• ესე,  პორტრეტი,  რეცენზია

    ნინო ხარატიშვილი – ჟუჟა, ჯუჯა თუ სიტყვებს შორის დაკარგული და კვლავ ნაპოვნი აზრი

    ქეთევან მეგრელიშვილი
    Я ничего не хочу, Жужа
    Я словно высохшая лужа,
    И в моём сердце совсем пусто
    И холодно…
    Земфира, «Жужа».
    მოქმედი პირი: გემრიელი ქართული გარეგნობის 27 წლის ქალბატონი, სევდანარევი თვალებით. მახასიათებელი ნიშანი: ხმა, რომელიც ულმობლად, მკაფიოდ და შელამაზების გარეშე ყვება ტკივილსა და მარტოობაზე, შიშსა და ცხოვრების არსის ძიებაზე. სილვია პლატისა და ცვეტაევასებური ემოციათა გაშიშვლება (გრძნობების ანატომია და ზოგჯერ პათანატომიაც). გარემო: თავშეკავებულობისა და ზომიერების დიქტატის ქვეშ გარინდული პუბლიკა, საზოგადოება. მოქმედების ადგილი: გერმანია.
    ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მელანჟია, და ამავე დროს, წარმოუდგენლად რეალური: ეს ნაზავი არის ნინო ხარატიშვილი – გლობალიზაციის ეპოქის შვილი. მოვლენა, რომელიც არა მხოლოდ დიდი პროდუქტიულობით გამოირჩევა, არამედ იმითაც, რომ მასში განსხვავებული საწყისები იყრის თავს. დიონისური (ქართული) წარმომავლობის მატარებელი გოგონა აპოლონურ (გერმანულ) გარემოში ყალიბდება ლიტერატორად. Eეს მოცემულობა კი უკვე თავისთავად ხელსაყრელია: განა ამ სიწყისთა სიმბიოზი არ არის ლიტრატურისა და ხელოვნების არსი?
    ნინო ხარატიშვილის მოღვაწეობის დიაპაზონი ფართოა: იგი დრამატურგიცაა, რეჟისორიც და აგერ უკვე რომანისტიც. 2010 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „ჟუჟა“. თეატრის კრიტიკოსები ნინოს გერმანული თეატრალური სამყაროს ერთ-ერთ დიდ იმედად მოიაზრებენ. ნინოს დებიუტს პროზაში კი გერმანიის ისეთი სერიოზული პრესა აშუქებს, როგორიცაა ცაიტი, ზიუდდოიჩე ცაიტუნგი, ფრანქფურტერ რუნდშაუ… ჰამბურგში მოღვაწე ქართველი დრამატურგი 2010 წელს ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის 2010 წლის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს ფრანგ-გერმანელი პოეტის სახელობის პრემია გამოარჩევს არა-გერმანელ მოღვაწეთა წვლილს გერმანულ ლიტერატურაში. 2008 წელს კი ნინო ორგზის დაჯილდოვდა: მისმა პიესამ „ლივ შტაინი“ ჰაიდელბერგის შტიუკემარკტის მთავარი საავტორო პრიზი მიიღო, ხოლო ნინოს მიერ ინსცენირებულმა მისავე „აგონიამ“ არატრადიციული, გამორჩეული დადგმისათვის როლფ-მარესის პრიზი დაიმსახურა. შთამბეჭდავი ჩამონათვალია, დამეთანხმებით.Aამ ყოველივეს ნინო ხარატიშვილის პიესებისა და ინსცენირებების სიას თუ დავურთავთ, თამამად შეგვიძლია ახალგაზრდაQქალბატონის შემოქმედებითი სვლა სამი სიტყვით მოვხაზოთ: veni, vidi, vici.
    2003 წლიდან გერმანიაში დამკვიდრებული დრამატურგის შესახებ პირველად 2009 წელს შევიტყვე. მაშინ, როდესაც ნინო ხარატიშვილმა Hჰაიდელბერგში დიდი წარმატებით „ლივ შტაინი“ დადგა. Pპიესა ცნობილი კონცერტმეისტერი ქალის ცხოვრებაში გათამაშებულ დრამაზე მოგვითხრობს. სახელი ლივ შტაინი თავად დიქოტომიაა (ლივ –live, Stein – გერმ. ქვა), რომელშიც ცხოვრებისეული ენერგიის დინამიკა და არაორგანული მატერიის სტატიკა ებრძვის ერთმანეთს. უშედეგოა მისი სწრაფვა დანაკარგის გარეშე შეათავსოს ოცნება და რეალობა, კარიერა და პირადი ცხოვრება. ნიჭიერი, ოდესღაც სიცოცხლით სავსე ლივი ცხოვრების მიწურულს გაქვავებული, ხისტი და მარტოხელა არსება ხდება. „ლივ შტაინ“-ის ნახვისას აუცილებლად მოგაგონდებათ ელფრიდე იელინეკის რომანი „პიანისტი ქალი“. ნინოს პიესა კი დასავლეთ-ევროპული ფემინისტური ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებს. გარემოსთან, ცხოვრებასთან და ბოლოს საკუთარ თავთან გაუცხოებული ადამიანის თემა ლეიტმოტივად გასდევს ნინო ხარატიშვილის შემოQქმედებას.
    ვარიაციები ამ თემაზე მის სადებიუტო რომანშიც მრავლადაა.
    წიგნი „ჟუჟას“ დანახვისთანავე წითელი ნათურა იწყებს ციმციმს: ვარდისPფერი გარეკანი – ქალთა რომანი.Dდა თუ რომელიმე გერმანელი მკითხველი ჩემსავით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ სათაური „ჟუჟა“ (გერმანულად Dგაუგებარი ბგერათა თავყრილობა) მომღერალ ზემფირას სიმღერიდან მოსული, ერთობ არახელსაყრელად ტრანსლიტერირებული ციტატაა (და არაფერი საერთო არ აქვს ქართულ “ჯუჯასთან“), იქვე რომანის თემასაც გამოიცნობს: Жужа სიმღერაში высохшая лужа-ს ერითმება, ეს ცარიელი გუბე კი როგორც მომღერლის, ასევე რომანში მოქმედი ათამდე ქალის სულიერ მდგომარეობას ასახავს.M„მარტოსულ ქალთა გამყინვარების ხანა“ – ასე ასათაურებს ცაიტის კრიტიკოსი ინგე კუტნერი რომანის რეცენზიას. ფრანქფურტერ რუნდშაუში კი „ჟუჟას“A„ახალგაზრდა სარეს ვნებანი“ ეწოდა. გოეთეს ახალგაზრდა ვერთერთან ნაწარმოების მთავარ ხაზს მივყავართ. Nნინო ხარატიშვილი თავის ნაწარმოებში რეალურად არსებული ტექსტისა და ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლის მიხედვითაც 40-იანი წლების მიწურულს პარიზში 17 წლის გოგონამ, დანიელა სერერამ (რომანში მას ჟან სარე ჰქვია), თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება, შთამომავლობას კი აპოკალიპტურ-მითოლოგიური ხატებით სავსე ჩანაწერები დაუტოვა. სერერას დღიური ულმობელ, ამაო სამყაროსთან უაზრო ბრძოლის მანიფესტად იქცა. გოეთეს ვერთერის მსგავსად ამ ხელნაწერთა გამოცემას თვითმკვლელობების ტალღა მოჰყოლია. ერთი განსხვავებით: სერერა-სარეს მსხვერპლნი ქალები იყვნენ. სინამდვილეში, ისევე როგორც ხარატიშვილის რომანში, არ არის ცხადი, მართლა არსებობდა კი ეს მითად ქცეული თინეიჯერი, თუ ეს ჩანაწერები გამომცემლის ფრედერიკ ტრისტანის (რომანში – პატრის დიუშამპის) ოსიანური ხუმრობა იყო.
    ამ ბოლომდე ამოუცნობ საიდუმლოს ირონიული ქვეტექსტი აქვს: განა შესაძლებელია კაცის ხელით დაწერილ ტექსტთან და შექმნილ სახესთან ქალებმა იმდენად გააიგივონ თავი, რომ ამას ემსხვერპლონ კიდეც?
    მიუხედავად იმისა, რომ რომანი სამყაროს ორ დაპირისპირებულ ბანაკად – ქალებად და კაცებად – დაყოფის ტოპოსზეა აგებული, ხოლო ეროსი და თანატოსი ხარატიშვილის რომანში განუყრელი თანამგზავრები არიან, მისი მხოლოდ გენდერული კუთხით წაკითხვა არ იქნება მართებული. უკვე სიუჟეტის არჩევით ნინო ხარატიშვილი ისეთ პოეტოლოგიურ კითხვებს ეჭიდება, როგორიცაა ტექსტის ავთენტურობა, ლიტერატურის ზემოქმედების ძალა.
    ამ რთული და მრავალწახნაგოვანი თემების დაძლევას დებიუტანტი რომანისტი არანაკლებ რთულად კონსტრუირებული ტექსტით ცდილობს. ავტორი 80 ქვეთავში ეპიზოდურად მოგვითხრობს სხვა და სხვა დროსა და სივრცეში გათამაშებულ ქალთა ტრაგედიებზე. დიდი ხნის მანძილზე მკითხველს გაუჭირდება იმის გაგება, თუ რა კავშირში არიან ერთმანეთთან მაგალითად ლამაზმანი სტუდენტი Oოლგა, რომელიც 1986 წელს სარეს მსგავსად სუიციდით დაასრულებს სიცოცხლეს, და 2004 წელს პარიზში ჩამოსული Qქალბატონი, რომელიც პირად ტრაგედიას გამოქცევია სიდნეიდან და ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში სარეს წიგნს გადააწყდება. რა დატვირთვა აქვს ძმად-წოდებულ ახალგაზრდა ჰომოფობ სტუდენტს 1968 წლის რევოლიციურ პარიზის ფონზე და ვინ არისAAაპიდაპი? ნინო ხარატიშვილი პირველ რიგში მაინც დრამატურგია, ვიდრე მთხრობელი და თხრობის ერთობ პათეტიკური სტილი ხელს უშლის მკითხველს გაიზიაროს ამ მრავალრიცხოვანი ფიგურების შინაგანი განცდები. მით უფრო ხმამაღალია სიხარულის ყიჟინა, როდესაც 300 გვერდიანი რომანის დაახლოებით ასმესამოცე გვერდზე დროსა და სივრცეში მიმობნეული ისტორიები სარეს წიგნის ავთენტურობის საკითხის გარშემო ერთიანდებიან. ვინ ან რა იყო ჟან სარე, რომლის პირდაპირი ან ირიბი მსხვერპლია Qწიგნის თითქმის ყველა გმირი?
    ამ შეკითხვის გასარკვევად ავტორი ჰოლანდიელ ახალგაზრდა მკვლევარ Qქალბატონს აგზავნის პარიზში, ვნებათაღელვის ეპიცენტრში. ლაურა ერთ-ერთი პირველია, ვინც ანალიტიკურად მიუდგება სარეს ფენომენს: ჟან სარე მხოლოდ და მხოლოდ მითია. დეფინირებული მოვლენა კი თავის მაგიურ ძალას კარგავს.
    მკვლევართან ერთად, ვფიქრობ, რომანის ავტორიც მითების დეკონსტრუქციას და განიარაღებას ახდენს. Eეს კი საქართველოში დაბადებული ადამიანის ნამდვილი წარმატებაა. ამ გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათაურიცა და წიგნის გაფორმებაც თამაშის ნაწილია, რომელშიც ნინო მკითხველს იწვევს: ვარდისფერი გარეკანიც მორიგი კლიშე და მითია.
    რა ზეგავლენას ახდენს „ჟუჟა“ მკითხველზე? შეკითხვა მართებულია, პასუხი – ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური:AQდიდი დოზით ქალების ოხვრა-გოდებით, ეგზისტენციალისტურ-ნიჰილისტური განცხადებებით დამძიმებული მკითხველი უეჭველად გადააფასებს ცხოვრებას და უმნიშვნელო წვრილმანიც კი მას დიდ, სასიამოვნო აღმოჩენად მოევლნება.
    და ბოლოს, სიამოვნებით დავესესხები ნინო ხარატიშვილი რომანის გმირს, მკვლევარ Qქალბატონ ლაურას: „მართალია ჩვენი არსებობა სავსეა დანაკარგებით, მაგრამ სადღაც ამ უსასრულო დანაკარგებს შორის არის ცხოვრება.“
    კარგია, როდესაც ლიტერატურა ამას გვახსენებს.
    პიესები და ინსცენირებები:
    2006 – „Z“, ჰამბურგი, თეატრი თალია.
    2007 – სადიპლომო დადგმა: „ჩემი და შენი გული -– მედეა“. ჰამბურგი, თეატრი Kკამპნაგელი.
    2007 – „Le petit Maitre“, კასელის სახელმწიფო თეატრი,Dრეჟისორი იეტე შტეკელი.
    2007 – „აგონია“, ავტორსეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი
    2008 – „დაღლილი ადამიანები – ერთ სივრცეში“ – ავტორისეული დადგმა. HHH ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
    2008 – „ზელმა“, დამდგმელი რეჟისორი: ნინა მათენკლოთცი.
    2009 – „ლივ სტაინი“, ავტორისეული დადგმა. ქალაქ ჰაიდელბერგის თეატრი.
    2009 – „ალჟირი“, ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
    2009 – „ჯორჯია“, ვენაში გამართული ავტორთა ფესტივალი: დრამატული თხრობა დღეს. Dდამდგმელი რეჟისორი: ჰანან იშაი.
    2010 – „რისხვა“, დამდგმელი რეჟისორი: ფელიქს როთენჰოისლერი. გიოტინგენი, გერმანული თეატრი.
    2010 – „Radio Universe“, დამდგმელი რეჟისორი: ნინა მათენკლოთცი. Hჰამბურგი, თეატრი Kკამპნაგელი.
    2010 – „ჩემი უსაშინლესი ბედნიერებისQწელიწადი“, ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – ზურაბ ლეჟავა

    თეონა დოლენჯაშვილი
    საქართველოში მწერლებს რაღაც სხვა საშუალებებით იცნობენ და არა თავიანთი მწერლობით

    – ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ. პატიმრობა. საბჭოთა ციხე, რაც ბევრი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიად ქცეულა. წერაც ციხეში დაიწყეთ?
    – წერა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავიწყე. ციხეში შეიძლება ეს სურვილი გამძაფრდა და განვითარდა. ვწერდი და რასაც ვწერდი, საქართველოში რის ვაი ვაგლახით ვაგზავნიდი, ჩვენ გვეკრძალებოდა ქართული ტექსტების გამოგზავნა და არალეგალურად მიხდებოდა გამოპარება. ერთი-ორი ცალი გამოქვეყნდა და დაიბეჭდა “ლიტერატურულ საქართველოში.” ერქვა “ვანია კნუროვი.” მერე ამ მოთხრობის დაბეჭდვას მოყვა გამოხმაურებები, სტატიები.. დაიბეჭდა თამაზ წივწივაძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ჯიბსონ ხუნდაძის წერილები. მაშინ თამაზ წივწივაძე მოდური კრიტიკოსი იყო, მის სიტყვას ფასი ჰქონდა. წივწივაძე წერდა რომ ამ კაცს არ ვიცნობ და მისი აქამდე არც არაფერი წამიკითხავს, მაგრამ თუ რამ მესმის და გამიგება, ამ ერთი მოთხრობითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ძალიან სერიოზული მწერალიაო. მანვე დაუწერა “ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს” და თხოვა, გამოვუშვათ და ჩამოვიყვანოთ საქართველოშიო. ჩამომიყვანეს საქართველოში. მაშინ შეწყალების კომიტეტის თავმჯდომარე იყო რისმაგ გორდეზიანი და სწორედ რისმაგ გორდეზიანის და მწერლების ძალისხმევით მოხდა ჩემი შეწყალება კანონის გვერდის ავლით.
    – ძალიან მომწონს თქვენი ხის პატარა ქანდაკებები. პატიმრობაში ყოფნისას რამდენიმე რამდენიმე ხელოვნებათმცოდნემ “რაფაელ ზა რეშოტკოი” გიწოდათ.
    – პატიმრობის პერიოდში თვითნაკეთი ნამუშევრების რამდენიმე გამოფენა მოეწყო კიევში, მე მქონდა ქანდაკებები და გობელენები ვინიცაში. ასევე უკრაინელი პატიმრების ექსპოზიცია წაიღეს სლავიანსკი ბაზარზე. ამ ექსპოზიციას მოყვა გამოხმაურებები და რეცენზიები. რაღაც სტატია დაიბეჭდა “კამსამოლსკაია პრავდაში”, სადაც წერდნენ, რომ რაც კი რამ ვნახეთ, სლავიანსკი ბაზარზე ყველაზე მაგარი უკრაინის პატიმრების ექსპოზიცია იყო და ვიღაც ლეჟავა ჰყოლიათ იქ და ის იყო ყველაზე საოცარიო. თბილისშიც მქონდა გამოფენა “ცისფერ გალერეასა” და “ვერნისაჟში”.
    – თქვენი მოთხრობა “მილიონი ბედნიერება” გამახსენდა, სადაც ქანდაკებები ცოცხლდებიან, თავს ესხმიან ადამიანებს, მაგრამ ვერ ერევიან. რადგან ადამიანები იოლად იცვლიან სამოსს, ტყავს, ხორცს, ან მათ გარეშეც მშვენივრად არსებობენ. ზოგიერთი ადამიანი ქანდაკებაზე უსულოა? საერთოდ, როგორ იღებს მკითხველი ამ თქვენს მწარე ლიტერატურულ სიმართლეს?
    – შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი პროზა. სხვადასხვა მიზეზთა გამო. პირველი, ის რომ ვერ გაიგონ რაშია საქმე. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა დაინახონ საკუთარი თავი, ამოიცნობენ იქ რაღაც საკუთარი, მშობლიური და ამან გააღიზიანოთ. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ მყოლია თურმე ფანები. რაღაც ჯგუფიც კი ყოფილა ამ ფანების. გავიცანი რამდენიმე. საინტერესო ახალგაზრდები არიან.
    – როგორია თქვენი მკითხველი?
    – არ მინდა შეურაცხყოფა ვინმეს, მაგრამ მე მახსენდებიან ქალბატონები, რომლებიც ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიზე ისხდნენ და ყიდდნენ ქაფშიას. ხელზე ჩამოცმული ჰქონდათ ცელოფნის პარკები და როდესაც მყიდველი მოდიოდა ამ პარკებით მეორე პარკში ყრიდნენ თევზს. აკეთებდნენ ამას ძალიან სწრაფად და ოსტატურად, რადგან მყიდველი თითქოს ჩანდა. ხოლო თავისუფალ დროს კითხულობდნენ გაზეთში დაბეჭდილ რაღაც დიალოგს დიეგოსა და მარიას შორის. თურმე არსებობს ასეთი გაზეთები, სადაც წინა დღით ნაჩვენები ლათინურ ამერიკული სერიალები იბეჭდება. მოკლედ, ამ ქალებს კასრზე ედოთ გაზეთი და ქაფშიას გაყიდვისგან თავისუფალ დროს, ხან ერთი კითხულობდა მას, ხან მეორე. რა თქმა უნდა, ასეთი მკითხველისთვის ჩემი ნაწარმოებები არ არის. ასეთი ადამიანები არიან საქართველოშიც და არიან, დავუშვათ, ბრაზილიაშიც, მაგრამ იგივე საქართველოშიც და ბრაზილიაშიც არიან სერიოზული მკითხველები და ვფიქრობ რომ ჩემი ნაწარმოებები სწორედ სერიოზული მკითხველისთვისაა განკუთვნილი და არა ქაფშიას გამყიდველი ქალებისთვის.
    – ყველაფრის მიუხედავად, თქვენ დღეს დაუფასებელი მწერალი ხართ. ქართული პროზის მეინსტრიმში, ეგრეთ წოდებულ ელიტაში ვერ მოხვდით. რატომ მოხდა ასე?
    – იმიტომ მოხდა, რომ საქართველოში მწერლებს მაინც უფრო მეტად სხვა საშუალებებით იცნობენ და არა თავიანთი მწერლობით. არა წიგნებით, არამედ სხვა რაღაცეებით. რა შეიძლება იგულესხმებოდეს ამ სხვა რაღაცაში. მაგალითად, იცნობენ თუნდაც იმით, რომ ვიღაცის შვილები არიან, რაღაც კასტურია მწერლობა ჩვენთან. მხატვრობაც, სხვათა შორის. იცნობენ თავიანთი ხშირი გამოსვლებით ტელეშოუებში, რომელსაც საერთოდ არ აქვთ კავშირი ლიტერატურასთან. ეს ტელეშოუები არის ან პოლიტიკური ან საერთოდ რაღაც განყენებულ თემებზე, ვთქვათ იმაზე, უნდა ისწავლებოდეს თუ არა რაღაც საგანი სკოლაში. ამ გამოკითხვებშიც ტრიალებს ერთი და იგივე ხალხი. იგივე ხალხი ამზადებენ კერძებს დილის გადაცემებში. მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ცუდია მაგრამ, აქამდე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ მკითხველმა მწერალი, პირველ რიგში, მისი წიგნით უნდა გაიცნოს და არა, ვთქვათ, ტელეეკრანიდან, მზარეულის ქუდში გამოწყობილი როდესაც რაღაც კერძს ამზადებს მანუელთან.
    – თქვენს ტექსტებში ძალიან უცნაური ფანტასტმაგორიული სახეები გვხვდება. თუნდაც, “იყიდეთ თქვენი სულებიდან” ბანჯგვლაეთერო, ზარზღა… თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ რეალური ცხოვრებიდან გყავთ ბევრი მათგანი გადმოყვანილი.
    – რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ბევრი რეალურია. მაგალითად, მანდ არის ერთი პერსონაჟი როტვეილერ სიფათა პაშა, ეს არის ციხის ზედამხედველი, რომელიც დერეფანში დადის, რომელიც ნაგვის პლასტმასის ურნით თამაშობს ფეხბურთს, იგინება და ასე შემდეგ. ასეთი იყო პიროვნება რეალურად არსებობდა. ზოგიერთი პერსონაჟის სახეში რამდენიმე ადამიანის ცალკეული თვისებებია მოქცეული. ნაწილობრივ ცხოვრებიდან აღებული და ნაწილობრივ ფანტაზიის ნაყოფი.
    – ბოლო პერიოდში თქვენთან საინტერესო მოვლენები მოხდა. აიღეთ ლიტერატურული პრემია “გალა”. ახლახანს კი თქვენი მოთხრობა ევროპის საუკეთესო მოთხრობათა კრებულში შევიდა.
    – ასეთი რაღაცეები ნამდვილად იქცევა ხოლმე ახალი ენერგიის წყაროდ. მაგრამ მე არ ვემსგავსები ოქროსმაძიებელს, რომელიც ოქროს აღმოაჩენს, გახარებული ყვირის და თავზე იყრის ზოდებს. აღატაცების ყიჟინა არ აღმომხდება, როდესაც რაღაც წარმატებას მივაღწევ. უბრალოდ, ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კარგი და სასიამოვნოა.
    – თქვენს ქანდაკებებთან ერთად მშრალ ხიდზე დგახართ. რატომ არ უნდა შეეძლოს კარგ მწერალს ლიტერატურით თავის რჩენა?
    – ეს ალბათ უფრო ისეთ მწერლებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას ბიზნესად აქცევენ. და ამით დიდძალ ფულს აკეთებენ. ეგრეთ წოდებული ლიტერატურული ბიზნესმენები, ასეთები ბევრნი არიან საზღვარგარეთ, მაგრამ ალბათ არც ისე ბევრნი, რომ მათ რიცხვში ადვილი იყოს მოხვედრა. ჩვენ გვყავს ისეთი მწერლები, რომლებიც ტოლს არ დაუდებენ უცხოელებს. მთავარია მოხდეს გარღვევა და გავიტანოთ ჩვენი ლიტერატურა.
    – ერთ ერთ რეცენზიაში “ლიტერატურის ფიროსმანი” გიწოდეს. როგორ იღებთ ასეთ შეფასებებს?
    – ცოტა ხნის წინ დამისვეს ეს კითხვა ფიროსმანთან დაკავშირებით და მე მასზე ღიმილით ვუპასუხე, რომ მე პირადად ასეთი შეფასებების წინააღმდეგი არ ვარ.
    კმაყოფილი ხართ იმით, რაც აქამდე დააგროვეთ?
    – ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. იმაზე მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, რაც უკვე გაკეთებულია. ვერავინ იტყვის, რომ მეტი არ შეუძლია. თუმცა მთავარი ის შედეგია, რომელიც სახეზეა და თუ ვიმსჯელებთ ამ შედეგების მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ ის დამაკმაყოფილებელია და ცოტა მეტიც.
    – ახლახანს საგურამოში ლიტერატურული კონკურსი “პენ მარათონი” ჩატარდა, სადაც ერთად მივიღეთ მონაწილეობა. ბევრი ჩვენი კოლეგა მიიჩნევს, რომ ეს მაინც თამაშია და მსგავსი ტიპის კონკურსებს სერიოზულად არ ეკიდება.
    – მე პირდაპირ ვიტყვი რომ ასეთი დამოკიდებულება პენ მარათონის დარი ღონისძიებების მიმართ მცდარია, თუ ვინმე თვლის, რომ ეს არის არასერიოზული, რაღაც გოგო-ბიჭური, რომელიც არ ეკადრება მათ ვთქვათ, მათ ლიტერატურულ სიდიადეს, არ არის სწორი. ასეთი ღონისძიებები ძალიან კარგია. პირველ რიგში, ერთმანეთის გასაცნობად. პენ მარათონის ორგანიზატორები მწერლებს უწყობენ პატარა გასეირნებებს სხვადასხვა ფერწერულ და ისტორიულ ადგილებში, მწერლებს ეძლევათ საშუალება წავიდნენ, დაწერონ თუ ეწერებათ, დაისვენონ, გაიცნონ ერთმანეთი, დაილაპარაკონ. ხშირად სუფრასთანაც. გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი გონებრივი სისხარტის გამომუშავების მშვენიერი საშუალება. სამჯერ მივიღე მონაწილეობდა და სამჯერვე კარგი მოთხრობები დავწერე. პირველი ორი მოხვდა პენ მარათონის კრებულებში, მესამე კი რაც ახლა დავწერე სრულიად განსხვავებულია იმათგან, რაც აქამდე ოდესმე დამიწერია და მე მგონი ბევრს გააკვირვებს.
    – წერით როგორ წერთ? ჯერ არსებობს რაღაც იდეა, ჩონჩხი და მერე ასხამთ ხორცს?
    – სხვადასხვააირად ხდება. ზოგჯერ არსებობს ჩონჩხი. მაგრამ როდესაც გგონია რომ ეს არის ჩონჩხი და იწყებ ხორცშესხმას ამ ჩონჩხისა, მოულოდნელად აღმოჩნდება რომ პირიქით ხდება, ანუ ხორცს კი არ ასხამ ამ ჩონჩხზე, არამეს ჩონჩხს ასხამ ხორცზე. ეს შამფურზე მწვადის აგებას ჰგავს,. შამფურს უყრი მწვადში, თუ ხორცს ასხამ ამ შამფურზე, ცოტა ძნელი დასადგენია. მთავარია შედეგი და ის თუ როგორი გემრიელი გამოვა მწვადი.
    – რა ხდება როდესაც წერთ. მწერლობისთვის ყველას თავის მიზეზები აქვს. თქვენ რატომ წერთ?
    – შეიძლება ითქვას, რომ წერის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. ზოგჯერ ეს პროცესი ტკივილსაც მაყენებს, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით ეს ტკივილიც ერთგავარი სიამოვნებაა. მინახავს ადამიანი, რომელსაც მთელი სხეული ნაიარევებით ჰქონდა სავსე, სხეულზე ჰქონდა უამრავი ჭრილობა. ეს კაცი ხშირად ვარდებოდა ისტერიკაში და უსაფრთხო სამართებლის პირით ისერავდა სხეულს, ხელებს, ფეხებს, მუცელს, სხეულს. მიკვირდა, რატომ აკეთებდა ეს კაცი ამას, რატომ აყენებდა საკუთარ თავს ტკივილს, როდესაც არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. რა ხდებოდა ამ დროს. მერე სადღაც ამოვიკითხე, რომ თურმე აადამიანი ტკივილისას გამოყოფს ერთგვარ რთულ ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკივით ესალბუნება მას. როგორც შიშის დროს ადრენალიანი, ტკივილისას რაღაც სხვა. ეს კაცის იყო ერთგვარი ნარკომანი და საკუთარი მტკივნეული გრძნობების მონა. რომელიც ჯერ ტკივილს აყენებდა საკუთარ თავს და მერე უკვე თვითონაც არ ესმოდა როგორ აღმოჩნდებოდა ერთგვარი ნარკოტიკური თრობის ქვეშ, იმ ნარკოტიკისა რომელიც მისი გაუბედურებული და დასისხლიანებული სხეული გამოყოფდა. წერის პროცესშიც რაღაც მსგავსს აქვს ადგილი. არის როდესაც წერ არის როცა გსიამოვნებს და არის ის რაღაც არასასიამოვნოც. მაგრამ ის ამავე დროს, ავტომატურად ხდება სასიამოვნო.
    – ბოლო და, როგორც იტყვიან, ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ – რაზე მუშაობთ ახლა? შეიძლება შეიცვალოს თქვენი ნაწარმოებების სტილი, მოცულობა, თემატიკა? რას უნდა ველოდოთ ახალს ზურაბ ლეჟავასგან?
    – ყველაფერი რაც იქმნება, აღებულია ცხოვრებიდან, და აღარაფერი არ არის ახალი. თუკი ვიღაცას ჰგონია, რომ რაღაც ახლა სწორედ მას მოუვიდა თავში, ცდება. ყველაფერი ეს დიდი ხნის წინ უკვე იყო და დაიწერა. როგორც დისკი, რომელიც ტრიალებს და უბრუნდება საწყის თემას, ასევეა შემოქმედებაც. ყველაფერი ახალი არის ძველი და არაფერი არ არის ახალი. მხოლოდ მივიწყებულია და მას განახლება სჭირდება. თუკი ადამიანი მაინც იფიქრებს, რომ დამოუკიდებლად რაღაცას ქმნის, ის წყაროები რომ გამოაცალო, რომელზეც მიერთებულია, ის არხები, საიდანაც ეს შემოქმედება გამოდის, დაემსგავსება აი ამ დიქტაფონს, რომელსაც გამოვაცლით ელემენტებს. რაც შეეხება მოცულობას, არ მინდა რაღაც ზომებში მოვაქციო ჩემი ტექსტები. ან დავისახო ასეთი მიზანი, რომ უნდა დავწერო რომანი. მე ვწერ ტექსტებს და თუ საჭიროებას ითხოვს არის შედარებით დიდი ტექსტები. რომანის მოცულობის არცეღთი არა რის გარდა აერთისა “იყიდეთ ჩვენი სულები” რომელსაც დავარქვი რომანი-ბალადა, რომელიც თავისი მოცულობით დ ფორმით მაინც არ არის და არც არის საჭირო იყოს რომანი, მთავარია იყო კარგი და საინტერესო. ძნელი საწინასწარმეტყველებელია. რა მოხდება მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთ მიმართულებას და ერთ კონცეფციას დაემორჩილება ჩემი ნაწარმოებები და ჯერჯერობით გეზის შეცვლას არ ვგეგმავ.
    © Weekend
  • AUDIO,  პორტრეტი

