ შეიძლება იყოს მისი განსაკუთრებული მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ, რომელიც უფლებას
    არ აძლევს, „ჩვეულებრივი“ ნაწარმოებებით დაკმაყოფილდეს და მხოლოდ უმაღლესი რანგის ნაწარმოებების შექმნა სურს; მიზეზი შეიძლება იყოს მწერლის ბედი, ხასიათის თვისებები, ანდა დროსთან, ეპოქასთან მისი შინაგანი შეუთავსებლობა… მაგრამ ლიტერატურის, კულტურის ისტორია უფრო სამართლიანია, ვიდრე ცხოვრება, ის ნამდვილ
    ღირებულებებს არ კარგავს, იმის განურჩევლად, მათ შემქმნელს უფრო მეტის შექმნაც შეეძლო თუ არა.
    – რა მიგაჩნია ლიტერატურული ნაწარმოების შეფასების ძირითად საზომად?
    – ჩემთვის არ არის საინტერესო და სრულფასოვანი ლიტერატურა, რომელიც არ ცდილობს ცხოვრების, სამყაროს სირთულე, სიმკაცრე და წინააღმდეგობრიობა რამდენადმე მაინც გამოხატოს. თუ ის, რასაც მწერალი გვიჩვენებს, შეუდარებლად უფრო მარტივი და უმნიშვნელოა, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვეხებით, უნდა დავასკვნათ, რომ ღირებულ ლიტერატურასთან არა გვაქვს საქმე. ლიტერატურული ნაწარმოების ღირსების მთავარ საზომად მივიჩნევ იმას, არის თუ არა მასში გამოვლენილი, მხატვრულად ხორცშესხმული სიმართლე, რომელსაც ამ ნაწარმოების გარეშე ასე ვერ დავინახავდი და ჩავწვდებოდი. მე მგონია, რომ შემოქმედებითი ნიჭი სწორედ სიმართლის, ჭეშმარიტების აღმოჩენის, წვდომის და მძაფრად გამოხატვის ძალაა. ნიჭი გარდაუვალად დაკავშირებულია ჭეშმარიტებასთან.

    © ”ჩვენი მწერლობა”

  • პორტრეტი

    იგორ სტრავინსკი

    ორი დიდი შემოქმედის შეხვედრა

    გენიალური კომპოზიტორი, პაბლო პიკასოსთან და ჯორჯ ბალანჩინთან ერთად, ახალი ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მუსიკის სამყაროში უდიდესი ნოვატორი იგორ სტრავინსკი მსოფლიო პოეზიის იშვიათი მცოდნე და შეუმცდარი დამფასებელი იყო; მრავალრიცხოვან წერილებსა და ინტერვიუებში უზადო ლიტერატურულ გემოვნებას ამჟღავნებდა. იმდენად მკაცრი მომთხოვნი იყო, პოეტები მას ადამიანთა„თითქმის გამქრალ სახეობად“ მიაჩნდა, ხოლო დიდი პოეტი უიშვიათეს გამონაკლისად. სწორედ ამ თითებზე ჩამოსათვლელ პოეტებთან (ჟან კოკტო, იეიტსი, ოდენი, ელიოტი) მეგობრობდა იგი და ისინიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა მას უისტან ოდენთან, რომლის ლექსებსა და ლიბრეტოებზე არაერთი საუცხოო მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. ასევე გულითადად მეგობრობდა იგი თომას ელიოტთან და როცა ჰკითხეს, რატომ ერთხელაც არ გამოიყენა ასეთი მეგობრის პოეზია, ამაზე მოკვეთილად უპასუხა, მისი სიტყვები მუსიკას არ საჭიროებსო და ამით ყველაფერი თქვა. თუ რამოდენა მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ელიოტის შემოქმედებას, იმითაც ჩანს, რომ გარდაცვალებისთანავე საგანგებო მესა მიუძღვნა. პარტიტურა 1965 წლის 17 თებერვალს დაუმთავრებია და ორი თვის თავზე, იმავე წლის 17 აპრილს ეს ნაწარმოები შეუსრულებიათ. თავად თავმდაბლურად აღნიშნა – ბოლო გალობა რამდენადმე რიტუალურია და შესაძლოა იგი პოეტს მოსწონებოდაო. ვფიქრობთ, ქართველ მკითხველს დააინტერესებს იგორ სტრავინსკის მცირე მოგონება თომას ელიოტზე და მეოცე საუკუნის ამ ორი დიდი შემოქმედის გულწრფელი ურთიერთგანდობა. ეს მასალა დაბეჭდილია მუსიკათმცოდნე ვიქტორ ვარუნცის
    მიერ შედგენილ ბრწყინვალე წიგნში „იგორ სტრავინსკი – პუბლიცისტი და თანამოსაუბრე“. გარდა იმისა, ხელოვნებისა და მეცნიერების მრავალი დარგის უღრმეს ცოდნას რომ ავლენს, სტრავინსკის გამოარჩევს იუმორის სრულიად უნიკალური გრძნობა, განსაკუთრებულად მაშინ, როცა იგი თავის ავადმყოფობასა და მკურნალ ექიმებზე ლაღად, კეთილად ხუმრობს. სასურველი იქნებოდა, იგორ სტრავინსკის ინტერვიუებისა და თეორიული წერილების რჩეული ქართულ ენაზეც გამოსულიყო და ეს საქმე ეთავა ქალბატონ ლილი მჭედლიშვილს, რომლის მშვენიერი თარგმანიც ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ წინამდებარე ნომერში იბეჭდება.


