• ესე

    მანანა კვაჭანტირაძე – ოთარ ჭილაძე 75

    მანანა კვაჭანტირაძე

    “ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება თქვენს თვალში ჩემი სამყარო”…

    ერთ თავის ინტერვიუში ოთარ ჭილაძე ამბობს, “მწერლობა უფრო ძებნაა, ვიდრე მოლოდინი”. თუ ენის იმ უცნაურ მდგომარეობას ჩავუკვირდებით, რომელშიც იგი ტექსტის შექმნის დროს ექცევა, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა ნამდვილად გაჭირდება. მოგეხსენებათ, ძებნა, ისევე, როგორც შრომა, ბრძოლის ფორმაა და სხვა არაფერი, ოღონდ, ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებით, მწერალი ამ ძებნისა და ბრძოლის ფასად სხვებისგან გასხვავებულ გამოცდილებას მოიპოვებს, ისეთს, მარადჟამს რომ ადგება ყველა დანარჩენს. თანაც, გამოცდილება ისეთი რამეა, წლებთან ერთად კი არ ქრება, კი არ სუსტდება, არამედ გროვდება, მრავლდება და თუ მწერალი ბრძოლის ჟინს არ დაკარგავს, ცხოვრების სულ უფრო იდუმალი, გამოუცნობი მხარეები გამოაქვს სამზეოზე. მკითხველი მწერლის სამყაროში სწორედ ამ გამოცდილების გასაზიარებლად შედის და ის, რაც გამოაქვს, ხშირად მისთვისვე გაუცნობიერებლად ცვლის, ასხვაფერებს თვით ცხოვრებას თუ არა, მასზე აზრს მაინც. შეცვლილი აზრი კი, თვის მხრივ, უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებელ იარაღად იქცევა და ასე დაუსრულებლად. ამიტომ სულაც არაა სულერთი, რა სახის გამოცდილებას სთავაზობ მკითხველს და არც ის, როგორ გამოიყურება მკითხველის თვალში მწერლის სამყარო. მაშინაც მართალია ბ-ნი ოთარი, როცა ამბობს: “ვიდრე მწერალს აზრს ეკითხებიან, ჯერ ყველაფერი არ დაღუპულაო”. ვიდრე კითხვის სურვილი არ დაუკარგავს ადამიანს-მეთქი, დავამატებდი.
    ბედნიერება მქონდა, მისი რომანების არა მხოლოდ მკითხველი ვყოფილიყავი, არამედ მკვლევარიც. თუმცა აქ მთავარი მკითხველია და ჯერ ამაზე ვიტყვი: ჭილაძის რომანების კითხვა სერიოზული და შეიძლება ითქვას, გამაბედნიერებელი საქმიანობაა. მისი ენის სტიქიაში შესვლა, დაძაბული, ხანგრძლივ სუნთქვაზე გათვლილი წინადადებების სიღრმე გაოცებს, გაფორიაქებს. იძირები და ფსკერს ვერ გრძნობ, თანაც საშინლად გსიამოვნებს ამ სიღრმეებში შესვლა. სიცოცხლის იმ ნაკადებით ივსები, რომელიც ენას მოაქვს შენთან და საოცარი ძალით გრძნობ ერთიანობას ყველაფერთან, რაც გარს გაკრავს ხილული თუ უხილავი სახით. ბედნიერდები კი იმიტომ, რომ რაღაც ისეთ დროში დაჰყავი, რომელშიც არასოდეს გიცხოვრია, მაგრამ შენია და შენში გაცოცხლებას ელის, ცოცხლდება კიდეც და ჯილდოსავით იღებ ამ დამატების დროს. მერე რაღაც ძალიან საჭიროს მიგნების თუ შესრულებული მოვალეობის გრძნობაც ჩნდება, საიდან, ჯერ არ იცი. იწყებ ფიქრს, გროვდება კითხვები, გინდა გაარკვიო, როგორ ზიდავს ასე იოლად მისი “მსუბუქად მძიმე” წინადადება აზრის ამხელა სივრცეს, როგორ ანიჭებს ასეთ ხიბლსა და მოქნილობას ხატების წონად და მკვრივ მატერიას. მერე თავს უყრი ნაფიქრს, ცივი გონებით იგერიებ შენს თავს დატეხილი ჭეშმარიტი ლიტერატურის შემოტევას და “გონივრულ”, სხვებისთვისაც ანგარიშგასაწევ აზრებად ალაგებ, რაღა თქმა უნდა, “თეორიული არგუმენტების მოშველიებით”.
    პირადად ჩემთვის, ოთარ ჭილაძე მთელი ლიტერატურული ეპოქაა, სრულიად განსაკუთრებული, განცალკევებით მდგარი თავისი ნიჭის მასშტაბით, მოქალაქეობრივი პოზიციით, ცხოვრების წესით. 70-იანი წლების დასაწყისში, როცა მისი პირველი რომანი გამოჩნდა, უმალ გახდა საგრძნობი, რომ უკვე კარგად ცნობილმა და აღიარებულმა პოეტმა ქართული პროზის ვეებერთელა, ხელუხლებელი სივრცის ათვისება დაიწყო.
    დანიურ ენაზე “რკინის თეატრის” გამოქვეყნებისას ოთარ ჭილაძის შემოქმედება “დიდ ლიტერატურად” შეფასდა. საუბარი იყო “დიდ ეგზოტიკურ წიგნზე”, “დიდ ეპოსზე”, “ნატიფ რომანზე”, “მსოფლიო ლიტერატურის რუქაზე საქართველოს დაბრუნების” შესახებაც. დანიელი მწერალი ლარს ბონნევი წერდა, “რკინის თეატრით” მხოლოდ იწყება ოთარ ჭილაძის გაცნობა. ჩვენ ეს დავიმსახურეთო”. როცა ჭილაძე “კავკასიელ მარკესად” მოიხსენიეს, მარია ტეტცლაფფმა შენიშნა, “ჭილაძეს სულაც არ სჭირდება მარკესი, როგორც სარეკლამო “ლოკომოტივიო” და თავისი კოლეგის აზრი გაიზიარა: “ჭილაძის მკითხველი “უმაღლეს ხარისხში მიიღებს თავის ჯილდოსო”. “ჯილდოზე” და “დამსახურებაზე” ლაპარაკი ჭილაძესთან დაკავშირებით შემთხვევითი არაა და ჩვენ, ქართველმა მკითხველმა, შესაძლოა, საკუთარ ენასთან სიახლოვის გამო კიდევ უფრო კარგად ვიცით ამ ჯილდოს ფასი.
    მახსოვს, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, მარკესის “მარტოობის ასი წელის” წაკითხვა რომ მირჩიეს. ავიღე წიგნი, დავიწყე კითხვა და გადავდე. ერთხელ, მეორეჯერ… ვერ შევედი რომანში, არადა, ერთგული, თავგადაკლული მკითხველი ვიყავი, სპეციალობაც მავალებდა კითხვას. მოგვიანებით მივხვდი, რაც მოხდა: სამხრეთამერიკული ლიტერატურისაგან არაფერს ველოდი განსაკუთრებულს, არ მიზიდავდა მათი სამყარო (სხვათაშორის, არც აზერბაიჯანულ ფილმებს ვუყურებდი ტელევიზორში), არ მაინტერესებდა. მერე კი, როცა დავიწყე, ვეღარ მოვწყდი და ამ ლიტერატურის ერთგულ მკითხველად დავრჩი დღემდე. არის მასში ის განსაკუთრებული – თემატიკას და პრობლემებს არ ვგულისხმობ – რაშიც ჩემს ლიტერატურასთან სიახლოვეს ვგრძნობ. ისტორიის, მითის, კაცობრიობის ბედის რაღაცნაირი ხედვა, სამხრეთის ხალხებს რომ ახასიათებთ. სხვა ტემპერამენტი და რიტმი, პოეტურობა და ტრაგიზმი ერთად, და ამის ძალზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური აღქმა, მაღალი ტემპერატურა თუ მუხტი; რაღაც ისეთის ხედვა, დასავლეთი რომ ვერ ამჩნევს, რაღაც ისეთის ერთგულება, ჩამავალი მზის ქვეყნებს რომ დავიწყებიათ.
    რუსებიდან შუკშინი მომწონდა, აიტმატოვი განსაკუთრებით. ორივენი ძალიან გახმაურებულები იყვნენ. როცა ჩინგიზ აიტმატოვთან ჭილაძის შედარებას ახდენდნენ, მე ჭილაძის უპირატესობას ვგრძნობდი აშკარად, თუნდაც იმიტომ, რომ აიტმატოვი რუსულად წერდა. ეს სერიოზული ფაქტორი იყო, ცნობიერების ღრმა შინაგან პრობლემაზე მიმანიშნებელი. იმ ენაზე წერდა და აზროვნებდა, მანქურთიზმს რომ თესავდა მის ქვეყანაში, მის ენაზე მოლაპარაკე ხალხში. ამის მეცნიერული ახსნაც შეიძლება და გამართლებაც, მაგრამ მაინც ტრადიციულ აზრზე ვრჩები: დიდი ლიტერატურა მხოლოდ საკუთარ ენასთან უღრმესი კავშირით იქმნება. ამიტომ, როცა ლიტერატურის ინსტიტუტმა ნობელის კომიტეტისაგან წინადადება მიიღო, თავისი კანდიდატურა დაესახელებინა ნობელის ნომინაციაზე, ზუსტად და უყოყმანოდ ვიცოდი, რისთვისაც ვასახელებდი ოთარ ჭილაძეს. მისი შემოქმედების სახით ქართულ ენას ვაძლევდი ხმას, მის დიდებულებასა და სისადავეს, სიბრძნესა და ხატოვანებას, უსასრულო სივრცეებში განავარდების სურვილსაც და დანის პირზე სიარულის ჟინსაც. რადგან უკეთესად ვერ ვიტყვი, უკვე ნათქვამს სწორედ ნობელის მინიჭებისას სტოკჰოლმში წარმოთქმულ ფოლკნერის სიტყვებს დავამატებ: მე ხმას ვაძლევდი “მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად, ან, მითუმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისგან რაღაც მანამდე არარსებული შეექმნა”.
    ჰოდა, მეც სწორედ “მანამდე არარსებულ” საქართველოს ხატს ვხედავდი და ვხედავ დღესაც ანაში, შვილისკენ რომ გარბის, მაკაბელებისგან თავდაღწეული; შეყვარებულებივით რომ ხვდებიან დედა-შვილი გომურში. სათითაოდ მქონდა დათვლილი ძველი ქვები, ერთზე ამოკაწრული საბედისწეროდ ამოყირავებული კაცუნათი. გამაოგნებელი იყო ის მორჩილება, გიორგა რომ თათარს ეკვლევინებოდა და თან ბავშვობის მონატრებულ სუნს რომ ისუნთქავდა მისი სხეულიდან. ხომ მკვლელია, მაინც აღიარებ თათრის უპირატესობას მაიორთან შედარებით. ყოველთვის მახსოვდა ზოსიმეს სიტყვები მაიორისადმი: ფესვებს მოგლეჯილი ია ხარო, ანუ საკუთარ არსს, გენეტიკას, სახელს დაშორებული დამჭკნარი სიცოცხლეო. “მამი… შინ მინდა… სადა ხარ, კაცოო” – ეს უკანასკნელი ამოძახილი სხვა, შორეულ, მაგრამ ძალზე ნაცნობ ძახილს მახსენებდა. მისი კითხვის დროს ყველა დროის ერთიანობას ვგრძნობდი. საოცრება იყო იმ პასუხისმგებლობის აღძვრა ჩემში, მკითხველში, რაც მას, როგორც მწერალს, როგორც ენის – “ყოფიერების სახლის” მასპინძელს ამ ყოფიერების, სიცოცხლის მიმართ ქონდა. ეს პასუხისმგებლობა მტკივნეულიც იყო, შემაწუხებელიც, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცას გატყობინებდა შენს ადამიანურ დანიშნულებაზე, თუ, რა თქმა უნდა, დღეს ძალიან არ დავცილდით ამ სიტყვების თავდაპირველ მნიშვნელობას. არაფერს გავალებდა პირდაპირ, მაგრამ გმართავდა სიტყვით, ენის ძალაუფლების ქვეშ გაქცევდა. ვხედავდი, როგორ “დაჰყვიროდა” საბა ლაფაჩის დედა თავის საწყალ ქმარს და ამ ერთი სცენით და ერთადერთი ზმნით ზუსტად ვიცოდი, რატომ იყო საბა ლაფაჩი სწორედ ასეთი და ვერაფრით იქნებოდა სხვანაირი.
    კარლოს ფუენტესი ერთ თავის ინტერვიუში წერს, ხელისუფლება ყოველთვის ებრძვის მწერლობას იმიტომ, რომ ლიტერატურა ადამიანს თავისუფლებას ასწავლისო. ოთარ ჭილაძე გვასწავლის, “თავისუფლება ბრძოლის უფლება რომაა და სხვა არაფერი”. მარტო ხელისუფლებას კი არა, თითქოს ყველაფერს შუკრავს პირი საიმისოდ, რომ ეს უფლება წაგართვას, უფრო სწორად, კი არ წაგართვას – დაგავიწყოს, დავიწყების გზით წაგართვას. ჭილაძე კი ამ დროს დაჟინებით გიმეორებს: “დაიმახსოვრე, მერე მიხვდები”. დავიწყებით დაავადმყოფებულ, სახედაკარგულ თავის ხალხს და, თუ გნებავთ, კაცობრიობასაც იმით მკურნალობს, რომ წარსულს ახსენებს გამუდმებით. იგი იმ სიღრმეებში იხედება, სადაც ინდივიდუალური და საკაცობრიო, პიროვნული და საყოველთაო ერთმანეთს კვეთენ, მსჭვალავენ და მხოლოდ ასე, ერთიანობაში ახერხებენ არსებობას. მისი ენა ყოფიერების იმ ფენებთან გვაახლოებს, რომლებიც ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს ემიჯნებიან. ოთარ ჭილაძე პოეტური და ტრაგიკულია ერთდროულად. ამაში, ამ ორი საპირისპირო საწყისის ვირტუოზულ შერწყმაში ვხედავ მისი მწერლობის ძალასაც.
    შეკითხვა – როგორია მისი აზროვნების ტიპი – რაციონალისტურ-ინტელექტუალური თუ ინტუიტიური, ზედმეტია: ორივე ეს საწყისი ერთმანეთს მსჭვალავს და სამყაროს განსაკუთრებული აღქმაც ამ ბედნიერი გადაკვეთისას იბადება.
