-
-
მალხაზ ხარბედია – ჯონ მაქსველ კუტზეე, სირცხვილი (1999)
-
მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის ჩანაწერები
გამომცემლობა “ინტელექტმა” ოთარ ჭილაძის ჩანაწერები გამოსცა ცალკე წიგნად. “ცა მიწიდან იწყება”, ასე ჰქვია მოზრდილ ტომს, რომელიც მწერლის 1955-2009 წლების დღიურებს მოიცავს. კრებული მწერლის ძმამ, თამაზ ჭილაძემ შეადგინა.
“ინტელექტის” ამ ახალ სერიას “ჩანაწერები” ჰქვია, და მის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე სამი წიგნი გამოვიდა – ოთარ ჭილაძის, ბაჩანა ბრეგვაძისა და ტარიელ ჭანტურიას უბის წიგნაკები. სერია ოთარ ჭილაძის რვეულებმა გახსნა და დღესაც სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრებთ, წიგნზე, რომელსაც ძალიან ელოდა ყურადღებიანი ქართველი მკითხველი.
ასეთი მოლოდინი ყოველთვის დიდ რისკთანაა ხოლმე დაკავშირებული, დიდია ინტერესიც, ინტერესი ახლის გაგების, საყვარელი მწერლის ახლიდან აღმოჩენის, სხვა მხრიდან დანახვის სურვილი. რისკიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ მკითხველმა შესაძლოა ნაცნობი მწერლისგან სრულიად განსხვავებული, რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც ვერ მოერგება მკითხველში არსებულ, უკვე ჩამოყალიბებულ ხატებას. თუმცა უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ჩანაწერები მწერლის შემოქმედების გაგრძელებაა ხოლმე, ძველი კითხვების გამეორება ახალი პასუხებით, ანდა ახალი კითხვებისთვის გამოძებნილი დიდი ხნის წინანდელი პასუხები.
რეალურად ნებისმიერი ასეთი ჩანაწერები მწერლის შემოქმედებაა, მისი ნაწილია, უბრალოდ ერთია, ეს ნაწერი ხან გავს კარგად ნაცნობ მწერალს, ხანაც არა. ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ამ მხრივ ოთარ ჭილაძისვე ნაწერებს აგრძელებს და ყურადღებით თუკი წავიკითხავთ, მწერლის შემოქმედებით გზასაც გავადევნებთ თვალს.
მაგალითად, მისი ადრეული ჩანაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო “პოეტურია”, მეტია გარემოზე დაკვირვებები, ე.წ. ყოფის პოეტიზაცია. აქ “სხივები იჩეხებიან არაგვისა და მტკვრის ხეობებში”, სიღნაღიდან კი “უსასრულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბლებში ცუდად დამალულ კავკასიონს”, შამილი “ამბოხებული ღრუბელია”, წვიმა კი კართან ისე გეგებება, როგორც “ფინიშთან მირბენილ სპორტსმენს ტაში”. გვიანდელ ჩანაწერებში მეტია წუხილი, ხმამაღალი ფიქრები და რისხვაც კი, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი წარსულის, ჯანმრთელობის, ყოფის გამო. წიგნში ძალიან ბევრი საოცარი ძალის პოეტური ფრაგმენტია გაფანტული, აქ ყველაზე მკაცრ გამონათქვამებს უფაქიზესი ისტორიები ცვლის, მწარე-მწარე სიტყვებს კი სითბო და სინანული.
ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, თავად მწერალზე გაიგებთ. ოთარ ჭილაძე, ისევე როგორც ყველა, ვინც დღიურებს მოჰკიდა ხელი, პირველ რიგში თავის თავზე გვიყვება, მაგრამ ოთარ ჭილაძის ქვეყნის გამო დარდი და წუხილი იმდენად ღრმაა, რომ დღიურების ინტიმურობა მთლიანად ეწირება ამ ნაღველნარევ ან ბრაზიან ფიქრებს. ასეთმა განცდებმა ოთარ ჭილაძეს უმნიშვნელოვანესი აზრები ჩააწერინა თავის რვეულებში. მხოლოდ ორის დამოწმება იკმარებდა:
“ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა”.
ანდა:
“რასაც ამ ფაცი-ფუცში მოვიპოვებთ, მალევე დავკარგავთ. რასაც ამ ფაციფუცში დავკარგავთ, ვეღარასოდეს მოვიპოვებთ”.
თანამედროვე, უფრო სწორად კი, დღევანდელ საქართველოზე ასეთი ზუსტი გამონათქვამი ბოლო წლების მანძილზე არ შემხვედრია. მწერალი ბევრს ფიქრობდა ამაზე, ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს უკვე თავიანთი ქვეყანა მობეზრდათ, მობეზრდათ ქართველობა, თავიანთი ქვეყნის მომავალიც კი მობეზრდათ. მთელი წიგნის მანძილზე იგი ძალიან მკაცრად აფასებს ქართულ ემიგრაციას, განსაკუთრებით პირველი თაობების ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობას.
ოთარ ჭილაძე სულ მუდამ უბრუნდება ქართულ მწერლობას, მწერლის ხელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის წარსულსა და მომავალს. იგი წუხს, რომ რატომღაც ნებისმიერი მწერლის წარმატება საერთოა, ამ შემთხვევაში ზოგადად მწერლობა იმარჯვებს და ყველა ხდება ამ გამარჯვების თანაზიარი, მარცხი კი პირადულია და მწერლურ დამარცხებას მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერალი უნდა გაუმკლავდეს. რვეულებში შეხვდებით ჩანაწერებს საკუთარი რომანების შესახებ, ვრცელი და საკმაოდ კრიტიკულია მისი შენიშვნები მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო სცენარზე ფილმისთვის, რომელიც მისი რომანის მიხედვით, “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” მომზადდა. ასევე არაერთხელ ახსენებს იგი ამათუიმ ნაწარმოებს, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ საუბარია ხან “აველუმზე”, ხანაც “გოდორზე”…
ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო წიგნში თბილისური პასაჟების აღმოჩენა. აქ 40-იანი წლების თბილისიც ცოცხლდება და 60-იანებისაც, უფრო მძიმეა XXI საუკუნის თბილისური სურათები. მწერალი იხსენებს:
“ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურაღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ – პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი, იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით”.
უკვე 1994 წელს კი გულდაწყვეტით წერდა ზუსტად იგივეზე, როდესაც ერთ-ერთ ბნელ თბილისურ სადარბაზოში ხელისცეცებით შესულს რომელიღაც სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა: “აშკარად ბავშვი უკრავდა, ალბათ სანთლის შუქზე”.
შესანიშნავია ადიდებული მტკვარის ამბავი, ახალგაზრდა მწერალი აღფრთოვანებული აღწერს მოვარდნილ მდინარეს. ბოლო წლებში კი ოთარ ჭილაძე ხშირად გაჰყურებდა ხოლმე მდინარე ვერეს ხეობას, თანამედროვე თბილისის მთავარ წყლულს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე საბოლოოდ გაიწირა, და იმის ნაცვლად, რომ მის განკურნებაზე გვეზრუნა ან ზრუნვაში ხელი შეეწყოთ, მდინარე თითქმის მთლიანად დაიმარხა. ოთარ ჭილაძე ვერ მოესწრო ამ დასაფლავებას, სამაგიეროდ 2007 წელს ასეთი რამ ჩაუწერია:
“ვერეს ჭალაში მალე, ძალიან მალე ჩაჭკნება დღეს მწვანედ მოხასხასე და მოცახცახე ფოთოლი. კვლავ გამოჩნდება შიშველ ტოტებზე მოკონწიალე ათასნაირი ძონძი და ცელოფანის პარკები… ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, ამ პატარა ჭალაში, სამალავია ჩვენი, დროებით დაკარგული თვალისჩინისა და გონისა. შევინარჩუნოთ როგორმე ეს ბუნებრივი სიმწვანე, რომ განვიწმინდოთ თავადაც, თუკი ამის დროც მოვა”.
რვეულებში ბევრი სიზმარია, ისევე, როგორც ჭილაძის პროზაში და ლექსებში. ხანდახან არცაა მითითებული, რომ მწერალი სიზმარს გვიყვება. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას მშობლები დასიზმრებია და შემდეგ ჩაუნიშნავს: “საოცარია, გერმანიაში იხილო ისინი, ვინც დიდი ხანია მშობლიურ მიწაში განისვენებს”.
ბოლო 20 წლის მაძილზე მწერალი ძალიან დამძიმებული იყო სხვადასხვა გარემოებებით. საქართველო, ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილზე გამუდმებული ფიქრი და რაც მთავარია, საკუთარ უიღბლობაზე ჩივილი. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ რადგან მისი “აველუმის” გერმანულ ენაზე გამოსვლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავია, შეიძლება წიგნი სწორედ ამიტომაც არ გამოვიდეს. იგი დარწმუნებულია, რომ ოთარ ჭილაძის დრო არასდროს დადგება საქართველოში, ხოლო საფრანგეთში თავისი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით წერს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ საერთოდაც უარი თქვას წიგნზეო.
ბოლოს მინდა ისევ ქვეყნის სატკივარს დავუბრუნდეთ, რადგანაც ოთარ ჭილაძის ფიქრი მუდამ ამ ქვეყანას დატრიალებდა და 1990 წელს ჩაწერილი ერთი პატარა აბზაცით დავამთავრო. ვიცი, ეს სიტყვები ცოტა ხანს მაინც დაგვაფიქრებს:
“ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!”
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – აკაკი წერეთლის უცნობი პუბლიცისტიკა
ლიტერატურის ინსტიტუტმა ფართო მკითხველისთვის აქამდე უცნობი, ბოლო ათწლეულების მანძილზე გამოვლენილი აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილების კრებული გამოსცა.
