• ესე (თარგმანი)

    მიშელ უელბეკი


    მიშელ უელბეკი თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელსაც პროვოკატორის სკანდალური იმიჯით იცნობენ. მკვეთრად ნიჰილისტური აქცენტები, დროდადრო მორალისტური პოზიციიდან საუბარი, მტკივნეული თემებით მანიპულირება – ეს მისი იოლად ამოსაცნობი ხელწერაა. ბესტსელერი “ელემენტარული ნაწილაკები” (1998), რომელმაც მკითხველი საზოგადოება პოლარულად დაპირისპირებულ ნაწილებად გაყო, ერთგვარ საკულტო წიგნად იქცა. ამბობენ, რომ თანამედროვე ფრანგულმა ლიტერატურამ ახალი ხმა, ახალი ტონალობა შეიძინა. უელბეკის სხვა რომანებიც (“ბრძოლის ველის განვრცობა”, “პლატფორმა”, “კუნძულის შესაძლებლობა” etc.), ისევე როგორც მისი ესსები თუ მცირე ზომის პროზაული ტექსტები, მომხმარებელთა საზოგადოებაში ტაბუირებულ თემებს ეხება – მარტოობას, ცხოვრების აბსურდულობას, სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების ბნელ მხარეებს, კულტურის თვალშისაცემ კომერციალიზაციას და ასე შემდეგ.
    ესეები შესულია კრებულში “გადარჩენა” (Rester Vivant – 2003).

    ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

    გერმანელი

    ასე გადის გერმანელის ცხოვრება. ახალგაზრდობაშიც, მოწიფულობაშიც გერმანელი მუშაობს (ძირითადად გერმანიაში). ხანდახან უმუშევარია, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე ფრანგი. წლებს წლები მიყვება და აი, გერმანელი საპენსიო ასაკს აღწევს; ახლა უკვე საცხოვრებელი ადგილის შერჩევაც შეუძლია. რა ქნას – შვაბურ ფერმაში დასახლდეს? მიუნხენის რომელიმე გარეუბანში იყიდოს სახლი? ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად. სიღრმისეულ ცვლილებებს განიცდის ორმოცდათხუთმეტ-სამოც წელს მიღწეული გერმანელი. როგორც ზამთრისპირს ყარყატი, ძველი დროის ჰიპი ან “Goa trance”-ის მიმდევარი ისრაელელი, სამოცი წლის გერმანელი სამხრეთისკენ მიემგზავრება. მას ესპანეთშიც აღმოვაჩენთ, ხშირად კარტახენასა და ვალენსიას შორის გადაჭიმულ სანაპიროზე. ზოგიერთი მათგანი – ძირითადად საზოგადოების შეძლებული და უფრო კულტურული ფენიდან – კანარის კუნძულებსა და მადეირაზეც კი შენიშნეს.

    ასეთი ღრმა, საბოლოო, ეგზისტენციალური ცვლილება გარშემომყოფებს სულაც არ აკვირვებს. უცხოეთში მრავალჯერ გატარებულმა შვებულებამ კარგი ნიადაგი შეამზადა, ბინის ყიდვის შემდეგ კი სამხრეთში წასვლა თითქმის გარდაუვალი გახდა. ასე ცხოვრობს გერმანელი, ამგვარად ატარებს დარჩენილ წლებსა და თვეებს. ეს ფენომენი პირველად 1992 წლის ნოემბერში აღმოვაჩინე. ალიკანტეს ჩრდილოეთით მივდიოდი და უცებ მანქანის შეჩერების იდეა მომივიდა ერთ პატარა ქალაქში, რომელიც იოლად შეიძლებოდა სოფლად ჩაგეთვალათ. ზღვა იქვე იყო, ორ ნაბიჯში. ამ სოფელს სახელი არ ერქვა, ალბათ იქაურებს მოფიქრების დრო არ ჰქონდათ – ჩანდა, რომ ყველა სახლი 80-იან წლებში აეშენებინათ. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ცარიელ ქუჩებში მივაბიჯებდი. ერთმა უცნაურმა მოვლენამ თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება: მაღაზიებისა და კაფეების აბრები, რესტორნების მენიუები, ყველაფერი გერმანულ ენაზე იყო დაწერილი. ცოტა საჭმელი ვიყიდე, მერე შევამჩნიე, რომ იქაურობა გამოცოცხლებას იწყებდა. უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდიოდა ქუჩებში, მოედნებზე, ზღვის სანაპიროზე. როგორც ჩანს, ქალაქს მომხმარებელთა მძლავრი ჟინი აცოცხლებდა. დიასახლისები სახლებიდან გამოდიოდნენ. ულვაშიანი ტიპები ერთმანეთს თბილად ესალმებოდნენ და მორიგი წვეულების დეტალებს ათანხმებდნენ. ამ მოსახლეობის ჰომოგენურობამ, რაც თავიდანვე თვალშისაცემი იყო, თანდათან შემაშფოთებლად უცნაური სახე მიიღო. დაახლოებით შვიდი საათისთვის ყველაფერს ნათელი მოეფინა: ქ ა ლ ა ქ ი მ თ ლ ი ა ნ ა დ გ ე რ მ ა ნ ე ლ ი პ ე ნ ს ი ო ნ ე რ ე ბ ი თ ი ყ ო დ ა ს ა ხ ლ ე ბ უ ლ ი.

    სტრუქტურის მიხედვით გერმანელის ცხოვრება ემიგრაციაში მყოფი მუშის ცხოვრებას მოგვაგონებს. ვთქვათ, არსებობს ქვეყანა A და ქვეყანა B. ქვეყანა A არის ის, სადაც მუშაობ და რომელშიც ყველაფერი ფუნქციურ დატვირთვას ატარებს, მომაბეზრებელი და წინასწარ განსაზღვრულია. რაც შეეხება ქვეყანა B-ს, იქ გასართობად მიდიან, შვებულებებს, სიბერის წლებს ატარებენ. იქიდან წასვლა ყოველთვის უჭირთ, ერთი სული აქვთ, უკან როდის დაბრუნდებიან. მხოლოდ ამ ქვეყანაშია შესაძლებელი ნამდვილი მეგობრობა, ღრმა ურთიერთობები. სწორედ ქვეყანა B-ში გადაწყვეტენ ხოლმე იმ სახლის შეძენას, რომელსაც მოგვიანებით შვილებს უანდერძებენ. როგორც წესი, ქვეყანა B სამხრეთით მდებარეობს.

    შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრიდან დავასკვნათ, რომ გერმანია მსოფლიოს ისეთი ნაწილია, სადაც გერმანელს ცხოვრება აღარ უნდა და რომელსაც მთელი არსებით გაურბის? ასეთი დასკვნის გამოტანაც შეგვეძლო. როგორც ვხედავთ, მშობლიური ქვეყნის შესახებ მისი აზრი ემიგრანტი თურქის მოსაზრებას ემთხვევა. ვერც არსებით განსხვავებებს ვხედავთ, თუმცა, რამდენიმე უმნიშვნელო სხვაობა მაინც შეინიშნება.

    როგორც წესი, გერმანელი დაოჯახებულია, ერთი ან ორი შვილი მაინც ჰყავს. მშობლების მსგავსად, შვილებიც მუშაობენ. აი, ხელსაყრელი შემთხვევაც ჩვენი პენსიონერისთვის, რომელიც სეზონურ მიკრო-მიგრაციას ახორციელებს – ძირითადად, დღესასწაულების პერიოდში, შობასა და ახალ წელს შორის. (ყურადღება – ქვემოთ აღწერილი მოვლენა არ შეინიშნება ემიგრანტ მუშებში, ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით. დეტალები ბერტრანმა, ლუდის ბარ “ლა მედიტერანე”-ს ოფიციანტმა გამიმხილა ნარბონში).

    გრძელი გზაა კარტახენადან ვუპერტალამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე თანამედროვე მანქანით მიდიხარ. როგორც კი მოსაღამოვდება, გერმანელი შეჩერებისა და შესვენების აუცილებლობას იგრძნობს. ლანგედოკ-რუსიონის რეგიონის კომფორტული სასტუმროები ფართო არჩევანს სთავაზობენ. ამ ეტაპზე ყველაზე რთული დაბრკოლება გადალახულია – რაც არ უნდა ვთქვათ, ფრანგული ავტო-საგზაო ქსელი გაცილებით ჯობია ესპანურ ქსელს. ვახშმის შემდეგ (ხამანწკები, კალმარი პროვანსულად, სეზონზე – ბუიაბესის ორი პატარა პორცია) გერმანელი მოდუნდება, მოეშვება და გულახდილი საუბრის ხასიათზე დგება. ლაპარაკობს საკუთარ ქალიშვილზე, რომელიც დიუსელდორფის სამხატვრო გალერეაში მუშაობს, პროგრამისტ სიძეზე, ამ წყვილის პრობლემებსა და შესაძლო გამოსავალზე. ყველაფერს ყვება.

    “Wer reitet so spat durch Nacht und Wind?
    Es ist der Vater mit seinem Kind”.

    (“ვინ აპობს ცხენით ღამეს ქარიანს?
    M მამა და შვილი ერთად არიან”)*

    რასაც გერმანელი ამბობს ამ დროს და ამ ადგილას, არც ისეთი მნიშვნელოვანია. ის ხომ მესამე ქვეყანაშია, შეუძლია გასაქანი მისცეს თავის ღრმააზროვან ფიქრებს და მას ნამდვილად აქვს ღრმააზროვანი ფიქრები.

    მოგვიანებით გერმანელი იძინებს. ამაზე კარგს ნამდვილად ვერაფერს გააკეთებდა.

    ეს იყო ჩვენი რუბრიკა: “ფრანკის და მარკის პარიტეტი. გერმანული ეკონომიკური მოდელი”. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.

    * დარეჯან სუმბაძის თარგმანი

    გამოცდა, რომელსაც უნდა გაუძლო

    შაბათს, ნაშუადღევს, სადებიუტო რომანის ფესტივალზე, შამბერიში, წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით, გაიმართა დებატები თემაზე: “იქცა თუ არა სადებიუტო რომანი კომერციულ პროდუქტად?” დისკუსიისთვის საათნახევარი იყო გამოყოფილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერნარ სიმეონმა მაშინვე სწორი პასუხი გასცა: “დიახ”. ამის მიზეზიც ნათლად განმარტა: ლიტერატურაში, როგორც საერთოდ ყველაფერში, პუბლიკას უცნობი სახეები სჭირდება (მგონი, უფრო უხეში გამოთქმაც კი იხმარა: ახალი ხორცი). მან მოიბოდიშა კიდეც იმის გამო, რომ შესაძლოა, სიტუაციის შეფასებისას ცდებოდა, რადგან ცხოვრების ნახევარი ამ კაცმა იტალიაში გაატარა, ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც, მისი აზრით, ბევრ სფეროში ყველაზე უარესი ტენდენციების ავანგარდში იმყოფება. ამის შემდეგ დებატები უფრო ზოგად და ბუნდოვან თემაზე გაგრძელდა – ლიტერატურული კრიტიკის როლზე.

