-
-
ბიბლიო-წარღვნისა და დებიუტანტების წელიწადი
-
მალხაზ ხარბედია – მხატვრული ლიტერატურა სკოლაში
-
მალხაზ ხარბედია – ლელა სამნიაშვილის "ფრაქტალები"
გამომცემლობა”სიესტამ” ლელა სამნიაშვილი ახალი პოეტური კრებული, “ფრაქტალები” გამოსცა.გამომცემლობა
“ფრაქტალები” ლელა სამნიაშვილის რიგით მეოთხე კრებულია. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბევრისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა პოეტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი ახალ ლექსებს. ზოგის აზრით ლელა შეიცვალა ამ ბოლო კრებულში, თუმცა არის რაღაცეები, რაც მუდმივად რჩება ლელაში – პირველ რიგში ეს არის ინტონაცია, შემდეგ ლექსის ვიზუალური მხარე და რა თქმა უნდა, მუდმივი თემები. ამაზე ღირს უფრო ჩაღრმავებით ვილაპარაკოთ, სხვა დროს, მანამდე კი ლელას 12 წლის წინანდელი ერთი პატარა ლექსი მინდა გავიხსენო, რომელმაც მის ბოლო კრებულში ახალი სიცოცხლე შეიძინა.
მაშინ ლელა ასე წერდა:
ვიდრე თვალები შეაშრება
მწვანე აკვარელს, –
თვლიდეს ადამი
დღისით – ვაშლებს,
ღამით – ვარსკვლავებს…
და უცაბედად მოგინდება
სურვილით, მწველით –
ედემში იყოს ორი პოეტი –
ევა და გველი.
გადავშლით მის ბოლო კრებულს და ვკითხულობთ პირველივე ლექსის სათაურს – “გაფრენა. ლილიტი”, სადაც გაცილებით უფრო რთულადაა დამუშავებული ეს 12 წლის წინანდელი თემა. ასეთი დიქრონული ვარიანტები და თემატური გამეორებები სხვაც ბევრია კრებულში და ზოგმა შეიძლება ამასაც დაუკავშიროს წიგნის სახელწოდება, “ფრაქტალები”. ყოველ შემთხვევაში, თავად ლელა სამნიაშვილი ასე განმარტავს სათაურს:
“ფრაქტალები არ არის მაინცდამაინც ჰუმანიტარული ტერმინი. ქაოსი სიმეტრიიდან… იგი უფრო გეომეტრიული ტერმინია და არის ისეთი ფიგურა, რომელიც თავის თავს იმეორებს სხვა მასშტაბით, უფრო მცირე, ან უფრო ფართო მასშტაბით. გააჩნია საიდავ ვიწყებთ ათვლის წერტილს და მიმართულებას. მე საერთოდ მაინტერესებს ფიზიკა, მათემატიკა და ფრაქტალების ცნებაც აქედან მოვიდა. მემგონი ზოგადად ფარდობითია ყველაფერი და ამ ცნების გადატანა შესაძლებელია პოეზიაშიც. იმიტომ, რომ სიტყვები, იდეები ისევე იმეორებენ ერთმანეთს და მოიცავენ ერთმანეთს ისევე, როგორც ეს გეომეტრიული ფიგურები”.
კრებულში ბოლო რამდენიმე წლის ლექსებმა მოიყარა თავი:
“აქ არის შესული ბოლო სამი წლის პერიოდში დაწერილი ლექსები და ბევრი არც მირჩევია. ძირითადად თითქმის ყველა ლექსი შევიდა, რაც ბოლო წლებში დავწერე. ეს ლექსები ძირითადად ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში”, “ჩვენს მწერლობაში”, ლექსები ქვეყნდებოდა ლიტერატურულ საიტებზეც და ბოლოს ყველა ამ ლექსმა ერთ კრებულში მოიყარა თავი”.
მანამდე კი თანამედროვე ქართული და უცხოური პოეზიის მკითხველს ლელას წიგნების გარდა მის თარგმანებსაც შევახსენებ. პირველ რიგში სილვია პლათის ლექსებს, რომელიც წიგნადაც გამოსცა და სულ ახლახანს გამოცემულ პლათის რომანსაც, “ზარხუფი”, რომელმაც, სამწუხაროდ ცუდად მიაღწია მკითხველამდე. მახსოვს ლელას სულ პირველი პუბლიკაცია ჩვენთან, “არილში”. ეს იყო ინგლისურენოვანი პოეტების მცირე ანთოლოგია, 1997 წლის იანვარში დაბეჭდილი, ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი და სხვები:
“ზოგადად, მგონია, რომ ყველა მავნე ჩვევა მოდის ბავშვობიდან, ისევე, როგორც კარგი ჩვევები. და პოეზიაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მავნე ჩვევაა, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ბავშვობაშივე დავიწყე თხზვა, ჯერ ზეპირად, მერე წერილობით და მივეჩვიე წერას, გაყვა სკოლის პერიოდს, ხოლო სტუდენტობის პერიოდიდან უკვე “არილში” ვბეჭდავდი ჩემს ლექსებს. თან ჩემი ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი იყო, და ამასთანავე ვთარგმნიდი ამერიკულ და ბრიტანულ პოეზიას, ასევე პროზას. ჩემი პირველი კრებული 2000 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლობა “მერანმა” დაბეჭდა. კრებულს “ფოტოაბები” ერქვა, შემდეგ ამას მოჰყვა “კავკასიური სახლის” მიერ გამოშვებული “გველის წელიწადი” და “სიესტამ” გამოსცა 2006-ში “მუდმივი ტატუ” და ეს არის ჩემი მეოთხე კრებული””.
ამ ოთხივე კრებულის მანძილზე, რომელიც ლექსის თხზვის 10-ზე მეტ წელს მოიცავს, ლელა, შეიძლება ითქვას, ერთხელაც არ გადასცდენია თავის ძირითად გეზს, მას არასდროს გადაუხვევია არჩეული გზისთვის, პოეტური ქარაფშუტობა, ანუ მოდუნება მას არ ჩვევია. იგი ყოველთვის ზუსტია, მკაცრი და მოქნილი. მისი თანამედროვე პოეტები, თითქმის ყველა თაობის, სწორედ ამ სიზუსტეს მიიჩნევენ მის მთავარ თვისებად. ერთის აზრით, ლელასთან მხოლოდ ზუსტი და მართალი მეტაფორები გვხვდება, იგი “არ იპრანჭება”, მასთან ვერ იპოვი თითიდან გამოწოვილ სახეებს და ფრაზებს. მისი ხმა არასდროს აგერევა სხვებისაში, ლელას შეუძლია იყოს ძალიან ბასრიც და ძალიან ფაქიზიც. ნაწილისთვის მთავარი ღირსება ისაა, რომ ლელას ლექსებში ხშირად აქვს პოზიცია, მკვეთრად გამოხატული პოზიცია. სხვებს ლელას ლექსები გარეგნულადაც მოსწონს, იტაცებს მისი ხაზოვანება, შეიძლება ითქვას გეომეტრიულობა, ტირეების პატარ-პატარა ხიდები (გავიხსენოთ თუნდაც ცვეტაევა). ზოგისთვის ლელა ზედმეტად ცივია, სხვებისთვის კი ეს ღირსებაა. იგი არ შიშვლდება სხვა პოეტებივით, მისი სახეები ახალია, არ გვხვდება კლიშეები და კლიშესაც მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ მისი დეკონსტრუქცია მოახდინოს. როგორც ერთმა მისმა კოლეგამ მომწერა ამასწინათ, “ლელას შენელელბული მოქმედების ბომბი აქვს ზოგ ლექსში. მშვიდად და დამაჯერებლად გიწყობს ამბოხს“.
დაახლოებით ასეთია პოეტი ლელა სამნიაშვილი, ხშირად ძალიან ჰერმეტულიც, ძნელად გასაგები. როგორც ზემოთაც ვთქვით, იგი ზუსტია, მაგრამ ეს სიზუსტე სიცხადეს არ ემსახურება, არამედ სრულყოფილებას, უფრო სწორად, ამისკენ სწრაფვას.
სხვა საქმეა ლელას ლექსის ფორმალური მხარე, ბგერები, მუსიკალობა, რითმა. იგი ხშირად ძალიან რთულ გზას ირჩევს, ბეწვის ხიდზე გადის, რათა რიტმულ და რითმულ ბანალობებს თავი დააღწიოს. მაგალითად, მას ასეთი ლექსი აქვს, “მთვარეული”:
მთვარე თმის სარჭია –
მაღლა წევს ღამის ცას –
ჩინური ქაღალდის ფარანი,
და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.
რომელიც ქართული ლექსისთვის ძალზე იშვიათი ორი საზომის შეხამებითაა დაწერილი, ექვსმარცვლიანით და ცხრამარცვლიანით. ეს საზომები გურამიშვილიდან მოყოლებული ვიცით, ექვსმარცვლიანის ყველაზე ცნობილ ნიმუშს გალაკტიონის “ქებათა ქება ნიკორწმინდას” წარმოადგენს, ცხრამარცვლიანი კი კარგა ხანს უქმად იყო, მხოლოდ მთიბლურში გვხვდებოდა და ერთი-ორგან გალაკტიონთან, სანამ ლელამ არ მოარგო ექვსმარცვლიანს.
ლელას კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ იგი კარგი მკითხველია და არც თავისი თანამედროვეებისთვის იშურებს სიტყვებს:
“საბედნიეროდ, მგონი, დღეს უკვე ისეთი მომენტი დადგა ქართულ პოეზიაში, რომ გამიჯვნა ქალ ავტორებსა და მამაკაცებს შორის და სიხარული იმის გამო, რომ გამოჩნდა ასეთი საინტერესო ქალი-ავტორი, უკვე უადგილოა. ძალიან ბევრი კარგი ქალი ავტორია და ძალიან ბევრის დასახელება შეიძლება, წინა თაობიდან დაწყებული, სადაც ელა გოჩიაშვილია, რა თქმა უნდა, კიდევ უფროა ადრე ძალიან საინტერესო იყო ლია სტურუას შემოქმედება, დალილა ბედიანიძე, მოგვიანებით რუსუდან კაიშაური, მაია სარიშვილი, თეონა ბექიშვილი წერდა, თუმცა კარგა ხანია მისი აღარაფერი წამიკითხავს, ეკა ქევანიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო ავტორია… ბევრია, ძნელია ჩამოსათვლელადაც. ბოლო დროს კიდე დიანა ანფიმიადი გამოჩნდა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ყველა თვალსაზრისით. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი ან ადგილია მისაჩენი ქალი პოეტებისთვის. საბედნიეროდ”.