რა თქმა უნდა, აკაკი ქართველი მკითხველისთვის პირველ რიგში პოეტია და მხოლოდ შემდეგაა იგი პროზაიკოსი და მის შემოქმედებაში პუბლიცისტიკასაც მოზრდილი ადგილი უკავია, თუმცა აკაკის გახსენებაზე არავის ახსენდება მისი ბასრი სტატიები, ისე, როგორც ეს ილიას შემთხვევაში ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის აკაკის პუბლიცისტიკა ახლიდან აღმოსაჩენია, განსაკუთრებით კი ახლად აღმოჩენილი ტექსტები. წიგნი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა აკაკის ნაშრომების პირველი ტომის პარალელურად გამოსცა, უცნობი აკაკიც შეიძლებოდა ეწოდებინათ, რომ არა 9 წლის წინ გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნი. მაშინ წიგნზე იუზა ევგენიძემ და ნანა ფრუიძემ იმუშავეს, 2010 წლის ბოლოს გამოცემულ კრებული კი ნანა ფრუიძის გარდა ჯულიეტა გაბოძემ და ელისაბედ ზარდიაშვილმა შეადგინეს.
ლიტერატურათმცოდნე ვანო ამირხანაშვილის აზრით ამ კრებულში ჩვენ განსხვავებული აკაკი შეგვიძლია დავინახოთ:
“აქ მართლაც განსხვავებულ აკაკის ვხედავთ და მოდით ვნახოთ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება: უცნაური ის არის, რომ ლირიკოსი პოეტი ამ კრებულში საქმიან რაციონალისტად წარმოგვიდგება და აკაკი თითქოს რაღაც არამოდურ მდგომარეობაშია. მას უწევს სხვადასხვა თემაზე წერა. სხვადასხვა ჰიპოსტასში ვხედავთ მას, სხვადასხვა სახესხვაობით. ჩვენს წინაშეა აკაკი პოლემისტი, აკაკი ლიტერატურის ანალიტიკოსი, აკაკი თეატრმცოდნე, აკაკი ფოლკლორისტი, აკაკი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, სოციოლოგი, აკაკი ბიზნესმენიც კი”.
კრებული ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, სადაც გადანაწილებულია წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის პრობლემებზე, წერილები საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. აკაკი ჭიათურის შავ ქვაზეც წერდა და თეატრზეც, სომხურ-ქართულ პრობლემებზეც და ჭიდაობაზეც. და რაც მთავარია, აკაკი, ილიასთან და სხვებთან ერთად, ქმნიდა იმდროინდელი პუბლიცისტიკის, კრიტიკის, ანალიტიკის ენას. ვანო ამირხანაშვილი აკაკის კრიტიკულ ტექსტებს სტრუქტურულად სამ ნაწილად ჰყოფს:
“როგორია XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასასრულის პუბლიცისტური ნაკადი და საერთოდ, აკაკის პუბლიცისტიკა. სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის სტილისტური სახესხვაობა. 1. ერთგვარი ზოგადი შესავალი, უვერტიურა, რომელშიც მინიშნებულია მთავარი თემა და წერილის დედააზრი. 2. შუა ნაწილია, ანუ ძირითადი თემის გაშლა, სადაც აკაკი ინდუქციის მეთოდს მიმართავს, ანუ კონკრეტული, კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნა გამოაქვს. და 3. ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან აკაკის ყოველთვის მოკლე ფინალი აქვს ხოლმე, ეფექტური დასასრულით, თუმცა ხშირად იგი არც ამთავრებს სტატიას, არა აქვს საკვანძო ფრაზა, და რაღაცნაირი Non finito-ს ვარიანტს გვთავაზობს. მისი ეს სტილი ამ მხრივაც საინტერესოა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც, მისი სტილის საერთო ნიშანი არის უბრალოება, უშუალობა და აზრის სიცხადე, რითაც ჩვენ აკაკი მოგვწონს ხოლმე და რითაც იგი ყოველთვის ასე ცნობილი იყო”.
რა თქმა უნდა, აზრის სიცხადე ერთ-ერთი დამახასიათებელია მაშინდელი პუბლიცისტიკისა, მაგრამ აკაკისთან ხატოვან და მრავალსიტყვა აბზაცებსაც არაერთხელ შეხვდებით. ესეც XIX საუკუნის კრიტიკული აზროვნების ნიშნად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნიშნად, რომელმაც უკვე XX საუკუნეში და ნაწილობრივ ჩვენს დროშიც, განსაკუთრებით კარიკატურული ფორმა მიიღო. აი მაგალითად, როგორ იწყებს აკაკი თავის ერთ-ერთ პოლემიკურ წერილს:
“ჯერ კიდევ ისევ აშლილი აქვს საჭორიკანაო საღერღელი “ნაცარქექიებს”: ფუსფუსობენ და ბზუიან!… ხან ერთი გამოილაშქრებს ხოლმე ჩემკენ საწინააღმდეგოდ დიდგულის თოფითა და ხან მეორე. ისლისა და ჩალის მშვილდ-ისრით ცდილობენ ჩვენს დაფრთხობას… იმ ერთი გოჭისა არ იყოს, კუდი რომ გაიბზიკა და ჭყიოდა: “მეც ნახირ-ნახირაო!” – ამათაც თავი რაინდათ მოაქვსთ და ვერ მიმხვდარან, რომ “ცირკობანაობას” კი თამაშობენ. ცირკში რომ ოჩაფეხაზედ შემდგარი, ცხვირპირგამურული, კლოვნი გამოიპამპულებს, სხვა მისი ამხანაგებიც თანვე მოგანგაშედ მისდევენ ხოლმე და ტაშის კვრით ამხნევებენ, ეგებო ქანდარა როგორმე გავაცინოთო!”
გარდა ამისა, აკაკის ნაწერებში გვხვდება შემაძრწუნებელი სიძლიერისა და სიზუსტის ფრაგმენტები. მაგალითისთვის მხოლოდ ერთი მოკლე სიტყვა იკმარებდა, რომელიც მან უცნობი ქალბატონის დაკრძალვაზე წარმოთქვა:
“…დღევანდელ ობლად მიცვალებულს არ დარჩენია არც ქმარი და არც შვილები და გლოვარება ეკუთვნის პირადად მას… მის საკუთარ ღირსებას, და მეც ამ მისმა პირადმა ღირსებამ მომიყვანა ამ სიშორეს, რომ მის პირადობას თაყვანი ვსცე!”
ვანო ამირხანაშვილი აკაკის პუბლიცისტიკის თავისებურებების განზოგადებისას აღნიშნავდა:
“ამავე დროს შეიძლებოდა განზოგადებაც. ანუ აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორია XIX საუკუნის პუბლიცისტიკა. ჩვენ ვიცით, რომ XIX საუკუნეში ქართველ მწერალს უხდებოდა უამრავი შავი სამუშაოს შესრულება, იმიტომ, რომ სააზროვნო სისტემა, რაც ქვეყანას ჭირდებოდა, არ იყო ჩამოყალიბებული და 60-იანელებმა, თერგდალეულებმა დაიწყეს გადახალისება ამ სისტემის და ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის მეთაურობით ეს მოახერხეს კიდევაც”.
მისი აზრით, XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ეს მრავალსახოვნება გაჭირვებით იყო გამოწვეული, არადა დღეს პირიქითაა, როდესაც მთელს მსოფლიოში მწერლები საზოგადოებრივ თუ ლიტერატურულ-კრიტიკულ საკითხებზეც ბევრს წერენ, ქართველი მწერლები ყველაზე მეტად პასიურობენ ამ თვალსაზრისით:
“მე წეღან აღვნიშნე, რომ აკაკი სხვადასხვა ჰიპოსტასში წარმოგვიდგება, სხვადასხვა მრავალსახეობით, როგორც მოაზროვნე, როგორც სოციოლოგი, როგორც ეთნოგრაფი, პოლიტიკოსიც კი… და ეს გასაჭირია და არა დალხინება ქართული მწერლობისა, სხვათა შორის… გაჭირვებისა იყო ეს, რომ ყველა თემაზე უხდებოდა მწერალს წერა. იგი ვერ იცლიდა იმისათვის, რომ ეწერა მხატვრული ნაწარმოებები და უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე, ვთქვათ, პუბლიცისტიკა. პუბლიცისტიკით არ იქმება მწერლის მიერ ისეთი სინამდვილე, როგორიც მხატვრული შემოქმედებით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის 20 ტომიდან, რომელიც ახლა გამოიცემა, 18 ტომი არის პუბლიცისტიკა და მისმა მხატვრულმა ტექსტებმა მხოლოდ 2 ტომი დაიკავა”.
და ბოლოს, რეალურ გაჭირვებას რაც შეეხება, არა ქვეყნის გასაჭირს, ადამიანურ რესურსებს და ა.შ. არამედ პიროვნულ გასაჭირს, მატერიალურ სახსარს. აკაკიმ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა 1908 წელს, როცა მას სიზარმაცე უსაყვედურეს, აქაოდა ცოტას წერო. მაშინ აკაკიმ თავისი პირობებიც წამოუყენა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს:
“1. ჩემი ნაწერები საზოგადოდ ხელშეუხებელი უნდა იბეჭდებოდეს რედაქციის მხრით და რაშიც არ მეთანხმება, იმას შენიშვნა გაუკეთოს. 2. მოკლე ლექსებში სტრიქონში თითო აბაზს ვიღებ და პოემებში ორ-ოლ შაურს. 3. პროზაში საერთოდ თითო შაური, მაგრამ ეკონომიურად კი ნუ სბეჭდავენ და მაშინ მეც იძულებული აღარ ვიქნები, რომ სხვაგვარი სამუშაო ვეძიო!”
