-
-
გამოთხოვება იზა ორჯონიკიძესთან
თორნიკე მოდებაძე
იზა ორჯონიკიძე ლირიკული მუზის მსახური, ლირიკული ლექსის ოსტატი იყო. ის სმენით ამოწმებდა ყოველ ფრაზას, ესწრაფვოდა სათქმელის ზუსტად გამოხატვას და ლექსს, უპირველეს ყოვლისა, ყოველგვარი ზედმეტობისგან ათავისუფლებდა. მის შემოქმედებას მეწყერივით მოვარდნილი შთაგონების კვალი ატყვია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავტორი ცხელ გულზე დაწერილს ბოლომდე არ ენდობოდა და პირველ ვარიანტს ზოგჯერ საფუძვლიანადაც უცვლიდა სახეს.
ქალბატონ იზას ლექსიკური პალიტრა მრავალფეროვანია. მან ბავშვობა ქართლის ერთ ულამაზეს სოფელში გაატარა და პატარაობიდანვე შეითვისა ის ენა, რომელმაც მის პოეზიას განუმეორებელი შეფერილობა და მადლი მიანიჭა. მოგვიანებით დაწერილ მოგონებათა წიგნში “თავწყარო” ავტორი იხსენებდა პირველქმნილი ბუნების წიაღში მიღებულ შთაბეჭდილებებს, რომელთა სიხალისეც აღიბეჭდა მის პოეზიაში. მაგრამ მხოლოდ ბავშვობის თუნდაც უაღრესად ცინცხალი შთაბეჭდილებები არ ქმნის იზა ორჯონიკიძის სამყაროს. სიცოცხლის მძაფრ სიყვარულს შერწყმული უკიდურესი დრამატიზმი შინაარსობრივად ავსებს და დასრულებულ სახეს სძენს პოეტის შემოქმედებას. ეს ბუნებრივად ხდება. პოეტი თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე ყოველთვის ძალდაუტანებლად ამბობდა იმას, რაც ჰქონდა სათქმელი. სათქმელი კი თავისთავად ცხადყოფდა ინტენსიური შინაგანი ცხოვრების ზღვრულ დაძაბულობას.
იზა ორჯონიკიძეს არც მოგვიანო წლებში გამოლევია “სიტყვის მადანი”. თითქოს ოდნავ დაცხრა მისი ბობოქარი სამყარო, სიმშვიდე და სინანულნარევი ტონალობა შეიძინა, ლექსს კი ადრინდელი ნიშნები შერჩა: კონკრეტული აქცენტები, გამჭვირვალე ფრაზები, ზუსტი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც თავის ირგვლივ ძლიერ ემოციურ ველს ქმნიან.
ლექსის სტრუქტურულ საიდუმლოებებთან ზიარებამ იზა ორჯონიკიძეს მთარგმნელობითი მუშაობისკენ უბიძგა. მის მიერ თარგმნილი ბერძენი პოეტების რიცოსის, სეფერისის, ილიადისის… და სხვათა თარგმანებმა გააფართოვა ქართული პოეტური თვალსაწიერი. ცალკე წიგნად გამოცემული იანის რიცოსის შემოქმედება სამოცდაათიან წლებში მიიღო ქართველმა მკითხველმა. აქ უჩვეულო ლირიკულ ლექსებთან ერთად არის პოემა “მთვარის სონატა”. ამ პოემის ლირიკული ჟღერადობა ისე ფაქიზად განაფინა ქართულ ენაზე მთარგმნელმა, რომ შეუძლებელია მკითხველი გულგრილი დარჩეს. არ შეიძლება არ გავიხსენოთ სეფერისის უდახვეწილესი ლირიკაც, რომელიც ასეთივე მაღალი ოსტატობით შესრულდა. ანტიკური სამყაროს ალუზიებით გაჯერებული ახალბერძნული პოეზიის ვრცელი კორპუსი სრულიად ახალი ნაკადია ქართულ მთარგმნელობით პოეტურ კულტურაში, რაც ახალ შინაარსობრივ და ვერსიფიკაციულ შტრიხებს სძენს ორიგინალურ ქართულ პოეზიას.
არ შეიძლება აგრეთვე მცირე რამ არ ვთქვათ ანა ახმატოვას იზა ორჯონიკისეულ თარგმანებზე. ქალბატონი იზა დიდი რუსი პოეტი ქალის შემოქმედებას ზედმიწევნით კარგად იცნობდა. ის წლების მანძილზე არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ ითავისებდა ამ პოეტის ლირიკას. საბოლოოდ, როცა მის თარგმნას მოჰკიდა ხელი, უკვე კარგად იცოდა, რომელი ნაწარმოებები მიესადაგებოდა მის ხელწერას თუ განწყობას და შთაგონებით აღძრული შეუდგა საქმეს. მან თარგმნა ახმატოვას ორმოცდაათი ლექსი და პარალელური ტექსტებით აღჭურვილი ცალკე წიგნად გამოსცა კიდეც. ამ თარგმანში ნათლად გამოსჭვივის ახმატოვას თავშეკავებული ვნებათღელვა, მისი კდემამოსილება და სიამაყე. შეიძლება ითქვას, რომ ანა ახმატოვა ქართულად ამეტყველდა.
ზემოთ გაკვრით ვახსენეთ იზა ორჯონიკიძის მოგონებების წიგნი “თავწყარო”. ამ წიგნში უკვე პროზაიკოსად გარდასახულმა პოეტმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა ქართული ენის შესანიშნავი ფლობა. აქ ქალბატონი იზა იხსენებს თავისი ცხოვრების სათავეებს, მშობლებს, დიდედას, ტეზერს და ჯარიაშენს, ძვირფასი ადამიანების დაუვიწყარ აჩრდილებს, გაგრძელებაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ აღარ დასცალდა.
ლიტერატურული წყაროებიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ესსე შოთა ჩანტლაძეზე. აქ მართლაც ოსტატურად არის დახატული პოეტის პორტრეტი, მისი მარტოსულობა და ტრაგიკული ხვედრი. აქვეა განხილული შემოქმედება და აშკარად ჩანს, რომ შოთა ჩანტლაძის პიროვნება არაჩვეულებრივად მკაფიოდ ირეკლებოდა მისსავე პოეზიაში.