სხვათა შორის, თავად ლელასაც არ აკლია ყურადღებიანი მკითხველი და შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე კარგად ლელას ლექსები სწორედ პოეტებს ესმით.
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – პირველი ქართული სამხედრო რომანი
გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის ახლახანს გამოსული რომანი irrata.ru მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება.
ბოლო დროს ძალიან ხშირად ისმის ჩივილი თანამედროვე ქართული რომანის ერთფეროვნების შესახებ. მკითხველის პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი, ხარისხთან ერთად, არჩევანიცაა, რადგან დღეს შეუძლებელია ქართულ ბაზარზე შეიძინო კარგი ქართული დეტექტივი, პოლიტიკური რომანი, საყმაწვილო პროზა, და მრ. სხვ. ე.წ. სამხედრო რომანიც ამ ხარვეზთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, სანამ რამდენიმე თვის წინ, გამომცემლობა “ალიანსმა” გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანი irrata.ru არ გამოსცა, წიგნი, რომელიც მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნა.
ეს არ არის დოკუმენტური რომანი, არამედ ალტერნატიული სიუჟეტის მქონე ნაწარმოებია, სადაც რეალობის საპირისპიროდ, მოვლენები გასხვავებულად ვითარდება. ეს არის რეალურ ფაქტებზე დამყარებული ე.წ. მოდელირებული რომანი, რომელიც ყველაზე ცნობილი ეროვნული მოდელირებისგან განსხვავებით, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ “იმედის” ეთერით, მომავალს კი არ ეწვალება, არამედ, წარსულის რეკონსტრუქცია-ცვლილებას ახდენს.
ამ რომანის შექმნის იდეა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა, ამერიკულ გამომცემლობა “ალიანსში”. გამომცემლობის მესვეურებმა მოისურვეს ერთ-ერთი რუსი ავტორის მიერ დაწერილი წიგნის საპირისპიროდ, რომელიც ამახინჯებდა რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტებს, შექმნილიყო წიგნი, სადაც მოვლენების ალტერნატიული განვითარება იქნებოდა წარმოდგენილი. აქვე გეტყვით, რომ ამ ალტერნატიული სიუჟეტის მიხედვით ომში იმარჯებს ქართული მხარე, რუსეთის ჯარები კი მთლიანად ტოვებენ საქართველოს ფარგლებს.
რუსეთ საქართველოს ომის შესახებ უკვე დაიწერა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც ასევე შეიძლება თვალი გავადევნოთ ალტერნატიულ სიუჟეტს, რის მაგალითადაც ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” გამოდგება, მაგრამ ბურჭულაძის აბსურდულ-კომიკური აქცენტებისგან განსხვავებით, irrata.ru-ში ყველაფერი სერიოზულად ხდება და იგი გარკვეულ ზემოქმედებაზეა გათვლილი. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, სამხედრო რომანის გარდა, ეს არის, პროპაგანდისტული რომანი, ჟანრი, რომელიც კარგადაა აპრობირებული დასავლეთში (განსაკუთრებით ჰოლივუდის პროდუქციაში) და რომელიც კონკრეტულ მიზნებზეა გათვლილი. იმას, რომ irrata.ru პროპაგანდისტული რომანია, არც ერთ-ერთი ავტორი გურამ მეგრელიშვილი უარყოფს:
“მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად ასეც არის. თუმცა მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა ასე არ ყოფილიყო და ძალიან მკაცრი ვყოფილიყავი ჩვენი მოსახლეობის მიმართაც, მაგრამ წერის პროცესს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ავტორები. ასე ვთქვათ, თავისით ვითარდება მოვლენები და ისე გამოვიდა, რომ გარკვეულწილად არის კიდეც პროპაგანდისტული რომანი, ანუ ის ოდნავ სენტიმენტალური მომენტები, რომელიც გვხვდება წიგნში რამდენიმე ადგილას, ზუსტად იმას ემსახურება, რომ რაღაცნაირად იმოქმედოს ჩვენზე და წიგნის მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენი თვითშეფასება რაღაცნაირად ამაღლებულიყო და გამოვსულიყავით საცოდავი მდგომარეობიდან”.
წიგნი ორი ნაკადისგან შედგება, ერთი ესაა მხატვრული ტექსტი, სადაც რამდენიმე მთავარი გმირი მოქმედებს და მეორე, ახალი ამბების რიგი, ანუ სამხედრო ოპერაციების მსვლელობის მშრალი აღწერა. ეს მეორე დისკურსი ხაზგასმით თანამიმდევრულია, ზუსტად ისეთი, როგორადაც აღწერს ხოლმე მოვლენებს ქართული სატელევიზიო მედია, და სავსეა კლიშეებითა და შემდეგნაირი გამოთქმებით: “გაკეთდა პირველი კომენტარები…”, “ვიდეომასალა გადაღებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატებიდან…”, “ყველა გზა ქართული შენაერთების მიერ იყო კონტროლირებული…”, “საჰაერო თავდაცვის ძალებმა სრული კონტროლი დააწესეს…”, “ქვედანაყოფები სრულ მზადყოფნაში მოვიდნენ…” და ა.შ. ცხადია ავტორებმა ეს რეალობის ეფექტისთვის გააკეთეს, თუმცა საბოლოო ეფექტი მკითხველს მაინც რომანის ბოლოს ელის, სადაც ნათქვამია, რომ “რუსული მხარე აიძულეს ხელი მოეწერა ქაღალდისთვის, რომლის თანახმადაც ის სრულად დატოვებდა სსაქართველოს ტერიტორიას და ეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო”.
გურამ მეგრელიშვილს უკვე იცნობს ქართველი მკითხველი, იგი თავიდან ზემხას ფსევდონიმითაც წერდა, თუმცა ამ რომანში ეს ავტორი მაინც ძნელი საცნობია, რადგან იგი ისეთ ამოცანას შეეჭიდა, რომელიც ალბათ გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც მოითხოვდა. კარგადაა დაწერილი რეტროსპექტივები, ე.წ. ანალეფსისები, როცა ავტორი ამათუიმ პერსონაჟის ამბავს ან ბიოგრაფიას გვიყვება და წარსულში გადავყავართ, ასევე ძლიერია ზოგიერთი სცენა, დახასიათებები, თუმცა რომანში კლიშეებსაც ვხვდებით. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი გმირი ცხინვალის დაბომბვის ამბავს გაიგებს, საქმეში მთხრობელი ერთვება: “მიშას შიგნით რაღაცამ გაიტკაცუნა”. იგივე პერსონაჟი უსუსურად გრძნობს თავს, რადგან არ შეუძლია ცხინვალში შესვლა და თავისი მცირეწლოვანი შვილის გადმოყვანა და “მის სხეულში, შიგნით, ვიღაც მოიკუნტა და გაისუსა”. მემგონი ასე წერის დრო წავიდა, განსაკუთრებით ომზე როცა ვწერთ.
რომანში ძალიან ბევრი მზეა. მზეა ქვესათაურებშიც, მზეს ემალებიან ჯარისკაცები, თბილისელები, თუმცა მეორეს მხრივ განუწყვეტლივ ღამეზეა საუბარი. და ეს დაპირისპირება გარკვეული დრამატურგიული ხერხის ფუნქციას იძენს. საქმე იმაშია, რომ ქართველ მეომრებს ღამის მოწყობილობა აქვთ, რუსებს კი არა, ქართველებს ხელს სიბნელე გვიწყობს, რადგან ღამის ხედვის ხელსაწყოებით ვართ აღჭურვილი და საბოლოოდაც რომანში ყველაფერს სწორედ ღამის ოპერაცია წყვეტს. ფინალური შეტევის წინ ისტორიული სიტყვები გაისმის. ოპერაციის ხელმძღვანელი ამბობს: “იმედია ღამის ხედვის ელემენტები ყველას დატენილი გაქვთ ბიჭებო…”.
ცხადია, მოდელირებისა და ჟანრის კანონების გამო რომანი კომპიუტერულ თამაშსაც ემსგავსება. ბევრი უცხოური კომიქსის, რომანისა თუ ფილმის მიხედვით გაკეთებული თამაშები გვინახავს, მაგრამ თამაში, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის შვილობილი ქართული კომპანია შემოგვთავაზებს მალე, იმით გამოირჩევა, რომ იგი ქართული პროდუქტის მიხედვით იქნება მომზადებული. მართალია ტექნიკური ბაზა თამაშს უცხოური ექნება, “სტალკერისა”, მაგრამ სამაგიეროდ სიუჟეტი და გმირები ადგილობრივები იქნებიან, პლიუს რა თქმა უნდა რუსები და ამერიკელები.
ავტორს რომანის, როგორც იტყვიან, მთავარი მესიჯის შესახებაც ვკითხე:
“ჩემი მხრიდან მთავარი მესიჯი შემდეგია. ჯერ ერთი როცა ვწერ, უფრო სწორად, როცა ვამთავრებ წიგნის წერას, ავტორიდან მკითხველად ვიქცევი და ის ტექსტი ჩემი საკუთრება ნამდვილად აღარ არის… შესაბამისად, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ამ ტექსტის მთავარი “მესიჯი” რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ტიპაჟი იყო – პირველ რიგში ქოთანა, მიშა, სტალკერას რომ ეძახიან… და ეს ადამიანები ნაწარმოების ბოლოს რაღაცნაირად გარდაიქმნებიან. მხოლოდ ქოთანა რჩება ისევ ისეთად, ჰოდა მეც სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ არ უნდა დავრჩეთ ქოთანად. სხვათა შორის, ჩემს თავშივე ვეძებდი მის მანკიერებებს. მას პროტოტიპი არა ჰყავს, საკუთარი არაცნობიერიდან ამომყავდა ეს გმირი და ჩემს ქოთანას დავცინოდი და განვიკითხავდი, ასე ვთქვათ. ეს ქოთანობა უნდა მოვსპოთ, რომ ომის დროს ფანჯრის რაფაზე არ უნდა იჯდე და მეზობლის ოს ქალთან შევარდნაზე და გაუპატიურებაზე არ უნდა ფიქრობდე, მარტო იმიტომ, რომ გაგამართლებენ”.