    ემზარ კვიტაიშვილი



    სუფრის საუბრები თომას სტერნზ ელიოტთან


    თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა



    ელიოტს პირველად 1956 წელს, დეკემბრის საღამოს შევხვდი, როდესაც ლონდონში სენტ-მარტინ-ინ-ზეფილდის ეკლესიაში სადირიჟოროდ ჩავედი. „სავოიში“ ჩაიზე დავპატიჟე, მაგრამ დანიშნულ დროზე ადრე მივიდა და, რესტორანში რომ შევედი, უკვე იქ მელოდა (მოგვიანებით მითხრა, კონცერტებზე უფრო მაღალი მეჩვენებოდიო. მე კი მისი შთამბეჭდავი აგებულებით, მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი – იმ სიმორცხვის, იმ მოკრძალებულობისათვის მისი დიდი, მოუქნელი, ფლეგმატური სხეული მეტისმეტად ტევადი სათავსი მეჩვენა). საუბარი ვერა და ვერ ავაწყვეთ, ისეთი სიჩუმე იყო, ისიც კი ისმოდა, ოფიციანტები ვერცხლეულს როგორ აპრიალებდნენ. ბოლოს ისევ საფირმო სენდვიჩმა გვიშველა, ჩაიმაც (თუმცა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ვისკიმ). ელიოტი მკვეთრად შეაბრუნებდა თავს მოსაუბრიდან მოსაუბრისაკენ და „ჰმ“ ან „დიახს“ ნერვულად იტყოდა, ვინაიდან მასზე, ჩანს, არცთუ სასურველ შთაბეჭდილებას ვახდენდით. „ჰმ“, „აჰა“, „ჰო“, „შეიძლება“, „მთლად ასე არ არის“ – იტყოდა სხვათა შორის, მაგრამ, როცა გარკვევით, გამოკვეთილად წარმოთქვა – ესე იგი, თქვენ მართლაც ასე ფიქრობთო? – ეს ისეთი ტონით ითქვა, კაცს ფიქრის ყოველგვარი ხალისი დაგეკარგებოდა. ჩვენ მიერ გამოთქმული შენიშვნის შემდეგ მცირეოდენი პაუზაც ნათელს ხდიდა, რომ ჩვენი ნათქვამი სრულ უაზრობად იყო აღქმული. ცხადია, რასაც ახლა ვამბობ, დროის პერსპექტივით არის ნასაზრდოები, ამასთან, მოგეხსენებათ, ამა თუ იმ ადამიანის პორტრეტის დახატვისას ერთგვარად შთაბეჭდილების გაძლიერებასაც ცდილობ. გარდა ამისა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ელიოტს თაყვანს ვცემ არა მარტო როგორც პოეტს, როგორც ჯადოქარს, არამედ როგორც ენის ჭეშმარიტ ებგურსაც. ასე თუ ისე, ბოლოს მაინც გამოგვივიდა საუბარი. რაზე ვსაუბრობდით, რა იყო ჩვენი საუბრის თემა, არ მახსოვს, მაგრამ, ვიცი, რომ ვაგნერსაც შევეხეთ და შექსპირის „ციმბელინზეც“ ვისაუბრეთ, ვინაიდან იმ საღამოს „ოლდ-ვიკის“
    თეატრში სწორედ იმ სპექტაკლს უნდა დავსწრებოდი. ვისაუბრეთ რუდოლფ კასნერზეც (ვისი „დიდების მაძიებლობის შესახებაც“ ელიოტმა „კრიტერიონის“ ერთ ძველ ნომერში გამოაქვეყნა, ბალეტზეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, საცეკვაო ტექნიკის ისეთი შესანიშნავი მცოდნე აღმოჩნდა, ისეთ მრავალფეროვან ინტერესთა ნიჭიერი კრიტიკოსი, რომლის წარმოდგენაც კაცს, უბრალოდ გაგიჭირდება. ელიოტი თავად ქმნიდა სუინის, ტირეზიას, მოხუცი ოპოსუმის ავტოპორტრეტებს და, დაე, თვითვე განსაჯოს, რომელია მათ შორის უფრო მართალი და უფრო ზუსტი – აბა, რაში გვჭირდება, სათითაოდ ჩამოვთვალოთ და ვარჩიოთ, როგორია იგი „სინამდვილეში“ (ლიტერატურული გმირი რომ თვით ავტორია, ამას პრუფროკზე ჩემი უნებური პაროდიაც ამტკიცებს, რომელიც ჩემს გონებაში ელიოტის აღწერის მცდელობისას დაიბადა: „თავაზიანი, თუმცა საკმაოდ მკაცრი, საკმაოდ ნერვული, საკმაოდ დაღლილი, საკმაოდ სერიოზული“). შეიძლება დიდი მსახიობი იყო, შეიძლება მისი სიტყვების უკან სხვა აზრი იმალებოდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ, ჩემთვის ის „მზამზარეული ნიღბებიც“ საკმარისია, თვითონ როგორც უწოდებდა. ჩემმა მეხსიერებამ კიდევ უკეთ ჩვენი ორი ბოლო შეხვედრა შემოინახა. პირველი შეხვედრა „ღვთაებრივი გაზაფხულის“ პირველი დადგმიდან ორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით შედგა. ეს მოხდა „ალბერტ-ჰოლში“, რომელსაც ელისეს მინდვრების თეატრთან სრულიად არაფერი ჰქონდა საერთო. ელიოტები „ალბერტ-ჰოლთან“ იქვე მეზობლად ცხოვრობდნენ და მთხოვეს, ზეიმის შემდეგ მათთან შემევლო (თუმცა ზეიმი