იზა ორჯონიკიძე როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი გახლდათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის ოცდახუთტომეული. რაც შეეხება სხვა გამოცემებს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: გიორგი ლეონიძის ერთტომეული, პაოლო იაშვილის ორტომეული, ნიკო სამადაშვილის საარქივო გამოცემა, შალვა ამირეჯიბის ორტომეული და სხვა მრავალი.
ქალბატონი იზა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, ის მუდმივად ეხმაურებოდა ქვეყნის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს, განურჩევლად ყველგან – პოლიტიკის თუ კულტურის სფეროში. მისი პუბლიცისტური წერილების კრებული თვალნათლივ ავლენს ინტერესთა იმ ფართო წრეს, რომელიც არამარტო ხელოვნების და ლიტერატურის პრობლემებს მოიცავდა, არამედ საქართველოს ბედ-იღბალსაც.წერილი დაიწერა 2010 წლის თებერვალში
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
თეა თოფურია – ორი ჭილაძე
ოთარ ჭილაძეს პირადად არ ვიცნობდი, სხვა თაობა იყო. ინტერვიუებს ძალიან იშვიათად იძლეოდა, ბოლო დროს – თითქმის აღარ, შესაბამისად, მისი ხასიათი არ ვიცი, მაგრამ როდესაც მის წიგნებს ვკითხულობდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი პესიმისტია ან პირიქით, ძალიან მამაცი, რადგან შეუძლია რეალობას პირდაპირ შეხედოს, დეტალურად აღწეროს, შეულამაზებლად წინ დაგიდოს და ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება, რადგან ცხოვრება ასეთია, ცუდიც და გაგრძელებადიც. მე ყველაფერს ვერც ვკითხულობდი, გამბედაობა არ მყოფნიდა.
ყველა მწერალს გარკვეული ხასიათის პერსონაჟები ჰყავს, ჭილაძის თემა ბედისგან დაჩაგრული და რაღაცნირად საცოდავი ადამიანები იყვნენ. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ოთარ ჭილაძე ძალიან გავს რეზო ინანიშვილს, არა თავისი წერის მანერით, არამედ, განწყობით, ორივეს უყვარდა და ეცოდებოდა ადამიანები და მუდმივად ამაზე წერდნენ, ადამიანური ცხოვრების უსაშველო სევდაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჭილაძის ყველა წიგნი ამ უსაშველობიდან გამოსავალის ძიება იყო – რომელსაც ვერ პოულობდა და მის ძებნაში წიგნს წიგნზე წერდა. ოთარ ჭილაძე ბოლომდე ასეთი დარჩა, მოუშორებელი სევდით.
თუმცა არსებობდა კიდევ ერთი ჭილაძე, პოეტი და არა პროზაიკოსი. მის პოეზიაში არასოდეს არ იყო სიმძიმე. სწორედ პოეზიაში დარჩა ის მუხტი, რომელიც მის პროზას არა აქვს, თითქოსდა სხვა ადამიანმა დაწერაო. ჭილაძის ლექსები იმდენად მართალი და მარტივად გადმოცემულია, რომ ყველა თაობისთვის მისაღები ხდება. იმ სიტყვებს, იმ ფრაზებს, რომელიც ამ ლექსებში ყველა თაობის ადამიანები ამბობენ.
და ის რეალობაც, რომელიც ჭილაძის პროზაშია, ისევ ყველა დროის რეალობაა, რადგან ჭილაძე წერდა ადამიანის ისეთ მთავარ თვისებებზე, რომელიც ყველა თაობას ახასიათებს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
შოთა იათაშვილი – პათოსისა და არტისტიზმის გარეშე
“სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
და ტელეფონებს…… ყველაფერს სძინავს.
მე აღარ მიყვარს, აღარ მაკვირვებს
რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ.რაც მიყვარდა და მიკვირდა წინათ,
ის უკვე ცაში ვარსკვლავად ბრწყინავს.
სძინავს რადიოს, სძინავს საყვირებს
და ტელეფონებს… ყველაფერს სძინავს.”დაწერს 27 წლის ოთარ ჭილაძე 1960 წელს. დაწერს თითქოსდა ორსტროფიან პატარა უვერტიურას იოსიფ ბროდსკის სახელგანთქმული ლექსისათვის “დიდი ელეგია ჯონ დონს”, რომელიც სამი წლის შემდეგ უნდა დაიწეროს, და ეს მძინარე “ყველაფერი”, ეს მძინარე სამყარო დაკონკრეტდეს: კედლებში, იატაკში, ლოგინში, ნახატებში, ბოთლებში, ჭიქებში, პურში, პურის დანაში, მთელ სახლში გაჯდეს ეს ძილ-ბურანი, გაჯდეს სახლგარეთაც: თაღებში, ქვაფენილებში, სატუსაღოებში, ციხესიმაგრეებში… გაჯდეს ცოცხალ არსებებში: კატებში, ძაღლებში, ადამიანებში, მათ შორის პოეტ ჯონ დონში… მეტიც: ჯოჯოხეთსაც ეძინოს და სამოთხესაც, ღმერთსაც ეძინოს… 24 წლის ბროდსკი ამ ლექსში პირობითად ლონდონს კი აღწერს, იმ ლონდონს, რომელიც ჯერ არც კი უნახავს, ჭილაძე კი ალბათ თავის თბილისს, მაგრამ გლობალური ძილის ეს განცდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ორი განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პოეტისა, ნამდვილად არაა შემთხვევითი. და ეს ხდება მაშინ, როცა დასავლეთში სულ სხვა პოეტური აღქმებია. როცა მთავარ პოეტურ ინტონაციად ისტერიკა მკვიდრდება, როცა ალენ გინსბერგი “ყმუილს” წერს და ამტკიცებს, რომ სამყარო საბოლოოდ გაგიჟდა, შეიშალა, და რომ სიმშვიდეზე, ავ თუ კარგ ძილზე ოცნებაც კი ზედმეტია…