სხვათა შორის, ქართული მწერლობის მაშინდელი და დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი, სწორედ აკაკის ამ მოკლე განცხადებით შეიძლება რეზიუმირდეს.
© radiotavisupleba.ge
-
მალზახ ხარბედია – თამთა მელაშვილის "გათვლა"
გამომცემლობა “დიოგენემ” თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნი, “გათვლა” გამოსცა, ვრცელი მოთხრობა, რომელიც თამამად შეიძლება წლის მოვლენადაც მივიჩნიოთ.
თამთა მელაშვილის “გათვლა” ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია და ბოლო 15-20 წლის მანძილზე მე ვერ ვიხსენებ ასეთ სერიოზულ დებიუტს. იყო ძალიან ნიჭიერი, მახვილგონივრული ან ოსტატური დებიუტები, მაგრამ ასეთ თანმიმდევრულსა და სულისშემძვრე, იშვიათად. ესაა წიგნი ომის შესახებ, სადაც არც ერთი გასროლის ხმა არ ისმის, სადაც სულ რამდენიმე ზარმაცი მეომარი ჩანს, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მთელი თავისი სიმძაფრით გვაჩვენებს ომის საშინელებას, რადგან საქმე ბავშვებს ეხება. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამით, მას სურდა ომის მეორე, დაფარული მხარე ეჩვენებინა:
“ომი ზოგადად აღიქმება პოლიტიკოსების და სამხედროების საქმედ, ანუ მამაკაცების საქმედ. ამ ტექსტით კი მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობს ომის მეორე, დაფარული მხარეც, ანუ ქალებისა და ბავშვების გამოცდილება, ჩვეულებრივი ადამიანების გამოცდილება კონფლიქტის ზონაში ან ომში. და მე მინდოდა დამენახვებინა, რომ ეს მეორე მხარე, თავისი ტრაგიკულობითა და სიმძაფრით არანაკლებია, ვიდრე პირველი, უშუალოდ ფრონტის ხაზი, სადაც უშუალოდ სამხედროები და პოლიტიკოსები არიან ჩართული.”
ცხადია მკითხველი პირველ რიგში სამაჩაბლოზე და 2 წლის წინანდელ ომზე გაიფიქრებს და მართალიც იქნება, რადგან თავად თამთასთვის იყო ეს ომი წიგნის მთავარი იმპულსი, თუმცა დაასრულებთ კითხვას და მიხვდებით, რომ ამბავიც და პერსონაჟებიც სცილდებიან ერთი კონკრეტული ომის ფარგლებს. ჯერ ერთი, მოქმედება ქალაქში ვითარდება, რომელიც არც ცხინვალია, არც ახალგორი და არც გორი, აქ არც ქართლური აქცენტით ლაპარაკობენ, გვარებიც სხვადასხვა კუთხისაა, სახელები კი უცნაური, მთავარი გმირებისა – ხაზგასმით თბილისური, უფრო სწორად კი, კარიკატურულად, საწყლად თბილისური. ავტორმა ერთი მცირე ჩანაფიქრიდან ვრცელი მოთხრობა გადმოადნო, სადაც გამაოგნებელი სიზუსტითაა აღწერილი გრძნობები, ფიქრები და საუბრები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თითქმის მთლიანადაა დაცლილი სენტიმენტებისგან:
“იდეა დიდი ხანია მქონდა, ეს ტექსტი თავიდან ძალიან მცირე მოთხრობა იყო, რომელიც სასტიკად არ ვარგოდა. იდეა ძალიან მომწონდა და ვგრძნობდი, რომ უნდა განმევრცო ეს ტექსტი, რათა მართლა კარგი და ეფექტური რაღაცა გამოსულიყო. და ამ სახით ტექსტი წლევანდელ ზაფხულს დაიწერა, მქონდა თავისუფალი დრო და შესაბამისად საშუალება მომეცა, რომ დავმჯდარიყავი და მემუშავა. წინა მოთხრობებს ყოველთვის რაღაც აფექტურ მდგომარეობაში ვწერდი, დავჯდებოდი და უცებვე ვწერდი, ამჯერად კი აბსოლუტურად გააზრებული ტექსტი დავწერე, რომელზეც თვეების განმავლობაში ვიჯექი და ვშრომობდი. მანამდე არასდროს მეგონა, თუ ასე შეიძლებოდა ტექსტი დაწერილიყო, იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მუზა უნდა მოგივიდეს, რომ დაწერო, აქ კი, უბრალოდ ვიჯექი და და ვმუშაობდი”.
ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამთა მელაშვილმა პირველად ამ ზაფხულს იგრძნო რას ნიშნავს იყო მწერალი. ეს დიდი ბედნიერებაა არამხოლოდ მწერლისთვის, არამედ გამოცდილი მკითხველისთვისაც, რომელიც ხედავს, ამჩნევს თუ როგორ იბადება მწერალი და რაც მთავარია, თავად მწერალი არ მალავს ამას, არ გაჩვენებს თავს, არამედ გულახდილად გეუბნება.
თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, “გათვლა” სერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი. ჯერ ერთი, თხრობის ოსტატობა -დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ქართველი ნარატოლოგები არაერთხელ მიაკითხავენ ამ პატარა ტექსტს ზოგიერთი ხერხის ილუსტრირებისთვის, თუმცა ეს არაფერია თამთას დრამატურგიულ ალღოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ყოველ თავში ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაზე არსებითი შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, ანუ ტემპერატურა თხრობისას არასდროს კლებულობს, პირიქით, მატულობს და ყოველი მომდევნო სცენა სულ უფრო ნაკლებ დროს და ადგილს გიტოვებს ამოსუნთქვისთვის – ასეთია დაუმარხავი მკვდარის ამბავი, დაღუპულების ტანსაცმლის დაწვის, ეპილეფსიის სიმულაციის და სხვ. სცენები, რომელიც ნაწარმოებს ერთ მხურვალე მთლიანობად აქცევენ.
თამთა მელაშვილმა, ჩემი აზრით, კარგ დროს დაიწყო წერა. იგი 31 წლისაა, ბევრის აზრით კი ეს ასაკი საუკეთესო პერიოდია პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი აზრების და გრძნობების გადმოსაცემად, პროზაში გადმოსაცემად. თამთა 1979 წელს დაიბადა ამბროლაურში, სკოლაც იქვე დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მალე აღმოაჩინა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. მუშაობდა რამდენიმე ადგილას, 1 წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და სულ ახლახანს კვლავ ევროპაში ჩავიდა, ამჯერად ბუდაპეშტში, რათა მაგისტრის ხარისხი მიეღო და გენდერული კვლევების სპეციალისტი გამხდარიყო. წერდა ბავშვობიდან, თუმცა თავად მიაჩნია, რომ სერიოზულად წერა მხოლოდ გერმანიაში დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა literatura.ge-ზე გარეგისტრირდა:
“წერა გერმანიაში დავიწყე და არა იმიტომ, რომ ნოსტალგია შემომეძალა, არამედ მოწყენილი პერიოდი მქონდა. დამთხვევაც მოხდა, სწორედ მაშინ დავრეგისტრირდი ლიტერატურულ პორტალზე literatura.ge. ალბათ რაღაც მარცვალი ყოველთვის მქონდა, კითხვაც მიყვარდა, წერაც მაინტერესებდა და ამ პორტალმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ მე წერა დამეწყო და უკეთესი მკითხველი გავმხდარიყავი”.
პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებაც ამ პერიოდს ემთხვევა:
“პირველი პუბლიკაციაც literatura.ge-ს ჩარჩოში მოხდა, მივიღე მონაწილეობა კონკურსში “წერო”, ეს იყო 2006 წელს, როცა ჟიური პრიზი გადმომცეს და შესაბამისად, კრებულში შეიტანეს ჩემი მოთხრობა, ცხოვრებაში პირველად. ძალიან ცოტა მოთხრობა მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მიყვარს, რომელიც შემდეგ ბაკურ სულაკაურმაც შეიტანა იმავე წლის ანთოლოგიაში “15 საუკეთესო”. შემდეგ უკვე lib.ge-სა და გამომცემლობა “სიესტას” ერთობლივ კრებულში, თუ არ ვცდები, 2008 წელს, შევიდა ჩემი კიდევ ერთი მოთხრობა, რომელიც 2009-ში ისევ გაიმეორა ბაკურ სულაკაურმა ანთოლოგიაში “15 საუკეთესო”, და მორჩა…”.
თამთა საკმაოდ ცოტას წერს, თუმცა ასეთი, ერთი შეხედვით, უბარაქობა შესაძლოა მეტი ნაყოფიერებით შემოუბრუნდეს მწერალს. ყოველ შემთხვევაში, თამთას მაგალითი ამას მოწმობს. დაბოლოს, ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაზეც უახლოეს მომავალში შეიძლება უფრო მოზრდილი წერილიც დავწერო: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თანამედროვე ქართულმა მწერლობამ ბევრს დაანახა, რომ ყველაზე ადეკვატურად ხედავს და კითხულობს ომს, განსხვავებით სატელევიზიო მედიის ან პოლიტიკოსების ყალბი ისტერიულობით სავსე ხედვებისგან.