    საკმაოდ უღიმღამო აღმოჩნდა). კარის ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, წინ აპლოდისმენტებით ელიოტი შემომეგება. მიუხედავად იმისა, კონცერტს ”რადიოდანადგარით“ უსმენდა (ელიოტს უყვარდა ძველი, დახავსებული გამოთქმები),
    სულაც არ გასჭირვებია, მშვენივრად შეედარებინა ერთმანეთისათვის ახლანდელი ოვაცია და 1921 წლის ის კანტიკუნტი აპლოდისმენტები, როცა გაბრაზებულ მაყურებელს დემონსტრაციის მოწყობაში ხელი მხოლოდ აღზრდამ შეუშალა. წინკარში, თაროზე, მისი ზამთრის შლაპა იყო შემოდებული, იქვე იდო სტილისტურად განსხვავებული ჩალის სტეტსონი , რომელიც აშკარად ბაჰამის პლაჟებზე ზამთრის დასვენებისთვის გახლდათ განკუთვნილი. ჯერ კიდევ ელიოტის მამის მიერ კატების გამოსახულებებით დამშვენებულ კედლებზე, ერთ ჩარჩოში ჩასმული კოლრიჯის წერილის დედანი და ომის დროს ბი-ბი-სისთვის კოლრიჯის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დაწერილი, მომავალი მისის ელიოტის მიერ ნაგვის კალათში ჩაგდებას გადარჩენილი ნარკვევის ტექსტი ეკიდა. სხვა ოთახებში ხელოვნებას ჰენრი მურისა თუ ტერნერის მანერით შესრულებული რასკინის საყვარელი წარმოადგენდა, რასაც ელიოტმა საკმაოდ წარმატებულად „რიგიანი“ უწოდა. იყო აგრეთვე ედვარდ ლირის პეიზაჟი, ლუისის ნახატები და იაკობ ეპსტაინის მიერ გამოქანდაკებული ელიოტის თავი. კედლების ჩასწვრივ, თანამედროვე უცნაური ქანდაკებებივით, წიგნების მთელი კოშკები ჩამწკრივებულიყო. თავიდან ჯერ დოღსა და ცხენებზე ვისაუბრეთ (იმ დღეს დოღს ტელევიზორში ვუყურე და წავაგე ჩემი ფსონი). ელიოტმა – ოდესღაც კალკუტის ტელევიზორში ფსონებს მეც ვდებდი, მაგრამ არასოდეს მომიგიაო. სხვათა შორის, 1948 წელს სტოკჰოლმში არჩევანი ერთ უცნობ ცხენზე – „დედოფალ მერიზე“ შევაჩერე (არა ინტუიციის, არამედ პატრიოტული გრძნობის გამო), მაგრამ ფინიშთან ის ყველაზე ბოლოს მივიდა და, ცხადია, წავაგე. მერე ელიოტმა საბჭოთა კავშირის შესახებ, სადაც ამ ამბიდან რამდენიმე თვის წინათ მომიწია გამგზავრება, შთაბეჭდილებების გაზიარება მთხოვა. განსაკუთრებით აინტერესებდა, გამოთქმაში რაიმე ძირეული ცვლილებები ხომ არ შემიმჩნევია. ცოტა ხნის წინათ იგი თურმე ევტუშენკოსაც მოუნახულებია […..]7. ელიოტმა შენიშნა, თქვენს მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი „P“-თაგანი იმ სანსკრიტულ „P“-ს მაგონებს, როგორსაც ინდoელები გამოთქვამდნენ, თუმცა ფსიქოლოგიურად სხვა ვარიანტებისაგან განსხვავებული არ არისო. ბოლოს თავის საქმეებზე დაიწყო საუბარი. ასე თქვა, ფრენსის ჰერბერტ ბრედლის შესახებ ჩემი სადოქტორო დისერტაცია რომ გადავიკითხე, დავრწმუნდი, ჩემი პროზის სტილზე ბრედლიმ რაოდენ დიდი გავლენა მოახდინა, მასზე დაწერილი ჩემი ახალი ნარკვევის უკეთესი ნაწილით თვით ჰერბერტის ციტატებს წარმოადგენსო. წუხდა, რომ ნარკვევის წერის დროს აუდიტორიას ვერ გრძნობდა, თითქოს არ იცოდა, მისი აუდიტორია ამერიკულ უნივერსიტეტთა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ათასობით ფაკულტეტის სტუდენტები რომ იყვნენ. „ჰერბერტი უდიდესი პოეტია, მცირეთაგან ის ერთ-ერთი, ვინც შემიძლია მრავალჯერ გადავიკითხო. სხვათა შორის, მალარმეც, ალბათ ედვარდ ლირიც“, – განაგრძობდა ელიოტი. მერე დაიტრაბახა,
