• კრიტიკა

    მო­რის კლა­ვე­ლი – ნუ ეძ­ებთ არ­ამ­ზა­დებს ქუ­ჩებ­ში

    ეს რე­ვო­ლუ­ცია სუ­ლის რე­ვო­ლუ­ციაა, აი, რას უნ­და გავ­ყ­ვი­რო­დეთ მთე­ლი ძა­ლით, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე, ყვე­ლა კუთხე­ში. გო­ნე­ბა შურს იძ­ი­ებს ძვე­ლი წყე­ნე­ბის გა­მო. უკ­ვე დად­გა დრო. ეს ჩვე­ნი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი იმ­ე­დია, იგი ახ­ალ­გაზ­რ­და სტუ­დენ­ტებ­სა და მუ­შებს უპყ­რი­ათ ხელთ. მათ არ სჭირ­დე­ბათ ზედ­მე­ტი ხუ­თი ათ­ა­სი ფრან­კი თვე­ში, მათ ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა სურთ. ას­ეთ ცვლი­ლე­ბა­თა რე­ცეპ­ტი უბ­რა­ლოა, რო­გორც გა­მოცხა­დე­ბა, რო­გორც მე­ხის და­ცე­მა. ეს უბ­რა­ლო­ე­ბა გა­დამ­დე­ბია და ჩვენს თვალ­წინ ვრცელ­დე­ბა. მი­სი არ უნ­და შეგ­ვე­შინ­დეს – იგი ჩვე­უ­ლი, წმი­და­თაწ­მი­და სას­წა­უ­ლი­ვი­თაა.
    ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა უკ­ვე აღ­არ შე­იძ­ლე­ბა და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ამგ­ვა­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ად­ა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პ­ლის გა­რე­შე უნ­და მოხ­დეს! დამ­ნა­შა­ვე­თა დიდ­ხანს ძებ­ნა არ მოგ­ვი­წევს, ეს არ­ამ­ზა­დე­ბი მა­ღალ­ჭე­რი­ან კა­ბი­ნე­ტებ­ში სხე­დან, აი, რა მინ­და შე­ვაგ­ნე­ბი­ნო ჩვენს წე­სი­ერ ბურ­ჟუ­ებს.
    მარ­თ­ლაც, ორ­ი­დან ერ­თი: ყვე­ლა ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დათ­მო­ბა მუ­შე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ – რა­ზეც გუ­შინ ჩვე­ნი სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი მთავ­რო­ბა წა­ვი­და – ან ის­ე­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ან არა. თუ მთავ­რო­ბას ეს შე­ეძ­ლო, მა­შინ გა­მო­დის, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი იგი, უბ­რა­ლოდ, ექს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ას უწ­ევ­და და ძარ­ც­ვავ­და მუ­შებს, ით­ვი­სებ­და მა­თი შრო­მის ნა­ყოფს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთავ­რო­ბა ხალ­ხის მტე­რი გა­მო­დის. თუ­კი არ შე­ეძ­ლო დათ­მო­ბებ­ზე წას­ვ­ლა, ე.ი. ახ­ლა იგი მხო­ლოდ სა­კუ­თარ კრახს გა­ურ­ბის და უფს­კ­რუ­ლის­კენ მი­ა­ქა­ნებს მთელ საფ­რან­გეთს. ას­ეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი საქ­მე გვაქვს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­თან.
    რაც არ უნ­და მოხ­დეს – ყვე­ლა­ზე უარ­ე­სიც კი – მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ა­მარ­თ­ლე­ბენ; ამ­ა­ში ად­ვი­ლად დარ­წ­მუნ­დე­ბით, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ და­აკ­ვირ­დე, შე­ხე­დო ამ არ­ამ­ზა­დებს. დღე­ვან­დელ ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბას არ­ა­ფე­რი აქვს სა­ლა­პა­რა­კო ას­ეთ ად­ა­მი­ა­ნებ­თან.

    Combat, 28 მა­ი­სი 1968

    იმ­ა­ვე დღეს ჟან-ჟაკ პო­ვე­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ეს მი­მარ­თ­ვა პროკ­ლა­მა­ცი­ის სა­ხით და­ბეჭ­და და ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­ში გა­მო­აკ­რა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • კრიტიკა

    გიორგი ლობჟანიძე "ვახუშტიმა თქვა"

    მკითხველი, ვახუშტი კოტეტიშვილის ამ პატარა წიგნს ერთი ამოსუნთქვით რომ გაასრულებს, უსათუოდ ჰკითხავს თავის თავს: ერთი შეხედვით, თითქმის ყველაფერი ნაცნობია. ავტორი ხაზგასმულად არასოდეს ცდილობს, სათქმელის გადმოსაცემად ორიგინალურ ხერხებს მიმართოს. პირიქით, საამისოდ უკვე ათასჯერ ნაცად საშუალებებს გამოიყენებს, მაგრამ მაინც ყველაფერი ახალია, მოულოდნელი, თითქოს ანტიკვარულ ნივთს მტვერი მოაცილეს და სრულიად ახლებურად, ახალთახალივით დაიწყო კრიალი… მაშ რაა ის, რაც პოეტურ სიტყვას განუმეორებლობის ელფერს ანიჭებს და მის მადლსა და ძალას კიდევ ერთხელ ნეტარებით განგვაცდევინებს. ნიჭი? ოსტატობა? რა თქმა უნდა, ერთიცა და მეორეც, მაგრამ არის კიდევ რაღაც, მოუხელთებელი, რასაც ეგრე იოლად სახელს ვერ დაარქმევ, ზუსტ განსაზღვრებას ვერასდროს მოუძებნი და რაშიც გაუდგამს ფესვი ნამდვილ პოეზიას.
    თვითონ ვახუშტი კოტეტიშვილი ამ წიგნის ერთ ლექსში წერს:

    “რომ დავჯირითობ ამქვეყნად
    და თავი ლაღი მგონია,
    მე რა ვიცოდი, რომ გულში
    ამდენი დარდი მქონია.
    გონებამ მხოლოდ ის იცის,
    რაც ქვეყნად გაუგონია,
    გონება ავწონ-დავწონე,
    გული ვერ ამიწონია.”

    ეგება ვცდები, მაგრამ სანამ ადამიანს ეს განცდა ექნება, რომ გული ვერ აუწონია, მანამდე რამდენი წელიც უნდა იცხოვროს, მაინც მუდამ ბავშვად დარჩება და ყოველდღე სამყაროს ისე შეხედავს, თითქოს ყველაფერი პირველად დაინახა და, მონუსხული, ამ სისავსისა და მშვენების სხვათათვის გაზიარებას ცდილობს. ოღონდ სიტყვებს საგანგებოდ კი არ დაეძებს, სათქმელს მარტივად და ალალად ამბობს, როგორც ბავშვი, რომლის ბაგითაც ღმერთი ლაპარაკობს.
    მახსოვს, ჯერ კიდევ 17 წლის ყმაწვილი როგორ მომხიბლა ბატონი ვახუშტის ამ ღვთაებრივმა ბავშვურობამ. პროფესორ კოტეტიშვილის ლექციაზე შესული იქიდან ვახუშტის თაყვანისმცემლად გამოვედი, რომელსაც არ სჭირდებოდა არანაირი რეგალია და თანამდებობა. მისი სახელი ჩემთვის უკვე თავისთავში აერთიანებდა ყველა ღირსებას, რაც ერთი – თუნდაც ძალზე სახელგანთქმული და მცოდნე პროფესორის ნაღვაწს ათასწილად აღემატებოდა.
    მაშინ ვიფიქრე, რომ ვახუშტი თითქოს ერთ დღეში გაზრდილიყო და მხოლოდ ტანით იყო ვებერთელა კაცი, გულით კი ბავშვად დარჩენილიყო და გარშემომყოფებს სწორედ ბავშვისათვის დამახასიათებელი დიდი სიყვარულითა და ნდობით შესცქეროდა.
    რა თქმა უნდა, ბავშვურობაში იმ ინფანტილიზმს არ ვგულისხმობ, რითაც ბევრია დაავადებული და რაც განსაკუთრებით მაღიზიანებს. ვახუშტის ბავშვურობა იმით გამოიხატებოდა, რომ ამდენი უბედურების გადამტანს მაინც შეენარჩუნებინა სიხარულის უნარი და ამ სიხარულს უშურველად გვინაწილებდა, უფრო სწორად გვასწავლიდა მთავარს – როგორ უნდა გაგვეძლო ცხოვრებისათვის და როგორ შეგვენახა ჩვენს თავში სიცოცხლის სიყვარული.
    ახლაც, როცა მისი ლექსების ეს ახალი კრებული რაღაც განსაკუთრებული შინაგანი ღელვით წავიკითხე, კვლავ მისი ეს თვისება მომხვდა თვალში – სიხარულის ნიჭი, რაც – ფილოსოფიური ქვასავით – ცხოვრების ყველაზე მძიმე დრამასაც კი პოეზიად გარდაქმნის და ადამიანად ყოფნის ფასს გვაგრძნობინებს. ამიტომაც თითქოს ჩვეულებრივი გმინვა საწუთროს გამო ვახუშტისთან ისევ სიცოცხლის ძიებაა და არა სიკვდილისა:

    მოდი, სადა ხარ, სიკვდილო,
    ამხსენ სიცოცხლის ბაწარი,
    გადამავიწყე ვარამი,
    ამქვეყნიური რაც არი,
    საწუთროს ამაოების
    არ მაქექინო ნაცარი
    და თავზე არ დამაქციო
    ცოდვით ნაგები ტაძარი.
    როდემდე უნდა ღვიოდეს
    სულში ამქვეყნის ღადარი?!
    ან რად მინდოდა სიცოცხლე
    დედის სიკვდილად დამჯდარი?!

    ამ შეკითხვებს თვითონ პოეტი გასცემს პასუხს მეორე ლექსში, სადაც ასეთ რამეს ამბობს:

    თუმც ცალუღელი ვიყავი
    ჩვენს გაუსაძლის დროში,
    მაინც სულ ხალხში ვერიე
    და არა უბირ ბრბოში.
    ხანდახან დარიც მიგრძვნია,
    უფრო ყინვა და თოში,
    მაინც კი ისე ვიცხოვრე,
    როგორიც მქონდა ხოში.”

    ლექსების ამ ერთ რკალს, ხალხური კილოზე ამოთქმულს, საგანგებო სისადავე გამოარჩევს. ვინმეს შეიძლება მარტივად მოეჩვენოს ასეთი ლექსების თქმა და ტრადიციის ჩვეულებრივ გადამღერებად მიიღოს, მაგრამ ეს ისეთი გენიალური სიმარტივეა, რასაც ვახუშტი კოტეტიშვილის მრავალწლიანი მთარგმნელობითი გამოცდილება, ხალხური პოეზიის ვახუშტი კოტეტიშვილისეული უბადლო ცოდნა და ბოლოსდაბოლოს, ვახუშტი კოტეტიშვილის უშრეტი ნიჭი სჭირდებოდა, რომ ხელთ ნამდვილი პოეზიის ნიმუშები შეგვრჩენოდა და არა მიმბაძველის თუნდაც ძალზე ნიჭიერი ნამუშაკევი. მე არ ვიცი, “ნამდვილის” “ყალბისაგან” გასარჩევად რა უტყუარი თეორია უნდა მოიშველიო, რომელიც გულზე უკეთესად დაგიდასტურებს, სად, რომელ სტრიქონში ფეთქავს ჭეშმარიტი სიცოცხლის ნიშანწყალი. გული კი მართლაც უცდომლად ხვდება რა უნარჩუნებს წონასწორობას ზოგჯერ ბანალურობის ბეწვის ხიდზე მობარბაცე სათქმელსა და ფორმას, უცებ ერთსულ და ერთხორც რომ შენივთდება და მათი ერთობა ხალას გრძნობას გამოასხივებს.
    ვთქვათ, კრებულის ერთი “რიგითი” ლექსი ავიღოთ და ამ თვალითაც წავიკითხოთ:

    ვარ ძველი ციხის ნაშალი,
    ჩემში გადიან ღრუბლები,
    ქარაფზე ვდგავარ და კლდეებს
    ცალპირად ვესაუბრები.
    არ მპასუხობენ კლდეები,
    თავ-თავის წესად უბრები,
    მაგრამ ვგრძნობ, ქარი რომ დაჰბერს,
    ცად მიაქვს ეს საუბრები.”