    როგორც წესი, ვნებათღელვა აგვისტოს ბოლოს იწყება, ამ ტიპის საგაზეთო სათაურებით: “ახალი რომანისტი გამოჩნდა” (იქვე კი ხელოვნების თაღის ქვეშ ან მეტროსადგურ “მეზონ-ალფორის” დეპოში გადაღებული ჯგუფური სურათია მოთავსებული) და მთავრდება ნოემბერში, ლიტერატურული პრემიების გადაცემისას. მერე ბოჟოლეს ფესტივალი იმართება, რასაც საშობაო ლუდის ზეიმი მოჰყვება – ეს ყველაფერი გეხმარება, რომ ახალ წელს მშვიდად დაელოდო. ცხოვრება არც ისე რთულია – უბრალოდ, გამოცდაა, რომელსაც უნდა გაუძლო. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ კომერცია უთუოდ დიდ პატივს მიაგებს ლიტერატურას, რადგან დაჯილდოებით გამოწვეული სიხარული წლის ყველაზე მძიმე პერიოდს ემთხვევა, ორშაბათ დღეს ან ბნელ გვირაბში შესვლას რომ მოგვაგონებს. ჩოგბურთის ტურნირი “როლან გაროსი” კი, პირიქით, ძირითადად, ივნისში იმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც არ მინდა გავაკრიტიკო ჩემი კოლეგები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და არასდროს იციან, მათგან კონკრეტულად რას ითხოვენ. პირადად, მე ძალიან გამიმართლა. ჰო, ერთი პატარა გაუგებრობაც მოხდა, ჟურნალ “კაპიტალთან” დაკავშირებით, რომელსაც ბიზნეს-ჯგუფი “განცი” გამოსცემს (თავიდან, იმავე სახელის მქონე ტელეგადაცემაში ამერია, M-6-ზე რომ გადის). ჟურნალისტი გოგო კამერის გარეშე მოვიდა, რასაც, წესით, უნდა დავეეჭვებინე, მაგრამ მაინც გამიკვირდა, როცა აღიარა, რომ ერთი წინადადებაც კი არ ჰქონდა წაკითხული ჩემი რომანიდან. მეც ვერაფერს მივხვდი მანამდე, სანამ ჟურნალში ამ სტატიას არ გადავაწყდი: “დღისით – ინსტრუქტორი, ღამით – მწერალი: ძნელია, პრუსტსა და სულიტცერს გაუთანაბრდე” (ჩემი სიტყვებისგან საერთოდ არაფერი იყო დარჩენილი). სინამდვილეში, ჟურნალისტ გოგოს სურდა, არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოესმინა. ჰოდა, წინასწარ რომ გავეფრთხილებინე, რაღაცას მოვიფიქრებდი – ზღაპარს მაინც მოვიგონებდი, სადაც მორის ნადოს უკმეხი ბებერი ჯადოქრის როლში გამოვიყვანდი, ვალერი ტაიფერს კი ზანზალაკებიან კეთილ ფერიად ვაქცევდი. “წადი, შვილო, ნადო ინახულე. ის არის ჩვენი თილისმა, ჩვენი მეხსიერება, უწმინდესი ტრადიციების მცველი”. ან “როკის” ინტელექტუალურ ვერსიას შევთავაზებდი: “პროგრამებით შეიარაღებული, დღისით ის კომპიუტერულ პრობლემებს ებრძვის, ხოლო ღამ-ღამობით, ზის და ფრაზებს დაუნდობლად აშალაშინებს ტექსტური რედაქტორით. მისი წარმატების საიდუმლო – მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა”. ამის ნაცვლად, ისე გულახდილად ვისაუბრე, ბრიყვულად გულწრფელად და ცოტა აგრესიულადაც კი, მაგრამ სასწაულს არ უნდა ელოდე იმ ადამიანისგან, რომლისთვისაც წინასწარ არ აგიხსნია ყველაფერი. რასაკვირველია, უნდა მეყიდა ეს ჟურნალი, მაგრამ ვერ მოვასწარი (აქვე შევნიშნავ, რომ “კაპიტალს” ძირითადად უმუშევრები კითხულობენ, რაშიც სასაცილოს ვერაფერს ვხედავ).

    მეორე უსიამოვნო გაუგებრობა მოგვიანებით მოხდა, გრენობლის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. მოლოდინის საპირისპიროდ, ლიტერატურის პროპაგანდა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დროდადრო ასეთ ფრაზებს წამოისროდნენ ხოლმე: “ეი, ძმაო, მაგრად მომხვდა გულზე, ხო იცი… რაღაც იმედიც გამიჩნდა…” მაგიდებთან მიმსხდარი მწერლები გამოშტერდნენ. არა, პრინციპში, არცერთი მათგანი არ იყო წინააღმდეგი, თითქოს ისიც ახსოვდათ, რომ, მართლაც, უხსოვარი დროიდან მოყოლებული მწერლის ერთ-ერთი მისია… მაგრამ რა უნდა ეთქვათ ასე, ზეპირად, ორ წუთში? “ბრუელი ვერ დაინახა”, – ჩაიბურდღუნა ვიღაცამ, ვის სახელსაც ვეღარ ვიხსენებ. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდებმა მაინც წაიკითხეს ჩემი რომანი.

    საბედნიეროდ, ბოლო სიტყვები, რომლებმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა და საკუთარი ადგილი მიუჩინა, ჟაკ შარმეტცმა წარმოთქვა, შამბერის ფესტივალის დამაარსებელმა (იმ შორეულ დროს, როცა სადებიუტო რომანი ზოგადი იდეების თავმოყრაზე მეტს ნიშნავდა): “აქ ესენი ამისთვის არ მოსულან. თუ გინდათ, სიმართლის თქმა მოსთხოვეთ – პირდაპირ ან ალეგორიულად. მოსთხოვეთ, ჭრილობები გაიხსნან და თუ შეძლებენ, ზედ მარილიც მოიყარონ”. ამ ციტატის მოყვანისას მეხსიერებას ვენდე, მაგრამ, ასეა თუ ისე – მაინც მადლობა!

    დღესასწაული

    დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს მოვკვდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სურს ცხოველებად გვაქციოს. აი, ამიტომ აქვს პრიმიტივს საკმაოდ კარგად განვითარებული დღესასწაულის განცდა. ჰალუცინოგენური ბალახების მოზრდილი დოზა, სამი დოლი და ფარსიც შედგა: ეს მას მშვენივრად ართობს. ამის საპირისპიროდ, საშუალო ევროპელი მხოლოდ გაუთავებელი ღამეული დროსტარების მიწურულს თუ აღწევს სუსტ ექსტაზს, მერე კი გამოყრუებული და დაბოლილი მობარბაცებს: მას საერთოდ არა აქვს დღესასწაულის განცდა. საკუთარი მდგომარეობის ბოლომდე გაცნობიერებით, ის რადიკალურად უცხო რჩება სხვებისთვის და სიკვდილის იდეით თავზარდაცემულს არ შეუძლია, დანარჩენებში როგორმე გაერიოს. მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტობს. ცხოველური სახის დაკარგვა სევდას ჰგვრის, რცხვენია და სწყინს. მასაც უნდა, რომ მოზეიმე იყოს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჰგავდეს მაინც ასეთ ტიპს. ის აუტანელ სიტუაციაშია.

    რა მინდა ამ იდიოტებთან?

    “თუ ორი თქვენგანი ჩემი სახელით შეიკრიბება, მეც მათ შორის ვიქნები” (მათე, 17, 13). პრობლემაც ეს არის: რისი სახელით ვიკრიბებით? რა არის ის, რაც, სინამდვილეში, ჩვენს შეკრებას გაამართლებს?

    გასართობად შეკრებილები. ეს ყველაზე ცუდი ჰიპოთეზაა. ამ გარემოში (ღამის კლუბები, დისკოთეკები, სხვადასხვა სახის ფართი) აშკარად არაფერია თავშესაქცევი, გამოსავალიც მხოლოდ ერთია: ვინმე უნდა შეაბა. ამდენად, დღესასწაულის კანონიდან იმიტომ გამოვდივართ, რომ დაუნდობელ ნარცისულ შეჯიბრში თავით გადავეშვათ, სექსუალური აქტის უფლებით ან მის გარეშე (ითვლება, რომ, კლასიკურ შემთხვევაში, კაცს სხვის სხეულში შეღწევა სასურველი ნარცისული კმაყოფილების მოსაპოვებლად სჭირდება. ამ დროს ის დაახლოებით იმავეს გრძნობს, რასაც ინგლისური ბილიარდის უფასო პარტიის თამაშისას. ქალები კი, ხშირ შემთხვევაში, იმ რწმენითაც კმაყოფილდებიან, რომ სხვებს მათში შეღწევა სურთ). თუ ამ ტიპის თამაშები გძულთ, ან გრძნობთ, სასურველ სიმაღლეს მაინც ვერ მიაღწევთ, ერთი გამოსავალია: რაც შეიძლება, სწრაფად გაეცალოთ იქაურობას.

    ბრძოლისთვის შეკრებილები (სტუდენტური მანიფესტაციები, ეკოლოგისტთა თავყრილობები, თოქ-შოუები გარეუბნების თემაზე). ა პრიორი, შესანიშნავი იდეაა: მართლაც, საერთო საქმით დაკავშირებამ იოლად შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობის ეფექტი, ჯგუფის კუთვნილების განცდა, ნამდვილი კოლექტიური თრობაც კი. სამწუხაროდ, ბრბოს ფსიქოლოგიას უცვლელი კანონები აქვს: ყოველთვის ყველაზე იდიოტი და ყველაზე აგრესიული ტიპები იწყებენ მბრძანებლობას. ჰოდა, ერთ დღესაც ხმაურიან, მყვირალა ბანდის შუაგულში აღმოჩნდებით, რაც თავისთავად საშიშია. გამოსავალი იგივეა, რაც ღამის კლუბში: მანამდე უნდა წახვიდეთ, სანამ ყბაში მოგდებენ, ან ვინმე უნდა შეაბათ (აქ უფრო ხელსაყრელ გარემოებებში: საერთო შეხედულებების არსებობამ, პროტესტის მიმდინარეობით გამოწვეულმა სხვადასხვა განცდებმა ნარცისული ფარის ოდნავ შემოკლება შეძლეს).

    სექსისთვის შეკრებილები (სპეციალური ბარები, კერძოდ მოწყობილი ორგიები, New Age-ის ზოგიერთი ჯგუფი). ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე ძველი საშუალებაა, გააერთიანო ადამიანები იმით, რაც მათ მართლაც საერთო აქვთ. სექსუალური კავშირები მყარდება, მაგრამ ამ აქტებს ყოველთვის არ ახლავს სიამოვნება. ეს ასეა. ჰო, სულ ეს არის, რაც არის.

    ზეიმისთვის შეკრებილები (წირვა, წმინდა ადგილების მონახულება). რელიგია სრულიად ორიგინალურ გამოსავალს გვთავაზობს: გაბედულად უარვყოთ განშორება, სიკვდილი და ვამტკიცოთ, რომ, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ღვთაებრივ სიყვარულში ვცურავთ, მარადიული ნეტარებისკენ მივემართებით. ამგვარად, რელიგიური ცერემონია, რწმენით აღსავსე მონაწილეებით, შემდგარი დღესასწაულის უნიკალური მაგალითი იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება, ზოგიერთ აგნოსტიკოს მონაწილეს, ცერემონიის მიმდინარეობისას, ერთგვარი რწმენა ჩაესახოს გულში, მაგრამ ამის შემდეგ მიწაზე მტკივნეული დაშვების რისკიც იზრდება (თითქმის ისევე, როგორც სექსის დროს, თუმცა უფრო უარესად). გამოსავალი: მადლცხებული უნდა იყო.

