• ახალი ამბები,  რეპორტაჟი

    ძველი წიგნები, წიგნები ღია ცის ქვეშ და ახალ ქსელში

    2010 წელს ჩვენს გვერდებზე განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ლიტერატურას და ყველა იმ ცენტრსა თუ სივრცეს, სადაც მისი პროპაგანდა და გავრცელება ხდება.
    ინიციატივა საქართველოში განვითარებულმა და ცოცხალმა ლიტერატურულმა პროცესებმა არ დაბადა. უფრო პირიქით. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ნაკითხია ახალგაზრდა თაობა, ანდა რა სიხშირით დავდივართ წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში, სახარბიელო არ არის. თუმცა ეს ფაქტად ქცეული ინფორმაცია რთულად თუ იქცევა ხოლმე რეაქციად.
    2009 წელი ახალი წიგნების სიმრავლით ზოგადად არ გამოირჩეოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო საქმის არაეფექტურობაზე საუბრობენ კულუარებსა და სხვადასხვა წრეებში, არსებობს უფრო ლოგიკური კონტრარგუმენტი, შეკითხვა – არსებობს თუ არა ახალი გამოცემებით დაინტერესებული საზოგადოება და ხელსაყრელია თუ არა გამომცემელთათვის ტირაჟის გაზრდა? ამ და სხვა თემებზე “24 საათი” კიდევ ისაუბრებს, თუმცა ამ ეტაპზე სამი საკითხით დავინტერესდით. სად და როგორ შეიძლება ინგლისურენოვანი ლიტერატურის შეძენა-მოპოვება, რას გვთავაზობენ ბუკინისტები და რამდენად აქტუალურია დღეს ღია ცის ქვეშ გამოფენილი ძველი და ხშირად უნიკალური წიგნები. და ბოლოს, მკითხველს “ბიბლუსში” შევახედებთ.

    ძველი წიგნები თბილისში
    ანა ჩიქოვანი

    დღესდღეობით თბილისში წიგნის შეძენის მსურველებს მომსახურებას სთავაზობენ წიგნის ისეთი საფირმო მაღაზიები, როგორებიცაა, “პარნასი”, “ბიბლუსი”, “პროსპერო”, “საუნჯე” და სხვა. აღნიშნული მაღაზიები მომხმარებლებს საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობენ და თითქმის ყველა სახის ლიტერატურა აქვთ წარმოდგენილი.
    თუმცა, წიგნების შეძენა შესაძლებელია არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მაღაზიებში, არამედ ქუჩაში, სადაც წიგნები სტენდებზეა გამოფენილი და აგრეთვე მიწისქვეშა გადასასვლელებში. აქ საფირმო მაღაზიებისაგან განსხვავებით უფრო დაბალი ფასებია და რაც მთავარია, წარმოდგენილია როგორც ახალი, ასევე ძველი გამოცემები. ამასთანავე, თუ საფირმო მაღაზიებში წიგნების მიმწოდებლები არიან ისეთი ცნობილი გამომცემლობები, როგორებიცაა “დიოგენე”, “წიგნის სამყარო”, “სიესტა” “სულაკაური”, Camridge University Press, Oxford University Press , Palgrave, Pearson, ბუკინისტური წიგნების შემთხვევაში სპეციფიკურ მიმწოდებლებთან გვაქვს საქმე, აქ მიწოდება ხორციელდება კერძო პირების, ოჯახების მიერ.
    ერთი სიტყვით, სულაც არაა გამორიცხული, ძველი წიგნების მაძიებლები მათთვის სასურველ გამოცემას რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელში წააწყდნენ და თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად. თუმცა, ამ უკანასკნელთ შეუძლიათ მიაკითხონ ბუკინისტური წიგნების მაღაზიებსაც, მაგალითად აღმაშენებლის N77-ში მდებარე ბუკინისტური სახლი თითქმის ყველა სახის ლიტერატურას სთავაზობს მყიდველებს, თუმცა განსაკუთრებით ფართო არჩევანია სამეცნიერო ლიტერატურის მხრივ.
    ბუკინისტურ სახლში სამეცნიერო და ტექნიკური ლიტერატურა ძირითადად ქართულ და რუსულ ენებზეა წარმოდგენილი, ხოლო სხვა დანარჩენი, გარდა აღნიშნული ენებისა აქვთ ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. როგორც ბუკინისტური სახლის მფლობელმა ქალბატონმა ნანა კუხალეიშვილმა განაცხადა, მაღაზიაში დაახლოებით 20 000-მდე წიგნია. წიგნები თემატურადაა დალაგებული და მყიდველს დახმარების გარეშეც შეუძლია მიაკვლიოს სასურველ წიგნს. ფასები იწყება 3 ლარიდან და ადის 500 ლარამდე.
    ბუკინისტური სახლის მფლობელის თქმით, მყიდველების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნაა მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურაზე, შედარებით ნაკლებად იყიდება სამეცნიერო ლიტერატურა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თურმე, მაღაზიას მყიდველების ისეთი კატეგორიაც სტუმრობს, რომლებიც წიგნს ყდის სილამაზის მიხედვით არჩევენ
    რუსთაველის მეტროს გვერდით მდებარე ბუკინისტური წიგნების მაღაზიაშიც დიდი არჩევანია, მაგრამ აქ მოსული ადამიანი გამყიდველის დახმარების გარეშე შეიძლება წიგნების ლაბირინთებში ჩაიკარგოს, რადგან აქ წიგნები ქაოტურად აწყვია. მაღაზიაში ძირითადად მხატვრული, ისტორიული და ფილოსოფიური ლიტერატურაა წარმოდგენილი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. რაც შეეხება ფასებს, 3-დან 100 ლარამდე მერყეობს. განსხვავებით წიგნების სხვა ბუკინისტური მაღაზიებისაგან, აქ შესაძლებელია წიგნის საფასურის მოგვიანებით გადახდა, მთავარია გამყიდველის-ქალბატონი მაგულის ნდობა მოიპოვოთ. მსგავსად, ზემოთ აღნიშული მაღაზიისა, აქაც ყველაზე მეტი მოთხოვნაა მხატვრულ და ისტორიულ ლიტერატურაზე.
    საინტერესოა, ბუკინისტური წიგნების კოლექციონერებისათვის ძველ წიგნებს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა თუ აქვს? ცნობილია, რომ ასი წლის წინ გამოცემულ წიგნს, არ ყიდულობენ იმისათვის, რომ მხოლოდ წაიკითხონ, ასეთ წიგნს ისტორიული დატვირთვა აქვს. კოლექციონერს აღაფრთოვანებს იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა ასი წლის წინ იხილა პირველად დღის სინათლე და შესაძლოა, მას ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც კი ეხებოდნენ.