    მალხაზ ხარბედია – აკაკი – 170

    2010 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია। ზაფხულში დიდი ქართველი პოეტის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა।
    მის ბიოგრაფიაზე საუბარს ჩვენს მცირეფორმატიან გადაცემაში მემგონი აზრი არა აქვს. ისედაც ყველამ კარგად იცის მისი დაბადების ადგილი და მემგონი ჯერ-ჯერობით არც იმ სოფლის სახელი დაგვვიწყნია, სადაც მან ფეხი აიდგა და ბავშვობა გაატარა. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინაც ზეპირად არ იცოდეს მისი ბიოგრაფიის პირველი აბზაცები, კინოფილმიდან მაინც ეხსომება რაღაცეები. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ არც ერთ ქართველ პოეტს არ რგებია ხალხის ისეთი სიყვარული, როგორც მას, იგი ნამდვილი სახალხო პოეტი იყო, ვის სიმღერებსაც, ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ხალხი მღეროდა.
    აკაკის ქნარი ყველა თაობას უყვარდა, ყველა გულში იკრავდა. მას არ შეხებია გადაფასების მწარე ხელი, რომელსაც ხშირად დავიწყებაც მოსდევს ხოლმე შედეგად. ეს შეუძლებელი იყო მომხდარიყო და ალბათ არც მოხდება, იმდენად კამკამაა მისი აზრი და სიტყვა, იმდენად ნამდვილია მისი ლექსი და განუმეორებელია ამ ლექსის მუსიკალობა. გალაკტიონმაც ხომ აკაკისთან აიდგა ფეხი.
    ეს ტრადიცია დღემდე ცოცხალია, უახლესი თაობის ქართველი პოეტებიც ძალიან აფასებენ აკაკის, თავისებურად ხედავენ მას, თავისებურად კითხულობენ. ეს იმედს მაძლევს, რომ სულ მალე, იქნებ აკაკის წაკითხვების ისტორიასაც ეშველოს რამე (ეს მხოლოდ აკაკის არ ეხება, არამედ ყველა დიდ ქართველ მწერალს).
    მაგალითად, ახალგაზრდა პოეტ, პაატა შამუგიასთვის აკაკი რუსთაველის ნამდვილი მემკვიდრეა:
    “ახალი არაფერი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ აკაკი იყო რეფორმატორი, ენის თვალსაზრისით, მან მართლა სერიოზული რეფორმა მოახდინა და ამ მხრივ ენათესავება იგი რუსთაველს და მე მგონია, რომ აკაკი წერეთელი პირველი მემკვიდრე იყო რუსთაველისა, მემკვიდრე და არა კლონი, რომელიც მას ეხვია 6 საუკუნის განმავლობაში. სხვა მსგავსებაც აქვს რუსთაველთან, რუსთაველი იყო პირველი მაღალი კლასის წარმომადგენელი, რომელმაც “პროლეტარული” ენით დაწერა ლექსი, ასევე იყო აკაკი წერეთელიც, უზარმაზარი წყვეტის შემდეგ… იგი ასევე მაღალი სოციალური წრის წარმოამდგენელი იყო, თავადი, რომელმაც დაწერა მუშური ენით, მუშათა კლასის ენით. მას აქვს კიდეც ასეთი ლექსები, რომლებსაც ასეც ჰქვია: მუშურები. მართალია კონკრეტულად ეს ლექსები ვერ დაიკვხნიან მაინცდამაინც დიდი ღირებულებით, მაგრამ ბიოგრაფიისთვის საინტერესოა”.
    აკაკი პოეტის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, ვინ იცის, იქნებ სიტყვა მგოსანიც სწორედ აკაკის გამო დამკვიდრდა ქართულ ენაში?! ალბათ ამიტომაა, რომ როცა სიტყვა მგოსნით რომელიმე სხვა პოეტს უხმობენ, ყოველთვის მეცინება ხოლმე. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ეს სიტყვა მხოლოდ აკაკის მიემართება:
    “ზოგადად დამოკიდებულებაც აკაკისა ბუნებრივი იყო, განსხვავებით ილიასგან. მაგალითად, ორივეს ლექსი რომ შევადაროთ, ილიას “პოეტი” და აკაკის “პოეტი”, ვნახავთ, რომ სოციალური და თუნდაც შემოქმედებითი პროგრამა მათ აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. ილია, მიუხედავად იმისა, რომ შეაკვდა არისტოკრატებს, მაინც არისტოკრატად დარჩა: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის…”, ანუ იგი რაღაც შუამავლად წარმოიდგენდა თავს ცასა და მიწას შორის, ერსა და ბერს შორის. აკაკი პირიქით: “ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი…”, ანუ ყველაზე მიწიერი პოეტი იყო, ყველაზე ადამიანური. ის, რაც, ვთქვათ, უიტმენმა გააკეთა ამერიკაში, ანუ პოეზიის გაადამიანურება მოახდინა, ზუსტად ასე იყო აკაკი, მანაც პოეზიის გაადამიანურება მოახდინა. დაწერა ადამიანური ლექსები ადამიანებზე, ადამიანურ გასაჭირზე”.
    აკაკი გარეგნობითაც ჰგავდა უიტმენს, იმდენად, რომ რომელიმე გამომცემლობას შეიძლება აერიოს კიდეც და ყდაზე აკაკის ნაცვლად ამერიკელი პოეტის ფოტო დაბეჭდოს (ამ ტიპის შემთხვევა უკვე იყო ქართულ საგამომცემლო პრაქტიკაში). აკაკის შესამკობლად გამოთქმული სიტყვებიც კარგად გვახსოვს: თმადათოვლილი დიდებული მოხუცი, ოლიმპიური მზერით, ჭაღარა ფაფარი, პოეტის ბიბლიური ფიგურა და სხვ.
    აკაკი არც ერთ საზოგადოებრივ წამოწყებას არ გამოკლებია, იგი იყო “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი და ძალიან აქტიური წევრი, მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების მუშაობაში, თანამშრომლობდა გაზეთებთან, წერდა უმწვავეს წერილებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს საზოგადოებრივად არც ისე აქტიური ჩანდა:
    “ალბათ უფრო თეორიული იყო მისი საზოგადოებრივი აქტიურობა. ერთ-ერთ მოთხრობას გავიხსენებ, “კუდაბზიკეთს”, რომელიც არჩევნებს ეხება და ძალიან ჰგავს, სხვათა შორის, ყველა იმ არჩევნებს, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. როგორ მოქმედებს ბიუროკრატიული მექანიზმი და ა.შ. სიტუაცია ორუელის “ცხოველთა ფერმას” ჰგავს, ეს არის განმანადგურებელი პოლიტიკური სატირა… რწყილების და ტილების არჩევანი… ძალიან საინტერესოა გადმოცემის ფორმითაც, აკაკისთვის უჩვეულო სტილია, თუ არ ვცდები ჟანრულად თავად აკაკიმ განსაზღვრა როგორც “ზღაპრული მოთხრობა”. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი ტექსტი “ბაში-აჩუკი” და “ჩემი თავგადასავალია”. ამის მიუხედავად, მე ვერ ვიტყვი, რომ პროზაში იყო აკაკი აკაკი, აკაკი იყო ლექსებში… თუმცა “ჩემი თავგადასავალი” მემგონი ძალიან კარგი ავტობიოგრაფიული ტექსტია…”
    ცალკე თემაა აკაკის ცხოვრების წესი, ხუმრობა-ოხუნჯობანი და მისი თამამი სკაბრეზული ლექსები:
    “აკაკის ერთ-ერთი “დამსახურებაა” ისიც, რომ მას სკაბრეზულ პოეზიაშიც ჰქონდა წვლილი შეტანილი და იმ დროისთვის სრულიად მოულოდნელი სკაბრეზიც კი აქვს შექმნილი. რა თქმა უნდა, ეს ლექსები არ არის ფართოდ ცნობილი, მაგრამ, შემონახულია სხვადასხვა ლიტერატორის მემუარებში, მოგონებებში. აქ აკაკი საკმაოდ თამამად ბილწსიტყვაობს, იყენებს არანორმატიულ ლექსიკას, ანუ იგი ტიპიური სახალხო მთქმელი იყო, ვინაც მთელი ეს ხალხური “მეთოდები” ბოლომდე გამოიყენა, ამომწურავად”.
    გარდა ამისა აკაკის პირველობა, როგორც პოეტისა, ბევრ სხვა რამესაც გადაედო. მაგალითად, მის შესახებ გადაღებულმა ფილმმა “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” პირველი ქართული კინოფილმის სახელი დაიმკვიდრა, ხოლო მის მიერ წაკითხული “განთიადი” ნამდვილად ღირსია პირველ ქართულ აუდიო-შედევრად იწოდებოდეს.
    © radiotavisupleba.ge
  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    რამზი ნასრი: “მე მინდა, ადამიანებს სათქმელი გავუზიარო”

    გაგა ლომიძე
    წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო: “ღვთაებრივი კომედია”.
    მუსიკა, რომელსაც უნდა მოუსმინო: “ბევრია. მალერის მე-2 და მე-9 სიმფონიები, ქართული პოლიფონიური მუსიკა, შუასაუკუნეების იტალიური მუსიკა.”
    კინო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო: დრეიერის ფილმები.

    წარმატებული მსახიობი, რეჟისორი, პოეტი… მრავალმხრივი ნიჭის გამო, რამზი ნასრის თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რენესანსის ხანის ადამიანი. მით უმეტეს, რომ მისი იერი და მეტყველი თვალები ბრონზინოს დიდებულების პორტრეტებს მაგონებს. ესეც პირველი ასოციაცია.
    მის ლექსებში, რომლებმაც თავიანთი მოცულობით და კომპოზიციით ხშირად პოემები შეიძლება გაგვახსენონ, ირონია და ყოფიერების ტრაგიკულობის შეგრძნება, აბსურდის ესთეტიკა და რომანტიზმი თანაარსებობს; ისევე როგორც თანაარსებობს მის პოეზიაში ორიენტალისტური ჭვრეტა და ევროპული აზროვნებისთვის ნიშანდობლივი თვითგამოხატვა. თუმცა, ამგვარი ცდუნებისკენ მისი წარმომავლობა მიბიძგებს – რამზი ნასრი დედით ჰოლანდიელი და მამით პალესტინელია. ასე რომ, კულტურათა დიალოგი შედგა და რამზი ნასრიც თავის პოეზიაში თითქოს მუდმივად ამაზე მიგვანიშნებს – სოციო-პოლიტიკური თუ კონფესიური ქვეტექსტებით, ფორმალისტური ექსპერიმენტებით თუ პოეზიის გრაფიკული თავისებურებებით…
    ინტერვიუს წინა დღეს იუთიუბზე ვიდეო მასალას ვუყურებდი, სადაც რამზი ნასრი თავის ლექსებს კითხულობდა. იყო ინტერვიუებიც. და ჩემთვის მოულოდნელად წავაწყდი ფრაგმენტს, სადაც ის ლეგენდარული ფლამანდელი პოეტის და მუსიკოსის – ვანეს ვან დე ველდეს სიმღერას ასრულებს. “Stalen Boor” – ასე ქვია სიმღერას, რომლის ქართული თარგმანიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს – “ფოლადის ბურღი”. სულ ერთწუთიანი ფრაგმენტიც არაა და გამაოცა რამზი ნასრის ქარიზმამ, მერე ასოციაციებიც მოჰყვა, განსაკუთრებით ჟაკ ბრელთან, გამახსენდა ბრიუგეც, სევდიანი შელდაც და მოწყენილი ხიდებიც; და ფლანდრიული ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული სიმღერის სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, მასში უფრო მეტი სევდა ამოვიკითხე. მართლაც, როგორც ერთმა ცნობილმა ფილოლოგმა და ტელეწამყვანმა თქვა, ადამიანი, რომელიც ცხოვრებისეულ საზრისზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა, შეუძლებელია მხიარული იყოსო. გუნებაში მეც ვეთანხმები და თან მომდევნო დღისთვის ინტერვიუს კითხვებს ვაყალიბებ.
    რამდენიმე დღით ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ცენტრის ხელმძღვანელის – ინგრიდ დეხრავეს წყალობით, რამზი ნასრის ლექსების დავით ღოლიჯაშვილისეულმა ქართულმა თარგმანებმა მზის სინათლე იხილეს. ინტერვიუს დღეს, მოგვიანებით, სამეფო უბნის თეატრში სწორედ ამ წიგნის – “თაფლის და რძის სახლის” პრეზენტაცია იყო დაგეგმილი.
    მახსოვს, წიგნის მომზადებამდე რამდენიმე თვით ადრე, ინგრიდ დეხრავემ მკითხა, როგორი იქნებოდა “მამულის პოეტის” (Dichter des Vaderlands) ქართული ანალოგი. მე ცოტა გამიკვირდა ამგვარი ტიტულის არსებობა ნიდერლანდებში და მაშინვე საბჭოთა საქართველო გამახსენდა, სადაც “სახალხო პოეტის” ცნება სულაც არ გახლდათ უჩვეულო. ამიტომაც ქართველი მკითხველისთვის ყველაზე გასაგები სწორედ ეს ფორმულირება მეჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ამ სტატუსით, რამზი ნასრმა მიიღო დავალება, რომ ოთხი წლის განმავლობაში დაწერდა ლექსებს, რომლებიც ასახავდნენ მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ – ერთი სიტყვით, საზოგადოებრივ მოვლენებს ნიდერლანდებში.
    “ამირანის” ლიტერატურულ კაფეში ინტერვიუს დროს ჩემი პირველი შეკითხვაც სწორედ “სახალხო პოეტის” სტატუსს ეხებოდა.

