-
-
სნეული პოლიტიკოსი
პატრიცია ბლეიკი
სნეული პოლიტიკოსითუ კირკეგორის სიტყვებს ვერწმუნებით, დიდი ხელოვანისა და დიადი თემის ერთიანობა ის ღვთაებრივი ალიანსია, იღბლიანად რომ წარმართავს ისტორიულ პროცესს და აჩქარებს დროის ისედაც მძლავრ მდინარებას.
და მართლაც, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და საკონცენტრაციო ბანაკის თემის ერთიანობამ “გამოიწვია” მეოცე საუკუნის პროზის შედევრი, “ივან დენისოვიჩის ერთი დღე”. “ერთ დღესა” და მისსავე “პირველ წრეში” მიღწეულია ის, რაც კამიუს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია: ორივე ნაწარმოები აიძულებს ჩვენი საუკუნის მკითხველს, გაითავისოს მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამება და პასუხი აგოს თითოეულ მკვლელობაზე. სტალინიზმისა და ნაციზმის ისტორიული კატაკლიზმების შემდეგ “განმწმენდელ ფუნქციას” მხოლოდ ლიტერატურა თუ შეასრულებს!
სოლჟენიცინის ბოლო რომანი “კიბოს კორპუსი” უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე და მზად არის ამერიკაში გამოსაცემად. აქ ავტორი ტრადიციას არ ღალატობს და წერს იმაზე, რაც საკუთარი თვალით იხილა და გამოსცადა; შეუბრალებლად მოგვისვრის განწირულთა სამყაროში და არც კარის გამოჯახუნება ავიწყდება. საკონცენტრაციო ბანაკისა და ონკოლოგიური განყოფილების თემებს შორის დიდი განსხვავებაა: მწერალი ჯერაც არ არის დაზღვეული იმ წყეული ბანაკისაგან, სნეულებამ კი, საბედნიეროდ, გვერდით ჩაუარა. გარდა ამისა, საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანის ხელითა და ნებითაა შექმნილი, ჩვენი საუკუნის საზარელი პროდუქტია, სნეულება კი ღვთის ნებაა, გარდაუვალი და მარადიული. “ნეტავ ვიცოდე, როდის წავიკითხავთ რაიმეს ჩვენს შესახებ, ალბათ ასი წლის შემდეგ, არა?” კითხულობს მწერლის ერთ-ერთი პერსონაჟი – ყოფილი პატიმარი და თანამედროვე ლიტერატურის დიდი მოძულე.
“ერთი დღით”, რომელიც რუსეთში 1962 წელს გამოიცა, სოლჟენიცინმა იმის შანსი მაინც მისცა მილიონობით თანამემამულეს, თავის შესახებ რომ წაეკითხა. ეს არის ამბავი ყოვლად უდანაშაულო დურგლისა, დაუმსახურებელი ტანჯვა-წამების მსხვერპლის! “პირველ წრეში”, რომელიც რუსეთში აკრძალული გახლავთ, მწერალმა დეტალურად შეგვასწავლა სტალინიზმის ანატომია; გვიჩვენა, როგორ ამახინჯებს ის სულსა და გონებას, რა საშინლად აცამტვერებს ადამიანურ ურთიერთობებს. გულუბრყვილოდ სჯერა სოლჟენიცინს, რომ ხელოვნებას სტალინიზმის განდევნა და აღმოფხვრაც შეუძლია. მართალია, ამაოა ეს იმედი, მაგრამ მან მოიმედე შემოქმედი საბედისწეროდ და სამუდამოდ მიაჯაჭვა ამ თემას.
იგივე მეთოდი მიუსადაგა სოლჟენიცინმა “კიბოს კორპუსს”. აქ იგი კლინიკური სიზუსტით შეისწავლის ავადმყოფობის ყველა სიმპტომს და მიჰყვება იმ პროცესს, რომლის წყალობითაც ავადმყოფი, ისევე როგორც პატიმარი – “განძარცული და გასარანდავად განმზადებული” – საბოლოოდ შეიცნობს საკუთარ თავს და გარკვეულ ტრანსფორმაციასაც კი განიცდის სიკვდილთან დაპირისპირების მოლოდინში. უდავოდ საინტერესო თემაა, თუმც არც ისე ძნელი ჩასაწვდომი. აქ არ ვაწყდებით დაჟინებულ, გარდაუვალ მოთხოვნას “ბევრის ცოდნისა”, როგორც ამას სოლჟენიცინის ადრეული რომანები გვიბრძანებენ. ტოლსტოიმ ერთხელ უკვე გვიჩვენა – მე ვიტყოდი ერთხელ და სამუდამოდ – თუ როგორ სწვდება საკუთარ არსს ავადმყოფობით საწოლს მიჯაჭვული ადამიანი (“Смерть Ивана Ильича”). პირადად მე, ეს ნაწარმოები “კიბოს კორპუსის” მოდელად მიმაჩნია, მის მასაზრდოებელ და წარმომშობ ლიტერატურად. იმასაც ვიტყვი, რომ სნეულება, როგორც საგანი და სიმბოლო თანამედროვე ხელოვნებისა, სოლჟენიცინზე უფრო “ღრმააზროვან” მწერალს მოითხოვს.
