• პროზა

    ლევან ორახელაშვილი – ნიკიტა

    ასეთი დაამახსოვრდა მამა. მუდამ ხალისიანი, უკან გადავარცხნილი ხშირი, ქერა თმითა და ლაჟვარდოვანი თვალების კუთხეებში, ალბათ, ხშირი, გულიანი ღიმილისაგან ნაოჭებგაჩენილი. სამხედრო ფორმით შემოსილი ძლიერი სხეულით, ფართო, ამოზნექილ მკერდზე მკაცრი თანმიმდევრობით მიბნეული ჟღარუნა მედლებით, სამხრეებიდან თვალისმომჭრელად მოელვარე ვარსკვლავებით.
    ყოველ კვირა დღეს, მამის ღონიერ მკლავზე ჩამომჯდარი მიემართებოდა გასართობად და სახალისოდ მაქსიმ გორკის სახელობის პარკისკენ. გზად, მის გულზე მიბნეულ ჯილდოებს ათამაშებდა პატარა თითებით, თან ოდეკოლონისა და თამბაქოს დაუვიწყარ სურნელს ისრუტავდა. ამაყად გადაჰყურებდა სიმაღლიდან “ფეხითმოსიარულე” თანატოლებსა და “სამოქალაქოში” გამოწყობილ მათ მამებს. ყველაზე მეტად კი ის მოსწონდა, მხედრულ სალამს რომ აძლევდა მამა ქუჩაში შემხვედრ სხვა სამხედროებს. მერე პარკის შესასვლელთან ჩერდებოდნენ ცოტა ხნით. აუცილებელი ნივთები უნდა შეეძინათ: დიდი, წითელი საჰაერო ბუშტი და პატარა, რეზინის ძაფზე გამობმული მოელვარე, მოუსვენარი და ონავარი ბურთულა. უკვე ამგვარად აღჭურვილნი მიემართებოდნენ პარკის სიღრმისკენ. მიდიოდნენ წითელი აგურის ნატეხებით დაფარული გზა-ბილიკებით უზარმაზარ, მწვანით შემოსილ შრიალა ხეებს შორის, რუპორებიდან გადმოღვრილი მხიარული მუსიკის თანხლებით.
    ენითაუწერელი ჟრუანტელი უვლიდა მუცლის არეში, როცა ქარზე უსწრაფესად ტრიალებდა უზარმაზარ წრეზე მამას მიხუტებული. ხეების ფოთლები ლამის სახეზე ეხებოდნენ. პატარა გოგონების წივილ-კივილი კი კარუსელის ძრავის გუგუნს ფარავდა. მერე, როგორც წესი, “ეშმაკის ბორბალზე” სხდებოდნენ და იქ უკვე ნე-ნელა ტრიალებდნენ, ოღონდ სხვა მიმართულებით. მთელ ქალაქს ხედავდნენ ზემოდან. მწვანეში ჩაფლულ რუხ სახლებს, აქა-იქ ამოზრდილ ოქროს გუმბათებს, წითელი კრემლის კონტურებს.
    ერთხელ ამ სანახაობით გაოცებულს უთხრა მამამ:
    – ნიკიტა, შვილო, მოვა დრო და შენც იფრენ ჩემი თვითმფრინავით.
    ძალზე სერიოზული ხმა ჰქონდა. არ იღიმოდა. თანაც ისე ელაპარაკებოდა, როგორც მამაკაცი მამაკაცს. მეორე დღეს კი, სამსახურში წასვლის წინ, ჭერისკენ ასტყორცნა ძლიერი ხელებით. დაიჭირა, გულში ჩაიკრა და მაგრად აკოცა. ვარდნისაგან გამოწვეული ჟრუანტელი ჯერაც არ ჰქონდა განელებული, მამა რომ წავიდა. წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა. დედა კი სულ ტიროდა და ტიროდა. ერთ კვირა დილას კი ვიღაც კაცებმა პატარა ურნა მოიტანეს და ოთახის შუაგულში დადგეს. მერე სამხედროები მოვიდნენ. მკლავებზე შავი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული და ჩუმად იდგნენ. ცოტა ხანში კი ურნა წაიღეს. დედაც მათ გაჰყვა. როცა დაბრუნდა, ის ბაშვებთან ერთად თამაშობდა ეზოში დაყრილ სილაში. სველი სილისგან რაღაც ფიგურების გამოძერწვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ნაძერწი თითებშივე ეფშვნებოდა. მერე დედა მოვიდა და ჩაიხუტა. მიხაკების სუნი ასდიოდა. იმ დღიდან მოყოლებული “კომუნალკის” ტუალეტში იკეტებოდა ხოლმე დედა და იქ ტიროდა. მარია ევდოკიმოვნა კი წარამარა უბრახუნებდა კარზე და უყვიროდა.

    * * *

    ნიკიტა მაქსიმ გორკის ქუჩაზე “ელისეევსკი” მაღაზიის ვიტრინის წინ იდგა. იქ გამოფენილ, შუშის უზარმაზარ ლარნაკებში ჩაწყობილი კანფეტებისთვის დაედგა თვალი. ყველაზე მეტად “დათუნია” იზიდავდა. ლამაზად გაფორმებულ ქაღალდში გახვეული ხრაშუნა შოკოლადის და ვაფლის მსუქანი ნაჭერი. – ნეტავ, ეს დედაა თუ მამა? – გულმოდგინედ დააკვირდა ნიკიტა სქელი, დაორთქლილი შუშის მიღმა, ფიჭვნარში მოთამაშე ბელებს და თითქოს მათ სადარაჯოზე მყოფ დიდ მურა დათვს. მაგრამ ვერაფერი გაარკვია. ადგილზე ხტუნაობა დაიწყო სუსხით შეწუხებულმა. ასფალტი ისეთი მოყინული იყო, რომ ფეხსაცმლის ლანჩები ზედ ეკვროდა.
    “ელისეევსკის” კარი გამუდმებით იღებოდა და იხურებოდა. საკონდიტრო ნაწარმის ვანილოვან არომატში შეზავებული შებოლილი ძეხვეულისა და ლორის მჭახე სუნი იღვრებოდა ქუჩაში. რამდენიმე მაწანწალა ძაღლი “მორიგეობდა” მაღაზიის წინ. აღგზნებულნი მიდი-მოდიოდნენ, ხარბად იყნოსავდნენ სველი ცხვირებით ჰაერს. დაბჩენილი ხახებიდან ორთქლის დიდ ბოლქვებს უშვებდნენ, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ წკმუტუნებდნენ, თითქოს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ხალხის უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა ქუჩაში. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ყინულზე მიასრიალებდნენ ფეხებს. ზოგიერთი მათგანი “ელისეევსკისთან” ამუხრუჭებდა და იქ შედიოდა. ნიკიტა მოსწყდა როგორღაც ვიტრინას და იმ ზოგიერთებს შეუერთდა.
    უზარმაზარი ჭაღებით განათებულ თბილ დარბაზში აღმოჩნდა. ნახერხმოყრილ მარმარილოს იატაკზე მიაბიჯებდა. ოდნავ დაბნეული. არ იცოდა, საით წასულიყო. ფეხის წვერებზე აწევას და ამგვარად “დათუნიას” ძებნას აზრი არ ჰქონდა. პატარა ვერაფერს დაინახავდა. ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას გაუთავებელ რიგებში მდგომ თუ მოძრავ ხალხს შორის. პირამიდებად დაწყობილი გაპუტული ბატების რიგს ძეხვის, თევზეულისა და სპირტიანი სასმელების რიგები ენაცვლებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დარბაზის ცენტრს მიაღწია. ჭერამდე აზიდულ საახალწლო ნაძვის ხეს წრე დაარტყა. მხოლოდ ერთი წამით შეჩერდა, უნდოდა ზედ დაკიდებული ფერად-ფერადი სათამაშოები შეეთვალიერებინა, მაგრამ მყისვე მუჯლუგუნი მიიღო ვიღაც გატენილი პარკებით დატვირთული მომხმარებლისგან. მარცხნივ გადაუხვია თავისდაუნებურად და საკონდიტრო ნაწარმის სექციასთან ამოჰყო თავი. კილომეტრიან რიგში დადგა. როცა ჯერმა მოუწია, აუხსნეს, რომ ჯერ სასაქონლო ჩეკი უნდა აეღო. წავიდა პატარა, გაუბედავი ნაბიჯებით, სალაროს მიაგნო და კვლავ რიგში ჩადგა. ხელში თავისი რკინის მანეთიანი ჩაებღუჯა. ასე ნელ-ნელა მიიწევდა წინ. სულ ცოტა უკლდა სალარომდე, როცა წინ მდგომი მამაკაცი მისკენ შემობრუნდა. ალბათ, უნებურად. აათვალიერ-ჩაათვალიერა და რიგს მიმართა: “ამხანაგებო, ეს ყმაწვილი ურიგოდ გავუშვათ!” “როგორ? რატომ? ჩვენც გვყავს სახლში ბავშვები! ახალ წელს მეტროში შევხვდე? ეს მოქალაქე, მგონი, დილიდან ზეიმობს!” – გამოცოცხლდა გაქვავებული რიგი. მერე ვიღაც ენერგიულმა ბებიამ ყველას ხმა გადაფარა: “გავუშვათ ურიგოდ რა თქმა უნდა, თუ ეს ვაჟბატონი თავის ადგილს დაუთმობს, თავად კი რიგის ბოლოში გადაბრძანდება!” “რატომაც არა, ასეც ვიზამ!” – აუღელვებლად წარმოთქვა მამაკაცმა. მერე ჩაიცუცქა, ნიკიტას თვალებში ჩახედა, გაუღიმა, ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა და გაუჩინარდა. საოცრად ჰგავდა მამას, ოღონდ მისგან განსხვავებით არყის სუნი ასდიოდა.
    “ერთი მანეთის “დათუნია”, თუ შეიძლება!” – ახალგაზრდა, თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა რკინის მანეთიანი ხურდა ფულით სავსე უჯრაში ჩააგდო. ზარითა და წკარუნით ამოარტყა ჩეკი სალარო აპარატიდან.
    ეს რკინის მანეთიანი შემთხვევით, მაგრამ დამქანცველი შრომის ფასად იშოვა ნიკიტამ. “მოდი, შვილო, მომეხმარე, ცოტაოდენი საქონელი მაქვს ფარდულში შესაზიდი, ეს ოხერი მუშები კი დილიდან გაილეშნენ, ეშმაკმა წაიღოს მაგათი თავები!” ამ სიტყვებით გააჩერა ქუჩაში მიმავალი ნიკიტა ვიღაც მხრებზე ძვირფასქურქშემოცმულმა ქალმა. რამდენიმე საათის განმავლობაში ეზიდებოდა ხილ-ბოსტნეულის ფარდულთან მიყენებული საბარგო მანქანიდან მჟავე კიტრით სავსე ქილებს. საწყობში ალაგებდა. ის ქალი კი წარამარა ეუბნებოდა, “ფრთხილად, ბიჭუნავ, არ გაგიტყდეს, ძვირფასი საქონელია, განსაკუთრებით ამ დღეებში”. არც ერთი ქილა არ გაუტეხავს. მერე იმ ქალმა კაბინეტში შეიყვანა, კარადა გამოაღო და იქედან ფული აიღო. სამმანეთიანი. მერე გაეცინა, ფული უკან დააბრუნა, ქურქის ჯიბეები მოიქექა, რკინის მანეთიანი მისცა და უთხრა, “ქაღალდის ფული ნამდვილად გაგეხევა, აი, რკინის კი სულ სხვაა”. კმაყოფილი წამოვიდა იქიდან ნიკიტა. ჯიბის ფული ჰქონდა ამჯერად. არა, უქონლობას არც უჩიოდა, უბრალოდ, მის სახარჯოს დეიდა ირინას უტოვებდა ხოლმე დედა. მეზობელს. ტელეფონის აპარატთან ყველაზე ახლოს რომ ცხოვრობდა, აი იმას. იმიტომ უტოვებდა, რომ თვითონ დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე. მამა რომ სამსახურში წავიდა და აღარ დაბრუნდა, იმ დღიდან ცოტა ხანში მუშაობა დაიწყო დედამ. შორი სვლა-გეზის მატარებელზე იშოვა გამცილებლის ადგილი. რამდენიმე დღით უწევდა გამგზავრება. მერე ისევ ბრუნდებოდა პროდუქტებით გატენილი ჩანთით. დეიდა ირინა კი მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს აჭმევდა. ზოგჯერ კი ისიც ავიწყდებოდა. ეს მხოლოდ იმ დღეებში ხდებოდა, როცა მისი ოთახიდან ხარხარისა და ჭიქების წკრიალის ხმა გამოდიოდა, ხოლო მარია ევდოკიმოვნა კარზე უბრახუნებდა და უყვიროდა. ამ დროს ყველაზე მეტად ენატრებოდა დედა. დედა სულ, სულ პირველად რეისში იმ დღეს წავიდა, როცა ნიკიტა პირველ კლასში ჩარიცხეს. ახლადგაუთოვებული თეთრი პერანგი ჩააცვა მაშინ დედამ, გულმოდგინედ გადაუვარცხნა ქოჩორი და აკანკალებული ხმით უთხრა: “ნიკიტუშკა, შვილო, არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ სთხოვო… ასე იცხოვრე”. მანაც იქვე ჩაიბეჭდა ტვინში დედის ნათქვამი. თავისებურად გაიგო. არ დაიჯერა, რომ დედა არ დაბრუნდებოდა მამასავით და არც შეშინებია, ამიტომ არც უთხოვია, არ წახვიდეო. მას მერე უკვე სამი წელი გავიდა. მეოთხე კლასში გადავიდა…
    სასაქონლო ჩეკი მიაწოდა გამყიდველ ქალს. მან თავი გააქნია, ჩეკი რაღაც წვრილ რკინაზე ჩამოაცვა, რამდენიმე “დათუნია” დაყარა სასწორის ერთ მხარეს, ღრმად ამოიხვნეშა და სასწორის ისრის გაჩერების მოლოდინში გაქვავდა. მერე ორი “დათუნია” მოაკლო, მერე კიდევ ერთი. სულ ორი ცალი დარჩა. “შეგიფუთოთ თუ ჯიბით წაიღებთ?” “გმადლობ, დეიდა, ჯიბით წავიღებ”.
    ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ, თვალდახუჭული ღეჭავდა უგემრიელეს ლუკმას “ელისეევსკის” წინ მდგარი. მერე თვალები გაახილა. ჯიბეში ღრმად შენახულ “დათუნიას” ხელი მოუჭირა და შინისკენ გაემართა. გამთბარი შენობიდან ახლადგამოსულს განსაკუთრებულად შესცივდა. ცოტა იარა და ხელმარჯვნივ შეუხვია სუსტად განათებულ ვიწრო ქუჩაზე. ამ ქუჩას ჩაამთავრებს, ერთსაც შეუხვევს და მორჩა. უკვე შინ იქნება. ნელა უწევს სიარული. ასფალტია მოყინული. სახლში რომ მივა, ჯერ გათბება, მერე დაჯდება და ზღაპარს დაწერს აი, ამ დათუნიების ოჯახზე, ტყეში რომ ცხოვრობენ. ნატალია პეტროვნამაც ხომ დაავალა, არდადეგებზე თემა დაწერეო. ჰოდა, დაწერს. ჯიბიდან კანფეტი ამოიღო, შეათვალიერა და ისევ უკან ჩააცურა. ყველა ბელი ადგილზე იყო. არა, დღეს ვერ დაწერს, ახალი წელია. მერე დაწერს. ხვალ ან ზეგ. როცა გაიზრდება, საბავშვო მწერალი გახდება, ან მფრინავი, მამასავით. ან სულაც მფრინავი მწერალი. რა, არ შეიძლება?
    პატარა, გათოშილი თითებით ყინულიდან სანახევროდ ამოჩრილი ქვა ამოაძრო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაისროლა შუაგულ ქუჩაში მუშტივით შეკრული თვალებმოელვარე შავი კატისაკენ. არა, კატას კი არ ესროლა, ისე, მის დასაფრთხობად. წინ რომ არ გადაერბინა, თორემ ცუდად ჰქონდა დაცდილი. აი, ამას წინათ სკოლისკენ მიმავალს გზად გადაურბინა და ორიანი მიიღო არითმეტიკაში. თეთრი ან ჭრელი კატა ნამდვილად დაფრთხებოდა, უკან გაიქცეოდა. ეს კი არც ინძრევა ადგილიდან. წევს და თვალებს აელვარებს. ნატყორცნი ბრტყელი ქვა კი ისე მიხტის და მისრიალებს მოყინულ ასფალტზე, როგორც წყლის ზედაპირზე. მერე შუშის ჩამსხვრევის ხმა და ისეთი ყვირილის ხმა ისმის, მარია ევდოკიმოვნამ რომ იცის.