    რამზი ნასრი: “ამ წოდებას 2001 წელს ჩაეყარა საფუძველი. მე უკვე რიგით მესამე “სახალხო პოეტი” ვარ. “სახალხო პოეტი”, “მამულის პოეტი” – მეტისმეტად პირდაპირი თარგმანია და მართლაც, სტალინის პერიოდს, დედა-სამშობლოსადმი მიძღვნილ ჰიმნებს და პარადებს მაგონებს, როდესაც მშრომელები ბედნიერი სახეებით შესციცინებდნენ ბელადს. მაგრამ ეს წოდება გარკვეულ ირონიასაც გულისხმობს. ანუ, ნაწილობრივ ირონიულია და ნაწილობრივ – თავის სახელწოდებას ამართლებს. იმიტომ, რომ 10 წლის წინ ჰოლანდიაში ძალიან მძაფრად იდგა ეროვნული იდენტობის საკითხი – ვინ ვართ ჩვენ? ფაქტობრივად, ეს არის ის, რაშიც საკუთარ ფუნქციას ვხედავ. იმ დროს დისკუსიები იმართებოდა იმაზე, თუ ვინ იყო ყველაზე დიდი ჰოლანდიელი, ქვეყნის მთელი არსებობის მანძილზე. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ფეხბურთელიც და ისტორიული პიროვნებაც.
    ამავე დროს, უცბად, უკანასკნელ 10 წელიწადში ყველა ლიტერატურულ კანონზე ალაპარაკდა – ცდილობდნენ გაერკვიათ, რა წიგნები უნდა ესწავლებინათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რისი ცოდნა იყო აუცილებელი ნიდერლანდის მოქალაქეებისთვის, რა უნდა სცოდნოდათ თავიანთი ქვეყნის ისტორიის შესახებ.
    ბოლო 20 წელიწადში ჩვენი საზოგადოება რადიკალურად შეიცვალა. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ემიგრაციასაც. საკითხი, რომელიც, ვთქვათ, 50 წლის წინათ არავის აღელვებდა, მოულოდნელად სულ უფრო აქტუალური გახდა: ვინ არის ჰოლანდიელი? რა არის ჰოლანდია? რას ეფუძნება ჩვენი კულტურა? ეს ყველაფერი ეროვნული გმირის, ყველაზე დიდი ჰოლანდიელის ძიებას უკავშირდება და იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, დავივიწყეთ ვინ ვართ და სწორედ ამის გაგებას ვცდილობთ.
    დღესდღეობით ჰოლანდიაში ბევრი ემიგრანტია. მათ შორის ვარ მეც, მამაჩემი პალესტინელია, დედაჩემი – ჰოლანდიელი. ჩემს შემთხვევაში საკითხი ასე არ დგას. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ჰოლანდიელი ვარ, უფრო მეტი ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორიის და ლიტერატურის შესახებ, უფრო მიყვარს ჰოლანდიური ლიტერატურა, ვიდრე საშუალო “ჰოლანდიელს”. მეორე მხრივ, ზოგიერთი მაინც უცხოელად მთვლის. ის, ვინც არ მიცნობს, შეიძლება თქვას, რომ ბოლომდე ჰოლანდიელად არ მიმიჩნევს. ძალიან უცნაურია, რადგან არამარტო ჩემი მშობლიური ენაა ჰოლანდიური, არამედ უფრო გამართულად ვსაუბრობ ამ ენაზე, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ჰოლანდიელი და, რაც მთავარია, ამ ენაზევე ვწერ ლიტერატურულ ტექსტებს. მიყვარს მე-19 საუკუნის ჰოლანდიელი პოეტები, ისინი ჩვენი თანამედროვე პოეზიის სათავეებთან იდგნენ – 1880-იანელების თაობა. მათ გადატრიალება მოახდინეს ჰოლანდიურ პოეზიაში, ჩვენი ენა განაახლეს. ძალიან მიყვარს ბოუტენსი და ლუი კუპერუსი.”
    “სახალხო პოეტის” სტატუსი კი მას 2009 წელს ლექსისთვის “ნეტავი ორი მოქალაქე ვიყო” მიანიჭეს. ამ ლექსში სწორედ იდენტობის საკითხია დასმული.
    რამზი ნასრი: “ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ “მამულის პოეტი” კარის პოეტის ანალოგიურია, რომელმაც ხოტბა უნდა შეასხას მმართველ ფენას. მაგრამ ლექსით “ნეტავი ორი მოქალაქე ვიყო” უკვე ცხადი გახდა, თუ რას გულისხმობს ეს სტატუსი.”
    ამ სიტყვებით ის პოეტის იმ ფუნქციაზე მიანიშნებს, რომლის თანახმადაც, თანამედროვე პოეტმა დღევანდელ მოვლენებზე და პრობლემებზე უნდა წეროს. ამ რანგში რამზი ნასრს მართლაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. ის მუდმივად იღებს მიწვევებს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორებისგან და ლექსებსაც კონკრეტული მოვლენის აღსანიშნავად წერს. ხშირად უარის თქმა უხდება ამა თუ იმ შემოთავაზებაზე, როდესაც ესა თუ ის მოვლენა მისი, როგორც “მამულის პოეტის” სტატუსს არ უკავშირდება. თუმცა უარი არ უთქვამს ვერმეერის ერთი ნახატის – “ქალი სასწორით” გამოფენასთან დაკავშირებით ლექსის დაწერაზე, სადაც მან თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოება და ფინანსური კრიზისი ისტორიული კონტექსტისა და ვერმეერის ფერწერული ტილოების ფონზე წაიკითხა.
    მეორე მხრივ, ეს სტატუსი საშუალებას აძლევს, რომ თავისი პოეტური ნაწარმოებები ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველდღიური გაზეთის – NRC Handelsblad-ის საშუალებით, მილიონობით მკითხველს გააცნოს. “ჩემი ლექსები, ზოგჯერ დიდი ფორმატის სამ-ოთხ გვერდსაც იკავებს. პოეზია ახალი ამბების ნაწილად იქცევა და მას მართლაც ბევრი ადამიანი კითხულობს. ანუ, ვწერ ლექსს და რამდენიმე დღეში ის მთელ ქვეყანაში ვრცელდება” – ამბობს პოეტი და მე გაკვირვებული ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში, სადაც სულ 3-4 გამომცემლობა გამოსცემს პოეტურ კრებულებს, გაზეთში დაიბეჭდოს ლექსები და თან, მას მკითხველიც ჰყავდეს. თუმცა, გასაოცარი, წესით, არაფერი უნდა იყოს: საგამომცემლო საქმის ერთ-ერთმა პიონერებმა – პლანტენმა და მორეტუსმაც ხომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში წამოიწყეს ბეჭდური საქმე ნიდერლანდებში.
    “არასოდეს მესმოდა, რატომ უნდა ემიჯნებოდეს პოეზია მკითხველს და ყოველდღიურობას.” – ამბობს რამზი ნასრი. ამ სიტყვებში ის, უდავოდ, პოლიტიკურ კონტექსტსაც გულისხმობს. მე კი კონკრეტული ფაქტი მახსენდება, როდესაც 2005 წელს ანტვერპენის ქალაქის პოეტად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთ NRC Handelsblad-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ისრაელის მოქალაქეების პალესტინიდან გასვლას ითხოვდა. მაშინ ანტვერპენის ებრაულმა დიასპორამ პოეტი ებრაული საზოგადოების მისამართით “ტალახის სროლაში” დაადანაშაულა. მაგრამ მღელვარება მალევე მიწყნარდა. მის პოეზიას დადებითად იღებდნენ, რადგანაც ის ცდილობდა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ემიგრანტებს შორის დიალოგი დაემყარებინა.
    თანამედროვე პოეზიის სოციალური კონტექსტის ნათელი მაგალითი კი ანტვერპენში სოციალური სამსახურის შენობაზე გაკეთებული მისი ლექსია, სახელწოდებით “მინიმუმი”. რამზი ნასრი შეეცადა გაერკვია, რას ნიშნავდა ანტვერპენში ხელმომჭირნედ ცხოვრება და ამ მიზნით, გაჭირვებულ ადამიანებს გაესაუბრა. ამის შედეგად შეიქმნა ლექსი, რომელიც შენობის მთელ კედელზე განათავსეს. “გახსნის დღეს ბევრი მეუბნებოდა, რომ ცრემლის გარეშე ვერ კითხულობდა ჩემს ლექსს, იქ ხომ ბევრმა მათგანმა საკუთარი სიტყვები ამოიცნო” – იხსენებს პოეტი, რომელმაც რიგითი ადამიანების გასაჭირი პირდაპირ კედელზე გამოიტანა. შენობაზე გამოსახული ლექსი პოეზიის გავრცელების ახალ მედიად, მკითხველისთვის თანამედროვე პოეზიის მიწოდების ახალ ხერხად მეჩვენება და ახლა უკვე იმით ვინტერესდები, რას ფიქრობს მომხმარებლურ საზოგადოებაში ხელოვნების, პოეზიის მომავლის შესახებ.
    რამზი ნასრი: “ხელოვნებას სრულიად არ გააჩნია გამოყენებითი ან საბაზრო ღირებულება. შეიძლება შეიზღუდოს ხელოვნება, დაფინანსება შეუწყდეს მას და ადამიანები მაინც იარსებებენ. მაგრამ ხელოვნების გარეშე ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ხელოვანი საზოგადოების ნაწილია, რომელიც თანამედროვე პროცესებს და საკითხებს უნდა გამოეხმაუროს. პოეზიაში უნდა ჩანდეს, რომ ესა თუ ის ლექსი დღესაა დაწერილი. პოეზიას, ალბათ, არ შეუძლია სამყაროს შეცვლა. მაგრამ თუკი სამყაროში რაიმე ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს, ამაზე უნდა დაწეროს პოეტმა. მისი ვალია, ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდოს. მან უნდა დააგროვოს ცოდნა და თუკი შენიშნავს ისეთ რამეს, რასაც საშუალო სტატისტიკური მკითხველი ვერ ხედავს, მან ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და დააფიქროს ის. ამ შემთხვევაში სწორედ ესაა მთავარი. მე მინდა, ადამიანებს სათქმელი გავუზიარო.”
    იქნებ ამიტომაც გვხვდება მის პოეზიაში თითქოსდა ადამიანის ნივთებთან გათანაბრებაზე მინიშნება – სადაც ადამიანი ციფრების იგივეობრივი ხდება: “ბავშვები – 1, 2, 3, 4 – ბავშვები თითქმის არსებობენ” (“თაფლის და რძის სახლი”), ან შეგვახსენებს, რომ “სარკმელი არის პური ყუა არის მაგიდა” (“რა დაგვრჩენია”) და ამით მიუთითებს, რომ სულიერი ღირებულებების გარეშე ადამიანი ადამიანურ იერსახეს კარგავს.
    შთაგონებისთვის ყოველთვის არსებობს ქალაქები. თუკი აქამდე ქალაქის საპატიო პოეტისთვის ინსპირაციის წყარო იყო ანტვერპენი, დღეს რამზი ნასრი თვლის, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბერლინშია: “დღეს ბერლინი ყველაზე კრეატიული ქალაქია და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. მაგალითად, თუკი ამსტერდამში რამდენიმე საკულტო კაფეა, სადაც მუდმივად იკრიბებიან ხელოვანები და თავისუფალი ადგილი თითქმის არასდროსაა, ბერლინში მსგავსს ვერ ნახავთ. იქ ნებისმიერ კაფეში შემოქმედებითი გარემოა და ყოველთვის არის რამდენიმე ცარიელი მაგიდა, რომელთანაც ჩამოჯდები და დაისვენებ.”
    ქალაქის ხსენებაზე მისი ლექსი მახსენდება – “ვენასა და თბილისს შორის”. თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვუთხრა, როგორ მომეწონა ეს ლექსი და, მთლიანად, მისი პოეზია. თავმდაბლად მიხდის მადლობას, როგორც მართალ შემოქმედ ადამიანებს ჩვევიათ და ამ დროს ბავშვურად სუფთა გამომეტყველება აქვს – ისეთი, როგორიც ინეკე სმიტსის ფილმში “მაგონია”, სადაც ერთ–ერთ როლს ასრულებს. სხვათა შორის, რამზი ნასრის ეს ფილმი 2001 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე. დღეს კი პოეტი იგონებს იმდროინდელ თბილისს და ამბებს, რომლებსაც თბილისელი მეგობრები უამბობდნენ. მეც სწორედ ამ ომის მსხვერპლზე დაწერილი ლექსის ისტორიაზე ვთხოვ მომიყვეს.
    რამზი ნასრი: „მიამბობდნენ თბილისის ომზე და რუსთაველზე სეირნობისას, დაპირისპირებული მხარეების გამყოფ ხაზს მაჩვენებდნენ. ჩემმა მასპინძელმა მითხრა, რომ 10 წლის წინ აქ სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ქალაქს სულაც აღარ ეტყობოდა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ სისხლი იღვრებოდა, ადამიანები ლაღად სეირნობდნენ. ამ დროს ფანჯრიდან მომესმა მუსიკის ხმა – ზუსტად არ მახსოვს, რა იყო – იქნებ, სულაც ბრამსის ნაწარმოები. და ასე გაჩნდა ისტორია ვუნდერკინდ პიანისტ ბიჭზე, რომელიც იმ პერიოდის თბილისში ცხოვრობდა, რუსთაველზე გამოვიდა და დაიღუპა. ლექსს – “ვენასა და თბილისს შორის” იმიტომ დავარქვი, რომ ეს მანძილი აღმოჩნდა საბედისწერო. პიანისტ ბიჭს რომ ვენაში ეცხოვრა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი არ გახდებოდა და შეიძლება გენიოსი მუსიკოსი გამოსულიყო.“
    აშკარაა რამზი ნასრის სიყვარული მუსიკისადმი. დადგმაში “ცხოვრება ჯოჯოხეთში”, რომლისთვისაც მან ლიბრეტო დაწერა, თვითონ იმღერა კიდეც. ამას გარდა, ის მონაწილეობდა ექსპერიმენტულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც მან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბელგიური როკ ჯგუფის dEUS-ის გიტარისტთან და ვოკალისტთან – მაურო პავლოვსკისთან ერთად ტურნე გამართა. მაურო პავლოვსკისთან თანამშრომლობა იმდენად მოულოდნელია ჩემთვის, რომ ვეუბნები, ჩემს აიპოდში dEUS-ის ალბომი Worst Case Scenario მაქვს და ხშირად ვუსმენ-მეთქი, რაზეც ეღიმება. “წიგნიერი ადამიანები” – ასე ერქვა ექსპერიმენტულ წარმოდგენა-თამაშს, რომელშიც ნიდერლანდური ლიტერატურის და მუსიკალური სცენის გამორჩეულმა ორმა ფიგურამ წიგნიერი ხალხი თამაშისთვის გამოიწვია. ამავე წარმოდგენაზე წაიკითხა რამზი ნასრმა თავისი სამნაწილიანი პოემა – “ზამთრის სონატა”, რომელიც მის მუსიკალურ კერპს – დმიტრი შოსტაკოვიჩს ეძღვნება და რომელშიც პოეტმა საყვარელი კომპოზიტორის უკანასკნელი ნაწარმოების – “სონატა ალტისა და ფორტეპიანოსთვის” კომპოზიცია ტექსტობრივი ფაქტურით გაიმეორა. როგორც თვითონ აღნიშნავს, “ჩემთვის მუსიკა ტექსტშია. ვცდილობ, ჩემი პოეზიით მელოდია გადმოვცე. პოეზიას მუსიკალური თვალსაზრისით განვიხილავ.” “ზამთრის სონატაში” რამზი ნასრიმ მკითხველს მომაკვდავი კომპოზიტორის ფრაგმენტული მოგონებების და აბსურდული ირონიის სინთეზი შესთავაზა სტალინური რეჟიმის ისტორიულ კონტექსტში.
    რამზი ნასრი: “პოემის პირველ ნაწილში მინდოდა ციტატები ჩამერთო. წიგნებში დავძებნე შოსტაკოვიჩის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული ფრაზები. მეორე ნაწილში ყვავილების ჩამონათვალი გავაკეთე. მესამე ნაწილში შოსტაკოვიჩი სასიკვდილო სარეცელზეა და წარსული ამბების გახსენებას ცდილობს.”
    ამ ლექსში სტალინის, როგორც მებაღის და საბჭოთა ხალხის, როგორც ბაღის მეტაფორა აშკარად ირონიულ ელფერს იძენს ახალი აღთქმისეული კონტექსტის გათვალისწინებით. არადა, მართლაც, რამზი ნასრის პოეზიაში ძალიან ხშირია ბიბლიის ციტირება, განსაკუთრებით ლექსში “ფსალმუნი მოდგმაზე”.
    რამზი ნასრი: “ფსალმუნი ჩემთვის თვითგამოხატვის, ეჭვის დაშვების საშუალებად იქცა. ადამიანებს ამ ფორმით შეუძლიათ მოინანიონ, ან კითხვები დაუსვან ღმერთს, კალვინიზმის მსგავსად, სადაც ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავალი არავინაა. იმ დროს ნიდერლანდებში კალვინისადმი მიძღვნილი დღეები იმართებოდა. ამ ლექსის წაკითხვით გავხსენი დორდრეხტის საკათედრო ტაძარში მოწყობილი გამოფენა, რომელსაც თეოლოგების, მოძღვრებისა და რეფორმატორული ეკლესიის სხვა მოღვაწეების გარდა, ჩვენი დედოფალიც ესწრებოდა. კალვინიზმის მიმდევარი საეკლესიო მოღვაწეები გააღიზიანა ჩემმა ლექსმა. ცერემონიალის დამთავრებისას, მითხრეს, რომ ამით დედოფალს შეურაცხყოფა მივაყენე და მათ მხოლოდ მისდამი მოწიწებით არ დატოვეს იქაურობა. დედოფალმა კი პირადად გამოხატა კმაყოფილება ჩემი ლექსით. კალვინიზმს ხშირად გადამწყვეტ როლს მიაწერენ ჰოლანდიელი ერის ხასიათის ჩამოყალიბებაში. მაგრამ ნუთუ მართლა ასე ჰომოგენური ერი ვართ ჰოლანდიელები? ნუთუ კალვინი ყოველ ჩვენგანშია?”
    ჰოლანდიელი ერის ხასიათში რამზი ნასრი უკიდურეს თავისუფლებას გულისხმობს, სადაც თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის ზღვარი უკვე აღარ იკითხება.
    რამზი ნასრი: “ჰოლანდია დედამიწის ზურგზე ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა, აქ ყველაფერი დაშვებულია. შეიძლება ერთ დღესაც რომელიმე მოქალაქემ უარი თქვას სამსახურზე, სამუშაოდ აღარ წავიდეს და სახელმწიფოსგან მაინც მიიღებს დახმარებას. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან ადამიანებს ყველაფერი აქვთ და აღარაფერი დარჩა საოცნებო. ამ დროს ჩნდება პერვერსიული აზრები – თავისუფლების ყველაზე დიდ გამოხატულებად კი შუა ქუჩაში ერთი ადამიანის მიერ მეორის მკვლელობის სურვილი იქცევა, რაც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ მომხდარა. ასევე, მაგალითად, ჩვენში იყო ანტიისლამისტი პოლიტიკოსი – პიმ ფორტუინი, რომელიც მოკლეს. ის მუსულმანების მიმართ ყველაზე შეურიგებელი პოზიციით გამოირჩეოდა. მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ თავისი პოლიტიკური ტრიბუნის მიღმა, ის სიამოვნებით ერთობოდა მაროკოელ ბიჭებთან.”
    იქნებ ამაშია ევროპული და აღმოსავლური სააზროვნო მოდელების შეუთავსებლობა, ან იქნებ, ნაწილობრივ, ევროცენტრისტულმა დამოკიდებულებამ წარმოშვა ფუნდამენტალიზმი, როგორც თავდაცვითი პასუხი იერიშზე? ამას საკუთარ თავს ვეკითხები, ხმამაღლა კი კალვინიზმის უარყოფითი გავლენით ვინტერესდები.
    რამზი ნასრი: “კალვინიზმს შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანებმა უარი თქვეს საეკლესიო მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, მუსიკაზე და მხოლოდ ბიბლიის კითხვას დასჯერდნენ. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, კავკასიელებისგან განსხვავებით, ცეკვა არ გვეხერხება. არ ვიცი, გინახავთ თუ არა ჰოლანდიური ცეკვა, რომელიც მხოლოდ ხის ქოშებწამოცმული ფეხების კანუნით შემოიფარგლება. მის ნახვას არ გირჩევთ. ამის გამო, პროტესტის განცდა ბევრ ჰოლანდიელს უჩნდება. იგივე შეიძლება ითქვას პოლიფონიურ მუსიკაზეც. თქვენს მუსიკაში მრავალი ხმა ისმის, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ხმები მაინც ჰარმონიულ წესრიგს ემორჩილება. ჩვენთან ასე არ არის.”
    პოლიფონია, პლურალიზმი, მრავალხმოვანება – ამ ცნებების პოეტური ნაკვალევი ჩანს რამზი ნასრის ლექსებში, სადაც თუნდაც წინადადებების წყობის თავისუფალი – დემოკრატიული პრინციპი ამოსავალ პუნქტად იქცევა.
    რამზი ნასრი: “ჩემს პირველ კრებულებში გულმოდგინედ ვცდილობდი, რომ ზუსტად დამეცვა რითმა. შემდგომში ჩემი ლექსები უფრო თავისუფალი და მსუბუქი გახდა – ერთ დღესაც უარი ვთქვი სასვენ ნიშნებზე. უკვე აღარ ვფიქრობ, რომ, ვთქვათ, სონეტი მაინცდამაინც ტრადიციული სონეტის მეტრულ თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს.”
    იქნებ ესაა პოეზიის პრინციპი – ზღვარის გაქრობა, რაც გარეგნულად პუნქტუაციური ნიშნების თუ მთავრული ასოების გაუქმებაში გამოიხატება.
    საღამოს, სამეფო უბნის თეატრში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე რამზი ნასრი ისეთივე ქარიზმით კითხულობდა თავის ლექსებს, როგორც წინა დღით ნანახ ვიდეოებში. ოღონდ ახლა უკვე რეალურ დროსა და სივრცეში. რამზი ნასრი ლექსებს ჰოლანდიურ ენაზე კითხულობდა, მის უკან, პროექტორზე ქართულ თარგმანს უშვებდნენ. თუმცა ენობრივი ბარიერი მეორეხარისხოვანი იყო, რადგან ის საღამო პოლიფონიის საღამოდ იქცა – სადაც წარსული და დღევანდელობა ისევე შეხვდა ერთმანეთს, როგორც ნიდერლანდური და ქართული კულტურა.
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  პორტრეტი