    ინგლისური ლიტერატურა თბილისში
    ეკატერინე ზარიძე

    დღეს ალბათ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინგლისური ენა საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ცდილობს გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, ფეხი აუწყოს ევროპული ცხოვრების რიტმს. იცვლება ძველი ტენდენციები, პოლიტიკური კურსიც, რომელიც, რა თქმა უნდა, განაპირობებს ამა თუ იმ ენის პოპულარიზაციას.
    ჩვენს დროში უკვე ინგლისური ენა ითვლება საერთაშორისო საკომუნიკაციო საშუალებად და ყველა ცდილობს როგორმე აითვისოს უცხო, მაგრამ აუცილებელი ინგლისური ენა. რუსული თანდათანობით ნაკლებ პრიორიტეტულ ენად გვევლინება საქართველოში და მის ადგილს უკვე ინგლისური იკავებს. ამ ყველაფრის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის ინგლისურ ენოვანი წარწერები, რომლებსაც ქუჩაში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით, აღარც ის, რომ სოლიდურ სამსახურში მიღების ძირითადი წინაპირობაც ინგლისური ენის ცოდნა გახდა. ცხადია, ინგლისური ენის მცოდნეთა რიცხვის ზრდასთან ერთად მატულობს ინგლისური ლიტერატურის მიმართ ინტერესიც. საბედნიეროდ გვაქვს საშუალება ვისარგებლოთ ინტერნეტით და მოვიძიოთ ლიტერატურა ინგლისურად, მაგრამ ინტერნეტში ვერ ვნახავთ სრულყოფილ ნაშრომს ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებიდან.
    არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც წარმოუდგენელია საათობით კომპიუტერთან ჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი დღევანდელ საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება, მათთვის იგი ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, ალბათ პერიოდულად მაინც გვაშინებს გამოსხივება, რაც აშკარად უარყოფითად აისახება ადამიანის მხედველობაზე. ხალხის იმ კატეგორიისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ კომპიუტერი ვერასოდეს შეცვლის წიგნს, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტში ყოველთვის ვერ მოვნახავთ სასურველი ავტორის ნაწარმოებებს, მათთვის, ვისთვისაც წიგნის კითხვა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ეკრანთან ჯდომა და ასევე ნებისმიერი წიგნის მოყვარულთათვის გახსნილია უამრავი წიგნის მაღაზია თბილისში, და არა მხოლოდ თბილისში, ასევე რეგიონებშიც. მკითხველს საშუალება ეძლევა შეიძინოს სასურველი წიგნი სასურველ ენაზე…
    ქართული წიგნის მაღაზიები ნამდვილად ანებივრებენ მკითხველს სხვადასხვა სახის წიგნებით, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი სახის ლიტერატურა. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მდებარეობს წიგნების მაღაზია “პარნასი”. ატმოსფერო საკმაოდ თბილი და მეგობრულია, მომსახურე პერსონალი – ყურადღებიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ( და რასაც წიგნის ყველა მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ). მაღაზიის სტუმარს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი კიდევ ეწვიოს “პარნასს,” შეიძინოს საყვარელი ავტორის ნაშრომი. მაღაზია მყიდველს სთავაზობს ლიტერატურულ ნაწარმოებებს ინგლისურ ენაზეც, რაც საშუალებას აძლევს ინგლისური ენის მცოდნეთ, გაიფართოვონ თვალსაწიერი, მიიღონ სიამოვნება სასურველი ნაწარმოების კითხვისგან. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საბავშვო ლიტერატურა, გამორჩეული ილუსტრაციებით, რაც მაშინვე მიიპყრობს პატარების ყურადღებას, ასევე მხატვრული ლიტერატურა ინგლისურ ენაზე. “პარნასში” მისულებმა შევიტყვეთ, რომ მაღაზიაში შესაძლებელია შეკვეთების მიღებაც, ანუ თუ ვერსად აღმოაჩინეთ წიგნი, რომლის შეძენაც დიდი ხანია გსურთ, შეგიძლიათ “პარნასში” დაუკვეთოთ და დატკბეთ სასურველი ნაწარმოების კითხვით. შეგიძლიათ შეიძინოთ საბავშვო ლიტერატურა ლამაზი ილუსტრაციებით, ( ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული ) ბავშვები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან. რაც მთავარია, ფასები მისაღებია და ხელმისაწვდომი.
    რუსთაველის გამზირზე, 40 ნომერში მდებარე მაღაზია “პროსპერო ბუქს” (PROSPERO BOOKS) გვთავაზობს ინგლისური ლიტერატურის ფართო არჩევანს, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სასწავლო, მხატვრული თუ საბავშვო ლიტერატურა ინგლისურ ენაზე და თან ხელმისაწვდომ ფასად. მაღაზიაში ფუნქციონირებს კაფეც, ასე რომ, სასურველი წიგნის შეძენასთან ერთად შეგიძლიათ ფინჯანი ყავაც მიირთვათ. მაღაზია ყიდის სასწავლო ლიტერატურას, მოსწავლეებს თუ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები. მყიდველის დაინტერესებას იწვევს ფერად-ფერადი, ლამაზად ილუსტრირებული მისალოცი ბარათები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზეც. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, თუ რატომ შედის სტუმარი მაღაზიაში “პროსპერო ბუქს”, მას წიგნის შეძენა სურს თუ უბრალოდ მაღაზიის კაფეს სტუმრობს, თუმცა მაღაზია ნამდვილად არ განიცდის სტუმრების ნაკლებობას. არასწორია იმის მტკიცება, რომ თბილისში წიგნები მხოლოდ შუშის ვიტრინებიან მაღაზიებში იყიდება. გარდა მაღაზიებისა, სადაც ყოველთვის მყუდრო გარემოა, მომსახურე პერსონალიც ყოველთვის ღიმილით გხვდებათ, სხვადასხვა წიგნის შეძენა შეგიძლიათ ქუჩაში, ნებისმიერ მიწისქვეშა გადასასვლელთან. მათი ფასი ხშირად გაცილებით დაბალია, ახალ წიგნებთან შედარებით.
    თუ თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, რომელსაც არ იზიდავს ძველი, დაფურცლული წიგნები და უპირატესობას ახლის შეძენას ანიჭებს, მაგრამ ამჟამინდელი ბიუჯეტი არ გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ ახალი წიგნი, ინგლისური ლიტერატურის მოყვარულთ გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ანგლო-ამერიკული ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახის ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, ამისათვის საჭიროა მხოლოდ გაწევრიანდეთ ბიბლიოთეკაში და აირჩიოთ სასურველი წიგნი. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე კვირის გარდა.
    დაბოლოს, ჩვენი რჩევა იქნება: იჩქარეთ, ნუ მოიკლებთ კითხვისგან მიღებულ სიამოვნებას და რაც მთავარია, გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა.