    …ვხედავდი კაცსა და ბავშვს, მამა-შვილს, ვანის პატარა მოკირწყლულ ქუჩას ხელიხელჩაკიდებულები რომ მიუყვებიან და ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ერთიანობას არაფერი ემუქრებოდა: “ერთნი არიან და არავითარ ძალას არ შეუძლია მათი დაშორება”. უკვე სამი ათწლეულის მერე, მარკესის გამოსათხოვარი წერილის კითხვისას, როცა ის მამის ხელში მოქცეულ, ჩვილის პაწაწინა მუშტზე ლაპარაკობს, გამახსენდა, რომ სადღაც უკვე წამეკითხა ასეთი რამ. ჰო, ჭილაძესთან, თუმცა იმის თქმას, რომ ჭილაძემ დაასწრო, არავითარი აზრი არ ქონდა, რადგან ასეთ რამეს მხოლოდ დიდი მწერლები ხედავენ, მარადისობას მზერაშეჩვეული ხალხი, უბრალოდ, სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ალბათ, ასე იფიქრა სწორედ იმ დანიელმა მწერალმაც, ზემოთ რომ ვახსენე.
    ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცნობილი სახელი მახსენდება – მარიო ვარგას ლიოსა. მის რომანში “ლიტუმა ანდებში”, რომლის რუსული თარგმანიც 1996 წელს გამოქვეყნდა, არის პერსონაჟი – დიონისიო, ანდებში რომელიღაც მიყრუებული სოფლის ღამის ბარის მეპატრონე. მისი მსგავსება ოთარ ჭილაძის ბახასთან იმდენად აშკარა იყო, რომ დავინტერესი, “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” თუ არის ესპანურად თარგმნილი-მეთქი. 1976 წელს უთარგმნიათ. ხომ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს ეს ფაქტი, მაინც ფუჭი მეჩვენება გავლენების ძებნა. ალბათ, უფრო სამყაროს საერთო ტექტზე, კაცობრიობის საერთო მეხსიერებაზე თუ შეიძლება საუბარი, სადაც ჩვენი ყოველწამიერი აზრებიც კი დაუკარგავად ეწერებიან რომელიღაც ნანოფირფიტაზე. თუმცა ამ ტექსტში არც პატარა და დიდი არსებობს, ასეთი ცნებებიც აზრს კარგავს. სხვათაშორის, ამ ტექსტისთვის მკითხველი და მწერალიც კი ერთია (მაგრამ არა სულერთი).
    შეიძლებოდა გვეკითხა, როგორია ჭილაძის მსოფლხედვის ყველაზე ზოგადი და დამახასიათებელი მოდელი, რათა აგვეხსნა, რატომ ხედავს ასე და არა სხვაგვარად. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა გვეპასუხა ერთი ცნობილი რუსი მეცნიერის მიერ დასმულ, სხვათაშორის, საინტერესო კითხვაზე: საიდან ჩნდება ასეთი ტრაგიკული ხედვის მწერალთან იმედი, რომელსაც ის უშურველად სთავაზობს მკითხველს თავისი რომანების ფინალში. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ეს იმედი ახლავს სიცოცხლეს, მის არსს და საზრისს. ტანჯვაც ამ გზის ნაწილია და ყველაფერიც, რაც ადამიანს სიცოცხლის გზაზე თავს გადახდება. “გახსოვდეს სიცოცხლე” – ასე ქვია მისი პოეზიის ერთ კრებულს. ამიტომ არაფერია მოულოდნელი არც ნიკოსთან და გელასთან, არც ალექსანდრესთან. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს გზა ტანჯვის გზაა, ჩვენ მაინც ვგრძნობთ, რომ მან გაიმარჯვა, მაინც იპოვა ადამიანის შესახებ ყველაზე რთული კითხვის პასუხი იმ რწმენის და რჩევის წყალობით, ანასგან რომ მიიღო: “ძმას ჩააკითხე”. უცებ მიხვდა, რომ თავისი გენის, სისხლის პატარა, სუსტი ყლორტის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. აი, ადამიანის პრობლემის დაუჯერებლად უბრალო და დამაჯერებელი გადაწყვეტა, ერთი ქართული ზღაპარივით, პრობლემით შეჭირვებულ მღვდელს რომ ურჩევს: “ეგ ეკლესია მოიხსენი და მიწაზე დადეო”. აი, კითხვა, რომელიც ადამიანური სიბრმავიდან მოდის, და მისი პასუხი, რომელიც ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ ვერ ვხედავთ. იგი მხოლოდ მწერალმა და ზღაპრის მთხრობელმა იცის.
    სამწუხაროდ, დღეს ბევრი წერს სიცარიელეზე, სამყაროს დასასრულზე და ეს ბევრი მწერალი, უბრალოდ, ცრუობს. შესაძლოა, მათ დაკარგეს გავლენა რეალობაზე და სიტყვაზე – რაც, ბოლოსდაბოლოს, ერთი და იგივეა – და შერცხვათ ამის აღიარება. ამ უბედურების გამო კი დაივიწყეს მწერლის პასუხისმგებლობა იმის მიმართ, რაც ხდება, დაივიწყეს ხსოვნა და ამიტომაც აღარაფერი დარჩათ სათქმელი მკითხველისთვის. არამარტო გულმავიწყები, არამედ გულგრილებიც გახდნენ.
    რეზო ინანიშვილი წერდა, მწერლისთვის მხოლოდ დარაჯის ადგილი დარჩა და მასაც დარაჯივით უმწეოდ აქვს ხელები გაშლილიო. ოთარ ჭილაძემ მწერალი დავიწყებული ცოდნის საფლავზე დარგულ იმ ხეს შეადარა, ადგილის ხსოვნა რომ ევალება. ხსოვნის დარაჯი – აი, დღევანდელი ჭეშმარიტი ლიტერატურის დანიშნულება მანამ, სანამ რაიმე ახალს იტყვის ისტორია და დრო, რაიმე ახალ გზაზე მიუთითებს მწერლობას. ხანდახან მგონია, რომ ლიტერატურა წრეს შეკრავს და შეცვლილი სახით ძველი ელინების იმ ტრადიციას დაუბრუნდება, რომელიც ადამიანებს ძველი გმირების საქმეებს შეახსენებს, მაგალითად დაუსახავს და ამით მათ ხსოვნას მიაგებს პატივს. ჭილაძე მითსა და ისტორიას შეგვახსენებს, მათთან ერთად კი – სიყვარულს, ერთგულებას, თავისუფლებას, ძალისხმევას – როგორც ფოლკნერი იტყოდა, “ადამიანის გულის ძველთაძველ ჭეშმარიტებებს”.
    …ვხედავდი იასონს, შოლტს რომ იტყლაშუნებს წვივზე და ვგრძნობდი, რომ ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებდა მის ცდუნებას. სადღაც წავიკითხე, რომ გარკვეულ კულტურებში შოლტი ძალაუფლების სიმბოლოა. მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ იასონისგან მომავალი ხიფათი სწორედ შოლტს დავუკავშირე. ამ ჟესტმა მაგრძნობინა, რომ მედეა აუცილებლად დაიღუპებოდა სიყვარულისგან. იმ წამიდან, როცა მედეას ხელებზე უცებ, შემთხვევით მზერაშეყოვნებულ იასონს ამ ხელების სრულყოფილება გააოცებს, უკვე იცი, რომ მას მართლა შეეძლო იმ დანაშაულის ჩადენა, დღემდე რომ ანცვიფრებს ადამიანს, რომ ევრიპიდეს არაფერი მოუგონია. ასეთ დანაშაულს სწორედ მედეასნაირები ჩადიან – სრულყოფილები, ამაყები, ბუნების პარადოქსულობის მატარებელნი და ამ ბუნებისავე მიუწვდომელი ეთიკით გამართლებულები. განა ბუნებას ეკითხება ვინმე, რატომ ანგრევს გამძვინვარების ჟამს თავისსავე შექმნილს?
    ჭილაძეს ისე შემოჰქონდა თანამედროვეობაში კულტურისა და ხსოვნის ნიშნები, მითი და ისტორია, როგორც ხსოვნა ერთვება ჩვენს ყოველდღიურობაში – ბუნებრივად, ძალდაუტანებლად, სახიერად.
    “რა ვიცი, რომ მე მე ვარ, და ჩემი მოყვასი კიდევ ჩემი მოყვასია?” – ქაიხოსროს კითხვა ურწმუნო, დაეჭვებული ადამიანის კითხვაა, თანაც ისეთი, ისტორიის განსაკუთრებულ ეტაპს – რაციონალიზმის, “კარტეზანული ეჭვის” ეპოქის დასაწყისს რომ შეეფერება. მღვდელი შეკითხვას პირდაპირ არ პასუხობს: “ეს რაღაც ახალია”. ასეთი კითხვა მხოლოდ ქაიხოსროს შეეძლო დაესვა, მღვდელი ზოსიმეც ის ერთადერთი კაცია, ვისაც ასეთი შეფასების მიცემა შეეძლო, თანაც, ღვინიანი ჭიქით ხელში, ფვალებაჟუჟუნებულს, ყველაფერი რომ იცის, ყველაფერს რომ ხვდება და ნაბიჯსაც არ დგამს ქაიხოსროს გადასარჩენად. უფრო თანამეინახეა, ვიდრე მოძღვარი, თუმცა ამ ორის ურთიერთობა ცალკე საუბრის თემაა, ცალკე რომანის თუ დრამის სიუჟეტი.
    რა პატარა და უმნიშვნელოა თანამედროვე მწერლობის მთელი გაწამაწია ამ რომანების სერიოზულობის ფონზე. მთელი ეს ავადმყოფური გულახდილობები, ფსიქოლოგიზმები, “სექსიზმები” და ცინიზმი. რაც ყველაზე აუხსნელია, ცინიზმი – ადამიანის დაცარიელებული, ტრაგიკულად დანგრეული სულის მიმართ.
    “თუ არ იცი, რა არის უცვლელი, საყრდენს კარგავ, თუ არ იცი, რა არის ცვალებადი – სტილს” (იასუნარი კავაბატა). ოთარ ჭილაძემ ზუსტად იცის, რა არის უცვლელი და ისიც იცის, ცვალებადი რაც არის. ამიტომ, როცა თავის “განგაშის რომანებს” წერდა, საყრდენიც საკუთარი ჰქონდა და სტილიც. მე მათში ქართული სულის სიღრმეს, სიმდიდრეს, ჭირთათმენის უნარს ვხედავ. ვხედავ რაღაცნაირ შეშფოთებასაც ამ პოტენციის განუხორციელებლობის გამო, მისი გადარჩენის, შენახვის სურვილსაც, პასუხისმგებლობასაც.
    მისი ტექსტის ყოველი წერტილი გრძნობს, რომ მთლიანობის, სისტემის ნაწილია. ერთიანობის ეს შეგრძნება, რომელიც ჭილაძის ტექსტებიდან მოდის, თავისი ბუნებით კოსმიურ წესრიგს გავს, ქაოსს რომ უპირისპირდება და ამით სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იღებს. შენ კი, რომელიღაც წერტილი თუ ქვიშის მარცვალი, აცნობიერებ, რომ უბრალოდ, კითხვაში კი არ მონაწილეობ, არამედ საერთო წესრიგში ხარ ჩართული. თანაც ეს სისტემა ღიაა, გახსნილი, განსხვავებული აღქმებისათვის შეღწევადი. მნიშვნელობები ისე გადაედინებიან ერთმანეთში, ისეთი სიშორიდან უკავშირდებიან ერთმანეთს, რომ ჩნდება სამყაროს, სიცოცხლის თავდაპირველი ერთიანობის განცდა. აზრს კარგავს განსხვავებები “ახლოსა” და “შორს”, “წარსულსა” და “მომავალს” შორის. ამ სამყაროში ეჭვი ისე შეგიძლია “აწონო”, “ათვალიერო”, როგორც მატერიალური საგანი, მთელი სივრცე კი მეხსიერების მატარებელი საგნებით დაასახლო და “სინათლის წიწილებით” გაანათო. ისტორია ისე ახლოს მოდის, რომ ხედავ ზღვას, უკან რომ იხევს. იმას ხედავ, რასაც თვითონ ვანელები ვერ ამჩნევენ. იმ სიტყვების მნიშვნელობასაც შეიცნობ, ბახა რომ ვითომ შემთხვევით ბერძნებზე ამბობს. იმასაც ხვდები, რომ ეს სიტყვები სწორედ ბახას უნდა ეთქვა, ბახუსის მიწისქვეშა ტაძრის, თრობისა და ინტუიციის ქურუმს, ერთნაირად რომ ფლობს წარსულზე და მომავალზე სხვებისთვის მიუწვდომელ ცოდნას. წარსული ისე ახლოსაა, რომ ვანელების გაფრთხილება გინდა, მაგრამ ვერ ასწრებ და ვერც მოასწრებდი, რადგან ისტორია უკვე შეჭრილა მათში და დროის შეუქცევადი სვლა დაწყებულა.
    ჭილაძის ენას მთელი ტექსტი ახსოვს – მითიდან დღემდე, კაცობრიობის მთელი გზა, რომელსაც, რატომღაც, ყოველთვის ერთი კაცი ადგას, მხოლოდ ერთი, და მთელი დანარჩენი კაცობრიობის ყველა გზის, ყველა ხსოვნის გადარჩენა ევალება. ის ერთი კაცი მიდის შეუსვენებლად – ტკივილით, ტანჯვით, ხანდახან პატარ-პატარა სიხარულებიც ხვდება ამ გზაზე. რუსთაველის სიტყვებს – “დგომა მგზავნისა ცდომაა”-ო, ოთარ ჭილაძე მე-20 საუკუნის გადასახედიდან ეხმაურება: “არ მიატოვო სანგარი, რომელშიც განგება ჩაგსვამს”. ესაა ადამიანად ყოფნის ძალისხმევა და ესაა მგზავრის მოვალეობაც გზისა (სივრცისა) და დროის წინაშე. მწერალი ყოველთვის ერთის, თითო-ეულის პასუხისმგებლობაზე, ხსოვნაზე, განსაცდელზე და თავისუფლებაზე გვიამბობს. ის ერთი აძლევს პასუხს ისტორიას, ქვეყანას, კაცობრიობას.