    მალხაზ ხარბედია – ნიკო ლორთქიფანიძე – 130


    AUDIO

    წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თარიღი აღინიშნება, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისთავი, მწერლისა, რომელიც საქართველოში უყვართ, მაგრამ ხშირად არასწორად ესმით.

    წლების მანძილზე თითქმის ყველა ქართველი კალმოსანი მოვალეობად მიიჩნევდა, რაღაც მაინც დაეწერა ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ეს წერილები ძალიან ზედაპირული შთაბეჭდილებების თავმოყრას წარმოადგენდა და ვერაფერს არსებითს ვერ გვეუბნებოდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ პროზაიკოსზე. განსაკუთრებით ლიტერატურულ იმპრესიონიზმზე წერდნენ ბევრს, წერდნენ დაუღალავად, იმდენად, რომ ათწლეულების მანძილზე ყველას, სკოლის პედაგოგსა თუ უნივერსიტეტის პროფესორს, ნიკო ლორთქიფანიძის სახელის ხსენებაზე მხოლოდ ეს სახელოვნებო მიმდინარეობა, იმპრესიონიზმი ახსენდებოდათ.

    ის, თუ რა ნაწარმოებები დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ, თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რატომღაც, სულ ერთიდაიგივე მოთხრობებს სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად ლიტერატურის ქურუმები და ჩვენც, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ყურები გვქონდა გამოჭედილი: წაიკითხეთ “თავსაფრიანი დედაკაცი”, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიოთი”. ეგ კი არა და, ერთხელ გავოგნდი, როცა ოთხ სხვადასხვა ავტორთან, ნიკო ლორთქიფანიძის გენიალობის დასტურად ერთიდაიგივე ციტატა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ოთხმა სახელოვანმა მწერალმა ვერაფერი ნახა ნიკო ლორთქიფანიძის ოთხტომეულში, გარდა ამ ერთი წინადადებისა: “ყეფდა ძაღლი, სახურავიდან ამოდიოდა კვამლი და იყო პატარა ოჯახი”.

    აქედან გამომდინარე, ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ახლიდანაა წასაკითხი. კრიტიკოს ეკა ცხადაძის აზრით, მისი თემები ჯერ კიდევ შეძრავს მკითხველს:

    “ნიკო ლორთქიფანიძის ადგილი ქართულ პროზაში და საერთოდ ლიტერატურულ სივრცეში თავიდანვე მოინიშნა. მისმა ნიჭის თაყვანისმცემლებმა რა თქმა უნდა თავიდანვე იცოდნენ ვინ იყო ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ XXI საუკუნის მკითხველისათვის ნიკო ლორთქიფანიძის თემატიკა, მისი აზროვნება, მის მიერ წამოწეული თემები მაინც საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცით, 130 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. მას არ შეხებია დრო”.

    მემგონი მაინც ჯობდა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს შეხებოდა დრო, ცხადია გახუნებასა და მოძველებას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ჩვენ, რეალურად არცა გვაქვს ნიკო ლორთქიფანიძის წაკითხვები, არ ვიცით, როგორ აღიქვამდნენ მას 20-30-იან წლებში, 50-60-იანებში, ძალიან ცოტა რამ დაიწერა მის შესახებ 90-იანებიდან დღემდე მოყოლებულ პერიოდში. როგორც ზემოთაც ვთქვი, ნიკო ლორთქიფანიძის კანონიკურ ტექსტებში სულ რამდენიმე მცირე ნოველა მოხვდა, არადა მის შემოქმედებაში კიდევ ბევრი რამეა აღმოსაჩენი:

    “ჩემი აზრით, თანამედროვე მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ნიკო ლორთქიფანიძის ის ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ სპეციალისტებმა ვიცით მათ შესახებ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია, რომ ვუთხრათ და ვურჩიოთ მკითხველს. განსაკუთრებით საინტერესოა ნიკო ლორთქიფანიძე, როგორც მოდერნისტული ეპოქის შემოქმედი, მაგრამ ის ამის შემდეგაც ისეთ თემებს ამუშავებს, რომელიც გადის მოდერნიზმის ჩარჩოებიდან”.

    ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ცალკე საუბრის თემაა:

    “ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. მას ორჯერ ჰქონია დუელი, და მის განსხვავებულობას ალბათ ესეც მოწმობს. უნდა ითქვას, რომ თვითონ ნიკო ლორთქიფანიძე არაა ტრაფარეტული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. ის არ იზრდებოდა გაჭირვება, უფრო პირიქით, ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახის შვილი იყო, მისი წინაპრები თურმე ფიცის კაცები ყოფილან, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი ძალიან, ასე ვთქვათ, ეროვნული ადამიანები იყვნენ. ისინი სოლომონ II-ის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდნენ იმ ძნელბედობის ჟამს. ნიკო ლორთქიფანიძესაც ყოველთვის ახასიატებდა ეს შინაგანი ღირსება, იგი ძალიან დახვეწილი კაცი იყო და ერთი ქართველი პოეტი მწევარსაც კი ადარებდა მას. პირველი დუელი მას უცხოეთში სწავლის პერიოდში ჰქონდა, ავსტრიაში, რომელიღაც დოცენტთან და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტუაცია დუელის მიზეზი გახდა. მეორე დუელი უკვე რუს ოფიცერთან ჰქონდა, აქ, საქართველოში და ამ შემთხვევაშიც ძალიან ღირსეულად გამოსულა ამ მდგომარეობიდან. პირველი დუელისას მან ფარიკაობაც კი არ იცოდა და ერთი ღამის ნავარჯიშებმა შეძლო დუელში მოანწილეობის მიღება, მეორე დუელისას უკვე სროლაზე მიდგა საქმე…”

    ნიკო ლორთქიფანიძის შესანიშნავი პორტრეტი დაგვიტოვა სიმონ ჩიქოვანმა. გასული საუკუნის ათიან წლებში, გარდა სამწერლო, სარედაქციო და სხვა საქმიანობისა, მწერალი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანულსაც ასწავლიდა. მისი მოსწავლე იყო სიმონ ჩიქოვანი, რომელმაც მოგვიანებით ესეც მიუძღვნა მასწავლებელს. ფოტოზე ყველასა გვყავს ნანახი ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ პოეტისა და მოსწავლის მეხსიერებაში დარჩენილი სახე, შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს იფარავდეს: “კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი “მწარე” ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა.”

    მისი პიროვნული თვისებებიდან პირველ რიგში თავმდაბლობა და ღირსების გრძნობა უნდა დავასახელოთ:

    “სხვათა შორის, მისი ბიოგრაფია ერთგვარად ქვაკუთხედია მისი მენტალობის და ყველაზე უფრო საინტერესო რაც არის და რაც ძალიან მოგვხიბლავს დღევანდელი გადასახედიდან, ისაა, რომ მას უყვარდა ჩუმად ყოფნა, არ უყვარდა საკუთარი თავის წინ წამოწევა. ჩვენ ვიცით როგორი გრან სენიორის პოზა ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას, როგორი გამომწვევი და პომპეზური იყო გრიგოლ რობაქიძე, ცნობილია ცისფერყანწელების პოზაც… ნიკო ლორთქიფანიძე კი ემიჯნებოდა ყველაფერ ამას. მას არ უყვარდა ეს პომპეზურობა, თავის მოწონება, ზედმეტი რაღაცეები და ეს ყველაფერი აისახა მის შემოქმედებაშიც”.

    ამაში დარწმუნება საკმაოდ ადვილია, რადგან ნიკო ლორთქიფანიძის თზულებების რამდენიმე გამოცემა არსებობს. მკითხველს შევახსენებ, რომ მისი ტომები 20-იან წლებშიც გამოვიდა, 30-იანებშიც, 40-იანებშიც და 50-იანებშიც. ყველაზე სრული კი, მაინც, ალბათ, 70-იან წლებში გამოცემული ოთხტომეულია, სადაც “თავსაფრიანი დედაკაცი“, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიო გარდა, კიდევ ბევრ ძლიერ ტექსტს ნახავს მკითხველი.

