• რეცენზია

    გელა ოდიკაძე

    ლექსების პასიანსი

    თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი (ლექსები). თბ. “დიოგენე”, 2006.

    ლექსების თანმიმდევრობით დაწყობა ანუ ციკლების შედგენა, ჩემი აზრით, ცალკე ხელონებაა. პოეტს ლიტერატორის ალღოც უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ლექსების გარკვეული ნიშნებით შემკვრელი მღლიანობა შექმნას. შეიძლება პოეტმა სამი ან ოთხი კარგი ლექსი მოიძიოს, იქვე ექვსიოდე, ნაკლები მნიშვნელობის ლექსიც დაამატოს, მაგრამ შედგება კი ამგვარად ციკლი? მე ვფიქრობ, არა.
    ციკლიში ყოველი ლექსი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყოველი ლექსი უნდა “ფლობდეს” სივრცეს. ერთი სრული ციკლი კი სწორედ ამ სივრცეთა ისეთი განაწილებაა, როცა კიდევ ახალი, უფრო ფართო სივრცის პერსპექტივა იქმნება. ეს ხდება მაშინ, როცა დაახლოებით თანაბარი მხატვრული დონის ნაწარმოებები იყრის თავს. ყოველი ჩავარდნა მთლიანობის რღვევის და სიცარიელის შეგრძნებას აღძრავს. ერთი არასწორად დადებული ან გვერდშეწეული კუბიკის გამო შეიძლება კუბიკებისგან აგებული მთელი შენობა ჩამოშვავდეს.
    თემურ ჩხეტიანის საკმაოდ ვრცელ წიგნში ვცდილობ განწყობილების სიმკვეთრით აღბეჭდილი ის ლექსები შევარჩიო, რომლებიც ჩემთვის სასურველ, ჩემთვის წარმოსახულ ციკლად გაერთიანდა.
    მიუხედავად იმისა, რომ თემურ ჩხეტიანმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გააერთიანა, მაინც შეიძლება იმ ერთი ზოგადი მკაფიო განწყობილებისმიერი გამჭოლი სხივის მოძებნა, რომელიც ამ წიგნებს ემოციურად კრავს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ლაიტმოტივი, ეს ლირიკული დინება უნდა ვიპოვო. ამ უმთავრესი მოტივის პოვნის შემდეგ ვაკვირდები ლექსწერის რა ხერხების მეშვეობით გადმოსცემს ავტორი ხაზგასმულად თავის სათქმელს. საბოლოოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა მოვუყარო თავი იმ ლექსებს, რომლებშიც კონცენტრირებულია მთავარი განწყობა და ამ განწყობის გადმომცემის ლექსწერის ხერხები.
    აი რას წერს თემურ ჩხეტიანი: “…მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,/ რამდენიც შემეძლო/ ვწერდი ცოტას,/ რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი.” როცა ის ამბობს, რომ წერდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, ანუ წერდა ცოტას – ეს პროფესიული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი. ის წერდა ცოტას, ე.ი. წერდა მაშინ, როცა შთაგონება ეწვეოდა. შთაგონება კი ის განწყობა იყო, რომელიც მას თითქმის მუდმივად ჰქონდა, მაგრამ დროდადრო მდინარესავით არა მხოლოდ მოედინებოდა, არამედ ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა კიდეც. სწორედ ამ “წყალდიდობის” პერიოდში წერდა თემურ ჩხეტიანი ლექსებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს იძენენ ლექსები მნიშვნელობას, ისიც მაშინ, როცა ზეაწეული განწყობა და შესაბამისი ლექსწერის ხერხები ემთხვევა ერთმანეთს.
    მე ვიღებ თემურ ჩხეტიანის კრებულს და პასიანსივით ვშლი იმ ლექსებს, რომელთაგანაც შეიძლება უკვე არსებულზე უკეთესი ციკლი შედგეს. ბუნებრივია, ბევრი ლექსი ამოვარდება წიგნიდან, რადგან უმთავრესია არა ლექსების რაოდენობა, არამედ თუნდაც მცირე რაოდენობის ლექსებით შექმნილი ლირიკული სივრცის სიფართოვე.
    აი, ვთქვათ ერთი ასეთი ლექსი: “ჩემმა სხეულმა გაიარა ოთხი კედელი/ გაეშურა ოთხივე მხარეს,/ თვალს მიეფარა და… დამეძინა.” აქ პოეტის ობიექტივმა ჩაძინების მომენტი აღბეჭდა, მხოლოდ არა ვიზუალური სივრცე, არამედ შეგრძნებათა ნაკადი. ან ასეთი ლექსი: “მე ვწვავ ხელნაწერებს,/ იფერფლება ნელა ქაღალდი,/ ხოლო კვამლი/ თეთრი და მწარე/ უკან მიბრუნებს ცრემლებს ლექსიდან.” კიდევ ერთი: “ ჩაიარა გვიანმა მანქანამ/ ჩაიარა შუაღამის ეშელონმა,/ სადღაც ფანჯარაში გაკრთა სილუეტი,/ ფანჯარაც ჩაქრა…/ სიჩუმეა, ჩუმად ვეწევი.” კიდევ ერთი: “მსურდა, რომ კარი გამომეღო,/ მაგრამ მე ხელში/ სახელური შემრჩა მარტოდენ,/ იქვე დავტოვე/ ეგებ ვინმემ გამოიყენოს.”
    ამ მცირე ზომის ლექსებში არა მხოლოდ წამიერი განწყობილება, არამედ უეცრად აღძრული ასოციაციაა მოხელთებული. აქ პოეტმა ძნელად მისაღწევ მიზანს მიაღწია: ფოკუსი თითქმის ბოლომდე გაასწორა, რამდენადმე ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტი გამოუძებნა განცდას. ვერ ვიტყოდი იგივეს ამ ციკლური მონაკვეთის ხვა ლექსებზე.
    წიგნში არ შევიტანდი იმ ლექსებს, რომელთა საერთო სათაურია “ხუთი მარტივი შაირი”. ეს ლექსები ზოგადი განწყობილებით თითქოს ორგანულად თავსდება კრებულის კონტექსტში, მაგრამ შესრულება, ამ შემთხვევაში ხალხური სამეტყველო კილო, არ ესადაგება ვარიაციულად მრავალგზის გამეორებულ განწყობილებას.
    თემურ ჩხეტიანის პოეზიაში ყველაზე ხელშესახებად მარტოობის მოტივია წარმოჩენილი. ეს მარტოობა სულიერიც არის და ფიზიკურიც. სადღაც პროვინციაში, ხმაურიან ქალაქებს მიღმა ცხოვრობს ამ ლექსების ლირიკული სუბიექტი, ამ სივრცეში ბუნებრივად ჟღერს ფრაზა: “მაისი ისევ წვიმიანია”, რადგან ირგვლივ არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წვიმს. ასეთია თემურ ჩხეტიანის პოეზიის ატმოსფერო, – გამჭვირვალე, მსუბუქი ნაღველით და სინანულით გაჟღენთილი. ეს არის მისი პოეტური კრებულის ლაიტმოტივი და ამ ნიშნით ვშლი მეც მისი ლექსების პასიანსს. მხოლოდ ვარჩევ იმ ლექსებს, სადაც მოწყენილობა მშრალი დეკლარილებული სტილით კი არა, პოეტური მინიშნებების ენით არის გამოხატული. პასიანსი ორი მთავარი ტექსტის ირგვლივ გაიშლება, ეს ლექსებია “ბუდე” და “ფოთლების პასეანსი”. აქვე ჩემს მიერ შერჩეული მთელი ციკლი მოიყრის თავს: “თიხის ლარნაკი”, “ოთახი”, “თებერვლის ფურცელი”, “გაუქმებული სიზიფე”, “იანვარი”, “ორნი ერთად” და სხვა.
    და კიდევ: საერთო სურათს თემურ ჩხეტიანის პოეტური მდინარეების ერთი შენაკადიც ერთვის. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, ჭვრეტითი-მედიტაციური ლირიკა. ფაქტობრივად ეს მახვილგონივრული ლირიკული განაზრებებია, ოღონდ აქაც ჩხეტიანისეული წყნარი, მარტოობაში აღძრული ფიქრის ჩქამი იძვრის: “ფსალმუნი II”, “მუზეუმი III” და სხვა ლექსები.
    პასეანსი გაწყობილია. აქ უფრო ნაკლები ლექსია, მაგრამ მეტია სივრცე და საგანთა სიმკვეთრე.

    (c) “ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

    პერ პეტერსონი
    ”გაქცეული ცხენები”
    Per Petterson
    OUT STEALING HORSES
    258გვ Graywolf Press



    ტრონდ სანდერი მარტო დარჩა – მას მეუღლე და და დაეღუპა, ახლა კი ამ ტკივილის განკურნებას სწორედ მარტოობით ცდილობს. არავითარი დრამატიზირება – უბრალოდ, სურს, სახელმწიფო სუბსიდიაზე იცხოვროს და ძველი ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამასობაში საინტერესო დასკვნამდეც მიდის – თურმე იღბლიანი ადამიანი ყოფილა – მისი ცხოვრებისეული მისწრაფება ხომ ყოველთვის მარტოობა იყო?.. ვითომ, მეუღლის დაღუპვამ ის უბრალოდ გაათავისუფლა? საინტერესოა სკანდინავიელის თვალით დანახული განსხვავება მარტოობასა და გარიყულობას შორის… ნორვეგიელი მწერლის, პერ პეტერსონის ახალი რომანი სულ ცოტა ხნის წინ IMPAC-ის ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.

    ნაიალ გრიფიტსი
    ”ლილიპუტი”
    Runt
    Niall Griffiths
    149გვ Jonathan Cape

    ნაიალ გრიფიტსის ახალი რომანის პერსონაჟი ეპილეფსიით დაავადებული პატარა ბიჭი – ლილიპუტია. იგი 16 წლის ასაკში სიხარულით ტოვებს სკოლას და ბიძამისის ჯოჯოხეთურ ფერმას. მამა არ ჰყავს. დედა კი ცდილობს, შეინარჩუნოს შეურაცხმყოფელი ურთიერთობა მამინაცვალთან… ბიჭის ერთადერთი მეგობარი მისივე ძაღლია, რომელთან ერთადაც სახლის წინ მიგდებულ, მიტოვებულ ჟანგიან მანქანაზე წვიმის წვეთების ხმას უსმენს ხოლმე. მორიგი წვიმისას ბიჭს იდეა მოსდის – გადაწყვეტს, ძაღლთან ერთად შეთქმულება მოაწყოს მამინაცვლის წინააღმდეგ და, არც მეტი, არც ნაკლები – მოკლას იგი, ისე, როგორც მტაცებელი ფრინველები ხოცავენ თაგვებს. ”ჩვენ ვქმნით მონსტრებს, იმისთვის, რომ ხანდახან სწორედ მათმა არსებობამ შეგვახსენოს ჩვენი ადგილი ამ სამყაროში,”- ამბობს გრიფიტსი თავისი ახალი რომანის შესახებ.