მსგავს პოეტურ განწყობილებათა იდეოლოგიზირება და პოლიტიზირება ხშირად საკმაოდ ზედაპირული და გამაღიზიანებელიც კია ხოლმე და არც მე ვაპირებ თავი შეგაწყინოთ იმ ბანალური ახსნა-განმარტებით, თუ რატომ უნდა დაენახა საბჭოთა რეჟიმის ქვეშ მცხოვრებ ორ ახალგაზრდა პოეტს (სხვათაშორის, ჭილაძე ერთადერთი ქართველი პოეტია, ვისი ლექსებიც ნათარგმნი აქვს ბროდსკის და მისი ერთდღიანი თბილისური ვიზიტიც მისი გაცნობის სურვილით იყო განპირობებული) მთელი სამყარო მძინარე. ეს გასაგებია. საინტერესო უფრო ის სათუთი სულიერი, ესთეტიკური კავშირებია, რაც ნაკლებად ჩანს და თუ ჩანს, შესაძლოა, საეჭვოც იყოს ობიექტურობის თვალსაზრისით. ანუ ეს კავშირები, არაა გამორიცხული, მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მკითხველის სუბიექტური ასოციაციები იყოს. მაგრამ როგორც არის, არის. მე მაინც ასე მირჩევნია ფიქრი და წერა…
აი, თუნდაც: ბროდსკის “ელეგიაში” ყველაფერს სძინავს და ბუნებრივია, რომ სრული სიჩუმეც უნდა იყოს. მაგრამ არა. რაღაც ხმა მაინც ისმის. და ეს ხმა თოვლისაა:`Лишь снег скрипит.~
ანუ თოვლს ბოლომდე მაინც არ სძინავს. იმ თოვლს, რომელიც ოთარ ჭილაძის მთელ პოეზიაში ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ფხიზელი რამაა. ადამიანები ცხოვრობენ, ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე, სამყაროზე, მარადიულ თუ ყოველდღიურ თემებზე ფიქრობენ, ფანჯრიდან იყურებიან და ხშირად ბუნების ქალაქურ მწირ ვარიაციებსაც ამჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ეს თოვლია, თვალს რომ არ აცილებს ადამიანებს, მათ სულში იხედება, მათ სხეულს მსჭვალავს, ასუფთავებს, ამცივნებს, ათბობს… მიდის ადამიანებთან და ეგზისტენციალურ, მეტაფიზიკურ კითხვებს უსვამს, და თოვლის გამომცდელ კითხვებს თავს ვერავინ აარიდებს:
“მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს…
თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.”(“მარინას თოვლი”, 1963 წ.)
ამიტომაა, რომ მის ლექსებში ყველა გრძნობს თოვლის ყოვლისმომცველ მზერას, მის ძალას. გრძნობენ, შესაძლოა, თვით საგნებიც კი (ისინი ხომ არა, 1960 წელს რომ ეძინათ?):
“ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
სურდა ტირილით თავი გაერთო…
და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.(“ოთახი”, 1966 წ.)
აი ასე: რაღაც საერთო ქალთან… და კაცთანაც, ნივთებთანაც…
ისე კი, სწორედ ეს თოვლია, ოთარ ჭილაძის პოეტურ პალიტრას რომ განსაზღვრავს. მისი ლექსები 60-იანი წლების (რატომაც არა! ძირითადად 60-იან წლებში არ იწერებოდა?!) შავ-თეთრი ევროპული ფილმებივითაა… აი, დაახლოებით ანტონიონის “ღამის” თუ “დაბნელების” ჩუმ, ზანტ და დაძაბულ კადრებს გავს… ან კამერულ ფრანგულ ფილმებს… ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა, მის ლექსებში არც ადამიანები დაქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები…
იმავე 1960 წელს ოთარ ჭილაძემ ასეთი სტრიქონებიც დაწერა:“ოთახში ისევ ვიღაცა დადის,
თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახეს
და მისი ხელი, ხელი თუ თათი,
ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს.მე მხოლოდ მიკვირს და მერიდება,
შევხედო კარგად და ვკითხო რამე
და მისი ჩრდილი, უშნო და დიდი,
აწყდება საწოლს, მაგიდას, სკამებს…მე ალბათ დიდხანს მემახსოვრება,
მე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,
რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრება
აინტერესებს ვიღაცას ასე.”ვის აინტერესებს მისი წილი გზა და ცხოვრება ასე? ტერენტი გრანელს. ლექსის პირველი სტრიქონი მისგანაა ციტირებული. და რატომ ტერენტის? ეს რომ გავიაზროთ, ამისათვის საჭიროა იმ პერიოდის ლიტერატურული კონტექსტი კარგად წარმოვიდგინოთ. ჟანგო ღოღობერიძის, გრიგოლ ცეცხლაძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლოზ შენგელაიას თუ ბესო ჟღენტის რადიკალური ექსპერიმენტების ჟამი კაი ხანია წარსულს ჩაბარდა – ზოგი ფიზიკურად მოსპეს თუ მოისპო, ზოგმა კი საკუთარი ნებით დაანება თავი ავანგარდისტობას, რათა თავი გადაერჩინა. გალაკტიონ ტაბიძემ უკვე ისკუპა “ლეჩკომბინატის” მესამე სართულიდან და განუმეორებელი არტისტიზმით შებურული ტრაგიზმი მომავლის ქართველ პოეტებს ურთულეს ანდერძად დაუტოვა. ერთმანეთთან უცნაურად დაძმობილებული პატრიოტიზმი და პარტიული ლირიკა დიდი პატივისცემის ქვეშაა… მირზას, ლადოს და ძმათა მისთა ხმა ფრონტის ხაზზე გაწყდა, თუმც მურმანი ცოცხალი მობრუნდა ომიდან და ახალი ყაიდის, შთამბეჭდავად მუდამ ინტონაციებცვალებადი მისი ლექსები მკითხველი ცნობიერებაში ჯერ ფეხს იკიდებს. სამადაშვილი და ჩანტლაძე თავისთვის წერენ, ახალგაზრდა გოგონამ, ანა კალანდაძემ თავისი ახალი ესთეტიკა უკვე დაამკვიდრა, მაგრამ ეს ის გზაა, რომელზეც მხოლოდ მან უნდა იაროს და სხვებს იგი არ გამოადგებათ. ბესიკი და ლია ჯერ თითქმის არც კი ჩანან… ერთი სიტყვით, ძალიან რთული მომენტია. ბევრ ძველს ყავლი გაუვიდა ან ძალით მოსპეს, ან უკვე ინერციით აგრძელებს არსებობას. ახლის ნიშნები არის, მაგრამ ეს მხოლოდ ნიშნებია. გაბატონებულია პათოსი (ხშირად ყალბი და ძალიან უგემოვნო) და არტისტიზმი (ანუ პროვინციული ქართული არტისტიზმით გავულგარულებული წმინდა ესთეტიკა სიმბოლისტებისა და გალაკტიონისა). აი, სწორედ ამ გზაგასაყარზე ოთარ ჭილაძე გუმანით მიხვდა, რომ სხვა, მესამე გზა უნდა აერჩია – პოეზია პათოსისა და არტისტიზმის გარეშე, მეოცე საუკუნის პოეზიაში კი ჭილაძემდე ყველაზე მეტად ასეთი ტერენტი გრანელი იყო.