ავტორი სულ იმას იმეორებს, რომ ეს რომანი მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნეზე, ავადმყოფობაზეა დაწერილი და განსაკუთრებულს არაფერს ისახავს მიზნად. 1967 წლის 22 სექტემბერს, მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, ამავე კავშირის თავმჯდომარის, კონსტანტინ ფედინის მიერ ნაწარმოების აკრძალვამდე ოთხი თვით ადრე, კრიტიკოსებს, რომლებმაც სოლჟენიცინს სიმბოლური რომანის შექმნაში დასდეს ბრალი, მწერალმა გულწრფელად უპასუხა: “კი მაგრამ, აქ ხომ უამრავი სამედიცინო დეტალია… რომელ სიმბოლოებზეა ლაპარაკი!”
რომანის შესახებ იგი ასეთ რამესაც ამბობს: “მე ის ცნობილ ონკოლოგებს წავაკითხე, ძალიან მაინტერესებდა მათი აზრი. გამოირკვა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩემი ქმნილება უტყუარია და დროის მოთხოვნასაც კარგად პასუხობს. მერწმუნეთ, იგი სიმსივნის შესახებაა დაწერილი, მხოლოდ სიმსივნის. ეს არ არის გასართობი ლიტერატურა, აქ განწირულთა განცდებია ასახული”.
რომანში, მართლაც, საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა აღწერილი, თუ რა დღეშია მედიცინა 1955 წლის ცენტრალურ აზიაში. რვა მძიმე წელი გაატარა სოლჟენიცინმა საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში, და ბოლოს, სიმსივნით დაავადებული, ტაშკენტში “გადაასახლეს”, 1957 წლამდე არ ღირსებია რეაბილიტაცია. ტაშკენტში იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მისი სიმსივნე, რომლის ავთვისებიანობა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული… მოულოდნელად გაქრა. ვინაიდან სოლჟენიცინი მაქსიმალურად რეალისტი მწერალია, რომლის ცხოვრების ისტორიაც მისივე შემოქმედების განუყოფელ ნაწილად ქცეულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომანში აღწერილი საავადმყოფოს პალატა არ განსხვავდება სინამდვილეში არსებულისგან.
მიუხედავად მწერლის “კლინიკური აღმაფრენისა”, მკითხველმა დიდი ჯაფა უნდა იტვირთოს, რათა ეს წიგნი სიმსივნის შესახებ დაწერილ ამბად აღიქვას. გავიხსენოთ მის მიერ დასმული კითხვა: “ადამიანი თავის სხეულში აღმოაცენებს სიმსივნეს და … კვდება. ერთი მითხარით, რა აცოცხლებს ისეთ ქვეყანას, ამდენი ბანაკი და საპყრობილე რომ აღმოაცენა?” იგი კვლავ, შეიძლება თავისდა უნებურადაც, საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას უბრუნდება. ვინ არიან ეს განწირული ავადმყოფები? ერთი ყოფილი პატიმარია, მეორე ბანაკის ზედამხედველი; აქვე არიან გადასახლებული “დამნაშავენი” და უშიშროების ურცხვი მუშაკი, რომლის სინდისზეც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა! თუკი “ერთი დღე” სტალინის დროინდელი რუსეთის აგონიას წარმოაჩენს, “კიბოს კორპუსი” პოსტ-სტალინური პერიოდის ასახვაა, იმ პერიოდის, როცა ორივე, ჯალათიცა და მისი მსხვერპლიც, ერთნაირი პატიმარია, აქ ყველა თანაბრად არის დასახიჩრებული და სასჯელს “საერო ონკოლოგიურში” იხდის.
ყოფილი პატიმრის, კოსტოგლოტოვისა და სასიკვდილოდ გადადებული შულუბინის დიალოგი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, თუ რა საბედისწეროა ეს სულიერი ხეიბრობა. და, აი, შულუბინი წამოჭრის საკითხს, ნაწარმოების ამოსავალ წერტილად რომ გვევლინება: თითოეული რუსის პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვისათვის! გულწრფელად შურს შულუბინს კოსტოგლოტოვის, რომელმაც ბანაკის ყველა საშინელება გამოიარა: “შენ სხვებზე ნაკლებად მაინც ტყუოდი, არც ჩვენისთანა ნაძირალა ხარ… და მერე რა, რომ დაგაპატიმრეს, ჩვენ უფრო მძიმე დღეებიც გამოგვივლია, გვაიძულებდნენ ტაში დაგვეკრა მათ მიერ გამოტანილი განაჩენისთვის… ტაშს ვიღა ჩივის, ჩვენ თვითონ უნდა მოგვეთხოვა ადამიანის დასჯა და გადასახლება”.