    * * *

    “ზოგს მღვდელი უყვარს და ზოგს მღვდლის ცოლიო”. ვასილიჩს მღვდლის ცოლი უყვარდა. ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სისხლიანი გარდაქმნების, საყოველთაო შეშლილობისა და განუკითხაობის ეპოქაში. როცა ეშმაკისეული სიტყვა, ტყვია და ფოლადი ბატონობდნენ პლანეტის ნახევარზე. როცა ტყვიააცდენილთ შიმშილი ცელავდა და იქვე ჰყრიდა თვალუწვდენელ სტეპებსა და დიდი მდინარეების ნაპირებზე, ხოლო გადარჩენილთ ძალა არ შესწევდათ საფლავების გასათხრელად…
    ახალგაზრდა ვასილიჩს სოფლის მღვდლის, თევდორეს ცოლი იმთავითვე, წითელი კომისრების მოსვლამდე უყვარდა. მალულად, ყველასგან დაფარულად. მუდამ აჩრდილივით დასდევდა სავსემკერდიან, ფართოთეძოებიან ნადეჟდას. სექტემბრის წვიმიან დღეებში ტყის სულივით ჩაუსაფრდებოდა ხოლმე სოკოს და კენკრის საკრეფად მიმავალს. ხშირ შამბნარში მიმალული ან სულაც ნამქერივით წვრილი წვიმის წვეთების ფარდას ამოფარებული უმზერდა მკლავებდაკაპიწებულ, ხან წინ გადაზნექილ და ხან განზე ფეხებგაშლილ ჩაცუცქულ ქალს. ზაფხულის ცხელი საღამოები კი მისწრება იყო ვასილიჩისთვის. ტყის სულიდან წყლის სულად გარდაიქმნებოდა ხოლმე და ახლა უკვე მახლობელ ტბასთან, ლელიანში ჩაბუდებული ზვერავდა თმაგაშლილ, დედიშობილა ნადეჟდას, ალივით რომ ცურავდა გამჭვირვალე წყალში. ხშირად მღვდელ თევდორესაც სტუმრობდა ვასილიჩი. ძირითადად სანთლის საყიდლად მიდიოდა ხოლმე მასთან. ის ორი-სამი წუთიც საკმარისი იყო დიასახლისის სათნო და მორჩილი სახით დატკბობისათვის. რატომღაც ყველაზე მეტად ეს ახელებდა ვასილიჩს. მისი სახის გამომეტყველება…
    “ეჰ, რაც იყო, იყო”, ხელი ჩაიქნია ვასილიჩმა. ამ მოგონებების განდევნა სურდა. კიდევ ერთი ჭიქა არაყი დაისხა და გადაჰკრა. მაგიდისკენ დაიხარა და გაზეთზე მიკრულ დამარილებულ ქაშაყს დაყნოსა. ვერ ერეოდა აშლილ ფიქრებს.
    …მერე სოფელში წითელი კომისრები მოვიდნენ. ხის მორებით შეკრული ეკლესიის ეზოში დაიბარეს მოსახლეობა. აუხსნეს პირდაბჩენილ ხალხს, ქვეყანაში ახალი, ბედნიერი ცხოვრება იწყებაო. ისიც უთხრეს, ფხიზლად იყავით, ყოველი ბუჩქის უკან მტერი გვყავს ჩასაფრებულიო. მაშინ ვასილიჩმა ერთი რამ გაიგო ყველაფერზე უკეთ – “ძირს მეფე, ძირს მღვდელიო”. მეფე ნაკლებად ანაღვლებდა, მღვდლის შესახებ კი რამდენიმე კითხვა დაუსვა სიტყვით გამომსვლელებს. გამომსვლელებმა პასუხად პროტოპოპი თევდორე საბძლიდან გამოიყვანეს და ერთ-ერთმა მათგანმა, ასე ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭმა “მაუზერის” ტყვია დაახალა კეფაში. მოხუცები მალულად იწერდნენ პირჯვარს, ახალგაზრდებმა კი სხვა სოფლის საზღვრებამდე გააცილეს წითელი კომისრები აკორდეონისა და არყის თანხლებით. ორიოდ დღეში კი კავალერისტის ჩექმებსა და შავ, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ნადეჟდა ეკლესიის სოფლსაბჭოდ გადაკეთებას ხელმძღვანელობდა, თან ხალხს წერა-კითხვის შესწავლისაკენ მოუწოდებდა. ვასილიჩს კი თავად ამეცადინებდა ხოლმე გვიანობამდე. კარგად ახსოვს ვასილიჩს ეს გაკვეთილები. სწორედ მაშინ დაწერა პირველი ლექსი მშრომელი ფუტკრისა და ყვავილის იდუმალ სიყვარულზე, რომელმაც ადამიანის დოვლათის მატებაში ჰპოვა ხორცშესხმა. ეს ლექსი მაშინ რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა და სახელი გაუთქვა ვასილიჩს, როგორც ნიჭიერ პოეტს…
    “ბუმბულივით მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა, ჩემო ნადეჟდა”. ხმამაღლა, დაზაფრული ხმით წარმოსთქვა ვასილიჩმა. მერე ცარიელი ჭიქა ღონივრად დაჰკრა მაგიდას და საკუთარი სახელო დაყნოსა. დიდხანს ყნოსავდა. გულში ცეცხლი ენთო ვასილიჩს. კარგად უწყოდა, რა ცეცხლიც სწვავდა. სკამიდან წამოდგა და კოჭლობით დაიწყო აქეთ-იქით სიარული. გონებაში სასურველი სიტყვების გარითმვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ძლიერ უჭირდა ახალი სიტყვის თქმა. აქამდე, თავის ეპოქას ფეხშეწყობილი უმღეროდა ტრაქტორსა და კომბაინს, მერე ქალაქში გადაბარგებულმა და ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებით ფრთაშესხმულმა ბულდოზერებსა და ფაბრიკა-ქარხნებს მიუძღვნა თავისი შემოქმედება… ასე წინ და უკან დაიარებოდა ოთახში კოჭლობით და ამ ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების მანძილზე პირველად შობილი უბრალო ადამიანური გრძნობის ქაღალდზე გადატანა სურდა. ბოლოს უშედეგობით დარეტიანებული კვლავ სკამზე დაეშვა და ბოთლს წაატანა ხელი. “არა უშავს, ვასილიჩ, ეს მხოლოდ დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილი სიჩუმე და მყუდროებაა!” – თავის თავს შეუძახა რიხიანად. თუმცა თავად გრძნობდა, რომ ტრაქტორებში ჩარჩენილმა მისმა პოეზიამ დიდი ხანია თავის დრო მოჭამა. ახალი ეპოქა სუფევდა. “ყველაფერი დაწერეს უკვე ამ ოხრებმა, ყველაფერი და ყველაფერზე. მე კი უკვე ჩამქრალი პაპიროსის ნამწვი ვარ”. პესიმიზმი შეეპარა დიდი ქარტეხილის წინ ჩამოწოლილ სიჩუმეში. მერე სკამიდან წამოდგა, ისევ გაიარ-გამოიარა ნახევარსარდაფში მოწყობილ საცხოვრებელში, ერთადერთი ფანჯრის ქვეშ დადგმული შეშის ღუმელის კარი გამოაღო და ორი ღერი შეშა შეუკეთა. პატარა ოთახში კიდევ უფრო დათბა.
    …ოქტომბრის მზიანი დილა იყო. ოდნავ იკბინებოდა შემოდგომის სუსხი. ვასილიჩი და ნადეჟდა ცხენშებმულ ფორანზე ისხდნენ და ნელ-ნელა, რწევა-რწევით შორდებოდნენ უღრანი ტყეებითა და მრავალი ტბორით გარშემორტყმულ მშობლიურ სოფელს. რაიონულ ცენტრში მიდიოდნენ. ნადეჟდა გაუთავებლად ლაპარაკობდა. საკუთარ თავზე, ვასილიჩის პოეზიაზე, მათ როლზე მსოფლიო პროლეტარიატის და ყველა ჩაგრული ხალხების გათავისუფლების საქმეში. დიად გეგმებსა და იდეებს სახავდა. ვასილიჩიც სულგანაბული უსმენდა. მერე ტყიდან პატარა მდელოზე გავიდნენ. ფორანი უხმოდ მოძრაობდა წიწვით მოფენილ მიწაზე. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ნადეჟდას მგზნებარე ხმა არღვევდა. მერე იქვე, შორიახლოს, გამხმარ, წაქცეულ რამდენიმე ფიჭვის ხეს შორის რაღაც ფუსფუსი და მოძრაობა ატყდა. მგზავრების ყურადღება მიიპყრო. უცბად მძლავრი ლაწალუწის ხმა გაისმა… ტკვილისაგან შოკირებული ვასილიჩი, კოჭიდან საზარდულამდე გაფატრული ფეხით ჯერ კიდევ ჰაერში იყო ატყორცნილი, როცა გაქცეულ ცხენს მოკრა თვალი, გადაბრუნებულ ფორანს რომ მიათრევდა. მერე კი, სანამ გონებას დაკარგავდა, უზარმაზარი დედა დათვი დალანდა, ნადეჟდას ხორცს რომ ფლეთდა უმოწყალოდ, მის გარშემო კი აღგზნებული ბელები დარბოდნენ აქეთ-იქით. ეს შემთხვევა მაშინ ცენტრალურ პრესაშიც დაიბეჭდა. კარგად ახსოვს ვასილიჩს. მაშინ დაკოჭლდა. ვერც ომობდა და ვერც შრომობდა. ქალაქში გადასახლდა. კოჭლობით დადიოდა რედაქციიდან რედაქციაში. დროთა განმავლობაში იქ სიარულსაც მოუკლო. მეეზოვის პროფესია აირჩია და აქ დასახლდა, ამ ნახევარსარდაფში…
    “მეორე ბოთლიც უნდა აგეღო, ვასილიჩ! შეიძლება მუდამ ერთი და იგივე შეცდომის დაშვება?” – საკუთარ თავს უთხრა გულდაწყვეტილმა და ბოლო წვეთები ჩაწურა ჭიქაში. ამ ახალი წლის ღამეს გალეშვა და თავდავიწყება სურდა ვასილიჩს. ცალკე მწარე მოგონებების და ცალკე არშემდგარი პოეტური მისწრაფებების გამო. ზუსტად ამ მომენტში გაისმა შუშის მსხვრევის ხმა. ოცდაათგრადუსიანი ყინვა და პატარა ბრტყელი ქვა ერთად შემოიჭრნენ ზედ ტროტუარის თავზე გაჭრილი ფანჯრიდან. “მოვკლავ ამ ნაბიჭვარს!” – დაიღრიალა ვასილიჩმა და კოჭლობით ისე გავარდა ქუჩაში, რომ ქურქიც კი არ მოუსხამს…
    ქარზე უსწრაფესად გარბოდა ნიკიტა. თუმცა თვითონ ეჩვენებოდა ასე. ისე კი მომწყვდეული კურდღელივით ზიგზაგებსა და მარყუჟებს ხაზავდა. ყინულზე ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა, მერე მუხლამდე თოვლში ეფლობოდა, ისევ ეცემოდა და ისევ დგებოდა. ზურგს უკან კი არყის სუნით გაჟღენთილ მძიმე, გავეშებულ ქშენას გრძნობდა…