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ჭილაძე გრანელის მემკვიდრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული, ფორმალური მსგავსებები ბევრი აქვთ: ასე ხშირი 10-მარცვლიანი ლექსი, სრული გულგრილობა ორიგინალური რითმისადმი (მეტიც, ორივეს შეუძლია დამწყები პოეტივიYრითმოს ნება და ვნება, წმინდა და მინდა, წელი და ხელი, თავი და შავი და ა. შ.), სტანდარტული ლექსიკა ყოველგვარი ნეოლოგიზმების, დიალექტების, არქაიზმების თუ ბარბარიზმების გარეშე…“გზააბნეული წივწივებს ჩიტი,
თითქოს ერთ კლავიშს აწვალებს თითი.”(“საღამო”, 1976 წ.)
ამბობს ერთგან ჭილაძე. და თითქოს საკუთარ თავსაც გულისხმობს ამ ჩიტში და გრანელსაც. მართლაც, ესეც მათი მსგავსი თვისებაა: ორივენი თავიანთ პოეზიაში ერთ კლავიშს აწვალებენ, ამ ერთი კლავიშით ცდილობენ ამოთქვან თავიანთი ღრმა სათქმელი და არა მთელი კლავიატურის მაქსიმალური გამოყენებით, გამებითა და ფუგებით. მაგრამ სწორედ ამ მსგავსებიდან იწყება თვისობრივი განსხვავება მათ პოეზიებს შორის. ტერენტის კლავიში სხვაა, ოთარის კი სხვა.
ტერენტის არის:“დიდი ხანია რაც დავიბადე,
დიდი ხანია რაც ვიტანჯები…”ხოლო ოთარის:
“ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს,
მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგი.”ანუ ტერენტი იტანჯება ამ სამყაროთი, ადამიანის წარმავალობით, სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემით, ოთარი კი ცდილობს და ახერხებს, ეს მარადიული საკითხები “დე ფაქტოდ” მიიღოს და დააკვირდეს მას, ვერაფერიც რომ ვერ შეცვალოს, მაინც იფიქროს მასზე, იფიქროს თუმც სევდიანად და გულის სიღრმეში ტერენტისეული ტრაგიკული განწირულებით, მაგრამ მშვიდად. და იგი ხშირად ახერხებს, ასე თუ ისე გაუუცხოვდეს საკუთარ “მე”-ს, იყოს არა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი, არამედ თოვლი (ან ქარი, ან წვიმა), რომელიც ადამიანს და მის ყოფას თვალს ადევნებს და ნელ-ნელა სწავლობს, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა ყოფას და, რაც მთავარია, როგორ უნდა მოკვდეს.
“და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდეს
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი –
მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა – წუთისოფლის სტუმარი.”(1963)
ფიქრისა და სამყაროს ჭვრეტის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად პოეზიის კვლავაც ქცევა ოთარ ჭილაძის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი აქტი იყო. იმ პერიოდის ქართველი მკითხველისათვის, ვფიქრობ, ეს პოეზიის სტერეოტიპული გაგების აუცილებელი პირველი რევიზია იყო. არა რევოლუციური, დამანგრეველი და შოკისმომგვრელი, არამედ პოზიტიური, იოლად მისაღები და ძლიერი ზემოქმედების მქონე. მან უცებ ქართული ლექსის ტანს გახადა პათეტიკა და არტისტიზმი, ფაქტობრივად გააშიშვლა იგი და ამით ცრუპათეტიკოსებისა და ყალბი არტისტების რეალური სიმახინჯე გამოაჩინა. ხოლო თუ ვინმეს ესთეტური პათოსი ან ჭეშმარიტი არტისტიზმი ჰქონდა, საკუთარ გახდილ ტანისამოსს, უბრალოდ, როგორც ოთარ ჭილაძის ნანადირევს, ისე შეხედავდა. ხომ გახსოვთ:
“და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა”(1957)
მერე თანდათან სხვა მოფიქრალი პოეტებიც მოვიდნენ, უფრო რადიკალები, ბესიკი და ლია, კონვენციურ ფორმებზეც რომ ძირითადად უარი თქვეს, და ოთარ ჭილაძემაც ალბათ უკვე ჩათვალა, რომ საკუთარი პოეტური მისია შეასრულა, თან ერთი კლავიშის წვალებაც მის გაზრდილ სათქმელს აღარ აკმაყოფილებდა და ნელ-ნელა ძირითადად სიმფონიების წერაზე გადავიდა. ეს სიმფონიები სულ სხვა თემაა და ამიტომ ამ პატარა წერილში ჯობს პოეზიით შემოვიფარგლო. უფრო ზუსტად, ოთარ ჭილაძის წასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკითხული მისი ლექსებიდან მოგვრილი რამდენიმე ემოციური შთაბეჭდილებით. ეს შთაბეჭდილებები კი იმ სტრიქონებით მინდა დავასრულო, ფიზიკურად სულ ცოტა ხნის წინ წარსულში გადასულ მის ავტორს ასე რომ ესადაგება:
“როგორც ჩაიში დნება შაქარი,
აწმყოში ისე დნება წარსული…”(1986)
ჰო, ასეა, მისი შემოქმედება შაქარივით უნდა გადნეს ნელ-ნელა ჩვენს აწმყოში და ჩვენი მწარე ცხოვრება თანდათან დაატკბოს…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის მოცემული პირობა
-
მცირე ელეგია ჯონ აპდაიკს
დათო გაბუნიაკრიტიკოსებზე დიდი აზრისა არასოდეს ყოფილა, მის ცნობილ გამონათქვამს თუ დაახლოებით მოვთარგმნით, ასე გამოვა: მწერლისა და ლიტერატურული კრიტიკოსის საქმიანობებს ნაოსნობას თუ შევადარებთ, პირველი აფრიანი გემით ოკეანეში დაცურავს, მეორე კიდევ ნაპირზე დგას და ქვიშას ეხვევაო. არ ვიცი, შემოქმედების რომელ ეტაპზე თქვა ეს სიტყვები დიდი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთმა უკანასკნელმა მოჰიკანმა, მაგრამ სხვადასხვა დროს, მის სხვადასხვა ნაწარმოებს კრიტიკოსები გულისწასვლამდე აღუფრთოვანებია და სრულებით პირიქითაც. პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატობაც არგუნეს წილად და გაუთავებელი საყვედურებიც – მისი რომანები დროთა განმავლობაში ცარიელ პორნოგრაფიად იქცაო. ყურადღება კი აპდაიკს არასოდეს აკლდა – ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც თან დიდ ლიტერატურას ქმნიდა და ფართო მკითხველსაც იოლად აკითხებდა თავს, რამდენიმე ათეული ლიტერატურათმცოდნისთვის არ წერდა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული უკანასკნელ დღემდე.