შულუბინს იმის გაგონებაც არ სურს, რომ ხალხს სჯეროდა სტალინიზმის: “მოულოდნელად ყველა პროფესორი და ინჟინერი მავნებლად იქცა… და მათ ეს სჯეროდათ? ლენინის ყველა ძველი თანამებრძოლი საზიზღარი რენეგატი აღმოჩნდა ბოლოს… და მათ ეს სჯეროდათ? უეცრად მათი ნაცნობ-მეგობრები ხალხის მტრებად გამოაცხადეს… და მათ ეს სჯეროდათ? დასაშვებია, რომ მთელი ერი იდიოტებისაგან შედგებოდეს? როდესაც ისტორია დაგვისვამს კითხვას: “ვინ იყო იგი?” ჩვენ, ალბათ, პუშკინის ლექსით ვუპასუხებთ:
ჩვენს სამარცხვინო საუკუნეში
უნდა იყო ტირანი, მოღალატე, ანდა მლიქვნელი.
სხვა არჩევანი შენ აღარა გაქვს,
სხვა ვერაფერი ვეღარ იქნები!”
სტალინის სიკვდილის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკების მძლავრი სისტემის ლიკვიდაციამ და სახალხო ტერორის შენელებამ ბევრი ვერაფერი უშველა იმ შიშის გრძნობას, ყოველ საბჭოთა მოქალაქეში რომ ჩაებუდა. უშიშროების მუშაკს ზარავს იმის გაფიქრება, რომ ბანაკიდან დაბრუნებული უდანაშაულო შურს იძიებს, თავად ბანაკიდან დაბრუნებულს კი თავისუფლება ბოჭავს და თრგუნავს. შესანიშნავი პასაჟია რომანის ბოლოს: ონკოლოგიური განყოფილებიდან “გათავისუფლებული” ოლეგ კოსტოგლოტოვი, გულისფანცქალით მომლოდინე ამ “სამუდამო გადასახლების” დასასრულისა, რატომღაც ტაშკენტის ზოოპარკს მიაშურებს. “მაიმუნები თავგადახოტრილ პატიმრებს წააგავდნენ. ეს საცოდავი, თავიანთ პრიმიტიულ სიხარულსა თუ საწუხარში ჩაძირული, ფართო ნარებზე ჩამომსხდარი არსებები, ისე ძალიან აგონებდნენ ყოფილ ნაცნობებს, რომ… ზოგიერთი მათგანის ცნობაც კი არ გასჭირვებია. იმ ადამიანთა უმეტესობა ჯერ ხომ კიდევ იხდიდა სასჯელს… მთელი უბედურება კი იმაში იყო, რომ ოლეგს არ შეეძლო დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება… მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შეამტვრევდა გალიის კარებს… გინდაც შეემტვრია, მაინც ვერაფერს გახდებოდა. ამ მაიმუნებს თავიანთი სამშობლო აღარ ახსოვდათ, თავისუფლების შეგრძნებაც უცხო იყო მათთვის! მოულოდნელი თავისუფლება უფრო საზარელ შედეგს გამოიღებდა”.
მსგავსი პასაჟებით სოლჟენიცინი სავსებით ამართლებს იმ მოლოდინს, მისი ორი ადრეული რომანი და შესანიშნავი მოთხრობა “მატრონას სახლი” რომ აღძრავს. მაგრამ ზოგიერთი ის ხარვეზი, რომელიც “პირველ წრეში” შეიმჩნევა – ზომიერების გრძნობის ღალატი, მასალაზე კონტროლის შესუსტება, მიდრეკილება არაფრისმომცემი დამოძღვრისაკენ – კვლავ იჩენს თავს “კიბოს კორპუსში”. არც ამ ნაწარმოებს და არც “პირველ წრეს” ცოტაოდენი დახვეწა არ აწყენდა. აი, “ერთი დღე” კი სულ სხვაა! იგი სამჯერ გადაწერა სოლჟენიცინმა და ბოლოს ისეთ ლაკონიურობას მიაღწია, მხოლოდ ბაბელი და კამიუ თუ გაუწევენ მეტოქეობას.