    ინგო შულცე
    ”მობილური ტელეფონი”
    Ingo Schulze
    Handy
    280გვ Berlin Verlag

    1999 წლის დეკემბერი, საახალწლო ღამე – ბერლინი ათასწლეულის დასასრულს ხვდება. ახალგაზრდა მასწავლებელი, ფრანკ რეიხერხტი, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მუშობს, საშობაო არდადეგებზე შინ ბრუნდება, და სწორედ ათასწლეულის მიჯნაზე ხვდება იულიას, თავის ძველ, დაკარგულ შეყვარებულს. არადა, დაშორებიდან მთელი წლის მანძილზე არაამქვეყნიურივით დაბოდიალობდა აქეთ-იქით, არც კარიერული წარმატების გემო გაუგია და ვერც ახალ ნაცნობებთან მოძებნა საერთო ენა. ყველგან იულიას აჩრდილი დაჰყვებოდა, და იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. ახლა კი, როცა მისთვის ახალი ათასწლეული სასწაულებითა და ბედნიერებით იწყება, ცოტა არ იყოს, დაბნეულია…
    ეპოქალური რომანის ”ახალი ცხოვრების” (Neues Leben) შემდეგ ეს წიგნი თანამედროვე გერმანელი მწერლის, ინგო შულცეს, მეორე სერიოზული ნაშრომია.

    ფრედერიკ ბეგდებერი
    ”მიტევებაში დახმარება”
    Au secours pardon
    Frédéric Beigbeder
    318გვ Grasset & Fasquelle

    99-ფრანკიანი სარეკლამო განცხადების ავტორი ოქტავი კვლავ ბრუნდება. ამჯერად ის დიდი ჩრდილოეთის დედაქალაქში, მოსკოვში, დახეტიალობს – არც მეტი, არც ნაკლები, ახალი პროფესია შეიძინა. ეს სწორედ ის არის, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა – სამოდელო სააგენტომ მას ქვეყნის ულამაზეს გოგონებს შორის საუკეთესოების არჩევა დაავალა. უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს ყველა გოგო გაუცნობიერებლად ცდილობს, ერთსა და იმავე მითიურ არსებას დაემგვანოს, და მეტ-ნაკლებად გამოუდით კიდეც ეს… აი, სანკტ-პეტერბურგელი მოზარდი ლენა კი სულაც არ გავს სხვებს, რაც ოქტავის ყურადღებას მიღმა არ რჩება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – გოგონა ოქტავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდება…

    “დივისადერო”
    Mმაიკლ ონდაჩე
    “Dივისადერო”
    Mიცჰაელ Oნდაატჯე
    273გვ. Aლფრედ A. Kნოპფ

    ქუჩას, სადაც ანა ცხოვრობს, “დივისადერო” ჰქვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანური სიტყვის ”დივისიონ”-ის (”გაყოფა”) მიხედვით ეს ქუჩა გამყოფი ხაზი უნდა ყოფილიყო სან-ფრანცისკოსა და პრესიდიოს ველებს შორის, ან კიდევ, ეტიმოლოგიას უფრო თუ ჩავუღრმავდბით, ისიც დასაშვები იქნება, რომ რომანს იმ ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც შორი დისტანციიდან აკვირდება რაღაცას. ასეა თუ ისე, ანას თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ მკითხველს სრული თავისუფლება ექნება, თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ დაარქვას რომანს სახელი. ახალი წიგნის პერსონაჟი ონდაჩეს ერთგულ მკითხველს რაღაცით იმავე ავტორის ”ინგლისელი პაციენტის” ჰანას მოაგონებს. ”დივისადერო” მწერლის მეხუთე რომანია.

    ტენესი უილიამსი
    ”უბის წიგნაკები”
    Tennessee Williams
    Notebooks
    784გვ Yale

    ინგმარ ბერგმანის პირველი საღამო ნაციონალურ თეატრში (1970) კინაღამ ჩაიშალა საშუალო ასაკის წვერებიანი მამაკაცის გამოხდომის გამო, რომელიც პარტერში თავის მშვენიერ კომპანიონთან ერთად იჯდა და მეგი სმიტის ყოველ წარმოთქმულ ფრაზასა თუ მიხრა-მოხრაზე ხმამაღლა ხარხარებდა. აბეზარი მაყურებლის საქციელმა საღამო კომედიად აქცია. ღონისძიების მსვლელობისას მას რამდენჯერმე სთხოვეს კიდეც, დაეტოვებინა დარბაზი. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები – ტენესი უილიამსი იყო, 20-ე საუკუნის ცნობილი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი. მისი ცხოვრება ბოჰემური თავგადასავლებით, ალკოჰოლიზმითა და ეპატაჟური გამოხდომებითაა დატვირთული, შესაბამისად, წიგნში თავმოყრილი მისი მოღვაწეობის ისტორიებიც სხვადასხვა საინტერესო და დღემდე უცნობი ფაქტების მომცველია.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    გია არგანაშვილი

    კრიტიკოსის არჩევანი


    ანდრო ბუაჩიძე “ილუზიების მსხვრევა”. გამომცემლობა “სამკალი”. თბილისი 2006.

    ანდრო ბუაჩიძისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს სხვადასხვა ვითარებაში რას წერს კაცი – ლექსს, მოთხრობას თუ კრიტიკულ წერილს. მთავარია, ვინ წერს. ეს “ვინ”, მისი აზრით, უნდა იყოს მხატვარი, ლიტერატორი, ნატიფი კულტურის მქონე პიროვნება.
    ამის განმარტება დასჭირდება მკითხველს, ვიდრე ლექსების ორი წიგნის ავტორის და ამ ჟანრში რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მესამე – კრიტიკული წერილების კრებულს აიღებს ხელში.
    ამას ისიც დავუმატოთ, რომ ანდრო ბუაჩიძე თარგმნის პოეზიას, წერს პიესებს, მოღვაწეობს პედაგოგიურ სარბიელზე…და წარმატებით მონაწილეობს სხვდასხვა ლიტერატურულ კონკურსებში..
    ასეთ შემთხვევაზე ახლა არცერთი ცნობილი ქართული ანდაზა ან შეგონება არ მახსენდება, რადგან ვთვლი, რომ ჩვენში კრიტიკას უფრო უჭირს, ვიდრე ლიტერატურას და რაც უფრო მეტი შემოქმედი დასაქმდება ამ ჟანრში, უფრო უკეთესი იქნება.
    ჩვეულებრივ, შემოქმედი სწავლულზე უფრო თამამია საკუთარ მსჯელობაში. ერიდება ვრცელ ლიტერატურულ-თეორიულ დისკურსს და მზამზარეული აზრების გამეორებას. შემოქმედებითი გამოცდილება, რომ ყოველი ფრაზა აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, მის ტექსტს შინაარსიანს და ადვილად გასაგებს ხდის.
    ამ წიგნში ავტორი განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც პოეტის შემოქმედებას ეხება, ამ დროს იგი კი არ “აკრიტიკებს”, არამედ ერთგვარი გიდის მოვალეობას ასრულებს და მკითხველს ლექსწერის რთულ პროცესში ახედებს.
    კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე მარტივად წერის მომხრეა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი იმის ახსნას ცდილობს, რაც პროზაული ენით არ გადმოიცემა), არ უყვარს სნობური განსჯები და “სირთულედ მონათლული ბნელმეტყველება”, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ყოველთვის სწორხაზოვან აზროვნებასთან ასოცირდება.
    კრებულში ავტორმა ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წერილებს, ესეებს და საუბრებს მოუყარა თავი (შეიძლება ამ ხნის მანძილზე კრიტიკოსის აზროვნებაშიც მოხდა ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ ამას საგანგებოდ არ დავკვირვებივარ). ეს კი ლიტერატურის საკმაოდ ვრცელ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, სადაც ღირებულებათა ცვლილება და ილუძიების მსხვრევა კარგად იგრძნობა.
    ასეთ დროს კრიტიკული აზრი და ათვლის საერთო წერტილის მოძებნა უფრო ძვირად ფასობს. ავტორიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა ხელახლა უნდა შეფასდეს, ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი ჩამოსცილდეს ქართულ კულტურას, უნდა აღდგეს ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა მახინჯი იდეოლოგიით გაამრუდეს, თუმცა ამჩნევს საპირისპირო ტენდენციას, რომ გარკვეულ წრეებში გამოჩნდნენ “არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები”, რომელთაც ღირებულებათა შერყვნა და ნამდვილ ფასეულობათა უარყოფა მოიწადინეს.
    ალბათ ამ ტიპებს შორის აღმოაჩინა კრიტიკოსმა საბჭოთა კალმოსნის თავისებური ნაირსახეობა “მწერალი-პრაგმატიკოსი”. ადამიანი, რომლისთვისაც მწერლობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. თათბირების, პრეზენტაციების, ტელედებატების მუდმივი მონაწილე მწერალი, რომელმაც უკვე იმდენი დაწერა, რომ სოციალურად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ის თავს ღირებულებათა უარყოფით იწონებს, თუმცა საკმაოდ მოქნილია და მზად არის დათმობაზეც წავიდეს, თუ იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით ამაღლების საშუალება მიეცა.
    ამავე წერილში, მწერალ-პრაგმატიკოსის სრულყოფილი პორტრეტის გვერდით, იკვეთება კონტურები “უბირი ავტორისა”, რომლის ღიმილისმომგვრელ ნაწარმოებებში, თუ პროზად არის დაწერილი, “სექსუალური აღვირახსნილობა” ჭარბობს, ხოლო თუ ლექსებია – “ჰეროიკულ-პატრიოტული” მოტივი.
    ანდრო ბუაჩიძე აკვირდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას და სხვა საინტერესო აღმოჩენებასაც გვთავაზობს, თუმცა ის მაინც ერიდება ავტორიტეტებთან ბრძოლას და ხმაურიან პოლემიკას, მას ღირებულებათა დამკვიდრების საკუთარი გზა აქვს არჩეული.
    რადგან კრიტიკოსი არჩევანში თავისუფალია, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს ორი-სამი წერილი გურამ რჩეულიშვილის, ჯემალ თოფურიძის, თამაზ ბაძაღუას, ვახუშტი კოტეტიშვილის, ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაზე; უფრო ძველი თაობიდან ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო სამადაშვილის, გერონტი ქიქოძის; ხოლო უცხოელთაგან დოსტოევსკის, ვულფის, რილკეს, პასტერნაკის (რა თქმა უნდა, წიგნში ის სია უფრო ვრცელია) გამოყოფა, გამორჩევა, როგორც ხდება ნაყოფისდამიხედვით, რომ ოდესმე მაინც დაბინავდნენ ღირსების შესაფერისად, დასხდნენ მარჯვნივ და მარცხნივ…
    შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმთა შორის კრიტიკოსი სამყაროს თანამედროვე რაკურსით ხედვის, ევროპული ფასეულობის და ახალი მსოფლშეგრძნების საზომ ერთეულსაც იყენებს. ესაა თანამედროვე ღირებულებები და სრულიად საკმარისია შემოქმედისთვის, რომ მან თავის თანამედროვეთა შორის მართლაც ღირსეული ადგილი დაიკავოს, ვიდრე უფრო ახალი მსოფლშეგრნება არ დააძველებს დღევანდელ სიახლეს და ხელახალი გადაფასების დრო არ დადგება.
    რა თქმა უნდა, კრიტიკოსსაც შეუძლია ამ საზომით შეაფასოს ლიტერატურული პროცესები და რომელიმე თანამედროვე კლასიკოსის “ხელისმომკიდედ”, პოპულარულ კრიტიკოსად იქცეს. თუმცა, არსებობს სხვა გზა, შეფასების სხვა “მუდმივა”, არაპოპულარული მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ტექსტის, არამედ საერთოდ ადამიანის “მარადიულ კონტექსტში” განხილვას გულისხმობს.
    კრიტიკოსის არჩევანი ამ შემთხვევაშიც თავისუფალია.
    ვფიქრობ, ეს არჩევანი ანდრო ბუაჩიძეს უკვე გაკეთებული აქვს (ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილი), ახლა მხოლოდ მისი ერთგულება ევალება, რაც თანდათან, ალბათ უფრო გაძნელდება.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    დავით პაიჭაძე

    თბილისური კრიმინალის აედი

    აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.