საბჭოთა კრიტიკოსები აპდაიკს ჯერომ სელინჯერთან მიმართებაში ხშირად მოიხსენიებდნენ – ბევრ თქვენგანს ემახსოვრება “თამაში ჭვავის ყანაში” (როგორც ქართული, ასევე რუსული გამოცემები), რომლის წინასიტყვაობაში შავით თეთრზე ეწერა, რომ სელინჯერის გზას, სხვა ცნობილ მწერლებთან ერთად, მისი უმცროსი თანამოკალმე, ვინმე ჯონ აპდაიკიც დაადგა. ამ გზაში “ძირმომპალ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში” ახალგაზრდა ადამიანის რთული შინაგანი ცხოვრების ასახვას გულისხმობდნენ და იქვე ახსენებდნენ “კენტავრს” და რომანების გახმაურებულ სერიას ჰარი (ბაჭია) არმსტრონგის შესახებ; თუმცა, შემდეგ საით გადაუხვია, არავინ დაინტერესებულა. ქართველ მკითხველამდე მხოლოდ “კენტავრმა” მოაღწია; ალბათ, საბჭოთა ცენზორებს, ბურჟუაზიული საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მაინც ეპორნოგრაფიულათ “ბაჭიას” თავგადასავლები და ასე დაუსწრებლად გვაზიარეს ლეგენდარულ რომანებს. მათგან ორმა, “ბაჭია გამდიდრდა” და “ბაჭია ისვენებს” პულიცერის პრემია დაიმსახურა 1982 და 1991 წლებში.
აპდაიკის ლიტერატურასთან ჩემი პირადი ნაცნობობაც ანეგდოტური იყო, წაკითხული მქონდა მხოლოდ “კენტავრი” და დანარჩენი ისე ვიცოდი, წარმოსახვით. (იოსიფ ბროდსკიმ, როგორც ცნობილია, “დიდი ელეგია ჯონ დონს” ისე დაწერა, რომ ჰემინგუეის რომანის, “ვის უხმობს ზარი” ეპიგრაფის გარდა, ჯონ დონისა არაფერი ჰქონდა წაკითხული. საბჭოთა მკითხველების დიდ ნაწილსაც, ალბათ, მხოლოდ ასე უყვარდა აპდაიკი). ინგლისურის და კომპიუტერის ეპოქამ ეს პრობლემა მოჩვენებითად გადაჭრა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია, რომ დღემდე ქართულ ენაზე მხოლოდ საბჭოთა დროს თარგმნილი “კენტავრი” არსებობს და მეტი არაფერი. არადა, 76 წლის აპდაიკმა 60-ზე მეტი წიგნი დაწერა – რომანების, მოთხრობების, ესეისტიკის, მემუარებისა და პოეტური კრებულების ჩათვლით (აღარაფერს ვამბობ მის მრავალწლიან თანამშრომლობაზე სხვადასხვა ჟურნალებთან, მათ შორის, “ნიუ იორკერთან”).
იმედია, ქართველი გამომცემლები აწ უკვე გარდაცვლილ კლასიკოსს მაინც დააფასებენ – მით უმეტეს, რომ აპდაიკის წიგნების უმეტესობა ყოველთვის იოლად ხდებოდა ბესტსელერი ამერიკასა თუ ევროპაში; ლიტერატურული ენის შესაშური სისადავე, სიუჟეტების ორიგინალური, სრულებით მოულოდნელი განვითარება, თემატიკის პიკანტურობა და სიჭრელე – ეს ყველაფერი დიდად უწყობდა ხელს აპდაიკის წიგნებს.
შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ აპდაიკის ვრცელი შემოქმედების ჩარჩოებში მოქცევა და კლასიფიცირება თითქმის შეუძლებელია – თუნდაც, მისი ერთ-ერთი გვიანდელი შედევრი, “ბრაზილია” (1994) კმარა ამის საილუსტრაციოდ: არც თუ დიდი მოცულობის რომანი, რომელშიც ჟანრების, სიუჟეტების, ალუზიების ისეთი კორიანტელი დგას, სირცხვილიც კია, ამ ყველაფერს ყბადაღებული სიტყვა – პოსტმოდერნიზმი დაარქვა. თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია ბრაზილიური მეგაპოლისის ფონზე, სოციალური უთანასწორობის თემით იწყება (ღარიბი, მუქკანიანი ბიჭი და მდიდარი, თეთრკანიანი გოგონა), მარკიზ დე სადს რომ შეშურდება, ისეთი მძაფრი პორნოგრაფიით გრძელდება, დაძაბულ ტრილერში გადაიზრდება, ამაზონის ჯუნგლებში ეთნოგრაფიული სიზუსტით აღწერილ მკვიდრ მოსახლეობასაც შეეხება, მაგიური რეალიზმის საუკეთესო ტრადიციებში იხლართება, ბრაზილიურ საპნის ოპერად მოტრიალდება და ბოლოს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ გიტოვებს, უნდა აღიარო, რომ წიგნი ისე შემოგეკითხა, დროის გასვლა ვეღარც იგრძენი. ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ ნამდვილად დიდ თანამედროვე მწერალს შეუძლია – ისე მოგითხროს სამყაროსავით ძველი ამბები, რომ ერთი წამით არ გაგიჩნდეს მოყირჭების გრძნობა; ძველმანებში იქექებოდე წიგნის კითხვისას, მაგრამ გაოცებას ვერ მალავდე, როგორ მოაფიქრდა ვინმეს ასეთი ეკლექტურობის ასე მიმზიდველად და ახლებურად გადაწყობა.