როგორც კრიტიკოსმა, “კიბოს კორპუსი” გაორებული და მღელვარე გრძნობით ჩავიკითხე. ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, რომ გავეცანი ნაწარმოებს, რომელიც მიუხედავად ბევრი ნაკლისა, გაცილებით სჯობს იმ რომანებს, ჩვენი წიგნის ბაზარს წალეკვით რომ ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ამ წიგნს რუსეთში ვერ წაიკითხავენ და თავით ნაწარმოებთა აკრძალვაზე სოლჟენიცინის ნაადრევი პროგნოზიც მაღიზიანებს. მწერალმა რამდენჯერმე აღნიშნა “საფრთხე” თავისი აკრძალული ნაწერების უცხოეთში გამოჩენისა და მათ ფართო გავრცელებაში საბჭოთა აგენტურა დაადანაშაულა, ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისათვის კეთდებაო… გასული წლის 21 აპრილს მან განაცხადა, რომ არც ერთ უცხოელ გამომცემელს არ მიუღია მისგან “კიბოს კორპუსის” ხელნაწერი და არც ნებართვა მისი გამოქვეყნებისა. გარდა ამისა, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქიშპე გამომცემლობებს შორის ატეხილი დავა ამ წიგნის გამო და უცხო ენაზე მისი ნაჩქარევი გამოცემა თარგმანს კარგ დღეს არ დააყრიდა. “ლიტერატურა ფულზე მეტია”, შეგვახსენა სოლჟენიცინმა.
უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ეს რომანი, ამიტომ ვეჭვობ, ამერიკაში “დაიალ პრესის” მიერ მისმა გამოცემამ რაიმე საფრთხე შეუქმნას ავტორს, მით უმეტეს, რომ თავად მას ეს არ უთხოვია. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია მწერლის წუხილი ნაწარმოების თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. რებეკა ფრანკმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ სამუშაოს, ბრწყინვალედ გადაიტანა სხვა ენაზე სოლჟენიცინის არაორდინარული სიტყვები თუ გამოთქმები, მისი ინტონაციისა და დიქციის მოულოდნელი ვარირება.The New York Times Book Review
27 ოქტომბერი, 1968
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა© “წიგნები – 24 საათი”
-
მალხაზ ხარბედია – ბიტ-საუკუნის დასასრული
-
სიტყვა ლია სტურუას პოეზიაზე
-
ქართული სულიერი კულტურა
-
ჟარგონული ქართულის ჭაშნიკი
-
ელიოტი და ორუელი
-
ჩარლზ ბუკოვსკი – კომპლექსებიანი მაჩო
-
მერაბ ღაღანიძე – წიგნის პირველი მაღაზიები
… ჩემს წიგნიერ სამყაროში შინაურ და გარეშე, სასკოლო და საზოგადო ბიბლიოთეკების გვერდით თანდათანობით იკვეთება წიგნის მაღაზიები, – უზარმაზარი თაროებით სავსე სივრცეები, საიდანაც ათასი წიგნი შემომყურებს.
წიგნის გამყიდველებიც, ოდნავ დამცინავი ღიმილის მიუხედავად, რატომღაც ბიბლიოთეკარებზე გულისხმიერნი აღმოჩნდებიან, – ალბათ, ბავშვის მიერ წიგნის ყიდვა ( – ფულის გამეტება) უფრო სერიოზულ და პატივსაცემ ქმედებად აღიქმება, ვიდრე წიგნის თხოვება, – და თუ ძალიან არ მოვაბეზრებ თავს, შესაძლოა, ნებისმიერი წიგნი გადმომიღონ და მიჩვენონ. მალე კი მთლად უკეთესი დრო ჩამოდგება, – ქალაქში ისეთი მაღაზიები ჩნდება, სადაც გამყიდველი მხოლოდ გასასვლელში ზის და მეც, რამდენი ხანიც მინდა, შემიძლია თაროებს შორის ვიტრიალო და ნებისმიერ წიგნს შევავლო ხელი, – უფრო სწორად მანამ, სანამ გულს არ მოვიჯერებ ან გამყიდველი შორიახლო არ დადგება და ორაზროვან შმუშნას არ დაიწყებს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩემს იქ ყოფნას ეჩვევიან და გამყიდველებთან მრავალწლიანი მეგობრობა იწყება. მაგრამ ამ ნაცნობობას ახალი დაბრკოლება მოჰყვება, – ყოველდღე დახლებს შორის ტრიალი და იგივე წიგნების ფურცვლა სასაცილო იქნება (უფრო სწორად, მე ვიქნები სასაცილო), ამიტომ ქუჩაზე ყოველი ჩავლისას გულისფანცქალით ვუახლოვდები მაღაზიის შუშებს, ვინძლო ერთი-ორი გამოფენილი სიახლე შევნიშნო, რაც შიგნით შესვლის მყარ და სასიხარულო საბაბს მომცემს.