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – ნიკა ჯორჯანელის "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის"
გამომცემლობა “საუნჯემ” ნიკა ჯორჯანელის მესამე პოეტური კრებული გამოსცა. კრებული ბოლო 3-4 წლის მანძილზე დაწერილ ლექსებს აერთიანებს.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჯორჯანელი ლექსების წერის მეტს არაფერს აკეთებს. ცხოვრების წესით იგი ნამდვილი კლასიკური პოეტია. სამაგიეროდ მისი ლექსი ძალზე თანამედროვეა. ნიკა თითქმის უმუშევარია. არც სადმე რედაქტორობს, არც რაიმეს ხელმძღვანელობს, არც ვინმეს ქვეშევრდომობს, არც ბლოგებს წერს, არც ფეისბუკზე აქტიურობს, არც სიტყვით გამოდის ხოლმე და არც თავის პოეზიას აპიარებს – არ ადარდებს რამდენჯერ დაალაიქებენ მის ლექსებს, არც ის ადარდებს, რამდენი წაიკითხავს მის ნაწერს… თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. არავინ იფიქროს, რომ ნიკა ჯორჯანელი ერთი დაუდევარი პოეტია, ვისაც უპატრონოდ მიუყრია თავისი ლექსები და აღმა-დაღმა დადის. არა, ნიკა ჯორჯანელისნაირი დისციპლინირებული პოეტი მეორე არ მეგულება დღევანდელ საქართველოში, იგი უკიდურესობამდე ზუსტია ხოლმე, ზედმეტად აკურატული და მეც, ამ შემთხვევაში რედაქტორს, არაერთხელ მიგრძვნია ეს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი მძიმის ჩასწორების გამო სამჯერ დაურეკავს, კორექტურული შეცდომა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მის თვალს გამოეპაროს… ნიკა ყოველთვის ფორმაშია, იგი არასდროს დუნდება და სწორედ ამიტომ, ყველაზე სანდოცაა. წერს საკმაოდ ცოტას, ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული ლექსის საყრდენი ნახევარმცველია.
წერს 90-იანი წლების დასაწყისიდან, ოღონდ ზუსტად არ ახსოვს რა ვითარებაში მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახსოვს ის, რომ ხატვას მისდევდა და წერის დაწყებისთანავე თავი მიანება თავის ამ მთავარ გატაცებას. წერა არავის უშუალო გავლენით არ დაუწყია, თუმცა ძალიან მალე გამოჩნდნენ ისინი, ვინც მის ნაწერს კვალი დაამჩნიეს:
“რამდენადაც მახსოვს, პირველი ავტორი, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია, ანუ უკვე მაშინ, როდესაც მე თვითონ რაღაცეებს ვჯღაბნიდი, იყო ტერენტი გრანელი. გრანელი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე და მახსოვს, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებოდი საკმაო ხანი. შემდეგ ტერენტი გრანელმა ძალიან ნარნარად გადამიყვანა, ალბათ გამოიცნობ ვისზეც… გალაკტიონზე. და როდესაც გალაკტიონს ჩავუღრმავდი და შევისისხლხორცე, რაზეც ძალიან დიდი დრო წავიდა. და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, მართალია ისეთი ინტენსიურობით არა, მაგრამ მაინც. აი, რაღაცნაირად მაშინ ჩავერთე თავიდან ბოლომდე პოეზიაში”..
90-იანი წლების მეორე ნახევარში კიდევ ერთი პოეტი, ვინც ნიკა ჯორჯანელის პოეტურ ენას, აზროვნებას და გრძნობებს აყალიბებდა, ეს იყო შოთა ჩანტლაძე, ვის ლექსებსაც იგი ხშირად უბრუნდებოდა. მალე პირველი კრებულიც გამოვიდა, 2003 წელს, შემდეგ მეორე და პირველი წიგნიდან 7 წლის შემდეგ მესამე წიგნიც გამოსცა ავტორმა:
“ეს კრებული ჩემთვის იმით არის ნიშანდობლივი, რომ მესამეა, სუფთა ნუმეროლოგიის თვალსაზრისით თუ მივუდგებით და რაც განასხვავებს წინა კრებულებისგან და თვალში საცემი იქნება მკითხველისთვის, ის არის, რომ საკმაოდ დიდი დოზით არის ვერლიბრი, რომელსაც მანამდე მაინცდამაინც არ ვეტანებოდი. ვერლიბრს რა თქმა უნდა თავისი მიმართებები და აზროვნებაც კი მოაქვს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერლიბრი კონცეპტუალურად ცვლის ავტორის აზროვნებას, თუმცა სადღაც ქვედა შრეებში რა თქმა უნდა ცვლის.”
ნიკას პირველი ორი კრებულის შესახებაც ვკითხე, რადგან ვიცი, რომ ახალგაზრდა პოეტები, ხშირ შემთხვევაში მესამე კრებულიდან იწყებენ ხოლმე წარსულის შეფასებას:
“პირველი კრებული მე მეორე კრებულის მერეც სხვა ჭრილში დავინახე. იმდენად, რომ ბევრი რამ პირველ კრებულში სამომავლოდ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ორჯერ გამოიცა და მეორე გამოცემაში რაღაცეები შევცვალე კიდეც, ბევრი რამ ამ პირველ კრებულში კიდევ შეიცვლება, როცა ოდესმე დიდ კრებულში მოვუყრი ლექსებს თავს, ან ხელმეორედ გამოვცემ”.
ნიკას ბოლო წიგნი რა თქმა უნდა მისი საუკეთესო კრებულია, და არამხოლოდ მისი. ჩემი აზრით “სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის” XXI საუკუნეში გამოცემული ერთ-ერთი გამორჩეული ლექსების ციკლია. კრებული თემატურადაც ძალზე ძლიერია, მკვეთრი სათქმელითა და მიზანმიმართულებით. თუკი პირველ კრებულში ბევრი ე.წ. პოეტური სავარჯიშო და ეტიუდები შეიძლება შეგხვდეთ, აქ წიგნი სრულყოფილ მთლიანობად გამოიყურება, სადაც მომწიფებულ პოეტს ვხედავთ თავისი სიმძაფრით, ტრაგიზმითა და ირონიულობით. მისი ლექსი უკვე ჩამოყალიბებულია და ფორმალური ძიებები აღარაა თვალშისაცემი, არამედ იგი უკვე ნამდვილ პოეზიად იქცევა.
ნიკა თავის თანამედროვეთა ლექსებსაც კარგად იცნობს, და მიაჩნია, რომ თუკი რამით შეუძლია იამაყოს თანამედროვე საქართველომ, ეს პირველ რიგში პოეზიაა:
“ეს ბევრჯერ ითქვა სხვადასხვანაირად, და მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ერთ-ერთი, რითაც შეუძლია საქართველოს იამაყოს მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე, არის ქართული პოეზია, დრევანდელი ქართული პოეზია, რომელიც, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, არაფრით ჩამოუვარდება და ზოგჯერ შეიძლება აღემატებოდეს კიდეც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოეზიას”.
და მართლაც, როცა გახსენდება თანამედროვე ფრანგულ, გერმანულ და სხვაენოვანი პოეტები, ძნელია არ დაეთანხმო ნიკას. ერთად-ერთი შესაძლოა დისციპლინით და თვალსაწიერით გვჯობიან ევროპელი პოეტები, თორემ თემებითა და ჭრილობებით ჩვენ აშკარად ვჯაბნით. ნიკამ ჩამოთვალა კიდეც მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორები:
“ზვიად რატიანით დავიწყებდი, იმიტომ, რომ დღს რაც იწერება, ყველაზე ახლობელი ჩემთვის მისი ლექსია. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი ლექსი მის ლექსს ხედავს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე ლელა სამნიაშვილი. არის ბევრი რაღაცა,რაც შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს, ესთეტიური თვალსაზრისით, მაგრამ მთლიანობაში აშკარად კარგი პოეტია და სახეა დღევანდელი ქართული პოეზიის. შოთა იათაშვილი – რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავდება, ხედვებით, ესთეტიკით და შესაძლოა ეთიკითაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია.”.
ნიკამ აღნიშნა ასევე მაია სარიშვილი, დიანა ანფიმიადი, რატი ამაღლობელი და დასძინა, რომ განსაკუთრებით რატის ადრეული ლექსები მოსწონს.
ნიკას ეს კრებული ყველა ნიშნით საინტერესო და ახალია. აქ რიტმული თვალსაზრისით რამდენიმე ძალიან ორიგინალურ ლექსს შეხვდება მკითხველი, აქ ბევრია სუფთა ლირიკაც, თუმცა მე პირველ რიგში 5 საეტაპო მნიშვნელობის ლექსს გამოვარჩევდი, “ისინი”, “კავშირებითი კილო”, “ორიოდე სიტყვა აეროპორტის შესახებ”, “ჰაერზე, სანამ კვამლში” და “ბირთვული იარაღის იავნანა”… ესენია უაღრესად დატვირთული, სიმძაფრით სავსე მოზრდილი ლექსები, რომელიც ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა.
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – უილიამ ბატლერ იეიტსი – კელტური მიმწუხრი
გამომცემლობა “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის კრებული გამოსცა, სადაც მედეა ზაალიშვილის მიერ თარგმნილი იეიტსის ლექსები, პიესები და პროზაული ტექსტებია შესული.