ეს უნარი აპდაიკმა კიდევ ერთ ბრწყინვალე რომანში, “გერტრუდა და კლავდიუსი” (2000) შესანიშნავად გამოიყენა – უამრავი სხვადასხვა წყაროდან შეკრებილი მასალის საფუძველზე შექსპირის ტრაგედიის გმირები კიდევ ერთხელ გააცოცხლა. რომანის წაკითხვის შემდეგ ძნელია, გაუძლო ცდუნებას, “ჰამლეტი” ხელახლა არ გადაიკითხო და აპდაიკის გავლენის ქვეშ არ მოექცე. რომანი სწორედ იქ მთავრდება, საიდანაც “ჰამლეტის” მოქმედება იწყება და ნააპდაიკარი მკითხველი უცებ აღმოაჩენს, რომ გერტრუდა და კლავდიუსი, მკვლელობის დამალვას თუ არ ჩავუთვლით, კეთილშობილი დედოფალი და კარგი მეფე არიან, ოფელია უნაზესი მომხიბლაობის განსახიერებაა, პოლონიუსი ცოტა მოსაწყენი, მაგრამ არც თუ ურიგო მრჩეველია, ლაერტი ჩვეულებრივი ყმაწვილია, უკიდურესად ეგოისტი ჰამლეტი კი ყველას სასიკვდილოდ იმეტებს. აპდაიკი ამას თავად წერს რომანის ბოლოსტყვაობაში, რითაც ღიად დასცინის მეტისმეტად სერიოზულად განწყობილ მკითხველს.
დახვეწილი, ხშირად ქვეტექსტებში ამოსაკითხი ირონია კიდევ ერთი თვისებაა, რაც მის რომანებს ასე გამოარჩევს. ამ მხრივ “ისტვიკელი ალქაჯები” ნამდვილი ანთოლოგიაა – პატარა ქალაქში ჩასახლებული განსხეულებული ეშმაკის ამბავს აპდაიკი ე.წ. “სქესების ომის” მარადიული თემის გასაცოცხლებლად ისე იყენებს, თითქოს ამ თემაზე აქამდე არაფერი დაწერილიყოს, მაგრამ პირველაღმომჩენობის გამაღიზიანებელ პრეტენზიას თხრობის დაუნდობელი ირონიულობით აქარწყლებს.
აპდაიკი ჯერ კიდევ ადრეულ რომანებში გამუდმებით უტრიალებს სექსისა და ქორწინების თემებს: “გაიქეცი, ბაჭიავ!” (1960) 26 წლის საშუალო კლასის ამერიკელის მოსაწყენი პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს – ქორწინებამ არ გაამართლა, სექსი მოსაბეზრებელი გახდა, ცოლის მიტოვება და მეძავთან რომანი პირველი გაქცევა იყო, მაგრამ არც ამან მოიტანა შედეგი. წიგნში “ბაჭია” წინ და უკან დარბის – ცოლსა და საყვარელს შორის, ჩვილი ქალიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ კვლავ მეძავთან ბრუნდება, რომელიც ორსულადაა და მასზე დაქორწინებას ითხოვს. ფინალში “ბაჭია” ისევ გარბის, რომ ოჯახის ხელახლა შექმნას თავი დააღწიოს. მისი თავგადასავლების გაგრძელებას პენტალოგიის მომდევნო წიგნები ეძღვნება.
სექსუალური თავისუფლების, პროტესტანტული მორალისა და ამერიკული ოჯახის კრიზისის თემას 1968 წელს აპდაიკი კიდევ ერთ სკანდალურ რომანს უძღვნის (“წყვილები”), სადაც რამდენიმე ცოლ-ქმრული წყვილის სექსუალური ურთიერთობები ისე იხლართება ერთმანეთში, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.
თუ ვინმეს მის რომანებში სექსი მხოლოდ პორნოგრაფიად ეჩვენება და ამ გადაჭარბებაში ირონიით გაზავებულ ღრმა ფსიქოლოგიზმს ვერ ხედავს, ალბათ, აჯობებს, საბჭოთა კრიტიკოსებს მიბაძოს და აპდაიკი მხოლოდ 1963 წელს დაწერილი შედევრის, “კენტავრის” ავტორად მოიხსენიოს. თავად კი სულ არ მინდა, იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდე და დაუსწრებლად ვიმსჯელო წაუკითხავ წიგნებზე – იქნებ, ოდესმე შევივსოთ კიდეც ეს დანაკლისი: გვქონდეს ქართულ ენაზე აპდაიკის რომანები – ასეთი მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული და სახალისო; ინტელექტუალური და მსუბუქი საკითხავი. მით უმეტეს, რომ საქართველოში გავრცელებული მწერლის კლასიკოსად კანონიზების ეტაპი – სიკვდილი – მან უკვე გაიარა.