    თითქოს ძალზე ჩვეულებრივი სტრიქონებია, რომლის დასაწყისიც უეჭველად გაგვახსენებს ტარიელ ხარხელაურის ერთ გახალხურებულ ლექსს: “ვერკვლის ციხე ვარ, მგლისფერი”, მაგრამ აქ მეორე სტრიქონი ისეთ ემოციურ, და გნებავთ, ფერწერულ დატვირთვას იძენს, რომ ყველაფერი უკვე ვახუშტი კოტეტიშვილის ალალი და უსაყვედურო კუთვნილება ხდება: “ვარ ძველი ციხის ნაშალი, ჩემში გადიან ღრუბლები”.
    ალბათ რამდენ ჩვენგანს უნახავს ციხის ნაშალი, რომელსაც კვამლივით ასდის ღრუბელი და ნისლი, მაგრამ ვახუშტიმ თქვა ძალზე არსებითი – “ჩემში გადიან ღრუბლები” და ამით მხოლოდ სინამდვილის ემპირიული ხატი კი არა, ამ სინამდვილის ემოციური საზრისი დაგვანახა. საერთოდ კი მთელი ლექსი ერთი მშვენიერი იგავია სიმარტოვისა, რომელიც იმით არის ღირებული, რომ ძალზე სიღრმისეულად წარმოაჩენს რჩეული მარტოსულის ტრაგედიას, მაგრამ ისე, რომ ამაზე არც წუწუნებს და არც ვინმეს საყვედურობს. ამ იგავის არსს ყველა ჩასწვდება, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუფლებია განცდა:

    “ქარაფზე ვდგავარ და კლდეებს
    ცალპირად ვესაუბრები”.

    განცდა თავისთავად ნაცნობია, მაგრამ მთელ სტრიქონებს ანათებს სიტყვა “ცალპირად”, რომელიც ამ კონკრეტულ ვითარებაში საუკეთესოდ გამოხატავს უპასუხოდ დარჩენილი გულწრფელობის სივალალეს. ამიტომაც ხვდები, რომ კლდეები, რაზეც პოეტი საუბრობს, სინამდვილეში, გაუხეშებული, ქონით გაზინთული გულებია, თორემ ნაღდი კლდეებიც კი, თუკი წრფელი გრძნობებით დაუძახებ, ექოთი მაინც გაგეპასუხებიან.
    ვხვდები, ანალიზისასაც კი ვერ ავცდი მეტაფორას, რადგან ესეც ვახუშტის მშვენიერი წიგნიდან წამოყოლილი ერთგვარი იმპულსია. პოეზიის მილიონნაირი განსაზღვრება არსებობს, მაგრამ ერთი მაინც ყველაზე ნაცადია: ლექსი იწყება მეტაფორიდან და პოეზიის სული არის მეტაფორა.
    ამ დეფინიციას დღეს ბევრი მოდური თეორეტიკოსი აყენებს ეჭვქვეშ. თუმცა რეალურად პოეზიის მფეთქავი ნერვი ამავე დეფინიციის უტყუარობას ადასტურებს.
    ვახუშტი კოტეტიშვილი ქართული და აღმოსავლური ლექსწყობის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე, მოყვარულის დონეზე კი არა, პროფესიონალის სიღრმით იცნობს ყველა ლიტერატურულ თეორიასა და შეხედულებას, მაგრამ მისი, როგორც პოტის ღირსება სწორედ ისაა, რომ შეუძლია შემოქმედებითი აღმაფრენის წუთებში ეს თეორიები და შეხედულებანი გვერდით მოისროლოს, გულის კარნახს მისდიოს და ისა თქვას, რაც იმ წუთას ეთქმევინა. კოლეგა ფილოლოგებისაგან ხშირად მსმენია: რა კარგი იყო, ბავშვობაში წიგნებს რომ სხვაგვარი აღმაფერნით ვკითხულობდით და არა პროფესიონალისათვის დამახასიათებელი მჩხრეკელის თვალითო!
    ვახუშტი კოტეტიშვილმა მოახერხა ძალზე იშვიათი რამ: პროფესიონალისათვის დამახასიათებელი თვალით ისე შეხედა უკვე შეჩვეულ საგნებს, რომ არც ბავშვური, პოეტური აღმაფერენა დაუკარგავს.
    არსებითად, სწორედ პროფესიონალიზმი აძლევს იმის სითამამეს, რომ ისა თქვას, რაც ეთქმევინება და არ შეეშინდეს, რომ ისე ვერ იტყვის, როგორც უნდოდა ეთქვა.
    ამ პატარა წიგნის მეორე მოზრდილი რკალი, სონეტებს აერთიანებს. სონეტის სალექსო ფორმა, რომელსაც გასულ საუკუნეთა პოეტები ყველაზე სრულყოფილ სალექსო ფორმად აღიარებდნენ, მკვეთრად განსხვავდება ხალხური სალექსო ფორმებისაგან და პოეტისაგან სწორედ წუნდაუდებელ ოსტატობას მოითხოვს. მკაცრი საზომითა და სტილისტიკით გამორჩეული სონეტი იმდენად თავისებურია, რომ ერთ ყალბ ნოტასაც კი ვერაფრით იგუებს, თუკი ყველაფერი, ყველა ტონალობა თავის შიგნით ორგანულად არ ჩაიწნა, ჩამოქნა და შეითვისა. ამიტომაც, პოეტისათვის, რომელსაც ვახუშტი კოტეტიშვილზე ოდნავ ნაკლები ნიჭი და გამოცდილება ექნებოდა, შესაძლებელია, ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსების გვერდით სონეტების გამოქვეყნება შემოქმედებითი ხარაკირის ტოლფასი ყოფილიყო.
    მაგრამ ამ პატარა წიგნში სასწაული ხდება: ორი ერთმანეთისაგან თითქოს სრულიად განსხვავებული ფორმა და სტილისტიკა ისე ავსებს და ალამაზებს ერთურთს, რომ ლამის განუყოფელ მთლიანობად წარმოგვიდგება. ამის მიზეზს თვითონ პოეტი გვიხსნის “სონეტის სონეტში”:

    სალექსო ფორმებს არა ვცემდი საკადრის პატივს,
    ჩემთვის მთავარი იყო ლაღი ლექსი ქართული.
    აღგზნებულ ჭაბუკს არასოდეს მესმოდა მათი,
    ვინც იყო ლექსის არტახებში ჩასმით გართული.

    მე ვერ გამეგო, რუსთველური შაირის მქონეს,
    ლექსის ფორმები ევროპიდან რატომ მეთრაქა?
    იქიდან, სადაც სონეტების უმაღლეს დონეს
    აღწევდა ხოლმე თუნდ შექსპირი, ანდა პეტრარკა?!

    გამოხდა ხანი და მივხვდი, რომ ვცდებოდი ადრე,
    ფორმა გარსია მთავარია ლექსისი შიგანი,
    უნდა იცოდე პოეზიის ყამი და ყადრი,
    მთელი თავისი სიღრმითა და სიგრძე-სიგანით.

    და აი, თრთოლვით გადაგიშლით მე ჩემს სონეტებს
    ისე, ვით ძველი ნუმიზმატი ნათხარ მონეტებს.”

    კაცმა რომ თქვას, ვერც ერთი თეორეტიკოსი ვერ აგვიხსნიდა ამაზე უკეთ ვახუშტი კოტეტიშვილის პიროვნულ დამოკიდებულებას პოეზიასა და მის დანიშნულებასთან. მთავარია, რომ ამ შესავლის მერე ნიჭისა და ოსტატობის ნამდვილი ფოიერვერკი იწყება. ამიტომ ჯობს მკითხველმა ეს საოცარი ნიმუშები თვითონვე წაიკითხოს, თორემ მე რომ ჩემი სიტყვების დასადასტურებლად მაგალითების მოყვანა მოვინდომო, ალბათ მთელი წიგნის გადმოწერა მომიწევს. თუმცა რამდენიმე ელვარე სტრიქონი აქვე ალბათ მაინც უნდა დავიმოწმო, თუნდაც “სიბერის სონეტის” ეს სტრიქონები:

    “ხვდები, რომ ქვეყნად აღარაფერს არა აქვს აზრი,
    რაზე იფიქრო, რა ისურვო ან რა ინატრო?
    შენა ხარ მხოლოდ დიოგენეს ფუტურო კასრი,
    რომელშიც უკვე დიოგენე აღარ ბინადრობს.”

    ანდა “ადამის სონეტიდან”:

    “ბუნდად ვიხსენებ სამოთხეს და ჩემს ოჯახს დაშლილს,
    სიბერემ უკვე თავისი ქნა, დაბინდა გონი,
    მახსოვს, რომ ევამ მომაწოდა სამოთხის ვაშლი
    და მე, სულელმა, უნებლიეთ შევჭამე, მგონი.”