წლების მანძილზე თანამდევი წიგნის მაღაზიების წყებას შორის ხსოვნაში პირველი ამოტივტივდება ის, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს, – იქ დღეს თბილისის ტელეგრაფი დგას. მისი მონახაზი საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ ასე მგონია, რომ ის შემაღლებულ ადგილას იყო მოთავსებული ანდა, შესაძლოა, ასე მეგონა, ასე მიმაჩნდა, ასე დამამახსოვრდა, რომ წიგნის მაღაზია ქუჩიდან მაღლა, ქუჩაზე ამაღლებული უნდა იყოს, სადაც უნდა ახვიდე და არა შეხვიდე. და ამ მაღაზიასთან დაკავშირებული უძველესი, მიმკრთალი გახსენება: დახლთან დედაჩემის გვერდით ვდგავარ. იგი საჩემოდ შერჩეულ წიგნს მიჩვენებს და ჩემთან ერთად ფურცლავს. დანარჩენი დავიწყებაში ჩაძირულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წიგნში ნამდვილად იყო თაკარა ზაფხული, მოლივლივე ზღვა და ონავარი ბიჭები. თუ მახსოვრობას მართლაც სწორად შემოუნახავს წიგნის შინაარსი, ის უთუოდ მშვენიერი ყოფილა.
საყმაწვილო წიგნიერი განცხრომებისათვის ჯერჯერობით სახლის ახლო-მახლო სიარულიც მყოფნის, – რუსთაველის პროსპექტი ამისათვის სავსებით საკმარისია, – მარჯვნივ თუ მარცხნივ, აღმა თუ დაღმა ხომ იმდენი წიგნის მაღაზიაა ჩამწკრივებული, შუაგულში ფართო და წიგნმრავალი “საუნჯეთი”, სადაც შუშის მიღმა, სვეტებზე, მოზრდილი მოზაიკური ძველი მთავრული ასოები ლივლივებს, რომელთა მნიშვნელობას მხოლოდ მოგვიანებით გავიგებ. რაც მთავარია, მაღაზიის დირექტორი მამაჩემის მეგობარია, რომელიც თორმეტი წლის მოწაფესაც იმგვარივე სიმშვიდითა და უფროსულ-ირონიულ გაღიმებათა გარეშე მაძლევს საწყობში გადანახულ ძვირფას და ძნელად მოსაპოვებელ – მხოლოდ პარტიული დიდკაცობისათვის გამიზნულ – წიგნებს, როგორითაც შემდგომ ოცდაორი წლის ასპირანტს თუ ოცდათორმეტი წლის დოცენტს.
“ზემელზე” კი, მელიქ კაზარიანის სახლში, მჯოიანის ფოტოატელიეს გვერდით, ყავისფერკარადებიან წიგნის მაღაზიაში, გამყიდველი ერთი ტანდაბალი, სათვალიანი სომეხი ქალია, რომელიც მამაჩემის მეგობრობას მხოლოდ იბრალებს (ვგონებ, ბავშვობაში მეზობლად ცხოვრობდნენ), ქართულ-რუსულ-სომხურად ლაპარაკობს და ლამის ყოველი მისალმებისას ძნელადგასასაღებელ, არავისთვის საჭირო წიგნებს დაჟინებით მაჩეჩებს. ამიტომ, რაკიღა იქ შესვლაზე – გაკვეთილების დამთავრების შემდეგ – უარის თქმას ნამდვილად ვერ ვახერხებ, ორ თანამდევ უსიამოვნო განცდასაც უნდა გავუმკლავდე: გამყიდველ ქალს მორიდების გამო წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, ხოლო შინმოსულმა ის შემოტყუებული წიგნი საგულდაგულოდ უნდა გადავმალო, რადგან უთუოდ სირცხვილია არა მარტო ამგვარი შენაძენის უფროსებისათვის ჩვენება (“რაში გადაყარე ფული!”), არამედ – კიდევ უფრო მეტად – საკუთარი უფხოობის აღიარება (“უარის თქმა ვერ შევძელი!”).
იმჟამინდელი კულტურის სამინისტროს შესასვლელში კი (დღეს იქ თეატრისა და კინოს ინსტიტუტია), ქუჩაში გამვლელ-გამომვლელთაგან შეუმჩნევლად, პატარა ჯიხურია, სადაც სამინისტროში მომუშავე ბებია თამარს ვახლავარ და სადაც თავაზიანი და ღიმილიანი გამყიდველი ქალი ლამაზ და კარგ წიგნებს შორის ზის (ამგვარ წიგნებს ქუჩაზე გამოდგმულ მაღაზიებში შეიძლება ვერც წააწყდე). მის შემოთავაზებას ბებიაჩემი ძირითადად თანხმობით იღებს და ჩემთვის და თავისთვის ახალ-ახალ წიგნებს ირჩევს ხოლმე.