    ოთარ ჭილაძემ ბევრ, ჩვენთვის და სხვებისთვის მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა, იმ კითხვებს, რომლებიც უკანასკნელ ხანს ნაკლებად დაისმის დასავლეთში: რაშია საშველი, რით შეიძლება დღეს ლიტერატურა დაეხმაროს ადამიანს? დღეს, როცა რეალიზმის მწვერვალებიც დაპყრობილია და ფსიქიკის უფსკრულებიც მისხალ-მისხალ გაზომილი, ყველა ტრადიციული მოდელი მრავალგზის ხორცშესხმული და ყველა ფორმალური ექსპერიმენტი ჩატარებული, ალბათ, ძნელია რაიმე ახალი კუთხე მოუძებნო სათქმელს. ჭილაძემ ეს შეძლო: სიცოცხლის ტრაგიკულობა და მისი მშვენიერება შეაჯვარა და ამ შეჯვარების ნაყოფი ქართულ ნივთიერებად ჩამოძერწა. მას საკუთარი “ლოკომოტივი” აქვს – ქართული მწერლობის ტრადიცია და რაკი ტრადიცია ვახსენეთ, მისი მხატვრული სინთეზის შესახებაც ვიტყვი: აქ რუსთაველის ფრაზის სიღრმესაც შეხვდებით, გურამიშვილის თხრობის მოქნილობასაც და მთელი მე-19-მე-20 საუკუნეების პროზისა და პოეზიის ყველაზე ღირებულ გამოცდილებასაც. იგი ყოველთვის ინარჩუნებს რეალობასთან კავშირს, მაშინაც კი, როცა ძალზე ზოგადზე და საყოველთაოზე, ან სულაც, აბსტრაქტულზე წერს. მისი სიტყვა უამრავი ხილული თუ უხილავი ძაფითაა მიბმული რეალობაზე, მატერიაზე, სიცოცხლეზე. მთელი ხიბლიც ესაა – სიცოცხლის მომპატრონებელი და გადამცემი სიტყვა, სიტყვით შექმნილი უცნაური მატერია. “სიტყვა ერთადერთი და საკმაოდ ბნელი გვირაბია, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვუკავშირდებითო” – წერს ერთგან. ამ გვირაბში მისი ყველაზე ერთგული მეგზური მეტაფორაა, რომელიც “ენის საშიშ სიღრმეებსაც” ავლენს და გვირაბიდან სინათლის შუქიც გამოაქვს.
    ამ სიტყვის ძალით შექმნა ბარათაშვილის ბრწყინვალე პორტრეტი თავის ესეში: “ის კი ნელა მოდიოდა პურის ყანაში და ჩამოგლეჯილი საყელოდან ბავშვურად სუსტი მკერდი მოუჩანდა”. ეს ის პორტრეტია, რომელიც მე-20 საუკუნის დიდმა მწერალმა მიუძღვნა თავის დიდ წინაპარს – საბედისწეროდ გამქრალი თუ ადამიანთა დაუდევრობით დაკარგული მისი ყველა სურათის სანაცვლოდ, სიყვარულით ჩახატა და დაცარიელებულ კედელზე საკუთარი ხელმოწერით ჩამოჰკიდა. არსად წამიკითხავს ფიროსმანის ფერწერის უფრო ზუსტი შეფასება, ვიდრე ოთარ ჭილაძესთან: საეკლესიო მხატვრობასთან მის მსგავსებაზე, საერთო სულიერებაზე, ერთნაირად რომ მსჭვალავს მოქეიფეებსაც, მეთევზესაც და ისეთ “არაქართულ” მოვლენასაც, როგორიც ჟირაფია.
    ერთ ინტერვიუში ფამუქი ამბობს, სახლი იქაა, სადაც დედააო. სახლი სამყაროს დასაწყისია, იქაა, სადაც დედობრივი ხმა გესმის, სადაც დაცული ხარ, სადაც საწყისებია, მოგონებები და რა თქმა უნდა, მშობლიური ენაო. იქნებ ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ოთარ ჭილაძესთვის ეს დაცულობის განცდა უფრო კაცურ საწყისს – მამას უკავშირდება. უბედურების სათავეც ყოველთვის ან უმამო ან მამის მიერ უარნათქამი. სამშობლო ჩვენს ენასა და კულტურაში “მამულია”, უფრო ძველი, ძალასთანაც უფრო მეტად ასოცირებული, ვიდრე “დედულეთი”. ასეც უნდა იყოს, რადგან ჭილაძესთან მთავარი ძალისხმევაა, სიყვარულის, ქალის, დედის, ოჯახის, დედამიწის – ანუ იმ ყველაფრის გადასარჩენად, რაც სიცოცხლესთან და სითბოსთან, ე. ი. ქალაქურ საწყისთან ასოცირდება. ჭილაძესთან მამები შვილებს სიკვდილთან ბრძოლას ასწავლიან თავიანთი უმწეობითაც, სიკვდილითაც, შეცდომებითაც. გავიხსენოთ მამის “ჩასახლებები” გიორგას სხეულში, ხილვის რა ექსპრესიაა, აზრის რაოდენი სიღრმე!
    თანამედროვე რომანს არაერთი პრობლემა აწუხებს. ზოგისთვის ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებია, ზოგისთვის – “მსოფლიო ხელისუფლების” ფარული სვლები, “უცხოსა” და “ჩვენიანის” მომავალი ჩვენს პლანეტაზე და ა. შ. ერთი რამ, რაც დღეს მწერალმა კარგად იცის, ისაა, რომ ისეთს ვერაფერს შექმნის, კაცობრიობა რომ გააკვირვოს, რადგან გაკვირვებაც – სისუფთავისა და გულუბრყვილობის ნაყოფი – ყავლგასულია. მაგრამ ლიტერატურის ქვეყნის მოსახლეობა, ანუ მკითხველი, მაინც მოლოდინშია. და არამარტო ჩვენთან, არამედ დასავლეთშიც. სხვანაირად ვერ ავხსნით აღფრთოვანებულ გამოხმაურებებს გერმანულ პრესაში “აველუმთან” დაკავშირებით. გერმანელებს სულაც “არ მიაჩნიათ შემთხვევითობად, რომ ეს მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ საქართველოდან მოვიდა”, რადგან “ქართული ლიტერატურა ძალდაუტანებლად ეწერება საერთო საკაცობრიო კულტურის კონტექსტში, როგორც დამოუკიდებელი, თავისთავადი, ორიგინალური ცივილიზაციის ნაყოფი” (ქ. ლიჰტენფელდი). მათ, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონათ კულტურის ენის ის ფაქტურა, რომელიც ჭილაძის რომანმა შეაგრძნობინა: ერთდროულად ძველი და ახალი, ფაქიზი და მყარი პოეტური ქსოვილი. ჩვენ, ჭილაძის მკითხველები, მას კარგად ვიცნობთ: ამირანის ჯაჭვის პერანგით, უხეიროს აფრისხელა ტილოთი, ბედიას თოკით, პოპინას ბუნებრივი საღებავით ნაღები ძაფებით, მელანიას ძაფის გორგალით, ფარნაოზისა და ალექსანდრეს მიერ ნავალი უსასრულო გზებით მოქსოვილ ტექსტებს. სხვათა შორის, კულტურის ამ ტექსტში გოდრის მოწნულ ფაქტურასაც ვამჩნევთ, რომლის ღრიჭოებიდანაც სამყაროს მახინჯი სურათი მოჩანს. ჭილაძე არ წერს სოციალურ ურთიერთობებზე. სოციალური მასთან იმავდროულად ისტორიულიცაა და მასთან ერთად ჩნდება. ამიტომ წერს იმაზე, რაც ამოძრავებს ხალხს და ისტორიას: დროზე და ხსოვნაზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე – დიდ თემებზე, დიდ ტრაგედიებზე პატარა ქვეყნის შიგნით.
    მის რომანებში ჩუმი, ყველგანშემღწევი ძალადობა სუფევს. მთელი სამყარო ორადაა გაყოფილი: ან კლავს, ან ეკვლევინება. ამ უალტერნატივო სივრცეში თითქოს მორჩილებაც ძალადობაა. უზნეობიდან, გულგრილობიდან, შიშიდან აღმოცენებული ძალადობის ასეთი ფორმა ბაცილას გავს, გარედან რომ არ ჩანს და შიგნიდან შლის საზოგადოების სხეულს. დღევანდელი სამყარო გუშინდელზე რთულია და ყოველნაირი ღირებულების თავდაპირველი გარკვეულობაც – დარღვეული. გაურკვევლობაში კი ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბრძოლა არ შეგიძლია, რადგან მოწინააღმდეგე სადღაცაა მიმალული, გაძრული, რაღაც საპირისპირო თვისობრიობასთან შერეული. ჭილაძე გაურკვევლობიდან გარკვეულობაში აბრუნებს ღირებულებებს და ამით ბრძოლას გიადვილებს.
    ამ ბრძოლაში ხსოვნა იარაღია, დავიწყება კი – ღალატი. სწორედ ხსოვნა ინახავს ენას და მასთან ერთად ყველაფერს, რაც სიტყვაში მოექცა მისი წარმოთქმის დღიდან დღემდე, ჩვენამდე. ლიტერატურა უბრალოდ აწმყო კი არ არის, არამედ გამძაფებული დრო, რომელშიც ერთდროულად არსებობს წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. ჭილაძის ენაში ხატებად გარდაქმნილი წარსულის მთელი სუბსტანციაა თავმოყრილი, მთელი ისტორიული და მითოლოგიური გამოცდილება. მისი ენის პოეტურობაც სწორედ ამ ღრმა მეხსიერების შედეგია, მისი განსაკუთრებული ხარისხი. მასში თავმოყრილია სამყაროს აღქმის ყველაზე ადრინდელი ფორმები, რაც სხვა არაფერია, თუ არა სამყაროსთან, ბუნებასთან თავდაპირველი ერთიანობის განცდა ანუ პოეტური განცდა. სწორედ ამ მეხსიერების წყალობითაა მისი რომანები ასეთი ქართული.
    ოთარ ჭილაძემ ისტორიის გზებზე გვატარა: ვანიდან, მითოსური დროიდან ბოლომდე, იმპერიის ნგრევამდე და მთელი ამ პერიოდის შეფასებაც მოგვცა თავისი რადიკალური, ძნელად სათქმელი სიმართლით “გოდორში”. ის კითხვები დასვა, კაცობრიობის მშფოთვარე გონება რომ უტრიალებდა მარადჟამს, ოღონდ, ქართული შეფერილობით, ტემპერამენტით და აქცენტებით: რა სჭირს ადამიანს, რა შეაყოლა ღმერთმა თიხას ამისთანა მოურჩენელი?” სიყვარულით, დანანებით ჰკითხა თავის ხალხს: “რატომ, რატომ არ იცი შენი ფასი?” ქართული ზღაპრის უბრალოებითა და სიბრძნით გადაჭრა ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების ამოცანა; ტრაგიკული სიმძაფრითა და დაუზოგავი პირდაპირობით მოგვცა იმედიც: “სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია, ქვეყანა არ დაიღუპება”.
    ოთარ ჭილაძემ, უჩვეულო წინასწარმეტყველური გუმანით, დიდ მწერლებს რომ ჩვევიათ, იგრძნო “ფუტურო დრო”, კრიზისული რეალობა და წარსულის ხსოვნა შეაშველა აწმყოს ჩამონგრეულ, დასაშლელად განწირულ სხეულს. მისი ენის წყალობით წარსული და ხსოვნა რაღაცნაირ რეალურ განზომილებას იძენს და ისე დგება რეალობის გვერდით, მის სიღრმეში თუ პარალელურად, რომ აძლიერებს, ავსებს და აღრმავებს მას. იგი განფენილია ყველგან – ჭილაძის პოეტური ენის მთელ ქსოვილზე და განუწყვეტილვ მოედინება აწმყოსთან, სიცოცხლესთან ერთად. თითქოს მოულოდნელიც არაფერია, აკი განგება იმიტომ აძლევს მწერალს იარაღად სიტყვას, რომ სიცოცხლის საქმე აკეთოს, გაამრავლოს, შეცვალოს, გაამდიდროს, ანუ “მანამდე არაარსებული შექმნას”.
    ოთარ ჭილაძის რომანები მსოფლიოს ათეულობით ენაზეა თარგმნილი. იმ რუსეთშიც კი, რომლის იმპერიული პოლიტიკის სიბილწე კალმის წვერზე ესვა, არ დარჩენილა თითქმის არცერთი ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი, მისი რომანებისთვის, მისი შემოქმედებისთვის წერილი რომ არ მიეძღვნა. ასე გრძელდება აგერ, ოცდაათი წელია. დღემდე წერენ ინტერესით, აღფრთოვანებით, გაოცებითაც კი, არაფერს იშურებენ შეფასებისას. ვის ვის, და ამხელა მწერლობის პატრონ რუსულ კრიტიკას ლიტერატურით გაკვირვებას ნამდვილად ვერ დავწამებთ. პარადოქსია, მაგრამ სწორედ რუსულმა კრიტიკამ შეგვახსენა, რომ “თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ქვეყანა ვართ” და რომ “მის ზურგს უკან მრავალსაუკუნოვანი მწერლობა დგას, დაუშრეტელი წყარო, საიდანაც მწერალს შეუძლია უნივერსალური მნიშვნელობის ფორმები მოიპოვოს” (ვლ. ოგნევი). ეს “გოდორის” შეფასებაა. მახსოვს, საფრანგეთის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბ-ნ მალვილთან შეხვედრისას როგორი დანანებით თქვა, გერმანელებმა დაგვასწრეს “აველუმის” თარგმნაო.
    იტალო კალვინო ერთგან იდეალური ლიტერატურის ერთ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს: საბოლოოდ მწერალი და მკითხველი ერთ ან ერთადერთ პიროვნებად იქცევიანო. შესაძლოა, ათასგვარი გასართობით სავსე მსოფლიოში სწორედ ამიტომ არ ტოვებს ადამიანს დიდ, ჭეშმარიტ ლიტერატურასთან შეხვედრის მოთხოვნილება, ეს ერთიანობა რომ შეიგრძნოს, მასში რომ დაჰყოს მცირე ხნით. ამიტომ სიცრუეა, როცა წერენ, ადამიანები დიდ რომანებს ვერ კითხულობენო. შეიძლება, იმის თქმა უნდათ, მწერლები ვეღარ წერენ დიდ და ჭეშმარიტ რომანებსო.
    ამიტომ, სანამ რაიმე ახალი გამოჩნდება, მინდა, მთელმა მსოფლიომ იკითხოს ოთარ ჭილაძის რომანები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მათი წაკითხვის მერე ადამიანი ცოტათი მაინც გახდება უკეთესი. კიდევ უფრო მეტად კი ის მინდა, იგი ქართველმა კაცმა იკითხოს, ყველამ, ვინც წერა-კითხვა იცის. გასართობად კი არა – ამას ოთარ ჭილაძე არანაირად არ გვპირდება – საფიქრალად, სააზროვნოდ, ღირებულებებში გასარკვევად, სიყვარულის, იმედისა და რწმენის გადასარჩენად.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    ნოდარ კაკაბაძე – ბიბლიოფილის ჩანაწერები