    © radiotavisupleba.ge

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – ბესო ხვედელიძე


    თეონა დოლენჯაშვილი
    მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში რიგით სამოსნებად ვჩანვართ

    – ლიტერატურულ ჟურნალს რედაქტორობ და ყოველთვიურად ალბათ, უამრავ ახალ ტექსტს ეცნობი. როგორ შეაფასებ იმას, რაც დღეს იქმნება. როგორები არიან მომავალი თაობის ავტორები? და საერთოდ, როგორია თანამედროვე ლიტერატული ტენდენციები?
    – ჟურნალის რედაქტორობა არაა იოლი საქმე. მით უმეტეს ისეთისა, როგორიც “ლიტერატურული პალიტრაა”. აქ მრავლადაა სხვადასხვა რუბრიკა, რომლებიც ეხმიანება ბოლოდროინდელ საზღვარგარეთულ ლიტერატურულ თუ ტექნიკურ პროგრესს – ამ უკანასკნელში ვგულისხმობ ბოლო ხანებში ჩვენში ფეხმოკიდებულ ლიტერატურულ ინტერნეტ-საიტებსა და ნაირ-ნაირ პორტალებს. ჯერჯერობით მათი უმრავლესობის სახე ჩემგან უფრო მეტ სერიოზულობას საჭიროებს. როგორც ვამჩნევ ბევრ მათგანს ძლიერი, კრეატიული და პროფესიონალური რედაქტორული ფილტრი აკლია. ალბათ, ნელ-ნელა ისინიც დაიხვეწებიან და ღირსეულად ჩაეწერებიან ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. საერთოდ კი, ძნელია ავტორებთან მუშაობა. განსაკუთრებით ისეთ დამწყებებთან, რომლებსაც, როგორც წესი, თავი თინეიჯერობის ასაკიდან გენიოსები ჰგონიათ (როგორც წესი სწორედ ასეთები ტოვებენ ამ ასპარეზს ნაადრევად). ჩემი მხრივ, დეტალებში მახსოვს, ნამდვილ, გამოწვლილივით რედაქტორულ მუშაობას კაი ათი-თორმეტი წლის წინ ვეზიარე, როდესაც ჯერ კიდევ დებიუტანტს მჭიდროდ მიწევდა თანამშრომლობა დიდებულ ლიტ-გამოცემებთან: “არილი”, “ალტერნატივა”, “ქომაგი”, “სუფთა წერა” და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, დღეს აღარცერთი გამოდის, თუმცა კი დარჩა ის ძველი, ნამდვილი გამოცდილება, მუშაობის ის ყველაზე უტყუარი მეთოდები. ისინი ერთგვარი სტიმული და სასარგებლო გამაღიზიანებელიც კი იყო რედაქციის მხრიდან ავტორებთან ურთიერთობაში. მეც ვცდილობ არ დამავიწყდეს ეს ცოდნა – ვაწუხებ ავტორებს, ვწერ, ვურეკავ, მოვიკითხავ, ვაგულიანებ… ამის გარეშე ძნელია ბევრ მათგანში ლიტერატურული ჟინის აღძვრა, ვინაიდან ბევრი სხვა რამითაა დაკავებული. მომავალს რასაც ვუყურებ, საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის – საინტერესო პროზაიკოსებად უნდა ჩამოყალიბდნენ “ლიტერატურულ პალიტრაში” პირველად დაბეჭდილები მიშა ბახსოლიანი, ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, ირაკლი ფაღავა… უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა ლადო კილასონიას სახით… ზემოთ ჩამოთვლილთა ძალიან დიდი იმედი მაქვს – უბრალოდ, აუცილებლად დაჭირდებათ ცხოვრებაში რძესა და ბულკზე მეტით გაზრდა, რომ ბევრზე მოუწიოთ ფიქრი, ჩარღმავება… სხვანაირად კარგი ლიტერატურა არც იქმნება. იმასაც დავამატებ, რომ არც ძველებს (უფროს თაობას) მობლაგვებიათ საბედნიეროდ კალამი, და ზოგი მათგანი იმ ასაკშიც შევიდა, საიდანაც როგორც ამბობენ იწყება კიდეც ნამდვილი პროზის წერა. საერთოდ კი კარგი, საინტერესო, მზარდი ლიტერატურა გვაქვს. ვინც არ მეთანხმება – გადაიკითხოს ამ ბოლო ოცწლეულში დაწერილი ქართული პროზა და პოეზია. ერთი უცხოეთისკენაა ფანჯარა შესაღები და დანარჩენს ისევ თავის ადგილზე დააყენებს უცხო თვალი და მომავალი. სკეპტიკოსებმა ცივი წყალი დალიონ – ბოლოს და ბოლოს ხომ წყალშია ჭეშმარიტება, რადგან ის არც ტკბილია და არც მწარე.
    – რაც შეეხება უცხოეთში კარის შეღებას, რა არის ქართული ლიტერატურის ლოკალურობის მიზეზი? თავად ავტორების, ენის, თუ ეს უფრო თარგმნისა და საგამომცემლო პრობლემების ბრალია?
    – ისევ და უფრო ენა, ენა და ენა. მისი მოქნილობა, გრამატიკული სირთულე, პლიუს მავან ძველთა ფეხებზემკიდიობა თუ უმეცრება ამ სფეროში ამ მომენტს ძალიან ავად დაეტყო. ქართული ენა დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთგვარი ჯავშანია. ამავდროულად ხომ დიდი ბარიერიცაა. მაგრამ არა მგონია, ამ ბარიერის არარსებობის შემთხვევაში, ის, რასაც ვწერთ და ვწერდით, რიგითი სამოსნის, პლებეის ადგილით დაკმაყოფილებულიყო მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში – ალბათ უფრო პირიქით. ეს უმკაცრესი “ენობრივი სავიზო რეჟიმი” უბრალოდ სასწრაფოდ გადასალახია. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდებიც ან დადასტურდება ან პირიქით. დასანანია, რომ სადაც ერს აქვს დიდი ნაწარმოებები პროზასა და პოეზიაში – არ გიცნობდეს თითქმის არავინ მსოფლიოში. და ეს უბრალოდ იმის გამო ხდებოდეს, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენთან ქართულიდან ნებისმიერ უცხო ენაზე თარგმნის საქმე.
    – ამობენ, რომ თითქმის აღარ იქმნება მცირე პროზა. შენი აზრით, რატომ აღარ წერენ ქართველი მწერლები მოთხრობებს?
    – ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას ვერანაირად. მე მგონი, თანამედროვე ქართველი მწერლები კარგ მოთხრობებს ზუსტადაც რომ წერენ, და უფრო რომანებშია არც მთლად ისე კარგად საქმე. პირად საზომად ჩემივე ხედვა მაქვს – ლამის არცერთი ქართული რომანის წაკითხვა არ მომინდებოდა, წინასწარ მათი მოკლე ანოტაცია რომ მცოდნოდა. ეს რა თქმა უნდა ყველა ტექტს არ ეხება. ისე – სიმართლე ითქვას, დღესდღეობით თანამედროვე ქართული ლიტერატურა მთელი ეპოქით და ათწლეულებით უსწრებს სათქმელით, გემოვნებით და სიღრმით სიტყვაზე ესოდენ ფსკერზე დაყვინთულ ქართულ კინემატოგრაფს. ამაში დასარწმუნებლად და ექსპერიმენტად უბრალოდ ამ ორივეს გულდასმით გადაკითხვა-გადათვალიერება გამოდგება – ბოლოს და ბოლოს უცხოეთში გატანა – ანუ უცხოს თვალით შეიძლება ამის გადამოწმება. და აღარ წერენო – ასე კატეგორიულად ვინ თქვა ნეტავ? ჩეხოვი და ბორხესი საფლავში უნდათ დააბზრიალონ? მე ვწერ, ზურა ლეჟავა წერს, ზაალ სამადაშვილი წერს, ბექა ქურხული წერს, ირაკლი ლომოური წერს, გურამ მეგრელიშვილი წერს, მარიანა ნანობაშვილი წერს, თეა თოფურია წერს, გელა ჩქვანავა წერს, ბაჩო კვირტია წერს, მაკა მიქელაძე წერს, თამრი ფხაკაძე წერს, რეზო თაბუკაშვილი წერს, დავით ქართველიშვილი წერს, მაკა ლდოკონენი წერს, მიშა ბახსოლიანი წერს, ნიკუშა ანთაძე წერს, თამთა მელაშვილი წერს, ნინო თარხნიშვილი წერს, ლადო კილასონია წერს, რატი რატიანი წერს. ხანდახან ლაშა ბუღაძეს და ზაზა ბურჭულაძესაც გაუვარდებათ ხოლმე ყარაულის თოფივით… ეს ამხელა რომანების წერაც რა გითხრათ – მე გრძელი სიტყვა მოკლედ მირჩევნია ვთქვა და მეორე კიდევ, სად მაქვს იმის დრო, რომ სამსაგვერდიანი ეპიკა ვაცხო. ახლა თუ დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი აღარ წერენ – მიზეზებზე სხვაგანაა გადასარეკი.
    – მაგრამ წლის 15 საუკეთესო მოთხრობების კრებელების მიხედვით ამას ვერ ვიტყვით. თუნდაც, წლევანდელ კრებულს როგორ შეაფასებდი? რამდენად ასახავს ასეთი გამოცემები ჩვენს ლიტერატურულ სივრცეს და იმას რაც ამ სივრცეში ერთი წლის მანძილზე იქმნება? მე პირადად, ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უფრო კომერციული პროექტია, ვიდრე ლიტერატურული.
    – მეც უფრო ამ კრებულების აშკარა კომერციულობას გავუსვამდი ხაზს, ვიდრე მათ წმინდა ლიტერატურულ ღირებულებას. ამაში ბოლო კრებულის მაგალითზე შეიძლება დარწმუნდეს ლიტერატურაში ნორმალურად ჩახედული და გემოვნებიანი ადამიანი – ეს ხომ მხოლოდ ერთი გამომცემლობის სუბიექტური და კომერციული გემოვნებით შედგენილი წიგნია. ეს თავადაც არაერთხელ აღუნიშნავთ ამ გამომცემლობის უფროსებს. დარწმუნებული ვარ – იგივე ტიპის წლევანდელ პროექტში მეტწილად სხვა მოთხრობები მოხვდებოდნენ – რომ შეედგინა ეს კრებული გამომცემლობა “დიოგენეს”, “საარს”, “სიესტას”… იგივე ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს – ანუ მათ რომ სულ სხვა რედაქტორ-შემრჩევები ჰყოლოდათ მივიღებდით სულ სხვა შედეგს. უბრალოდ, სხვა ალტერნატიული წლიური კრებულის კრებული განსაზღვრავს “15 საუკეთესოს” პოპულარობას. დარწმუნებული ვარ, ამ კრებულის რეიტინგი განახევრდებოდა, მსგავსი ლიტერატურული წამოწყება სხვებსაც რომ შემოეთავაზებინათ. თან ისეთივე ან უფრო დიდი პიარით. ისე კი, მსგავს პროექტებს მუდამ აშკარა სუბიექტურობის დაღი აზის, და სიმართლე ითქვას, ვინაა რომ მთლად ობიექტური და შეუმცდარი ამ პლანეტაზე…
    – კომერციასა და ლიტერატურაზე საუბარი რომ განვაგრძოთ. უნდა ვაქციოთ თუ არა წიგნი კომერციის ნაწილად? და უნდა იფიქროს თუ არა მწერალმა ამ მიმართულებითაც. შენ თავად ფიქრობ?
    – მე გაცილებით ნაყოფიერად ვიმუშავებდი ლიტერატურაში, ელემენტარულად უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს და არ მიწევდეს პარალელურად ორ ტელევიზიაში მუშაობა საკუთარი თავის შესანახად. მოგეხსენებათ, ენერგიათა აქეთ-იქით, პარალელურ რეჟიმში ფლანგვა მაინცდამაინც ბევრ არაფერს იძლევა, როგორც ორი კურდღლის გაშმაგებული დევნა მხოლოდ წყვილი ფეხით, მაგრამ იქ მკითხველი გაიაფდაო, აქ წიგნებს აღარ კითხულობენო, 25 წლის ქვემოთ “წ”-ს და “შ”-ს გარჩევა უჭირს თაობასო. ალბათ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი და სასარგებლო გამოსავალი იქნება დიდი პიარ-კამპანიის ჩატარება – რომლის შედეგადაც ქვეყანაში უბრალოდ ისეთივე სირცხვილად და უზნეობად იქნება უწიგნურობა მიღებული, როგორც პირდაუბანლად ან საჯდომგამოფხრეწილად ქუჩაში სიარული.
    – თემას გავაგრძელებ და ბესტსელერების სპეციფიკაზე მინდა გკითხო. რა ტიპის წიგნები ხდებიან დღეს თანამედროვე მსოფლიოში ბესტსელერები? რა ნიშანი გამოარჩევს მათ?
    – ხშირად მიწევს ლიტერატურულ ფესტივალებზე ყოფნა და უკვე აგერ 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. იქ უპირველესად ამ სფეროთი ვინტერესდები, მყავს უამრავი კოლეგა და მეგობარი, გამომცემელი და რედაქტორი. რასაც ვატყობ – მათი რეკომენდაციები ძალიან ახლოსაა ჰოლივუდის კინო-მრეწველობის ბოლო ნამუშევრების შინაარსთან: – გლობალური კატაკლიზმები, პლანეტარული პრობლემები, ადამიანთა ფიზიკური გაჩანაგების შიში, უცხოპლანეტელთა შემოსევა, მასობრივი ვირუსები, შავზე ბნელ იუმორში გადასული პორნოგრაფია თუ ინცესტი… მოკლედ თუ კინემატოგრაფს დავუკვირდებით – ამ მიმართულებით შექმნილ უცხოურ პროდუქციას გაცილებით მეტი მაყურებელი ეტანება ვიდრე პროზად დაწერილ რომანტიკულ სასიყვარულო ვოდევილებს თუ ჩაგრული ადამიანების ჩივილს საკუთარ ბედუკუღმართობასა და სამყაროს უკმაყოფილებაზე. ამ ტიპის მოთხოვნებმა საზღვარგარეთ ძალიან წინ წაიწია, თუმცა ამ მიმართულებით მე ქართულ ლიტერატურაში დიდ მუშაობას მაინც ვერ ვხედავ – მახსენდება ჩემი მხოლოდ ორი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა დედამიწიდან მასობრივ ემიგრაციაზე (ერთ-ერთი 2002 წლის პენ-მარათონზე” დაიწერა და ლაურეატადაც აღიარეს)… მეტწილად კი, რაზეც ჩვენში იწერება – რაღაც ყავლგაცლილი რეალიზმი, პოეტური კიჩი ან ფოტოგრაფიული სიზუსტით აღწერილი “მართლა მომხდარი ამბებია”.…კიდევ კაი მანდ არა ვარ, თორემ ნამდვილი ამბების მოყოლა რომ ასე ძალიან მნდომებოდა “კურიერში” ან “მოამბეში” უფრო სიამოვნებით და წარმატებით დავიხარჯებოდი ჟურნალისტად. იქ ხომ, როგორც წესი, იმას ჰყვებიან – აგერ გუშინ რომ სადღაც რაღაც მოხდა და დედა რა გვეშველება… ნუ ეს მდაბიო და ქვითკიროვანი შეხედულებაც ვისი მოტანილია თავის დროზე?.. მე რასაც დავაკვირდი, ძირითადად ისევ ამ სფეროში დროებით მობანავე ვიღაც უნიჭო და შემთხვევითი ადამიანების. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთებს უბრალოდ არ აქვთ წაკითხული არც გარსია მარკესი, არც ფიოდორ დოსტოევსკი, არც ბორხესი, არც კამიუ და სარტრი, არც ჰამსუნი, არც რუსთაველი, არც ოთარ ჭილაძე და არც მილან კუნდერა, არც სოროკინი, პელევინი, მამლეევი თუ მილორად პავიჩი… რაღაც ძალიან იმატა ამ ბოლო დროს უწიგნური მწიგნობრების რიცხვმა საქართველოში. მე სხვა ნავში ვზივარ, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს და გვაცალეთ ბატონო…
    – ცოტა ხნის წინ ატეხილ აჟიოტაჟსა და ახლაგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნზე რომ ვისაუბროთ. ამგვარი სტარტი საზიანოა იმისთვის, ვინც მწერლობას აპირებს, თუ პირიქით?
    – ერეკლეს კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ნაკითხი, ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ნამდვილი და ძარღვიანი ლიტერატურული ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს. ჩვეულებრივ რეალობაში თუ კიდევ უფრო მეტს ნახავს და გადაიტანს, გაცილებით მეტი სიღრმე ექნება ყოველ მის დაწერილ ნაწარმოებს. ეს არა მხოლოდ მას, ყველა იმ დებიუტანტს ეხება, ვინც გარისკა თავში და ისეთ საპასუხისმგებლო და სახიფათო საქმეს მოკიდა ხელი, როგორიც მხატვრული ტექსტის წერაა. მე ერეკლეს გულით ვგულშემატკივრობ და ვიცი, საკმაო შინაგანი ენერგია აქვს საიმისოდ, გაუძლოს ბევრს – დაუმსახურებელ წიხლს თუ კუპრნარევ თაფლს, კიდევ უფრო იმუშავოს საკუთარ თავზე, გახსნას ის სიღრმეები რაც ბევრისთვის მთვარეზე ექსკურსიის ტოლფასია ხოლმე.
    – შენი ბოლო პროზაული კრებული “თაგვის გემო” ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტთა შორისაა. ამ პრემიის არსებობის მანძილზე შენ იყავი პირველი, ვინც საუკეთესო პროზაული კრებულების ნომინაციაში ეს პრემია აიღო. როგორ განვითარდა ამ წლების მანძილზე მწერალი ბესო ხვედელიძე? რა დაკარგა და რა შეიძინა მან. როგორია შენი ლიტერატურული სახელოსნო. როგორ წერ?
    – “საბა” საჭირო ლიტერატურული წამოწყება იყო. ის არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ქომაგი აღმოჩნდა, არამედ 90-იან წლებში ნავთის სუნზე და უშუქობაში დროგატარებული ერისთვის ახალ საუკუნეში მთავარ ლიტერატურულ გზამკვლელვად იქცა. მან ბევრ ავტორს, ბევრ კონკრეტულ წიგნს (და არა მხოლოდ გამარჯვებულს) გაუკეთა კარგი რეკლამა. ბევრი ხელჩაქნეული ადამიანი მიიყვანა კარგ წიგნთან და გადაატანინა რაღაც ძალიან პირადი ტკივილი. ზოგიერთთა ქილიკს ამ პრემიის მიმართ ალბათ მხოლოდ სუბიექტური ახსნა აქვს. უმრავლესობა მათგანი ხომ შინაარსობრივი არადამაჯერებლობის, ზერელეობის თუ კულუარულ ამბებში ჩაუხედაობის გამო ვერაფრით იქცა სიტყვაზე პრემიის ჟიურის მუშაობის პროფესიონალურ კრიტიკად და სერიოზულობამდე ოდნავადაც ვერ ამაღლდა. მე რაც შემეხება, შევიძინე ცხოვრების 7 წელი, უამრავი საინტერესო ადამიანი, წავიკითხე ბევრი კარგი წიგნი. მოვიარე რიგი ქვეყნები. ვწერ ყველგან სადაც მომიხერხდება – ტრანსპორტში, საწოლში, იატაკზე, წამოწოლილი, ზეპირად. ასევე ერთი აპრობირებული მეთოდი მაქვს მოთხრობებთან დაკავშირებით, რომლებიც თავში მწიფდებიან ისტორიებად – რაღაც ხნის შემდეგ მათ აუცილებლად ვუყვები ზეპირად ახლო მეგობრებს და ამით ვამოწმებ მათ დრამატურგიულ, კომპოზიციურ მდგრადობას. დაწერა უკვე სპორტი და უბრალო ხელობა ხდება, როდესაც იცი, თუ რა უნდა დაწერო. ჩემთვის ეგრეა და სხვა არ ვიცი როგორ წვალობს… ბოლო კრებულში, რომელიც აგერ “საბას” შორტ-ლისტში მოხვდა, 17 მოთხრობაა, რომელთაგან არცერთი არცერთ წიგნშია არაა შესული. ძირითადი ნაწილი დაიწერა ბოლო 2-3 წლის მანძილზე და ქვეყნდებოდა პერიოდიკაში. ჭრელი კრებული გამოვიდა, წინა კრებულთან შედარებით, სადა რაღაც გარკვეულ კონცეფციას ემორჩილებოდნენ იქ შესული ტექსტები. აქ ბევრი ნახავს თავის მოთხრობებს – სისხლი გინდა – ვედროებით, ბატონო… დიდი ღალატი, ნამდვილი სიყვარული, პარალელური სამყაროები, სიზმრების სამყარო, სექსი, მკვლელობები, გაუკუღმართებული ზნეობა და პატარკაცობა, მოსაფხიზლებლად გაწნული ალიყურები, ცრუ-პატრიოტიზმი და ძალიან ბევრი ფსევდო-თვისება – პერსონაჟები მეტწილად უარყოფითები, ანუ საუკეთესო მაგალითები – თუ როგორი არ მინდოდა არასდროს ვყოფილიყავი… ესაა და ეს.
    © Weekend

