ორი ლექსი
© ჩვენი მწერლობა
ოლივიე პერელე
ხმაური
ბალახის ხმაური
ღამის სიბნელეში
ბალახი რომელსაც
შენი ნაფეხურების სურნელი ასდის
ბალახის ხმაური ჩემი მაგიდის ნათურის ქვეშ
ბალახის ხმაური ფურცელზე…
შავად წითელი ღვინო…
შავად წითელი ღვინო…
ბალახის ხმაური ენის ქვეშ
ბალახის ხმაური ბალახების ქვეშ……
სიკვდილი ღეჭავს მარცვლებს
– მესმის როგორ მირბიხარ
მესმის როგორ მორბიხარ
ფეხშიშველი
შუშის ნამსხვრევების საფლავზე
ორფეოსი 2200
ვეფხვები და ლომები
აღარ განირთხმებიან შენს ფერხთით
რადგან აღარ იქნებიან
ვეფხვები და ლომები
წელში აღარ მოიხრებიან ტყეები
და შენ ფეხით გათელავ მკვდარი ჩიტების ფრთებს
მდინარეები გადმოარწყევენ ზვირთებს
შავ ბალღამს ტბებს და ზღვებს
ტალღებს და ამოყირავებულ თევზებს
ჯოჯოხეთი?
შენ ყოველდღე ჯოჯოხეთში ჩახვალ
რკინის და მინის თანამედროვე ჯოჯოხეთი
თვალებს ამოგწვავს……
ევრიდიკე? ტელეფონით გამოძახებული მეძავი
გიჟური ძაბვის მავთულების გაუგონარ წივილში…
გაბმული ზარი, ბრძანება, აურზაური.
პროკლამაციები. რეკლამები: ამძუვნებული ძუკნა
ცერბერები, რომლებსაც ვერაფრით დაუკავშირდები.
ყურმილის ხრიალი, სირენების კივილი
სასტვენების გნიასი: გოგონას ვეღარაფერს გააგონებ…
ვეღარაფერს გააგონებ.
პიერ ტილმანი
იმ ღამით ჩვენ დავტოვეთ ქალაქის ბარები და ქუჩები
რათა გვეზეიმა გარიჟრაჟი გორაკებს შორის…
შენ დაიჩოქე და პირში აიღე
ნაძვებს შორის ვიდექი… თენდებოდა…
* * *
ეს არყოფნაა ჩემი ტერიტორია
რომელიც შარდით და ნერწყვით შემოვსაზღვრე
აი აქ ამ უკაცრიელ ალაგს
შემიძლია მიყვარდეს,
ვიბრძოლო,
გავიმარჯვო,
დავმარცხდე
სწორედ აქ სადაც სხივები ფარულად, ფეხაკრეფით მოდიან
სირცხვილისა და შიშის ნიჩაბით
გავითხარე ჩემი სორო…
ეტიენ როდა-ჟილი
* * *
ეს ინგლისური ლაბადა
რომელიც მამგვანებს
თითქმის მივიწყებული ქვეყნის
ბებერ ელჩს.
ეს ინგლისური ლაბადა
რომელსაც შემოვატარე
პარკები ძველი ქალაქებისა
სადაც სულის მოსათქმელად ჩავდიოდი.
სწორედ აქ შემხვდი
სევდიანს თუმც კი გარიდებულს
ყველა მებაჟეს და ყველა უხამსს
და ლამაზი უბნების ხორცდახარბებულ ნაგაზებს.
ეს კონტინენტალური ღიმილი
ჩემოდნის მაგივრობას მიწევს
რომელშიც ვჩურთავ ჩემს საგანძურს
რაიც ვინ იცის როდის ვინ მიწილადა.
ეს ინგლისური ლაბადა
რომელიც მამგვანებს
თითქმის მივიწყებული ქვეყნის
ბებერ ელჩს.
ბერნარ მაზო
ხეტიალი
დიდხანს დავეხეტებოდით
მოგონებათა სურნელებში
ცეცხლოვან მზერაში ჩაკარგულები
და ხელისგულზე გვედო
დაუწერელი ბავშვობის
მყიფე სინაზე.