    აჰა! – ქართულ ლიტერატურაშიც გაჩნდა რომანი, სადაც მოქმედების ნაწილს წიგნები წარმართავენ და ბიბლიოთეკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონაჟები. ამიერიდან ჩვენცა გვაქვს ჩვენებური “ვარდის სახელი” და შეგვიძლია გადავიღოთ “მეცხრე კარიბჭე”.
    მაგრამ მეეჭვება, აკა მორჩილაძის რომანში Maid in Tiflis სწორედ წიგნის თემა იყოს წამყვანი. თუ ეკოსა და პერეს-რევერტესთან (უფრო კი პოლანსკისთან) წიგნის მიგნება, ფორმალურად მაინც, პერსონაჟთა ძირითადი მიზანია, აკა მორჩილაძე ატრიზავებს ამ მოტივს. წიგნი აქ სულაც არ არის მიზანი. წიგნებს არც მიგნება სჭირდება, რადგან ყველა გამოფენილია, საოჯახო ბიბლიოთეკაში ძევს. მარტო ერთია დამალული და, როგორც ბოლოსკენ აღმოჩნდება, მასაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც ყველა დანარჩენს.
    წიგნებისადმი აკა მორჩილაძის პერსონაჟთა დამოკიდებულება უაღრესად ქართულია: მათ არ კითხულობენ. ხომ ვიცით, რომ ოჯახებში წიგნების უმეტესობა არ გადაუშლიათ. მით უმეტეს, ძველი, საბჭოთა დროს გამოცემული და ნაგროვები წიგნების. მაშ რაღას ყიდულობდნენ? არავითარი ენიგმა აქ არ არის. წიგნი – კაპიტალია, “დაგროვების საშუალება”. გაგიჭირდება – გაყიდი. ყოველ შემთხვევაში, ეს პასუხი აქვს აკა მორჩილაძის პერსონაჟს, კოლია მოგელაძეს, რომელიც კარგა ხნის მკვდარია.
    აი, რა არის Maid in Tiflis-ის მთავარი თემა: მკვდრების, აჩრდილების, თან მყოფთა და თან არმყოფთა ძალა. მათი გავლენა ცოცხლებზე, მათი დიქტატი, უნარი, გმართონ, გამოქმედონ, გაგართონ ან სიცოცხლე გაგიმწარონ საიქიოდან. მაგრამ მთავარი თემის დადგენაც რომ ძალიან საეჭვოა? წიგნში გაცილებით მეტ თემასა თუ მოტივს დაძებნი.
    აკა მორჩილაძის რომანები და მოთხრობები ორ პირობით ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირობითი ისტორია ხშირად “ზუსტი” დროით, მოგონილი ამბებით, ზოგჯერ მოგონილი ადგილებით და ასეთივე თანამედროვეობა. ეს უკანასკნელი კი აკა მორჩილაძესთან არ არსებობს კრიმინალის გარეშე. ის არის აედი ქართული კრიმინალისა, რომლის ხელში დაიბადა, იზრდება და აგრძელებს განვითარებას ახალი ქართული სახელმწიფო, პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება. ამ ციკლის სათავეში დგას “მოგზაურობა ყარაბაღში” (გახსოვთ, არა, როგორც იწყება: აქ ომი იყო თუ რაღაც, რაც ჰქვია – აი, ის რომ გაიქცა და მერე რომ…). სრულდება კი ციკლი ჯერჯერობით ამ რომანით, Maid in Tiflis.
    მოდი ახლავე ვთქვათ, რომ სათაურის გაშიფვრა ბევრს არაფერს მოგვცემს: maid წარმოითქმის როგორც made და ნიშნავს ქალწულს ან შინამოსამსახურეს. მოკლედ, ნაცვლად დამზადებულია (ან: მოგონილია, შედგენილია) თბილისში ხელთა გვაქვს ქალწული თბილისში. სლვაჲ ესე, ალბათ, უნდა გავიგოთ, ვითარცა მკითხველის შემზადება ცრუმოძრაობების, ირონიისა და ლიტერატურული თამაშისათვის, რაც რომანს მართლაც არ აკლია. თითქმის იგივე და ცოტა მეტი ფუნქცია აქვს წიგნის 12 თავს ეპიგრაფად წამძღვარებულ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ტექსტებს, რომანისტის თავისუფალ თარგმანში…
    კრიმინალს დავუბრუნდეთ. თუ აკა მორჩილაძის ადრეულ რომანებსა და მოთხრობებში ის იყო ცოცხალი, ხელშესახები, მჩქეფარე – ახლა რაღაცნაირად დაკრისტალებულია, თითქმის უხილავი, ბოროტი ნატვრისთვალია, რომელსაც ყველაფერი ძალუძს. ვგულისხობ, ამ რომანში, რაც უნდა, ყველაფერს აღწევს.
    ამ ორი სერიოზული მოტივის – აჩრდილთა ძალაუფლებისა და კრიმინალის კვეთა წიგნში ზოგან ძალიან სასაცილოც შეიძლება იყოს. კოლია მოგელაძის შვილიშვილს, პლეხანოველ მოგელას ბებერი ქალაქელი ბანდიტები აკითხავენ, ბაბუაშენს განძი ჰქონდა ეზოში დაფლული და იქიდან წილი გვეკუთვნისო. უკაცრავად ვარ მოუქნელი შედარებისთვის: მოგელას სტუმრების ეპიზოდი შორეულად მაგონებს შალვა რამიშვილისა და გია ჭანტურიას დარდუბალას, მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპის პაროდიას, დაფხავებული ინვალიდი ვამპირები რომ ამოდიან მიწიდან და ეშვიან შევარდნაძესთან ცეკვავენ.
    პლეხანოველ მოგელას სახელი არ აქვს. მის მეგობარს და სრულიად ასიმეტრიულ alter ego ბარნოველ ლევიკოს არ აქვს გვარი. მოგელას ქალს არც ერთი აქვს და არც მეორე. მას ქმარი გაუქრა, სამაგიეროდ დარჩა ავსტრიაში მცხოვრები მამამთილი (ხო ხვდებით უკვე, ვინც იქნება), რომელიც შვილის სიკვდილს არ იჯერებს და სურს, მთლიანად მართოს რძლის ცხოვრება. ის თითქმის არ ჩანს, მაგრამ სულ მოქმედებს. ბარნოველი ლევიკო მკვდარია, ბოლოშიღა მივხვდებით (ისიც არა დანამდვილებით), რამ მოკლა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ასევე გამუდმებით მოქმედებს და ცოცხლად დარჩენილ ძმაკაცს აიძულებს, წიგნებს დააკვირდეს, კანაფით დაბინდული ტვინი გაანძრიოს და თვითონაც გაინძრეს. აკა მორჩილაძეს ძნელი საქმე გამოსდის: წიგნიერი, განათლებული, მომხიბლავი ბიჭი საბოლოო ჯამში აფერისტია, ხოლო უსაქმური ნარკომანი კი – ძალიან სიმპათიური პერსონაჟი. მისი ინერტულობა და ჩემთვის უწვდომელ სივრცეებში განრინება – ეს თბილისის ბრალია, ქალაქის, სადაც ვერაფერი ხარობს და ადამიანებიც თანდათან ქრებიან.
    თორემ ჰოლანდიაში, სადაც თბილისს თავდაღწეული მოგელა და მისი ქალი გაიცნობენ ერთმანეთს… რომანის ეს თავი, მგონი, 21-ე საუკუნის ჯერჯერობით მთავარი ცელქობაა ქართულ ლიტერატურაში. გულწრფელი, სენტიმენტალური და რომანტიკული Love Story მოთხრობილია ენითა და აქცენტით, რომელიც განუხრელი ირონიის საგანია სრულიად აღმოსავლეთ საქართველოში. ჩარლზ ჩაპლინი იხსენებს, როგორ წარმოთქვა ანა პავლოვას სადღეგრძელო ვითომ ჩინურ ენაზე, რადგან ღარიბი ინგლისური ენა ვერ აუვიდოდა მის გრძნობებს. ეგებ თბილისური დიალექტი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ სალიტერატურო ენას, მართლა უძლურია სიყვარულის აღსაწერად და ამისთვის იმერული დიალექტი უნდა გამოვიხმოთ? აკა მორჩილაძის დიდოსტატური ოპუსი და უსაზღვრო ენობრივი არტისტიზმი პასუხს თუ არა, ამ კითხვას ნამდვილად გაგიჩენთ.
    Maid in Tiflis-ში არის კიდევ ერთი თავი, რომელიც გაგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძე გახლავთ ისტორიკოსი გიორგი ახვლედიანი. ის თან მოგვითხრობს და თან მსჯელობს ქართული ხასიათისა თუ ქცევის ორ, ვთქვათ რბილად, თავისებურებაზე, რომლებიც დამპყრობელთა ორმა სატრაპმა – ხოსრო მირზამ, იმავე როსტომ მეფემ და ლავრენტი ბერიამ შესძინეს ქართველებს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თითოეული ეს თვისება – თრიაქის წევა და უცხო ქალების სიყვარული – გახლავთ “მაკოორდინირებელი შტრიხი” პლეხანოველი მოგელასა და ბარნოველი ლევიკოსათვის. წავიკითხავთ რა (არ მეშინია ამ სიტყვის) მის ბრწყინვალე ესეს, უთუოდ გავიფიქრებთ, რომ აკა მორჩილაძე აღარ არის მარტო მწერალი. ის არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (2005)

    იმრე კერტეში, “ლიკვიდაცია”, ტიმ უილკინსონის თარგმანი
    Liquidation By Imre Kertesz. Translated by Tim WilkinsonAlfred A. Knopf, 130 გვ.