    1927 წლის შემდეგ სერიოზული პროზა არაფერი წამიკითხავს, ბოლო რომანი, მგონი, „მილდმარჩი“ იყო, თუმცა არა, მეშლება, ეს იყო „მიდლოიტიანის გული“, რომლის კითხვითაც საავადმყოფოში დიდად ვისიამოვნე… გამოგიტყდებით, ბოლომდე ვერც „ომი და მშვიდობა“ დავამთავრე, მაგრამ თავის თავზე კრიტიკოსმა ამგვარ წვრილმანებზე ალბათ არ უნდა ილაპარაკოსო. რამდენიმე დღის შემდეგ დუბლინში დირიჟორობა მიწევდა
    და ამ ქალაქის შესახებ ელიოტმა რაღაც გარკვეული ინფორმაცია მომაწოდა. ასე თქვა – „როცა მე იქ ლექციებს ვატარებდი, თითქმის ყოველი ირლანდიელი იმას მეუბნებოდა, ჩემს გარდა არც ერთ სხვა ირლანდიელს არ ენდოო“. ისიც დამიდასტურა, რომ უინდჰემ ლუისის „ომებსა და აფეთქებებში“ მოყვანილი მისი და ჯოისის შეხვედრის ამბავი სინამდვილეს ემთხვეოდა. ლექციებზე საუბარმა ელიოტს ომისშემდგომ გერმანიაში მგზავრობა
    გაახსენა, სადაც გოეთეს შესახებ დაწერილ საკუთარ ნარკვევზე ლექციებს კითხულობდა. მეხსიერება, მართალია, ხანდახან მღალატობს, მაგრამ, ის კი კარგად მახსოვს, ელიოტი როგორ ჩიოდა, ოფიციალური მიღებების დროს იუმორის გრძნობას სრულიად მოკლებული ადამიანები ფილოსოფიის ღრმა, ურთულეს საკითხებზე მასთან ერთთავად დისკუსიის გამართვას როგორ ცდილობდნენ. მითხრა, შეამჩნიე თუ არა, როცა ინგლისელები რაიმე სერიოზულს წააწყდებიან, იცინიან, უნდათ თავაზიანები გამოჩნდნენო. წინა დღეს ჰემპტონ-კორტში11 ყოფნის შთაბეჭდილებები მოვუყევი. ვუთხარი, ჩემი აზრით, ჯულიო რომანოს იზაბელა დ’ესტეს პორტრეტი მხოლოდ იმით არის შესანიშნავი, რომ ქალის გადმობურცული ბაგე იმგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს მანდილოსანი კბილებს შიშის მომგვრელად კრეჭდეს მაშინ, როცა ტიციანი თავის ნახატში ამ ქალის ჭკუას წარმოაჩენს-მეთქი. ამის შემდეგ საუბარი ფერარასა და ადგილობრივ კანაფზე გადავიტანეთ, რომლის გაქრობითაც იქაური მცხოვრებლები გვარიანად დაზარალდნენ, თუმცა ამით ისეთ პიროვნებათა ქცევას ვერ ახსნიდი, როგორიც პიერო ლიგორიო, ჯეზუალდო და ბიაჯო როსეტი იყვნენ. ელიოტმა – ფერარაში რატომღაც ბაღლინჯოებმა დამკბინესო, მაგრამ ამის
    შემდეგ რა იყო, არაფერი უთქვამს. მე კი გავიფიქრე, ეს ამბავი ალბათ „ერთი ღამის გასათევ“ რომელიმე იაფფასიან სასტუმროში მოხდა-მეთქი. მახსოვს, ამ საუბრისას ხშირად სიტყვა „ტრანსპადანსკის“* ხმარობდა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ლექსიკონიდან ჰქონდა ამოღებული და სრულიად შეგნებულად აღდგენილი. ეს სიტყვა, ისევე, როგორც ელიოტის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ლამაზადაც ჟღერდა და აზრსაც ზუსტად, ზედმიწევნით გადმოსცემდა. იმ საღამოს მისის ელიოტის ქმრისადმი თავდადებამ, მის მიმართ გამოხატულმა სინაზემ, რომელსაც განსაკუთრებით მაშინ ამჟღავნებდა, როცა ქმარი მხარზე თავს დაადებდა ან ხელზე ხელს უჭერდა, გული ძალიან ამიჩუყა. ამ ქალზე ქორწინება, დარწმუნებული ვარ, ელიოტის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მოვლენა იყო.