    წიგნის მაღაზია“ბიბლუსი”
    თეონა ხოსიტაშვილი

    თბილიში, წიგნის მაღაზიათა სხვადასხვა ქსელი არსებობს, მათ შორის – “ბიბლუსი.” “ბიბლუსი” 2008 წლის ივნისში დაარსდა. მისი დამფუძნებელია გაზეთი “კვირის პალიტრა”. “ბიბლუსის” მაღაზიები არა მარტო თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული ,არამედ საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში.
    “ბიბლუსში” წიგნთა მრავალფეროვნებაა: მხატვრული ლიტერატურა, დარგობრივი, გასართობი, საბავშვო, შემეცნებითი და სხვა. “ბიბლუსის” ქსელი თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ გამომცემლობებთან და მკითხველს სთავაზობს უახლეს ლიტერატურას.
    “ბიბლუსის” ქსელის მენეჯერის, ნინო მელაძის თქმით, მათი ქსელი ორიენტირებულია წიგნის ფასების ხელმისაწვდომობაზე, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა მკითხველთათვის. ამ პრობლემიდან გამომდინარე იბადება კითხვა, ჰყავს თუ არა მყიდველი ამ მაღაზიებს და რამდენად გამართლებულია ამ ქსელის არსებობა წიგნის ბაზარზე. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად უმრავლესობამ დაადასტურა ეჭვი იმის შესახებ, რომ წიგნის მოყვარული, განათლებაზე ორიენტირებული ადამიანები ხშირ შემთხვევაში ბიბლიოთეკებს მიმართავენ და არა წიგნის მაღაზიებს. მაგარმ აქვე შემიძლია ვთქვა, რომ “ბიბლუსსაც” საკმაოდ სტუმრობენ.
    გარდა ამისა, წიგნის მაღაზია “ბიბლუსში” სხვა საინტერესო ამბებიც ხდება: ყოველ შაბათს, 15 საათზე იმართება მკითხველისა და მწერლების შეხვედრები. მწერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, სხვა ცნობილი ადამიანები ჯადოსნურ სამყაროში – ლიტერატურაში სამოგზაუროდ გვიწვევენ. გვიზიარებენ შეხედულებებს, მოსაზრებებს, თანამედროვე ტენდენციებს ლიტერატურაში. “ბიბლუსში” ბოლო პერიოდში გაიმართა შეხვედრა დავით მაღრაძესთან. მან ისაუბრა, როგორც თანამედროვე ლიტერატურის პრობლემებზე და განვითარებებზე, ასევე პირად გეგმებზე. პოეტის ახალი პოემა “შენთვის” ითარგმნა ინგლისურად და ნიუ იორკში 5000-იანი ტირაჟით გამოიცემა. ასევე უკვე შემდგარ ღონისძიებებს შორის არის საინტერესო შეხვედრა ნიკო გომელაურთან, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა.
    დაბოლოს, გურამ დოჩანაშვილის თქმისა არ იყოს: “ავმაღლდეთ, ვიკითხოთ, მკითხველი მწერალზე დიდი კაცია”.