    წმინდა ადგილების მონახულება იმ უპირატესობებს აერთიანებს, რაც სტუდენტურ მანიფესტაციასა და “ნუველ ფრონტიერის” ტურისტულ მოგზაურობას აქვთ. ეს ყველაფერი, დაღლილობის ფონზე გამძაფრებული სულიერი აღმაფრენის ატმოსფეროში, ასევე იდეალურ პირობებს ქმნის შებმისთვის, რაც უკვე თითქმის სავალდებულო ხდება, ხანდახან – გულწრფელად სასურველიც კი. წმინდა ადგილების მონახულების დასასრულთან დაკავშირებული ოპტიმისტური ჰიპოთეზა: ქორწინება + ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევა. ამის საპირისპიროდ, მიწაზე დაშვება, შეიძლება, მართლაც საშიში იყოს. თავი დაიზღვიეთ და ამ მოგზაურობას UCPA-s “სათხილამურო სპორტის” ტური ისე გადააბით, რომ ჯავშნის გაუქმების დრო დაგრჩეთ (გაუქმების პირობები წინასწარ გაარკვიეთ).

    დღესასწაული ცრემლების გარეშე

    სინამდვილეში, როგორც კი გართობას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მოწყენილობისგან მოკვდებით. იდეალური იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით დღესასწაულებზე. სამწუხაროდ, მოზეიმე იმდენად დაფასებული ტიპია, რომ ეს უარყოფა სოციალური იმიჯის მკვეთრ დეგრადაციას იწვევს. მომდევნო რამდენიმე რჩევა ყველაზე უარესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ (ბოლომდე მარტო დარჩენა, სასოწარკვეთაში თანდათანობით გარდამავალი მოწყენილობის მდგომარეობაში, იმ მცდარი შთაბეჭდილების თანხლებით, თითქოს სხვები მშვენივრად ერთობიან).

    * თავიდანვე გააცნობიერეთ, რომ დღესასწაული აუცილებლად ჩაიშლება. გაიხსენეთ წინა წარუმატებლობის მაგალითები. არა, აქ ცინიკური და სკეპტიკური დამოკიდებულების არჩევა არ იგულისხმება. პირიქით, საერთო კატასტროფას მორჩილებითა და ღიმილით თუ შეხვდებით, წარმატებასაც მიაღწევთ: ჩაშლილ დღესასწაულს ბანალურობის სასიამოვნო წუთებად აქცევთ.

    * ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ შინ დაბრუნება მარტოს მოგიწევთ, ტაქსით.

    * დღესასწაულის წინ: დალიეთ. ალკოჰოლის ზომიერი დოზის მიღება დადებითად მოქმედებს კომუნიკაბელურობასა და ოპტიმისტური განწყობის შექმნაზე. ამ მხრივ, მას ვერაფერი უწევს კონკურენციას.

    * დღესასწაულის დროს: დალიეთ, მაგრამ დოზები შეამცირეთ (ალკოჰოლური კოქტეილი + ეროტიკული ატმოსფერო მალევე იწვევს ძალადობას, მკვლელობას ან თვითმკვლელობას). უფრო გონივრული იქნება, თუ ხელსაყრელ დროს 1/2 ტაბლეტ “ლექსომილს” მიიღებთ. ალკოჰოლი ტრანკვილიზატორების ეფექტს აძლიერებს, ნახავთ, რა მალე მოგერევათ თვლემა: ეს სწორედ ტაქსის გამოძახების დროა. საუკეთესო დღესასწაული ხანმოკლე დღესასწაულია.

    * დღესასწაულის შემდეგ: დარეკეთ და მადლობა გადაიხადეთ. მომდევნო დღესასწაულს მშვიდად დაელოდეთ (დაიცავით ერთთვიანი ინტერვალი, რისი შემცირებაც, შვებულების დროს, ერთ კვირამდე შეგიძლიათ).

    და ბოლოს, მანუგეშებელი პერსპექტივა: ასაკი დაგეხმარებათ, წლების მატებასთან ერთად, დღესასწაულთან დაკავშირებული ვალდებულება მცირდება, მარტოობისკენ მიდრეკილება კი იზრდება. ნამდვილი ცხოვრება იმარჯვებს.

    ჟაკ პრევერი იდიოტია

    ჟაკ პრევერი ის არის, ვის ლექსებსაც სკოლაში ასწავლიან. ამ ლექსებიდან ვიგებთ, რომ მას უყვარდა ყვავილები, ჩიტები, პარიზის ძველი უბნები და ა.შ. ეჩვენებოდა, თითქოს სიყვარული მხოლოდ თავისუფლების ატმოსფეროში იფურჩქნება და, თუ განვაზოგადებთ, ის უპირატესად თავისუფლების მომხრე იყო. კეპი ეხურა და “გოლუაზს” ეწეოდა, რის გამოც, ზოგჯერ, ჟან გაბენშიც კი ერევათ ხოლმე. სხვათაშორის, სწორედ მან დაწერა სცენარები ფილმებისა: “ნისლების სანაპირო”, “ღამის კარიბჭე” და სხვა. მასვე ეკუთვნის “ქანდარის შვილების” სცენარიც, რომელსაც შედევრად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი კი საკმარის საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ჟაკ პრევერი გვეზიზღებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმავე პერიოდში დაწერილ ანტონენ არტოს სცენარებს წავიკითხავთ, რომლების მიხედვით ფილმები არასდროს გადაუღიათ. იმ სამწუხარო ფაქტის კონსტატაციაც გვიწევს, რომ საზიზღარი “პოეტური რეალიზმი”, რომლის მამამთავარიც პრევერი იყო, დღესაც მძვინვარებს და იმასაც კი ფიქრობენ, თითქოს კომპლიმენტი იყოს ლეო კარაქსისთვის, მის სახელს ამ მიმდინარეობას თუ დაუკავშირებენ (ამავე ლოგიკით, ერიკ რომერი, უდავოდ, ახალი საშა გიტრი იქნება და ა.შ.) ფილმების გახმოვანების დაწყების შემდეგ ფრანგული კინო წელში ვეღარ გაიმართა და ამ ამბავს, საბოლოოდ, გადაჰყვება კიდეც, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი.

    ომის შემდეგ, თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში, ჟან-პოლ სარტრსა და ჟაკ პრევერს უზარმაზარი წარმატება ხვდათ წილად. გამაოგნებელია, როგორი ოპტიმიზმი ჰქონდა მთელს იმ თაობას. დღეს მეტ-ნაკლებად გავლენიანი მოაზროვნე, ალბათ, ჩორანი იქნებოდა, მაშინ კი ვიანს და ბრასანსს უსმენდნენ… შეყვარებულები, ბაღის გრძელ სკამებზე რომ კოცნაობდნენ, “ბეიბი-ბუმი”, იაფფასიანი საცხოვრებელი კორპუსების მასიური მშენებლობა, ამ ხალხის დასაბინავებლად. წარმოუდგენლად დიდი ოპტიმიზმი, მომავლის რწმენა და ცოტა იდიოტიზმიც. ნათელია, რომ დღეს ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ.

    ინტელექტუალების წრეში პრევერს დიდად არ აფასებდნენ. და მაინც, მისი ლექსები გადავსებულია იმ სულელური სიტყვების თამაშით, რაც ბობი ლაპუენტის სიმღერებში ასე ძალიან მოგვწონს. ისიც ცხადია, რომ სიმღერა მეორეხარისხოვან ჟანრად ითვლება, დასვენება კი, ხანდახან, ინტელექტუალსაც უნდა. მიუხედავად ამისა, ის სრულიად დაუნდობელი ხდება დაწერილ ტექსტთან – ლუკმა-პურის მოსაპოვებელ მთავარ წყაროსთან მიმართებაში. პრევერთან “ტექსტზე მუშაობა” ჩანასახოვან მდგომარეობაშია: ნათლად და გამჭვირვალედ წერს, ბუნებრივად, ხანდახან – დიდი გრძნობითაც. მას არც წერის პროცესი აინტერესებს, არც – წერის შეუძლებლობა. მისი შთაგონების უშრეტი წყარო თავად ცხოვრებაა. ჰოდა, თავსაც არავინ იწუხებს პრევერის შემოქმედებაზე სამაგისტრო დისერტაციების მომზადებით. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს, ის “პლეადაში” მოიაზრება, რაც მეორე სიკვდილს უდრის. ჩვენს წინაშე მისი შემოქმედებაა – დასრულებული სახით, გაყინული, გაშეშებული. ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა ამ კითხვის დასასმელად: რატომ არის ჟაკ პრევერის პოეზია ისეთი მდარე, რომ, ზოგჯერ, კითხვის დროს სირცხვილის განცდაც კი გვიჩნდება? კლასიკური ახსნა (იმიტომ რომ მის ლექსებს “სიმკვეთრე და სიზუსტე აკლია”) თავიდან ბოლომდე მცდარია. სინამდვილეში, სიტყვების თამაშით, მსუბუქი რიტმითა და გამჭვირვალობით პრევერი სრულყოფილად გადმოგვცემს სამყაროს მისეულ კონცეფციას. ფორმა შინაარსს შეესაბამება და ეს მაქსიმუმია, რაც ფორმას შეიძლება მოვთხოვოთ. საერთოდაც, როცა პოეტი ამ დონემდეა ჩაფლული ცხოვრებაში, ანუ თავისი ეპოქის რეალურ ცხოვრებაში, წმინდა სტილისტური კრიტერიუმების მიხედვით მისი განსჯა შეურაცხმყოფელიც კი უნდა იყოს. რადგან პრევერი წერს, მას სათქმელიც აქვს, რაც მხოლოდ ღირსებას მატებს. სამწუხაროდ, ის, რისი თქმაც სურს, უნაპირო სისულელეა, ხანდახან – გულისამრევი სისულელეც. ლამაზი, შიშველი გოგოები და ღორივით დაკლული ბურჟუები, სისხლისგან რომ იცლებიან, მომხიბლავად ამორალური ბავშვები, მამაკაცური და მაცდური არამზადები, ლამაზი, შიშველი გოგოები, რომლებიც ამ არამზადებს უწვებიან, ქონმოდებული, ბებერი და იმპოტენტი ბურჟუები, საპატიო ლეგიონის ორდენი მკერდს რომ უმშვენებთ და მათი ფრიგიდული ცოლები, მღვდლები – ამაზრზენი ბებერი მატლები, რომლებმაც ცოდვა იმისთვის გამოიგონეს, ცხოვრება რომ გაგვიმწარონ. ეს ყველაფერი ცნობილია, ამას ბოდლერი გვირჩევნია. ან, თუნდაც, კარლ მარქსი, რომელსაც, სულ ცოტა, სამიზნის სწორად შერჩევა მაინც შეეძლო, როცა წერდა: “ბურჟუაზიის ტრიუმფმა ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში ჩაახრჩო რელიგიური ექსტაზის წმინდა თრთოლვა, რაინდული ენთუზიაზმი და ორგროშიანი სენტიმენტალურობა”.* ინტელექტის დახმარებით, კარგ ლექსებს ვერავინ დაწერს, მიუხედავად ამისა, ინტელექტს შეუძლია, ცუდი არ დაგაწერინოს. ჟაკ პრევერი თუ ცუდი პოეტია, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ სამყაროს მისეული ხედვა სწორხაზოვანი, ზედაპირული და მცდარია. იმ ეპოქაშივე მცდარი იყო, დღეს კი მისი არარაობა სრულიად ნათელია – იმდენად, რომ პრევერის მთელი შემოქმედება ერთი ვებერთელა კლიშეს უსასრულო სახეცვლილებას მოგვაგონებს. ფილოსოფიურ და პოლიტიკურ პლანში, ის, პირველ ყოვლისა, ანარქისტია, რაც, სინამდვილეში, სულელს ნიშნავს.