ირლანდიელებზე ერთხელ ერთმა რუმინელმა თქვა ძალიან ზუსტად. უფრო სწორად, ერთ ირლანდიელ ემიგრანტზე თქვა ერთმა რუმინელმა ემიგრანტმა. ანუ ემილ მიშელ ჩორანმა – სემუელ ბეკეტზე თქვა: “ბეკეტი ირლანდიელია. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არაარსებითი”-ო. კიდევ ერთი ასეთი დიდი ირლანდიელი შეიძლება გავიხსენოთ, ოღონდ მისი ირლანდიელობა უფრო არსებითი იყო და არა გადამწყვეტი, ანუ ჯეიმს ჯოისი, ვინაც ასევე უარი თქვა ირლანდიაზე, წლების მანძილზე არ დაბრუნებულა იქ და შემდგომი ცხოვრება დუბლინის ტექსტში, “ულისეში”. ზემოთჩამოთვლილი მაგალითების გარდა კიდევ არსებობს ერთი, უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რომელიც ხშირად ამოდის ლიტერატურის მოყვარულის მეხსიერებაში, და იგი უილიამ ბატლერ იეიტსია, კელტური აღორძინების უმთავრესი წარმომადგენელი და ინგლისური მოდერნიზმის ერთ-ერთი სიმბოლო, ირლანდიური პოეტური კულტურის გვირგვინი და თანამედროვე მსოფლიო პოეზიის წინაპარი. სხვათა შორის, იეიტსს ეკუთვნის ერთი ძალიან საინტერესო გამონათქვამი მშობლიური ენის შესახებ. მან ირლანდიური ენის შესახებ თქვა ერთხელ, ირლანდიური ჩემი ნაციონალური ენაა, მაგრამ არა მშობლიურიო. ამ მხრივ მას ბევრი რამ აკავშირებდა ტავის ანტიპოდთან, ჯოისთან. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილმაც იეიტსზე საუბარი სწორედ პოლუსების მონიშვნით დაიწყო, სადაც ერთ მხარეს იეიტსი აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი ჯოისი:
“იეიტსი მიეკუთვნება XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასაწყისში აღმოცენებულ იმ მოძრაობას, რომელსაც უწოდებენ კელტურ ან ირლანდიურ აღორძინებას. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვთქვათ, რომ იეიტსი და ჯოისი ირლანდიური კულტურის ორი პოლუსია. იეიტსი, რომელიც ცდილობდა ირლანდიური ფოლკლორისა და მითოსის აღორძინებას, ცხადია ინგლისურ ენაზე, და მეორე მხრივ ჯოისი, რომელმაც უარი თქვა ირლანდიაზე, შეგნებულად წავიდა ირლანდიიდან და ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს დაბრუნებულა ამ ქვეყანაში”.
იეიტსი კი ათწლეულების მანძილზე ირლანდიის სიმბოლოდ იქცა, იგი იყო უძველესი კელტური სამყაროს მთავარი მესიტყვე, მაგრამ ამავე დროს ინგლისურენოვანი პოეტი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეცვალა მისი თანამედროვე ენა და პოეტური კულტურა:
“უამრავი მისი პოეტური ფრაზა იქცა იდიომად. ისინი ინგლისური ენის ნაწილი გახდა და დღეს ბევრმა არც იცის, რომ რაღაც გამოთქმები სწორედ იეიტსს ეკუთვნის. მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, იწერებოდა სტატიები ასეთი სათაურებით – The Centre Cannot Hold, ანუ ცენტრი ვეღარ იკავებს, ეს სიტყვები კი იეიტსის “მეორედ მოსვლიდანაა”. ან კიდევ, Thing Fall Apart, როცა ყველაფერი იფანტება. ან ფრაზა ლექსიდან “გაცურვა ბიზანტიისკენ”, That is no country for old men, არ არის ადგილი მოხუცებისათვის, სიტყვები, რომელიც დღევანდელი საქართველოსვისაც ძალიან მნიშვნელოვანია”.
ზაზა შათირიშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ლიტერატურათმცოდნე, ორ პერიოდს გამოჰყოფს იეიტსის შემოქმედებაში:
“ორი პერიოდი გამოიყოფა მართლაც. პირველს ნამდვილად შეიძლება დავარქვათ სიმბოლისტური პერიოდი. სიმბოლისტური ამ სიტყვის ფრანგულ-ქართულ-რუსული გაგებით. ეს ის პერიოდია, როდესაც იეიტსის ტექსტი იქსოვება ემბლემებით, როგორც მას პოლ დე მანი უწოდებდა, ანუ ემბლემური ხატებისაგან. როცა კითხულობ მის ადრეულ კრებულებს, ხვდები, რომ ეს არის ძალიან გამჭვირვალე და მარტივი სიმბოლიზმი, როგორიც არის მაგალითად, ადრეული პაოლო და ტიციანი, ძალიან ადრეული ბლოკი… სადაც ეს ემბლემური ხატები ლექსიდან ლექსში გადადის. ასეთი ხატებია – ქარი, ირემი, ლერწამი, ვარდი… ვარდის ხატი, შეიძლება ითქვას, მთლიანად გასდევს იეიტსის შემოქმედებას.”
მაგრამ 10-იანი წლებიდან მის ლექსებში გარდატეხა მოხდა:
“10-იანი წლებიდან იწყება გარდატეხა, და სხვათა შორის ეს რამდენადმე დაკავშირებული იყო ისეთ პოეტთან, როგორიც არის ეზრა პაუნდი, რომელიც მასზე გაცილებით უმცროსი იყო. 10-იან წლებში პაუნდი, შეიძლება ითქვას, თავს ახვევს იეიტსს და ხდება მისი მდივანი. ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობენ, სთოუნ კოტეჯში, იეიტსის ცნობილ კოშკში (სხვათა შორის, მის ერთ-ერთ ბოლო კრებულს ასეც ქვია), და აქედან იცვლება იეიტსის სტილი, ანუ 10-იანი წლების შუა პერიოდიდან ხდება გარდატეხა იეიტსის პოეზიაში. ოღონდ გარდატეხა არა ტექნიკურ-ფორმალისტური, არამედ თემატურ-შინაარსობრივ-მოტივური, იცვლება პოეტის ხატწერა. ადრეული, მარტივი ემბლემურ-სიმბოლური ხატწერა იცვლება უფრო ჰერმეტული და მრავალმნიშვნელოვანი ხატებით”.
იეიტსის ამ პერიოდის ლირიკა, ისევე როგორც ადრეული ლექსები, ამ კრებულშიცაა წარმოდგენილი. მედეა ზაალიშვილის მრავალწლიანმა შრომამ მოიცვა ასევე იეიტსის უმნიშვნელოვანესი წიგნი “კელტური მიმწუხრი” სრულად, 5 პიესა და სხვ. საინტერესო მასალები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრებულში შევიდა იეიტსის ქრესტომათიული ლექსების ქართული თარგმანებიც. მაგალითად, “გაცურვა (ან მოგზაურობა) ბიზანტიისკენ”. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამ ლექსსაც შეეხო ჩვენთან საუბარში:
“იეიტსის ბიზანტიას არაფერი კავშირი არა აქვს იმ ბიზანტიასთან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. იეიტსის ამ ლექსში ბიზანტია არის მარადიული სიბრძნისა და ახალგაზრდობის ეზოთერულ-უტოპიური მხარე. ლექსი, როგორც ვიცით, იწყება სიტყვებით, რომ თანამედროვე სამყაროში არ არის ადგილი მოხუცებისთვის… მაშ სად? სადაც არის მარადიული ახალგაზრდობა, განახლება, ანუ ბიზანტიაში. და ბოლოს პოეტი ხვეწნით მიმართავს, ოღონდ ვის, არ ჩანს, რომ თუკი მეორეჯერ დაბადება მიწერია, მინდა, რომ მოვიდე როგორც ოქროს ჩიტი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორსა და სეფექალებს გამოაღვიძებს სიმღერით იმის შესახებ, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება… ეს არის ქრესტომათიული ალუზია არამხოლოდ პარმენიდეზე, არამედ კალხასის, ცნობილი წინასწარმეტყველის ფრაზაზე ჰომეროსიდან, რომელმაც იცოდა რაც იყო, რაც არის და რაც იქნება…“
ცხადია ძნელია გაუძლო ცდუნებას და იეტსისა და ირლანდიის ურთიერთობის ისტორია საქართველოს არ დაუკავშირო. ამ ცდუნებას ვერც როსტომ ჩხეიძემ გაუძლო 80-იანი წლების დასაწყისში, როცა იეიტსზე დაწერა სტატია. ეს სტატია ამ კრებულს უძღვის წინ და იგი თავის დროზე იეიტსის შემოქმედების ერთგვარი შესავალიც იყო ქართველი მკითხველისთვის. ეს წერილი შესაძლოა ბევრს ახსოვს მასში მოთხრობილი იდუმალი ისტორიით იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო კოლაუ ნადირაძემ უცნობისგან საერთაშორისო ფოსტით გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც ქართველი პოეტისთვის აბსოლუტურად უცნობი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის მოზრდილი ტომი იდო.
ასე ჩამოაღწია თავის დროზე იეიტსმა საქართველოში, ახლა კი უკვე მედეა ზაალიშვილის თარგმანში უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ პოეტზე, რომლისთვისაც ირლანდიელობა არსებითიც იყო და გადამწყვეტიც.
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – ლელა სამნიაშვილის "ფრაქტალები"
გამომცემლობა”სიესტამ” ლელა სამნიაშვილი ახალი პოეტური კრებული, “ფრაქტალები” გამოსცა.გამომცემლობა
“ფრაქტალები” ლელა სამნიაშვილის რიგით მეოთხე კრებულია. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბევრისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა პოეტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი ახალ ლექსებს. ზოგის აზრით ლელა შეიცვალა ამ ბოლო კრებულში, თუმცა არის რაღაცეები, რაც მუდმივად რჩება ლელაში – პირველ რიგში ეს არის ინტონაცია, შემდეგ ლექსის ვიზუალური მხარე და რა თქმა უნდა, მუდმივი თემები. ამაზე ღირს უფრო ჩაღრმავებით ვილაპარაკოთ, სხვა დროს, მანამდე კი ლელას 12 წლის წინანდელი ერთი პატარა ლექსი მინდა გავიხსენო, რომელმაც მის ბოლო კრებულში ახალი სიცოცხლე შეიძინა.