მოკლედ, პირველი ქართული სამხედრო რომანი, მხნე პროპაგანდისტული ელფერით, უკვე სახეზეა, ბევრმა ინტერესით წაიკითხა წიგნი, სხვებმა აითვალწუნეს. მთავარი ერთია, ქართული რომანის მწირ შემადგენლობას, კიდევ ერთი წევრი შეემატა და როგორც გურამ მეგრელიშვილმა გვითხრა, სულ მალე იგი მეორე, ქართული პროზისთვის ასევე უცხო ჟანრის, ჰორორის ათვისებასაც შეეცდება.
© radiotavisupleba.ge
-
მრგვალი მაგიდა: თანამედროვე ქართული ლექსი
-
მალხაზ ხარბედია – ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი
ერთი წლის წინ ლიტერატურის ინსტიტუტში დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით, “ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი – XX საუკუნის გამოცდილება”. წელს კონფერენციის მასალებს ინსტიტუტმა სქელტანიან, დიდი ფორმატის კრებულში მოუყარა თავი, რითაც, ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტოტალიტარული მემკვიდრეობის გააზრების საქმეში. 20 წლის მანძილზე, მე ვერ ვიხსენებ ამაზე უფრო მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც საბჭოთა პერიოდის ლიტერატურის წაკითხვას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის ორგანიზატორის, ლიტერატურის ინტიტუტის დირექტორის, ირმა რატიანის აზრით, სწორედ ახლაა დრო იმისთვის, რათა უკან გავიხედოთ და უკეთ გავიგოთ წარსული:
“ვინაიდან საბჭოთა ეპოქის დასასრულიდან გავიდა 20 წელი, ხოლო ლიტერატურული პროცესების თავიდან შეფასებას აუცილებლად სჭირდება დრო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ უკან გავიხედოთ”.
ყველაზე დიდი ადგილი კონფერენციაზეც და კრებულშიც ტოტალიტარიზმის ეპოქის მითებს, სტერეოტიპებსა და კულტურულ პარადიგმებს დაეთმო, ასევე საინტერესო რუბრიკები იყო – ტოტალიტარიზმი და ალტერნატიული აზროვნების მოდელები, ტექსტის ინტერპრეტაცია რეჟიმის პირობებში, ტოტალიტარიზმის ეპოქის ლიტერატურული ჟანრები, ტოტალიტარული ტექსტის ფორმირება და რღვევა, ლიდერის კონცეპტი, ცენტრი და ემიგრაცია… სპეციალური მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყვარყვარეს თემას.
მართალია კონფერენცია მთლიანად XX საუკუნის გამოცდილებას მიეძღვნა, მაგრამ ყველაზე მეტად, ცხადია საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდს მიექცა განსაკუთრებული ყურადღება:
“მოგეხსენებათ, ეს ეპოქა საკმაოდ იდეოლოგიზებული იყო და იდეოლოგიზაციის პროცესი თუკი რაიმეზე ახდენს დიდ ზეგავლენას, ეს არის კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება… ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ლიტერატურა, როგორც რეფლექსია ამ რეალობის შესახებ, ექცევა ამგვარ იდეოლოგიურ მარყუჟებში და მეორეს მხრივ თვითონ ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციაც ექცევა იგივე მძიმე ვითარებაში. ეს ორმხრივი პროცესია, რომელიც საკმაოდ სავალალო შედეგებამდე მიდის. ლიტერატურული თვალსაზრისით სავალალო შედეგად შეიძლება შეფასდეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ე.წ. ლიტერატურული მაკულატურის შექმნა, ხოლოდ ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით, ასეთია არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც რაღაც ზეწოლის ქვეშ ხორციელდება.”
კონფერენციის თემატიკა საბჭოთა დიქტატურის ყველა პერიოდს მოიცავდა და გულისხმობდა ოქტომბრის რევოლუციიდან მოყოლებული ე.წ. “პერესტროიკამდე” შექმნილ მაწარმოებებს. გარდა წმინდა ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემებისა, მიმოხილული იყო ლიტერატურის სოციოლოგიის ან ამათუიმ ავტორის ბიოგრაფიის საკითხები. ირმა რატიანის აზრით ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი სწორედ მსხვერპლის ცნებაა ტოტალიტარულ რეჟიმებზე საუბრისას, რომელსაც ერთი გამოკვეთილი სახე არ გააჩნია და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად გვევლინება:
“ეს არ არის ეპოქა, რომელსაც ერთი სახე აქვს, ეს არის ეპოქა, რომელიც გადის ფაზებს, ანუ პირველი, ეს არის ერთგვარი შოკური ფაზა, დავუშვათ პირველი 15-20 წელი, როდესაც საზოგადოება შოკში იყო იმისგან რაც ხდებოდა და კიდევ დიდხანს ვერ გაიგო რაში იყო საქმე. შემდეგ უკვე იწყება იძულებითი ადაპტაციის პროცესი, დევიზით, არ დაემორჩილები და განადგურდები. შემდეგ სამამულო ომი, რომელიც პედალირებას აკეთებს პატრიოტულ და საერთო ტკივილის თემაზე და ეს ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეები იძულებულნი არიან გაჩუმდნენ, იმიტომ, რომ რეალურად სამშობლოს მოღალატეებად შეიძლება გამოცხადდნენ. ძალიან ბევრმა მწერალმა დაიწყო ამ პატრიოტულ რიტორიკაზე მუშაობა, რაც ბევრისთვის თვითმკვლელობით და სხვა სავალალო შედეგებით დასრულდა. ეს იყო მთელი დრამა. შემდეგ იყო ლიბერალიზაცია, როცა ამერიკული მარლბოროები, ჯინსები და ა.შ. გამოჩნდა. მერე, 70-იან წლებში ისევ დაიხურა ყველაფერი… სხვათა შორის, 70-იანი წლები იმიტომ არის პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო, რომ ამ პერიოდის საბჭოთა ხელისუფლების მომხრე ხელოვანები ძალიან აღარ გვანან პროლეტლიტერატურის იმ გულუბრყვილო ლირიკას, რომელიც 30-იან წლებში იყო. ისინი უკვე ძალიან დახვეწილი აპოლოგეტები არიან, რომლებიც ხანდახან ორ სკამზე სხედან, სარგებელსაც მეტს იღებენ და მე ვთვლი, რომ, მართალია ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი 80-იანი წლების ბოლოს დასრულდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის დასასრული დაიწყო 1978 წლის 14 აპრილს.”
ირმა რატიანი ამ პერიოდის ლიტერატურის ისტორიის გადაწერაზეც საუბრობს:
“რეალურად, ჩვენ თუკი უნდა გადავწეროთ ეს ეპოქა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უნდა გადავწეროთ, უბრალოდ იმიტომ, რომ სწორად არ არის დაწერილი, უპირველეს ყოვლისა უნდა შევაფასოთ იგი. მე საერთოდ მომხრე ვარ პროფესიული შეფასების და არა ზედაპირული ან დილეტანტურის. პროფესიული შეფასება ნიშნავს არგუმენტირებულ შეფასებას და როცა არგუმენტები არსებობს, და მთელი ეს კრებულიც, ჩემი აზრით, სწორედ ამ არგუმენტების სისტემას წარმოადგენს. ანუ ასეთი არგუმენტების არსებობის პირობებში უფრო ადვილია გადაკითხვის პროცესიც და ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს”.
ცხადია ასეთი გადაწერა თავისუფალი უნდა იყოს თანამედროვე იდეოლოგიური მარწუხებისგანაც და უკეთესი იქნება თუკი ამ გადაწერით, უფრო სწორად კი წაკითხვებით (მე ეს ტერმინი მირჩევნია) მრავალი თვალი უნდა იყოს დაკავებული, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები. ეს წაკითხვები პრინციპულად პლურალისტული უნდა იყოს. ტექსტს არ უნდა აფასებდნენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ხშირად მხოლოდ ტოტალიტარიზმის სიმბოლოების გაქრობაში ხედავენ გამოსავალს, არამედ მკვლევარები, რომლებიც ყველაფერ ამის საფუძვლებთან მუშაობენ.
ქართველი მეცნიერების გარდა კონფერენციას ესწრებოდნენ ლიტველი, რუსი, აზერბაიჯანელი, ბულგარელი, ლატვიელი, უკრაინელი, ყაზახი, გერმანელი, მალაიზიელი, უნგრელი, ინდოელი, სლოვენი, ყირგიზი, რუმინელი, ამერიკელი და სომეხი მეცნიერები. კონფერენციას გამოხმაურებაც ჰქონდა, იმდენად, რომ მან გარკვეული ბიძგი მისცა ცოტა ხნის წინ, ისრაელში გამართულ ერთ დიდ კონფერენციასაც:
“აღმოჩნდა, რომ ძალიან საჭირო რაღაც მოხდა, რადგან, როგორც კი ეს კონფერენცია დასრულდა, მე დამირეკეს ისრაელიდან, არილის უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ისრაელში გადაწყვიტეს ამ თემის გაგრძელება. ცხადია არ შეიძლებოდა ზუსტად იგივე პრობლემატიკა ყოფილიყო. შესაბამისად მათ გააკეთეს კონფერენცია ასეთი სახელით: “ტოტალიტარიზმი – ხელოვანი – დიქტატორი – ფატალური მიზიდულობა”. ძალიან საინტერესო იყო, ანუ აქ საუბარი იყო ხელოვანისა და დიქტატორის ურთიერთობაზე… მე ვიყავი ამ კონფერენციაზე და ჩემს გარდა ჩვენი კონფერენციის რამდენიმე სხვა მონაწილეც იყო ისრაელში. ამ თემამ იქ უფრო ფართო კულტუროლოგიური ხასიათი მიიღო, რადგან იქ სოციოლოგებიც ჩაერთნენ, პოლიტოლოგები, ჩვენთან კი წმინდა ლიტერატურული ფორუმი იყო. იქ უფრო ინტერდისციპლინური ხასიათი მისცეს კონფერენციას და ძალიანაც კარგი, იმიტომ, რომ არეალი გაფართოვდა”.