    ბავშვობის სათუთი წლებიდან დღემდე, სწორედ “ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში” ვფართხალებთ. შეიძლება, შევეგუოთ კიდეც ამ ყველაფერს, ან თავის გადარჩენა ვცადოთ, ან დინებას ბოლომდე ჩავყვეთ. თუმცა, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამ ყინულოვანი წყლების გათბობა მხოლოდ სურვილის, მონდომების ძალით იყოს შესაძლებელი. გადმოცემის მიხედვით, რესპუბლიკის დევიზს სიტყვა “ძმობა” რობესპიერის დაჟინებული მოთხოვნით დაემატა. დღეს, შეგვიძლია, ეს ამბავი სრულყოფილად გავაცნობიეროთ და შევაფასოთ. პრევერს, უდავოდ, ძმობის მომხრედ მიაჩნდა საკუთარი თავი, მაგრამ არც რობესპიერი ყოფილა სათნოების მტერი, სულ ოდნავადაც – არა.

    * “კლასთა ბრძოლა საფრანგეთში”

    ცარიელი ცა


    იმ ფილმში, წმინდა პავლეს ცხოვრების შესახებ რომ უნდა გადაეღო, პაზოლინის განზრახული ჰქონდა, მოციქულის მისია თანამედროვე მსოფლიოს შუაგულში გადმოეტანა და წარმოედგინა, რა ფორმას მიიღებდა ის ახლანდელი კომერციული ურთიერთობების ფონზე. რაც მთავარია, ყველაფერი წმინდა წერილის შეუცვლელად უნდა მოეხერხებინა. მას ისიც სურდა, რომს ნიუ იორკი ჩანაცვლებოდა, რის უშუალო მიზეზსაც ასახელებდა: იმ ეპოქაში რომი სამყაროს ცენტრი იყო, დღეს კი ნიუ იორკშია თავმოყრილი მთელი ძალაუფლება, რომლითაც მსოფლიო იმართება (ამავე ლოგიკით, ის გვთავაზობს ათენი პარიზით ჩავანაცვლოთ და ანტიოქია – ლონდონით). ნიუ იორკში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ ვამჩნევ, რომ, სავარაუდოდ, კიდევ არის ერთი ფარული მიზეზი, რის ბოლომდე გამჟღავნებასაც მხოლოდ ფილმი თუ შეძლებდა. ნიუ იორკში, ისევე, როგორც რომში, თვალშისაცემი დინამიზმის მიუხედავად, ხრწნის, სიკვდილის, სამყაროს აღსასრულის უცნაური სუნი ტრიალებს. კარგად ვიცი, რომ “დუღს ქალაქი ქვაბ-ქოთანივით, იქ გიჟური ენერგია მიმოიქცევა” და ა.შ. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სასტუმროს ოთახში დარჩენისა და იმ თოლიების თვალთვალის სურვილი გამიჩნდა, ჰუძონის ნაპირებზე, მიტოვებული საპორტო ნაგებობების სიახლოვეს რომ დაფრენდენ. წვიმის წვეთები ნაზად ეცემოდა აგურით აშენებულ საწყობებს, რაც ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. წარმოვიდგინე, ბერივით როგორ გამოვიკეტებოდი ამ უზარმაზარ ნომერში, ტალახისფერი ცის ქვეშ, სწორედ მაშინ, როცა ჰორიზონტზე მეწამული ტონების უკანასკნელი გაბრძოლების წამები მიიწურებოდა. მოგვიანებით, შესაძლოა, გარეთაც გავსულიყავი, საბოლოოდ დაცარიელებულ ქუჩებში მესეირნა. ისევე, როგორც უღრანი ტყის მცენარეულ საფარში სხვადასხვა ვეგეტატიური ფენა ერთმანეთს ფარავს, ნიუ იორკშიც ყველანაირი სტილი და სიმაღლე გვერდიგვერდ, წარმოუდგენელ ქაოსში თანაარსებობს. ხანდახან, ქუჩაში სიარულის დროს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს კანიონში, კლდოვან ციხე-სიმაგრეებს შორის მივაბიჯებდე. ალბათ ისევე, როგორც პრაღაში (თუმცა უფრო მცირე მასშტაბით – ნიუ იორკის შენობები ხომ მხოლოდ არქიტექტურის ერთ საუკუნეს წარმოადგენენ), დრო და დრო შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ ცოცხალ ორგანიზმში ვმოძრაობ, რომელიც ზრდის ბუნებრივ კანონს ემორჩილება. (ამის საპირისპიროდ, პალე-როიალის ბაღში მდებარე ბურენის სვეტები სულელურ კონტრასტში გაშეშებულან, მათივე აქტიტექტურულ გარემოსთან ერთად. აქ უკვე ცხადად გრძნობ ადამიანის ხელს, მის ნება-სურვილს, მეწვრილმანე ბუნებასაც კი – ბედის ირონიით). სრულიად შესაძლებელია, რომ კაცის ხელით შექმნილი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ აღწევდეს მშვენიერების მწვერვალს, როცა დუღილის, მოძრაობისა და მუდმივი ზრდის წყალობით, ბუნებრივ წარმონაქმნს მოგვაგონებს, ხოლო ბუნება მხოლოდ მაშინ იყოს ყველაზე მშვენიერი, როცა სინათლის თამაშისა და ფორმების აბსტრაქციის გამო, გაცნობიერებულ, გააზრებულ საწყისზე მიგვანიშნებს.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • ესე (თარგმანი)