მაშინ ლელა ასე წერდა:
ვიდრე თვალები შეაშრება
მწვანე აკვარელს, –
თვლიდეს ადამი
დღისით – ვაშლებს,
ღამით – ვარსკვლავებს…
და უცაბედად მოგინდება
სურვილით, მწველით –
ედემში იყოს ორი პოეტი –
ევა და გველი.
გადავშლით მის ბოლო კრებულს და ვკითხულობთ პირველივე ლექსის სათაურს – “გაფრენა. ლილიტი”, სადაც გაცილებით უფრო რთულადაა დამუშავებული ეს 12 წლის წინანდელი თემა. ასეთი დიქრონული ვარიანტები და თემატური გამეორებები სხვაც ბევრია კრებულში და ზოგმა შეიძლება ამასაც დაუკავშიროს წიგნის სახელწოდება, “ფრაქტალები”. ყოველ შემთხვევაში, თავად ლელა სამნიაშვილი ასე განმარტავს სათაურს:
“ფრაქტალები არ არის მაინცდამაინც ჰუმანიტარული ტერმინი. ქაოსი სიმეტრიიდან… იგი უფრო გეომეტრიული ტერმინია და არის ისეთი ფიგურა, რომელიც თავის თავს იმეორებს სხვა მასშტაბით, უფრო მცირე, ან უფრო ფართო მასშტაბით. გააჩნია საიდავ ვიწყებთ ათვლის წერტილს და მიმართულებას. მე საერთოდ მაინტერესებს ფიზიკა, მათემატიკა და ფრაქტალების ცნებაც აქედან მოვიდა. მემგონი ზოგადად ფარდობითია ყველაფერი და ამ ცნების გადატანა შესაძლებელია პოეზიაშიც. იმიტომ, რომ სიტყვები, იდეები ისევე იმეორებენ ერთმანეთს და მოიცავენ ერთმანეთს ისევე, როგორც ეს გეომეტრიული ფიგურები”.
კრებულში ბოლო რამდენიმე წლის ლექსებმა მოიყარა თავი:
“აქ არის შესული ბოლო სამი წლის პერიოდში დაწერილი ლექსები და ბევრი არც მირჩევია. ძირითადად თითქმის ყველა ლექსი შევიდა, რაც ბოლო წლებში დავწერე. ეს ლექსები ძირითადად ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში”, “ჩვენს მწერლობაში”, ლექსები ქვეყნდებოდა ლიტერატურულ საიტებზეც და ბოლოს ყველა ამ ლექსმა ერთ კრებულში მოიყარა თავი”.
მანამდე კი თანამედროვე ქართული და უცხოური პოეზიის მკითხველს ლელას წიგნების გარდა მის თარგმანებსაც შევახსენებ. პირველ რიგში სილვია პლათის ლექსებს, რომელიც წიგნადაც გამოსცა და სულ ახლახანს გამოცემულ პლათის რომანსაც, “ზარხუფი”, რომელმაც, სამწუხაროდ ცუდად მიაღწია მკითხველამდე. მახსოვს ლელას სულ პირველი პუბლიკაცია ჩვენთან, “არილში”. ეს იყო ინგლისურენოვანი პოეტების მცირე ანთოლოგია, 1997 წლის იანვარში დაბეჭდილი, ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი და სხვები:
“ზოგადად, მგონია, რომ ყველა მავნე ჩვევა მოდის ბავშვობიდან, ისევე, როგორც კარგი ჩვევები. და პოეზიაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მავნე ჩვევაა, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ბავშვობაშივე დავიწყე თხზვა, ჯერ ზეპირად, მერე წერილობით და მივეჩვიე წერას, გაყვა სკოლის პერიოდს, ხოლო სტუდენტობის პერიოდიდან უკვე “არილში” ვბეჭდავდი ჩემს ლექსებს. თან ჩემი ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი იყო, და ამასთანავე ვთარგმნიდი ამერიკულ და ბრიტანულ პოეზიას, ასევე პროზას. ჩემი პირველი კრებული 2000 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლობა “მერანმა” დაბეჭდა. კრებულს “ფოტოაბები” ერქვა, შემდეგ ამას მოჰყვა “კავკასიური სახლის” მიერ გამოშვებული “გველის წელიწადი” და “სიესტამ” გამოსცა 2006-ში “მუდმივი ტატუ” და ეს არის ჩემი მეოთხე კრებული””.
ამ ოთხივე კრებულის მანძილზე, რომელიც ლექსის თხზვის 10-ზე მეტ წელს მოიცავს, ლელა, შეიძლება ითქვას, ერთხელაც არ გადასცდენია თავის ძირითად გეზს, მას არასდროს გადაუხვევია არჩეული გზისთვის, პოეტური ქარაფშუტობა, ანუ მოდუნება მას არ ჩვევია. იგი ყოველთვის ზუსტია, მკაცრი და მოქნილი. მისი თანამედროვე პოეტები, თითქმის ყველა თაობის, სწორედ ამ სიზუსტეს მიიჩნევენ მის მთავარ თვისებად. ერთის აზრით, ლელასთან მხოლოდ ზუსტი და მართალი მეტაფორები გვხვდება, იგი “არ იპრანჭება”, მასთან ვერ იპოვი თითიდან გამოწოვილ სახეებს და ფრაზებს. მისი ხმა არასდროს აგერევა სხვებისაში, ლელას შეუძლია იყოს ძალიან ბასრიც და ძალიან ფაქიზიც. ნაწილისთვის მთავარი ღირსება ისაა, რომ ლელას ლექსებში ხშირად აქვს პოზიცია, მკვეთრად გამოხატული პოზიცია. სხვებს ლელას ლექსები გარეგნულადაც მოსწონს, იტაცებს მისი ხაზოვანება, შეიძლება ითქვას გეომეტრიულობა, ტირეების პატარ-პატარა ხიდები (გავიხსენოთ თუნდაც ცვეტაევა). ზოგისთვის ლელა ზედმეტად ცივია, სხვებისთვის კი ეს ღირსებაა. იგი არ შიშვლდება სხვა პოეტებივით, მისი სახეები ახალია, არ გვხვდება კლიშეები და კლიშესაც მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ მისი დეკონსტრუქცია მოახდინოს. როგორც ერთმა მისმა კოლეგამ მომწერა ამასწინათ, “ლელას შენელელბული მოქმედების ბომბი აქვს ზოგ ლექსში. მშვიდად და დამაჯერებლად გიწყობს ამბოხს“.
დაახლოებით ასეთია პოეტი ლელა სამნიაშვილი, ხშირად ძალიან ჰერმეტულიც, ძნელად გასაგები. როგორც ზემოთაც ვთქვით, იგი ზუსტია, მაგრამ ეს სიზუსტე სიცხადეს არ ემსახურება, არამედ სრულყოფილებას, უფრო სწორად, ამისკენ სწრაფვას.
სხვა საქმეა ლელას ლექსის ფორმალური მხარე, ბგერები, მუსიკალობა, რითმა. იგი ხშირად ძალიან რთულ გზას ირჩევს, ბეწვის ხიდზე გადის, რათა რიტმულ და რითმულ ბანალობებს თავი დააღწიოს. მაგალითად, მას ასეთი ლექსი აქვს, “მთვარეული”:
მთვარე თმის სარჭია –
მაღლა წევს ღამის ცას –
ჩინური ქაღალდის ფარანი,
და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.
რომელიც ქართული ლექსისთვის ძალზე იშვიათი ორი საზომის შეხამებითაა დაწერილი, ექვსმარცვლიანით და ცხრამარცვლიანით. ეს საზომები გურამიშვილიდან მოყოლებული ვიცით, ექვსმარცვლიანის ყველაზე ცნობილ ნიმუშს გალაკტიონის “ქებათა ქება ნიკორწმინდას” წარმოადგენს, ცხრამარცვლიანი კი კარგა ხანს უქმად იყო, მხოლოდ მთიბლურში გვხვდებოდა და ერთი-ორგან გალაკტიონთან, სანამ ლელამ არ მოარგო ექვსმარცვლიანს.
ლელას კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ იგი კარგი მკითხველია და არც თავისი თანამედროვეებისთვის იშურებს სიტყვებს:
“საბედნიეროდ, მგონი, დღეს უკვე ისეთი მომენტი დადგა ქართულ პოეზიაში, რომ გამიჯვნა ქალ ავტორებსა და მამაკაცებს შორის და სიხარული იმის გამო, რომ გამოჩნდა ასეთი საინტერესო ქალი-ავტორი, უკვე უადგილოა. ძალიან ბევრი კარგი ქალი ავტორია და ძალიან ბევრის დასახელება შეიძლება, წინა თაობიდან დაწყებული, სადაც ელა გოჩიაშვილია, რა თქმა უნდა, კიდევ უფროა ადრე ძალიან საინტერესო იყო ლია სტურუას შემოქმედება, დალილა ბედიანიძე, მოგვიანებით რუსუდან კაიშაური, მაია სარიშვილი, თეონა ბექიშვილი წერდა, თუმცა კარგა ხანია მისი აღარაფერი წამიკითხავს, ეკა ქევანიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო ავტორია… ბევრია, ძნელია ჩამოსათვლელადაც. ბოლო დროს კიდე დიანა ანფიმიადი გამოჩნდა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ყველა თვალსაზრისით. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი ან ადგილია მისაჩენი ქალი პოეტებისთვის. საბედნიეროდ”.
სხვათა შორის, თავად ლელასაც არ აკლია ყურადღებიანი მკითხველი და შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე კარგად ლელას ლექსები სწორედ პოეტებს ესმით.