    * * *
    ყინვისგან ლოყებდაწითლებული დედა ოთახში შემოვიდა. თორმეტი საათის დადგომას დაასწრო ოციოდე წუთით. ხორაგით სავსე ჩანთა იქვე კართან დადგა. თბილი, ნაცრისფერი თავშალი მოიხსნა თავიდან, პალტოს ღილები გაიხსნა და ფეხაკრეფით წავიდა ნიკიტასაკენ.
    ნიკიტა მაგიდას მისჯდომოდა და გამალებით წერდა რაღაცას. გვერდით მოხარშული კარტოფილით სავსე ხელუხლებელი თეფში ედო. დედა მიეპარა და კისერში აკოცა. ნიკიტა შეკრთა მოულოდნელობისაგან და სწრაფად მიტრიალდა დედისკენ. პერანგის საყელო ჩამოხეული ჰქონდა. ფაფუკ ლოყაზე ხუთი მსხვილი თითი აჩნდა წითლად.
    “ეს, ეს რა არის?” – ელდა ეცა დედას.
    “ისეთი არაფერი. ცხოვრებაა”. – წყნარად უპასუხა ნიკიტამ და დედას “დათუნია” გაუწოდა – “გილოცავ ახალ წელს”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პროზა

    თეა თოფურია – თიხა

    თეა თოფურია

    თიხა


    თ ი ხ ა
    თიხა
    სულ პირველი, რაც ახსოვს ეს არის. მაგიდასთან ზის, მზის შუქი პირდაპირ წიგნს ადგას. გარეთ თბილა, შიგნითაც თბილა. დედას დატანჯული სახე აქვს. ოთხი ასო ერთმანეთს ვერაფრით ეკვრება, თ… ხ… თა… თითი გააყოლე, ეუბნება დედა ჩუმად, რატომ არ აყოლებ თითს. ხელს წიგნზე დებს, გამხდარი, საშინლად გამხდარი ხელი აქვს. ეშინია თავისი ხელების, ისევ შარვალში მალავს.
    – სად მიგაქვს, თ-ზე დადე, წაიკითხე, მერე! – დედა თვალებში უყურებს, – თ, ი…?
    ხელს ჯიბიდან იღებს, ისევ წიგნზე აბრუნებს, ახლა თვალებს ხუჭავს. იმეორებს.
    – თ, ი…
    – გაახილე თვალები, ხ?
    თვალებს ისე ბნიდავს, რომ გამოსახულება აიმღვრეს. გამხმარი ხელი ფორმას კარგავს. ხ, ა…
    – თი…
    – თიხა.
    ეს პირველია, რაც ახსოვს. გარეთ მზიანი, იშვიათად ნათელი დღეა, თერთმეტი წლისაა ამ დღეს.

    ***
    მათი ეზო დასახლებას ამთავრებდა. მერე იწყებოდა დიდი მთა, იმის იქით მდინარე, კიდევ მთა, ტყეები.
    ზაქეზე ორსულობისას სესილის ექიმებმა ბევრი მოძრაობა აუკრძალეს. მთელი ცხრა თვე სახლის უკანა აივანზე იჯდა საქსოვით, ზედ დაუხედავად ქსოვდა და თან პირდაპირ აყუდებულ მთას იყო მიშტერებული. ეს მთა მეოთხე მხრიდან ესაზღვრებოდა მის სახლს, შუაში ღობე არ ჰქონდათ და სესილი ხანდახან ვერც არჩევდა, სად მთავრდებოდა მისი ბოსტანი და სად იწყებოდა ტყე.
    ზაქე ძალიან დიდი ბავშვი დაიბადა. დედამისს ძუძუს მოსაწოვებლად რომ მოუყვანეს, ქალმა იუარა, ამას ახალშობილის არაფერი სცხია, ჩემი მომეცითო. ძლივს დაარწმუნეს, რომ შვილი ეჭირა ხელში. სახელი მოფიქრებული ჰქონდათ რაღაც, მაგრამ სანამ იტყოდნენ, მანამ დაარქვეს ექიმებმა – ზაქე, ზაქივით ბიჭიაო. შერჩა კიდეც სამუდამოდ.
    ზაქე ისეთი ძალის პატრონი იყო, ოჯახში მძიმეს აწევა რომ სჭირდებოდათ, დასახმარებლად ეძახდნენ. ნიჭიერიც გამოდგა, ოთხი წლიდან თამაშობდა ჭადრაკს და ყველა საბავშვო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეჯიბრიდან გამარჯვებული გამოდიოდა.
    ჭადრაკი მამამ მაშინ ასწავლა, როდესაც სესილიმ მეორე ბიჭი გააჩინა. ზაქე სამეზობლოში ყველა ბავშვს, ხშირად თავისზე უფროსებს, ჯაბნიდა და აწიოკებდა. ხან ერთის მშობელი მოადგებოდათ ზაქესიანებს საყვედურით, ხან – მეორის. ვერც სესილი და ვერც მისი ქმარი შვილს ვერაფრით აჩერებდნენ, ბავშვს თავისი ძალა კარგად ჰქონდა ნაგრძნობი. მალევე მიხვდნენ მშობლები, რომ ზაქესთვის რამე უნდა მოეხერხებინათ, რადგან ის უკვე საბავშვო ეტლს ექაჩებოდა, ჩვილი რომ ძირს გადმოეგდო. ზაქეს ყურადღების სხვა საგანზე გადასატანად მამამ ჭადრაკი გადმოუღო და ასწავლა, დაფაზე რა რის შემდეგ უნდა დაელაგებინა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, ზაქე ასე ადვილად თუ გაართმევდა თავს ამ დავალებას. მაგრამ ბავშვმა ორივე მხარის ფიგურები დააწყო და მოითხოვა, მეთამაშეთო.
    ჭადრაკმა შედეგი გამოიღო. ხუთი წლის ზაქეს უკვე თავისი მწვრთნელი ჰყავდა. შვიდისამ შეჯიბრიდან შეჯიბრზე დაიწყო სიარული. უკვე ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს ბავშვი მომავალში ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა და მის მშობლებთან აქედანვე ცდილობდნენ დაახლოებას. მაგრამ ჭადრაკით გატაცებამ ზაქეს ზომა-წონას ბევრი ვერაფერი დააკლო. ის ისევ ვირივით ამტანი და თუმცა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც ბავშვი იყო, ჭადრაკს და ჩხუბს გადაყოლილი ბავშვი.
    მეორეს, რაც ზაქეს გასაჩერებლად მოიფიქრეს, ჩაბრა ერქვა. ეს უზარმზარი, შავი ძაღლი პირაკრული და გათოკილი ჩამოუყვანა მამამისმა. ავიაო, ადრინდელმა პატრონმა უთხრა, მაგრამ გზაშივე მიხვდა კაცი, ჩაბრა ავი კი არა, შეშლილი უფრო იყო. დანამდვილებით არ იცოდა, გადადიოდნენ თუ არა ძაღლები ჭკუიდან, მაგრამ ფაქტია, თუ საერთოდ შეიძლება ძაღლს ნორმალური ფსიქიკა ჰქონდეს, ჩაბრას ამგვარი არაფერი გააჩნდა.
    თავიდან ორი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული, ერთი ყელზე ეკეთა, მეორე – უკანა თათზე. ძაღლი არამარტო სტუმარზე და გამვლელზე, შინაურებზეც იწევდა ხოლმე. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩაბრა ყოველ ალიონზე გაშმაგებულ ყეფას ტეხდა და ისე იწევდა, ლამის ორივე ჯაჭვი გამოეგლიჯა. ერთი-ორჯერ შეშინებული წამოცვივდა ცოლ-ქმარი, ეგობათ, ალბათ ქურდი შემოვიდაო, მაგრამ არა. მერე შეამჩნიეს, ახლად ამოსულ მზეს უყეფდა ძაღლი, ამ ცხოველისთვის ისიც კი უცხო და სახიფათო იყო.
    გადარეული ჩაბრა პირველი ცოცხალი არსება გამოდგა, რომლის მიმართაც ზაქეს მორიდების გრძნობა გაუჩნდა. პირველად იგრძნო, რომ არსებობს რაღაც მისი მსგავსი და მასზე უფრო თავზეხელაღებულიც. ეს გრძნობა ზაქეს არ მოეწონა და ორი კვირა მარტო იმაზე ფიქრობდა, ცხოველისთვის რა მოეხერხებინა. საბოლოოდ ჯერ თავისი შარვალი და პერანგი ჩაუფინა ხუხულაში, იქნებ სუნს შეეჩვიოსო, ცოტა ხნის შემდეგ კი ჯერაც ჩაუცმელი ფეხსაცმელები შეუყარა. ჩაბრა ერთი კვირა ღრნიდა და ღეჭავდა ორივეს. კვირის შემდეგ ზაქემ დაძენძილი, ბეწვით გავსებული და ძაღლის სუნით აქოთებული ფეხსაცმელები ჩაბრას ისევ ააცალა და ახლა თვითონ ჩაიცვა ფეხზე.
    ამის შემდეგ ზაქესაც ჩაბრას მაგვარი სუნი ჰქონდა. ამან ცხოველი ძალიან დააბნია. ვეღარ გაეგო, შეეღრინა მის ცხვირწინ მოსიარულე ზაქესთვის თუ არა. ყოველ შემთხვევაში ძაღლმა ის სხვებისგან გამოარჩია და რაღაც დროის შემდეგ ბოლომდე გაუშინაურდა. მართალია, ნაგაზი სწორედ იმისთვის ჩამოიყვანეს, იქნებ ბავშმა ძალა იგრძნოს და რაღაცის მაინც შეეშინდესო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩაბრამაც ვერ გაამართლა. ზაქეს ცხოვრება ახლა უბრალოდ სამად გაიყო: ჭადრაკი, ჩაბრა და ჩხუბი.