2009 წლის 27 იანვარს, 76 წლის ჯონ აპდაიკი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ჰაროლდ პინტერის გარდაცვალების გამო
დარაჯის აღსასრულიჰაროლდ პინტერის გარდაცვალების გამო
მაგდა კალანდაძე
2005 წლის ოქტომბერში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰაროლდ პინტერი დუბლინში იყო მიწვეული, სადაც მას თეატრმა “The Gate” საკუთარი შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე უმასპინძლა. ოფიციალური მიღებებისა და პატივისმიგების მოსაწყენი ცერემონიების შემდეგ დრამატურგი აეროპორტში ბრუნდებოდა, როდესაც ტაქსიდან გადმოსვლისას უკვე შერყეული ჯანმრთელობის გამო მომარჯვებული ტროსტი წვიმიან ასფალტზე აუსრიალდა და მძიმე საგანზე საფეთქელი მიანარცხა. პინტერმა დაცემის ადგილი სისხლის კვალით მონიშნა და შემდეგი ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა – შუბლზე ჭრილობის მოშუშებას ცხრა ნაკერი დასჭირდა. მაშინ “Sky-Tv”-ის მაუწყებლობამ გადმოსცა, რომ მწერალი დაიღუპა. თუმცა, პინტერის “დაღუპვის” ამბის გავრცელება მასმედიამ მალევე გადაიფიქრა და აუდიტორია მწერალთან დაკავშირებული ბევრად უფრო აქტუალური და საინტერესო ინფორმაციით მიიზიდა: ჰაროლდ პინტერი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს 2005 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. ამჯერად კი, 2008 წლის 24 დეკემბერს გავრცელებულ სამწუხარო ინფორმაციას პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის შესახებ უწყება ვეღარ შეცვლის – 78 წლის ნობელიანტი დრამატურგი ავთვისებიანი სიმსივნით ლონდონში გარდაიცვალა. მწერალს დიაგნოზი ჯერ კიდევ 2001 წელს დაუსვეს, თუმცა, ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ქიმიოთერაპია მას საბოლოოდ გამოაჯანმრთელებდა. იმედი არ გამართლდა – ნობელიანტის გარდაცვალების შესახებ პრესას მისმა მეუღლემ, ანტონია ფრეიზერმა აუწყა. 29 პიესა, 24 ფილმის სცენარი, 17 რადიოდადგმა, პროზა და პოეზია, მსახიობისა და რეჟისორის გამოცდილებები, საპატიო დოქტორის წოდება 14 ევროპული უნივერსიტეტისგან (მიუხედავად იმისა, რომ პინტერს უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონდა) – ეს ნობელიანტი მწერლის მიერ დატოვებული კულტურულ-ლიტერატურული მემკვიდრეობის არასრული ჩამონათვალია.
ჰაროლდ პინტერი 1930 წელს ლონდონში, ებრაელი მკერავის ოჯახში დაიბადა. დრამატურგიული აკადემიის დამთავრების შემდეგ სიღარიბეს ჭურჭლის მრეცხავის, დარაჯისა და წიგნების გამყიდვლის საქმიანობით უმკლავდებოდა, სანამ ერთ-ერთი პროვინციული თეატრის დასში მსახიობად არ აიყვანეს. სწორედ აქ დაიწყო მწერალმა პიესების შექმნა და მისი, როგორც დრამატურგის, დებიუტიც 1957 წელს ბრისტოლის უნივერსიტეტში “დაბადების დღის” დადგმით შედგა. მალევე, 1960 წელს პინტერის კიდევ ერთი პიესა, “დარაჯი” გაიტანეს სცენაზე, რამაც მწერალს, როგორც დრამატურგს, უკვე სერიოზული აღიარება მოუტანა.
ჰაროლდ პინტერის ყველაზე ცნობილი პიესების დიდი ნაწილი მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის (“ოთახი” (1957), “დარაჯი” (1960), “კოლექცია” (1961), “საყვარლები” (1962), “წვეულება ჩაიზე” (1964), “დაბრუნება” (1964)). პიესებში მოქმედი პირების რაოდენობა ხშირად ორ-სამს არ სცდება. პინტერს ხანდახან ბეკეტსაც ადარებენ – განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დრამატურგის მიერ დახატული პერსონაჟები გაურკვევლობაში მყოფი, საკუთარ თავში დაკარგული ადამიანები არიან, და როდესაც მათი დიალოგი ერთმანეთში ყოველგვარი სინთეზის გარეშე გადახლართულ მონოლოგებს უფრო წააგავს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ და აზრთა არათანმიმდევრულ წყობას. თუმცა კი, ბეკეტისა და მის მიერ შექმნილი აბსურდის თეატრისაგან განსხვავებით, პინტერის პერსონაჟები კონკეტულ სივრცესა და დროში არსებობენ და არა – სიცარიელეში, ისინი ნამდვილი, ყოველდღიურობიდან გადმოსული ადამიანები არიან და არა – აბსტრაქტული მეტყველი არსებები.
პინტერის პერსონაჟებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, ერთმანეთის არასდროს ესმით, მიუხედავად იმისა, რომ მათს შორის საკმაოდ ღია და ნათელი დამაკავშირებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს – თუნდაც ოჯახური კავშირები. მაგრამ იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი კავშირი ადამიანებს შორის სინამდვილეში არაფერს წყვეტს, პერსონაჟებც მარტო რჩებიან თავიანთ თავთან, ისინი არავის სჭირდება და მათაც არ სჭირდებათ გარშემომყოფები. პინტერი თავისი ჩანაფიქრის გასახორციელებლად და გასამძაფრებლად ხშირად შემდეგ ფანდსაც მიმართავს – სცენაზე ჩნდება ისეთი საგნები, როგორებიცაა დანა, მაკრატელი, ჩაქუჩი, და სწორედ ამ ნივთებთან მიმართებაში იკვეთება პერსონაჟების სახეები, უსულო და უსარგებლო საგნებთან დამოკიდებულება გაცილებით მკვეთრად ავლენს პიესის გმირების ხასიათებს, ვიდრე მათი ერთმანეთთან უერთიერთობა. ხანდახან სწორედ ეს ნივთები იქცევიან მთავარ მოქმედ პირებად, ადამიანების მიერ წარმოთქმული სიტყვები კი იარაღია მათს ხელში – სიტყვები სასიკვდილოდ ჭრიან, ამცირებენ, შეურაცხყოფასა და ტკივილს აყენებენ – პინტერი თავისი პერსონაჟების მიმართ შეუბრალებელია.