ცხოვრება
უნდა ითქვას
რომ ცხოვრება არც ისე ადვილია
უნდა ითქვას
რომ დილის სიშიშვლეში
საგნების სიმძიმე აუტანელი ხდება
მაგრამ უნდა გააგრძელო
უნდა იყო
სიცოცხლის უკანასკნელ ზღვარამდე.
ალენ დე კასტრი
ნიუ-იორკი ათასსახოვანი ქალაქი
მომხიბვლელი და მომნუსხველი
მყისიერად იმედის გამაცრუებელი
სინათლისა და სიბნელის ქალაქი
შენს ხეშეშ ჭუჭყიან კანში
ჩემი გულის ძგერას ვგრძნობ
ტრანზისტორების ხმაურში
მე ხოტბას ვასხამ შენს სიმხურვალეს
რათა უკეთ გავექცე შენს სიცივეს
განზომილებებიდან განზომილებებში
ავდივარ და ჩამოვდივარ
დასავლეთიდან აღმოსავლეთით
ჩრდილოეთიდან სამხრეთით
მე აღმოვაჩენ ახალ სახეებს
ჩაძინებულ ქუჩებს ოხშივარი ასდის
და ისმის გაღვიძებული ადამიანების ხორხოცი
ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელების
ფერადი მანქანები აღმა-დაღმა დაქრიან
მე მიყვარს შენი ჯოჯოხეთური ხმაური
მძულს შენი რასიზმი
ვაშინგტონ სკვერიდან
ამოიჭრება სიმღერები
წითელი თეთრი შავი ყვითელი
რიტმი ადამიანებს ამეგობრებს
კიდევ უფრო შორს უნდა წახვიდე
მეგობრობა მუდმივი ზეიმი არ არის
ცათამბჯენების წვერით დაღარულ ცაზე
ინტერნაციონალური სიყვარულის თვითმფრინავები დაფრინავენ
ყოველი მხრიდან მოეშურებიან
სამყაროს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ადამიანები
ადამიანური ძმობის მოსაპოვებლად
U.S.A. დაივიწყე ომები და დოლარები
გახსენი გული
და
შენ აღმოაჩენ
ადამიანს
სიცოცხლის უდაბნოში.
ნიუ-იორკი (1969)
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
რიგითი ჯარისკაცობიდან ინტიმურ პოეზიამდე
აჰმად ტაჰა ეგვიპტის თანამედროვე ლიტერატორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა – ადამიანი, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ. თუმცა თავად იგი ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ის 1952 წელს დაიბადა შუბრაში (კაიროს ერთ-ერთი რაიონი). ბავშვობაში “ქუთთაბის” (დაწყებითი სკოლა, სადაც ყურანს ასწავლიან) სკოლა გაიარა, რითაც მყარი საფუძველი ჩაუყარა კლასიკური არაბულის კარგ ცოდნას. შესაძლოა, ამის გამო აირჩია სალიტერატურო ენა თავისი ლექსების ენად მაშინ, როცა თანამედროვე ეგვიპტურ პოეზიაში დიალექტზე წერა მიიჩნევა პრიორიტეტულად. ოცი წლის იყო, როცა მეგობრებთან ერთად “სამოცდაცამეტი წლის” ომში წავიდა. მაშინ მარქსისტიც იყო და ნაციონალისტიც”.
როგორც განათლებულ ჯარისკაცს, ტაჰას ოფიცრობისთვის ამზადებდნენ, თუმცა ის ხედავდა კლასობრივ დაპირისპირებას მაღალჩინოსან სამხედროებსა და რიგითებს შორის. ერთხელ ლექციაც ჩაუტარა უბრალო ჯარისკაცებს და უთხრა მათ, რომ უიაფესნი იყვნენ ამ ომში, რომ კარვებიც კი მათზე ძვირად ფასობდა. ამის გამო ტაჰა ერთი კვირით დაპატიმრებული ჰყავდათ. ასე მოეღო ბოლო მის ნაციონალისტურ იდეას. შედარებით დიდხანს გასტანა მარქსიზმის რწმენამ. თუმცა ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა სამხედროებთან ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდა სრული იმედგაცრუებისთვის.