    ***
    იმ დღეს სესილი კარტოფილიან პურებს აცხობდა გაზქურაზე. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ ეზოში. სესილიმ ტაფას დახედა, გადატრიალება ხომ არ სჭირდებაო. მერე სანამ შეიწვებოდა, კედელს იყო მიშტერებული. რაღაც ხაზი აჩნდა შპალერს. დიდი შავი ბუზი ზანტად მიღოღავდა ამ ხაზისკენ. სესილიმ გადაწყვიტა, ეყურებინა, როგორ გადაკვეთდა ბუზი ხაზს. ბუზი ნელ-ნელა მიდიოდა და საბოლოოდ გადასცდა კიდეც.
    შემდეგ სესილის მთელი ცხოვრება ორად გაიყო, ხაზის გადაკვეთამდე და ხაზის გადაკვეთის შემდეგ. ის იყო ბუზი მეორე მხარეს გადავიდა, რომ გარეთ კივილი ატეხეს: სესილიიიი…
    სესილიმ ხელში შერჩენილი დანა ადუღებულ ზეთში ჩააგდო და გამოიქცა. მისი უმცროსი ბიჭი თავგადახსნილი იწვა ვარდისფერ სისხლში. ზაქე იქვე იყო და ისეთი სახე ჰქონდა, ვერ მიხვდებოდი, რა დაემართა. ყოველი მხრიდან მეზობლები გამორბოდნენ. ზღურბლზე გაშეშებულმა ქალმა მექანიკურად აღიქვა, როგორ დაესია ხალხის ერთი ნაწილი მკვდარ ბავშვს, მეორე კი – ცოცხალს და როგორ შევარდა ზაქე ტყეში.

    ***
    დასახლება სოფლის ტიპის არ იყო და შეშის ჭრით და სოკოს კრეფით თავს მაინცდამაინც არავინ იწუხებდა. ამიტომაც პირველი აგონიის შემდეგ ოჯახის ახლობელმა რომ თქვა, ამას აღარაფერი ეშველება და ახლა ზაქე მაინც მოვძებნოთო, სულ ორიოდე კაცი აღმოჩნდა, ვისაც ტყე ასე თუ ისე ჰქონდა შესწავლილი.
    თავდაპირველად ზაქეს მოსაძებნად სამნი წავიდნენ. დანარჩენებს მათკენ არც გაუხედავთ. ზაქე ახლა მკვლელი იყო და მის სახლში მოყვანაზე არავინ შეწუხდებოდა. ის სამი გვიან საღამოს დაბრუნდა ხელცარიელი. ახლა სხვები შევიდნენ ტყეში, მერე კიდევ სხვები. მესამე დღეს უკვე მთელი დასახლება ზაქეს საძებნად იყო გამოსული. ვერსად რომ ვერ მიაგნეს, გადაწყვიტეს, რომ მდინარეში ჩახტა ან ჩავარდა და გვამიც ზღვაში ჩაიტანა წყალმა. საბოლოოდ, მეშვიდე დღეს დააბენეს ძებნას თავი. ყველა თავის სახლში შევიდა და შეიკეტა.

    ***
    სამი დღის დამარხული იყო ზაქეს უმცროსი ძმა, შუაღამისას ტურები რომ აკივლდნენ ტყეში. ზაქეს მამა მეორე სართულის აივანზე იჯდა, ზუსტად იქ, სადაც მისმა ცოლმა ცხრა თვე გაატარა და ისიც წინ ჩამოხვავებულ მთას შესცქეროდა. მთის კონტურები ოდნავ ჩანდა ღამეში. ტურა რომ აკივლდა, კაცი ძალიან დაფრთხა. სხვა დროსაც კიოდნენ ხოლმე, მაგრამ ტურის კივილი ბავშვის ტირილის ხმას ჰგავს და ეს ორი ხმა ერთმანეთში ხშირად გამოცდილ მონადირესაც ერევა.
    – სესილი!
    – ჰო? – გამოეპასუხა ქალი ოთახიდან.
    – უსმინე! ზაქეს ხმა არაა?!
    – დაიძინე. ტურაა ხომ იცი.
    – ზაქე რომ იყოს?
    – მოკვდა ზაქე.
    – ვაი და, ვერ მოძებნეს კარგად.
    – დაწექი, გეხვეწები.
    – ზაქე რომ იყოს?!
    კაცმა ჯერ დააპირა დაწოლა, მერე ისევ აივანზე გამოვიდა. ჩუმად აიღო ფარანი, თოფი და თხუთმეტი წუთის შემდეგ სესილის უკვე ტყიდან მოესმა – ზაქეეე, ზაქეეე…
    მომდევნო ღამესაც იგივე განმეორდა, იმის მომდევნო ღამესაც. ტურის აკივლებისთანავე კაცი ეგრევე მთას აუყვებოდა ხმის კვალდაკვალ. საშუალება რომ ყოფილიყო, ძაღლსაც წამოიყვანდა, მაგრამ ჩაბრა უკვე კარგა ხანია მის მეგობარ გოგიტას ჰყავდა წაყვანილი სოფელში (ნაგაზის მოშორება აუცილებელი გახდა, რადგან მისი შიშით ხალხი სამძიმარზე ვერ შემოდიოდა). ამიტომ ახლა მხოლოდ ჩანთას აიკიდებდა ხოლმე. ჩანთაში ზაქეს სათამაშოები და ჭადრაკის ფიგურები ედო. ერთ ხელში ფარანი, მეორეში – ქაღალდის პარკი ეჭირა ახლადგამომცხვარი კვერებით. ზაქე მსუნაგი ბავშვი იყო და მამამისს იმედი ჰქონდა, იქნებ საჭმლის სუნზე მაინც გამოვიდესო.
    სესილი არაფერს ეუბნებოდა ქმარს. მისთვის ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როდესაც ბუზმა კედელზე ხაზი გადაკვეთა. უხმოდ აცხობდა კვერებს და პარკში ყრიდა. შემდეგ სკამზე იჯდა გაუნძრევლად, სანამ ქმარი, გამთენიისას უკან მოსული, არ დაუძახებდა ხოლმე: სესილიი, არ დაწოლილხარ ჯერ?
    – სესილიი! – ეს მეთხუთმეტე დილა იყო ზაქეს დაკარგვიდან. ქმრის ხმა ზღურბლთან ისმოდა.
    – სესილი, მომეხმარე!
    “ნადირმა დაგლიჯა”, გაუელვა მექანიკურად და კარი გამოაღო. კაცს რაღაც ეჭირა ხელში. ის რაღაც ოთახში შემოიტანა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწვინა. სესილის არასდროს ენახა ასეთი გამხდარი ბავშვი.
    – ვისია, საიდან მოიყვანე? – ჰკითხა ქმარს გაოგნებულმა.
    – ზაქეა, რა მოგივიდა?! შემთხვევით წამოვკარი ფეხი. ცოცხალია. – სხაპასხუპით მიაყარა კაცმა.
    სესილიმ მაგიდას შემოუარა. თუმცა ნათურა ჩახჩახებდა, მაინც ასანთს დაწვდა და სახესთან აუნთო. ერთიანად გალურჯებული, შიმშილისგან ცვილივით გამლღვალი ბავშვი ძლივს ფეთქავდა. ყურადღებით ჩააშტერდა და მერე ისე როგორც სამშობიაროში, თქვა: “ეს ჩემი არ არის”.

    ***
    ზაქე ერთი თვე იწვა ხმისამოუღებლად. არაფერი ახსოვდა, საკუთარი თავიც კი. თავისი სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ხედავდა, საბნიდან ამოყოფილ ხელები იყო და ამ გამხდარი ხელებისაც ზაქეს ძალიან ეშინოდა. საავადმყოფოდან გამოწერისას მშობლებს იმედი მისცეს, რომ ერთ წელიწადში მეხსიერებას სრულად აღიდგენდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ზაქეს ბევრი არაფერი გაუხსენებია, მან უბრალოდ თავიდან დაიწყო ცხოვრება. ხელახლა, ისე როგორც პირველკლასელს, ასწავლეს ანბანი, ლაპარაკი, სიტყვების სწორად წარმოთქმა, ველოსიპედის ტარება… თავიდან წაიკითხა უკვე წაკითხული წიგნები, თავიდან გაიცნო ნათესავები…
    სესილი ყველანაირად ცდილობდა, ზაქეში ძველი, მოჩხუბარი და ნიჭიერი ბავშვი აღედგინა. ესწავლებინა ის, რაც ადრე იცოდა, გაეხსენებინა, რაც ადრე უყვარდა ან ეჯავრებოდა. მთელი ერთი თვე ემზადა და მერე ძმაც უხსენა. რატომღაც ეგონა, რომ ზაქე ისევ ტყეს შეაფარებდა თავს, მაგრამ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. მას ძმა ისევე ბუნდოვნად ახსოვდა, როგორც ყველა დანარჩენი.
    ზაქე უკვე თორმეტი წლის იყო, როცა სესილი ოთახში შევიდა, სადილზე დასაძახებლად. მაგიდასთან მჯარი სუსტი, ფერმკრთალი ბავშვი ჭადრაკის ფიგურებს დასცქეროდა. აშკარად ვერ ხვდებოდა, რომელი სად უნდა დაესვა. სესილიმ თვალნათლივ დაინახა, როგორ მიცოცავს ბუზი ხაზის გადასაკვეთად და უკან გამობრუნებულმა ქმარს უთხრა.
    – მეორე შვილიც მომიკლა, ამ არაადამიანმა!