    © “24 საათი”
  • რეპორტაჟი

    ქართული ლიტერატურა მსოფლიო ბაზარზე

    ფრანკფურტიდან ჩამოტანილი იმედები

    კოკა ჯიქია

    ახალი არ არის, რომ ლიტერატურისა და ზოგადად, საგამომცემლო ინდუსტრიის საყურადღებო მოვლენებს შორის წიგნის ბაზრობებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხის გამომცემლების, ავტორების, ჟურნალისტებისა თუ მკითხველებისათვის ყველაზე დიდი და ფართო სივრცეა, ყოველ წელს დათქმული დანიშნულების ადგილია, სადაც 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, სიახლეების, სამომავლო გეგმების, პრეზენტაციებისა და საავტორო უფლებების გაცვლა-გამოცვლა, გაზიარებაა შესაძლებელი. ბაზრობა, როგორც წესი, ოქტომბერში იმართება, წელს 15-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლა ფრანკფურტმა ათასობით სტუმარს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება და რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, გამონაკლისი არც 2008 ყოფილა – საერთო რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას 299 112 სტუმარი ჰყავდა. საყურადღებოა ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის წელს საიუბილეო თარიღი იყო – 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გერმანული საგამომცემლო ინდუსტრიის გაერთიანებულმა ორგანიზაციამ წიგნის ყოველწლიური ბაზრობის დაარსებას შეუწყო ხელი. წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები და ტრადიციები მკვიდრდებოდა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს კი – საპატიო სტუმრის მოწვევას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული ბენეფისის სახით, 1976 წელს ჩაეყარა საფუძველი. თუ შარშან ბაზრობის ეპიცენტრში კატალონიური კულტურა იყო, წელს საპატიო სტუმრის სტატუსი თურქეთს ერგო. დევიზით – „ფერთა მომხიბვლელობა“ – აღმოსავლური სამყაროს ქვეყანამ 100-მდე გამომცემლობა წარმოადგინა ბაზრობაზე, აღინიშნა ასევე 350-მდე თარგმნილი თურქულენოვანი წიგნი. თურქ გამომცემლებსა და ავტორებს შორის, რომლებიც საპატიო სტუმრებად იყვნენ ფრანკფურტში მიწვეული, რა თქმა უნდა, ნობელიანტი ორჰან ფამუქიც იყო და ტრადიციისამებრ ლურჯ სავარძელში (Blaue Sofa) მოკალათებულმა თავის შემოქმედებაზე, კერძოდ კი ახალ წიგნზე ( „უდანაშაულობის მუზეუმი“ ), თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და ძვრებზე ისაუბრა. ლურჯი სავარძლიდან გაესაუბრნენ აუდიტორიას ასევე გიუნტერ გრასი, ინგო შულცე და უვე ტელკამპი – წლევანდელი ბუხნერის პრემიის ლაურეატი.
    7 000-ზე მეტი გამომცემელი 100 ქვეყნიდან, 400 ათასამდე დასახელების საგამოფენო ერთეული – ამ რიცხვობრივი მონაცემებით ჩაიარა წლევანდელმა წიგნის ბაზრობამ. ისევე როგორც შარშან, სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებისა და სტენდების გვერდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული საგამომცემლო სტენდიც იყო წარმოდგენილი. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ერთიორად გაზრდილმა ინტერესმა ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისა და ლიტერატურის მიმართ სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლებისაგან კონკრეტული წინადადებებიც მოგვიტანა – თანამედროვე ქართული მწერლობის ინგლისურენოვანი კატალოგებიდან განსაკუთრებული დაინტერესება რამდენიმე ავტორის რომანმა გამოიწვია (დავით ქართველიშვილი, ლაშა ბუღაძე, ზაზა თვარაძე, დათო ტურაშვილი), რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე ითარგმნოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წიგნის მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდეს. მართალია, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და არც თუ ისე მყარი გარანტიების მომცემია, მაგრამ პირველი – დაინტერესების ეტაპი – უკვე გადალახულია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ესტუმრნენ წელს ქართველი მწერლებიც – ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ბასა ჯანიკაშვილი, რომელთა ვიზიტიც ფრანკფურტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საზეიმო გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს, ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოსმა, პრესკონფერენცია ჩაატარა, აუდიტორიას წლევანდელი ღონისძიებების გეგმა-შინაარსი გააცნო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბეჭდური საგამომცემლო ინდუსტრიის მომავალ კონკურენტზე – ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა. თუ აქამდე CD-ფორმატით მიწოდებული ლიტერატურის პოპულარობის ზრდა შემაშფოთებელ ფაქტორად ითვლებოდა, ახლა უკვე, ბოსის თქმით, უკეთესიცაა წიგნების შინაარსის მოქცევა განსხვავებულ ფორმაში, მთავარია, რომ შინაარსი არ იცვლება და ფორმებს კი მხოლოდ საინტერესო სიახლეები, აღქმის განსხვავებული და აქამდე უცნობი ასპექტები მოაქვთ. თუმცა, ფრანკფურტის ბაზრობის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების მომძლავრების მიუხედავად, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე ლაპარაკი, საბოლოოდ შეცვლის თუ არა ორ ყდას შორის მოქცეულ პროდუქტებს კომპიუტერულ ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაციები, ეს უბრალოდ პროცესია, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და ვიზრუნოთ, რომ საუკეთესო შედეგი იქნას მიღწეული. 19 ოქტომბერს ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გერმანული საგამომცემლო ბიზნესის მშვიდობის პრემიის (Der Friedenspreis des Deutschen Buchhandels) დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 25 ათასი ევრო ფრანკფურტის წმ. პავლეს სახელობის ეკლესიაში (Paulskirche) გერმანელ მხატვარსა და მოქანდაკეს, ანზელმ კიფერს გადაეცა. სწორედ 19 ოქტომბერს დაიხურა საგამოფენო პავილიონებიც და მაინზე გაშენებული მანჰეტენი წიგნების მოყვარულ მუდმივ, ძველ თუ ახალ სტუმრებს მომავალი წლის ოქტომბრამდე დაემშვიდობა.