არეალის გაფართოვებას რაც შეეხება, ეს კონფერენცია არამხოლოდ წარსულის გააზრებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, არამედ მან ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვისაც გააფართოვა წრე. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 2012 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულს “ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი – XX საუკუნის გამოცდილება” ინგლისურ ენაზე დაბეჭდავს.
© radiotavisupleba.ge -
გიორგი ლობჟანიძე – ვენახი და დაუკრეფავი
თანამედროვე ქართული ინტერნეტპორტალების პოეზია
ლიტერატურული პორტალები ჩვენი სამწერლობო ყოფის შედარებით ახალი მოვლენაა. რაკი ინტერნეტი საქართველოში აქტიურად ბოლო 10–15 წლის განმავლობაში დამკვიდრდა, შესაბამისად, საზოგადოებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობის ამ საშუალებით მწერლების ახალგაზრდა თაობა უფრო სარგებლობს. ძველებს, რამდენიმე ბედნიერი გამონაკლისის გარდა, კომპიუტერთან მეგობრობა არ გამოსდით და თუ მოციმციმე მონიტორის დანახვაზე მთლად “- ფუი ეშმაკსო” არ გაიძახიან, მაინც ისევ შეჩვეული საბეჭდი მანქანა ან მამაპაპური კალამი და ფურცელი ურჩევიათ.
სანამ უფროსი ასაკის მწერლები ბატების გაპუტვითა და მათთვის საკალამე ფრთების დაცლით არიან დაკავებულნი, ამასობაში უმცროსებმა, სწორედ ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებით, არსებითად, ახალი ლიტერატურული წესრიგი დაამყარეს. ქართულ რეალობაში, ძირითადად, ორი ლიტერატურული პორტალი მოქმედებს: ლიტერატურა.გე და ურაკპარაკი. რა თქმა უნდა, არის სხვა პორტალებიც, მაგრამ ისინი ჯერ–ჯერობით დასახელებულ ორს დიდად ჩამორჩებიან პოპულარობითა და გავლენის მასშტაბებით.
რაც მთავარია, ორივე ამ პორტალს აქვს, როგორც ნაწარმოებების განთავსების, ასევე მათი შეფასების შესაძლებლობები და ორივეგან მოქმედებს ფორუმი, სადაც დარეგისტრირებულ ადამიანს შუძლია თავისუფლად იმსჯელოს მისთვის საინტერესო ლიტერატურულ საკითხებზე, კონკრეტული მწერლის, წიგნის, ნაწარმოებისა თუ მოვლენის შესახებ.
მწერალთა შედარებით ძველი თაობისათვის, რომელსაც საბჭოთა ცენზურის ულმობელი წნეხი აქვს გამოვლილი, მკითხველთან ასეთი ადვილი კომუნიკაცია ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ნაწილია. თუმცა საქმის ასეთი გაიოლება, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მოსწონთ და პირად საუბრებში ერთგვარი დანანებით იხსენებენ ძველ, კარგ დროს, როცა ყველა ყველაფერს ასე ხელაღებით და მარტივად ვერ ბეჭდავდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სინანულის გაგება შეიძლება. ინტერნეტის იოლად ხელმისაწვდომობამ უამრავ უნიჭობას გაუხსნა პერსპექტივა და კარგი და ცუდი ერთმანეთში ისე აიზილა, მათი გამიჯვნა, გაცალკევება და შეფასება ვერაფრით მოხერხდება.
საბჭოურ ცენზურას კი, საზიზღარი იდეოლოგიური მხარის გარდა, ერთი დადებითი მომენტიც ჰქონდა. კერძოდ ის, რომ ადამიანი, ვინც პოეტობაზე პრეტენზიას აცხადებდა, მხოლოდ პრეტენზიის ამარა და პროფესიის ნიუანსებში გაურკვევლად, თავიც რომ მოეკლა, საკუთარი ნაწერის გამომზეურებას ვერ შეძლებდა. ეს კი შესაძლებელს ხდიდა გარკვეული შემოქმედებითი ფონის არსებობას, რაც სრულიად აუცილებელია ლიტერატურული პროცესის განვითარებისათვის.
გარდა ამისა, უფროსი ასაკის მწერლისათვის რიგ შემთხვევაში აშკარად გროტესკულად გამოიყურება ინტერნეტსივრცის დემოკრატიულობა. ვგულისხმობ სიტუაციას, როცა ინტერნეტპორტალზე ავტორები, ვთქვათ, ასეთი თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი: კაიშაური რუსუდან, მინჩხი იოანე, საბანისძე იაონე, ხარანაული ბესიკ… ანუ არანაირი ფორმალური მარკერი ლიტერატურულ კონიუნქტურაში გასარკვევად, მხოლოდ ტექსტი და მკითხველი ერთმანეთის პირისპირ…
ასეთი ვითარება იმ დროს, როცა ისედაც სუსტია ლიტერატურული კრიტიკა, კურიოზულ შედეგებს იძლევა. ერთ–ერთი ასეთი კურიოზული შედეგი კი არის შეფასებისას სუბიექტივიზმის უკიდურესი გამძაფრება და თითქმის ყველანარი ობიექტური კრიტერიუმის უარყოფა. რითაც მკვიდრდება, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი არასერიოზული შეფასების სტანდარტი, როგორიც არის: მე ძალიან მესიამოვნა. ამ სტანდარტთან კი ბუნებრივი შკითხვა რატომ? ონტოლოგიურად შეუთავსებელია.
თანაც იმასაც გააჩნია, ვინ არის ეს მე, ვისაც ესა თუ ის ტექსტი სიამოვნებს. მეტწილად ეს არის წერით ატანილი ადამიანი, რომელსაც არ მიუღია სერიოზული ლიტერატურული განათლება, წაკითხული აქვს რამდენიმე (ძირითადად თარგმნილი) ტექსტი და თავი მაინც შეუცვლელი ექსპერტი ჰგონია.
ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ ქართულ ლიტერატურულ პორტალებზე, ძირითადად, ძალზე დაბალი გემოვნება და საეჭვოდ ფამილარული განწყობები ბატონობს. დიდი გამოძიება არ სჭირდება იმის დადგენას, რომ აქ, უმთავრესად, ერთი და იგივე ხალხი მოძრაობს, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს და ნიკები მხოლოდ უცხოთა თვალის ასახვევად აქვთ, თორემ საჭიროების შემთხვევაში თვითონ ფორუმის ადმინისტრაციიდანვე უპრობლემოდ სკდება, ვინ იმალება ამა თუ იმ ნიკის უკან.
ეს კიდევ სხვა პრობლემაა, სხვა წერილში განსახილველი, თუმცა ვფიქრობ, აქ იმდენად არის აღნიშვნის ღირსი, რამდენადაც პირდაპირ განაპირობებს ფორუმზე შემომსვლელთა გულწრფელობის ხარისხსა და შესაბამისად, ფორუმზე მიმდინარე სალიტერატურო პროცესების სწორად განვითარების პერესპექტივას.
უფრო უკეთ რომ მიგახვედროთ, რაზე ვლაპარაკობ, მაგალითად ლიტერატურა. გე–ზე ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ლექსის რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ. ლექსი სატრფიალო ლირიკის ნიმუშია, სადაც ავტორი საჯაროდ უხსნის სიყვარულს კატის წელში დაბადებულ თავის სატრფოს.
ამას კი იქვე მოსდევს კომენტარები:
აწეული საყელოსი რა მოგახსენო, მაგრამ უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებით და რიხით კი წააგავხარ. ძალიან ლამაზები ხართ (მართლა ფისოსავითაა) მიყვარს თქვენი სურათების თვალიერება. ლექსი კარგია ძალიან, ადრესატსაც მოეწონება ალბათ და სხვებსაც.
რა გადამდებია ამ ლექსის განწყობა…..
ჩემები… 🙂
ავტორიც და ადრესატიც, – ძალიან ჩემები ხართ!
დამეთანხმებით, ასეთი კომენტარები ვერც ავტორს და ვერც ლიტერატურულ პროცესს ვერაფერს შესძენს. ეს უფრო ახლობელი ადამიანის საჯარო მოფერებას ჰგავს, რისაც მე პირადად ძალიან შემრცხვებოდა. შედარებით პროფესიული ერთადერთი კომენტარია:
მნიშვნელოვანი ნამუშევარია იმ გაგებითაც, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ლირიკის როლის რედუცირების მკვეთრი ტენდენიციაა. ეს ლექსი კი სწორედ ლირიკას მიეკუთვნება. ყოჩაღ, ავტორო!
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კომენტარს ხელს თვით ნინო დარბაისელი აწერს, მივხვდებით, რა დღეშია პოეზია და პროფესიული კრიტიკული აზრი ჩვენს ლიტერატურულ პორტალებზე.
ასეთ ჩამტკბარ სიტუაციაში, ბუნებრივია, კრიტიკა და პროფესიული განვითარება არავის ანიტერესებს, აქ ლექსებს მხოლოდ ერთადერთი მიზნით დებენ: შეყვარებულსა თუ ახლობელს თავი მოაწონონ და მტერსა და მოშურნეს თვალი დაუყენონ.
ფორმალურად, თითქოს არსებობს ნაწარმოების შერჩევის აკადემიური მეთოდი. საიტის წესებში ვკითხულობთ: საიტზე გამოქვეყნებული ნაწარმოები თავდაპირველად გამოჩნდება ანონიმურად, მხოლოდ რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის წევრებისთვის, რომლებსაც წასაკითხად და შესაფასებლად ექნებათ 4 დღის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დადებითად შეფასებული (რეიტინგით ნულს ზემოთ) ნაწარმოები გამოქვეყნდება ყველა მომხმარებლისათვის, ხოლო უარყოფითად შეფასებული ნაწარმოები (რეიტინგით ნულს ქვემოთ) ავტომატურად წაიშლება პორტალიდან.
მომხმარებელს ნაწარმოების გამოქვეყნება შეუძლია მხოლოდ 4 დღეში ერთხელ. ერთი და იგივე ნაწარმოებზე კომენტარის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 20 წუთის შუალედით.