    ერთი ეპიზოდი რომანიდან: ბუდაპეშტი. ახალი წლის საღამო. მოქმედება 80-იან წლებში ხდება. ცნობილი გამომცემლობის რედაქტორი, ბატონი კინგბიტერი იქვე, მაგიდასთან მიმსხდარ პოკერის მოთამაშეებს შესცქერის. თამაშის წესები ცოტა უჩვეულოა. აქ ფული არ ტრიალებს. მოთამაშეები მხოლოდ იმ ადგილის სახელს ასახელებენ, სადაც უცხოვრიათ, უმოგზაურიათ ან გარკვეული ხანი გაუტარებიათ. მხოლოდ სახელი – მეტი არაფერი. მაგრამ სწორედ ეს სახელი განსაზღვრავს ჩიპების ღირებულებას.
    ბი, კინგბიტერის ახლო მეგობარი, იმრე კერტეშის ახალი რომანის – “ლიკვიდაციის” გმირი, თამაშიდან გადის. არ უნდა, რომ თაღლითური ფანდი გამოუვიდეს. ტყუილსაც ვერ იტყვის – აუშვიცი უნდა დაასახელოს, ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სიკვდილის ბანაკი. ამ სახელზე კოზირიც კი არ ჭრის.
    აუშვიცი გაუჭრელია – ეს აზრი კერტეშის მთელ შემოქმედებას გასდევს. ეს არის ღერძი, რომლის გარშემოც მწერლის მთელი მხატვრული სამყარო ბრუნავს – ადამიანური ყოფისა და ურთიერთობების ათვლის წერტილი.
    ებრაულ ოჯახში დაბადებულ კერტეშს (კერტეში 1929 წელს დაიბადა ბუდაპეშტში) კარგად ახსოვს 1944 წელი – აუშვიცში დეპორტაცია. ცოტა ხნის შემდეგ ის ბუხენვალდში დააპატიმრეს კიდეც. ომი რომ დამთავრდა, კერტეშმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. კომუნიზმის აღზევების ხანაში კი მწერლობასა და თარგმნას მიჰყო ხელი. კერტეშის პირველი რომანი “უბედობა” 1975 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იმხანად დამწყები კალმოსანისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, არც რომანის განსჯა-შეფასებით შეუწუხებიათ თავი. რომანმა მხოლოდ 20 წლის მერე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 2002 წელს კერტეშს ნობელის პრემია მიანიჭეს.
    “ლიკვიდაცია” კერტეშის პირველი რომანია ნობელის პრემიის მიღების შემდეგ. “ლიკვიდაცია” მთავარი გმირის მიერ შექმნილი პიესის სახელია. სხვა რომანების მსგავსად, ახალ ნაწარმოებშიც იგრძნობა კაფკასა და ბეკეტის გავლენა, მრავლად გვხვდება მეტაფიზიკური წიაღსვლები, ქვეტექსტები და ა.შ.
    ერთ-ერთ საწყის ეპიზოდში გამომცემელ კინგბიტერს რამდენიმე მამაკაცი ესტუმრება. სტუმრები ბის შემოქმედებაზე იწყებენ საუბარს. ლაპარაკ-ლაპარაკში გამომცემელი აცნობებს, რომ საგამომცემლო სახლი დახურვის პირასაა.
    უცნაური აქ არაფერი იქნებოდა, კინგბიტერს ბის სიკვდილის შემდეგ მისი ხელნაწერი რომ არ ჩავარდნოდა ხელში. კინგბიტერი ბის პერსონაჟებში საკუთარ თავსაც ამოიცნობს, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ რეალობაში ყველაფერი ზუსტად ისევე ხდება, როგორც ეს ბის ნაწერშია. ბის შორსმჭვრეტელობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა; აი აქ კი კინგბიტერმა უჩვეულო და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო – იმ ლიტერატურული გმირის ცხოვრებით ეცხოვრა, რომლის პროტოტიპიც ის თავისდა უნებურად აღმოჩნდა.
    როცა კინგბიტერმა ბის თვითმკვლელობის ამბავი გაიგო, მაშინვე მეგობრის სახლს მიაშურა დისიდენტი მწერლის ნაწერების დასახსნელად, მისი ქაღალდები “იქ”, “ზემოთ”, რომ არ ჩავარდნოდათ ხელში (მოქმედება 90-იან წლებში ხდება). მაშინ ბის ახალი პიესის შესახებ კინგბიტერმა არაფერი იცოდა, მაგრამ ლიტერატურული გუმანით ხვდებოდა, რომ მის შემოქმედებას რაღაც აკლდა, ნაღდი მწერალი კი ამქვეყნიდან ისე არ წავიდოდა, ეს ვაკუუმი რომ არ შეევსო. ასეც აღმოჩნდა. საკუთარი თავის ლიკვიდაციის შემდეგ მწერალმა ახალი პიესა, “ლიკვიდაცია” დაგვიტოვა.
    ბის თვითმკვლელობის მოტივმა კი ყოფილ ცოლთან დიალოგში გაიჟღერა: “პრინციპში შენ მართალი ხარ, ბი (ეს საუბარი მოგვიანებით მისმა ცოლმა გაიხსენა), ეს სამყარო მკვლელების სამყაროა, მაგრამ მე არ მინდა, რომ ის მარტო მკვლელების სამყაროდ წარმოვიდგინო. მინდა ვირწმუნო, რომ დედამიწა არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ცხოვრება.”
    აუშვიცმა გარკვეულწილად შეაფერხა ლიტერატურა, – თქვა კერტეშმა ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე.

    იან მაკიუენი, “შაბათი”
    Saturday By Ian McEwan Cape, 279 გვ.

    “შაბათი” ბუკერის პრემიის ლაურეატი მწერლის, იან მაკიუენის ახალი რომანია. რომანის მთავარი გმირი ჰენრი პეროუნი გახლავთ, ცნობილი ლონდონელი ნეიროქირურგი. მწერალი ექიმის ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღის ამბავს მოგვითხრობს. კაცმა რომ თქვას, ისეთი რა უნდა მოხდეს 24 საათში. მაგრამ ამ 24 საათის აღწერისას მწერლის სათქმელი შესანიშნავად გაცხადდება.
    2003 წლის 15 თებერვალი. ექიმი სნეული დედის სანახავად მიდის, გზაზე ლამის ტერორისტული თავდასხმის მოწმე ხდება, ვაჟს ერაყის ომზე ესაუბრება, ცოლსაც ესიყვარულება…
    ლონდონის ქუჩებში ასეულობით ათასი მომიტინგე შეკრებილა. მომიტინგეები ბლერის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხომ ერაყში ამერიკელების სამხედრო ოპერაციების განხორციელებას დაუჭირა მხარი.
    საყოველთაო ხმაური და აურზაური, რომელიც აქამდე მხოლოდ მქრქალ ფონად გასდევდა ნეიროქირურგის ცხოვრებას, ახლა ნერვულად იჭრება მის ცხოვრებაში.
    მდიდარი ინგლისელი ექიმის ბიურგერული ყოფის მაგალითზე მწერალი ცდილობს, პასუხი გასცეს შეკითხვას – რა მასშტაბით არის შესაძლებელი ადამიანის ყოფის იზოლაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისაგან. ჰენრი ჯანმრთელი მამაკაცია, სხვებსაც შეუძლია სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, ყოველმხრივ უზრუნველყოფილია, მაგრამ საკუთარი წარმატებისა და თვითკმაყოფილების სინჯარაშია გამოკეტილი. თუმცა ჰენრიმ პროფესიული გამოცდილებით იცის, რომ ასეთ დამცავ სინჯარებს ყოველთვის არ ძალუძთ ადამიანის დაცვა დამანგრეველი ზემოქმედებისგან.
    მაკიუენის რომანების ყველაზე გავრცელებული თემა ბედისწერის მოულოდნელობაა. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს საყიდლებზე წახვიდე და ვეღარასოდეს ნახო შენი შვილი (“ბავშვი დროში”), სასეირნოდ გახვიდე და სატანა ქუჩის კუთხეში იყოს ჩასაფრებული (“შავი ძაღლები”) და ა.შ. ჰენრი პეროუნის ეს განცდა ეუფლება აგრესიულ მძღოლთან – ბაქსტერთან შეხვედრის მერე.
    11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებების დიდი ნაწილი გარკვეულწილად პოლიტიზირებულია. “შაბათიც” ამ ტიპის ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, ერთის მხრივ, უხეში ჩარევის და, მეორეს მხრივ, იზოლაციის წინააღმდეგ. როგორც ყველა საუკეთესო პოლიტიკური სარჩულის რომანში, აქაც ფაქტები და არგუმენტები ორაზროვნად არის განაწილებული.
    და კიდევ ერთი, ცივილიზებული საშუალო კლასის წარმომადგენელი პეროუნი უნდობლად, დამცინავადაც კი უყურებს ლიტერატურას. ნეიროქირურგი ვერ ხვდება, რაში უნდა აინტერესებდეს რომანები, სადაც ვიღაცის ცხოვრებაა ასახული. მწერალი კი, რომელსაც, როგორც ჩანს, არ სურს ბოლომდე გაწიროს თავისი გმირი, ექიმს ლიტერატურულ გარემოს უქმნის – პოეტი ქალიშვილი, სიმამრი, რომელიც წერს და ცოლი, რომელიც გაზეთში მუშაობს.
    კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს რომანი ერაყის ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ყველაზე სერიოზული ნაწარმოებია.

    ჟაკ ლე გოფი, “ევროპის დაბადება”
    The Birth of EuropeBy Jacques Le GoffBlackwell, 274 გვ.