    ბიბლიოფილის ჩანაწერები
    ნოდარ კაკაბაძე
    “Habent sua fata libelli” ანუ ერთი წიგნის თავგადასავალი

    1993 წლის შემოდგომაზე მივლინებაში ვიმყოფებოდი შუასაუკუნეობრივი ლამაზი პატარა გერმანული ქალაქის – ბამბერგის (ბავარია-ზემო ფრანკონია) უნივერსიტეტში. 15 გიორგობისთვეს უნივერსიტეტში ყოფნისას მითხრეს, ვისაც მოხუცებული კაცი გკითხულობსო; ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით შეეტყო, რომ ამჟამად ბამბერგში უნივერსიტეტის სტუმარი ყოფილა ვიღაც ქართველი. უცნობი 83 წლის ვერნერ პეტრატი აღმოჩნდა, რომელმაც მაჩუქა გრიგოლ რობაქიძის რომანის – “გველის პერანგის” გერმანული თარგმანი, 30-იან წლებში ბერლინის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში რომ შეუძენია. ჩემთვის ეს თავისთავად უკვე საინტერესო იყო, მაგრამ ინტერესს ზრდიდა დამატებითი გარემოება: ეს წიგნი ბერლინში 1931 წლის 24 ივნისს წარწერით უჩუქებია თვითონ გრიგოლ რობაქიძეს ერთ დროს საკმაოდ ცნობილი გერმანულენოვანი ებრაული ჩამომავლობის ავსტრიელი მწერლისათვის – ვილი ჰააზისათვის: “ბატონ ვილი ჰააზს გულითადად გრიგოლ რობაქიძე”. ისიც საინტერესოა, რომ, ამის გარდა, გრიგოლ რობაქიძეს იმავე გვერდზე რატომღაც ქართულად წაუწერია ნაწყვეტი თავისივე ლექსიდან “დოგის სიკვდილი”. რა კავშირი აქვს ამ ლექსს ვილი ჰააზთან, ჩემთვის გაუგებარია. აი, ეს ნაწყვეტიც:
    თუჯურ ახვეწილ და გაშვეტილ ასპიდის ტანზე
    მზე დინგიანი გილოკავდა ჭრელთვალა ხალებს,
    გავარდებოდი არქენილი ტორებით განზე:
    ცხელი კუნთებით არეკილით თასმავდი ალებს:
    შენი თვალები, – გადაჰკრავდა სხვაფერი თვითოს:
    ჟღალი და ლუში დამუქული ეგვიპტის ქვები –
    შენი თვალები გახელებით იჭერდნენ ხვითოს:
    გველი რომ ესვრის ყვითელ ალმურს ჯავარი რქებით.
    (ლექსიდან “დოგის სიკვდილი”)
    გრიგოლ რობაქიძე
    ბერლინი
    24.7.1931.

    ახლა ორიოდ სიტყვით: ვინ იყო ვილი ჰააზი?
    ვილი ჰააზი (ფსევდონიმი კალიბანი) დაიბადა 1891 წლის 7 ივნისს პრაღაში (გარდაიცვალა 1973 წლის 4 სექტემბერს ჰამბურგში).
    იგი მიეკუთვნებოდა პრაღელ ლიტერატორთა წრეს, რომელშიც შედიოდნენ განთქმული და მნიშვნელოვანი მწერლები: ფრანც ვერფელი (ექსპრესიონისტი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი); XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედი. სხვათა შორის, მას ეკუთვნის რომანი “მუსა დალის ორმოცი დღე” I მსოფლიო ომის დროს თურქთა მიერ სომხების გენოციდზე; საინტერესოა ვერფელის რომანი “ვერდი”, რომელშიც იტალიელ კომპოზიტორს უპირისპირდება მისი ანტიპოდი რიჰარდ ვაგნერი. ალბათ, ვერფელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი – “დაუბადებელთა ვარსკვლავი”. ქართულ სცენაზე 1925 წელს წარმოადგინეს ვერფელის პიესა “შპიგელმენშ” (“კაცი სარკიდან”); შემდეგ: ფრანც კაფკა; მაქს ბროდი (ეს ის მწერალი ბროდია, რომელსაც კაფკამ ანდერძად დაუტოვა ყველა გამოუქვეყნებელი კაფკასეული ნაწარმოების განადგურება, მაგრამ ბროდმა კაცობრიობისდა საბედნიეროდ არ შეუსრულა მეგობარს თხოვნა და მსოფლიოს გადაურჩინა გენიალური პროზაიკოსი!). ამავე წრეში შედიოდა პაულ კორნფელდი, ამ მწერალთა შორის შედარებით უცნობი (ყოველ შემთხვევაში ჩვენში) ექსპრესიონისტი ლიტერატორი. იგი 1941 წელს ლოძში ნაცისტებმა მოკლეს საკონცენტრაციო ბანაკში.
    აღსანიშნავია, რომ ესენი ყველანი ებრაული ჩამომავლობის გერმანულენოვანი პრაღელი მწერლები იყვნენ.
    ვილი ჰააზი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძემ 1931 წელს აჩუქა თავისი “გველის პერანგი”, ცნობილი იყო, როგორც მკვლევრები და მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ფენომენალური ნაკითხობით, ლიტერატურული განათლებისა და ბასრი კრიტიკული ალღოთი; როლფ იტალია ანდერმა, ჰოლანდიურ-გერმანული ჩამომავლობის მწერალმა, კულტურის ისტორიკოსმა, გერმანისტმა, ესეისტმა ვილი ჰააზს უწოდა “თავისი დროის მთელი ლიტერატურული სამყაროს მწყემსთმთავარი”.
    და რაც მთავარია, და მე ვფიქრობ, ამითაა ვილი ჰააზი უპირატესად გერმანული ლიტერატურის მოყვარულთათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი: 1939 წელს მილენა იესენსკამ – ფრანც კაფკას ერთ-ერთმა შეყვარებულმა, ვილი ჰააზს მთლიანად აჩუქა კაფკას ამ ქალისადმი გაგზავნილი ყველა წერილი და ეს წერილები ჰააზმა ცალკე წიგნად გამოაქვეყნა. ამ ეპისტოლარული ბარათების კრებულის გარეშე კაფკას ბიოგრაფიაში საგრძნობი ხარვეზი დარჩებოდა შეუვსებელი: ჩვენ არ გვექნებოდა ძვირფასი წყარო კაფკას ბიოგრაფიისა; ფრანც კაფკა “წერილები მილენასადმი”…
    … 1933 წელს, ე.ი. 2 წლის შემდეგ რობაქიძის წიგნის გაცნობიდან, ვილი ჰააზი იძულებული გახდა ანტიფაშისტურ ემიგრაციაში გაქცეულიყო – იმ გაწამაწიასა და არეულობაში, როგორც ჩანს, თავისი ბიბლიოთეკა მიმოებნა. თუ როგორ აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძის მიერ ნაჩუქარი “გველის პერანგი” ბერლინის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში, უცნობია, სადაც ეს წიგნი 30-იან წლებში შეუძენია საბოლოოდ ბამბერგში დასახლებულ ვერნერ პეტრატს. ამ წიგნის თავგადასავლის “ფინალი” ჩემი წერილის დასაწყისში აღვწერე. ახლა ეს წიგნი ჩემს პირად ბიბლიოთეკაშია.
    მართლაც, წიგნებსაც აქვთ თავიანთი ბედი: Habent sua fata libelli! არის კი ეს ამ წიგნის თავგადასავლის ბოლო! იქნებ, ჩემ მერე იგი სულ სხვაგან აღმოჩნდეს, რადგან ჩემს სიახლოვეს მე ვერ ვგრძნობ მისით ძლიერ დაინტერესებას.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე

    ლევან თითმერია ქუჩაში გამოდის და ყველას "პარნასში" ეპატიჟება

    ნანა კობაიძე

    გამომცემელს, რომელსაც დღეს შეგახვედრებთ, ბოლო დროს მასმედიის ყურადღება ნამდვილად არ აკლია. მიზეზი – ერთი თვის წინათ გახსნილი მაღაზია “პარნასია,” რომელიც უკვე თბილისელ ბიბლიოფილთა საყვარელ ადგილად იქცა. “ლევანმა ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი გამოცემლობა, ახლა კი პირველია, ვინც კერძო წიგნის მაღაზია გახსნა” – გვითხრა “პარნასის” პრეზენტაციაზე ზურაბ კიკნაძემ.
    კომუნისტების შემდეგ თბილისის წიგნის მაღაზიებში რიგი აღარ ყოფილა. უამრავ მიზეზთა შორის ერთ-ერთი და ალბათ, უმთავრესი ისიც იყო, რომ ისინი ფიზიკურად აღარ არსებობდა. ზოგი – დაიხურა, ზოგი – გაიყიდა, რაც გადარჩა, წიგნები ერთ დახლზე მიკუჭეს და გულითაც რომ გდომოდა, სასურველ გამოცემას ვერ მოძებნიდი. თუმცა, ლევან თითმერია მიიჩნევს, რომ იმ რთულ პერიოდში წიგნის გადარჩენა გარკვეულწილად ამ ადამიანთა დამსახურებაცაა. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მოვედით იმ დღემდე, როცა თბილისში წიგნის მაღაზია გაჩნდა და ევროსაბჭოს ექსპერტების მოხსენებაში პუნქტი, რომელიც გვამცნობს, რომ საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სატანდარტების არცერთი წიგნის მაღაზია – გარკვეულწილად გაბათილდა. გარკვეულწილად, რადგან ჭეშმარიტად თანამედროვე სტანდარტებამდე ჯერ ბევრი გვიკლია და ამას კარგად ხვდება ჩვენი დღევანდელი სტუმარიც.
    ლევან თითმერიასთვის საგამომცემლი საქმიანობა დღესდღეობით წარმატებულია, თუმცა, აქამდე მოსასვლელად უამრავი სირთულის გადალახვა მოუხდა. გამომცემლობა “საარი,” რომელსაც იგი დღეს ხელმძღვანელობს, ისევე, როგორც მთლიანად საგამომცემლო საქმიანობა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, 1996 წელთან შედარებით, როდსაც სულ პირველად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს, წინსვლა საგრძნობია. “იმ პერიოდში ყოველგვარი საქმიანობის წამოწყება ძალზე სარისკო იყო. არ იშოვებოდა მასალა, არ ასებობდა საკანონმდებლი ბაზა, ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა” – იხსენებს ლევან თითმერია.
    ლევანმა სტამბა თავდაპირველად პოლიგრაფიული მიზნებისთვის გახსნა. “ჩემი ოჯახიდან და სამეგობრო წრიდან გამომდინარე, საგამომცემლო საქმიანობა თავიდანვე “იდო” გეგმაში, თუმცა ამ კუთხით მუშაობის საშუალება წარმატებულმა პოლიგრაფიულმა საქმიანობამ მომცა” – თქვა მან. პირველად მეგობრის, გაგა ნახუცრიშვილის ლექსების კრებული გამოსცა. “მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ეს წიგნი რომ დავინახე – მანამდე მეგონა, წიგნი თავისით გამოდიოდა” – იხსენებს ლევანი. დღევანდელი გადასახედიდან კრებული პოლიგრაფიულად არაფრად ვარგა, მაგრამ ლევანს იგი ძალიან უყვარს, რადგან პირველია. წიგნი მეგობრებში გავრცელდა – გაყიდვა არც უფიქრიათ, რადგან იმ დროს წიგნები არ გამოდიოდა და შესაბამისად – არც იყიდებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა დგება კალაპოტში, თუმცა დღესაც ძალზე ბევრი ხელისშემშლელი მიზეზია. ლევან თითმერიას ძალზე აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენს რეალობაში ყველაფერი თბილისით შემოიფარგლება – დანარჩენი საქართველო თითქოს არ არსებობს. კი ბატონო, თბილისში გაიხსნა წიგნის მაღაზია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ სხვაგან? საბედნიეროდ, ბოლო დროს ამ საკითხით რეგიონებშიც ინტერესდებიან. ლევან თითმერიას რამდენიმე ადამიანმა მიაკთხა – მათ შორის საგარეჯოსა და ოზურგეთის გამგებლებმა, რომელთაც ამ რაიონებში წიგნის მაღაზიის გახსნის სურვილი გამოთქვეს. თავად ის ფაქტი, რომ წიგნზე მოთხოვნილება გაჩნდა, უკვე ბევრს ნიშნავს. ლევანმა ასეთი ფაქტი გაიხსენა: ცოტა ხნის წინათ “პარნასში” ახალგაზრდა კაცი მისულა, რომელსაც მეგობრისთვის საჩუქრად წიგნის ყიდვა უნდოდა. როგორც ჩანს, თავად ლიტერატურაში ვერ ერკვეოდა და მაღაზიის კონსულტანტებს სთხოვა დახმარება. ეს ყველაფერი რეკორდით დასრულდა – ამ ახალგაზრდამ 400 ლარის წიგნები შეიძინა. სხვათა შორის, არა ძვირფასი ალბომები, არამედ მხატვრული ლიტერატურა – თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები. სხვათა შორის, თანამედროვე ქართველ მწერლებზე დღეს დიდი მოთხოვნილებაა. ლევან თითმერიას აზრით, ეს ძალიან კარგია, რადგან თავად ავტორებსაც აძლევს წერის სტიმულს, თუმცა, არის ერთი ფაქტორი, რაც მას ცოტა არ იყოს, აშინებს – ამ ფონზე არ დაიჩრდილონ კლასიკოსები.
    ბოლო დროს ზოგიერთი ქართველი გამომცემელი ინტერესდება “ძველი” ავტორების ხელახალი გამოცემით, მაგრამ საქმეს მხოლოდ ეს არ უშველის. “დღეს მაღაზიებში ვერ ნახავთ ვაჟას, ილიას, აკაკის. სამარცხვინოა, მაგრამ კომუნისტების შემდეგ “ვეფხისტყაოსანი” აღარ გამოცემულა. გია დარსალიამ (“პარნასის” მეორე მეპატრონემ – ნ.კ.) “ვეფხიტყაოსანი” სახლიდან მოიტანა და ვიტრინაზე დადო – ასე მაინც იდოს, ვინმემ რომ იკითხოსო” – გვითხრა გამომცემელმა. მისი თქმით, “საარი” სერიოზულად აპირებს ხელი მოჰკიდოს ამ სფეროს. სულ მალე გამოვა ანა კალანდაძის ლექსების კრებული, სხვათა შორის, საკმაოდ ორიგინალური ფორმით – ლექსები თავად ავტორის კალიგრაფიით დაიბეჭდება. გამოვა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, უკვე გამოიცა გურამ რჩეულიშვილის ხუთტომეულის ორი ტომი.
    “საარი” სერიოზულ მუშაობას აპირებს თარგმანის მიმართულებითაც. ეს არის სფერო, რომელსაც დღეს ნაკლები ყურადღება ექცევა. “ხშირად საუბრობენ, რა საჭიროა თარგმნა, როცა შეიძლება ესა თუ ის ნაწარმოები რუსულად წაიკითხო. ჩემი აზრით, რუსულად მხოლოდ რუსი ავტორების კითხვაა კარგი, დანარჩენი – უნდა ითარგმნოს” – ამბობს გამომცემელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც “საარი” განახორციელებს, ქართველი მწერლების საზღვარგარეთ პოპულარიზაციაა. არის თუ არა დაინტერესება იმათგან? ჯერჯერობით – არა და არც იქნება, თუ არ გავაცანით. რამდენიმე ხნის წინათ ქართველი გამომცემლები რუსეთის ელჩს შეხვდნენ და ამ საკითხზეც ისაუბრეს. სამომავლოდ დაგეგმილია გამომცემლებს შორის ურთიერთობის გაღრმავება – რუსი გამომცემლების ჩამოყვანა, ერთობლივი სემინარების გამართვა და ა.შ. ერთი სიტყვით, დროა, ჩვენი ნაჭუჭიდან გამოვძვრეთ და სხვებსაც დავანახოთ – ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ჯერჯერობით ქართველმა გამომცემლებმა გვიჩვენეს, რომ მათ უკეთ შეუძლიათ თანამედროვე სტანდარტებით წიგნის გამოცემა – ზოგს მეტად, ზოგს – ნაკლებად. სამომავლოდ საგამომცემლო საქმე კიდევ უფრო დაიხვეწება, თუმცა, ლევან თითმერიას აზრით, წიგნის გამოცემა მხოლოდ საქმის ნახევარია. ასევე მნიშვნელოვანია მისი მკითხველამდე მიტანა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, დღესდღეობით ასეთი ადგილი “პარნასია.” “ჩვეულებრივ პრეზენტაციებზე მხოლოდ ავტორისა და გამომცემლის ნაცნობ-მეგობრები იკრიბებიან, ჩვენ კი ქუჩაში გამოვდივართ და ყველას ვეპატიჟებით” – თქვა მან. ეს რამდენიმე კვირის წინათ გამომცემლობა “დიოგენესთან” ერთად გამართულმა “ავტოგრაფის” აქციამაც დაადასტურა. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულის – “აღმოსავლურ-დასავლური დივანის” შესაძენად და ავტორის ავტოგრაფზე მონადირე მკითხველ-მყიდველთა რიგი მაღაზიის ტერიტორიას საკაოდ სცდებოდა. მის მოსაწესრიგებლად დაცვის სამსახურის გამოყენებაც კი გახდა საჭირო. ამხელა რიგში კომუნისტების დროსაც არ ვმდგარვართო – ხუმრობდა ხალხი. სამაგიეროდ, რა ბედნიერი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც ამდენ თაყვანისმცემელს, განსაკუთრებით, ახალგაზდრებს, არ ელოდა! როგორც ჩანს, ხალხს მოენატრა ლიტერატურა, პოეზია და ასეთი აქციებიო – ამბობდა ავტოგრაფების დარიგებით დაქანცული ავტორი და მხოლოდ იმაზე დარდობდა, ფართის სიმცირის გამო თავის თაყვანისმცემლებს ლიტერატურაზე რომ ვერ ესაუბრა.
    ამ აქციით ლევან თითმერია ძალზე კმაყოფილია და სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას აპირებს. ცოტა ხანში “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან” ერთად აკა მორჩილაძის ახალი რომანის “ძორს სიმინდის რესპუბლიკა” – პრეზენტაციას აპირებენ, შემდეგ კი რატი ამაღლობელს შეხვდებიან. “სულ ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, ეს მაღაზია არ არის მხოლოდ ჩემი, მისი კარი ღიაა ყველა გამომცემლისთვის, ვისაც სურს საკუთარი პროდუქცია მკითხველამდე მიიტანოს” – ამბობს იგი და თანამშრომლობის მსურველებს “პარნასში” ეპატიჟება. გამომცემელს აქციების კიდევ ერთი – ძალზე მნიშვნელოვანი “სერია” აქვს გეგმაში – საბავშვო აქციები, რომელთა “პრეზენტაცია” ორიოდე კვირის წინათ უკვე გაიმართა. ერთ-ერთი გერმანული სკოლის, “ანი-ცეტის” მოსწავლეებმა მაღაზიის წინ, ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს გერმანული ზღაპარი “დუდელდაი და თოვლის პაპა,” მაღაზიაში კი მსურველებს ამ წიგნის შეძენა შეეძლოთ. ლევან თითმერია ამ აქციით ძალზე კმაყოფილია, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ხარვეზებს. თუმცა, ტექნიკური ხარვეზები ვერ შეედრება იმ ბედნიერებას, რაც იმ დღეს ბავშვებმა წიგნებთან უშუალო კონტაქტით განიცადეს. სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც წიგნს სათოფეზე არ ეკარებოდა, იმ დღის შემდეგ კითხვა დაიწყო. დამეთანხმებით, ეს აქცია თუნდაც ამად ღირდა.
    და ბოლოს, საკითხი, რომელიც, არ ვიცი, ჩვენდა სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, ბოლო დროს მომრავლებული წიგნების პრეზენტაციებმა “ააგორა.” გახსოვთ, ალბათ, ის პერიოდი, რელიგიურობა რომ შემოვიდა მოდაში – სწამდათ თუ არა, უნდოდათ თუ არა, ყველა ეკლესიას მიაწყდა. დღეს ასეთივე ბუმია წიგნის სფეროში – წიგნის ყიდვა, განსაკუთრებით, “პარნასში,” მოდურად იქცა. ძალიან მინდა დავიჯერო, მაგრამ მეეჭვება, რომ ყველა, ვინც წიგნს ყიდულობს, მათი მკითხველია. მავანი იტყვის – დალოცვილო, არ ვყიდულობდით და გვიკიჟინებდით, რატომ არ ყიდულობთო; ვყიდულობთ და ახლა იმას ამბობთ – ნეტავ, რისთვის ყიდულობთო. არის ამ სიტყვებში ლოგიკა. ალბათ, მაინც, სჯობს, იყიდონ, თავად თუ არა, მათი შვილები, მეგობრები, მეზობლები წაიკითხავენ და ჩვენ ვიქნებით ბევრნი, ძალიან ბევრნი, ხალხი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან გვიყვარს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე

    გამომცემელი, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა

    გამომცემელი, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა

    როგორ ყიდდა სამუელ ფიშერი ცოდნას და ლიტერატურას

    ანა კორძაია-სამადაშვილი

    თომას მანის რომანის, “დოქტორ ფასუსტუსის” ერთ-ერთი გმირი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვენდელ კრეჩმარია, რომელსაც დიდი გამომცემლის ამბიციები აქვს – “პატარა ტანისა, მრგვალთავა, ულვაშითა და დიდი სიამოვნებით მოღიმარი ყავისფერი თვალებით,” – ნამდვილი სამუელ ფიშერი! თომას მანის გმირის მსგავსად, ისიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გამომცემლის როლს: “საზოგადებაში ახალი ღირებულებების დანერგვა გამომცემლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მშვენიერი მისიაა.” (სამუელ ფიშერი, 1914 წელი).
    1886 წლის ზაფხულში, ვენიდან ბერლინში ჩასულმა 26 წლის ახალგაზრდამ, სამუელ ფიშერმა, რომელიც მანამდე ექვსი წლის განმავლობაში წიგნით მოვაჭრის თანაშემწე იყო, საკუთარი გამომცემლობა დააარსა. 1887 წლის იანვრის ბოლოს “ს.ფიშერის გამომცემლობამ” ჰენრიკ იბსენის Rosmersholm გამოსცა. ასე დაიწყო ყველაფერი.
    მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის 90-იან წლებში სამუელ ფიშერის მიერ გამოცემულ წიგნებში უცხოელი ავტორების, მაგალითად, დოსტოევსკისა და ზოლას ნაწარმოებები სჭარბობდა, სულ მალე მან თანამედროვე გერმანული ლიტერატურის, განსაკუთრებით, გერმანული ნატურალიზმის პოპულარიზაციით გაითქვა სახელი. მისი ავტორი გერჰარტ ჰაუპტმანი გახდა, და იმავე წელს გამოვიდა ამ იმხანად ერთობ სადავო ლიტერატურული მიმდინარეობის მხარდამჭერი ჟურნალი Freie Buehne fuer modernes Leben (“თავისუფალი სცენა თანამედროვე ცხოვრებისთვის”), რომელსაც შემდგომ Neues deutsche Rundschau ეწოდა – დღემდე არსებული Neues Rundschau-ს წინამორბედი.
    “დადგა დრო, როცა პოპულარული უნდა გავხადოთ წიგნი, კერძოდ, ჩვენი დროის წიგნი, ცოცხალი წიგნი, რომელიც ასეულ ათასობით ადამიანისთვისაა ახლობელი… ჩვენი დროის ტემპი და რიტმი, განათლებისა და ეკონომიკის კულტურის განვითარება იმაზე მიგვითითებს, რომ ეს დაბალი თვითღირებულების წიგნი უნდა იყოს… იაფიანი, თხელყდიანი გამოცემა ლიტერატურული კულტურის დანერგვის, წიგნის პოპულარიზაციის, ყოველ სახლში წიგნის სიხარულის შეტანის საუკეთესო საშუალებაა.”
    სამუელ ფიშერი, 1905 წელი
    სამუელ ფიშერმა ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა, და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა თავის გეგმებს. ლიტერატურის წარმოდგენის მისეული კონცეფციის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი ავტორების კრებულების გამოცემა იყო (ფიშერის გამომცემლობა ამ ტრადიციას დღემდე არ ღალატობს). 90-იანებში მან ჰენრიკ იბსენის სამტომეული გამოსცა, “დიდი სამუელი” ვენური მოდერნის მოამაგეც იყო – ძალიან დროულად გამოაქვეყნა არტურ შნიცლერისა და ჰუგო ფონ ჰოფმანშტალის ნაწარმოებები…
    1897 წელს 21 წლის უცნობმა ავტორმა, რომელსაც მანამდე პრესაში სულ რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა დაბეჭდილი, სამუელ ფიშერს თავის ნოველა გაუგზავნა Neues deutsche Rundschau-ში გამოსაქვეყნებლად. რამდენიმე კვირის თავზე, მაისის ნომერში, დაიბეჭდა ნოველა “პატარა ბატონი ფრიდმანი”.
    ს.ფიშერი თომას მანს
    ბერლინი, 29 მაისი, 1897 წელი
    ღრმად პატივცემულო ბატონო მან!
    მე სიამოვნებით გამოვცემ თქვენი ნოველების კრებულს. ნაწარმოებები ძალიან მომეწონა, მინდა ჩემი Collection Fischer-ის ილუსტრირებულ გარეკანში გამოვცე… თქვენი ნოველების საგამომცემლო უფლებებში 150 მარკას გთავაზობთ… მაგრამ მოხარული ვიქნებოდი, თუ თქვენი უფრო დიდი მოცულობის პროზაული ნაწარმოების გამოცემის საშუალებას მომცემდით, ვთქვათ, რომანისას, თუნდაც გრძელი არ იყოს. ამ სახის პუბლიკაციისთვის შეუდარებლად უკეთესი ჰონორარის გაცემა შემიძლია…
    ამ დროის შესახებ თომას მანი წერდა: “მე თერთმეტი წლის ბიჭი ვიყავი, როცა მან (ფიშერმა) ბერლინში თავის გამომცემლობა დააარსა. ათი წლის შემდეგ ყველა ახალგაზრდა ლიტერატორი ოცნებობდა იმაზე, რომ ს.ფიშერს მისი წიგნი დაებეჭდა, და მეც ამაზე ვოცნებობდი”. თომას მანის “პატარა ბატონი ფრიდემანი” და კიდევ ხუთი ნოველა ფიშერმა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა – ეს Collection Fischer-ის მეექვსე ტომი იყო.
    ნოველებს “ბუდენბროკები” მოყვა – 1100 გვერდიანი ორტომეული.
    ს.ფიშერი თომას მანს
    ბერლინი, 26 ოქტომბერი, 1900 წელი
    ღრმად პატივცემულო ბატონო მან!
    უკვე დიდი ხანია, იმას გწერთ, რომ ჩემი წარმოების მაშტაბების მიუხედავად, თქვენი 65 ნაბეჭდი ფორმის მოცულობის ნაწარმოების “დაძლევა” წვრილმანი საქმე არაა. თქვენი ნაწარმოების კითხვა დავიწყე და ჯერ მარტო შუამდე ვარ მისული… თუკი ჩათვლით, რომ თქვენი ნაწარმოების ნახევრამდე შემცირებას შეძლებთ, დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებდით. დღევანდელ ყოფაში 65 ნაბეჭდი ფორმის მოცულობის რომანი შეუძლებელი რამაა; არა მგონია, რომ ბევრ კაცს იპოვნით, ვინც დროსა და კონცენტრაციის უნარს ამხელა რომანს დაუთმობდა…
    1903 წელს ფიშერმა “ბუდენბროკები” ერთ ტომად გამოსცა, და ეს გამოცემა დღემდე გამომცემლობის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებადაა მიჩნეული. ხოლო 1929, დიდი ეკონომიკური კრიზისის წელს, როცა თომას მანს ნობელის პრემია გადასცეს, “ბუდენბროკების” ე.წ. სახალხო გამოცემის 700 ათასი ეგზემპლარი ორ თვეში მთლიანად გაიყიდა. მოგვიანებით, თომას მანის “ჯადოსნურ მთაზეც” არავის დაუმყარებია დიდი იმედები, მაგრამ წიგნი მაღაზიებში გამოჩენისთანავე დაიტაცეს.
    ფიშერის ავტორთა შორის ჰერმან ჰესეც იყო: სწორედ “ს.ფიშერი გამომცემლობამ” გამოსცა მისი “პეტერ კამენცინდი”, “ბორბალქვეშ”, მოთხრობების სამი კრებული…
    ს.ფიშერი ჰერმან ჰესეს
    გრუნევალდი, 14 ოქტომბერი, 1903 წელი
    ღრმად პატივცემულო ბატონო ჰესე,
    … თუ არ გეწყინებათ, მოგახსენებთ, რომ “პეტერ კამენცინდის” მოულოდნელი წარმატება ფრიად სასაცილოა, და მე ვიმედოვნებ და გისურვებთ, რომ მამინაცვლური ესთეტიკა თქვენს ცხოვრებაში სხვა არაფერი იყოს, თუ არა ერთი სასაცილო ეპიზოდი…
    თუკი ჰერმან ჰესესთვის გაგზავნილ პირველ ორ წერილში სამუელ ფიშერი “პატივცემულო ბატონოთი” იფარგლებოდა, შემდეგ მიმართვა უკვე შეცვალა, თუმცა განწყობა იგივე დარჩა:
    ს.ფიშერი ჰერმან ჰესეს
    რაპალო, 16 მარტი , 1904 წელი
    ძვირფასო ბატონო ჰესე,
    მოხარული ვარ, რომ მიუნხენში ცოცხლად გიხილავთ; მანამდე ჩემთვის მხოლოდ წარმოსახვითი ადამიანი ბრძანდებით, ჯერ მის არსებობაში უნდა დავრწმუნდე…
    …ისე, ერთი ჯერ ციურიხში იკითხეთ, რა ჰონორარს მოგცემენ; ეს ხომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამაა! ჩვენ, ბერლინელები, ბევრად უკეთ ვიხდით. მაგრამ თუ ჩემს კეთილ რჩევას ყურად არ იღებთ, მისწერეთ ბერლინელებს და ისინი ხელმაწერს გამოგიგზავნიან. ციურიხი ხომ მაინც არსად გაგექცევათ.
    დიდი მოკითხვებით, თქვენი ფიშერი.
    მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომი დროს ხალხს ბელეტრისტიკა ნაკლებად აინტერესებდა, ფიშერი ამ დროსაც ჩინებულად მოერგო და თავისას განაგრძობდა. მის ავტორთა სიაში ახალი სახელები გაჩნდა: ოტო ფლაკე, ალფრედ დიობლინი და იმხანად ძალიან პოპულარული პოლიტიკოსი და მწერალი ვალტერ რათენაუ.
    1918 წელს სამუელ ფიშერი წერდა: “აშკარად გამოჩნდა, რომ ლიტერატურულ ნაწარმზე დიდი მოთხოვნა შეიძლება გაჩნდეს. მაშასადამე, განვითარებისათვის ფართო მასას იაფფასიანი წიგნი უნდა შევთავაზოთ.” სწორედ ამ საქმისთვის შეიქმნა “თანამედროვე რომანების ფიშერის ბიბლიოთეკა”, რომლის პირველი წიგნიც თეოდორ ფონტენის L’Adultera იყო, და რომლის წყალობითაც თანამედროვე ლიტერატურა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. სამუელ ფიშერი ყოველთვიურად თითო ტომს გამოსცემდა, რომელთა ფასიც 1,5 მარკას არ აღემატებოდა.
    1919 წელი კიდევ ერთი ბესტსელერით აღინიშნა. “დემიანი. ახალგაზრდობის ამბავი”, ავტორი – ემილ სინკლაირი. “წიგნი არნახული სიზუსტით შეეხო დროის ნერვს,” წერდა მის შესახებ თომას მანი. ავტორის ჭეშმარიტი ვინაობა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაირკვა: ის ჰერმან ჰესე აღმოჩნდა. მართალია, გამომცემელს ეს ეჭვი წიგნის გამოქვეყნებამდეც ჰქონია: “…თქვენი “დემიანი” – მე მაინც მგონია, რომ ის თქვენი დაწერილია – მართლა დიდი ნუგეშია ჩემთვის ამ ბნელ დროში…” (24 ივნისი, 1919 წელი).
    1925 წელს გამომცემლობაში გოტფრიდ ბერმანი გამოჩნდა. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამუელ ფიშერი საქმეებს ჩამოცილდებოდა, მას გამომცემლობის მმართველობა უნდა ეკისრა (ასეც მოხდა). ერთი წლის შემდეგ გოტფრიდმა ფიშერის ქალიშვილი, ბრიგიტე ითხოვა ცოლად, და თავის გვარს მეუღლის გვარი – ფიშერი დაურთო. გოტფრიდის სახით სამუელ ფიშერმა შესანიშნავი პარტნიორი და თავის საქმის საუკეთესო გამგრძელებელი იშოვნა.
    ის, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა ვარ შეძლო, ხელისუფლების სათავეში ნაცისტების მოსვლამ გამოიწვია – ფიშერის გამომცემლობისთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა. დაიწყო დევნილებისა და ლტოლვილების ეპოქა: ავტორთა უმრავლესობას თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება აეკრძალა, ინტელექტუალები ქვეყნიდან გარბოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუელ ფიშერი და გოტფრიდ ბერმან-ფიშერი დიდად ეცადნენ, გერმანიაში საგამომცემლო საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვა ძალიან გაჭირდა.
    1934 წლის 14 ოქტომბერს კი სამუელ ფიშერი გარდაიცვალა. მაგრამ, ძალიან გაცვეთილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, მისი საქმე დიდი წარმატებით განაგრძობს არსებობას: Fischer Taschenbuch Verlag, Bermann-Fischer Verlag, L.B.Fischer Publishing Corporation, Suhrkamp Verlag, Alexander Fest Verlag, Argon Verlag, Nicolai Verlag – ყველა ამ გამომცემლობის უკან ლეგენდარული “დიდი სამუელი” დგას…