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – გივი ალხაზიშვილი

    თეონა დოლენჯაშვილი
    ტელევიზიას მწერლის გამოგონებაც შეუძლია და კარგი მწერლის არდანახვაც

    – ახლახანს ორი ახალი წიგნი გამოეცით. პოეტური კრებული და “მომავალი წარსული”, რომელიც ჩვენს რეალობას და უახლოეს წარსულს ასახავს…

    – თითქმის ნებისმიერი ინტერვიუ სახელდახელო საქმეა და ამავე დროს საჩოთირო, მეტადრე თუ საინტერვიო განწყობილება არ აქვს რესპონდენტს, მაგრამ განსაკუთრებულ ვითარებაში გამოავლენს თავს პოეტი. ცხადია, გოეთეს ეს სენტენცია არ გულისხმობს ინტერვიუს და მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა წერის პროცესში შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, კონვენციის სრულყოფილად ფლობის აუცილებლობა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, თითქმის გამოუვალ ვითარებაში, როცა ერთი ზუსტი სიტყვა ან სხვა რამ ხერხია მოსაძებნი და ვერსად პოულობ.
    გოეთეს ამ სენტენციაზე, ალბათ, კიდევ მოგვიწევს საუბარი, მაგრამ თუ გადამავიწყდა, შეკუმშულად აქვე მოგახსენებთ. დაწუნებულია ყოველგვარი კონვენცია ავტორთა დიდი ნაწილისგან, რადგან უკონვენციო სივრცე უკონტროლო თავისუფლებას ანიჭებს პოეტს, თუმცა თავისუფლებით მონიჭებულ უნაპირობას თუ უპასუხისმგებლობა და ნაკლული ნიჭი დაემატება, საქმე ეგრევე უკუღმა მიდის. კონვენციის ათვისება ძნელია, თან პროსოდიის ფლობას მუსიკალური სმენაც ესაჭიროება, ამიტომ იოლია ეგრევე უარი თქვა კონვენციურ “ჩხირკიდელაობაზე” და წერო თავისუფალი ლექსები. საკუთარი სისუსტის გასამართლებლად აუცილებელია კონვენცია გოიმობად გამოცხადდეს, ხოლო ვერლიბრი ნოვაციად მოინათლოს.
    სამოცდაათიან წლებში მეც ინტენსიურად ვწერდი არაკონვენციურ ლექსებს, ე.წ. რითმიანებსაც და ჩემთვის ამ ფორმების ფლობას არასოდეს ხელი არ შეუშლია, პირიქით საშემსრულებლო შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანდება.
    როგორც იქნა მივაღწიე შეკითხვამდე. “100 ლექსი” “ინტელექტმა” გამოსცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გამომცემლობის მესვეურებს. ამ წიგნის შედგენისას მივხვდი, როგორი უნდა იყოს მომავალი რჩეული, რადგან “100 ლექსი” მხოლოდ რჩეულის პრინციპით არ შემიდგენია. გავითვალისწინე ორმოცწლიანი დინამიკა; ე.წ. ჰერმეტული პერიოდი, ვერლიბრის აღზევების ხანა, კონვენციური ლექსის ნაირსახეობები, რამდენიმე ლექსი “ქაცვიას დღიურიდან” და ვერბლანის ციკლი, რომელიც გასულ საუკუნეში წამოვიწყე და ამჟამად უფრო ბუნებრივი და სტილისტურად მიმზიდველი გახდა ჩემთვის. ჰერმეტულ პერიოდში ვგულისხმობ იგავურ პოეზიას, ნახევრღიაობას და შეფარულ ანტისაბჭოთა რიტორიკას. წიგნში – “მომავალი წარსული”, რომელიც გამომცემლობა “სიესტამ” გამოსცა და აგრეთვე მადლობელი ვარ ამ გამომცემლობის, ამ თემებზეც ვწერ და აღვნიშნავ, რომ არსებობდა ორგვარი კონიუნქტურა – საბჭოური და ანტისაბჭოური. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ანტისაბჭოური კონიუნქტურაც შემზღუდავი და ხელისშემშლელი გახლდათ, თუმცა “100 ლექსში” რამდენიმე ლექსი მაინც შევიტანე, როგორც იმ ეპოქის ნიშანი.
    “100 ლექსი” მოიცავს ჩემი პოეტური სიცოცხლის ორმოცწლიან პერიოდს. “მომავალი წარსული” ამავე დროს ასახავს, ოღონდ მხატვრულ-დოკუმენტური პროზაა და ეს ორი წიგნი ერთმანეთს ავსებს.
    “მომავალი წარსული” თვალში არ მოუვიდა საბჭოთა ინტელიგენციას და მოწითალო ტიპებს, საბჭოთა დროს რომ მისტირიან, მაგრამ მე ამაზე ვერ ვიდარდებ და არც მენაღვლება ჩადუღაბებული ტვინები რას განიცდიან.

    – როგორია ჩვენი რეალობა და პოეზიის ადგილი ამ რეალობაში?
    – ჩვენი რეალობა ისეთია, როგორიც არის. ჩვენს სინამდვილეშიც უცვლელია : კეისარს კეისრისა, უფალს უფლისა.
    კეისარს კეისრისა და ზოგი გეისრისა. ასეთი ხუმრობაც არსებობს.
    პოეზიის ადგილი ამ რეალობაშიც არის, რადგან პოეზია, როგორც ნესტეროვი აღნიშნავდა რამდენიმე წლის წინათ, ყოველთვის პოულობს თავის ადგილს და გამოხატვის ფორმებს. თუ იმ ტირაჟებით აღარ გამოდის წიგნები, როგორც საბჭოეთში გამოდიოდა, სრულებით არ არის გასაკვირი. მაშინდელი ტირაჟები სინამდვილეს არ გამოხატავდა, ისევე ტყუოდა, როგორც მაშინდელი რეჟიმი.
    აბა, სად გაგიგიათ ოთხმოციათასიანი ტირაჟით გაყიდული და მეტადრე წაკითხული “ულისე”?! ეს მხოლოდ ჩვენში მოხდა საბჭოურ ხანაში.
    პოეზია და მისი მკითხველი ძალიან რთული თემაა და ამაზე სხვა დროს შეიძლება საუბარი. ერთს კი ვიტყვი – ვითომპოეზია, რომელიც სადღეგრძელოებსა და დღესასწაულებზე გამოდგებოდა “ტუშის” თანხლებით ან თუშის სანაცვლოდ, დღეს ნაკლებად ან სულ აღარ იწერება. ამ ტიპის “ვირშებზე” ჩვენში ახლაც არის მოთხოვნა და კიდევ “უწმაწურ ლექსებზე” ანუ კნინ შაირზე. სერიოზული და მაღალი დონის პოეზია ისედაც ცოტაა და თავის მკითხველი ყოველძთვის ჰყავს.