პინტერის პიესებში ხშირად შეიძლება არც კი იყოს მოქმედება, ან კი ეს მოქმედება იქ დამთავრდეს, საიდანაც იგი დაიწყო. ეს ფაქტორი არა მარტო ცალკეული პიესებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, პინტერის მთელი დრამატურგიული შემოქმედებისთვისაა ნიშანდობლივი. თუ გავიხსენებთ მის პირველ პიესას, “ოთახს” (1957 წ), იქ ასეთ სცენას წავაწყდებით: ქალი მეუღლეს საუზმეს მიართმევს და საუბარს იწყებს. ქმარი ჩუმად უსმენს ცოლს, თუმცა კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალის მონოლოგი ბრალდებებსა და საყვედურებს შეიცავს, კაცი კი მათზე ადეკვატურ პასუხებს იძლევა. არადა საუბარი ამინდს, სამსახურს, ყოველდღიურ წვრილმანებს ეხება… მაყურებელი კი მაინც მოუსვენრადაა, გრძნობს, რომ ამ ზოგადი ფრაზების მიღმა ქალის მხრიდან მუქარა იმალება. პინტერის ბოლო პიესის, “დღესასწაულის” (2000 წ) სცენა კი ასეთია – წყვილი რესტორანში დაბადების დღეს ზეიმობს, თუმცა კი მალე ზეიმი ერთმანეთის დადანაშაულებით, შეურაცხყოფითა და ღალატის გამოვლენით გრძელდება. პროტაგონისტები თითქმის არ იცვლებიან, სხვადასხვა სახელებით და განსხვავებულ გარემოში ისევ ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ერთი და იგივე პრობლემები, ერთი და იგივე გაურკვევლობა, სიცარიელე და თავიანთ თავში დაურწმუნებლობა აწუხებთ. ფაბულა კი, ჩვეულებრივ, საკმაოზე მეტად მარტივია: საუზმე ან სადილი, ორი-სამი ადამიანის შეხვედრა, ოჯახური წყვილები… ავტორი დიდ სივრცეს უტოვებს მკითხველს, და შემდეგ უკვე მაყურებელს, იმისათვის, რომ ქვეტექსტები ეძებოს, თვითონ გახდეს პერსონაჟი, ან სულაც რეჟისორი.
ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად ჰაროლდ პინტერი აქტიურად ჩაერთო სოციალურ-პოლიტიკურ სფეროშიც და 2001 წელს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ამიერიდან მისი შემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური სარჩულის მატარებელი გახდებოდა. ამის დასტურად პინტერმა 2003 წელს ლექსების კრებული – “ომი” გამოსცა, რომლის თემატიკაც ერაყში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება იყო. ამერიკის მიერ ერაყსა და ავღანეთში გატარებული პოლიტიკა, და ბრიტანეთის მხარდაჭერა მიუღებელი იყო მწერლისათვის. 2003 წელს ბრიტანეთის თემთა პალატისადმი მიმართვაში პინტერმა საკმაოდ კატეგორიული შეფასება მისცა ამერიკა-ერაყის ომს: “დაგეგმილი ომი მხოლოდ და მხოლოდ ერაყის დარჩენილი ინფრასტრუქტურის კოლაფსს, დიდ სისხლისღვრას, სიმახინჯესა და სნეულებას თუ მოიტანს, დაგეგმილი ომი – ეს ნიშნავს მილიონ ლტოლვილს და ძალადობის აღზევებას მთელ მსოფლიოში; ამავე დროს, ეს ერთგვარ მასკარადს დაემსგავსება – “წმინდა ომის”, ან “უბრალოდ ომის” ნიღბით, რომელსაც აწარმოებენ თავისუფლების მოყვარე დემოკრატები” ერაყში “დემოკრატიის” დასამკვიდრებლად. მლიქვნელობის სუნი გვახრჩობს. სინამდვილეში ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და უბრალო რამეს გულისხმობს – სუვერენული ტერიტორიის დაპყრობას, სამხედრო ოკუპაციასა და ნავთობის ხელში ჩაგდებას. ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია – ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ.”
მართალია, შვედეთის აკადემიის მიერ ჰაროლდ პინტერისათვის ნობელის პრემიის მინიჭების მოტივაციად პოლიტიკური აქტივობა არ გაჟღერებულა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მას მხოლოდ და მხოლოდ ადრეული პერიოდის პიესებისა და კინოსცენარებისთვის არ ხვდა წილად. პინტერისათვის ნობელის პრემიის მინიჭება განსაკუთრებით მოულოდნელი იყო წინა წლის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის ფონზე – თანამედროვეობის ერთ-ერთი სკანდალური და პოპულარული მწერლის შემდეგ, ცოტა არ იყოს, გაკვირვება გამოიწვია ჰაროლდ პინტერის ნაკლებაქტუალური შემოქმედების წინ წამოწევამ. მწერალმაც სანობელე ლექციაში უმეტესწილად ამერიკისა და ერაყის კონფლიქტზე ისაუბრა, მან დაგმო პრეზიდენტ ბუშის ქმედება და ასევე მოუწოდა ბრიტანეთს, მხარი არ აება ამერიკისათვის ამ უმსგავსობაში.
ნობელის პრემია ერთადერთი პრესტიჟული ჯილდო არ ყოფილა, რომლითაც ჰაროლდ პინტერის შემოქმედება აღინიშნა, 2008 წლის დეკემბერში იგი ლონდონის დრამისა და ორატორიის ხელოვნების ცენტრალურ სკოლაში იყო მიწვეული, სადაც მისთვის პროფესორის საპატიო წოდება უნდა მიენიჭებინათ, თუმცა მწერალმა ავადმყოფობის გამო სკოლაში გამოცხადება ვერ შეძლო. სიცოცხლის ბოლო წლები პინტერმა მეუღლესთან, ანტონიასთან ერთად გაატარა, რომელმაც მწერლის გარდაცვალების შემდეგ პრესას განუცხადა: “ჰაროლდი დიდებული ადამიანი იყო, და ჩემთვის დიდი პატივია, რომ 33 წელი სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით ვიცხოვრე. მის სახელს დავიწყება არ ემუქრება.”სტატია დაიწერა 2008 წელს
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ალექსანდრე გვახარია – ის არ დაბერებულა
-
გარდაიცვალა ჯერომ სელინჯერი
-
ნოდარ კაკაბაძე – ნახევარი საუკუნის მეგობრობა