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე

    თომას სტერნზ ელიოტის ქართველი მეგზური ფლორენციაში

    ელიოტი, დანტე და ევროპული ტრადიციები – ფლორენციის საერთაშორისო კონფერენცია (19-25 იანვარი).

    კოკა ჯიქია

    როცა თანამედროვე ქართულ კულტურაში შექმნილი ვაკუუმი გასაქანს არ გვაძლევს, ლიტერატურული შიმშილი დავიკმაყოფილოთ, მერე უკვე შეძლებისდაგვარად უცხო ქვეყნებს ვეტანებით – მკითხველებიც და მწერლებიც, აქტიური თუ პასიური ლიტერატორები თავისუფალ და გახსნილ სივრცეს ვეძებთ, იდეების, კონცეფციების, ფორმებისა თუ შინაარსების მრავალფეროვან სპექტრს. ალბათ არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრში ხსენებული ვაკუუმის სწორედ ერთ-ერთი “გარღვევა” აღმოჩნდა – კერძოდ კი, იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარებული საერთაშორისო ლიტერატურული კონფერენცია, რომლის ხელმძღვანელიც და ორგანიზატორიც ქართველი პროფესორი, ფილოლოგი თემურ კობახიძე იყო. თუ ფლორენციის ხსენებაზე ასოციაციები დანტე ალიგიერისკენ გაგექცათ, აქვე აღვნიშნავ, რომ კონფერენციის თემა სწორედ თომას სტერნზ ელიოტისა და დანტეს შემოქმედება იყო, იტალიური რენესანსის გავლენები ანგლო-ამერიკელ პოეტზე. თემურ კობახიძეს დღემდე არაერთი ნაშრომი აქვს მიძღვნილი ელიოტის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო წრეებთან, და საორგანიზაციო მხარემაც სწორედ მას ანდო საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზება.
    კონფერენცია რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ინიციატივით გაიმართა. ფონდი უკვე წლებია, რაც ფლორენციაში საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება, აწყობს საერთაშორისო შეხვედრებს, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენლებს, ერთმანეთში გაცვალონ თავიანთი შეხედულებები და იდეები, ხელი შეუწყონ მსოფლიო კულტურის სინქრონიზაციას. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის გარდა ელიოტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებმაც უზრუნველჰყვეს – ესენი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო ფლორენციაში, ფლორენციის უნივერსიტეტი, ქალაქის მერია, ბრიტანეთის ინსტიტუტი ფლორენციაში და ქალაქის ლიტერატურული ინსტიტუტი (Gabinetto Scientifico Letterario G.P. Vieusseux in Florence).
    კონფერენციამ მართლაც რომ გაამართლა “საერთაშორისოს” წოდება – თემურ კობახიძესან ერთან პროექტის თანაორგანიზატორი კალიფორნიის შტატის, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპარატიული ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ დუგლასი იყო. ორგანიზატორებმა უზრუნველჰყვეს, მომხსენებელთა შეძლებისდაგვარად ფართო და მრავალფეროვანი სურათი შეექმნათ. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ესპანეთისა და იტალიის სხვადასხვა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში – 19-დან 25 იანვრამდე გაგრძელდა და მონაწილეებმაც საინტერესო დაკვირვებები, გამოცდილებები და იდეები გაცვალეს ერთმანეთში. დანტეს გავლენები ელიოტის პოეტიკასა და კრიტიკაზე, იტალიური მოტივები ანგლო-ამერიკელის შემოქმედებაში, ელიოტი და რენესანსის ეპოქის ვიზუალური ხელოვნება, დანტეს ესთეტიკის ელიოტისეული აღქმა – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც კონფრენციის მონაწილეებმა საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო მოხსენებებში გაშალეს. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიზანიც სწორედ კულტურათა და აზრთა სხვადასხვაობის, კომპენტენციათა მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივობის ერთმანეთთან დაახლოებაა, რაც ყოველთვის უწყობს ხელს შემდგომ ამა თუ იმ კულტურული ტრადიციის ცალკეულ, ინდივიდუალურ განვითარებას.
    ახალი შთაბეჭდილებებით, იდეებითა და მიზნებით დაბრუნდა თემურ კობახიძეც საქართველოში. თუმცა, ალბათ ეს იდეები და მიზნებიც საბოლოოდ ისევ ევროპის რომელიმე ქალაქში ჩაიყვანს ქართველ ფილოლოგს და ჩვენც იქაური მოვლენებისთვის მოგვიწევს თვალის დევნება. ერთია მხოლოდ – იმედს ვიტოვებ, რომ ამ მცირე სტატიის შემდეგ ჩვენი მკითხველიც დაინტერესდება პერსონით, რომელსაც საზღვარგარეთ გაცილებით უკეთ იცნობენ და აფასებენ, ვიდრე – აქ, სამშობლოში. ანგლო-ამერიკელი მწერლისა და იტალიური რენესანსისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან კი, რომელსაც ფლორენციაში ამერიკელი და ქართველი პროფესორები უძღვებოდნენ, დასკვნაც ცალსახაა – ლიტერატურას საზღვრები არა აქვს, როცა ის მოძრაობაშია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    პირველი მერცხალი – თბილისის პირველი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა

    ანა კორძაია-სამადაშვილი

    1997 წელი ქართული წიგნის გამოცემის საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა: ამ წელს დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ქართველ გამომცემელთა ასოციაციამ, ამ წელს მოიპოვა მან წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი ISBN, ამ წელს თბილისის პირველი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა გაიმართა. იმას, რაც მაშინ საჯარო ბიბლიოთეკაში ხდებოდა, ჩვენ ამაყად ვუწოდებდით “თბილისის პირველ საერთაშორისო წიგნის ბაზრობას”. ახლა ეს ამბავი ცოტა სასაცილოდ გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზული მოვლენა იყო, რადგან სწორედ ამ ბაზრობით დაიწყო ყველაფერი.
    თავიდან დავიწყოთ: ლელა ხომერიკი, განათლებით ისტორიკოსი, თანამედროვე ჩინეთის ისტორიის სპეციალისტი და იმხანად თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ჩინური ენის მცოდნე, ჟურნალ “ახალი თარგმანების” გამომცემელი იყო. დრო იყო ცუდი, თორემ ამ ჟურნალს, რომელიც მხოლოდ ორჯერ გამოვიდა და რომლის მთავარი რედაქტორიც პაატა ჯავახიშვილი იყო, წუნი ნამდვილად არ დაედებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ის Иностранная литература-ს გაქრობის შემდეგ დამშეული ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მიწოდების პირველი მცდელობა იყო. ისე მოხდა, რომ ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა (იმედია, დროებით), მაგრამ ქ-ნი ხომერიკი წიგნის გამოცემის საქმემ გაიტაცა, და ის აქტიურად ჩაება ქართველ გამომცემელთა ასოციაციის შექმნის, ქართული წიგნებისათვის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და სხვა საქმეებში, და თავდადებითაც იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიდან პირადად მას დიდი ხეირი არ ჰქონია, რასაკვირველია, მომავალში ნორმალური წიგნის ყიდვის პერსპექტივის გარდა.
    მათთვის, ვინც წიგნის საქმეს ახლახანს ეზიარნენ, ზემოთჩამოთვლილი ცნებები თითქოს თავისთავად იგულისხმება, არადა, სულ რამდენიმე წლის წინათ ისეთი რამ, როგორიც საავტორო უფლებების დაცვა და ჯაჭვი “გამომცემელი – წიგნით მოვაჭრე – ბიბლიოთეკაა”, ოცნებების სფეროდ რჩებოდა. მაგრამ სწორედ ლელას ჩინელებს უთქვამთ, რომ “გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება”.
    ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი “თბილისის პირველი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა” იყო, რომლისთვისაც ლელა ხომერიკმა “საქართველოს გამომცემლობისა და სტამბების კატალოგი” შეადგინა (აკრიფა და დააკაბადონა კიდეც – сам танцует, сам поет, сам билеты продает). შემდეგ კატალოგი ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა და ფრიად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა.
    მასში მითითებული იყო იმხანად საქართველოში არსებული გამომცემლობები, და, რაც უფრო საინტერესოა, ის გამომცემლობებიც, რომლებიც რეალურად არ არსებობდა (ასეთი კატალოგში აღნუსხულთაგან თექვსმეტი იყო), ასევე ჟურნალები, სტამბები და პოლიგრაფიული საწარმოები. კატალოგი, როგორც საერთაშორისო ბაზრობას შეეფერება, ორენოვანი, ქართულ-ინგლისური და კლასიკური ფორმით შედგენილი იყო: ორგანიზაციის დასახელება, დაარსების წელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი (ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონი იმხანად ჩვენში უცხო ხილი იყო), საკონტაქტო პირები და, რაც ყველაზე საინტერესოა, საგამომცემლო პრიოტიტეტები. ამ უკანასკნელ გრაფაში ჩაწერილი სიტყვა “მრავალმხრივი” დღეს ძალიან სახალისო წასაკითხია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ბაზრობაში კატალოგში შეყვანილთა მხოლოდ მესამედმა მიიღო მონაწილეობა.
    რამდენადაც იმჟამინდელი ქართული წიგნის მდგომარეობა ძალიან სავალალო იყო, იმდენად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კატალოგის ბოლო ფურცელზე გატანილი, თითქოს პრეტენზიული განაცხადი სავსებით გამართლებული და წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდა: “ქართველ გამომცემელთა ასოციაციის მიზანია საქართველოში საგამომცემლო საქმიანობის განვითარება და მისი ინტეგრაცია მსოფლიო საგამომცემლო პროცესში (ფაქტია, რომ გამოუვიდა – ა.კ.ს.). ამისათვის ასოციაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს… საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში ქართველ გამომცემელთა მონაწილეობას (ჩვენებს მას შემდეგ დიდი საერთაშორისო ბაზრობა არ გამოუტოვებიათ – ა.კ.ს.) და ანალოგიური ბაზრობების საქართველოში გამართვას (ამ უკანასკნელის მოწმენი 11-დან 14 ივნისამდე ვიქნებით – ა.კ.ს.)”.
    1997 წელს წიგნის ბაზრობაში მონაწილეობის გამოცდილება მხოლოდ ოთხ გამომცემელს ჰქონდა. ესენი ირინა აბულაძე (გამომცემლობა “კანდელი”), გიორგი ბაგრატიონი (გამომცემლობა “ნეკერი”), ბაკურ სულაკაური (გამომცემლობა “დიოგენე”) და ოთარ ყარალაშვილი (გამომცემლობა “დიოგენე”) იყვნენ. პირველი სამი 1996 წელს სოროსის ფონდის წყალობით, არც მეტი, არც ნაკლები, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე აღმოჩნდა. ოთარ ყარალაშვილიც იქ იყო, ოღონდ არა სოროსის ფონდის დახმარებით, არამედ სრულიად განსხვავებული გზით: ქალბატონ ნაირა გელაშვილის შუამდგომლობითა და შესანიშნავი, ძალიან დიდი და ძალიან მდიდარი შვეიცარული გამომცემლობა Diogenes-ის მიწვევით.
    მართალია, ფრანკფურტამდე ბევრი აკლდა, მაგრამ თბილისის წიგნის ბაზრობა მაინც საერთაშორისო წიგნის ბაზრობა იყო! უცხოელი სტუმრებიც კი გვეწვივნენ – აზერბაიჯანელი გამომცემლები, რომლებმაც ამ საქმისთვის გრანტი “თავიანთი სოროსისგან” მოიპოვეს და ისე ჩამობრძანდნენ. საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში სტენდები დაიდგა. წიგნები კი ცოტა იყო, მაგრამ მაინც ცვიოდა ხოლმე, ყოველ ნახევარ საატში თითო ბრახვანი მაინც ისმოდა – სტენდები აშკარად არ იყო ამ საქმისთვის განკუთვნილი. წიგნები მართლა ძალიან ცოტა იყო, ყველა გამომცემლის და სტამბის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დღევანდელი საშუალო გაქანების ქართველი გამომცემლის მიერ ერთი წლის განამვლობაში გამოცემულ დასახელებათა რიცხვს ნამდვილად არ აღემატებოდა. სამაგიეროდ, დარბაზში შესანიშნავი სურათის ხილვა შეიძლებოდა: საქართველოს საპატრიარქოს სტენდის მეზობლად “კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების” ლიტერატურა იყო გამოფენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელის წიგნები ყველაზე ფერადოვანი იყო და საუკეთესო პოლიგრაფიული დონითაც გამოირჩეოდა. საპატრიარქოს ხალხმა ერთი კი ამოიკვნესა, იქნებ მთლად გვერდში არ ამოგვიყენოთო, მაგრამ რა გაეწყობოდა. თან მაშინ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით მშვიდი დრო იყო, სიწმინდეების ბობოქარი დამცავები ჯერ არ დარბოდნენ.
    იმხანად გამომცემლებსაც სხვა განწყობა ჰქონდათ, შეუდარებლად უფრო მეგობრული, ვიდრე შემდგომ წლებში. გამომცემელთა ასოციაციაც ერთი იყო, სოროსის ფონდშიც არავინ ჩიოდა, ერთმანეთზეც არ ლაპარაკობდნენ საძაგლობებს. მაშინ ჯერ არ ვიცოდით, რომ დასავლეთში გამოთქმა არსებობს: “რამ გაამდიდრა ეს კაცი, იარაღს ჰყიდის თუ წიგნებს?” მაშინ ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და უანგარიოდ ვემსახურებოდით ჩვენი აზრით ამქვეყნად ყველაზე კეთილშობილურ საქმეს. უანგაროები ვიქნებოდით, აბა, რა! არც წიგნები არსებობდა, არც წიგნის ბაზარი, და არავის არაფერი ჰქონდა გასაყოფი. თავად განსაჯეთ:
    სტენდების ფასი ყოველი გამომცემლობისთვის, რომელიც იმხანად უკვე დაარსებული ქართველი გამომცემელთა ასოციაციის წევრი იყო, 6 ლარს შეადგენდა. ყველაზე დიდი თანხა “საქწიგნს” უნდა გადაეხადა, რამდენადაც გავიხსენეთ, 15 ლარზე იყო საუბარი. ჯიბეგამოხეულ დამოუკიდებელ გამომცემელთა უმრავლესობასთან შედარებით ეს ძალიან მდიდარი ორგანიზაცია იყო, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ “საქწიგნმა” გადაგვაგდო და არაფერი გადაიხადა.
    ბაზრობაზე, როგორც წესი და რიგია, ახალი წიგნების პრეზენტაციებიც გაიმართა, მათ შორის კოტე ყუბანეიშვილის თარგმანების პირველი კრებულისა: “გერმანული ხალხური სიმღერები ქართულ ენაზე თარგმნილი კოტე ყუბანეიშვილის მიერ”. მაშინ ძალიან ვიყოჩაღეთ: კოტეს პატივსაცემად კვარტეტი მობრძანდა და მშვენივრად დაუკრა, კოტემ თარგმანებიც და ძველი, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ლექსებიც წაიკითხა. თარგმანების კრებულთან ერთად ძველი წიგნებიც გაიყიდა, საკმაოდ ბევრი. ცხადია, გაიყიდებოდა, – თითო ლარი ღირდა. უნდა ითქვას, რომ მშვენიერი პრეზენტაცია გამოვიდა, არამარტო თბილისის პირველი წიგნის ბაზრობის, არამედ ნებისმიერი ბაზრობის კვალობაზეც.
    გამომცემლობა “დიოგენეს” ყველაზე დიდი სტენდი ჰქონდა და გამოცემული წიგნების რაოდენობითა და ხარისხითაც გამოირჩეოდა: დაახლოებით ათამდე დასახელებისა. სწორედ იმხანად გამოიცა ჯანრი კაშიას “თავისუფლება და ფედერალიზმი”, პრეზენტაციაც გაიმართა და ბაზრობის მაშტაბებს თუ გავიხსენებთ, დიდძალი ხალხიც მოგროვდა. ფედერალიზმისა რა გითხრათ, მაგრამ ახალი წიგნისა და ბატონ ჯანრი კაშიას ნახვის ეშხით დარბაზში დიდი გნიასი იყო.
    უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ალექსანდრე კარტოზია ბაზრობას ვერ დაესწრო, იმიტომ, რომ გერმანიაში იმყოფებოდა. “მაღალი ეშელონებიდან” მხოლოდ კობა იმედაშვილი გვესტუმრა – ამას ნამდვილად არ დავუვიწყებთ.
    საერთოდ, თბილისის პირველი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, რამდენიმე ათეული მკითხველის გარდა, თბილისელებმა არად ჩააგდეს. ალბათ ჩათვალეს, ბავშვები ერთობიანო. საწყენია, მაგრამ რას იზამ. საინფორმაციო უზრუნველყოფა და მსგავსი ფუფუნება, ცხადია, არ გვღირსებია. ერთი სამხიარულო ფაქტი კი მოხდა: ქართულ ფრანგულენოვან გაზეთში, რომელსაც ვეღარ მივაგენით და სახელწოდება, ჩვენდა სამარცხვინოდ, აღარ გვახსოვს, თბილისის პირველ საერთაშორისო წიგნის ბაზრობას მთელი გვერდი დაეთმო. რა ქარს შემოყვა ის კარგი ჟურნალისტი, სამწუხაროდ, არ ვიცით…
    სამაგიეროდ, იმავე წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მყოფნი ვაცხადებდით, რომ წელს ჩვენს საკუთარ, თბილისის წიგნის ბაზრობაშიც მივიღეთ მონაწილეობა.
    აი, ასე იყო ეს ამბავი. ასე თუ ისე, კარგი იყო. თანაც, პირველი ბაზრობა რომ არა, არც მეხუთე გვეღირსებოდა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე

    ანდრო ბარნოვი – ნუ ფიქრობ, მომენდე

    ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ

    i. სამფეხა ცხენი და უფსკრულის სული

    ქვემოთ სერიოზულ თემაზე მინდა ლაპარაკი, მაგრამ თავიდან ცოტა გავიღიმოთ:
    მათხოვარი ფულს იპოვის და გახარებული იფიქრებს, მოდი, რამე ისეთს მოვიგონებ, რომ ფული სწრაფად გავამრავლო და მთელი სიცოცხლე უზრუნველყოფილი ვიყოო. ამ ფიქრებით იპოდრომს მიადგება, იქ კი დოღისთვის ემზადებიან. უყურებს მათხოვარი და ხედავს, ცხენებს შორის ერთი სამფეხა ცხენი გამორეულა. მაგრამ ძალიან უცნაური ისაა, რომ ერთი ფეხი კი არ აკლია, უბრალოდ – სამი ფეხი აქვს: ერთი წინ, ერთი შუაში და ერთიც უკან. მათხოვარი გაშტერებული უყურებს ამ არსებას და უეცრად სამფეხა ცხენი მისკენ დაიძვრება და ადამიანის ენაზე მიმართავს: “ნუ ფიქრობ, მომენდე, დადე ჩემზე ფული და ერთბაშად გამდიდრდებიო”. მათხოვარი გაოგნებულია, თავი ზღაპარში გონია. სამფეხა ცხენი იმდენად ფანტასტიკური არსებაა, რომ ძნელია მისი არ ირწმუნო. ერთი სიტყვით, აღტკინებული გავარდება და მთელ ფულს სამფეხა ცხენზე დადებს.
    დაიწყება რბოლა. პირველივე წამებზე სამფეხა ცხენი უკან ჩამორჩება, ის კი არა, ძლივს მიჩაქჩაქებს. მაგრამ მათხოვარი მშვიდადაა, დარწმუნებულია, რომ ეს უცნაური არსება რაღაც სასწაულს მოახდენს. სხვა ცხენებმა უკვე 8 წრე დაარტყეს, მაგრამ მათხოვარი მშვიდადაა, ნებაზე გადაწოლილი, სიგარეტს აბოლებს და ბედნიერების წამს ელოდება. მეცხე წრეც უკანაა – მათხოვარი მშვიდადაა. მეათეც მიილია და სამფეხა უკვე მიწაზე გდია, ისე რომ ერთი წრეც არ გაუთავებია. და ამ დროს მათხოვარი მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ოცნებები წყალში ჩაეყარა, რაც ქონდა ისიც დაკარგდა და ისევ მათხოვრად გადაიქცა. შეძრწუნებული გადაიჭრება სარბენ ბილიკზე, მივარდება სამფეხა ცხენს და უშვერად აგინებს, თან მოსთქვამს, რა გინდოდა, რას მერჩოდი, რატომ დამღუპეო. სამფეხა ცხენი ამ დროს დაბლა გდია და სულს ღაფავს. მათხოვარი აგინებს, არ ჩერდება. და უცებ სამფეხა ცხენი ოდნავ მოსულიერდება, წამოწევს თავს და საცოდავი სახით შეეხვეწება: “ვერ შევძელი, რა ვქნაო”.
    ახლა მოგიყვებით იმავე ისტორიას, ოღონდ უფსკრულის სულის (სამფეხა ცხენის შინაგანი ბუნების) თვალით დანახულს:
    კაცი მანქანით უფსკრულში გადავარდება, თავად როგორღაც გადმოხტება და ცალი ხელით ფესვს დაეკიდება. ქვემოთ ღრმა უფსკრულია. უფსკრულის სული მასთან მიფრინდება და ეუბნება: “ნუ ფიქრობ, მომენდე, ხელი უშვი მაგ ფესვს და აქედან ამოგიყვანო. კაცი მიენდობა, ფესვს ხელს შეუშვებს, ჩავარდება და ჩაიჩეხება უფსკრულში. უფსკრულის სული დანაღვლიანებული იქვე ქვაზე ჩამოჯდება და სასოწარკვეთილი ჩაილაპარაკებს: “რა ვქნა, არც გამომდის და ვერც ვეშვები ამ საქმესო”.

    ii. ნაძვნარის დევი – ძველი ტოტემი

    დაახლოებით ასეა ჩვენი საქმეც. “ნუ ფიქრობ, მომენდე” ჩვენი დროის ლოზუნგად იქცა. ეს ჩვენი დროის გმირების ლოზუნგია. და რა ქნას ხალხმა, რომელსაც სწრაფად გამდიდრება უნდა? განა არ ჯობია, არ იფიქრო და მიენდო, ვიდრე იფიქრო და იშრომო? ჯერ სამფეხა ცხენს იპოვი და აღფრთოვანებული მას მიენდობი, მერე სადმე უფსკრულის სული გადაგეყრება, თუ ბედმა გაგიღიმა, შეიძლება ნაძვნარის დევმაც შემოგთავაზოს სამსახური. ჩვენც დავდივართ ასე, ქილა ერბოს ძიებაში, რომ მერე მისი ბედიც ცაში ყურებასა და სტვენას შევწიროთ.
    დღეს ყველა შეთანხმდა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. ქართული დიალექტიკა ამას შემდეგნაირად განმარტავს: თუ სააკაშვილი არ ვარგა, ე.ი. ვარგა ის, ვინც მას უპირისპირდება. ხომ შეიძლება, რომ მასთან დაპირისპირებულ ადამიანებში ვიღაც ასევე არ ვარგოდეს? მაგრამ ქართულ დიალექტიკას ასეთი “უმნიშვნელო დეტალები” უკვე აღარ აინტერესებს. მთავარია, რომ გაცხადდა ერთი ჭეშმარიტება – “სააკაშვილი უნდა წავიდეს”. რა მოსატანია აქ ისეთი კითხვები, როგორიცაა: “რა იქნება ხვალ?” “ვინ მოვა ხვალ?” “რისი იმედი აქვთ არარეიტინგულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ?” “რა გზით აპირებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას?” “რატომ არ სვამს ამ კითხვებს დანარჩენი ოპოზიცია?” “რატომ არ სვამენ ამ კითხვებს საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები?” უკვე მერამდენედ, გაჩნდა ახალი ტაბუ. მისი სახელია 9 აპრილი. ამჯერადაც, ტაბუს ეჭქვეშ დაყენება უმოკლესი გზაა მიშას აგენტობამდე. ნაძვნარის დევი კლდეზე ზის, გასხეპილი ნაძვით ძაფს ართავს და თავისთან გვიხმობს.