    – თქვენ მშვენივრად აფასებთ წარსულს, იმას რაც იყო და ამავე დროს ერთ-ერთი ის შემოქმედი ხართ, რომელიც განსაკუთრებით ახლოს დგას ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან. ამიტომ თქვენ ყველაზე უკეთ მოახერხებთ შეაფასოთ ლიტერატურის პოეზიის გუშინდელი და ხვალინდელი დღე. რა იყო, რა არის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
    – ამ სხვაობაზე უნებურად პირველ შეკითხვაში ვისაუბრე. სტილისტიკა მთლიანად შეიცვალა უახლეს პოეზიაში და მიიდრიკა თვითნასწავლობისა და ნაივურობისკენ, უარი ითქვა კონვენციაზე და პოეზია თავშესაფრად და მხოლოდ საკუთარი მეს გამოხატვის საშუალებად იქცა. ამან განაპირობა მკითხველისა და პოეტის დაშორება, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არ ვიცი, რამდენად აინტერესებს მკითხველს მთხზველის გაუთავებელი წუწუნი მის სულიერ თუ სექსუალურ პრობლემებზე… ამიტომ პოეზიის ერთი, უარესი ნაწილისთვის ლექსების წერა თვითმომსახურების ანუ ავტო-ფსიქო-თერაპიის საშუალებაა. მაგრამ ასე არ არის საქმე მთელ უახლეს პოეზიაში.
    არიან უაღრესად საინტერესო პოეტები ახალ თაობებში. მე მათ ყველას კარგად ვიცნობ, მაგრამ სიის ჩამოწერისგან თავს შევიკავებ, თუნდაც იმიტომ რომ ვინმე გამომრჩება და უნებლიეთ გულს ვატკენ, როგორც ეს უკვე მოხდა არაერთხელ.
    ახალ თაობებთან შესაძლებლობის ფარგლებში ვახლობლობ, ვეცნობი მათ შემოქმედებას და ეს ორმხრივად სასარგებლოა. არ უნდა არსებობდეს სრული გაუცხოება თაობებს შორის, მეტადრე ძველებსა და ახლებს შორის, რადგან ტრადიციის უწყვეტობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, რამდენად შევძლებთ კლასის შენარჩუნებასა და განვითარებას. ლიტერატურული სკოლები კარგახანია მოიშალა ჩვენში და მის სანაცვლოდ შეიქმნა “ინერციის მორჩილთა დასები”. ასე პირობითად ვამბობ იმათზე, ვინც არაფერს სწავლობს და არც აპირებს რაიმეს წაკითხვას და უკვე გენიოსის პრეტენზიები აქვს და მისი წარმოდგენით, იგი მკითხველი კი არა, მხოლოდ მწერალია.
    ახალგაზრდებთან ურთიერთობა “ცისკრიდან” დაიწყო. თამაზ ბაძაღუა, რუსუდან კაიშაური ანდრო ბუაჩიძე, ომარ თურმანაული, ელა გოჩიაშვილი, ბათუ დანელია, გიგი სულაკაური და სხვანი, ჩემზე უმცროსები იყვნენ და დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. სამოცდაათიანის მიწურულის და ოთხმოციანი წლების ამბებს ვიხსენებ. ხოლო 90-იან წლებში დამიახლოვდნენ ზვიად რატიანი, მალხაზ ხარბედია, გიორგი ლობჟანიძე, ლელა სამნიაშვილი, ხოლო მოგვიანებით ბესო ხვედელიძე, შალვა ბაკურაძე, სოფო კვანტალიანი, მადი სერებრიაკოვა, მაია სარიშვილი, დათო ქართველიშვილი. სიებს ვერ მოვეშვი და ვინმე დამავიწყდა, ალბათ, მექანიკურად, რისთვისაც მოვუბოდიშებ ყველას.. ახლა გიორგი კეკელიძის და დიანა ამფიმიადის, ნათია ნაცვლიშვილის, ეკა ქევანიშვილის, კატო ჯავახიშვილის, პაატა შამუგიას, სანდრო ლორთქიფანიძის, ვარადას და ქეთი თუთბერიძის თაობა გამოიკვეთა და თავის სიტყვას ამბობს.
    არიან შედარებით უფროსები ნატო ინგოროყვა, დარეჯან სუმბაძე, ნუციკო დეკანოზიშვილი, ზაზა ბიბილაშილი და გიორგი საჯაია.
    დროდადრო პატარა რეცენზიებს ვწერ ახალი თაობის მწერალთა წიგნებზე. თუ შედარებით ძველ პუბლიკაციებსაც გავიხსენებ ჩამონათვალი გაიზრდება და ბიბლიოგრაფიულ ცნობარს დაემსგავსება ეს ინტერვიუ. ვფიქრობ, ჩემი რეცენზიები და ესეები ერთ წიგნად შევკრა მომავალში და იქ გამოჩნდება მკაფიოდ რა დამიწერია რეზო ინანიშვილზე თუ თეონა დოლენჯაშვილზე და ა. შ.
    როცა სხვაობაზე ვსაუბრობთ ძველ და ახალ პოეზიას შორის, ძველში ვგულისხმობ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს, ყურადღებას იპყრობს ერთი უცნაური რამ – თუ ადრე პოეზია, პოეტი ორიენტირებული იყო ფართო მკითხველზე ან შედარებით ფართო მკითხველზე, ახლა პოეტი ნაკლებად უწევს ანგარიშს ფართო მკითხველს და ორიენტირებულია მოდის განმსაზღვრელ თემებზე, სტილისტიკაზე, ინტონაციებსა და მახვილებზე. Eეს დაკვეთები სუბკულტურული წრეებიდან მოდის და შერეულია ფსევდო-სნობურ გემოვნებასთან. ახლა კარგად “იყიდება” სიურელისტური ალუზიები და სუიციდის თემაზე შექმნილი რემინისცენციები. საერთოდ, ხშირად წავწყდომივარ ლიტერატურულ საიტებზე სუიციდის განდიდებას და ხოტბას. ეს თემა, საერთო ტენდენციები ცალკე უნდა გამოკვლიონ რიგ შემთხვევაში ლიტმცოდნეებმა, ზოგჯერ კი ფსიქოლოგებმა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ფსიქიატრებმა.
    კიდევ ვიმეორებ, მე ვსაუბრობ ავტორთა ფართო წრეზე და არა იმ საუკეთესო ნაწილზე, ვინც აქტიურად მონაწილეობს არა მხოლოდ ერთი თაობის, არამედ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში.

    – ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში იყო რამდენიმე ცდა გალაკტიონის შემდგომი პოეტური სივრცის განსაზღვისა. თუნდაც, ზაზა შათირიშვილის ცნობილი წერილი რომ გავიხსენოთ. თქვენი აზრით, რა ორიენტირები მოინიშნა ქართულ პოეზიაში და რა გზა უნდა აირჩიოს თანამედროვე ქართულმა პოეზიამ
    – რამდენიმე ცდაში თქვენ, ალბათ, გულისხმობთ გურამ ასათიანის ცნობილ სტატიას და როგორც აღნიშნავთ ზაზა შათირიშვილის გახმაურებულ წერილს. ზაზა შათირიშვილის წერილი აბსოლიტურად განსხვავდებოდა გაბატონებული “სტერეოტიპული სპისოკებისგან”, რამაც კულუარებში გამოიწვია მრისხანება და სასტიკი შეძახილები, რისი სუსტი ექოც გახლდათ მასთან თითქოს მოპაექრე თუ მოსაუბრე ავტორების გამოხმაურება”ლიტერატურა”-ში. სამწუხაროდ, დისკუსია არ გაიმართა, ვერ შედგა, რადგან ერთი ავტორის წერილი საკუთარი სიბრაზის დემონსტრირება იყო, ხოლო მეორესთან მსუბუქი საუბარი უფრო ფლირტს წააგავდა, ვიდრე ლიტერატურულ დისკუსიას, ხოლო ანდრო ბუაჩიძის ესეიც განაწყენებულ ინტონაციას ამჟღავნებდა, არაფერს ვიტყვი ქალბატონ ლალი ავალიანის წერილზე, მაშველი რგოლივით რომ ჩააწოდეს რომელიღაც განაწყენებულ ავტორს.
    სტერეოტიპის ხელისხლება ურთულესი საქმეა ჩვენში. არ დავიწყებ იმის გარკვევას სწორია თუ არა ზაზა შათირიშვილი?! ვიტყვი მხოლოდ ერთს: ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას სრული უფლება აქვს იარსებოს, ისევე, როგორც მოსალოდნელ, ახალ, განსხვავებულ და მკვეთრ შეხედულებას ქართულ პოეზიაზე.
    ასე რამ გაამწარა ეს ხალხი?! შათირიშვილმა რა, დეკრეტი გამოსცა თუ საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა პარლამენტში?! Gეს მისი აზრია . არა აქვს უფლება თავის აზრი ჰქონდეს.
    კარგახანია ქართული პოეზია გავიდა გალაკტიონის ჩრდილიდან და ეს ძალიან კარგია, რადგან ინერციისა და ეპიგონობის პერიოდი უნდა დასრულებულიყო. ამით, ცხადია, გალაკტიონს არაფერი დაკლებია, უბრალოდ, ქართული პოეზია სხვა გზით მიდის და მისი მკითხველიც ახალ პოეზიასთან ერთად ყალიბდება, თითქმის ჩამოყალიბდა.

    – იცვლება დრო და იცვლება ფორმები. ერთგან თანამედროვე ფანკლუბებსა და სუბკულტურულ თავშესაფრებზე წერდით. ერთგვარ პოეტურ სექტებზე და მათ მიმდევრებზე… საჭიროა თუ არა მათი არსებობა პროცესისთვის?
    – თანამედროვე მსოფლიოში სუბკულტურული ურთიერთობები დამკვიდრდა და
    ჩვენშიც ჩამოყალიბდა სპონტანურად რამდენიმე სუბკულტურული ჯგუფი. ეს გარდაუვალია, სუბკულტურა თან სდევს ლიტერატურის ფრაგმენტაციის პერიოდს, რომელიც კარგახანია ჩვენშიც დაიწყო. Fფან-კლუბები არსებობენ ასევე სპონტანურად, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, როგორც უნდა იყოს, მხოლოდ ასწორებს, მაგარია და მევასებას დონეზე. ვისაც ვინ უნდა ის უყვარდეს, აიკვიატოს, დაიზეპიროს, საწოლთან სურათი დაიკიდოს და წარმოსახვაში რაც უნდა ის უყოს, ეგ ჩემი საქმე არ არის, რადგან იქ არ ჭაჭანებს სერიოზული ლიტერატურა და ცოდნა და ამიტომ არც მაინტერესებს.
    ლიტერატურული სექტა ვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არაა აუცილებელი ლიტერატურული სკოლების მიღწევებს ფლობდე ან აითვისო და ნულიდან არის შესაძლებელი ახალი პოეზიის შექმნა, ისე რომ ძველი მიღწევების ათვისება, ცოდნა არ არის აუცილებელი. Aამიტომაც, ისინი მხოლოდ თვითნასწავლობას ანიჭებენ უპირატესობას და კონვენციას რუტინად ნათლავენ, რადგან თვითონ ვერაფერს გახდნენ კონვენციასთან და უნაგირი დაამტვრიეს, ხოლო დაუძლეველი კონვენციის ალტერნატივად და ნოვაციად ესახებათ მხოლოდ არაკონვენციურობა ანუ სრული თავისუფლება. ეს მარტივი სქემა ზარმაც მოსწავლეებს თავის გასამართლებლად სჭირდებათ. ასე იქცა ვერფლობა ნოვაციად და ფლობა გოიმობად.
    ამერიკულ უნივერსიტეტებში არსებული ლიტერატურული ჯგუფები კარგახანია დაინტერესდნენ იმ ლიტერატურული სკოლებით გასული საუკუნის დასაწყისში რომ არსებობდა და ახლა სწავლობენ მათ მიღწევებს და განვლილ გზებს. აქ, ჩვენში, ამის სწავლა არ არის საჭირო, რადგან თვითნასწავლობა და ნაივურობაა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი და საკმარისია.
    სამოც წელს რომ გადავცდი, მივხდი, რომ კამათი უაზრობაა და აღარ ვკამათობ. არ ვაციტირებ, უბრალოდ, მეხსიერებაზე დაყრდნობით ვიხსენებ კონფუცის ნააზრევს. ვიმეორებ ამ სიტყვებს და ვაღიარებ, რომ აღარ მინდა არავითარი კამათი და ვისაც რა უნდა ის წეროს. დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ნიჭი არ იკარგება. თუ ცოტას მიეშველები გზის გაკაფვაში, ამას რა ჯობს. მგზავრმა თუ ვიწრო გზა მიატოვა და ფართო გზებზე მოისურვა ბოდიალი, თვითონვე დაზარალდება. რაც მწერლობაში დაუშვებელია და საშინლად ამაზრზენია გამუდმებული კომპრომისების შეჩვევა, გაიოლებული გზების ძიება და გაძრომა-გამოძრომა. ჩალიჩში მწერალი კვდება, ნადგურდება საბოლოოდ.
    როგორც ჩანს, ბაზარსაც უნდა გაუწიოს ანგარიში მწერალმა, უნდა შეძლოს არსებულ რეალობაში მკითხველის მოპოვება და საინტერესო წიგნის შექმნა.
    – ტელევიზიის მიერ შექმნილ მწერლებსა და პოეტებზე რას იტყვით?
    – ჩვენში, სხვაგანაც, ტელე-რეკლამები ქმნიან სახელებს და აპიარებენ წიგნებს. ტელევიზია განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებსაც და რა გასაკვირია, რომ ტელევიზიას მწერლის გამოგონებაც შეუძლია და კარგი მწერლის დანახვაც ან არდანახვა?! აქ კი ჩვენი ჟურნალისტები მხოლოდ ცნობად სახეებს დასდევენ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ თანამედროვე მწერლობაზე.
    მახსოვს იყო საუბარი საზოგადოებრივ არხზე ცალკეულ წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას შესწეოდნენ უფასო რეკლამებით. ეს პრეზიდენტის იდეა გახლდათ და რამდენიმე მწერალთან ერთად ბატონმა კულტირის მინისტრმაც მოისმინა. ვიმედოვნებ ამ წინადადების შესრულება შეუძლებელი არ არის და ვისავ ეხება გაიხსენებს.
    – მხოლოდ ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და როგორც ჩანს, ძალიან ადრე დავკარგე პოეტური ბუნება და პროზაული ადამიანი გავხდი. ამიტომ შეიძლება ბანალურად, ან უჩვეულოდ მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვა. მაგრამ მაინც… როგორ ხდება ეს – დაწერო ლექსი? შექმნა მაღალი პოეზია. და არა თუ დაკარგო, არამედ გაამრავლო და გააღრმავო ის სიყვარული, რაც უმთავრესი მასალაა პოეზიისთვის.
    – რატომღაც დავუკვირდი, რომ შენ უფრო ხშირად კამერულ პოეზიას იწონებ, ლირიკულ ინტონაციებს მიაგებ პატივს. ამას მივხვდი იმ ლექსების მიხედვით, რომელიც შენ მოგწონდა საიტზე. მრავალი ავტორის ლექსს ვგულისხმობ და არა რომელიმე ერთი პოეტის შემოქმედებას. ეს სავსებით გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მარტივად გიპასუხებ: რადგან სიყვარულსა და პოეზიას შორის ტოლობის ნიშანი დასვი, იქით შეგეკითხები: სიყვარული ხომ განახლებადი და მრავალჯერადია?! ასეა პოეზიაც.
    – ასეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ პოეტური ცხოვრება მუდმივად რაღაც განსაკუთრებულ ემოციურ ტალღაზე არსებობაა. პოეტი მღელვარე, მუდმივად შეყვარებული, ახალი ემოციით, ხმით, ფერით, ამბით სავსე უნდა იყოს. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ყოველივე ეს?
    -შეიძლება გამოირჩეოდეს ენამახვილობით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით, გადამდები სიყვარულისკენ სწრაფვით და ა. შ. მაგრამ ამ თავგადასავლებში ლეგენდებიდან უფრო მეტია მოხმობილი, ვიდრე რელობიდან. საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სტრეოტიპი, მითოსური ნარევი, პანთეონური ლეგენდები და ა. შ. ოცდამეერთე საუკუნეში
    მხოლოდ ღიმილს იწვევს.
    – “ჩემი დრო მიდის, შენი დროც წავა
    მოვა სხვისი და ისიც გაქრება
    ამაოების უძველეს წამალს
    ვსვამ დღეში სამჯერ,
    ვერ ინამქრება…”
    შემოქმედებაა ამაოების წამალი?

    – დიახ, შემოქმედება ამაოების ნაყოფი თუ ნაწილია და ამავდრულად წამალი. Mმგონი გაუგებრად ვსაუბრობ… ამის ახსნას ერთი წმიდა მამის კომენტარით შევეცდები: ამაოება უკეთესი მომავლის იმედია. როგორ არის ამაოება უკეთესი მომავლის იმედი, ამაზეც არსებობს პასუხი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს და სხვა დროს ვისაუბროთ.
    – შეგვეძლო ლექსის ციტირების გაგრძელებაც, სადაც ანკლავების “ამპუტინებაზეა” საუბარი..
    – შეგვეძლო, მაგრამ თქვენ არ ჩათვალეთ საჭიროდ. რაც შეეხება ანკლავების “ამპუტინებას,” ჩემი ღრმა რწმენით, დროებითი მოვლენაა და ამ ლექსმაც აირეკლა, როგორც ავი სიზმარი.

    © Weekend