    ***
    ამასობაში კი ხალხი თავის ფარას მწყემსავდა. ზაქეს დაკარგვის შემდეგ დასახლებაში ყველას უძილობა შეეყარა. მთელი ღამეები ერთმანეთის სახლებში დადიოდნენ და იმას არკვევდნენ, ბავშვის სიკვდილში ვინ იყო დამნაშავე. დიდხანს იკვლიეს და დამნაშავეების რიგი საბოლოოდ ასე დალაგდა:
    “თავიდანვე მკვლელი იყო ეს ზაქე”,
    “ბავშვი, რა?! მამამისმა ვერ გაზარდა”,
    “სესილი სად იყურებოდა?!”
    “იმ საცოდავმაც ვერ იყვირა, მკლავენო?!”
    “მწვრთნელს მაინც დაეძახა ზაქესთვის სამეცადინოდ”,
    “ტარიელა სულ მაგ გზაზე დადის, რაღა იმ დღეს დაიკარგა?!”
    “ცხრა თვე მთას რომ უყურა, იმიტომ გაჩნდა ეგ ბავშვი ასეთი დიდი”,
    “რაღა იმ დღეს მოუნდა კახის ტარიელასთან ნარდის თამაში?!”…
    საბოლოოდ, მკვლელების სია იმხელა გახდა, რომ მასში დასახლების ყველა მცხოვრები კი არა, ლამის ქვა და ღორღიც მოექცა. სიაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზაქეს შემდეგ მეორე ადგილს ერთი ყოფილი მსახიობი იკავებდა. ამ კაცს ოდესღაც ფადიშაჰის როლი ეთამაშა და კოსტიუმი დღემდე სახლში ჰქონდა შენახული. იმ წელს, როდესაც ზაქეს ამბავი მოხდა, მთელს დასახლებაში ის იყო მეკვლე. თოვლის ბაბუა სჭირდებოდათ ბავშვებისთვის და ამიტომ ყოფილ მსახიობს მიაკითხეს. მანაც თავისი გრძელი ხალათი ჩაიცვა, გადმობრუნებულ ჩალმაში კანფეტები ჩაიყარა და ხალხს ჩამოუარა. მაშინ კი არაფერი, მაგრამ ახლა ყველა იმას ამბობდა, მეკვლედ ყიზილბაში რომ შემოვიყვანეთ, აბა, რა გვეგონაო.
    კიდევ ერთი, ვისაც ზაქეს შემდეგ და ხანდახან მასზე ადრეც ახსენებდნენ, მისი აწ გარდაცვლილი ბებია იყო. ხალხის აზრით, ზაქეს მკვლელის გენი სწორედ მისგან ჰქონდა სისხლში.
    ეს ქალი სულ ახალგაზრდა გამოთხოვდა დასახლებაში. ერთი ზაქეს მამა გააჩინა და შემდეგ სანამ ასაკი მოუწევდა, ლამის ყოველ წელს იშორებდა ბავშვებს. რამდენი აბორტი ჰქონდა გაკეთებული არც თვითონ ახსოვდა და არც მის გინეკოლოგს. სიკვდილამდე ორი წლით ადრე, ზეზეულად დაეწყო აგონია. სესილის მიუახლოვდა და ჩურჩულით ჰკითხა:
    – სკოლაში რატომ გადავედით?
    – სად სკოლაში? – დაიბნა სესილი.
    – სკოლაში?
    – სახლში ვართ, დედა, რა მოგივიდა?!
    – აბა, ეს ამდენი ბავშვი როა?
    ვერაფერი შეასმინეს დედაბერს. დილით გაღვიძებული კუთხეში მიიყუჟებოდა და ხმას არ იღებდა, გაკვეთილია, ხელი არავის შევუშალოო. საჭმელსაც მხოლოდ “ზარის დარეკვის” შემდეგ ჭამდა. საღამოობით სესილის მიუჯდებოდა მაგიდასთან, დაიდგამდა ჯამით ხმელ ლობიოს, არჩევდა და თან “სკოლის” ამბებს ყვებოდა.
    – ძალიან ცელქი ბავშვია, ძალიან, ჯერ ერთხელ დავალება არ დაუწერია.
    – რომელი? – ეკითხებოდა სესილი.
    – იმას კიდევ თავი ტკივა, გერმანული არ უყვარს.
    – რომელს?
    – აბა რა ვიცი, სახელები არც ერთს არ ჰქვიათ.
    დასახლებაში ამის გამო სკოლის დირექტორი შეარქვეს. კარგა ხანს იყო ასე, ყველგან ბავშვები ეჩვენებოდა, თან ისე გადამდებად, რომ ის ორი წელი სესილი ქმართან აღარ დაწოლილა, სირცხვილია, გვიყურებენო. მეტი როცა აღარ შეეძლო, მოჰკიდებდა ხოლმე კაცი ხელს და ტყეში მიჰყავდა. იქაც საგულდაგულოდ მიიხედ-მოიხედავდნენ და მერე იწყებდნენ ტანსაცმლის გახდას. ზაქეც ასე ჩაისახა, ოფლიან ტანზე მიწებებულ ხიწვებსა და ლაჯებში გაკვეხებულ ფოთლებს შორის. იმდენად მიეჩვივნენ ამ ველურ ალერსს, რომ როცა “სკოლოს დირექტორის” გარდაცვალების შემდეგ სესილიმ საწოლი გაშალა, კაცი ბავშვივით დაიბნა და საკუთარი თავის გასამხნევებლად ჯარისდროინდელი ამბების მოყოლა დაიწყო.

    ***
    მეორე ტალღა მაშინ აგორდა, როდესაც ზაქე იპოვეს. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელიც დამხვრჩვალი ეგონათ, თურმე ისევ ტყეში იყო. ახლა იმ ხალხის სიამ დაიწყო დაგრძელება, ზაქეს რომ ეძებდა და ვერ მიაგო, მერე იმათმა, ვინც ძებნაზე ხელი ჩაიქნია. ეს სია ძველზე დიდი და თან უფრო ნამდვილი გამოვიდა. ალბათ სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ზაქეს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, როდესაც ბავშვი ნახეს, ხმა გავარდა, ზაქე ზაქე არ არისო.
    “რა უგავს ზაქესი?!”
    “მაგას ზაქეს შარვალი ქორწილშიც დიდი ექნება”
    “ჭადრაკის ინჩი არ იცის და ბინჩი”,
    “უშვილებიათ ვიღაცა და არ უნდათ, გაამხილონ”,
    “მაგათ ამდენი ხალხი სულელები ვგონივართ”,
    “მთელი ტყე არ გადავაბრუნეთ, სად იყო თუ იყო”…
    ეჭვებს ისიც ამძაფრებდა, რომ ხალხმა ზაქეს პოვნის ამბავი პირველად სანიტარი ელიზბარისგან გაიგო. ეს ელიზბარი იმით იყო ცნობილი, რომ წაღმა არასოდეს არაფერს ამბობდა. იქით წავალო, აქეთ წავიდოდა, ამას ვიზამო, სულ არ იზამდა. შესაბამისად, სიას ესეც დაემატა: “ელიზბარმა თქვა, ზაქეაო, ესე იგი ზაქე არ არის”.
    – ხალხი ყაყანებს, ვიღაცა იშვილესო, – უთხრა ერთხელაც სესილიმ ქმარს.
    კაცმა არაფერი უპასუხა. ისევ მთას უყურებდა ორივე. ეს მთა მათი ცხოვრების უცვლელი პანორამა იყო. ერთი საგნის ყურებამ კი ფიქრების მოძალება იცის და ხანდახან გეჩვენება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც არის, რომ მთაც მთა არაა, შენც შენ არ ხარ. ამგვარ ფიქრებს ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ მაშინ შეეჩვია, უჩინარი ბავშვებით გადატენილ სახლში გვერდიგვერდ რომ იწვნენ და ერთმანეთის მიკარებას ვერ ბედავდნენ. მართალია, ადამიანს საკმარისი გონება არა აქვს, მსგავსი რაღაცეების გასაგებად, მაგრამ აქვს ტკივილი, რომელიც ხანდახან ნისლივით დადის ძარღვებში და ისეთი გაუსაძლისია, რომ ხვდები, ეს ძარღვები, ეს წვრილი, ლურჯი კაპილარები, მარტო ღვიძლს და თირკმელს კი არ აერთებს ერთმანეთთან, არამედ რაღაც უხილავ და უზარმაზარ უფსკრულსაც. ამ უფსკრულს, ადამიანის ამ ორგანოს, სისხლი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებული ჭირის დროს პოულობს, რათა ის, რასაც ძარღვები ვერ დაიტევს, შიგ გადაუშვას.
    ზაქეს მამაც უფსკრულის მატარებელი იყო და ამიტომ, ხანდახან მყარი საგნებიც კი მისთვის ძალიან არარეალური ხდებოდა ხოლმე. რამდენჯერმე კაცმა მართლაც იფიქრა, ნეტავ მართლა სხვა ბავშვი ხომ არ ვიპოვე ტყეშიო. იცოდა, იგივე ეჭვი ჰქონდა სესილისაც. მაგრამ ეს ისეთი ეჭვია, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ და სინამდვილეში ეჭვს კი არა, უფრო ახალი რელიგიის გამოგონებას ჰგავს.
    თავად ზაქე უკვე უმაღლესში სწავლობდა პირველად რომ გაიფიქრა, იქნებ მართლა ზაქე არა ვარო. იმის მერე სულ ცდილობდა, თავისი ბავშვობიდან რამე გაეხსენებინა, მაგრამ იმ მზიანი დღის იქით მაინც ვერ წავიდა, დედა რომ ანბანს ასწავლიდა ხელმეორედ. რაღაცეები კი ახსოვდა, მაგრამ ისე ბუნდოვნად, რომ ვერ გაიგებდი, მართლა ახსოვდა თუ სიზმარში ნახა. ხშირად წამოწვებოდა ხოლმე ჩაკეტილ, ჩამობნელებულ ოთახში და ცდილობდა, გაერკვია, შეეძლო თუ არა კაცის მოკვლა. თითქოს შეეძლო, თითქოს – არა, გააჩნია რას დაუშავებდა. არადა, არც ის იცოდა ვინმემ, რაზე იჩხუბეს იმ დღეს ძმებმა.
    მშობლები, ცხადი იყო, სიმართლეს არ ეტყოდნენ. ზაქემ გადაწყვიტა, ისევ სანიტარი ელიზბარისთვის ეკითხა.
    – შენ რომ თქვი, ზაქე იპოვესო, ტყუილი თქვი თუ მართალი?
    ელიზბარი ღობის წინ იჯდა სკამზე. სულ არ გაკვირვებია ზაქე რომ თავზე დაადგა, ის ერთადერთი იყო დარჩენილი მთელს დასახლებაში, ვისაც მისთვის ეს კითხვა არ დაესვა.
    – მართალი ვთქვი.
    – სულ ტყუილს რომ ამბობ ხოლმე?
    – ტყუილი თქვენ გგონიათ. მე ტყუილს კი არა ვამბობ, შავ ანგელოზს ვაცუცურაკებ.
    – ვისო?
    – კაცი რომ საქმეს დაადგება, იმას ორი ანგელოზი უყურებს, შავი და თეთრი. შავი სულ იმას ცდილობს, როგორმე ხელი შეგიშალოს. რომ იტყვი, მანქანა უნდა შევაკეთოო, გაიგებს შავი ანგელოზი და სახელოსნოს დაკეტილს დაგახვედრებს. მეც ვიძახი, ძროხა მიმყავს ბაზარში-მეთქი, ხოდა შავი ანგელოზი ბაზარში მიდის, მე – მანქანის გასაკეთებლად. ხალხს კიდევ ჰგონია, რომ ვიტყუები.
    ზაქეს გაეცინა.
    – აბა, როგორ გავიგოთ, როდის სიმართლეს ამბობ და როდის არა?
    – ადამიანი კეთილისა და ბოროტის გამრჩევად იმიტომ არის დაბადებული, ტყუილსაც უნდა ცნობდეს და მართალსაც.
    – რა ვიცი, წესია ასეთი, თუ სიმართლის თქმა უნდა კაცს, სიმართლეს ამბობს, თუ ტყუილის – ტყუილს. ასე ხდებოდა მთელს მსოფლიოში და ახლაც ასე ხდება.
    – მსოფლიოში კი არა, მეორე მსოფლიოც რომ იყოს და იქაც ასე მოხდეს, მე მაინც ჩემსას ვიტყვი.
    – ზაქე იპოვესო, მაშინ არ გეშინოდა შავი ანგელოზის?
    – წამომცდა, სიმართლე თუ წამოგცდება თორემ…
    – თუ ზაქე ვარ, ზაქე სხვანაირი ყოფილა.
    – თიხაა ადამიანი, ხან ისე მოიზილება, ხან – ასე.
    – არავის რომ არ სჯერა?
    – არ იციან მაგათ, ადამიანი რომ თიხაა.
    ზაქემ ამოიოხრა და გამობრუნდა. მაინც ვერ გაიგო, ელიზბარი მართალს ამბობდა თუ ახლაც თავის შავ ანგელოზს ატყუებდა.
    იმ ზაფხულს ზაქეს სახლში მამამისის მეგობარი, გოგიტა მოვიდა სტუმრად, თავისი ცოლით და გოგო-ბიჭით. ეს ის გოგიტა იყო ჩაბრა რომ წაიყვანა ადრე თავისთან. ცოტა ხანში შეატყო ზაქემ, სულ სხვაგვარად მისჩერებოდა მას გოგიტას გოგო. ჯერ გაოცდა, მერე დაიბნა. ზაქე ხეირიანად არავის არასდროს ყვარებია და ამიტომ ვერ იგებდა, მისგან რა უნდოდათ…
    – ზაქეს უნდა გავყვე! – თქვა უკვე სახლში დაბრუნებულმა გოგომ.
    – ზაქეს? – შეიცხადა დედამისმა.
    – მიყვარს!
    გოგიტამ დაკვირვებით შეხედა.
    – რა მოხდა მერე, ზაქე ხომ ზაქე არ არის, – თქვა ბოლოს.
    დედა ცოტა ხანს იჯდა ჩაფიქრებული.
    – ძალიან გიყვარს?
    – კი.
    – ვერ გაუძლებ?
    – ვერა.
    – ზაქე რომ იყოს?
    – მოკვდა ზაქე.
    – ვაი და, ვერ მოეძებნათ კარგად?
    – მთელი დასახლება ეძებდაო, მამამ არ თქვა?!
    – …