რეიტინგები ავტორთა და მათ ნაწარმოებთა პოპულარობისა და ხარისხის მაჩვენებელია. ნაწარმოების რეიტინგი განისაზღვრება რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის წევრების მიერ დასმული ნიშნების მიხედვით. ნიშანი შეიძლება იყოს როგორც დადებითი (“+1” კარგი, “+2” ძალიან კარგი), ასევე უარყოფითი (“-1” ცუდი, “-2” ძალიან ცუდი). ნაწარმოების შეფასება შეუძლია მხოლოდ რედკოლეგიის ან მკითხველთა კლუბის წევრს, როდესაც იგი თავისი სამომხმარებლო სახელით არის შესული საიტზე. ნაწარმოების ქულებით შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, მისი გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.
ავტორის რეიტინგი გამოითვლება ფორმულის მიხედვით:
ნაწარმოებების რეიტინგების ჯამი
——————————————— + რეიტინგების ჯამის 5%
ნაწარმოებების რაოდენობა
მოკლედ, აგაშენათ ღმერთმა! მაგრამ საინტერესოა, ვინ არიან რედკოლეგიის ან მკითხველთა კლუბის წევრები, რომელთაც საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ პორტალზე გაგზავნილი მასალებისათვის. ცალკე მათი სია საიტზე ვერსად მოვიძიეთ. ერთადერთი თუ მკითხველების გრაფაში შეხვალთ, იქ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს წააწყდებით, სადაც ადამიანები, ზოგჯერ ნამდვილი გვარ–სახელით, ზოგჯერ კი ფსევდონიმით წერიან და გასწვრივ მითითებულია: მკითხველი, კლუბის წევრი ან რედკოლეგია. ისევ გაუგებარია, რა ნიშნით ხდება ამ პიროვნებათა დიფერენცირება.
რაკი რეიტინგის გამოთვლის არც თუ მარტივ მექანიზმს უკვე გავეცანით, ახლა დროა მიმდინარე კვირის რეიტინგულ პოეტურ ნიმუშებსა და მათ კომენატრებსაც გადავხედოთ.
ამ კვირაში ყველაზე მაღალი რეიტინგი (39ქულა) დილა(ადრიანო) დოშკვენცის ლექსს მოუპოვებია. ძლისპირი მართლაც გამორჩეული პოეტური ნიმუშია და ერთგვარად ამოვარდნილი იმ ესთეტიკიდან, რაც, წესით, ასეთ პორტალებზე უნდა მოეწონოთ.
ავტორს ეტყობა, რომ სანამ ლექსს პორტალზე გამოსაქვეყნებლად გააგზავნიდა, მანამდე დიდი ლიტერატურული სკოლა გაუვლია და პროფესიული ტექნიკის დახვეწაზეც საგულდაგულოდ უზრუნია. მისი ლექსი ისეთ ვერსიფიკაციულ ფოიერვერკად წარმოგვიდგება, რომ ჩანს, პოეზია ამ ავტორის მხოლოდ შემთხვევითი გატაცება კი არა, პროფესიული ზრუნვისა და შრომის საგანია.
დილა (ადრიანო) დოშკვენცის ლექსი მთელი წინა თაობების ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციულ მიღწევებს აჯამებს, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ ამ პოეტთა უბრალო და ბანალური გავლენა კი არა, მათი შემოქმედების პროფესიული და ძალზე სიღრმისეული ათვისება იგულისხმება. ამით დილა ადრიანო დოშკვენცი არსებითად ძალიან განსხვავდება პორტალის ავტორთა უმეტესობისაგან, რომელთა ნაწერებშიც იგრძნობა, რომ თავი პოეტური ოაზისების პირველაღმომჩენები ჰგონიათ. მათგან გასხვავებით, დილა(ადრიანო) დოშკვენცის მართლაც აღმოუჩენია თავისი დაუსახლებელი კუნძული, ოღონდ მანამდე უმდიდრესი ქართული პოეზიის ზღვა გადაუცურავს.
სწორედ ზღვასავით ირწევა მისი პორტალზე წარმოდგენილი ლექსის რიტმი და ისეთი ინტიმური რხევით არის გაჯერებული, რომ ყველაზე პრაქტიკული მიზნებით დახუნძლულ ადამიანსაც კი სიყვარულის არსებობასა და უძლეველობაში დაარწმუნებს. ლექსში რიტმივე ქმნის ერთგვარ მელანქოლიურ განწყობას, რაც ასე აუცილებელია სასიყვარულო ლირიკისათვის და რაც, სიტყვებით (და არა რიტმით) გამოხატული, უსათუო უგემოვნობაში გადაიზრდებოდა. აქ კი, რაკიღა ეს ყველაფერი ნათქვამი კი არა, მინიშნებულია, ემოციურად კიდევ უფრო მუხტავს ლექსის მხატვრულ და ესთეტიკურ განფენილობას.
მე, პორტალზე გაშინაურებული ლიტერატორებისაგან განსხვავებით, ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის დილა ადრიანო დოშკვენცი, მაგრამ ისევ და ისევ ლექსის რიტმიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ავტორი რაღაცით ან რაღაცნაირად კოლხეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს ვარაუდი განსაკუთრებით საგრძნობია ლექსის ნერვულად დანაწევრებულ რეფრენებში, რომლის ცეზურაც არა სალიტერატურო ქართული დიალექტების, არამედ უფრო დასავლურ–კოლხური მეტყველების სტილისტიკას ენათესავება.
დილა(ადრიანო) დოშკვენცის ამ ლექსს, როცა ჩვენს წერილს ვწერდით, 14 კომენტარი ახლდა. ოღონდ თოთხმეტივე ფუჭი, უსაგნო და დაუსაბუთებელი. ყველა კომენტარის ავტორი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ლექსი ძალიან კარგია, რომ ძალიან მოეწონათ, მაგრამ არავინ ამბობდა იმას, რა და რატომ მოსწონდათ ამ ლექსში.
უცნაური კი ის არის, რომ ლექსში უამრავი რამაა ისეთი, რითაც უფრო არ უნდა მომწონდეს, ვიდრე მომწონდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მომწონს და მომწონს იმიტომ, რომ მთელი ლექსი დამარეტიანებელი ლივლივის შეგრძნებას მიტოვებს.
კაცმა რომ თქვას, როგორ უნდა მოგწონდეს ლექსი, რომლის პირველივე ფრაზა გრამატიკულად გაუმართავია. რას ნიშნავს: ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვილის ღიმილზე ნათელია და დედის ხელებზე თბილი.
ალბათ, წესიერი ქართულით რომ დაეწერათ, იქნებოდა: ამბავი, რასაც ახლა გიამბობთ, ჩვილის ღიმილზე ნათელია… ანუ ავტორს ელემენტარულად გრამატიკული ბრუნვები ერევა და ამის გამო სათქმელი ბუნდოვანი ხდება.
მთლად ჩვილის ღიმილივით ნათელი კი არც ლექსის მომდევნო პასაჟია: სიზმარმოკლული ტკბილი ძილია, ბალახმოვლილს რომ მისდევს ლიანდაგს, ბალახმოვლილი ძილია, ტკბილი ძილი… – სიზმარმოკლულს თუ სურვილმოკლულთან ან წყურვილმოკლულთან დავაკავშირებთ, მაშინ განსაზღვრება ტკბილი ცოტა უფრო ლოგიკური გამოჩნდება, მაგრამ აი, ბალახმოვლილი ლიანდაგი, რომელსაც სიზმარი მისდევს და მერე თვითონ სიზმარი ხდება ბალახმოვლილი, ჩემთვის ძალზე გაუგებარი პოეტური სინტაგმაა.
ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რომ აქ ბალახმოვლილის მაგივრად ბალახმოვლებული იგულისხმება და მაშინ ცოტა ადამიანური გახდება პოეტის სათქმელი, თორემ ისე, თავისი გულისთქმის გასაგებად, მე მგონი, ძალზე შორი გზები მოგვატარა..
კიდევ უფრო დამაბნეველია ლექსის შემდეგ სტროფში ნათქვამი: ‘’და გლახის მიერ ერთხელ გამხელილ მზითა მაქვს პირი ამოვსებული’’. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ სტრიქონის მნიშვნელობას მე პირადად ვერ ვიგებ და რაც არ მესმის, ბუნებრივია, არც მომწონს, თუმცა ობიექტურად, შეიძლება ძალიანაც კარგი რამაა.
ამასთან შედარებით იმაზე დაბეჯითება, რომ ადამიანი თვალდახუჭული შეიძლება იყოს და არა დახუჭული (მას დაინახავ მხოლოდ გულიდან, თუკი იქნები დახუჭული და…) პრეტენზიული კაცის ახირებად მოგეჩვენებათ, მაგრამ, რა ვქნა, პოეზია ჩემთვის ნიუანსების საქმეა და სულერთი არ არის, სათქმელს ჩემამდე რა ნუანსებით მოიტანენ.
ამის მიუხედავად, ლექსი დაწვრილებით იმიტომაც განვიხილე, რომ აშკარად ამოვარდნილია ლიტერატურა.გე–ზე გამოქვეყნებული პოეტური პროდუქციის ზოგადი ესთეტიკის ჩარჩოებიდან.
საქმე ისაა, რომ ქართულ სალიტერატურო პორტალებზე დამკვიდრებულია ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იკრიჭება ყველა პოეტური განწყობა და ემოცია. ლიტერატურა.გეს თავისი სტანდარტი აქვს, ურაკპარაკს თავისი – არსებითად, ორივე უგემოვნო და პოეზიის ნამდვილი ბუნების წინააღმდეგ მიმართული.
ლიტერატურა.გეს შემთხვევაში შესაძლოა, ეს რედკოლეგიის ბრალიცაა, რომელიც ავტორებს თავს ახვევს საკუთარ გემოვნებას და სულ ერთი და იმავე სტილისტიკის ლექსებს წაახალისებს, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ რედკოლეგია იყოს დამნაშავე იმაში, რომ ამ პორტალზე უმთავრესად უგემოვნო ვერლიბრი ბატონობს, ბესიკ ხარანაულის გავლენით შექმნილი პოეტური ოპუსები, სადაც ლიტერატურული თავწყაროს ამოცნობა სულ ადვილად შეიძლება და, რამდენადაც ბესიკ ხარანაული არის დიდი პოეტი, იმდენად აუტანელია ეს უსასრულოდ ტირაჟირებული ბესიკები.