    ვახუშტის ერთი ადამიანური თავისებურება მის ლექსებშიც მკვეთრად გამოვლინდა. იგი ცალმხრივად არცერთ საგანს, არცერთ მოვლენას არასოდეს აფასებს. ამიტომაც “ადამის სონეტს” “ევას სონეტი” მოჰყვება და თან ისეთი სონეტი, რომ ხვდები, რამ ათქმევინა ლევ ტოლსტოის თავის დროზე: “ანა კარენინა მე ვარ!”
    არსებითად, თუ შემოქმედს სამყაროს ყველა არსთან ასეთი სიღრმისეული თანაზიარობის განცდა არ ექნება, რამდენიც უნდა წეროს და იკითხოს, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევს.
    ვახუშტი კოტეტიშვილი იმიტომაც არის ნაღდი, რომ ყველას საწუხარი შეუძლია გულში გაატაროს და ზემოდან არავის, არცერთ ადამიანს არ შეხედოს.
    სანამ კონკრეტულად ვიტყვი, რას ვგულისხმობ მანამდე ერთი პატარა ამბავი მინდა გავიხსენო. ცხოვრების რაღაც ეტაპზე ერთ განათლებულ თანამდებობის პირთან მეგობრობამ მომიწია. უფრო სამსახურებრივი მეგობრობა იყო, რადგან ერთად ვმუშაობდით და გარემოებებმა დაგვაახლოვა. იმ თანამდებობის პირს, ბევრი განათლებული ადამიანისაგან განსხვევბით, მანქანაც კი ემსახურებოდა, ამიტომაც რამდენჯერმე შინ თავისი მანქანით გამომიარა და სამუშაოზე წამიყვანა. სამსახურამდე გზად თბილისის ცირკთან უნდა გაგვევლო. მძღოლმა, 25-30 წლის ჯეელმა, რომელიც თავის თავზე ისე იყო შეყვარებული, რომ გარშემო მეტს აშკარად ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, რატომღაც ცირკთან მაინცდამაინც იქ მდგარ უბედურ ქალებს მოჰკრა თვალი და აზრი გაგვიზიარა: “დასაწველები არიან ესენი ყველანი!” უცებ ვერ გავიგე რას გულისხმობდა, რადგან გაუმართავად დალაგებული ფრაზა აშკარად ორაზროვნად გაისმა. ხოლო როცა მივხვდი, რომ წველას კი არა, დაწვას გულისხმობდა, სიბრაზისაგან ლამის შუაზე გადავიპე. თავი შევიკავე და მძღოლისათვის არაფერი მითქვამს, იმ თანამდებობის პირს კი ვუთხარი: შენს მანქანაში აღარასოდეს ჩავჯდები-მეთქი. მთელი უბედურება ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს ბეჯითად კითხულობდა, ჩემი აღშფოთების მიზეზი წესიერად ვერც იმ განათლებულმა კაცმა გაიგო. დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: ნეტაი, მოგცლიაო! – და ინციდენტიც ამით ამოიწურა.
    ეს ამბავი კიდევ ერთხელ გამახსენდა, როცა ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი “თბილისის ცირკთან” წავიკითხე. აქ მთელ ლექსს დავიმოწმებ, იმიტომ რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის აზრი, ქართულ პოეზიას სოციალური თემატიკა არ აინტერესებს და ეს მისი ყველაზე დიდი ნაკლიაო. ჩემი აზრით, მხოლოდ ვახუშტი კოტეტიშვილის ეს შედევრი რომ დაწერილიყო, აღნიშნული ბრალდების გასაბათილებლად ესეც იკმარებდა.

    “ფერუმარილით ფერნამკრთალები
    ქუჩაში დაძრწის ბედი წყეული,
    თბილისის ცირკთან დგანან ქალები
    და ქუჩის დახლზე უდევთ სხეული,

    რომელიც თვალწინ ეღვრებათ ოფლად,
    მაინც დგანან და მუშტარს ელიან,
    ძნელია მურდალ მუშტართან ყოფნა,
    უმუშტრობა კი უფრო ძნელია.

    ქართველი, რუსი, სომეხი, ოსი
    კლიენტს ღიმილით ეგებებიან.
    იმათგან ბევრი არც არის ბოზი:
    ზოგი დედაა, ზოგიც ბებია.

    მათ სახელმწიფო ბეგრავს ყადაღით,
    თუმცა ეს, მართლაც საოცარია,
    კლიენტებში კი ბევრი ჩათლახი,
    ქურდი ან ძველი ნაბოზარია.

    დარში, ავდარში აკანკალებით
    ქუჩაში დგომა მართლაც ძნელია.
    ცირკის მახლობლად დგანან ქალები
    და კლიენტებად ბოზებს ელიან.”

    სამწუხაროდ, შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ლიტერატურას ზნეობრივად გამაჯანსაღებელი ფუნქცია აქვს და ამ ლექსის ყველა წამკითხველი უცებვე მიხვდება, რას ეუბნებიან, მაგრამ პირადად ჩემთვის ვახუშტი კოტეტიშვილი იმიტომაც არის დიდი პოეტი და, რაც მთავარია, დიდი ადამიანი, რომ პრობლემის ასე დანახვა და ასე თქმა შეუძლია.
    რატომღაც ამ სტრიქონებმა ჩემი უსაყვარლესი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის რომანის “ბერძენი ზორბას” ის ადგილი გამახსენა, სადაც სოფელი კლავს უდანაშაულო ქვრივს და ქალს, ზორბას გარდა, სხვა არავინ გამოექომაგება.
    თუმცა რატომ “რატომღაც”. ეს რომანი წავიკითხე თუ არა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ზორბას დიდი ხანია ვიცნობდი. ფილმიც მენახა, სადაც ამ გმირს შესანიშნავად განასახიერებს ენტონი ქვინი, მაგრამ “ჩემი ზორბა” კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე ჰოლივუდის ცნობილი ლოველასი. ზორბა ბუნების, ადამიანობის, სიცოცხლის სული იყო – უწვრთნელი და პირველქმნილი. თუმცა ჩემს ზორბას, წიგნის გმირისაგან განსხვავებით, კიდევ ერთი ღირსება ჰქონდა: არაჩვეულებრივად განათლებულს, შეეძლო მთელი თავისი ნაკითხობა გვერდზე გაეწია, და ცხოვრებისეული სიმართლეებისათვის სახეში პირდაპირ, დაურიდებლად შეეხედა. ეს კაცი დილით უნივერსიტეტის პროფესორი იყო, საღამოს კი მთებში, გლეხებთან იჯდა და გლეხებისგან არ განირჩეოდა. ამიტომაც ამ კაცს ერთნაირად დიდი ნიჭიერებით შეუძლია წეროს ლექსები ხალხურ კილოზე და კლასიკური სონეტები, ერთნარი გზნებით იკითხოს და ამავე დროს იცხოვროს კიდეც.
    რახან ზორბა გავიხსენე, აქვე ამ რომანის ერთ პასაჟსაც დავიმოწმებ. ხომ გახსოვთ, იმჟამად ბერლინში მცხოვრებ მწერალს ზორბა პირინეის მთებში შეყუჟული ერთი სოფლიდან რომ მისწერს: სასწრაფოდ ჩამოდი, ისეთ მწვანე ქვას მივაგენი, აუცილებლად უნდა გიჩვენოო. კაზანძაკისს გააღიზიანებს კიდეც ზორბას ასეთი თავკერძობა. ქვეყანა იქცევა. ევროპა ისეთ შიმშილობას მოუცავს, რომ ბერლინის ხიდებზე პოლიცია პატრულიერებს, რათა დედები, რომლებიც გამოუვალი სიტუაციის გამო შვილებიანად ხტებიან წყალში, სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯონ. ეს ზორბა კი მთაში შეყუჟულა და რაღაც მწვანე ქვას ჩაჰკირკიტებს. ამიტომაც არსადაც არ წავა, ცოტა ხანში კი ზორბასაგან წერილს მიიღებს: შენ, ქაღალდის საცოდავო ჭიავ, ბედმა ერთადერთხელ მოგცა საშუალება, მშვენიერი მწვანე ქვის ხილვით დამტკბარიყავი, მაგრამ არ მოისურვე და, მოიქეცი, როგორც გენებოს. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ მართლა არის თუ არა ჯოჯოხეთი და ზოგჯერ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ზოგი ქაღალდის ჭიისათვის ჯოჯოხეთი უსათუოდ უნდა არსებობდეს.”
    რატომ გამახსენდა ახლა ეს ყველაფერი ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნთან დაკავშირებით? იმიტომ ხომ არა, რომ ამ წიგნის სახით ბედმა იქნებ ცხოვრებაში ერთადერთხელ მოგვცა საშუალება მშვენიერი მწვანე ქვის ხილვისა. ან იქნებ იმიტომ, რომ ლიტთეორიებით აღჭურვილი ქაღალდის ჭიები ეგებ სხვაგვარად აფასებდნენ პოეზიასაც და ამ კონკრეტულ ლექსებსაც. თუმცა ქაღალდის ჭიათათვის ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს და ისიც ჯოჯოხეთია, თუკი ვახუშტი კოტეტიშვილის ამ ბრწყინვალე კრებულს როგორც ჯერ არს, ისე ვერ გაიგებენ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა

    ზაზა შათირიშვილი – პოეტი და პოეზია ევროპულ კულტურაში

    ანტიკური კულტურის არქაულ პერიოდში პოეზია ხსოვნის, მოხსენიების, დამახსოვრებისა და მეხსიერების აქტუალურ ფორმას წარმოდგენს. სწორედ ასე უნდა გავიგოთ ჰომეროსის პოეზიის “ორალური ხასიათი” – ერთი მხრივ, იმახსოვრებენ თვითონ პოეტურ ნაწარმოებს, ხოლო მეორე მხრივ, პოეზიისა და პოეტური ნაწარმოების მეშვეობით ახსოვთ გმირის უკვდავი სახელი და დიდება. მაშასადამე, სახელი და დიდება ევროპული პოეზიის სათავეებიდანვე განსაზღვრავს პოეტური ენის (ენების) მთელ შემდგომ ისტორიასა და ტრადიციას (ტრადიციებს).
    ილიადას ერთ-ერთი მთავარი თემა – ესაა kleos apthiton – უჭკნობი, უკვდავი სახელი (დიდება), რომლისთვისაც იბრძვის აქილევსი. აქილევსი რამდენჯერმე მიუთითებს, რომ მისი მიზანი უკვდავი სახელის მოპოვებაა, რომლის გარანტია სწორედ “ეს პოემა” იქნება, რომ სწორედ ილიადას მეშვეობით დაიმახსოვრებენ მის სახელს. ჰომეროსის ამ პოემის თემა მოკლედ ასე შიძლება გადმოიცეს: “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა” (რუსთაველი).
    ჰომეროსის პოემას (პოემებს), ფაქტობრივად, რიტუალური დანიშნულება აქვს. რიტუალური ინიციაცაციის გავლის შემდეგ მცირეაზიელი მეფე სარპედონი (ზევსის შვილი), ტროას ომში იღებს მონაწილეობას. გმირული სიკვდილის შემდეგ ნიმფებს მისი სხეული მშობლიურ ქალაქში გადააქვთ, სადაც ის “ღმერთი ხდება”, რის შემდეგაც აწესებენ მის კულტს (როგორც გვიჩვენებს ამას ამერიკელი კლასიკოსი ფილოლოგი გრეგორი ნადი თავის ერთ გამოკვლევაში).
    აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტროას ომი რიტუალური ინიციაციაა, ხოლო გმირული სიკვდილი – ღმერთად გახდომის პირობა (რიტუალური ინიციაციის გავლა ხომ სიმბოლურად სიკვდილსა და ახალ დაბადებას – უკვდავებას, “განღმრთობას” ნიშნავს). ამ აზრით, ილიადა ყველაფერთან ერთად გმირის უკვდავების გარანტია და მისი უკვდავი სახელის “მოსახსენიებელია”, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, “ხსოვნის მანქანაა”.
    უკვე პლატონს სრულიად აღარ ესმის ილიადას ეს სიღრმისეული დანიშნულება. მისი აზრით, ჰომეროსმა ღმერთებზე ბევრი უმართებულო რამ თქვა და უფრო მეტიც – ჰომეროსი (და, საზოგადოდ, პოეტი) “ჩრდილების შემოქმედია” – ის ჭეშმარიტ რეალობას კი არ გვიჩვენებს, არამედ – ოდენ ბაძავს მას – “მეორე რეალობას” – და “ჩრდილის ჩრდილსა” და “ანარეკლის ანარეკლს” ქმნის. სწორედ ესაა, ე.წ. პლატონური “მიმესისის” მნიშვნელობა.
    აქ ჩვენ ჭეშმარიტი რეალობის პლატონისეულ მნიშვნელობაზე არ შევჩერდებით. შევნიშნავთ, რომ ამ რეალობას ჭვრეტენ ღმერთები და ადამიანის უკვდავი სული (განხორცილებამდე და სიკვდილის შემდეგ). ხოლო ფილოსოფოსის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილისთვის მზადება – მზადება იმისათვის, რომ სიკვდილის შემდეგ უჭვრიტოს ჭეშმარიტ რეალობას – იმას, რაც თავისთავად არსებობს – ღმერთს. ამ აზრით, ფილოსოფიას პლატონი რიტუალურ ფუნქციას აკისრებს – სიკვდილის გზით “განღმრთობა” ფილოსოფოსის მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, ჰომეროსიცა და პოეზიაც, საზოგადოდ, “მიმესისია” – “ჭეშმარიტი რეალობის (ყოფნის) ანარეკლია”. პოეზია წინასწარმეტყველების მსგავსი მოვლენაა, პოეტის შთაგონება წინასწამეტყველის – მისანის (პითიას) “მანიას” – უგონობას ჰგავს, მაგრამ პოეზიაა არაა სიკვდილისთვის მზადება და თავად ჭეშმარიტი რეალობის ჭვრეტა.
    ვერგილიუსისთვისაც უცნობია ჰომეროსის პოემის დანიშნულება – მისი რიტუალური ხასიათი. ენეასი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის რომის დამფუძნებელია. ამდენად, “მარადიული რომი” და რომის უკვდავი სახელია ვერგილიუსის პოემის მთავარი თემაცა და გმირიც. ავგუსტუსის ხანის პოეტებისათვის, პოეტი წინასწარმეტყველია (vates). სწორედ ამგვარად ესმით პოეტის დანიშნულება ჰორაციუსსა და ოვიდიუსს.
    დაბოლოს, დანტე კომედიაში აგრძელებს ამ ტრადიციას – ის თავის თავს წარმოგვიდგენს როგორც პოეტსა და წინასწარმეტყველს, ოღონდ დანტესთან რომაულ vates-ს ბიბლიური წინასწარმეტყველის ფიგურა ანაცვლებს.
    ამ მცირე ექსკურსის შემდეგ დავსვათ ამგვარი კითხვა: ვისთვის იწერება ლექსი XIX-XX საუკუნეებში? განსხვავებით წინა ისტორიული პერიოდებისაგან, პოეზია იწერება და იქმნება “წარმოსახვითი მკითხველისათვის”, ვისაც გენიალური ოსიპ მანდელშტამი “შორეულ თანამოსაუბრეს” (“дальний собеседник”) უწოდებდა.
    აქ უნდა გამოვიყენო თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსის ალენ ბადიუს კონცეპტი – “პოეტთა საუკუნე” (l’ âge des poètes). ბადიუ გულისხმობს პოეზიისა და ფილოსოფიის განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც, მისი აზრით, 1860-1960 წწ.-ებში არსებობდა – არტურ რემბოდან პაულ ცელანამდე. ცხადია, ბადიუ არ საუბრობს “პოეტი-წინასწარმეტყველის” ხატზე, არამედ იმ განსაკუთრებულ “მეტაფიზიკურ სტატუსს” მონიშნავს, რომელიც პოეზიამ (და, გარკვეულწილად, საზოგადოდ, ლიტერატურამაც) XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიძინა.
    ბადიუსაგან განსხვავებით, მე მიმაჩნია, რომ პოეზიამ (და ლიტერატურამ, განსაკუთრებით – რომანმა) “ექსისტენციალური” მეგზურის “კომპენსატორული” როლი იტვირთა, რაც ქრისტიანული ცივილიზაციის “დასასრულმა” გამოიწვია. აქვე შევნიშნავ, რომ XX საუკუნის დიდი ინგლისელი თეოლოგისა და ქრისტიანი მწერლის სი ეს ლუისის კვალდაკვალ, მეც მგონია, რომ “ქრისტიანული ცივილიზაციის დასასრული” ნიშნავს სოციალურ ცხოვრებაზე ქრისტიანობის გავლენის შესუსტებას და არა – ქრისტიანობისა თუ ეკლესიის კრიზისს.
    სწორედ მაშინ, როცა ავტონომიურ ევროპულ კულტურას ქრისტიანული საფუძველი გამოეცალა, პოეზია ექსისტენციალური მეგზური და ნამდვილი “ნუგეშინის-მცემელი” გახდა. ადამიანებმა მასობრივად მიმართეს პოეზიას (და, საზოგადოდ, ლიტერატურას) იმგვარად, როგორც მანამდე რელიგიას მიმართავდნენ ხოლმე – დაიწყო ერთგვარი “პოეტური პილიგრიმობა”: ჩნდება შექსპირის კულტი, ტოლსტოის კულტი, დოსტოევსკის კულტი; ჰოლდერლინს, ვალერისა თუ რილკეს ისეთივე “ექსისტენციალური გატაცებით” კითხულობენ, როგორც ქრისტიანულ ლათინურ საშუალო საუკუნეების მიწურულს თომა კემპიელის სახელით ცნობილ ტრაქტატს De imitatione Christi-ს (ქრისტეს მიბაძვისათვის). პოეზიაში ეძებენ ცხოვრების საზრისსა და მეტაფიზიკურ გზამკვლევს.
    სწორედ ეს “პოეტთა საუკუნე” დასრულდა XX საუკუნის 60-ანი წლებში. ნელ-ნელა დაიწყო ნაციონალურ კანონთა ფრაგმენტაცია და, ამასთანავე, შესუსტდა ლიტერატურის საგანმანათლებლო ფუნქცია. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ლიტერატურის “მეტფიზიკური” როლი საბოლოოდ ამოიწურა – დასავლური საზოგადოების ფრაგმენტაციამ “პოეტური პილიგრიმობის” საერთო ცენტრ(ებ)ისათვის ადგილი აღარ დატოვა. დადგა “სერვისის ადამიანის” – სოციოლოგთა და მენეჯერთა – დრო. “პოეტთა საუკუნე” დამთავრდა.
    XX საუკუნის 60-ანი წლებიდან მოყოლებული პოეზია, ფაქტობრივად, უადრესატო ხდება – ლექსი იწერება “ენისათვის და ენის შესასხმელად” – იოსიფ ბროდსკის მოსაზრება, რომ პოეზია ენის ავტოკომუნიკაციაა, რომ ენაა პოეზიის ჭეშმარიტი ადრესანტი (შემოქმედი) და ადრესატი (მსმენელი-მკითხველი) არსებითად და ზუსტად გამოხატავს დღევანდელ მდგომარეობას.
    ცხადია, ყოველივე ამის ერთი-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ დასავლური განათლების სისტემის ცენტრს ლათინური ენა და, აქედან გამომდინარე, ლათინური პოეზია აღარ წამოდგენს – ევროპული სკოლისა და ტრადიციის უწყვეტობას ხომ ისიც განაპირობებდა, რომ IV საუკუნის პოეტი ავსონიუსიც, დანტეც, ბოდლერიცა და ელიოტიც სკოლაში ერთსა და იმავე მთავარ პოეტებს – ვერგილიუსს, ჰორაციუსს, ოვიდიუსს… – სწავლობდნენ და იზეპირებდნენ. ეს სიტუაცია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული რადიკალურად იცვლება – დღეს კლასიკურმა ენებმა და კლასიკურმა პოეზიამ ევროპულ სკოლაში პოზიციები საბოლოოდ დათმო.
    აქ საჭიროა კიდევ ერთი რამის დამატება: განსხვავებით პოსტმოდერნისტული პროზისაგან, რომელიც “დაბალი Fჟანრების” (დეტექტივი, ტრილერი, ეროტიკა, ფანტასტიკა/ფენტეზი და ა.შ.) ათვისებით ფართო მკითხველს “თავს აკითხებს” და კომერციულადაც, გარკვეულწილად, წარმატებულია (მაგალითად, უმბერტო ეკო, პამუკი, პერეს-რევერტე, პიტერ აკროიდი, უელბეკი, პოლ ოსტერი, აკუნინი, პელევინი, აკა მორჩილაძე და ა.შ. – არ დაგვავიწყდეს “ორმაგი კოდირებაც”, როცა ერთსა და იმავე ნაწარმოებს “უბრალო” მკითხველი აღიქვამს როგორც “ჩვეულებრივ” დეტექტივს, ხოლო “დახვეწილი მკითხველი” – როგორც მეტაფიქციურ – საკუთარი თავის ინტერპრეტაციის შემძლე პალიმფსესტს; აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პროზის აქტუალობას დიდწილად ჰოლივუდი განსაზღვრავს) – განსხვავებით ლექსის მკითხველი თუ მსმენელი აუდიტორია ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი – “გათითოკაცებული” (“ელიტური”) – ნაწილი, ალბათ მაინც ინერციით, პოეზიას კვლავ “ექსისტენციალურ მეგზურად” აღიქვამს (აქედან – ჩუვაში ეროვნების შესანიშნავი რუსულენოვანი პოეტის აწ განსვენებული გენადი აიგის ცელანისმსგავსი ცნობადობა თანამედროვე ევროპაში), ხოლო, მეორე მხრივ, – ჩვენს წინაშეა, მაგალითისათვის, რეპის მომხმარებელთა უზარმაზარი აუდიტორია. ამ ორ აუდიტორიას შორის კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
    დღეს თანამედროვე პოეტის წინაშე სამი ალტერნატივაა: პირველი – გახდეს ახალი რაფსოდი და შეუერთდეს თუფაქ შაკურისა თუ ემინემის დასს; მეორე – შექმნას ლექსები პროფესიონალთათვის როგორც პროფესიონალმა – თანამედროვე მხატვრის მსგავსად, რომელიც თავის ინსტალაციას ქმნის არა მნახველისა თუ შემფასებლისთვის (მოყვარულთათვის), არამედ – უშუალოდ დამკვეთისათვის – მუზეუმისა თუ გალერეისთვის, გალერეის კურატორისათვის, ასევე, დღევანდელი პროფესიონალი პოეტიც წერს არა მკითხველისათვის (მოყვარულთათვის), არამედ – უნივერსიტეტების პროფესორთა და აკადემიურ მკვლევართათვის; უფრო მეტიც – ხშირ შემთხვევაში თავად პოეტიც უნივერსიტეტის პროფესორია – ჯონ ეშბერი, მარკ სტრენდი, იოსიფ ბროდსკი, შეიმას ჰინი, ლევ ლოსევი, ტომას ვენცლოვა ამის თვალსაჩინო მაგალითები იყვნენ და არიან.
    მაგრამ არსებობს მესამე ალტერნატივაც. პოეტს მუდამ შეუძლია დაუბრუნდეს იმ ინსტიტუციურ საწყისს, საიდანაც წარმოიშვა ევროპული ლირიკა – ლოცვით-მედიტაციურ პრაქტიკასა და ჟანრს. როგორც ცნობილია, ევროპული ლირიკა XVI-XVII საუკუნეებში სწორედ ამგვარად იწყება ინგლისში, ინგლისური ნაციონალური ეკლესიის (ანგლიკანობის) წიაღში, სადაც ინგლისური ენის სივრცეში ხდება ლათინურენოვანი ლოცვით-მედიტაციური ჟანრისა და პრაქტიკის გადანერგვა – ჯონ დონი არა მხოლოდ სენ-პოლის წინამძღვარია, არამედ – ინგლისური მეტაფიზიკური პოეზიისა და ევროპული ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ლირიკული მედიტაციების საფუძველი წმ. ეგნატე ლოიოლას სულიერი ვაÒჯიშები – მედიტაციებია (იხ. ამის შესახებ: ინგლისელი ფილოლოგის, ლუის მარტცის გამოკვლევები).
    სწორედ ინგლისური ლირიკული პოეზიიდან იწყება თანამედროვე ლირიკული პოეზია, რომელიც ვრცელდება ჯერ საფრანგეთსა და გერმანიაში, ხოლო შემდეგ – სხვა ევროპულ ქვეყნებსა და რუსეთში. ამ გავრცელებისას ის ნელ-ნელა “ივიწყებს” თავის გენეალოგიას – წყდება ლოცვით პრაქტიკას როგორც თემეტურად, ისე – ინსტიტუციურად. თუმცა, დროდადრო “ჟანრული მეხსიერება” მაინც თავს გვახსენებს, ოღონდ ამჯერად უკვე, ძირითადად, კათოლიკე პოეტებთან და აღმოსავლური ქრისტიანობის სივრცეში – კლემენს ბრენტანოÓ, პუშკინის, ლერმონტოვისა და ბარათაშვილის ცალკეული ლექსები, ჟიულ ლაფორგი, ჯერარდ მენლი ჰოპკინსი, ვლადიმირ სოლოვიოვი, პოლ ვერლენის გვიანდელი ლირიკა; XX საუკუნეში – ფრანსის ჟამი, შარლ პეგი, პოლ კლოდელი, მაქს ჟაკობისა და უისტან ჰიუ ოდენის გვიანდელი შემოქმედება, ვიაჩესლავ ივანოვი, გერტრუდ ფონ ლე ფორტი, გაბრიელა მისტრალი, ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი (განსაკუთრებით – იური ჟივაგოს ლექსები), ანა ახმატოვა, ტომას ელიოტი (მოყოლებული ნაცრისყრის ოთხშაბათიდან), იოსიფ ბროდსკის მირქმა და საშობაო ლექსების მრავალწლიანი წყება…
    “ელიტური პოეტი” დღეს სწორედ ამ ორი ალტერნატივის წინაშეა – იყოს პოეტი-მეცნიერი მეცნიერთათვის (ალექსანდრიული ტიპის ერუდიტი-პოეტის მსგავსად), სადაც მისი აუდიტორია ოდენ ინტელექტუალური ელიტით ამოიწურება, ან იყოს მედიტაციური პოეტი, რომელსაც ათვისებული აქვს ევროპული პოეზიის მთელი გამოცდილება და რომლის აუდიტორიაც პოტენციურად უსაზღვროა, რადგან ისევე როგორც ქრისტინული უწყება, მისი პოეზიაც ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
    დაბოლოს, პოეზია, როგორც უკვე აღვნიშნე, იწყება როგორც ხსოვნის, მესხიერებისა და დამახსოვრების ხელოვნება – ესაა მოსახსენიებელი, რისი მეშვეობითაც ახსოვთ ჯერ ღმერთის სახელი, შემდეგ გმირის (რომელიც ღმერთი ხდება სიკდილის შემდეგ) უკვდავი სახელი, ხოლო შემდეგ თვითონ პოეტის სახელი. ამიტომაც, ჰომეროსის პოეზია “ორალური პოეზიაა” ორივე მნიშვნელობით – პოეზიის მეშვეობით იმახსოვრებენ გმირის უკვდავ სახელს და, ამავე დროს, ზეპირად იმახსოვრებენ თვითონ ტექსტს და ახსოვთ პოეტის უკვდავი სახელი.
    დაზეპირებას რიტუალური მნიშვნელობა აქვს – ჩვენ ვიმახსოვრებთ და ვიზეპირებთ იმას, რაც საკრალურია. სწორედ ამიტომ ვიცით ზეპირად ლოცვები და ლექსები. როდესაც თანამედროვე სკოლამ, საზოგადოდ, ლექსების დაზეპირებაზე უარი თქვა, ამით სწორედ ის ფაქტი გაცხადდა, რომ დამთავრდა პოეტთა ეპოქა, დამთავრდა დრო, როცა პოეზია საკრალური იყო. თანამედროვე ადამიანი მოლოდ კანონებს იზეპირებს, რადგანაც დღეს საკრალური მხოლოდ კანონია (ადამიანის უფლებათა დეკლარაცია და ა.შ.).
    ლექსი, რომელიც არ გვახსოვს, რომელსაც არ ვიზეპირებთ, აღარაა ლექსი, ლექსი, რომელიც მხოლოდ გამოკვლევისა და სტატიებისთვის იწერება ისეთივე სამუზეუმო ექსპონატია, როგორც ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ გალერეისთვის იქმნება. მაგრამ ლექსი, რომელიც უბრუნდება თავის საწყისს – უკვდავი სახელის დამახსოვრებას – ფაქტობრივად, ისევ ლოცვა ხდება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა,  რეცენზია