    რომელ საუკუნეშია აგებული მსოფლიოს პირველი დაკიდული ხიდი? ან როდის გამოიგონეს მუხლა ლილვი? – ეს ალბათ მე-17 საუკუნეში მოხდა, იქნება მე-18-შიც… სინამდვილეში არცერთი პასუხი არ არის სწორი. გაოცდებით, მაგრამ ეს ყველაფერი მე-13 საუკუნეში მომხდარა, საუკუნეში, რომელიც, ჩვეულებრივ, ინტელექტუალური და მატერიალური ნოვაციების ეპოქასთან არ ასოცირდება ხოლმე. თუმცა ფრანგი მედიევისტი ჟაკ ლე გოფი სრულიად სხვაგვარად ფიქრობს. მას მიაჩნია, რომ სწორედ შუა საუკუნეებში ჩაეყარა საფუძველი ძირეულ გარდაქმნებს, გნებავთ, – სულიერს და გნებავთ – მატერიალურს. ის კი არა და, შუა საუკუნეებში უფრო მეტი საფუძველი არსებობდა ამ გარდაქმნებისათვის, ვიდრე დღეს, ჩვენს საუკუნეში.
    “ევროპის დაბადების” შექმნით მხცოვანმა მეცნიერმა (ლე გოფი 80 წლისაა) დიდი ხნის ნატვრა აისრულა. მან შეძლო, მკითხველი იმაში დაერწმუნებინა, რომ, მიუხედავად მრავალრიცხოვანი სამეცნიერო გამოკვლევებისა, შუა საუკუნეების ისტორიისა და, საერთოდ, ამ პერიოდის მნიშვნელობა არასწორადაა ინტერპრეტირებული. კერძოდ, სამეცნიერო ლიტერატურის დიდ ნაწილში შუა საუკუნეებს გარდამავალ, ე.წ. ტრანზიციის (და არა ფორმაციის) პერიოდად მოიხსენიებენ. შესაძლოა, ამ არასწორი ინტერპრეტაციის ბრალიცაა ის უცნაური ფაქტი, რომ დღეს უფრო ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ მეორე საუკუნის რომი, ვიდრე მე-11 საუკუნის ლონდონი.
    სხვათა შორის, ცნობილი ისტორიკოსი მარკ ბლოკი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეები ჩვენი საუკუნის სარკეა. თუმცა ამ შეფასების დროს მეცნიერი უფრო ჩვენი ყოფის უარყოფით მხარეებზე აკეთებს აქცენტს. ამ მხრივ ლე გოფის მოსაზრებები უფრო ზომიერია.
    “ევროპის დაბადება” ერთდროულად ხუთ ენაზე ითარგმნა და უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვა.
    შუა საუკუნეები იყო შემოქმედებითი გონის აღზევების, სიახლეთა დამკვიდრებისა და უჩვეულო პროგრესის პერიოდი, – წერს ლე გოფი თავის ნაშრომში. ეს წიგნი მხოლოდ კონკრეტული პერიოდის ისტორიული შეფასება როდი გახლავთ. ნაშრომი მკითხველს დაეხმარება საკუთარი თავი მსოფლიოსა და დროის კონტექსტში მოიაზროს. საქართველოს ისტორიის მაგალითზე ეს ნამდვილად ასეა.

    მაიკლ დრენი, “ჯანგო” (ბოშათა ლეგენდის ცხოვრება და მუსიკა)
    Django The Life and Music of a Gypsy LegendBy Michael DregniOxford University Press, 326 გვ.

    მაილსს რომ ახსენებენ, ჯაზური მუსიკის მოყვარულებმა უკვე იციან, ვიზეცაა ლაპარაკი. ეს “ჯაზის პიკასოდ” ცნობილი მაილს დევისი გახლავთ. ასეა ჯანგო რენარის შემთხვევაშიც. საკმარისია, წარმოთქვა უბრალოდ ჯანგო და ამ სახელის მაგიური ზემოქმედების უნარს მყისიერად შეიგრძნობ და დაემორჩილები, ისევე როგორც მის საოცარ მუსიკას – ჯაზურ რიტმებთან შერწყმულ მღელვარე ბოშურ მელოდიებს.
    XX საუკუნის 30-იანი წლები პარიზელ მელომანებს იმითაც დაამახსოვრდათ, რომ აქ ხშირად ჯანგოსა და მევიოლინე სტეფან გრაპელის კვინტეტი მართავდა კონცერტებს. კვინტეტის დახვეწილი შესრულება პირდაპირ გულებს უთბობდა მსმენელს. სულ მალე კვინტეტმა ამერიკელ ჯაზმენებს გადაუსწრო და ჯაზის მუსიკალურ ლექსიკონში ბოშური მუსიკალური ელემენტები გაჩნდა.
    “ჯანგო: ბოშათა ლეგენდის ცხოვრება და მუსიკა” – ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორია მუსიკათმცოდნე ჟურნალისტი მაიკლ დრენი. წიგნში ბიოგრაფიული ფაქტები ლაღი ბოშური ცხოვრების ხიბლშია გახვეული. ამასთან, ეს საქარავნო ცხოვრება, გარედან ესოდენ ლამაზი და მიმზიდველი, ფათერაკებითა და ტრაგიზმითაა სავსე.
    ჯანგო რენარი 1910 წლის 23 იანვარს დაიბადა. მამა მუსიკოსი იყო, დედა შესანიშნავად ცეკვავდა. ჯანგოც ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი მუსიკალურობით. სულ პატარა იყო, სმენით რომ ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა. 19 წლისა უკვე ვარსკვლავად იქცა. მაგრამ მერე დიდი უბედურება დაატყდა თავს. მოხეტიალე ფურგონში გაჩენილმა ხანძარმა ლამის ჯანგოს სიცოცხლე შეიწირა. სასწაულად დაძლია ბედისწერის განაჩენი – ფეხის ამპუტაციაზე უარი განაცხადა, დადამბლავებული ხელით კი იმდენი ქნა, რომ გიტარაზე დაკვრა მაინც შეძლო. როცა საავადმყოფოში მოსანახულებლად მისულმა ძმამ ახალი გიტარა აჩუქა, მან ინსტრუმენტი ისე გადააწყო, რომ მხოლოდ ორი თითით მოეხერხებონა სასურველი აკორდების აღება. ამ უნიჭიერესმა მუსიკოსმა ფაქტობრივად ახალი სააკორდო ფორმები და ახალი ჯაზ-გიტარა შექმნა. თავადვე გააკვირვა საკუთარმა ნებისყოფამ. ასე დაიბადა ხელახლა მუსიკოსი, რომლის თავისუფალი ჰანგებიც მოგვიანებით ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პარიზს იმედითა და რწმენით დაჰბერავდა ხოლმე.
    ჯინ რენარი – ასეთია მისი ნამდვილი სახელი (ზოგჯერ მის სახელს რეინჰარდტად კითხულობენ ხოლმე). ჯანგო მისი ბოშური მეტსახელია, და ნიშნავს – “მე გავიღვიძე”.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პროზა (თარგმანი)

    გუსტავ მარტინ გარსო

    პროფესიით ფსიქოლოგი, ლიტერატურაში შემთხვევით მოხვედრილად უფრო ითვლებოდა, ვიდრე პროფესიონალ მწერლად. 1994 წელს ეროვნული პრემია მიიღო რომანისთვის “წყაროთა ენა”, თუმცა პროფესიული წრეები მანამდეც იცნობდნენ და აფასებდნენ მის სამ რომანს, კრიტიკულ წერილებსა და მოღვაწეობას ჟურნალში “კიდევ ერთი ანგელოზი”. ყველაზე დიდი პოპულარობა 1999 წლის ნადალის პრემიამ მოუტანა რომანისთვის “მარტასა და ფერნანდოს ისტორიები”. იგი 1948 წელს დაიბადა, ვალიადოლიდში (ესპანეთი). კათოლიკური აღზრდა დაეხმარა რელიგიური სიმბოლიკა ლიტერატურულ მასალად ექცია. მას იცნობენ როგორც აუჩქარებელ, თანმიმდევრულ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ერთი საათი მუშაობს დილაობით და კიდევ ნახევარი საათი – შუადღისას. მწერალი ირწმუნება, რომ არასოდეს უფიქრია თავისი ქალაქის დატოვება, რადგან, მისი აზრით, ყოველი ადგილი საკუთარ თავში მთელს სამყაროს მოიცავს: იგივე კონფლიქტებს, იგივე მისწრაფებებს, საკმარისია მხოლოდ იცოდე, როგორ შეხედო ამ ყველაფერს.