    ***
    მანქანა ნელა მიდიოდა ასფალტაყრილ გზაზე. მძღოლი ორჯერ შეჩერდა, ერთხელ ხაჭაპურები იყიდეს, მეორედ – წყალთან. წინ კიდევ ორი საათის სავალი ედოთ. ზაქე უკანა სავარძელზე იჯდა და შუშის ერთ წერტილს მიშტერებული ფიქრობდა. იმ წერტილს იქით ერთმანეთის მიყოლებით გაქრა მთები, ველები. მამა ამბობდა, რომ გოგიტასთან ხშირად დადიოდნენ, მაგრამ ზაქესთვის ეს გზა საერთოდ არ იყო ნაცნობი. შეეცადა, როგორმე ერთი მონაკვეთი მაინც აღედგინა გონებაში, მაგრამ ამაოდ. გაეცინა: ზაქეს ორ საათში ცოლი უნდა მოეყვანა, ის კი ჯერ არ იცოდა, მართლა ზაქე იყო თუ არა. ისევ გზის გახსენება სცადა, მაგრამ სულ სხვა რამ, ერთი ძველი ზღაპარი გაახსენდა:
    ქალი ქმართან და ძმასთან ერთად მოდის. წინ მტერი შეხვდებათ. გაიმართება ბრძოლა და ქმარსაც და ძმასაც ორივეს თავებს დააჭრიან. ქალი ატირებული ზის და ამ დროს რომელიღაც ფრინველი ჯადოსნურ ბალახს მოუტანს, კისერზე მიუსვ-მოუსვამ და გამრთელდებაო. ისიც წააცხობს ბალახს ორივეს და დაადგამს თავებს. გაცოცხლდებიან და თურმე სიჩქარეში ქმრის თავი ძმისთვის დაუდგამს, ძმის – ქმრისთვის…
    მერე მთელი ზღაპარი ქალი ბრძენიდან ბრძენთან დადიოდა და ეკითხებოდა, ქმარი რომელია და ძმა რომელიო. ზაქემ ისევ გაიცინა. ვისი ცოლი გამოდიოდა გოგიტას გოგო, ზაქესი თუ ზაქესი. მიდი და იკვლიე. თქვა კიდეც ელიზბარმა, ანგელოზი ან შავია ან თეთრი, ადამიანმა კი მუდმივად ტყუილ-მართალი უნდა არჩიოსო.
    “რაღა მაინცდამაინც ადამიანმა, ღმერთო”, გაიფიქრა ზაქემ და უკვე გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა. ჩაბრა ყეფით მოაწყდა ჭიშკარს. მერე უეცრად დაშოშმინდა ზაქეს დანახვაზე, კუდის ქიცინით ფეხებთან დაუწვა მოსულს. ზაქეს ყურადღება არ მიუქცევია, ჭიშკარი მიკეტა და გოგიტას სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    მამუკა დოლიძე

    ბნე­ლი და ნა­თე­ლი

    გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბნე­ლი ნა­თელს შე­ე­რია გე­ო­ფი­ზი­კუ­რი აქ­ტის შე­დე­გად, ბერ­მუ­დის სამ­კუთხე­დის კუნ­ძულ­ზე. კუნ­ძუ­ლი იგი მა­ტე­რიკ­თან სა­ვაჭ­რო ქსე­ლით აღ­მოჩ­ნ­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და გა­მო­რიცხუ­ლი არაა, კოს­მი­უ­რი წყვდი­ა­დი ეგ­ზო­ტი­კას და­ხარ­ბე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის გზით შე­მო­იჭ­რა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში. გა­მო­ძი­ე­ბამ ეჭ­ვი იმ­ა­ზეც აიღო, რომ ბნე­ლით მო­ცუ­ლი ხო­მალ­დი გზად და­ა­ყა­ჩა­ღეს, რის გა­მოც კონ­ტ­რა­ბან­დით წა­მო­ღე­ბულ წყვდი­ადს აგ­რე­სი­აც შე­ე­მა­ტა. აგ­რე­სია ყვე­ლა­ზე უკ­ეთ დიდ ქა­ლაქ­ში გავ­რ­ცელ­და. ზამ­თა­რი ეშხ­ში შე­ვი­და. კომ­პი­უ­ტერს ვი­რუ­სი შე­ე­ყა­რა და გა­მო­ძი­ე­ბას შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით მო­უ­წია ბნელს შე­ფა­რულ აგ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა. “იუს­ტას­მა” და­რე­კა ოთხ­მოც­და­მე­ო­რე ქუ­ჩი­დან – “ცენ­ტ­რა­ლურ პარ­კ­ში მო­ძებ­ნეთ ის, ვი­საც ეძ­ებ­თო”. გა­მო­ძი­ე­ბა წი­თელ-ყვი­თე­ლი ყმუ­ი­ლით იქ­ით გა­ქან­და; სწო­რედ ამ დროს სამ­ძებ­რო კან­ტო­რა­ში შუ­ქი ჩაქ­რა და ვიდ­რე მო­პა­რულ სი­ნათ­ლეს ჩარ­თავ­დ­ნენ, მა­გი­დი­დან სა­ძი­ე­ბე­ლი მა­სა­ლა აორთ­ქ­ლ­და. მოტყუ­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას ახ­ლა არ­აფ­რი­დან უნ­და შე­ექ­მ­ნა საქ­მე. რკი­ნის ლო­გი­კა კი გა­აჩ­ნ­და, მაგ­რამ საწყი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­არ ჰქონ­და. ამ­ი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბამ კა­მა­თე­ლი გა­ა­გო­რა და ალ­ალ­ბედ­ზე გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. შემ­თხ­ვე­ვით შერ­ჩე­ულ­მა გზამ უმ­ალ მო­იხ­ვე­ჭა უპ­ი­რა­ტე­სო­ბა კვლე­ვის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა მი­მართ. ამ­ან ძი­ე­ბის და­ნარ­ჩენ ალ­ბა­თო­ბა­თა აღშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ჩი­ვა­რიც კი შეთხ­ზეს არ­ჩევ­ნებ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თი გზის გა­მარ­ჯ­ვე­ბის გა­მო, მაგ­რამ სა­სა­მარ­თ­ლომ უარ­ყო მა­თი პრო­ტეს­ტი, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა უკ­ვე და­ად­გა ბედ-იღ­ბალ­ზე გა­დაშ­ლილ გზას. ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ლო­გი­კუ­რად გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და წი­ნა­მორ­ბე­დი­სა­გან და ცხა­დია კა­ნო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და.