    სტატია დაიწერა 2008 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები,  რეპორტაჟი

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2002


    საყვირი და ტაში
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2002
    ანა კორძაია-სამადაშვილი

    ოქტომბრის დასაწყისში “24 საათის” დანართის, “წიგნების” გამოსვლა სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებს დაემთხვა, და ჩვენ ვეცადეთ მკითხველისთვის ამ ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვეთხრო. 13 ოტომბერს კი 2002 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა და ჩვენ კვლავ მას ვუბრუნდებით. თუმცა გერმანული პრესა ერთსულოვნად ამტკიცებს, წლევანდელ ბაზრობას აშკარად დეკადანსის ნიშნები ეტყობოდაო, გამომცემლები და დამთვალიერებლები მაინც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ – ფრანკფურტი მაინც ფრანკფურტია…
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასრულებას სტუმრებს, ტრადიციულად, ორი რამ ამცნობს: ჯერ საყვირის ხმა ისმის, შემდეგ კი უზარმაზარ დარბაზებში დარჩენილი ხალხი, რომელიც, ძირითადად, ბოლო დღეს უფასოდ დარიგებული წიგნების მოპოვებითაა დაკავებული, ტაშს უკრავს. სიმბოლურად ეს ორი ქმედება შესანიშნავად ეთავსება ერთმანეთს: წლევანდელი ბაზრობის დამთავრება მომავალი ბაზრობის დასაწყისის ნიშანია.
    გერმანელმა ჟურნალისტებმა 2002 წლის ბაზრობის დასკვნით საყვირს “ეკონომიკური თვალსაზრისით ყმუილი” უწოდეს – მაინც წაკბინეს ევროს: “კრიზისი, რომელშიც წიგნის ბაზარი აღმოჩნდა, ეკონომიკური კრიზისითაა განპირობებული… თუმცა სტატისტიკური მონაცემები თითქოს პოზიტიური იყო, წიგნის კრიზისი აშკარად დაწყებულია, და ამის მიზეზი არამარტო საერთო ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ საზოგადოებრივი განწყობაც – მაგალითად, 11 სექტემბრის მოვლენების შედეგად მიღებული შოკიც,” განაცხადა “შპიგელმა”.
    სად წიგნი და სად 11 სექტემბერი… მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერაფერი გამიგია, “შპიგელის” ავტორიტეტი ხომ ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი.
    “ფრანკფურტის წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე ამერიკელი და ევროპელი ლიტერატორები ერთად გლოვობენ 11 სექტემბერს დაღუპულებს. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს განწყობა მაინც ყველა დარბაზში მძაფრად იგრძნობა,” წერს “შპიგელი” ბაზრობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში (ციტირებული ქვეთავის სახელწოდებაა “ახალგაზრდა და მუნჯი?” – თურმე ახალგაზრდა ავტორებს პოლიტიკური თემები ნაკლებად აღელვებთ). სტატია ძირითადად ამერიკულ-ევროპული ერთობის ფრიად საორჭოფო საკითხებს ეძღვნება: რამდენად ევროპულია გერმანული გზა, რამდენად დასავლურია ამერიკული? რა აქვთ მათ საერთო? ამ საკითხებზე დაფიქრებას სთავაზობენ გერმანელი ინტელექტუალები ახალგაზრდა მოაზროვნეებს.
    11 სექტემბრის თემა გერმანიაში საერთოდ დიდ პრობლემად იქცა. დღეს ის დაახლოებით ისეთივე სიმძაფრისაა, როგორიც გონებაჩამორჩენილებსა და ებრაელებთან დაკავშირებით “ეროვნული ცოდვის” განცდა. ეს უკანასკნელი კი უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. თავად განსაჯეთ:
    12 ოქტომბერს, ბაზრობაზე, დარბაზში “დიმენზიონ”, გაიმართა საუბარი მარსელ რაიხ-რანიცკისთან, სწორედ იმ ლიტერატურულ კრიტიკოსთან, რომლის “დაჩაგვრის” გამოც მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარტინ ვალზერი ანტისემიტად და ერის შემარცხვენლად იქნა წოდებული. საუბრის თემა იყო “კანონი – გერმანული ლიტერატურა. რომანები”, ანუ “რა უნდა ვიკითხოთ”.