    შვიდი თვის შემდეგ, თორმეტ დეკემბერს, კიდევ ერთი შეხვედრა ნიუ-იორკში შედგა და ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა. როცა მათ აღმოსავლეთ 52- ე ქუჩაზე „რივერ-კლაბში“ შევუარე, ელიოტს ყელზე კაშნე ჰქონდა მოხვეული, ეცვა პულოვერი და ლურჯი ქაშმირის ზამთრის პალტო, მაშინ, როცა მისის ელიოტი მხოლოდ აბრეშუმის თხელ კაბაში იყო და მანქანაში ჩაჯდომისას ჩიოდა, ამერიკულ სასტუმროებში სიცხისგან ლამის სული მეხუთებაო. აღმოსავლეთ 52-ე ქუჩა ელიოტს ძალიან მოსწონდა, მოსახერხებლად მიაჩნდა. გაეროს შენობის დანახვისას კი ასე თქვა – ეჭვი არ არის, აქ ნამდვილად ანტიევროპული შეთქმულება მზადდებაო. გარეგნულად ელიოტი არც ისე ჯანმრთელად გამოიყურებოდა, სიარულისას ფეხი ერეოდა და რესტორანში შესვლისას ხელს მბრუნავ კარს ჰკიდებდა. ჰქონდა პროგრესირებადი ავადმყოფობის სხვა ნიშნებიც: სახეზე ნაცრისფერი
    ედო, ძალიან ხშირად და მძიმედ ახველებდა, ცოტას სვამდა, თავს ლამის საინამდე წახრიდა და პირს თითქმის არაფერს აკარებდა. გაიმართებოდა წელში ორ-სამჯერ და ავირეკლებოდით მის ღია თაფლისფერ თვალებში, რომლიდანაც ისევ ისე ძლიერად გამოანათებდა მისი დიდი ინტელექტის ძალა. ლაპარაკობდა სუსტი, მიმქრალი ხმით, რის გამოც უფრო ძლიერი სახმო აპარატით აღჭურვილი მოსაუბრის ხმა მისას თითქმის ახშობდა. დამნაშავე ამაში მეც ვიყავი, ვინაიდან მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდი, როცა მისი ხმა და ლაპარაკი თითქმის არ ისმოდა. თავიდან ერთმანეთს ჯოზეფ კონრადზე გავუზიარეთ აზრები. კონრადი განსაკუთრებით მისი პოლონურ-უკრაინული ფესვების გამო მაინტერესებდა (ბიჭობისას იგი ჩერნიგოვში ცხოვრობდა, მამაჩემი კი იმ ქალაქის მახლობელ სოფელში იყო დაბადებული)13. ფრანგული საშუალო ფენის სლავური კულტურული წრიდან, ისე, როგორც მე, ისიც ინგლისურენოვან კულტურულ გარემოში მოხვდა14. „კონრადი დიდი სენიორი იყო, – თქვა ელიოტმა, – ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, მაგრამ დაელაპარაკებოდი და მისი იმ მეტყველების გამო, იმის გამო, რომ როგორიღაც ხორხისმიერი გამოთქმა ჰქონდა, მაშინვე იმედი გიცრუვდებოდა“. როგორც ჩემ შემთხვევაში-მეთქი? – ვკითხე, რაზეც მიპასუხა, ძნელი არ არის შენი გაგებაო, რაც, მართალი გითხრათ, სულაც არ წარმოადგენდა პასუხს ჩემს კითხვაზე. ეს ის დრო გახლდათ, როცა იგი თავიდან კითხულობდა „ნოსტრომოს“, ხოლო „სიჭაბუკე“ და „უარყოფითი თვისება“ ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებებად მიაჩნდა მათ შორის, თუ ოდესმე რაიმე ამგვარი წაეკითხა.15 ლუი მაკნისის უდროო გარდაცვალების გამო დიდი გულისტკივილით ლაპარაკობდა, თუმცა ისიც თქვა, მის მიმართ, მართალია, ყოველთვის თბილად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პირადი შეხვედრის შემდეგ იმედი სრულიად გამიცრუვდაო… როცა სენ-ჟონ პერსის თაობაზე აღნიშნა, მისმა „ხელწერამა და გონებამ“ ჩემში დიდი აღტაცება გამოიწვიაო, მაშინვე ის კითხვა გამიჩნდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ მას პერსის ლექსები არ მოსწონდა? თუმცა ამ კითხვის დასმა, მართალი გითხრათ, ვერ გავბედე. რაც შეეხება გიიომ აპოლინერს, მის ხსენებაზე გარკვევით მიმანიშნა, რომ „ალკოჰოლის“16 მნიშვნელობას აზვიადებდნენ. როგორც ყოველთვის, ელიოტმა საუბარი ისევ ენაზე წამოიწყო. ასე თქვა (არა, „თქმა“ არ შეეძლო, უბრალოდ „მიმანიშნა“): ლოიდების ბანაკში სამსახურის დროს იტალიურად თავისუფლად ვლაპარაკობდი, მაგრამ „ეს იყო იტალიელი დანტეს ენა, სრულიად შეუფერებელი ინსტრუმენტი თანამედროვე საქმიანი ფრაზეოლოგიისათვისო“ და განაგრძო: იმის გამო, რომ ცოტ-ცოტა რუმინული და ახალი ბერძნულიც ვიცოდი, ბანკის დირექტორს რატომღაც იმ აზრს შთააგონებდა, რომ აუცილებლად პოლონურიც უნდა მცოდნოდა. როცა ვუთხარი, პოლონური არ ვიცი-მეთქი, თითქოს ეს ძალზე უცნაური და გაუგებარი რამ ყოფილიყო, დაჯერება არ უნდოდა – როგორ, კაცმა რუმინული და ახალი ბერძნული იცოდეს და პოლონური არაო?! ვსვამდი ჯინს, მარტინის (მხოლოდ ელიოტმა შეუკვეთა დაიკირი), პუიი-ფიუმის, ბლანს, არმანიაკს (ელიოტი დრამბიუის სვამდა). არმანიაკ-დრამბიუი რომ უნდა შეესვა, უცებ წელში გაიმართა, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე სახელით პირველად მომმართა და – ათ წელს კიდევ გვეცოცხლოსო! – სადღეგრძელო შემომთავაზა. ის, რომ შესაძლოა ათი წელი კიდე გვეცოცხლა, იმდენად დაუჯერებელი იყო, ბოკლების წკრიალმა არათუ სიხარული მომგვარა, თვითონ სიტყვაც კი გამოთხოვებასავით მეჩვენა. ჩემს მიმართ იმ წუთას, ჩანს, ისეთ სიახლოვეს გრძნობდა, როგორც არასდროს. მერე ღვინისაგან შემთვრალმა პულოვერის გახდა დაიწყო და საყოველთაო განხილვისთვის თავისი ფლანელის კაშკაშა აჭიმები გამოაჩინა, რითაც ჩვენი „ლე პავილიონის“ („ლუქსი“, „სიმშვიდე“, ჩეკების სქელი წიგნაკები) ხშირი სტუმრების გაოცება გამოიწვია. ვილაპარაკეთ პრეზიდენტ კენედის მკვლელობაზეც.