    კონ­ტ­რა­ბან­დით შე­მო­ტა­ნილ აგ­რე­სი­ა­საც აზ­რი ძი­ე­ბის ამ გზი­სა და მე­თო­დის ძა­ლით მი­ე­ცა. ამ­ა­სო­ბა­ში “იუს­ტას­მა” მე­ო­რედ და­რე­კა, “78-ე ქუ­ჩის 45-ე სარ­თულ­ზე სის­ხ­ლი და­იღ­ვ­რე­ბაო”. ვიდ­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ა­მოწ­მებ­დ­ნენ, სის­ხ­ლ­მა მარ­თ­ლაც გა­მო­ჟო­ნა 45-ე სარ­თუ­ლი­დან. შემ­ტ­ვ­რე­ულ ბი­ნა­ში იპ­ო­ვეს მკვდა­რი სუ­ლი, ფუ­ლით და­ტე­ნი­ლი ქი­სა და სამ­კა­უ­ლე­ბით სავ­სე ლარ­ნა­კი. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლო­ბა მომ­ხ­და­რა მკვლე­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის და არა გა­ძარ­ც­ვის მიზ­ნით; ანუ გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­ფე­თა სის­ხ­ლ­ს­მოწყუ­რე­ბულ, მა­ნი­ა­კა­ლურ აგ­რე­სი­ას, და­ნა­შა­ულს და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის რომ ჩა­დი­ო­და და კა­ცის­კ­ვ­ლას რა­ღაც თა­ვის­თა­ვად ღი­რე­ბუ­ლე­ბად თვლი­და. არ­ა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბა და შემ­დ­გო­მი კვა­ლი მსგავს სი­სას­ტი­კეს არ გა­აჩ­ნ­და. არ არ­სე­ბობ­და მკვლე­ლო­ბის არ­ა­ნა­ი­რი მო­ტი­ვი და მსხვერ­პ­ლიც სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ქა­ლა­ქის მთელ სივ­რ­ცე­ში უს­ა­ხუ­რად გან­ფე­ნი­ლი აგ­რე­სია რო­დის, რო­მელ წერ­ტილ­ში იფ­ეთ­ქებ­და, ეშ­მაკ­მა უწ­ყო­და. გა­მო­ძი­ე­ბა იმ­ა­საც გრძნობ­და, თვი­თო­ნაც მი­ზან­ში იყო ამ­ო­ღე­ბუ­ლი და ამ­ი­ტომ ვე­ღარ თა­მა­შობ­და საქ­მის მი­მართ კვლე­ვის სუ­ბი­ექ­ტის როლს. გაქ­ცე­ულ­სა და მდე­ვარს შო­რის ზღვა­რი წა­ი­შა­ლა, თვით მო­ნა­დი­რე­ზეც ნა­დი­რობ­დ­ნენ! კრი­მი­ნა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სუ­ბი­ექ­ტი­სა და ობ­ი­ექ­ტის აღ­რე­ვა “იუს­ტა­სის” მე­სა­მე ზარ­მაც და­ა­მოწ­მა: “თავ­დას­ხ­მა თქვენს კან­ტო­რა­ზე მზად­დე­ბა და ცხე­ნი შე­კაზ­მუ­ლი გყავ­დე­თო”. არ­ა­და, სად ეშ­ო­ვათ ცხე­ნი ამ მან­ქა­ნე­ბად ქცე­ულ ქა­ლაქ­ში? გა­მო­ძი­ე­ბამ იპ­ოდ­რომს მი­მარ­თა, მაგ­რამ დი­რექ­ტო­რი ვირ­ზე შეჯ­და: “ყვე­ლა ცხე­ნი აღ­რიცხ­ვა­ზეა, ერთ მო­ნო­ლი­თურ კო­ლექ­ტივს შე­ად­გენს და ერ­თიც რომ და­აკ­ლ­დეს, ჯი­რი­თო­ბას პე­წი და­ე­კარ­გე­ბაო”. გა­მო­ძი­ე­ბა იძ­უ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა “იუს­ტა­სის” გაფ­რ­თხი­ლე­ბა გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით გა­ე­გო და ქა­ლაქ­ში ცხე­ნე­ბის ძებ­ნის ნაც­ვ­ლად გაქ­ცე­ვის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ეზ­რუ­ნა. კერ­ძოდ, გა­მო­ი­ძა­ხეს ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი; კან­ტო­რის წინ აღ­ა­შე­ნეს ზღუ­დე, ას­აფ­რენ მო­ედ­ნამ­დე კი გვი­რა­ბი გათხა­რეს; ამ­ა­სო­ბა­ში აგ­რე­სია უკ­ვე შე­ი­პა­რა მტრის ბა­ნაკ­ში და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სი­ძულ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბის გულ­ში იფ­ეთ­ქა! ჩხუ­ბი ატყ­და არ­აფ­რის გა­მო. მგო­ნი ერთ­მა მე­ო­რეს ჭი­ქა­ში ჩა­უ­ფერ­ფ­ლა, თუ პი­რი­ქით. აგ­ორ­და სიტყ­ვა, და­იწყო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. ცი­ხე შიგ­ნი­დან ტყდე­ბაო და მი­ლეწ-მო­ლე­წეს კან­ტო­რის კედ­ლე­ბი, მო­არ­ღ­ვი­ეს ზღუ­დე­ნი. აღ­მავ­ლო­ბის ნაც­ვ­ლად დე­კა­დან­სის გზას და­ად­გა სა­ძი­ე­ბელ აგ­რე­სი­ად ქცე­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. თუმ­ცა, ფერ­ფ­ლი ჭი­ქა­ში თვით­რ­ღ­ვე­ვის მხო­ლოდ სა­ბა­ბი გახ­ლ­დათ. ნამ­დ­ვი­ლი მი­ზე­ზი იმ შავ­ბ­ნე­ლი ქა­ლა­ქის ჯურ­ღ­მუ­ლებ­ში იმ­ა­ლე­ბო­და, გარს რომ ერტყა გა­მო­ძი­ე­ბას და თა­ვი­სი პირ­ქუ­ში მზე­რით უს­ი­ა­მოვ­ნო ნა­ლექს სტო­ვებ­და მის გულ­ში. ავ­კა­ცო­ბის ეს ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ფო­ნი, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სუბ­ს­ტან­ცია, უშ­რე­ტად ას­აზ­რ­დო­ებ­და აგ­რე­სი­ის ფაქ­ტობ­რივ სამ­ყა­როს. ამ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობ­და ყვე­ლა; ვინც იძ­ი­ებ­და და ვინც იძ­ებ­ნე­ბო­და. მსხვერ­პ­ლი, მკვლე­ლი და მე­ძე­ბა­რი გა­ნურ­ჩევ­ლად ერწყ­მო­და ერთ­მა­ნეთს. ყვე­ლა ერთ ქვაბ­ში იხ­არ­შე­ბო­და, ჯო­ჯო­ხე­თის მა­რად­ჩა­უქ­რო­ბელ ცეცხ­ლ­ზე. ყო­ვე­ლი გახ­ს­ნი­ლი საქ­მე, ახ­ალ გა­უხ­ს­ნელ საქ­მეს აჩ­ენ­და, რად­გან და­ნა­შა­უ­ლის ფეს­ვი მკვლე­ლის­თ­ვი­საც და მე­ძებ­რის­თ­ვი­საც ერთ­ნა­ი­რად მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო. აგ­რე­სი­ის უზ­ო­გა­დე­სი სუბ­ს­ტან­ცია არ­სე­ბობ­და და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებს მიღ­მა, ვით ამ ფაქ­ტე­ბის მუდ­მი­ვი გა­მომ­წ­ვე­ვი და მა­საზ­რ­დო­ე­ბე­ლი. აი, რა­ტომ მოყ­ვა მკვდარ სულს 78-ე ქუ­ჩა­ზე, ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა 127-ე ტრა­სა­ზე; ეს იყო უბ­ე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ახს­ნას თით­ქო თა­ვის თავ­ში­ვე მო­ი­ცავ­და. მოხ­და უეც­არ ფაქ­ტორ­თა ავ­ბე­დი­თი დამ­თხ­ვე­ვა; მძღოლს ყუ­რად­ღე­ბა გა­ე­ფან­ტა, მო­სახ­ვე­ვის ჯე­ბი­რი მორ­ყე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ფერ­დო­ბი კი ისე იყო და­ქა­ნე­ბუ­ლი, რომ გა­დარ­ჩა ყვე­ლა, უკ­ან მჯდო­მი მე­ძებ­რის გარ­და, ალ­ჩუ­ზე დამ­ჯ­და­რი ავ­ტო­ბუ­სის ძირ­ში რომ მო­ექ­ცა.

    უბ­ე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის მი­ზე­ზობ­რი­ვი ახს­ნა ვერ ცხად­ყოფ­და, რა­ტომ შეწყ­და ასე უაზ­როდ ად­ა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე, რო­მე­ლიც იქ­ნებ სწო­რედ ცხოვ­რე­ბის ამ ეტ­აპ­ზე გას­ც­და და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტობ­რივ სივ­რ­ცეს და ავ­კა­ცო­ბის ზო­გა­დი სა­თა­ვი­სა­კენ მი­მა­ვალ გზას და­ად­გა.

    ამ დიდ მი­სი­ა­საც რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სი­ცოცხ­ლე თა­ვის­თა­ვად, ვით ღვთის სა­ჩუ­ქა­რი, აშ­კა­რად აღ­ე­მა­ტე­ბო­და უეც­ა­რი სიკ­ვ­დი­ლის გა­მომ­წ­ვევ შემ­თხ­ვე­ვა­თა ჯამს. უაზ­რო იყო სი­ცოცხ­ლის შეწყ­ვე­ტის ფაქ­ტობ­რი­ვი ახს­ნა. გა­მო­ძი­ე­ბას აინ­ტე­რე­სებ­და, თუ რა­ტომ და არა რო­გორ ჩაქ­რა მი­სი ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის მზე­რა. იქ­ნებ იმ­ი­ტომ, რომ ხი­ლუ­ლის მიღ­მა იხ­ე­დე­ბო­და და იმ­ას ხე­დავ­და, რი­სი და­ნახ­ვის ღირ­სიც არ იყო? არ­ა­და, მხო­ლოდ თვალ­სა­წი­ერს იქ­ით შე­იძ­ლე­ბო­და ქა­ო­სუ­რად მი­მობ­ნე­ულ ბო­რო­ტე­ბა­თა ერ­თი­ა­ნი ძი­რის გან­ჭ­ვ­რე­ტა. ხი­ლუ­ლი ფაქ­ტე­ბის სივ­რ­ცე­ში ხომ ყო­ვე­ლი­ვე შემ­თხ­ვე­ვით ხდე­ბო­და! შემ­თხ­ვე­ვი­თი იყო აგ­რე­სი­ის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდ­ე­ის გა­მოვ­ლე­ნის გზა; წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლიც რომ ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­შა­უ­ლი, მთე­ლი ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვი გან­ზ­რახ­ვი­დან მის აღს­რუ­ლე­ბამ­დე, ჰა­ერ­ში ეკ­ი­და, არ­აფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და და არ­ა­ნა­ირ ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

    “იუს­ტას­მა” გა­მოთ­ქ­ვა ეჭ­ვი; საქ­მე, რო­მე­ლიც აორთ­ქ­ლ­და ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კან­ტო­რი­დან, შე­ე­ხე­ბო­და არა ნივ­თ­მ­ტ­კი­ცე­ბებს აგ­რე­სი­ის ექს­პორ­ტის შე­სა­ხებ, არ­ა­მედ შე­ად­გენ­და მი­სი მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს. “იუს­ტა­სი” ამ­ჯე­რად ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გა­და­იჭ­რა და გა­მო­ძი­ე­ბაც სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და მას. თუმ­ცა საქ­მის მოს­პო­ბა­ში მთქმელ­საც და გამ­გო­ნე­საც ერთ­ნა­ი­რად მი­უძღო­და ბრა­ლი, დამ­ნა­შა­ვე არც ერ­თი იყო. “იუს­ტა­სი”, ბნე­ლით მო­ცუ­ლი აგ­ენ­ტი, თვი­თო­ნაც შე­უც­ნო­ბელ ძალ­თა კარ­ნა­ხით მოქ­მე­დებ­და. გა­მო­ძი­ე­ბაც, იმ­ა­ვე ძალ­თა უკ­უღ­მარ­თი ზე­მოქ­მე­დე­ბით, სა­ჭი­რო დროს გა­ი­ფან­ტა და გა­თი­თო­კაც­და. ერ­თა­დერ­თი, ვინც და­ი­ნა­ხა რო­გორ გაქ­რა საქ­მე, იმ დღი­დან ფიქ­რებს მი­ე­ცა და ბო­ლოს ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში და­ი­ღუ­პა.

    გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნ­და. ფაქ­ტი იყო ის­იც, რომ ზღვა­რი წამ­და­უ­წუმ მერ­ყე­ობ­და მა­ძი­ე­ბელ­სა და სა­ძი­ე­ბელს შუა, ანუ გა­მო­ძი­ე­ბა გა­რე­დან კი არ აკ­ვირ­დე­ბო­და და­ნა­შა­ულს, არ­ა­მედ, რო­გორც მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და თვი­თო­ნაც დამ­ნა­შა­ვე, უშ­უ­ა­ლოდ შე­იც­ნობ­და მას. ას­ე­თი მიდ­გო­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად აფ­არ­თო­ებ­და ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სინ­დი­სის ქეჯ­ნის გა­მო ვერ ბე­დავ­და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რად­გან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სა­კუ­თარ თავს ას­ა­მარ­თ­ლებ­და და აქ­ე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­ნა­შა­ვეს ამ­არ­თ­ლებ­და.

    ამ­ი­ტომ, რო­ცა აგ­რე­სი­ის ქა­ლაქ­მა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ზღვარს მი­აღ­წია, გა­მო­ძი­ე­ბამ კი­დევ უფ­რო ღრმად ჩა­ი­ხე­და სა­კუ­თარ სულ­ში. მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ამ­ო­ტივ­ტივ­და არ­ე­ულ-და­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი. ამ ეპ­ი­ზო­დებ­ში აღ­წე­რი­თი ელ­ე­მენ­ტი სჭარ­ბობ­და სა­აზ­როვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ წარ­სუ­ლის ეს სა­ოც­რად გა­ფა­ქი­ზე­ბუ­ლი ხედ­ვა არ იყო მხო­ლოდ სუ­რა­თი, ის გან­ს­ჯას, გა­მო­ძი­ე­ბას და ახს­ნას ით­ხოვ­და.

    რო­ცა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად გახ­სენ­დე­ბა ოთ­ა­ხის ბნელ­ში რე­ლი­ე­ფუ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი კე­დე­ლი, ფან­ჯ­რი­დან და­ცე­მუ­ლი და ზედ გა­დას­რი­ა­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ჩრდი­ლი, გრძნობ, რომ ეს არ არ­ის მხო­ლოდ ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბა. რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე წვრი­ლად გახ­სოვ­დეს ის ოთ­ა­ხი, ის ფან­ჯა­რა, ის ჩრდილ­თა თე­ატ­რი კე­დელ­ზე. აღქ­მის ის შე­უც­ნო­ბე­ლი სა­ა­მო მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­ცა მო­თა­მა­შე ჩრდი­ლი წა­რი­ტა­ცებს თვალს და ძი­ლის ბუ­რან­ში ით­რევს… იქ­ნებ, არც იყო ეს ასე; იქ­ნებ, წარ­სუ­ლი აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბა­თა ქი­მე­რაა, რო­მელ­საც მას ცხოვ­რე­ბის ობ­ო­ბა-ქსელ­ში გახ­ლარ­თუ­ლი და ფრთა­მოკ­ვე­თი­ლი აწმ­ყო მი­ა­წერს?