    ერაზმუს როტერდამელი – სისულელის ქება

    მალხაზ ხარბედია
    სიბრძნე სისულელისა
    ანუ, რატომ უნდა გამოვტოვოთ წიგნის კითხვისას შესავალი

    ერაზმუს როტერდამელი. სისულელის ქება. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთო ლალი კოჭლამაზაშვილმა. რედაქტორი ნანა ტონია. თბ. “ლოგოსი”, 2002.

    წაკითხვა, თარგმანება და შროშანთა შრიალი

    თავად ერაზმუსი ბრძანებს, “რაც უფრო ფართოდაა გავრცელებული ესა თუ ის მოვლენა, მით უფრო დასაფასებელიაო”. ჰოდა, მოდით დავაფასოთ ჩვენში ასე გავრცელებული სისულელე და მივუძღვნათ ერთი პატარა ხოტბა მასა და მის “განმადიდებელს”, ერაზმუს დეზიდერიუს როტერდამელს.
    წიგნის მთარგმნელმა თავისი წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგის სიტყვებით დაასათაურა – “დიადი მივიწყებული”, რომელიც მართალია მხოლოდ ერაზმუსს მიემართება, მაგრამ ამ ცნების ქვეშ ბევრი ის “უიღბლო” ავტორიც უნდა ვიგულისხმოთ, ვისაც დღემდე არ გაუმართლა და ვერ ეღირსა გადმოქართულებას. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, თუმცა ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ქართველების უმრავლესობას ესა თუ წიგნი უკვე თარგმნილი ჰგონია ხოლმე და მისი პირველად გამოცემისას გაკვირვებულები კითხულობენ, “კაცო, ეს წიგნი ხომ თარგმნილი იყო?!”. ასე დაემართა ჩვენს სარეცენზიო წიგნსაც და უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფაქტი ერთი მხრივ გულგრილობასა და ინტელექტუალურ ამნეზიაზე, მეორე მხრივ კი გარკვეულ კულტურულ თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.
    ჩემი აზრით, ეს წიგნი გამონაკლისია უკანასკნელი წლების გამოცემებს შორის და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი შესაბამისი სამეცნიერო აპარატითაა აღჭურვილი (თუმცა, როგორც დავინახავთ, ამ გამოცემის სამეცნიერო ხასიათი გარკვეულ მიზეზთა გამო ეჭვს იწვევს). “სისულელის ქება” სათარგმნად ერთ-ერთ ურთულეს ტექსტს წარმოადგენს, ლათინური და ბერძნული ენების ფლობის გარდა იგი ისტორიულ-კულტურული კონტექსტის ღრმა ცოდნასაც გულისხმობს და მისი გადმოქართულება, ბუნებრივია, მთარგმნელისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ქალბატონმა ლალი კოჭლამაზაშვილმა მშვენივრად თარგმნა ეს წიგნი და ამომწურავი კომენტარებიც დაურთო, სადაც ვრცლად განმარტა ერაზმუსის ურთულესი ალუზიები. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა წიგნისა და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად განვრცობილია ეს შენიშვნები (ამგვარი განვრცობა ხშირად ვნებს ხოლმე ტექსტს), არამედ იმის გამო, რომ კომენტარები არ შემოიფარგლება მხოლოდ მითოლოგიურ გმირთა სახელების უფერული და არაფრისმთქმელი განმარტებით, რითაც ასე ვართ “განებივრებული” ქართველი მკითხველი (ვთქვათ ასე: “ჰერაკლე – ზევსისა და ალკმენას ვაჟი, სასწაული ძალის პატრონი, დაიბადა თებეში და ა.შ.”).
    ძველი ლიტერატურის მოყვარულებს შევახსენებ პეტრონიუსის 20-იანი წლების შესანიშნავ, იარხო-პიოტროვსკისეულ გამოცემას (ამ წიგნის რეპრინტი, თუ არ ვცდები, 1990 წელს გამოვიდა), სადაც კომენტარები თავად ტექსტზე არანაკლებ საინტერესოდ იკითხება და საერთოდაც, კლასიკური ლიტერატურის ხშირად ფრაგმენტული, ან ბუნდოვანი ტექსტების ხარვეზებს სწორედ განმარტებათა სიმწყობრე გამოასწორებს ხოლმე.
    მთარგმნელმა წინასიტყვაობაც წარუმძღვარა ტექსტს, თუმცა სამწუხაროდ იმდენად “გააფართოვა” კონტექსტი, რომ მასში ერაზმუსისთვის ლამის არც დარჩა ადგილი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ისევ თარგმანს მინდა დავუბრუნდეთ.
    ქალბატონი ლალი დიდხანს მუშაობდა ამ წიგნზე და შესაბამისად თარგმანსაც ეტყობა ამ მრავალწლიანი და მრავალჯერადი წაკითხვა-თარგმანების კვალი. თუმცა მხოლოდ გარჯას ვერ მივაწერთ ასეთ წარმატებულ შედეგს, აშკარაა, რომ აქაც საქმე გვაქვს მთარგმნელისთვის აუცილებელ, თანაშემოქმედების იმ “დანაშაულთან”, რომლის გარეშეც ვერც ერთი კარგი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა.
    არ შემიძლია არ დავიმოწმო სიტყვათა თამაშზე აგებული ერთი არაჩვეულებრივი ალუზიის თარგმანი, რომელსაც ჰომეროსთან მივყავართ: “ტროას კედელთან მოხუცები მიმსხდარან და მუსაიფობენ, მათი ხმა კი შროშანთა შრიალს მოჰგავს”. მაინც რაში მდგომარეობს ამ ალუზიის არაჩვეულებრიობა და რითაა ამ მონაკვეთის თარგმანი განსაკუთრებული. მოგეხსენებათ, ერაზმუსის ეს ტექსტი სავსეა ძველბერძნული ფრაზებითა და გამოთქმებით (ქართულ თარგმანში ბერძნული ფრაზები განსხვავებული შრიფტითაა დაბეჭდილი) და ეს შედარებაც ძველბერძნულადაა მოყვანილი დედანში – “ტენ ლეირიოესან” (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს – “შროშანივით”). ჰომეროსის მთარგმნელთა უმრავლესობა გაურბის ამ უცნაური სიტყვის თარგმნას (ჰომეროსთანაა “ოპა ლეირიოესან”, რომელიც დაახლოებით ითარგმნება როგორც “შროშანთა შრიალის ხმა”) და იგი გადმოაქვთ როგორც “ჭიკჭიკი”. ჩემი აზრით, ქალბატონმა ლალიმ ძალზე ზუსტად თარგმნა ეს ფრაზა (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიზუსტე თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა პოეტურ თარგმანში) და ორი თანამჟღერი სიტყვის შეხამებით აღადგინა იმ კალამბურის მოხდენილობა, რომელიც ერთ სიტყვაში გულისხმობს “ლერონ”-საც (შროშანი) და “ლეირიონ”-საც (ჭკუასუსტობას).
    მეორე მაგალითი: დედანშია – Adde, quod suos ad immortalem vitam destinatos, oves appellat. როგორც ხედავთ, ლათინური ტექსტი არანაირი განსაკუთრებული კეთილხმოვანებითა და ალიტერაციულობით არ გამოირჩევა, აქ მხოლოდ რიტმი იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ ნახეთ, როგორ გადმოაქართულა მთარგმნელმა ეს წინადადება: “გავიხსენოთ ისიც, რომ უფალმა თავის რჩეულებს, მარადიული ცხოვრებისთვის რომ გამოარჩია, უწოდა ცხოვარნი”.
    ასეთი მაგალითები საკმაოდაა წიგნში, მაგრამ ახლა, მოდით ისევ ერაზმუსს მივხედოთ.