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – მალტე ლაურიდს ბრიგე – 100
წელს შესრულდა 100 წელი რაინერ მარია რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოცემიდან.
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში პრაღამ ორი დიდი მწერალი აჩუქა მსოფლიოს, რილკე და კაფკა, ორი განდეგილი, რომელთა ლექსები და პროზა განმსაზღვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ სიტყვიერების, არამედ აზროვნების ისტორიისთვისაც. მათი ცხოვრება დღევანდელი გადმოსახედიდან მსოფლმხედველობრივ გმირობად მოჩანს, შემოქმედება კი ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, რაშიც ბევრი დარწმუნდა წლების მანძილზე.
რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოსვლიდან წელს 100 წელი გავიდა, რომანი კი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და წესით ყველა თაობის ადამიანს უნდა აკითხებდეს თავს. უფრო მეტიც, იგი შეიძლება ახალი, ყველაზე თანამედროვე იმპულსების მომცემიც კი გახდეს. ეს მომავალში. მანამდე კი მოდით ვნახოთ, რა ადგილი უკავია “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებს” გასული საუკუნის კონტექსტში. რომანის მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის აზრით, “ჩანაწერები” ბევრი რამისთვის აღმოჩნდა განმსაზღვრელი:
“ეს რომანი წინ უსწრებს ქრონოლოგიურად XX საუკუნის რომანს და ჩანასახობრივად მოიცავს ყველა არსებით ნიშანსა და შტრიხს, რაც შემდეგ ჩვენ უკვე ვნახეთ განვითარებული XX საუკუნის რომანების უზარმაზარ მასაში. რილკეს ეს რომანი სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს, რომელიც რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ტრადიციული რომანის მსხვრევა, რეალისტურ თხრობას ჩვენ აქ ვეღარ ვხედავთ და მთლიანად, თავისი სტრუქტურით, განწყობილებითა და პრობლემებით, ეს ნამდვილად XX საუკუნის რომანია და აქ წამოჭრილი პრობლემები გახდა შემდეგ ძირითადი, წამყვანი ფილოსოფიური მიმართულებების საფუძველი, როგორც მაგალითად, სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია და ა.შ. და საოცარი ეს რომანი სწორედ იმით არის, რომ რა პრობლემებიც შემდეგ უზარმაზარ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ ნაშრომებად და დიდ რომანებად გაიშალა, ამ შედარებით პატარა მოცულობის რომანშია წარმოდგენილი ძალიან კომპაქტურად”.
რილკეს ეს რომანი 90-იანი წლების დასაწყისში წავიკითხე. სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, აფხაზეთის ომი კი ალბათ სულ ახალი დაწყებული. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ნაირა გელაშვილის მიერ თარგმნილი “მალტე” 1992 წელს გამოვიდა: არსებობდა ასეთი სერია, “საზღვარგარეთული რომანი”, პრიალა უსახური ყდები, ე.წ. “სკრეპებით” დაკერებული გვერდები, მოყვითალო ქაღალდი… რომანის გამოსვლა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა, პერიოდს, როცა ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე გავლილი გვქონდა, ნახევარზე მეტი კი – გასავლელი. მახსოვს როგორ დავეწაფეთ მაშინ ახალ საკითხავებს, პირველად გამოიცა აკრძალული წიგნები, ქართველები, რუსები, უცხოელები, ჰაერში გაიელვებდნენ ხოლმე ფილოსოფიური მიმდინარეობები, სახელები, წიგნის სათაურები, ცნებები. ყველას პირზე ეკერა სიტყვა – “გაუცხოება”. რილკეს ეს რომანიც ამ გაუცხოების პიკზე გამოვიდა საქართველოში, რაც ნაირა გელაშვილის ძველ წინასიტყვაობაშიც ჩანს, თუმცა დღეს ამ გაუცხოების კიდევ ერთი სახე გამოვიდა წინა პლანზე:
“აი ასეთი შეკითხვა ისმება თვითონ რომანში: ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანის მთელი სულიერი მუშაობის, მთელი გამოცდილების, მთელი ცოდნისა თუ მიღწევების მიუხედავად, ის მაინც ზედაპირზე დარჩეს. აი ეს არის შესაძლებელი და ეს არის დაშვებული რომანში, რომ დიახ, ეს ასეა, და რომ საუკუნეები სასკოლო შესვენებასავით გაუშვეს ხელიდან, რომლის დროსაც ვაშლსა და ბუტერბროდს მიირთმევდნენ. ამით შეძრული იყო რილკე, და მასთან ერთად ყველა დიდი მოაზროვნე. ანუ ამდენი საუკუნე კაცობრიობამ იმისთვის იმუშავა, იღვაწა და იბრძოლა, რომ დღეს ასეთი ადამიანი მიგვეღო, როგორიც მივიღეთ? აი ეს არის რილკესთვის უდიდესი სასოწარკვეთის საფუძველი. იგი ამბობს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. მან დაინახა XX საუკუნის დასაწყისში, რომ ადამიანი იმდენად დაშორდა თავის არსს და შესაბამისად სამყაროს და სამყაროს შემოქმედ ძალას, რომ შეუძლებელია ამან უბედურება არ მოიტანოს”.
ამ თვალსაზრისით რილკე ერთ-ერთი პირველი ეკო-რომანის ავტორიცაა, რომანი წინასწარმეტყველებისა, სადაც მსოფლიო ომების გარდა თანამედროვე ადამიანის დამანგრეველი ბუნებაცაა განჭვრეტილი.
რილკე რომანის წერას 1904 წელს შეუდგა რომში, მასზე 6 წლის მანძილზე იმუშავა და ამ დროის მანძილზე იმხელა ენერგია შეალია ამ ნაწარმოებს, რომ შემდგომმა რამდენიმე წელმა, შეიძლება ითქვას, დუმილში ჩაიარა:
“რომანის დაწერის შემდეგ 12 წლის მანძილზე ის იყო ნერვიული უმოქმედობისა და სიჩუმის მდგომარეობაში. არაფერი არ დაუწერია, მხოლოდ “მარიამის ცხოვრება” გამოაქვეყნა, ლექსების კრებული, მაგრამ ესეც იყო ძველი ლექსების გადამუშავება. ფაქტობრივად, 12 წელიწადი ეს იყო გარინდებული მდგომარეობა და საკუთარ თავში, საკუთარ სულში უკან მიქცევის, ანუ ძალიან ღრმა შინაგანი მუშაობის პერიოდი”.
ეს განდეგილობისა და “უკან მიქცევის” წლები ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოეტური ციკლით დაგვირგვინდა, რომელიც თითქმის ერთდროულად დაიწერა. “დუინური ელეგიები” და “სონეტები ორფევსისადმი”, შეიძლება ითქვას, “მალტე ლაურიდს ბრიგეს” ნაბახუსევზე შექმნილი შედევრებია, დასავლური პოეზიის გვირგვინი, მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალი. და ეს ყველაფერი მოჰყვა რომანს, რომელმაც გაფრთხილებასავით გაიჟღერა თავის დროზე:
“ეს არის რომანი განგაში, ალარმისტული რომანი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ უნდა მოხდეს ადამიანის სასწრაფოდ გარდაქმნა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უტოპიად დარჩა, იმიტომ, რომ რეალურად მართალია კი წარმოიშვა ახალი ღირებულებები და ძალიან დადებითი რამ ევროპაში, როგორიცაა ეკოლოგიური მოძრაობები, ბუნების დაცვითი მოძრაობები, იგივე ქალის უფლებების დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა… სწორედ რილკე ამბობდა, რომ XX საუკუნე უნდა იქცეს ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლის საუკუნედო, რადგან ქალის უფლებები უკვე დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ბავშვზე არავინ ლაპარაკობსო. და რილკესთან სწორედ ამ ევროპას ვხედავთ, რომლის სულშიც იკვეთება ეს ღირებულებები და რომელიც იწყებს ბრძოლას სამართლიანობის ყველა ფორმისთვის”.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რილკეს ამ რომანში, ყველაფრის ახლიდან დაწყებაა. უფრო სწორად, ეს დეტალი კი არა, თემაა, რომანის მთავარი თემა:
“ის ამბობს, რომ დღევანდელი ადამიანი არის ის, ვისაც ყველაფერი თავიდან აქვს სასწავლი. მან ყველაფერი მცდარად იცის: სიყვარული, თხრობა, ბუნებასთან მიმართება და ისეთი პროზაული რაღაცაც კი, როგორიცაა ძილი, ჭამა, დასვენება. ერთი სიტყვით, დღევანდელმა ადამიანმა არაფერი სწორად არ იცის”.
ასერომ, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ისევ თავიდან გვაქვს დასაწყები და დროზე დავიწყოთ, დავიწყოთ, თუნდაც რილკედან.
© radiotavisupleba.ge
-
მალხაზ ხარბედია – პირველი ქართული სამხედრო რომანი
გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის ახლახანს გამოსული რომანი irrata.ru მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება.
ბოლო დროს ძალიან ხშირად ისმის ჩივილი თანამედროვე ქართული რომანის ერთფეროვნების შესახებ. მკითხველის პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი, ხარისხთან ერთად, არჩევანიცაა, რადგან დღეს შეუძლებელია ქართულ ბაზარზე შეიძინო კარგი ქართული დეტექტივი, პოლიტიკური რომანი, საყმაწვილო პროზა, და მრ. სხვ. ე.წ. სამხედრო რომანიც ამ ხარვეზთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, სანამ რამდენიმე თვის წინ, გამომცემლობა “ალიანსმა” გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანი irrata.ru არ გამოსცა, წიგნი, რომელიც მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნა.