    გა­მო­ძი­ე­ბა ვერ სცემ­და ამ კითხ­ვას პა­სუხს. ის მხო­ლოდ შე­იგ­რ­ძ­ნობ­და, რომ მო­გო­ნე­ბა­თა ტალ­ღა თვალს კი არ ატკ­ბობ­და, აზრს აღ­ვი­ძებ­და. გარ­და­სულს კი არ უბ­რუნ­დე­ბო­და ეს აზ­რი, წუ­თი­ე­რე­ბას აჩ­ე­რებ­და და უს­ას­რუ­ლოდ აფ­არ­თო­ებ­და. ცხოვ­რე­ბა იყო წუ­თი არა ხან­მოკ­ლე­ო­ბის გა­მო, არ­ა­მედ დრო­ის დი­ნე­ბი­დან ცოცხა­ლი­ვით ამ­ო­ვარ­დ­ნი­ლი და ცა­ში შემ­ხ­ტა­რი წუ­თი­ე­რე­ბის ძა­ლით. რა იყო ფაქ­ტე­ბის სამ­ყა­რო მის წი­ნა­შე? ჩრდილ­თა თე­ატ­რი. ნამ­დ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა მეხ­სი­ე­რე­ბის ცოცხ­ლად შერ­ჩე­ნილ წუ­თებ­ზე გა­დი­ო­და.

    გა­მო­ძი­ე­ბამ ეს სუ­რა­თე­ბი სამ­კა­უ­ლი­ვით აკ­ინ­ძა და ექს­პერ­ტი­ზა­ზე გა­და­აგ­ზავ­ნა. ექს­პერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოცხ­ლად აღ­ი­ბეჭ­და მხო­ლოდ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი, გრძნო­ბი­სა და გო­ნე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნი­ლი სუ­რა­თე­ბი. ამ­ი­ტომ გაკ­ვე­თი­ლებს გა­მო­პა­რუ­ლი ქუ­ჩა და მთაწ­მინ­დის მზით სავ­სე აღ­მარ­თი გულ­საც ან­ა­თებ­და და გო­ნე­ბა­საც. მწე­რალ­თა პან­თე­ო­ნი­დან სა­თა­მა­შო სახ­ლე­ბად ქცე­უ­ლი ქა­ლა­ქი, წინ­გა­დაშ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის მო­ლო­დი­ნით იყო სავ­სე. ეს მო­ლო­დი­ნი იქ­ი­დან აქ­ეთ კი არ იყო მო­მარ­თუ­ლი, პი­რი­ქით, აქ­ე­დან იქ­ით იყო უკ­უ­ფე­ნი­ლი და მი­სი სევ­და­ნა­რე­ვი, ოდ­ნავ შემ­ღ­ვ­რე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, ამ­ა­ვე დროს სი­ნა­ნუ­ლიც აღ­მოჩ­ნ­და ცხოვ­რე­ბის ჩარ­ჩო­ში ვერ­ჩა­ტე­ულ ოც­ნე­ბა­თა გა­მო.

    სწო­რედ ეს შე­უ­სა­ბა­მო­ბა სურ­ვი­ლებ­სა და ცხოვ­რე­ბას შო­რის სცნო ექს­პერ­ტი­ზამ და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთ სა­თა­ვედ. აქ­ე­დან იწ­ყე­ბო­და სუ­ლის ამ­ბო­ხე­ბა სხე­უ­ლის მი­მართ; სუ­ლის, რო­მე­ლიც იყო ჩაკ­ლუ­ლი და არა მკვდა­რი, და­უშ­რე­ტელ სიბ­რა­ზედ გარ­და­სა­ხუ­ლი თავ­და­ვიწყე­ბის წყვდი­ად­ში. ეს ზღვარ­და­უ­დე­ბე­ლი სიბ­რა­ზე ბევ­რად აღ­ე­მა­ტე­ბო­და მის ფაქ­ტობ­რივ გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­სა და მიზ­ნებს და რო­გორც გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რე­ლი და შემ­თხ­ვე­ვი­თი, ბე­დის­წე­რა უფ­რო იყო, ვიდ­რე გან­ზ­რახ და­ნა­შა­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბას შე­ექ­მ­ნა რწმე­ნა, რომ ყო­ველ ტრა­გი­კულ ფაქ­ტ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა სჭარ­ბობ­და მოვ­ლე­ნა­თა მი­ზე­ზობ­რივ კავ­ში­რებს და შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ფაქ­ტის გან­ჭ­ვ­რე­ტა და ახს­ნა თუ არ შევ­ხე­დავ­დით მას, რო­გორც ბე­დის გან­ჩი­ნე­ბას არ­ას­წო­რი ცხოვ­რე­ბის გა­მო. თით­ქოს არ იყო კა­ცი დამ­ნა­შა­ვე იმ­ა­ში, რომ შემ­თხ­ვე­ვით აღ­მოჩ­ნ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო ავ­ტო­ბუ­სის სწო­რედ იმ ავ­ბე­დით სკამ­ზე, მაგ­რამ თუ ჩა­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით, ის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით სწო­რედ ამ­ის­კენ მი­დი­ო­და. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა მო­უ­ღებ­და მას ბო­ლოს, თუ გა­მო­უც­ნო­ბი პა­თო­ლო­გია სხე­უ­ლის ბი­ო­ქი­მი­ა­ში; ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას­თან გვექ­ნე­ბო­და საქ­მე, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­მო­უ­ტა­ნა სა­კუ­თარ თავს.

    ამ­ი­ტომ, ექს­პერ­ტი­ზამ და­ას­კ­ვ­ნა, რომ ტრა­გე­დი­ის ფა­რულ მი­ზეზ­თა ძი­ე­ბას აზ­რი მსჯავ­რის და­დე­ბამ­დე ჰქონ­და, ვიდ­რე არ­სე­ბობ­და ამ მი­ზეზ­თა აღ­მოფხ­ვ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა; ვიდ­რე ეს მი­ზე­ზე­ბი კი არ მი­ზე­ზობ­დ­ნენ, გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­ვით ჰა­ერ­ში ეკ­იდ­ნენ.

    მა­შინ ქა­ლა­ქიც სხვა­ნა­ი­რი იყო. სხვა სუ­ლი ტრი­ა­ლებ­და მის ნა­თელ-ბნელ ქუ­ჩებ­ში. ნაჩ­ვ­რე­ტე­ბი­ა­ნი ყვე­ლის მძაფ­რი სუ­ნი ტრამ­ვა­ით მგზავ­რობ­და პროს­პექ­ტის გას­წ­ვ­რივ, ქვე­მოთ, ქაშ­ვე­თის ბა­ღის გა­ჩე­რე­ბამ­დე. იქ ერწყ­მო­და ბა­ღის ათ­ას­ფე­რი სურ­ნე­ლე­ბით შე­ზა­ვე­ბულ ჰა­ერს და ჩან­თა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ბუ­ტერ­ბ­რო­დის მო­ლო­დი­ნი სხვა გე­მოს აძ­ლევ­და თა­მა­შით სავ­სე სიმ­წ­ვა­ნეს. ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ლად­ფეხ­შედ­გ­მულ გა­მო­ძი­ე­ბას იქ უნ­და ეპ­ოვ­ნა შეც­დო­მის სა­თა­ვე; იქ, სა­დაც ფეხს იდ­გამ­და პირ­ვე­ლი გრძნო­ბა, სა­დაც უხ­ვად შეკ­მა­ზულ, სი­გემ­რი­ე­ლით გან­თ­ქ­მულ, ლა­მის შე­საჭ­მელ თბი­ლი­სურ ჰა­ერს ჯერ ვერ ამღ­ვ­რევ­და ბენ­ზი­ნის ნის­ლი. იქ, თავ­და­პირ­ვე­ლი ბა­ღის წი­აღ­ში ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ეთ­ა­მა­შე­ბო­და იმ გზას, რო­მელ­საც მე­რე უკ­ვე ვე­ღარ გა­და­უხ­ვევ­და. ეს იყო ეჭ­ვის, ფიქ­რის, გა­მო­ძი­ე­ბის გზა, ბაღს გვე­ლი­ვით შე­მოხ­ვე­უ­ლი და ქა­ლაქს აბ­ლა­ბუ­და­სა­ვით მო­დე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ და­ად­გი­ნა, გულს რო­დის შე­უძ­ვ­რა და შე­მო­ეტ­მას­ნა ეს ეჭ­ვი, რო­დის შე­ი­მო­სა ფიქ­რის სა­მო­სე­ლით ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. რო­გორ იქ­ცა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ვერ­თ­ქ­მის, გა­უ­ბე­და­ო­ბის, ღა­მე­ნა­თე­ვი ფიქ­რის სიმ­ბო­ლოდ. და აქ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში მო­ექ­ცა: ბა­ღის ბი­ლიკ­მა ვერ წა­იყ­ვა­ნა დას­მუ­ლი შე­კითხ­ვი­დან პა­სუ­ხი­სა­კენ. ცხოვ­რე­ბა ჩად­გა სტრი­ქო­ნებს შო­რის. და­იმ­ს­ხ­ვ­რა ტალ­ღა, ფიქრს რომ მი­არ­წევ­და ბნე­ლი­დან ნა­თელ­ში. შეწყ­ვე­ტილ­მა ძი­ე­ბამ ვე­ღარ იყ­ვა­ვი­ლა, ვერ გა­მო­ის­ხა სუ­ლის მა­საზ­რ­დო­ე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი. სხვა საზ­რუ­ნავ­მა გა­დაკ­ვე­თა და გა­ახ­მო მი­სი ფეს­ვე­ბი და მი­სი მკვდა­რი, გა­ხე­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­მო­ძი­ე­ბას ტვირ­თად და­აწ­ვა. ად­ა­მი­ან­მა იგრ­ძ­ნო ეს გულს შე­მო­წო­ლი­ლი სიმ­ძი­მე, გა­ნი­ცა­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბა სა­კუ­თარ თავ­თან, მაგ­რამ სწო­რედ ამ შე­უ­სა­ბა­მო­ბამ, ამ სი­ნა­ნულ­მა, რო­გორც ახ­ალ­მა ტალ­ღამ, ახ­ა­ლი ბიძ­გი მის­ცა შეწყ­ვე­ტილ საქ­მეს. და აქ გა­მო­ძი­ე­ბამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბავ­შ­ვო­ბა თა­ვის­თა­ვად არ­ა­ფე­რია ზედ ფა­რუ­ლად წა­ფე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის­გან ნოს­ტალ­გი­უ­რი გა­მორ­ჩე­ვის გა­რე­შე; რომ ათ­ას­ფე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გაშ­ლი­ლი სი­ცოცხ­ლის სა­თა­ვე, აუხ­დე­ნელ სურ­ვილ­თა გა­მო ხდე­ბა ას­ე­თი იდ­უ­მა­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი, რომ სუ­ლი ით­ხოვს ამ იდ­უ­მა­ლე­ბას, ამ ეფ­ე­მე­რას, რომ წარ­სუ­ლი დაძ­რას დრო­ის რე­ა­ლუ­რი წერ­ტი­ლი­დან და იმ ოც­ნე­ბე­ბით შე­ავ­სოს, ამქ­ვეყ­ნად რომ ვე­რა და ვერ მო­უ­ძებ­ნა ად­გი­ლი. რო­ცა უკ­ან­მო­ხედ­ვა შო­რე­ულ მო­გო­ნე­ბა­ში გა­და­დის, რო­ცა გახ­სენ­დე­ბა ის, რაც ვერ თქვი და ვერ აის­რუ­ლე, უნ­და შე­იგ­რ­ძ­ნო ეს არა რო­გორც ცხოვ­რე­ბის აგ­რე­სია ოც­ნე­ბის მი­მართ, არ­ა­მედ რო­გორც თა­მა­ში მი­უწ­ვ­დო­მელ­თან, რო­გორც დას­ტუ­რი, რომ არა ხარ მხო­ლოდ ის, რა­საც იტყ­ვი და მი­აღ­წევ, არ­ა­მედ ხარ ის, რა­საც ვერ იტყ­ვი და რაც ასე მი­უწ­ვ­დომ­ლად ეს­ა­ხე­ბა შენს ამქ­ვეყ­ნი­ურ არ­სე­ბას.

    აი, ას­ე­თი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თა გა­მო­ძი­ე­ბამ, სა­ძი­ე­ბე­ლი საქ­მის გარ­შე­მო, სა­კუ­თარ გრძნო­ბა­თა ექს­პერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე.

    © “არილი”