სანამ მპოსტველთა ლეგიონი პორტალზე ბესიკ ხარანაულობანას თამაშობს, მანამდე, რამდენიმე გამოკვეთილი ავტორი ინტერნეტის ყველა სიკეთეს პროფესიული სრულყოფისა და საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციისათვის წარმატებით იყენებს. ლიტერატურა.გეს ავტორთა შორის არიან უკვე ისეთი ცნობილი პოეტები, რომელთაც დიდი ხანია, მოძებნილი აქვთ თავიანთი ხელწერა, არც ბეჭდვა უჭირთ, მაგრამ ინტერნეტრესურსსაც მიმართავენ, თუნდაც იმის გამო, რომ მკითხველთან უფრო მარჯვე და მოხერხებული საკომუნიკაცო საშუალება ჰქონდეთ. მაგალითად, ლიტერატურა.გე–ზე რეგულარულად აქვეყნებენ თავიანთ ნაწერებს: გივი ალხაზიშვილი, ნინო დარბაისელი, ნატო ინგოროყვა, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ვასილ გულეური, ბელა ჩეკურიშვილი, შოთა იათაშვილი, ვაჟა ხორნაული, ვანო ჩხიკვაძე და სხვა ჩვენს ლიტერატურულ სამყაროში მეტნაკლებად ცნობილი პოეტი.
ეს, ვინც თავისი სახელითა და გვარითაა დარეგისტრირებული, ათასგვარი ნიკის მიღმა კი შეიძლება სხვა არანაკლებ ცნობილი ავტორებიც იმალებოდნენ. მაგალითად, ვინმე ილარიას რამდენიმე ლექსი არაფრით არ ჩამოუვარდება ზემოთ ნახსენები ცნობილი პოეტების ნაწარმოებებს. ილარიას ლექსები იმით არის საინტერესო და გამორჩეული, რომ მათში მეტაფორა თავის დაკარგულ და უსამართლოდ წართმეულ უფლებებს აღიდგენს.
საერთოდ, ინტერნეტპორტალების პოეზიას რომ კითხულობ ადამიანი, გამუდმებით გაწუხებს შეკითხვა, ხომ არ შიცვალა პოეზიის აღქმა თანამედროვე ეპოქაში, ხომ არ გაჩნდა რაღაც მოვლენა, რომელმაც ჩაანაცვლა ის, რასაც ტრადიციულად პოეზიად მოიხსენიებდნენ. ამ ეჭვის საფუძველს ქმნის ის ობიექტური სინამდვილე, რომ ტროპი – პოეტური მეტყველების ეს აუცილებელი ატრიბუტი – ძირითადად, ინტონაციით არის ჩანაცვლებული. და ეს მხოლოდ ქართული პოეზიისათვის დამახასიათებელი მოვლენა არა ჩანს. ასეთი ვითარება უნდა იყოს თითქმის მთელს თანამედროვე მსოფლიო პოეზიაშიც.
სწორედ ინტონაციის მოულოდნელობისა და რაც მთავარია სიახლის გამო ძალიან საინტერესოა პორტალზე ჰექსეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პოეზია ყველაზე ახალია ჩვენს სინამდვილეში.
ინტონაციური სიახლე სჭვივის თეა თოფურიას ლექსებიდანაც, თუმცა თეას ლექსები, ჰექსეს ნიმუშებისაგან განსხვავებით, უფრო ინარჩუნებს კავშირს პოეზიის ტრადიციულ გაგებასთან, რადგან აქ ტროპი ყველაფრის ხერხემალს წარმოადგენს. საერთოდ, შედარებით ახალი ავტორებიდან ლიტერატურა.გე–ზე თეა თოფურია ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოეტი მგონია:
“მიწა გადმოსწიეთ,/ ოღონდ ფრთხილად მთები არ დაიშალოს!/ ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი/ საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს,/ შეიძლება გავძვრე კიდეც ცისარტყელას ქვეშ,/ სირბილით ვიარო და მოვიდე./რომ ვიცოდე,მარტო მე არ მენატრები,/ რომ ვიცოდე, ეს მართლა ვენახია და არა დაუკრეფავი,/ რომელშიც არ უნდა გადავიდე./ რომ არ ვიცოდე, ის რაც ზუსტად ვიცი,/ შენ მხოლოდ მითმენ./ მეტი არაფერი.”
რომ მოვინდომოთ, იქნებ ზუსტად ვერც ავხსნათ, რითი ზემოქმედებს ეს პატარა პოეტური ნიმუში ჩვენზე. იქნება, თავისი გულწრფელობით, იქნებ საგანგებოდ ხაზგასმული საუბრის ტონით, იქნებ მოულოდნელი პოეტურ სახეებით, შეჩვეული და კარგად გააზრებული გარემოს ახალ სიტუაციებში ჩაყენებით (ეს ვენახია და არა მოუკრეფავი, რომელშიც არ უნდა გადავიდე!)
და ეს ფრაზა ხომ მართლაც რაღაცნაირად ანათებს მთელ ლექსს. მთლიანად ამოაბრუნებს ჩვენს წარმოდგენას ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვენახია, მაგრამ თუ საზღვარს გადახვალ, დაუკრეფავად შეიძლება იქცეს. აი, აქ მდუღარებს ნამდვილი პოეზია, ამ დაუკრეფავად ქცეულ ვენახებში.
ანდა იმავე ციკლის კიდევ ერთი ნიმუში:
“იმ იხვივით ვარ,/ გადამფრენი იხვივით/ ტბა რომ გაყინული დახვდა/, იმ ძაღლივით, /პატრონი რომ გაეპარა სახლიდან,/ ის კი მაინც კედლებს სდარაჯობდა/ თაგვებს უყეფდა და ობობებს;/ გვიან გაიგო, პატრონის წასვლით/ მისი წასვლაც რომ დაიწყო/ რომ სამშობლო იქ არ არის, სადაც დაგაბამენ./”.
ამ პატარა ნიმუშში რამდენიმე უხეში გრამატიკული შცდომა იყო და დამოწმებისას გავასწორე. საერთოდ, ინტერნეტპორტალების ქართული კიდევ ცალკე თემაა, რომელიც სპეციალურ ანალიზს საჭიროებს. თეა თოფურიასაგან კი ნამდვილად გასაკვირია, თემის ნიშნები რომ ეშლება ანდა ვითარებითი ბრუნვის ნიშანი დ ზმნის მრავლობითის თ–ში რომ ერევა. როგორც ჩანს, პოეზია გრამატიკას მართლაც არას დაგიდევთ, რადგან, სამაგიეროდ, თეა თოფურია ნელ–ნელა იხვეწება ურთულეს საქმეში: თანდათანობით ათავისუფლებს ლექსს ზედმეტი სიტყვებისაგან და ცდილობს გამოიყენოს ზუსტად იმდენი სიტყვა, რამდენიც სჭირდება კონკრეტული ემოციისათვის.
ეს ამბავი ჯერ–ჯერობით ინეტრნეტპორტალის პოეტებიდან ყველაზე დიდი წარმატებით ნატო ინგოროყვას გამოსდის.
საერთოდ, ნატო ინგოროყვა შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ უნდა განავითაროს პოეტმა საკუთარი შესაძლებლობები, როგორ უნდა უერთგულოს ნიჭის იმ ნაპერწკალს, დაბადებიდან რომ მიეცემა. ნატოს ლექსებს კარგა ხანია ვკითხულობ, მახსოვს მისი პირველი მცდელობანი და მით უფრო თვალშისაცემია ზრდის გზა, რაც მან გაიარა ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური, თუმცა არცთუ უნიჭო მელექსიდან თაობის გამორჩეულ პოეტამდე. დღეს ნატოს სიტყვამ უჩვეულო ელვარება შეიძინა, შიგნიდან წამოსული ნათება მთელ ლექსს კრავს და ადუღაბებს. და რაც მთავარია, პოეტი არ იყენებს არცერთ სიტყვას, რომელიც არ სჭირდება მოცემულ მომენტში.
მაგრამ ლექსის ფორმაზე, მე მგონი, არავინ იმედენს არ ზრუნავს და მუშაობს, რამდენსაც ლელა სამნიაშვილი. ლიტერატურა.გე–ზე მისი 38 ლექსია წარმოდგენილი. ეს იმდენად ღრმა და საინტერესო პოეზიაა, რომ თითოეული ლექსის ანალიზს შეიძლება ცალკე წერილი მიეძღვნას, ამჯერად კი მხოლოდ რამდენიმე არსებითი ნიშნის გამოკვეთით შემოვიფარგლებით.
ჩვენთვის აქ საინტერესოა ის, რომ ლელა სამნიაშვილის სტილისტიკა სავსებით ამოვარდნილი და განსხვავებულია ფორუმის ზოგადი სტილისტიკისაგან. ეს ერთგვარ გამოწვევასაც კი მოგვაგონებს: იყოს სხვანაირი და ჯიუტად ეცადოს საკუთარი სხვარიგობის დაკანონებას. მგონი, პოეტი საკუთარ თავსაც კი ექიშპება და ყოველ ჯერზე უმტკიცებს, რომ ის, რისი თქმაც უნდოდა, ასეც ან მხოლოდ ასე შეიძლებოდა დაწერილიყო. ლელასთან გვხვდება მრავალგვარი შინაარსობრივი აქცენტი, უამრავი ელფერი და ნიუანსი, რაც ნიშნეულია დღევანდელი მსოფლიო პოეზიისათვის, აქ გათვალისწინებულია სხვათა გამოცდილება და ათვისებულია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ოღონდ საფრთხე, რაც ჩემთვის აშკარად თვალშისაცემია და რამაც სამომავლოდ შეიძლება დააზიანოს ლელა სამნიაშვილის პოეზია, იმავე ფორმალიზმიდან მომდინარეობს. პოეტი ზოგჯერ იმდენად არის გატაცებული ლექსის ფორმით, რომ მკითხველისათვის მთავარი – ემოცია – ამ ფორმის ხვეულებში ეკარგება. მისი ზოგი ლექსი ჰგავს ამერიკული პოეზიის თარგმანს, უაღრესად დახვეწილი და კულტურული სტილით შესრულებულს, მაგრამ ცივსა და ემოციურად არაფრის მომცემს. თუ ეს ტენდენცია გაღრმავდა, ძალიან სამწუხრო ამბავი იქნება, რადგან სამნიაშვილის შეუძლია იყოს ბრწყინვალე პოეტი ამ სიტყვების ყოველმხირვი გაგებით. შეძლება კი გულისხმობს ნიჭსა და რაც მთავარია, ზღვა ინფორმაციას, რაც მას მსოფლიო პოეზიიდან აქვს და რასაც საკუთარი ლექსის მშენებლობისას სათანადოდ გამოიყენებს. ოღონდ ეს ერთადერთი შემთხვევის გარდა არასოდეს ამოტივტივებულა ზედაპირზე.