    ვიკი მეჰეფი

    ჯეიმს ჯოისის კითხვისას


    ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

    როგორ უნდა აღვიქვათ ისეთი ნაწარმოები, როგორიც “ულისეა”? დავუშვათ, რომელიმე “კეთილსინდისიერ” მკითხველს სურს, გულდასმით გაეცნოს ამ წიგნს და, ამასთან, არ შეყოვნდეს მის 31-ე, 152-ე, 314-ე გვერდებზე. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია სტივენის, შემდეგ კი – ბლუმის შინაგან მონოლოგებზე: როგორ განაცვიფრებს მკითხველს უეცარი ვარაუდი, რომ ეს მონოლოგები მძლავრად ზემოქმედებს მისი აზრების უწყვეტ, მდუმარე კომენტარზე. საზრიან მკითხველს უთუოდ თავს შეაწყენს გაჭიანურებული, დეტალებით ჭარბად გაჯერებული პასაჟები. მის იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას გამოიწვევს წიგნის საყოველთაო აღიარება და ამ გრძნობას მხოლოდ ნაწილობრივ შეარბილებს იმის შეგნება, რომ “ულისეს” ძნელად გასაგები იდიომების უმრავლესობა უფრო ქუჩის ჟარგონს განეკუთვნება, ვიდრე – ლიტერატურულ მეტყველებას. ამგვარ მკითხველს, როგორც წესი, აოგნებს ჯოისის სტილი, ზოგჯერ კი ის ემორჩილება მის მომნუსხველ ძალმოსილებას. ხშირად მკითხველი კრიტიკულად (თუმცა ფარული მღელვარებით) ეკიდება სიტყვებისა და განცდების იმ ნაკადს, რომელშიც ასახულია 1904 წლის ერთი დღე. “ითაკაში” მას აოცებს, რომ არავითარი აშკარა ცვლილება არ შეიმჩნევა ლეოპოლდისა და მოლის, ან სტივენისა და ლეოპოლდის ურთიერთდამოკიდებულებებში. მას, უდავოდ, აღაშფოთებს ის ეპიზოდი, როდესაც (565 გვერდის შემდეგ) ბლუმის მზრუნველობაზე სტივენი შეურაცხმყოფელი, ანტისემიტური სიმღერით პასუხობს და არ სურს, მას ღამე გაათევინოს თავისთან. ამგვარ მკითხველს უნდა აუხსნათ, რატომ არ იწვევს მოლის ადიულტერი ნაწარმოების ბოლო ნაწილში ბლუმის კონფრონტაციას ქალთან, და უნდა განუმარტოთ აგრეთვე მომხიბვლელობა “ნაბიჯების ორმაგი ექოსი, რომელიც ღვთის მიერ შექმნილ მიწაზე ხმიანობს, აგრეთვე – აკორდეონის ჰანგებისა, გზიდან რომ გაისმის”. დაუსაბუთეთ მკითხველს, რომ ბლუმის ყოყმანს (“მკვლელობა? არასოდეს, რადგან ორმაგი ბოროტმოქმედება მიუტევებელია. დუელი? არა. განქორწინება? ახლა – არა”) უპირატესობა უნდა მიენიჭოს ე.წ. “ჰეროიკული” სიტყვებისა ან ქმედებების წინაშე. ამასთან, საბოლოო ანგარიშში მსგავსი მკითხველი, ალბათ, თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან უამრავ დროსა და ენერგიას შეალევს წიგნს და მაინც ვერ მოახერხებს იმ გასაოცარი მდგომარეობის მიღწევას, რომელსაც თავის შექცევას უწოდებენ.
    რატომაა, რომ “ულისე” გზას უკეტავს მკითხველებს სიამოვნებისკენ, რომელსაც ისინი მგზნებარედ ესწრაფვიან? რატომაა, რომ მისი გმირები თითქოსდა ცდილობენ, გადაავადონ ნაწარმოების სრულიად ახლებური გაგება, თუმცა იმედს გვიტოვებენ, რომ ამგვარი გაგება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუნდაც – ხვალ? რატომ მთავრდება რომანი მღელვარე მონოლოგით, სადაც გამოთქმულია ურთიერთსაპირისპირო (შეუთავსებელიც კი) სურვილები და თვალსაზრისები? რატომ უტოვებს “ულისე” ქანცგალეულსა და დარეტიანებულ მკითხველს უკმარისობის გრძნობას? თუ ჯოისის ქმნილება არ შეაშინებს მკითხველებს კითხვის პროცესის მოულოდნელობით, ის სიგიჟემდე მიიყვანს მათ მძვინვარე ვნებებით.
    “ულისე” არ გვანუგეშებს მკაფიო დასკვნებით, რადგან ნაწარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს არა გმირების აღწერა-დახასიათება, არამედ – მკითხველთა შინაგანი გარდასახვა. გმირები, ერთი მხრივ, თავიდან ირიდებენ მკითხველებს, მეორე მხრივ კი – ბიძგს აძლევენ მათ, გაიაზრონ სამყაროსთან, ტექსტთან, იდეებთან და ადამიანებთან მიმართებების ახალი შესაძლებლობები. ჯოისის პერსონაჟები უგულებელჰყოფენ მკითხველთა მისწრაფებას, ადვილად (და, მაშასადამე, წინდაუხედავად) გააიგივონ თავი მათთან; ნაწარმოების ენა, აგრეთვე უძალიანდება მისი იოლად ათვისების მცდელობას. როდესაც წყდება გაიგივების ან მექანიკური გაგების პროცესი, მკითხველს თვითრეფლექსიის საშუალება ეძლევა, თუმცა დროის ეს ინტერვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვისაც, რომ შევუკურთხოთ ავტორსაც და მის ნაწარმოებსაც. მკითხველთა მასტიმულირებელი ან დამაბნეველი ახლებური პერსპექტივები ხორცშესხმულია ჯერ კიდევ “დუბლინელებში”, სადაც მწერალი მიმართავს ე.წ. epiclesis-ს მოთხრობათა დაბოლოების აღსანიშნავად. ჯოისი მიუთითებდა, რომ epiclesis გახლდათ საბრალმდებლო სიტყვის იმ მომენტის აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინი, რომელსაც ბიძგი უნდა მიეცა შესაძლო ტრანსფორმაციისთვის “დუბლინელებში”. ჯოისის გმირები “იყინებიან” იმ ზღვარზე, რომლის მიღმა მათი ცნობიერი წვდომა შეუძლებელია. ამ უძრავ ცხოვრებას, ამ “nature morte”-ს არ ახლავს გარკვეული კომენტარი. ავტორი არ მოგვიწოდებს, შემწყნარებლობა გამოვიჩინოთ მისი გმირების მიმართ. აქაც (როგორც შემდგომ “ულისეში”) მწერლის ტექნიკა მიზნად ისახავს მკითხველთა სულიერ გარდახორციელებას. ჯოისი გასაოცარი გამჭრიახობით განჭვრეტს ყოფის მომაკვდინებელ ზემოქმედებას ჩვენზე. ამასთან, მისი სტრატეგია სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გამოცდილ მკითხველებზე, მეორე მხრივ კი – ადვილად “ფროიდიზებად” ახალგაზრდებზე, მაგრამ უკლებლივ ყველას ის ეხმარება, გარდაქმნან მათი ცხოვრების “ენა” “მეტყველებად” (ანუ მოიპოვონ ის შეფარდებითი თავისუფლება, რომელიც, ფრანგ ენათმეცნიერთა მიხედვით, ასოცირდება მეტყველებასთან).
    “ულისეს” ერთ ეპიზოდში, კერძოდ, “მზის ხარებში”, სტივენი ამბობს, რომ მიმართება გმირსა და მკითხველს შორის, სხეულისა და სულის მიმართების მსგავსად, ზოგჯერ უეცრად კონფლიქტურ ხასიათს ღებულობს. ჩვენ ხშირად უშფოთველად ვაკვირდებით გმირებს, რომლებიც უმკლავდებიან საკუთარ ვნებებს და მით უფრო იოლად მოვთოკავთ ხოლმე ანალოგიურ განცდებს. მაგრამ როდესაც გმირი ვერ ბედავს, ბოლომდე ჩასწვდეს ძალზე არსებითი, გადამწყვეტი მოვლენის არსს, მისი მარცხი სტიმულს აძლევს მკითხველს, ბოლომდე მიიყვანოს ეს ინტელექტუალური ძალისხმევა. სტივენი ვარაუდობს ამგვარ შესაძლებლობას და ლიტერატურულ-თეოლოგიური არგუმენტების მეშვეობით ასკვნის, რომ იმედგაცრუება მატერიალური სამყაროს მიმართ განაპირობებს სულის ტრიუმფებს: სამშობიაროში, მოქეიფეთა წინაშე ის წარმოთქვამს ბლეიკის ან იეიტსის სულისკვეთებით გამსჭვალულ დეკლარაციას, რომლის სტილი ელისაბედის ეპოქის ქრონიკებს მოგვაგონებს:
    “იცოდეთ ყველამ, თქვა მან, რომ მარადისობის სრა-სასახლეები დროის ნამუსრევზე აიგება. რას ნიშნავს ეს? ვნების გრიგალი ახმობს მაყვლოვანს, მაგრამ შემდეგ ის იქცევა დროის ჯვარზე აყვავებულ ვარდად. დაიმახსოვრეთ. ქალის საშოში სიტყვა განკაცდება, მაგრამ სულში ყველა არსების შემოქმედისა, საქმე უკვდავ სიტყვად იქცევა. ასე მოხდა სამყაროს შექმნის შემდგომ. Omnis caro ad te veniet”.
    სტივენი ავითარებს თეორიას ნაყოფის მომწიფებისა და დაბადების ენობრივი გამოხატულებების შესახებ. ამ თეორიას გმირი უკავშირებს ლიტერატურულსა და ქრისტიანულ წარმოდგენებს, რომლებშიც ასახულია ურთიერთმიმართებები ამქვეყნიურ ცხოვრებასა და საიქიოს შორის. მისი აზრით, მიწა და ცა, სხეული და სული დაპირისპირებული და, ამასთან, სადარი ორეულებია, რომლებიც მორიგეობით წარმოშობენ ერთმანეთს. სიტყვა (ან სული) განკაცდება ქალის სხეულში, მაგრამ ამ მოკვდავი სხეულის აღსასრული ხელახლა ზრდის უკვდავ სიტყვას. თეორია სხეულისა და სიტყვის ურთიერთშენაცვლებადობის შესახებ მიესადაგება აგრეთვე მდუმარე, ორმხრივ დიალოგს ავტორსა და მკითხველს შორის, რომელთა მედიატორია დაწერილი, მატერიალური ტექსტი. შემოქმედების პროცესში ავტორი განასხეულებს თავის სიტყვებს, მაგრამ მკითხველიც შემოქმედის როლში გვევლინება, როდესაც “თარგმნის” აღქმულ ტექსტს მის იმგვარ ნაირსახეობად, რომელიც პერმანენტულად ზემოქმედებს ცხოვრების მისეულ გაგებაზე. სტივენი მიიჩნევს, რომ განვითარება რიტმული და ორმხრივი პროცესია. სიკვდილი და სიცოცხლე ურთიერთს აწონასწორებს, ისე, რომ ცხოვრებისეულ ასპარეზზე გმირის დამარცხებამ შეიძლება აიძულოს აღელვებული მკითხველი, თვითონ განახორციელოს გმირის მიზნები.
    ჯოისის სიტყვები “განკაცდება” ტექსტის სხეულში, მაგრამ არასრულყოფილმა განკაცებამ შეიძლება რაღაც უფრო სრულყოფილი აღმოაცენოს მკითხველის სულში. როდესაც სტივენი მსჯელობს დროის ნამუსრევზე აგებული მარადისობის სრა-სასახლეების შესახებ, ის გულისხმობს უილიამ ბლეიკის ჩანაწერებს, რომლებშიც გადმოცემულია პოეტის ყოველდღიური წარმოსახული საუბრები ცამეტი წლის წინ გარდაცვლილ ძმასთან. ბლეიკი აღნიშნავს: “ყოველი მოკვდავის აღსრულება უკვდავების მონაპოვარია”. ბლეიკი მარადისობას უპირატესობას ანიჭებს დროსთან შედარებით; სულის სრა-სასახლეები ნაცარტუტად აქცევს დროის ნამუსრევს. ამასთან, ჯოისი, ისევე, როგორც მისი თანამემამულე იეიტსი, მიიჩნევს, რომ სული და სხეული გარდუვალად დაპირისპირებული და, თანაც, ურთიერთდაკავშირებული ძალებია. ხელოვნება და ცხოვრება ერთმანეთის შეტრიალებული სარკისებრი გამოსახულებებია. სწორედ ამიტომ ჯოისი არ ცდილობს, რომ მისმა გმირებმა იოლად მოაგვარონ მათი პრობლემები. თუკი მკითხველსა და ტექსტს აკავშირებს შებრუნებული მიმართებები, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ გმირების წარმატებები აზარალებს მკითხველებს? და იქნებ გმირების მარცხმა მკითხველებს სულიერი სიმხნევე მიანიჭოს? ჯოისის წარმოსახულ სამყაროში ტექსტი წარმოგვიდგება როგორც ეკალი ან ჯვარი, რომელზეც აღმოცენდება და იფურჩქნება ახალი რეალობები. შემეცნების ან გარდასახვის მიზნით ავტორიცა და მკითხველებიც “უნდა მიელურსმონ უმოწყალო წარმოსახვის ჯვარს”. ეს არაა მაზოხიზმის ან სადიზმის გამოვლინება, რადგან ავტორსა და მკითხველებს, ჩვეულებრივ, უკვე გააჩნიათ ამგვარი ჯვარცმის გამოცდილება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა პერიოდული გათავისუფლება (მეტყველება) და როგორ იქცევა ჯვარმცმელი წარმოსახვა – თუ მას გავიაზრებთ, როგორც გზაჯვარედინს – ცხოვრების განახლების საშუალებად?
    ჯოისის მსოფლაღქმის ქრისტიანული საფუძველი გამოაშკარავდება, თუ გავითვალისწინებთ ამ რელიგიის ამოსავალ მომენტებს. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისის ირლანდიაში ქრისტიანული პერსპექტივა გზაჯვარედინს კი არა, ფართო შარაგზას წააგავდა, ეს კი ქვეყანას უქადდა აღმსარებლობათა ისტორიულად განპირობებულ სიმრავლეს. ძნელი იყო ქრისტიანობის მიერ სულიერი რეალობების უპირატესი შეფასების შერიგება ცხოვრების პრაქტიკულ საჭიროებებზე ზრუნვასთან, ამ უკანასკნელს კი ჯოისი იუდაიზმს უკავშირებდა. სტივენი უნდა შეეჯვაროს (დაპირისპირების ან თანალმობის მეშვეობით) ბლუმს, რაც წარმოქმნის “Blephen. Stoom”-ს. უილიამ ბატლერ იეიტსის პოემა “ვარდი დროის ჯვარზე” აგრეთვე გაჯერებულია ქრისტიანული მსოფლაღქმის სხვადასხვაგვარი დანაშრევებით: ვარდი განასახიერებს არა მარტო გვემილსა და აღმდგარ იესოს, არამედ – მრავალტანჯულსა და აღორძინებულ ირლანდიასაც, აგრეთვე – მარადიულ მშვენიერებას, რომელსაც პერიოდულად ანადგურებს ჟამთასვლა, რათა ის კვლავ და კვლავ განახლდეს. ვარდი, რომელსაც ხოტბას ასხამს იეიტსი, ეჯვარება ქრისტიანულ ტრადიციას და ხაზს უსვამს მას: ესაა ქალური საწყისის გამოხატულება და, ამასთან, მოკვდავ სხეულში მფეთქავი გული. ვარდი ჰყვავის იმის წყალობით, რომ გარემოცულია წარმავალი სამყაროთი.
    თუ მკითხველი დაძლევს საკუთარ სურვილებს, უარყოფის უდაბნოც კი აყვავდება. სტივენის აზრით, ვნებათა გრიგალის ქროლვით გამხმარი მაყვლოვანი იქცევა ჯვარზე აყვავებულ ამგვარ ვარდად.
    თუ კონტექსტს ოდნავ შევცვლით და ეკლისა და ვარდის სიმბოლოებს გამოვიყენებთ ნარატივისადმი, რომელიც უკეთ შეესაბამება “ფინეგანის ქელეხს”, ვიდრე “ულისეს”, მაშინ მკითხველები წარმოგვიდგებიან ეკლებზე ამოსული ასკილის ვარდის სხვა ნაირსახეობებად. ყოველი მათგანი “მთვლემარე სილამაზეა”, რომელსაც ტექსტი მორიგეობით აძინებს და აღვიძებს. ზოგჯერ დაძინება მოვალეობაა: ანა ლივია პლურაბელი ბოლო მონოლოგში, რომელსაც ის წარმოთქვამს “ფინეგანის ქელეხში”, საუბრობს “მძინარე სილამაზეთა”, როგორც “მძინარე მოვალეობათა” შესახებ, რომელთა გაღვიძებასაც ის სულაც არ ესწრაფვის. ასკილის ვარდის მსგავსად, მკითხველებს აცდუნებს მთვლემარე მსმენელებად ქცევის შესაძლებლობა. ჯოისი ახასიათებს ამგვარ მსმენელებს, როგორც ცოდვისკენ მიდრეკილ “მთვლემარე სილამაზეებს”. ამგვარად, მკითხველთა მთავარი მოვალეობაა, დროდადრო იძინონ და გაიღვიძონ, იყონ “მთვლემარე სილამაზეები”, რომელთაც ხან აწამებენ, ხან კი – ელაციცებიან. ძილის დროს ისინი ვერ იცნობიერებენ, გაღვიძებისას კი მწვავედ შეიგრძნობენ, რაოდან შემაძრწუნებელია ცხოვრების სიზმარი. ტექსტის მსგავსად, მკითხველი “ფურცელია”, მაგრამ ესაა მთვლემარე, შევსებული, შესწორებადი ფურცელი, რომელსაც სხვების გაღვიძების უნარი შესწევს. მკითხველის ახალი ცხოვრება მაშინ იბადება, როდესაც მას ჯვარზე აკრავენ სხვა მკითხველები ან ტექსტი, ან კიდევ – დამარცხებული (და არა წარმატებული) გმირი. სემუელ ბეკეტი უფრო აშკარად მიუთითებს ტექსტის ამ ასპექტზე. “გოდოს მოლოდინში”-ს დასასრულს ვლადიმირი უყურებს თავის მთვლემარე მეგობარს, ესტრაგონს, და კითხულობს: “მეძინა თუ არა, როდესაც სხვები იტანჯებოდნენ? მძინავს თუ არა ახლა? ხვალ, როდესაც გავიღვიძებ ან – მეგონება, რომ გავიღვიძე – რას ვიტყვი დღევანდელი დღის შესახებ?” ის აკვირდება მძინარე პარტნიორს, შემდეგ კი ფიქრობს: “მეც მიყურებს ვიღაც. ჩემზეც იტყვიან, მას სძინავს, მან არაფერი იცის, დაე, იძინოსო”. ესაა თვითრეფლექსიით განპირობებული დაეჭვება, რომლის პროვოცირებასაც მიზნად ისახავს ჯოისის მთელი რომანი: მიხვედრა იმისა, რომ სწორედ მაშინ გვღვიძავს, როდესაც ვთვლემთ და უგრძნობელნი ვართ გარესამყაროს მიმართ. ესტრაგონის მსგავსად, ჯოისის გმირები იმით ამთავრებენ, რომ იძინებენ და ელოდებიან ხსნას, რომელიც ჩვევად არ იქცევა. ისინი გამოხატავენ თავიანთ მოწყენას, კაეშანს, მოუთმენლობას, სასოწარკვეთილებას, მაგრამ მკითხველის ძალებს აღემატება, განაცხადოს ვლადიმირთან ერთად, “აი, აქ, ახლა, მთელი კაცობრიობა ჩვენა ვართ, მოგვწონს ეს თუ არა. მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ძალგვიძს, სანამ ძალზე გვიანი არ იქნება”.