    რა საერთო აქვს თვალთმაქცობასა და ღვთისმეტყველებას

    ერაზმუსს რომ დიუმას ან მელვილის დროში ეცხოვრა, თავისი წიგნის შესავალ ნაწილს აუცილებლად თარიღის დასახელებით დაიწყებდა, დაახლოებით აი ასე: “1508 წელია და მივემგზავრები იტალიიდან ინგლისში….”, მაგრამ იგი თავისი ეპოქის ნამდვილი შვილი იყო და მას არაფერში სჭირდებოდა ამგვარი დაზუსტებები. მაშინ ხომ სხვანაირად იწყებდნენ ნაწარმოების წერას, მისალმებით, და სხვაგვარადვე ხედავდნენ დროს, რომელშიც წერდნენ. მაგალითად, თომას მორუსი თავის წიგნში პეტრე ეგიდიუსს ესალმებოდა, თავად ერაზმუსი კი….
    მაშ ასე, 1508 წელს, იტალიიდან ინგლისში გამგზავრებული ერაზმუსი “საერთო საქმეებზე” ფიქრით იმოკლებს გზას და გულს იმ მეგობრების გახსენებით იხალისებს, ვინც უძვირფასეს და უგანათლებულეს ადამიანებად მიაჩნია. ამ ფიქრსა და “ხალისობაში” კი ახალი წიგნის წახნაგები იკვეთება, რომელიც მომავალში ასევე ხალისითა და ლაღობით დაიწერება და ამ წიგნით, “სისულელის ქებით”, იგი ერთ-ერთ უძვირფასეს მეგობარს, თომას მორუსს მიესალმება. მორუსის წარმოსახვით კითხვაზე კი, “ეგ აზრი რომელმა პალასმა შთაგაგონაო” (სისულელისადმი ხოტბის შესხმა იგულისხმება) – უპასუხებს, “უპირველეს ყოვლისა მორუსთა საგვარეულო ზედწოდებამ, რომელიც ჟღერადობით იმდენად წააგავს სიტყვა “მორიას”, რამდენადაც პირადად შენ მისგან განსხვავდებიო.” აი, ასეთი პარადოქსით იხსნება ეს შესანიშნავი წიგნი და მთელს ნაწარმოებსაც სწორედ ეს დახვეწილი ირონია გამსჭვალავს. მართლაც პარდოქსულია ერთ წინადადებაში სიბრძნის ქალღმერთის, ათენასა (პალასი) და სისულელის (მორია) ეს უცნაური, ტკბილი მეზობლობა. ასეთი თვალთმაქცობა მკითხველსაც სათამაშოდ, სამღერელად განგვაწყობს და ძველბერძნულადაც, ირონია ხომ სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა, თავის მოჩვენება.
    “თუმც სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად”, გვეუბნება ავტორი და კიდევ ერთ ხაფანგს გვიგებს, შემდეკ კი, როცა “გაუჩალხავ და შეუწონელ, მაგრამ სანაცვლოდ მართალ სიტყვას” უწოდებს თავის წიგნს, თითქოს ყველაფერი ნათელი ხდება: რომ ესაა წიგნი სისულელის სიბრძნისა, წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიცრუითა და აჩრდილით, ანუ სატირული გამონაგონით, ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო სიმაღლეების წვდომა.
    “სისულელის ქებაში”, პროტაგონისტი, ქალბატონი სისულელეა და იგი თავიდანვე პლატონურ და საღვთისმეტყველო ცნებების აურაში გვხვევს, როცა გვეუბნება: “რა ძალა მადგას, ჩემი აჩრდილი და ხატი წარმოგიდგინოთ, როცა თავად მე ვდგავარ თქვენს თვალთა წინაშეო”. თუ მეხსიერება არ მღალატობს, umbra (აჩრდილი) იგივეა რაც პლატონის “ეიდოლონი”, “რესპუბლიკის” მეშვიდე წიგნის გამოქვაბულის ანალოგიის ცენტრალური ცნება, imago (ხატი) კი სხვა არაფერია თუ არა ბიბლიური “ეიკონი”: “და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ და ხატად თვისად”. მოგვიანებით, ტექსტში ეს ცნებები რამდენჯერმე დაზუსტდება და ბოლოს უკვე თავად სისულელე წარმოგვიდგება სიბრძნედ და სიქველედ: “…რამხელა სიქველეა სისულელე! ჩემდამი მობაძვა, ჩემს ცრუ აჩრდილად თავის გასაღებაც კი რაოდენ საპატიოა და განსწავლულთაგან რა ქებას იმსახურებს!”
    როგორც ხედავთ, აქ უკვე ყველაფერია, imitatio dei (ღვთის ბაძვა, ოღონდ ამ შემთხვევაში ინვერსიული), პლატონისეული ცრუ აჩრდილი და ის ზემოხსენებული თვალთმაქცობაც (ირონია), რის შემდეგაც ქალბატონ მორიას ეკლესიასტეს სიტყვები მოყავს: “როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელეო” და იქვე დასძენს, “გულისხმაჰყავით, სისულელეს აქ სიბრძნის მომდევნო ადგილი უჭირავს… და იმედი მაქვს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესიური წესის თანახმად ის, ვინც ღირსებით პირველია, იკავებს უკანასკნელ ადგილს, რათა მუდამ ახსოვდეს სახარების მცნება”.
    ცხადია ავტორი აქ მათეს სიტყვებს გულისხმობს, “ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა”, ანუ ხდება ადგილების შეცვლა, ირონიულ-სატირული და საღვთისმეტყველო, სიბრძნე და სისულელე უკვე ერთი ხმით გვესაუბრება და უფრო მეტიც, პლატონის სახელის ხსენებით ჩვენი, მკითხველის ჩათრევასაც აპირებს ამ თვალთმაქცობაში: “სიტყვებს ამ თავიდან (ზირაქის ერთ-ერთი თავის ერთ-ერთ მუხლს გულისხმობს (41. 15): “სჯობს კაცი, თავის სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს მალავს.”), ჰერაკლეს ვფიცავ, მოვიყვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, ჩემს მიერ დასმულ კითხვებს სათანადოდ უპასუხებთ და ხელს შემიწყობთ, როგორც სჩადიან ამას პლატონის დიალოგებში ისინი, ვინც სოკრატეს ემსჯელებიან” – არადა მართლაც, “სათანადო პასუხის” გარეშე შეუძლებელია ერაზმუსის სიტყვების გაგება. პლატონთან ხომ პირიქითაა: მისი პროტაგონისტი, სოკრატე სწორედ თავის სიბრძნეს მალავს, თვალთმაქცობს, თავს გვაჩვენებს, ვითომ არაფერი იცის, მაშინ როცა მორიას მიხედვით, ადამიანები ყოველთვის სისულელეს ვმალავთ ხოლმე, ვუფრთხილდებით, როგორც რამე განძს. მასთან სისულელე მიამიტია, ხოლო ბრძენს თავის სწორად არავინ მიაჩნია; უგუნური მთვარესავით იცვლება – ბრძენი კი მზესავით უცვლელია. ხოლო ამას ერთ დასკვნამდე მივყავართ – “ადამიანთა მოდგმა ერთიანად სულელია, ოდენ ღმერთს შეჰფერის, იწოდებოდეს ბრძენად”.
    აი თურმე რაშია საქმე, თურმე რომელი საღვთისმეტყველო სიმაღლეებისკენ მივყავდით ჩრდილოელი ბრძენის ბილიკებს და საით მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას ერაზმუსის სატირული კალმის ფხაჭუნი. მაგრამ სისულელე რისი სისულელეა, თუკი ისევ თავგზა არ აგვიბნია და არ გაგვიფანტა მოპოვებული სიცხადე: “ვშიშობ, ვინმემ ბრალი არ დამდოს, ვითომც იდუმალ გამეძარცვოს ჩვენთა მოძღვართა ზანდუკები, რაკი თეოლოგიური საკითხების ასეთ ღრმა ცოდნას გავამჟღავნებ. ნურც ძალიან გაიოცებენ, რამეთუ ამდენი ხნის მანძილზე მათთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა; ჰოდა, მათი ჩვეულებანიც შევითვისე ისევე, როგორც იმ ლენჩმა პრიაპუსმა დაიზუთხა ზოგიერთი ბერძნული სიტყვა, უსმინა რა თავის პატრონს; ანდა ლუკიანეს მამალივით, ადამიანებთან ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად ლაპარაკში რომ გაიწაფა.”

    ვისი ზანდუკები გაძარცვა ერაზმუსმა

    რა თქმა უნდა, არავისი. იმათ, ვისაც ერაზმუსის ბასრი კალამი მიემართება, ვერაფერს მოპარავ, ძარცვით ვერაფერს დააკლებ. ამ ხალხს იგი ბრძენთუსულელესთ (მოროსოფუს) უწოდებს. ეს ის ტუტუცები არიან, ვინც ბრძენკაცებად და თალესებად მოაქვთ თავი, მაშინ, როცა ათეულობით წელი ღვინის სარდაფში, “შემსრუტავი ღრუბლის ცხოვრებით” გაატარეს. “ფუჭსიტყვაობენ იმ თავიანთ სკოლებში, თავი მოაქვთ მსოფლიო ეკლესიად, რომელიც თუმცაღა დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ ესენი სილოგიზმების ბიჯგს, ვითარცა დედაბოძს, შეუყენებენ, მსგავსად ატლასისა, პოეტთა თქმით, მხრებით ცის თაღს რომ შესდგომია”.
    ახლა კი პოეზიისაც ვთქვათ, რადგან ერაზმუსი პოეტური შთაგონებით ანგრევს ზემოხსენებულ სილოგიზმებს და ამბობს კიდეც, “მუზების შემწეობით დავარღვიოთ” ესა თუ ის სილოგიზმიო. ამ მახინათა შემოქმედნი კი ისინი არიან, ვინც საიდუმლოს, ვითარცა ცვილს, სურვილისამებრ ფორმას უცვლიან; ვინც რამდენიმე სქოლასტიკოსის მოშველიებით გამოწურულ დასკვნებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, ქვეყნიერების კანონმდებლად მიიჩნევს თავს და განკვეთს ყველას, ვინც კი გადაუხვევს მათ მიერ ნათლად თუ ჩახლართულად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს. ერაზმუსი “ოქროს საუკუნის” ალალ მოდგმას გვახსენებს, როცა არც გრამატიკის ცოდნა იყო საჭირო, არც დიალექტიკისა და არც რიტორიკისა, რადგან სხვის საქმეში არავინ ერეოდა. აწმყოსთვის კი ერაზმუსი შემდეგ “რეცეპტს” იძლევა: “მე თუ მკითხავთ, ქრისტიანები ერთობ გონივრულად მოიქცეოდნენ, უკეთუ თურქებისა და სარკინოზების წინააღმდეგ ჩასკვნილ ჯარისკაცთა რაზმების ნაცვლად, რა ხანია, ცვალებადი და საეჭვო წარმატებით რომ იბრძვიან, გააგზავნიდნენ მყვირალა სკოტისტებს, უჯიათ ოკამისტებს, უძლეველ ალბერტისტებს და მთელ ამ სოფისტურ მხედრიონს. ვფიქრობ ვიხილავდით ყველაზე მზაკვრულ ომს და ჯერაც არნახულ გამარჯვებას. განა ვინ უნდა იყოს ისე სისხლგათოშილი, რომ არ აანთოს მათმა უიშვიათესმა გონებამახვილობამ? ან ისე ჩლუნგი, რომ ამ ნესტარივით მჩხვლეტავმა ენამ არ ააღელვოს? ან ისე თვალგამჭრიახი, რომ ასეთ უკუნ წყვდიადში მართლა გაარჩიოს რამე?”