საქმე ისაა, რომ ლელა სამნიაშვილის ბოლო ლექსის სათაური, რაც პორტალზე დაიდო, ბრწყინვალეა და ორიგინალურიც იქნებოდა, მანამდე სხვა პოეტის აღმოჩენა რომ არ ყოფილიყო. სიტყვათშეთანხმება დილისპირული ეკუთვნის ნინო დარბაისელს – შესანიშნავ პოეტს, რომლის პორტალზე მოღვაწეობამაც, სხვათა შორის, დიდად განსაზრღვრა ლიტერატურა.გეს გემოვნება და პროფესიული ხასიათი.
სწორედ ნინო დარბაისელი გამოიყენებდა ერთხანს სლოგანს, რაც ყველა პოეტს სასიკეთოდ წაადგება ლიტერატურული ზრდის თვალსაზრისით: პროფესიონალიზმი იწყება იმის გათვალისწინებით, რა გაკეთებულა შენამდე შენს პროფესიაში. თვითონ ნინო ერთგულად მიჰყვება ამ დარიგებას და პოეზია მისი პროფესიული შესწავლის საგანს წარმოადგენს. ის პროფესიონალი ლექსმცოდნეა და ეს სხვებს, მის კოლეგებს დიდად ეხმარება, რადგან პორტალზე ნინო დარბაისელის კომენტარი მუდამ საქმიანია, ლაკონური და არსებითი, მაგრამ თვითონ მას ზოგჯერ ხელს უშლის, როგორც პოეტს, რადგან საფრთხე, რომელზეც ლელა სამნიაშვილის ლექსებთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ, დარბაისელის პოეზიასაც არანაკლებ ემუქრება. ბოლო ხანს ფორმალისტური ძიებები ხშირად ანაცვლებს ემოციას და ამიტომაც ნინო, რომელიც ნახევარტონის, პოეტური მოიარების დიდოსტატი იყო, სათქმელს ხშირად უბრალოდ გვიყვება.
თუმცა ეს მისი პოეტური უფლებაა და ვერ შეედავები, რადგან ლექსში ყველაფერი ჭადრაკის პარტიასავით წინასწარ აქვს გააზრებული და მისი პოზიციები საქმის ცოდნიდან გამომდინარეობს.
დარბაისელის ადრინდელ სლოგანზე უკვე მოგახსენეთ, დღეს კი მისი პროფილის ქვემოთ ასეთი რიტორიკული შეკითხვაა: დამისახელეთ პოეტი მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს, რომ იმ ენის ცოდნა, რომელზეც წერს, ნაკლად აღარ ეთვლება.
ალბათ უნდა იყოს იმ ენის არცოდნა ან უცოდინრობა და მაშინ ყველაფერი დალაგდება, გასაგები გახდება ნინო დარბაისელის პათოსი. ემჩნევა, ქალბატონი ნინო ისე შეაწუხა უმცროსი კოლეგების დამოკიდებულებამ მშობლიურ ენასთან, რომ ეს ფრაზა დღევანდელი ვითარების ყველაზე შესაბამის აზრად მიიჩნია.
ალბათ, ნინო დარბაისელის და კიდევ რამდენიმე პროფესიონალის პორტალზე ყოფნამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ლიტერატურა გე. მეორე ლიტერატურულ პორტალ ურაკპარაკთან შედარებით უფრო დახვეწილად და თანამედროვედ გამოიყურება, თორემ ძალიან ბევრი ავტორი, ვინც ლიტერატურა გე.–ზე პოსტავს, თავის ნაწარმოებებს ურაკპარაკზეც ათავსებს.
ძალზე ზედაპირული და სწორხაზოვანი შეფასებით, ამ ორ პორტალს შორის განსხვავება ასე შეიძლება დაკონკრეტდეს: ნოვატორები და ტრადიციონალისტები. ოღონდ ამ სიტყვებს ათასგვარი ნიუანსი აქვს და ამ შემთხვევაში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შინაარსი შეიძლება თანაბრად გამოგვადგეს.
უბრალოდ, ჩემი დაკვირვებით, ურაკპარაკის ავტორებს აერთიანებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიის ისეთი ბრმა სიყვარული, რომ ამ მაგისტრალიდან ნებისმიერ გადახვევას პოეზიის ღალატად და უგემოვნობად აფასებენ.
სინამდვილეში კი, თვითონ ამ ავტორთა ესთეტიკაა სტაგნირებულია და არ შეიცავს განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პერსპექტივას. ამ ტიპის ხელოვანთა ჯგუფი ერთ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს, მაგრამ ციყვივით რაც უნდა იხტუნოს, ამაოდ დაიღლება, რადგან იმას, რასაც ხელოვნურად აცოცხლებენ, ყავლი დიდი ხნის გასული აქვს, ოღონდ თავისთავად არაიმდენად მოძველებულია, რამდენადაც უკვე დასრულებული. აქ წრედი შეკრულია და ახალს ვერაფერს დაამატებ, თუკი ეს წრე არ გაარღვიე და თვისებრივად ახალ სივრცეში არ გადახვედი.
ამიტომაც შედარებით ნაკლებად მაინტერესებს ურაკპარაკის ავტორთა ნამოღვაწარი, თუმცა ცხადია, ყველას ერთ ტაფაში ჩაყრა დიდი უსამართლობა იქნებოდა და აქაც არიან მეტნაკლებად ნიჭიერი ავტორები.
მაგალითად, ამ თვის ავტორთა და ლიტერატორთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ სიას გიორგი გაბაიძე მეთაურობს ლექსით \აპოკრიფი №1 თუნთას.” გიორგი გაბაიძე აშკარად ნიჭიერი პოეტია სწორედ იმ ესთეტიკაში, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ოღონდ ნიჭიერება მჟღავნდება იმით, რომ ცდილობს გაარღვიოს ამ ესთეტიკის საზღვრები და უკვე არსებული პრინციპულად ახალი რაკურსით დაგვანახვოს. მოახერხებს თუ არა ამას, დრო გვიჩვენებს.
გიორგი გაბაიძის ლექსს მოსდევს ნიკა ჩერქეზიშვილის საინტერესო ნიმუში მა (ლექსი მეოთხე). ეს ერთგვარი პოეტური ციკლი მამა–შვილის ურთიერთობის პრობლემატიკას ეხება და მოცავს მამაშვილობის გრადაციას მიწიერიდან ტრანსცენდენტულამდე. ოთხივე ლექსში არის საინტერესო ფრაზები, აქა–იქ გაკრთება ხალასი განწყობები, მაგრამ, საერთოდ, ეს ნიმუშები დატვირთულია ერთი ძალიან სიმპტომატური ნაკლით, რაც ამ ტიპის პოეზიას ახასიათებს: პოეტური პათეტიკა, რომელიც ხშირად სიტყვების მექანიკურ ბრახაბრუხში გადადის.
მაგალითად, მიმდინარე თვის რჩეულ ნაწერთა სიაში მესამე ნომრად განთავსებულ როის ეკუთვნის ლექსი: … ჩემი ძმაკაცები და …(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, გია ქიქავას, ლაშა მიქელაძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, ნიკა მალაზონიას, მინდია ცეცხლაძეს, ზაზა ფირცხალაიშვილს, ლევან დევაძეს, სულხან წულუკიძეს, გენრი დოლიძეს)
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან – ჩემი ძმაკაცებია.ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.
ლექსი ვრცელია, წერილში კი მხოლოდ ფრაგმენტს ვიმოწმებთ, რადგან ის, რის სალუსტრაციდაც გვჭირდება, ამ ფრაგმენტდანაც მშვენივრად ჩანს.
ჯერ ერთი ძმაკაცებს რომ აშკარად მოსწონებიათ, თანდართული კომენტარებიდან ძალუმად მჟღავნდება.
საერთოდ, ურაკპარაკის კომენატრები ცალკე თემაა, ასეთი ფამილარული ლიტმცოდნეობა სხვაგან, მერწმუნეთ, არსად შემოგხვდებათ.
აქ კი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმას ასე თუ ისე ფლობს ავტორი და თითქოს ოსტატურადაც იყენებს, მაინც ეს ლექსი ნიმუშია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ლექსი. დავიწყოთ იქიდან, რომ რიტმი მოპარულია. ჩეულებრივ მკითხველს გალაკტიონის ინტონაცია ჩაესმება, ცოტა უფრო სიღრმისეულად კი ეს ინტონაცია შემდგომში განავითარა და ახალი ნიუანსებით გაამდიდრა გივი გეგეჭკორმა.
ლექსში გამოყენებული ყველა რითმა კი უკვე იმდენჯერ არის ნახმარი, თავმოყვარე პოეტი არცერთ მათგანს თავს არ გაუცვლიდა))
გარდა ამისა, ეს პოეტური ოპუსი ისეთი პირადული დეტალებით არის დახუნძლული, და რაც მთავარია, იმდენად არაფერს აძლევს მკითხველს ეს დეტალები, რომ პირდაპირ კომიკურ ელფერს იძენს ასეთი ფრაზები: აჩიკოსი არ იყოს, ბათუმიდან თენდება.
აჩიკოსთან დიდი ბოდიში, მაგრამ რის აჩიკო, რა ატამი?
ანდა ამიხსენით, რას ნიშნავს ლექსის პირველივე, სატრამპლინო ფრაზები:
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი….
მაპატიეთ, მაგრამ ამ ყველაფერს პროვინციალიზმის მძაფრი სუნი უდის.
მაგალითების მოხმობა, რასაკვირველია, კიდევ უხვად შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, ინტერნეტპორტალებზე განთავსებული პოეტური ნიმუშების ძირთადი ტენდენციების ნათელსაყოფად ესეც სავსებით საკმარისია.
რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურული პორტალები უკვე ზღვა მასალას იტევს და ამ მასალის ყოველმხრივ შეფასების პრეტენზია ერთ საჟურნალე წერილს ვერაფრით ექნებოდა. ჩვენ უბრალოდ საკითხი დავსვით და მთავარი აქცენტებიც მოვნიშნეთ, უფრო სწორად ის აქცენტები, რაც ჩვენ მთავრად მოგვეჩვენა, ხოლო საკვლევი და საანალიზო კიდევ უამრავი რამ რჩება.