დემობილიზაციის შემდეგ ტაჰამ უფრო აქტიურად მიჰყო ხელი ლიტერატურულ მოღვაწეობას. მუშაობა დაიწყო ჟურნალში “ალ-ქათიბ” (“მწერალი”). 70-იან წლებში რამდენიმე მეგობართან ერთად საზოგადოება “ალ-ასვათი” (“ხმები”) დააარსა. გამოსცა ლექსთა პირველი კრებული “ნუ დაშორდები ჩემს სახელს” (1981 წელს). ამას მოჰყვა “ალ-ასვათის” ჯგუფთან ერთად შექმნილი ჟურნალი “ალ-ქითაბათუ სსავდა” (“სადა მწერლობა”, რომელიც 1988 წელს გამოვიდა. ტაჰა მასპინძლობდა თითქმის რეგულარულ ლიტერატურულ შეკრებებს თავის ბინაში, კაიროში. უცხოელ ჟურნალისტებს ხშირად აძლევდა ინტერვიუს, რითაც მთავრობის ყურადღება მიიპყრო.
1985 წელს სახელმწიფოს, მემარცხენეების, ისლამისტებისა და “ცრულიბერალთა” მხრიდან გადამწყვეტი თავდასხმა განხორციელდა პოეტზე. მის ბინაზე გამართული ლიტერატურული საღამოები ძირგამომთხრელ, ფეთქებადსაშიშ მოღვაწეობად მიიჩნიეს. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ტაჰა გაათავისუფლეს, მაგრამ მისი წიგნები, ხელნაწერები კონფისკაციის შემდეგ აღარ დაუბრუნებიათ: – “მათ წამართვეს მთელი ჩემი ხსოვნა არაფრის გულისთვის”. ეს დანაკარგი იმდენად დიდი მორალური დარტყმა იყო, რომ პოეტმა წერა შეწყვიტა.
ამ მისთვის ურთულეს პერიოდში ტაჰამ კაიროს ერთ-ერთ კაფეში სიურეალისტი, ფილოსოფოსი ანვარ ქამელი გაიცნო. ეს უკანასკნელი ჯორჯ ჰენაინთან ერთად ოცდაათიან წლებში ეგვიპტური სიურეალისტური დაჯგუფების ლიდერი იყო. აზრთა თუ ასაკის სხვაობის მიუხედავად, ისინი დამეგობრდნენ.
ექს-მარქსისტი პოეტი კაპიტალიზმის ცენტრში გაემგზავრა. შვიდი წელი იცხოვრა ამერიკაში – ლექციებს კითხულობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ასწავლიდა არაბულს. იქ ყოფნამ თითქოს გააახალგაზრდავა ტაჰა, ენერგიით აღავსო ის, მაგრამ რაღაც ძალა ეგვიპტისკენ ექაჩებოდა და 1993 წელს დაბრუნდა კიდეც. მისი თქმით, ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, აუცილებლად დარჩებოდა ამერიკაში, მაგრამ ამ დროისთვის ეგვიპტესთან სხვა ემოცია აკავშირებდა, აქ იყო მისი მეგობრების დიდი ნაწილი. უკვე არც კაიროში უნდოდა ცხოვრება და აღარც ამერიკაში შეეძლო. აშშ-ში ცხოვრებისას დაწერილმა ლექსებმა თავი მოიყარა ტაჰას მეორე კრებულში “მაგიდა 48”.
ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ტაჰა სიამაყით აღნიშნავდა, თუ როგორ შეხვდა და დაუმეგობრდა ებრაელებს. მითქმა-მოთქმა გამწვავდა 1999 წლის ზაფხულში, როცა ის და ჰუდა ჰუსეინი საფრანგეთში ხმელთაშუა ზღვის ლიტერატურულ კონფერენციაზე სხვა ეგვიპტელ პოეტთა მსგავსად იგნორირებას კი არ უკეთებდნენ ისრაელის წარმომადგენლებს, არამედ იდეებიც გაუზიარეს ამირ ორსა და რონი სომექს. თავად ტაჰა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: “დავიბადე რა შუბრაში, ბავშვობა მრავალეროვან, მულტიეთნიკურ გარემოში გავატარე. ჩვენი მეგობრები იყვნენ სომხები, ბერძნები, ებრაელები. ასე რომ, მე არ მაქვს პრობლემა რასასთან და რელიგიასთან”.
ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნებული ტაჰა მიხვდა, რომ მისი თაობის პოეტებმა შეწყვიტეს განვითარება, აღარ სურდათ შეცვლა. ამიტომაც ახალ პროექტზე დაიწყო ფიქრი. გამოსცა ჟურნალი “ალ-ჯარადი” (“კალიები”). მასთან ძირითადად ის მოწინავე ახალგაზრდა ხელოვანები თანამშრომლობდნენ, რომლებიც ანგრევდნენ და არღვევდნენ ტაბუს როგორც ლიტერატურულს, ასევე სექსუალურს. ჰუდა ჰუსეინი, მუჰამედ მეთვალი (ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში), ბაჰაა ავადი, მუჰამედ ლაშინი, მაჰერ საბრი – არც ერთი მათგანი არ მიიღო ლიტერატურულმა ელიტამ. ისინი გარიყულები აღმოჩნდნენ. ახლადგამოცემულ, სტილთა დიფუზიურობით და ანარქიზმით გამორჩეულ ჟურნალს კი შინაარსის გამო “ამერიკული” უწოდეს.
1999 წლის დასაწყისში დევნილი პოეტი პრესტიჟული სახელმწიფო ორგანოს, ჟურნალ “ალ-კაჰირას” (კაირო) რედაქტორი გახდა. ეს ეგვიპტური წიგნის გენერალური ორგანიზაციის (General Egyption book Organization) თავმჯდომარის სამირ სარჰანის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. სარჰანი ხედავდა, რომ ჟურნალის დონემ კატასტროფულად დაიწია და საქმის გამოსწორება ტაჰას მიანდო. ტაჰამ გააკეთა ეს, თუმცა მხოლოდ ხუთი ნომრის გამოცემა მოასწრო. წინ წამოსწია ფემინიზმისა და პოსტკოლონიური ლიტერატურის თემები. ჟურნალი დახურეს. აჰმად ტაჰა, რომლის მოსაზრებებს ვერაფრით შეეგუა ერთ-ერთი გამომცემელი, ისრაელის მოძულე აბუ ოუფი, ამერიკის ჯაშუშად გამოაცხადეს. ეს კონფლიქტი პოლიციაში დასრულდა.
ტაჰა “ალ-ჯარადის” შემდეგ ნომერს მიუბრუნდა, სადაც ასპრეზი ისევ ახალგაზრდებს ეთმობათ. ტაჰა ბევრს მუშაობს ახალგაზრდებთან. “შესაძლოა მათ სიღრმე აკლიათ, მაგრამ გულწრფელნი არიან და იციან, თუ რა ხდება მათ გარშემო”, – აღნიშნავს პოეტი. 1987-1992 წლებში შექმნილი მისი ლექსები გაერთიანდა კრებულში სახელწოდებით “კედლების იმპერია”. ეს გამოცემა, ისევე, როგორც “მაგიდა 48”, თარგმნილია ინგლისურად.
ამჟამად ტაჰა ლექსების მეოთხე კრებულზე მუშაობს.
ნინო დოლიძე
მეთევზე
ვუძღვნი ვაილი-ლ-მაითს
ის ზანგი კაცი სამოცდაათს მიტანებული
იჯდა ტბის პირას შაბათის დილას
ველოსიპედი ედო გვერდით
მაგნიტოფონი
და სულ ცოტა მარიხუანა.
იცოდა კაცმა, ეს იყო მისი უკანასკნელი მშვენიერი დილა ამ ტბაზე
და შემდეგ დილას
წარსდგებოდა იგი მორჩილად უფლის წინაშე
ჯიბეში თავისი ქერა ქალების ალბომი ედო
რომელიც არ დავიწყებოდა, თუმც სიკვდილისთვის ემზადებოდა
ალბომში ყველა სურათი დროის, წუთების მიხედვით ეწყო
რომ ეპასუხა ღმერთის კითხვებზე და დაეფარა დაბნეულობა
ის კაცი ძალიან მაღალი იყო
და იყო მარტოსული
და სწამდა იმ კაცს, რომ სამოთხეში იქნებოდა მისი ადგილი
არა იმიტომ, რომ რამდენიმე დილაა უკვე
რაც სმას მოეშვა
ანდა ქალები მიატოვა სიკვდილის შემდეგ
მარიხუანას ქისაც დაკარგა
დასაფლავების ზედახორაში
არამედ
იმიტომ, რომ ბოლო წამში ალბომის ყდაში
თავისი შიშველი ქალების გვერდით
ქრისტეს სურათის მოთავსება
არ დაავიწყდა.