გარეთ გამოსვლისას, იმავე შენობაში, პატარა ოთახში, კიდევ ერთი მაღაზიაა – თავდაპირველად ჩემთვის არცთუ ადვილად გასაგები სახელით – “აკადემიური წიგნი”, სადაც თაროებზე მჭიდროდაა ჩალაგებული ძალიან საუფროსო, ძალიან რთულსათაურებიანი და ლამის ერთნაირყდიანი წიგნები, რომელთა ნახევარზე მეტი (განყოფილებები – მათემატიკა და ბიოლოგია, ფიზიკა და ტექნიკა) ჩემს გულს – არც მაშინ და არც დღეს – არაფერს ეუბნება. მაგრამ მათ გვერდით ხომ ასეთი მიმზიდველი და მომნუსხველი წიგნები იყო მეფეებისა და წმიდანების, მწერლებისა და ფილოსოფოსების შესახებ. ამიტომ როგორც კი წიგნების ყიდვის უფლებას და საყიდელ თანხას მოვიპოვებ, ამ “აკადემიურ” თაროებზე ვპოულობ საჩემო წიგნებს, – მაგალითად, ანტონ კათოლიკოსის თეთრყდიან “წყობილსიტყვაობას”, რომელშიც დიდი და გულითადი მცდელობის მიუხედავად, თორმეტი წლის ყმაწვილს არაფერი მესმის.
ლენინის მოედანზე კი რამდენიმე წიგნის მაღაზიაა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით მაქვს ამოჩემებული: სანამ შინისაკენ მომავალ ტროლეიბუსში ჩავჯდები, იქ – გაჩერების პირდაპირ, “ცეკავშირის” ქვეშ – თითქმის ყოველდღე შევდივარ (რადგან გამყიდველი ქალი მაგიდასთან ზის და დიდ ყურადღებას არ მაქცევს), იქაურ თაროებზე წლების წინ გამოცემულ, გაუყიდავად ჩარჩენილ კარგ წიგნებს შეიძლება გადააწყდე; ანდა ერთი ციდა მაღაზია სამხედრო შტაბის გვერდით, სადაც დიდი-დიდი ოთხი-ხუთი მყიდველი თუ დაეტევა; ოდნავ მოშორებით კი “სამხედრო წიგნია”, სადაც ცუდი და ცუდად გამოცემული წიგნები იყიდება, ცუდი სუნი დგას და სადაც ყველა გამყიდველი რუსი ოფიცრის ცოლი მგონია.
მოედანზე და მოედნის ახლო-მახლო კიდევ სხვა მაღაზიებია, რომელთა აღმოჩენა, დაფასება თუ ათვალწუნება ნელ-ნელა მიწევს, მაგრამ ამჯერად გზას სახლის მიმართულებით მივუყვები, რუსთაველის ძეგლისაკენ, და იქ შევჩერდები, სადაც ხელმოწერითი გამოცემების მაღაზიაა, – ჯერ ძველმოდური, მუქი ხის თაროებით, შემდგომში კი – განახლებული და შემომატებული. იქაურობა, მართალია, მარქს-ენგელსის ლურჯი და ლენინის წითელი ტომებითაა გადაჭედილი, მაგრამ მათი უგულებელყოფა ადვილი საქმეა (ასე იქცევა ყველა, ვინც კი მაღაზიაში შემოდის), მათ გვერდით ხომ სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ციფრით აღნიშნული რამდენი წიგნი ალაგია! რა დაუფარავია ჩემი სიხარული, როცა, ვგონებ, თერთმეტ-თორმეტი წლისას, მთელი ოჯახის ხელმოწერის ქვითრებს მე გადმომაბარებენ (შემდგომ ბებია თამარიც დამითმობს თავის ზოგიერთ ქვითარს) და რა სიამაყით ვდგები უფროსების რიგში, რათა მორიგი ტომის ნომერი ფანქრით აღმინიშნოს მაგიდასთან მჯდომმა ხმაჩახლეჩილმა, პაპიროსიანმა ქალმა, რომელიც ასაკობრივ – თუ სხვაგვარ – განსხვავებას არც ამჩნევს და არც იმჩნევს. ამ დროს – 70-იანი წლების დასაწყისში – ამ მაღაზიის თაროები ივსება “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” ოთხმოცტომეულით ქართულად და ორასტომეულით რუსულად, “ბოლშაია სოვეტსკაია ენციკლოპედიათი” და ცოტა მოგვიანებით “ქართული საბჭოთა ენციკლოპედიით”. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი ეს გამოცემები აღსავსე იყო სიყალბითა და სიცრუით, მიუხედავად იმისა, რომ მათში აშკარად მჟღავნდებოდა ჯანსაღი აზრისათვის მიუღებელი და ხშირად აღმაშფოთებელი არჩევანი, პოზიცია, პროპორცია თუ შეფასება, უნდა ვაღიარო, რომ (რაკიღა, თითქმის ყველა იმ ყმაწვილის მსგავსად, ვისაც გონებრივი ჩამოყალიბება კომუნისტურ ქვეყანაში მოსწევია, ჩემთვისაც მიუწვდომელი და ხელშეუხებელი იყო ბრიტანიკა თუ ლარუსი) შესაბამისზე ნაკლები გაბრაზებით, ნაკლები აღშფოთებით, ნაკლები გაღიზიანებით ვიხსენებ იმ საბჭოთა ენციკლოპედიებს, გადაჭედილს კომუნისტი ყაჩაღების პორტრეტებით და მათი შეთხზული ბიოგრაფიებით, რადგან იქიდან ნამდვილად ბევრი რამ გავიგე, ვისწავლე, დავინახე, თვალსაწიერში მოვიქციე, – თუნდაც სტრიქონებს შორის კითხვის და ტყუილს მიღმა სიმართლის ამოცნობის უნარს დავეუფლე. რაც შეეხება მრავალტომიან “მსოფლიო ლიტერატურას”, იქ ნახევარი მაინც კარგ ლიტერატურას წარმოადგენდა, დანარჩენი ნახევრის (რომელიც “პროგრესულობის” ან “ინტერნაციონალური თანასწორობის” პრინციპით სრულიად კონიუნქტურულად და არაგულწრფელად იყო შერჩეული) უყურადღებოდ დატოვება კი ძნელი არ იყო, ისევე როგორც გვერდის აქცევა “იდეოლოგიურად გამართული” მატყუარა, არასაჭირო, მაცდური წინასიტყვაობებისა და ანალიზებისთვის, რომლებითაც ყოველი ტომი იყო შემკობილი. ამ შესავლებიდან მწერლობის სიყვარულს და ცოდნას ვერავინ ისწავლიდა! და მაინც მჯერა, რომ ყმაწვილის გარემო აღსავსე უნდა იყოს ცნობარებით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებით, მიმოხილვებით, ანთოლოგიებით, მრავალტომიანი თემატური თუ ქრონოლოგიური კრებულებით. ამ ასაკში მოზარდი ახალი და უცნობი სახელებითა და სათაურებით, ცნებებითა და მოვლენებით უნდა იყოს მოცული. გულდასაწყვეტი ისაა, როცა ეს ნებიერი ჭყუმპალაობა დილეტანტიზმის გუბურაში მეტად გახანგრძლივდება და თანდათანობით ცოდნის ღრმა წყლებში სახიფათო და წარმტაც ცურვად არ გადაიქცევა.
ასაკის მატებასთან და გარე სივრცის გაფართოებასთან ერთად ფართოვდებოდა ქალაქის მისამართების და, მათ შორის, წიგნის მაღაზიების ნუსხა. აღმოჩენები უკვე რუსთაველის პროსპექტის მიღმაც მელოდა: ვერაზე, მეტროდან ცოტა მოშორებით, ერთმანეთის გვერდით ორი ბუკინისტური მაღაზია იყო, სადაც შუშის მიღმა ძველი, დამტვერილი, შელახული წიგნები ელაგა. თავდაპირველად თავს ვარიდებდი იქ შესვლას, – შესაძლოა იმიტომაც, რადგან ეს გახუნებულ-ფერდაკარგული წიგნები იმდენად უფროსებად და შორეულებად მეჩვენებოდა, რომ მათთან დამეგობრება შეუძლებლად მიმაჩნდა. მახსოვს მხოლოდ მოკრძალებისა და ხელშეუხებლობის გრძნობა, – მით უმეტეს, რომ გამოფენილი წიგნები მეტწილად ლამაზები და მდიდრულები იყო (ქართულ წიგნთაგან ყმაწვილისათვის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ლადო გრიგოლიას გაფორმებული დიდ-დიდი ტომები ან თუნდაც რამდენჯერმე თვალმოკრული “ვეფხისტყაოსანი” ზიჩის ილუსტრაციებით).
მალე რამდენიმე შენობის იქით კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა – სუფთა და ახალი “ჩირაღდანი”, რომელშიც, ჰუმანიტარიისადმი ჩემი უკვე დადასტურებული მისწრაფების კვალობაზე, ბევრი სიახლის გადაწყდომა და მოპოვება მელოდა. აქვე ჩემთვის პირველად გაფართოვდა თბილისის წიგნის მაღაზიათა ენობრივად ქართულით და რუსულით შეზღუდული სივრცე და სწორედ აქ მომიწია ლათინური ასოებით დაბეჭდილი პირველი (იმჯერად ინგლისური) წიგნების ყიდვა.
წიგნის მაღაზიები, რა თქმა უნდა, თბილისს გარეთაც იყო და უნდა გამოვტყდე, რომ, ჩემი ყმაწვილურად შეზღუდულ-გაზვიადებული განსჯით, ზოგიერთი ქალაქი ამ საზომითაც ფასდებოდა (მაგალითად, ასე მგონია, რომ ტალინი იმიტომაც არ მომწონდა, რადგან იქ წიგნის მაღაზიები ცუდი და ცოტა იყო).