    კაცი ბაქანზე

    ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა

    ეს ფოტო 81 წლის ზაფხულშია გადაღებული. ჩემს გოგონას მაშინ ერთი წელი შეუსრულდა და ზაფხულის გასატარებლად ნოხაში წავედით, სანტანდერის პროვინციაში. ჩემმა მეგობარმა ერთი თვით საკუთარი სახლი დაგვითმო პლიაჟთან ახლოს. ზღაპრებში რომ ქოხებია, ისეთი სახლი იყო. მისმა მეპატრონემ, ანუ ჩემი მეგობრის მამამ – ყოველმხრივ უჩვეულო ადამიანმა – სულ რაღაც ორიოდე წლის წინ გაიყვანა იქ დენი, ამიტომაც წყლის ამოღება ხელის საქაჩით გვიხდებოდა (რაც, მართალი გითხრათ, სულაც არ მხიბლავდა, რადგან ამის გაკეთება ძირითადად მე მიწევდა), მაგრამ ეს დიდად არ გვადარდებდა, სახლი მართლაც არაჩვეულებრივი იყო და მდებარეობაც საუცხოო ჰქონდა. ზღვასთან ახლოს, სხვა სახლებიდან მოშორებით იდგა, იქვე, ახლოს ტბაც იყო, ბალახს ყოველ დილას გარიჟრაჟის პირველი ღრუბელი ნამავდა და გამუდმებით ჩაგვესმოდა ტალღების ხმაური, სანაპიროს კედლებს რომ ეხეთქებოდნენ. ყველაზე საოცარი მაინც ღამეები იყო: ჩვენი ტერასიდან მოწმენდილ ცას გავცქეროდით. ვარსკვლავები ისე უხვად ცვიოდნენ ციდან, როგორც არასდროს და ჩვენც სურვილების ჩაფიქრებას ვერ ავუდიოდით. თავს უბედნიერეს ადამიანებად ვთვლიდით და ამ შეგრძნებას ერთი პატარა ღრუბელიც კი არ ჩრდილავდა. შევყურებდით ჩვენს გოგონას და არ გვჯეროდა, რომ ამ მშვენიერებას შეიძლება ოდესმე რაიმე საფრთხე დამუქრებოდა. ყველა ჩვენი ოცნება, რომელსაც სიჩუმეში ვქმნიდით, მის ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენი მეგობრის მამა და სახლის მეპატრონე ორესტეს სენდრერო, საბუნებათმეტყველო მეცნიერებათა სპეციალისტი, ფრანკოს რეპრესიების მსხვერპლი იყო. ექსცენტრიული და გულკეთილი ორესტეს სენდრერო სხვა პლანეტიდან ჩამოსულს ჰგავდა. ის სახლი მისი თავშესაფარი იყო, მისი ქმნილება, დასტური მისი ბედნიერი არსებობისა. მისი მეორე გატაცება მტრედები იყო. როდესაც გასაღების გამოსართმევად სანტანდერში, სიუდად ხარდინში მივაკითხეთ, მან თავისი მტრედები დაგვათვალიერებინა. ფრინველების სახელებს მტკიცედ, სხაპასხუპით წარმოთქვამდა, მზერასა და საქციელში კი საოცარი აღტკინება ეტყობოდა. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ლუსია მასსავით მომხიბვლელი ადამიანი გახლდათ. შვილები უკვე წამოზრდილიყვნენ და ერთ-ერთ იმ არეულ სახლში ცხოვრობდნენ, რომლის კარებიც გამუდმებით ღიაა.
    ამ რამდენიმე დღის წინ მათ სახლში ქურდი შეიპარა. იმ ღამის შესახებ ორივე ონდავ შესამჩნევი მღელვარებით საუბრობდა, რადგან მართლაც უჩვეულო რამ გადახდათ თავს: უკუნეთ სიბნელეში გზააბნეული ქურდი ცოლ-ქმრის საძინებელში შეიპარა და შეცდომით ლუსიას ფეხს ჩაავლო ხელი, რომელიც სიცხის გამო საბანს გარეთ ჰქონდა დარჩენილი. კარგა ხანი დასჭირდა გონს მოსაგებად, შემდეგ კი უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. ცოლ-ქმარი არ განძრეულა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ თუ ხელს არ შეუშლიდნენ, ქურდი სამუდამოდ გაეცლებოდა იქაურობას.
    ორესტესს ეს გადაწყვეტილება კოლომბოფილის* ინსტიქტმა უკარნახა: თუკი საკმარისია, მტრედებს ხელი არ შეუშალო და ისინი ათასობით კილომეტერს შეუსვენებლად იფრენენ, რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს იგივე კანონი ქურდებზე და დანარჩენ ცოცხალ არსებებზე? ასეც მოიქცნენ და ქურდიც იქ გაბრუნდა, საიდანაც მოვიდა. გაჰყვა მაგნიტური გზების ამოუცნობ ნიშანთა ძახილს. მოკლედ, ზაფხული იქ გავატარეთ. ჩვენი გოგონა ფეხს იდგამდა და ჩვენც ერთი თვის განმავლობაში უკან დავსდევდით მის მობარბაცე ნაბიჯებს.
    ვალიადოლიდში დაბრუნებისას მატარებლით ვიმგზავრეთ. გზაში რაღაც გადაგვხვდა თავს. ერთ-ერთ სადგურზე მატარებელი გაჩერდა. თუ არ ვცდები, ეს ადგილი კამპოი იყო, სოფელი, სადაც გამუდმებით ბატის სუნი დგას. ჩვენს კუპეში მოხუცებული ქალი ამოვიდა. როგორც კი მისი თანმხლები დავინახეთ, მივხვდით, რომ ეს ხანშიშესული კაცი, დათრგუნული, სევდიანი იერით, ბადეზე ჩემოდნის შემოდებაც რომ უჭირდა, მისი შვილი უნდა ყოფილიყო.
    მახსოვს, შემდეგი გაჩერება გამოაცხადეს და იმ კაცმაც ნაჩქარევად დატოვა ვაგონი. იმის შიშით, რომ მატრებელი არ დაძრულიყო, წესიერად დედასაც კი არ დამშვიდობებია. უცებ შევნიშნე, რომ ქალი ჩემს მეუღლესა და ბავშვს მისჩერებოდა, ამ სცენით დატყვებულმა თავის მოვალეობად ჩათვალა რაღაც ეთქვა. და თქვა ის, რამაც ორივე შეგვძრა: როდესაც ჩემი მეუღლე ბავშვით ხელში დაინახა, ის დრო გაახსენდა, როცა თვითონაც ჩვენი ხნის იყო, მისი შვილი კი სულ პატარა. “ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ ახლა ბებერი ქალი ვარ, ის კაცი კი, მე რომ მაცილებდა, ჩემი შვილია.”
    ამ დროს მატარებელი დაიძრა. მოხუცი შვილი კვლავ ბაქანზე იდგა, დაბნეული და ჩაფიქრებული, თითქოს თავის თავს ეკითხებოდა ვინ იყო და რას აკეთებდა აქ. “წარმოუდგენელია! ნუთუ ეს კაცი ერთ დროს მართლა ისეთი იყო, როგორც ჩვენი გოგონა, მასავით მხიარული და სიცოცხლით სავსე?”
    არა, ეს დუჯერებელი იყო. და შეკითხვაც თავისთავად გაჩნდა: ,”ნუთუ ჩვენი შვილიც ამ კაცისნაირი გახდება?” – წავჩურჩულე მღელვარებისგან გაშეშებულ ჩემს მეუღლეს. მან მკაცრი მზერა მესროლა და მითხრა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო. მაგრამ შემდეგ, როცა მის მოქუფრულ წარბებს შევხედე, მივხვდი, რომ ამ მგზავრობას მასზეც ემოქმედა. ეს ეპიზოდი უცებ გადაგვავიწყდა, რადგან სახლში დაბრუნებისთანავე, ჩვენმა შვილმა სიარული დაიწყო. ეს ნამდვილი სასწაული იყო: მთელი თვე უკან დავსდევდით, რომ არ წაქცეულიყო და ახლა, როგოროც კი ხალიჩაზე დავაყენეთ, ისეთი მტკიცე ნაბიჯებით გაიარა, თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი ეკეთებინოს – პატარა ჩიტუნასავით, ჩვენს ხელის გულზე რომ ფრთხიალებს და ხელს გაუშვებ თუ არა, შურდულივით მიფრინავს ტოტებს შორის.
    რამდენიმე დღეში კიდევ მოხდა რაღაც. უკვე ვიწექით, როდესაც მოულოდნელად მუსიკალური ყუთის ხმა გაისმა. თავზარი დაგვეცა: ვის უნდა აეხადა მისთვის თავი ამ შუაღამისას? რა თქმა უნდა, ბავშვი ამას ვერ შეძლებდა, ბადიან საწოლში იწვა და ბადეს ვერაფრით გადმოაბიჯებდა. ვიფიქრეთ, რომ ქურდი შემოიპარა, მაგრამ ორესტეს სენდრეროსაგან განსხვავებით, ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ იგი ღამის მაგნიტურ გზებს გაჰყოლოდა, რადგან სახლში ბავშვი გვყავდა. ლოგინიდან წამოვდექი, ქოლგით შევიარაღდი და მკვეთრი მოძრაობით შევხტი ოთახში, თან ცალი ხელით შუქს ჩამოვკარი. მისაღები ცარიელი იყო. ბავშვს ეძინა. იმ წუთას მივხვდი, რომ ხმას მუსიკალური ყუთი კი არ გამოსცემდა, არამედ დიდი ხნის წინ გატეხილი სათამაშო, რომელსაც მექანიზმი მაინცდამაინც ამ შეუფერებელ დროს გაუფუჭდა. ლოგინში გულდამშვიდებული დავბრუნდი და ბევრიც ვიცინეთ ამ სულელურ თავგადასავალზე. მაგრამ იმ წუთას, არ ვიცი რატომ, ის მოხუცი ქალი და მისი შვილი გამახსენდა მატარებლიდან. ამჯერად საბრალოდ და სევდიანად აღარ მომჩვენებიან. პირიქით, მივხვდი, რომ მათ იცოდნენ ის, რაც ჩვენ არ ვიცოდით და გვაფრთხილებდნენ… და უცებ მომეჩვენა, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ ზუსტად განსაზღვრული კი არ იყო, არამედ ყოველ ნაბიჯზე შეტყობინებები და ნიშნები იყო გაბნეული, რომლებიც ჩვენგან ყურადღებას ითხოვდნენ.
    რაც გიყვარს, იმას უნდა გაუფრთხილდე – ამბობდნენ ეს ნიშნები და მუსიკაც იმ ღამით იმისთვის გაისმა, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ჩვენთვის ეს ჭეშმარიტება.

    * კოლომბოფილი – მტრედების მომშენებელი


    © “წიგნები – 24 საათი”

  • ინტერვიუ

    ირაკლი სამსონაძე

    ჭეშმარიტი ლიტერატურა შინ არის შეკეტილი

    ესაუბრა ნანა კობაიძე

    “მე დავიბადე და გავიზარდე კომუნისტური იდეოლოგიის ხრწნის პერიოდში. ახლა მე ყოფილების საზოგადოების ღირსეული წევრი ვარ და ვცხოვრობ იმ იდეოლოგიის ბურუსში, რომელმაც კომუნისტური იდეოლოგია მსოფლიო მასშტაბით დაამარცხა. იქაც უცხოობას ვგრძნობდი, აქაც უცხო ვარ, რადგან ჩემი იდეოლოგია, ეტყობა, ერთი კაცის იდეოლოგიაა, რომელსაც მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება უკარნახოს სხვასთან გაერთიანება” – ამბობს ირაკლი სამსონაძის გმირი რომანში “ყურთბალიში”. მწერლისა და დრამატურგის ეს ძალზედ საინტერესო ნაწარმოები ახლახან გამოსცა გამომცემლობა “არეტემ” და მის წაკითხვას ვურჩევთ ყველას, ვისაც კარგი ლიტერატურა ენატრება.
    მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რესპოდენტს პირადად არ ვიცნობდი, ბატონ ირაკლისთან საუბრის შემდეგ ეჭვი არ მეპარება, რომ “ყურთბალიშიდან” მოტანილი სიტყვები მასზეა – ირაკლი სამსონაძეზე და მის მსგავს მწერლებზე, რომელნიც ყოფილების საზოგადოებამ გაინაპირა. ისინი გაურბოდნენ და გაურბიან ხმაურიან თავყრილობებს, ლიტერატურულ “ტუსოვკებს”, არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მიიჩნევენ, რომ ნაღდი ლიტერატურა შინ არის შეკეტილი. ირაკლი სამსონაძეც შინ არის შეკეტილი, გარეუბანში და მკითხველს ძირითადად თავისი შემოქმედებით ესაუბრება. ჩვენი საუბარი ღირებულებების გაუფასურებაზე საუბრით დაიწყო.