    © “ლიტერატურა – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    კიმ ჰანი

    ედგარ პოს უდიდესი საიდუმლო

    ჩვეულებრივი მკითხველისთვის ეს მხოლოდ ასოების დომხალია და სხვა არაფერი – უთავბოლო მწკრივები მთავრული და ნუსხური ასოებისა, რომელთაგან ზოგი სარკისებურადაა გადმოტრიალებული, ზოგი კი სულაც თავდაყირა არის დაყენებული. მაგრამ თავსატეხთა ენთუზიასტებისთვის და იდუმალ შიფრთა ამომცნობებისთვის ნიშანთა ეს უაზრო მწკრივი სხვა არაფერია, თუ არა უდიდესი გამოცანა, რომლის პასუხი 159 წლის განმავლობაში ვერ იქნა ნაპოვნი.
    1841 წელს ედგარ ალან პომ ჟურნალ Graham’s Magazine შესთავაზა ორი კრიპტოგრამა, რომელთა გაშიფვრა კრიპტოგრაფიული ხელოვნების ფანატიკოსთათვის წმიდა გრაალის ძიებას დაემსგავსა. მეორე მხრივ, პოს ხელოვნების თაყვანისმცემლებს სულ უფრო უძლიერდებოდათ რწმენა, რომ შიფრის ცხრაკლიტულს მიღმა დაფარული იყო იდუმალებით მოცული ანდერძი, რომელსაც მათ “ყორნის” ავტორი სამარიდან უგზავნიდა.
    და აი, ერთმა ტორონტოელმა პროგრამისტმა, როგორც იქნა, გასაღები მოარგო საბედისწერო გამოცანას, რითაც, სხვათა შორის, დიდად გაუცრუა იმედი დეტექტივების მოყვარულებს, რომლებმაც უკვე მრავალი წელია თავი დაირწმუნეს – მინიშნება არარსებულ შიფრზე მხოლოდ დახვეწილი მისტიფიკაციააო.
    თავდაპირველად საჭიროა აღინიშნოს, რომ როდესაც პომ ჟურნალის რედაქციას კრიპტოგრამები გაუგზავნა, მათი ავტორობა მიაწერა ვინმე უ.ბ. ტაილერს – “ჯენტლმენს, ვისი ტალანტები უღრმეს პატივისცემას იმსახურებს”. 1985 წელს დარტმუნტის უნივერსიტეტის ინგლისური სიტყვიერების პროფესორმა ლუის რენზამ გამოთქვა ვარაუდი: უ.ბ. ტაილერი სხვა არავინ არის, თუ არა თავად ედგარ პო და კრიპტოგრამების გაშიფვრით ჩვენ ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის ანდერძს წავიკითხავთო.
    თუმცა პროფესორის მტკიცებულებებს არაპირდაპირი ხასიათი ჰქონდა, ისინი მაინც სავსებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რამდენადაც ანაგრამებს და სხვადასხვაგვარ კოდებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოს შემოქმედებაში. მწერალმა რამდენიმე სტატია მიუძღვნა კრიპტოგრაფიას, ხოლო მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოთხრობა “ოქროს ხოჭო” თავიდან ბოლომდე შიფრის ამოცნობის სიუჟეტურ ღერძზეა აგებული. გარდა ამისა, იმ ქალაქების ძველ სარეგისტრაციო წიგნებში, სადაც სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ან იმყოფებოდა მწერალი (ბოსტონი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, რიჩმონდი, ფილადელფია და ბალტიმორი), უ.ბ. ტაილერის კვალი არ მოიძებნა.
    დაახლოებით ამავე პერიოდში დიდი მწერლის ანდერძის გაშიფვრის პატივმოყვარე ოცნებამ შეიპყრო იელის უნივერსიტეტის სტუდენტი-ლიტერატურათმცოდნე შონ როზენჰაიმი, ოღონდ პირველ პასუხს მან კი არა, სხვა ამერიკელმა ფილოლოგმა, ტერენც უოლენმა მიაგნო: ორი იდუმალებით მოცული კრიპტოგრამიდან მან ერთ-ერთი ამოიკითხა. ეს აღმოჩნდა საპუნქტუაციო ნიშნების მეშვეობით დაშიფრული ლექსური ფრაგმენტი, რომელშიც საუბარი იყო რაღაც “უკვდავ სიჭაბუკეზე, სტიქიონთა ომის, მატერიის განადგურებისა და სამყაროთა ნგრევის ჟამს რომ არ იმუსრება”. უოლენი ფიქრობდა, პო უსათუოდ საკუთარ ლექსს დაშიფრავდაო, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ყოფილა ნაწყვეტი ინგლისელი დრამატურგის, ჯოზეფ ედისონის 1713 წელს დაწერილი პიესისა. ოღონდ როზენჰაიმს (შემდგომში მან დაწერა წიგნი “კრიპტოგრაფიული წარმოსახვა: საიდუმლო დამწერლობის ისტორია ედგარ პოდან ჩვენს დღეებამდე” და სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა ამ თემაზე) ვერაფერმა შეურყია ჯიუტი რწმენა, რომ შიფრის ავტორი თავად პო იყო.
    “ედგარ პო კრიპტოგრაფიისა და დაშიფრული წერილების შედგენის ჟინით იყო ატანილი, – მოგვითხრობს ამჟამად უკვე გაპროფესორებული როზენჰაიმი, – ჩემს შრომაში ასამდე გვერდი მივუძღვენი იმის მტკიცებას, რომ სწორედ ის არის შიფრის ავტორი. თავიდან ვცდილობდი, კრიპტოგრამა თვითონ გამეშიფრა, მაგრამ სულ მალე მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი – იგი ჩემთვის მეტისმეტად კერკეტი კაკალი აღმოჩნდა”. მაშინ როზენჰაიმმა დახმარება “კრიპტოგრაფიული ჟურნალის” რედაქციას და ერთ-ერთი კომპანიის პროფესიონალ კრიპტოგრაფებს სთხოვა, მაგრამ ამ თავსატეხზე ყველამ უშედეგოდ წაიმტვრია კბილი – კრიპტოგრამის ცხრაკლიტულს გასაღები ვერავინ მოარგო.
    მიუხედავად ამისა, როზენჰაიმი ფარ-ხმალს არ ყრიდა. 1998 წლის 25 თებერვალს თავისი უნივერსიტეტის მხარდაჭერით მან კონკურსი გამოაცხადა. ინტერნეტში გახსნეს სპეციალური საიტი, სადაც კონკურსის პირობები იყო მოცემული – გამშიფრავს 2500 დოლარს ჰპირდებოდნენ.
    წლევანდელ გაზაფხულზე, ე.ი. კონკურსის გამოცხადებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, საიტს წააწყდა თავსატეხების მოყვარული პროფესიონალი პროგრამისტი ჯილ ბროზა. იგი 1973 წელს დაიბადა ისრაელში. ბროზა თავისუფლად საუბრობს ხუთ ენაზე და კიდევ სამსა თუ ოთხ ენაზე შეუძლია იკითხოს. ასეთი შთამბეჭდავი ენობრივი ერუდიციის გარდა, ბროზას შესატყვისი განათლებაც აქვს: რამდენიმე წლის წინ იერუსალიმის უნივერსიტეტში მან მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით “კომპიუტერული ლინგვისტიკა”.
    პროგრამის გაშიფვრას მან დაახლოებით ორი თვე მოანდომა. ბროზა ამბობს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ სახელდობრ რა იყო დაშიფრული: “კრიპტოგრაფიის მოყვარულს ის კი არ აინტერესებს, რა შინაარსის ტექსტია დაშიფრული; მისთვის მთავარია, გაიგოს, როგორ არის შიფრი მოწყობილი”.
    შიფრისადმი მიდგომის შესამუშავებლად ბროზამ თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ ამოხსნა ინგლისურ ენაზე ეძებნა – ედგარ პო ხომ ამერიკელი მწერალი იყო, თანაც პირველ კრიპტოგრამაშიც ხომ სწორედ ინგლისურენოვანი ფრაგმენტი აღმოჩნდა დაშიფრული. შემდეგი ნაბიჯი იყო ვარაუდი, რომ რაც უფრო ხშირად გვხვდება ინგლისურში ესა თუ ის სიტყვა, მით უფრო ხშირი უნდა იყოს კრიპტოგრამაში მისი შესატყვისი. ბროზამ დაიწყო ტექსტიდან შედარებით ხშირი სამნიშნიანი კომბინაციების გამოყოფა, რაც, ალბათ, ინგლისური “the”, “and” და “not” უნდა ყოფილიყო. მაგრამ, “ფონს გავედიო”, როცა იფიქრა, “ვერ მოგართვესო”, უპასუხა შიფრმა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ მიზნით, რათა გამშიფრავებისთვის ნიშნების სიხშირის მიხედვით ასოების ამოცნობა გაერთულებინა, კრიპტოგრამის ავტორს (ესე იგი, ალბათ, მაინც პოს) ერთი და იმავე ბგერის აღსანიშნავად რამდენიმე სხვადასხვა ნიშანი გამოუყენებია; ამასთან, რაც უფრო ხშირად იხმარება ასო, მით მეტი ნიშნით არის გადმოცემული იგი. მაგალითად, ასო “e”-ს შიფრში 14 სხვადასხვა ნიშანი შეესატყვისება, ხოლო “z”-ს – მხოლოდ ორი.
    მაშინ ბროზამ შეადგინა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც რეალურ სიტყვებს სვამდა შიფრის “სიტყვების” ადგილას. აქედანაც არაფერი გამოვიდა. ბროზამ ინტერნეტში დაიწყო სიტყვათა ისეთი თანმიმდევრობების ძებნა, რომლებიც კრიპტოგრამაში მოცემული ასოთა რაოდენობის შესატყვისი აღმოჩნდებოდა. ძიება უშედეგოდ დამთავრდა.
    შვიდი კვირის შემდეგ ჯილ ბროზა პრაქტიკულად მზად იყო დამარცხებას შეგუებოდა, მაგრამ გადაწყვიტა ალალბედზე ბოლო შესაძლებლობაც მოესინჯა. მან შიფრის ყველა განმეორებადი სამნიშნიანი კომბინაციის ადგილას ინგლისური “the”, “and” და “not” ჩასვა და ამის შემდეგ, მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, “გასაქანი მისცა ფანტაზიას”. პარადოქსია, რომ ამოხსნის ამდენი ლოგიკაზე დამყარებული და მეცნიერული საფუძვლის მქონე მცდელობის შემდეგ, სწორედ ამ ინტუიციურმა ხერხმა დააყენა პროგრამისტი სწორ კვალზე.
    23 ივნისს ტექსტი უკვე გაშიფრული იყო. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში როზენჰაიმიც შედიოდა, რამდენიმე თვე შეალია შემოწმებას. ფაქტობრივად, ამოხსნის სისწორე მაშინ ირწმუნეს, როდესაც ბროზას წერილიდან სამი თვის შემდეგ კონკურსის ავტორებმა კიდევ ერთი ანალოგიური ამოხსნა მიიღეს.
    სამწუხაროდ, ფრაგმენტის გაშიფვრას არანაირი სულისშემძვრელი აღმოჩენა არ მოჰყოლია. ეს იყო დაუფარავად გრაფომანული პროზაული ტექსტი. როზენჰაიმს, მართალია, საშინლად გაუცრუა იმედი გაშიფვრის შედეგმა, მაგრამ იგი დღემდე დარწმუნებულია, რომ შიფრი თვით დიდი მისტიფიკატორის, ედგარ ალან პოს მიერ არის შექმნილი. “ჩემი აზრით პო რაღაც თამაშს გვეთამაშება, – ამბობს პროფესორი, – ეს არის, ვერაფრით ვერ მივხვდი, რისი თქმა სურდა, როცა ამ უაზრო აბდაუბდას გვიგზავნიდა მზეში მჯდომ ვიღაც გოგოზე”. ოღონდ, ამ ახალი საიდუმლოს ამოხსნა, როგორც ჩანს, მომავალ თაობებს მოუხდებათ.