    თავად “კანონი” შემდეგში მდგომარეობს: სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მარტინ ვალზერის “კრიტიკოსის სიკვდილთან” დაკავშირებული სკანდალი ოდნავ მიწყნარდა, რაიხ-რანიცკი კი ერთიათად პოპულარული გახდა, წიგნის მაღაზიებში გაჩნდა “ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანული რომანების” ოცტომეული, გამოცემული მარსელ რაიხ-რანიცკის მიერ. ეს სიამოვნება სულ რაღაც 149,90 ევრო ღირს.
    ფრანკფურტში შეკრებილი საზოგადოება ავტორს შემდეგი კითხვებით მიმართავდა: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს რომანები? რამდენად მისაღებია სადღეისოდ ასეთი ნორმატიული ნუსხის არსებობა? რაიხ-რანიცკი ერთობ მჭერმეტყველია და, ცხადია, მსმენელთა ნაწილის თავის სიმართლეში დარწმუნება შეძლო. ნაწილი კი კვლავ იმ აზრისა დარჩა, რომ გოეთესა და კაფკას გარდა სხვა, არანაკლებ ფასეული ლიტერატურაც არსებობს. მაგალითად, ლიტვური.
    არამარტო გამომცემლები, არამედ “ჩვეულებრივი მოკვდავებიც” აღფრთოვანებით მიყვებოდნენ მსოფლიო წიგნის ბაზარზე ნაკლებად ცნობილი ლიტვური ლიტერატურის შესახებ – წელს ლიტვა ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იყო და ამიტომ მეტ-ნაკლებად სრულად შეძლო თავისი კულტურის და თანამედროვე ლიტერატურის წარდგენა. ჩემი “ინფორმატორები” კადნიერად ირწმუნებიან, რომ რაიხ-რანიცკის მიერ შემოთავაზებული წიგნების გარდა ამ ნაწარმოებების წაკითხვაც ღირს.
    ლიტვური ლიტერატურის შესახებ უმჯობესია თავად იმსჯელოთ. თუმცა ქართველები თარგმანების სიმრავლეს ვერ დავიკვეხნით, ზედაპირული გაცნობისათვის ჟურნალ “არილის” ორი წლის წინანდელ ნომერს შემოგთავაზებდით, სადაც წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობის სტუმრების ნაწარმოებებიცაა გამოქვეყნებული. ხოლო რაც ლიტვაში წიგნის საქმის განვითარებას შეეხება, თავად იმსჯელეთ:
    პაწაწინა ლიტვაში, რომლის სახელმწიფო ენაც ლიტვურია (ანუ მომხმარებელი მხოლოდ ლიტველი შეიძლება იყოს), წიგნები არნახული რაოდენობით იყიდება. ბესტსელერების ტირაჟი 12-დან 20 ათასამდე აღწევს. ლიტვაში არსებობს 200-მდე “რეალური” გამომცემლობა (შედარებისთვის: საქართველოში – არაუმეტეს ათისა). მოკლედ, ლიტველებმა ფრანკფურტში დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პირად საუბარში ამის შესახებ ქართველმა გამომცემელმა, ბაკურ სულაკაურმა მიამბო.
    ბაკურის აზრს წლევანდელი ბაზრობის შესახებ სავსებით ვენდობი: 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფრანკფურტში სოროსის ფონდის დახმარებით პირველი ქართული გამომცემელთა ჯგუფი გაემგზავრა (ირინა აბულაძე, ბაკურ სულაკაური, ოთარ ყარალაშვილი და გიორგი ბაგრატიონი), ის შემდგომაზე ყოველწლიურად მიემგზავრება ხოლმე ფრანკფურტში, არამარტო იმის გამო, რომ იქ ყოფნა მოსწონს (მაგალითად, ჩემსავით), არამედ იმის გამოც, რომ ბაზრობის მნიშვნელობა ზუსტად გაიგო – აქ საუკეთესო კონტაქტების დამყარების საშუალება არსებობს.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართული წიგნის განვითარების საქმეში: ჩვენც ვისწავლეთ, ასე თუ ისე, სტრუქტურა შევქმენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გარდა საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში ფაქტობრივად არსად ვითარდება – სხვა თუ არაფერი, წიგნის მაღაზიები არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში გაყიდული წიგნების რაოდენობა ყოველწლიურად 100-150 პროცენტით იზრდება. თავად ბაკურის თქმით, თუ მომავალშიც ამ ტემპით განვაგრძეთ განვითარება, შესაძლოა, ათიოდე წლის შემდეგ ჩვენც მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა გავხდეთ.