    – ადრე გაცილებით რთული იყო ნაწარმოების გამოქვეყნება. “ცისკარში” ან “მნათობში” რომ დავბეჭდილიყავით, ჩვენზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა. იმ პერიოდში აზრის ცენზურა კი იყო, მაგრამ გაცილებით ძლიერი მხატვრული ღირებულების ცენზურა გახლდათ – რასაკვირველია, კარგი გაგებით. დღეს ამ ღირებულებათა დევალვაცია მოხდა. წიგნის გამოცემა შეუძლია ყველას, ვისაც არ ეზარება და საშუალება აქვს. ბევრ ფულს რომ გამოუშვებენ და ბონდება, ისეა ლიტერატურა გაბონებული. ჭეშმარიტი ლიტერატურა, ჩემი აზრით, უფრო შინ არის შეკეტილი. ნაღდი მწერლები დღესაც არიან, თუმცა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბევრი მათ იგნორირებას ცდილობს. ასეთები ამბობენ, ადრე რომ იყვნენ, ისეთი დიდი მწერლები დღეს ხომ აღარ არიანო. რას ჰქვია არ არიან, შენ თუ არ იცი, არ ნიშნავს, რომ არ არის. სხვა თუ არაფერი, ოთარ ჭილაძე გყავს, ამხელა მწერალი. სხვა საკითხია – მოგწონს თუ არა. განსაკუთრებით დამაფიქრებელია, როცა ასეთი ფრაზები ტელეეკრანიდან ისმის. ახალგაზრდებში ნიჰილიზმს აჩენს, როდესაც აპრიორი გეუბნებიან, რომ დღეს საქართველოში კარგი მწერალი არ გვყავს. დამოკიდებულებამ – ფული მაქვს და წიგნს გამოვცემ – ბევრი რამ გააუფასურა. თუმცა, ამას წინ ვერ დაუდგები და არც უნდა დაუდგე. ეს პროცესი ალბათ ნელ-ნელა დაიხვეწება, მხოლოდ ხელშეწყობაც სჭირდება – გარკვეული კრიტერიუმების განსაზღვრა, კრიტიკული აზრის შექმნა. ჩვენი მამების თაობას გურამ ასათიანი ჰყავდა, ოტია პაჭკორია… განა ახლა არ არიან კარგი კრიტიკოსები? არიან, მაგრამ ან ცოტა ზარმაცობენ, ან იმ ფორმით ვერ ვთავაზობთ მკითხველს მათ აზრს, რომ მნიშვნელოვანი იყოს. კრიტიკული აზრის განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია. ქუჩურად რომ ვთქვათ, რაღაცის “მანდრაჟი” უნდა არსებობდეს – ასე სად არის, კაცო, მე ავდექი, დავწერე, ფული მიდევს ჯიბეში და წიგნი გამოვეცი?! შინაგანი ცენზორი უნდა იყოს ადამიანში.
    – ამის საწინააღმდეგოდ ხშირად გამიგია, რას ერჩით, გამოსცეს იმ უნიჭო ფულიანმა რაც უნდა, საბოლოოდ, ამ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს და მკითხველი გადაწყვეტს, წაიკითხავს მის უნიჭობას თუ არაო.
    – ეს მკითხველს აბნევს, თორემ ბაზარი გადაარჩევს. მეორე მომენტიც არის – ბაზარი საიდან გადაარჩევს, თუ კრიტიკული აზრი არ შექმენი. მე არ ვგულისხმობ ძალდატანებას მკითხველზე, მაგრამ ჯანსაღი აზრი ხომ უნდა არსებობდეს? ადრე ჟურნალი “კრიტიკა” არსებობდა, ურიგო არ იქნება, ვინმემ რომ აღადგინოს, მაგრამ ეს ჟურნალიც რაღაცნაირად ხომ უნდა მიიტანო მკითხველამდე. ჯადოსნური რკალივითაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ალბათ, სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს ამაზე. რაღაც პოლიტიკაა გასატარებელი წიგნთან მიმართებაში. პურზე ნაკლები კი არ არის წიგნი, ყოველ შემთხვევაში, თანაბარი ფასეულობებია. შეიძლება აღარც დაბრუნდეს ის დრო, როდესაც ბევრი ყიდულობდა ეგრეთ წოდებულ “კარიჩნ” წიგნებს – ფერის და სილამაზის გამო. შეიძლება დაბრუნდეს კიდეც, ვერ გეტყვით. პრინციპში, წიგნი რაღაც მნიშვნელოვანთან უნდა იყოს გათანაბრებული, ფასი უნდა ჰქონდეს.
    – თქვენც იმ დასკვნამდე მიდიხართ, რომ სახელმწიფო პოლიტიკაა გასატარებელი ამ მიმართულებით?
    – რასაკვირველია. სახელმწიფო თუ ხარ, უნდა შეიმუშავო კიდეც გარკვეული პოლიტიკა, რომ შენს თანამედროვე პროზაიკოსს, პოეტს და დრამატურგს საარსებო წყარო ჰქონდეს. საარსებო წყაროს გარეშე არ არსებობს პროფესიონალიზმი, პროფესიონალიზმის გარეშე კი დონე არ გექნება. ამიტომ უნდა დაეხმარო მწერალს, პურის ფული მაინც იშოვოს თავისი შემოქმედებით, ფუფუნებაზე არ არის ლაპარაკი. თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ და რა გზით დავეხმაროთ ხელოვნებას, სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ. პოლონეთში კლასიკოსის, მაგალითად, შექსპირის პიესას რომ დგამენ, საავტორო ჰონორარს ახალგაზრდა პოლონელ დრამატურგებს ურიცხავენ. სხვა ქვეყნებში სხვაგვარი ფორმებია. ვიღაც უნდა დაკავდეს ამით, ალბათ, კულტურის სამინისტრო – მწერალთა კავშირი აღარ არსებობს. სხვათა შორის, იქ უკვე დაიწყო რაღაც პროცესები, მაგალითად, ტენდერი, რომელიც ლიტერატურული პერიოდიკის განვითარებისთვის გამოცხადდა. ალმანახ “დრამატურგიის” პროექტი მივიტანე და ჩემდა გასაკვირად, გაიმარჯვა.
    – რა ალმანახზეა საუბარი?
    – ეს არის ალმანახი, რომელიც საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში გამოდიოდა ბადრი ჭოხონელიძის რედაქტორობით. მაშინ მე მისი მოადგილე ვიყავი. ბადრის გარდაცვალების შემდეგ ერთი ნომერი გამოვუშვით და უსახსრობის გამო გავჩერდით. სხვათა შორის, მისი აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დრამატურგის კავშირი თეატრთან, ფაქტობრივად, გაწყვეტილია. დღეს ყველაფერი პირადი ნაცნობობის დონეზე წყდება – ვიღაცა ვიღაცას იცნობს, მიუტანს პიესას და ისიც დადგამს – სოფლის კლუბივითაა. ადრე კულტურის სამინისტროში არსებობდა სარეპერტუარო კოლეგია, რომელიც უშუალოდ აკავშირებდა დრამატურგსა და რეჟისორს.
    – როგორ?
    – როგორ და, ამ კოლეგიაში მუშაობდა ვაჟა ბრეგაძე, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა თეატრსაც და ლიტერატურასაც. წაიკითხავდა პიესას და უკვე იცოდა, რომელი რეჟისორისთცის შეეთავაზებინა. როგორც წესი, “არტყამდა” ხოლმე და საინტერესო რაღაცეებიც ხდებოდა იმ დროს. ასე თუ ისე საინტერესო მაინც.
    – ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში ქართველ დრამატურგებს უფრო მეტად დგამდნენ, ვიდრე დღეს.
    – ვერ დაგეთანხმები, ლაშა ბუღაძე ხომ იდგმება?
    – ძირითადად ლაშა. სხვები?
    – პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ მაშინ უფრო მეტი მოთხოვნაც იყო ქართულ პიესებზე. ზემოთქმულს დავუბრუნდები: სარეპერტუარო კოლეგია მერე რატომღაც დახურეს. თეატრისა და დრამატურგის მაკავშირებლის ფუნქცია ამ ალმანახმა აიღო. განახლებული “დრამატურგიის” მთავარ მიზნად სწორედ ამ გაწყვეტილი კავშირის აღდგენა მიგვაჩნია.
    – როგორ აპირებთ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას?
    – ვინაიდან ალმანახი კულტურის სამინისტრომ დააფინანსა,
    გადავწყვიტეთ მათთან ჟურნალის იმდენი ეგზემპლარი მივიტანოთ, რამდენი თეატრიცაა საქართველოში – რომ თითოეულ თეატრამდე მივიდეს თანამედროვე ქართული პიესა. ამ საკითხს მომავალშიც თუ მიაქცევენ ყურადღებას, კარგი იქნება. ეს ქართულ დრამატურგიასაც წაადგება და თეატრსაც.
    – რაც შეეხება ქართულ დრამატურგიას. ბატონმა რობერტ სტურუამ ჩვენთან საუბარში ბრძანა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, დრამატურგია კრიზისს განიცდის. ნაკლებად არიან საინტერესო ავტორები. თქვენ როგორ ფიქრობთ?
    – უაღრესად დიდ პატივს ვცემ რობერტ სტურუას. იმ ადამიანად მივიჩნევ, ვინც ჩემზე, როგორც პიროვნებამ და შემოქმედმა, დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, საქართველოში არ იყვნენ კარგი დრამატურგები. პირიქით, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამედროვე დრამატურგია გვაქვს. ალმანახ “დრამატურგიის” ამ ნომერში, მაგალითად, მანანა დოიაშვილის შესანიშნავი პიესა იბეჭდება. ისეთი ტემპერატურითაა დაწერილი, შეუძლებელია არ დაგაინტერესოს. მკითხველს ვთავაზობთ თამაზ ჭილაძის ბოლო, ძალზე საინტერესო და ორიგინალურ პიესას, ლაშა ბუღაძის პიესას და ნუგზარ შატაიძის რადიოპიესას. გარდა ამისა, შადიმანი გყავს შამანაძე, ადამიანი, რომელიც დაბადებით არის ჩამოსხმული დრამატურგი. მე რომ მკითხოს კაცმა, მისი პიესა – “ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში”, ევროპული დონის არც ერთ ნაწარმოებს არ ჩამოუვარდება. ასე რომ, იმის თქმა, რომ ქართული დრამატურგია არ არსებობს, ასე ხელაღებით არშეიძლება.
    – არ არსებობსო, არ უთქვამს. ითქვა, რომ ნაკლებად არის საინტერესო ავტორები და პიესები.
    – მაინც ვერ დავეთანხმები. არ ვიცი, რა მოსაზრებით ამბობს ამას, მაგრამ ვერ დავეთანხმები, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა.
    – ქართველი გამომცემლები ნაკლებად ინტერესდებიან დრამატურგიით. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, კომერციულად არამომგებიანია, მკითხველის მოთხოვნილება არ არის ამაზე თუ რა მიზეზია?
    – სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდშიც იყო ეს პრობლემა. თავის დროზე ალმანახ “დრამატურგიის” გამოცემას თამაზ ჭილაძის დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დასჭირდა. რატომ ხდებოდა და ხდება ასე, არ ვიცი, ვერ ამიხსნია. შეიძლება იმიტომ, რომ ვითომ საკითხავად ძნელია, მაგრამ დრამატურგიას თავისი მკითხველი მაინც ჰყავს. თუმცა, ბევრი არა. დრამატურგიას სხვაგვარი წაკითხვა სჭირდება, განსხვავებული ხედვა – პიესა ხომ სცენიურ სივრცეში უნდა გაიაზრო, ეს კი ყველას არ შეუძლია. ლევ ტოლსტოი შექსპირს ვერ უგებდა. არადა, ორივე ამხელა გენიოსი იყო. უბრალოდ, ტოლსტოი რეალისტი მწერალი გახლდათ და ვერ მიიღო შექსპირი. დრამატურგიას თავისი მკითხველი უნდა ჰყავდეს და ალბათ ჰყავს კიდეც.
    – როგორ განიხილავთ დრამატურგიას, როგორც ლიტერატურის ჟანრს, თუ “მასალას”, რომელსაც რეჟისორი საკუთარი სურვილის მიხედვით ჭრის და კერავს?
    – ძალიან საინტერესო კითხვაა, ძალზე პრობლემური და აქტუალური ჩვენი დღევანდელობისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, პიესა უპირველესად ლიტერატურაა და თუ თეატრი ინტერესდება პიესით, პირველ რიგში, სიტყვით უნდა ინტერესდებოდეს, სიტყვა კი იგივე ლიტერატურაა. ბედნიერი დამთხვევა ხდება მაშინ, როდესაც პირველსათავედ სწორედაც რომ ლიტერატურას იღებენ და არა სიუჟეტს. რეჟისორმა შეიძლება რაღაც შეცვალოს შენს ტექსტში, მისი შეკვეცაც შეიძლება – ბოლოსდაბოლოს, შექსპირს კვეცენ, დრამატურგი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. მთავარია რეჟისორმა სპექტაკლი ლიტერატურით დაიწყოს. ჩემი აზრით, ასეთი ნამუშევარი ყოველთვის წარმატებულია. დღეს ასეთი რამ თითქმის არ ხდება. ძირითადად რეჟისორები პიესის უცნაურ ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ, მოკლედ, ფოკუსების კეთებით არიან დაკავებული, საბოლოოდ კი მაყურებელი ზარალდება. ამასწინათ ერთ-ერთ თეატრში ვიყავი. მესიამოვნა, მაყურებლით სავსე დარბაზი რომ დამხვდა. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ დაიწყო სპექტაკლი და პირდაპირ შემზარა მათმა რეაქციებმა. გავოგნდი, სადამდე დავცემულვართ. ჩემს ახალგაზრდობაში ასეთ რამეზე არ გავიცინებდით. ვიგრძენი, როგორ ფუჭდებოდა მსახიობიც და მაყურებელიც. მაყურებელს გაზრდა სჭირდება. თუ კარგი პიესა არ შესთავაზე, უკან-უკან წავა და სოფლის კლუბის დონეზე დავა. ყველაფერი გადავა ჯღანავზე, როგორც შადიმან შამანაძე ამბობს. არადა, თეატრი ჯღანავი არ არის, დიდი ხელოვნებაა.
    – ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ. იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვემეხები ისროდნენ, ლიტერატურული პროცესები საგრძნობლად გამოცოცხლდა. მეორე საკითხია, რამდენად ღირებულია ის, რაც დღეს იქმნება. თქვენი აზრი ამის შესახებ.
    – იმის არდანახვა ნამდვილად არ შეიძლება, რომ თაობა მოვიდა. შეიძლება ბევრი რამ მომწონდეს ან – არა, ეს ჩემი გემოვნების და ესთეტური მრწამსის საკითხია, მაგრამ როგორც ასეთი, თაობა მოსულია. ეს უკვე თავისთავად საინტერესო მოვლენაა. ახალგაზრდები არიან, ძალაც ერჩით და მუშაობენ. ერთი კი არის, რომ როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა, როგორც ამ გადასახედიდან მეჩვენება, ბევრ რამეს ვუშვებდი ხელიდან.
    – რას გულისხმობთ?
    – რამდენი რამე მაქვს დაწერილი, მაგრამ ჩემთვის, ვლაპარაკობ იმაზე, რაც უკვე იბეჭდება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით ესეც ნორმალურია. ავტორი წიგნიდან წიგნამდე იზრდება და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის, რომ ბევრს აგროვებს, აგროვებს, აგროვებს და მერე ამ ნაგროვებიდან ცოტას ბეჭდავს.
    – თქვენ ფიქრობთ, რომ ახალ თაობას ეს მომენტი არა აქვს?
    – როგორ არა აქვს, მაგრამ, იმის თქმა მინდოდა, ამ თაობაში შეიძლება წყალიც ერიოს და ამაში გასაკვირიც არაფერია. იგივე პროცესები ჩემს დროსაც ხდებოდა. თუმცა, არიან კარგი ავტორები, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე, რომელნიც პირადად მე სამომავლოდ საინტერესო ავტორებად მესახება.
    – სხვათა შორის, დღეს ახალგაზრდა მკითხველი ძირითადად ახალი თაობის მწერლებს კითხულობს. ხომ არ დაიჩაგრნენ ძველი თაობის მწერლები?
    – ყველას თავისი ადგილი აქვს. ჩვენ იმხელა ლიტერატურა გვაქვს, არა მგონია თვალთახედვა ასე შეგვივიწროვდეს. თუმცა, თუ ასეთი ტენდენცია არსებობს, ბევრი რამ ჩვენი ბრალიც არის. მე სადღაც შუაში ვარ, ძველ და ახალ თაობას შორის, მაგრამ ჩემს თავს უფრო ძველებთან მოვიაზრებ. მათ საზოგადოებაში გავიზარდე და ბევრი რამ, მაგალითად, “პიარი”, რაც ორგანულია იმ საზოგადოებისთვის, სადაც ვაპირებთ ცხოვრებას, თეორიულად მესმის, მაგრამ ჩემი ბუნება ამას არ იღებს. არ მაქვს მიდრეკილება ხმაურიანი პრეზენტაციების, ვინმესთვის საკუთარი თავის შეთავაზებისკენ. ეს ახალგაზრდებისთვის უფრო იოლია. თამაზ ბაძაღუა, შადიმან შამანაძე და მე ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ხშირად დავდიოდით დრამატურგთა სემინარებზე ბიჭვინთაში, სადაც თამაზ ჭილაძე, ნუგზარ შატაიძე და სხვა საინტერესო დრამატურგები იკრიბებოდნენ. ჩვენი სიტყვა არავის გაუგია. ვისხედით და უფროსებს ვუსმენდით. მეტი მოკრძალება გვქონდა – ასეთი იყო მაშინდელი დროის ხასიათი. ის ჯობდა თუ ეს, არ ვიცი, უბრალოდ, ჩვენ ასეთები ვიყავით და არც არის გასაკვირი, რომ დღევანდელ დროში ცოტა გვეხამუშებოდეს და გვიჭირდეს თავის შეთავაზება, ან ცოტა გვღლიდეს. აქეთ კიდევ არავის სცალია შენთვის. ახალგარდებმა ამ ყველაფერს უკეთ აუღეს ალღო და ღმერთმა გაუმარჯოთ. ისინი თავისი არსებობის დასამკვიდრებლად იბრძვიან – ამაში არაფერია არანორმალური და გაუგებარი. რამდენად ფასეული და ღირებული იქნება მათი შემოქმედება, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ეგ ისეთი რამეა, ვერანაირი “პიარი” ვერ გიშველის. ხანდახან შეიძლება მკითხველმაც კი ვერ გიშველოს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პოეზია