    “არც ცას შეეხება და არც მიწას”

    ერთი სიტყვით, სრულიად ნათელია თუ საითაა მიმართული ერაზმუსის მახვილი მზერა და ბასრი კალამი, თუმცა მთარგმნელის წინასიტყვაობის მიხედვით სხვა სურათი იხატება. წერილი, უხვი პუბლიციზმების გამო, სცილდება ერაზმუსს. ექსკურსი, რომელსაც 30 გვერდი აქვს დათმობილი (წინასიტყვაობის 54 გვერდიდან), ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ერთ რამეს ისახავს მიზნად, რათა მკითხველის ყურადღება ტექსტიდან გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძვლებზე გადაიტანოს, რაც საბოლოო ჯამში, სამეცნიერო გამოცემის სტატუსს უკარგავს წიგნს.
    საბჭოთა პერიოდის გამოცემებიდან ხშირად გვახსოვს ასეთი მაგალითები, მაგრამ სამწუხაროა, რომ იგივე პათოსი აღმოჩნდა წამყვანი ამ გამოცემისთვისაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ერაზმუსის დასაცავად (მომხვდური სქოლასტიკოსებისგან) მართლმადიდებელი ავტორიტეტების ნაცვლად მარქსიზმის მამებს მიმართავდნენ.
    ხსენებულ შესავალშიც ხშირად შეხვდებით იმდროინდელ ლექსიკას, საეჭვო წარმოშობის ცნებებს (მაგ. “პაპიზმი”) და მოძველებულ შეფასებებს, რომელიც ხან “მოჩვენებით სამყაროდ” წარმოგვიდგენს დასავლურ ქრისტიანობას, ხან კი ჰუმანიზმს მიაწერს რაღაც წარმართულ ვნებებს: “პირველ რიგში, ეს ადამიანები – ჰუმანისტები, თავად წარმოადგენენ თითქმის უკვე გარდასული დასავლური შუასაუკუნეების, ანუ გაყალბებული ქრისტიანული სწავლების პროდუქტს. ხოლო მათ ბედისწერად იქცა, პაპიზმთან და სქოლასტიკასთან ბრძოლის მოტივით, საზოგადოდ ეკლესიისა და რწმენის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი სამუშაოს ჩატარება.”
    ძალზე საინტერესოდ ჟღერს ანტიკურობის დაისის ქ-ნ ლალი კოჭლამაზიშვილისეული ვერსიაც: “ძველ ბერძნებს, მიუხედავად მათი რაციონალიზმისა, გრძნობათა და ვნებათა სინაღდე ახასიათებდათ. გულწრფელი იყო აქილევსი, როცა მეგობრის მკვლელს გაენთო რისხვით შეპყრობილი; იმდენად გულწრფელი, რომ ნაწინასწარმეტყველები გარდუვალი სიკვდილიც არად ჩააგდო და ომში შევიდა. თვით მოხერხებული ოდისევსიც კი გრძნობათა სიმართლეს სცემდა პატივს. აკი ერთგულ პენელოპესაც ამისთვის მოუწყო გამოცდა. სოკრატემ ნამდვილი შხამით სავსე ფიალა გამოსცალა და ოიდიპოსმაც საკუთარი ხელით დაითხარა თვალები. ძველბერძნულმა კაცობრიობამ თავისი ნებით დათმო თვალთა ჩინი, რათა მოეპოვებინა მხედვარეობა სულისა, რათა დარღვეულიყო ძველი ტაძარი და მის ნაცვლად ახალი აღმართულიყო.” ანუ ავტორი აქ ლიტერატურულ პერსონაჟთა გარკვეულ ქმედებებს სახავს მიჯნად და განმსაზღვრელად ცნობილი მოვლენებისა და საერთოდაც, შესავლის ზოგად ინტონაციასაც თუ გავითვალისწინებთ, ხელში რაღაც ქადაგებისმაგვარი ოპუსი შეგვრჩება.
    შესავლის ბოლოს, ქალბატონი ლალი აღნიშნავს: “ერაზმუსს სწავლობენ, მის შესახებ იწერება და იბეჭდება მეცნიერული სტატიები, მონოგრაფიები. ყურადღებას იმსახურებს მისი ბიოგრაფია, მისი სტილი, მისი ლათინურის დახვეწილობა, მისი შეუდარებელი იუმორი, მისი სამშვიდობო მოწოდებები, ერაზმუსი და რეფორმაცია, მისი ურთიერთობა დოქტორ ლუთერთან, ანტიკური სამყაროს რემინისცენციები მის შემოქმედებაში და ა.შ. მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ერთი სიტყვით, იგი აქციეს წარსულის რელიქვიად. კულტურის ისტორიაში კი ერაზმუსი ძირითადად ერთი წიგნის – “სისულელის ქების” ავტორად მოსჩანს.” არადა ასე ნამდვილად არაა, უფრო პირიქით, ერაზმუსის ყველა სერიოზული მკვლევარი რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ ტექსტს. მათ, როგორც წესი, ერაზმუსის სხვა წიგნები აინტერესებთ ხოლმე. ხოლო რაც შეეხება ფრაზას, “მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს”, აქ აშკარად ინფორმაციულ სიმწირესთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი რჩეული ბიბლიოგრაფიის გადათვალიერება საკმარისი აღმოჩნდება, რათა მივხვდეთ, რომ ერაზმუსის შესახებ დაწერილ წიგნებში სწორედ ეს თემატიკა ჭარბობს, დილთაიდან და ტრელჩიდან დაწყებული – მარგოლენითა და კოლსით დამთავრებული.
    რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოვიაზროთ “სისულელის ქება” იმ უზარმაზარი კონტექსტის გარეშე, რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ტექსტის საზიანოდ, რადგანაც ქალბატონი ლალის შესავალ წერილში სულ სხვა პათოსია წამყვანი, სხვა დისკურსის ხმა ისმის, რომელიც, როგორც თავად ერაზმუსი იტყოდა, ამ შემთხვევაში, “არც ცას შეეხება და არც მიწას”.

    “ტელოს”

    ეს სიტყვა ძველბერძნულად დასასრულს ნიშნავს, ამ სიტყვით მთავრდება “სისულელის ქება” და მეც იძულებული ვხდები დროებით დავემშვიდობო მის ავტორს და დავხურო წიგნი, გვერდზე გადავდო, მაგრამ იმ იმედით, რომ ასეთ მკაფიო დასასრულს სხვა, ახალი დასაწყისები მოჰყვება. ჩვენს გულისყურიან მკითხველსაც ამ იმედით დავემშვიდობები და ერაზმუსის პერიფრაზით დავამთავრებ წერილს – მაშ ჯანმრთელად ბრძანდებოდე, იცოცხლე, იხარე და ილხინე ლიტერატურის დიდებულო, ღირსეულო მრევლო.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა

    გაგა ლომიძე – აკაკი ბაქრაძის პოლიტიკური რომანტიზმი

    “ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთის საკითხი არ არის მარტო ერთი კუთხის პრობლემა. აფხაზეთის საკითხი საქართველოს მდგომარეობის სასინჯი ქვაა.” – 1978 წელს, როცა აკაკი ბაქრაძე ამ სიტყვებს წერდა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ 15 წლის შემდეგ აფხაზეთი საქართველოს გამოეყოფოდა და ეს ტერიტორია დღემდე პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ პოლიგონად იქცეოდა. თუმცა, ადამიანისთვის, რომელიც ქართულ კულტურას და უფრო ფართოდ – ქართველი ერის ისტორიას შეისწავლიდა, ეს საფრთხე უფრო ნათელი იყო. აკაკი ბაქრაძეზე საუბრისას ალბათ ყველაზე შესაფერისი იქნებოდა პოლ ვალერის სიტყვების მოშველიება: “მე ვაპირებ წარმოვიდგინო კაცი, ვისი ქმედითობის გამოვლენანიც იმდენად სხვადასხვანაირნი უნდა ჩანდნენ, რომ, თუკი მოვახერხებდი მათთვის ერთი აზრის მიწერას, ვერავითარი სხვა აზრი ვერ შეედრებოდა მას სიფართოვით. მე ისიც მსურს, რომ მას ჰქონდეს საგანთა ურთიერთგანსხვავების უკიდურესად გამახვილებული გრძნობა, რომლის ყველა ქმედითობისთვისაც თამამად შეიძლებოდა გვეწოდებინა ანალიზი.” მართლაც, არ დარჩენილია ჩვენი საზოგადოებისთვის მტკიკვნეული არცერთი საკითხი, რომელზეც აკაკი ბაქრაძეს აზრი არ გამოეთქვას – არმიის შექმნის აუცილებლობითა და რელიგიური ორიენტაციით დაწყებული, ახალი ქალაქების მშენებლობით თუ ლიტერატურის, თეატრისა და კინოს პრობლემებით დამთავრებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისთვის ყოველი ტექსტი კულტურის მიკრომოდელი იყო, რომლის ანალიზიც სწორედ შესაბამისი კონტექსტის განხილვის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი.
    ქართული კულტურის კონტექსტში ქართველი ადამიანის ბუნების ანალიზისას, ის ქართველების სულიერი ენერგიისადმი ორგვარ დამოკიდებულებას გამოყოფდა – ნიჰილისტურს და ოპტიმისტურს: “ნიჰილისტები მუდამ სხვის მორჩილებას ასწავლიდნენ ქართველებს. თან არწმუნებდნენ, ამაზე დიდი ბედნიერების წარმოდგენა შეუძლებელიაო. ოპტიმისტები კი საკუთარი თავის რწმენას უნერგავდნენ. თავისუფლებისთვის ბრძოლას უქადაგებდნენ და ჩასჩიჩინებდნენ. რაკი ქართველი ხალხი, მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, უფრო ხშირად სხვათა ქვეშევრდომი ყოფილა, ჩანს ნიჰილისტები სჭარბობდნენ ჩვენში ოპტიმისტებს. მაგრამ რაკიღა ქართველი ხალხი დღესაც ცოცხალია, ქმნის, იღვწის, შრომობს და მომავალს აშენებს, ეტყობა, ოპტიმისტები უფრო ღონიერი და ძლიერი იყვნენ.” ლიტერატურულ მეტაფორას რომ მივმართოთ, ნიჰილიზმის და ოპტიმიზმის ამგვარ გაგებას შეგვიძლია შევუნაცვლოთ პანეგირიკის და სატირის კონცეფციები. მით უმეტეს, ამის საფუძველს გვაძლევს აკაკი ბაქრაძის ისტორიული დოკუმენტებით მდიდარი წიგნი “მწერლობის მოთვინიერება” – საბჭოური პარადოქსების მატიანე. მთელი წიგნი, მასში ჩართული ირონიული ინტერმეცოებით, დოკუმენტურ კინოს მოგვაგონებს, სადაც მონტაჟის გზით ჩასმულია დოკუმენტური კადრები. სწორედ საბჭოთა კრიტიკის პარადოქსია, რომ ის, ვინც სისტემის მიმართ მორჩილებას გამოხატავდა, ხოტბას ასხამდნენ, ხოლო სისტემის მოწინააღმდეგეებს ულმობლად კიცხავდნენ; ისე, როგორც ეს ხდებოდა პარტკონფერენციებსა თუ მწერალთა კავშირის სხდომებზე, სადაც ვაჟა-ფშაველას “შეზღუდული თემატიკის” გამო აკრიტიკებდნენ, ილია ჭავჭავაძეს კი დესპოტი მემამულის სახელით მოიხსენიებდნენ.
    აკაკი ბაქრაძე ქრისტიანული კონცეფციის საბჭოურით ჩანაცვლებაზე ერთგვარი ირონიით ლაპარაკობდა, როდესაც საბჭოურ რიტორიკაში დამკვიდრებული “ახალი ადამიანის” მოდელის ბიბლიურ წარმომავლობაზე საუბრობდა, სადაც პავლე მოციქულის ეპისტოლე და მარქსიზმ-ლენინიზმის “აღმსარებლები” პარადოქსულად დაწყვილდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, გამუდმებით ეძებდა ქართული ნიჰილიზმის წყაროებს. ასე, მაგალითად, 1920-იანი წლების ქართული ლიტერატურის ანალიზისას, მან ერთმანეთთან ალუზიურად დააკავშირა გამსახურდიას “დიონისოს ღიმილი” და გალაკტიონის “სად?”, რომელთა მიზეზად დამოუკიდებლობის დაკარგვა დაასახელა. ნიჰილიზმს აკაკი ბაქრაძე კრიტიკულ აზროვნებას უპირისპირებდა; კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის უჩვეულო იყო. იქნებ ამიტომაც გამოიწვია ზოგიერთის გულისწყრომა მისმა წერილმა “მკვახე შეძახილი”, სადაც ილიას “ბედნიერი ერის” მსგავსად, მანაც ამხილა მანკიერებანი და ქართველთა შურისმაძიებლობას შესაფერისი დეფინიცია – “ციდამტკავლური ინტრიგა” – მოუძებნა. მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ “კრიტიკა მადლია, ოღონდ პილპილმოყრილი მადლი და ხშირად პირს შუშხავს, ზოგჯერ ძალიან მწარედაც.”
    ასეთი იყო აკაკი ბაქრაძე. პიროვნება, რომელიც საბჭოთა კომუნიზმის დასასრულისა და თავისუფალი სახელმწიფოს სათავეებთან იდგა; არაორდინარული ხედვის მქონე მოღვაწე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საბჭოური აზროვნების ნგრევის, ქართული ცნობიერების გაღვიძების თუ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დამკვიდრებაში; განმანათლებელი, რომელსაც წინამძღოლის უმძიმესი მისია ერგო; რომელმაც ერთხელ სინანულით შენიშნა: “მთელი ცხოვრება მეგონა, სინათლეს ვაღვიძებდი – სიბნელე გამიღვიძებია”-ო. ეს მითიური აზროვნება საბჭოური ცნობიერებაა, თავისი ბელადებით, კერპებით, ანტიჰუმანური ღირებულებებით.
    ამასთანავე, აკაკი ბაქრაძესთან წარსულ გამოცდილებას ან, ზოგადად, წარსულს “გამომაფხიზლებელი” ფუნქცია აქვს, სადაც ამა თუ იმ კონკრეტული ამბის მოხმობა თუ ციტირება თითქოს თანამედროვეობის ერთგვარად ზეისტორიულ სფეროში გადატანას ითვალისწინებს. იქნებ ზედროული, ზეისტორიული მითი იყო ნავთსაყუდელიც და ჭვრეტის პრიზმაც, რომლიდანაც თითოეული მოვლენა თუ საგანი ზედროული კატეგორიებით განიხილება. შესაძლოა, ამიტომაც დაარქვა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ წიგნს “ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე”, სადაც სათაურშივეა გაცხადებული ოცნება/სინამდვილეს შორის შეუთავსებლობა. ერთი შეხედვით, თითქოს უჩვეულოა, რომ აკაკი ბაქრაძის წერილებშიც ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს რომანტიზმი და რაციონალიზმი, როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფოს მშენებლობის მოდელს წარმოგვიდგენს, მაგრამ იქვე იდეალიზებული საქართველოს ხატს ქმნის, ან ძველი სამოხელეო ტერმინების – მამასახლისი, ერისთავი, მოურავი – აღდგენას მოითხოვს.
    აკაკი ბაქრაძისთვის, რომელმაც, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ისტორიის ანგელოზი მომავლის პირისპირ მოაბრუნა, თითოეული წამი მუდმივი “აქმყოფობაა”, ხოლო მომავლისკენ მიმართული მზერა – ნახტომია, ოღონდ არა შეუცნობელში, არამედ რაციონალურად გააზრებულ მყოობადში. იქნებ ეს საბჭოთა ხანაში გაბატონებული ტენდენციის მიმართ დაპირისპირებაც იყო: იმხანად წარსულისკენ მიპყრობილი მზერა, მომავლის ხარჯზე წარსულის გაიდეალება – ინერტულობას გულისხმობდა და, გარკვეულწილად, საბჭოთა სისტემას განამტკიცებდა.
    აკაკი ბაქრაძის წერილების კითხვისას, შეიძლება პლატონის “სახელმწიფო” გაგვახსენდეს, სადაც ის სულის სამი საწყისის – წადილის საწყისის, გონიერი საწყისისა და ე.წ. thymos-ის – აქტიური საწყისის შესახებ საუბრობს. წადილის საწყისი ადამიანს მის გარეშე არსებული საგნების მოპოვებისკენ უბიძგებს. გონიერი საწყისის წყალობით ის მათი მოპოვების გზებს სახავს; ხოლო thymos-ი ადამიანს თვითგამორკვევისა და სხვის მიერ მისი ღირსების აღიარებისკენ განაწყობს. ის ლიბერალური დემოკრატიის საფუძველია.
    თავისი პუბლიცისტური წერილებით აკაკი ბაქრაძე თითქოს თითოეულ ადამიანში მიძინებულ thymos-ს აღვიძებს; თითქოს თითოეულ ჩვენგანს არწმუნებს, რომ სამყარო სწორედ აქ და ახლა იქმნება და მისი შემოქმედი ჩვენ ვართ – განღმრთობილი კაცნი…
    აკაკი ბაქრაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რელიგიურ თემებზე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ აკაკის წერეთლის “სულიკოს” ანალიზი, რომელმაც სიღრმით, თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებით და სემანტიკური ქსოვილის კვლევით, გარკვეულწილად, ლოტმანის მიერ მარინა ცვეტაევას პოეტური ტექსტის ანალიზი შეიძლება მოგვაგონოს. “სულიკოს” ინტერტექსტობრივად გოეთეს “აღმოსავლურ-დასავლური დივანიდან” “ზულეიკას წიგნის” ერთ უსათაურო ლექსს (In tausend Formen magst du dich verstecken) უკავშირებს, ხოლო სიტყვა “საყვარელი” და ღმერთის ცნება წყვილდება და მიკრო- და მაკროსკოსმოსის კაბალისტური მთლიანობის სურათი წარმოგვიდგება. არანაკლებ შთამბეჭდავია იოანე შავთელის თუ ბორენა დედოფლის ჰიმნების ინტერპრეტაციაც ძველი და ახალი აღთქმის კონტექსტში, სადაც ძველაღთქმისეული მოდელი ღმერთი->მაყვლის ბუჩქი->ცეცხლი ახალ აღთქმაში გარდაიქმნება ტრიადად: ღმერთი->ღმრთისმშობელი->ქრისტე.
    დღეს, როდესაც კრიტიკული აზრი თითქმის არ არსებობს, განსაკუთრებით იგრძნობა აკაკი ბაქრაძის მსგავსი კრიტიკოსების აუცილებლობა. თუნდაც მთელი წლის, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად ხარისხიანი ლიტერატურული პროდუქციის თუ თარგმანების ანალიზი რად ღირს; ან სიტყვები: “ცხადად ჩანს, რომ ღმერთის ცნებამ დღევანდელ პოეზიაში დაკარგა კლასიკურად ჩამოყალიბებული შინაარსი. იგი დაიშალა… და ამის პარალელურად გაჩნდა: საკუთარი გონების ძალმოსილების წინაშე დამფრთხალი და შეშინებული ადამიანი”, სადაც უნებურად თითქოს მოდერნიზმის ხანის დასასრული იკითხება; ან თამამი მეტაფორები, სადაც იობი ასოციაციურად საქართველოსთანაა დაკავშირებული…
    მახსენდება, 1980-იანი წლების ბოლოს, როცა მთელი კლასი წავედით მის ლექციაზე – რელიგიის თემაზე; და მისი სიტყვები – ლოგოსი… მატერია და სული… ერთი და სიმრავლე. ეს ყველაფერი რიტუალს გავდა. თითქოს ერთი გადადიოდა სიმრავლეში და სიმრავლის თითოეული ელემენტი გრძნობდა, რომ ღვთაებრივი, თავისუფალი იყო; ან იმ დროს განსაკუთრებით პოპულარული რიჩარდ ბახის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ”. ასეთი იყო ჩემი შთაბეჭდილება. ასე ფიქრობდნენ სხვებიც აკაკი ბაქრაძეზე – პიროვნებაზე, რომელმაც თვითონვე შექმნა იდეალიზებული საქართველოს ხატი და თავისი “პუბლიკუმი”, როგორც თავად იტყოდა ხოლმე; რომლისთვისაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობები არსებობდა; რომელსაც საყოველთაო ნგრევის, სისხლის და სიძულვილის პირობებშიც შეეძლო ეწერა თავისუფლებაზე, ზნეობრივ ფასეულობებზე, სიყვარულზე.
    იქნებ ამიტომაა, რომ უკომპრომისობა და მხილება მასთან არაძალადობრივ პრინციპს ეფუძნება. “სიყვარულის დაბრუნება, სიძულვილის უარყოფა” – ეს სიტყვები შეიძლება აკაკი ბაქრაძის პოლიტიკური ეთიკის ქვაკუთხედადაც დავსახოთ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“