    ელიოტმა – ერთი წლის წინათ თეთრი სახლიდან ორჯერ დამირეკეს ბაhამზე, ერთხელ ნობელის პრემიის ლაურეატთა პატივსაცემად გამართულ ვახშამზე დამპატიჟეს, მეორედ საერთო მიღებაზე მიმიწვიეს… ვერ წარმოიდგენთ, ზოგჯერ რა საშინელი თავხედობა ხდება, არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ დალასში ერთხელ შერიფის საპატიო მოადგილედაც კი დამნიშნესო… მართალია, ჩემი აზრი ამაზე ხმამაღლა არ გამომითქვამს, მაგრამ, ღმერთს გეფიცებით, დეზებიან ჩექმებსა, უზარმაზარ შლაპასა და მკერდზე შერიფის ვარსკვლავით ელიოტი ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. ყოველი ჩვენი შეხვედრისას საუბარი, ამა თუ იმ კუთხით, მისისიპზე გადაგვქონდა. უფრო ხშირად ამ თემას ელიოტი იწყებდა. მდინარე მისისიპის სიყვარული ჩემს გულში (ისე, როგორც სხვა რუსი ბავშვების გულშიაც) მარკ ტვენმა ააგიზგიზა. როცა პირველად ამერიკაში ჩავედი და მატარებლით მდინარის ერთი ნაპირiდან მეორე ნაპირზე ხშირად მიწევდა მგზავრობა, იმ მდინარის – „უძლიერესი შავი ღმერთის“ ყოველი გადაკვეთისას მუდამ ძალიან ვღელავდი… (თუმცა, როგორც ერთხელ ელიოტმა მიმითითა, ღმერთი მისისიპი კი არა, „ჭუჭყიანი მო“ – მისურიაო). ელიოტი მომიყვა, სიყმაწვილეში, როცა ის მისურის შტატში ცხოვრობდა, ერთ ცივ დილას, მის ოთახში დიასახლისი როგორ შევიდა, ჩაიდანს ცეცხლი როგორ შეუნთო და საწოლის ქვეშიდან თასი როგორ გამოათრია. მერე, ომის დროს, – განაგრძო ელიოტმა, – როცა დუბლინის „ტრინიტი-კოლეჯში“ იეიტსის შესახებ ლექციას ვკითხულობდი, იმ სასტუმროს ნომერში, სადაც მე ვცხოვრობდი, ხანშიშესული დამლაგებელი რომ შემოვიდა, ბუხარში ცეცხლი დაანთო და საწოლის ქვეშიდან თასი გამოიღო, ასე მეგონა, ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი, ისევ იმ შორეულ მისურში ვცხოვრობდიო. იმ დღეს ელიოტი ძალიან საყვარელი და გულისამაჩუყებელი იყო. რესტორნიდან გამოსვლისას პალტოების ასაღებად რომ ვიცდიდით, გავიგონეთ, მეტრდოტელი მეგარდერობეს როგორ ეუბნებოდა, ახლა აქ თანამედროვეობის უდიდესი პოეტი და უდიდესი თანამედროვე კომპოზიტორი იმყოფებიანო. ამაზე თავი, ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენით, მაგრამ მდგომარეობიდან ისევ ჩემმა ცოლმა გამოგვიყვანა – რა თქმა უნდა, ესენი ხომ ყოველთვის ძალიან ცდილობდნენო. – თქვა მან სათანადო ინტონაციით.

    1. „კრიტერიონი“ – ელიოტის მიერ 1922-1939 წლებში გამოცემული ჟურნალი (მისი პირველი ნომერი გაიხსნა ელიოტის
    პოემით – „ბერწი მიწა“).
    2. სუინი – ელიოტის სატირული ლექსების გმირი („ლექსები“, 1920).
    3. ტირეზია – ელიოტის ლექსების ციკლის – „პრუფროკი და სხვა დაკვირვებების“ გმირი (1917). ამ ციკლში შედის ადრეული
    ელიოტის საპროგრამო ნაწარმოები – „ჯ. ალფრედ პრუფროკის სიყვარულის სიმღერა“.
    4. სტრავინსკი იხსენებს ელისეს მინდვრების თეატრს, სადაც შედგა „ღვთაებრივი გაზაფხულის“ პრემიერა. ეს პიესა დაიდგა
    ლონდონში, „ალბერტ-ჰოლში“, პრემიერიდან 50 წლის თავზე. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ ახლაც,
    ისე, როგორც 50 წლის წინათ, დირიჟორობდა 88 წლის პიერ მონტიე, თუმცა ამჯერად პიესის მხოლოდ საკონცერტო
    შესრულებას. სტრავინსკის მტკიცებით, სწორედ მონტიეს ეკუთვნის „ღვთაებრივი გაზაფხულის“ რეაბილიტირება პარიზში
    1913 წლის მაისის წარუმატებელი პრემიერის შემდეგ. აქ კომპოზიტორი ეხება პარტიტურის საკონცერტო შესრულებას
    1914 წლის აპრილში, როცა მაყურებელი მას აღფრთოვანებული შეხვდა. სტრავინსკი არ მიუთითებს ამ მოვლენის ზუსტ თარიღს,
    მაგრამ კომენტატორმა შეძლო დაედგინა, რომ პ. მონტიეს დირიჟორობით „ღვთაებრივი გაზაფხულის“ ეს საკონცერტო
    შესრულება შედგა `კაზინო დე პარიში~ 1914 წლის 5 აპრილს. თუმცა საჭიროა აღინიშნოს, რომ „ღვთაებრივი გაზაფხულის“
    რეაბილიტაცია მოხდა ცოტა უფრო ადრე და რაც კიდევ უფრო ყურადსაღებია, მოსკოვსა და პეტერბურგში, კომპოზიტორის
    სამშობლოში, 1914 წლის 5 და 12 დეკემბერს. ამჯერად ორკესტრს დირიჟორობდა კუსევიცკი (იხ. ა. კუზნეცოვი.