    iii. ქართული პოლიტ-სიუჟეტისა და ჟანრის პოეტიკა

    ქართული პოლიტ-სიუჟეტის სტრუქტურა გენიალურად მარტივია: ჩიტს მოაქვს ამბავი; ამ ამბით აღძრული ქართველი პოლიტ-გმირი, სამფეხა ცხენი, იწყებს მოქმედებას; თავგადასავლების შემდეგ გმირი მარცხდება; გმირი ბოდიშს იხდის. მინდა მკითხველს გავანდო, რომ მსოფლიო მითოლოგიებში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. იქ თავგადასავლების შემდეგ გმირი იმარჯვებს და ზეცად მაღლდება. ამიტომ, აქაც ყველაფერში ჩვენი გამორჩეულობა ჩანს.
    არ ვიცი, ღირს თუ არა დღევანდელი ხელისუფლების შესახებ ცალკე ლაპარაკი, რადგან ისინიც ისევე ზედმიწევნით ექვემდებარებიან ქართული პოლიტ-სიუჟეტის პოეტიკას, როგორც მათი ღირსეული კოლეგები ოპოზიციიდან. პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელიც სამფეხა ცხენებისა და უფსკრულის სულების მაგიერ საკუთარი რაციოს ძალას ენდობა, ალყაშია მოქცეული და მათი ხმა საერთო ჭიხვინში იკარგება. ნაძვნარის დევი კი კლდეზე ზის, გასხეპილი ნაძვით ძაფს ართავს და ქირქილით თავისკენ გვიხმობს.
    ქართული პოლიტ-ჟანრი მეფისა და გამღივარის (მასხარის) სიუჟეტებითაც ხასიათდება. მეფე და მასხარა ძმები არიან. დროებით მასხარა მეფედ იქცევა, მას ყველა შეჰხარის, მის ბილწსიტყვაობას ტაშს უკრავს, იცინის მის უკბილო ოხუნჯობებზე, აღაფრთოვანებს მისი სიმახინჯე და სიამოვნებს მისი აყროლებული სუნი. მსოფლიო მითოლოგიებში მასხარა კვდება და მეფის სიცოცხლეს უდებს სათავეს. ქართულ რეალობაში კი საქმე სხვაგვარადაა – ბოდიშებისა და გაწბილებული იმედების გარეშე ფონს ვერც აქ გავდივართ.

    iv. ჩიტის მოტანილი ამბები

    1989 წელს ჩიტმა ხუთი ამბავი მოიტანა: პირველი, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენი მტერია; მეორე – რომ პატიაშვილი რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე – რომ კომუნისტებთან ბრძოლის ბედი 9 აპრილის ლოკალური პროტესტით უნდა გადაწყვეტილიყო, მეოთხე – რომ თუ კომუნისტები წავიდოდნენ, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, და მეხუთე – რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყო ხალხი.
    1992 წელს ჩიტმა მოიტანა ხუთი ახალი ამბავი: პირველი – რომ ამერიკა და რუსეთი ჩვენი მტრები არიან; მეორე – რომ გამსახურდია რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე – რომ გამსახურდიასთან ბრძოლა მხოლოდ იარაღით შეიძლებოდა, მეოთხე – რომ გამსახურდია თუ წავიდოდა, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, და ბოლო, მეხუთე – რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყო ხალხი.
    2003 წელს ჩიტმა მოიტანა კიდევ ხუთი ახალი ამბავი: პირველი – რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მეორე – რომ შევარდნაძე რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე – რომ შევარდნაძესთან ბრძოლა ვარდებიანი გადატრიალებით შეიძლებოდა, მეოთხე – რომ შევარდნაძე თუ წავიდოდა, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა; და მეხუთე – რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყო ხალხი.
    დღეს ქართულ პოლიტიკაში ფრინველთა ახალი პარტიაა, ახალი ხუთი ამბით: ერთი ისაა, რომ ამერიკა ჩვენი მტერია; მეორე ისაა, რომ მიშა რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე ისაა, რომ მიშასთან ბრძოლა მხოლოდ 9 აპრილის ლოკალური პროტესტით შეიძლება; მეოთხე ისაა, რომ მიშა თუ წავა, ყველაფერი კარგად იქნება; და მეხუთე კი ისაა, რომ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს.

    v. სამფეხა ცხენის ახალი სათავგადასავლო მზადება

    მათხოვარს ბოდიში რომ მოუხადა და ცოტა სული მოითქვა, სამფეხა ცხენმა საკუთარ შინაგან ბუნებასთან, უფსკრულის სულთან, დაპირისპირება გადაწყვიტა. მას ამჯერად ხუთი ახალი გმირობა აქვს ჩასადენი: უნდა თავი დაიხსნას ამერიკისგან და მერე ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს; უნდა გააგდოს მიშა, ანუ საკუთარი შინაგანი ბუნება, ანუ უფსკრულის სული; მიშა უნდა გააგდოს 9 აპრილს; ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ მიშას მერე ყველაფერი “მაგრა” იქნება და, რადგან მაინც სამფეხა ცხენია და ბოლომდე არ ენდობიან, ხალხს უთხრას, რომ ამ ყველაფერს ხალხი თავად აკეთებს.
    და რას იზამს ხალხი, რომელსაც სწრაფად გამდიდრება უნდა? მერამდენედ ერწმუნება უფსკრულის სულს? ან აქვს კი ხალხს სხვა არჩევანი სამფეხა ცხენების წინამძღოლობის გარდა? არის სადმე ნამდვილი დემიურგოსი თუ კარიკატურული პოლიტიკოსების ამარა ვართ დარჩენილები? დაბოლოს: როგორ ამოვიცნოთ დემიურგი?

    vi. დემიურგი

    დემიურგი ბერძნულად ხალხისთვის მოქმედს ნიშნავს. იგივე ფუძე უდევს საფუძვლად სიტყვას “ენერგია”, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძნულში “ენერგია” რაიმე აბსტრაქტულ ძალას კი არ ნიშნავს, არამედ – ქმნადობისაკენ მიმართულ ძალას. მოგვიანებით, ნეოპლატონურ ტრადიციაში, დემიურგს ღმრთაებრივ გონს უწოდებდნენ. ზედმეტ წიაღსვლებს რომ თავი ავარიდოთ, მარტივად ვთქვათ, რომ დემიურგი საქმით იცნობა, გონიერი საქმით. დემიურგს ხალხისთვის სიკეთე მოაქვს, მას ცეცხლი მოაქვს ციდან, ადამიანებს ცხოვრებას უადვილებს, განვითარების პირობებს ქმნის, გზას უჩვენებს, გზაზე მიუძღვება, სათავეს უდებს კულტურას. დემიურგი საიდუმლოს გამომცნობელია, ცოდნის მატარებელია, შორსმჭვრეტელი და ხალხისათვის თავდადებული გმირია, რომელიც საკუთარი განლევის ფასად ბადებს სიცოცხლეს. დემიურგი არ არის ქარიზმატული ლიდერი, ის ხალხის გონიერი მსახურია. მას თავიდანვე ენდობიან, რადგან ის საქმით იცნობა.
    თვალებდაჭყეტილი სამფეხა ცხენი დემიურგის ანტიპოდია. ის ცრუ იმედებს ბადებს, მცდარ გზებზე დაგვატარებს, მოგვიწოდებს, ბოლოს კი ბოდიშს იხდის და პატიებას ითხოვს. სამფეხა ცხენის მოწოდება ალალბედზე ნასროლი ანკესია, ის მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, თუ ანკესი რამეს გამოსდო. სხვა შემთხვევაში მას ფუნქცია არა აქვს და კვდება. მისი სიცოცხლის ნიადაგი წინ გადაგდებული სიტყვაა, დემიურგი კი ნიადაგს ნაკვალევით ქმნის. ამიტომ, დემიურგი საქმით იცნობა, სამფეხა ცხენები კი – მათი სიტყვებით.

    vii. შაითან

    დღეს ნახევარი საქართველო გაიძახის, რომ “მიშა სატანაა”. მოქილიკეები ამაზე იცინიან და ხალხის “მითოლოგიურ აზროვნებაზე” ლაპარაკობენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის უკან არაფერი იგულისხმება.
    სატანა, ანუ შაითანი სემიტური წარმოშობის სიტყვაა. გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, რაც “ეშმაკს” ნიშნავს, “შაითანის” ეტიმოლოგიაში კიდევ ორი ცნება იკითხება: “მოხეტიალე” და “ბრალმდებელი”. ეს ორი ცნება ერთმანეთს ერწყმის “შაითანის”, როგორც “თავისუფალი ნების მატარებლის” ისლამურ გაგებაში, სადაც ეს სიტყვა ზედსართავ სახელად გამოიყენება და შეიძლება მიემართებოდეს როგორც ადამიანებს, ასევე – ჯინებს. ისლამში სწორედ ამ “თავისუფალი ნებით” იხსნება ღმერთის წინააღმდეგ შაითან-ჯინის ამხედრების მიზეზი. ერთი სიტყვით, როგორც “მოხეტიალე”, შაითანი გზასაცდენილს ნიშნავს: სულს, რომელიც ეჭვებით შეპყრობილა და გზას ვერ ხედავს, უგზო-უკვლოდ დაეხეტება და მის მიმდევრებსაც უფსკრულისაკენ მიაქანებს. საინტერესოა, რომ “შაითანი” უცხოსაც ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უცხო გზაზე მავალიც შაითანია.
    როდესაც არსებობს გზასაცდენილი, არსებობს გზაც. და როდესაც არსებობს უცხო გზა, არსებობს საკუთარიც. როდესაც ქართველი ამბობს “სატანა”, გულისხმობს, რომ ვიღაცა ჩვენს სავალს ასცდა, უცხოა. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის მოხაზვა, თუ რა არ არის უცხო ქართველებისთვის, როგორია ქართველთა გზა?
    ტრადიციულად, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისტორიას მიმართავენ ხოლმე, რაც მთლად სწორი მეთოდი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ისტორიის წაკითხვა მრავალი ინტერპრეტაციით შეიძლება. ამიტომ, სჯობს აქაც სწორი მეთოდოლოგიით ვისარგებლოთ და მსჯელობა ზოგად კატეგორიებს დავუქვემდებაროთ.

    viii. იერიქონი

    არც თუ დიდი ხნის, დაახლოებით 120 საუკუნის წინათ, მდინარე იორდანეს ნაპირზე აშენდა მსოფლიოში პირველი გალავნიანი ქალაქი, იერიქონი. ეს არის პირველი ადგილი, სადაც ადამიანმა მომთაბარეობა მუდმივ საცხოვრისზე გაცვალა. ამ ქალაქის პირველ ფენაში არქეოლოგები დღეს გალავნის, შიდაკიბიანი კოშკისა და სამსხვერპლო ტაძრის ნაშთებს პოულობენ. როგორც პირველი გალავნიანი სამოსახლო, იერიქონი ანთროპოლოგების ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამიტომ დადგენილია, რომ აქ ხალხის ერთ ადგილზე დამაგრების მიზეზი ნაყოფიერი მიწები გახდა. იერიქონის პირველი მოსახლეები იმდენ მოსავალს მოიწევდნენ, რომ მთელი წელი საკვები საზრუნავი აღარ ჰქონდათ. ეს გარემოება არ გამოპარვიათ გარშემო მოხეტიალე ტომებს, რომლებიც შიმშილობის პერიოდში თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ იერიქონის მოსახლეობას. ამის შედეგი იყო პირველი თავდაცვითი ნაგებობა, იერიქონის გალავანი, რამაც მსოფლიოში პირველ პოლისს დაუდო სათავე.
    საკვები, რომლის დასაცავადაც აიგო გალავანი, უკვდავების წამლის მსგავსი იყო. გალავანი უკვდავებისათვის აიგო. მასვე აუგეს ტაძარი და სწირავდნენ მსხვერპლს. პრინციპში, იერიქონი მხოლოდ პირველი გალავნიანი სამოსახლო კი არ არის, არამედ – ასევე პირველი დამაგრებული სოციუმის, სახელმწიფოს სიმბოლოა. იერიქონის მაგალითი საუცხოო ილუსტრაციაა იმისა, რომ სახელმწიფო საზოგადოების უკვდავების უზრუნველსაყოფად იქმნება. ამიტომ, როგორიც უნდა იყოს ქართველთა გზა, მისი ბოლო ქართველთა უკვდავება იქნება, ამ გზას აცდენილი კი ყველა სატანად მოინათლება. ეს არის ის პირველი, რაც ქართველთა გზასთან დაკავშირებით უნდა გაგვერკვია.

    ix. ქართველთა გზა

    რაში მდგომარეობს ქართველთა უკვდავება, რას ვიცავთ და რას უნდა ვიცავდეთ? მარტივი პასუხია – “ქართველთა იდენტობას”. მაგრამ, რა არის იდენტობა? გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდ, იდენტობა არ უკავშირდება ვიწროდ გაგებულ კულტურას. უპირველეს ყოვლისა, ესაა უსაფრთხოების კოლექტიური გაგება, უსაფრთხოებაში კი იგულისხმება ფიზიკური, სოციალური და ღირებულებათა სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, ქართველთა გზაც სწორედ ესაა – სისტემა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას, დავიცავთ ადრე მოპოვებულს, დავიცავთ სამკვიდროს, უზრუნველყოფთ სოციალურ კეთილდღეობას და დავიცავთ და განვავითარებთ კულტურას. სისტემა მნიშვნელოვანი ცნებაა. ის გულისხმობს საზოგადოების იმგვარ სტრუქტურირებას, სადაც საზოგადოების ყველა ფენას, მის თითოეულ ნაწილს თავისი ფუნქცია აქვს, ეს ფუნქციები კი მიმართულია ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოების, სოციალური კეთილდღეობისა და კულტურის განვითარებისათვის.
    გზაზე მთავარი გზის ბოლო არაა. მნიშვნელოვანი თავად გზაა. ერთი ბერძენი პოეტი ითაკაში გამგზავრებულ მგზავრს ურჩევს, ნუ აჩქარდები, “ინატრე, იყოს უსასრულო სავალი შორიო”. ოღონდ, ითაკას ნუ დაივიწყებ და გზას ნუ გადაუხვევ, და როდესაც უკვე მოხუცებული მიადგები ითაკას, სიმდიდრე გზაში უნდა გქონდეს მოხვეჭილი, თავად თაკასაგან კი წყალობას ნუ ელიო. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ შედეგი მიუღწეველია გზის გარეშე, რადგან გზის გარეშე მიღწეული მიზანი სხვა გზით მიღებული ჯილდოა, ასეთი ჯილდო კი შაითანისაა.
    ამ გზაზე დემიურგოსი უნდა წაგვიძღვეს, დემიურგოსი კი ისაა, ვინც ქაოსში გზას გამოარჩევს და მას დაადგება, ვინც შაითანის არამ ჯილდოზე უარს იტყვის და შრომას მიეძალება, და ამას ხალხისთვის გააკეთებს. დემიურგოსის გზა გონების თვალით იხილება, მას ბრმები ვერ გაყვებიან. ამიტომ, ქართველთა გზაზე დადგომისთვის გონების თვალი უნდა ავახილოთ და სპილენძი ოქროსაგან გამოვარჩიოთ, ცხელი სიტყვების ნაცვლად ცივ გონებას მივედნოთ, მოწოდებების ნაცვლად – გასაგებ არგუმენტებს. ეს არის ხალხის პასუხისმგებლობა. ხალხი კლავს დემიურგებს და ხალხი ბადებს, ხალხი კლავს თვალებდაჭყეტილ სამფეხა ცხენებს და ხალხივე ბადებს. იქნებ, ამჯერად დემიურგი დავბადოთ.

    23.03.2009