ეს არ არის დოკუმენტური რომანი, არამედ ალტერნატიული სიუჟეტის მქონე ნაწარმოებია, სადაც რეალობის საპირისპიროდ, მოვლენები გასხვავებულად ვითარდება. ეს არის რეალურ ფაქტებზე დამყარებული ე.წ. მოდელირებული რომანი, რომელიც ყველაზე ცნობილი ეროვნული მოდელირებისგან განსხვავებით, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ “იმედის” ეთერით, მომავალს კი არ ეწვალება, არამედ, წარსულის რეკონსტრუქცია-ცვლილებას ახდენს.
ამ რომანის შექმნის იდეა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა, ამერიკულ გამომცემლობა “ალიანსში”. გამომცემლობის მესვეურებმა მოისურვეს ერთ-ერთი რუსი ავტორის მიერ დაწერილი წიგნის საპირისპიროდ, რომელიც ამახინჯებდა რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტებს, შექმნილიყო წიგნი, სადაც მოვლენების ალტერნატიული განვითარება იქნებოდა წარმოდგენილი. აქვე გეტყვით, რომ ამ ალტერნატიული სიუჟეტის მიხედვით ომში იმარჯებს ქართული მხარე, რუსეთის ჯარები კი მთლიანად ტოვებენ საქართველოს ფარგლებს.
რუსეთ საქართველოს ომის შესახებ უკვე დაიწერა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც ასევე შეიძლება თვალი გავადევნოთ ალტერნატიულ სიუჟეტს, რის მაგალითადაც ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” გამოდგება, მაგრამ ბურჭულაძის აბსურდულ-კომიკური აქცენტებისგან განსხვავებით, irrata.ru-ში ყველაფერი სერიოზულად ხდება და იგი გარკვეულ ზემოქმედებაზეა გათვლილი. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, სამხედრო რომანის გარდა, ეს არის, პროპაგანდისტული რომანი, ჟანრი, რომელიც კარგადაა აპრობირებული დასავლეთში (განსაკუთრებით ჰოლივუდის პროდუქციაში) და რომელიც კონკრეტულ მიზნებზეა გათვლილი. იმას, რომ irrata.ru პროპაგანდისტული რომანია, არც ერთ-ერთი ავტორი გურამ მეგრელიშვილი უარყოფს:
“მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად ასეც არის. თუმცა მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა ასე არ ყოფილიყო და ძალიან მკაცრი ვყოფილიყავი ჩვენი მოსახლეობის მიმართაც, მაგრამ წერის პროცესს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ავტორები. ასე ვთქვათ, თავისით ვითარდება მოვლენები და ისე გამოვიდა, რომ გარკვეულწილად არის კიდეც პროპაგანდისტული რომანი, ანუ ის ოდნავ სენტიმენტალური მომენტები, რომელიც გვხვდება წიგნში რამდენიმე ადგილას, ზუსტად იმას ემსახურება, რომ რაღაცნაირად იმოქმედოს ჩვენზე და წიგნის მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენი თვითშეფასება რაღაცნაირად ამაღლებულიყო და გამოვსულიყავით საცოდავი მდგომარეობიდან”.
წიგნი ორი ნაკადისგან შედგება, ერთი ესაა მხატვრული ტექსტი, სადაც რამდენიმე მთავარი გმირი მოქმედებს და მეორე, ახალი ამბების რიგი, ანუ სამხედრო ოპერაციების მსვლელობის მშრალი აღწერა. ეს მეორე დისკურსი ხაზგასმით თანამიმდევრულია, ზუსტად ისეთი, როგორადაც აღწერს ხოლმე მოვლენებს ქართული სატელევიზიო მედია, და სავსეა კლიშეებითა და შემდეგნაირი გამოთქმებით: “გაკეთდა პირველი კომენტარები…”, “ვიდეომასალა გადაღებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატებიდან…”, “ყველა გზა ქართული შენაერთების მიერ იყო კონტროლირებული…”, “საჰაერო თავდაცვის ძალებმა სრული კონტროლი დააწესეს…”, “ქვედანაყოფები სრულ მზადყოფნაში მოვიდნენ…” და ა.შ. ცხადია ავტორებმა ეს რეალობის ეფექტისთვის გააკეთეს, თუმცა საბოლოო ეფექტი მკითხველს მაინც რომანის ბოლოს ელის, სადაც ნათქვამია, რომ “რუსული მხარე აიძულეს ხელი მოეწერა ქაღალდისთვის, რომლის თანახმადაც ის სრულად დატოვებდა სსაქართველოს ტერიტორიას და ეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო”.
გურამ მეგრელიშვილს უკვე იცნობს ქართველი მკითხველი, იგი თავიდან ზემხას ფსევდონიმითაც წერდა, თუმცა ამ რომანში ეს ავტორი მაინც ძნელი საცნობია, რადგან იგი ისეთ ამოცანას შეეჭიდა, რომელიც ალბათ გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც მოითხოვდა. კარგადაა დაწერილი რეტროსპექტივები, ე.წ. ანალეფსისები, როცა ავტორი ამათუიმ პერსონაჟის ამბავს ან ბიოგრაფიას გვიყვება და წარსულში გადავყავართ, ასევე ძლიერია ზოგიერთი სცენა, დახასიათებები, თუმცა რომანში კლიშეებსაც ვხვდებით. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი გმირი ცხინვალის დაბომბვის ამბავს გაიგებს, საქმეში მთხრობელი ერთვება: “მიშას შიგნით რაღაცამ გაიტკაცუნა”. იგივე პერსონაჟი უსუსურად გრძნობს თავს, რადგან არ შეუძლია ცხინვალში შესვლა და თავისი მცირეწლოვანი შვილის გადმოყვანა და “მის სხეულში, შიგნით, ვიღაც მოიკუნტა და გაისუსა”. მემგონი ასე წერის დრო წავიდა, განსაკუთრებით ომზე როცა ვწერთ.
რომანში ძალიან ბევრი მზეა. მზეა ქვესათაურებშიც, მზეს ემალებიან ჯარისკაცები, თბილისელები, თუმცა მეორეს მხრივ განუწყვეტლივ ღამეზეა საუბარი. და ეს დაპირისპირება გარკვეული დრამატურგიული ხერხის ფუნქციას იძენს. საქმე იმაშია, რომ ქართველ მეომრებს ღამის მოწყობილობა აქვთ, რუსებს კი არა, ქართველებს ხელს სიბნელე გვიწყობს, რადგან ღამის ხედვის ხელსაწყოებით ვართ აღჭურვილი და საბოლოოდაც რომანში ყველაფერს სწორედ ღამის ოპერაცია წყვეტს. ფინალური შეტევის წინ ისტორიული სიტყვები გაისმის. ოპერაციის ხელმძღვანელი ამბობს: “იმედია ღამის ხედვის ელემენტები ყველას დატენილი გაქვთ ბიჭებო…”.
ცხადია, მოდელირებისა და ჟანრის კანონების გამო რომანი კომპიუტერულ თამაშსაც ემსგავსება. ბევრი უცხოური კომიქსის, რომანისა თუ ფილმის მიხედვით გაკეთებული თამაშები გვინახავს, მაგრამ თამაში, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის შვილობილი ქართული კომპანია შემოგვთავაზებს მალე, იმით გამოირჩევა, რომ იგი ქართული პროდუქტის მიხედვით იქნება მომზადებული. მართალია ტექნიკური ბაზა თამაშს უცხოური ექნება, “სტალკერისა”, მაგრამ სამაგიეროდ სიუჟეტი და გმირები ადგილობრივები იქნებიან, პლიუს რა თქმა უნდა რუსები და ამერიკელები.
ავტორს რომანის, როგორც იტყვიან, მთავარი მესიჯის შესახებაც ვკითხე:
“ჩემი მხრიდან მთავარი მესიჯი შემდეგია. ჯერ ერთი როცა ვწერ, უფრო სწორად, როცა ვამთავრებ წიგნის წერას, ავტორიდან მკითხველად ვიქცევი და ის ტექსტი ჩემი საკუთრება ნამდვილად აღარ არის… შესაბამისად, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ამ ტექსტის მთავარი “მესიჯი” რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ტიპაჟი იყო – პირველ რიგში ქოთანა, მიშა, სტალკერას რომ ეძახიან… და ეს ადამიანები ნაწარმოების ბოლოს რაღაცნაირად გარდაიქმნებიან. მხოლოდ ქოთანა რჩება ისევ ისეთად, ჰოდა მეც სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ არ უნდა დავრჩეთ ქოთანად. სხვათა შორის, ჩემს თავშივე ვეძებდი მის მანკიერებებს. მას პროტოტიპი არა ჰყავს, საკუთარი არაცნობიერიდან ამომყავდა ეს გმირი და ჩემს ქოთანას დავცინოდი და განვიკითხავდი, ასე ვთქვათ. ეს ქოთანობა უნდა მოვსპოთ, რომ ომის დროს ფანჯრის რაფაზე არ უნდა იჯდე და მეზობლის ოს ქალთან შევარდნაზე და გაუპატიურებაზე არ უნდა ფიქრობდე, მარტო იმიტომ, რომ გაგამართლებენ”.
მოკლედ, პირველი ქართული სამხედრო რომანი, მხნე პროპაგანდისტული ელფერით, უკვე სახეზეა, ბევრმა ინტერესით წაიკითხა წიგნი, სხვებმა აითვალწუნეს. მთავარი ერთია, ქართული რომანის მწირ შემადგენლობას, კიდევ ერთი წევრი შეემატა და როგორც გურამ მეგრელიშვილმა გვითხრა, სულ მალე იგი მეორე, ქართული პროზისთვის ასევე უცხო ჟანრის, ჰორორის ათვისებასაც შეეცდება.
© radiotavisupleba.ge