    რუსული ბეჭdვის სარკე, 1982 წ. №6, გვ. 72-74).
    5. ელიოტის ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ეხება „ღვთაებრივი გაზაფხულის“ იმ საკონცერტო შესრულებას, რომელიც
    შედგა 1921 წელს ლონდონში, ი. გუსენსის დირიჟორობით, რასაც სტრავინსკი „ქრონიკაში“ იგონებს (გვ. 150).
    6. კოვბოის ფართოფარფლებიანი შლაპა.
    7. იმ მოგზაურობის დროს ევტუშენკომ სტრავინსკიც მოინახულა. მათ შეხვედრას ესწრებოდა ლ. ლიბმენი და პოეტის ეს
    ვიზიტი სწორედ მან აღწერა თავის მოგონებებში: „სტრავინსკებმა პოეტი სასტუმრო ოთახში მიიღეს. იმ დროს ბიბლიოთეკაში
    ვიყავი, მაგრამ იქაც გარკვევით ისმოდა რუსული შეძახილები, რაც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მესმოდა
    სტრავინსკის ომახიანი და მისი ცოლის მხიარული ხმა. სტრავინსკები მას ისეთი ენთუზიაზმით პასუხობდნენ, რომლის
    მსგავსი მათ გვერდით გატარებული მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მსმენია, თვით მათი რუსი მეგობრების
    სტუმრობის დროსაც კი. მერე ევტუშენკომ ლექსების კითხვა დაიწყო. ახლა კი თავი ვეღარ შევიკავე და ჰოლიდან სასტუმრო
    ოთახში შევიხედე. რა თქმა უნდა, პოეტი საკუთარ ლექსებს კითხულობდა. მისი ხმა დიდი სიმებიანი ორკესტრივით ვიბრირებდა,
    მასში დებიუსის პიანისიმო და ბეთჰოვენის ფორტისიმო ჟღერდა, ხოლო მათ შორის ვაგნერის, მოცარტისა და სტრავინსკის
    ჟღერადობის მთელი გამა იყო. ლირიკული ადგილების კითხვისას სავარძელში იჯდა, დრამატულ ადგილებს ფეხზე წამომდგარი
    დეკლამირებდა. მისის სტრავინსკი წინ წამოწეულიყო და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს თავის დაბადების ოცი
    წლისთავს ზეიმობსო. თვითონ სტრავინსკი ჯოხს დაყრდნობილი, თითქოს „ო“-ს სათქმელად ტუჩებწინწამოწეული და ყურადღებადქცეული იჯდა და თვალს არ აშორებდა. ჩემთვის კი, ო, რა სამწუხარო იყო, რომ პოეტის არც ერთი სიტყვის შინაარსი
    არ მესმოდა!“ (Llibmen, გვ. 305).
    8. ელიოტის დისერტაცია – „შემეცნების საგანი და გამოცდილება ფ.გ. ბრედლის ფილოსოფიაში“ (1916 წ.) ელიოტს ეს დისერტაცია
    არ დაუცავს.
    9. აღნიშნული რომანები ელიოტს ერთმანეთში ერევა, ვინაიდან ორივე რომანის სახელწოდებაში შედის ინგლისური სიტყვა
    – middle (შუათანა, შუა, საშუალო) ერთ შემთხვევაში დასახელებულია ჯორჯ ელიოტის რომანი „მიდლმარჩი“ (1871-1872)
    (ჯორჯ ელიოტი მწერალი ქალის მერი ენ ევანსის ლიტერატურული ფსევდონიმია), ხოლო მეორე შემთხვევაში უოლტერ
    სკოტის რომანი – „შუათანა ლომიანას გული“ ანუ „ედინბურგის დილეგი“ (1818 წლის რუსულ გამოცემაში იგი ამ მეორე სათაურით
    არის ცნობილი).
    10. იგულისხმება უ. ლუისის ავტობიოგრაფია (Lewis w. Blesting and Bombazdiering London, 1969).
    11. 1525-1526 წლებში ინგლისში აშენებული ჰენრი მერვეს სასახლე.
    12. 1963 წლის 12 დეკემბერი.
    13. ჯოზეფ კონრადი დაიბადა ბერდიჩევში, ერთხანს ცხოვრობდა ჩერნიგოვსა და ვოლოგდაში
    14. ჯოზეფ კონრადმა მიიღო ინგლისის მოქალაქეობა.
    15. ლაპარაკია ჯ. კონრადის რომანზე „ნოსტრომო“ (1904) და ორ მოთხრობაზე – „სიჭაბუკე“ და „უარყოფითი თვისება“
    (1917).
    16. გიიომ აპოლინერის ლექსების კრებული „ალკოჰოლი“ (1913).

    © “ჩვენი მწერლობა”