    ანდრო ბუაჩიძე

    ქალაქგარეთ

    რატომ მოვხვდით მე და შენ ამ ქვეყანაზე,
    სადაც არსებობს რეგალიები და წოდებები, სადაც
    არსებობს მკვლელობები და რატომ კლავენ
    არ იციან, სადაც იცვლება ხშირად ტაროსი
    და სულ უაზროდ ლიმნისფერი მზე ანათებს
    ამ ქედებს უკან. ცივი ქარია, ალბათ მოთოვა
    ტყეებს მიღმა, ჩვენ მივაბიჯებთ ნელა
    და ცივი: უკვე ცხოვრების საკმარისი გზა
    გავიარეთ და კვლავ მივდივართ. ცარიელია
    ტრასა. შენ ამბობ: კარგია, რომ აქ
    იცხოვროს კაცმა, – მზიან ტრასასთან
    აქვე სულ ახლოს ლისის ტბა არის, მალე
    ავტობუსის გარაჟები აღარ იქნება, და მათ
    ნაცვლად აქ იპოდრომს გააშენებენ.
    ქალაქგარეთ, ნუცუბიძის პლატოს იქით ჩვენ
    მივაბიჯებთ ნელი ნაბიჯით. შენ იხდი კურტკას
    და მხრებზე ისხამ, და მერე უკვე
    არაფერზე აღარ ვსაუბრობთ, ნელა მივდივართ
    მზიან ტრასაზე. ეს პირველი მზიანი
    დღეა მარტის თვეში. საიდან მოვხვდი აქ,
    სადაც ქვაფენილზე ორმოებია და მარცხნივ
    კი ტრიალ მინდორზე ლტოლვილების კორპუსია,
    სარეცხი კიდია აივნებზე და ბავშვი ტირის
    ზედა სართულზე. შორიახლოს კი ჩვენს წინ
    და თან მარცხენა მხარეს მოჩანს ის –
    ე.წ. “ბავშვთა სოფელი” და თეთრი სახლი –
    ჩემი შვილების საბავშვო ბაღი. მე იქ მივდივარ
    პატარების გამოსაყვანად, შენ კი მომყვები.
    ჩვენც ხომ ჩვენი წარსულიდან გამოვეშურეთ
    და უკანვე ვეღარ დავბრუნდით. დიღმის მასივი
    მივატოვეთ და გავიფანტეთ სხვადასხვა მხარეს.
    კლასელები ვართ. კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.
    ცხოვრების გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა.
    როგორც ღამეში შუქნიშნები კვეთენ მოედნებს
    და მიიწევენ სახლებისკენ. ჩვენ უკვე გავცდით
    ლტოლვილთა კორპუსს. აქ ჭალაა და ჯუჯა ნაძვები,
    და წყალია დაგუბებული. გზისპირას ვდგავართ
    ორივენი და გადავყურებთ: მიტოვებული საძირკველია,
    ქვის სალტეებში მწვანე წყალი დგას.
    წყალში ცა მოჩანს მოწმენდილი და
    ცარიელი, ხიმინჯებია, მიგდებული მშენებლობის
    მიუსაფრობა, მზე და სიცივე და მივაბიჯებთ
    მზიან ტრასაზე, საიდან მოვხვდით აქ
    არ ვიცით, სადაც იმედებია ღრუბლებივით გაწოლილი
    ქედების მიღმა, სადაც ვეძებდით ბევრ რამეს
    და ვერ კი ვიპოვეთ და ახლა უკვე
    შუახნისანი მივაბიჯებთ, რადგან ცხოვრება
    სიარულია, შენ ყოფილი ფეხბურთელი ხარ,
    მე კი ისევ იმ ერთ წერტილს მივჩერებივარ.
    ახლოვდება ე.წ. “ბავშვთა სოფელი”, და აგურის
    წითელ სახლში სიწყნარეა, თეთრ სახლში კი
    ჩემი შვილები მელოდებიან და აშენებენ
    კუბიკებისგან ახალ ცხოვრებას.

    ოთახი

    როგორ იბუდებს ამ ბინაში სიცარიელე,
    რაც შენ დატოვე სამუდამოდ ეს ოთახები
    და დღის სინათლე იატაკზე როცა იელვებს,
    სხვა რამეს ამბობს, ამ სივრციდან რაც შენ გახვედი
    სიჩუმეს იკრებს ყველა ნივთი – ბზა თუ რვეული,
    მარადისობა თითქოს იწყობს თავის საბუდარს
    მთრთოლვარე ხელით, და არ უნდა რომ ჭირვეული
    იყოს, ამიტომ ჭკვიანურად ქსოვს აბლაბუდას.
    და ეს ოდნავი აბლაბუდა თითქოს მუდმივად
    ითრევს ამ ოთახს და ედება სხვა ოთახებსაც
    და მთელი ბინა დაიკავა უკვე უნდილმა;
    არ შეიძლება რომ ის იყოს სადმე ნახევრად.

    © “ცხელი შოკოლადი”