ამჯერად, მახსოვრობაში ჩარჩენილ პირველთა შორის, თვალწინ წარმომიდგება შუშის მოზრდილი ჯიხური კისლოვოდსკში, მდინარის პირას, ხიდთან, სადაც მართლაც ძველი, ძვირფასი, აქამდე იშვიათად ნანახი წიგნებია გამოფენილი. ჯიხურის წინ დღეში ორჯერ მაინც მიწევს ჩავლა და შეჩერება, – ის იმ სახლის გზაზე დგას, სადაც თვენახევრით ბინა გვაქვს დაქირავებული. ერთი წიგნი კი მაინც განსაკუთრებულად, გამორჩეულად მიზიდავს. დედაჩემს რამდენჯერმე ვთხოვ, გამყიდველმა თაროდან გადმომიღოს და მეც რამდენჯერმე დიდხანს, აუჩქარებლად ვშლი მის ფურცლებს, – დედაჩემი კი გვერდით მიდგას და მეხმარება, რადგან წიგნი იმხელაა, ორი ხელითაც ვერ ვერევი. მის თითოეულ გვერდს, აღბეჭდილს მოზრდილი და ლამაზი ასოებით, წნული მთავრულებით, კუთხეებსა და კიდეებში ორნამენტული ხლართი გასდევს, ყოველი სამი-ოთხი ფურცლის შემდეგ კი ცალკე გვერდზე მონაცრიფრო-ვერცხლისფერი ილუსტრაციები ბზინავს, ყდა კი მოჩუქურთმებული და შემკულია, – ავტორის პროფილის ამობურცული სილუეტით და ღრმად ამოტვიფრული ფერადი ასოებით. წიგნი გოეთეს “ფაუსტია”, მეცხრამეტე საუკუნის ძველი, ძვირფასი, ძვირფასი ადამიანისთვის სასაჩუქრო გამოცემა. ის, რა თქმა უნდა, იაფი არ ღირს, მაგრამ მამაჩემს მაინც ვუბედავ თხოვნას, ეს საოცნებო წიგნი მიყიდოს. თავდაპირველად იგი უთუო უარს მეუბნება, მაგრამ, როცა ხედავს, რომ დაჟინებული ვარ და თხოვნას ისევ და ისევ ვუმეორებ, სიტყვას ბანზე მიგდებს და თავის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღით გადამიდებს ხოლმე. მაგრამ დღეები და იმედი ნელ-ნელა იწურება. ხვალ დილაადრიან უკვე გაგრას მივფრინავთ. მამაჩემმა საბოლოოდ მითხრა, რომ წიგნი ძალიან ძვირი ღვირს, რასაც მისი ჯიბე ახლა ვერ გასწვდება, თუმცა გულს მთლად არ მიტეხს და მაიმედებს, რომ ამ წიგნს თბილისშიც მოვიძიებთ და მაშინ კი აუცილებლად მიყიდის. ახლა საღამოა და ჯიხურის შუშის წინ ვდგავარ, – უკანასკნელად ვუყურებ, შორიდან ვეფერები, ვემშვიდობები წიგნს, რომელიც მეტი აღარასოდეს მინახავს, მაგრამ ის ისე მყარად, ისე მკვეთრად, ისე ხელშესახებად მახსოვს, რომ დარწმუნებული ვარ, თუკი როდისმე სადმე გადავაწყდი, უეჭველად თვალის დახამხამებაში ვიცნობ…
ალბათ, ვისაც იმ წლებში და იმ გარემოში არ უცხოვრია, შესაძლოა, მცდარი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩემი მოგზაურობები წიგნის მაღაზიებში ტაძრებში რიტუალურ-თეატრალიზებულ შესვლას ჰგავდა, სადაც ბრძენი, გონიერი, გამოცდილი ქურუმები ხელჩაკიდებული მიმიძღვებოდნენ კულტურის საკურთხევლისაკენ. უარს არ ვიტყოდი ამ გვიანრომანტიკულ, ფსევდობაიროითულ სცენაში მონაწილეობაზე, მაგრამ სინამდვილე სხვაგვარი იყო, – წიგნების გამყიდველებს ბევრი არაფერი აკავშირებდათ წიგნებთან და უმრავლეს მათგანს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ჰყიდდა. მყიდველთა შორისაც თითქმის არასოდეს შევხვედრივარ არავითარ მისტაგოგს. ლეგენდურ-იდილიური სურათი, სადაც ლიტერატურისა და ცხოვრების შესახებ დინჯად საუბრობენ წიგნის მყიდველი და გამყიდველი, წარმოდგენის სივრცეს არ სცილდებოდა და ჩემი სიყმაწვილისას არსად შემინიშნავს. სინამდვილეში წიგნის მაღაზიებში ეს ხეტიალი ტყეში უგზო-უკვლო და ნება-ნება სიარულს ჰგავდა, სადაც ათასში ერთხელ თუ გადავწყდომივარ გზისმცოდნესა და გზისგამკვლევს…ტექსტი წარმოადგენს ფრაგმენტს მოგონებათა წიგნიდან “შუქურები ბურუსში”
© “წიგნები – 24 საათი”
-
გიორგი კაკაბაძე – სოფლის პატიოსნება…