    ამოცანის ამოხსნა

    (როზენჰაიმის მიერ შემოთავაზებული გაშიფვრით ივარაუდება, რომ ტექსტი შეიცავს დაახლოებით ორ ათეულ ავტორისეულ ან ტიპოგრაფიულ შენიშვნას, თუმცაღა იგი შეცდომების ჩასწორების შემდეგაც ერთობ ბუნდოვანია).

    “ადრე გაზაფხული იყო. შუადღის ხვატი იდგა. და თითქოს ნიავის ნელ ქროლვასაც მოჰქონდა თან ბუნების ტკბილი სატანჯველი. სიო სავსე იყო ერთმანეთში არეული ვარდის, […?] და უსურვაზის ველური ყვავილების სურნელით. ეს ნელსურნელება ღია ფანჯრიდან იჭრებოდა ოთახში, სადაც შეყვარებულები ისხდნენ. მზის მცხუნვარე სხივი ეცემოდა ქალწულის ვარდისფრად შეფაკლულ სახეს, რომელიც რომანტიკული წარმოსახვით შეთხზულს ან შთაგონებული სიზმრის ნაყოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე მიწიერ რეალობას. სატრფო სინაზით აღსავსე მზერით შეჰყურებდა ქალწულს, რომლის კულულებს მაცოცხლებელი ზეფირი ეალერსებოდა[…?] და როცა მზის შუქის უხეში შემოჭრა იგრძნო(?), კაცი ფანჯრისკენ გაემართა, რათა ფარდა გაეფარებინა. “არა, არა, ძვირფასო ჩარლზ, – რბილად შეაჩერა ქალმა, – უმჯობესია ცოტა მეტმა მზემ შეგვაწუხოს, ვიდრე სრულმა უჰაერობამ”.

    The Globe and Mail

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    მარიო ვარგას ლიოსა


    იმედის უფლება

    გრემ გრინის “ძალა და დიდება”

    თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

    გრემ გრინმა 1938 წელს რამდენიმე თვე დაჰყო მექსიკაში, ტაბასკოს და ჩიაპასის შტატებში ცხოვრობდა. მწერალი აგროვებდა მასალებს რელიგიურ დევნათა შესახებ. ეს დევნა პრეზიდენტ კალიესის დროს დაიწყო და გაგრძელდა ლასარო კარდენასის მმართველობის პერიოდში. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ჩანაწერების წიგნი: “იქ, სადაც კანონი არ კანონობს” და რომანი “ძალა და დიდება”. ეს რომანი “საქმის არსთან” ერთად გრინის საუკეთესო ნაწარმოებად იქცა.
    დღესაც კი (ნახევარი საუკუნის შემდეგ მას აქეთ, რაც ეს რომანი გამოქვეყნდა და ისტორიული ვითარება შეიცვალა) ნაწარმოები წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს.
    შესანიშნავად მოთხრობილი უბრალო ამბის დრამატულ საყრდენად გრინმა გონებისა და რწმენის უძველესი კონფლიქტი აქცია. უფრო ფართო აზრით, ეს იყო კონფლიქტი ორი შეურიგებელი უტოპიისა – სპირიტუალიზმისა და მატერიალიზმისა. დევნილი, უსახელო მღვდელი და ასევე უსახელო კაცი, მისი მადევარი პოლიციის ლეიტენანტი, – ეს ორი პერსონაჟი შემთხვევით როდი დატოვა ავტორმა სახელის გარეშე, ისინი კონკრეტულ ადამიანებზე მეტად ზოგადი იდეები არიან, აბსტრაქციები, ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისებს განასახიერებენ, როგორც დღე და ღამე, მანკიერება და სათნოება. ამ პერსონაჟებში გამომჟღავნდა დაპირისპირება, რომელიც სხვადასხვა დოქტრინის და იდეოლოგიის ფორმით თავისებურ ლაბირინთს ქმნის. ეს ლაბირინთი ადამიანთა მთელ მოდგმას მოიცავს. ამასთანავე, მთხრობელის პოზიცია მეტად რთულია: ის თითქოსდა ცდილობს გაამართლოს ბოროტი ლეიტენანტი და გახელებული ესხმის თავს პატარა, კეთილი საწყისის განმასახიერებელ მღვდელს, მის სისუსტეებს წარმოაჩენს. გრემ გრინამდე ეს ხერხი ზოგიერთმა კათოლიკე მწერალმა გამოიყენა: ფრანსუა მორიაკთან და ბერნანოსთან მკითხველები შეეჩვივნენ ადამიანური სიბინძურიდან და სიბილწიდან გამონათებული სიკეთის ნაპერწკლების ხილვას. ისეთ ავტორთან, ვთქვათ, როგორიცაა კლოდელი, უკვე ნახსენები ხერხი ძალზე თვალსაჩინო გახლდათ, ზნეთადამრიგებლური ფინალი კი ნებისმიერ თხრობას ცვლიდა, ნებისმიერ პიესას იგავად აქცევდა. ისინი კარგი მწერლები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ მორწმუნეთათვის წერდნენ, იმათთვის, ვინც ეჭვების ტყვეობაში არ არიან. “ძალა და დიდება” კი პირიქით, სწორედ დაეჭვებულთათვის არის დაწერილი. და თუმცა გრინის სტილური შესაძლებლობები არცთუ ისე დიდია, – როგორც, ვთქვათ, კლოდელისა, და ინტელექტუალური დახვეწილობითაც ის ბევრად ჩამოუვარდება მორიაკის ტიპის მწერლებს, – მისი წიგნი უაღრესად თანამედროვეა და დღევანდელი მკითხველისთვის არის განკუთვნილი, მაშინ, როცა კლოდელის და მორიაკის წიგნები დღითი დღე ძველდება.
    ლეიტენანტი – მკაცრი და სწორხაზოვანი ადამიანია, მისი იდეები აბსოლუტურ თანხმობაშია მისსავე ქმედებებთან. მოვალეობის გრძნობა მისი ცხოვრების საზრისს წარმოადგენს. ის არ სვამს და, ახალგაზრდობის მიუხედავად, არ არის გატაცებული ქალებით. მისთვის აშკარაა სოციალური უსამართლობის ფესვები და იგი ვერ იტანს ეკლესიას და მღვდლებს, რადგან მათ უბრალო ადამიანების მჩაგვრელებად მიიჩნევს. ამასვე ეუბნება მღვდელს მისი დაპატიმრების დღეს: როგორ შეიძლება შეურიგდე იმ რელიგიას, რომელიც თავის მსახურებს აძლევს იმის უფლებას, სააღმსარებლოში მოისმინონ აღიარებანი მონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, მიუტევონ აღმსარებლებს და შემდეგ მშვიდად მიუსხდნენ სადილის სუფრას. ლეიტენანტის ღარიბებისადმი გამოცხადებული სოლიდარობა აბსტრაქტულია, თუმცა ზოგჯერ კონკრეტულ კეთილქმედებაშიც ვლინდება: მაგალითად, იგი ჩუქნის მცირე ფულს იმ საწყალ ადამიანებს, რომელთაც მერე თვითონვე აგზავნის ციხეში აკრძალული სასმელის მიღების გამო. ლეიტენანტს სწამს კანონისა და სიცოცხლისა დედამიწაზე, სწამს, რომ შეიძლება კანონის მეშვეობით ცხოვრების შეცვლა. მაგრამ სააქაოდან სამუდამოდ რომ გაქრეს უსამართლობა და სიღატაკე, საჭიროა ჯერ ის სამყარო გაქრეს, რომლის წარმოგზავნილადაც პატარა მღვდელი ითვლება. სხვა სამყაროს არსებობა, ამ სამყაროზე ოცნება წარმოადგენს გადაულახავ წინააღმდეგობას დედამიწაზე სამოთხის გაშენებაში. ვიდრე ცრუმორწმუნე ღატაკნი იმის იმედად იქნებიან, რომ ამქვეყნიურ ტანჯვათა გამო იმქვეყნად მიეზღვებათ, არაფერს არ ეშველება. უნდა ყველაფერი შეიცვალოს და სააქაო ქვეყნიერება იქცეს სამართლიანობის სამეფოდ, სადაც გონების კანონები მოქმედებს და არა შიში ან ილუზიები. ამას ფიქრობს ლეიტენანტი და შესაბამისად მოქმედებს კიდეც: დაეხეტება თავის შტატში და ეძებს მღვდლებს, მუსრს ავლებს მძევლებს, ხოლო სოფლებს კი ატერორებს. მისი პრინციპი ასეთია: მიზანი ამართლებს საშუალებას. იმისათვის, რომ დედამიწაზე ზეციური კანონები დამყარდეს, უნდა მოისპოს ზეციური მტაცებელი არსებანი.
    ლეიტენანტის მოწინააღმდეგე მოკლებულია ყოველგვარ მიზანსწრაფულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას. მღვდელს უყვარს დალევა, მან უმანკოების აღთქმაც დაარღვია – ჰყავს გოგონა გლეხის ქალისაგან, რომელთანაც შესცოდა სიმთვრალეში. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მღვდელი მშიშარა და დაბნეული ადამიანია. მან თვითონვე შესანიშნავად იცის ყოველივე ეს (მთხრობელიც არ ცდილობს ჩვენს მოტყუებას და არ უძებნის მორალურ და ფსიქოლოგიურ გამართლებას თავის გმირს). როდესაც შტატში ეკლესიის დევნა დაიწყო, მღვდელი არ გაქცეულა სხვა სასულიერო მსახურთა მსგავსად. რამ ითამაშა აქ გადამწყვეტი როლი – პრინციპების ერთგულებამ, მაღალმა ზნეობრივმა თვითშეგნებამ? როდესაც იგი დახვრეტის მოლოდინში განვლილ ცხოვრებას აჯამებდა, აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული გმირობა სახიფათო ადგილზე დარჩენისას მას არ გამოუჩენია. აქ თავისი სიტყვა პატივმოყვარეობამ და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, არასწორმა გათვლამ თქვა. ის კიდევ იმიტომ არ გაიქცა, რომ ფიქრობდა, მარტოდ დარჩენილი თავის ნებაზე მოიქცეოდა, ვერავინ შეუქმნიდა დაბრკოლებებს. და კიდევ: ამ საქციელით ის სამაგიეროს უხდიდა გაქცეულ მღვდლებს, რომლებიც მუდამ ექიშპებოდნენ მას. მოგვიანებით, როცა გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ყველა სასულიერო პირს ქორწინების უფლება ეძლეოდა, ყველაფერი ისე აეწყო, რომ აქაც ხელი მოეცარა თითქოს სხვა მღვდლების გამო, რომლებმაც ამ მღვდელს წამებულის როლი დააკისრეს. თუმცა სხვაც უნდა ითქვას: ეს კაცი მღვდლადაც არ ვარგოდა, ხელისცეცებით იკვლევდა გზას ცხოვრებაში, არ შეეძლო საკუთარ ბედზე ღმერთისმიერი ანაბეჭდების ამოცნობა და მისი ყოველი საქციელი ავადმყოფი სინდისის ნიშნით იყო აღბეჭდილი. მორწმუნეთათვის ამგვარი მღვდლისგან შეწევნა ნაკლები გახლდათ. მას არ ჰყოფნიდა მოთმინება, მძიმე ხასიათს ავლენდა მათდამი დამოკიდებულებაში, ვინც ნუგეშის სიტყვისთვის მიდიოდა მასთან. ამიტომ ერთხანს ამპარტავანი კაცის სახელიც გაუვარდა, ის რვა წელი ემალებოდა ხელისუფლებას და არაერთხელ დააპირა შტატებიდან გაქცევა. შიში მოსვენებას უკარგავდა.
    არ არის ძნელი იმის განჭვრეტა, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნება მკითხველს უკანასკნელი ფურცლის წაკითხვისას. გონების და კანონის უანგარო დაცვისაგან საკმაოდ შორს მდგომი კაცი რომანში ნამდვილ ადამიანურობას განასახიერებს. ის არ იწვევს აღფრთოვანებას და თანაგრძნობას, ყოველივე ამას მისი მსხვერპლი იწვევს – ადამიანი, რომელიც თავის თავში უამრავ წინააღმდეგობას და ნაკლოვანებას ატარებს და რომლის სხეულიც, დაცხრილული ტყვიებით ქალაქის პატარა მოედანზე აგდია. იმ ორ უტოპიათაგან, რომანში რომ ერთმანეთს უპირისპირდება, უფრო საშიშია და ვერაგი სახრჩობელების და დამწვარი ეკლესიების ფასად დედამიწაზე სამოთხის დამამკვიდრებელი უტოპია. კიდევ რამდენი ადამიანის დახვრეტა მოუწევს ლეიტენანტს, რათა თავისი ნაოცნებარი ახალი საზოგადოება რეალობად აქციოს? მღვდლების განადგურების შემდეგ თანამებრძოლთა კედელთან მიყენების ჯერი დადგება. ამ თანამებრძოლთა შორის ლეიტენანტის უფროსიც იქნება, რომლისთვისაც რევოლუცია როგორც ლეიტენანტისათვის იდეალი კი არ არის, არამედ ძალაუფლების მიღწევის და იატაკქვეშა კომერციის მეშვეობით გამდიდრების საშუალება.
    სოციალური თვალსაზრისით ლეიტენანტი ნებისმიერ ფანატიკოსზე სახიფათოა: ის პოლიტიკოსი-მეოცნებეა. ის დაჰიპნოზებულია რაღაც გამჭვირვალე ხილვებით და რეალობას ვერ ხედავს. მას ვითომდა სიკეთე სურს, სინამდვილეში კი უკეთურებას სჩადის. შესაძლებელია თავისი ქადაგებებით საიქიო ცხოვრებაზე მღვდლები მართლაც უჩლუნგებდნენ პროტესტის გრძნობას გაჭირვებულებს, მაგრამ ლეიტენანტს არ ესმის სხვა რამ: განმათავისუფლებელი (მისი რწმენით) რევოლუცია უსამართლობის ერთ ფორმას ცვლის მეორეთი და აღაზევებს ჩაგვრის ახალ ფორმებს, ახლებურ ობსკურანტიზმს და კორუფციას.
    შეიძლება ვინმემ საკამათო გახადოს ის დასკვნები, რომელსაც პატარა მღვდელი რწმენის დასაცავად მოიხმობს. ამ დასკვნების გაგონებისას ნებისმიერ თანამედროვე თეოლოგს, თავისუფლების მქადაგებელს თმა ყალყზე დაუდგებოდა. სიტყვა ეხება შემრიგებლურად განწყობილ მღვდელს: დაპატიმრების დღეს ლეიტენანტთან საუბრისას ის ამტკიცებს, რომ რადგან “ყველანი სამყაროში უბედურები არიან, განურჩევლად ღარიბებისა და მდიდრებისა, ღირს კი ეშინოდეს ადამიანს ტკივილის?” რა შეიძლება იყოს სულის ხსნაზე მნიშვნელოვანი? მღვდლის არგუმენტების მოსმენის შემდეგ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ სოციალური უსამართლობა არის გარკვეულწილად ასატანი ბოროტება. ამ ბოროტებაში ხომ სამომავლოდ მარადიული ხსნის გარანტია იმალება.
    პატარა მღვდელი რომანიდან “ძალა და დიდება” სიმპათიას იმსახურებს არა თავისი განსჯებით, არამედ თავისი ბედით. ეს ადამიანი მარტოსულია და დაუცველი. სწორედ ამ ნიშნებით ჰგავს იგი საზოგადოების მსხვერპლთ – გლეხებს და ინდიელებს, რევოლუციის ქარიშხალში მძევლებად ქცეულებს… ჩვენს დროში, როცა ალერგიაც კი არის გაჩენილი ჭკუისდამრიგებლური თხრობის მიმართ, რომანი “ძალა და დიდება” კვლავაც ინარჩუნებს სიცოცხლეს, რადგან მორწმუნეთ და არამორწმუნეთ ერთ რამეს სთავაზობს: იმედის შენარჩუნების უფლებას. და განა იმედი წარმოსახვის და სულიერების ნაწილი არ არის?
    და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ რომანმა დროს გაუძლო: აქ წამოჭრილი პოლიტიკური და ზნეობრივი პრობლემები ძალიან ოსტატურად არის ჩაწნული მიმზიდველ სიუჟეტში და ამ სიუჟეტის მიღმა ილანდება. სულ სხვაგვარადაა საქმე უამრავ იდეურ რომანებში, სადაც სიუჟეტი მხოლოდ საშუალებაა გარკვეულ შეხედულებათა სისტემისა. მსგავს შემთხვევებში მკითხველი ხედავს, რომ რომანის გმირებს აკლიათ თავისუფლება, მაშასადამე, დამაჯერებლობაც, ისინი უფრო მარიონეტებს ჰგვანან, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. ასეთ დროს რა მნიშვნელოვან თემაზეც არ უნდა საუბრობდეს ავტორი და რა იდეებსაც არ უნდა სთავაზობდეს მკითხველს, დამარცხება გარდუვალია. რომანის უპირველესი დანიშნულებაა არა მკითხველის დამოძღვრა, არამედ მისი მოჯადოება. მწერალმა უნდა დაამარცხოს მკითხველის სკეპტიციზმი, დაიპყროს მისი ყურადღება, განაგოს მისი გრძნობები, რეალურ სამყაროს მოაშოროს და აიძულოს ილუზიის სამყაროში გადასახლდეს. ავტორს არ ძალუძს პირდაპირი გზით მიაწვდინოს მკითხველს თავისი სათქმელი, თავდაპირველად მან უნდა დაასნეულოს მკითხველი გამოგონილი სამყაროს სიცოცხლისუნარიანობით და აიძულოს იგი (კითხვის მაგიურ სივრცეში) განიცადოს ტყუილი, როგორც მართალი და მართალი, როგორც ტყუილი.
    გრემ გრინი ოსტატურად მოგვითხრობს ისტორიას. ის ქმნის ეფექტებს და აღვივებს ცნობისმოყვარეობას მოულოდნელი აღიარებებით, აგრეთვე დრამატულ სცენებში აქსოვს იუმორს, შეუძლია რამდენიმე შტრიხით დახატოს გმირის ხასიათი ან პეიზაჟი. რომანში “ძალა და სახელი” განსაკუთრებით თვალშისაცემია გრინის სახეების ვიზუალური, კინემატოგრაფიული ბუნება…
    გრემ გრინის შემოქმედება კრავს გარკვეულ ციკლს. ის აღწერს დასავლური სამყაროს გარეუბნებს, სადაც ჯერ კიდევ მეფობს პრიმიტიულობა და ველურობა.

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”