მთავარია, პროფესიული კრიტიკა დროულად ჩაერთოს და გაერკვეს ამ უაღრესა დდინამიურ და ცოცხალ პროცესში, რასაც ვირტუალიური სალიტერატურო ცხოვრება ჰქვია. ამით საქმეს აშკარად წინ წავიგდებთ და ქართული ლიტერატურის განვითარებას, მთლიანობაში, დიდად წაადგება იმის გამიჯვნა, სად ვენახია და სად დაუკრეფავი, ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ანუკი იმნაიშვილი – წიგნები და წიგნისტები
სიტყვა ბუკინისტის ეტიმოლოგია ვიცოდი, მაგრამ 1995 წლამდე მათი დახმარება არ დამჭირვებია. სტუდენტობის პირველივე დღესვე, როცა ლექტორები შესასწავლ-წასაკითხ წიგნთა ჩამონათვალს გვაცნობდენენ, იქვე გვთავაზობდნენ ორ ალტერნატივას: წიგნები მოიძიეთ ბიბლიოთეკებში ან ბუკინისტებში. ბიბლიოთეკების გამოყენება იმ პერიოდში ჭირდა, იმდროინდელი სოციალური პირობების გამო, ამიტომ მივადექი ბუკინისტებს და რატი ამაღლობელის არ იყოს, მეც ძალიან ბევრი გამოცემა შევიძინე, ერთხელ შემთხვევით წავაწყდი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს და იმავე დღეს (მშობლების მატერიალური დახმარებით) ტაქსით მოვაბრძანე სახლში რვავე ტომი, მერე დიდხანს იგონებდნენ ჩემი მეზობლები (ვინც ამ ფაქტს შეესწრო), ისეთი გამარჯვებული სახე გქონდა, გაგვიკვირდა კიდეც წიგნების გამო ასეთი სიხარული თუ შეიძლებოდაო. ბაკურ სულაკაურის თქმის არ იყოს, მართლა დავწანწალებდი (და იმიტომაც შემშურდა ჩემი შემდგომი თაობისა, წანწალი აღარ იყო საჭირო და იქვე, მოხერხებულად, უნივერსიტეტთან, შეიძლებოდა სასურველი სახელმძღვანელოებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შეძენა) და ასე გავიცანი მარჯანიშვილის მეტროსთან მდგარი ბომბორა და დიდ სათვალიანი ბატონი ოთარი, რომელმაც, რატომღაც ზუსტად იცოდა ხოლმე, რომელი წიგნისთვის ვიყავი მისული, ისეც ხდებოდა, სახლში მატანდა გამოცემებს, წაიკითხე და მომიტანეო – ძალიან ხელსაყრელი პირობები ჰქონდა…
დღეს ასე დგას საკითხი: უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნები ქუჩებში… არიან მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც, რასაკვირველია, ყველა მსჯელობა საფუძვლიანია, მაგრამ ყველას ვერ დაეთანხმები, ცალსახაა მხოლოდ ერთი – წიგნები უნდა იყიდებოდეს ქუჩებში, ანდა უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩები. მისასალმებელია ისიც, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ან სხვა გამომცემლობების სტენდებსაც თუ გამოიტანენ ქუჩებში (თუნდაც კვირაში ერთხელ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით). ესთეტიკურ მხარეს რაც შეეხება, წიგნის ცქერა (ნებისმიერ სახით), ვფიქრობ, სასიამოვნოა (შეიძლება, სუბიექტური მოსაზრებაა). ნამცხვრიანი და უნამცხვრო წიგნებიც მიყვარს, ანუ ლიტერატურული კაფეები და თანამედროვე წიგნის მაღაზიები. ბუკინისტებთან შეძენილ წიგნთა რაოდენობა თუ ულევია, კაფეებში ნაყიდი გამოცემა, მხოლოდ ორი მახსოვს, რაც შეეხება მაღაზიებს, ხშირად ვსტუმრობ, ვერაფრით ვიტყვი, რომ ხელცარიელი გამოვსულვარ, მაგრამ ერთზე მეტი ვერ წამომიღია. ძალიან მიმზიდველია, მაღაზიებში განთავსებული ”2 ლარიანი კალათები”, მაგრამ ”შიგთავსი” დიდი ვერაფერი! ხშირად მივლია ბუკინისტურ მაღაზიებში ჭავჭავაძეზე და ზემელზე, არც ერთი აღარ არსებობს, სამაგიეროდ გაიხსნა აღმაშენებელზე, რომელიც, მგონი ერთადერთია დედაქალაქში.
გამართული დისკუსიის შეჯამებისას ორი ტენდენცია იკვეთება: რომანტიული და პრაგმატული.
თავისთავად რომანტიკული და სასიამოვნოა ქუჩაში წიგნები თუ ”გეფეთებიან” და არა ფულის მთხოვნელთა არმია. ტროტუარზე დაყენებული ავტომობილი უფრო დიდ დისკომფორტს ქმნის, ვიდრე წიგნის დახლი თუ სტენდი; გაჩერებაზე, ტრანსპორტის ლოდინისას წიგნების თვალიერება, დამეთანხმებით, სჯობია საშაურმედან გამოსული მრავალგზის აშიშხინებული ცხიმის სუნის ყნოსვას; წიგნს ცალკერძ, საკუთარი რომანტიკაც აქვს, როგორადაც არ უნდა იყოს შეფუთული იგი, და როგორი ”პირატულიც” არ უნდა იყოს, მაინც წიგნია! წიგნები ქუჩებში და ქუჩის წიგნები ქმნიან სამყაროში სამყაროებს… წიგნები ქუჩებში და ქუჩის წიგნები სხვა ხიბლის მატარებელი, მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რომლის არსებობაც გამართლებული, აუცილებელი და საჭიროა!
პრაგმატული ტენდენცია ორმხრივია: ვისაც ღონიერი ჯიბე არ გააჩნია, სულზე მისწრებაა, 1 ან 2 ლარად, 50 თეთრადაც, თუნდაც 5 ლარად, ქუჩაში მდგარ ბუკინისტებთან, ტერენტი გრანელის ლექსებს, ნიკოლო ბუალოს ”პოეტურ ხელოვნებას”, ლესინიგის ”ლაოკოონს”, ოსკარ უაილდის კრებულს, გრიგოლ კიკნაძის ლიტერატურულ წერილებს, მიხეილ ჩიქოვანის ”ქართულ ფოლკლორს”, აკაკი ბაქრაძის ”მითოლოგიურ ენგადს”, ”მწერლობის მოთვინიერებას” და სხვა მნიშვნელოვან გამოცემებს რომ წააწყდება. ჯიბეღონიერ გამომცემლთათვის ამ საკითხის პრაგმატული მხარე მიკრო თუ მაკროეკონომიკური მნიშვნელობისაა, რომელსაც სამართლებრივ საბურველში ხვევენ და სამართლებრივ ჭრილში იხილავენ. დამაჯერებელი და საფუძვლიანია მათი მსჯელობა სასკოლო სახელმძღვანელობთან დაკავშირებით. სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ქართულ თანამედროვე გამოცემების შესაძენად მაღაზიებს მივმართავ და არა გარემოვაჭრეს. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, გარემოვაჭრეა ბუკინისტიც, რომელიც ყიდის 40-50-60-70-80-იანი წლების გამოცემებს, მერე რა თუ თანამედროვე უცხოურ წიგნებსაც ყიდის, მკითხველს აინტერესებს ტექსტი და არა პირატულად დასტამბულის ხარისხი (ხარისხსთან დაკავშირებით ჩვენი მშობლიური გამომცემლობებიც ვერ დაიკვეხნიან, ჩემს ”თანამედროვე ბიბლიოთეკაში” აკა მორჩილაძის წიგნებია (თითქმის ყველა), ერთიანად დაფურცლული (ბოლო დროინდელების გარდა), როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არასოდეს ამის გამო პრეტენზია არ გამომითქვამს, მინდოდა წაკითხვა და მერე რა თუ გადაშლის დროს, რომელიმე ფურცელი იატაკზე გადაფრიალდებოდა).
მელიქიშვილის გამზირზე ანდა თავისუფლების მეტროსთან გამოფენილი წიგნებიანი დახლები და სტენდები თბილისის გაპარიზებას თუ უშლის ხელს, ვინძლო, მთავარ ქუჩებში ძაღლების მოსაქმებულებმაც უნდა შეაფერხოს აღნიშნული პროცესი. და საერთოდ, ხომ არ აჯობებდა ილუზიები თბილისის გაპარიზების და საქართველოს გაშვეიცარების შესახებ უკუგვეგდო. დაგევეტოვებინა თბილისი თავისი თბილისურობითა და ტიპოსით, ვფიქრობ, სწორედ ეს იზიდავთ უცხოელებს, იხილონ თბილისი თავისი ტრადიციებითა და რეალობით და არა ვთქვათ, აღმოაჩინონ სადმე კიდევ მეორე პარიზი, პრაღა ანდა ბაზელი.
წიგნი და წიგნისტი არცერთ სივრცეში არ დაიკარგება, იყოს დედაენის ბაღიც, იყოს სხვა ადგილებიც… თანამედროვე სოციო-კულტურული პროცესი სხვა რელსებზე გადავიდა და უცნაური ტემპით ”მოიქოქა”, ან უნდა მივყვეთ ან….
ორი კვირის წინ უმცროსმა მეგობარმა დამირეკა, წიგნს ვეძებ, რომელიც მაღაზიებში არ არისო, ბუკინისტებთან იკითხე-მეთქი, დედაენის ბაღში-თქო. აუ, ასე შორს რა წავაო?! მავანი კი იმტკიცება, წიგნის გამო დედაენის ბაღში კი არა, ცხრა მთას იქით წავლენო…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ჯაილზ ჰერვი – ბობ დილანი დაცემის შემდეგ
ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
სტატიაში მიმოხილულია ბობ დილანის შესახებ 2010 წელს გამოსული 2 წიგნი, Bob Dylan in America, by Sean Wilentz და Bob Dylan by Greil Marcus: Writings 1968–2010 , by Greil Marcus.