ამბავი
გადააქვს ერთ მწყემსს მთაგრეხილზე
თავისი კოსმიური საზიდავი
ჩაუჭიდია ხელი უხეში ბაწრისთვის
შორდება იგი ჭრელ ამულეტებს და ჩივილს მტანჯველ ტკივილზე
კეტავს გალავანს არაბესკის
და კეტავს მის მცველს
მცველს ასოების თუ სახელების
ტოვებს თაფლის და ცომის ბურთებს აალებულებს
ტოვებს გზებსა და თავშესაფრებს
ქალებს და კაცებს უთავოებს და უტანოებს
კეტავს მთვლემარეთ და კეტავს მშივრებს
ნაწილებისგან შიშველ სხეულებს
ავადმყოფებს თუ ექსტაზში მყოფთ
უგერგილოებს
აი, ასე…
გრძნობს ახლა მწყემსი ნეტარებას სიტყვებით უთქმელს
და ისვრის ლასოს ქალაქებისკენ
რომლებიც პანიკური შიშით მოცულნი გარბიან სადღაც
მათი ეპოქები ერთმანეთში გადახლართულა
და ეჩეხება გალავნები გალავნებს, კედლები კედლებს:
კაიროსი და მანილის
ხიროსიმისა და ბეირუთის
ბაღდადისა და სანტიაგოსი
იოჰანესბურგისა და თელავივის
სწორედ ამ დროს…
გრძნობს მწყემსი თრობას
და ისვრის ლასოს მეორედ დროის მიმართულებით
დროის, იმ დროის, დედამიწის გულს და კუდს რომ ჰყოფს
და იჭერს ქალს, რომელიც თავისი კაცის სხეულის ნაწილებს
აგროვებს ჭაობის შლამში
ასევე კაცს, რომელიც თავისი ქალის სახელს კრეფს მეხსიერებაში ბი…იმ… თუ…
ამგვარად
აღწევს მწყემსი ორგაზმს
და ეუფლება თავისი კოსმიური საზიდავის ხორცს
და აგდებს მას
დედამიწისგან ძალიან შორს.
“არაბესკა”
დგას არაბესკი, ვით დაბრკოლება ჩვენს და მათ შორის
მალე შთანთქავენ მას ქვემეხები, მაგრამ ლოცვა ისევ აღადგენს
მის ხვრელებს გასწვრივ ერთმანეთს ცვლიან
ხან სიკვდილი და ხან გენერლები:
თავის ქალები
ნახევარმთვარეები
სამშობლოები
საბრძოლო მოწყობილობები
მეორე მხარეს კი თავს იყრიან
მცველები
ბრმები
კეთროვნები და სულელები
ყოველი მათგანი მისკენ მიდის
ყველა სხეული იქ გაიელვებს
ხოლო გული კი თითოეული
იწვება მასში.
უკანასკნელი ცეკვა ანვარ ქამელთან
როგორც ყოველთვის
მომავალშიც შენგან სულ ოდნავ განსხვავებული აზრი მექნება –
ვინ უნდა მოკვდეს უფრო ადრე
მარქსი
თუ ქმარი იმ ქალისა, გვერდით რომ მიწევს
ხაკისფერებში გამოწყობილი გენერალი
თუ გენერალი ჯინსიანი
მაგრამ როს ღამე უკანასკნელ წუთებს დაითვლის
ჩვენ შევთანხმდებით, რომ სუყველა გარდაიცვლება
ჩვენ შევთანხმდებით და ყველაფერს მივუჩენთ ადგილს
მაშინ, როდესაც მომდევნო მიმწუხრს
ამ ცხოვრებიდან შენი ბოლო და სამუდამო გამგზავრების ჟამი დადგება.
© ”არილი”