    მართლაც, სულ რაღაც ხუთი წლის წინათ წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველოში ოთხი თვის განმავლობაში (თან ზაფხულში) წიგნის 5000 ეგზემპლარი გაიყიდებოდა. ბაკურმა სიცილით მითხრა, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, თორემ ამ საქმეს ხელს ნამდვილად არ მოვკიდებდიო. თუმცა, ასეთ სწრაფ წარმატებას არც ის ელოდა. ერთადერთი პრობლემა ალბათ ისაა, რომ ბაზრის გაძლიერებისთვის მრავალი, თუნდაც პატარა გამომცემლობების არსებობაა საჭირო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რამდენიმე გამომცემელი წელიწადში ათასობით დასახელების წიგნის გამოცემას შეძლებს.
    ასე, წელს ქართულ სტენდზე მხოლოდ 100-მდე დასახელების წიგნი იყო გამოფენილი. 12 კვ. მეტრიანი სტენდი საკმაოდ უჩვეულო სანახავი ყოფილა – ორად გაყოფილი. ერთ ნაწილზე წიგნებს “ქართველ გამომცემელთა ასოციაცია” წარმოადგენდა, მეორეზე კი, რომელსაც “საქართველო” ეწერა – “ქართველ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია”. ქართველები ხომ ერთობას ვერ ვუძლებთ. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ ორი წლის წინათ ჩვენთვის არცთუ ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღო: სხვა განვითარებადი ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ ბაზრობის ხარჯებით არცერთი გამომცემლის გამგზავრება არ შეგვიძლია. რატომ მოხდა ასე, დანამდვილებით ვერ გეტყვით, სამწუხარო კია.
    წელს ფრანკფურტში ჩვენგან მხოლოდ სამი გამომცემელი იყო ჩასული – თინათინ დიდებულიძე, ლაშა ბერაია და ბაკურ სულაკაური. გამომცემელთა სიმცირე მათი პასიურობით განპირობებული არ ყოფილა – ზოგს ვიზის აღება გაუჭირდა, ზოგს პასპორტის გაკეთება დაუგვიანდა. ერთ-ერთი მიზეზი კი ყველას, ვინც ფრანკფურტს ბაზრობის დროს არ სწვევია, სასაცილოდაც შეიძლება ეჩვენოს: წლების განმავლობაში ქართველ გამომცემელთა “შემკედლებელი”, მშვენიერი და იაფიანი პანსიონის მფლობელი ქ-ნი მარია-ელიზაბეტ რაინვალდი ავად გაგვიხდა და ლამის გამგზავრების წინა დღეს აღმოჩნდა, რომ ბაზრობის გამო სტუმრებით სავსე ფრანკფურტში სხვა თავშესაფრის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო…
    მიუხედავად ყველაფრისა, ქართველები კვლავ ვიყავით მსოფლიოს უდიდეს წიგნის ბაზრობაზე და, იმედია, კვლავ წარმატებით. გარდა სხვა გამომცემლებისაგან ამა თუ იმ წიგნზე საავტორო უფლებების მიღებისა, ბაკურ სულაკაური ახლა ჩვენი ავტორების “გაყიდვის” თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვისზე ან რაზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია. მე კი ვისურვებდი, რომ ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართოს: ეს მხოლოდ ბაკურის კი არა, ალბათ მთელი საქართველოს გამომცემლების წარმატება იქნებოდა.
    P.S. ცნობისთვის: გერმანული მედიები ერთხმად იძახიან, რომ წელს წიგნის ბაზარი ლიტერატურულმა აგენტებმა საბოლოოდ დაიპყრეს. ამ პროფესიის ხალხი სულ უფრო ძლიერდება და სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს. გამომცემლობებს დაუფარავად ეშლებათ ნერვები: ლიტერატურული აგენტების ძირითადი სიხარული ხომ გამომცემლების ერთმანეთზე გადაკიდებაა. სამაგიეროდ, ავტორები ხარობენ – აგენტების წყალობით, ისინი გამომცემლებს ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ. კარგი პროფესიაა. იქნებ საქართველოშიც განვითარებულიყო?!

    სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”